„კომბინირებული ომი“ - აფხაზეთი 1992-1993

სტატიაში აფხაზეთის ომი განხილულია სამხედრო ხელოვნების ისტორიაში ცნობილი ე.წ. „კომბინირებული ომის“ თეორიის მიხედვით და გაანალზებულია ის ფაქტორები, რომლებმაც გამოიწვია ქართული შეიარაღებული ძალების მარცხი აღნიშნულ კონფლიქტში.

საკვანძო სიტყვები: აფხაზეთის ომი, კომბინირებული ომი, სამხედრო ხელოვნების ისტორია

 
 
 
 

ქართული სამზარეულო – „გამოგონილი ტრადიცია“

ესმა კუნჭულიას ნაშრომის – „ქართული სამზარეულო – გამოგონილი ტრადიცია“ – მიზანია ეროვნული სამზარეულოს არსის გაგება და მისი განხილვა კულტუროლოგიის, მეხსიერების კვლევებისა და ნაციონალიზმის მოდერნისტული თეორიების მიხედვით. ნაშრომი, ამ თეორიებზე დაყრდნობით, წარმოადგენს ეროვნული სამზარეულოს გაანალიზების პირველ მცდელობას.
სტატიის ავტორის აზრით, ქართული სამზარეულო, როგორც ერის ერთ-ერთი სიმბოლო, ნაციონალური იდენტობის მარკერი, ერების ჩამოყალიბების  ეპოქაში  შეიქმნა/გამყარდა და ერის „დიდი ნარატივის“ ნაწილად იქცა. ავტორი „ნაციონალურ სამზრეულოს“ –ეროვნული კერძების კრებულებს, „წარმოსახული საზოგადოების“ მიერ „გამოგონილ ტრადიციად“ განიხილავს და ვარაუდობს, რომ „ნაციონალური სამზარეულო“ იმ სახით და იმ ემოციით, რა სახითაც დღეს არსებობს, ერების „ჩამოყალიბებამდე“ არ არსებობდა.
თანამედროვე ადამიანისთვის ეროვნული სამზარეულოსაიდენტიფიკაციო ნიშანთა სისტემის შემადგენელი ნაწილი, სიმბოლო და კოდია.  როგორც ეროვნული სიმბოლო – ეროვნული სამზარეულო ნაციონალიზმისთვის დამახასიათებელ ემოციურ მუხტს ატარებს და მასთან „არასწორად“ მოპყრობა ისეთივე  „სახიფათოა“, როგორც სხვა სიმბოლოთა შემთხვევაში.

საკვანძო სიტყვები: საქართველო, ქართული კულტურა, ქართული სამზარეულო, კვების კულტურა, ეროვნული სამზარეულო, იდენტობა, კოლექტიური იდენტობა, თვითგამორკვევა, ნაციონალიზმი, გამოგონილი ტრადიცია, წარმოსახვითისაზოგადოება, კოლექტიური მეხსიერება, კულტურული მეხსიერება, მეხსიერების ადგილი, მეხსიერების არე, შემაერთებელი სტრუქტურა

 
 
 
 

საქართველოს საინფორმაციო ველი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მეორე ომის საწყის პერიოდში

სტატია შეეხება უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მეორე არაპროვოცირებული ომის პერიოდში (2022 წლის 24 თებერვალი),  რუსეთის საინფორმაციო ომის ასახვას საქართველოს საინფორმაციო სივრცეში. კერძოდ, ნაშრომში გავაანალიზებთ, რა იყო რუსეთის საინფორმაციო ომის მიზანი საქართველოში, რა ხერხებსა და მეთოდებს მიმართავდა და რა საინფორმაციო არხებს იყენებდა იგი. სტატიაში მიმოხილულია რუსეთის საინფორმაციო ომის შეკავებისთვის გადაუდებელი ამოცანები.

საკვანძო სიტყვები: საინფორმაციო ომი, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, საინფორმაციო უსაფრთხოება, საქართველოს საინფორმაციო ველი, პროპაგანდა და საინფორმაციო-დივერსიული ოპერაციები

 
 
 
 

დრო ჯოზეფ კონრადის შემოქმედებაში

წინამდებარე სტატიაში განხილულია დროის პრობლემა ჯოზეფ კონრადის ხუთი  ნაწარმოების მიხედვით. კვლევა ეყრდნობა ფილოსოფოს ანრი ბერგსონისა და რელიგიათმცოდნე მირჩა ელიადეს კონცეფციებს და მათ საფუძველზე სტატიის ავტორი ჯ. კონრადის შემოქმედებაში გამოყოფს დროის ორგვარ კონცეფციას – ფსიქოლოგიურსა და მითოლოგიურს.

