გრამატიკალიზებული ჩანს ელემენტი და მასთან დაკავშირებული სირთულეები კორპუსლინგვისტიკაში

 

DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-17-17

1. გრამატიკალიზაციის განმსაზღვრელი თეორიული დებულებები

ტრადიციული განსაზღვრების მიხედვით, ენა პირობით ბგერით ნიშანთა სისტემაა, რომელშიც ყოველი ნიშანი გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება. ენობრივი ნიშნები ენის შინაარსისა და გამოხატულების პლანებს ქმნიან, ენობრივი სისტემის კვლევა კი როგორც ფორმის, ისე შინაარსის პლანის სრულფასოვან ანალიზს მოითხოვს [გამყრელიძე და სხვები, 2008: 23].

ენა, როგორც საკომუნიკაციო სისტემა, სიღრმისეულ სტრუქტურებში ჩადებული ინფორმაციის ზედაპირულ სტრუქტურებში ასახვის სხვადასხვა შესაძლებლობას ფლობს. ენობრივი სისტემის სიღრმისეულ სტრუქტურებში ჩადებული ინფორმაცია, რომელიც გრამატიკული კატეგორიებისა და ენაში მოქმედი წესებისა თუ კანონზომიერებების სახით ვლინდება, ტრადიციული ლინგვისტიკის ფარგლებში მუშავდება. რაც შეეხება ენის ზედაპირულ სტურქტურებს – მისი ფუნქციონირების არეალს, ამ საკითხების კვლევით ფუნქციური გრამატიკაა დაინტერესებული. მისი კვლევის სფეროში შემოდის გრამატიკალიზაციის პროცესიც.

ენის უპირველესი ფუნქცია, მისი საკომუნიკაციოდ გამოყენება, ენობრივი ინვენტარის მეშვეობით ხორციელდება. ამ უკანასკნელს კი გრამატიკული და ლექსიკური მნიშვნელობის  მქონე ელემენტთა ერთიანობა ქმნის. ენაში არსებული ინვენტარი სხვადასხვაგვარ პარადიგმულ კლასებად ნაწილდება. ენობრივი სისტემა მუდმივად ცვალებადია,  იგი იცვლება და ვითარდება თავისი შინაგანი კანონების მიხედვით. სამეტყველო ჩვევაში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება დაკავშირებულია ადამიანის მცდელობასთან, უფრო მარტივად, ნათლად და ზუსტად გადმოსცეს აზრი [Hopper, Trauhgt, 2008: 81]. ენაში მიმდინარე ცვლილებების პარალელურად ენობრივმა ნიშანმა შეიძლება შეიცვალოს დანიშნულება და სიტყვათა ერთი პარადიგმული კლასიდან მეორეში გადავიდეს. ამ ტიპის ცვლილებას მიეკუთვნება გრამატიკალიზაციის პროცესიც [Lehmann, 2015: 10]. გრამატიკალიზაცია ტიპოლოგიაში კარგად ცნობილი პროცესია. იგი უნივერსალური ფენომენია, რომელიც ენის განვითარების ლოგიკურ მოვლენად მიიჩნევა.

გრამატიკალიზაციის პროცესის მიმდინარეობისას ლექსიკური შინაარსის მატარებელი ენობრივი ნიშანი კარგავს ლექსიკურ მნიშვნელობას და ვეღარ ახორციელებს რეფერენციას, ანუ ვეღარ ამყარებს ჩვეულ მიმართებას აღმნიშვნელთან. დელექსიკალიზებული ფორმა იძენს სპეციფიკურ გრამატიკულ ფუნქციას, ანუ იქცევა ფუნქციურ ელემენტად [Hopper, 2003: 27]. აღსანიშნავია, რომ გრამატიკალიზაციის პროცესი ენობრივი ერთეულისთვის ფუნქციის ხარისხობრივი, თანდათანობითი ცვლილებაა და არა ნახტომი ერთი კატეგორიიდან მეორეში. შესაბამისად ამისა, გრამატიკალიზაციის პროცესში მყოფი ენობრივი ერთეულები გრამატიკალიზაციის სხვადასხვა ხარისხით ხასიათდება [Lehmann, 2015: 45].

