სილვია პლათის „მამილო“ ინტერპრეტაციები
„მამილო“, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, სილვია პლათის შემოქმედებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლექსია. ამ ორიგინალური და პროვოკაციული ტექსტის ინტერტექსტად ენ სექსტონის კონფესიური ლექსი „ჩემო მეგობარო, ჩემო მეგობაროა“ (“My Friend, My Friend”, 1959) მიჩნეული. ენ სექსტონის ლექსი პირველად დაიბეჭდა Antioch Review -ში 1959 წლის ზაფხულში [Sexton, 1959: 150], თუმცა ს.პლათი უფრო ადრე გაეცნო მას, კერძოდ, 1958 წლის ბოლოსა და 1959 წლის დასაწყისში, ბოსტონის უნივერსიტეტში გამართულ ლოუელის ვორკშოფზე. შესაძლებელია, ეს ლექსი მას უნივერსიტეტის არაფორმალურ გარემოშიც ჰქონოდა მოსმენილი.
ამ დროს ენ სექსტონი მუშაობდა ლექსების წიგნზე „გზა ფსიქიატრიულ საავადმყოფომდე და უკან“ (“To Bedlam and Part Way Back”, 1960). თავისი შემოქმედებით ენ სექსტონმა უჩვენა პლათს, თუ როგორ უნდა მოეხერხებინა პირადისა და ღრმად პერსონალურის გარეთ გამოტანით პოეზიის შექმნა, პირველ პირში საუბარი. ს. პლათმა მოგვიანებით აღიარა ენ სექსტონისა და რობერტ ლოუელის დიდი გავლენა მისი პოეტური ხმის ჩამოყალიბებაზე. ბუნებრივია, ამგვარი ზეგავლენა ახალბედა ავტორებისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
„ძალიან გახარებული ვიყავი იმით, რაც ვიგრძენი, თავისუფლება რობერტ ლოუელის „ცხოვრების გაკვეთილებმა“ (“Life Studies”, 1959) მომიტანა. ეს ინტენსიური გარღვევა ძალიან სერიოზულ, პირად, ემოციურ განსაცდელად იქცა, რომელსაც ნაწილობრივ ტაბუდ აღვიქვამდი...“. „მე ვფიქრობ, ენ სექსტონი უკიდურესად ემოციური და ახალგაზრდა მგრძნობიარე ქალია, მისი ლექსები საოცრად ოსტატურადაა დაწერილი და მათ აქვთ ემოციური და ფსიქოლოგიური სიღრმე, რომელიც ახალი და საკმაოდ ამაღელვებელია“.1 ორივე ციტატა BBC-სთვის მიცემული ინტერვიუებიდანაა მოყვანილი, რომლებიც 1962 წლის ოქტომბერშია ჩაწერილი. „მამილო“ ამავე თვის 12 რიცხვში დაიწერა. ფაქტობრივად, აქედან იწყება ს.პლათის ხანმოკლე ცხოვრების ყველაზე ნაყოფიერი შემოქმედებითი პერიოდი: 1962 წლის შემოდგომაზე მან დაწერა ლექსები კრებულებისთვის: „ზამთრის ხე“ (Winter Tree, 1971) და „არიელი“ (“Ariel”, 1965). ცხოვრების ამ ეტაპზე დაწერილი ლექსები საუკეთესოა ს. პლათის შემოქმედებაში.
როგორც ვარაუდობენ, ენ სექსტონის ზემოთხსენებული ლექსი პოეტის მეგობარს, მაქსიმო ვინოკურ კუმინს ეძღვნება. ეს მოსაზრება იმ ფაქტითაცაა გამყარებული, რომ, კუმინის მსგავსად, ლექსში მოხსენიებული მეგობარიც ებრაელია. ლირიკული გმირი ამტკიცებს, რომ იგი არ არის რომელიმე რელიგიის მიმდევარი. ლექსის ფოკუსს მისი თავდაუღწეველი დანაშაულის გრძნობა ქმნის. იგი მზადაა, მიუტევოს, რომ თვითონაც მიეტევოს. „მამილოც“ პირველ პირში დაწერილი მიმართვა, მიტევების თხოვნაა. საილუსტრაციოდ მოგვყავს ტექსტი:
“Daddy
You do not do, you do not do
Any more, black shoe
In which I have lived like a foot
For thirty years, poor and white,
Barely daring to breathe or Achoo.
