პურის სახე-სიმბოლო, როგორც ეპოქის კულტურულ-სოციალური თავისებურებების მხატვრული რეპრეზენტაცია კარლო კაჭარავას შემოქმედების მაგალითზე

მეოცე საუკუნის 80-90-იანი წლების ქართული კულტურის სიღრმისეული გააზრება და სრულყოფილი სურათის წარმოდგენა შეუძლებელია კარლო კაჭარავას (1964-1994) შემოქმედების გარეშე, რომელმაც თავისი პოეზიით, მხატვრობითა თუ თეორიული ნააზრევით გამორჩეული წვლილი შეიტანა ქართული  ლიტერატურისა და ხელოვნების განვითარებაში. 

     კარლო კაჭარავას შემოქმედება წარმოადგენს მეტად საინტერესო ისტორიულ-კულტურულ მოვლენას. მისი ამაღელვებელი და ექსპრესიული  მხატვრული სამყარო ნასაზრდოებია როგორც ქართული, ასევე - დასავლური მხატვრულ ტრადიციებით. მან ქართულ კულტურაში შემოიტანა ახალი ელემენტები, მხატვრული გამოხატვის ფორმები და სტილისტური ხერხები. ყურადღებას იპყრობს მისი თამამი ექსპერიმენტები, ორიგინალურია მისი თხრობის სტილი და მანერა.

    კარლო კაჭარავამ ლიტერატურაში დაამკვიდრა ახალი თემები და მხატვრული სახეები. მის ლირიკულ ლექსებში, როგორც წესი, რამდენიმე თემა ერთადაა წარმოჩენილი.  

     კარლო კაჭარავას პოეზიაში, მის გრაფიკულ ნამუშევრებსა და ჩანაწერებში  საინტერესო ასახვა პოვა პურის თემამ, პურის მხატვრულმა სახემ, რომელიც  არა მარტო  ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ატრიბუტად და კვების პროდუქტად აქვს წარმოდგენილი ავტორს, არამედ განსხვავებულ განზომილებასაც იძენს მის შემოქმედებაში და კულტურის რეფლექსაციის პროდუქტიულ ობიექტად გვევლინება. კარლო კაჭარავას ნამუშევრებში პური, ეს, ერთი შეხედვით, მარტივი  კვების პროდუქტი, იტევს მრავალპლანიან და რთულ   სოციალურ, რელიგიურ და კულტურულ კონტექსტებს და ღრმა ფილოსოფიური განსჯის ობიექტი ხდება უნივერსალური ადამიანური კატეგორიებისა და ავტორის თანადროული ეპოქის საყოველთაო მახასიათებლების  გამოსავლენად და გასააზრებლად.  სამართლიანად შენიშნა ვია სკანგალემ, რომ კარლო კაჭარავამ „არა მხოლოდ აწმყოს არსი მოიხელთა, არამედ მარადიული არქივიც შექმნა და თავისი ეპოქის რეალობის შენარჩუნების დისკურსიც განავითარა“ [სკანგალე, 2024: 52]. 

   კარლო კაჭარავასათვის პური არის სიცოცხლის, სიწმინდის, ადამიანებს შორის მშვიდობის, კეთილგანწყობის, მეგობრობის, ადამიანების ურთიერთნდობის სიმბოლო. ამავდროულად იგი მჭიდროდ უკავშირდება სიცოცხლისა და ცხოვრების გაგრძელების იდეას, რის გარეშეც შეუძლებელია ადამიანის ფიზიკური თუ შემოქმედებითი საწყისის, ადამიანის მოდგმის გაგრძელება და მომავალი. 

   კარლო კაჭარავას პოეზიასა და მემუარებში პურს აქვს ორი უმთავრესი განზომილება: პური, როგორც ადამიანის ფიზიკური სიცოცხლის, ფიზიკური არსებობის  წყარო და პური, როგორც მარადიული ცხოვრების, ქრისტიანული ცხოვრების წყარო, ქრისტეს ხორცი. მის შემოქმედებაში, როგორც რეალურ ცხოვრებაში, პური ადამიანურისა და ღვთაებრივის ერთგვარი შემაერთებელი რგოლია.  ავტორი ორივე საწყისზე აკეთებს აქცენტს და ამახვილებს ყურადღებას.

     კარლო კაჭარავას შემოქმედებაში პურის ზოგადი სიმბოლიკის გვერდით მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას,  ერთ-ერთი წარმმართველი ადგილი უჭირავს  ეპოქის  კულტურულ-ეკონომიკური და სოციალური თავისებურებებით  მარკირებულ პურს, პურის სახეს და პურთან დაკავშირებულ პოსტსაბჭოური ქართული სინამდვილის რეალიებს (პური-ფურაჟი , პურის რიგი). 

   კარლო კაჭარავა, ერთი მხრივ, როგორც დახვეწილი გემოვნების მქონე  პოეტი, თავის  ნაწარმოებებში ქმნის ორიგინალურ და მოულოდნელობის ეფექტით გამორჩეულ მრავალ სახე-ხატს (მათ შორის, პურის სახე-ხატს), რომლებიც მის მრავალ ლექსში მეორდება,  და, მეორე მხრივ, როგორც ხელოვნების თეორეტიკოსი, აანალიზებს სახე-ხატების არსსა და მნიშვნელობას და გვიზიარებს თავის  მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით: „სურვილთა  სახე-ხატების ფარული  მნიშვნელობის წარმოჩენა, მათი გააზრება სისტემატიზირებული, განვითარებადი ან ცვალებადი სახით. სურვილთა ხატები ძალზე მრავალფეროვანია. ეს თითქოს [უფრო სწორედ კი, დანამდვილებით] ემანაცია უნდა იყოს რაღაც უმთავრესის, უმნიშვნელოვანესის მოთხოვნილების, რომელიც ასევე ურთულესს, შეუმეცნებელს იდეას ექვემდებარება“ [კაჭარავა, 2014: 137]. 

