ამიერკავკასიის მუსლიმთა სასულიერო მმართველობა (მაშიხათ) 1918-1920 წლებში
წარმოდგენილ ნაშრომში, ახალი საარქივო დოკუმენტებისა და სამეცნიერო ლიტერატურის საფუძველზე, გაანალიზებულია 1872 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოს ცენტრში − თბილისში (ტფილისში) ჩამოყალიბებული და 1917 წლამდე არსებული ამიერკავკასიის შიიტთა და სუნიტთა სასულიერო მმართველობების სამართალმემკვიდრის − „ამიერკავკასიის მუსლიმთა (შიიტთა და სუნიტთა) სასულიერო მმართველობის (მაშიხათ)“ ჩამოყალიბების საკითხი, რომელიც სრულიად შეუსწავლელია ქართულ ისტორიოგრაფიაში.
საკვანძო სიტყვები: ამიერკავკასია, საქართველო, აზერბაიჯანი, მუსლიმები, ამიერკავკასიის მუსლიმთა სასულიერო მმართველობა
გუდანისა და ლაშარის ჯვრის დაარსების გადმოცემები არნოლდ ზისერმანის წიგნში „ოცდახუთი წელი კავკასიაში“
არნოლდ ზისერმანი XIX საუკუნის რუსი მოხელე იყო, რომელიც ოცდახუთი წლის განმავლობაში მსახურობდა კავკასიაში და არაერთ საინტერესო წერილს აქვეყნებდა იმდროინდელ პერიოდულ გამოცემებში. პირველი ფოლკლორული ტექსტები, რომლებიც მან უცვლელი სახით გამოაქვეყნა, ლაშარის ჯვრისა და გუდანის დაარსების გადმოცემები იყო. სტატიაში განხილულია მათი თავისებურებანი.
საკვანძო სიტყვები: ზისერმანი, ლაშარი, გუდანი, გადმოცემები
ინდიელთა ზეპირსიტყვიერება და თვითმყოფადობა სკოტ მამედეის თხზულებაში „დაბრუნება წვიმიან მთასთან“
ამერიკელი ინდიელი მწერლის, სკოტ მამედეის „დაბრუნება წვიმიან მთასთან“ მისი მშობლიური კაიოვას ტომის იდენტობის ქვაკუთხედს ეხება. თხზულებაში კულტურული იდენტობა, მეხსიერება და წინაპართა მემკვიდრეობა განუყოფელია. მამედეი ერთმანეთში აქსოვს მითებს, ლეგენდებსა და ოჯახში მოსმენილ ამბებს. იგი აღგვიწერს, თუ როგორ შეუძლია ამბის თხრობას ტომის კოლექტიური მეხსიერების დაცვა და განახლება. ზეპირსიტყვიერებას ამერიკელი ინდიელების კვლევებში არსებითი მნიშვნელობა აქვს. სტატია მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს კაიოვას ხალხური სიტყვიერი ხელოვნების სიცოცხლისუნარიანობა. ინდიელთა ზეპირი გადმოცემები ამდიდრებს აკადემიურ დისკუსიებს და კაიოვას კულტურულ მემკვიდრეობასთან გვაახლოებს.
საკვანძო სიტყვები: ზეპირსიტყვიერება, ამერიკელი ინდიელები, იდენტობა, მითოსური ცნობიერება, ტრადიციული ყოფა.
პურის სახე-სიმბოლო, როგორც ეპოქის კულტურულ-სოციალური თავისებურებების მხატვრული რეპრეზენტაცია კარლო კაჭარავას შემოქმედების მაგალითზე
კარლო კაჭარავას პოეზიაში პურის მხატვრული სახე იტევს სოციალურ, საინტერესო რელიგიურ, კულტურულ კონტექსტებს და ფილოსოფიური განსჯის ობიექტი ხდება უნივერსალური ადამიანური კატეგორიებისა და ეპოქის საყოველთაო მახასიათებლების გასააზრებლად.
პურის სახე-სიმბოლოების საშუალებით ავტორი უჩვენებს ეპოქის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს, ქმნის მაღალმხატვრულ და ორიგინალურ პოეტურ სახეებს.
