გაქვავებული კლასის ნიშნები და სიტყვაწარმოება წოვათუშურ ენაში
კავკასიურ ენებში გრამატიკული კლასის კატეგორია წარმოადგენს მორფოლოგიის ერთ-ერთ ძირითად მახასიათებელს და მოეპოვება ამ ენების უმრავლესობას. საკვლევი კატეგორია გააჩნია სამივე ნახურ ენას: ჩეჩნურს, ინგუშურსა და წოვათუშურს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მისი ერთგვარად უნივერსალური ხასიათისა, ნახურ-დაღესტნურ ენებში კლასთა რაოდენობა განსხვავებულია. მოიპოვება სულ მცირე ორი (თაბასარანული ენა) და ყველაზე ბევრი რვა გრამატიკული კლასი: წოვათუშური ენა ხუთი ძირითადი და სამი მცირე კლასით.
საზოგადოდ, გრამატიკული კლასის კატეგორია მიჩნეულია სახელთა აბსტრაქტულ საკლასიფიკაციო ნიშნად. ნავარაუდევია, რომ კავკასიურ ენებში არსებით სახელთა კლასებში განაწილების საფუძველი მათი სოციალური ღირებულება უნდა ყოფილიყო. სინქრონიულ დონეზე მათი ეს ფუნქცია დაჩრდილულია, ამიტომ ცხოველებისა და უსულო არსებითი სახელების კლასებში განაწილების საფუძველი უმეტესად ბუნდოვანია [ჩიქობავა, 1979].
როგორც წესი, კავკასიური ენების არსებით სახელთა უმრავლესობაში არ არის ასახული გრამატიკული კლასი. იგი მასთან სინტაქსურად დაკავშირებულ სიტყვებში - ზმნებში, ზოგიერთ ზედსართავში, აგრეთვე, გამონაკლისის სახით, ზმნისართებსა და რიცხვით სახელებში ვლინდება აფიქსებით. ასეა ეს წოვათუშურშიც. ქვემოთ წარმოდგენილია მაგალითები, სადაც დ-ა „ყოფნა“ ზმნაში კლასის ნიშანი იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელ კლასს განეკუთვნება არსებითი სახელი:
ჲო ჲ-ა
გოგონა.J CL.J-ყოფნა
„გოგონა არის.“
სტაკ ვ-ა
კაცი.V CL.V-ყოფნა
„კაცი არის. “
ჴორ ბ-ა
ვაშლი.B CL.B-ყოფნა
„ვაშლი არის.“
აწუკ დ-ა
ჩიტი.D CL.D-ყოფნა
„ჩიტი არის.“
ამგვარად, კლასნიშნები დატვირთულია სინტაქსური ფუნქციით, თუმცა სახელთა გრამატიკულ კლასსა და სიტყვაწარმოებას შორის არსებული კანონზომიერება შენიშნულია არაერთ ენაში, მათ შორის ნახურ ენებში [Nichols, 2003]. ამ მხრივ გამონაკლისი არც წოვათუშურია, თუმცა სისტემური და ფუნდამენტური კვლევები ამ მიმართულებით ნაკლებად მოიპოვება.
