უძველესი წარმართული ღვთაება „აჲნინა“ და ტოპონიმი ანანური

შესავალი: უძველესი ქართული საისტორიო წყაროები რამდენადმე ბუნდოვან ინფორმაციას გვაწვდის წინარექრისტიანული ქვეყნის რწმენა-წარმოდგენების შესახებ, არადა ამ ზედაპირულ თხრობაშიც იგრძნობა ძლიერი მაჯისცემა კერპთა თაყვანისცემისა. ლოგიკურია, რომ ქრისტიანი მემატიანენი შეგნებულად არიდებენ წარმართული ხანის ქართულ კულტურაზე გამოწვლილვით საუბარს, საგულდაგულოდ ფარავენ მას და ხშირ შემთხვევაში კერპების (გაც’ის, *გა’სა და არმაზის) „მსხვრევაზე“ აკეთებენ აქცენტს. მიუხედავად ამისა, ერთი რამ მაინც ცხადი რჩება – „ღვთაებრივი სიწმინდე“ სხვადასხვა ფუნქციით გაიაზრებოდა კონკრეტულ კერპებში, მათშივე იყო განფენილი ქრისტიანობამდელი ეპოქების ქართველთა რწმენა, როგორც ირაციონალური პროტოკონცეპტი. სწორედ კერპ-ღვთაებებზე შენდებოდა ის აზროვნება, რომელიც ეთნოკულტურის სხვადასხვა ასპექტში პოვებდა სიცოცხლეს. ისინი განსაზღვრავდნენ რელიგიური რიტუალების ყოფით ფორმულებს, ადამიანთა ქცევის წესებსა თუ თაყვანისცემის ნორმებს. იმისთვის, რომ მცირეოდენად მაინც გავერკვეთ, როგორი იყო ეს სინამდვილე, ვფიქრობთ, უპირველესად თავად კერპთა სახელდებებსა და მათ ფუნქციებში უნდა შევიტანოთ მეტი სიცხადე. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ქართულმა მეცნიერებამ ფაქტობრივ არაფერი იცის ერთ-ერთი ასეთი კერპის - აინინას - შესახებ, რომლის ქართლში, კერძოდ, მცხეთაში, მოტანა-დამკვიდრება მიეწერება საურმაგს, ძვ. წ. III ს-ის შუახანების იბერიის მეფესა და ფარნავაზის ვაჟს.

მეთოდები: სამეცნიერო ნაშრომში მსჯელობა და დასკვნები განვითარებულია ანალიზის მეცნიერული მეთოდის გამოყენებით. ასევე, მასში გამოყენებულია აღწერითი და შედარებითი მეთოდები. ნაშრომში დაცულია ლოგიკური თანამიმდევრობის პრინციპი, ხოლო სამეცნიერო მსჯელობა აგებულია, ერთი მხრივ, ძირითადი თეორიული და პრაქტიკული მასალის შეჯერებითა და, მეორე მხრივ, მათ მიმართ კრიტიკული, ობიექტურად არგუმენტირებული საფუძვლების გათვალისწინებით. 

შედეგები: უძველეს საისტორიო წყაროებზე ისტორიულ-ფილოლოგიურმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ ამავე წყაროებში დადასტურებული წარმართული ღვთაების, აჲნინა’ს, სახელწოდება პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს აღმოსავლეთ საქართველოს ტოპონიმ „ანანურ’ს“ თუ იქ ქრისტიანული სამლოცველოების შედარებით გვიან აგებულ კომპლექსს, როგორც საკულტო დანიშნულების მქონე უძველეს ადგილს. ამასთან, გამოიკვეთა ქართული წარმართული კერპების, აჲნინა’სა და დანინა’ს, ფუძეთა აგებულების მსგავსება. ორივე კერპის ფუძეთა შემადგენლობაში მოქცეული მარტივი ფუძე ნინ[ა] გვაფიქრებინებს, რომ, სავარაუდოდ, ისინი უძველეს მცირეაზიულ, კერძოდ, შუამდინარულ კულტურებს უკავშირდება (შდრ. შუმერული დედაღვთაების სახელი „ნინხურსანგა“ და დედის აღმნიშვნელი ქართველური ფუძეები: ქართ. ნენა- ნენ-ა / მეგრ. ნანა- ნანა / ლაზ. ნანა- ნანა). აქედან გამომდინარე, საურმაგ ქართლის მეფის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ გზაზე (მაღალი ალბათობით, ანანურის მახლობლად) დაფუძნებული კერპი აჲნინა ქალღვთაება მოჩანს და საისტორიო მეცნიერებისათვის კარგად ცნობილ უძველეს სპერ/იბერ-ჭანური ტომების მცირე აზიის ტერიტორიებიდან სამხრეთკავკასიის არეალში ამოწევის ისტორიულ ფაქტს აცხადებდეს. 

