სიცილისა და ხუმრობის რამდენიმე შემთხვევა ქართულ ჰაგიოგრაფიაში

 

სასულიერო მწერლობაში იშვიათად თუ შეგვხდება იუმორი, სიცილი, ხუმრობა, ირონია, ვინაიდან ჰაგიოგრაფია მკაცრად განსაზღვრული კანონის მიხედვით იქმნება და ავტორის სიცილისადმი დამოკიდებულებაც განსხვავებულია.

შუა საუკუნეებში ადამიანისთვის უმაღლეს ამქვეყნიურ ბედნიერებად ითვლება საკუთარი ნაკლის, ცოდვათა შეგნება და სინანული ამ ყველაფრის გამო. ადამიანის მისწრაფებაა, რაც შეიძლება მეტად მიემსგავსოს შემოქმედს და განღმრთდეს, ამიტომაც სიცილი, იუმორი, ხუმრობა, ერთი შეხედვით, თითქოს გაქრა შუა საუკუნეების ქრისტიანული აზროვნებიდან.

ქრისტიანობაში სიცილი აღქმულია, როგორც ცოდვა, რადგან ჭეშმარიტ მორწმუნეს, რომელიც აცნობიერებს თავის დაცემულ ბუნებას, წესით, არ უნდა ეცალოს სიცილისთვის, ხოლო მწუხარება და გლოვა საკუთარ ცოდვათა გამო მისაბაძია. მაგალითად, „ეფრემ ასურის ცხოვრებაში“, სადაც საუბარია წმინდა ბერზე, როგორც სანიმუშოზე, ვკითხულობთ: „და იყო იგი ჰასაკითა მოკლე, და პირი მისი სავსე მწუხარებითა, და არა ოდეს განიცინნა“ [ქართული..., Hag.Trl. Vita_Ephr.Syr. 23 97 11]. აქ აშკარაა, რომ თვისება – „არა ოდეს განიცინნა“, დადებითადაა წარმოჩენილი, მეტყველებს ბერის სათნოებაზე. სხვაგან, კირილე სკვიროპოლელის „ევთვიმის ცხოვრებაში“, საინტერესოა ერთი ეპიზოდი, სადაც ბერს შემთხვევით გაეცინება და ამისთვის საყვედურსაც მიიღებს: „ძმაო, მოგკიცხა შენ ეშმაკმან, რამეთუ უგუნურად განიცინენ. არა გესმაა, რამეთუ უფალი ჰყუედრის მათ, რომელნი იცინიან, და ჰნატრის, რომელნი ტირედ“  [ქართული..., Euthym. 156 9]. „მამათა სწავლანში“ ვკითხულობთ: „აუგ არს მონაზონისა განცხრომაჲ, სიცილი და მხიარულებაჲ“ [მამათა...,  1955: 167] და სხვ..

სიცილი და მხიარულება აკრძალული იყო მონასტრებშიც, მათ შორის ათონის ივერთა სავანეშიც. „იოანესა და ექვთიმეს ცხოვრების“ მიხედვით: „ოდეს იხილნიან ვინმე ჭაბუკთა ძმათაგანნი გინა ერთმანერთსა თანა უბნობად ანუ სიცილად ანუ ხელის მიყოფად, ფიცხლად ამხილიან. და უკუეთუ მეორედ ქმნიანღა, მამასა მოახსენიან, და მან მძიმედ განკანონნის“ [ძველი..., 1967:75] ჰაგიოგრაფის ცნობით,  მეტრაპეზეს დავალებული ჰქონია წინამძღვრისგან: „უკუეთუ ვინმე იხილო გინა უბნობად გინა სიცილად გინა ლაღობად ტრაპეზსა ზედა, შეუთვალე, ვითა: „მაგას ნუღარა იქმ, თუ არა მამასა გაუწესებია, რომელ გარე გაგიყვანო“  [ძველი..., 1967:75]. გასაკვირი არც არის, რომ შუასაუკუნეობრივი ქრისტიანული კულტურა დიდი ხნის განმავლობაში სიცილისგან დაცლილ კულტურად მიაჩნდათ. „სიცილი განიდევნა საეკლესიო კულტურიდან, ფეოდალურ-სახელმწიფოებრივი წესიდან, საზოგადოებრივი ეტიკეტიდან და მაღალი იდეოლოგიის ყველა ჟანრიდან. ოფიციალური შუასაუკუნეობრივი კულტურისთვის დამახასიათებელი ტონის ცალმხრივი სერიოზულობა დამკვიდრდა, როგორც ჭეშმარიტების, სიკეთისა და საერთოდ ყველაფერ არსებითისა და მნიშვნელოვანის გამოხატვის ერთადერთი ფორმა“ [Ьахтин, 1965: 82].

