კარიკატურა, როგორც პროპაგანდის მძლავრი იარაღი (საბჭოთა კარიკატურა ჟურნალ „ნიანგის“ ფურცლებზე)

1921 წლიდან, უფრო კი 1930-იანი წლების დასაწყისიდან, სახელოვნებო პროცესები სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მთლიანად მართული ხდება, რადგან, როგორც ყველა სხვა სფერო, სახელმწიფოში ხელოვნებაც იდეოლოგიზებულია და მმართველი პარტიის სამსახურში დგება. ტოტალიტარული მანქანა, რომლის სააზროვნო პარადიგმაც არ იცნობს ან უბრალოდ უარს აცხადებს პიროვნების დამოუკიდებლობაზე, ყველაზე კარგად ფლობს მასათა მანიპულაციის ხერხებსა და მეთოდებს, რისთვისაც, მსგავსად მსოფლიო ისტორიისთვის ცნობილი ნებისმიერი იმპერიისა, ოსტატურად და გეგმაზომიერად იყენებს ხელოვნების ყველა სფეროს. ამ დროს, ცხადია, წინა პლანზე იწევს სახვითი ხელოვნების აგიტაციური შესაძლებლობები. ამასთან, საზოგადოებრივი აზრის მართვა-ფორმირების პროცესში ხელოვნების დარგებს შორის როლები გადანაწილებულია. თუ მონუმენტურ-დეკორატიული მხატვრობა და მონუმენტური ქანდაკება, როგორც საჯარო და საზოგადოებრივი სივრცის ერთგვარი ლენდმარკები, ხაზგასმით მასშტაბური და პომპეზური არქიტექტურის მსგავსად, ღიად გამოხატავს საბჭოთა კავშირის იმპერიალისტურ ამბიციებს, დაზგური მხატვრობა ეიფორიულ პათეტიკას მიმართავს, ბედნიერი პროლეტარის შესახებ მითს ასხამს ხორცს და საბჭოთა მოქალაქის იდეალს ამკვიდრებს; თუკი დაზგური გრაფიკა აგიტაციური პლაკატის სახით ლოზუნგურად მოძღვრავს საზოგადოებას, ასწავლის, უკრძალავს ან მოუწოდებს მას, სატირული გრაფიკის სახეობა – კარიკატურა, როგორც ბეჭდური მედიის განუყოფელი ატრიბუტი, თითქმის შეუმჩნევლად აღწევს ადამიანების ყოველდღიურობაში. მიუხედავად სოციალური ფენისა, განათლებისა თუ პროფესიისა, იგი მათ ცნობიერებაში პროპაგანდისტული იდეების თანდათანობით დანერგვას უზრუნველყოფს. ამდენად, კარიკატურა – სიტყვისა და გამოსახულების ეს უნიკალური ერთობა – ხდება პროპაგანდის მძლავრი და, პრაქტიკულად, უჩინარი იარაღი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი შინაარსის „გენერირება“, რეალობის ფორმირება, გარდასახვა თუ კორექტირება. 

