ინდიელთა ზეპირსიტყვიერება და თვითმყოფადობა სკოტ მამედეის თხზულებაში „დაბრუნება წვიმიან მთასთან“
ინდიელთა კულტურაში მშობლები და უხუცესები უხსოვარი დროიდან უყვებოდნენ შთამომავლობას ამბებს: მითებს სამყაროს შექმნასა და ადამიანის წარმოშობაზე, შორეულ და საარაკო წარსულში მომხდარ წინაპართა თავგადასავლებს, სახელოვანი ბელადების საგმირო საქმეებს. ამ გზით უფროსი თაობა ტომის თვითმყოფადობას მატებდა ძალას და ახალგაზრდებს საკუთარი წარმომავლობის მნიშვნელობას შთააგონებდა.
გლობალიზაციის ეპოქაში, სადაც კულტურული მრავალფეროვნების უნიკალურობა საფრთხის ქვეშ დგება, ინდიელთა ზეპირსიტყვიერება კულტურული მეხსიერების საგანძურია და დღემდე ინარჩუნებს მომავალი თაობებისთვის გზამკვლევის ფუნქციას. სკოტ მამედეიმ, როგორც კაიოვას ხალხის შვილმა, მძაფრად შეიგრძნო, რომ ზეპირსიტყვიერების გარეშე შეუძლებელია ეთნიკური იდენტობის შენარჩუნება. კაიოვას ზეპირი გადმოცემები მხოლოდ წარსულის გაცოცხლებით არ შემოიფარგლება. ინდიელთა ხალხური სიტყვიერი ხელოვნება წეს-ჩვეულებების, ტრადიციების, სულიერებისა და იდენტობის ჩამოყალიბების პროცესისგან განუყოფელია [King, 2008].
„დაბრუნება წვიმიან მთასთან“/“The Way to Rainy Mountain” სკოტ მამედეის, პულიცერის პრემიის ლაურეატი ავტორის, გამორჩეული ნაწარმოებია [Porter, Kenneth, Roemer, 2005: 218]. ავტორი გვიამბობს საკუთარი ხალხის ეპიკურ, განსაცვიფრებელ თავგადასავალს და თხრობას კაიოვების ტომის საარაკო წარსულიდან იწყებს. მამედეი თანმიმდევრულად აღწერს კაიოვას ტომის ეთნოგენეზს; მისი წინაპრების მითიურ საწყისებს, მიგრაციას თავდაპირველი სამშობლოდან, მონტანადან სამხრეთ ვაკეებზე; 1860-1870-იან წლებში დასავლეთის სტეპებში ტომის თავისუფლად მომთაბარეობისა და ნადირობის უკანასკნელ დღეებს; კაიოველი მეომრების შეერთებული შტატების კავალერიასთან ომს; ოკლაჰომაში, ფორტ სილთან, მთავრობასთან დანებებას, რეზერვაციაში იძულებით დასახლებასა და, საბოლოოდ, ოკლაჰომაში, წვიმიანი მთის სიახლოვეს, დამკვიდრებას [Momaday, 1969: 66-83].
მამედეის ნაამბობი განსაცვიფრებელი სილაღით გადმოსცემს წინაპრების თავგადასავლებსა და განცდებს. ნაწარმოები ისტორიის, ფოლკლორისა და პოეტური მემუარების უნიკალური ნაზავია, რომელიც პირველად 1969 წელს გამოქვეყნდა. სკოტ მამედეი უიჩიტას მთების ჩრდილო-დასავლეთით, განცალკევებით მდგარ წვიმიან მთამდე პირადი მოგზაურობის მეშვეობით ცდილობს ხელახლა აღმოაჩინოს და გააცნობიეროს თავისი ხალხის ისტორია და საკუთარი იდენტობა. წინაპართა გადმოცემებისა და კაიოვას ტრადიციული ღირებულებების ფონზე ნაწარმოებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მამედეის თვითიდენტიფიკაციასა და პირად გამოცდილებას. მამედეის მოგზაურობას არ აქვს მარტოოდენ ფიზიკური განზომილება, წვიმიანი მთისკენ განვლილი გზა სინამდვილეში ავტორის წინაპართა გადმოცემებთან მიბრუნების მეტაფორული გამოხატულებაა. ბავშვობაში მშობლებისგან მოსმენილი ამბების გადმოცემის კვალდაკვალ, მამედეის წარსულის მოგონებები თანდათან ერწყმის კაიოვას კოლექტიურ მეხსიერებას [Porter, Kenneth, Roemer, 2005: 214-215]. მამედეი წინაპართა გადმოცემებსა და მითიურ წარსულში ეძიებს იმას, რაც ადამიანს ინდიელ პიროვნებად აქცევს. ზეპირსიტყვიერებასთან გადაჯაჭვული მამედეის პიროვნული ბიოგრაფია განსაზღვრავს მისი, როგორც კაიოვას, იდენტობას.