კვლევის მიზანია, ვაჩვენო ქართულ ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში  ხუმრობას, სიცილსა და კომიზმის სხვა ელემენტებს რა მიზნითა და ფუნქციით იყენებს ავტორი. კვლევა ძირითადად ეფუძნება ჰერმენევტიკულსა და ისტორიულ-შედარებით მეთოდებს. დასკვნები ემყარება სამეცნიერო კვლევებს, სტატიებსა და ჰაგიოგრაფიული ძეგლების ტექსტუალურ ანალიზს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰაგიოგრაფიული ტექსტისთვის ნაკლებადაა დამახასიათებელი იუმორის, ხუმრობის, ირონიისა და სიცილის შემთხვევები, მით უფრო ჰაგიოგრაფიული გმირის მხრიდან, ისინი ტექსტებში სხვადასხვა დოზითა და ფუნქციით წარმოჩნდება.

1. წმინდანი იყენებს ირონიას/სატირას იდეური მოწინააღმდეგის მიმართ.

2. სიცილი გამოიყენება, როგორც ლიტერატურული ხერხი, რათა აჩვენოს სიტუაციის აბსურდულობა ან წმინდანის ხასიათი.

3. იუმორი, ხუმრობა, სიცილი გამოყენებულია სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ან უბრალოდ ადამიანური ემოციის გამოხატულებად გვევლინება.

4. ადრეული შუასაუკუნეების ქართულ ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში სიცილი უფრო უარყოფით კონტექსტში გვხდება, ვიდრე –გვიანდელი შუა საუკუნეების ტექსტებში.

დიდი ხნის განმავლობაში არავინ საუბრობდა ჰაგიოგრაფიაში სატირის, ირონიის, სიცილისა და ხუმრობის შემთხვევებზე, მათ შორის არც ბიზანტიურ ჰაგიოგრაფიაში. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი სიცილისადმი ეკლესიის დამოკიდებულება იყო. ეკლესიის ავტორიტეტები  განსაკუთრებით აკრიტიკებდნენ სიცილს, ხუმრობებს, მაგრამ მკაცრი საყვედურების გვერდით შეინიშნება სიხარულისა და ღიმილისადმი დადებითი დამოკიდებულება. ბიზანტიურ ჰაგიოგრაფიაში იშვიათად, მაგრამ მაინც გვხდება სიცილისა და ღიმილის შემთხვევები, თუმცა სიცილი უმეტესად უარყოფითი კონტექსტითაა გამოყენებული და ძირითადად მიმართულია სხვისი დაკნინებისკენ, შეურაცხყოფისა და დაცინვისკენ [Bernard, 2020;42]. სატირული ტონი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ბიზანტიური ჰაგიოგრაფიისა. როგორც რელიგიური დიდაქტიკისა და კრიტიკის ლიტერატურა, მასში გვხვდება არაერთი პერსონაჟი, რომლებიც იყენებენ სატირას და თავს ესხმიან ამით სხვებს. ერთი მხრივ, ესენი არიან ჰაგიოგრაფიის მთავარი გმირები, წმინდანები, რომლებიც ხშირად გროტესკულად მიმართავენ და დასცინიან არაქრისტიანებს, წარმართებს, შურიან თანამორწმუნეებსა და სხვ., ხოლო, მეორე მხრივ, თავად მოწინააღმდეგეები დასცინიან და შეურაცხყოფენ წმინდანებს, ზოგ შემთხვევაში ეს არის ეშმაკიც [Constantinou, 2021:81-103].

