გუდანისა და ლაშარის ჯვრის დაარსების გადმოცემები არნოლდ ზისერმანის წიგნში „ოცდახუთი წელი კავკასიაში“
საქართველო და, ზოგადად, კავკასია ყოველთვის იპყრობდა მოგზაურთა ყურადღებას თავისი ეთნიკური მრავალფეროვნებითა და სიჭრელით. იგი არაერთხელ გამხდარა ევროპელ მისიონერთა, აღმოსავლელ მოგზაურთა თუ რუს მოხელეთა ინტერესის საგანი. მათი ჩამოსვლის მიზეზი კავკასიაში განსხვავებული იყო და, შეიძლება ითქვას, განსაზღვრავდა კიდეც მათ ნაშრომთა სპეციფიკას. ერთ-ერთი ასეთი იყო არნოლდ ზისერმანი, რომელიც 17 წლის ასაკში ჩამოვიდა საქართველოში. მან საკმაო ხანს იმსახურა კავკასიაში, აქვეყნებდა წერილებს მაშინდელ პერიოდულ გამოცემაში „კავკაზი“ და მოგვიანებით ვრცელი ნაშრომი „ოცდახუთი წელი კავკასიაში“ მიუძღვნა ამ რეგიონს. როგორც თ. ჯაგოდნიშვილი სამართლიანად აღნიშნავს, იგი „ის პიროვნება იყო, რომელიც შორიდან მაცქერალი ტურისტის თვალით უცხო ეგზოტიკად კი არ აღიქვამდა და აფასებდა ქართულ ტრადიციულ ყოფას, ზეპირსიტყვიერებას, არამედ ფიზიკურად დამკვიდრდა ქართულ გარემოში... აგროვებდა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ მასალას და კომენტარებით აქვეყნებდა, ამიტომაც მისი წერილები და ნარკვევები არა მარტო მასალის სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა, არამედ დაკვირვება-კომენტარების სიღრმითაც“ [ჯაგოდნიშვილი, 2004:279].
ქართული ფოლკლორის შესწავლა სამეცნიერო კუთხით მხოლოდ XIX საუკუნეში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ზისერმანის „ოცდახუთი წელი კავკასიაში“ ქართულად დღემდე არ თარგმნილა. შეიძლება ითქვას, რომ თ. ჯაგოდნიშვილს შედგენილი აქვს მისი შრომების თითქმის სრული ბიბლიოგრაფია. მკვლევარს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ფოლკლორისტიკის ისტორიის შესწავლაში, თუმცა საკვლევი კიდევ ბევრია, განსაკუთრებით კი - ა. ზისერმანის მიერ ჩაწერილი მასალების შინაარსობრივი მხარე. შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით ნაშრომები არ მოგვეპოვება. წიგნის „ოცდახუთი წელი კავკასიაში“ ცალკეული ფრაგმენტები ნათარგმნი და ნაშრომებში გამოყენებული აქვს ხ. მამისიმედიშვილს [მამისიმედიშვილი, 2008: 125-127]. ბოლო წლებში არნოლდ ზისერმანის ნაშრომებით დაინტერესდა პიტერ სკინერი, რომელმაც 2018 წელს ჟურნალ „ქართველოლოგში“ სტატია „არნოლდ ლ. ზისერმანის წიგნი „ოცდახუთი წელი კავკასიაში - 1842-1867“ გამოაქვეყნა როგორც ინგლისურ, ასევე - ქართულ ენაზე. აკა მორჩილაძემ თავის საავტორო პროექტში „დაკარგული წიგნები“ შვიდი სერია მიუძღვნა და ამომწურავად ისაუბრა მის შემოქმედებაზე, თუმცა, საკითხთან დაკავშირებით უშუალოდ ფოლკლორისტიკის ჭრილში ნაშრომები არ შექმნილა.
არნოლდ ზისერმანი
არნოლდ ზისერმანი 1824 წელს დაიბადა პოდოლსკის პროვინციაში. მისი მამა, გერმანელი ლევ ზისერმანი, ამავე პროვინციაში მუშაობდა სამხედრო ექიმად. კავკასიამ იგი დააინტერესა ბესტუჟევ-მარლინსკის ნაშრომების გაცნობის შემდეგ, როგორც თავის მემუარებშიც აღნიშნავს, იგი ოცნებობდა ამ ეგზოტიკურ რეგიონში მოხვედრაზე და თავგადასავლებზე. „მან მიზნად დაისახა, თავი დაეღწია მოსაწყენი, კარჩაკეტილი, პატარა, სამხრეთ რუსეთის მოტიტვლებულ სტეპებზე მდებარე ქალაქური ცხოვრებისათვის. ის სიამოვნებით ეცნობოდა მარლინსკის ეგზოტიკურ ნოველებს „ამალეტ ბეკი“ და „მულა ნურის“, რომლებიც გამოირჩეოდნენ ფერადი, დეტალური ფონითა და ძლიერი ვნებებით, რაც (დასავლელ მკითხველში და მარლინსკის თანამედროვე ბევრ რუს მოქალაქეში) ძლიერ ასოციაციებს იწვევდა სკოტთან და ბაირონთან“ [სკინერი, 2018, №27:241].