სამეცნიერო ლიტერატურაში გრამატიკალიზაციის ოთხი საფეხურია გამოყოფილი, ესენია:

 

  • დესემანტიზაცია – ენობრივი ერთეული კარგავს ლექსიკურ მნიშვნელობას. ლექსიკური მნიშვნელობის დაკარგვას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის უმთავრესია სემანტიკური კონტექსტი. 
  • ექსტენცია – ახალი ფუნქციით გამოყენების სიხშირის ზრდა. ამ ეტაპზე ფართოვდება დეკატეგორიზებული ელემენტის მოხმარების არეალი. 
  • დეკატეგორიზაცია – ენობრივი ერთეული კარგავს საკუთარ პარადიგმატულ (გრამატიკულ) ნიშნებს, ანუ ფორმაცვალებადი სიტყვა თანდათანობით ფორმაუცვლელ სიტყვად იქცევა. ამ საფეხურზე შესაძლოა ენობრივ ერთეულს შენარჩუნებული ჰქონდეს მორფოსინტაქსური მახასიათებლები, მაგრამ ერთეული ვეღარ ამყარებს მორფოსინტაქსურ კავშირს წინადადების სხვა წევრებთან და ვეღარ აწარმოებს პარადიგმას. დამოუკიდებელი სიტყვა დამოკიდებული ხდება სხვა სიტყვებზე და იქცევა მათ თანმხლებ ერთეულად. 
  • ეროზია – დეკატეგორიზებული და დესემანტიზებული ენობრივი ერთეული, რომელიც ფორმაცვალებადი სიტყვათა კლასიდან გადასულია ფორმაუცვლელ სიტყვათა კლასში, იწყებს ცვეთას და მარტივდება. ამ გზით მიღებულად მიიჩნევა ქართულში ნაწილაკთა უმრავლესობა [თანდაშვილი, 2016: 95].

 

ტიპოლოგიური თვალსაზრისით, საინტერესო სურათს ქმნიან გრამატიკალიზაციის პროცესში მყოფი ზმნური წარმოშობის ენობრივი ერთეულები. რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ ენობრივი ფორმა გრამატიკალიზდა?  ერთმანეთს შევადაროთ ადგა ფორმის გამოყენების შემთხვევები ქვემოთ მოცემულ წინადადებებში:

 

  1. გოგონა დილით ადრე ადგა და მზადებას შეუდგა. შდრ.: 
  2. ნეტავ, ისეთი რა უთხრა, რომ ერთ დღესაც ადგა და მართლა შეუსრულა თხოვნა?! 

პირველ წინადადებაში ადგა წინადადების სინტაქსური ბირთვის, შემასმენლის, ფუნქციას ასრულებს, ხოლო მეორეში მას შემასმენლის ფუნქცია არ აქვს, პრედიკაციას არა ადგა, არამედ ზმნა შეუსრულა გამოხატავს. რაც შეეხება ადგას, მიუხედავად იმისა, რომ მას შენარჩუნებული აქვს უმთავრესი ზმნური კატეგორიები: პირი, რიცხვი, დრო, იგი დაცლილია ზმნური შინაარსისგან, ფუნქციურ ელემენტად არის ქცეული და მოქმედების დასაწყისის სემანტიკას გადმოსცემს.

2. საკვლევი ჩანს ფორმა

ცოცხალ ენობრივ სისტემაში მიმდინარე გრამატიკალიზაციის პროცესი დამახასიათებელია როგორც სახელებისთვის, ისე – ზმნებისთვისაც. ტიპოლოგიურად განსაკუთრებით საინტერესო სურათს ზმნურ ფორმათა გრამატიკალიზაცია ქმნის. სტატიაში წარმოდგენილია ჩანს ზმნური ერთეულის გრამატიკალიზაციის პროცესი. საკითხი შესწავლილია კორპუსით განპირობებული კვლევის მეთოდით, სტატიაში წარმოდგენილი კვლევა ქართული ენის ეროვნული კორპუსის ბაზაზე (GNC) განხორციელდა, საკვლევ მასალად აღებულია ძველი, საშუალი და ახლი ქართული ენისა და პოლიტიკური ტექსტების კორპუსში დადასტურებული კონტექსტები. ელემენტის ფუნქციური მნიშვნელობის დასაზუსტებლად გამოყენებულია სუბსტიტუციის, ელიმინაციისა და სკოპუსის მეთოდები, ფუნქციურ-სემანტიკური ნიუანსების გამორკვევისას სტატია ეყრდნობა ცდისპირების მონაწილეობით ჩატარებულ ენობრივი კომპეტენციის ტესტს.