ტექსტი ურთიერთდაკავშირებული მოკლე, მომხიბვლელი პროზაული პასაჟების კრებულია. მიუხედავად იმისა, რომ ,,დაბრუნება წვიმიან მთასთან“ პოეზიას არ წარმოადგენს, მამედეის პროზა ლირიკული და სიღრმისეულია. ეს, ალბათ, არც არის გასაკვირი, რადგან ტექსტი ინდიელთა ზეპირსიტყვიერებისთვის დამახასიათებელი გულში ჩამწვდომი ემოციებითა და ცოცხალი უშუალობითაა გამსჭვალული. მამედეის ტექსტი იმ კუთხითაცაა მრავლისმეტყველი, რომ არა მხოლოდ ინარჩუნებს კაიოვას სიტყვიერი ხელოვნების მომხიბვლელ ხმას, არამედ წარმოაჩენს ინდიელთა ზეპირსიტყვიერების შესაძლებლობებს: გარდაქმნას პირადი და კოლექტიური მეხსიერება თვითმყოფადობის მრავალფეროვან, ერთიან ქსოვილად.
სტატიის მიზანია პასუხი გაეცეს მთავარ საკვლევ კითხვას: როგორ წარმოაჩენს „დაბრუნება წვიმიან მთასთან“ ინდიელთა იდენტობის, კულტურული მეხსიერებისა და წინაპართა ტრადიციების ურთიერთკავშირს? კვლევა ეფუძნება მულტიდისციპლინურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს ტექსტის ისტორიულ, ანთროპოლოგიურ და ლიტერატურულ ანალიზს. მამედეის ნაწარმოების ისტორიული და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით, სტატიაში განხილულია, თუ რა დანიშნულება აქვს ზეპირსიტყვიერებას, როგორც ხიდს წარსულსა და აწმყოს შორის. სტატია მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის თანამედროვე სამყაროში კაიოვას ტრადიციების შენარჩუნებისა და თვითმყოფადობის ძიების პროცესზე.
ამ საკითხით ჩემი დაინტერესება გამოწვეულია ინდიელთა ხალხური სიტყვიერების, როგორც ცოცხალი ცოდნის წყაროსადმი, ღრმა პატივისცემით. ზეპირი ისტორიები არა მხოლოდ წარსულის ამბების თხრობაა, არამედ პროცესიცაა, რომელიც უწყვეტად აყალიბებს იდენტობასა და მსოფლმხედველობას. მამედეის თხზულება გვთავაზობს უნიკალურ მაგალითს, თუ როგორ შეიძლება ზეპირსიტყვიერება გადაიქცეს კულტურული მეხსიერების შენარჩუნებისა და ტრადიციული თვითმყოფადობის გაცოცხლების საშუალებად.
ვფიქრობ, წინამდებარე სტატია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის, როგორც აკადემიური, ისე არასამეცნიერო წრისთვის. იგი მკითხველს გააცნობს ამერიკელი ინდიელების ზეპირი გადაცემის ტრადიციის მდიდარ, მრავალფეროვან და ძირძველ სამყაროს. ფართო აუდიტორიისთვის სტატია წარმოაჩენს ზეპირსიტყვიერებას, როგორც ინდიელთა იდენტობისა და მსოფლაღქმის გაგების უნივერსალურ საშუალებას.
მამედეის თხზულებას - „დაბრუნება წვიმიან მთასთან“ - ვაანალიზებ ინდიელთა ზეპირსიტყვიერების ტრადიციის ფართო კონტექსტის გათვალისწინებით. კაიოვას მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის განხილვით სტატია ეხმიანება ამერიკაში აკადემიური დისკუსიების აქტუალურ თემას: როგორ შეიძლება თანამედროვე სამყაროში ზეპირი ტრადიციები გახდეს ინდიელთა კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და ინტერპრეტაციის ამოსავალი წერტილი?