კარიკატურისა და ზოგადად სატირული მხატვრობის, როგორც რეალური თუ ჰიპოთეზური მტრის წინააღმდეგ მიმართული მძლავრი იარაღის, პროპაგანდისტული ფუნქცია კარგად გააზრებული და იდეოლოგიურად ზედმიწევნით დამუშავებული იყო დარგის საბჭოთა სპეციალისტების მიერ. ამას ადასტურებს თავად კარიკატურისტი მხატვრისა და პუბლიცისტის, ბორის ეფიმოვის, სიტყვები: „სატირის დანიშნულება (საუბარია საბჭოთა სატირაზე - ქ.დ.) სწორედ ისაა, რომ საზოგადოებისათვის იმ იარაღად იქცეს, რომელიც უმოწყალოდ გაანადგურებს და ამხელს ყველაფერს, რაც საბჭოთა ხალხის ინტერესებისთვის მტრული და საშიშია, დადაღავს და ამოშანთავს ყველაფერს, რაც მის სულსა და ზნეობას ეწინააღმდეგება. ეს არის სატირის საპატიო ამოცანა, ეს არის მისი არსებობის აზრი, მისი შემოქმედების სულისკვეთება“ [Ефимов, 1961:7]. ამგვარად, განსხვავებით წინარე მხატვრული ეპოქისა, როდესაც, რუსეთის იმპერიის ფარგლებში არსებული ცენზურის მიუხედავად, კარიკატურა მეტ-ნაკლებად თავისუფლად და ადეკვატურად გამოხატავდა საზოგადოების კრიტიკულ დამოკიდებულებას ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების მიმართ, რადგანაც ბეჭდური მედია სახელმწიფო ინსტიტუციებისგან დამოუკიდებელი (ხშირად საერთოდაც ოპოზიციური) ორგანო იყო, საბჭოთა კავშირის სოციალისტურ რესპუბლიკებში მსგავსი რამ წარმოუდგენელია. საბჭოეთში არ არსებობდა არცერთი დამოუკიდებელი მედია; სარედაქციო პოლიტიკა აუცილებლად სახელმწიფო იდეოლოგიის გამტარებელი უნდა ყოფილიყო. სახვითი ხელოვნების დარგების ფუნქციის იდეოლოგიური გააზრება კი, ცხადია, ხდებოდა მოსკოვში, საიდანაც კონკრეტული მითითებებისა და სამოქმედო პროგრამის სახით დანარჩენ რესპუბლიკებს (მათ შორის საქართველოს) ეგზავნებოდა. შესაბამისად, ქართული საბჭოთა კარიკატურა ზედმიწევნით ირეკლავს საერთო საბჭოთა პათოსს. როგორც თემატიკის შერჩევისას, ისე მისი ინტერპრეტაციისას სრული თანხვედრაა სსრკ-ის ქვეყნებთან, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან. საკუთრივ ქართული სინამდვილე უფრო აქტიურად მოგვიანებით, 1970-იანი წლების მეორე ნახევრიდან, უფრო კი 1980-იანი წლებიდან გამოდის წინა პლანზე, თუმც პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის ესეც საზიარო ტენდენციაა, რომელიც ტოტალიტარული რეჟიმის შერბილებასა და საბჭოთა კავშირის რღვევის ფარული პროცესების დაწყებას უკავშირდება. სწორედ ამიტომ საბჭოთა პერიოდის ქართული კარიკატურის საერთო კონტექსტისგან დამოუკიდებლად განხილვა შეუძლებელია.

შინაარსის, სატირული სიმწვავისა და საერთო მხატვრული ინტონაციის მიხედვით, ერთმანეთისგან განასხვავებდნენ „პოლიტიკურ კარიკატურასა“ და „იუმორისტულ ნახატს“, რომელიც შედარებით მსუბუქი და უწყინარი იუმორით რეაგირებდა მარტივ, ყოფით საკითხებზე, რის გამოც  სახელმწიფოს ხელში იდეოლოგიური ბრძოლის იარაღად ნაკლებად გამოდგებოდა. შესაბამისად, უპირატესობა, ბუნებრივია, „პოლიტიკურ კარიკატურას“ ენიჭებოდა, საბჭოთა სატირული მხატვრობის წამყვან, პრივილეგირებულ მიმართულებასაც სწორედ ის წარმოადგენდა. 

