ვერცხლის ჭურჭლის როლი და მნიშვნელობა ძველ იბერიასა და კოლხეთში (ახ.წ. I-IV სს.)
შესავალი
წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ ვერცხლის ჭურჭლის მნიშვნელობასა და როლზე გვიანანტიკური ხანის იბერია-კოლხეთის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაში. ნაშრომი სადოქტორო კვლევის ნაწილია, რომლის მიზანი არქეოლოგიური მასალის ერთი ჯგუფის, ძვირფასი ლითონის ჭურჭლის, შესწვალისა და ანალიზის საფუძველზე იბერია-კოლხეთის მოსახლეობის კულტურის, სოციალურ ყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობებში მათი ჩართულობის პრობლემების კვლევაა.
საკვლევი არქეოლოგიური მასალა, რომელიც თითქმის მთლიანად გასულ საუკუნეში იქნა აღმოჩენილი, არაერთ სამეცნიერო ნაშრომშია წარმოდგენილი [ჩოლოგაური, 2024; შატბერაშვილი, 2007; რამიშვილი, 2018, 1983, 1979, 1972; გაგოშიძე... 2014; გაგოშიძე 2013; გიგოლაშვილი, 2011; ინანიშვილი, 2007; რამიშვილი, 1999; მაჩაბელი, 1983; მცხეთა I; Odisheli 2014; Braund… 2009; Harper… 1981; Shatberashvili, 2024; Tschubinashwili, 1925; Мачабели, 1976, 1970 და სხვა]. საქართველოს ანტიკური ხანის ტორევტიკული ნაწარმის შესწავლისთვის თითოეულ ნაშრომს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან მათში წარმოდგენილია ნივთების დეტალური მხატვრულ-სტილისტური ანალიზი, ტიპოლოგია, ქრონოლოგია, წარმომავლობა, პარალელები და მათი არქეოლოგიური კონტექსტის ვრცელი აღწერები. თუმცა, აღნიშნულ მონოგრაფიებსა და სტატიებში მასალის სოციო-პოლიტიკურ ჭრილში კვლევა მწირი სახითაა წარმოდგენილი. XX საუკუნის 70-80-იანი წლების შემდეგ საქართველოს ანტიკური ხანის ვერცხლის ჭურჭლის სრული კოლექციის კვლევა აღარ განხორციელებულა, მიუხედავად იმისა, რომ ტორევტიკის კორპუსს კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა შეემატა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სადოქტორო კვლევა წარმოადგენს გვიანანტიკური ხანის ვერცხლის ჭურჭლის სრული კოლექციის შესწავლის პირველ მცდელობას ფართო ისტორიულ და სოციო-პოლიტიკურ ჭრილში. ვფიქრობ, რომ ეს კვლევა, რომელიც მასალისა და მის გარშემო არსებული სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზზე, წერილობითი წყაროების შესწავლაზე, რაოდენობრივ, ხარისხობრივ ანალიზსა და თანამედროვე კვლევის სხვა ფუნდამენტურ მეთოდებზეა დაფუძნებული, გვიანანტიკური ხანის იბერია-კოლხეთის პრობლემების შესწავლას არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს შესძენს.
ვერცხლი და მისი მნიშვნელობა ანტიკურ სამყაროში
ვერცხლის მნიშვნელობა და ღირებულება როგორც პრეისტორიულ, ისე ანტიკურ სამყაროში, განპირობებული იყო ამ ლითონის სიმცირითა და მისი მოპოვების სირთულით. ვერცხლი, როგორც დამოუკიდებელი ლითონის მადანი, ბუნებაში ძალზე შეზღუდული რაოდენობით გვხვდება და მისი მოპოვება უმეტესწილად სხვა ლითონების, განსაკუთრებით კი ტყვიის, ოქროსა და სპილენძის, მადნების დამუშავებისას არის შესაძლებელი [Craddock, 2014: 1085-1092]. შესაბამისად, პრეისტორიული ხანიდანვე ვერცხლის მოპოვების დაბალი ინტენსივობა და დამუშავების ტექნიკის სირთულე ამ ნედლეულის ღირებულებას განსაკუთრებით ზრდიდა [Hobbs, 2006: 6]. ძვ.წ. VI-V საუკუნეებიდან ვერცხლი ტორევტიკისა და სამონეტო წარმოების მთავარი ნედლეული გახდა და მალევე მისმა წარმოებამ განსაკუთრებულ ნიშნულს მიაღწია.