17 წლის ასაკში მან თბილისის გუბერნატორს თხოვნა გაუგზავნა სამსახურში მიღების თაობაზე. მაშინ თბილისი მთელი ამიერკავკასიის დედაქალაქი და კავკასიის მეფისნაცვლის შტაბი იყო. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა არნოლდს არც კავშირები გააჩნდა და არც მფარველი ჰყავდა, რომელიც მას რეკომენდაციას გაუწევდა თანამდებობის დასაკავებლად, თუმცა მისი ნიჭი და მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ექვსი თვის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის თხოვნა დააკმაყოფილეს და 1842 წელს იგი სამსახურში გამოიძახეს, თავდაპირველად იგი კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიაში უბრალო მოხელედ მუშაობდა (Петровна, 1912:522). თუმცა, ქალაქში კანცელარიის მოსაწყენმა საქმიანობამ მისი ცნობისმოყვარეობა ვერ დააკმაყოფილა და მალევე ითხოვა თიანეთში გადაყვანა, სადაც უფრო ახლოს იქნებოდა კავკასიონის ქედთან. ზისერმანმა ოცდახუთი წელი გაატარა კავკასიაში, საფუძვლიანად შეისწავლა ქართული ენა. მონაწილეობა მიიღო არაერთ სამხედრო ღონისძიებაში, მათ შორის თაბასარანის ლაშქრობაში, ღუნიბის აღებაში, ყუბანის ლაშქრობებსა და სხვა ექსპედიციებში მთიელთა წინააღმდეგ. იგი შეამჩნია კავკასიის ჯარების მთავარსარდალმა, თავადმა ვორონცოვმა, რომელმაც ახალგაზრდა არნოლდ ზისერმანი სამხედრო ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ამას მოჰყვა ჩინის მომატებაც: ჯერ კოლეჯის რეგისტრატორი გახდა, ხოლო შემდეგ თუშ-ფშავ ხევსურეთის ოლქის მდივანი. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. აქვეყნებდა სამხედრო-ისტორიული შინაარსის ნაშრომებს, წერდა მემუარებსა და პუბლიცისტურ წერილებს. „ზისერმანის ნაშრომები [...ტოლსტოიმ] გამოიყენა ნაწარმოებების „კავკასიის ტყვისა“ და „ჰაჯი მურატის მოკვეთილი თავის“ შესაქმნელად, რომელსაც თავად ტოლსტოი უწოდებდა „პოემას კავკასიაზე...“ [Тебиев, 2020:400]. არნოლდ ზისერმანის ცხოვრება ტრაგიკულად და აბსურდულად დასრულდა 1897 წლის სექტემბერში. ეს მოხდა ლუტოვინოვოს მამულში ხე-ტყის ჭრისას. ამავე წელს „რუსეთის არქივის“ მე-10 ნომერში გამოქვეყნებული ნეკროლოგი შეიცავს მწერლის შვილის ჩვენებას, რომელმაც რამდენიმე წუთით ადრე გააფრთხილა მამა ხის წაქცევის შესახებ. პენსიაზე გასული პოლკოვნიკის პასუხი ასეთი იყო: სიცოცხლის განმავლობაში მან ბევრი სახიფათო ტყის ჭრა იხილა და ამიტომ არ სჯეროდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა [Русский архив, 1897, №10:312]. რამდენიმე წუთში კი მას წაქცეული ხე დაეცა და ადგილზე აღესრულა.
არნოლდ ზისერმანს არანაირი ლიტერატურული გამოცდილება არ ჰქონდა, როცა საქართველოში ჩამოვიდა. მისი ცოდნა კავკასიაზე მხოლოდ ბესტუჟევ-მარლინსკის ნაშრომებისაგან შედგებოდა. შესაბამისად, კავკასია 17 წლის ყმაწვილისთვის „აღთქმული მხარე“ იყო, რომელიც მრავალ თავგადასავალს უქადდა.
„ოცდახუთი წელი კავკასიაში“ წარმოადგენს მემუარის ტიპის ნაშრომს, რომელშიც მისი დამოკიდებულება კავკასიისა და მისი მცხოვრებლების მიმართ რამდენადმე იცვლება. თავდაპირველად იგი ცოტა უარყოფითადაც კია განწყობილი ამ რეგიონის მიმართ. ადგილობრივ მოსახლეობას ა. ზისერმანიც, ისევე როგორც სხვა რუსი მოხელენი, „ტუზემცებად“ მოიხსენიებს. ყაზბეგში, ერთ-ერთი გამცილებლის სახლში შესული კი, ის დიდხანს ვერ ძლებს აუტანელი სუნის გამო, „დიდი ცნობისმოყვარეობის მიუხედავად“ [Зиссерман, 1879:5]. „ტუზემცებად“ იმ დროისთვის რუსები მოიხსენიებდნენ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ ყველა კავკასიელს. განსაკუთრებით საინტერესოა ის დამოკიდებულება, რომელიც ა. ზისერმანის მემუარების დასაწყისში ვლინდება, რადგან, ფაქტობრივად, მასში აისახა რუსეთის კოლონიური განწყობა, დამოკიდებულება ამ რეგიონის მიმართ. „კოლონიალურ ადმინისტრაციას სრულიადაც არ ადარდებდა ადგილობრივი მოსახლეობის თავისებურებანი და თვითმყობადი ხასიათი. ადგილობრივნი - „ტუზემცები“, დამპყრობთა მიერ უბრალოდ ორ კატეგორიად იყოფოდნენ – ე. წ. „მშვიდობიანნი“ (რომლებიც არ ეწინააღმდეგებოდნენ რუსულ მმართველობას, სწავლობდნენ რუსულ ენას, შვილებს რუსულ სკოლაში მიაბარებდნენ აღსაზრდელად და ა.შ.) და „მშფოთვარენი“ (ისინი, ვინც ეწინააღმდეგებოდნენ რუსთბატონობას)“ [ბუხრაშვილი, 2000:75]. ამ ზოგადი განწყობის ფონზე გასაკვირი არც იქნებოდა, რომ 17 წლის ახალგაზრდა ყმაწვილს სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონოდა მოსახლეობის მიმართ და ეჭვის თვალით ეყურებინა მათთვის.