საბჭოთა კარიკატურის ფართო ასპარეზად და პროპაგანდისტული ბრძოლის პოლიგონად იქცა 1922 წელს საბჭოთა კავშირის დედაქალაქსა და პოლიტიკურ ცენტრში – მოსკოვში დაარსებული სატირულ-იუმორისტული ჟურნალი „კროკოდილი“ (რუს. Крокодил, ქართულად – ნიანგი), რომელსაც სახელი ფ. დოსტოევსკის მოთხრობის მიხედვით შეურჩიეს. ძალიან მალე მსგავსი შინაარსის ჟურნალების გამოცემა საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებშიც, მათ შორის საქართველოშიც, დაიწყეს. ქართულ გამოცემას, რომელიც 1923 წლიდან იბეჭდებოდა, „ნიანგი“ დაარქვეს, ყველა სხვა რესპუბლიკაში კი სახელწოდებად, ძირითადად, კრაზანასა და ზღარბის ადგილობრივი შესატყვისები შეირჩა. ჟურნალი თვეში ორჯერ გამოდიოდა. 1924-1930 წლებში ის, როგორც გაზეთ „მუშის“ დამატება, „ტარტაროზის“ სახელწოდებით იბეჭდებოდა, 1931 წელს კი გამოცემას კვლავ „ნიანგი“ ეწოდა [გემაზაშვილი, 1984: 407]. ჟურნალში დაბეჭდილი სატირულ-იუმორისტული ლიტერატურული ნაწარმოებების (ლექსების, მეგობრული შარჟების, პამფლეტების, ჩანახატების, მოთხრობების, კრიტიკული სტატიების) მხატვრულად გაფორმება და დასურათება მხოლოდ კარიკატურით ხდებოდა. „ნიანგის“ რედაქციასთან თანამშრომლობდნენ საკმაოდ სახელმოხვეჭილი ქართველი მწერლები, ლიტერატორები, ჟურნალისტები და მხატვრები, მათ შორის ისეთი ცნობილი კარიკატურისტები, ფერმწერები თუ რეჟისორები, როგორებიც იყვნენ: ო. შმერლინგი, მ. ჭიაურელი, ლ. გუდიაშვილი, კ. მიქაბერიძე, დ. ნაცვლიშვილი (ფსევდონიმით „დონი“), ა. კანდელაკი, უფრო მოგვიანებით – ჯ. ლოლუა, ნ. მალაზონია, ა. ბანძელაძე, დ. ერისთავი, ე. ბერძენიშვილი, ზ. ნიჟარაძე, თ. მირზაშვილი და სხვ. 

საინტერესოა, რა თემები ჭარბობს ქართულ საბჭოთა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალში და როგორ ახდენს მათ ინტერპრეტაციას კარიკატურა, როგორც კომუნისტური პარტიისა და ხელისუფლების რუპორი, რომელიც ხან მწვავედ კრიტიკული და შეურიგებელია ყველაფრის მიმართ, რაც მისთვის უცხო და იდეურად მიუღებელია, ხან კი, ახალ-ახალი მიღწევებით აღფრთოვანებული, ხოტბას ასხამს საბჭოთა სინამდვილეს, რომელიც მთელ დანარჩენ მსოფლიოს საკუთარ უპირატესობას უმტკიცებს. ამ თვალსაზრისით, ჟურნალ „ნიანგის“ კარიკატურათა თემატური დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, თუმც კი – სპეციფიკური. თემატური და სიუჟეტური თვალსაზრისით, შესაძლებელია ერთმანეთისგან განვასხვავოთ 1930–1950-იანი და 1960–1970-იანი წლების კარიკატურები.

აი, ძირითადი საკითხები, რომლებზეც იმ დროის კარიკატურა ფოკუსირდება:   

1930-1950-იანი წლები:

1. რელიგიის, უპირველესად, ქრისტიანობის გაქილიკება, რელიგიური ფანატიზმისთვის ხელსაყრელი უცოდინრობა;

2. ძველად არსებული სოციალური უთანასწორობის სამართლიანობით ჩანაცვლება;

3. ტრადიციული ქართული ყოფის კომიკურობა (ქართული სუფრის ტრადიცია, სამოსი, თავად-აზნაურობა, მონარქია, კინტო-ყარაჩოღლობა და ა.შ.); 