   პური სიცოცხლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. ავტორი დიდ ადგილს უთმობს პურის ყოველდღიურ, ყოფით გააზრებას, ამიტომ მის ტექსტებში პურს ზოგჯერ სრულიად ჩვეულებრივი, ყოფითი შინაარსი აქვს და მისი შემოქმედებიდან  მრავალი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება:

„დღეს საღამოს მერამდენედ ვლანძღე სტალინი ჩაის სმის დროს

თან პურზე კარაქს ვისმევდი - და ვფიქრობდი დარიაზე და სექსზე“

                                                                                             [კაჭარავა,  2006: 55].

„შენ ძველი დეტექტივი ხარ, შენ რომ გაჩვენებდნენ ტელევიზორში,

მე დივანზე ვიჯექი და ნაცრისფერ პურზე კარაქს ვისმევდი.

კასანდრა“

                                                                                             [კაჭარავა,  2006: 112].

„ის ნაჩქარევად სჭამდა:

პურს, ყველს, შოკოლადს და ფორთოხალს“

                                                                         [კაჭარავა, 2014: 109]. 

      კარლო კაჭარავას პოეზიაში 90-იან წლებში შემოდის არა მარტო მისთვის, არამედ ამ ეპოქის ქართული ლიტერატურისათვის ახალი, კერძოდ, „პურის რიგის“ თემატიკა, რომელიც ომის პერიოდისა და ეკონომიკური დეპრესიის ჩვეულებრივი მახასიათებელია და ამდენად,   ლოგიკურია, რომ  ეს რეალია (პურის რიგი) ჩვენში 90-იან წლებში გამოჩნდა, როგორც ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის გამოძახილი. პურის რიგში დგომა იმ ეპოქის ადამიანების ყოველდღიურობა იყო, იმ პერიოდის ცხოვრების ერთი ულმობელი თავისებურება. ადამიანები საათობით იდგნენ, მეტიც, ღამეებსაც ათენებდნენ პურის ქარხნებისა და მაღაზიების წინ გაჭიმულ პურის რიგებში. ზოგი ტრაგიკული, ზოგი სასოწარკვეთილი, ზოგი ქანცგაწყვეტილი, ზოგი გაანჩხლებული, ზოგი დამუნჯებული ელოდა, როდის ჩაიგდებდა ხელში ნანატრ პროდუქტს, შესაძლოა ოჯახისათვის ერთადერთ ხორციელ საზრდოს. 

   კარლო კაჭარავას პოეზიაში გვხვდება 90-იანი წლების ქართული სინამდვილის ამ კონკრეტული მარკერის ამსახველი მხატვრული პასაჟები, რომლებსაც ორგვარი წაკითხვა და შინაარსი შეიძლება ჰქონდეს: პირდაპირი/ყოფითი და გადატანითი/ სიმბოლური.

     ჩვეულებრივი, ყოფითი შინაარსი ლექსებში შეიძლება ითქვას, რომ „ზედაპირზე დევს“, ადვილად გასაგები და აღსაქმელია. ხალხს სჭირდება პური, როგორც ფიზიკური საზრდო.  უპურობა მატერიალური გაჭირვების ნიშანია. ხალხი პურს ელოდება, როგორც ხორციელ საზრდოს, რადგანაც პური - ეს  არის მისი ძირითადი საკვები, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ხალხი აცნობიერებს, რომ ქვეყანაში უმძიმესი პირობებია შემქნილი, მაგრამ ის აუცილებლად უნდა გადარჩეს, ხოლო, რომ გადარჩეს, სიცოცხლე რომ  შეინარჩუნოს, უნდა ჰქონდეს პური და ამიტომაც  უსასრულოდ დგას პურის რიგში. 

     კარლო კაჭარავას შემოქმედებაში „პურის რიგის“ თემაზე შექმნილ ლექსებში შეიძლება ვიმსჯელოთ პურის, როგორც ქრისტიანული სარწმუნოების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოს, გააზრებაზეც. ხალხი ელოდება პურს, როგორც სულიერ საზრდოს, როგორც ქრისტესთან ზიარების საშუალებას. ნებისმიერ ქრისტიანულ კულტურაში და, მათ შორის, ქართულშიც, პური, უპირველეს ყოვლისა, უმნიშვნელოვანესი  ქრისტიანული სიმბოლოა. პური გაიგივებულია ქრისტეს სახესთან. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, „Хлеб в христианской символике становится воплощением «тела Иисуса Христа», приобретая ключевую и абсолютную ценность как посредник общения человека с Богом.“  [Юрина... ინტერნეტრესურსი 1]. ასე რომ, პურის რიგში დგომა გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ღმერთის მოლოდინი და ძიებაცაა. პურის რიგში დგას ხალხი, რათა გაამრავლოს ქრისტიანული სიკეთე და ფასეულობები. 

     ვფიქრობ, პურის ესთეტიკა, პურის სახე-სიმბოლოს გააზრება კარლო კაჭარავას შემოქმედებაში ორმაგი კოდირების პრინციპებსაც ეყრდნობა. ამ პასაჟებს შეიძლება მივცეთ როგორც ყოველდღიურ-ყოფითი, ასევე საკრალურ-რელიგიური ინტერპრეტაცია.