მსჯელობა: ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში შემჩნეულია, რომ „მოქცევაჲ ქართლისაჲ’ს“ ტექსტის შატბერდულ-ჭელიშური რედაქცია შექმნილია „არა უადრეს მეცხრე საუკუნისა“, ხოლო ე.წ. ქრონიკის ნაწილი შესაძლებელია, გაცილებით ძველი იყოს [კეკელიძე... 1987: 88-89]. სწორედ ქრონიკის ამ სეგმენტში, რომელშიც სქემატურადაა მოცემული წარმართ მეფეთა ჩამონათვალი, ვკითხულობთ: „[ბ]... დადგა ფარნავაზ. ამან აღმართა კერპი დიდი ცხჳ[რ]სა ზედა, და დასდვა სახელი მისი არმაზი. და მოქმნა ზღუდე წყლით კერძო, და ჰრქჳან არმაზ. [გ] და შემდგომად მისა დადგა მეფედ საურმაგ. ამან აღმართა კერპი აჲნინა გზასა ზედა. და იწყო არმაზს შჱნებად“[მოქცევაჲ... 1979: 320]. უთუმცაო ფაქტია, რომ „მოქცევისეული“ ტექსტის რედაქციის შემდგენლის ფოკუსში წმინდა ნინოს ქართლში, კერძოდ, მცხეთაში, მოსვლა და მისივე ღვაწლის აღწერაა მოთავსებული. ისიც ცხადია, რომ რედაქციის ავტორი უყურადღებოდ არ ტოვებს წინარე საუკუნეების ქართლის მეფეთა ჩამოთვლასა და იმ კერპთა დამკვიდრების აღნიშვნას, რომელთა მსხვრევა-განადგურების ისტორიას „წმ. ნინოს ცხოვრების“ გვერდებზე გაცილებით ვრცელი ნარატივი დაეთმობა. ვფიქრობთ, არც ღირს გამოწვლილვითი მსჯელობა იმის თაობაზე, რა მიზანი ამოძრავებდათ შატბერდულ-ჭელიშური რედაქციების ავტორებს, როდესაც ისინი შრეტდნენ და ავიწროვებდნენ მათ ხელთ არსებულ ავთენტიკურ საისტორიო წყაროს, რომელიც, თავის მხრივ, რედაქტორებისთვისაც სანდოობით იყო გამორჩეული. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ქრონიკის ნაწილში ქრისტიანული ეპოქისა და მსოფლმხედველობის ზეწოლა ძლიერად იგრძნობა – ქართველთა მეხსიერების დაფაზე წარსული ეპოქების წარმართული ყოფის „სიმახინჯე“ უნდა წაიშალოს, რადგან ის ახალი რელიგიის საბაზისო მასალად გამოუსადეგარია.

შედარებით გვიანდელი საიტორიო წყარო, რომელიც საურმაგ ქართლის მეფის მცხეთის მფლობელობაზე გვესაუბრება, ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაა“. განსხვავებით „მოქცევაჲ ქართლისაჲ’ს“ ტექსტისაგან, აქ ვიგებთ, რომ საურმაგი მხოლოდ აინინას არ დგამს, ის კერპის - დანანა’ს   - დამამკვიდრებელიცაა. ლეონტი მროველის ისტორია იუწყება: „და დაჯდა საურმაგ მცხეთას მეფედ. და უმატა ყოველთა სიმაგრეთა მცხეთისა და ქართლისათა და მან შექმნა ორნი კერპნი, აინინა და დანანა, და ამართნა გზასა ზედა მცხეთისასა“ [მროველი, 1956: 27].

 ლეონტი მროველის წყაროს ფაქტობრივ გაიმეორებს ვახუშტი ბატონიშვილი და კერპთა სახელწოდებებს უმნიშვნელო სახეცვლილებით შემოგვთავაზებს. ვკითხულობთ: „ამან [საურმაგ] აღმართნა კერპნი ანიან და დანიან გზასა ზედა მცხეთისასა“ [ვახუშტი, 1973: 58]. 

ამრიგად, სამსავე ქართულ საისტორიო თხზულებაში მოხსენიებული ჩვენთვის უცნობი კერპის აღმართვა და, სავარაუდოდ, მისადმი მსახურების დაწესებაც საურმაგ ქართლის მეფეს ეკუთვნის. მართალია, სხვადასხვა ეპოქის თხზულებებში მისი სახელწოდებანი ერთგვაროვანი არ არის, მაინც ცხადია, რომ საქმე ერთსა და იმავე კერპთან გვაქვს. ისიც ცალსახაა, რომ ნომოსთა შეცვლა წინარე წყაროების ან ენობრივი ევოლუციის მიზეზით უნდა მომხდარიყო. გამომდინარე იქიდან, რომ „მოქცევაჲ ქართლისაჲ’ს“ ტექსტიცა და მასში დაცული ფორმაც უძველესია და, ჩვენი თვალსაზრისით, ყველაზე ახლოს დგას ობიექტურ ჭეშმარიტებასთან, უპრიანი იქნება, თუკი მსჯელობას სწორედ მასზე დაყრდნობით განვავითარებთ. 

უპირველესად, რაც ემპირიაშივე შეიმჩნევა, ეს „მოქცევაჲსეული“ კერპების აჲნინა’სა და დანინა’ს ფუძეთა შედგენილობის მსგავსებაა. საქმე კომპოზიციურ სახელთან ხომ არ გვაქვს? ალბათ, ეს ის პირველი კითხვაა, რომელიც მათ მიმართ შეიძლება დავსვათ. ჩანს, რომ ნინ[ა] ორივე ფუძის შემადგენლობაშია და სიტყვის არქიტექტურაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის რთული ფუძის მეორე ნაწილი უნდა იყოს. დასახელებული კერპები საკუთრივ ქართული რომ არ არის და უძველეს მცირეაზიულ, სავარაუდოდ, შუამდინარულ კულტურებს უკავშირდება, ვფიქრობთ, გაცილებით მართებული მეცნიერული გეზი მოჩანს, ამიტომ ქართველურ ენობრივ დონეზე მათი მორფოლოგიური დანაწევრება საკმაოდ რთული ამოცანაა, თუ შეუძლებელი არა. მაინც ვიკითხავთ: რომელია სწორი სეგმენტაცია – აჲნ-ინ’ა /დან-ინ’ა თუ აჲ-ნინა /და-ნინა? 

