ამიერკავკასიის მუსლიმთა სასულიერო მმართველობა (მაშიხათ) 1918-1920 წლებში

XIX საუკუნის პირველ მესამედში  რუსეთის მიერ ამიერკავკასიის (სამხრეთ კავკასიის) დაპყრობისა და იმპერიის შემადგენლობაში მუსლიმებით დასახლებული მნიშვნელოვანი ტერიტორიების ჩართვის შემდეგ, მთავრობამ დაიწყო სპეციალური ფორმებისა და მეთოდების შემუშავება მუსლიმ ქვეშევრდომებზე და მუსლიმ სასულიერო წოდებაზე სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად. 1872 წლის 5 აპრილს იმპერატორმა ალექსანდრე II-მ დაამტკიცა დებულებები ამიერკავკასიაში ორი – შიიტთა და სუნიტთა სასულიერო მმართველობის შექმნის თაობაზე – „დებულება ამიერკავკასიის შიიტთა მუსლიმი სასულიერო წოდების მართვის შესახებ“ და „დებულება ამიერკავკასიის სუნიტთა მუსლიმი სასულიერო წოდების მართვის შესახებ“. შესაბამისად, 1873 წლის 2 იანვარს  ოფიციალურად გაიხსნა ამიერკავკასიის შიიტთა და სუნიტთა სასულიერო მმართველობები (1872-1917), ცენტრებით თბილისში. შიიტთა სასულიერო მმართველობას ხელმძღვანელობდა შეიხ-ულ-ისლამი, ხოლო სუნიტთა სასულიერო მმართველობას – მუფთი. როგორც წესი, შეიხ-ულ-ისლამად ინიშნებოდნენ აზერბაიჯანელები, ხოლო მუფთის თანამდებობა შეიძლებოდა დაეკავებინა ყაზანელ თათარსაც  [გელოვანი, 2021:56-121].  სასულიერო მმართველობების დებულებების შესაბამისად, ამიერკავკასიის მუსლიმებს, ისევე როგორც რუსეთის ყველა ხალხს, მინიჭებული ჰქონდათ რწმენის თავისუფლება. სახელმწიფო იცავდა სამართლიანობას ყველა რელიგიისა და სექტის მიმართ და დაცული იყო მათი „დოგმები, ღვთისმსახურება, მეჩეთები, სასაფლაოები, სკოლები, მორწმუნეები“. არ არსებობდა აკრძალვა ახალი მეჩეთებისა და საკულტო ნაგებობების გახსნაზე „იმ პირობით, რომ ისინი ზიანს არ მიაყენებდნენ სხვებს“ [Hüseynli, 2002:79-92]. მუსლიმი სასულიერო წოდებისა და რიგითი მუსლიმების საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის რეორგანიზაციის არაერთი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და ამიერკავკასიის მუსლიმთა სასულიერო მმართველობების 1872 წლის დებულებები ძალაში დარჩა 1917 წლამდე, მიუხედავად იმისა, რომ მოძველდა და ვეღარ პასუხობდა ცვალებად შიდა და გარე პოლიტიკურ რეალიებს. ამიერკავკასიის სასულიერო მმართველობების იურისდიქცია ვრცელდებოდა ბაქოს, ელიზავეტპოლის, თბილისისა და ერევნის გუბერნიებზე. 
მუსლიმური კონფესიის ინსტიტუციონალიზაცია არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ რუსეთის იმპერიის სხვა რაიონებშიც, ერთი მხრივ, წარმოადგენდა ცარიზმის საყრდენს კოლონიური პოლიტიკის განხორციელებაში, ხოლო მეორე მხრივ, იმპერიულმა ხელისუფლებამ მიიღო შესაძლებლობა, სასულიერო წოდების მეშვეობით ემართა მუსლიმი მოსახლეობა. მაგალითად, მუსლიმ სასულიერო წოდებას ყველა სადღესასწაულო დღე უნდა აღენიშნა მეჩეთებში ლოცვის აღვლენით, უფლისათვის უნდა ეთხოვა იმპერატორის ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა, ასევე, მისი მეუღლის, ტახტის მემკვიდრის და მთელი სამეფო ოჯახის, არსებული წესების შესაბამისად [Арапов, 2001:98].
XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში კამათი მიმდინარეობდა მუსლიმთა სულიერი ცხოვრების ორგანიზების ახალი ფორმების აუცილებლობის გამო, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის (1914 წ.) დასაწყისისთვის ამ დისკუსიამ, ჩვენი აზრით, დაკარგა აქტუალობა. 