გვიანანტიკურ ხანაში ვერცხლის ჭურჭელი განსაკუთრებულ როლს ასრულებდა როგორც რომის, ისე ირანის ძლევამოსილი იმპერიების სოციალურ ყოფაში, რელიგიურ წეს-ჩვეულებებსა და რწმენა-წარმოდგენებში, სავაჭრო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებში [Leader-Newby, 2004: 7; Тревер... 1987: 38; Canepa, 2009: 158]. ვერცხლისგან დამზადებული სუფრის ჭურჭელი აქტიურად გამოიყენებოდა დიდგვაროვანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ კარზე გამართულ ნადიმებში, სადღესასწაულო და რელიგიურ მსახურებებში [Hobbs, 2021: 137-138; Leader-Newby, 2004: 2-3]. საომარი მოქმედებების, ლაშქრობებისა თუ შორ მანძილზე მოგზაურობის დროს მდიდარი რომაელები და მაღალი რანგის სამხედრო მოხელეები ვერცხლეულს თან დაატარებდნენ [Leader-Newby, 2004: 4]. სუფრაზე წარმოდგენილ ჭურჭელს არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ საჩვენებელი დატვირთვაც ჰქონდა და ის სიმდიდრის ინდიკატორს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ იქმნებოდა რთული რელიეფური დეკორატიული სახეებით შემკული ცალები. ვერცხლისგან მზადდებოდა წარჩინებულთა ხელსაბანისა და აბაზანისთვის განკუთვნილი აქსესუარებიც.
გარდა საყოფაცხოვრებო დანიშნულებისა, ვერცხლის ნაწარმს ფულადი ერთეულის ფუნქციაც ეკისრა. ჭურჭელზე დატანილი წონის წარწერები და ზოგჯერ სპეციალურად, ცალკეულ ზომებად დანაწევრებული ერთეულები მის ფულად მოხმარებაზე მიგვანიშნებენ [Leader-Newby, 2004: 2-3; Hunter, 2022: 334-336]. აქვე აღსანიშნავია ძვირფასი ლითონის ჭურჭლის საკულტო დანიშნულებაც, რისი დასტურიც მეფეთა და დიდგვაროვანთა მიერ სხვადასხვა ტაძრისადმი შეწირული ვერცხლეულის კომპლექსებია (მაგ. ღვთაება მერკურისადმი მიძღვნილი ‘Berthouville Treasure’ [Lapatin, 2020: 108]). მეოთხე საუკუნიდან, ქრისტიანობის რომის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებიდან, ტორევტიკაში გაჩნდა ახალი ჯგუფი, რომელსაც საეკლესიო ვერცხლის ჭურჭლის ჯგუფად მოვიხსენიებთ.
უმნიშვნელოვანესია საკვლევი მასალის კიდევ ერთი, დიპლომატიური ძღვენის ფუნქცია. რომსა და ირანში მეფეთა პორტრეტებით, წარწერებითა და სხვადასხვა დეკორატიული სახეებით შემკული ვერცხლის ჭურჭელი ტაძრების, ცალკეული ინდივიდების, ქვეშევრდომებისა და სხვა ქვეყნის მმართველთათვის გაგზავნილ დიპლომატიურ საჩუქრებს წარმოადგენდა [Scriptores Historiae Augustae, III; Hobbs, 2021: 139-143; Тревер…, 1987: 38;]. წერილობით წყაროებთან ერთად ამ ვარაუდს იმპერიების ცენტრალური რეგიონების მიღმა და მის პერიფერიებზე აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი მასალა ამყარებს.
ვერცხლის წარმოება და იმპორტი საქართველოში
კავკასიის გეოპოლიტიკურმა პროცესებმა და რეგიონში რომაული და აღმოსავლური კულტურების გავლენამ, იბერია-კოლხეთის თანამედროვე ტენდენციებში ჩართულობა განაპირობა. გარდა გარემო ფაქტორებისა, გვიანანტიკურ ხანაში დაწინაურებული ადგილობრივი ვერცხლის წარმოება უძველესი ქართველური ტომების მელითონეობის ტრადიციითაც უნდა ყოფილიყო განპირობებული. ქართველური ტომები, როგორც ლითონის მოპოვებისა და დამუშავების უბადლო ოსტატები, ძველ ავტორთა ცნობებში არაერთხელაა ნახსენები [Strabo XII, 3, 19-20; Homer, Iliada, II, 856; Xenoph, Anabas, V, 5. 1-2; Apol. Rodos., Argonaut., 2; ინანიშვილი, 2014: 9-24; თავაძე..., 1954: 6-11]. საქართველოში ვერცხლის წარმოებას პრეისტორიული ხანიდან არა მხოლოდ წერილობითი წყაროები, არამედ ბრინჯაოს ხანის ტორევტიკული მასალა და არქეოლოგიურად შესწავლილი მეტალურგიული კერები ადასტურებს (რაჭა, ქვემო ქართლი) [ინანიშვილი, 2014: 48-83; დვალი, 1977: 70-71; გობეჯიშვილი, 1966: 16-20; გობეჯიშვილი, 1952: 183-190; თავაძე..., 1954: 6-11]. ჩვენთან, ისევე როგორც ანტიკური საბერძნეთის, რომისა და ირანის ცნობილ საბადოებში, ვერცხლი პოლიმეტალურ (ტყვია, სპილენძი და თუთია) გამადნებათა სისტემაშია გავრცელებული და ძირითადად ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთებზე და მცირე კავკასიონის სისტემაში მდებარეობს [ინანიშვილი, 2014: 36-37; დვალი, 1977: 69-70].