ჩვენი აზრით, „ნინ[ა]’ს“ დამოუკიდებელ ფუძედ გამოყოფა უფრო სწორია, რადგან ამ თვალსაზრისით შუმერული პანთეონი იქცევს ყურადღებას. როგორც ნ. კრამერი წერს: „ძვ. წ. III ათასწლეულის შუმერში, სულ ცოტა, რამდენიმე ასეულ ღმერთს მაინც სცემდნენ თაყვანს“ [კრამერი, 1988: 118], ხოლო მათ შორის შუმერთა „დედაღვთაების“ სახელი ასე ფორმულირდება: „ნინხურსანგა“. სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია, რომ „ნინ“ („დედა“, „ქალბატონი“) უძველესი ქალი ღვთაებების სახელწოდებათა შემადგენელი იყო [კრამერი, 1988: 52; 118] და ის უკავშირდება ასირიული სახელმწიფოს ქ. ნინევიას დამაარსებელ „ნინა’საც“ („სამეფო“, „უდიდესი“). ამ მიმართულებით არც ქართველური ენობრივი მასალა არის მნიშვნელოვნად განსხვავებული. დასავლურქართულ დიალექტებში, მაგალითად, იმერულსა და გურულში „ნენა“ (* ‹― ნინა [?]) „დედა’ს“ რომ შეესატყვისება, ეს ენობრივი მოცემულობაა და ქართველურ ენათა შეპირისპირების ნიადაგზეც საფუძვლიანადაა გამოკვლეული. ჩვენთვის საინტერესო ის არის, რომ ზ. სარჯველაძისა და ჰ. ფენრიხის „ქართველურ ენათა ეტიმოლოგიურ ლექსიკონში“ ორ დამოუკიდებელ სალექსიკონო ერთეულად გატანილ *ნენ- და *ნენა ძირეულ ფუძეებს სხვადასხვა სემანტიკური ბუდე აქვს. ამათგან პირველი *ნენ- (ქართ. ენ- ენ-ა „ენა; სიტყვა“ / მეგრ. ნინ- ნინ-ა / ლაზ. ნენ- ნინ-ა / სვან. ნინ- „ენა“) „ენის, სიტყვის“ აღმნიშვნელი ძირეული ფუძეა, ხოლო მეორე *ნენა (ქართ. ნენა- ნენ-ა / მეგრ. ნანა- ნანა / ლაზ. ნანა- ნანა ) – „დედისა“. მკვლევარები ორივე წინარე ფორმასთან დაკავშირებით შენიშნავენ, რომ ისინი [*ნენა- და *ნენ-] სიმბოლური ხასიათის ძირებია [სარჯველაძე... 2000: 357-358] ; ხოლო ის, თუ რა უდევს საფუძვლად მათ სიმბოლიზაციას, ამის თაობაზე ინფორმაცია ეტიმოლოგიურ ლექსიკონში არ გვხვდება, არადა დასახელებულ ფუძეთა საერთო წარმომავლობა, ვფიქრობთ, რომ აშკარაა. 

ერთი შეხედვით შესაძლებელია დავუშვათ, რომ „დედისა“ და „ენის“ აღმნიშვნელ ქართველურ ფუძეთა მსგავსება ყოფით ფაქტს ეყრდნობა და ბავშვთა სამეტყველო აქტებიდან გამომდინარეობს, კერძოდ, ბავშვის მიერ წარმოთქმული პირველი სიტყვა - დედა / ნენა - სემანტიკურ-ფორმობრივად მეორე სახელდებასაც ([ნ]ენა’საც) შეეხო, თუმცა, ჩვენი აზრით, საქმე სხვაგვარად უნდა იყოს. საკუთარი შეხედულების განსავითარებლად სამყაროს შექმნის, ანუ კოსმოგონიის, გათვალისწინება უცილობლად დაგვჭირდება. რას წერს უძველესი სემური სიბრძნე, თუ არა იმას, რომ „პირველად იყო სიტყვა“. ამავე კონცეპტს უცვლელად გაჰყვება „ახალი აღთქმის“ მსოფლმხედველობა – უფლის სიტყვაში ცხადდება თავად უფალი. იოვანეს სახარების ერთ-ერთ პასაჟში ვკითხულობთ: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღარა ძალ-გიც ტჳრთვად“ [იოვ. 16,12]. „სიტყვა“ მთელ ქრისტიანულ აზროვნებაში „უფლის“ მეტაფორული სახეა („სახით სიტყვა შვენიერო, სხიო, მზეთა მზის სახეო“ /დ. გურამიშვილი/ [გურამიშვილი, 1992: 68]). ამრიგად, ღვთაებრივი ცოდნისა თუ „უცნობობის“ სათავე სიტყვაა, რომელსაც საკრალური მნიშვნელობა აქვს. ფაქტობრივ მსგავს კოსმოგონიას გვთავაზობენ შუმერებიც (ამას შუმერული მითები და ლეგენდები ცხადყოფს). ამასთან, ღვთაებები ანთროპომორფულნი არიან და როგორც ნ. კრამერი წერს: „ყველაზე ბრძენი და ძლევამოსილი ღმერთიც კი გარეგნობით, აზროვნებითა თუ ქცევით ადამიანს ჰგავდა. ღმერთებიც, ადამიანთა მსგავსად, ადგენდნენ მოქმედების გეგმას, სვამდნენ, ჭამდნენ, ქორწინდებოდნენ...“ [კრამერი, 1988: 116-117]. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ კაცობრიობის განვითარების სათავეებში ქალებს, ანუ დედაღვთაებებს, სრული ჰეგემონია ჰქონდათ, ვფიქრობთ, აღარ დარჩება ბუნდოვანი ის, თუ რატომ გამოიხატა „დედა“ და „ენა, სიტყვა“ ფაქტობრივ იდენტური ფუძეებით, ან რატომაა სავარაუდებელი მათი სემანტიკურ-ფორმობრივი გადაფარვა ქართველური ენების ერთობის დონეზეც.