4. ქართველი მენშევიკების ხელმოცარულობა; ემიგრაციაში მყოფ ქართველთა სიბეჩავე და კომიზმი;

5. კომუნიზმის მშენებლობა და საბჭოთა კავშირის აღმშენებლობა, მისი პროგრესულობა და უძლეველობა (თემიდან გამომდინარე, აქ სააგიტაციო პლაკატის მხატვრულ-სტილისტური ელემენტები შემოდის, რაც პოლიტიკურ კარიკატურას სატირული გრაფიკისთვის სახასიათო სპეციფიკას უკარგავს, რადგან გროტესკისა და ირონიის ნაცვლად, ავტორები პათეტიკას მიმართავენ);

6.  „თვითკრიტიკული“, მამხილებლური კრიტიკა: ქვეყანაში გავრცელებული ნეპოტიზმი, ბიუროკრატიზმი, პროტექციონიზმი, ოპორტუნიზმი და ა.შ., რომელთა დაგმობა საჯაროდ ხდება;  

7. დასავლური სამყაროს (ევროპისა და ამერიკის) დემონიზაცია; 

8. საბჭოთა კავშირი და ფაშიზმი, როგორც ბინარული ოპოზიციები, როგორც სიკეთისა და ბოროტების პოლარულობა;

9. ბელადთა (ლენინი, სტალინი) სიდიადე; ბელადი, როგორც საბჭოთა კავშირის შეუცდომელი მორალური კომპასი (კვლავაც სააგიტაციო პლაკატის ესთეტიკა და საერთო პათეტიკა მოდის წინა პლანზე).

1960-1970-იან წლებში ხსენებულ თემებს ემატება „ცივი ომის“ პირობებში აქტუალიზებული საკითხები (მათი უმეტესობა წინა ათწლეულშიც გვხვდება):

1. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნის იმიჯი;

2. კონკურენცია დასავლურ სამყაროსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან (ვაჯობოთ მეცნიერებაში, ქვეყნის აღმშენებლობაში, ქალთა ემანსიპაციაში და ა.შ.); 

3. მტრის ხატი ამჯერად ამერიკაა (აშშ საყოველთაო ომის მოსურნეა, სსრკ – მშვიდობისმოყვარე);

4. ნელ-ნელა იზრდება  საყოფაცხოვრებო თემებთან დაკავშირებული პრობლემატიკის ხვედრითი წილი.

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა პერიოდის ქართული კარიკატურა, რომლის წამყვანი მიმართულებაც პოლიტიკური კარიკატურაა, ხატოვნად აჩვენებს სსრკ-ის იდეოლოგიასა და სახელისუფლებო ნარატივს. ეთნიკური მახასიათებლების, ადგილობრივი თემებისა და სპეციფიკის მიუხედავად, ის მაინც საერთო საბჭოთა დისკურსში ჯდება.

ტოტალიტარული რეჟიმის პროპაგანდისტული პოლიტიკის შესატყვისად, საბჭოთა კარიკატურის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადამიანთა კოლექტიურ ცნობიერებაში მტრის ხატის შექმნაა. საბჭოეთი უპირისპირდება როგორც წარსულს (ძველად ყველაფერი ცუდი იყო – რელიგია, ტრადიცია, სოციალური უთანასწორობა, სახელმწიფოებრივი წყობა და ა.შ., ახლა ყველაფერი კარგია), ისე მთელ დანარჩენ სამყაროს, რომელიც სოციალისტური ბანაკის წევრი არ არის.  შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო იდეოლოგიის წყალობით, რომელიც ტოტალიტარული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია, საბჭოთა კავშირი, პრაქტიკულად, მსოფლიო გეოპოლიტიკური კონტექსტიდან თუ რეალური დრო-სივრციდან ამოვარდნილია და, უფრო მეტიც, მასთან დაპირისპირებით პარალელურ, ფსევდოუტოპიურ რეალობას ამკვიდრებს.