     პურის სახე-სიმბოლოს რელიგიური პლასტის წარმოჩენის თვალსაზრისით მეტად საინტერესო მასალას იძლევა უსათაურო ლექსი „...როცა სინათლე კლებულობს“, რომელიც  სინათლისა და საღამოს (სიბნელის) მეტაფორული გააზრებით იწყება: „როცა სინათლე კლებულობს, როგორც ჩანს, საღამოვდება“. სინათლესა და საღამოში, მათი პირდაპირი მნიშვნელობის გარდა, გადატანითი მნიშვნელობაც ადვილად ამოსაცნობია: სინათლე, როგორც პოზიტიური საწყისი, სიკეთე; საღამო, როგორც ნეგატიური საწყისი, ბოროტების სიმბოლო. ამ ლექსში საოცარი სიმძაფრით დგას ასევე „პურის რიგის“ თემაც. 

     „გარე განათება“ ისევ არ ირთვება, ან საერთოდ არ ჩაირთვება“, - წერს კარლო კაჭარავა. ჩამქრალი გარე განათება იმ ეპოქის ერთ-ერთი რეალური და სევდიანი მახასიათებელი იყო, მაგრამ გარე განათებაში, ქუჩის განათების/ლამპიონების გარდა, ავტორს შეიძლება სხვა აზრიც ჩაედო. ქვეყანას არ ჰქონდა რესურსი, რომ  გამკლავებოდა  მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებს და შველას (სიკეთეს, ანუ სინათლეს, განათებას)  გარედან (ანუ მეგობარი ქვეყნებიდან) ელოდა. „გარე განათების“ მოლოდინი, ანუ უცხოეთის ქვეყნების იმედი, სხვა დროსაც, წინა საუკუნეებშიც, ჰქონია ქართველ ხალხს. ალეგორიულად ამ ფრაზის ინტერპრეტირება ასე შეიძლება:  გარე/უცხოური დახმარება ჯერ კიდევ  არ მოდის და შეიძლება საერთოდაც არავინ დაგვეხმაროს . ისიც  გასათვალისწინებელია, რომ  ლექსი 1992 წლით თარიღდება, როცა „გარე განათება“/პარტნიორი ქვეყნების დახმარება ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და  განსაკუთრებით აქტუალური იყო.

    ქართველი ხალხი მორალურად და მატერიალურად მძიმე მდგომარეობაშია, რაზეც მეტყველებს შემდეგი ტაეპები: „შეშინებული, შეუხედავი და ცუდად ჩაცმული ქალიშვილები/გარბიან სადღაც. /მეტყველებაწართმეულ მგზავრთა უარაფრო მზერით“ [კაჭარავა,  2006: 102]; „ვერშემდგარი მოულოდნელობებით, /ვერშემდგარი თავგადასავლებით /ვერშემჩნეული სატრფოებით, ცუდი ფეხსაცმელებით, /ცუდი პალტოებით, ცუდადმყოფთა სევდით“ [კაჭარავა, 2006:  102].  ავტორის სურვილია, მისი პოეზიის ერთგვარ თანამდევ სახე-ხატად ქცეულმა ეგნატე ნინოშვილმა „გამოიტყუოს ... მიმალული /ენაწართმეული პროლეტარიატი“, ანუ გამოაფხიზლოს და აამოქმედოს იგი.

     შემთხვევითი არ არის, რომ რომ ეგნატე ნინოშვილმა ეს ხალხი უნდა

„... ატაროს ... ინფექციური საავადმყოფოდან,

ონკოლოგიური საავადმყოფოდან რესპუბლიკური საავადმყოფოსაკენ -

და ისევ ინფექციურისაკენ, თუ სისხლის გადასხმის ინსტიტუტშიც

გაიარონ“ 

                                  [კაჭარავა,  2006:102].      

     როგორც ვხედავთ, ავტორს ეგნატე ნინოშვილის  მარშრუტის საკვანძო პუნქტებად  მონიშნული აქვს სულ საავადმყოფოები, რაშიც, ვფიქრობთ, ჩადებულია ერის ფიზიკური გაჯანსაღების იდეა.  ბოლოს კი მათ უნდა შეიერთონ პურის ქარხანასთან  პურის რიგში მდგარი დაოსებული ადამიანების დიდი რაზმი:

„იქვე შეიერთონ პურის ქარხანასთან საათობით 

                 მომლოდინეთა დიდი, დაოსებული რაზმი“

                                           [კაჭარავა,  2006: 103 ].

     პურის ქარხანა შეიძლება მეტაფორულად გავიაზროთ, როგორც ღვთის სახლი და პურის  რიგში მდგომი ადამიანები, როგორც  წმინდა ადგილას სალოცავად მისული მლოცველები, მორწმუნენი. ამ ინტერპრეტაციისათვის ავტორი თავადაც გვაძლევს მინიშნებას ფრაზით: „აი, ჭეშმარიტი ოქროს პილიგრიმნი, აი, მართალნი“.

    ამ პასაჟში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა პურის რიგისა და  პურის ქარხნის ორმაგი მხატვრული ფუნქცია, მათი ყოფითი და რელიგიური პლასტები.

