უილიამ შექსპირის „ქარიშხლის“ პარალელები ჯონ ფაულზის რომანში „კოლექციონერი“
შესავალი
ჯონ ფაულზის შემოქმედებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მეოცე საუკუნის ინგლისურ ლიტერატურაში. მის ნაწარმოებებში ვხვდებით დაკარგული პიროვნული ფასეულობების ძიების, პირადი თავისუფლებისა და სოციალური უთანასწორობის საკითხებს. ამ პრობლემების გადაწყვეტას ფაულზი ხელოვნებისა და ლიტერატურის გზით ცდილობს. ფაულზის ნაწარმოებებში ყურადღებას იპყრობს თავისუფლების, სიცოცხლის, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების საკითხები. ჯ. ფაულზის შემოქმედებაში დიდ როლს თამაშობს პერსონაჟთა ფსიქოლოგია; ავტორი დეტალურად აღწერს გმირების განცდებსა და ემოციებს სიუჟეტის მსვლელობის დროს.
ავტორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რომანია „კოლექციონერი“, რომელიც 1963 წელს გამოქვეყნდა და სწორედ მისი დახმარებით მოიპოვა ფაულზმა საყოველთაო აღიარება. ამ შემზარავი სიუჟეტის მქონე რომანში მოხდა ისეთი ანტაგონისტური ცნებების შეჯახება, როგორებიცაა - სიცოცხლე და სიკვდილი, ხელოვნება და პორნოგრაფია, სიყვარული და სასტიკი ეგოისტური მისწრაფებები. „კოლექციონერის“ პერსონაჟთა მისწრაფებები და პიროვნული მახასიათებლები შესანიშნავად გამოხატავს ეპოქის იდეოლოგიას [Hawkins-Dady, 1996: 302]. ფაულზმა მკითხველს წარმოუდგინა დაბალი ფენიდან წამოსული კლერკის ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომელიც ემოციურად დეგრადირებული, პოტენციურად აგრესიული და ინტელექტუალურად პრიმიტიული ადამიანია [Rackham, 1972: 91]. ამ საკითხების წინა პლანზე წამოწევით მწერალმა საზოგადოებას ერთგვარი გაფრთხილება მისცა, რომ შესაძლებელია ეს ყველაფერი რეალობად იქცეს.
რომანში დიდ როლს თამაშობს უილიამ შექსპირი და მისი პიესა „ქარიშხალი“, რომლის ღირებულებები სხვაგვარად გადათამაშდება ფაულზის პოსტმოდერნისტულ სამყაროში. რენესანსის ფილოსოფია და ხელოვნება ძირითადად ეყრდნობა იდეას, რომ არსებობს რაღაც აბსოლუტური სიმართლე, პოსტმოდერნიზმში კი რეალობა გაცილებით მეტად წარმოსახვითია და კონტექსტზეა დამოკიდებული [Brooke, 2008: 51]. რენესანსი უდიდეს ყურადღებას უთმობს ადამიანს, მის ინდივიდუალურობასა და უსაზღვრო შესაძლებლობებს; პოსტმოდერნიზმი კი საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და კონვენციების შელახვას და ტრადიციული აზროვნების ალტერნატივების ძიებას გულისხმობს [Procházka, 2015:109]. მაშინ, როცა „ქარიშხალი“ ნამდვილი კეთილშობილების სიმბოლოა და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებას ზეიმობს, ფაულზის რომანი მხოლოდ უსამართლობის განცდას ტოვებს, როცა ყველანაირი მაღალზნეობრივი ღირებულება მარცხდება და მთავარი პერსონაჟი ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ჯალათის დაუცველი მსხვერპლი ხდება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რენესანსული იდეოლოგია სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას ემსახურება, რისი მაგალითიცაა უილიამ შექსპირის ნაწარმოები, ხოლო პოსტმოდერნიზმი, როგორც ამას ჯ. ფაულზის „კოლექციონერი“ ცხადყოფს, ეჭვქვეშ აყენებს საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებებს და ადამიანების ურთიერთობების აბსტრაქტულობაზე მიგვითითებს.