Daddy, I have had to kill you.
You died before I had time——
Marble-heavy, a bag full of God,
Ghastly statue with one gray toe
Big as a Frisco seal
And a head in the freakish Atlantic
Where it pours bean green over blue
In the waters off beautiful Nauset.
I used to pray to recover you.
Ach, du.
In the German tongue, in the Polish town
Scraped flat by the roller
Of wars, wars, wars.
But the name of the town is common.
My Polack friend
Says there are a dozen or two.
So I never could tell where you
Put your foot, your root,
I never could talk to you.
The tongue stuck in my jaw.
It stuck in a barb wire snare.
Ich, ich, ich, ich,
I could hardly speak.
I thought every German was you.
And the language obscene
An engine, an engine
Chuffing me off like a Jew.
A Jew to Dachau, Auschwitz, Belsen.
I began to talk like a Jew.
I think I may well be a Jew.
The snows of the Tyrol, the clear beer of Vienna
Are not very pure or true.
With my gipsy ancestress and my weird luck
And my Taroc pack and my Taroc pack
I may be a bit of a Jew.
I have always been scared of you,
With your Luftwaffe, your gobbledygoo.
And your neat mustache
And your Aryan eye, bright blue.
Panzer-man, panzer-man, O You –
Not God but a swastika
So black no sky could squeak through.
Every woman adores a Fascist,
The boot in the face, the brute
Brute heart of a brute like you.
You stand at the blackboard, daddy,
In the picture I have of you,
A cleft in your chin instead of your foot
But no less a devil for that, no not
Any less the black man who
Bit my pretty red heart in two.
I was ten when they buried you.
At twenty I tried to die
And get back, back, back to you.
I thought even the bones would do.
But they pulled me out of the sack,
And they stuck me together with glue.
And then I knew what to do.
I made a model of you,
A man in black with a Meinkampf look
And a love of the rack and the screw.
And I said I do, I do.
So daddy, I’m finally through.
The black telephone’s off at the root,
The voices just can’t worm through.
If I’ve killed one man, I’ve killed two –
The vampire who said he was you
And drank my blood for a year,
Seven years, if you want to know.
Daddy, you can lie back now.
There’s a stake in your fat black heart
And the villagers never liked you.
They are dancing and stamping on you.
They always knew it was you.
Daddy, daddy, you bastard, I’m through”
[ინტერნეტრესურსი 1].
„მამილოს“ ადრესატები ლირიკული გმირისათვის ახლობელი ადამიანებია - ეს ლექსი, უდავოდ, მამამისის, ოტო პლათისა 2 და მისი ქმრის, ტედ ჰიუზის მიერაა ინსპირირებული. თუმცა ისინი არც ლექსში ნახსენები ნაცისტები არიან და არც შავებში გამოწყობილი მამაკაცი Meinkampf-ის გამომეტყველებით (“I made a model of you,/ A man in black with a Meinkampf look”),3 თავად პოეტი კი – ბოშა ტაროს მკითხავია, ვინც თავს ებრაელად აღიქვამს (“With my gipsy ancestress and my weird luck/ And my Taroc pack and my Taroc pack/ I may be a bit of a Jew” [Plath, 2004: 74]). ს.პლათმა გამოიყენა და „დაამახინჯა“ ავტობიოგრაფიული ფაქტები, რათა აღეწერა სადომაზოხისტური და უკიდურესად, ორმხრივად დესტრუქციული ურთიერთობები. საამისოდ მან საუკეთესო მოდელად ენ სექსტონის ლექსი მიიჩნია.