    მოციქულთა მოძღვრებაში „დიდაქე“ ვკითხულობთ, როგორ ევედრებიან უფალს, ისე შეკრიბოს ეკლესიაში მისი მორწმუნენი, როგორც პურშია შეკრებილი ხორბლის გაფანტული მარცვლები: „4. როგორც ეს პური, მთების ზემოთ მიმოფანტული, შეიკრიბა და ერთი გახდა, ამგვარადვე შეიკრიბოს კიდით-კიდე ეკლესია შენი სასუფეველში, რამეთუ შენი არს დიდება და ძალი იესუ ქრისტეს მიერ უკუნისამდე!“[დიდაქე, 9,4; ინტერნეტრესურსი 2 ]. 

    პურის ქარხნის წინ რიგში მდგარი ხალხიც შეიძლება გავიაზროთ, როგორც უფლის სახლთან მდგარი ადამიანები, რომლებიც  პურში შეკრებილი მარცვლების მსგავსად არიან გაერთიანებულნი სიცოცხლისა და სულის გადასარჩენად.

      პურის რიგში მდგომთა ბედი გარკვეულია და ტრაგიკული,   ხალხი ლამის ბრბოდ არის ქცეული, მოსამართ სათამაშოდ, მარიონეტად  („ბრბო, თოჯინის მექანიზმი, მოსამართავი“). ავტორის მზერა ახლა მიპყრობილია პურის რიგში მდგომთა შვილებისაკენ. იგი სვამს უმნიშვნელოვანეს შეკითხვას:

„პურის რიგში მდგომთა შვილნო! 

                    ვისი სურათები ამკობს თქვენს კედლებს?“

                                         [კაჭარავა,  2006: 103 ].

     ამ კითხვის პასუხზე დიდად არის  დამოკიდებული შვილების, ანუ მომავალი თაობისა და, შესაბამისად,  ქვეყნის ბედი; ამ კითხვაზე პასუხი განსაზღვრავს, საით წავა ახალი თაობა, რა ღირებულებებსა და ორიენტირებს აირჩევს იგი. ლოგიკურია, ვისი სურათებიც უკიდია კედლებზე ახალ თაობას,  მათ ღირებულებებს დაუჭერს მხარს.

     ამ კითხვაზეც არის პასუხი კ. კაჭარავას პოეზიაში, კერძოდ, მის უსათაურო ლექსში („ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი...“). პურის რიგში მდგომთა შვილების მზერა დასავლეთისაკენაა მიმართული, ამიტომაა, რომ მათ ესიზმრებათ სტალონე, ვან ბასტენი, კიმ ბესინჯერი, რომლებიც ახალგაზრდებისათვის იყვნენ დასავლური ცხოვრების სახეები და სიმბოლოები და სწორედ  მათი სახეები ამკობს მათ კედლებს, სახელმძღვანელოებსა და ინტიმურ დღიურებს:

„ე. ინგოროყვა კითხულობს „ბაადურ მაინჰოგის“ ქრონიკას

და ეძახის ენდი უორჰოლს,  ან ჟან მიშელ ბასკიას,

ან ეძახის პურის რიგში მდგომთა შვილების კერპებს:

სტალონეს, ვან ბასტენს და კიმ ბესინჯერს,

რომელთა სურათებიც ამკობენ პურის რიგში მდგომთა შვილების კედლებს, 

სახელმძღვანელოებს, ინტიმურ დღიურებს და სიზმრებს

ცივ და უტრანსპორტო ქალაქში“ 

                                                                     [კაჭარავა,  2006: 108].

       ამ ორ უსათაურო ლექსს „...როცა სინათლე კლებულობს“ და  „ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი...“  აერთიანებს 90-იანი წლების მძიმე ეპოქა, პურის რიგის თემა და ეგნატე ნინოშვილის სახე, მისი აჩრდილი, რომელიც „ებრძვის პურის რიგში მდგომთა ღამეს“ და რომელსაც ავტორი მხსნელის მისიას ანიჭებს. 

     პურის რიგის თემა 1993 წელსაც გაკრთება კარლო კაჭარავას პოეზიაში, თუმცა აქ უკვე ისეთი მწვავე სოციალური დატვირთვა არ აქვს და ინტიმური ლირიკის პარალელურ მოტივს წარმოადგენს:

„მე, ვწერდი წერილს,  რომელიც ვიღაცამ უნდა ჩამოიტანოს შენთან,

რადგან ფოსტას დიდი ხანია აღარ ვენდობი.

რადგან შენ არ ხედავ სიზმარს პურის რიგში“

                                                                       [კაჭარავა,  2006: 122 ].

       სრულიად ნათელია პურის, როგორც რელიგიური სიმბოლოს, დატვირთვა ლექსში „იმედი“:

„პურო, პურო,

ღარიბი მაგიდის ან ტყვეობის, ან

გასტრონომების და საბავშვო ბაღის

მამავ, მამავ ჩვენო!“

                    [კაჭარავა, A  2014: 53].  

      მკითხველის აღქმაში  ტექსტის რელიგიურ პლასტს  ააქტიურებს და ქრისტიანული ლოცვის ასოციაციას იწვევს ორმაგი მიმართვები სტროფის თავსა და ბოლოში, განსაკუთრებით „მამავ, მამავ ჩვენო“, ტრადიციული „მამაო ჩვენოს“ წოდებითი ბრუნვის დაბოლოების ხარჯზე  ოდნავ სახეცვლილი, მაგრამ ადვილად  ამოსაცნობი ვარიანტი. ავტორს მკითხველის აღქმაში ტრადიციულის გვერდით  თანამედროვე რეალიებიც შემოაქვს (გასტრონომები და საბავშვო ბაღი).  საფიქრებელია, რომ ლირიკული გმირი ქრისტეს მიმართავს ზემოთ ციტირებულ სტროფში. გავიხსენოთ, როგორ მოიხსენიებს ქრისტე თავის თავს იოანეს სახარებაში: „ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ პური ცხორებისაჲ; რომელი მოვიდეს ჩემდა, არა შიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის“ [ი.  6:35]; „მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა” [ი. 6:51]. 