მეთოდები
წინამდებარე სტატიის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძველია ჯონ ფაულზის შესახებ არსებული კრიტიკული ლიტერატურა, კვლევები და სამეცნიერო ნაშრომები, რომლებშიც მწერლის შემოქმედება სხვადასხვა კუთხით არის განხილული. კვლევისთვის არჩეულია შედარების მეთოდი და შესასწავლი სუბიექტების მსგავსება-განსხვავებების იდენტიფიცირება; უფრო კონკრეტულად კი – ანალოგია, რომელიც არაიდენტური ობიექტების მსგავსების დანახვის საშუალებას იძლევა. ჩვენს შემთხვევაში, შესასწავლი ობიექტებია ჯონ ფაულზის რომანის მთავარი პერსონაჟები, რომლებიც შექსპირის „ქარიშხლის“ პერსონაჟთა ანალოგებს წარმოადგენენ.
პარალელები უილიამ შექსპირის „ქარიშხალთან“
რომანი ინტერტექსტუალურად უკავშირდება უილიამ შექსპირის „ქარიშხალს“, მთავარ პერსონაჟს მირანდა ჰქვია, ხოლო მის გამტაცებელს ფრედერიკ კლეგი, რომელიც თავს ფერდინანდს უწოდებს, რადგან ეს სახელი უფრო კეთილშობილურად მიაჩნია: „ყოველთვის მომწონდა სახელი ფერდინანდი, მანამდეც კი, სანამ მირანდას გავიცნობდი. არის ამ სახელში რაღაც უცხოური, გამორჩეული“ [ფაულზი, 2017: 45]. თუმცა მირანდა მას კალიბანს უწოდებს, რომელიც „ქარიშხლის“ პერსონაჟია და ბნელ ძალას წარმოადგენს. პერსონაჟთა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული და საპირისპირო სამყაროს წარმოჩენისას ავტორი შექსპირის ნაწარმოების მოქმედი პირების, მირანდასა და კალიბანის, პიროვნულ თვისებებს სესხულობს. რომანი წარმოადგენს შექსპირის მსოფლმხედველობის ხელახალ ანალიზს, რომლის საფუძველზეც გადაფასებულია მრავალი მორალური ღირებულება და შეხედულებათა მთელი სისტემა. „კოლექციონერი“ თითქოს „ქარიშხლის“ ანარეკლია მრუდე სარკეში: ლონდონის გარეუბნის მიტოვებული სახლის სარდაფში გამომწყვდეული, სრულ იზოლაციაში მყოფი მირანდა მთელი სამყაროსგან მოწყვეტილ კუნძულზეა, რომელსაც ყველაზე ძვირფასი რამ - თავისუფლება - წაართვეს [კობეშავიძე, 2000: 31]. გარდა ამისა, ორივე ნაწარმოები ეყრდნობა საყოველთაოდ ცნობილი ზღაპრის, „მზეთუნახავისა და ურჩხულის“, არქეტიპებს. თუმცა ფაულზი თავისი რომანის პერსონაჟებს პოსტმოდერნისტული ეპოქის პრიზმაში გარდაქმნის და წინამორბედი გმირებისგან სრულიად განსხვავებულ, უფრო შემზარავ და ტრაგიკულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ყოველივე ეს კი ფაულზის თანამედროვე საზოგადო ყოფის შედეგია, რომელიც ადამიანებზე ტრაგიკულ ზეგავლენას ახდენს და მათ შემზარავი, არაჰუმანური ქმედებებისკენ უბიძგებს.