„მამილოს“ მხატვრული ქსოვილი ინტერტექსტუალურად საკმაოდ მდიდარია – საკუთარი მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად ტექსტში პლათი სესხულობს და მსუბუქად ცვლის რითმებსა და სიტყვებს სექსტონის ლექსიდან „მეგობარო, ჩემო მეგობარო“. ლექსის ხუთ ოთხტაეპიან სტროფში გამოყენებულია AABA სქემა, ხოლო ბოლო, მეექვსე სტროფს ემატება მეხუთე ტაეპი, რომელიც A-ს ერითმება (“you”-“do”-“to”-“Jew”). ეს A რითმები თითქოსდა ექოდ გაისმის ,,მამილოში“. ემოციის გასამძაფრებლად სილვია პლათი ენ სექსტონისეულ რითმებს (“do“–“you”–“Jew“, “do”-“you”-“to”, “do”-“to”–“Jew”) საკუთარი ვარიაციით იმეორებს: “shoe“-“Achoo“-“toe”-“blue“-“Ach, du”-”true“-”who“-“glue“. საინტერესოა სექსტონისეული რითმული წყვილის “you”-“Jew” ერთგვარი პაროდიული ვარიაცია: “you”-“jaw”. პლათის “gobbledygoo“ სექტონის ”bugaboo“ პირდაპირი გამოძახილია.
ენ სექტონის სტროფებს ბოლო ტაეპად ერთმანეთის მონაცვლეობით გასდევს ორი რეფრენი: “I think it would be better to be a Jew” („ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, ებრაელი ვყოფილიყავი“, თარგმანი ჩემია) (ოთხ სტროფს) და “With no special legend or God to refer to” („რამე განსაკუთრებული ლეგენდისა თუ ღმერთის გარეშე“) (შესაბამისად, 2 ტაეპს). პირველი რეფრენი სილვია პლათის ლექსში სხვადასხვა ვარიაციით გვხვდება: “I think I may well be a Jew“ („მგონი, სავსებით შესაძლებელია ებრაელი ვიყო“); “I may be a bit of a Jew” („შესაძლოა ვარ კიდეც ცოტათი ებრაელი“).
ენ სექსტონის ლექსი „მამილო“ ერთგვარი მოდელია როგორც ვერსიფიკაციული, ასევე კონცეპტუალური თვალსაზრისითაც. მსგავსება სიკვდილთან კავშირითაც გამოიხატება და მშობლისაგან საბოლოო გათავისუფლების სურვილითაც. „მამილოში“ ასახულია ოცწლიანი ტანჯვა და, საბოლოოდ, ეგზორციზმისა და გათავისუფლების რიტუალის ჩატარების, პიროვნული თავისუფლების მოპოვების სურვილი. ამავე დროს, თუ „ჩემო მეგობარო, ჩემო მეგობარო“ ენ სექსტონის ადრეული აღსარებითი პოეზიის ნიმუშია, „მამილო“ პლათის პოეზიის გვიანდელ პერიოდს მიეკუთვნება და, როგორც ჰეთერ ქემი აღნიშნავს, გავლენების მიუხედავად, პლათის გამორჩეული და უნიკალური ლექსია [Cam, 1987: 429-432].
სილვია პლათის ადრეული ლექსები შინაგან მრისხანებას გამოხატავს, მათი უმრავლესობა მთავრდება მწარე თვითსაყვედურით. მოგვიანებით პოეტი პირდაპირ „თავს ესხმის“ მამას. პლათმა კარგად იცოდა, რომ მისი სიყვარული მამისადმი შერწყმული იყო სადომაზოხისტურ გრძნობებთან. ,,ის იყო ავტოკრატი,“ ამბობდა შვილი მამაზე. „მე მას ვაღმერთებდი და ამავდროულად მძულდა კიდეც. ბევრჯერ მიფიქრია, რომ მომკვდარიყო. და როცა, როგორც იქნა, მოკვდა, წარმოვიდგინე, რომ მე მოვკალი“ [Plath, 1992: 45].
სილვია პლათის ელეგიებში ერთდროულად ვითარდება ბრაზი და მამის სიკვდილით გამოწვეული საკუთარი დანაშაულის შეგრძნება. ლექსში თვითგამანადგურებელი გლოვა დიდხანს ასრულებს მთავარ როლს. მაგრამ ელეგისტები პლათივით არ არიან აგრესიულნი და დაჟინებულნი. სხვა პოეტებისგან განსხვავებით, სილვია პლათი თვითშეწირვის აქტს აღასრულებს: მისი ელეგიები სრულდება სხვადასხვა წარმოსახვით: სამართებლის ყელში გამოსმით, ქორწინებით პირველ აჩრდილთან, „საბოლოოდ დაღლილის“ ყოფით.
