ზმნური ფრაზების ფუნქციური მიმართებებით გამოხატვის თავისებურებები გერმანული და ქართული წინადადებების სინტაქსური ხეების მაგალითზე
თანამედროვე ინფორმაციულ საზოგადოებაში ფართოდ არის ინტეგრირებული ბუნებრივი ენის ავტომატური დამუშავების მექანიზმები, რაც აისახება თუნდაც ისეთ აქტივობებში, როგორებიცაა ტექსტის ძიება ინტერნეტში, ტექსტის ავტომატური თარგმნა, მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისების შექმნა და ა. შ. ყოველივე ეს კი დიდწილად უკავშირდება კომპიუტერულ ლინგვისტიკას, რომლის თეორიები და მეთოდები თანდათანობით გარდაუვალ კომპონენტად იქცა არამხოლოდ აკადემიური კვლევების, არამედ ყოველდღიური ტექნოლოგიური პრაქტიკისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვნად იზრდება კომპიუტერული ლინგვისტიკის გავლენა ადამიანებს შორის კომუნიკაციისა და ინფორმაციის გადაცემის მოდელებზე. კომპიუტერული ლინგვისტიკა გამოიყენება სხვადასხვა დონეზე ფენომენების აღსაწერად, მაგ., ფონეტიკისა და ფონოლოგიის, მორფოლოგიის, სინტაქსის, სემანტიკისა და პრაგმატიკის დონეზე. მაგრამ ყველაზე მეტად მას სწორედ სინტაქსური, ანუ წინადადების სტრუქტურული ანალიზის დროს ვიყენებთ. ასევე, კორპუსის ლინგვისტიკა, როგორც კომპიუტერულად წაკითხვადი დიდი მოცულობის კორპუსების შესწავლის მეთოდი, ფართოდ იყენებს ხეების ბანკს სინტაქსური მოვლენების შესწავლის მიზნით. უკვე სათანადო ადგილი დაიმკვიდრა ხეების ბანკის გამოყენებამ უცხოური ენებისა და თარგმნის სწავლებაში და ამის ერთ-ერთი მაგალითია პრაქტიკული სახელმძღვანელოების შედგენა, რაც, სხვასთან ერთად, სწორედ ამგვარი კვლევის შედეგებსაც ეფუძნება.
ჩვენი მიზანია, წარმოვაჩინოთ, თუ როგორ არის შესაძლებელი სინტაქსური სტრუქტურების რეპრეზენტაცია და მათი დამუშავება კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით. ლინგვისტური ტრადიციის თანახმად, სინტაქსურ სტრუქტურებთან დაკავშირებით განვითარების ორი მიმდინარეობა არსებობს [Carstensen… 2010: 233]. ერთი მათგანი სინტაქსურ სტრუქტურებს განიხილავს როგორც სიტყვებს შორის არსებულ კავშირს, აქ საქმე გვაქვს დამოკიდებულებების და დეტერმინაციულ სინტაქსთან (Dependenz- und Determinationsyntax). დამოკიდებულებათა თეორიის წარმომადგენელია ლ. ტენიერი. დამოკიდებულებათა ანალიზის დროს წინადადებაში ხდება ცალკეული სიტყვების ერთმანეთთან დამოკიდებულებების წარმოდგენა. ხოლო მეორე მიდგომას წარმოადგენს შემადგენლების სტრუქტურების სინტაქსი (ფრაზული სტრუქტურების სინტაქსი), რომელიც სინტაქსურ სტრუქტურებად სიტყვებთან ერთად მოიაზრებს აგრეთვე კომპლექსურ ერთეულებს, ე. წ. შემადგენლებს (Konstituenten) ანუ ფრაზებს, აგრეთვე, მათ შორის კავშირს. მიიჩნევენ, რომ წინადადებები იერარქიულად აწყობილი ქვეერთეულებისგან შედგება, ესენი არიან ერთმანეთთან დაკავშირებული სიტყვათა მიმდევრობები, რომლებიც შემადგენლებად იწოდებიან. ამ სფეროში განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ლეონარდ ბლუმფილდის [1933] და ამერიკელი სტრუქტურალისტების კვლევები.