ფაულზთან დიდ როლს თამაშობს ფროიდის იდეები და ეგზისტენციალიზმი. მისი რომანის სიუჟეტი მრავალ სერიოზულ საკითხს ეხება, რომლებიც ქვეტექსტურად შეიძლება წავიკითხოთ. ერთ-ერთი ასეთი საკითხია ‘Few’ და ‘Many’ დაპირისპირება მირანდას და ფრედერიკის პერსონაჟების სახით [ბეჭვაია, 2010: 99]. ფაულზი თვლის რომ მოუხედავად იმისა რომ ადამიანები არათანაბარ პირობებში იბადებიან, საზღვარი ე. წ. ‘Few’-ს და ‘Many’-ს შორის თავად პიროვნებაში გადის [ხარბედია 2013: 2], „მასასთან“ დაპირისპირება მხოლოდ განათლებითა და ხელოვნებისადმი სწრაფვით შეიძლება. სწორედ ასე დაიმკვიდრა მირანდამ ადგილი რჩეულ საზოგადოებაში, ხოლო ფრედერიკი „მასის“ ნაწილად დარჩა - მას არასდროს აუღია პასუხისმგებლობა საკუთარ დანაშაულზე, არასდროს დაფიქრებულა შეცდომებზე, მას არ გააჩნია დანახვისა და გაგების შესაძლებლობა. შექსპირთან როლების განაწილება უფრო პირდაპირი გზით ხდება, დიდგვაროვნები ‘Few’-ს წარმომადგენლები არიან, ხოლო მათ დამორჩილებული ხალხი - ‘Many’ [Nostbakken, 2004: 92]. ეს ზღვარი აშკარა და მკაფიოა, მაშინ როცა ფაულზის თანამედროვეობა მეტად კომპლექსურია, მოითხოვს ადამიანისგან დანახვისა და გაგების უნარს.
რომანის სიუჟეტი, ისევე როგორც შექსპირის პიესა, ორი მთავარი პერსონაჟის - მირანდასა და კლეგის - დღიურებს ეფუძნება, რომლებშიც ისინი რეალობას საკუთარი პერსპექტივიდან აღწერენ. მათი შინაგანი მონოლოგების გადმოცემით ავტორი მკითხველს მაქსიმალურად აახლოვებს გმირებთან და მათი პირადი განცდების თანაზიარს ხდის. ნათელია, რომ მირანდა საკუთარი მდგომარეობის მსხვერპლია, ხოლო კლეგი - არსებული სოციალური სინამდვილის მსხვერპლი [Woodcock, 1984: 66].
ნაწარმოების სიუჟეტის განვითარებისას მკითხველს თითქოს იმედი ეძლევა, რომ მირანდა საბოლოოდ შეძლებს მოძალადე გამტაცებლის მარწუხებიდან თავის დაღწევას და თავისუფლებას მოიპოვებს, როგორც ეს შექსპირთან ხდება. თუმცა საბოლოოდ ირკვევა, რომ ეს მირანდას სასჯელია და ის ვერასოდეს შეძლებს ჯალათისგან დახსნას. ეს ისტორია ურთიერთობის შეუძლებლობაზეა: იქ, სადაც ორი სრულიად განსხვავებული სამყარო ეჯახება ერთმანეთს, შეუძლებელია ურთიერთგაგება და საერთო ენის გამონახვა [ხარბედია 2013: 1]. რომანის მსგავსი განვითარება დახურულ სივრცეში მოგზაურობას ჰგავს, სადაც მხოლოდ შიში და უიმედობა სუფევს. კლეგის მიერ შექმნილი რეალობა სულისშემხუთველი და მომაკვდინებელია. პერსონაჟთა შინაგანი მონოლოგი მკითხველს კიდევ უფრო აახლოებს ტყვეობის საშინელებასთან, პირველ რიგში, კლეგის ფსიქოპათიური გონების ჯურღმულებთან, მერე კი მირანდას შინაგან სამყაროსთან, რომელიც სავსეა მუდმივი იმედგაცრუებით და უმწეობით. სამწუხაროდ, მიუხედავად თავისი მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებისა, მირანდა უძლურია კლეგის შავბნელი განზრახვების პირისპირ. მთავარი პერსონაჟები თითქოს ერთ წრეზე ტრიალებენ, რადგან კლეგი მირანდას თავისუფლებისკენ მუდმივ და დაუოკებელი სწრაფვას სისტემატურად და უმოწყალოდ ხელყოფს.
შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ კლეგი პეპლებს აგროვებს საკუთარი კოლექციისთვის [Tarbox, 1988: 176]. ძველბერძნულ ცივილიზაციაში პეპელა ადამიანის სულთანაა გაიგივებული; შესაბამისად, ფრედერიკი სულების დამტყვევებლად გვევლინება. კოლექციაში არ არსებობენ ცოცხალი პეპლები - ეს ერთგვარი მანიშნებელია იმისა, რომ მირანდაც ამ კოლექციის უსიცოცხლო ეგზემპლარად იქცევა.