ლექსში ელექტრას კომპლექსი ფარავს მტრობას მამის მიმართ. როცა ს.პლათმა წაიკითხა ფროიდის ,,გლოვა და მელანქოლია“, მან აღიარა, რომ „ეს იყო თითქმის მისი გრძნობებისა და თვითმკვლელობის მიზეზების ზუსტი აღწერა“. ფროიდი აღნიშნავს, რომ ამბივალენტურობა დამახასიათებელია სიყვარულის ყველა ურთიერთობისა და გლოვისთვის. მისი აზრით, ნეგატიური გრძნობების არაპროპორციულობა იწვევს „მელანქოლიურ“ ან „პათოლოგიურ“ გლოვას, რომელსაც ახასიათებს „საკუთარი თავის დადანაშულება იმაში, რომ საყვარელი ადამიანის გარდაცვალებაში თვითონ მგლოვიარეა დამნაშავე – მაგალითად, იმის გამო, რომ ეს ქვეცნობიერად სურდა“ [Ramazani, 1993: 1142-1156].
„მამილო“ შედგება 16-ხუთტაეპიანი სტანცისგან, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია მითითებული, არის ბრუტალური და გესლიანი ლექსი. ლირიკული გმირი სინანულით აღიარებს, რომ დიდად არ ირჯება, ასოციაციურად თავს ფეხის ტერფს ადარებს, რომელიც უკვე 30 წელია, რაც შავ ფეხსაცმელში ცხოვრობს. მას სუნთქვისა და დაცემინებისაც კი ეშინია. თუმცა არ ასვენებს უკვე გარდაცვლილი მამის ხელახლა მოკვლის სურვილი.
საინტერესოა, რომ ლექსის მიმართ სალიტერატურო სივრცეში განსხვავებული შეფასებები არსებობს. მაგ., ფემინისტები აქებენ ავტორს მამრობითი სქესის მიმართ გამოხატული ბრაზის გამო, სხვები კი, უფრო კრიტიკულად აფასებენ.
„მამილო“ უდავოდ რთული და მრავალშრიანი ლექსია. მასში ერთმანეთს ენაცვლება ებრაელთა წამების ძალადობრივი სცენები. პოეტის გესლიანმა ტონმა შეიძლება მკითხველში დისკომფორტიც კი გამოიწვიოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლექსში ერთ-ერთი ძირითადი თემა მამის ზმანებაა. პოეტის მამა გარდაიცვალა, როცა გოგონა რვა წლის იყო. სილვია პლათი საკუთარ თავს აღწერს როგორც მსხვერპლს, მამას კი, რამდენიმე სახედ წარმოგვიდგენს, მათ შორის - ნაცისტად, ვამპირად, ეშმაკად და საბოლოოდ თავის მკვდრეთით აღმდგარ ქმრად, რომელიც მას უნდა მოეკლა.
„მამილო“ ასევე შეიძლება განხილულ იქნას როგორც ლექსი ინდივიდის შესახებ, რომელიც საკუთარ თავთან და საზოგადოებასთანაა გაუცხოებული. სილვია პლათი ერთმანეთს უკავშირებს პატრიარქალურ ფიგურებს – მამას, ნაცისტებს, ვამპირსა და ქმარს – და შემდეგ მათ ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობას აკისრებს. ლექს „კოლოსის“ მსგავსად, „მამილო“ პატრიარქალურ ფიგურას გამოხატავს, თუმცა აქ მას მკაფიო სოციალური და პოლიტიკური ასპექტი აქვს. ამ ინტერპრეტაციის მიხედვით, მთხრობელი მიდის დასკვნამდე, რომ ბორკილებისაგან გასათავისუფლებლად მამა უნდა მოკლას. ამ პროცესს ეგზორციზმისა და განწმენდის აქტის ხასიათი აქვს. პოეტს გააზრებული აქვს, რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ამას სრული კონტროლი სჭირდება – საბოლოოდ, თუ ანტაგონისტს არ ამოძირკვავს, თავად ემუქრება განადგურება.