კვლევის ფარგლებში შესაძლებელი გახდა რამდენიმე გერმანული და ქართული წინადადების ანოტირება, რათა დაგვედგინა ზმნური ფრაზების ფუნქციური მიმართებებით გამოხატვის თავისებურებები გერმანულ და ქართულ წინადადებებში. თუმცა შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია აგრეთვე სხვა გერმანული და ქართული წინადადებების ანოტირება და მათი სტრუქტურების შეთანადება. წარმოდგენილი კვლევის მიზანი იყო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება ქართულ-გერმანული პარალელური ხეების ბანკების ასაგებად. პარალელური ხეების ბანკი არის ტექსტების პარალელური კორპუსი, სადაც წინადადებები სხვადასხვა შრეზეა მონიშნული და, როგორც წესი, ხის სტრუქტურის სახით არის წარმოდგენილი. პარალელური კორპუსი შედგება ტექსტებისა და მათი თარგმანებისაგან. თუმცა ასეთთა სათანადო რაოდენობის ნაკლებობის გამო, გარკვეულ ენათა წყვილების შემთხვევაში, ასევე პარალელურ ტექსტებად განიხილება ერთი და იმავე ტექსტის სახეობები შესაბამის ენებზე. ისინი გამოიყენება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: მანქანური თარგმანი, ლექსიკოგრაფია, ლინგვისტური კვლევები, რომელთა მიზანია სტრუქტურულად განსხვავებულ ენათა შორის მიმართებების დადგენა.
სინტაქსური ანოტირება/ პროგრამული ხელსაწყო „Synpathy“
წინამდებარე ნაშრომში განხილულია ზმნური ფრაზები ერთი კონკრეტული ტექსტის სახეობის სინტაქსურად ანოტირებული გერმანული და ქართული წინადადებების საფუძველზე. სინტაქსური ანოტირება იყენებს მეტყველების ნაწილებს, მორფოლოგიურ მახასიათებლებსა და სინტაქსური დამოკიდებულების შესახებ მონაცემებს.
ივარაუდება, რომ ყოველ წინადადებას აქვს თავი, რომელიც წარმოადგენს ხის სტრუქტურის კვანძს და სიტყვათა მთელი მიმდევრობის ზევით დგას. ცალკეული სიტყვები და ფრაზები, რომლებიც სემანტიკურად ერთ შემადგენლად ერთიანდებიან, უნდა ექვემდებარებოდნენ ერთ-ერთ კვანძს. ხე იტოტება სწორედ ისე, რომ ხის შემადგენელი სტრუქტურის აღმწერი წრფეები, ანუ ტოტები/"წიბოები", ერთმანეთს არ კვეთდნენ. სიტყვაფორმის კატეგორიების აღმნიშვნელ სიმბოლოებს კვანძებს უწოდებენ.
ხის ფოთლები ტერმინალური კვანძებია, რომლებიც მხოლოდ ერთ სიტყვას შეესაბამებიან. ყველა სხვა დანარჩენი ტიპის კვანძი გარდა ტერმინალური, ანუ საბოლოო კვანძებისა, რომლებიც შემდგომ შემადგენლებად დაშლას არ ექვემდებარებიან, არატერმინალურად იწოდება. ერთად აღებულ ყველა კვანძს კი, რომლებიც უშუალოდ სიტყვების ზევით დგას, პრეტერმინალურ კვანძებს უწოდებენ [კაპანაძე/შტაინერი, 2012].
ენის მონოლინგვური კორპუსის სინტაქსური ანოტირებისათვის გამოვიყენეთ პროგრამული პაკეტი Synpathy, რომელიც შემუშავებულ იქნა ჰოლანდიაში, მაქს პლანკის ფსიქოლინგვისტიკის ინსტიტუტის მიერ. იგი ეფუძნება TIGER კვლევითი პროექტისათვის შექმნილ SyntaxViewer პროგრამულ პაკეტს.
ერთენოვანი ტექსტი Synpathy–ის შესავალზე წარმოდგენილია TIGER-XML-ფორმატში აღწერილი ფაილების სახით. ერთენოვანი/მონოლინგვური ხეების ბანკები, რომლებიც TIGER-XML ფორმატში არის კონვერტირებული, წარმოადგენს მძლავრ, მონაცემთა ბაზაზე ორიენტირებულ გრაფის მსგავს სტრუქტურებს. TIGER-XML ხის გრაფში ყოველ „ფოთოლს“ (=ტოკენი) და ყოველ კვანძს (=ლინგვისტური შემადგენელი) აქვს საკუთარი ყველასგან განსხვავებული სახელწოდება (identifier).