ანტიკური ხანის (ძვ.წ VI – ახ.წ. VI სს) იბერიასა და კოლხეთში ვერცხლის მოპოვება-წარმოება გლიპტიკის, ტორევტიკისა და მცირე პლასტიკის ნიმუშთა მხატვრულ-სტილისტური და ქიმიური ანალიზებითაც არის დადასტურებული [კალანდაძე..., 2020: 302-308; ინანიშვილი, 2014: 84-89 და მისივე 2007: 51, ცხრილი 1; ფოფორიძე..., 2007: 81-86; Parjanadze..., 2017: 46-47; Gamkrelidze, 2009: 206-210]. თუმცა გვინდა აღვნიშნოთ, რომ როგორც პრეისტორიული, ისე ანტიკური ხანის ვერცხლის მასალა საქართველოდან უპირატესად ტექნოლოგიური კუთხითაა შესწავლილი, ხოლო ნედლეულის ქიმიური ანალიზი მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებშია ჩატარებული. შესაბამისად, საჭიროა სამომავლო კვლევების ამ კუთხით წარმართვა.
ახ. წ. I – IV სს.-ის ვერცხლის ჭურჭლის კოლექცია საქართველოდან (რაოდენობრივ-ხარისხობრივი ანალიზი)
გვიანანტიკური ხანის მრავალრიცხოვანი ტორევტიკული მასალის მნიშვნელობით საქართველო იმით გამოირჩევა, რომ ნიმუშთა უმეტესობა არქეოლოგიური გათხრებითაა მოპოვებული, მაშინ როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა კოლექციაში დაცული ეგზემპლარები ძირითადად არქეოლოგიური კონტექსტის გარეშე მომდინარეობს. მეტწილად სამარხეულ კომპლექსებში აღმოჩენილი ეს მასალა საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ როგორც მათი თარიღი, ისე ფუნქცია და მნიშვნელობა.
სადოქტორო კვლევის ფარგლებში, მასალის მხატვრულ-სტილისტური ანალიზის, არქეოლოგიური კონტექსტის შესწავლისა და შედარებითი მეთოდის საფუძველზე, განისაზღვრა საქართველოში აღმოჩენილი საკვლევი პერიოდის ვერცხლის ჭურჭლის ქრონოლოგიური ჩარჩოები. მასალა ძირითადად ახ.წ. I - IV საუკუნეებს, ხოლო მისი უმრავლესობა II-III საუკუნეებს განეკუთვნება. კოლექციაში ყველაზე გვიანდელი და ერთადერთი ეგზემპლარია ჭერმისხევში აღმოჩენილი ახ.წ. VI-VII სუკუნეების მიჯნით დათარიღებული სასანური ვერცხლის თასი [გაგოშიძე..., 2014: 341-350].
ტიპოლოგიური მეთოდის საფუძველზე ტორევტიკული მასალა, კულტურული ატრიბუციის მიხედვით, სამ ძირითად ჯგუფად დავყავით: 1. რომაული იმპორტი; 2. სასანური იმპორტი; 3. ადგილობრივი ნაწარმი, რომელიც რამდენიმე ქვეჯგუფს მოიცავს: ა) რომაული ტორევტიკის გავლენით შექმნილი ნაწარმი; ბ) პართულ-სასანური ტორევტიკის გავლენით შექმნილი ნაწარმი; გ) ჭურჭელი, რომელიც აერთიანებს იბერიული, პართული, სასანური, რომაული და ალანო-სარმატული კულტურების ელემენტებს.
რაოდენობრივი ანალიზის საფუძველზე, რომელიც დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებს ეყრდნობა, ტორევტიკული ნაწარმის ასორმოცდაათამდე ერთეული ქვეყნის მასშტაბით ოცდაათი სხვადასხვა არქეოლოგიური ძეგლიდან მომდინარეობს (სურ. 1).
სურ. 1. ვერცხლის ჭურჭლის შემცველი არქეოლოგიური კომპლექსები საქართველოდან (ახ.წ. I –VI სს).