ბავშვობის ტრავმებმა კლეგი კომპლექსების დახლართულ სამყაროში გამოკეტა, კარჩაკეტილობისა და საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობის განცდა შესძინა [Loveday, 1985: 70]. მას არ ძალუძს რეალობის ადეკვატური აღქმა - ის საკუთარი წარმოსახვით შექმნილ სამყაროში ცხოვრობს, სადაც შეუძლებელია ნამდვილისა და არანამდვილის ერთმანეთისგან გარჩევა, საღი აზროვნების შენარჩუნება.
მკითხველს კლეგის მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულება აქვს. ერთი მხრივ, ის უდიდეს აგრესიას იწვევს სულმდაბალი და ჯალათური ბუნების გამო, მეორე მხრივ, ფრედერიკის წარსული, პირადი ტრაგედია და მის მიერ მირანდას გაღმერთება ერთგვარ თანაგრძნობასაც აჩენს. კლეგის გარემოცვა და სამყარო ისეა მოწყობილი, რომ მისთვის ერთადერთი ნათელი წერტილი მირანდაა - პერსონაჟი, რომელიც ყველაფერ სანატრელთან და მიუწვდომელთან ასოცირდება. მირანდა მისთვის განასახიერებს ყოველივე იმას, რაც მანამდე არც ერთ ქალში არ ჰქონია ნაცნობი [Axelrod-Sokolov 2018: 81]. იგი თავისი არსებით წარმოადგენს უსულო ექსპონატს, ყველასგან გარიყულ და მიტოვებულ პიროვნებას, რომელსაც ყველა ისე მოექცა, როგორც ის მირანდას ექცევა [Pifer, 1986: 92]. ეს თითქოს იმ უარყოფითი ძალების ტრანსფორმაციის შედეგია, რომელმაც საბოლოო ჯამში მირანდას, საზოგადოების უდანაშაულო წევრს, მიაყენა სასიკვდილო ზიანი; რაც სრულიად ლოგიკურია პოსტმოდერნისტულ სამყაროში.
კლეგი, ისევე როგორც კალიბანი, ბნელ ძალებს და სურვილებს ჰყავს შეპყრობილი. შექსპირის პერსონაჟი გარეგნულადაც მახინჯი და საზიზღარია, “A freckled whelp hag-born—not honoured with a human shape” [Shakespeare, 2007: 21], ფაულზთან კი კლეგს ჩვეულებრივი გარეგნობა აქვს, ავტორი მის შინაგან სიმახინჯეზე, მესაკუთრულ მისწრაფებებსა და ხელოვნების ხელყოფაზე ამახვილებს ყურადღებას [კობეშავიძე, 2000: 32]. იგი გამუდმებით ცდილობს და ახერხებს კიდეც თავის ქვეცნობიერში არსებული ფიქრები საკუთარ თავსაც არ გაუმჟღავნოს. მას არ შეუძლია თავისი თანამედროვე სამყაროს მიღება, სწორედ ამიტომ ის საკუთარი წარმოდგენებისა და ილუზიების სამყაროში ცხოვრობს [Aubrey, 1991: 142]. მას მტკიცედ სჯერა, რომ მირანდასა და საკუთარი თავისთვის პარალელური სამყაროს შექმნა შეუძლია, სადაც ბედნიერად და უდარდელად იცხოვრებენ, როგორც შესანიშნავი წყვილი. „...მხოლოდ ვატყვევებდი, ჩემი ფურგონით სადღაც, განმარტოებულ სახლში მიმყავდა და მერე იქ მყავდა ტყვედ, თუმცა კარგად ვეპყრობოდი. ის თანდათან გამიცნობდა და შემიყვარებდა და მერე მშვენიერ, თანამედროვე სახლში ვცხოვრობდით ერთად. ვქორწინდებოდით, მერე ბავშვები და ყველაფერი“ [ფაულზი, 2017:21]. რაც უფრო მეტად ფიქრობს და უღრმავდება ამ საკითხს, მით უფრო კარგავს რეალობის შეგრძნებას და მიიჩნევს, რომ მირანდა არა მისი ტყვე, არამედ სტუმარია.