ბოლო სტროფი ტრიუმფალური ტონით მთავრდება, თუმცა უცნობია, რას გულისხმობს პოეტი სიტყვაში „მორჩა“, კომუნიკაციის თუ ფიქრის დასრულებას. პლათმა ეს ლექსი მოკლედ ახსნა BBC-თან ინტერვიუში:
„ლექსს კითხულობს გოგონა, რომელსაც ელექტრას კომპლექსი აქვს. მამა გარდაიცვალა მაშინ, როდესაც გოგონა ფიქრობდა, რომ ის იყო ღმერთი... მამა ნაცისტი იყო და დედა ნაწილობრივ ებრაელი. გოგონაში ეს ორი ხაზი ერთმანეთს ებრძვის და ეწინააღმდეგება. გოგონამ უნდა გაითამაშოს ეს საშინელი ალეგორია მანამ, სანამ ის გათავისუფლდება“ [Ramazani, 1993:1142-1156].
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ურთიერთსაწინააღმდეგოა ლექსის საზრისიც. არც ტრიუმფისა და არც შიშის გამოხატვა არ არის მისი მიზანი. ყოველი ელემენტი შეიცავს საწინააღმდეგო აზრს, რაც მისი მრავალგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა.
ურთიერთწინააღმდეგობის ეს გრძნობა ვლინდება ლექსის სარითმო სქემასა და ორგანიზებაში. სილვია პლათი იყენებს ე.წ. საბავშვო რითმებს, მყარ ბგერებს, მოკლე ხაზებსა და განმეორებულ რითმებს: "Jew,( ებრაელი)" "through," (მორჩა) "do," (კეთება) and "you" (შენ). ეს კონფიგურაცია და რითმათა სისტემა აძლიერებს ბავშვის სახეს ავტორიტეტულ მამასთან მიმართებაში. ამგვარი დამოკიდებულება ვლინდება მიმართვის ფორმაში - მამილო, "oo" ბგერებისა და ბავშური რითმის გამოყენებით. თუმცა ამ ბავშურ რითმას ახლავს ირონია, ავისმომასწავებელი გრძნობა. კრიტიკოსი მ.დ უროფი აღნიშნავს, რომ ლექსის „პრიმიტიული, განმეორებული რითმა არის კონტროლის ერთგვარი ფორმა, ობზესიური რითმა და განმეორებული მოკლე ფრაზები. ლექსის პრიმიტიული სტილი შეიძლება ჟღერდეს როგორც წყევლა“. ერთი კრიტიკოსის აზრით კი, ლექსის გადამეტებულად მარტივი, მტკიცე რითმა წარმოადგენს კონტროლის ერთგვარ ფორმას, აკვიატებული რითმები და გამეორებული მოკლე ფრაზები კი ერთგვარი საშუალებაა, რომლითაც ავტორი ცდილობს, მოაჯადოოს და ბოროტი სულები განდევნოს’’4 [Ramazani,1993:1142-1156].
საინტერესოა ლექსის ავტობიოგრაფიულობის საკითხიც, რომელიც ზუსტად არ მიჰყვება სილვია პლათის ბიოგრაფიას. ზემოთ ხსენებული ახსნა მიანიშნებს, რომ ეს ფრთხილად აგებული ფიქციაა. როგორც ცნობილია, პოეტმა ეს ლექსი დაწერა მას შემდეგ, რაც ტედ ჰიუზმა მიატოვა. ამიტომაც კაცებისადმი ამბივალენტური დამოკიდებულება სრულიად გასაგებია.