ცოტა ხნით თბილისში მუშაობის შემდეგ იგი მდივნად გააგზავნეს მიხეილ ჩოლოყაშვილთან, რომელიც იმ დროისთვის თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოლქის მმართველი იყო. არნოლდ ზისერმანი დაწვრილებით აღწერს იმ ნადიმებსა და გამოჩენილ პირებს, რომლებსაც ჩოლოყაშვილთან ყოფნის დროს შეესწრო. აგრეთვე, ეტიკეტის წესებსა და ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას. მისი თქმით, თავადი მიხეილი მეტად გულღია და სტუმართმოყვარე ადამიანი იყო. მის კარზე მრავლად იმართებოდა ნადიმები, თავს იყრიდნენ არისტოკრატები. ახალგაზრდა არნოლდს რამდენიმე უსიამოვნო ინციდენტიც შემთხვევია იმის გამო, რომ უცხოელი იყო. თუმცა, თანდათანობით იგი მიეჩვია ახალ ყოფას. განსაკუთრებით კი – თავად ჩოლოყაშვილს. სწორედ მის მამულში ყოფნისას დაიწყო ახალგაზრდა კაცმა ქართული ენის სწავლა და საინტერესო, ეგზოტიკური ამბების შეგროვება. მისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო კავკასიელთა ყოფა-ცხოვრება, ის ტრადიციები, რომელზეც აქამდე მხოლოდ ყურის მოკვრით სმენოდა (სისხლის აღება, ძმადნაფიცობა და ა.შ.). ტექსტების შეკრებისას იგი არ სჯერდება მხოლოდ ჩაწერას, არამედ თითოეულ გადმოცემას თან ახლავს ღრმა ფილოსოფიური ანალიზი, მისი პიროვნული განცდები და დამოკიდებულება. სწორედ ეს გამოარჩევს ა. ზისერმანის მიერ შეკრებილ ფოლკლორულ ტექსტებს სხვა მეცნიერების მიერ შეგროვილი მასალისაგან.
გუდანისა და ლაშარის ჯვრის დაარსების გადმოცემები
არნოლდ ზისერმანის პუბლიკაციები 40-იან წლებში იბეჭდებოდა გაზეთ „კავკაზში“. 1844-1848 წლებში სამსახურის გამო ინტენსიურად მოგზაურობდა ფშავსა და ხევსურეთში, სწავლობდა ქართულ ენასა და მის დიალექტებს და ამ პერიოდმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ახალგაზრდა ზისერმანზე. იგი რომანტიკული გატაცებით კრებდა ქართულ ზეპირსიტყვიერ მასალას. 1848 წელს მან გამოაქვეყნა სტატია „წერილები თიანეთიდან“, სადაც აღწერა ფშაური ხატობა და გადმოცემები ლაშარის ჯვრის დაარსებაზე, 1851 წელს კი სტატიაში „ჩანაწერები ხევსურეთზე“ საუბრობს გუდანის ჯვრის დაარსებაზე. ამ პუბლიკაციებს გაზეთ „კავკაზში“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მის წერილებს დიდი ინტერესით ეცნობოდნენ.
როგორც თეიმურაზ ჯაგოდნიშვილი აღნიშნავს, ეს ტექსტები დიდ მსგავსებას ავლენს რაფიელ ერისთავის მიერ გამოქვეყნებულ ფოლკლორულ მასალასთან და იგი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ზისერმანისთვის ეს გადმოცემები სწორედ ქართველ მოღვაწეს უნდა მიეწოდებინა. მკვლევარი ამას ასაბუთებს იმით, რომ რაფიელ ერისთავსაც და არნოლდ ზისერმანსაც ხალხური ლექსების ზუსტად ერთი და იგივე ვარიანტები ჩაუწერიათ. ამასთანავე, რაფ. ერისთავის არქივში დაცულ ერისთავის ხელით ნაწერ წერილში განხილული საკითხები შინაარსითაც ემსგავსება ა. ზისერმანის ნარკვევებს და თ. ჯაგოდნიშვილს ეს აფიქრებინებს, რომ მას სწორედ ერისთავმა მიაწოდა აღნიშნული მასალა. თავად ზისერმანის ცნობით, მან ხევსურეთში გატარებული ხუთი წლის შედეგად შეისწავლა ხევსურული დიალექტი და პირადად ჩაიწერა ეს მასალა. თუმცა, თ. ჯაგოდნიშვილი ამ ცნობას ნაკლებ სარწმუნოდ მიიჩნევს, რადგან „ზისერმანის არც ერთ სხვა წერილში, რომლებიც ქართულ ფოლკლორსა და ეთნოგრაფიას შეეხება, ქართული ენის ცოდნა არ ჩანს...“ [ჯაგოდნიშვილი, 2004:284]. ამ მოსაზრებას მე არ ვეთანხმები, რადგანაც ა. ზისერმანი არაერთ წერილს აქვეყნებდა არა მხოლოდ რუსულ, არამედ ქართულ ენაზეც და არც იქნებოდა გასაკვირი, რომ მას კარგად შეესწავლა ქართული ენა, რადგან ოცდახუთი წელი გაატარა კავკასიაში. აგრეთვე, ნაწარმოებში „ოცდახუთი წელი კავკასიაში“ იგი არაერთხელ აღნიშნავს, რომ ქართული ენის სწავლა ჩამოსვლისთანავე დაიწყო და წარმატებებსაც მიაღწია. უდავოა, რომ ის და რაფიელ ერისთავი ერთმანეთს იცნობდნენ და შეიძლება, მათ ერთადაც კი ჩაეწერათ ეს მასალები. რასაკვირველია, რაფ. ერისთავისთვის უფრო მარტივი გასაგები იქნებოდა ესა თუ ის დიალექტური ფორმა. განსხვავებებიც სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული. თანაც, ამ დროს ფოლკლორისტიკა, როგორც მეცნიერება, სულ ახალი დანერგილი იყო, არ იყო მკაცრად ჩამოყალიბებული ფოლკლორული ნიმუშების ჩაწერის წესი და სავარაუდოა, რომ რ. ერისთავი დიალექტურ ფორმებს თავისი შეხედულებებისამებრ ასწორებდა.