ზეპირსიტყვიერებისა და ტექსტის ურთიერთზეგავლენა
„დაბრუნება წვიმიან მთასთან“ საუკეთესოდ ასახავს ზეპირი ისტორიის რთულ ქსოვილს, რომელიც წერილობით თხრობაშია გადმოტანილი. მამედეის თხზულება სპექტრული მრავალფეროვნებით აღგვიწერს კაიოვას წარსულისა და აწმყოს განუყოფლობას. თხრობას თავისი რიტმი აქვს: თანაზომიერი მონაცვლეობა კაიოვების მითებს, მეცნიერთა კომენტარებსა და ავტორის პირად მოგონებებს შორის. მსგავსი მონაცვლეობა გვიჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ზეპირი ტრადიციები ტომისთვის [Momaday, 1969; Schubnell, 1985: 146; Porter, Kenneth, Roemer, 2005:215].
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაიოვების ხალხური სიტყვიერება არა მხოლოდ კულტურული მეხსიერების საცავია, არამედ ინდივიდუალური და კოლექტიური იდენტობის ფორმირების საშუალებაც. თხზულების ტრიადული სტრუქტურა ტექსტს ცოცხალ კულტურულ მოზაიკად აქცევს. მამედეი კაიოვას ხალხური შემოქმედების ტრადიციებს ინარჩუნებს, რისი საშუალებითაც იდენტობის წაშლისა და წინაპართა ადათ-წესების გაქრობის საფრთხეს უპირისპირდება.
მამედეის ნაწარმოებში ზეპირსიტყვიერება თანდათან შორდება მის ერთ-ერთ ტრადიციულ ფუნქციას – შემოინახოს ხსოვნა წარსულში მომხდარი მოვლენების შესახებ. ამის ნაცვლად, ამბის თხრობა დინამიურ პროცესად გარდაიქმნება, ნაკადად, რომელიც კაიოვას იდენტობას ასაზრდოებს. ავტორი მოგვითხრობს კაიოვას მითებს და გადაიაზრებს მათ მნიშვნელობას თანამედროვეთათვის. მამედეის სურვილია შეახსენოს კაიოვებს, რომ ზეპირსიტყვიერება ისეთი ენობრივი აქტივობის ფორმაა, რომელიც განამტკიცებს ტრადიციულ ღირებულებებსა და შთამომავლებს წინაპრებთან აკავშირებს [Roemer, 1988: 41-47; Schubnell, 1985: 40-42]. ზეპირსიტყვიერების აქტუალურობის შესახებ ცნობილი ანთროპოლოგი კეით ბასო თვლიდა, რომ ინდიელთა ზეპირი ტრადიციები არ არის სტატიკური არტეფაქტები. როგორც ცოცხალი სისტემები, ისინი ადაპტირდებიან ცვალებად ისტორიულ თუ კულტურულ კონტექსტებთან და, შედეგად, თანამედროვეთათვის არ კარგავენ მნიშვნელობას [Basso, 1996].