არქეოლოგიური კომპლექსები გეოგრაფიული თვალსზრისით ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: კოლხური და იბერიული. მასალის კონცენტრაცია ჭარბობს იბერიის სამეფოს ტერიტორიაზე.[1] ვერცხლის ჭურჭლის შემცველი არქეოლოგიური კომპლექსები წარმოდგენილია: არმაზისხევში, ბაგინეთში, სამთავროს სამაროვანზე, მცხეთაში (სვეტიცხოვლის ეზო), თბილისში (ს. ეულის ქუჩა), ავჭალაში, არაგვისპირის სამაროვანზე, ჟინვალში, მაგრანეთში (ქუშანაანთ გორის სამაროვანი), ჭერმისხევში, ცხინვალში, აღაიანში (რიყიანების ველის სამაროვანი), ხოვლეში, ზღუდერში, სარგვეშში, ბორში, კლდეეთში, კვაშხიეთში, გომში (რაჭა), მოდინახეს ციხეზე, ბიჭვინთაში (პიტიუნტი), აჩმარდაში, შუბარაში (სოხუმის რ-ნი), თაგილონში, ბანძაში, ხაიშში (სვანეთი), ციხისძირში (პეტრა), ურეკში, ხელვაჩაურსა (კაპანდიბი) და გონიოში.
როგორც აღვნიშნეთ, ეს არქეოლოგიური ძეგლები ძირითადად დიდგვაროვანთა სამარხებია. სამწუხაროდ, რამდენიმე სამაროვნის მასალა (ბორისა და თაგილონის განძი, სარგვეშის, ციხის ძირის, ურეკის, ცხინვალის, გომის აღმოჩენები) შემთხვევითი აღმოჩენაა, ან განძმაძიებელთა მიერ იქნა მოპოვებული, რის გამოც მათი არქეოლოგიური კონტექსტი ბუნდოვანია. ხოლო ის სამარხეული კომპლექსები (არმაზისხევი, ბაგინეთი, სამთავრო, არაგვისპირი, ჟინვალი, მაგრანეთი, ზღუდერი, და სხვა.), რომლებიც მეთოდოლოგიურადაა შესწავლილი, საშუალებას გვაძლევს, თვალი გავადევნოთ ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: სამარხის თარიღი, კულტურული და სოციალური ატრიბუცია, დაკრძალვის რიტუალი, ცალკეული ნივთების სამარხში მოხვედრის თარიღი, ფუნქცია და ა.შ.
სოციალური კუთვნილება
ტორევტიკული მასალის შემცველი მდიდრული სამარხები ყოველთვის ასოცირდება წარჩინებულთა განსასვენებელთან. დღესდღეობით ფართოდ დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ვერცხლის ჭურჭლის შემცველი სამარხები უთუოდ მმართველი ზედაფენის წარმომადგენლებს, პიტიახშებს, ერისთავებს, სამეფო ოჯახის წევრებს ეკუთვნოდათ. ჩანს, არანაკლები პატივით იკრძალებოდნენ თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებიც, რისი დასტურიც ბავშვთა მდიდრული სამარხებია [აფაქიძე..., 1996: 8-9; ბოხოჩაძე, 1981: 34; რამიშვილი..., 1972: 46; Shatberashvili 2024: 176; მცხეთა I, 1955: 40].[2] თუმცა, იმის განსასაზღვრად, თუ კონკრეტულად რა თანამდებობის პირთან გვაქვს საქმე, უმნიშვნელოვანესია არქეოლოგიური კომპლექსებისა და სამარხეული მასალის დეტალური შესწავლა და მათი შედარებითი ანალიზი.