ჩანს ერთეული ქართულში პრედიკაციის გამომხატველი ერთპირიანი ზმნაა, აწმყოს მწკრივისა, რომელიც სახელობით ბრუნვაში მდგარ მესამე სუბიექტურ პირს შეიწყობს, მაგალითად,

 

  • ფანჯრიდან არაფერი ჩანს, მხოლოდ შემაწუხებელი ხმაური ისმის.

 

თუმცა ჩანს ერთეული ყოველთვის არ ასრულებს წინადადების  ღერძის – ზმნის, ანუ პრედიკატის, ფუნქციას, ლექსიკური შინაარსისგან დაცლილი, მართალია, იგი ინარჩუნებს იმავე ფორმას, თუმცა წინადადებაში არა პრედიკაციის გამომხატველი, არამედ ფუნქციური ელემენტია. მაგალითად მოვიყვანთ შემდეგ წინადადებებს:

 

  • ჩანს, მატარებლის მოსვლის დროც კარგად იცოდა და ამგვარ საქმეზეც არ იყო პირველად. 
  • მე მოვრჩი, ჩანს, ჩემმა მაგალითმა სხვები წაახალისა.
  • ცხოვრება წინ არის და, როგორც ჩანს, არც ორმოცდაათი წელია ბევრი.

 

3. კვლევის მეთოდოლოგია

ფუნქციურ ელემენტებზე მუშაობისას სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება, მათგან სტატიაში წარმოვადგენთ სუბსტიტუციის, ელიმინაციისა და სკოპუსის მეთოდებს.

გრამატიკალიზებული ელემენტის ფუნქციებზე მსჯელობისას განსაკუთრებით ეფექტურია სუბსტიტუციის მეთოდი, რომელიც ენობრივი ელემენტის სხვა, ლექსიკური ან ფუნქციური მნიშვნელობით მსგავსი, ელემენტით ჩანაცვლებას გულისხმობს. თუ ჩანაცვლების შედეგად ვალიდურ ვარიანტს ვიღებთ, მაშინ საწყისი ელემენტის მორფოსინტაქსური ფუნქცია დამტკიცებულად მიიჩნევა [თანდაშვილი, 2019: 12]. ცდისპირების მიერ ჩასანაცვლებლად გამოყენებული სინტაგმები ინფორმაციას გვაძლევს როგორც ფუნქციური ელემენტის სემანტიკურ, ფუნქციურ მნიშვნელობაზე, ისე – სინტაგმის სინტაქსურ კავშირებზე წინადადებაში. მაგალითად განვიხილოთ შემდეგი წინადადება:

ჩანს, მატარებლის მოსვლის დროც კარგად იცოდა და ამგვარ საქმეზეც არ იყო პირველად. შდრ.: ეტყობა, მატარებლის მოსვლის დროც კარგად იცოდა და ამგვარ საქმეზეც არ იყო პირველად.

განხილულ შემთხვევაში ჩანს ჩანაცვლებულია ერთეულით ეტყობა, ჩანაცვლების შედეგად შენარჩუნებულია როგორც წინადადების პირვანდელი მნიშვნელობა და წინადადებაში არსებული ლოგიკური მიმართებები, ისე სინტაქსური წყობა. ორივე ელემენტი ფუნქციურად ეკვივალენტურია და მთქმელის ვარაუდს გამოხატავს ზმნით გადმოცემული მოქმედების შესახებ.

ელიმინირება – იგივე განულება, სინტაქსური წესია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვარკვიოთ წინადადების რომელი ელემენტი ან ელემენტთა ჯგუფია საკმარისი და აუცილებელი იმისთვის, რომ წინადადებამ დასრულებული აზრი გადმოსცეს. ეს ტესტი განსაკუთრებით ეფექტურად ზმნური წარმოშობის ფუნქციური ელემენტების კვლევისას მუშაობს. ზმნა სინტაქსურად წინადადების ბირთვი, ცენტრალური ნაწილია ქართულში, ზმნით გადმოიცემა მოქმედება/ მდგომარეობა, თუ  ზმნური წარმოშობის ელემენტის ან სინტაგმის განულება შესაძლებელია, ეს დასტურია იმისა, რომ ზმნური ფუნქცია დაკარგულია, პრედიკაცია აღარ გამოიხატება და საქმე გვაქვს ფუნქციურ ელემენტთან.