ახლა კვლავ აინინა’ს დავუბრუნდეთ: თუკი ნინ’ა ქალის, ქალბატონის, დედის აღმნიშვნელი მცირეაზიული ან საზიარო (შუმერულ-ქართველური) ფუძეა, ხოლო ქართველური მასალის მიხედვით (ჩვენეული წაკითხვით), „ღვთაებრივ, გაცხადებულ სიტყვასაც“ აღნიშნავს, მაშინ საურმაგის მიერ მცხეთაში დამკვიდრებული კერპები, სავარაუდოდ, ქალღვთაებები არიან და არა – მამაკაცები. და მეტიც, მეგრულ-ლაზურ-სვანური *ნინ-ა ფუძისშემცველი კერპების სამხრეთ-დასავლეთი (უძველესი სპერ/იბერ-ჭანური) არეალიდან გადმოტანაზე უნდა მიანიშნებდეს. ქართული სახელმწიფოს ცენტრი ჩრდილოეთისაკენ, მცხეთისაკენ, ინაცვლებს, დინების მიმართულებას კი კერპების მიგრირებაც სდევს თან.

თუკი ჩვენ მიერ გამოთქმული ვარაუდი მართებულია, მაშინ სხვა შეკითხვაც ჩნდება: რა არის აინინა-დანინა’ს წინაპოზიციური სეგმენტები, დამოუკიდებელი მნიშვნელობის ფუძეები თუ მაწარმოებლები? მართალია, კერპთა სიძველის, საისტორიო მასალის სიმწირისა და V-საუკუნემდელი ენობრივი მასალის არქონის გამო არ შეგვიძლია მეტი დამაჯერებლობა შევძინოთ ჩვენს შეხედულებას, თუმცა, ვფიქრობთ, რომ, ერთი მხრივ, აჲ[ნინა] ―› აი[ნინა] და, მეორე მხრივ, და[ნინა] დამოუკიდებელი ფუძეებია და პირდაპირი თუ არა ირიბი კავშირი მაინც აქვს მზის ამოსვლა-ჩასვლის ასტრალურ ფაქტებთან (თუ ღვთაებებთან – არა), რომელთაც ქართულ ენაში აი-ს-ი [‹―*აჲ-ის’ი] და და-ის-ი [‹―*დაჲ-ის’ი] ეწოდება და რომელთა ფუძეებში ნათ. ბრუნვის კუთვნილებითი შინაარსის -ის მარკერის ამოკითხვაა შესაძლებელი. აგრეთვე ყურადღების მიღმა არ შეიძლება დარჩეს არგონავტთა მითის ლეგენდარული კოლხი მეფის, ჰელიოსის ვაჟის, ანთროპონიმი _ აი’ეტ-ი. შესაძლებელია, აიას ქვეყნის მმართველის სახელიცა და ნუმიზმატურ მასალაზე გამოხატული პომპეუსის მიერ კოლხეთში მმართველად დადგენილი არისტარქეს (ძვ. წთ. აღ. I ს-ის 50-იანი წლები) ცეცხლოვანი მზის გვირგვინიც [დუნდუა... 2006: 279] „ამომავალი მზის ქვეყნის“ სიმბოლოებია სამრეთ-დასავლეთი კულტურებისათვის, რომელთა შორის უპირველესად ბერძნული უნდა ვიგულისხმოთ. დასახელებული საკითხი დამოუკიდებელ შესწავლასა და გაცილებით ვრცელ მეცნიერულ მსჯელობას მოითხოვს, ამიტომ ამას სამომავლოდ გადავდებთ და კვლავ აინინა’ს დავუბრუნდებით. მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ თუკი „აი“ ფუძე აინინაში, აისსა და აიეტ-აიაში ერთი და იგივეა, მაშინ საქმე ისეთ კერპთან გვაქვს, რომელის ფუნქციაში მზის ამოსვლა, ცად დავანება და მისივე ბრწყინვალებაც მოიაზრებოდა. 

უკავშირდება თუ არა მცირეაზიური  წარმართული კერპი აინინა რაიმე ფორმით ტოპონიმ ანანურს?! ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ერთ-ერთი ის კითხვაა, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ. ვფიქრობთ, რომ მათ შორის უცილობელი მიმართებაა, ახლა კი ცალკეული არგუმენტებით შევეცდებით ლოგიკის ჯაჭვს გავყვეთ. 