სავსებით ბუნებრივია, რომ იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ აპარატს დამორჩილებული ხელოვნების პირობებში, ქართულ თუ ზოგადად საბჭოთა კარიკატურაში თხრობითი ნარატივი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – მხატვრული ფორმა. უპირატესობა ენიჭება არა იმდენად ფორმის მხატვრულ დამუშავებას, რამდენადაც თემის გონებამახვილურ გადმოცემას. სწორედ ამიტომ, ადრეული საბჭოთა პერიოდის კარიკატურის ანალიზის თვალსაზრისით, საინტერესოა თხრობის ხერხები და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც დაზგური გრაფიკის ეს დარგი წარმატებით აღწევს მიზანს. 

საბჭოთა ქართული კარიკატურა ხშირად ტექსტის (პამფლეტისა თუ ლექსის) იუმორისტული ილუსტრაციაა, რომლის პათოსიცა და ლიტერატურულ-მხატვრული ხერხიც საბჭოეთის მიერ დამარცხებულ-დაბეჩავებული მოწინააღმდეგის გაშარჟებაა. შესაბამისად, კარიკატურის მთავარი პერსონაჟები, როგორც წესი, არა პროტაგონისტები, არამედ ანტაგონისტები არიან: მღვდლები, მენშევიკები, კულაკები, ემიგრანტები, ოპორტუნისტები, ფაშისტები, კაპიტალისტები, იმპერიალისტები, არაკეთილსინდისიერი კოლმეურნეები, ქურდი მოხელეები და ა.შ. ლიტერატურული თხრობის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პირველადი კონცეფციის თანახმად, სწორედ უარყოფით პერსონაჟთან ჭიდილითა და შეპირისპირებით იკვეთება გმირის ჰეროიკული სახე, მოცემულ შემთხვევაში, ყოველგვარი სიქველით აღვსილი საბჭოთა მოქალაქე, რომელიც ავტომატურად ხდება გმირი. ამასთან, დამარცხებულები ხშირად თავადვე „აღიარებენ“ მოწინააღმდეგის (ანუ ბოლშევიკების) წარმატებებსა და მიღწევებს (ქვეყნის აღმშენებლობას, ინდუსტრიალიზაციის მზარდ ტემპებს, სამხედრო უპირატესობას, აღმდგარ სოციალურ სამართლიანობას). ისინი, ამოცანის შეუსრულებლობით გაოცებულები, აღნიშნავენ მათ მიერ სასწაულებრივად დაძლეულ სირთულეებს (ხუთწლედი ოთხწლედში), ვითომდა გულუბრყვილოდ, ღიად საუბრობენ საკუთარ უკეთურებებზე (რელიგიურ ფანატიზმზე, პროტექციაზე, ბიუროკრატიზმზე, სახელმწიფო ქონების გაფლანგვაზე, აღებ-მიცემობაზე, უსაქმურობაზე, გამყიდველობასა თუ ჩამორჩენილობაზე და ა.შ.).

საინტერესოა, რომ 1933 წლიდან ფაშიზმის წინააღმდეგ არსებული რიტორიკის გააქტიურების შემდეგ, ერთმანეთს თემატურად უკავშირდება ფაშიზმი და ქრისტიანობა, რითაც საერთო უარყოფითი კონტექსტი ძლიერდება, პირველ რიგში კი, მაინც ქრისტიანობის დისკრედიტაცია ხდება. მეორე მსოფლიო ომის დროს სატირული მედიის ფოკუსში, ცხადია, ჰიტლერი, ზოგადად გერმანია და მისი მოკავშირე ქვეყნები ექცევა. იხატება სახე სასტიკი და სისხლისმსმელი სახელმწიფოებისა, რომელთა მხდალი, ორპირი და იმავდროულად სულელი მეთაურების მანიაკალური ამბიციის მთავარი საზრუნავი განუზომელი ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოხვეჭაა. საბჭოთა კარიკატურა წინასწარმეტყველებს ფაშიზმის მარცხს, რის ნიშნებსაც საბჭოთა არმიის სამხედრო უპირატესობით ნირწამხდარ ჯარისკაცებსა და ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებში ხედავს. პროპაგანდისტული კარიკატურა ხატოვნად აღწერს ფაშისტურ გერმანიაში გამეფებულ ქაოსს, შიშის უზენაესობას, შეზღუდული სიტყვის თავისუფლებას, საყოფაცხოვრებო პრობლემებს, პირველადი პროდუქტების დეფიციტს და ა.შ. 