გასული საუკუნის დასაწყისში ბორში აღმოჩენილმა ვერცხლის ლანგარმა, რომლის წარწერაშიც ‘ბუზმიჰრ პიტიახში’ იხსენიება, საფუძველი დაუდო აზრს, რომ აქ პიტიახშთა სამარხები მდებარეობდა. 1940-იან წლებში არმაზისხევის აღმოჩენებმა ცხადყო, რომ ეს იბერიის სამეფოს მმართველთა სამაროვანია. ამის დასტური არა მხოლოდ ტორევტიკულ და გლიპტიკურ მასალაზე შემორჩენილი ისტორიულ პირთა პორტრეტები და წარწერებია (ბერსუმა პიტიახში, ასპარუგ პიტიახში, პაპაკ პიტიახში, მეფე ფლავიუს დადესი), არამედ თავად სამარხის ტიპი (სურ. 2: 1-2), დაკრძალვის რიტუალი და სხვა სამარხეული ინვენტარი, რომელთა შორის აღსანიშნავია ინსიგნიები: დიადემა, სატევარი, ინსიგნია ქამარი [მცხეთა I, 1955: 184-207]. მმართველი ზედაფენის (სამეფო ოჯახის?) წევრის (მოზარდის) განსასვენებელი უნდა იყოს სამეფო რეზიდენციის, ბაგინეთის კლდეკარის სარკოფაგიც, რომელშიც სხვა მდიდრულ მასალასთან ერთად რომის იმპერატორის, მარკუს ავრელიუსის, პორტრეტიანი ვერცხლის პინაკი აღმოჩნდა [აფაქიძე..., 1973: 59-65; ნიკოლაიშვილი, 2011: 53]. სამთავროს 905-ე აკლდამაშიც მცხეთაში მოღვაწე მმართველი პირები ან სამეფო ოჯახის წევრები უნდა ყოფილიყვნენ დაკრძალულნი [დიღმელაშვილი, 2022: 217-219; აფაქიძე..., 1996: 5-80]. იბერიის სამეფოს დედაქალაქში ქვაყუთებით, ქვის სარკოფაგებითა და აკლდამებით წარმოდგენილი მდიდრული სამარხების მიკუთვნება იბერიის პიტიახშთა და სამეფო ოჯახის წევრთათვის, ვფიქრობ, ეჭვს არ იწვევს. თუმცა, რა შეგვიძლია ვთქვათ ვერცხლის ჭურჭლის შემცველ სხვა მდიდრულ სამარხებზე, რომლებიც საქართველოს მასშტაბით კიდევ ოცზე მეტ ლოკაციაზეა აღმოჩენილი? განსაკუთრებულ ინტერესს კი ის კომპლექსები იწვევს, სადაც არმაზისხევისა და ბაგინეთის მსგავსი სამარხეული ინვენტარი და ცალკეულ შემთხვევებში, წარწერებით შემკული ტორევტიკული და გლიპტიკური მასალაა აღმოჩენილი, თუმცა, დიდრონი ქვის სარკოფაგები არ გვხვდება. ასეთებია: ბორის, ზღუდერის, სარგვეშის, არაგვისპირის, მაგრანეთის, ჟინვალის სამაროვნები და სხვა.
სურ.2. ქვის სარკოფაგები არმაზისხევიდან (1-2) მცხეთა I, სურ. 45, 60 მიხედვით და ხოვლედან (3) ნახაზი Domizziana Rossi-ს მიერ Shatberashvili 2024: pl. I-ის მიხედვით.
სარკოფაგები მცხეთის გარდა არქეოლოგიურად დადასტურებულია მხოლოდ ზღუდერში, ურბნისსა და ხოვლეში. თუმცა, ზღუდერის სარკოფაგები ხისგან, ხოლო ურბნისის თიხისგანაა დამზადებული [Braund…, 2009: 7-9]. ქვის სარკოფაგი მცხეთის გარეთ მხოლოდ ხოვლეშია აღმოჩენილი (სურ. 2: 3). ის ადგილობრივი დიდგვაროვანი ქალის განსასვენებელს წარმოადგენდა [Shatberashvili, 2024: 181; შატბერაშვილი, 2007: 87-96]. საკუთრივ რა სოციალური სტატუსი უნდა ჰქონოდათ ხოვლეს დიდგვაროვნებს ამ პერიოდში, ჯერჯერობით უცნობია. კრამიტით გადახურული ხის აკლდამა ფიქსირდება მაგრანეთის ქუშანაანთ გორის სამაროვანზე [რამიშვილი, 1979: 30-31]. განძმაძიებელთა მიერ დაზიანებული ბორის სამარხები, ყოველგვარი მონაცემის საფუძველზე, ორმოსამარხები უნდა ყოფილიყო [ბრაგვაძე, 2021: 97; Придикъ 1914: 4-5]. ძირითადად ორმოსამარხები გვხვდება არაგვისპირისა და ახალი ჟინვალის, მოდინახეს, კლდეეთის, სარგვეშის, აღაიანის, ურეკის, ციხისძირისა და სხვა სამაროვნებზე [რამიშვილი, 2018: 86, 193; რამიშვილი..., 1972: 43-50; რამიშვილი, 1983; ბოხოჩაძე, 1981; ნადირაძე, 1975; ლომთათიძე, 1957; Tchubinaschwili..., 1925: 83-85; ინაიშვილი, 1993: 5-35; ხოშტარია, 1962; Хоштариа, 1955: 52-54; ფუთურიძე, 1959: 54-94; Амиранашвили, 1935]. ბანძას მდიდრული განსასვენებელი ქვევრსამარხს წარმოადგენდა (სავარაუდოდ, მეომრის სამარხი), ხაიშისა და გონიოს განძები კი ლოდის ქვეშ და ლითონის ჭურჭელში მოთავსებულ განძს [მაკალათია 1928: 161-188; ჯავახიშვილი, 1958: 148-158; Odisheli, 2014: 186-196].
