ირონია მეტყველების აქტების თვალთახედვით

ენა ზოგადად და ირონია კონკრეტულად ადამიანებს შორის კომუნიკაციის ინსტრუმენტს,  საშუალებას, წარმოადგენს,  რომელიც  მათ კოგნიტიურ და ემოციურ მდგომარეობას ამჟღავნებს. იმისათვის, რომ  ირონიის აღქმა და ინტერპრეტაცია ადეკვატურად მოხდეს, როგორც მსმენელს, ისე მთქმელს უნდა ჰქონდეს კონკრეტული  ფონურ-კონტექსტური ცოდნა, რათა სწორად „ამოირჩიონ“ და მიუსადაგონ  კონკრეტული სტრუქტურა სიტუაციას. ცხადია,  კომუნიკაციის ამგვარი დუალური ხასიათი გამონათქვამის კოდირებისა და დეკოდირების პროცესებს მოიცავს. ამგვარად, ირონიის დაფარული აზრის გადაცემა ნიშნავს, მიაღწიო ნათქვამის ადეკვატურ გაგებას ინფორმაციის გადაცემის როგორც ვერბალური, ისე არავერბალური ელემენტების გამოყენებით (ჟესტი, მიმიკა და ინტონაცია).

   როგორც მუეკე ამტკიცებს, ირონია დაცინვის, სარკაზმის, ადამიანური ტრაგედიისა და კომედიის, კრიტიციზმის მნიშვნელოვანი ნაწილია და აუცილებლად ასოცირებულია ორაზროვნებასთან, პარადოქსულობასთან,  გარკვეულ წინააღმდეგობასთან, მოულოდნელობასთან [Muecke,1982]. ეს მოსაზრება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დღეს ირონიამ ანალიზის ახალი განზომილება შეიძინა, რომელიც მთქმელის ფონურ ცოდნას, მის მიერ სამყაროს სპეციფიკურ აღქმასა  და აზროვნების ზოგად სტილს ეყრდნობა.   

  ირონიის განმარტება არ არის ადვილი, ამიტომ არსებობს მისი ბევრი განსაზღვრება. ირონიით დაინტერესებული მეცნიერები სხვადასხვა კრიტერიუმს ეყრდნობიან ირონიის განმარტების პროცესში.  

   კერძოდ, სპერბერი და უილსონი თავიანთ ნაშრომში „Relevance“ (1986) და შემდგომ კვლევაში „Irony and relevance“ (1998) ამტკიცებენ, რომ გარკვეულ გარემოებებში ნებისმიერი ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა ობიექტის რეპრეზენტაცია, ციტირება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ ამგვარი ციტირება უნდა იყოს რელევანტური მსმენელისთვის, რომ ირონიული ნათქვამი სწორად იყოს გაგებული.

  ატარდო ამტკიცებს, რომ იმისთვის, რომ ნათქვამი ირონიული გახდეს მას სამი  მთავარი პირობა ესაჭიროება: 1. ორაზროვნება, რომელიც მსმენელს ეხმარება  ადვილად დაინახოს ირონიული მნიშვნელობა; 2. ნათქვამის შეუსაბამისობა იმ კონტექსტთან, რომელშიც ის არის გამოყენებული; და 3. მთქმელის ინტენცია [Attardo, 2000].

   კიდევ ერთი მკვლევრის, ჯიორას, აზრით, ირონია არაპირდაპირი უარყოფაა. შემდგომ  ჯიორა და ფეინი დასძენენ, რომ ირონია დაფუძნებულია გამონათქვამის ყველაზე ხშირად გამოყენებულ, მთავარ და წამყვან მნიშვნელობაზე, რომელთანაც მსმენელს  დეკოდირების პროცესში ყველაზე პირველი ასოციაცია მოსდის [Giora..., 1999].