1917 აპრილში ჩამოყალიბდა რუსეთის იმპერიის მუსლიმების დროებითი ცენტრალური ბიურო, რომელმაც მიზნად დაისახა „რუსეთის სახელმწიფო წყობის რეორგანიზაცია ხალხთა თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის საფუძველზე“. ამ დროისათვის დროებით მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადეს ამიერკავკასიის მუსლიმთა სასულიერო მმართველობების ხელმძღვანელებმა – შეიხ-ულ-ისლამმა ფიშნამაზ-ზადემ და მუფთიმ ა. სუბხანკულოვმა. 
უნდა აღინიშნოს, რომ თებერვლის რევოლუციის შემდეგ, რუსეთის  ყველა მუსლიმურ რეგიონში იქმნებოდა მუსლიმური პარტიები, საბჭოები და სხვა სტრუქტურები. მთლიანობაში, 1917 წლის აპრილი  გადამწყვეტი აღმოჩნდა ამიერკავკასიაში მუსლიმური ეროვნული მოძრაობის პოლიტიკური ფორმირების პროცესში. 
 ეროვნული მოძრაობის მიზნებისა და მიმართულებების განსაზღვრისკენ პირველი ნაბიჯი გადაიდგა ბაქოში გამართულ კავკასიის მუსლიმთა პირველ  ყრილობაზე (კავკასიის მუსლიმური ყრილობა), რომელიც ჩატარდა 1917 წლის 15-20 აპრილს თეზეპირის მეჩეთის ახუნდის – აღა ალიზადეს ძალისხმევით და 300 დელეგატის მონაწილეობით. ქართველ მუსლიმთა სახელით ყრილობაზე გაიგზავნა  ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი − მემედ ბეგ აბაშიძე. 
ყრილობის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იყო რეზოლუცია მთელი რუსეთისათვის ცენტრალური მუსლიმური ორგანოს ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ, საკანონმდებლო ფუნქციებით. შეიქმნა ორი დროებითი ცენტრალური ბიურო: ერთი ჩრდილოეთ კავკასიისა და დაღესტნისათვის, ცენტრით ვლადიკავკაზში,  ხოლო მეორე ‒ სამხრეთ კავკასიისათვის, ცენტრით  ბაქოში. განსაკუთრებული ბიუროს გახსნა იგეგმებოდა თბილისში (ტფილისი) მთელი კავკასიის მუსლიმთა საქმეების წარმართვისათვის. საერთო ისლამური მასშტაბის ისტორიულ მოვლენად შეფასდა ყრილობაზე ამიერკავკასიის მუსლიმთა (შიიტთა და სუნიტთა) სასულიერო მმართველობების თავმჯდომარეთა განცხადება ისლამის ორი განშტოების – შიიზმისა და სუნიზმის მიმდევართა ერთობის შესახებ. შეიხ-ულ-ისლამმა და მუფთიმ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და პირობა დადეს, რომ შეწყვეტდნენ ურთიერთდაპირისპირებას [Nurullayev, 2014:84-85]. ამ შერიგებამ, ცოტა მოგვიანებით,  გარკველწილად ხელი შეუწყო ამიერკავკასიის შიიტური და სუნიტური მმართველობების გაერთიანებას მაშიხათ-ში. 
თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე არსებობდა მუსლიმთა სასულიერო მმართველობები (შიიტთა და სუნიტთა) თბილისში, მაგრამ არც მუსლიმებს და არც ქრისტიანებს არ ჰქონდათ ერთმანეთთან აშკარად გამოხატული წინააღმდეგობა.  ქართული ეროვნული იდენტობის განსაზღვრამდე, როგორც აზერბაიჯანელი, ისე საქართველოს ქრისტიანი მოსახლეობა ამჟღავნებდა ტოლერანტობას მუსლიმთა სასულიერო მმართველობისადმი, რომელიც არსებობდა  თბილისში. თბილისი იყო კავკასიის ადმინისტრაციულ-კულტურული ცენტრი, სადაც ცხოვრობდა ძირძველი აზერბაიჯანელი მოსახლეობის უმრავლესობა. სამი დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ, ქართველების, ისევე როგორც აზერბაიჯანელების, მკვეთრად გამოხატულმა ეთნიკურმა და რელიგიურმა იდენტობამ, დააშორა ეს კონფესიური ჯგუფები.  ჯ. ტომსონის აზრით, „რელიგიური იდენტობა რჩება ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციულ იდენტობად, რაც ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. სანამ ჩვენ შევურიგდებით განსხვავებებს რელიგიურ რწმენებსა და იდენტობებთან მიმართებაში, განსაკუთრებით სამი დიდი აბრაამისეული სარწმუნოების,  ჩვენ ყველა დავრჩებით ცეცხლის ხაზზე“[Thomson, 2009:22-42]. თუმცა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ  1845-1917 წლებში თბილისი წარმოადგენდა კავკასიის მეფისნაცვლის რეზიდენციას. 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ თბილისი იყო ადგილსამყოფელი ამიერკავკასიის დროებითი მთავრობის, რომელმაც  1918 წლის გაზაფხულზე დააარსა ამიერკავკასიის ფედერაცია  დედაქალაქით თბილისში. სწორედ თბილისში, კავკასიის მეფისნაცვლის სასახლეში, გამოცხადდა ამიერკავკასიის სამი სახელმწიფოს – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის – დამოუკიდებლობა 1918 წლის 26-28 მაისს. 