ჰაგიოგრაფიაში სატირის, იუმორისა და სიცილის შემთხვევების შესწავლას ქართულ მეცნიერებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. გრ. კიკნაძე წიგნში „სატირისა და იუმორის განვითარებისთვის ქართულ პროზაში“ მიუთითებს, რომ ქართულ ჰაგიოგრაფიაში სატირისა და იუმორის ნიშნები საერთოდ არ გვხვდება [კიკნაძე, 1972]. რ. სირაძეც მიუთითებს ამ ფენომენზე: „...აგიოგრაფიული მწერლობა არ იცნობს სიცილს. ზოგჯერ გვეჩვენება, მთელმა ეპოქამ დაჰკარგაო იუმორის გრძნობა. აქ სიხარული ცრემლებს იწვევს. უარყოფილია სიბრძნე სიცილისა, ან ღიმილის ხელოვნება“ [სირაძე,  1987:697]. ამაზე წერს ვ. როდონაიაც:  „ადრეული ხანის სასულიერო მწერლობაში სიცილისა და ლაღობის მაგალითებს ვერ ვიპოვით. ქრისტიანული თვალსაზრისით, თანაგრძნობის ცრემლი გვამსგავსებს ღმერთს, სიცილი კი უცხოა და მიუღებელი (ალბათ, ამიტომაცაა ერთ აპოკრიფულ გადმოცემაში მინიშნებული: მაცხოვარი ტიროდა და არასოდეს იცინოდაო)“ [ქართული..., 1988:453]. ჯ. აფციაური სტატიაში „კომიკურის ელემენტები უძველეს ქართულ პროზაში“ აჟღერებს აზრს, რომ ქართულ ჰაგიოგრაფიაში გვხვდება მისთვის არაორგანული, კომიკურ-იუმორისტული პასაჟები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება არც ქრისტიანულ მსოფლმხედველობას და არც ჰაგიოგრაფიის ძირითად იდეას [აფციაური, 1980:147], თუმცა ამ აზრს იმთავითვე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ამის საპასუხოდ იწერება სტატია სათაურით - „რა გვაცინებს?!“, რომელშიც ზ. ჭავჭავაძე ამ მოსაზრებას აკრიტიკებს (1993 წ.). ქართულ ჰაგიოგრაფიაში, ისევე როგორც ბიზანტიურში, ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც გვხდება სიცილის შემთხვევები და კომიზმის სხვა ელემენტები.

 „შუშანიკის წამება“ ამ კუთხითაც გამორჩეული ნაწარმოებია. ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში არის რამდენიმე ეპიზოდი, სადაც პერსონაჟები ერთმანეთთან საუბრისას იყენებენ  სარკაზმსა და ირონიას, რაც ზოგჯერ სატირულ ტონშიც გადაიზრდება. თეორეტიკოსისა და კრიტიკოსის, ნორტროპ ფრაის, თქმით, სატირა არის „შემტევი ირონია“. იგი გამოყოფს ორ აუცილებელ კომპონენტს, რომლებსაც ეფუძნება სატირა: პირველი არის სიბრძნე ან იუმორი, რომელიც ემყარება ფანტაზიას ან აბსურდისა და გროტესკის შეგრძნებას. მეორე კი - თავდასხმის ობიექტი [Frye, 1990:223]. 