   ბრაუნმა და ლევინსონმა გაავრცელეს ირონიის ლიჩისეული თავაზიანობის ხედვა და შემოგვთავაზეს ირონია, როგორც უარყოფითი და პოზიტიური თავაზიანობის თეორია, რომელიც მოიცავს „სახის დაკარგვის“ პირობას [Brown..., 1987:61]. ისინი ფიქრობენ, რომ ირონიის მეშვეობით მთქმელს ეძლევა საშუალება და შესაძლებლობა, იყოს კრიტიკული და ამავდროულად არააგრესიული.

    ირონიის ჩვენი სამუშაო განმარტება ასეთია: ირონია არის ენის სისტემური ტროპი, რომელსაც ისევე, როგორც ყველა ტროპს, აქვს ორი პლანი: ექსპლიციტური და იმპლიციტური, ზედაპირული და სიღრმისეული და, რომლის კოდირება და დეკოდირება მიიღწევა ამ ორ პლანს შორის კონტექსტური „თამაშით“ [ქენქაძე,  2012:267].

   დღეს ირონიის კვლევა აქტიურად მიმდინარეობს არა მხოლოდ სემანტიკისა და სტილისტიკის, არამედ  პრაგმატიკის კონტექსტშიც და ამგვარ კვლევებში  საინტერესოა  აღიწეროს  არა მარტო ირონიის, როგორც ტროპის ტიპოლოგია, არამედ მისი პრაგმატიკულ-კონტექსტუალური ფუნქციები და აქტუალიზაციის მექანიზმები, მთქმელის ინტენცია, გამონათქვამის ილოკუციური ძალა და  მისი მიმართება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციასთან. ყოველივე ეს პრაგმატიკის ასპექტების მიხედვით ნიშნავს ირონიის  მეტყველების აქტების თეორიის თვალსაზრისით კვლევას.

ცნობილია, რომ ირონიის პრაგმატიკული ინტერპრეტაცია სპერბერ და უილსონის და ბრაუნის [Sperber...,1981; Brown,1980] ნამუშევრებიდან იწყება, რომლებიც  სამართლიანად მიიჩნევენ, რომ ირონიის ჭეშმარიტი ბუნება მხოლოდ პრაგმატიკის პოზიციიდან შეიძლება აიხსნას, რადგან ირონია თავისთავად მეტყველების აქტია და არა მხოლოდ  ენობრივი ფენომენი.

   ირონია რომ დავინახოთ, როგორც მეტყველების აქტი, საჭიროდ მიგვაჩნია თავად  მეტყველების აქტებს მივაქციოთ მკითხველის ყურადღება. ორ მკვლევარს, ოსტინს და სერლს [Austin,1962; Searle,1969], რომლებიც მეტყველების აქტების თეორიის ტრადიციულ, ფუნდამენტურ სკოლას წარმოადგენენ, მეტყველების აქტი მიაჩნიათ  სოციალური ხასიათის  ინტერაქციად, რომელიც სიტყვების მეშვეობით გამოხატავს კონკრეტულ სამეტყველო ინტენციას (თხოვნას, შეთავაზებას, უარყოფას, კომპლიმენტს.) სერლმა „ილუკუციური აქტების კლასიფიკაციაში“ ოსტინის მეტყველების აქტების დაყოფა განავრცო და მათ კიდევ ერთი განზომილება - ჭეშმარიტების  პირობები - დაუმატა იმ მოსაზრებით, რომ ნებისმიერი ენა სამეტყველო ქმედების  აუცილებელი ნაწილია.         

   ნებისმიერი ლინგვისტური მეტყველების აქტის და კონკრეტულად ირონიის, როგორც ასეთის, მთავარი ამოცანა მესიჯის, ინფორმაციის წარმატებული გადაცემაა. ამგვარი ქმედების პროცესში  მთქმელი და მსმენელი მონაწილეობენ კომუნიკაციის რთულ პროცესში, რომელიც ნათქვამის ფორმას, მნიშვნელობასა და კონტექსტს მოიცავს  და  მსმენელის მხრიდან ნათქვამის ადეკვატურ აღქმასა და რეაქციას მოითხოვს, ანუ, სხვა სიტყვებით, ამგვარი წარმატებული ურთიერთობის დროს რთული პროპოზიციისა და ირონიული ილოკუციის ადეკვატური დეკოდირება ხდება.  ირონიის ინტერპრეტაციის სირთულე მთქმელისა და მსმენელის კომუნიკაციურ კომპტენციაში მდგომარეობს. იგულისხმება, რომ ირონიის დეკოდირება გულისხმობს კონტექსტის  ადეკვატურ დეკოდირებას  [Colebrook, 2004].