კულტურული მეხსიერება და ზეპირსიტყვიერების როლი
„დაბრუნება წვიმიან მთასთან“ ღრმად არის გადახლართული კულტურული მეხსიერების კონცეფციასთან. მამედეის მიერ მოთხრობილი კაიოვას მითები მყარ საფუძველს გვიქმნის მისი ხალხის კოლექტიური გამოცდილებისა და ღირებულებების გასაგებად. მაგალითად, გადმოცემა მზის ცეკვის შესახებ ასახავს კაიოვას სულიერ კავშირს გარემოსთან და ძნელბედობის ჟამს ინდიელთა გამძლეობას ცხადყოფს. ეს მითი, რომელიც ზეპირი ტრადიციითაა შემონახული, სასიცოცხლო ინსტრუმენტია კაიოვებში კულტურული ცოდნის გადასაცემად და იდენტობის განცდის გასაძლიერებლად [Roemer, 1988: 32-41]:
„დიდი ხნის წინ გაჭირვებამ დაისადგურა... კიოვებს შიოდათ და საჭმელი არ ჰქონდათ. ერთ კაცს მშიერი შვილების ტირილი ესმოდა. ეს კაცი საკვების მოსაძებნად წავიდა. ოთხი დღე მიდიოდა, ძალიან დასუსტდა. მეოთხე დღეს დიდ კანიონს მიადგა. მოულოდნელად ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა. ამ ხმამ კაცს ჰკითხა: ,,რატომ მომყვები? რა გინდა?“ კაცი შეშინდა. მის წინ მდგომ ირმისფეხება არსებას სხეული ბუმბულებით ჰქონდა დაფარული. კაცმა უპასუხა, რომ კაიოვები შიმშილობდნენ. ,, თან წამიყვანე, და მე მოგცემ ყველაფერს, რაც გჭირდება“, –განაგრძო ხმამ. იმ დღიდან ტაი-მე/Tai-me 1 კიოვებს ეკუთვნის.2
კადოს/kado, ანუ მზის ცეკვის ცერემონიის, მთავარი ატრიბუტია ტაი-მე. ეს არის პატარა ორ ფუტზე ნაკლები სიგრძის ქანდაკება, რომელიც ადამიანის სხეულს განასახიერებს და თეთრ- ბუმბულებიანი მოსასხამი აქვს. ქანდაკების თავს ცისკენ მიმართული ბუმბული ამშვენებს, ყელს – ლურჯი მძივებით მორთული კვერნის ტყავის ყელსაბამი, ხოლო მისი სახე, მკერდი და ზურგი მოხატულია მზისა და მთვარის სიმბოლოებით.
ქანდაკება დამზადებულია მუქი მწვანე ქვისგან და ერთდროულად ადამიანის თავსა და სხეულის ზედა ნაწილს წააგავს. სავარაუდოდ, ის ოსტატის მიერაა დამუშავებული, პუებლოს ტომების ქვის ავგაროზების მსგავსად. იგი ინახება დაუმუშავებელ ტყავის ყუთში, რომლის დაცვის მოვალეობა მემკვიდრეობით გადაეცემა. ტაი-მე არასდროს გამოაქვთ საჯაროდ, მისი ნახვა მხოლოდ ყოველწლიური მზის ცეკვის ცერემონიის დროსაა შესაძლებელი. ტაი-მეს ცერემონიალური ქოხის დასავლეთ მხარეს, მიწაში ჩასობილ მოკლე ჯოხზე ამაგრებენ. უკანასკნელად ის 1888 წელს იყო გამოფენილი. – მუნი. 3
ერთხელ მამაჩემთან და ბებიაჩემთან ერთად წავედი, რომ ტაი-მე მენახა. იგი პატარა ცერემონიალური ხის ტოტზე ეკიდა. შესაწირავის სახით ტაი-მეს კაშკაშა წითელი ფერის ქსოვილი მივართვი, ხოლო ბებიაჩემმა ხმამაღლა ილოცა. თითქოს დიდხანს დავრჩით იქ. ტაი-მეს წინაშე პირველად ვიდექი, მას მერე იგი აღარასოდეს მინახავს. ოთახში მყოფი დიდ სიწმინდეს ვგრძნობდი, თითქოს იქ მოხუცი გარდაცვლილიყო ან ბავშვი დაბადებულიყო“ 4 [Momaday, 1969: 36-37].
იან ასმანის კულტურული და კომუნიკაციური მეხსიერების თეორია შესაფერისი თეორიული ჩარჩოა იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ უკავშირდება მამედეის ნაშრომი ზეპირსიტყვიერებას. ასმანის [Assmann, 2011: 34-44] მიხედვით, კულტურული მეხსიერება შენარჩუნებულია რიტუალების, სიმბოლოებისა და ნარატივების საშუალებით, რომლებიც ინდივიდებს თავიანთ კოლექტიურ წარსულთან აკავშირებენ. მამედეის ნარატივში ზეპირი ტრადიცია ამგვარი სიმბოლოს ფუნქციას ასრულებს. ამბავი მსმენელში ისეთ პერსპექტივას აჩენას, რომლის მეშვეობითაც კაიოვას ისტორიული გამოცდილების სწორად გაგება ხდება შესაძლებელი.
ამგვარად, ნაწარმოების ზეპირი ტრადიციით გამდიდრებით, მამედეი ყურადღებას კიდევ ერთხელ უთმობს ამბების მოსმენის მნიშვნელობას კაიოვას კულტურული მეხსიერების შენარჩუნებისთვის.