სოფ. გუდანის დაარსების გადმოცემა, როგორც თავად ა. ზისერმანი აღნიშნავს, ჩაუწერია მაშინ, როდესაც დატოვა თიანეთი. მე უცვლელ პწკარედულ თარგმანს შემოგთავაზებთ: „აქ ხევსურთა დასახლების დროისა და მათი წარმომავლობის შესახებ შემორჩენილია უცნაური ლეგენდა. ისინი თავიანთ წინაპრად ვინმე გუდანელს (საკუთარი სახელია) ცნობენ. ის იყო ერთი კახელი მემამულის ყმა და გაურკვეველი დანაშაულისათვის სასჯელის თავიდან აცილების მიზნით, ფშავში, სოფელ აფშოში, გაიქცა. მისი ვაჟიც იქ დაიბადა. ნადირობის მოყვარული ახალგაზრდა გუდანელი ერთხელაც წავიდა მთაში, სადაც მოკლა უცნობი ცხოველი. იგი ისეთი მსუქანი ყოფილა, რომ მოხუცმა გუდანელმა იფიქრა, ის ადგილი, სადაც ცხოველი ცხოვრობდა, ძალზე ნაყოფიერი უნდა ყოფილიყო. ამაში დასარწმუნებლად მან შვილი გაგზავნა და დაავალა ერთი მუჭა ხორბლის დათესვა პატარა ადგილზე, შემდეგ კი მოსავლის გუდაში (ტყავის ჩანთაში) შეგროვება. ამიტომაც ეწოდა ადგილს გუდანი, ხოლო ჩამოსახლებულებს - გუდანელი. აქვე დაიბადა გუდანელის კიდევ ორი ვაჟი: არაბული და ჭინჭარა, რომელთაგანაც წარმოიშვა 320 კომლი არაბული და 210 კომლი ჭინჭარაული. ყველა მათგანი განსახლდა 35-მდე სოფელში, რომელთაგან მთავარია გუდანი. იგი მდებარეობს არაგვის ნაპირზე, უმეტესად ცნობილია ნიშით, გუდანის ჯვრით, რომელსაც ისინი დიდ პატივს სცემენ. შემდეგ მათ რიცხვს მიემატნენ ქისტეთიდან ხევსურეთში გადმოსულები, ოსები, მთიულები და ებრაელებიც კი. ამბობენ, ერთხელ ხევსურეთში მისულმა თამარ მეფემ თან 5 ებრაელი მოიყვანა, რომლებიც ავად გახდნენ, აქ დარჩნენ, დაქორწინდნენ და მათ დააარსეს სოფელი ბისო“ [Зиссерман, 1879:207-208].
გუდანის ჯვრის დაარსება მეორე ვარიანტადაც გვხვდება - მისი დაპირისპირება ვინმე კინკოზაურებთან/კინკვაზაურებთან. იგი წარმოადგენს ზისერმანის მიერ ჩაწერილი გადმოცემის გავრცობილ ვერსიას. კინკოზაურს უცხოვრია სანეს მახლობელ სოფელში. ერთ დღესაც მისი სახლის ყვერფში იფნის ხე ამოსულა, რომელიც კაცს მოუჭრია. იგივე გამეორებულა მეორე და მესამე დღესაც. მესამე დღეს იფანს გველი ამოჰყვა, კინკოზაურმა იფანიც მოჭრა და გველიც მოკლა. შემდეგ ხვნის დროს კიდევ მოკლა გველი, ამის გამო ხატი გასწყრომია, ავადობა შეუჩენია სოფლისთვის და ნახევარ წელში ყველა ამომწყდარა. კინკოზაურის ნაფუძარში გუდანის ჯვარი დაფუძნებულა და მხოლოდ შემდეგ ამოსულა აქ კახეთიდან სოფელ გუდანის დამაარსებელი ადამიანი [ჩიტაია, 1955:392]. აყნელში ჩაწერილ ვერსიაში, გუდანის ჯვარი სოფ. აყნელიდან გადასულა კინკოზაურის ნასახლარში [ოჩიაური, 1967:104]. ეს სიუჟეტი – კერიაში იფნის ამოსვლა, სამჯერ გაკაფვა, გველის ხეზე შემოხვევა და სოფლის ამოწყვეტა საკმაოდ გავრცელებული ყოფილა როგორც საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში, ასევე – კავკასიაშიც. „კერაში იფნის ამოსვლით იჩინა თავი და დაარსდა გუდანის საღვთოს გარდა — ხევსურეთში ნაჴარელას ღვთისმშობელი, შუბნურის წმ. გიორგის ჯვარი (ლიქოკი), როშკის მთავარანგელოზი, უკანჴადუს ადგილისდედა, ხახაბოს წყაროსგორული წმ. გიორგი, ფშავში ცაბაურთის ღვთისმშობელი, გოგოლაურთის დედაღვთისმშობელი და სხვანი“ [კიკნაძე, 1996:28].