აღსანიშნავია, რომ ლექსში ჰოლოკოსტის თემის შემოტანამ კრიტიკოსების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. მართალია, ს. პლათი გერმანელი გახლდათ, თუმცა შეპყრობილი იყო ებრაული კულტურითა და ისტორიით. პოეტის სხვა ლექსებშიც ფიგურირებს ჰოლოკოსტის თემა და წარმოსახვა. ლექსის მიხედვით, ლირიკული გმირი იმ მატარებელში ზის, რომლის ბოლო გაჩერება საკონცენტრაციო ბანაკია. სილვია პლათი თავს ებრაელთან აიგივებს და ებრაელივით საუბრობს. მკვლევარი ალ. სტრეინჯვეიზი მიუთითებდა, რომ პლათი იყენებდა პოეზიას, რათა შეეგრძნო კავშირი ისტორიასა და მითოლოგიას შორის. პლათი სწავლობდა ჰოლოკოსტს აკადემიურ კონტექსტში და გრძნობდა კავშირს მასთან, ამიტომაც თავს მსხვერპლად წარმოიდგენდა. თავის ნაწერებში პოეტს სურდა პირადი და საჯარო გამოცდილება დაკავშირებოდა ცივი ომის პერიოდის ამერიკის რეალობას. ის რასაკვირველია, იყენებს ჰოლოკოსტის სურათს, მაგრამ ასევე ემყარება ძალადობის მითებსა და ისტორიას, მათ შორის - ელექტრას, ვამპირიზმს და ვუდუს თემატიკას. სტრეინჯვეიზი წერს. ,,რომ ჰოლოკოსტი ნიშნავდა მითოლოგიურ განზომილებას, იყო რთულად გასაგები და დაუჯერებელი მოვლენა, წარმოუდგენლად დიდი მსხვერპლის გამო“ 5 [Ramazani,1993:1142-1156].
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰოლოკოსტის შოკისმომგვრელი შინაარსი არ არის შემთხვევითი, არამედ ეს არის მცდელობა გაითვალისწინო, თუ როგორ გავლენას ახდენას უდიდესი სისასტიკე და როგორ იწვევს კონკრეტული ადამიანური გრძნობების ხარისხის ესკალაციას.
რთული წარმოსადგენია, რომ სილვია პლათის პოეზიამ მკითხველი გულგრილი დატოვოს, არ შეიგრძნოს ის დიდი ტკივილი და სევდა, რითაც პოეტი გამსჭვალული იყო. ლექსი „მამილო“ მისი დიდი ნიჭის დემონსტრირებაა, აქ ერთდროულად ჩანს პოეტის პირადი ტრავმაც და ეპოქის გამოძახილიც, რომელშიც იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ლექსში ერთმანეთშია შერწყმული პრივატული და საზოგადო, კერძო და საყოველთაო.
სილვია პლათის თხრობის ხარისხი იდენტიფიცირებულია ოჯახურ დრამასთან, კონფესიონარულ განწყობასთან, თეთრ ქალღმერთთან, მოკლედ, სტრუქტურებთან, რომლებიც ინდივიდს სრულ იზოლაციაში აქცევს. ასეთი შეხედულება გვაიძულებს, განსაკუთრებულად წავიკითხოთ პოეტის უამრავი ლექსი, მათი უმეტესობა დაწერილია პოეტის ცხოვრების მეორე ნახევარში. ლექსები ეხება სოციალურ მდგომარეობას, სოფლის ცხოვრებას, მეგობრობასა და ნათესაურ ურთიერთობებს. ლექსების ლირიკულ გმირებად თუ მთხრობელებად გვევლინებიან ისეთივე პარანოიდი, ავადმყოფი, დასუსტებული არსებები, როგორიც პლათის აწმყოა: მიტოვებული ქალიშვილი ან ცოლი, შეშლილი დედოფალი ან მისტიკური სული. თუმცა ფაქტია, რომ პოეტმა მთავარი ნაწილი თავისი შემოქმედებითი ენერგიისაა რეალისტური ლიტერატურის შექმნას მიუძღვნა. პლათის პოეზიის ნარატივი მომდინარეობს მისივე გამოცდილებიდან. მისი პოეზია წაკითხულ უნდა იქნას როგორც სოციალური განმარტება და არა როგორც განდეგილი მსხვერპლის გაბრაზება.