   პურის ხატება კ. კაჭარავას სიზმარშიც არ ტოვებს. საინტერესოა, კალმის ნამდვილი ოსტატის ხელში როგორ ხდება სიზმარში ნანახი პურის მხატვრულ მეტაფორად გარდაქმნა და ექსპრესიულ სიმბოლოდ ქცევა მემუარულ ჩანაწერში. შთაბეჭდილების ეს მოულოდნელი კომბინაცია მკითხველზე დიდ ემოციურ ზეგავლენას ახდენს. ემოციას ამძაფრებს ის გარემოება, რომ ავტორი, როგორც თავად აღნიშნავს, ამ სიზმარს, სავარაუდოდ, პირველად არ ხედავს და მას  აქვს მეტად საინტერესო მხატვრული და ფსიქოლოგიური ასპექტები. ჩანაწერი თარიღდება 1987 წლის  23  მარტით: „სიზმარში ვნახე სათვალე, რომელიც ვგონებ ადრე, უკვე ნანახი მქონდა. მარცხენა მინის ნაცვლად პურის ნაჭერი ეკიდა, მარჯვენა ჩარჩო კი ცარიელი იყო და შიგ ჩარჩოს კონცენტრული მომცრო ზომის ჩარჩო იყო, როგორღაც ჩადგმული. პურის ნაჭერი ჩამოვარდა, მე ის ავიღე და გამიკვირდა: ამგვარი გაუმჭვირვალი სამზერიდან როგორ ვხედავდი-მეთქი რამეს“ [კაჭარავა, 2014: 32-33].  კარლო კაჭარავას ეს სიზმარი, როგორც აღვნიშნეთ, სრულიად უჩვეულო შთაბეჭდილებების  მოულოდნელ  კომბინაციას წარმოადგენს. თუ ამ სიზმარს რელიგიურ პლანში განვიხილავთ,  პური ქრისტეს სიმბოლოა და უნდა ვიფიქროთ, რომ ის ღმერთის მადლით, ღვთის თვალით აღიქვამს და ხედავს სამყაროს.

      მრავალგვარია ავტორის მიერ დახატული პურის ხატი. ხშირად იგი უვარგისია საკვებად გამოსაყენებლად, რადგან გაყინულია:

„მე ვხედავ გაყინული პურის ტკივილს,

როცა შენ უკრავ და გარეთ წვიმს

ორივენი სადღაც ნისლში ვიცინით -

ვგავართ ძველ და მოწყენილ ფილმს“ 

                                                                  [კაჭარავა, 2014: 82]. 

 

ზოგჯერ პური საკვებად უვარგისია, რადგან  სველია:

„მეც ვწყევლიდი და მოვუხმობდი მამას

განკითხვისა და განუკითხაობისათვის.

ვჭამდი სველ პურს

და მეძინა ყაზარმაში 

ცუდ სასტუმროებში

ქვიშაზე ვარსკვლავებქვეშ.

ზღვაში, რომელშიც ჩემი ღამეები

 

 და ჩემი ყვავილები ჰყრია

ირეცხება სამერმისო პერანგი...“

                                      [კაჭარავა, 2014: 125]. 

 

„მუშათა ბავშვებს ნისლში მიჰქონდათ

ღარიბი სიმღერა და სველი პური“.

                                                             [კაჭარავა,  2006: 92].

„მევე ვწყევლიდი მამას

განკითხვისა და განუკითხაობისათვის 

ვჭამდი სველ პურს

ზღვასთან, რომელშიც ჩემი ყვავილები

საცხოვრებლის მხოლოდ ხსოვნით შენახული იერი

და ჩემი ღამეები ეყარა“ 

                                                    [კაჭარავა, 2014: 114]. 

     კარლო კაჭარავას ერთ-ერთი გამორჩეული მხატვრული სახე პურის თემაზე შექმნილ ლექსებში „პურის ტკივილია“, რომელიც ადამიანის ფიზიკურ და სულიერ ტკივილს ერწყმის:

„ისევ მიპოვეს - სიღარიბე - მძინავს -

მთვარის ქვაფენილზე თითქოს არწივს ვესიზმრები

და პურის ტკივილს მეც ვხედავ“ 

                                                 [კაჭარავა, 2014: 129]. 

„მე ვხედავ გაყინული პურის ტკივილს,

როცა შენ უკრავ და გარეთ წვიმს

ორივენი სადღაც ნისლში ვიცინით -

ვგავართ ძველ და მოწყენილ ფილმს“ 

                                               [კაჭარავა, 2014: 82]. 

       1993 წლით დათარიღებულ უსათაური ლექსში ( „...ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია“) 90-იანი წლების კიდევ ერთი უბადრუკი და ადამიანური ყოფისათვის შეურაცხმყოფელი  რეალიაა წინ წამოწეული, რომელიც პურს უკავშირდება. ესაა ე.წ. პური-ფურაჟი, რასაც ქართველი ხალხი ამ დრომდე, როგორც ადამიანისათვის განკუთვნილ საკვებს, არ იცნობდა. 90-იან წლებში კი საქართველოში ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მოსახლეობისათვის საკვებად ცხოველებისათვის განკუთვნილ ფურაჟს იყენებდნენ: 

„საღამოს ჩამავალი მზისგან გაყვითლებული დანებით,

რომლებითაც იჭრება ჩვენი ნერვიული პური-ფურაჟი.