საკვანძო სიტყვები: კონრადი, ბერგსონი, ელიადე, დრო, მითოსი

 
 
 
 

„მხიარული ზაფხული“ და ღვთაებრივი ქორწინების იდეალი

„დავითიანის“ ფინალურ ნაწილში მოცემული პოემა „მხიარული ზაფხული“ ქალვაჟური ურთიერთობის ჯვრისწერით დაგვირგვინებას ქადაგებს. იგი, აგრეთვე, საღვთო მიჯნურობის ჰიმნად მოიაზრება. პოემის მთავარი იდეალი – ქორწინება – აღიქმება, როგორც ცოდვებისგან განწმენდილი ადამიანის სიყვარულის გზით ღვთის საუფლოში დაბრუნების ალეგორია. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა აღნიშნული ტექსტის სახე-სიმბოლოთა გააზრება და მათი „დავითიანში“ წამოჭრილ მთავარ პრობლემასთან,  თვითშემეცნებასთან, მიმართების საკითხები.

საკვანძო სიტყვები: თვითშემეცნება, ქორწინება, შესამოსელი, ზაფხული.

 
 
 
 

XVIII-XIX საუკუნეების ისტორიული პროცესების მხატვრული ასახვა ვაჟა-ფშაველას პროზაში („ერემ-სერემ-სურემიანი“ / „ჩემი მოგზაურობა ერემ-სერემ-სურემიანეთში“)

ვაჟა-ფშაველამ თავის პროზაულ თხზულებებში − „ერემ-სერემ-სურემიანი“, „ჩემი მოგზაურობა ერემ-სერემ-სურემიანეთში“ − ასახა საქართველოში XVIII-XIX საუკუნეებში მომხდარი ისტორიულ-პოლიტიკური ცვლილებების ეროვნულ-სოციალური ასპექტები. ავტორმა ალეგორიულად გვიჩვენა საქართველოს დაუძლურება, რუსეთის მიერ მისი ანექსია და ამის შემდგომი სოციალურ-კულტურული შედეგები.

საკვანძო სიტყვები: XIX საუკუნის ქართული პროზა; ალეგორია ვაჟა-ფშაველას პროზაში, ეროვნულ-სოციალური მოტივები ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია

 
 
 
 

საბჭოთა კავშირის იდეოლოგიის კრიტიკა გივი მარგველაშვილის რომანში "კანტაქტი"

გივი მარგველაშვილის ერთ-ერთი მეტაფიქციური ნაწარმოები, რომელშიც საბჭოთა კავშირში გაბატონებული იდეოლოგიის კრიტიკას ვხვდებით, არის მეტარომანი "კანტაქტი" ("Der Kantakt", 2009). რომანი შედგება სამი სიუჟეტური შრისგან, რომელთაგან ორი მეტაფიქციური, ერთი კი – ესეისტური ხასიათისაა. წინამდებარე სტატიის ყურადღების ცენტრში ექცევა რომანის ესეისტური შრე, რომელიც ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა-გაკრიტიკებას ეთმობა, როგორებიცაა: საბჭოთა კავშირი და მისი ძალადობრივი სისტემა, კომუნისტური იდეოლოგია, რეპრესიები და სხვ.

საკვანძო სიტყვები: მარგველაშვილი, "კანტაქტი", საბჭოთა კავშირი, იდეოლოგია, "კაპიტანი ვაკუში", მეტაფიქციური

 
 
 
 

ჰეპი-ენდი, როგორც სამყაროს აღქმის მოდელი (ქართული ხალხური ზღაპრებიდან სოცრეალიზმამდე)

ნაწარმოების დასასრულის მრავალფეროვანი პალიტრიდან დღეს საკმაოდ გავრცელებულია ჰეპი-ენდი. იგი ცხოვრებისა და სამყაროსადმი მწერლის დამოკიდებულების სპეციფიკური მოდელია, რომელიც მრავალი მხატვრულ-ესთეტიკური თუ სოციალ-პოლიტიკური ფაქტორით არის განპირობებული  და რომელსაც უამრავი ანალოგი აქვს სხვადასხვა ეპოქის ქართულ ლიტერატურაში (ხალხური შემოქმედება, სასულიერო და საერო მწერლობა).

ჰეპი-ენდი მეტად პროდუქტიული მოდელი აღმოჩნდა სოციალისტური რეალიზმის იდეოლოგიური მიზნებისათვის. ამიტომ მან იგი  აიტაცა და ინტენსიურად გამოიყენა, რათა მხატვრული ლიტერატურა კიდევ უფრო აქტიურად ჩაეყენებინა სოციალისტური საზოგადოების მშენებლობისა და კომუნისტური პარტიის სამსახურში.