სამარხთა ტიპის განსხვავებულობის საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება, რომ მიუხედავად სამარხეული ინვენტარის მსგავსებისა, მცხეთის გარეთ აღმოჩენილი არცერთი მდიდრული განსასვენებელი არ ეკუთვნოდა პიტიახშის წოდების პირს, არამედ ადგილობრივი საერისთავოს მმართველებს ან დაწინაურებული ფენის წარმომადგენლებს, რომლებისთვისაც სამარხებში აღმოჩენილი ჭურჭელი მცხეთაში მჯდომ ქართლის მეფეს ან/და პიტიახშს უბოძებია [ბრაგვაძე, 2021: 93-98]. განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა, რამინ რამიშვილს. ის არაგვისპირის, ჟინვალის, მაგრანეთის, ბორის და სხვა სინქრონული სამაროვნების მდიდრულ სამარხებს პიტიახშთა რანგის წარმომადგენლებს მიაკუთვნებდა, ხოლო სამარხთა განსხვავებული ტიპს (ორმოსამარხები, ხის სარკოფაგები) სოციალური, ეთნიკური და რელიგიური მომენტებით ხსნიდა [რამიშვილი, 2018: 132-135, 193-195]. მას მიაჩნდა, რომ განსვენებულის სოციალურ სტატუსს არა სამარხის ტიპი, არამედ მასში ჩატანებული ინსიგნიები განსაზღვრავდა და ასეთებად მიიჩნევს სარეცლის ფეხის გარსაკრავებს, ინსიგნია ქამრებს, ბეჭდებს, სამკლაურებს და სამარხში ცხენის ჩატანების ტრადიციას [რამიშვილი, 2018: 193-194]. მოდინახეს მდიდრულ ორმოსამარხებს მძიმედ შეიარაღებულ საშუალო ფენის არისტოკრატიას მიაკუთვნებდა არქეოლოგი ჯურხა ნადირაძე. მისი აზრით, განსვენებულთა საქმიანობა ერისთავთა სამსახური და მათთვის ლაშქრობა უნდა ყოფილიყო [ნადირაძე, 1975: 74]. ზურაბ ბრაგვაძეს კი მიაჩნდა, რომ მოდინახეს სამაროვანზე გარკვეული საგამგეო ერთეულის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ დაკრძალულნი, რაზეც 36-ე და 66-ე სამარხებში დადასტურებული ინსიგნიები, ოქროთი შემკული რკინის სატევარი და ოქროს დიადემა მიგვანიშნებს [ბრაგვაძე, 2021: 54].
მდიდრული სამარხების და მათში ჩატანებული ვერცხლის ჭურჭლის სოციალური ატრიბუციის კვლევაში მნიშვნელოვანია საკუთარი სახელების შემცველი წარწერებიანი ნიმუშები (სურ. 3). მაგალითად, ბუზმიჰრ პიტიახშის არამეულწარწერიანი ვერცხლის ლანგარი მკვლევრებს აძლევს საფუძველს, ბორში საპიტიახშოს ცენტრის არსებობა ივარაუდონ, ბუზმიჰრი კი, ადგილობრივ პიტიახშად (სურ.3: 1) [ბრაგვაძე, 2021: 76, 93-105; ბახტაძე, 2003: 42-43; ცქიტიშვილი, 1964: 87-96]. მეფე ფლავიუს დადესი და ბერსუმა პიტიახში იხსენიება არმაზისხევის N3 სამარხში აღმოჩენილ ვერცხლის ლანგარზე (სურ. 3: 2). უფლისწული ტირიდატი იხსენიება სამთავროს 905-ე აკლდამაში აღმოჩენილი ვერცხლის ლანგრის წარწერაში [აფაქიძე..., 1996: 13-14]. საპიტიახშოს არსებობის ვარაუდია გამოთქმული ზღუდერის აღმოჩენებთან დაკავშირებითაც, ვინაიდან აქ ერთ-ერთ ლანგარზე, რომელიც ბერსუმა პიტიახშის ლანგრის მსგავსია, შემორჩენილია მისივე მსგავსი ბერძნული წარწერის სიტყვა “ვუბოძებ” (სურ. 3: 3)
[Braund…, 2009: 34].
