არათავაზიანობა და იდენტობა ოჯახის დისკურსის ჟანრში

როგორც ცნობილია, ადამიანი სოციალური არსებაა. იგი სხვა ადამიანთა გარემოცვაში ცხოვრობს და, შესაბამისად, უწევს, ისწავლოს მათთან თანაცხოვრება. ადამიანი, ასევე, რაციონალური და ემოციური ქმნილებაა, რომლის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნილებას წარმოადგენს, იყოს აღიარებული და დაფასებული სხვათა მიერ. აღნიშნული მიზნის მისაღწევად იგი ორი ძირითადი საშუალებიდან (ესაა თავაზიანი და არათავაზიანი ქცევა) ირჩევს ერთ-ერთს ან მიმართავს მათს კომბინაციას. პირველი, იგი თავაზიანად ექცევა სხვა ადამიანებს, ითვალისწინებს, პატივს სცემს მათს მოსაზრებებს, ხედვას, პოზიციას, გრძნობებს, პიროვნებას/იდენტობას, ანუ ექცევა მათ ისე, როგორც თავად სურს, რომ მოექცნენ. ამგვარი ქცევა ჰარმონიული კომუნიკაციის წინაპირობაა [Lakoff, 1973; Leech, 1983; Brown1978, 1987; Ide, 1989; Kasper, 1990; Brown, 2015]. მეორე, იგი თვითდამკვიდრებას ცდილობს საკუთარი უპირატესობის დემონსტრირების, სხვათა მოსაზრების, ხედვის, პოზიციის, იდენტობის, შესაძლებლობების, უნარების დაკნინების გზით. ამ შემთხვევაში, ადამიანი მიმართავს არათავაზიან ქცევას და, პირდაპირი და ირიბი მეთოდების გამოყენებით, ხაზს უსვამს თავის ნებისმიერ უპირატესობას ადრესატთან მიმართებით – ძალაუფლებას, სოციალურ თუ ეკონომიკურ სტატუსს, განათლების დონეს, გენდერულ როლს, პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ასე შემდეგ. იგი მოითხოვს, რომ მის პოზიციასა და პიროვნებას პატივი სცენ, აღიარონ და დაემორჩილონ, თუმცა თავად იმავეს არ აკეთებს სხვათა მიმართ. მისთვის უმნიშვნელოა სხვა ადამიანთა გრძნობები და მოთხოვნილებები. ამგვარი ქცევა არის არაჰარმონიული ინტერაქციის საფუძველი და, ძირითადად, შედეგად მოჰყვება კონფლიქტი, დაპირისპირება, წყენა, გაბრაზება და მსგავსი ნეგატიური შედეგები [Kienpointner, 2008; Locher 2008; Holmes 2008]. აქედან გამომდინარე, ჩნდება შეკითხვა: როგორ ირჩევს ადამიანი გზას სოციუმში თვითდამკვიდრებისთვის, პატივისცემისა და აღიარების მოსაპოვებლად? იგი განსხვავებულ ქცევას მიმართავს სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობისას, ცვლის საუბრის რეგისტრს და საკომუნიკაციო საშუალებას იმის მიხედვით, თუ ვინ არის მისი თანამოსაუბრე და რა სოციალურ გარემოში იმყოფებიან ისინი [Lakoff, 1977; Hudson, 1980].