ჩანს, მატარებლის მოსვლის დრო იცოდა და ამგვარ საქმეზეც არ იყო პირველად. შდრ.:  ჩანს, მატარებლის მოსვლის დრო იცოდა და ასეთ საქმეზე არ იყო პირველად.

ჩანს ერთეულის განულების შედეგად წინადადების სინტაქსური წყობა არ ირღვევა, იცვლება წინადადების მოდალობა, ვარაუდის გადმოცემის ნაცვლად წინადადება მტკიცებას გამოხატავს, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განხილულ შემთხვევაში ჩანს ლექსიკური მნიშვნელობისგან დაცლილია და ფუნქციურ ელემენტად არის ქცეული.

ფუნქციური ელემენტების კვლევისას მოცემული ელემენტის ფუნქციონირების არეალის დასადგენად გამოიყენება სკოპუსის მეთოდი. სკოპუსი არის ფუნქციური ელემენტის ფუნქციონირების არეალი, ანუ ის მანძილი წინადადებაში, რომელზეც მოცემული ელემენტის სემანტიკური ფუნქცია ვრცელდება. სკოპუსის განსაზღვრა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დგინდება ფუნქციური ელემენტის ფუნქციურ-სემანტიკური მოდიფიკაციის არეალი წინადადებაში.

 

  1. ჩანს, მატარებლის მოსვლის დროც კარგად იცოდა და ამგვარ საქმეზეც არ იყო პირველად. 
  2. მატარებლის მოსვლის დროც კარგად იცოდა და ამგვარ საქმეზეც არ იყო პირველად, ჩანს
  3. მატარებლის მოსვლის დროც კარგად იცოდა, ჩანს, და ამგვარ საქმეზეც არ იყო პირველად. 
  4. მატარებლის მოსვლის დროც კარგად იცოდა და ,ჩანს, ამგვარ საქმეზეც არ იყო პირველად.

 

წარმოდგენილ რთულ თანწყობილ წინადადებაში ჩანს ერთეულის გადაადგილება წინადადების სინტაქსური კონსტრუქციის რღვევასა და მისი მნიშვნელობის დაბნელებას არ იწვევს, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოცემულ მაგალითში ჩანს ერთეულს არა ლექსიკური, არამედ ფუნქციური ელემენტის კვალიფიკაცია უნდა მიეცეს. ზმნური ფორმის გადაადგილება წინადადების ფარგლებში, განსაკუთრებით კი მისი გადანაცვლება მთავარ და დამოკიდებულ წინადადებებს შორის, შეუძლებელია მისი ლექსიკურ ერთეულად გამოყენების დროს.

განხილულ მაგალითში ჩანს ფორმის ფუნქციურ ელემენტად გამოყენებაზე ისიც მიუთითებს, რომ იგი მძიმეებით არის გამოყოფილი და ელიმინირებადია. გრამატიკალიზებული ჩანს ელემენტი წინადადებაში მოდალური ელემენტის ფუნქციის მატარებელია, მისი განულებით წინადადება მოდალობის გაგებას კარგავს, მისი გადაადგილება კი წინადადების მოდალობის ცვლილებას იწვევს.

რთულ თანწყობილ წინადადებაში გრამატიკალიზებული ჩანს ელემენტის პოზიციის ცვლილებას წარმოვადგენთ სქემის სახით:

 

  1. {[მარტივი წინადადება] და [მარტივი წინადადება]}. 
  2. ჩანს, {[მარტივი წინადადება] და [მარტივი წინადადება]}. 
  3. {[მარტივი წინადადება] და [მარტივი წინადადება]}, ჩანს
  4. {[მარტივი წინადადება], ჩანს, და [მარტივი წინადადება]}.
  5. {[მარტივი წინადადება] და, ჩანს, [მარტივი წინადადება]}.