შუშანიკის სატირული ტონი იგრძნობა იმ ეპიზოდში, როცა ვარსქენი თავის ძუძუმტეს გაგზავნის მასთან ციხეში და შეუთვლის, დაბრუნდეს სასახლეში. წმინდანი კი უპასუხებს: „არქუ მას უღმრთოსა, ვითარმედ „შენ მომკალ და მარქუ მე: ცოცხალითა ფერჴითა არა გამოხვიდე შენ მაგიერ ციხით“. ხოლო აწ, უკუეთუ შემძლებელ ხარ მკუდარსა აღდგინებად, პირველად დედაჲ შენი აღადგინე, რომელი ურდს დამარხულ არს“ [ძველი..., 1963:24]. ჩემი აზრით, ეს პასუხი, შეიძლება ითქვას, არის ქართულ მწერლობაში დაფიქსირებული სატირის პირველი ნიმუში, რომელიც ემყარება ირონიას და მიემართება მოწინააღმდეგეს - ვარსქენს, თავდასხმის ობიექტი სწორედ ისაა, რასაც კიდევ მეტად ადასტურებს ამ ფრაზაში ვარსქენის დედის ფიგურირება. მოტანილ ნაწყვეტში რთულია, დავინახოთ შუშანიკი, როგორც წმინდანი, აქ ის ჩვეულებრივ ქალად გვევლინება, რომელიც ვარსქენზე განაწყენებული, დედამისის ხსენებასაც კი არ გაურბის და ამას გარკვეულწილად ყოფილი ქმრის გასაღიზიანებლად აკეთებს. ირონია ჩანს ვარსქენის სიტყვებშიც, როცა იგი ბორკილებდადებულ დედოფალს, რომელიც თანახმაა, ამ სამყაროში იტანჯოს, რათა იქ განისვენოს, ეტყვის: „ჰე, ჰე, განისუენე!“ [ძველი..., 1963:21] და მცველებს მის შიმშილით მოკვლას უბრძანებს, თუმცა ეს მაინც განსხვავდება წინარე ეპიზოდისგან, რადგან შუშანიკი წმინდანი, ჰაგიოგრაფიული გმირია და მისი სარკასტულობა უფრო სპეციფიკურია, ვიდრე – ვარსქენის. ამასთანავე, პირველ ეპიზოდში შუშანიკი ხაზს უსვამს ოჯახურ უთანხმოებასაც. მისი სიტყვებიდან აშკარაა, რომ იგი ქმარს მიმართავს და არა უბრალოდ მოწინააღმდეგეს, რომელიც აიძულებს სარწმუნოების შეცვლას. ამ კონკრეტულ ფრაზაში შუშანიკი წარმოჩნდება უფრო მეტად ქალი, ყოფილი ცოლი, ვიდრე წმინდანი, სწორედ ამ კუთხითაა ეს მომენტი სპეციფიკური.

უშუალოდ სიცილი ჰაგიოგრაფიული გმირისა გვხვდება მეექვსე საუკუნის ძეგლში „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“. მასში, როგორც „შუშანიკის წამებაში,“ დასტურდება ტიპური ნიშნები, რომლებიც მას აკავშირებს ადრეულ ბიზანტიურ ჰაგიოგრაფიასთან, თუმცა გვხვდება სპეციფიკური მხატვრული სახეც, რომელიც შორდება წმინდა ჰაგიოგრაფიული თხრობის მოდელს. საუბარია იმ ეპიზოდზე, როცა ევსტათი მცხეთელი თავის თანამემამულეებს უარს ეუბნება მათ მთავარ დღესასწაულში მონაწილეობაზე. ტექსტში ვკითხულობთ: „და მიავლინეს ნეტარისა ევსტათისა და ჰრქუეს. „მოვედ და გუერთე შუებასა ამას ჩუენსა...“  ხოლო ნეტარმან ევსტათი განიცინნა და ჰრქუა მათ: „თქუენნი ტოზიკი-ცა ბნელ არს, და თქუენ, მეტოზიკენი-ცა, ბნელ ხართ“  [ძველი..., 1963:30].

სამეცნიერო ლიტერატურაში ევსტათის სიცილის ფაქტს ყურადღებას აქცევს ხ. ზარიძე და შენიშნავს, რომ წამების პერსონაჟისთვის სიცილი იშვიათი მოვლენაა. მკვლევრის აზრით, ევსტათის სიცილი ააშკარავებს მის შინაგანში არსებულ დამოკიდებულებას მაზდეანური მრწამსის მიმართ, რომლის გახსენებაც მას სირცხვილსაც კი ჰგვრის. ევსტათის სიცილი წასკდება უგუნურ თანატომელეთა თხოვნაზე და სწორედ აქ გამოიკვეთება მისი მხატვრული სახის განსხვავებული ასპექტი [ზარიძე, 1985]. ჰაგიოგრაფიული გმირისთვის სიცილი მეტად სპეციფიკურია, მიუხედავად იმისა, რაზე ეცინება, თუ რას დასცინის პერსონაჟი (უნდა აღინიშნოს, რომ ჰაგიოგრაფიული გმირის მხრიდან სიცილის შემთხვევებს იშვიათად, მაგრამ მაინც ვხვდებით ბიზანტიურ ჰაგიოგრაფიაშიც). სიცილისა და ღიმილის შემთხვევები გამოვლინდა ცხოვრებათა ჟანრის თხზულებებშიც.