    ისიც ცნობილია, რომ წარმატებული მეტყველების აქტი შეიძლება განისაზღვროს იმის  მიხედვით, თუ როგორ სოციალურ სიტუაციასა და კონტექსტში აქტუალიზდება ის. ამგვარად, ნებისმიერი მეტყველების აქტი მჭიდროდაა დაკავშირებული  კონკრეტულ სოციო-კულტურულ ფაქტორებთან და ასევე, ეყრდნობა მთქმელის ინტენციასა და  მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ვერბალურ, არმედ არავერბალურ მომენტებსაც.  

   სერლი ენის სამეტყველო აქტების თვალსაზრისით აქტუალიზაციის შემთხვევებს 5 მთავარ ჯგუფად  ყოფს: 1. ასერტივები, რომლებშიც ნათქვამის მნიშვნელობა გარკვეულ ჭეშმარიტებას შეესაბამება და, რაც მთავარია,  მთქმელს იგი ჭეშმარიტად მიაჩნია. შესაბამისად, იგი მას, გარკვეულწილად, თავს ახვევს მსმენელს; 2. დირექტივები, როდესაც მთქმელი ცდილობს აიძულოს მსმენელი განახორციელოს შემდგომი ქმედება. მთქმელის მიერ მოთხოვნილი პოტენციური ქმედება  შეიძლება გამოხატული იყოს თხოვნის, რჩევის, ნებართვის,  გაფრთხილების, მოთხოვნის, ინსტრუქციის,  ბრძანების ფორმით; 3. ექსპრესივები, რომლის აქტუალიზების დროსაც მთქმელი უჩვენებს საკუთარ დამოკიდებულებას მანამდე განხორციელებული ქმედების მიმართ ან თავის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას (ეს გამოიხატება მადლობის,  მადლიერების,  ჩივილის, ბოდიშის, სინანულის, მილოცვის, პატიების, თხოვნის, მისალმების, დაფიცების გამომხატველი აქტების სახით); 4. კომისივები, რომლებშიც მთქმელი ვალდებულებას იღებს, იმოქმედოს, რაც შეიძლება  გამოიხატოს, როგორც შეთავაზება, დაპირება, ფიცის დადება; 5. დეკლარატივები, რომლის პროპოზიცია მოიცავს ისეთი სახის დეკლარაციას, როგორიცაა ადამიანის დამნაშავედ ცნობა ან საქორწინო სახლში ცოლ-ქმრად გამოცხადება, ან ბავშვის მონათვლის დეკლარირება [Trosborg,1994] .

   როგორც კვლევამ გვაჩვენა, ირონიის კონტექსტური აქტუალიზაციის  შემთხვევაში მოსაუბრე მოქმედებს კონკრეტული განზრახვით ან მიზნით, რაც ისეთ პერლოკუციურ ქმედებებში აისახება, როგორებიცაა: ირიბი გაფრთხილება, დარწმუნება,  მოსაუბრის გაკვირვება, შოკირება. ამგვარად, ირონიის მეშვეობით მთქმელი აიძულებს მსმენელს, მიუხვდეს მას ფარულ სათქმელს, ემოციას კონკრეტულ სამეტყველო აქტში და, ასევე, მთქმელის ინტერესებშია მსმენელმა ზუსტად გააკეთოს ნათქვამის ინტერპრეტაციაც.  ამის გამო, ცხადია, სამეტყველო აქტის “მონაწილეები მიუსადაგებენ საკუთარ ვერბალურ ქმედებას კონკრეტულ ადრესატებს და კონტექსტს,  რათა მძლავრ ინტერპერსონალურ ეფექტს მიაღწიონ” [Locher...,2010:2].