 

პირველ წინადადებაში ჩანს ელემენტის განულებით ნეიტრალურ პროპოზიციას ვიღებთ, წინადადებას მოდალობის გაგება ეკარგება და იგი მხოლოდ რეალურ ვითარებას აღწერს, მთქმელის ინტენციის დაზუსტების გარეშე. მეორე და მესამე წინადადებაში ჩანს ელემენტი ახდენს მთელი წინადადების მოდიფიკაციას, ნათქვამი ნეიტრალურობას კარგავს და გამონათქვამი მოდალობის გაგებას იძენს: იგი მთქმელის ინტენციას, მთქმელის პიროვნულ დამოკიდებულებას გადმოსცემს და ვარაუდის სემანტიკის გამომხატველია.  განსაკუთრებით საინტერესოა მეოთხე და მეხუთე წინადადებები. და კავშირით შეერთებულ რთულ თანწყობილ წინადადებაში ჩანს ელემენტის მოთავსება და კავშირამდე, იწვევს ჩანს ელემენტის მოქმედების არეალის შეცვლას: მოდალობის სემანტიკური ფუნქცია მხოლოდ წინადადების მარცხენა პერიფერიაზე (ჩანს ელემენტის მარცხნივ მდებარე მარტივ წინადადებაზე) ვრცელდება, მაშინ როცა ჩანს ელემენტის და კავშირის შემდეგ მოთავსებით მისი სემანტიკურ-ფუნქციური მოქმედების არეალი მარჯვენა პერიფერიაზე გადაინაცვლებს და  მხოლოდ კავშირის შემდეგ მოთავსებულ მარტივ წინადადებაზე გავრცელდება. ფაქტია, რომ რთულ თანწყობილ წინადადებაში და კავშირი წარმოადგენს ჩანს ელემენტის მოქმედების არეალის ჩამკეტს.

როგორც ზემოთ განხილული მაგალითები მოწმობს, ჩანს ფორმა გრამატიკალიზაციის პროცესში მყოფი ერთეულია. გრამატიკალიზაციის განხილული ოთხი საფეხურიდან იგი ექსტენციის საფეხურზე მყოფ ერთეულად უნდა შეფასდეს, რასაც მისი, ერთი მხრივ, პრედიკატად, მეორე მხრივ კი,  ფუნქციურ ელემენტად გამოყენების შემთხვევები ადასტურებს.

4. ფუნქციურ-სემანტიკური ანალიზი

ფუნქციურ-სემანტიკური ანალიზის ჩატარება შესაძლებელია კომპეტენციის ტესტის გამოყენებითაც, ამიტომ გარდა ზემოთგანხილული მეთოდებისა, გრამატიკალიზებული ჩანს ელემენტის ფუნქციებზე მსჯელობისას ვეყრდნობოდით ენობრივი კომპეტენციის ტესტს, რომელიც შემდეგი სახით ჩატარდა – საპილოტე კვლევისთვის შეირჩა 10 ინფორმანტი; ცდისპირებს მიეწოდათ წინადადებათა სია და ინსტრუქცია, შეეცვალათ წინადადებაში ხაზგასმული სიტყვა მსგავსი მნიშვნელობის მქონე სიტყვით და ისე გადაეწერათ წინადადება, რომ არ შეცვლილიყო მთლიანი წინადადების შინაარსი. მიღებულ შედეგებს წარმოვადგენთ ტაბულების სახით.

ტაბულა 1

 

ჩანს, მატარებლის მოსვლის დროც კარგად იცოდა და ამგვარ საქმეზეც არ იყო პირველად.

ცდისპირი I

ეტყობოდა, მატარებლის მოსვლის დროც კარგად იცოდა და ამგვარ საქმეზეც არ იყო პირველად.

ცდისპირი II

როგორც ვხედავ, მატარებლის მოსვლის დროც კარგად იცოდა და ამგვარ საქმეზეც არ იყო პირველად.

ცდისპირი III

ეტყობა, მატარებლის მოსვლის დროც კარგად იცოდა და ამგვარ საქმეზეც არ იყო პირველად.

ცდისპირი IV

ალბათ, მატარებლის მოსვლის დროც კარგად იცოდა და ამგვარ საქმეზეც არ იყო პირველად.

ცდისპირი V

შეიძლება, მატარებლის მოსვლის დრო კარგად იცოდა, ამგვარ საქმეზე არ იქნებოდა პირველად.

ცდისპირი VI

ალბათ, მატარებლის მოსვლის დროც კარგად იცოდა და ამგვარ საქმეზეც არ იყო პირველად.