თითოეული წინადადებისათვის TIGER-XML ფორმატის შესატყვისი პროგრამული ფაილი შედგება „სათაურისა“ და „სხეულისაგან“. “სათაური“ მოიცავს მეტაინფორმაციას, როგორიც არის, მაგ., კორპუსის სახელწოდება, თარიღი, ავტორი, ასევე, ახსნა-განმარტებები გამოყენებული თეგებისათვის და ა.შ.
„სხეულის“ ნაწილი მოიცავს: (1) ტერმინალურ ერთეულებს (ხის „ფოთლებს“), რომლებიც წარმოდგენილია ცალკეული სიტყვებით, მეტყველების ნაწილების თეგებით და სათანადო მახასიათებლებით ატრიბუტების სახით; (2) არატერმინალურ ერთეულებს, რომლებიც შესაბამის კვანძებს და კვანძებს შორის დამაკავშირებელ ხაზებს აღწერენ. თავად ანოტირების პროცედურა 2 საფეხურისაგან შედგება: ყოველ სიტყვას მიესადაგება გრამატიკული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს შესაბამისი მეტყველების ნაწილის აღმნიშვნელ თეგს სათანადო თეგსეტში (Tagset). სინტაქსური სტრუქტურა კოდირებულია ხის მსგავსი გრაფის ფორმით — კვანძებითა და წიბოებით (edges).
სიტყვები წინადადებაში თეგირებულია POS-ის საშუალებით. ხის კვანძები მონიშნულია შემადგენლების სინტაქსური კატეგორიების საფუძველზე. ხაზების მონიშვნა ხდება შვილობილი ფუნქციების მეშვეობით შესაბამის მშობელ-კვანძებთან მიმართებაში.
სინტაქსური ანოტირების შედეგი TIGER XML-ფორმატში გვეძლევა, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება. სათაურის ნაწილში (header) წარმოდგენილია კორპუსის აღწერა და ზოგიერთი მეტაინფორმაცია. დოკუმენტის ტანში მოცემულია კორპუსის გრაფების განმარტება და მათი ანოტირება. კორპუსის ID (საიდენტიფიცაციო მაჩვენებელი) უნდა იყოს ერთადერთი მთელი ინდექსირებული კორპუსის მიმართ, ანუ იგი არ უნდა მეორდებოდეს.
აქ ყველაზე ქვედა დონის კვანძებზე გვხვდება ისეთი სიმბოლოები, როგორებიცაა: მაგ.: N (არსებითი სახელი) და V (ზმნა), მომდევნო, დომინანტი დონის კვანძებზე კი, უფრო კომპლექსურ სიმბოლოებს ვხვდებით. ეს არის სიმბოლოები არა სიტყვებისთვის, არამედ სიტყვათა ჯგუფებისთვის. მაგ.: DP - დეტერმინანტი ფრაზისთვის, NP - ნომინალური ფრაზისთვის, VP - ზმნური ფრაზისთვის.
აღნიშნული კვლევის ფარგლებში თეორიული საფუძვლების გარდა, შევისწავლეთ X’ -ის წესებით წინადადების დერივაციული ხის აგება. კერძოდ: notepad++ ელექტრონულ ხელსაწყოში პროგრამული კოდით (script) აღვწერთ კონკრეტულ წინადადებას.
პირველ ეტაპზე, ტერმინალური სიმბოლოების საშუალებით აღვწერთ ამ წინადადების სიტყვებსა და სასვენ ნიშნებს. პროგრამული კოდის დასრულების შემდეგ ვინახავთ დოკუმენტს და ვამოწმებთ პროგრამულ ხელსაწყო “Synpathy”-ის საშუალებით. თუ კოდი სწორია, აუცილებლად გაიხსნება X’ დერივაციული ხე.
ფრაზების სტრუქტურა
გენერატიული სინტაქსის თეორიის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე მეცნიერები შეეცადნენ, რომ გრამატიკის მთელი სინტაქსური კომპონენტები ფრაზების სტრუქტურებზე აეგოთ. სინტაქსის ელემენტარულ ნაწილებს წარმოადგენენ სიტყვები, რომელებიც ლექსიკური კატეგორიის გარკვეული მახასიათებლებით არიან დაკავშირებული. წინადადება უშუალოდ სიტყვებისგან კი არ შედგება, არამედ სიტყვათა ჯგუფებისგან, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და ერთად ქმნიან ფრაზებს. ფრაზების კატეგორიები იმ სიტყვის მიხედვით იღებს სახელს, რომელიც ცენტრალურ როლს თამაშობს ამ ფრაზაში, ანუ ის, რაც არის მისი ძირი, თავი [Schiller… 1999]. მაგ.:
• ნომინალური ფრაზები (NP): ამ ფრაზის თავს წარმოადგენს სულ მცირე ერთი სიტყვა მაინც, რომელიც იბრუნვის (წესით, ან არსებით სახელს ან ნაცვალსახელს). მაგ., NP - der Effektivzinssatz, Verzugszinsen.