აზერბაიჯანი გახდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა მუსლიმურ სამყაროში.  ფათალი ხან ხოისკის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ეროვნული მთავრობა. ბაქო რჩებოდა კვლავ ბოლშევიკების კონტროლქვეშ და დროებით დედაქალაქად გამოცხადდა ელიზავეტპოლი, რომელმაც დაიბრუნა თავისი ისტორიული სახელწოდება – განჯა. დღის წესრიგში დადგა მუსლიმური ორგანიზაციების მიერ საქართველოს ტერიტორიის დაუყოვნებლივი დატოვების საკითხი [Аханчи, 2022:461-473]. 
თვითონ ამიერკავკასიის მუსლიმთა სასულიერო მმართველობებმაც,  შეცვლილი პოლიტიკური ვითარების გამო, დაიწყეს ფიქრი თბილისის დატოვებაზე, რომელიც უკვე აღარ იყო მათი „ეროვნული ტერიტორიის“ ფარგლებში. როგორც ისმაილ ბეი გასპრინსკი აღნიშნავდა, „მართალია, მუსლიმები მოკლებულნი არიან ყოველგვარ ევროპულ კულტურას, როგორც თვითგადარჩენის ძალას, მაგრამ მათ, თავიანთ რელიგიასა და მისგან გამომდინარე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აქვთ ძალიან ძლიერი, თითქმის დაუძლეველი წინააღმდეგობის ძალა ყველა უცხო გავლენის მიმართ, მათი ეროვნული ინდივიდუალობის საზიანოდ“ [Гаспринский, 1993:25]. 
უნდა აღინიშნოს, რომ სასულიერო მმართველობების გადატანის  საკითხის გადაწყვეტაში ერთად მოქმედებდა შიიტთა და სუნიტთა სასულიერო მმართველობების ხელმძღვანელობა, რათა გადაერჩინათ მმართველობების ქონება და დოკუმენტური მემკვიდრეობა აზერბაიჯანში გადატანით. ამიერკავკასიის შიიტთა და სუნიტთა სასულიერო მმართველობების  თანამშრომელთა ერთობლივმა კომიტეტმა მიმართვის წერილი გაუგზავნა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს – ფათალი ხან ხოისკის, რომელშიც ნათქვამი იყო შემდეგი: 
          „1918 წლის 30 მაისს ტფილისში ამიერკავკასიის სუნიტთა სასულიერო მმართველობის თანამშრომელთა კომიტეტმა, შიიტთა სასულიერო მმართველობის თანამშრომელთა კომიტეტთან ერთად განიხილეს შემდეგი საკითხი: ამა წლის 26 მაისს ამიერკავკასიის სეიმი დაიშალა, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. ქალაქი ტფილისი, რომელიც იყო დასახელებული მმართველობების რეზიდენცია, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი, დარჩა საქართველოს მთავრობის გავლენის სფეროში. ამიტომ ქალაქ ტფილისის დატოვება და სასულიერო მმართველობების გადასვლა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მეტ-ნაკლებად უფრო ცენტრალურ ადგილას, მუსლიმი სასულიერო წოდების დაუყოვნებელი მოთხოვნაა.  ზემოაღნიშნულის განხილვის შემდეგ, გადაწყდა, რომ დასახელებული მმართველობების ადგილსამყოფელად, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, ვითარების დარეგულირებამდე,  განისაზღვროს ქ. ელიზავეტპოლი. ეს დადგენილება დაეგზავნოს განსახილველად და გადასაწყვეტად აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს – ხან ხოისკის და,  დადგენილების დამტკიცების შემთხვევაში, ეთხოვოს მას თანხები დასახელებული მმართველობების ხელმძღვანელობისა და მათი  ქონების გადასატანად, რისთვისაც, თანამშრომელთა აზრით, საჭიროა მინიმუმ 10 დახურული ვაგონი და 5000 რუბლი თანხობრივად“ [ГИААР, ф. 291, д. 5188, л.4].