ცდისპირი VII

აშკარაა, მატარებლის მოსვლის დროც კარგად იცოდა და ამგვარ საქმეზეც არ იყო პირველად.

ცდისპირი VIII

ეტყობა, მატარებლის მოსვლის დროც კარგად იცოდა და ამგვარ საქმეზეც არ იყო პირველად.

ცდისპირი IX

აშკარაა, მატარებლის მოსვლის დროც კარგად იცოდა და ამგვარ საქმეზეც არ იყო პირველად.

ცდისპირი X

აშკარა იყო, მატარებლის მოსვლის დროც კარგად იცოდა და ამგვარ საქმეზეც არ იყო პირველად.

 

ტაბულა 2

 

მე მოვრჩი, ჩანს, ჩემმა მაგალითმა სხვები წაახალისა.

ცდისპირი I

მე მოვრჩი, აშკარაა, ჩემმა მაგალითმა სხვები წაახალისა.

ცდისპირი II

მე მოვრჩი, ვხედავ, ჩემმა მაგალითმა სხვები წაახალისა.

ცდისპირი III

მე მოვრჩი და ჩემმა მაგალითმა სხვები წაახალისა.

ცდისპირი IV

მე მოვრჩი, ვიმედოვნებ, ჩემმა მაგალითმა სხვები წაახალისა.

ცდისპირი V

მე მოვრჩი, შევამჩნიე, ჩემმა მაგალითმა სხვები წაახალისა.

ცდისპირი VI

მე მოვრჩი, ცხადია, ჩემმა მაგალითმა სხვები წაახალისა.

ცდისპირი VII

მე მოვრჩი, თვალსაჩინოა, ჩემმა მაგალითმა სხვები წაახალისა.

ცდისპირი VIII

მე მოვრჩი, ვფიქრობ, ჩემმა მაგალითმა სხვები წაახალისა.

ცდისპირი IX

მე მოვრჩი, თვალსაჩინოა, ჩემმა მაგალითმა სხვები წაახალისა.

ცდისპირი X

მე მოვრჩი, ვფიქრობ, ჩემმა მაგალითმა სხვები წაახალისა.

 

ტაბულა 3

 

 

ცხოვრება წინ არის და, როგორც ჩანს, არც ორმოცდაათი წელია ბევრი.

ცდისპირი I

ცხოვრება წინ არის და, ეტყობა, არც ორმოცდაათი წელია ბევრი.

ცდისპირი II

ცხოვრება წინ არის და, ვგრძნობ, არც ორმოცდაათი წელია ბევრი.

ცდისპირი III

ცხოვრება წინ არის და, დარწმუნებული ვარ, არც ორმოცდაათი წელია ბევრი.

ცდისპირი IV

ცხოვრება წინ არის და, ფაქტია, არც ორმოცდაათი წელია ბევრი.

ცდისპირი V

ორმოცდაათი წელი არც ისე ბევრია, რადგან ცხოვრება ისევ წინ არის.

ცდისპირი VI

ორმოცდაათი წელი არც ისე ბევრია, ვფიქრობ, ცხოვრება ისევ წინ არის.

ცდისპირი VII

ცხოვრება წინ არის და, როგორც აღმოჩნდა, არც ორმოცდაათი წელია ბევრი.

ცდისპირი VIII

ცხოვრება წინ არის და, როგორც იკვეთება, არც ორმოცდაათი წელია ბევრი

ცდისპირი IX

ცხოვრება წინ არის და, როგორც აღმოჩნდა, არც ორმოცდაათი წელია ბევრი.

ცდისპირი X

ცხოვრება წინ არის და, მგონი, არც ორმოცდაათი წელია ბევრი.

ენობრივი კომპეტენციის ტესტის შედეგებზე დაყრდნობით შემდეგი ნიუანსები იკვეთება: გრამატიკალიზებული ჩანს ელემენტის უმთავრესი ფუნქცია არის მთქმელის მოდალობის გამოხატვა წინადადებით გადმოცემული მოქმედებისადმი, რასაც ადასტურებს როგორც ზემოთ განხილული მეთოდები, ისე ცდისპირთა მიერ ჩასანაცვლებლად გამოყენებული ერთეულები. ჩანს გრმატიკალიზებულ ერთეულთან დაკავშირებული მოდალობები ორ მსხვილ სემანტიკურ კატეგორიად ერთიანდება, ესენია: ვარაუდის სემანტიკა და დარწმუნებულობის სემანტიკა, თითოეულ ჯგუფში გამოიყოფა უფრო წვრილი ქვეჯგუფები, რომელთაც ერთმანეთისგან მცირე სემანტიკური ნიუანსები განასხვავებს.  ჩანს გრამატიკალიზებულ ერთეულთან დაკავშირებულ მოდალობებს წარმოვადგენთ სქემის სახით:

ტაბულა 4

 

გრამატიკალიზებული ელემენტი

ჩამნაცვლებელი ერთეული

მოდალობა

ჩანს

ეტყობა

ლოგიკურად განპირობებული ვარაუდი

ჩანს

როგორც ვხედავ

ვიზუალურ ხედვაზე დაფუძნებული ვარაუდი

ჩანს

ვხედავ

ვიზუალურ ხედვაზე დაფუძნებული ვარაუდი

ჩანს

შეიძლება

შესაძლებლობის სემანტიკა

ჩანს

ალბათ

ვარაუდის სემანტიკა

ჩანს

ვიმედოვნებ

იმედის სემანტიკა

ჩანს

მგონი

ვარაუდის სემანტიკა

ჩანს

შევამჩნიე

ინდივიდუალურ ხედვაზე დაფუძნებული ვარაუდი

ჩანს

ვფიქრობ

პირად მსჯელობაზე დაფუძნებული ვარაუდი

ჩანს

ვგრძნობ

პირად მსჯელობაზე დაფუძნებული ვარაუდი

ჩანს

როგორც აღმოჩნდა

მიზეზშედეგობრივი ვარაუდი

ჩანს

როგორც იკვეთება

მიზეზშედეგობრივი ვარაუდი

ჩანს

აშკარაა

კოგნიტური დარწმუნებულობის სემანტიკა

ჩანს

ცხადია

ლოგიკური დარწმუნებულობის სემანტიკა

ჩანს

ფაქტია

ლოგიკური დარწმუნებულობის სემანტიკა

ჩანს

თვალსაჩინოა

ვიზუალური დარწმუნებულობის სემანტიკა

ჩანს

დარწმუნებული ვარ

კოგნიტური დარწმუნებულობის სემანტიკა


5. გრამატიკალიზებული ჩანს ელემენტი კორპუსლინგვისტიკაში

გრამატიკალიზაციის პროცესი საფეხურებრივად მიმდინარეობს, დროის გარკვეულ მონაკვეთში პარალელური ფორმები თანაარსებობენ, შესაბამისად, დგება ომონიმიის საკითხი. ომონიმიის არსებობა განსაკუთრებულ სირთულეებს წარმოქმნის კორპუსლინგვიტიკაში.

21-ე საუკუნის ლინგვისტიკის წამყვანი მიმართულება არის კომპიუტერული ლინგვისტიკა, ენობრივი კორპუსების შექმნა, რაც ენის ავტომატურად დამუშავებასა და ენობრივ კორპუსში განთავსებას გულისხმობს. კორპუსის გამართული მუშაობა ავტომატური ანალიზის დახვეწილი პროგრამის – ანალიზატორის შემუშავებას მოითხოვს. ქართული ენის მასალაზე მუშაობისას განსაკუთრებულ სირთულეებს სწორედ ამ მიმართულებით ვაწყდებით. გამართული ანალიზატორის პროგრამის შექმნის აუცილებელი წინაპირობა ენობრივი სისტემის როგორც მორფოლოგიური, ისე სემანტიკური და ფუნქციური თვალსაზრისით სრულფასოვანი ანალიზია. ვინაიდან ქართული ენობრივი მასალა ფუნქციური თვალსაზრისით სათანადოდ შესწავლილი არ არის, რთულდება მართებული ანოტირებისა და  კორპუსში წარმოქმნილი ომონიმიის მოხსნის საკითხი.

ომონიმიის მაგალითად მოვიყვან სტატიაში ქვემოთ განხილულ ფორმას ჩანს. წარმოდგენილი მაგალითები აღებულია ქართული ენის ეროვნული კორპუსიდან.

 

  • მთელ ცაზე ღრუბლების ერთი ფთილიც კი არსად ჩანს და ზემოდან მთვარის კაციჭამია სახე დაგვქათქათებს.