ჯერ ენობრივი კუთხით შევხედოთ, ფორმას ანან-ურ’ი სადაურობის -ურ სუფიქსი ჩამოვაცილოთ და ისეთ ტოპონიმთა გვერდით დავაყენოთ, როგორებიცაა: გუდა-ურ-ი (აღ. საქართველოს ხევი), თოხლია-ურ-ი (კახეთი) ან მახინჯა-ურ-ი (დას. საქართველო). ცხადია, რომ -ურ მაწარმოებლიან ტოპონიმებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვხვდებით, თუმცა შესაძლოა, ამ თვალსაზრისით აღმოსავლეთ საქართველო უფრო პროდუქტიულად გამოიყურებოდეს, მაგრამ ჩვენი ინტერესის საგანი ახლა თავად ფუძეა და არა – წარმომქმნელი ელემენტი. -ურ ფორმანტის გარეშე დარჩენილი ნაწილი არის ანან. საქმე შემთხვევით აკუსტიკურ მსგავსებასთან არ უნდა გვქონდეს. ჩვენი აზრით, „ანან“ იგივე აინან[ა]/აინინა’ა, რომელსაც ძვ. წ. III ს-დან მოყოლებული დღემდე ფონეტიკური სახეცვლილება განუცდია. უპირველესად, რთული ფუძის პირველ ნაწილში აჲ დიფთონგის გამარტივება, მარუდიცირებელი თავკიდური ა ხმოვნის მეშვეობით ჲოტას კუმშვა მოხდებოდა (შესაძლებელია, რედუცირების პროცესსზე გავლენას ორივე ა ხმოვანი ახდენს, როგორც - წინამავალი, ისე - ბოლო). ამას დასახელებული ღვთაების სახელად ვახუშტი ბატონიშვილის მიერ დამოწმებული „ანიან“ [‹―აჲნიან ?]  ფორმაც მიანიშნებს. მიუხედავად იმისა, რომ, სვანურისაგან განსხვავებით, ქართულ ენაში „ი და უ ხმოვნების რედუქცია ნათლად არა ჩანს“, ვ. თოფურია მაინც ასახელებს ი’ს კუმშვის რამდენიმე მაგალითს და მათ შორის უმცროსი (‹―მცირე) და აბჯენს (‹―ბიჯი) ფორმებიც მოჰყავს [თოფურია B, 1979: 155;157]. მეცნიერი საინტერესო დასკვნამდე მიდის. ის წერს: „ქართულს ი-ს რედუქცია ახასიათებდა, მაგრამ მაგალითების ნაკლებობა აიხსნება ი ხმოვნიანი ძირების ნაკლებობით“-ო [თოფურია B, 1979: 158]. ასე რომ, ი’ს კუმშვის მაგალითთა სიმწირე ი’ფუძიან სახელთა იშვიათობითაა გამოწვეული და არა იმით, რომ ისინი საზოგადოდ არ დაჰყვებიან რედუქციის ფონეტიკურ მოვლენას. თანაც გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქმე აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონთან გვაქვს, სადაც დასახელებული ფონეტიკური პროცესი მნიშვნელოვნად აქტიურია. 

შედარებით გვიან აჲნინ’ა ფუძეში სრული ასიმილაციის გავლენით ნინა სეგმენტი ნანა’თი შეიცვლებოდა. აჲნინ’ა ―› ანინ’ა ―› ანან’ა ―› ანან-ურ-ი, - ჩვენი აზრით, სწორედ ასე გამოიყურება ფორმაში ორ ათასწლეულზე მეტხანს მიმდინარე ევოლუციური პროცესი. თუ სახელდების ასაკს გავითვალისწინებთ, ენობრივად ისეთიც არაფერი მომხდარა, მასში საფუძვლიანი ეჭვი რომ შევიტანოთ. 

ჩვენი თვალსაზრისი დასახელებული კერპის ლოკალიზაციის, ანუ მისი ანანურში დგომის, შესახებ არ ეთანხმება ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულ მოსაზრებებს. გ. მელიქიშვილი ელინისტური ეპოქის საქართველოსა და ღვთაებებზე საუბრისას შენიშნავს: „ფარნავაზისა და მისი მემკვიდრეების - ფარნავაზიანელთა დინასტიის პირველი წამომადგენლების დროს მცხეთაში - სამეფო დედაქალაქში - დიდი სამუშაოები წარმოებდა - შენდებოდა თავდაცვითი, საკულტო და სხვ. ნაგებობები“ [მელიქიშვილი, 1970: 445]. მეცნიერი მცხეთაში აღმართულ კერპთა შორის არმაზსა და სხვა ღვთაებებთან ერთად აინინა-დანინასაც ასახელებს, ხოლო „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ ამავე კრებულში ა. აფაქიძე აზუსტებს: „როგორც ჩანს, ტრადიცია ამ უკანასკნელთ არ მიიჩნევს პანთეონის მეთავე ღვთაებებად“-ო, [აფაქიძე, 1970: 676]. ასეთი დანასკვნის მიღების საფუძველი „მოქცევაჲს“ ტექსტშივეა, რომელშიც ნათლად ჩანს, ერთი მხრივ, არმაზისა და, მეორე მხრივ, „არიან ქართლიდან“ გადმოტანილი გაცი და გა’ს [გატ / გაიმ] პრივილეგირებული მდგომარეობა. აინინა-დანინას ერთგვარი მეორეხარისხოვნობის შესახებ ივ. ჯავახიშვილიც გვესაუბრება: „ქართული საისტორიო წყაროები ამ ღვთაებათა არც სქესისა და არც ნიშანდობლივი თვისებების შესახებ არაფერს გვამცნებენ. ხოლო როდესაც ჩვენ მათი სქესიც კი არ ვიცით, შედარებას გარეგანი მსგავსების გარდა [აქ მეცნიერი ფუძეთა მსგავსებაზე საუბრობს-ი.ს.] ყოველგვარი საფუძველი ეკარგება“ [ჯავახიშვილი, 1979: 142]. ის ვითარება, რომ ხალხურ რწმენას არ შეუნარჩუნებია მათი ხსოვნა, ივ. ჯავახიშვილისათვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, ამიტომ დასძენს: „ეს უეჭველია ამ ღვთაებათა შედარებით ნაკლები მნიშვნელობის გამომამჟღავნებელი გარემოება უნდა იყოს“ [ჯავახიშვილი, 1979: 142]. ჩვენც ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით საკამათო მართლაც არაფერია, კერპების გადმოტანის რიგითობაც - ჯერ გაცი და გა (*გათ) [იხ. სანიკიძე, 2012: 141-234], შემდეგ - არმაზი, და ბოლოს - აინინა და დანინა - კარგად მიანიშნებს ღირებულებათა ვერტიკალს, რომელიც ზემოდან ქვემოთ მოემართება და, ამასთან, გვიბიძგებს ვივარაუდოთ, რომ საქმე ძირითადად წყვილად პანთეონთან გვქონდა. გამომდინარე აქედან, მხოლოდ არმაზი გამოიყურება კენტად (?) და, როგორცა ჩანს, კონკრეტულ ისტორიულ ეპოქაში „უზენაესად“. 