ა. ზისერმანს ჩაწერილი აქვს გადმოცემის მხოლოდ ის ნაწილი, სადაც გვარის დაარსებაზეა საუბარი, დროთა განმავლობაში კი მან შეიძინა ჰიეროფანიული ელემენტები (იფნის ყვერფში ამოსვლა, გველის შემოხვევა ხეზე, ნასახლარის სალოცავად ქცევა), რითაც ტიპოლოგიურ მსგავსებას ავლენს კავკასიაში გავრცელებულ ანდრეზებთან ჯვარჩენის შესახებ.
აშკარაა გუდანის დაარსების გადმოცემის მსგავსება რ. ერისთავის მიერ ჩაწერილ ცნობასთან. შეიძლება ითქვას, რომ იგი შემოკლებულ ვარიანტსაც კი წარმოადგენს. მაგალითად, ა. ზისერმანი არ ახსენებს სოფელს, საიდანაც კაცი წამოსულა, ერისთავთან კი ნახსენებია სოფელი მაღრანი. ასევე, იგი იყენებს „გუდანელს“, როგორც საკუთარ სახელს, რ. ერისთავთან კი კაცის სახელი არ ხსენდება. რაფიელ ერისთავთან დაკონკრეტებულია ცხოველის სახეობა, რომელიც ახალგაზრდა ვაჟმა მოინადირა (გარეული თხა), მის მიერ ჩაწერილ ვარიანტში უფრო ვრცლადაა აღწერილი დაპირისპირება გადასახლების გამო მამასა და შვილს შორის, მაშინ, როცა ზისერმანი მშრალად აღწერს ამ მოვლენას. ასევე ა. ზისერმანთან გვხვდება შეცდომა ვაჟების სახელებში - „არაბა“ მას ჩაუწერია, როგორც „არაბული“ [ერისთავი, 1986:59-60]. ეს განსხვავებები მარტივად შეიძლება აიხსნას ერთი ფაქტით - ზისერმანმა ეს გადმოცემა ჩაიწერა დაახლოებით 1844-1848 წლებში. ამ დროისთვის იგი სულ რაღაც ორი წლის ჩამოსული იყო საქართველოში, მან იცოდა ქართული ენა, თუმცა მისთვის რთული იქნებოდა ხევსურული დიალექტის აღქმა. შესაბამისად, მის მიერ ჩაწერილი ვარიანტი შეიცავს ხარვეზებსაც. შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ზისერმანმა უფრო ადრე ჩაიწერა ეს გადმოცემა? რა თქმა უნდა, ამის დამტკიცება შეუძლებელია. სტრუქტურულად ორივე გადმოცემა თითქმის ანალოგიურია. არნოლდ ზისერმანი შორს მიდის მსჯელობით და ხევსურების ჩამოსახლებას ჯვაროსნებსაც კი უკავშირებს, მაშინ, როცა რაფ. ერისთავი ბისოს დაარსებაზე ჩერდება. ერთი რამ ცხადია - მათ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს იმოგზაურეს თუშ-ფშავ-ხევსურეთში და სრულებითაც არაა გასაკვირი, რომ მსგავსი მასალა მოიპოვეს, შეიძლება ერთმანეთს აზრებიც კი გაუზიარეს.
აზრი ხევსურთა ჯვაროსნების სავარაუდო შთამომავლობაზე ზისერმანმა არაერთხელ განავრცო. ამას იგი რამდენიმე არგუმენტით ამყარებდა:
1) ხევსურთა ჩაცმულობა და სამკაულები - ისინი შუასაუკუნეების რაინდთა მსგავსად აბჯარს ატარებენ, ხოლო ტანსაცმელზე ფერადი ძაფით (უმეტესად ყვითლით) ამოქარგული აქვთ ჯვრები.
2) მათ ხმლებზე ლათინური წარწერები - Solingen, vivat Husar, vivat Stephan Batory, Gloria Dei და ა.შ [Зиссерман, 1851:89].
3) უძველესი დიალექტი, რომელზეც ხევსურები ლაპარაკობდნენ. ამ მოსაზრებას რ. ერისთავიც ეთანხმებოდა „Хевсуры говорят таким древним грузинским языком, что едва ли половина нынешних жителей долин Грузии поймет их“ [Эристов, 1855: 77, 82].
ეს აზრი „კავკაზში“ გამოქვეყნებულ რამდენიმე სტატიაშიც გამოთქვა. თუმცა, თან დააყოლა, რომ ეს ნაკლებსავარაუდო იყო [Зиссерман, 1854:114-154]. მიუხედავად ამისა, ამ ჰიპოთეზამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პირველად იგი გააკრიტიკა გ. რადემ თავის მონოგრაფიაში და „უსაფუძვლო“ უწოდა. ხმლებზე კი აღნიშნა, რომ ასეთი წარწერები მას არ შეხვედრია, თუმცა ვერც უარყოფდა მათ არსებობას. ზისერმანის მოსაზრებას მან საკუთარი აზრი დაუპირისპირა ხევსურთა სპარსული წარმოშობის შესახებ. მან შაჰ-ნამეს უძველეს ილუსტრაციებში აღმოაჩინა ხევსურთა ჩაჩქანისა და ხმლების ანალოგიური იარაღები [Радде, 1980:141-147]. ზისერმანის მოსაზრება ასევე გააკრიტიკა გურკო-კრიაჟინმა თითქმის 50 წლის შემდეგ და მას „ლეგენდა“ უწოდა (გამოგონილი) [Гурко-Кряжин, 1928:10]. დღეს ეს მოსაზრება მთლიანად უარყოფილია [Шереметьев, 2018:81].