 

ჩანს ტოკენი კორპუსში შემდეგნაირადაა ანოტირებული – ზმნა, საშუალ-მოქმედებითი გვარის, აწმყოს მწკრივი.

 

  • კანცელარიის გამგემ, ჩანს, დროზე ვერაფერი მოიფიქრა და კარგა ხნის შემდეგ თქვა.

 

ჩანს ტოკენს, მსგავსად წინა მაგალითში წარმოდგენილი ტოკენისა, მინიჭებული აქვს ზმნის მარკერი, მიუხედავად იმისა, რომ განხილულ მაგალითში იგი დაცლილია პრედიკაციის გამომხატველი შინაარსისაგან.

6. ომონიმიის მოხსნის გზა

კორპუსში წამოჭრილი ომონიმიის მოხსნის გზების მოსაძიებლად ჩატარებული საპილოტე კვლევა ქართული ენის ეროვნულ კორპუსს ეყრდნობა. გაანალიზებულია ძველი, საშუალი და ახლი ქართული ენისა და პოლიტიკური ტექსტების კორპუსში დადასტურებული კონტექსტები. საანალიზო მასალა 880 კონტექსტს შეადგენს.  საპილოტე კვლევისას გაანალიზებული მასალა ადასტურებს  წინასწარ შემუშავებულ ჰიპოთეზებს გრამატიკალიზებული ჩანს ელემენტის შესახებ და შემდეგი სახის კომბინატორულ წესებს იძლევა:

1. თუ ტოკენის ჩანს მარცხენა კოოკურენტია ტოკენი როგორც, მიენიჭოს ფუნქციური ელემენტის მარკერი;

საანალიზო მასალაში წარმოდგენილი მსგავსი 138 კოლოკაციიდან ყოველ მათგანში ჩანს ფუნქციური ელემენტის სახით დასტურდება.

2. თუ ტოკენი ჩანს ორივე მხრიდან გამოყოფილია მძიმით, მაშინ მიენიჭოს ფუნქციური ელემენტის მარკერი.

საანალიზო მასალაში წარმოდგენილი მსგავსი 138 კოლოკაციიდან ყოველ მათგანში ჩანს ფუნქციური ელემენტის სახით დასტურდება.

3. თუ ტოკენი ჩანს იწყებს წინადადებას და შემდეგი ტოკენისაგან გამოყოფილია მძიმით, მაშინ მიენიჭოს ფუნქციური ელემენტის მარკერი.

საანალიზო მასალაში წარმოდგენილი მსგავსი 30 კოლოკაციიდან ყოველ მათგანში ჩანს ფუნქციური ელემენტის სახით დასტურდება.

შემოთავაზებული კომბინატორული წესები, ალგორითმის სახით გადაწერის შემდეგ, ვფიქრობთ, დახმარებას გაუწევს ქართული ენის ეროვნული კორპუსის ავტომატური ანალიზატორის პროგრამას გრამატიკალიზებული ჩანს ელემენტის ამოცნობასა და სწორად ანალიზში, შეამცირებს ომონიმური ფორმების მცდარად მარკირება-ანოტირების შემთხვევებს.

კვლევა (PHDF-18-557) განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ლიტერატურა

გამყრელიძე თ. და სხვები...,
2008
თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი.
თანდაშვილი მ.,
2016
ქართული ენის ფუნქციური გრამატიკის საფუძვლები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, ბათუმი.
შარაშენიძე ნ. და სხვები...,
2020
მოდალობის კატეგორიის საკითხები ქართულში, გამომცემლობა უნივერსალი, თბილისი.
Frajzyngier Z.,
2008
Grammaticalization, Typology, and Semantics: Expanding the Agenda. In Rethinking Grammaticalization. New Perspectives; Amsterdam: Benjamins.
Heine B.,
2003
Grammaticalization; Oxford: Blackwell; In Janda &Joseph (eds.); The handbook of Historical Linguistics, Oxford.

2002
On the Role of Context in Grammaticalization, Amsterdam, Philadelphia: Benjamins.
Hopper P., Traugott J.,
2003
P. E.C. Grammaticalization; Cambridgr University Press, Second edition, Cambridge.
Lehman Ch.,
2015
Thoughts on Grammaticalization, Second edition, Seminar für Sprachwissenschaft der Universität, Erfurt.