მიმართვას ხელს აწერდნენ: ამიერკავკასიის შიიტთა და სუნიტთა  სასულიერო მმართველობების თავმჯდომარეები –  მუფთი ა. ე. სუბხანკულოვი, შეიხ-ულ-ისლამი ი. ს. გაიბოვი, მმართველობისა და კომიტეტის წევრები ე. ალაჰვერდი-ზადე, ნ. ტერეგულოვი, მდივანი-მრჩეველი ეფენდიევი. ფ. ხ. ხოინსკიმ დაუყოვნებლივ არ უპასუხა მიმართვას. შესაბამისად, ამიერკავკასიის შიიტთა და სუნიტთა მმართველობების თანამშრომელთა ერთობლივმა კომიტეტმა ხელმეორედ მიმართა პრემიერ-მინისტრს. მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ „თუ ეს დოკუმენტები არ წარმოადგენდა ფასეულობას, ისინი დატოვებდნენ მათ სადგურზე და წავიდოდნენ ირანში ან შუა აზიაში“ [ГИААР, ф. 291, д. 5188, л. 3-4].
1918 წლის 5 ივნისს ფ.ხ. ხოისკიმ მიმართვას დაადო რეზოლუცია: „თანახმა ვარ, სასულიერო მმართველობები გადავიდნენ ქ. ელიზავეტპოლში ... გაიცეს 5000 რუბლი და 10 ვაგონი ...“ [ГИААР, ф. 291, д. 5188]. აზერბაიჯანის მთავრობისაგან ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერის მიღების შემდეგ, მუსლიმთა სასულიერო მმართველობებმა დაიწყეს ქონებისა და დოკუმენტების  შეფუთვა თბილისიდან ევაკუაციისათვის. ამიერკავკასიის სუნიტთა სასულიერო მმართველობის უკანასკნელ ბრძანებაში აღნიშნული იყო შემდეგი: „სასულიერო მმართველობის ქონების ელიზავეტპოლში გადატანის გადაუდებელი აუცილებლობის გამო, ებრძანოს მდივნის თანაშემწეს – მოამზადოს მთელი საარქივო ქონება უმოკლეს დროში გასაგზავნად. ხელმოწერილია ამიერკავკასიის მმართველობის თავმჯდომარის – მუფთი ა. ე. სუბხანკულოვის მიერ“[ГИААР, ф. 291, д. 5188, л.3-4].
1918 წლის 17 ივნისს ელიზავეტპოლში (განჯაში) ჩამოყალიბდა მთავრობის მეორე კაბინეტი (მინისტრთა საბჭო), სათავეში – ფათალი ხან ხოისკი.  19 ივნისს შეიქმნა სახალხო განათლებისა  და სარწმუნოების სამინისტრო (məqsədilə Xalq Maarifi və Dini Etiqad Nazirliyi), რომელმაც ჩამოყალიბებისთანავე დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა რელიგიურ მოღვაწეებთან. ქვეყნის პარლამენტში გაითვალისწინეს  აზერბაიჯანის მოსახლეობის როგორც რელიგიური, ისე - ეთნიკური შედგენილობა: მუსლიმებმა (აზერბაიჯანელები, თათები, თალიშები, ლეზგები, ქურთები და სხვ.) მიიღეს 80 ადგილი, ქრისტიანებმა ‒ 35. ამასთან, მუსლიმთა 8 დეპუტატი იყო  სასულიერო წოდებიდან და 13 დეპუტატი – პარტია „ითთიჰადიდან“[İskəndərli, 2012:205]. 1918 წლის ივნისის შუა რიცხვებში თეზეპირის მეჩეთის (ქ. ბაქო) ახუნდი აღა ალიზადე აირჩიეს ქალაქ ბაქოს ყადიდ. აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, მამედ ემინ რასულზადემ, გასცა განკარგულება თბილისში მოქმედი სასულიერო მმართველობების ბაზაზე ერთიანი კავკასიის მუსლიმთა სასულიერო მმართველობის ჩამოყალიბების შესახებ.