     ცხადია, პროპოზიციის ირონიულ მნიშვნელობას დეკოდირების პრაგმატიკული საფუძველი აქვს, რადგან იგი  ეყრდნობა მთქმელსა და მსმენელს შორის არსებულ ურთიერთობებს, რადგან ირონიის აქტუალიზების შემთხვევებში მთქმელი „ნიღბავს“ თავის ნათქვამს და მსმენელი მხოლოდ დეკოდირების შედეგად  აღიქვამს ნათქვამის ჭეშმარიტ, ირონიულ მნიშნელობას.

    რატომ იყენებს მთქმელი ირონიას საუბრისას? ეს  შეიძლება აიხსნას იმ ფაქტით, რომ სამეტყველო საზოგადოებას აქვს თავისი ნორმები და ტრადიციები, რომლებიც არეგულირებენ ნებისმიერი სახის კომუნიკაციურ ქცევას და რომლებიც  ზოგიერთი სახის ვერბალურ აქტივობას კრძალავს.  მეორე მიზეზად შეიძლება მოვიყვანოთ  ის, რომ მთქმელს აქვს შინაგანი განზრახვა, შექმნას სპეციფიკური ირონიული ეფექტი, რომელიც შემდეგ დაეხმარება მას, გავლენა მოახდინოს მსმენელზე და შეაცვლევინოს  აზრი კონკრეტული სიტუაციის შესახებ. ირონიის ყოველი აქტი გამოხატავს მთქმელის კომუნიკაციური ინტენციის კონკრეტულ თავისებურებებს - შთაბეჭდილება მოახდინოს, გააკრიტიკოს, გააპროტესტოს, აუკრძალოს მოსაუბრეს რაიმე განზრახვა, უარყოს, შეეკითხოს, დაადანაშაულოს, ბრალი დასდოს, უსაყვედუროს და, ამავე დროს, ფარულად გამოხატოს თავისი გაღიზიანება ან უარყოფითი დამოკიდებულება კონტექსტისადმი.

  კვლევამ, ასევე, დაადასტურა, რომ ირონია დადებით კონტექსტშიც, დადებითი კონოტაციითაც შეიძლება შეგვხვდეს. მეცნიერთა ერთი ნაწილი (მიზაუ, ბრაუნი,  ატარდო, ბუთი და სხვ.) ამტკიცებს, რომ არსებობს მაგალითები, რომელთა დროსაც, ირონია პოზიტიურია: მთქმელი გამოხატავს  პოზიტიურ გზავნილს უარყოფითი ფორმით. ამ შემთხვევაში გამონათქვამის დეკოდირება საფრთხეშია, რადგანაც, თუ ნათქვამი არ აღიქმება, როგორც ირონიული, მაშინ მას იღებენ, როგორც კრიტიკას, რამაც შეიძლება მსმენელში უარყოფითი ემოციები გამოიწვიოს. ამიტომ პოზიტიური ფორმით გამოხატული ირონია საკმაოდ იშვიათია უარყოფითი ფორმით გამოხატულ ირონიასთან შედარებით.

ჩვენი კვლევისას მხოლოდ ორი ამგვარი მაგალითი შეგხვდა. ამის მიზეზი არის ის, რომ ყოველთვის არსებობს შიში, არასწორად იყო გაგებული. მოვიტანთ შესაბამის მაგალითებს, როგორც  ყოველდღიური ცხოვრებიდან, ასევე კლასიკური ტექსტიდან (ჰემინგუეის  რომანი  „მშვიდობით, იარაღო“):

(ა)  „You’re really a bad boy“. 

(ბ)  „You are such a silly boy. She kissed me“  [Hemingway,  1977:76].