საკვანძო სიტყვები: ჰეპი-ენდი, ხალხური ზღაპრები, ჰაგიოგრაფია, „ვეფხისტყაოსანი“, სოციალისტური რეალიზმი

 
 
 
 

ტირესიასის სახის მოდერნისტული ინტერპრეტაცია ჯუნა ბარნსის „ღამის ტყეში“

სტატიაში განხილულია მითოლოგიური გმირის, ტირესიასის, მოდერნისტული ინტერპრეტაცია ამერიკელი მწერლის, ჯუნა ბარნსის რომანში „ღამის ტყე“; ნაჩვენებია მე-20 საუკუნის პარიზში მცხოვრები წინასწარმეტყველის სიმბოლური და ასოციაციური მრავალნიშნადობა.

საკვანძო სიტყვები: მოდერნიზმი, ჰერმაფროდიტი, ტირესიასი, დრო

 
 
 
 

კომენტარი უ. ბ. იეიტსის ლექსზე „ფიქრები სამოქალაქო ომის პერიოდში“

სტატიაში განხილულია უ. ბ. იეიტსის გვიანდელი პერიოდის საკვანძო კრებულის – The Tower („კოშკი“) – ერთ-ერთი ლექსი – „ფიქრები სამოქალაქო ომის პერიოდში“. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის უ. ბ. იეიტსის კრებულის ყველაზე მნიშვნელოვანი ლექსი, თუმცა, ვფიქრობთ, სწორედ ეს ნაკლებად დაფასებული   ტექსტი აერთიანებს და აღრმავებს „კოშკის“ სიმბოლოებსა და თემებს. სტატიაში დეტალურადაა გაანალიზებული ლექსის სტრუქტურა, თემები და პოეტური ხატები.

საკვანძო სიტყვები: იეიტსი, სამოქალაქო ომი, კოშკი

 
 
 
 

მითოსის აქტუალიზაცია ჯ. ჯოისის „ულისეში“: ლეოპოლდ ბლუმის მეტამორფოზები

„ულისეში“ აღწერილ სახეცვლილებათა უსასრულო წყება რომანს ჯეიმზ ჯოისის „მეტამორფოზებად“ აქცევს. ნაწარმოებში ასახული მეტამორფოზების სერია „ულისეს“ წაკითხვის პროცესს რიტუალურ ფუნქციას აკისრებს, რეალური დროის მომენტი უნდა ჩანაცვლდეს მითოსური მარადისობით.

საკვანძო სიტყვები: მითოსი, მეტამფსიქოზი, მეტამორფოზა

 
 
 
 

ანთროპონიმი ტარიელი ― „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრული ენიგმა [ისტორიულ-ფილოლოგიური ძიება]

სტატიაში განხილულია საკითხი, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი გმირის, ტარიელის, სახელდებას შეეხება. დასახელებული ანთროპონიმი დაკავშირებულია ქართული წარმოშობის, კერძოდ, -იერ  აფიქსით წარმოქმნილი ზედსართავი სახელის ფუძესთან. გამოთქმული თვალსაზრისის ერთ კონცეპტში მოქცევის მიზნით მიმოხილულია ლინგვისტური, ისტორიული და ლიტერატურული მასალა.

საკვანძო სიტყვები: „ვეფხისტყაოსანი“, რუსთველის კონცეპტი, ანთროპონიმი ტარიელი, ქართული წარმოშობის ფუძე

 
 
 
 

სახელის დიონისესეული განმარტება ანტიკურ გრამატიკაში

გრამატიკის ერთ-ერთ ფუძემდებლურ ჭეშმარიტებად აღიარებულია არსებითი სახელის რეფერენციული განმარტება, რომლის თანახმად, ეს მეტყველების ნაწილი გამოხატავს საგანს. ევროპულ ლინგვისტურ ტრადიციაში არსებითი სახელის ამგვარ გაგებას არ აქვს ალტერნატივა. სახელის უნივერსალური ნიშნის - საგნობრიობის - გამოყოფამ განსაზღვრა ამ მეტყველების ნაწილის ერთნაირი გაგება ანტიკურ და შუა საუკუნეების გრამატიკებში.  ევროპულ ტრადიციაში პირველი ცოდნა ენის შესახებ გაჩნდა ფილოსოფიაში, რომლის წარმომადგენლებს ენა აინტერესებდათ, მხოლოდ როგორც აზროვნების გამომხატველი. საგანგებოდ გამოიყოფა დიონისეს Τέχνη Γραμματική, რომელიც თეორიულად ამართლებს ლოგიციზმს ენის შესწავლის პრაქტიკაში.

საკვანძო სიტყვები: არსებითი სახელის დეფინიცია, არისტოტელე, დიონისე, სახელი, გრამატიკა

 
 
 
 

არათავაზიანობა და იდენტობა ოჯახის დისკურსის ჟანრში

წარმოდგენილ ნაშრომში არათავაზიანობა განხილულია, როგორც პიროვნების თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრების ფორმა და, ასევე, გზა ინტერპერსონალური ურთიერთობების ფორმირებისა და შენარჩუნებისთვის; ხოლო ახლო სოციალური ურთიერთობები წარმოდგენილია, როგორც საფრთხის შემცველი პიროვნების იდენტობის ფორმირების პროცესში.