ამგვარად, საბჭოთა პოლიტიკური კარიკატურა ხაზგასმით და მეთოდურად აპელირებს ფაშიზმისა და ზოგადად დასავლური სამყაროს „მანკიერებებით“, რათა საზოგადოებაში მტრის მიმართ სიძულვილი გააღვივოს. იგივე ბ. ეფიმოვი ტოტალიტარული რეჟიმის პროპაგანდისთვის ჩვეული პათეტიკით აღნიშნავს: „პოლიტიკური სატირა ახდენს მნახველის აზრისა და გრძნობის მობილიზებას არა დადებით მაგალითზე, არამედ, ასე ვთქვათ, საპირისპიროზე – ყურადღებას ამახვილებს უარყოფით მოვლენებსა და ფაქტებზე, რომლებიც გაკიცხვის, დაცინვის, ზიზღის ღირსია. პოლიტიკური სატირის ნიმუშებით მხატვრები გამოხატავენ საბჭოთა ხალხის შეურიგებელ სიძულვილს ყველაფრის მიმართ, რაც მისი მშვიდობიანი ცხოვრებისა და შრომისათვის შემაფერხებელია“ [Ефимов, 1961:50].

ალბათ სწორედ ამიტომაც, საბჭოთა და, შესაბამისად, ქართულ პოლიტიკურ კარიკატურაში 1945 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას ფაშიზმის თემა, გარკვეულწილად, პირიქით, კიდევ უფრო მეტად ხდება მისი აქცენტირება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლა ეს ფენომენი საბჭოთა პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ნეგატივიზმით ვრცელდება მთელ დასავლურ სამყაროზე. ფაშისტურად მოიხსენიება როგორც ამერიკა, ისე – პრაქტიკულად ყველა ევროპული სახელმწიფო. 1940-იანი წლების მიწურულიდან დიდი ბრიტანეთის ალეგორია – „ინგლისელი ლომი“ და აშშ-ის კრებითი, კოლექტიური სახე – ძია სემი „ცივი ომის“ პერიოდის კარიკატურის მთავარი პერსონაჟები ხდებიან. ისინი მათი პროტოტიპი ქვეყნებისათვის სახასიათო ყველა უარყოფით თვისებას განასახიერებენ. საბჭოთა პოლიტიკური სატირის ირონიული შეფასებით, გაძვალტყავებული, დაბეჩავებული ლომი და ფულის მოყვარე, მერკანტილური წვერცანცარა მკვირცხლი მოხუცი მთელ მსოფლიოში ღვარძლსა და განხეთქილებას თესავენ. ცბიერი და უპრინციპო, ფულის მოყვარე ძია სემი ატომური ბომბის შემქმნელი და ქომაგია, ამასთან, იგი ყველა მოკავშირეს ატყუებს და მათით მანიპულირებს, რადგან მსოფლიო ჰეგემონობა სურს. პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან შეპირისპირებით და, ცხადია, რეალური პოლიტიკური ამბიციების სრული უგულებელყოფით იკვეთება საბჭოთა ბელადების, უპირველესად სტალინის, ზნეობრივი იმპერატივი, სოციალისტური ქვეყნების უძლეველობა და „სიდიადე“. 