 

     პირველ მაგალითში (ა) ცოლი განზრახ მოიხსენიებს ქმარს, როგორც  ცუდ  ბიჭს და ნეგატიური ფორმით გამოხატავს  კმაყოფილებას მაშინ, როდესაც ქმარმა მას ძვირფასი საჩუქარი მიართვა.  მეორე მაგალითში (ბ) საუბარი შედგა კეტრინსა და ჰენრის შორის, როდესაც უკანასკნელი საავადმყოფოში იწვა. ამ ნათქვამებს ერთი  რამ აერთიანებთ: მათი სწორი დეკოდირება მსმენელის უნარზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ რამდენად ადეკვატურად  განარჩევს ის ნაგულისხმევ და პირდაპირ მნიშვნელობებს და რამდენად წარმატებულად მიხვდება მთქმელის ინტენციას. ასეთი  ნათქვამები ბუნდოვანი და ორაზროვანია და აძლევს მსმენელს ორი საპირისპირო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

    სტატია  ეყრდნობა ვერბალური ირონიის მაგალითებს, რომლებიც აღებულია ინგლისური და ამერიკული მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურიდან. მაგალითების შერჩევისას შეზღუდული არ ვიყავით არანაირი პარამეტრებით, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ირონიული მნიშვნელობის სხვადასხვა ტიპის გამონათქვამები ამოგვერჩია და საილუსტრაციოდ მოგვეყვანა.

    სტატია ასევე მოიცავს ირონიის ინტერპრეტაციის ორი ასპექტის ანალიზს: პირველი, გვსურს გამოვიკვლიოთ,  რა არის წარმატებული ირონიის საწინდარი, და, მეორე, გვაინტერესებს, როგორ ხდება ირონიის პრაგმატიკული ინტერპრეტაცია  მეტყველების აქტებში.  შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ირონიული სამეტყველო აქტი მოიცავს მთქმელს, მსმენელს,  გამონათქვამს, მის ირონიულ მნიშვნელობას, კონტექსტს, კომუნიკანტების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ფონურ ცოდნას და ინტენციას, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ნათქვამისადმი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების დიდი ნაწილი კომუნიკაციას უკავია, რომლის შედეგია - გაიგო და გააგებინო, ამიტომაც ირონიის მნიშვნელობის კოდირებისა და დეკოდირების პრაგმატიკული პროცესი, რომელმაც უნდა გამოიწვიოს ადეკვატური რეაქცია, სრულიად საგულისხმოა მისი წარმატებისთვის.

(გ) Christine remarked happily: “We did have a nice time, didn’t we, love?”

“Oh, a very nice time!” Andrew said bitterly”    [Cronin, 1993:41].

 

     მაგალითში (გ) შეგვიძლია დავინახოთ, რომ, სპერბერისა და უილსონის  ციტირების თეორიის მიხედვით, ენდრიუ ქრისტინს მისივე სიტყვების განმეორებით უპასუხებს, რაც, რეალურად პროპოზიციის უარყოფას ნიშნავს.  ენდრიუს ეს რეპლიკა ირონიული  ასერტივის ნიმუშს  წარმოადგენს.

    ირონიული ასერტივის   მეორე მაგალითი აღებულია მარკ ტვენის რომანიდან „უფლისწული და მათხოვარი“.

(დ) „The Master of Ceremonies was not present; there was no one who felt safe to venture upon this uncharted sea, or risk the attempt to solve this solemn problem.

 Alas! There was no Hereditary Scratcher“ [Twain, 2011: 36].

   აქ საქმე გვაქვს სიტუაციურ ირონიასთან, რომელიც გამონათქვამის საწინააღმდეგო მნიშვნელობას კი არ აფიქსირებს, არამედ სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. პროპოზიციის ექსპლიციტური დონე აცხადებს, რომ იმ დროს  მეფეებს ჰყავდათ ცერემონმაისტერები, საკვების დამგემოვნებლები, მთავარი მზარეულები, და, ზოგადად, ყველაფრის ‘მაისტერები“, რომლებიც მეფეს ნებისმიერ სიტუაციაში ემსახურებოდნენ. მაგრამ, როდესაც ტომი (რომელიც მეფის ადგილას შემთხვევით მოხვდება) მოინდომებს ცხვირის მოფხანას  და არ იცის, რა მოიმოქმედოს,  რადგან ვერ ხედავს  „მემკვიდრეობით ლორდ მფხანელს“, რომელიც დაეხმარებოდა მას ან  მისცემდა რჩევას, თუ როგორ მოქცეულიყო მსგავს სიტუაციაში ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების მიხედვით. ტომის კონტექსტური მოლოდინი ინგრევა და იგი აკრიტიკებს „მაისტერ-დამხმარების“ სისტემას და ეს საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ გაჩნდეს ირონია, რომელსაც მსმენელი აღიქვამს, როგორც ასერტივს.