თვითმყოფადობა და ფიზიკური გარემო
ისტორიულად, კაიოვების რეზერვაციამდელი ყოფა ამერიკის დასავლეთის სტეპებთანაა დაკავშირებული. კაიოვები დიდი ვაკეების ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მომთაბარეობდნენ. მათი საცხოვრისი ოკლაჰომას, ტეხასის, კანზასისა და კოლორადოს ტერიტორიებს მოიცავდა. კაიოვებს უაღრესად მობილური, მომთაბარე ცხოვრების წესი ჰქონდათ, რომელიც ბიზონებზე ნადირობას ეფუძნებოდა. კაიოვას საზოგადოება პატარა, ბილატერალური სისხლით ნათესაობით განსაზღვრული ლოკალური ჯგუფებისგან შედგებოდა – მათ არ ჰქონდათ კლანები. თემი ბიზონების ჯოგების სეზონური მიგრაციის კვალდაკვალ გადაადგილდებოდა [Mooney, 1979: 227-237]. ცხოვრების ეს წესი ინდიელთა რწმენა-წარმოდგენებთან და ზეპირ ტრადიციებთან მტკიცედ იყო გადაჯაჭვული. კაიოვების რელიგიური ცერემონიები ნიადაგთან, მცენარეებსა და ფაუნასთან ადამიანის მისტიკურ კავშირებს ამყარებდა [Mooney, 1979:237-245]. მაგალითად, მზის ცეკვა, მნიშვნელოვანი საზეიმო მოვლენა, სიმბოლურად კაიოვების ფიზიკურ და სულიერ ერთობას განასახიერებდა [Momaday 1969: 32-39].
მამედეის ნარატივში დიდი ვაკეების ლანდშაფტი არ არის მხოლოდ ფონი ან უკანა პლანი, არამედ კაიოვას იდენტობის განუყოფელი კომპონენტია. ფიზიკური გარემო, რომელიც დეტალურადაა აღწერილი მამედეის ტექსტში, ერთდროულად შთაგონების წყაროცაა და ტომის წარსულის მესაიდუმლეც. დაბლობების, მთებისა და ცის ავტორისეული აღწერები გაჟღენთილია ტრანსფიზიკური მნიშვნელობებით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საცხოვრისთან კაიოვას ღრმა კავშირზე.
იმისათვის, რომ კაიოვას თვითმყოფადობამ იარსებოს, ახალმა თაობებმა არ უნდა დაკარგონ ბუნებასთან ბმა. ამიტომ, გარესამყაროსთან მთლიანობის ხსოვნა გამყარებულია ზეპირი ტრადიციების საშუალებით. ზეპირი ამბები ინდიელთათვის მშობლიურ ლანდშაფტს ისტორიებით ავსებს და მას საკრალურ მნიშვნელობას სძენს [Roemer, 1988: 89-98].
მირჩა ელიადეს საკრალური სივრცის კონცეფცია დაგვხმარება მამედეის თხზულების ეს ნაწილი უკეთ გავიგოთ. ელიადე [Eliade 1959: 20-68] ამტკიცებს, რომ საკრალური სივრცეები რიტუალებისა და მითების მეშვეობით სულიერი მნიშვნელობითაა გამსჭვალული, რაც ტრადიციული კულტურული იდენტობის მაცოცხლებელ ძალას წარმოადგენს. მამედეის ნაწარმოებში კაიოვას სამშობლო - სადაც ოდესღაც მისი მოდგმის ხალხი თავისუფლად ცხოვრობდა და მომთაბარეობდა – მოქმედებს როგორც საკრალური სივრცე. ზეპირი ისტორიები კაიოვებს სამშობლოსადმი ძლიერ ემოციურ ბმას უღვიძებდა. კაიოვების საცხოვრისის სხვადასხვა ადგილი დაკავშირებულია მათი ზეპირი ისტორიის ძირითად მოვლენებსა და გმირებთან.
ამგვარად, იდენტობასა და ლანდშაფტს შორის ეს ურთიერთობა ნათლად წარმოაჩენს თხრობის როლს კაიოვას ტრადიციულ კულტურაში. ამბებში მოხმობილი ბუნებრივ-გეოგრაფიული კომპლექსი წინაპართა უწყვეტი ჯაჭვის მდგრადობას განაპირობებს და კაიოვების სულიერებას ასაზრდოებს.