გიორგი მცირე გვიყვება გიორგი მთაწმინდელის ერთი თვისების შესახებ - ის სულ თავდადრეკილი დადიოდა და „თჳნიერ საჭიროთა საქმეთა არავინ ახედვებდა თუალთა თჳსთა“ [ძველი..., 1967: 125]. ეს სმენია ბაგრატ მეფეს და გადაუწყვეტია, გამოეცადა წმინდანი. ამიტომ იგი მიიწვია სტუმრად, ხოლო ამ საკვირველი და დაუჯერებელი თვისების შესახებ უამბო მთავრებს: „რაჲთა ოდეს შემოვიდეს ჩუენდა გიორგი მთაწმიდელი და დასცადოთ ყოველთა ვიდრე-ცა განსლვადმდე მისა, რაჲთა არა მოგუხედნეს და არცა განიცადოს ხატი ჩუენი” [ძველი..., 1967:126]. გიორგი მთაწმინდელი მართლაც ეწვია მეფეს. დიდხნიანი საუბრის შემდეგ, როცა დღე გასრულდა, „ვითარცა ექვს ჟამამდე“, ბერი უკვე მოემზადა წასასვლელად. მეფემ ვეღარ მოითმინა და უთხრა: „მამაო, ყავ სიყუარული და განმიცადე, თუ ვითარი ვარ“, ხოლო ბერმან რეცა ღიმილით მცირედ მიხედნა და ჰრქუა მას: „ჵ მეფეო, აჰა ესერა ვხედავ პირსა შენსა, ვითარცა პირსა ქრისტესსა,...“ [ძველი..., 1967:126]. მეფემ იცოდა რა წმინდანის თვისება, რომ არავის შეხედავდა, წასვლისას მაინც ვეღარ მოითმინა და შეევედრა მთაწმინდელს, ერთხელ მაინც შემომხედე, როგორი ვარო. სავარაუდოდ, გიორგი მთაწმინდელი ადრიდანვე მიუხვდა მეფეს ჩანაფიქრს, და მისმა სასოწარკვეთილმა სიტყვებმა, რომლებიც  მის ზრახვას ამხელდა, ბერს ღიმილი მოჰგვარა და თხოვნა შეუსრულა. ასე რომ, „გიორგი ხუცესმონაზვნის ცხოვრება“ წმინდანის ღიმილის ამსახველი ერთ-ერთი იშვიათი ძეგლია, სადაც მთავარი პერსონაჟი, ევსტათი მცხეთელისგან განსხვავებით, რამეს ან ვინმეს კი არ დასცინის, არამედ ადამიანურად კონკრეტულ სიტუაციაზე იღიმის.