გადმოცემები ლაშარის ჯვარზე არნოლდ ზისერმანს 1847 წელს ჩაუწერია, როდესაც ფშაურ ხატობას დაესწრო. იგი დაწვრილებით აღწერს ყველა ტრადიციას, მათ შორის დეკანოზების მიერ მლოცველის დამწყალობნებას, ბავშვების ხატში გარევას, ლაშარის ჯვრის თას-განძს, ქადაგის გამოჩენას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას იგი „дикарь-ებს“, ველურებს უწოდებს. „უნდა ნახოთ ამ ველურთა ღრმა პატივისცემა დროშების მიმართ, მის წინ ისინი ქუდებს იხდიან, თითქმის მიწამდე იხრიან და ხელებს გულთან ისე იქნევენ, თითქოს პირჯვარს იწერენ...“ [Зиссерман, 1879:230]. აშკარაა, რომ მისთვის ეს დღესასწაული საკრალურ დატვირთვას არ ატარებს და მხოლოდ მაყურებლის როლში გვევლინება. ა. ზისერმანი ქადაგებს მატყუარებად აღიქვამს, რომლებიც წმინდა გიორგის სახელით მლოცველებს ყვლეფენ. დაწვრილებით აღწერს, როგორ გადმოსცემენ ისინი წმინდა გიორგის გაბრაზებას, აშინებენ მლოცველს და უბრძანებენ ან ქონების შეწირვას, ან მსახურებას. ერთ-ერთ ნაქადაგარში, მართლაც, ვკითხულობთ: „ჰაააი-აო ჰააიო, ხორციელნო, მკლავი მკლავს გამისწორეთ, კისერი კისერსაო. მიუდეგითა ქოჩორა ბევრთა ფერცხებულთაო, აღარ უგდებთ ყურსა ჩემს ბუჟიერთა (ცხვარი), ფერ მორგალთა (ჯოგი ცხენისა), ბუღაურთა (ნახირი კურატებისა), ჩემს ხოდაბუჭურთა (ხატის -მამულები). არ გამიმიზიდებინეთ ხარ-მანეჟთა ჩემს ხოდაბუჭურჩიაო, არ შაკიდენით ჩემნი ღილ-ბევრნი (სალუდე ქვაბები, –– ლუდი არ მიდუღეთო), აღარას ყურს მიგდებთ. დაიცადეთო, დაიცადეთო. შაგანანებთო თქვენს უტობა- უმეცრობასაო“ [ვაჟა-ფშაველა, 1937:131-132]. ხატის გარისხება მართლაც დიდი სასჯელი იყო მთიელებისათვის და ამიტომ ისინი ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ შემოერიგებინათ. „ერთი ხევსური, მამასახლისი, მომრიგებელ სასამართლოში საქმის გარჩევის დროს გვარწმუნებდა ჩვენ, რომ მათი ღმერთები ჩვენს, ქართველების ღმერთს, არ ჰგვანან, ავ-გულები არიან და ძრიელ მალე შემოსწყრებიან ხოლმე ხალხსაო“ [ურბნელი, დროება, 1885, №166:3].
ა. ზისერმანის დამოკიდებულება ქადაგების მიმართ ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი არაა საყმოს წევრი. გარეშე პირისთვის, უცხო თვალისთვის, მართლაც, უცნაურია, როდესაც ადამიანი წმინდანის ენით იწყებს საუბარს, თუმცა მთაში ქადაგს საკრალური დანიშნულება ჰქონდა და მათ ფუნქციაში შედიოდა როგორც საყმოსთვის ხატის ნების გადაცემა, ასევე მათი სალაშქროდ გაგზავნა, დამიზეზებული ადამიანისთვის ხატის წყრომის მიზეზის ახსნა და მრავალი სხვა. „ფშავლები, როდესაც „ურჯულოთ“ წინააღმდეგ ომს დააპირებდნენ, წინდაწინ ლაშარის ჯვარს დაეკითხებოდნენ. თუ ლაშარის ჯვრის სახელზედ დასმული „ქადაგი“ (იგივე მკითხავი) ფშავლებს მტერზე გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა, მაშინ ყველა თემები ერთხმად გადასწყვეტდნენ გალაშქრებას, ხოლო თუ გამარჯვებას არ უწინასწარმეტყველებდნენ, მაშინ ლაშქარი დაიშლებოდა“ [ხიზანაშვილი, 2018:37]. ქადაგებს იმ შემთხვევაშიც კი მიმართავდნენ, როცა მოსავალი არ მოვიდოდა, ან საქონელი ავადობდა. ყველა ჯვარს საკუთარი ქადაგი ჰყავდა, ხოლო „ცენტრს გუდანის ჯვარი წარმოადგენდა, საიდანაც მთელი ხევსურეთისათვის მოსალოდნელი ამბები გამოდიოდა“ [ოჩიაური, 1954:65].