კლეგს კიდევ უფრო საშიშ და ამაზრზენ პიროვნებად მისი სიჯიუტე და თავდაჯერებულობა აქცევს. მას ყოველთვის მიაჩნია, რომ იგი მართალია, მისი ქმედებები კი სამართლიანი: „ჩემი აზრით, ჩემნაირი ბევრი რომ იყოს, სამყარო უკეთესი იქნებოდა“ [ფაულზი, 2017: 15], ამბობს ის, როცა თავისი ამბის თხრობას იწყებს. ფრედერიკი იმითაც ამაყობს, რომ მირანდას გატაცება ყოველგვარი გართულებისა და კვალის დატოვების გარეშე შეძლო: „...თითქოს რაღაც დიადი საქმე აღვასრულე, ევერესტზე ავედი ან მტრის ზურგში გმირობა ჩავიდინე“ [ფაულზი, 2017: 15]. ამავდროულად მირანდას გატაცებას ის პეპლებზე ნადირობას ადარებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის გოგონას ვერ აღიქვამს დამოუკიდებელ პიროვნებად, რომელსაც მისგან სრულიად განსხვავებული მიზნები და სურვილები აქვს: „ეს მოხდა - ისე, როგორც ხანდახან პეპლებზე ნადირობისას ხდება ხოლმე. მიდიხარ გარკვეულ ადგილას, სადაც იცი, რომ იშვიათი ეგზემპლარებია, უცდი, არა და არ ჩანან და შემდეგ, როცა უკვე აღარ ეძებ, აგერ, შენ წინ, ყვავილზე დასკუპებულა, თითქოს ხონჩით მოგართვესო, რომ იტყვიან“ [ფაულზი 2017: 31].
კლეგის შემთხვევაში ყველაზე მძიმე ისაა, რომ ჩადენილის გამო თავს დამნაშავედ არ ცნობს – მირანდას სიკვდილი მისთვის გოგონასვე სიჯიუტის შედეგია. მირანდას დღიური კლეგისთვის ცხადყოფს, რომ პერსონაჟის თვალში ის სულმდაბალი და საზიზღარი არსება იყო. სწორედ ამიტომ, იგი ცდილობს, საკუთარი მომავალი გამყიდველ გოგონას დაუკავშიროს, რომელიც სოციალურად მასთან გათანაბრებულია და ამდენ პრობლემასაც აღარ შეუქმნის. სამწუხაროა, რომ კლეგი ვერასოდეს მიხვდება: ადამიანზე ძალადობა, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა, გამართლებული ვერ იქნება. ამ საშინელი ქმედებით ის ვერც სასურველ შედეგს მიაღწევს და ვერც საკუთარ სიმარტოვეს დააღწევს თავს.
შექსპირთან, როგორც ეს რენესანსის პრინციპებს შეესაბამება, კალიბანი ისჯება მისი ქმედებების გამო. „ქარიშხლის“ პირველი აქტის მეორე სცენაში ნათელი მინიშნებაა იმის თაობაზე, რომ კალიბანი ეცადა მირანდას გაუპატიურებას: “Thou most lying slave, / Whom stripes may move, not kindness! I have used thee, / Filth as thou art, with human care, and lodged thee / In mine own cell, till thou didst seek to violate / The honour of my child” [Shakespeare, 2007: 35]. აღნიშნულის გამო პროსპერო სასტიკად დასჯის მას, რაც სავსებით ბუნებრივია, რენესანსის ეპოქაში სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე.