მცხეთა-არმაზის, ანუ ქართლის მთის, როგორც „ახალი“ ადმინისტრაციული ერთეულის აღმშენებლობა, ფაქტია, რომ სამი მთავარი კერპის გადმოტანა-დაფუძნებით არ ამოიწურებოდა. უდავოა ისიც, რომ ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლოსთვის სამხრეთ იბერიული ტომები წინა აზიიდან ჩრდილოეთით (კავკასიისაკენ) მოემართებიან. პოლიტიკური ცენტრის გადმონაცვლებას კულტურული, მათ შორის, რელიგიური კომპონენტების გადმონერგვაც ერთვის. ს. ჯანაშია წერს: „სრულიად უცილობლად უნდა დავასკვნათ, რომ ქართლი, მცხეთა-არმაზის სამეფო, მხოლოდ ახალი წარმონაქმნი იყო იმ ხალხისა, რომელიც მეექვსე-მეხუთე საუკუნეებში საპეჲრ-საბეჲრის სახელით კარგად ცნობილი იყო ბერძნებისათვის და რომელიც თავისი სამხრეთი საზღვრით ჯერ კიდევ დიდად არ იყო დაშორებული თავის დედასამშობლოს“ [ჯანაშია, 1952: 64]. 

ერთი სიტყვით, მცხეთა-არმაზი ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლოს ძალებს იკრებს და ამ სახელმწიფოებრივ საქმეში იბერიის მეფე საურმაგს (ძვ. წთ. 265/3-240 წ.წ.)  თავისი წვლილი შეაქვს. მაგრამ დადგა თუ არა მან აინინა მცხეთას, თუნდაც ეს „ძველი მცხეთა“, ანუ სადღაც ქართლოსის მთის მიდამოები, ყოფილიყო, თუ ის შედარებით ზემოთ, არაგვის ხეობაში, აიტანა. დღევანდელი გზითაც მცხეთას ანანურისაგან ხომ დაახლოებით 40 კილომეტრი აშორებს. საქმე მცხეთის ადმინისტრაციის ერთგვარი საზღვრების დაწესებასთან ხომ არ გვაქვს? თანაც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აინინა არამთავარი, ანუ არაუზენაესი, კერპია, ჩვენეული ვარაუდი მცდარი არ უნდა იყოს. სავარაუდოდ, ის საურმაგმა იბერიის მეფეთა სატახტო ქალაქიდან შედარებით მოშორებით, თუმცა „დიდი მცხეთის“ საზღვრებში აღმართა.

ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს ფრაზები, რომლებიც ფაქტობრივი ერთგვაროვნებით მეორდება ქართულ წყაროებში. აინინა „გზასა ზედა“ დგას ისევე, როგორც დანინა (იხ. ზემოთ). რომელი გზა იგულისმება ჯერ კიდევ ადრინდელ „მოქცევაჲსეულ“ წყაროში? ანანურ-აინინას იგივეობის შემთხვევაში ამ საკითხს ნათელი ეფინება. რა თქმა უნდა, ეს სატახტო ცენტრიდან ჩრდილოეთისაკენ, ალანთა კარისაკენ, მიმავალი გზა უნდა იყოს. თავისი გეოგრაფიული მოცემულობიდან გამომდინარე, არაგვისა და დარიალის ხეობებში გაჭრილი სახმელეთო ხაზი უძველესი ეპოქებიდანვე ასრულებდა საკვანძო ფუნქციას და როგორც შ. მესხია შენიშნავს, მასზე მდებარე ანანური (დუშეთთან ერთად) გამორჩეული პუნქტი იყო. მართალია, მეცნიერი გაცილებით გვიანდელ, კერძოდ, XVIII ს-ის დასაწყისის ისტორიულ მოვლენებს განიხილავს, მაგრამ მაინც ცხადი ხდება, რომ არაგვის ხეობის ეს საკვანძო გეოგრაფიული ალაგი, რომელიც ოდითგან ჩრდილოეთისაკენ მიმართულ სავაჭრო-სამიმოსვლო გზაზე იდგა, ზოგჯერ მსხვილდებოდა და „თანდათან ქალაქად გარდაიქმნებოდა“. მეცნიერი წერს: „ანანური არაგვის ერისთავთა სადგომია. როგორც ვახუშტი გადმოგვცემს, 1704 წელს გიორგი ერისთავი აქ დიდ გუმბათოვან ტაძარს აშენებს .... თუმცა XVIII ს-ში ანანური არა მხოლოდ ციხეა, არამედ სავაჭრო ცენტრიც“ [მესხია, 1959: 114]. „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობაშიც“ ხაზგასმულია ამ პუნქტის სტრატეგიული ღირებულება. ვკითხულობთ, რომ არაგვის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ანანურს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონდა. „აქ თავს იყრიდა ჩრდილოეთიდან თერგისა და არაგვის ხეობებით, ხოლო სამხრეთიდან შიდა ქართლიდან მომავალი გზები. სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული“ [საქართველოს... 2004: 203]. ლოგიკურია, ჩვენამდე შემონახული ანანურის კომპლექსის (ციხე, ღმრთისმშობლისა და ღვთაების ეკლესიები, ეკლესია „მკურნალი“ და სამრეკლოები) გვიანდელობა (XVI-XVIII ს.ს.) არ ნიშნავს იმას, რომ აქ უძველეს ეპოქაში, კერძოდ, საურმაგის დროს, აინინას წარმართული კერპის დგომა გამოვრიცხოთ. ამ თვალსაზრისით „ზედა ზადენის“ ―› ზედაზნის ანალოგიის მოხმობაც, ვფიქრობთ, რომ საკმარისია. წარმართული კერპების ადგილებში ქრისტიანული ნაგებობების დაშენება ჩვეულებრივი მოვლენაა და იმ საერთო ტენდენციას გამოხატავს, რომელიც ახალი სარწმუნოების შემოღებას ახლდა თან. რა თქმა უნდა, შესაძლებელია კერპის სადგომი მიმდებარე ტერიტორიაზეც იყო და არა უშუალოდ ამ მონაკვეთში, მაგრამ ამაზე შედარებით ზუსტი პასუხის გაცემა არქეოლოგიის მეცნიერებას შეუძლია და არა – ენათმეცნიერებას. 