კიდევ ერთი შემთხვევაა აღნიშნულ ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში, როცა გიორგი მთაწმინდელს გაეცინება. ერთ ეპიზოდში მოთხრობილია, როგორ დაამსხვრია წმინდა მამამ ლივიზდიაში კერპი. სამეუფო ქალაქში მიმავალი გიორგი მთაწმინდელი ამ მხარეში მოხვდება, სადაც  ურჩევენ, თუ გინდა, გამარჯვებული მობრუნდე, შეევედრე ჩვენს ღმერთს შეგეწიოს მეფის წინაშეო. ბერი გამოიჩენს გონიერებას და დიპლომატიურად მიუდგება „შეცდომილ კაცთ“, მადლობასაც კი გადაუხდის კეთილი რჩევისთვის და სთხოვს მათ, აჩვენონ კერპი.  როცა იხილავს „უსულო ღმერთს“, უკან დაბრუნდება და დაიბარებს: „იყოს ჟამისად, ხვალე თვისაგან მოვიდე და ვეზრახო მას“ [ძველი..., 1967:140].  გათენებისას წმინდანმა აიღო მჭედლის ურო და რამდენიმე კაცთან ერთად წავიდა კერპისკენ. იქ დაიწყო იოანეს სახარების კითხვა, შეშინებულმა ადგილობრივებმა უცებ წამოიძახეს: „აჰა ესერა მოგკლავს!“ - ხოლო ბერმან განიცინნა, და ვითარცა ახოვანი შეჭურვილი ჯუარითა ქრისტესითა მიუჴდა მეყსეულად. კერპსა მას, აღიღო უროჲ იგი და უხეთქნა და ესრეთ წურილ–წურილად დამუსრა“ [ძველი..., 1967:140]. აქ ყველაზე საინტერესო გახლავთ სიცილი, რომელიც გამოიწვია ხალხთა უმეცრებამ, გულუბრყვილობამ, რწმენამ იმისა, რომ  კერპი რამეს დაუშავებდა ბერს. ამ სპეციფიკური მხატვრული სახით ჩვენ ვიღებთ განდეგილი ბერის სახეს, რომელიც ღრმა ქრისტიანული შთაგონების პარალელურად ჩვეულებრივი ადამიანისეული განცდებითა და ემოციებით ცხოვრობს.

ჰაგიოგრაფიული გმირები ზოგჯერ იუმორის გრძნობითაც გამოირჩევიან. საუბარია მთაწმინდელების ცხოვრებებზე, რომლებსაც, ამ კუთხით, ყურადღება მიაქცია ლ. ბრეგაძემ. მეცნიერი სტატიაში: „რეცა განცხრომით, ანუ დამატებითი არგუმენტები უილიამ ბასკერვილელისთვის“ განიხილავს ორ ეპიზოდს, სადაც ხუმრობის მაგალითებს ვხვდებით.

პირველი არის გიორგი მთაწმინდელის „იოანესა და ექვთიმეს ცხოვრება“. საუბარია იმ ეპიზოდზე, როცა ზაფხულში ძლიერი და ხანგრძლივი გვალვის გამო, იოანე მთაწმინდელი, თავის შვილს, ექვთიმეს, უბრძანებს, წარუძღვეს ბერებს ელია წინასწარმეტყველის ეკლესიაში და ღამისთევით ილოცოს გაწვიმებისთვის, შემდეგ კი - „რეცა განცხრომის სახედ უბრძანა, ვითა: „ყრმანო, საწვიმრები უკუანა წაიღეთ, რამეთუ ვესავ ღმერთსა, რომელ არა შევიქცეთ ამაოდ“ [ძველი..., 1967:68]. თანამედროვე ქართულით თუ ვიტყვით, წმინდა ბერმა ეს ყველაფერი ხუმრობით (რეცა განცხრომით) უთხრა ძმებს. მკვლევრის აზრით, ასეთი ხანგრძლივი გვალვის შემდეგ, თადარიგის დაჭერა, იმის გამო, რომ არ დასველდნენ ბერები უსაფუძვლო ოპტიმიზმად ან ზედმეტ პედანტობად ჩანს. ამას გარდა, მხიარულ განწყობას აძლიერებს ისიც, რომ იმდენი ხანია წვიმა არ ყოფილა, ოღონდ კი გვალვა შეწყდეს და ვინღა დაეძებს დასველებასო [ბრეგაძე, 2002].  

მეორე მაგალითი ლ. ბრეგაძეს უკვე „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან“ მოჰყავს. გიორგი მცირე აღგვიწერს, გიორგი მთაწმინდელისა და თეოდოს პატრიარქს შორის გამართულ დისპუტს. საფრთხის წინაშე დგებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი. გიორგი მთაწმინდელმა დოკუმენტურად დაამტკიცა, რომ საქართველოში იქადაგა ანდრია მოციქულმა, ასევე მიუთითა სიმონ კანანელის საქართველოში დაკრძალვის ფაქტზე და აღნიშნა, რომ ქართველებს არასოდეს გადაუხვევიათ ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან. საფუძვლიანი არგუმენტაციის იქით, გიორგი მთაწმინდელმა ადამიანური ფაქტორიც გამოიყენა და საკუთარ თავს ხუმრობის უფლებაც მისცა [ბრეგაძე, 2002].  