ცუდი პურის მჭრელთა ერთობა წყევლით

ამოანთხევს უენობას...

... უზარმაზარ გერმანულ ნაგაზთა თვალებში,

მათ კბილებს შორის კი ნახევრადმშიერთა

ნერვიული პური-ფურაჟი

იარაღის სუნით,

რომელსაც არ სჭამენ მომდევნო თაობათა 

კუთვნილის მჭამელნი“

                                      [კაჭარავა,  2006:  124-125].

 

      როგორც ვნახეთ, ავტორი ამ ტიპის პურს ექსპრესიული მხატვრული სახით - „ნერვული პური-ფურაჟი“ - მოიხსენიებს. აქვეა გამოხატული მძაფრი პროტესტი სოციალური უსამართლობის გამო (ნერვიულ პურ-ფურაჟს, რომელსაც იარაღის სუნი ასდის, „არ სჭამენ მომდევნო თაობათა კუთვნილის მჭამელნი“ ),  ავტორს სჯერა, რომ ყოველივე ამას აუცილებლად მოჰყვება პროტესტი და ეს პროტესტი იქნება მკაცრი და უკომპრომისო, რაც ლექსში ორიგინალური  მეტაფორითაა გადმოცემული: „ცუდი პურის მჭრელთა ერთობა წყევლით ამოანთხევს უენობას“.

   „ნერვული პური-ფურაჟის“ სახე კარლო კაჭარავას ამავე წელს (1993) დაწერილ სხვა ლექსშიც მეორდება. ესაა მისი ცნობილი ნაწარმოები „შენ დაიბადე ფოთის ელევატორთან“: 

„შენ გასწავლიდნენ ცოტა ზრდილობას,

 ცოტა კეთილგონიერებას, 

უფრო მეტად ტყუილს,

და მაღალფარდოვნებას, მაღალფარდოვნებას, მაღალფარდოვნებას.

რომლითაც უნდა მოკლა, რომლითაც უნდა ილოცო, 

                                                                                    რომლითაც უნდა დასცინო,

რომ უკვდავ ბაბუათა სუფრასთან გეღირსოს ლუკმა –

და არა ნახევრადმშიერთა ნერვული პური – ფურაჟი.“

                                                                [კაჭარავა, 2006: 132].

     პურის ხატი  კარლო კაჭარავასთან ზოგჯერ  პოეტიზებული და რომანტიზებულია, რადგან სიზმრისეულია, ოქროს მონეტებით ნაყიდი („სიზმარში მინიატურული მონეტებით / ოქროსფერ / პურს ვყიდულობდი“ [კაჭარავა, 2014: 202]); „სიზმარში / მინიატურული მონეტებით პურს ვყიდულობდი“... [კაჭარავა, 2014: 207]); ავტორი პურის საყიდლად გასულთა გზააბნეულობაზეც გვიყვება („ვერაფრით გავიხსენე დასასრული. მერე მან მითხრა: / რა მნიშვნელობა აქვს პურის საყიდლად გასულთა / გზააბნეულობას“ [კაჭარავა,  2012: 71]); მისთვის  პური ხან მთვარისაა („მთვარის პური, ბავშვების სევდა და მერე სიბერე“ [კაჭარავა,  2006: 51]); ხან -  მზის („მე მიყვარს მზის პურის ისტორიაზე ღარიბი, მასზე კეთილი“ [კაჭარავა,  2012: 69]);  ხან - ღამის  („იქნებ ამ ღამის პურის ყიდვა გსურს?“ [კაჭარავა,  2006: 63]); ხან ვერცხლისფერია, მთვარეზე დაჭრილი, რომელიც დიდხანს უნდა ღეჭო („ვერცხლისფერი პური, მთვარეზე დაჭრილი, მძიმე იყო და / ვღეჭავდით დიდხანს“ [კაჭარავა,  2012: 119]);  ხან  ნაცრისფერია („მე დივანზე ვიჯექი და ნაცრისფერ პურზე კარაქს ვუსმევდი“[კაჭარავა, 2012: 35]); ხან კიდევ  უბრალოა („შენ გეცვა შავი დაბნეული კოსტუმი, უბრალო როგორც პური“ [კაჭარავა, 2014: 44]); პური შეიძლება იყოს შეშლილი მხატვრის დახატული: „ტრანსცენდენტალური იერის უვნებელსაყოფად, / რადგან დღის თაღები სამკუთხაა, / ხოლო შეშლილი მხატვარი პურს ხატავს“ [კაჭარავა,  2012: 100], პურის შეიძლება იყოს თოჯინა („ის ჩემი პურის თოჯინა იყო, / ღარიბი სამზარეულოს ფერია“ [კაჭარავა,  2012: 81])   და ა.შ.  მაგრამ, როგორ შინაარსსაც არ უნდა დებდეს პოეტი ამ სახე-სიმბოლოში, იგი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მისი პოეზიის უცვლელი მრავალასპექტიანი მხატვრული ატრიბუტია და ავტორი ყოველთვის იძლევა მის ემოციურ-ექსპრესიულ შეფასებას.