ემპირიული მასალის ანალიზით ვლინდება, რომ კლასის ნიშნებს გარკვეულ შემთხვევებში, ენის ფუნქციონირების ადრეულ პერიოდში, წოვათუშურში ჰქონდა ერთგვარი სიტყვაწარმოებითი ფუნქცია. დღეს ისინი გაქვავებული სახით არის წარმოდგენილი არსებით სახელთა და ზმნისართთა აგებულებაში, კერძოდ, თავკიდურ პოზიციაში და მათი იდენტიფიცირება მხოლოდ საგანგებო კვლევა-ძიებით ხერხდება. ამგვარად, ერთ დროს გრამატიკული ფუნქციის მქონე პროდუქტიული მორფემა დღეისათვის ინტეგრერიებულია სიტყვის ფუძეში, ლექსიკალიზებულია. აქვე უნდა ითქვას, რომ გაქვავებული კლასის ნიშნები სხვდასხვა ფუნქციის უნდა ყოფილიყო ამა თუ იმ არსებით სახელში. იმის განსაზღვრა კი, რომელი მორფოლოგიური პროცესის შედეგს წარმოადგენს არსებული სურათი, ხშირად რთულია. სახელის ძირისა და ფუძის სტრუქტურის კვლევისას აუცილებელი ხდება თანხმოვანპრეფიქსების ფუნქციისა და ეტიმოლოგიის განსაზღვრა. სტატიის მიზანს ამგვარ არსებით სახელთა ძირ-ფუძეების სტრუქტურის დადგენა, სიტყვაწარმოებით პროცესზე დაკვირვება და კლასნიშანთა ფუნქციის ანალიზი წარმოადგენს. მათ ეტიმოლოგიაზე მსჯელობა მოცემულია იმდენად, რამდენადაც სჭირდება კლასის ნიშნების დანიშნულების გარკვევას.
ქვემოთ დასახელებული ყველა მაგალითი მოტანილია დავით და ნიკო ქადაგიძეების „წოვათუშურ-ქართულ-რუსული ლექსიკონიდან“ [1984].
როგორც უკვე აღინიშნა, წოვათუშურში არსებით სახელთა უმრავლესობა განეკუთვნება კონკრეტულ გრამატიკულ კლასს. გარჩეულია ხუთი ძირითადი და სამი მცირერიცხოვანი, დახურული ჯგუფი [Holisky… 1994, Wichers Schreur, 2024]. მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში კლასის ნიშნები, ძირითადად, განსხვავებულია. მართალია, სულ 8 გრამატიკული კლასი გამოიყოფა, მაგრამ თავად კლასის მარკერები ოთხია ვ-, ბ-, ჲ-, დ-. მათი სხვადასხვაგვარი კომბინაციით მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში წარმოიქმნება რვა კლასი. იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი №1.
ცხრილი №1. გრამატიკული კლასის ნიშნები წოვათუშურ ენაში

ადამიანთა აღმნიშვნელი არსებითი სახელების გრამატიკული კლასი რეფერენტის სქესის შესაბამისია და ამდენად, კლასის ნიშნის პროგნოზირებაც შესაძლებელია: მამრობითი სქესის სახელები ვ/ბ კლასს განეკუთვნება, მდედრობითი ‒ ჲ/დ -ს. ცხოველებისა და უსულო სახელებისთვის კი ამგვარი კრიტერიუმის განსაზღვრა რთულია, ამიტომ კლასის ნიშანი თითოეულ სიტყვასთან ერთად უნდა იქნეს დასწავლილი. არსებობს ამ პრინციპების დადგენის რამდენიმე მცდელობა, თუმცა ცალსახა წესების ჩამოყალიბება მაინც რთულია [Wichers Schreur, 2024, Bellamy…2021]. შედეგები მიახლოებითია და არაერთ გამონაკლისს შეიცავს. მკვლევრები მიუთითებენ, რომ არსებითი სახელის ამა თუ იმ კლასისადმი მიკუთვნებას შეიძლება ჰქონდეს სემანტიკური, მორფოლოგიური და ფონოლოგიური საფუძველი, მაგრამ მათი როლი ძალიან უმნიშვნელოა. მაგალითად, არსებით სახელთა მხოლოდ 15 პროცენტის კლასის განსაზღვრა შეიძლება სემანტიკურ საფუძველზე. მორფოლოგიური კრიტერიუმი ერთგვარად უფრო მყარია, მაგრამ ის სახელთა მხოლოდ გარკვეულ ნაწილს მოიცავს. ყველა ნაზმნარი სახელი, მასდარი, დ კლასს მიეკუთვნება, ნაზედსართავალი აბსტრაქტული სახელები კი ‒ ჲ-ს [Wichers Schreur... 2022:100]. ფონოლოგიასაც უნდა ჰქონოდა გარკვეული როლი არსებით სახელთა კლასის განსაზღვრაში. ის წოვათუშური სახელები, რომლებიც დ, ჲ ან ბ ფონემებით იწყება, მიეკუთვნება იმ კლასებს, რომლებსაც სწორედ ეს მარკერები აქვს. დავით და ნიკო ქადაგიძეების ლექსიკონში [1984], ბ-თი დაწყებული სახელების დაახლოებით 60–65 პროცენტი მიეკუთვნება ბ კლასს, დ და ჲ-თი დაწყებული კი შესაბამის კლასებს. ისინი შესაძლოა განხილულ იქნას გაქვავებულ კლასის ნიშნებად [Wichers Schreur 2024:85].