1918 წლის 22 ივნისს მიიღეს  აგრეთვე  დადგენილება ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარიის აზერბაიჯანული განყოფილების ხელმძღვანელის ‒ ფირიდუნ ბეი ქოჩარლის (ქოჩარლინსკი) სახელზე 5 000 რუბლის გამოყოფაზე განყოფილების ქონების საქართველოდან ყაზახში (აზერბაიჯანი) გადასატანად [ГААР, ф. 2898, оп.1, д.1, л. 3]. 
აზერბაიჯანის სახალხო განათლებისა და სარწმუნოების სამინისტროს 1918 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ორივე სასულიერო მმართველობის ხელმძღვანელობა, შეიხ-ულ-ისლამის – მუჰამმად ფიშნამაზ-ზადეს (აზერბ. Axund Məhəmməd Əli oğlu Pişnamazzadə; შეიხ-ულ-ისლამი 1909-1918 წლებში) და მუფთის მოვალეობის შემსრულებლის – მუსტაფა ეფენდიზადეს სახით (1917 წელს  მუფთი ჰუსეინ გაიბოვი გარდაიცვალა, რაც დაემთხვა რუსეთის იმპერიის დაშლას, მის ადგილზე აღარ დაინიშნა ახალი მუფთი. მუსტაფა ეფენდიზადე ასრულებდა მის მოვალეობას), გადავიდა განჯაში (ყოფილი ელიზავეტპოლი). აზერბაიჯანის მთავრობის 1918 წლის 20 აგვისტოს დადგენილებით ამიერკავკასიის შეიხ-ულ-ისლამს და მუფთის 1 ივნისიდან დაენიშნათ ხელფასი თვეში 1500 რუბლის ოდენობით (თითოეული მათგანზე უკვე გაცემული 2000 რუბლი ჩაეთვალათ ხელფასის ანგარიშში) [Законодательные акты, 1998:646]. შეიხ-ულ-ისლამი ფიშნამაზ-ზადე, შიიტი და სუნიტი სასულიერო წოდების გასაერთიანებლად, შეხვდა ორივე მხარის ხელმძღვანელ პირებს. ამ შეხვედრის შემდეგ მან მოამზადა წინადადება ახალი სასულიერო მმართველობის ჩამოსაყალიბებლად ოსმალეთის იმპერიის მაგალითზე, სადაც მაშიხათ ეწოდებოდა შეიხ-ულ-ისლამის კანცელარიას, რომელიც გაუქმდა 1924 წელს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ და შეიქმნა დიანეთი (Diyanet) – სამმართველო რელიგიის საქმეებზე [Süleymanlı, 2011]. 
1918 წლის 1 სექტემბერს, ამიერკავკასიის მუსლიმთა (შიიტთა და სუნიტთა) სასულიერო მმართველობები, მათი ხელმძღვანელების ძალისხმევით, ნებაყოფლობით გაერთიანდნენ ერთ ადმინისტრაციულ ორგანოში – მაშიხათ (“Maşyaxat-i İslamiyya” „ისლამური ორგანიზაციული კავშირი“, საშეიხო) [Gürer; Tağıyeva, 2019:173-186]. ეს გადაწყვეტილება 7 სექტემბერს  დაამტკიცა აზერბაიჯანის სახალხო განათლებისა და სარწმუნოების სამინისტრომ. 15-16 სექტემბერს კავკასიის ისლამურმა არმიამ, ნური ფაშას (ნური ქილიგილი; ენვერ ფაშას უმცროსი ძმა) ხელმძღვანელობით, გაათავისუფლა ბაქო ბოლშევიკურ-დაშნაკური ფორმირებებისაგან. დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი გადაიტანეს განჯადან  ბაქოში.  შესაბამისად,  გადაწყდა, რომ ამიერკავკასიის მუსლიმთა (სუნიტთა და შიიტთა) გაერთიანებული მმართველობა – მაშიხათ, მთავრობის კაბინეტთან ერთად, განჯიდან გადასულიყო ბაქოში. მისი ადმინისტრაცია განთავსდა თეზეპირის მეჩეთში [Nəcəfov, 1992:12].