   მეხუთე (ე) მაგალითში საქმე გვაქვს ირიბი კომისივის აქტთან, რომელიც ინფორმაციას შეკითხვის სახით ექსპლიციტურად გადმოსცემს, ხოლო არასასიამოვნო განზრახვასა და, გარკვეულწილად, საფრთხეს, იმპლიციტურად შეიცავს.

(ე) “He can’t go. How am I supposed to be nasty to him if he isn’t here?” [De Bernieres, 2001:28].

       იმისათვის, რომ ეს ირონიული ნათქვამი ადეკვატურად დეკოდირდეს, უნდა გავითვალისწინოთ მისი წინა კონტექსტური სიტუაცია, ამ რიტორიკულ შეკითხვაში მოსაუბრე (ექიმი)  ირონიის გამოყენებისას  დასაწყისიდანვე  არღვევს სერლის მიერ შემოტანილ გულწრფელობის პირობას, რადგან  მას უკვე აქვს კითხვაზე  პასუხი.

     კომისივის კიდევ ერთ  მაგალითად შეიძლება განვიხილოთ შემდეგი დიალოგი, რომელიც მატარებელში ხდება:

(ვ) - Are you going to Milbery’s lecture today? Take my advice, and don’t. I heard that he is a very bad speaker.  

    -  I must go, I’m Milbery [Hewitt, 1987:7].

 

    ბედის ირონიით, მეორე პიროვნება უნდა წავიდეს ლექციაზე, რადგან ის თავადაა ის ადამიანი, რომელმაც ლექცია უნდა წაიკითხოს .

 

      კვლევის შედეგად მივდივართ დასკვნამდე, რომ ირონიის ადეკვატური დეკოდირება შეუძლებელია მეტყველების აქტების თეორიის მოხმობის გარეშე, რადგან, ცხადია,  ირონიის კონკრეტული სამეტყველო აქტის ტიპის დადგენის გარეშე ძნელდება მისი კონოტაციის ბოლომდე აღქმა. ჯერ კიდევ ოსტინი  სამართლიანად მიიჩნევდა, რომ სიტყვები საბოლოოდ, კონტექსტში ‘იხსნება’. “Words need to be “explained” by the context in which they are used” [Austin, 1962: 100].  

     ამ აზრის  დასამტკიცებლად  მოვიყვანთ  მაგალითს  ვალტერ ლა ფაბერის წიგნიდან „ამერიკის ხანა“ :

(ზ) (1)  I love Germany so[ LaFeber, 1994: 491].

 

    კონტექსტის გარეშე შეუძლებელია დავადგინოთ, თუ რომელ  სამეტყველო აქტს მიკუთვნება ეს წინადადება. კერძოდ, იგი შეიძლება რამდენიმე სამეტყველო აქტის ფუნქციით იხმარებოდეს (ფიცი, დარწმუნება, რეალური  სიყვარულის გამოხატულება). ყველა ამ აქტს აერთიანებს მათი პროპოზიციური შინაარსი, ხოლო განასხვავებთ  მათი ილოკუციური ძალა [Bierwisch, 1980]. მხოლოდ კონტექსტში აქტუალიზების დროს და კონტექსტში განხილვის დროს შეიძლება ამ პროპოზიციის ადეკვატური დეკოდირება, რომლის დროსაც ცხადდება, რომ წინადადება ირონიულ ეფექტს იძლევა.

 

(ზ) (2)   “I love Germany so”, a Frenchman wrote sarcastically. “Every day I thank God that there are two of them” [LaFeber, 1994: 491].