წოვათუშურში, დანარჩენი ნახურ-დაღესტნური ენების მსგავსად, გრამატიკული კლასი ორგვარად არის რეალიზებული:
1) ძირითად შემთხვევებში მას მხოლოდ სინტაქსური ფუნქცია აქვს - შეთანხმება (agreement gender). მაშასადამე, ამ დროს არსებითი სახელის კლასის ნიშანი მასთან სინტაქსურად შეკავშირებულ სიტყვებში აისახება. საკვლევ ენაში ზმნათა მხოლოდ ერთ ნაწილს, აგრეთვე, ნაზმნარ სახელებს, რამდენიმე ზედსართავს, ერთ მარტივ რიცხვით სახელსა და გამონაკლისის სახით, ზმნიზედებს აქვთ კლასში შეთანხმების უნარი. ამასთანავე, მარტივი ზმნური ფუძეების მხოლოდ 30 პროცენტს აქვს სახელის კლასის ნიშნის ასახვის შესაძლებლობა, დანარჩენი უკლასნიშნოა [Wichers Schreur, 2024:23]. ზედსართავი სახელების შემთხვევაში კი ეს რაოდენობა ათ პროცენტზე დაბალია.
2) არის ისეთი შემთხვევები, როდესაც კლასნიშანი თავად სახელებშია აღნიშნული (overt inherent gender). ამ უკანასკნელის მაგალითები გაცილებით მცირერიცხოვანია და სპორადულობის შთაბეჭდილებას ტოვებს. სიტყვის სინქრონიული მორფოლოგიური სტრუქტურიდან დიაქრონიული პროცესების შესახებ დასკვნის გაკეთება ხშირად რთულია. მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამგვარი კლასის ნიშნები ისტორიულადაც არსებითი სახელების მხოლოდ გარკვეული ჯგუფისათვის იყო დამახასიათებელი და არა ყველა მათგანისთვის. სხვაგვარი დაშვების საფუძველს ემპირიული მასალა არ იძლევა. ამ თვალსაზრისს გამოთქვამს ჯ. ნიკოლსი ინგუშური ენის მონაცემებთან დაკავშირებითაც [Nichols, 2011]. საზოგადოდ, ორივე სახის გრამატიკული კლასი, როგორც ჩანს, მხოლოდ ამა თუ იმ მეტყველების ნაწილთა გარკვეული ჯგუფისთვის იყო დამახასიათებელი. ეს ახლაც ასეა, იგი ზმნებისთვისაც ნაწილობრივ დამახასიათებელი კატეგორიაა. აქვე უნდა გამოიყოს ისეთი სახელები, რომლებსაც ბრუნვათა მიხედვით ხლეჩილი კლასის ნიშანი გააჩნია. მათთვის დამახასიათებელია ფუძის აბლაუტი აბსოლუტივსა და ირიბ ბრუნვათა შორის. ჲ კლასის ნიშანი ჩანს მხოლოდ აბსოლუტიურ ბრუნვაში, მაგალითად, ჲეთთ „ფური“, ჲეხკ „სავარცხელი“, ჲოლ „თივა“ და სხვ. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ წოვათუშურში ძირითადად აბსოლუტივში მდგომი სახელი აჩენს ზმნაში კლასის ნიშანს.