ადამიანის ქცევა (ვერბალური თუ არავერბალური) მრავალი სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. პიროვნების დამოკიდებულებებისა და ქცევის მოდელების ფორმირების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარემო, რომელშიც თავდაპირველად მოხდა და მუდმივად მიმდინარეობს ადამიანის სოციალიზაცია, ანუ მისი პირადი ცხოვრებისეული გამოცდილება; სოციალური და სტერეოტიპული ცოდნა და აღქმისა და აზროვნების მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური ფორმა; ასევე, ცალკეული ინტერაქციის მონაწილეთა, მათ შორის, საკუთარი თავის, მისეული ხედვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანი ყოველთვის ბოლომდე გააზრებულად და დაგეგმილად არ მოქმედებს. ხშირად მისი ქცევა სპონტანური და ემოციურია და, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მას, რიგ შემთხვევებში, ინსტინქტურობა ახასიათებს. ამგვარ ქცევაში კარგად ვლინდება მოცემული პიროვნების მსოფლმხედველობა. იმისდა მიხედვით, თუ როგორ იქცევა პიროვნება, ინტერაქციის სხვა მონაწილეებს ექმნებათ წარმოდგენა მასზე (მის იდენტობაზე). იგი ცდილობს საკუთარი პოზიციის გამყარებას ცალკეული საკომუნიკაციო საშუალებებისა და ქცევის კონკრეტული სტილის გამოყენებით. ამ პროცესში მას სჭირდება ინტერაქციის სხვა მონაწილეთა მხარდაჭერა, „თანამშრომლობა“, რათა აღიარონ, დაადასტურონ მის მიერ წამოყენებული ლოკალური იდენტობა. სწორედ აქ, სოციალური ინტერაქციის ფარგლებში, იკვეთება თავაზიანობისა და არათავაზიანობის როლი.

თავაზიანობის ფენომენი მრავალმხრივაა შესწავლილი, თუმცა არათავაზიანობის, როგორც დამოუკიდებელი ფენომენის მიმართ ინტერესი მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლო წლებში გამოიკვეთა. იქიდან გამომდინარე, რომ არათავაზიანობის შემთხვევებს ხშირად და მრავლად ვხვდებით სხვადასხვა სახის დისკურსში [Culpeper 2003; Locher 2008], როგორც რეალურ ცხოვრებაში – ყოველდღიურ, პირისპირ ინტერაქციებში, ასევე, სოციალურ ქსელში, მედიასა და მხატვრულ ნაწარმოებებში, არ შეიძლება, აღნიშნული ფენომენი განვიხილოთ, როგორც უბრალოდ თავაზიანობის საპირისპირო ქცევა. მკვლევრები [Eelen, 2001; Garcés-Conejos Blitvich, 2010b] მიიჩნევენ, რომ საჭიროა, აღნიშნული ფენომენის გააზრება და შესწავლა მოხდეს დამოუკიდებლად.

პრაგმატიკის დარგში ფართოდაა აღიარებული პ. ბრაუნისა და ს. ლევინსონის (1987) მიერ შემოთავაზებული ფორმულა, რომელშიც ისინი გამოყოფენ სამ ძირითად ფაქტორს, რომლებიც განაპირობებს, მსმენელის, ანუ ადრესატის სახისთვის რამდენად სერიოზული საფრთხის შემქმნელი შეიძლება იყოს მოსაუბრის მიერ განხორციელებული ცალკეული ქმედება. ეს ფაქტორებია: მოსაუბრის ე.წ. რელატიური, ფარდობითი ძალაუფლება მსმენელთან მიმართებით; მოსაუბრესა და მსმენელს შორის არსებული სოციალური დისტანცია და ე.წ. იმპოზიციის, თავსმოხვეული პოზიციის, ზეგავლენის ხარისხი, ანუ მოსაუბრის მიერ გამოყენებული გამონათქვამით მსმენელზე მომხდარი ზეგავლენის ხარისხი (Perceived degree of imposition involved in the utterance). ავტორები აღნიშნულ ხედვას შემდეგი ფორმულის სახით წარმოგვიდგენენ:

W x = D (S, H) + P (H, S) + R x .

W აღნიშნავს მსმენელის, ანუ ადრესატის, სახის შელახვის საშიშროების პოტენციალს, სახისთვის საფრთხის შემცველი ქცევის სიმძიმეს (Weight of a face-threatening act), D – მოსაუბრეებს შორის არსებულ სოციალურ დისტანციას (Social Distance), S – მოსაუბრეს (Speaker), H – მსმენელს (Hearer), P – ძალაუფლებას (Power difference), ხოლო R – იმპოზიციის ხარისხს (Rank of imposition). შესაბამისად, რაც უფრო დიდია მოსაუბრესა და მსმენელს შორის სოციალური დისტანცია და მოსაუბრის ძალაუფლება მსმენელთან მიმართებით, მით მეტად შეუძლია მოსაუბრეს, თავისი ქმედებით დააზიანოს მსმენელის სახე, ანუ ხელი შეუშალოს მას სასურველი იდენტობის ფორმირებაში.      