ზეპირსიტყვიერების სიცოცხლისუნარიანობა
მამედეის აღელვებს ტრადიციული კულტურის დაკარგვის საფრთხე. სწორედ ამიტომ მას აინტერესებს, თუ რამდენად შეუძლია ზეპირსიტყვიერებას ისტორიული ქარტეხილების გაძლება. კაიოვას მიგრაცია იელოუსტოუნის რეგიონიდან სამხრეთ ვაკეებზე, რომელიც თხზულებაშია აღწერილი, მამედეისთვის ტომის ადაპტაციისა და მიზანდასახულობის სიმბოლოა. ეს მოგზაურობა, რომელიც შემონახულია ზეპირსიტყვიერებაში, ადასტურებს, რომ კაიოვებს უხსოვარი დროიდანვე ჰქონდათ ახალ პირობებთან შეგუებისა და თავიანთი კულტურული იდენტობის შენარჩუნების უნარი. მამედეის წინაპრებს ოდითგანვე შეეძლოთ სწრაფად აღედგინათ ფიზიკური და სულიერი ძალები.
ლინდა ტუჰივაი სმიტის [Smith, 1999] ნაშრომი დეკოლონიზაციის მეთოდოლოგიებზე კარგად წარმოაჩენს ზეპირი ტრადიციების მნიშვნელობას, როგორც ერთგვარ წინააღმდეგობის ფორმას კულტურული ასიმილაციის საფრთხის წინაშე. ამ კონტექსტში მამედეის ნაწარმოები შეიძლება მივიჩნიოთ დეკოლონიზაციურ ქმედებად, რომელიც ამბის მოთხრობის გზით კაიოვას ისტორიასა და იდენტობას აცოცხლებს. ზეპირი ტრადიციების წერილობით ნარატივთან შერწყმით მამედეი დაუპირისპირდა აკადემიურ სივრცეში გავრცელებულ დომინანტურ ისტორიულ ნარატივებს, რომლებიც აქამდე კაიოვების გამოცდილებას უგულებელყოფდნენ. მამედეის შემოაქვს კაიოვების პერსპექტივა, რომელიც დეკოლონიზაციის პროცესში ინდიელების ხელთ არსებული მნიშვნელოვანი „იარაღია“.
ზეპირსიტყვიერების უნივერსალურობა
მიუხედავად იმისა, რომ „დაბრუნება წვიმიან მთასთან“ კაიოვას ხალხის გამოცდილებას ეფუძნება და მათი კულტურისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს გადმოგვცემს, მისი თემები უნივერსალურ, საკაცობრიო ღირებულებებს ეხმიანება. ზეპირი ისტორიისა და იდენტობის ფორმირების ურთიერთქმედება არის ფენომენი, რომელიც სხვადასხვა კულტურაში შეინიშნება. მაგალითად, ირლანდიაში გელური ზეპირი ტრადიციების შენარჩუნება მსგავს ფუნქციას ასრულებს, რომელიც თანამედროვე თემებს წინაპართა ფესვებთან აკავშირებს [Ó hÓgáin, 2000]. ზეპირსიტყვიერების უნივერსალურობა ადასტურებს ზეპირი ისტორიის მნიშვნელობას კულტურული მემკვიდრეობის მდგრადობისა და დროში უწყვეტობისთვის.
მამედეი მკითხველს აგრძნობინებს ზეპირი ამბების უშრეტ ძალას, როგორც წინაპართა სიბრძნისა და ღირებულებების გადაცემის საშუალებას. ნაწარმოები ასახავს, თუ როგორ შეიძლება წინაპართაგან მოსმენილი ამბები იყოს ხიდი წარსულსა და აწმყოს, ინდივიდსა და თემს, ლოკალურსა და უნივერსალურს შორის.