ნიშანდობლივია, რომ რაც უფრო უკეთ ვეცნობით კარიკატურებს, რომლებიც ირონიულად აჩვენებენ და ამხელენ ფაშისტური გერმანიის მანკიერებებს, მით უფრო მეტად მყარდება მაყურებელში განცდა, რომ რეალურად და, ცხადია, უნებლიეთ, საბჭოთა კარიკატურა საკუთარი სინამდვილის უკუპროექციას იძლევა. ფაშისტური გერმანიის კრიზისის ხატოვანი სურათების მიღმა თვალნათლივ იკითხება თავად საბჭოთა კავშირში არსებული პრობლემები (მოსახლეობის ტოტალური შიში ხელისუფლების მიმართ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, საყოფაცხოვრებო პრობლემები, პირველადი პროდუქტების დეფიციტი და ა.შ.). რთული სათქმელია, რა არის ეს, იუმორით შეკმაზულ-შეკაზმული სიცრუე თუ სარკაზმით შენიღბული სიმართლე, ან იქნებ თავად ამ ორი დიდი და ამბიციური სახელმწიფოს იდეოლოგიური მსგავსება, რამაც სახვითი ხელოვნების ამ „მამხილებელ“ ჟანრში თავისთავად გამოჟონა. 

ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის პოლიტიკური კარიკატურა მართლაც თვალშისაცემ პარალელიზმს ავლენს – ისინი თითქოს სარკის პრინციპით ირეკლავენ ერთმანეთს. გარდა იმისა, რომ ანტაგონისტთა როლში ერთმანეთი ჰყავთ გამოყვანილი, საერთოა მათი მტერი – ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი (ფაშისტურ გერმანიას რამდენიმე ძირითადი მტერი ჰყავს: ებრაელები, ამერიკა და ანტანტის ქვეყნები – რუსეთი, ინგლისი, საფრანგეთი). მსგავსია, როგორც თემები და სიუჟეტები, ისე მტრის ხატის შექმნის მეთოდი და ირონიული რიტორიკა. მაგალითად, თუ საბჭოთა კავშირისთვის ფაშიზმი მთელ დასავლურ სამყაროს მოდებული სენია, ნაცისტური გერმანიისთვის დასავლელი და საბჭოთა მარქსისტები არიან ერთნი. საბჭოეთის მსგავსად, მსოფლიოში მხოლოდ გერმანელებს უნდათ მშვიდობა, დანარჩენებს  სურთ ომი (1934 წლის პოპულარული თემა, რომელიც ზუსტად იმეორებს საბჭოთა კარიკატურის პათოსს – ამერიკა, ინგლისი, გერმანია ომის მოსურნეა, საბჭოთა კავშირი – მშვიდობისმოყვარე). ზოგიერთ შემთხვევაში, ემთხვევა ცალკეულ გამოსახულებათა სემანტიკაც, მაგალითად, თავის ქალების გროვა მოწინააღმდეგის სისასტიკის სიმბოლოა, ფულის ტომრები ამერიკის მერკანტილური პოლიტიკის აღმნიშვნელია, 1940-იანი წლებიდან კი გერმანულ კარიკატურაშიც ჩნდება ოდიოზური ალეგორიები – ინგლისელი ლომი და ძია სემი. 

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარსულის ამგვარად ხედვის საშუალებას დროითი დისტანცია და ისტორიული რეტროსპექცია იძლევა, თავის დროზე კი კარიკატურა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი იყო ტოტალიტარული პროპაგანდის ხელში, რომელიც ადამიანთა ცნობიერებაში საკუთარი უძლეველობისა და მოწინააღმდეგის სისუსტის წარმოჩენითა თუ მტრის ხატის შექმნით უზრუნველყოფდა საზოგადოების აზრისა და პოზიციის მართვა-ფორმირებას, რითაც ვითომც უწყინარ სიცილ-ხარხარში, მასების მართვის საიმედო მექანიზმს ქმნიდა. 