„და, რეცა განცხრომით, ჰრქუა პატრეაქსა: „წმიდაო მეუფეო, შუენის ესრეთ, რათა წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ - არს, რათა დაემორჩილოს მწოდებელსა თვისსა და ძმასა ანდრეას, და რათა თქუენ ჩუენ დაგუემორჩილნეთ!“ [ძველი..., 1967:154]. გიორგი მთაწმინდელმა იხუმრა. იგი ეუბნება პატრიარქს, რომ უმჯობესია, დამოწაფებული (ანუ პეტრეს სამოციქულო ეკლესია) თუ დაემოწაფება დამმოწაფებელს (ანუ საქართველოს, ანდრიას სამოციქულო ეკლესიას), ამიტომ უკეთესია თქვენ დაგვემორჩილოთო. ლ. ბრეგაძის შეფასებით, ხუმრობა იმაზეა აგებული, რომ არაარსებითი მომენტის არსებითზე წინ დაყენებას გულისხმობს [ბრეგაძე, 2002].  ჯ. აფციაურიც ეხმაურება ამ ეპიზოდს, იგი მთაწმინდელის ხუმრობაზე არ ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ თვითონ ფაქტი მიაჩნია კომიკურად: „ბერძნები მართლაც რომ კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ჩიხში მოქცეული პატრიარქი ცდილობს ყველაფერი იუმორში გადაიტაროს” [აფციაური, 1980:149].

ვფიქრობ, გიორგი მთაწმინდელმა მართლაც იხუმრა, თუმცა ამ ხუმრობაში სიმართლეც ერია, ამიტომაც პატრიარქი, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, იუმორში გადაიტანს ამ ყველაფერს, რასაც მოწმობს მისი ღიმილიც. „განიღიმა პატრეაქმან და ჰრქუა მღდელთ-მოძღუართა მათ და ერსა: „ხედავთ ბერსა ამას, ვითარ მარტოჲ ესოდენსა სიმრავლესა გუერევის ვეკრძალნეთ, ნუუკუე წინააღმდგომი შეგუემთხვიოს და არა ხოლო სიტყვით, არამედ საქმით გუამხილოს ძლეულებაჲ ჩუენი და დაგვიმრწემნეს“ [ძველი..., 1967:155]. აქ იუმორი სიტუაციის განმუხტვის ერთგვარ საშუალებად გვევლინება. 

იუმორის კუთხით ყველაზე მეტად საინტერესო არის აბუსელიძე ტბელის თხზულება „სასწაულნი წმიდისა გიორგისანი“, რომელიც დაწერილია 1233 წელს. ადრეულ შუა საუკუნეებში წმინდა გიორგის „წამებათა“ გარდა, ბიზანტიაში იქმნება სხვადასხვა საკითხავი მოწამესთან დაკავშირებით. აბუსელიძე ტბელის აღნიშნული ნაწარმოებიც ერთგვარი გაგრძელებაა ამ ტრადიციისა. მეცნიერები ახალ სიუჟეტურ დეტალად მიიჩნევენ თხზულებაში გამოვლენილ წმინდა გიორგის ლაღობასა და ხუმრობას [ქართული..., 1988].

ერთ ეპიზოდში წმინდა გიორგი ბოლოკ-ბასილს „რეცა ჩუქვების სახედ“, - „ბაჩილოს“ დაუძახებს, გაეხუმრება, რადგან ბასილი ენაბრგვნილი კაცია და სწორედ ამიტომ მიმართავს მას წმინდანი ენის მოჩლექით, განგებ ამახინჯებს სიტყვას, რათა მის მეტყველებას დაამსგავსოს - ეს მართლაც უჩვეულო შემთხვევაა ასეთი ჟანრის ნაწარმოებისთვის.