იმ არსებით სახელებში, რომლებშიც გრამატიკული კლასი მარკირებულია, ორი ჯგუფი უნდა გაიმიჯნოს: 1) ზმნური ფუძისაგან მომდინარე არსებითი სახელები, რომლებშიც გაქვავებულია სინტაქსური ფუნქციის მქონე კლასის ნიშანი და 2) არსებითი სახელები, რომლებიც არ მომდინარეობს ზმნური ფუძისაგან და მაშასადამე, კლასის ნიშანს არ უნდა ჰქონოდა სინტაქსური ფუნქცია. იგი უფრო სიტყვაწარმოებით ბუნებას ავლენს. ამ ჯგუფს განეკუთვნება ისეთი ძირები, რომლებსაც აქვთ ცვლადი გრამატიკული კლასი რეფერენტის ბიოლოგიური სქესის შესაბამისად. ისინი ზოგჯერ ერთსა და იმავე მეტყველების ნაწილს განეკუთვნება, ზოგჯერ განსხვავებულს. ამგვარი სახელები საერთო სემანტიკურ ველს მიეკუთნება, მაგრამ მათი შინაარსი განსხვავებულია გარკვეული ნიშნით. მაგალითად, ჲ-აშ „და“, ვ-აშ „ძმა“, ჲ-ო „ქალი, გოგო“, ვ-ო „ვაჟი“. აქ გრამატიკული კლასის ნიშანი ბიოლოგიური სქესის მიხდვით განარჩევს ერთი და იმავე შინაარსის სახელებს და, ამ მხრივ, იძენს ერთგვარ სიტყვაწარმოებით ფუნქციას. ასეა ეს ნახურ-დაღესტნურ ენათა უმრავლესობაში.
უხვად არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთი და იგივე ძირი სხვადასხვა მეტყველების ნაწილად გვხვდება განსხვავებული კლასნიშნით. ჩანს, რომ ახალი სემანტიკა სწორედ კლასნიშანს უკავშირდება, ის წარმოქმნის ახალ ფუძეს. ერთ-ერთი ასეთი ძირია უხ. იგი გვხვდება ზმნისართებში, არსებით და ზედსართავ სახელებში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მას საგანგებო მაზედსართავებელი სუფიქსიც დაერთვის, მაგრამ არსებით სახელებთან მხოლოდ კლასნიშანია განსხვავებული. ამასთანავე, ზმნისართსა და ზედსართავ სახელში კლასის ნიშანი მოქმედია და არა გაქვავებული. დ-უხ „უკან“ არის ერთადერთი ზმნიზედა წოვათუშურ ენაში, რომელსაც გააჩნია გრამატიკული კლასის ნიშანი. ამავე ძირ-ფუძეს შეიძლება დაერთოს ლოკატიური ბრუნვის - ბოლოსართი და მოგვცეს განსხვავებული შინაარსის ზმნისართი: დ-უხ-ე-[] „უკუღმა“. დ-უხ ფუძეზე ქონა-ყოლის შინაარსის მქონე -ლიჼ სუფიქსის დართვით იწარმოება მიმართებითი ზედსართავი სახელი: დ-უხ-ლიჼ „ჯიუტი, კერპი“. პარალელურ ფორმად შესაძლოს შეგვხვდეს დ-უხა---ლიჼ.
ვინაიდან წოვათუშურში ზმნისართთა უმრავლესობა თანდებულადაც გამოიყენება, შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზემოთ განხილულ ზმნისართს უკავშირდება თანდებული -უხ-ე [] „ძირას, გვერდით“. მოცემულ შემთხვევაში ჲ- უცვლელი პრეფიქსია და მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის არის გამოყოფილი. ვფიქრობთ, ის გაქვავებული კლასის ნიშანი უნდა იყოს, მაგრამ არა სინტაქსური ფუნქციის. მაშასადამე, იგი არ ასახავს მეთაური სიტყვის კლასს. ლოკატიური ბრუნვის სუფიქსია, რომელსაც კლასნიშანთან ერთად უნდა გადმოეცა სივრცეში სხვაგვარი ლოკალიზება. ჲუხ ზმნისართულ ფუძეზე -ა სუფიქსის დართვით ჩანს ნაწარმოები არსებითი სახელი უხ-ა „ძირი (მთისა, ხისა)“. -ა სუფიქსი წოვათუშურში გამოიყენება არსებითი სახელების საწარმოებლად და მიუთითებს მოქმედების სივრცესა და ადგილზე. იგი გვხვდება ტოპონიმთა წარმოებაშიც.