      კარლო კაჭარავას შემოქმედებას კარგად მიესადაგება მიშელ ფუკოს ლაკონური და უაღრესად  ტევადი ფორმულა: „უჩვეულო შეხვედრათა უცნაურობა“ [ფუკო,  2004: 22]. თავის ცნობილ ნაშრომში „სიტყვები და საგნები“ მიშელ ფუკო წერდა: „ცნობილია, რაოდენ გაოცებას იწვევს ... სრულიად უბრალო, უნებლიე მეზობლობა ისეთი საგნებისა, რომელთაც არაფერი აკავშირებს ერთმანეთთან“ [ფუკო,  2004: 22] და რომ ზოგჯერ საგნები „იმდენად განსხვავებულ სიბრტყეზე არიან მოთავსებული, რომ შეუძლებელია მოვუძებნოთ შეხვედრის სივრცე. განვსაზღვროთ საერთო ადგილი როგორც ერთისთვის, ასევე მეორისთვის“ [ფუკო,  2004: 24]. კარლო კაჭარავას შემოქმედებაც ხშირად გვაოცებს  სრულიად უბრალო, უნებლიე მეზობლობით ისეთი საგნებისა, რომელთაც თითქოს არაფერი აკავშირებს ერთმანეთთან, ხშირად ვხვდებით ადამიანთა, საგანთა და მოვლენათა უცნაურ, ერთი შეხედვით, ალოგიკურ,  უჩვეულო, მოულოდნელ, ზოგჯერ კი პარადოქსულ  შეხვედრებს (მათ შორის, პურის თემატიკის მხატვრული გააზრების დროსაც). კარლო კაჭარავას პოეზია ის სივრცეა, სადაც ეს მოულოდნელობის ეფექტი ესთეტიკურ კატეგორიაშია აყვანილი და მკითხველის გრძნობა-გონებას წარმართავს.

       მის პოეზიაში პური ხან ანგელოსთან, მშვიდობიან წვიმებთან და წერილებთან ერთად მოიაზრება: „პური. ანგელოსი. თანხლება. / გრძელი მშვიდობიანი წვიმები / წერილები. ისევ სიზმრები“ [კაჭარავა, 2014: 205]; ხან  - ვარსკვლავებისა და ბაღებადქცეული სასაფლაოების გვერდით: „ბაღებადქცეული სასაფლაონი ვარსკვლავთა პურით“ [კაჭარავა,  2006: 56];  ხან - ქარების სასაფლაოსთან, ტყავის ქუდთან და გაყვითლებულ წერილებთან: „ზღვა ქარების სასაფლაოს ჰგავს ნისლში -/ მასზე წვიმს- / შავი ტყავის ქუდი. წერილები უკვე რომ ყვითლდება, სველი პური“ [კაჭარავა, 2006: 82]; ხან - ძველი მატარებლის სიზმრებთან, დათოვლილ ხეებთან, უქუდო მოხუცთან თუ ნისლიან მთასთან: „ძველი მატარებლის სიზმრები -/ როცა დათოვლილ ხეებს ჰხედავს სარკმლიდან / ჰგავს გაყინული პურის ტირილს / და უქუდო მოხუცს ნისლიან მთაზე“ [კაჭარავა, 2014: 139], ხან - ძილთან, სარკმელში ყურებასთან, გასაღებების დაკარგვასთან ერთად: „მე თავიდან მიკვირს ყველაფერი, რასაც უბრალოს ვეძახით. / ძილი სარკმელში ყურება, პურის ღეჭვა, გასაღებების დაკარგვა“ [კაჭარავა,  2012: 54]. კარლო კაჭარავას მხატვრულ სახეებს თავიანთი შინაგანი კანონებით განპირობებული ლოგიკა მართავს. ამ მოულოდნელ შეხვედრებში, საგანთა და მოვლენათა ამ უცნაურ ჯაჭვში ყოველთვის იკვეთება მხატვრული სახეების ლოგიკა, რეალობის მოულოდნელი წახნაგები და მოვლენათა მოულოდნელი, აქამდე შეუმჩნეველი კავშირ-ურთიერთობები. ეს არის კარლო კაჭარავას მხატვრული აზროვნების, მისეული სამყაროს სურათის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება და მარკერი. პოეტი თავის ტექსტებში თითქოს ერთმანეთს აჯახებს ამ სრულიად განსხვავებულ სააზროვნო სიბრტყეებში არსებულ საგნებსა და მოვლენებს. ამით იწვევს ერთგვარ „პოეტურ ნაპერწკლებს“, რათა, უპირველესად, თავის პოეზიას და შემდეგ კი სამყაროს მოჰფინოს ახალი შუქი.  

      კარლოს დღიურებშიც ხშირად გვხვდება პურის თემატიკა როგორც ყოველდღიური („გვიან ღამემდე ვსვამდით ჩაის, ვჭამდით სასადილოდან მოტანილ პურს და მოხარშულ ხორცს“ [კაჭარავა, 2014: 70]); „ვეზიროვმა პური და კარაქი მომიტანა საუზმიდან. საწოლში შევჭამე“ [კაჭარავა, 2014: 81]), ასევე მეტაფორული მნიშვნელობით, როგორც, მაგალითად, ეს ზემოთ ციტირებულ 1987 წლის 23 მარტით დათარიღებულ დღიურშია წარმოდგენილი.