ნაწარმოების მეორე ნაწილი მირანდას შინაგან მონოლოგს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ვეცნობით მის ღრმა და მრავალფეროვან სამყაროს, პირად განცდებს, სურვილებს, მის წარსულს, მეგობრებს და უმნიშვნელოვანეს ფიგურას, ჯ. პ.-ს, რომელთანაც მას ღრმა გრძნობები აკავშირებს. დღიურიდან კარგად ჩანს მირანდას ჰუმანურობა, რომლითაც ძლიერ უახლოვდება შექსპირის პერსონაჟს, მისი ტოლერანტული დამოკიდებულება თავად კალიბანის მიმართ, რომლის ტყვეობაშიც იმყოფება [Aubrey, 1991: 76]. ამის მსგავსად, შექსპირთან მირანდა სიწმინდისა და უმანკოების სიმბოლოა: “perfect and peerless, created of every creature's best” [Shakespeare, 2007: 48], რომელსაც არ აქვს მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება, მისი ფერდინანდთან ურთიერთობა კი სიყვარულის პირველი განცდაა, რასაც ძალიან უფრთხილდება და რაც ძალიან ეძვირფასება: “I am your wife, if you will marry me. If not, I’ll die your maid.Tto be your fellow You may deny me, but I’ll be your servant, Whether you will or no“ [Shakespeare, 2007: 51]. მირანდას ამ წრფელ გრძნობას სამყაროს ბნელი ძალა ვერაფერს აკლებს. პოსტმოდერნისტულ სამყაროში მირანდას მაღალზნეობრივი სამყარო კლეგის მდაბიო მისწრაფებების პირდაპირი ანტიპოდია, ის მრავალმხრივი და კრეატიული ახალგაზრდა მხატვარია, რომელსაც თავისუფლება სწყურია. მირანდას შეუძლია თავისი სუფთა გრძნობები, სურვილები და ოცნებები ბნელ და უჰაერო სარდაფში გამოხატოს. ის მუდმივად ესწრაფვის სიცოცხლეს, ყველაფერს, რაც სიცოცხლითაა სავსე და მას გულს სტკენს ტყვეობაში ყოფნა: „მე მიყვარს პატიოსნება, თავისუფლება და გაცემის სურვილი. მიყვარს შექმნა და შემოქმედება. მიყვარს სისხლსავსე ცხოვრება. მიყვარს ყველაფერი, რაც პასიურ დამკვირვებლობას, მიმბაძველობას, სულის გახევებას ეწინააღმდეგება“ [ფაულზი, 2017: 315]. შექსპირის პერსონაჟის მსგავსად, მირანდა ბუნების ჰარმონიის და სილამაზის აღქმის უნარითაა დაჯილდოებული. ის ეტრფის სინათლეს, მზის სხივებს და ყველაფერ იმას, რაც ხელოვნებისთვის ღირებულია [Thompson, 1991: 142]. მირანდა იმითაც განსაკუთრებულია, რომ არ შეუძლია კლეგი სძულდეს ან შური იძიოს მასზე, სურს, რომ დაეხმაროს და სამყარო სხვა თვალით დაანახოს: „უცებ ვიგრძენი, როგორი უბადრუკია მისი ცხოვრება, ისევე როგორც მამიდამისის, მისი მამიდაშვილისა და მისი ავსტრალიელი ნათესავების ცხოვრება. ვიგრძენი ასეთი ცხოვრების მძიმე, ჩლუნგი, ყოვლისმომცველი უიმედობა. იმის მსგავსი, ჰენრი მურს რომ აქვს თავის ნახატზე: ადამიანები დაბომბვისას მეტროს ბნელ ვაგონებში. ხალხი, რომელიც ვერასოდეს დაინახავს, იგრძნობს, იცეკვებს, დახატავს, იტირებს მუსიკის მოსმენისას, შეიგრძნობს სამყაროს, დასავლეთის ქარს. ისინი არასოდეს იცხოვრებენ, ამ სიტყვების ნამდვილი მნიშვნელობით“ [ფაულზი, 2017: 270]. ანალოგიურად, „ქარიშხლის“ პერსონაჟი მირანდაც თავდაპირველად სიბრალულითაა განმსჭვალული კალიბანის მიმართ: “Be not afeard; the isle is full of noises, Sounds and sweet airs, that give delight and hurt not" [Shakespeare, 2007: 35], იმასაც კი ცდილობს, რომ ენა შეასწავლოს ურჩხულს, მაგრამ სიბრალული სიძულვილად გადაექცევა მას შემდეგ, რაც კანიბალი მასზე ძალადობას ეცდება.
მირანდა კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება მკითხველის თვალში, როცა ის ხელოვნებაზე საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს. იღვწის, რომ უკეთესი ხელოვანი დადგეს. მისთვის ლიტერატურა და მხატვრობა ის საშუალებებია, რომელთა დახმარებითაც ამყარებს კონტაქტს რეალობასთან და ცდილობს, არ დაიკარგოს კალიბანის ბნელ სამყაროში [Pifer, 1986: 138]. მირანდას ბუნების სისუფთავე და სიფაქიზე კიდევ ერთი მიზეზი ხდება იმისა, თუ რატომ შესტკივა გული ასე ძალიან მკითხველს მისი ტრაგიკული აღსასრულის გამო.