„დაბურნება წვიმიან მთასთან“ და ინდიელთა ზეპირსიტყვიერების კვლევის მეთოდები
სკოტ მამედეის თხრობის ხელოვნებაზე დაკვირვებით შეგვიძლია ინდიელთა ზეპირი ისტორიის შესწავლისა და ინტერპრეტაციისთვის მეთოდოლოგიური ჩარჩო შევქმნათ. ზეპირი ტრადიციების, პირადი მოგონებებისა და ისტორიული კომენტარების შერწყმით, მამედეი აჩვენებს, რომ ზეპირი ისტორიები არ არის უბრალოდ წარსულის „გაქვავებული“ რელიკვიები, არამედ ცოცხალი ტექსტები, რომლებიც კულტურულ მეხსიერებასა და ტრადიციულ მსოფლმხედველობას აქტიურად აყალიბებენ. ამიტომ, მკვლევრებმა ინდიელთა კულტურული მთელის გასაგებად აუცილებლად უნდა გამოიყენონ ზეპირსიტყვიერება. ამასთან, ის უნდა გამოვიყენოთ არა როგორც ინდიელთა წარსულის აქტუალური მოცემულობა, ეთნოგრაფიული ატრიბუტი, არამედ – თანამედროვე თაობებისთვის რელევანტური მოვლენა.
მამედეის ტექსტის ტრიადული სტრუქტურა – მითები, ისტორიული კონტექსტი და პირადი გაცნობიერება – მრავალგანზომილებიანი თხზულების მოდელად გვევლინება. წინაპართა „ხმა“ გადმოსცემს კაიოვას მითებსა და კოლექტიურ მეხსიერებას, ისტორიკოსთა კომენტარის „ხმა“ უზრუნველყოფს მოთხრობის ანალიტიკურ სიღრმეს, ხოლო პირადი „ხმა“ აკავშირებს წარსულს აწმყოსთან, რითაც ამ ტრადიციებს თანამედროვე აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომს ხდის [Momaday, 1969: ix]. სწორედ ეს სამფენოვანი თხრობა წარმოაჩენს, თუ როგორ ფუნქციონირებს ზეპირი ისტორია როგორც კულტურული მთელი, რომელიც თაობათა შორის ხიდის როლს ასრულებს და ძირძველ ცოდნასა თუ გამოცდილებას მომავალ თაობას უწყვეტად გადასცემს.
გარდა ამისა, მამედეის აქცენტი ლანდშაფტისა და თხრობის ურთიერთკავშირზე მეცნიერებს უბიძგებს, განიხილონ ზეპირი ისტორიის ის განზომილებები, სადაც საცხოვრებელი სივრცის აღქმაა მოცემული. კონკრეტულ გეოგრაფიულ და სულიერ კონტექსტში მოთხრობილი ისტორიების მაგალითებით ავტორი თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ „ადგილი“ კულტურული იდენტობის ფორმირების განუყოფელი ნაწილია. ეს პერსპექტივა ეთანხმება ანთროპოლოგიურ და ინდიელთა კვლევების მეთოდოლოგიებს, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ წინაპართა მიწის, მეხსიერებისა და ზეპირი თხრობის ურთიერთდაკავშირებას [Basso, 1996].
„დაბრუნება წვიმიან მთასთან“ მეთოდოლოგიურ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ზეპირი გადმოცემის ტრადიცია მნიშვნელოვან ეპისტემოლოგიურ ჩარჩოდ გავიაზროთ. ეს მნიშვნელოვანია კაიოვების, და ზოგადად ინდიელთა, ავთენტური რეალობის გასარკვევად. ვფიქრობ, შემოთავაზებული პერსპექტივა შეესაბამება დონალდ ფიქსიკოს კონცეფციას - "Medicine Way"[Fixico, 2013: 1-7]. ფიქსიკოს „ხედვის“/ Native “seeing” იდეა ინდიელთა მსოფლაღქმაში მეტაფიზიკური და ფიზიკური რეალობის განუყრელად, შერწყმულად არსებობას გულისხმობს. ინდიელთა ტრადიციული იდენტობისთვის დამახასიათებელი იყო ყოფიერების სულიერსა და მატერიალურ სფეროებს შორის ორმხრივი ურთიერთობა. მამედეის თხრობა ჰარმონიულად აერთიანებს კაიოვას მითებს, ტომის ისტორიასა და პირად გამოცდილებას, რითაც თვალსაჩინოდ გვაჩვენებს, როგორ რეალიზდება ეს გაერთსულებული მსოფლმხედველობა თხრობის პროცესში.