ბ- კლასის ნიშნის დართვით იმავე ძირისაგან იწარმოება არსებითი სახელი ბ-უხ, რომელსაც ორი მნიშვნელობა აქვს: „1. ძირი, ფსკერი, 2. ნალექი“ (ბ კლასი). საინტერესოა, რომ ჲუხ აღნიშნავს აგრეთვე ძირს, მაგრამ მხოლოდ მთისას. ლამ „მთა“ ბ კლასს განეკუთვნება, ამგვარად, ჲ- არ წარმოადგენს მასთან შეწყობილი სახელის კლასის ნიშანს. თვალსაჩინოებისთვის ქვემოთ კიდევ ერთხელ მოგვყავს უხ ძირისაგან ნაწარმოები ყველა მნიშვნელობა, რომელთაგანაც პირველ სამ შემთხვევაში კლასნიშანს სინტაქსური ფუნქცია აქვს − ცვლადია, ხოლო მომდევნო სამში გაქვავებული:
|
დ-უხ |
„უკან“ |
|
დ-უხ-ეჲ[] |
„უკუღმა“ |
|
დ-უხ-ლიჼ |
„ჯიუტი“ |
|
ჲუხ-ე |
„ძირას, გვერდით“ |
|
ჲუხ-ა |
„ძირი (მთისა, ხისა)“ |
|
ბუხ |
„ფსკერი, ნალექი“ |
მსგავსი ვითარება უნდა იყოს ო/უ ძირთანაც. ლოგიკური ჩანს დაშვება, რომ ის რომელიმე ზმნიზედისაგან მომდინარეობს, რომელიც წინ მყოფობას, სივრცეში წინ განლაგებას აღნიშნავს. თუმცა მოცემულ ძირს ზმნიზედებში ჯერჯერობით ვერ მივაკვლიეთ. ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ძირთან პრეფიქსად სხვადასხვა თანხმოვანი გვხვდება, გვაფიქრებინებს, რომ ისინი გაქვავებული კლასის ნიშნებია. ზოგჯერ ისინი პარალელურ ფორმებადაც იხმარება, მაგალითად, კომპოზიტები დ-ო-ქოტ „პირისახე, პირი“ და -ო-ქოტ „პირისახე“. საგულისხმოა, რომ ორივე მათგანი ჲ კლასს განეკუთვნება. დასახელებულ მაგალითებშიც კლასნიშნები მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის არის გამოყოფილი.
ზემოთ ნახსენებ სიტყვებთან ფორმობრივ და შინაარსობრივ კავშირს ავლენს კიდევ ერთი არსებითი სახელი დ-უ „პირი (მჭრელი იარაღისა), წვერი (წინდისა)“ (განეკუთვნება დ/დ კლასს). მასთან უნდა იყოს დაკავშირებული ინგუშური ბ-უ „მწვერვალი“. ლ. სანიკიძე ერთმანეთს უკავშირებს აგრეთვე ჲუალო „პირდაპირ“ და ჲუ„პირი, სახე“ ფორმებს [სანიკიძე, 2010:74]. ვფიქრობთ, ორივე მათგანი მიესადაგება ჩვენ მიერ წარმოდგენილ პარადიგმას და მათთან ერთად უნდა იქნეს განხილული ჲუალ „გაღმა“ ფუძეც.