სილვია პლათი ორ ჟანრში მოღვაწეობდა და აცხადებდა, რომ პროზაიკოსების შურდა; იგი წუწუნებდა, რომ ლექსში არ იყო საკმარისი სივრცე სათქმელის ბოლომდე გადმოსაცემად: “There is so little room! So little time! The Poet becomes an expert packer of suitcases”6 (აქ ცოტა ადგილია! ცოტა დროა! პოეტი ჩემოდნების ჩამლაგებლის ექსპერტად იქცევა) [Plath,1992:70-75]
ტედ ჰიუზი ციტირებს მის ნათქვამს: ჩემთვის პოეზია არის გაქცევა პროზის წერის ნამდვილი სამსახურიდან (თარგმანი ჩემია). ტედ ჰიუზმა “Johnny panic and the Bible of Dreams’’-ის შესავალში აღნიშნა, პლათის პოეზიის სოციალური ხასიათი. „სიურეალისტური სიმბოლოებით გაჯერებული ლექსები, რომლებიც ხშირად ჩნდება პრესაში, ფაქტების რელევანტურ რეორგანიზაციას ეფუძნება“. თარგმანი ჩემია“ [Plath, 1979: 1-10] ტედ ჰიუზის აზრით, სილვია პლათი ფლობერის მსგავსად აკვირდებოდა მოვლენებს. მეზობლებთან, დევონში, სტუმრობის შემდეგ, იგი სახლში ბრუნდებოდა და დღიურში წერდა ისეთ დეტალებზე, როგორებიცაა: სახლის ავეჯით მორთვა, ადამიანების ტანსაცმელი, ეს დეტალები ხშირად აისახებოდა მის ლექსებში. ამასთან ერთად სოფლის ცხოვრების სურათებიც იშლებოდა, რასაც პოეტი სიფრთხილით აკვირდებოდა.
გამოთქმულია მოსაზრება, რომ ს. პლათის წერის შერეული სტილი, შესაძლოა, ტედ ჰიუზის გავლენითაა განპირობებული, რადგან ჰიუზის ადრეული ლექსები სოციალურ თემებს, უბნისა და სოფლის ყოფას ეხებოდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ტედ ჰიუზის ლექსები პოეტური რეალიზმის ინგლისურ ტრადიციას აგრძელებს, პლათის ნარატიული ლირიკა მჭიდროდ შეკრული სტრუქტურაა, რომელიც სწრაფად იცვლის მიმართულებას და მყარ რეალისტურ საფუძველს ემყარება.
სოციალური თემატიკა პლათის შემოქმედებაში ხშირად წაკითხულია როგორც ნერვული თვითგამომჟღავნება.
მოგვიანებით პოეტმა განმარტა, თუ როგორ მუშაობდა ლექსის წერის პროცესში. თავისი რომანისა და ლექსების შედარებისას, ის წერდა:
“I do not like to think of all the things, familiar, useful and worthy things, I have never put into a poem. I did, once, put a yew tree in. And that yew tree began, with astounding egotism, to manage and order the whole affair. It was not a yew tree by a church on a road past a house in a town where a certain woman lived… and so on, as it might have been in a novel. Oh, no. It stood squarely in the middle of the poem, manipulating its dark shades, the voices in the churchyard, the clouds, the birds, the tender melancholy with which I contemplated it- everything! I couldn’t subdue it. And, in the end, my poem was a poem about a yew tree. The yew tree was just too proud to be a passing black mark in a novel” (არ მიყვარს იმაზე ფიქრი, რაც არასოდეს მიხსენებია ჩემს ლექსში. ეს ერთხელ გავაკეთე მხოლოდ. როცა ურთხმელის ხე გამოვიყენე. ამ ურთხმელის ხემ დაიწყო გასაოცარი ეგოიზმით მთელი პროცესის მართვა. ეს არ იყო ურთხმელის ხე ტაძართან ახლოს, პატარა ქალაქის გზაზე, სადაც კონკრეტული ქალი ცხოვრობდა... და ასე შემდეგ, როგორც ეს შეიძლებოდა ყოფილიყო რომანში. ო, არა. ის იდგა ლექსის შუაში, მანიპულირებდა თავისი მუქი ჩრდილებით, ტაძრის ეზოს ხმით, ღრუბლებით, ჩიტებით, ნაზი მელანქოლიით, რომლითაც მე ყველაფერს ვჭვრეტდი! არ შემეძლო, არ დავმორჩილებოდი მას. დაბოლოს, ჩემი ლექსი იყო ლექსი ურთხმელის ხეზე. მაშინ, როცა იმავე ურთხმელის ხე უბრალოდ ამაყობდა რომანში უბრალო გამოჩენით) [Plath, 1979: 62].
ამრიგად, შესაძლებელია, დაინახო მეზობელი ქალი, მებაღე და ჭორიკანა და შეიტყო, როგორ გადაიზარდა უბრალო ხალი კიბოში. ამ კონკრეტულ ლექსში მეტაფორული განვითარება სოციალური ფაქტორების კონტექსტში მოიაზრება. პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ურთხმელის ხე, ქალი მაინც რომანის პერსონაჟის თვისებებით ხასიათდება - ის მთხრობელის სახლის გვერდით ცხოვრობს და გარკვეულ ქმედებებს ასრულებს.