1918 წლის 17 სექტემბერს ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბაქოში და ცვლილებები შევიდა ფათალი ხან ხოისკის მთავრობის მეორე კაბინეტში. 6 ოქტომბერს სახალხო განათლებისა და სარწმუნოების სამინისტროს ნაცვლად შეიქმნა სოციალური დაცვისა და სარწმუნოების სამინისტრო, რომლის პირველ ხელმძღვანელად დაინიშნა მუსა ბეი რაფიევი. თუმცა, 1918 წლის 26 დეკემბერს ფათალი ხან ხოისკიმ ჩამოაყალიბა მთავრობის მესამე კაბინეტი და ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდა სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო რელიგიური საკითხები კვლავ გადაეცა სახალხო განათლების სამინისტროს და ჩამოყალიბდა სახალხო განათლებისა და სარწმუნოების სამინისტრო, რომლის მინისტრად დაინიშნა ნასიბ ბეი იუსუფბეილი.
1918 წლის 8 ოქტომბერს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეზარდათ შეიხ-ულ-ისლამისა და მუფთის ყოველთვიური ანაზღაურება. დადგენილების (“Постановление об увеличении окладов содержания закавказскому шейх-уль-исламу и муфтию и переводе их канцелярии в г. Баку”) თანახმად,  „გაიზარდოს მუფთისა და შეიხ-ულ-ისლამის შემწეობა 2 500 რუბლამდე თვეში და შეეთავაზოთ მათ სასწრაფოდ გადაიტანონ თავიანთი კანცელარიები ბაქოში. ანაზღაურება გაიცეს მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან“ [Nasirova, 2018: 43-45].
1918 წლის 30 ოქტომბერს, ამიერკავკასიის შეიხ-ულ-ისლამმა და მუფთიმ გააგზავნეს წერილი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სახელზე, რომელშიც იყო 4 მოთხოვნა: 1. ოფიციალურად დამტკიცება ერთიანი სასულიერო მმართველობის – მაშიხათ (Maşyaxat-i İslamiyya), რომელიც უნდა ყოფილიყო სრულიად დამოუკიდებელი; 2. აზერბაიჯანის სოციალური დაცვისა და სარწმუნოების სამინისტროს 7 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მაშიხათის ერთ-ერთი თავმჯდომარისათვის ეწოდებინათ შეიხ-ულ-ისლამი, ხოლო მეორისათვის – მისი თანაშემწე; 3. შეიხ-ულ-ისლამი ხდებოდა მინისტრთა საბჭოს წევრი, მთავრობის სხდომებზე დასწრების უფლებით; 4. კრედიტის გამოყოფა რელიგიური საქმიანობის წარსამართავად [Nurullayev, 2014:80]. 
აზერბაიჯანის მთავრობა დაეთანხმა ერთიანი მმართველობის ჩამოყალიბებას, მაგრამ შიიტებისა და სუნიტების სასულიერო ლიდერებმა (შეიხ-ულ-ისლამი და მუფთი) მიიღეს თანაბარი უფლებები და თანათავმჯდომარეების სტატუსი. იმავდროულად საბოლოოდ დამტკიცდა მაშიხათის მმართველობის შტატი, რომელშიც შედიოდა 31 ადამიანი: 16 შიიტების წარმომადგენელი და 15 – სუნიტების, შეიხ-ულ-ისლამი და მუფთი, ასევე 29 ყადი (15 შიიტი და 14 სუნიტი) [Исхаков, 2004:163]. 1918 წლის 11 დეკემბერს ამიერკავკასიის სასულიერო მმართველობის მე-7 შეიხ-ულ-ისლამი მუჰამმად ფიშნამაზ-ზადე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (ის დარჩა მშობლიურ განჯაში და დაინიშნა ჯუმა მეჩეთის ახუნდად) და მის ადგილას აზერბაიჯანის სახალხო განათლებისა და სარწმუნოების მინისტრის – მუსა ბეი რაფიევის განკარგულებით, დაინიშნა 47 წლის ახუნდი აღა ალიზადე (აზერბ. Ağa Cavad oğlu Əlizadə). ის გახდა ამიერკავკასიის მუსლიმების მე-8 შეიხ-ულ-ისლამი და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1920) პირველი შეიხ-ულ-ისლამი. 