სურ. 3. 1) ბუზმიჰრ პიტიახშის პინაკი ბორიდან. ფოტო: Придик 1914, სურ.1-ის მიხედვით. წარწერა: Preud'homme 2022: fig.25-ის მიხედვით; 2) ბერსუმა პიტიახშის ლანგარი. ფოტო: ლ. ჩოლოგაური © საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ნახაზი: მცხეთა I. სურ. 26 მიხედვით; 3) ლანგარი ზღუდერიდან. Braund…, 2009: 34-35 მიხედვით.
სოციალური ატრიბუციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არამეულწარწერიან პაპაკ პიტიახშის ლანგარს არმაზისხევიდან (სურ.3:1), სასანიდი შაჰის ბაჰრამ II-ის პორტრეტიან თასს (კილიკს) სარგვეშიდან (სურ. 3:2), ანტინოეს და იმპერატორ ადრიანეს (?) პორტრეტებიან ჯამებს არმაზისხევიდან (სურ.4: 2,4), მარკუს ავრელიუსის პინაკს ბაგინეთიდან (სურ.4:1), პაკურ/პაკორუს (ლაზთა მეფე?) მეფის ბერძნული წარწერებით შემკულ სასმისს აჩმარდადან (აფხაზეთი), სასანიდ მეფეთა ნადირობის სცენებიან ვერცხლის თეფშებს სოფელ შუბარადან და კრასნაია პოლიანადან (ორივე დაცულია სოხუმის მუზეუმში) და სხვადასხვა ჭურჭელს ზღუდერიდან და მცხეთიდან, რომლებზეც პირთა სახელებია ამოკაწრული. [Tchubinaschwili, 1925: 83-86; Harper…, 1981: 24-30; Braund, 1994: 242; Мачабели, 1976: 106-121; მცხეთა I, 1955: 40-46; ვინოგრადოვი…, 2013: 60-67; Gyselen, 2016: 61-68].
ზემოთ ჩამოთვლილი ტორევტიკის ნიმუშები დასტურია იმისა, რომ ვერცხლის ჭურჭელი დიპლომატიური ძღვენის სახით იგზავნებოდა როგორც რომიდან და ირანიდან იბერია-კოლხეთის მმართველთათვის, ისე ადგილობრივ მეფეთა და პიტიახშთა მხრიდან მათი ქვეშევრდომი ერისთავებისა და საჯარო მოხელეებისთვის. დიპლომატიური საჩუქრის მიმოცვლაზე რომის იმპერატორებსა და ქართლის მეფეს შორის ცნობებს გვაწვდის წერილობითი წყაროებიც [Aelius Spartianus, Histora Augusta, I, 17; ნარკვევები ტ.I: 529-530]. ვფიქრობთ, იბერიისა და კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ტორევტიკის ნიმუშების ერთი ჯგუფი საერთაშორისო და ადგილობრივი დიპლომატიური ურთიერთობების გამოძახილია, ხოლო ვერცხლის ჭურჭლის ცალკეული ნიმუშები სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და კოლხეთის შავიზღვისპირეთში განლაგებულ რომაულ გარნიზონებს უნდა დავუკავშიროთ, რადგან ისინი რომაული იმპორტის აქტიური შემომტანი და მომხმარებლები იყვნენ.
სურ. 4. 1) პაპაკ პიტიახშის ლანგარი. ფოტო: ლ. ჩოლოგაური ©საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ნახაზი: მცხეთა I, სურ.21 მიხედვით; 2) სარგვეშის კილიკი/თასი. მაჩაბელი 1983: 58-59 და Harper…, 1981: pl.2-ის მიხედვით.
ფუნქცია და მნიშვნელობა
ვერცხლის ჭურჭლის მხატვრულ-სტილისტური ანალიზის, პარალელების მოძიებისა და სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული აზრის საფუძველზე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მდიდრულად ორნამენტირებული, რთული რელიეფური სახეებითა და სამეფო პორტრეტებით შემკული ცალები ძირითადად საგამოფენო/საჩვენებელ ფუნქციას ასრულებდა. ასეთი ეგზემპლარებად უნდა მივიჩნიოთ ტიხე ფორტუნას, მარკუს ავრელიუსის, პაპაკ პიტიახშის, ანტინოესა და წვერიანი მამაკაცის (იმპერატორი ადრიანე?) პორტრეტებიანი, მოოქროვილი არწივის გამოსახულებიანი იმპორტული ვერცხლის ჯამები და სხვა (სურ. 4). ამავე ფუნქციის მატარებელი უნდა ყოფილიყო არაგვისპირის რელიეფური ნადირობის სცენებით შემკული ადგილობრივად დამზადებული სურები (სურ. 6: 4) [რამიშვილი, 2018: 149].სურ. 4. ვერცხლის ფიალები ბაგინეთიდან, არმაზისხევიდან და არაგვისპირიდან. ფოტოები ლ. ჩოლოგაურის მიერ © საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ახ.წ. II-III სს.