ამავე ძირზე სადერივაციო აფიქსების დართვით ჩანს ნაწარმოები ზმნისართი დ-უ-რენ „პირველად“ და ზედსართავი სახელი დ-უ-რე-ლუნ „პირვანდელი, უწინდელი“, გამოიყენება რიგობითი რიცხვითი სახელის, პირველის მნიშვნელობითაც. იგი არ არის ნაწარმოები შესაბამისი რაოდენობითი რიცხვითი სახელისაგან. ყველა ამ სახელს ერთი სემანტიკა აერთიანებს - რამის კიდე, ზღვარი ან წინ მყოფობა.
შემდეგი ასეთი ძირი, რომელიც ძალიან პროდუქტიულია და განსხვავებული კლასის ნიშნებით გვხვდება ამა თუ იმ მეტყველების ნაწილის სახით არის უყ. ქვემოთ მოყვანილ ყველა მაგალითში კლასის ნიშანი გაქვავებულია და მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის არის გამოყოფილი: ჲ-უყ, ჲ-უყე [] „შუაში, შუა“, გამოიყენება როგორც ზმნიზედად, ისე თანდებულად მიცემით ბრუნვასთან. მისგან ნაწარმოები ფორმაა ჲ-უყრეჲ-უყ „შიგადაშიგ“. იგივე ფორმა ბ- კლასის ნიშნით გვხვდება შესიტყვებაში ბ-უყ სტაკ „შუახნის კაცი“. მამაკაცთა კლასი მხოლოდ მრავლობით რიცხვში აღინიშნება ბ მარკერით, ამდენად, ის შეთანხმების ნიშანი არ უნდა იყოს.
უყ ძირი არსებით სახელებშიც გვხვდება სხვადასხვა სემანტიკით: -უყ არის „წელი (ადამიანის სხეულის ნაწილი)“, რაც სხეულის შუა ნაწილს წარმოადგენს. საინტერესოა, რომ ამასთანავე გვხვდება ბ-უყ ფორმაც ამავე მნიშვნელობით. ჲუყ-ს უკავშირდება სხვა შინაარსიც - „კვირტი, მატყლის გაჩეჩვის შემდეგ დარჩენილი მოკლებეწვიანი მატყლი“, რომლის მნიშვნელობაც შეიძლება აღვიქვათ, როგორც დაჩეჩვის შემდეგ შუაში დარჩენილი. საყურადღებოა, რომ ეს უკანასკნელი ჲ კლასს განეკუთვნება (იხ. მაგალითი 1)
(1) მოსსი კეჭ -ა, დუ უყ -ოგ-
ცუდი მატყლი.J CL.J-ყოფნა, ბევრი კვირტი.J CL.J-შერევა-PRS
„ცუდი მატყლია, ბევრი კვირტი ურევია“
[ქადაგიძე...1984:320].
ჲუყ-ს დაერთვის მასუბსტანტივებელი -ა სუფიქსი და ქმნის განსხვავებულ სემანტიკას. ჲუყა ნიშნავს მიჯნას, საზღვარს (ჲ/ჲ კლასი). ცხადად ჩანს, რომ ამ შემთვევაში -ა-ს ლოკალიზების ფუნქცია აქვს. სიტყვის შინაარსი კი შესაძლოა განიმარტოს, როგორც შუაში მყოფის, შუაში მდებარის აღმნიშვნელი და ამგვარად უკავშირდება უყ ძირის ზოგად სემანტიკას.
თვალსაჩინოებისთვის უყ ძირის შემცველი ყველა სიტყვა მოცემულია ქვემოთ.
|
ჲ-უყ/ჲ-უყ-ე |
„შუა, შუაში“ |
|
ჲ-უყ/ბ-უყ |
„წელი (ადამიანის ორგანო)“ |
|
ჲ-უყ |
„კვირტი, მატყლის გაჩეჩვის შემდეგ დარჩენილი მოკლებეწვიანი მატყლი“ |
|
ჲ-უყ-ა |
„მიჯნა, საზღვარი“ |
|
ბ-უყ |
„ცხენის საკაზმის ნაწილი, რომელიც მას წელზე უმაგრდება“ |
ამგვარად, ერთსა და იმავე ძირზე სხვადასხვა კლასის ნიშნის დართვით ნაწარმოებია არსებითი სახელი, ზმნიზედა, ზმნა და ზედსართავი სახელი.