• წინდებულიანი ფრაზები (PP): ამ ფრაზის თავს წარმოადგენს წინდებული. PP –მაგ., Einwilligung zur Übermittlung von Daten an die SCHUFA.
• ზმნური ფრაზები (VP): ამ ფრაზის თავს წარმოადგენს ან სრული ზმნა ან კოპულა. VP - მაგ., Einwilligung widerrufen, Zinsen berechnen.
• ზედსართავის ფრაზები (AdjP): ამ ფრაზის თავს წარმოადგენს ზედსართავი სახელი. AdjP – მაგ., laufendes Konto, festes Sollzins.
• ზმნიზედის ფრაზები (AdvP): ამ ფრაზის თავს წარმოადგენს ზმნიზედა. AdvP – მაგ., unter Berücksichtigung aller Umstände des Einzelfalls, unter Abwägung der beiderseitigen Interessen, auf Verlangen des Kreditnehmers.
ი. პაფელის (2011) აზრით, წინადადებებიც შეგვიძლია განვიხილოთ სიტყვათა ჯგუფებად, ანუ ფრაზებად; თუმცა ლიტერატურაში ფრაზებს ვიწრო მნიშვნელობით იყენებენ, რომლის თანახმადაც წინადადება არ არის ფრაზა[Pafel 2011: 24].
ლ. ლემნიტცერის [Lemnitzer, 2010] მიხედვით, განასხვავებენ ენდოცენტრულ და ეგზოცენტრულ ფრაზებს. ენდოცენტრულ ფრაზაში გვაქვს ფრაზის თავი, რომელიც ფრაზის კატეგორიულობას განსაზღვრავს, მაგალითად, ნომინალურ ფრაზაში არსებითი სახელი, ხოლო ეგზოცენტრული ფრაზა წარმოადგენს ერთ ფუნქციონალურ ერთეულს, რომელშიც რამდენიმე ფრაზაა გაერთიანებული, მაგალითად, წინადადება, რომელიც ნომინალურ და ვერბალურ ფრაზებზე მაღლა დგას. მასში ე. წ. დედაკვანძი განსხვავებული ტიპისაა, ვიდრე მისი შვილობილი კვანძები.
ზმნური ფრაზების სტრუქტურა
ფრაზები ქმნიან სინტაქსურ კატეგორიას სიტყვისა და წინადადების დონეზე. ისინი წარმოადგენენ უშუალო შემადგენლებს. მაგალითად, ზმნური ფრაზა არის ლექსიკური კატეგორიის ზმნის ექსპანსიის შედეგი, რომელსაც აქვს თავი.
ზმნური ფრაზები შეიცავენ ერთ ფორმაცვალებად/ფინიტურ ზმნას (Finites Verb) ან მაერთს (Kopula), როგორც თავს. ფრაზაში ფორმაცვალებადი ზმნები დიდ როლს ასრულებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი გარკვეული სიცარიელის შესავსებად დამატებებს საჭიროებენ. ამ ე.წ. დამატებებს გარკვეული ფორმა უნდა ჰქონდეთ, ამიტომ მათ მიცემით-, ნათესაობით-, ბრალდებითბრუნვიან და წინდებულიან დამატებებს, ანუ ობიექტებს უწოდებენ.