უნდა აღინიშნოს, რომ ისლამის ორი ძირითადი მიმართულების მიმდევრები განსახილველ პერიოდში არ წარმოადგენდნენ ორგანიზაციულ ერთობას და ჰქონდათ განსხვავებული საგარეოპოლიტიკური ორიენტაცია, მაგრამ მმართველობების ისლამური მემკვიდრეობის გადარჩენაში ისინი ერთად მოქმედებდნენ. ასევე, განსაზღვრულ დოგმებზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გააერთიანეს თავიანთი ძალისხმევა და ჩაატარეს კრება, რომელზედაც მიიღეს გადაწყვეტილება: გაეგზავნათ მიმართვა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისათვის დახმარების თხოვნით – მუსლიმთა სასულიერო მმართველობების ქონების ევაკუაციისა და დოკუმენტების გადატანის მიზნით თბილისიდან. 
საარქივო დოკუმენტების ანალიზი მოწმობს იმ სირთულეებზე, რომლებიც წარმოიშვა სუნიტური და შიიტური მმართველობების ქონების აზერბაიჯანში გადატანასთან დაკავშირებით: რამდენიმე ვაგონი დაიკარგა და ტვირთი ვერ ჩავიდა ბაქომდე. 1919 წლის გაზაფხულზე სასულიერო მმართველობამ „მაშიხათ“, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის რკინიგზის სამმართველოსთან ერთად, დიდი ძალისხმევა გასწია დაკარგული ვაგონების ძიებაში. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ივარაუდებოდა სასულიერო მმართველობების დოკუმენტების ჩატანა ელიზავეტპოლში, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ წარმატებით უზრუნველყო მათი ჩატანა ბაქოში, სადაც უამრავი ადამიანი ელოდებოდა ამ ორგანიზაციების მიერ ადრე გაცემული შესაბამისი დოკუმენტის მიღებას. 
1919 წელს მაშიხათის თანათავმჯდომარეებს მიეკუთვნათ სახალხო განათლებისა და სარწმუნოების მინისტრის ამხანაგის სტატუსი და აზერბაიჯანის რეპუბლიკის 1919 წლის  მაისში ბიუჯეტში (1919 წლის ბიუჯეტი – 1,550,654,393 რუბლი) შეტანილი ცვლილებით, 1919 წლის 1 ივლისიდან მაშიხათის  თავმჯდომარეების – მუფთისა და შეიხ-ულ-ისლამის ანაზღურება გაუტოლდა მინისტრის ამხანაგის ხელფასს [Борьба, 1919; ГААР, ф. 84, oп. 1, д. 23, т. 2, л. 305]. თუმცა სასულიერო ლიდერები მოითხოვდნენ ანაზღაურებას მინისტრის რანგში. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის 1919 წლის 18 ივნისის დადგენილებაში აღნიშნულია: „საკითხებზე, რომლებიც ეხება მუსლიმურ რელიგიას, შეიხ-ულ-ისლამი და მუფთი მონაწილეობენ მთავრობის სხდომებში გადამწყვეტი ხმის უფლებით“[ГААР, ф. 2898, oп.1, д.1, л. 2]. რელიგიური სტრუქტურების ხელმძღვანელებს (შეიხ-ულ-ისლამს და მუფთის), მთავრობის 1919 წლის 25 ივნისის განკარგულებით,  დაევალათ „ბოლო ხუთი წლის მეტრიკის წიგნების ტრანსპორტირება ტფილისიდან ელიზავეტპოლში“ [ГААР, ф. 2898, oп. 1, д. 1, л. 4].
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის დადგენილებით, სასულიერო პირების დანიშვნის უფლება უშუალოდ გადაეცა მაშიხათს.  გაფართოვდა მისი საქმიანობის სფეროც. მაგ., მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული არმიის ქვედანაყოფებში „სამხედრო მოლას“ (აზერბ. hərbi molla) პოზიციის შემოღების თაობაზე. „სამხედრო მოლების“  საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა ევალებოდა თავდაცვის სამინისტროს და მაშიხათს. იმავდროულად თავდაცვის სამინისტროში „სამხედრო მოლების“  უშუალო ხელმძღვანელობას „მთავარი სამხედრო მოლა“  (აზერბ. baş hərbi molla) ახორციელებდა [Юнусов, 2004:71-72]. ითვლებოდა, რომ მაშიხათი დიდ როლს ასრულებდა არმიის მორალური სიძლიერების განმტკიცებაში. 1920 წლის 22 თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო უწყების ბრძანებით, მაშიხათთან შეთანხმებით (7 თებერვალი,  №553) ბაქოს ყადი აბდულ კასუმ ეფენდი ემინ-ზადე მიიღეს აზერბაიჯანის არმიაში და დაინიშნა სამხედრო სასწავლებლის იმამად [Сборник приказов, 2018:196].