განსახილველ საკითხთან მიმართებით საინტერესო წარმოების ჩანს კიდევ ერთი არსებითი სახელი − ჲ-ეთთ „ფური“ (განეკუთვნება ბ კლასს). ცხადია, ჲ- მარკერი აქაც უცვლელია, გაქვავებულია. მის პარალელურად გამოიყენება ბ-ეთთ-არ ფორმაც. -არ ბოლოსართის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ლექსიკალიზებული ნაზმნარი სახელია. საინტერესოა, რომ მრავლობითში ბ-ს დ- მარკერი ენაცვლება - დ-ეთთრ-ი „ფურები“. როგორც აღინიშნა, ბეთთარ და დეთთრი ლექსიკალიზებული მასდარები უნდა იყოს და მომდინარეობს დ-ეთთ-არ „წველა ([მო]წველის)“ ზმნისგან. ზმნაში დ- ცვლად გრამატიკულ კლასს აღნიშნავს. აქვე უნდა ითქვას, რომ სხვა ნაზმნარი სახელებისაგან განსხვავებით, ბეთთარ-ს დაკარგული აქვს კლასში შეთანხმების უნარი, სრულად ლექსიკალიზებულია, თანაც არა დ- ზოგადი კლასის ნიშნით, რაც მახასიათებელია წოვათუშურისთვის, არამედ ბ- პრეფიქსით. ამ შემთხვევაში კლასის ნიშანს შენარჩუნებული აქვს რიცხვის გაგება, ბ- იცვლება დ-თი. ამგვარად, ზემოთ დასახელებული ყველა არსებითი სახელისა და ზმნის ძირს წარმოადგენს ეთთ და მხოლოდ კლასის ნიშანი აქცევს მას ამა თუ იმ მეტყველების ნაწილად. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ სინტაქსური ფუნქცია ჰქონდათ და დროთა განმავლობაში მოიშალა. ჲ- არ გვხვდება არცერთი იმ სიტყვის კლასის ნიშნად, რომელთან სინტაქსურად დაკავშირებულიც გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა ყოფილიყო ჲეთთ. მსგავსი ვითარებაა ინგუშურ ენაშიც. ჯ. ნიკოლსი ინგუშურ ჲეთთ-ს ხლეჩილი კლასის ნიშნის მქონე სიტყვებში ასახელებს სხვა შვიდ სახელთან ერთად. ყველა მათგანი ირიბ ბრუნვებში კარგავს კლასის ნიშანს. მკვლევარი არ მსჯელობს ამ სახელის ეტიმოლოგიაზე, თუმცა, თავკიდური ჲ მასაც კლასის ნიშნად მიაჩნია [Nichols, 2011: 148].
ლექსიკალიზებულ კლასის ნიშნებთან უნდა გვქონდეს საქმე შემდეგ არსებით სახელებშიც: ჲ-აფხ-ოლ „1. სითბო 2. გადატ. გულთბილობა“ (-ოლ აბსტრაქტულ სახელთა მაწარმოებელია), ჲ-ოფხ „სიცხე, სითბო“. ორივე მათგანი ჲ კლასს განეკუთვნება, ანუ სახელში ასახულია კლასის ნიშანი, მაგრამ მეორე მხრივ, გვაქვს დაფხნ-ა „სიცხე, სითბო“. ეს უკანასკნელი მიღებული უნდა იყოს ზედსართაული ფუძისაგან დ-აფხ-ეჼ „ცხელი“. ზედსართავ სახელში კლასის ნიშანი მოქმედია, არსებით სახელებში კი გაქვავებული. ისინი მხოლოდ თვალსაჩინოებისთვისაა გამოყოფილი.
(2) ენკენ-ეჼ ბათთ-ა-[] ალნი-[] ტყო
ენკენი-GEN თვე-OBL-LOC ალვანი-LOC კიდევ
დაფხნ-ა დ-ა .