ჩვენი აზრით, ისტორიულ-ლიტერატურულ წყაროებში დამოწმებული კერპის მსხვრევის ერთი მაგალითიც კი საკმარისია იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით რა მოხდებოდა აინინას შემთხვევაშიც. ყურადღებას „იოანე ზედაზნელის ცხოვრებაზე“ შევაჩერებთ. უცნობი ჰაგიოგრაფი ავტორი ერთ-ერთ პასაჟში ზადენ//[სადენ] ღვთაების განადგურებაზე საუბრისას საყურადღებო ცნობას გვაწვდის. მიუხედავად სათქმელის მეტაფორიზებისა, ვფიქრობთ, ნათლად მოჩანს იდეოლოგიურად კარგად გათვლილი ტაქტიკური ნაბიჯები, რომლებსაც ასურელი მამები (VI ს.) საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა წერტილში დგამენ. მათი მიზანი საკრალური, ე.წ. „დედაადგილების“, ხელში ჩაგდება და იქ არსებული „ეშმაკეულის“ განდევნაა. ასეთი ბრძოლა იოვანე ზედაზნელსაც გაუმართავს კერპებთან თუ მათ ქურუმებთან. თხზულებაში ვკითხულობთ: „ხოლო კეთილის მოძულენი იგი ეშმაკნი, რომელნი მუნ მკჳდრ იყვნეს პირველითგან, ვერ დაითმენდეს იოვანეს მამისა ჩუენისა ლოცვასა... ხოლო დღესა ერთსა აღიძრნეს და ზედა-მოუჴდეს წმიდასა იოვანეს და იწყეს ბრძოლად ... გარე მოადგეს, აშფოთებდეს და ეტყოდეს: ვინ ხარ, ანუ ვინაჲ, რამეთუ ჩვენი არს ადგილი ესე. და უკუეთუ არა წარხჳდე ამიერ, დიდნი და განსაკჳრვებელნი განსაცდელნი მოვაწივნეთ შენ ზედა“ [ზედაზნ. 1955:42]. ასურელ მამებამდე ამ ურთულეს გზას წმინდა ნინო გადის, „არმაზს“, გაც-გა’ს ამსხვრევს. მართლაც სამწუხაროა, რომ ქართული წყაროები პირდაპირ არაფერს ამბობს აინინას კერპის განადგურების შესახებ. რატომ? შესაძლოა იმიტომაც, რომ ანანურში საბოლოოდ არცერთი ასურელი მამა არ დამკვიდრებულა, ან იმიტომ, რომ ისტორიული ვითარებისადა გამო ქრისტეშობიდან VI ს-ში ის ისედაც შერყვნილ-განადგურებულია და, უბრალოდ, ამის საჭიროება აღარ არსებობს. „მოქცევაჲ ქართლისაჲ’ს“ ცნობა, რომ წმ. ნინო საკუთარ მისიას საქართველოს მთაშიც ახორციელებს, ტექსტში კარგად ჩანს: „და მოუწოდა [ნინომ] მთეულთა, ჭართალელთა და ფხოელთა, და წილკანელთა და უქადაგა სარწმუნოებაჲ ქრისტეჱსი“ [„მოქცევაჲ... 1979: 323-324]. ეს ძალზე ზოგადი მონათხრობია, მაგრამ მასში ჩვენთვის რაღაც საკვანძო მაინც იკვეთება. ყურადღებას მთიელ ჭართალელებზე გავამახვილებთ. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ჭართალეთი ისტორიული მხარეა მდ. არაგვის შუაწელზე და ჭართლის თემი სოფ. ანანურიდან სოფ. ხანდოსხევამდე ტერიტორიას მოიცავდა როგორც ძველ ეპოქებში, ისე – ახლა. ვფიქრობთ, წყაროთი დადასტურებული ეს ბუნდოვანი და მწირად გადმოცემული ამბავი მაინც გამოდგება სასიგნალო მასალად. ჩვენი აზრით, ნინოს მიერ ჭართალელთა მოქცევაში უცილობლად უნდა ვიგულისხმოთ ქართველ მთიელთა მიერ აინინას თაყვანისცემაზე უარის თქმა, კერპის განადგურება და, აქედან გამომდინარე, სავარაუდო კერპთაყვანისმცელური ტაძრის მოსპობის ქრონოსიც ნინოს ცხოვრების ეპოქაში (ქრისტესშობიდან III ს-ის დასაწყისში) უნდა დავსვათ.