მირანდას არ სურს, ბოლომდე თვალი გაუსწოროს იმ რეალობას, რომელშიც აღმოჩნდა, რადგან აქ ყველაფერი უსიცოცხლო, ბნელი და გამოფიტულია, ხოლო ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა აქვს, მისთვის „...ადამიანი არ არის. სიცარიელეა, რომელიც ცდილობს, ადამიანის ფორმა ჰქონდეს“ [ფაულზი, 2017: 277]. მირანდას შეცდომა ისაა, რომ კლეგის განათლებას ცდილობს, მასთან იდეების ბრძოლაში ერთვება, მაშინ როცა საუთარი თავის გადასარჩენად უნდა იღვწოდეს [Aubrey, 1991: 76]. შექსპირის სამყაროში ვერც მირანდა მიაღწევს წარმატებას კალიბანის განათლების საკითხში, შექსპირის პერსონაჟს არ შეუძლია პროსპეროს წიგნების კითხვა, პირიქით, სიძულვილს გამოხატავს განათლებისადმი და წიგნების დაწვა სურს: “They all do hate him as rootedly as I. Burn but his books“ [Shakespeare, 2007: 55]. ანალოგიურად, კლეგისთვის სრულიად უცხო და გაუგებარია ის წიგნები, რომლებსაც მირანდა სთავაზობს [კობეშავიძე, 2000: 32], რაც იმის მიმანიშნებელია, რომ კლეგს მხოლოდ მისი ფიზიკური ტყვეობა და მასზე ძალაუფლების მოპოვება სურს, ხოლო ემოციურ-ინტელექტუალური კავშირი მისთვის სრულიად უმნიშვნელოა [Nostbakken, 2004: 75].
მირანდას დღიურში მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებთან თუ ადამიანებთან ერთად იკითხება მისი ტანჯვა იმის გამო, რომ უსულგულო ადამიანის მსხვერპლი გახდა. მან შესანიშნავად იცის, რომ ფსიქოპატი ადამიანის სისუსტედ იქცა, წერს იგი საკუთარი მდგომარეობის გაანალიზების შედეგად: „კოლექციონერია. კოლექციონერობა - რაღაც მკვდარი და უსიცოცხლო, რაც მთელ მის არსებას ავსებს“ [ფაულზი, 2017: 194]. ის ასევე აცნობიერებს, რომ ამ დილეგში სიკვდილისთვისაა განწირული, როგორც პეპლის ერთ-ერთი ნიმუში: „მეც სწორედ [პეპლების] ბოთლში ვზივარ, ფრთებს ვაფარფატებ მინის კედლებს შორის და რადგან მინა გამჭვირვალეა, ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ ბოთლიდან თავის დაღწევა შესაძლებელია. რომ იმედი ჯერ კიდევ არის, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ილუზიაა“ [ფაულზი, 2017:252]. მირანდა იმდენად გონიერია, რომ იცის, ვერასოდეს შეძლებს ჯალათს ხელიდან დაუსხლტეს, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, იბრძვის სიცოცხლის ბოლო წუთამდე.