თბილი-ABSTR.D CL.D-ყოფნა
„ენკენის თვეში ალვანში კიდევ სითბო არის“
[ქადაგიძე...1984:226].
ყველა ეს ფორმა შესაძლოა უკავშირდებოდეს დ-აფხ-არ „ჩაცმა“ ზმნურ ფუძეს.
დოფხ „ოფლი“ და ნომინალიზებული მიმღეობა დოფხ, დფხ „ტანისამოსი“ კი სრული ასპექტის მქონე დ-ოფხ-არ „ჩაცმა“ ზმნისგან უნდა მომდინარეობდეს. ორივე სახელში კლასნიშანი უცვლელია და ორივე მათგანი დ კლასს განეკუთვნება. იმავე ძირისაგან უნდა იწარმოებოდეს დ-ოფხ-დ-ალ-არ „გაცხელება (გაცხელდება), გათბობა“, სადაც დ-ალ-არ გარდაუვალი ზმნების მაწარმოებელი მეშველი ზმნაა. იგი ზოგჯერ მნიშვნელობასაც უცვლის ზმნას.
იშვიათ შემთხვევაში მასდარები სრულად ლექსიკალიზებულია. კლასის ნიშნები კი გაქვავებული, ძირითადად გაუდიფერენცირებელი დ- მარკერით. ასეთებია, მაგალითად, დაჟარ „საძოვარი, ბალახი, მოლი“, შდრ. დ-აჟ-არ „ძოვა (ძოვს)“. დაყარ „საჭმელი“, შდრ. დ-აყ-არ „ჭამა“ და სხვ.
(3) ტუმ-ე-ვ თაგ-ბ-ი-ენ ლებივ ჩამ-ლი
ნიგოზი-OBL-INSTR კეთება-CL.B-TR-PTCP ლობიო.B გემო-ADJZ
დაყარ დ-ა
საჭმელი.D CL.D-ყოფნა
„ნიგვზით გაკეთებული ლობიო გემრიელი საჭმელი არის“
[ქადაგიძე...1984:375].
ზოგჯერ მასდარი რეფერენტის კლასის ნიშნებს ასახავს: ჲ-ეწარ-ვ-ეწარ „საყვარელი (ქალი და ვაჟი), არშიყნი“ (შდრ. ზმნა დ-ეწარ „სიყვარული (უყვარს))“. ლექსიკალიზებულ სახელში ჲ- ქალთა კლასის ნიშანია, ვ-კი მამაკაცისა. ორივე გაქვავებულია. თუმცა აგრეთვე გვხვდება განზოგადებული ფორმა დ-ეწარ-ვ-ეწარ „შეყვარებულები“. მეორე კომპონენტად აქაც მამაკაცთა კლასის მარკერია წარმოდგენილი. იმავე წესს მიჰყვება -ობ სუფიქსით ნაწარმოები აბსტრაქტული სახელი ჲ-ეწარ-ვ-ეწ-რ-ობ „სიყვარულობა, მიჯნურობა“.
ამგვარად, ზოგიერთი არსებითი სახელის, ზედსართავი სახელისა და ზმნისართის ფუძის სტრუქტურაში გამოიყოფა ენაში მოქმედი ოთხივე მარკერი. რიგ შემთხვევებში ისინი წარმოადგენს გაქვავებულ კლასის ნიშნებს, რომლებიც ადრე სინტაქსურ (agreement gender) ფუნქციას ასრულებდა. სხვა მაგალითებში კი კლასის ნიშანს სადერივაციო აფიქსის მსგავსი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. ერთი და იგივე ძირი სხვადასხვა, უცვლელი კლასის ნიშნით გვხვდება განსხვავებული მნიშვნელობით. ჩანს, რომ სემანტიკის ცვლილება სწორედ კლასის ნიშანთანაა დაკავშირებული, თუმცა რთულია, ზუსტად განვსაზღვროთ, რა მოტივაციით გამოიყენება კონკრეტული კლასის ნიშანი.