განსხვავებით მდიდრულად ორნამენტირებული, საჩვენებელი ცალებისგან, პრაქტიკული დანიშნულება უნდა ჰქონოდა შედარებით სადა ორნამენტული სახეებით შემკულ ვერცხლის კოვზებს, ჩამჩებს, თეფშებს, თასებს, ღრმა ჯამებს, სურებსა და ლანგრებს (სურ. 5). ჩანს, ადგილობრივი მმართველი წრის წარმომადგენლები გვიანანტიკური სამყაროს ტენდენციებს არ ჩამორჩებოდნენ და მათი სუფრის ჭურჭლის გარკვეულ ნაწილსაც ძვირფასი ლითონის ნაწარმი წარმოადგენდა.
სურ. 6. იბერიული ვერცხლის სურები არმაზისხევიდან (1), სამთავროდან (2), მაგრანეთიდან (3) და არაგვისპირიდან (3). ახ.წ II-III სს. ფოტოები ლ. ჩოლოგაურის მიერ © საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
დასკვნა
როგორც ვხედავთ, გვიანანტიკურ ხანაში იბერიისა და კოლხეთის მმართველი ზედაფენის წარმომადგენლები ჩართულები იყვნენ საერთაშორისო ურთიერთობებში და ფეხს უწყობდნენ თანამედროვე ტენდენციებს. სავარაუდოა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი იმპორტული ვერცხლის ჭურჭლის მნიშვნელოვანი ნაწილი, დიპლომატიური ურთიერთობების შედეგადაა ჩვენში მოხვედრილი. თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ ჭურჭლის გარკვეული ჯგუფი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შედეგად შემოდიოდა იბერიასა და კოლხეთში.
ფაქტი, რომ იმპორტულთან ერთად თანაარსებობდა ადგილობრივად დამზადებული ტორევტიკის ნიმუშები, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართლისა და კოლხეთის მოსახლეობაში ძვირფასი ლითონის ჭურჭლის მნიშვნელობას. რომაული ტორევტიკის გავლენით შემქნილი ადგილობრივი ნაწარმი მიგვანიშნებს, რომ დაწინაურებული ფენის მხრიდან ფუფუნების ამ ნივთებზე მაღალი მოთხოვნა არსებობდა, და რომ ადგილობრივი სახელოსნოები და გამოცდილი ოსტატები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნიმუშებით ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ.
ბოლოს, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ გარდა ზემოთ განხილული პრობლემებისა, საქართველოს გვიანანტიკური ხანის ტორევტიკა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კავკასიის გეოპოლიტიკური მოვლენების კვლევაშიც. კავკასიის დაუფლებისთვის რომსა და ირანს შორის გაჩაღებულ საუკუნოვან კონფლიქტში იბერიისა და ლაზიკის სამეფოთა მმართველებს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრათ. ისინი ჭკვიანური დიპლომატიური სვლებით აიძულებდნენ რომის იმპერატორებსა და ირანის შაჰებს, მაქსიმალური სიფრთხილით მოკიდებოდნენ მათთან ურთიერთობას, რათა ამ უკანასკნელთა დახმარებით უზრუნველეყოთ იმპერიების სიმშვიდე ჩრდილო-კავკასიელთა დამარბეველი შემოსევებისგან. ვერცხლის ჭურჭლის ცალკეული ნიმუშები სწორედ ამ პოლიტიკური ურთიერთობების პირდაპირი და უადრესი სამხილებია. აღნიშნული საკითხი ვრცლად სადოქტორო კვლევის ფინალურ ეტაპზე, დისერტაციაში იქნება განხილული.
[1] მონაცემები ემყარება მიმდინარე სადოქტორო კვლევას და შესაძლოა შეიცვალოს.
[2] ახ.წ. I-III სს.-ში იბერიის სამეფოს ტერიტორიული ექსპანსიიდან გამომდინარე, დასავლეთ საქართველოში მდებარე ზოგიერთი ძეგლი, ქართლის სამეფოს შემადგენლობაში ექცეოდა.
[3] არმაზისხევის მე-2 და მე-9 სამარხი, სამთავროს 905-ე აკლდამა, ახალი ჟინვალის N1 სამარხი, ხოვლეს მდიდრული აკლდამა, აღაიანი სამარხი N28.
[4] სამარხში სითხით სავსე სურების ჩადგმაზე მიგვანიშნებს მათი ჩამოკიდება რკინის კავებზე (სამთავრო) და სამარხის ქვის იატაკში სურის ძირებისთვის ამოჭრილი ფოსოები (არმაზისხევი).