საკვანძო სიტყვები: იდენტობა, არათავაზიანობა, ოჯახი

 
 
 
 

დარწმუნება და ემოციის ფრეიმინგი საჯარო გამოსვლებში: აუდიტორიაზე ორიენტირებული მიდგომა

მოცემული კვლევა განიხილავს ემოციას, როგორც კომუნიკაციის მნიშვნელოვან ნაწილს და ხსნის მას, როგორც კოგნიტურ პროცესს, რომელიც სქემატურად არის წარმოდგენილი და აქტიურდება დარწმუნების კონტექსტში მოსაუბრესა და მსმენელს შორის გაზიარებული კულტურული გამოცდილების საფუძველზე.

საკვანძო სიტყვები: საჯარო გამოსვლა, დარწმუნება, ემოციის ფრეიმინგი

 
 
 
 

აგრესიული იუმორის რიტორიკა

წინამდებარე სტატია განიხილავს იმ ლინგვოპრაგმატიკული კვლევის შედეგებს, რომლებიც მიეძღვნა აგრესიული იუმორის რიტორიკული შესაძლებლობების ანალიზს მოცემული დისკურსის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შესწავლის საფუძველზე, პრაგმატიკის, სოციოპრაგმატიკისა და სემანტიკის თეორიულ ჩარჩოში, ინტერკულტურული ასპექტების დაკვირვების პარალელურად. ნაშრომის ემპირიულ მასალად აღებულია 20 ამერიკული და 20 ქართული „სტენდაპ“ მონოლოგი.

საკვანძო სიტყვები: აგრესიული იუმორი, რიტორიკა, ირონია, სარკაზმი

 
 
 
 

კოდების გადართვის ფუნქციები და გამოყენების სიხშირე ქართულ საგანმანათლებლო დისკურსში

სტატიაში წარმოდგენილია იმ კვლევის შედეგები, რომლის მიზანია, შეისწავლოს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტში ზოგადი ინგლისურის კურსის ლექტორების მიერ კოდების გადართვის გამოყენების სიხშირე და ფუნქციები ინგლისურის, როგორც უცხო ენის, სწავლების მაგალითზე. სამაგიდე კვლევა ეყრდნობა სხვადასხვა მკვლევრის ნაშრომებს [Myers-Scotton, 1993; Ferguson, 2003 და ა.შ.]. რაოდენობრივი ხასიათის კვლევაში მონაწილეობდა თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის ზოგადი ინგლისურის კურსის 92 ლექტორი და მათი 220 სტუდენტი. ნაშრომის მიზანია, გამოავლინოს: 1. EFL (ინგლისური, როგორც უცხო ენა) კურსის ლექტორების მიერ კოდების გადართვის გამოყენების სიხშირე უმაღლეს საგანმანათლებლო დისკურსში; 2. EFL კურსის ფარგლებში კოდების გადართვის გამოყენების ფუნქციები; 3. EFL კურსის ლექტორებისა და მათი სტუდენტების მიერ კოდების გადართვისადმი დამოკიდებულება. 

 

კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ ინგლისურის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროცესი კოდების გადართვით ხასიათდება. კვლევის (რაოდენობრივი) საფუძველზე, შევძელით კოდების გადართვის გამოყენების ფუნქციების კლასიფიკაცია ქართულ საგანმანათლებლო დისკურსში. ფუნქციები, ძირითადად, განსხვავებული კულტურული მახასიათებლის წარმოჩენასა და კომუნიკაციას (ლექტორსა და სტუდენტს შორის) ემსახურება. მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ სტუდენტები გაცილებით დადებითად აფასებენ, უფრო ეთანხმებიან ლექტორების ქართულ ენაზე გადართვას, ვიდრე – თავად ლექტორები.

ამგვარად, კვლევა აჩვენებს, რომ ინგლისური ენის ზოგადი კურსის ლექტორების ლექციაზე პირველი ენის გამოყენებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება განპირობებულია ენის სწავლების მათი ტრადიციული შეხედულებით (conventional view), რაც გულისხმობს ენის სწავლების პროცესში მხოლოდ ერთი ენის გამოყენებას.

ჩვენდა გასაკვირად, იმის მიუხედავად რომ ლექტორების უმრავლესობა პირველი მშობლიური ენის გამოყენებისადმი უარყოფითადაა განწყობილი, სწავლებისას გამოკითხულთა 50-60% მაინც იყენებს ქართულ ენას.

 

საკვანძო სიტყვები: კოდების გადართვა, ინგლისური, როგორც უცხო ენა (EFL), საგანმანათლებლო დისკურსი