   ასე ირონიულად წერდა ფრანგი სახელმწიფო მოხელე მეორე მსოფლიოს ომის შედეგად გერმანიის ორად გაყოფის შესახებ. ეს მაგალითი ირონიული  ექსპრესივის კარგი მაგალითია, რომელშიც ფრანგი ირონიულად გადმოსცემს თავის დამოკიდებულებას გერმანიის მიმართ, რომელსაც მისი ქვეყანა ჰქონდა დაპყრობილი. მსმენელმა  სპეციფიკური ისტორიული კონტექსტის ცოდნის გარეშე შესაძლებელია ვერც მოახერხოს მისი ადეკვატური ინტერპრეტაცია.

 (თ)   Such is his popularity that the locals (people in Chukotka) refer to BA and AA: before Abramovich and After Abramovich. [Soars..., 2005:75]

     ჩუკოტკის ტერიტორიაზე მაცხოვრობლები ძალზე ემადლიერებიან  აბრამოვიჩს, რადგან მან დაახლოებით 300 მილიონი ამერიკული დოლარი დაახარჯა ამ მიყრუებულ ტერიტორიას. როგორც მაგალითიდან (თ)  ვხედავთ, ირონია “BA” and “AA”  (აბრამოვიჩამდე და აბრამოვიჩის შემდეგ), ასოციაციურად ანალოგიურია გამოთქმისა - ქრისტეშობამდე და ქრისტეშობის შემდეგ. მსმენელისთვის ასეთ შემთხვევებშიც სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი, ჰქონდეს ზედმიწევნითი ექსტრალინგვისტური ცოდნა, რომ ნათქვამის ირონიული ინტენციის ადეკვატური დეკოდირება მოახდინოს.  

    დირექტივები განხილული კლასიფიკაციით გულისხმობს  მსმენელის „იძულებას“, განახორციელოს ქმედება ბრძანების, თხოვნის, რჩევის, გაფრთხილების, მოთხოვნის, ინსტრუქციის სახით, რომელიც კონკრეტდება გამონათქვამის პროპოზიციული შინაარსით.   

(ი) Please don’t kill me, I am innocent.   [De Bernieres, 2001:27].

 

    ეს „თხოვნა“ დამპყრობელი არმიის  კაპიტანმა  კორელიმ  წარმოთქვა,  როდესაც შევიდა სახლში, სადაც ის დროებით ცხოვრობდა და დაინახა ახალგაზრდა დიასახლისი  ქალი, რომელიც სამზარეულოში სადილს ამზადებდა და ხელში  დიდი სამზარეულო დანა ეკავა.  სიტუაციის ადეკვატური დეკოდირებისათვის  მნიშვნელოვანია პროსოდიული და პარალინგვისტური პარამეტრები.  ამ შემთხვევაში ავტორი აკონკრეტებს მათ:  The captain fell to his knees before her and exclaimed dramatically”  [De Bernieres, 2001:27].

დირექტივების კიდევ ერთი მაგალითი  ოსკარ უაილდს ეკუთვნის. და გამოყენებულია მის ერთ-ერთ ზღაპარში. პრინცესას, რომლის ერთადერთი მისწრაფება გართობა იყო   მოეწონა  ცეკვა, რომელიც ჯუჯამ დაბადების დღეზე შეუსრულა.  საცოდავი  ჯუჯა სცენაზე ცეკვისას  გარდაიცვალა.  შეკითხვაზე, თუ რატომ აღარ ცეკვავდა მისთვის ჯუჯა, ჩემბერლენმა უპასუხა, რომ ჯუჯას გული დაემსხვრა და გარდაიცვალა,  რაზეც პრინცესამ  უპასუხა, რომ შემდეგისათვის დასჭირდებოდა უგულო მოთამაშეები:

(კ) For the future let those who come to play with me have no hearts [Wilde, 1991:284].

    ირონია ამ კონკრეტულ მაგალითში მდგომარეობს იმაში, რომ პრინცესამ გააკრიტიკა ჩემბერლენი და ირიბი დირექტივის ფორმით დაადანაშაულა ის იმაში, რომ მას არ შეეძლო,  პრინცესას გაგებით, „ნორმალური“ დაბადების დღის მოწყობა.