საკვანძო სიტყვები: კარლო კაჭარავა; პოეზია; პურის სახე-სიმბოლოები; სოციალური და რელიგიურ-კულტურული კონტექსტები.
სიცილისა და ხუმრობის რამდენიმე შემთხვევა ქართულ ჰაგიოგრაფიაში
სტატიაში განხილულია ირონიის, სიცილისა და ხუმრობის რამდენიმე შემთხვევა ქართულ ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში, კერძოდ: „შუშანიკის წამებაში“, „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“, „იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებაში“, „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებასა“ და თხზულებაში „სასწაულნი წმინდისა გიორგისანი“. ნაჩვენებია, რა დანიშნულებით იყენებენ სიცილსა და კომიზმის სხვა ელემენტებს ჰაგიოგრაფები. გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ წმინდანის სახეში ამგვარი ელემენტების არსებობა გარკვეულ სპეციფიკას სძენს ქართულ ჰაგიოგრაფიას.
საკვანძო სიტყვები: ჰაგიოგრაფია, სიცილი ჰაგიოგრაფიაში, იუმორი სასულიერო მწერლობაში.
ზმნური ფრაზების ფუნქციური მიმართებებით გამოხატვის თავისებურებები გერმანული და ქართული წინადადებების სინტაქსური ხეების მაგალითზე
სტატია ეხება დარგობრივი ტექსტების, კერძოდ, გერმანული და ქართული საბანკო ხელშეკრულებების რამდენიმე სტანდარტული წინადადების ანოტირებისა და სინტაქსური ხეების აგების შესაძლებლობებს. სინტაქსური ხეები ბუნებრივი ენის დამუშავების ტექნოლოგიური სისტემების ერთ-ერთი საფუძველია.
საკვანძო სიტყვები: ზმნური ფრაზები, სინტაქსური ხეები, კომპიუტერული ლინგვისტიკა.
უძველესი წარმართული ღვთაება „აჲნინა“ და ტოპონიმი ანანური
სტატიაში განხილულია ყველა ის ძირითადი საისტორიო წყარო, რომლებიც უძველესი ღვთაების, აჲნინა’ს [/ანიან’ის], შესახებ გვაწვდის ცნობებს. დასახელებული სახელდებანი კვლევაში დაკავშირებულია შუმერული დედაღვთაების რთული სახელის ერთ-ერთ მდგენელთან [შუმ. „ნინ“ –> „დედა“, „ქალბატონი“], რაც ქართული კულტურის უძველეს შუამდინარულ კულტურებთან რელიგიურ კავშირსა თუ ერთობას უნდა ასახავდეს. საისტორიო წყაროებზე დაყრდნობითვე გამოთქმულია თვალსაზრისი ღვთაება აჲნინასა და ტოპონიმ ანანურის სახელწოდებათა საერთო წარმომავლობის შესახებაც.
საკვანძო სიტყვები: ისტორიული ღვთაება აინინა, ტოპონიმი ანანური, ურთიერთმიმართება.
აფხაზურ ხშულ ფონემათა დისტრიბუცია (აფხაზური ენის ეროვნული კორპუსის მიხედვით)
სტატიაში განხილულია აფხაზური ენის ხშულ ფონემათა დისტრიბუცია სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით. ფონემათა განაწილება შესწავლილია ანლაუტის, ინლაუტისა და აუსლაუტის პოზიციებში; მოცემულია მათი შედარებითი ანალიზი; მიღებული შედეგი თვალსაჩინოებისთვის ასახულია ცხრილში. კვლევა ჩატარდა აფხაზური ენის ეროვნულ კორპუსზე დაყრდნობით, რაც სიახლეა აფხაზური ენის ფონეტიკა-ფონოლოგიის საკითხების შესწავლისას და მიზნად ისახავს დასახელებული თემის დეტალურ დამუშავებას კორპუსული კვლევების გამოყენებით, რაც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით შემდგომ შედარებით და ტიპოლოგიურ ანალიზს.