ამგვარად, ზეპირი ტრადიცია საუკეთესოდ გვაჩვენებს, რომ ინდიელებისთვის სამშობლოს, სიცოცხლისა და იდენტობის - ზოგადად ყოფიერების - ჰოლისტური აღქმა იყო დამახასიათებელი. ცხადია, ეს პერსპექტივა უპირისპირდება დასავლური ცივილიზაციის წარმოდგენებს ფიზიკური და ტრანსფიზიკური სივრცეების გამიჯვნის აუცილებლობის შესახებ. მამედეის მიდგომის, როგორც მეთოდოლოგიის, გამოყენება მკვლევრებს საშუალებას მისცემს, ზეპირი ისტორიის მნიშვნელობა არ დაინახონ როგორც ფანტასტიკურ, არარეალურ მონაცემთა წყარო. ამის საპირისპიროდ, ზეპირსიტყვიერება უნდა აღიქმებოდეს როგორც ტრადიციული ცოდნის დაგროვების, გადაცემისა და დაცვის საშუალება – ის, რაც ეთანხმება ინდიელთა წეს-ჩვეულებას და გამართლებულია ყველასათვის მისაღები მოტივებითა და მიზეზებით.
ფიქსიკოს "Medicine Way"-ის მამედეის თხრობის მეთოდებთან შერწყმით შესაძლებელი ხდება კაიოვების, და ზოგადად ინდიელთა, კულტურის „შიგნიდან“ – მისი მატარებლების პოზიციიდან – შესწავლა. ინდიელთა ეთნოგრაფიული ყოფისა და ავთენტური სოციალური გარემოს რეკონსტრუქციისთვის კი აუცილებელია იმის ცოცხლად წარმოდგენა, თუ როგორ აღიქვამდნენ ინდიელთა ტომები თავიანთ ირგვლივ არსებულ მრავალმხრივ რეალობას.
მამედეის მიდგომა მკვლევრებს დაეხმარება ზეპირი ისტორიები ნაკლებად სარწმუნო მონაცემთა წყაროდ არ განიხილონ. აუცილებელია ზეპირსიტყვიერების პატივისცემით გამოყენება, მკვლევარმა „ამბავი“ ინდიელთა იდენტობის ნაწილად უნდა მიიჩნიოს. ზეპირი გადმოცემები ღირებულებათა მდგრადობის, იდენტობის ფორმირებისა და ინდიელთა ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ სიღრმისეულ ცოდნას გვაწვდის.
დასკვნა
ზეპირი ისტორიის, პირადი აღქმისა და ისტორიკოსთა კომენტარების ერთმანეთთან შესისხლხორცებით „დაბრუნება წვიმიან მთასთან“ არის თვითმყოფადობისა და კაიოვას ტრადიციული კულტურის სიცოცხლისუნარიანობის სიღრმისეულად გაგების გზა. მამედეის ნაწარმოები არა მხოლოდ ინარჩუნებს მდიდარ ზეპირ ტრადიციებს, არამედ თანამედროვე კაიოვების იდენტობის ჩამოყალიბებისათვის მათ გადამწყვეტ როლზე მიუთითებს. მამედეი იძლევა შთამბეჭდავ მოდელს ზეპირი ტრადიციების უნივერსალური მნიშვნელობის გასაგებად.
ხალხური სიტყვიერი ხელოვნება არის დინამიური პროცესი, მას შეუძლია ამოავსოს უფსკრული წარსულსა და აწმყოს შორის, რაც საშუალებას აძლევს თანამედროვე ინდიელებს არ დაკარგონ თვითმყოფადობა. მამედეი ოსტატურად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ზეპირსიტყვიერება იყოს როგორც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საშუალება, ისე შთაგონების წყარო მომავალი თაობებისთვის. წინაპართა ხმის არდავიწყება უზრუნველყოფს იდენტობისა და ტრადიციის უწყვეტობას სხვადახვა გამოწვევის წინაშე.
[1]ტაი-მე არის ტრადიციული თილისმა, მაგიური ნივთი, რომელსაც კაიოვები მზის ცეკვის დროს იყენებდნენ. იგი თაობიდან თობას გადაეცემა. ტაი-მე ზებუნებრივ ძალასთან კავშირს განასახიერებს.
[2]პირველი „ხმა“ - კაიოვების ზეპირი გადმოცემა.
[3]მეორე „ხმა“ - ამერიკელი ანთროპოლოგის, მუნის კომენტარი.
[4]მესამე „ხმა“- მამედეის მოგონებები.