შენიშვნის სახით დავამატებთ შემდეგსაც: თუ ჩვენი თვალსაზრისი აინინას ქალურობის, ერთ-ერთი დედაღვთაებობის (დედამზის), შესახებ მართებულია, მაშინ გასაგები ხდება, რატომაა ანანურის მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისა. მეტიც, ეჭვს იწვევს ანანურის ანსამბლში ზედა ციხის დასავლეთ მონაკვეთში აღმართული ღვთაების ეკლესია, ჯვარგუმბათოვანი ნაგებობა, რომელიც ოდნავ უფრო ძველია (XVI ს-ის ბოლო ან XVII ს-ის პირველი ნახევარი), ვიდრე – მთავარი ტაძარი (1689 წ.) [საქართველოს... 2004: 205-207]. ღვთაების ეკლესიის არქიტექტურაცა და მოხატულობაც ქრისტიანულია, რასაც ვერ ვიტყვით მის სახელწოდებაზე. ეს ხომ არ არის ის „დედა ადგილი“, სადაც გვიან ფეოდალურ ხანაში უკვე აღარავის ახსოვს, რომელი ღვთაებისა თუ კერპის ადგილზე აშენებს ჯვარგუმბათოვან სამლოცველოს? ისტორიული მეხსიერება მის სახელდებაში ხომ არ ცხადდება? პასუხს ამგვარ ფორმულირებას მივცემთ: ენა ეთნოკულტურული ფასეულობაა და მისი ცალკეული ნიშნები, ანუ სიტყვები, ხშირად მიგვანიშნებს კულტურის ცალკეულ ფენებზე. გავიმეორებთ და ვიტყვით, რომ ჩვენთვის უცნობი „დედაღვთაების“ ტაძრის ნამსხვრევებს შესაძლოა ჯერ კიდევ ინახავს ანანურის მიწა, მაგრამ ამ მიმართულებით ძიება არქეოლოგიისათვის მიგვინდია. 

დაბოლოს, კიდევ ერთ ისტორიულ ფაქტზე გავამახვილებთ ყურადღებას. საქმე ის არის, რომ იბერიის მეფე საურმაგ I დედით დურძუკია და მას საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად მთელი რიგი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება უწევს. როგორც ს. ჯანაშია შენიშნავს: „[საურმაგი] იძულებული შეიქნა, რაკი შინაურობაში მტკიცე მდგომარეობა არა ჰქონია, აზნაურთა გარდა ... უცხო ტომებსაც დაყრდნობოდა“ [ჯანაშია, 1952: 204]. ლეონტი მროველის წყაროს მიხედვით, ქართლის ერისთავთა მტრობისადა გამო საურმაგი ფარულად ივლტის დედულეთს და თავს აფარებს „ქუეყანასა დურძუკთასა დედის ძმათა მისთა თანა“ [მროველი, 1955: 26]. ამავე წყაროს მიხედვით, მას ოვსთა მეფეც ენათესავება („მამის დისწულია“). საურმაგი სწორედ დურძუკ-ოვსთა დახმარებით ახერხებს ქართლში შემობრუნებას, რასაც მოჰყვება ის, რომ „...განმრავლებულ ყვნა დურძუკნი, ნათესავნი კავკასისნი“ [მროველი, 1955: 27]. მართებული არ იქნება, თუ ამ ისტორიულ ფაქტს ყურადღების მიღმა დავტოვებთ, როცა ჩვენი კვლევის მიმართულება ტოპონიმ ანანურისა და აინინას იგივეობის დადგენაა. საურმაგის გენეტიკური კავშირი ჩრდილოკავკასიელ ტომებთან, მათივე გამოყენება სამეფო ხელისუფლების აღდგენის პროცესში, ერთი მხრივ, პირდაპირ გულისხმობს ძვ. წ. III ს-ის შუახანებში ანანურის გზის გააქტიურებას და, ამავდროულად, მცხეთის ადმინისტრაციული საზღვრების ამ გეოგრაფიული მიმართულებით გაფართოებას. 

ამრიგად, ენობრივი მასალაცა და ისტორიულ წყაროთა მონაცემებიც გვაფიქრებინებს, რომ წარმართული კერპის – აინინას – უძველესი სადგომი ანანურია, ჭართლელ მთიელთა სამკვიდრებელი. საურმაგის ეპოქაში „დიდი მცხეთის“ გზაზე სამხედრო-პოლიტიკური თუ სარწმუნოებრივი ფუნქციით აღმართული ეს ღვთაება წმინდა ნინოს მოსვლის ჟამს, სავარაუდოდ, პირველ ძლიერ დარტყმას განიცდის და თანდათანობით ისე ილეწება, რომ ასურელი მამების ხანაში იქ „ეშმაკეულის“ აღარც განდევნის აუცილებლობა არსებობს და აღარც იმისა, რომელიმე ასურელმა მამამ ეს ადგილი დაიკავოს. ჩვენი აზრით, მხოლოდ ქართული ენა და მასში დაცული ტოპონიმი – ანანური – რჩება ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ისტორიული ფენის ღირსეულ მოწმედ.