ა. ზისერმანს ასევე არ მოსწონს ღამით სკაბრეზული სცენები (რის გარეშეც წარმოუდგენელი იყო ფშაური დღეობა) ხოლო რამდენიმედღიანი ჭამა-სმა ღრეობად მიაჩნია. ერთადერთი, რაც მისთვის მოსაწონია, ესაა ხევისბერთა მედიატორული როლი ამა თუ იმ სადავო საკითხის, შუღლის გადაჭრაში. აგრეთვე, ავტორი ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი პატივისცემით სარგებლობს სალოცავი მთიელებში, რადგან აქ დადებულ პირობას არაფრის დიდებით არ გატეხენ.
არნოლდ ზისერმანს ლაშარის ჯვრის დაარსების ორი ვარიანტი ჩაუწერია. „მთავარი სალოცავია ლაშარის-ჯვარი და მასთან ახლოს მდებარე თამარ-დედოფალი, რომელიც საყოველთაო პატივისცემით სარგებლობს. ეს სახელწოდება, როგორც ამბობენ, სალოცავს თამარ მეფის ვაჟის, ლაშა-გიორგის საპატივსაცემოდ ეწოდა, რომელიც გასაოცრად ლამაზი ყოფილა. სხვები კი ჰყვებიან, რომ უძველეს დროს აქ ცხოვრობდა ვინმე ბერი, სახელად ლაშნიანი, შემოკლებულად ლაშ (დიდტუჩებიანი). მან ამ ადგილას წარმართები ქრისტიანობზე მოაქცია და მის საპატივსაცემოდ დააწესეს დღესასწაულიც. არ ვიცი, რომელი გადმოცემაა სწორი, მგონი პირველი…“ [Зиссерман, 1879:231]. უნდა აღინიშნოს, რომ რაფ. ერისთავთან არ გვხვდება ლაშარის ჯვრის დაარსების გადმოცემა, თუმცა იგი წერს ასეთ რამეს: „ფშავლებმა თამარ მეფე და მისი ვაჟი, ლაშა-გიორგი ან ლაშიანი გიორგი (დიდტუჩებიანი) მიაკუთვნეს წმინდანებს“ [ერისთავი, 1986:71]. ორივე მეცნიერის ჩანაწერებში ლაშარის ჯვრის დაარსება უკავშირდება ლაშა-გიორგის და ასევე გარკვეულ კავშირს ამჟღავნებს პიროვნების „ლაშიანობასთან” ანუ ტუჩების დიდ ზომასთან.
ა. ზისერმანი აღნიშნავს ნიშთან მდებარე ხის ძირს, რომელსაც ფშავლები უდიდესი პატივისცემით ეპყრობიან და მასზე სანთლებს ანთებენ. ახალგაზრდა მამაკაცი ძალიან დაინტერესდა ამ ადგილით და მოხუცებული ხევისბრისგან მოისმინა გასაოცარი ამბავი ლაშარის ჯვრის მუხაზე, რომელშიც მუხის ანგელოზები ბინადრობდნენ. ისინი მთელ ფშავს მფარველობდნენ და ხეც ხელშეუხებელი იყო, ვერავინ ბედავდა მისთვის ზიანის მიყენებას, თუმცა საბოლოოდ ზურაბ არაგვის ერისთავმა, რომელმაც მრავალჯერ ილაშქრა მთაში, კატა დაკლა, რითაც სალოცავი „გააუსურმაგა”, გააუწმინდურა, ძალა გამოაცალა, რადგან „კატა (ისევე, როგორც ზოგიერთი სხვა ცხოველი, მაგ ძაღლი, ვირი) ხევსურეთში უწმინდურ ცხოველად ითვლება“ [გაბური, 2021:58]. უსურმაგის (უწმინდური ცხოველის) სისხლით წმინდა ადგილის გაუწმინდურება გავრცელებული მოტივია. იგი გვხვდება თქმულებებში გახუა მეგრელაურზე – როდესაც ის და ღვთისშვილები მიდიან ქაჯეთში სალაშქროდ, მათ ქაჯები „ციცაის თავ-ფეხს“ ესვრიან [ანდრეზები, 2009:41-45]. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ზურაბმა მუხის მოჭრა. ხის რამდენიმე ნაფოტი კი თავად ნიშის დარბაზში ინახებოდა.
მსგავსი არაერთი გადმოცემა დასტურდება ანდრეზებში. მუხის ხის შესახებ ფშაურ ზეპირ ტრადიციაში შემონახულია ასეთი ლექსი:
„წმიდა გიორგი მეც ვიყავ,
ცას ვები ოქროს შიბითა,
ხმელგორზე მედგა ბერმუხა,
ზედ ავდიოდი კიბითა,
ჩემს საყმოთ შემონაძღვენი
ღმერთთან ამქონდა იქითა“
[კიკნაძე, 2007:57].
მუხის ხე არქეტიპულად გამოსახავდა ცისა და მიწის ერთობას, შუაგულს მიწაზე, რომელიც წმინდა ადგილი იყო და მისი განადგურება საყმოს დამარცხების წინაპირობა იყო. სწორედ ამიტომ მოინდომა მუხის მოჭრა ერისთავმა.
რაფ. ერისთავთან ამ გადმოცემას ვერ ვხვდებით. მისი „ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული წერილები” უმეტესად მეცნიერულ ცნობებს წარმოადგენს განსაკუთრებული კომენტარების გარეშე. ა. ზისერმანთან კი თითოეულ გადმოცემას მოსდევს ღრმა ანალიზი. გასაკვირი არაა, რომ ამ ამბავმა და მისმა ხილულმა მტკიცებულებამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდა მკვლევარზე. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ დღიდან ცდილობდა იგი, სხვა თვალით შეეხედა საკრალური ადგილებისა თუ ტრადიციებისათვის. აშკარაა ცვლილება მის დამოკიდებულებაშიც – მისი კომენტარები სულ უფრო და უფრო ფილოსოფიური ხდება. ზისერმანის მიერ ჩაწერილ ტექსტებში გამოიკვეთა რამდენიმე თავისებურება. კერძოდ:
1) არცერთ ტექსტს არ აქვს პასპორტი.