ნათელია, რომ მირანდას ღრმა გრძნობები აკავშირებს ჯ. პ.-სთან, იმავე ჯორჯ პასტონთან, რომელიც მცირე ხანში მის კუმირად იქცა. მირანდას ხიბლავს ჯ. პ.-ს მოსაზრებები ხელოვნებაზე, საზოგადოებასა და პოლიტიკაზე, თავის დღიურში იგი იხსენებს, თუ როგორ უარყოფითად მოიხსენიებდა კოლექციონერებს, რაც თავისი ცხოვრების ტრაგიკული მაგალითით სრული სიმართლე აღმოჩნდა. ჯ. პ-ს პერსონაჟი წინააღმდეგობრივი თავისებურებებით შეიძლება შექსპირის პროსპეროს დავუკავშიროთ, რომელიც ასევე წინააღმდეგობრივი პერსონაჟია. ის ერთი შეხედვით თავის მტრებს „მიუტევებს“, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შურს იძიებს მათზე [Mabillard, 2010: 4]. ორივე პერსონაჟი გამორჩეულია ცოდნით და განათლებით, მათ აქვთ ძალაუფლება და შეუძლიათ ირგვლივმყოფებზე დიდი გავლენის მოხდენა. შექსპირთან პროსპეროს მაგიური უნარები ეხმარება გააკონტროლის პერსონაჟები და მათი ბედისწერა, ასევე დაიბრუნოს დაკარგული სტატუსი [Zabus, 2002: 211], ფაულზთან კი ჯ. პ-ს მთავარი იარაღი მისი ცოდნა და გამოცდილებაა, მისი იდეები უდიდეს ზეგავლენას ახდენს მირანდას მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. ნათელია, რომ ის მიეკუთვნება სოციალურ ელიტას, ‘few’-ს, რომლის შეხედულებები მირანდას აღტაცებას იწვევს, იგი ოცნებობს ისეთ მომავალზე, როცა ჯ. პ-სთან ერთად ბედნიერად იცხოვრებს, მაგრამ ჯ. პ. შორსაა და ვერ ეხმარება მირანდას ტყვეობიდან გათავისუფლებაში. ძველი სახლის სარდაფი, ხელოვნების გარეშე დარჩენილი ცივი და შეუვალი კუნძულია, ისევე როგორც ფაულზის თანამედროვე სამყარო, რომლის სისასტიკესაც ეწირება მირანდა[კობეშავიძე, 2000: 32].
დასკვნა
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რომანში „კოლექციონერი“ აშკარაა ორი სხვადასხვა შეხედულების და იდეოლოგიის მქონე პერსონაჟთა დაპირისპირება, რაც შემზარავ სახეს იღებს და საბოლოოდ ტრაგიკული შედეგით სრულდება. „ქარიშხალი“ კი არის პიესა, რომელშიც ჭეშმარიტი კულტურა და მაღალი ზნეობრივი ღირებულებები იმარჯვებს ყალბ ფასეულობებსა და შერყვნილ ღირებულებებზე [კობეშავიძე, 2000: 31]. თითოეული ნაწარმოების ფინალი სრულიად ლოგიკურია მათი თანამედროვე ეპოქათა სულისკვეთების გათვალისწინებით, რენესანსში სამართლიანობა ზეიმობს, კეთილი ზრახვები იმარჯვებს ბოროტ ინსტინქტებზე, პოსტმოდერნიზმის სასტიკ სამყაროში კი ბნელი ძალა დაუსჯელი რჩება. მირანდას სათუთი ბუნება, მისი სწრაფვა ხელოვნებისადმი და კალიბანის პრიმიტიულობა პირდაპირ ნასესხებია შექსპირის პიესიდან. თუმცა, ფაულზის თანამედროვეობაში შეუძლებელია მაღალი იდეალების გამარჯვება, რადგან აქ ყველაფერი ორიგინალის იმიტაციაა, აღარ არსებობს ბედნიერი დასარული, რადგან ასეთ ყოფაში წარმოუდგენელია ბოროტების დამმარცხებელი გრძნობის დაბადება. შექსპირთან კლასობრივი დაპირისპირების თემა პირდაპირაა დაკავშირებული ადამიანის წარმომავლობასთან, ფაულზთან კი ‘Few’ და ‘Many’ მიკუთვნებულობა თავად პიროვნებას შეუძლია შეცვალოს, თუკი ის ამას მოინდომებს. მიუხედავად იმისა, რომ ფრედერიკი მატერიალურად გამდიდრდა, მისი შინაგანი სამყარო ვერასოდეს მიაღწევს ‘Few’-ს მდგომარეობას [Van der Zanden, 2017: 21]. პოსტმოდერნისტულ სამყაროში რადიკალურად განსხვავებულია თანამედროვე მზეთუნახავისა და ურჩხულის ურთიერთობა, თანამედროვეობაში მირანდას არ შეუძლია კლეგის პიროვნების მიღმა სხვა ბევრად უფრო მიმზიდველი ადამიანის დანახვა, ის არ ღალატობს საკუთარ პრინციპებს და ეწირება კიდეც მათ, რადგან ამ დროში სიყვარულს აკვიატება ცვლის, რომელიც არათუ ამრავალფეროვნებს ადამიანების შინაგან სამყაროს, არამედ ანადგურებს მათ.