მეორე პასაჟი კიდევ უფრო საინტერესოა. წმინდა გიორგი ბასილს უბრძანებს გაპობილი ქვის გაზომვას, როცა კალატოზი შიგ ჩადგება, წმინდანი შემოუჭერს ქვას, ბასილი აყვირდება, ვაიმე, რად მომკალი მე საწყალობელიო. ხოლო მოწამემან „რეცა სიცილის სახედ და ლაღობისა, განზიდნა მას განპებისა და ჰრქუა: „აღმოხედ და ნუ ხარ მოწყინარე მსახურებისა ჩემისა და სრულქმენ ტაძარი ჩემიო“  [ქართული..., 1988: 422]. აქაც წმინდა გიორგი ეხუმრება და შეეთამაშება ბოლოკ-ბასილს, თან იმაზეც აძლევს შენიშვნას, ნუ გეზარება ჩემი მსახურება, ნუ ხარ მოწყენილიო. 

ამ ნაწარმოებში იუმორისტულ განწყობას პირველად ყურადღება მიაქცია  ვ. როდონაიამ და მიუთითა, რომ თხზულებაში გამოვლენილი ამგვარი ეპიზოდები ადრინდელი ჟანრის სავალდებულო კანონის დარღვევად უნდა მივიჩნიოთ, რადგან წმინდანის ლაღობა და ხუმრობა ის ახალი სიუჟეტური დეტალია, რომელსაც ადრეული ხანის სასულიერო მწერლობაში ვერ ვიპოვითო [ქართული..., 1988], თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ხუმრობის მაგალითები უფრო ადრეული ხანის ძეგლებშიც დასტურდება, ოღონდ სხვაგვარად.

საბოლოოდ, „შუშანიკის წამებაში“ გამოვლენილი სატირული ტონი და ირონია, ვფიქრობ, იმით უნდა აიხსნას, რომ ესაა უძველესი ჰაგიოგრაფიული ძეგლი. ამ დროს ჰაგიოგრაფიული შაბლონი ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული არც ბიზანტიაში და, შესაბამისად, არც ჩვენთან, ამიტომ ავტორიც მეტად თავისუფალია, არ უშინდება ისეთი მომენტების აღწერასაც, რომლებზეც, წესით, ყურადღებას არ უნდა ამახვილებდეს, მაგრამ ამით იაკობ ხუცესი ძალიან ცოცხალ და მაღალმხატვრულ სახეებს ქმნის. „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“ პერსონაჟის სიცილით გამოიკვეთება როგორც წმინდანის ხასიათი, ასევე სიტუაციის აბსურდულობა, იგი დასცინის იმ ცრუმოძღვრებას, რომლის მიმდევარიც უწინ თავადვე იყო. სიცილი, როგორც დაცინვის იარაღი უცხო არაა არც ბიზანტიური ჰაგიოგრაფიისთვის.  რაც შეეხება ათონელთა ცხოვრებებს, ვფიქრობ, აქ ყველაზე დახვეწილადაა წარმოდგენილი იუმორის, სიცილისა და ღიმილის შემთხვევები, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ გვიანდელი შუასაუკუნეები ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ჰუმანიზმით, რაც სიცილისა და ხუმრობის ასპექტებშიც ვლინდება. ეს უნდა იყოს მიზეზი წმინდა გიორგის ასეთი განსხვავებული სახის არსებობისა თხზულებაში „სასწაულნი წმინდისა გიორგისანი“. გვიანდელ შუა საუკუნეებში ჰაგიოგრაფიული გმირების მხატვრულ სახეში მეტად იკვეთება მისი ადამიანური ბუნება, მგრძნობელობა, ემოციურობა. ამიტომაცაა, ალბათ, რომ ადრეული შუა საუკუნეების ქართულ ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში სიცილი უფრო ნეგატიურად არის წარმოდგენილი, ვიდრე გვიანდელი შუა საუკუნეების ტექსტებში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰაგიოგრაფიაში  იუმორი არ არის უბრალოდ გართობის მიზნით გამოყენებული, არამედ ხშირად იგი ღრმა სულიერ მნიშვნელობას ატარებს. წმინდანების ხუმრობა, სიცილი, იუმორი ხშირად წარმოდგენილია როგორც სიბრძნის, თავმდაბლობის ან სულიერი სწავლების საშუალება, თუმცა იშვიათად ის წმინდა ადამიანური ემოციის გამოხატვასაც ემსახურება, როგორც ეს ათონელთა ცხოვრებებშია ნაჩვენები.