2) არსად არ ახსენებს მთქმელის ვინაობას, მაგალითად, შეიძლება მიუთითოს, რომ ტექსტი ჩაიწერა ხევისბერისგან, მაგრამ არ წერს მის სახელსა და გვარს.
3) ყველა გადმოცემას მოჰყვება ავტორისეული კომენტარი, სადაც აანალიზებს შინაარსს და საკუთარ ვარაუდებსაც გამოთქვამს.
აღსანიშნავია, რომ ა. ზისერმანის მიერ გამოთქმული შეხედულებები ყოველთვის სწორი არაა. მაგალითად, მან წამოაყენა მოსაზრება ხევსურთა ჯვაროსნული წარმომავლობის შესახებ, თუმცა ეს ჰიპოთეზა უარყვეს გ. რადემ, გურკო-კრიაჟინმა და სხვა მეცნიერებმა. სხვა შემთხვევებში, როგორიცაა ლაშარის მუხის კულტის ტიპოლოგიური მსგავსება ჩერქეზულ წმინდა ტყის კულტთან, იგი ღრმა ფილოსოფიურ ანალიზს გვთავაზობს და სწორი დასკვნებიც გამოაქვს. კერძოდ, აღნიშნავს რომ ხეების თაყვანისცემა უძველეს დროში მთლიან კავკასიაში უნდა ყოფილიყო გავრცელებული.
არნოლდ ზისერმანის მიერ ჩაწერილი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ცნობები უაღრესად საინტერესოა არა მხოლოდ ქართული, არამედ კავკასიის ხალხთა ფოლკლორის კვლევისათვისაც, რადგან ისინი არქეტიპულ ტექსტებთან ყველაზე ახლო მდგომ ვარიანტებად შეიძლება ჩაითვალოს.
ლიტერატურა
ანდრეზები
2009 ზ. კიკნაძე, ანდრეზები (აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ-მითოლოგიური გადმოცემები). ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი.
ბუხრაშვილი პ.
2000 რუსული კოლონიალური ცნობიერება და ამიერკავკასიის ეთნოპოლიტიკური რეალობა. ჟურნალი ამირანი. N2. თბილისი-მონრეალი.
გაბური ლ.
2021 ხევსურეთი ბიბლიის შუქზე. „კალმოსანი“. თბილისი.
ერისთავი რ.
1986 ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული წერილები. „მეცნიერება“. თბილისი.
ვაჟა-ფშაველა
1937 ეთნოგრაფიული წერილები. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. თბილისი.
კიკნაძე ზ.
1996 ქართული მითოლოგია (ჯვარი და საყმო). „ნეკერი“. ქუთაისი.
კიკნაძე ზ.
2007 ქართული ფოლკლორი. თსუ-ს უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი.
მამისიმედიშვილი ხ.
2008 პანკისი, წარსული და თანამედროვეობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი.
ოჩიაური თ.
1954 ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. თბილისი.
ოჩიაური თ.
1967 მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. „მეცნიერება“. თბილისი.
სკინერი პ.
2018 არნოლდ ლ. ზისერმანის წიგნი „25 წელი კავკასიაში 1842-1867“. ქართველოლოგი. №27. თბილისი.
ურბნელი ნ.
1885 ეთნოგრაფიული წერილები - ფშავ ხევსურეთი. წერილი III. დროება. N166. თბილისი.
ჩიტაია გ.
1955 ეთნონიმიკური ხალხური გადმოცემები. ისტორიის ინსტიტუტის შრომები. I. თბილისი.
ხიზანაშვილი დ.
2018 ფშავეთი და ფშაველები. შემკრებელი ტ. მახაური. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი.
ჯაგოდნიშვილი თ.
2004 ქართული ფოლკლორისტიკის ისტორია. წიგნი პირველი. XIX საუკუნე. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი.
Гурко-Кряжин В.А
1928 Хевсуры. Изд-во Всесоюзной научной ассоциации востоковедения. Москва.
Зиссерман А. Л.
1851 Очерки Хевсурии. Кавказ. №22. Тифлис.
Зиссерман А. Л.
1854 Десять лет на Кавказе. Современник. 1854. т 47. тип. Гуттенберга. Санкт-Петербург.
Зиссерман А. Л.
1879 Двадцать пять лет на Кавказе. ч 1. Тип А. С. Суворина. Санкт-Петербург.
Петровна Е.
1912 Военная энциклопедия. т 10, Тип. И. Д. Сытина. Москва.
Радде Г.И.
1880 Хевсурия и хевсуры. Типография Главного управления наместника кавказского. Тифлис.
Русский архив...
1897 Русский архив: Историко-литературный сборник / Сост. и изд. П. И. Бартенев и Ю. П. Бартенев. Вып. 10. Универ. Тип.
Тебиев Б.
2020 Тайны книжных переплётов. ЛитРес. Москва.
Шереметьев Д.А.
2018 Хевсуры и крестоносцы. К одной научной дискуссии. Кавказ: перекресток культур. выпуск 2. Российская академия наук. Москва.
Эристов Р.Д.
1855 О Тушино-Пшаво-Хевсурском Округе // Записки Кавказского отдела Императорского Русского географического общества. В Типографии Канцелярии Наместника Кавказского. Тифлис.