სახელობითის ობიექტს ტრადიციულად სუბიექტი წარმოადგენს და მას განსაკუთრებული როლი ეკისრება სხვადასხვა ტიპის გრამატიკულ მოდელში. ის ზმნისაგან შედარებით დამოუკიდებლად ითვლება და ხშირ შემთხვევაში ზმნური ფრაზის გარეთ არის წარმოდგენილი. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. სახელობითი ანუ სუბიექტის ბრუნვა ითვლება ზმნისგან უმართავ ბრუნვად, მაშინ როდესაც ბრალდებითს, მიცემითსა და ნათესაობითს ზმნა მართავს. ჯერ კიდევ ანტიკურ გრამატიკებში სახელობითი მოიხსენიება როგორც casus rectus (სწორი, პირდაპირი ბრუნვა/direkter Kasus), casus obliqui – საგან (არასწორი, ირიბი ბრუნვა/indirekter Kasus) განსხვავებით. სუბიექტს რომ განსაკუთრებული კავშირი აქვს ზმნასთან, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ისინი შეუძლებელია შეგვხვდეს ფორმაუცვლელ ზმნებთან კომბინაციაში. სუბიექტი ასევე გავლენას ახდენს ფორმაცვალებად ზმნებზე, რომლებიც უნდა იუღლებოდეს სუბიექტთან ერთად შესაბამის პირსა და რიცხვში. ზმნური ფრაზის არსებობა გერმანულში ძალიან სადავოა, განსაკუთრებით კი შეუთანხმებლობაა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა შედიოდეს ზმნის ფრაზაში. ზოგიერთი მოსაზრების მიხედვით, სუბიექტი არ ეკუთვნის ზმნურ ფრაზას, ზოგიერთის თანახმად კი, ეკუთვნის და ამ შემთხვევაში ზმნური ფრაზა პრქტიკულად მთელ წინადადებას მოიცავს, დაწყების კავშირებისა და ზოგიერთი ტიპის ზმნიზედის გარდა [Pittner/Berman, 2013].
ყველა ზმნა წარმოადგენს დამოუკიდებელ ფრაზას. ფრაზები ფორმაცვალებადი/ფინიტური ზმნებით აღინიშნება როგორც S - წინადადება, ხოლო ფორმაუცვლელი/არაფინიტური ფრაზები აღინიშნება როგორც VP - ზმნური ფრაზა. ზმნური ფრაზები და წინადადებები, რომლებიც ნომინალური ფრაზის კომპლემენტს/დამატებას წარმოადგენენ, ანოტირებული იქნება როგორც OC (clausal object).
მნიშვნელოვანია ის, რომ თუ გრამატიკალიზაციის შედეგად შესამჩნევია არსებითი სახელის განსაკუთრებული კავშირი ზმნასთან (z.B. in Verbindung setzen, in Anspruch nehmen, zur Verfügung stellen, in Verzug sein), ამ შემთხვევაშიც არსებითი სახელის ზმნური და წინადადების ღირებულების მქონე არგუმენტების ანალიზი შესაძლებელია OC-დ (clausal object). ზმნურ ფრაზებს და წინადადებებს, რომელთა ანოტირება ხდება ზოგადად როგორც MO (Modifier / Modifikator) (მაგ.: წინადადებები um-zu-სთან ერთად), ნომინალურ ფრაზაში ანოტირდება როგორც MNR (Modifier of Np to the Right / postnominaler Modifikator). აღსანიშნავია, რომ სუბიექტის ანოტირება ხდება ფინიტური ზმნის დეპენდენტის (დამოკიდებულის) სახით. OC-დ შესაძლებელია მთელი წინადადებაც იყოს აღნიშნული.
ინფინიტივური კონსტრუქციის ანოტირება zu ნაწილაკთან ერთად
ინფინიტივი და zu-ნაწილაკი ერთმანეთს ჯერ უკავშირდებიან VZ – ფრაზით (PM არის მორფოლოგიური ნაწილაკი), ხოლო ეს ფრაზა არის შემდეგი ძირითადი ზმნური ფრაზის თავი.
აღსანიშნავია, რომ ზმნის ყველა შემადგენელი (სინტაქსური კომპლემენტი/დამატება) და ადიუნქტი (გენერტიულ ლიტერატურაში ატრიბუტებს ადიუნქტებს უწოდებენ ანუ ე. წ. ზედდართული) VP-კვანძს ებმის და არა VZ - ს. ხოლო ზმნებს შორის ფუნქტორისა და არგუმენტის დამოკიდებულებას კარგად ასახავს სინტაქსური ხე.