ილუსტრაციები

1. ო. შმერლინგი, ჟურნალი „ტარტაროზი“, 1925, №22


2. მარიაში, „რელიგია ოპიუმია ხალხის“, ჟურნალი „ტარტაროზი“, 1926, №77

3. ს. ფედერჩენკო, საიდუმლო სერობა, ჟურნალი „ნიანგი“, 1931, №11 

4. დონი (დ. ნაცვლიშვილი), „რელიგია და ფაშიზმი“, ჟურნალი „ნიანგი“, 1932, №11-12

5. ს. ნადარეიშვილი, „პრესა ფაშისტურ გერმანიაში“, ჟურნალი „ნიანგი“, 1933, №9

6. ლ. გუდიაშვილი, „უკანასკნელი გადაღება“, ჟურნალი „ნიანგი“, 1933, №11-12, კერძო კოლექცია

7. ლურიე, „ნათესავნი“, ჟურნალი „ნიანგი“, 1934, №23

8. გ. თოიძე, „ფაშისტი“, ჟურნალი „ნიანგი“, 1935, №6

9. კ. მიქაბერიძე, „ბოროტი დემონი დასცქერის ქვეყანას... ანუ სერ უინსტონ ჩერჩილის უკანასკნელი სურათი“, ჟურნალი „ნიანგი“, 1949, №10

10.  გ. ლომიძე, „მომთვინიერებლის შოლტის ქვეშ“, ჟურნალი „ნიანგი“, 1949, №6

11. ა. კანდელაკი, „რევანში“, ჟურნალი „ნიანგი“,  ქაღალდი, ტუში, აკვარელი, 1961, კერძო კოლექცია

12. ა. კანდელაკი, ჟურნალი „ნიანგი“,  ქაღალდი, ტუში, აკვარელი, 1962, კერძო კოლექცია

---------

[1] სტატია მომზადდა და კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (გრანტი № FR 18-6262) და წარმოადგენს გრანტის ფარგლებში შექმნილი პუბლიკაციის  – „კარიკატურის  ასწლიანი  ისტორია  საქართველოში (1880-1980)“ –  ნაწილს.

[2] როგორც უმბერტო ეკო თავის ერთ-ერთ ქრესტომათიულ ესეში აღნიშნავს, „მტრის ხატის შექმნა“, „მტრის ყოლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ჩვენი მეობა, არამედ იმისთვისაც, რომ შევქმნათ დაბრკოლება, რომლის პირისპირ საკუთარ ფასეულობათა სისტემასაც გამოვცდით და ჩვენს საკუთარ ღირებულებასაც წარმოვაჩენთ. ამიტომ, თუ მტერი არ არსებობს, ის უნდა შევქმნათ.“ ეკო იქვე დასძენს: „იმთავითვე მტრის ხატად ჩამოყალიბდა არა იმდენად განსხვავებული, ვისგანაც პირდაპირი საფრთხე გვემუქრება (როგორც ბარბაროსთა შემთხვევაში), არამედ ის, ვინც ვინმეს მიერ საშიშადაა წარმოდგენილი – თუნდაც მისგან რეალური საფრთხე არ მომდინარეობდეს და გვიხატავს იმგვარად, რომ მის სახიფათოობას კი არ მივყავართ განსხვავებულობამდე, არამედ პირიქით – მისი განსხვავებულობა ხდება მისივე სახიფათოობის ნიშანი“ [ეკო, 2023: 15, 16]. საბჭოთა ტოტალიტარული სახელმწიფოს მიზანმიმართული და გეგმაზომიერი პოლიტიკა, მტრად წარმოაჩინოს ყველა, ვინც სოციალისტური ბანაკიდან არ არის, ვფიქრობ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

 


ლიტერატურა

გემაზაშვილი ზ.
1984
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი VII. თბილისი
ეკო უ.
2023
მტრის ხატის შექმნა და სხვა შემთხვევითი ტექსტები. თბილისი.
Ефимов б.
1961
Основы понимания карикатуры. Москва