    პურს აქვს საკომუნიკაციო ფუნქციაც, რომელსაც შეუძლია გაერთიანება, ადამიანის დაკავშირება გარკვეულ სოციალურ ჯგუფთან/ჯგუფებთან, თავისივე ოჯახის წევრებთან, საზოგადოებასთან, თუმცა, შემაკავშირებელი როლის გარდა, მისი საშუალებით შეიძლება საპირისპიროც მოხდეს, კერძოდ, ადამიანების გათიშვა/დაშორება. კარლო კაჭარავა ემოციურად  რეაგირებს ერთ ასეთ ფაქტზე, რომლის შესახებაც 1987 წლის 9 აპრილს  დღიურში გაკეთებულ ჩანაწერში მოგვითხრობს: „დილით გამაღვიძა სანინსტრუქტორმა კურიკმა, საუზმეზე წამოდიო. გადავწყვიტე ძილის გაგრძელება, მაგრამ ცოტა ხანში ექიმი შემოვიდა და მითხრა: „კარლო კარლოვიჩ, ასე არ შეიძლება, ჩაიცვი და სასადილოში წადი, დღის განრიგს არღვევო“. ეს  მისი სიტყვები დღის განრიგზე სასიკეთო სიმპტომად აღვიქვი და უმალ გავვარდი სასადილოში.

      იქ ჩემი გაწვევის „უზბეკები“ პურს და კარაქს მიირთმევდნენ. ისე ეცოტავათ, რომ ჩემთვის პური არ შეენახათ და ყურიც კი არ გაიპარტყუნეს, როცა პური მოვიკითხე. ვერც ერთი მათგანი ვერ შეელია თავისთვის გადაზოგილ მესამე პურის ნაჭერს. პური ერთ სომეხს გამოვართვი. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი და სხვაგან, მათგან მოშორებით შევჭამე“ [კაჭარავა, 2014: 77].  ამ ინციდენტმა  კარლო კაჭარავა  ერთხელ კიდევ დაარწმუნა, რომ ის და მისი გარემომცველი ეთნოკულტურული სამყარო (ამ შემთხვევაში საბჭოთა ჯარი, სადაც ის იძულებით იყო გამწესებული) სხვადასხვა ღირებულებით-ფასეულობით სიბრტყეზე იდგნენ, რაც ყველა დონეზე, მათ შორის ყოფით დონეზეც ვლინდებოდა. არა მარტო კარლოსთვის  იყო მიუღებელი და მის ღირებულებებთან შეუთავსებელი ის სოციო-კულტურული რეალობა და იქ მყოფი ადამიანების გარკვეული ნაწილი, არამედ იმ ადამიანებისათვისაც გაუგებარი და მიუღებელი იყო იყო კარლოს ცხოვრების წესი და  ფასეულობები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყოფით დონეზე მისთვის პურის განაწილებაზე უარის თქმაში გამომჟღავნდა. უნდა დავეთანხმოთ მკვლევარ ბელა წიფურიას, რომელიც აღნიშნავს: „როგორც ჩანს, კულტურული გამოცდილების გაგრძელება ყოფითი გამოცდილებით, და არა პირიქით, უფრო შედეგიანი გზაა რეალობისადმი დაუმორჩილებლობისა და კულტურული თვითდამკვიდრებისა“ [წიფურია,  2012: 14].

     ამრიგად, პური კარლო კაჭარავას  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და  მარადიული სახე-სიმბოლოა, რომელიც მის შემოქმედებაში წარმოგვიდგება თავისი უნივერსალური მნიშვნელობით,  ლექსიდან ლექსში გადადის და  ახალ-ახალ დატვირთვასა და შინაარსს იძენს. პურს კარლო კაჭარავას შემოქმედებაში ენიჭება მაღალი სულიერი და ესთეტიკური დატვირთვა.

      პურის მხატვრული სახის გააზრებით ავტორი წარმოაჩენს თავისი პოეზიის ერთ-ერთ საბაზო იდეასაც: ადამიანები უნდა გაუმკლავდნენ ახალ გამოწვევებს, მოახერხონ ძალების მობილიზება, არ  დაკარგონ ღირსება, ფიზიკური არსებობაც შეინარჩუნონ და  სულიერი სიმტკიცეც,  მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციო-პოლიტიკური ვითარებისა. 

   ავტორი გვიჩვენებს  პურის მარადიული სახის  როგორც ყოფით, ასევე რელიგიურ ასპექტებს და სიმბოლურ-მეტაფორულად უჩვენებს პურს, როგორც  საკრამენტული ბუნების მქონე ფენომენს.

  მისი ნაწარმოების მხატვრულ-ესთეტიკურ ქსოვილში, ერთი მხრივ,  პური, როგორც რეალური მატერიალური პროდუქტი და როგორც სიმბოლო და, მეორე მხრივ,  ხალხი, როგორც მისი მომხმარებელი, ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.

      პურმა, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით ადამიანის ცხოვრების ხარისხისა  და ბედის განმსაზღვრელმა ფენომენმა და, მეტიც, ზოგჯერ საზომმა ერთეულმა, კარლო კაჭარავას შემოქმედებაში შეიძინა ეგზისტენციური აზრი. პურს ავტორმა  თავისი  ეპოქისათვის ნიშანდობლივი ახალი ცხოვრების  ეგზისტენციური შიშიც დაუკავშირდა.

   პურის საშუალებით და მასთან კავშირში  კარლო კაჭარავა უჩვენებს და ხსნის ეპოქის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს და ამასთან ქმნის პურის მაღალმხატვრულ, ორიგინალურ,  მოულოდნელ და ექსპრესიულ პოეტურ სახეებს.