შესაძლოა, მეტაფორულმა სირთულემ ლექსი გადაწონოს, მაგრამ ის არასოდეს არის მოწყვეტილი რეალური ცხოვრების სიტუაციებს. ამრიგად, თუ ლექსის კითხვისას უმთავრესად მის სოციალურ კონტექსტს მივაქცევთ ყურადღებას, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ მთხრობელი გაბოროტებულია. მეორე მხრივ, თუ მეტაფორებს მივყვებით, დავინახავთ, როგორ გამოამჟღავნა მთხრობელმა ჭორაობის „უცნაური ალქიმია“.
ს. პლათის ლექსში ერთდროულადაა წარმოდგენილი როგორც ნარატიული სიტუაცია, ისე მეტაფორული განვითარება. რომელიმეს ხაზგასმით მეორეს ვამახინჯებთ და ლექსს არასწორ მიმართულებას ვაძლევთ, თუმცა ორივე ელემენტი თანაბარ ყურადღებას მოითხოვს. განწყობათა შეერთებით პლათი ცდილობს, საკუთარი ლირიკული ხმა გააფართოვოს. ეს მისი არაჩვეულებრივი წარმოსახვითი ენერგიაა - უნარი, დაიჭიროს მთლიანი სიტუაცია ან ხასიათი ერთ სურათში, გააღოს ცხოვრების კარი და მის შუალედებში მთელი დრამა აჩვენოს. ლექსი, რომელსაც პლათმა „მედუზა“ დაარქვა (და რომელსაც, შესაძლოა, „მედეაც“ ეწოდოს), კარგი მაგალითია პოეტის მენტალობისა და დამოკიდებულების გამოსახატად.
დაბოლოს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სილვია პლათი გამორჩეულად ნიჭიერი და მგრძნობიარე პოეტია. მისი ლექსები სხვადასხვა ამბად იკითხება. პოეტი წერს იმ საკითხებზე, რომლებიც პირადად აწუხებს, თუმცა ისინი შესაძლოა სრულიად გლობალურ პრობლემებსაც ეხებოდეს. მის ლექსებში ვხვდებით მრავალფეროვან პერსონაჟებსა და მთხრობელს, რომელიც, სავარაუდოდ, თავადვეა. სილვია პლათის ლექსი „მამილო“ აღმსარებლობითი პოეზიის საუკეთესო მაგალითია. გარდა აშკარა ბიოგრაფიული მნიშვნელობისა (რაც მის მამასთან და ქმართან ურთიერთობაში ვლინდება), ლექსის მხატვრული მხარეც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
-------
[1] ყველა ინგლისურენოვანი ციტატის ქართული თარგმანი ეკუთვნის სტატიის ავტორს.
[2]ოტო ემილ პლათი (1885-1940) - გერმანული წარმომავლობის ამერიკელი მწერალი და ენტომოლოგი, ბიოლოგიისა და გერმანული ენის პროფესორი ბოსტონის უნივერსიტეტში.
[3] Meinkampf - ჰიტლერის ავტობიოგრაფიული წიგნის სათაური იყო Mein Kampf (ჩემი ბრძოლა, 1925). როგორც ჩანს, პლათი მამამისსა და თავის ქმარს ჰიტლერს ამსგავსებს.
[4]Sylvia Plath and Confessional Poetry: A Reconsideration, Author(s): M. D. Uroff. Source: The Iowa Review, Winter, 1977, Vol. 8, No. 1 (Winter, 1977), pp. 104-115
[5] "The Boot in the Face": The Problem of the Holocaust in the Poetry of Sylvia Plath, Author(s): Al Strangeways Source: Contemporary Literature, Autumn, 1996, Vol. 37, No. 3 (Autumn, 1996), pp. 370-390
[6] Sylvia Plath's Narrative Strategies, Author(s): Margaret Dickie, Source: The Iowa Review, Spring, 1982, Vol. 13, No. 2 (Spring, 1982), pp. 1-14