1920 წლის აპრილს, XI არმიის მოსვლის შემდეგ, აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა და ისლამისადმი მტრულად განწყობილმა ბოლშევიკებმა თავდაპირველად მაშიხათს ჩამოაცილეს სასულიერო წოდების ის წარმომადგენლები, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას აზერბაიჯანში. 1920 წლის 12 მაისს კი გააუქმეს მაშიხათი  (ამიერკავკასიის მუსლიმთა სასულიერო მმართველობა) – მსოფლიოში პირველი შიიტურ-სუნიტური ცენტრალიზებული რელიგიური ორგანიზაცია და შეიხ-ულ-ისლამის პოსტი [Силантьев, 2010:86]. იმავდროულად, კომუნისტებმა 1920 წლის 5 მაისს გამოსცეს დეკრეტი ვაკფებისა და მეჩეთებისადმი კუთვნილი ტერიტორიების კონფისკაციის შესახებ, „მშრომელი მოსახლეობის“ სასარგებლოდ [Юнусов, 2004:74-75]. 1920 წლის 15 მაისს სამხედრო-რევოლუციურმა კომიტეტმა გააუქმა სახალხო განათლებისა და სარწმუნოების სამინისტრო.
საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში ჩამოყალიბდა მუსლიმთა რელიგიური ინსტიტუტების ახალი სტრუქტურა. 1944 წლის 14 აპრილს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება ამიერკავკასიის მუსლიმთა სასულიერო მმართველობის  ანუ მაშიხათის მუშაობის განახლების თაობაზე. 

ლიტერატურა

გელოვანი ნ.  
2021 თბილისის მუსლიმური თემი (1801-1917). თბილისი. 
Thomson J.  
2009 Who are We? Where Did We Come From? How Religious Identity Divides and Damns  Us All. The American Journal of Psychoanalysis,  69 (1).
Gürer B., Tağıyeva İ.  
2019 Çar Rusiyasının din siyasətində qafqaz ruhaniliyi. Din Araşdırmaları Jurnalı, 2/3.  
Hüseynli  R. 
2002 Azerbaycan   Ruhaniliği   (Hanlıklar   Çağından Sovet İşğalınadek Olan Dövrde).  Bakü. İskəndərli Anar.    Azərbaycan həqiqətləri 1917-1920. Bakı. 

Nəcəfov Bəxtiyar. 
1992 Azərbaycan Demokratik Respublikası. Bakı.
Nurullayev  F. 
2014 Şeyxülislamlıq zirvəsi: Hacı Allahşükür Paşazadə. Bakı.
Süleymanlı M. 
2011 Azərbaycan kulturoloji fikir tarixindən (XX əsrin əvvəlləri). Bakı.
Арапов Д.Ю. 
2001 Ислам в Российской империи (Законодательные акты, описание, статистика). Москва. 
Аханчи П.А. 
2022 Азербайджанская Демократическая Республика и Богословское Наследие Духовных  Правлений Мусульман Закавказья ( Конец  XIX - Начало ХХ вв.). Богословское  Наследие Мусульман России. Сборник научных докладов III Международного форума.Том. 1, Болгар).
Борьба. 
1919 №275, 2-го декабря.  Тифлись.
Гаспринский И. 
1993 Русское мусульманство. Взгляды, заметки, наблюдения мусульманина.  Исмаил бей Гаспринский. Россия и Восток. Казань.
ГААР
1919 Государственный архив Азербайджанской Республики. ф. 84, oп. 1. д. 23, т. 2.
ГААР
1919 Государственный Архив Азербайджанской Республики. ф. 2898, оп.1. д.1.                       
ГИААР
1918 Государственный Исторический Архив Азербайджанской Республики,.ф. 291. д. 5188.
Законодательные акты. 
1998 Азербайджанская Демократическая Республика (1918-1920). Законодательные акты (Сборник документов). Баку.
Исхаков С.М. 
2004 Российские мусульмане и революция (весна 1917 г. лето 1918 г.). Москва.   
Сборник ... 
Сборник приказов по военному ведомству Азербайджанской Демократической Республики. 
2018  –    Т. 3: Январь - апрель 1920.  Составитель: ‎Атамалы ‎Шахбазов. Баку.
Силантьев Р. А.  
2010 Мусульманская дипломатия в России: история и современность. Москва.
Юнусов А. 
2004 Ислам в Азербайджане. Баку.