ინფინიტივური კონსტრუქციის ანოტირება zu ნაწილაკთან ერთად შესაძლებელია შემდეგნაირად:
სურათი I. გერმანული წინადადების ხის სტრუქტურა
მომდევნო სქემის სახით წარმოდგენილია იმავე წინადადების ხის სტრუქტურა ქართულ ენაზე, რომელიც ამ კონკრეტული ტექსტის სახეობისთვის, კერძოდ კი, საბანკო ხელშეკრულებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
სურათი II. ქართული წინადადების ხის სტრუქტურა
ფუნქციურზმნიანი შესიტყვებები (CVC)
ფუნქციურზმნიან შესიტყვებებში (funktionales Verbgefüge/collocational verb construction) იგულისხმება ე.წ. გაუფერულებულმნიშვნელობიანი სრული ზმნისა და წინდებულიანი ფრაზის კომბინაცია. სემანტიკური ინფორმაციის მატარებელი ამ შემთხვევაში არის არა ზმნა, არამედ წინდებულიანი ფრაზა - [in Verbindung] cvc setzen könnte.
ფუნქციურზმნიანი შესიტყვებებისთვის დამახასიათებელია ის, რომ შესაძლებელია მათი ერთი ზმნით შეცვლა (ჩანაცვლება). მაგ.: in Verbindung setzen – verbinden. ძირითადი წინდებულებია zu ან in. შესიტყვებაში მონაწილე არსებითი სახელის ჩანაცვლება, როგორც წესი, შეუძლებელია, ისე რომ აზრი არ შეიცვალოს. აქ საქმე გვაქვს მცირე რაოდენობის სუსტი მნიშვნელობის მატარებელ ზმნებთან, უმთვარესად, დირექციონალური ან ლოკალური მნიშვნელობით (stellen, setzen, bringen, geraten, kommen, stehen, ...). ფუნქციურზმნიან შესიტყვებებში ძირითადი ჯგუფის ანოტირება ხდება როგორც CVC, თუმცა შესაძლებელია, რომ ისინიც იყვნენ წარმოდგენილი კომპლექსური სტრუქტურის სახით: [[mit der Bank] op in Verbindung] cvc setzen könnte.
ფუნქციურზმნიან შესიტყვებებში არსებითი სახელის ზმნური და წინადადების ღირებულების მქონე არგუმენტები აღინიშნება როგორც OC (clausal object):
სურათი III. გერმანული წინადადების ხის სტრუქტურა
ვნებითი გვარის კონსტრუქციები
ვნებითი გვარის კონსტრუქციებში აუცილებლად უნდა მივაქცოთ ყურადღება იმას, რომ გამონაკლის შემთხვევებში ანოტირებული სტრუქტურა არ შეესაბამება სემანტიკურ არგუმენტაციულ სტრუქტურას. სემანტიკური თვალსაზრისით, სუბიექტი, რომელიც ზმნის არგუმენტებს მიეკუთვნება (geführt), ისევე როგორც ყველა სხვა სუბიექტი, პასივის ფინიტურ დამხმარე ზმნას (wird) ებმის.
პასივირებული ლოგიკური სუბიექტის ანოტირებისას ვიყენებთ აღმნიშვნელს SBP (passivised subject). ასევე შესაძლებელია პასივირიებული იყოს წინადადების არგუმენტი (OCs), ამ შემთხვევაში შესაძლებელია მათი სუბიექტის სახით ანოტირება.
სურათი IV. გერმანული წინადადების ხის სტრუქტურა
სურათი V. ქართული წინადადების ხის სტრუქტურა
მდგომარეობის ვნებითის (der Zustandspassiv) ანოტირება ისევე ხდება, როგორც მოქმედების ვნებითისა (der Vorgangspassiv), მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ პარტიციპი, ან ზმნური ფრაზა, რომელიც პარტიციპზე დომინირებს, არა როგორც OC, არამედ როგორც PD ანოტირდება. მდგომარეობის პასივში კი პარტიციპი თეგირებულია როგორც VVPP.
პარტიციპი ძირითადად თეგირებულია როგორც VVPP, გარდა ლექსიკალიზირებული პარტიციპებისა, რომლებიც გამოიყენება როგორც ზედსართავი სახელი. მაგ.: bekannt, begabt. ამ ზედსართავების მნიშვნელობას არაფერი აქვს საერთო ზმნის თავდაპირველ ფორმასთან, ამიტომ მათ მიეწერებათ PoS-Tag ADJD.