       კითხვები, რომლებიც ჩვენი კვლევისას წამოიჭრა, ძირითადად, ეხმიანება ირონიის რელევანტურობის თეორიას, ციტირების თეორიას, შეუსაბამისობის თეორიასა და საკომუნიკაციო ინტენციას, რომელიც ამჟღავნებს არის თუ არა ლოგიკური ურთიერთობა ორ მნიშვნელობას შორის - გამოხატულსა (ექსპლიციტურს) და ნაგულისხმევს (იმპლიციტურს) შორის, რაც დაკავშირებულია ირონიის უარმყოფელ (ნეგაციურ) ხასიათთან.

     კვლევიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყოველ მეტყველების აქტს, რომელშიც ირონია ფიგურირებს,  კონკრეტული საკომუნიკაციო მიზანი, ინტენცია, ემოციური გამოხატულება და  სპეციფიკური კონტექსტი აქვს. მასში  ირონია გადამწყვეტ როლს ასრულებს. უფრო მეტიც,  სწორედ კონტექსტი ახასიათებს და აკონკრეტებს ირონიის ხმარების სპეციფიკურ ფორმას და განსაზღვრავს მეტყველების აქტი ირონიაა,  იუმორი თუ სარკაზმი. 

 

ლიტერატურა

Attardo,S.
2000
Irony as Relevant Inappropriateness, Journal of pragmatics, 32 (6), 793-826, NY
Austin, J. L.
1962
How to Do Things with Words, J. O. Urmson and Marina. Sbisà eds., Oxford: Oxford University Press
Bierwisch, M.
1980
Semantic Structure and Illocutionary Force. In: J.R. Searle, F Kiefer, M. Bierwisch (eds), Speech Act Theory and Pragmatics (Studies in Linguistics and Philosophy), 1-35, Reidel Publishing Company, Dordrecht
Brown, P. & Levinson S.
1987
Politeness: Some universals in Language Usage, Cambridge University Press, New York:
Brown, R. L.
1980
The Pragmatics of Verbal Irony. Language Use and the Use of Language. Washington, pp. 111-127
Colebrook,C.
2004
Irony, Routledge, London
Cronin A.J.
1993
The Citadel, Longman Publishing Group, UK
De Bernieres,L.
2001
Captain Corelli’s Mandolin, Pearson Education, USA
Giora, R. and Fein, O.
1999
Irony: Context and salience, Metaphor and Symbol 14 (4), 241-258, Philadelphia, USA
Hemingway, E.
1977
A farewell to Arms, Granada publishing, UK
Hewitt, G.B.
1987
English Reader, Ganatleba publishers, Georgia
LaFeber, W.
1994
The American age: United States Foreign Policy at Home and Abroad1750 to the Present, Norton & Company, USA
Locher, M. A. and Sage L. G.
2010
Interpersonal pragmatics (handbook of pragmatics), Walter de Gruyter GmbH&Co. KG, Berlin
Muecke, D. C.
1982
Irony and the ironic. The critical idiom, Methuen&Co , NY
Searle, J. R.
1969
Speech acts: An essay in the philosophy of language. Cambridge, Cambridge University Press, England
Soars, L&J.
2005
Headway 3rd addition Upper Intermediate. Student’s book. Oxford Univercity Press
Sperber, D.&Wilson, D.
1981
Irony and the use-mention distinction, in P. Cole.(Ed.), Radical Pragmatics, New York: Academic Press, 295-318
Trosborg, A.
1994
Interlanguage pragmatics: Requests, Complaints, and Apologies, Walter de Gruyter & Co. Berlin
Twain, M.
2011
The Prince and the Pauper. Harper Press, UK
Wilde, O.
1991
The Complete Illustrated Stories, Plays and Poems of Oscar Wilde. The Birthday of the Infanta, Chancellor Press, UK
ქენქაძე ი.
2012
ირონიის ინტერპრეტაცის თაობაზე. საენათმეცნიერო ძიებანი. XXXIV. Linguistic Papers. 256-269. საქართველო