მდგომარეობის პასივსა და მაერთიანებელ წინადადებას (Kopulasatz) ძალიან ბევრი აქვთ საერთო და არც ისე მარტივია მათი გამიჯვნა (მაგ.: Die Tür ist geschlossen). პარტიციპებს მდგომარეობის პასივში აქვთ, ერთი მხრივ, ზედსართავის თვისებები და ზედსართავ სახელებად შეუძლიათ ლექსიკალიზაცია (მაგრამ არა იდიომატიზაცია). სხვა შემთხვევაში არსებობს პროდუქტიული კავშირი ზმნურ პარადიგმასთან, რომელიც werden-იანი პასივით ხდება შესამჩნევი (მაგ.: Die Tür wird geschlossen), ეს კი კანტის აღმნიშვნელის PD -ის PoS-Label VVPP-თან კავშირის შედეგია.
წინამდებარე სტატიის ფარგლებში აღარ შევჩერდებით ამ ფრაზებზე, რადგან ისინიც ზმნურ პარტიციპებად განიხილება და sein დამხმარე ზმნიანი პერფექტის ნაწილად მოიაზრება, სადაც ერთ-ერთი ზმნა სემანტიკურ დატვირთვას ატარებს.
დასკვნა
დღევანდელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი ევროპის ქვეყნებისათვის, ერთენოვან და პარალელურ ხეების ბანკებზე მუშაობა მეტად აქტუალურია. კორპუსის ლინგვისტები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ენა ჩართონ მონაცემთა ბაზაში და, შესაბამისად, მეტი პარალელური კორპუსი მიიღონ.
მზარდი გლობალიზაციის პირობებში ენობრივი ბარიერების გადალახვა ცენტრალურ ადგილს იკავებს. ამავდროულად იზრდება საზოგადოებაში კომპიუტერის გამოყენებაც. სულ უფრო დიდი მოთხოვნაა თარგმანსა და კომპიუტერულ მომსახურებაზე, რაც იდეალურ გარემოს უქმნის ბუნებრივი ენების მანქანური სათარგმნი სისტემების გამოყენებას. თარგმანის შესრულებისას უაღრესად მნიშვნელოვანია ორივე ენობრივ სივრცესთან დაკავშირებული შინაარსობრივი და კულტურული მიმართებების ცოდნა, რასაც ლიტერატურული ტექსტის შემთხვევაში ემატება ინდივიდუალური კრეატიული აზროვნების მრავალფეროვნება, რათა სამიზნე ენაზე ტექსტის მახასიათებლების ადეკვატურად გადატანა იყოს შესაძლებელი. კომპიუტერის გამოგონების დღიდან ცდილობენ მის სხვა ფუნქციებში სათარგმნი დავალებების ინტეგრაციას. ასე გაჩნდა მანქანური თარგმანის ინტერდისციპლინური დარგი, რომელიც აერთიანებს ლინგვისტიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, თარგმანმცოდნეობის გავლენას. მისი მიზანია, მიუახლოვდეს ადამიანის მიერ შესრულებული თარგმანის ხარისხს.
უკანასკნელ პერიოდში პროფესიონალი მთარგმნელის ნაცვლად გამოიყენება ე.წ. CAT (Computer-Aided Translation / Computergestützte Übersetzung) ტექნოლოგიები, რომელთა დახმარებითაც იქმნება სხვადასხვა ტიპის მრავალენოვანი კორპუსები (ტერმინოლოგიური მონაცემთა ბანკები, პარალელური ტექსტები) და რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია შემდგომი თარგმანებისთვის. მაგალითად, ტექნიკური ხელსაწყოების სახელმძღვანელოების შედგენისას ნაწილობრივ გამოიყენება კონტროლირებადი ენა (controlled language), რათა მოხდეს შექმნილი დოკუმენტებისა და მანქანური თარგმანის საბოლოო ავტომატური გადამუშავება და დახვეწა.
სულ უფრო მზარდი ტექნოლოგიზაცის ფონზე უაღრესად დიდია მოთხოვნა მანქანური თარგმანის გამოყენებაზე. დღეს, ხელით შესრულებილ თარგმანთან შედარებით, 50%-ით გაზრდილია მანქანური თარგმნის პროცესის ეფექტიანობა. თუმცა, ამ ტენდეციებისთვის ფეხის აწყობა საკმაოდ რთული და შრომატევადი, ნაბიჯ-ნაბიჯ შესასრულებული სამუშაობის გზით არის შესაძლებელი. წინამდებარე სტატიაშიც სწორედ ერთი ასეთი მცდელობა არის ნაჩვენები.