რადგან არათავაზიანობა გვხვდება ყველგან, მათ შორის, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შორის ინტერაქციისას, ამ შემთხვევაში საჭირო ხდება, გავითვალისწინოთ სოციალური სიახლოვის/ინტიმურობის ფაქტორი. ზოგადად, რაც უფრო ახლო ურთიერთობაა  ცალკეულ პიროვნებებს შორის ჯანსაღ გარემოში, მით მეტად მნიშვნელოვანია მათთვის თითოეულის მხრიდან ერთმანეთის იდენტობის აღიარება, პატივისცემისა და მზრუნველობის გამოვლენა. შესაბამისად, ერთმანეთის მიმართ არათავაზიანობის გამოხატვამ შეიძლება, მნიშვნელოვნი ზიანი მიაყენოს თითოეულის იდენტობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო ახლო ურთიერთობაა მოსაუბრესა და ადრესატს შორის და მეტია მოსაუბრის ძალაუფლება ადრესატთან მიმართებით, მით მეტად შეუძლია მოსაუბრეს, არათავაზიანობის შესაბამისი საშუალების გამოყენებით, დააზიანოს ადრესატის სახე, ანუ იდენტობა.

ძალაუფლება შეგვიძლია, განვიხილოთ შემდეგი გავრცელებული გაგებით: მოსაუბრე, რომელიც არათავაზიანობის ცალკეული საშუალების გამოყენებით თავს ესხმის ადრესატის ლოკალურ იდენტობას, ამ უკანასკნელს მკვეთრად უზღუდავს საპასუხო ქმედების არეალს და, ამგვარად, მის მიმართ საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებას ახდენს ან სურს, ამ გზით მოიპოვოს ძალაუფლება. მოსაუბრის ძალაუფლებას, ასევე, შეიძლება, განაპირობებდეს მისი ავტორიტეტი ადრესატის გადმოსახედიდან. ახლო სოციალური/ინტიმური ურთიერთობების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ფაქტორია, ასევე, ადრესატის ემოციური დამოკიდებულება მოსაუბრის მიმართ, ანუ რაც უფრო ავტორიტეტული, პატივსაცემი და, ემოციურ დონეზე, მნიშვნელოვანია მოსაუბრე ადრესატისთვის, მით მეტად ეზღუდება მას საპასუხო ქმედების არეალი. მნიშვნელოვანია, რამდენად მოახერხებს იგი საპასუხო ქმედების მოცემულ შეზღუდულ არეალში საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებასა და თავისი იდენტობის დაცვას.

წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილი ხედვა სოციალური სიახლოვის/ინტიმურობის შესახებ შეგვიძლია, გამოვსახოთ პ. ბრაუნისა და ს. ლევინსონის მიერ შემუშავებულ ფორმულაში ცვლილებების შეტანის გზით მინუს ნიშნის   (-) დამატებით:

W x = - D (S, H) + P (H, S) + Rx

სადაც მინუს ნიშნით (-) სოციალური დისტანციის უარყოფითი დამოკიდებულება ვლინდება, ანუ რაც უფრო ნაკლებია მოსაუბრესა და ადრესატს შორის არსებული სოციალური დისტანცია (მეტია სოციალური სიახლოვე), მით უფრო მეტია არათავაზიანი ქცევის საშუალებით ადრესატის სახისთვის, ანუ იდენტობისთვის ზიანის მიყენების პოტენციური წონა. აქვე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ წარმოდგენილმა კვლევამ, კერძოდ, არათავაზიანობისა და იდენტობის ფენომენის შესწავლამ ოჯახის დისკურსის ჟანრში, განაპირობა პ. ბრაუნისა და ს. ლევინსონის ორმულაში ამგვარი ცვლილების შეტანის საჭიროება.

რამდენად პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, წარმოდგენილი ორი ურთიერთსაპირისპირო ხედვა არ გამორიცხავს ერთმანეთს. ცალკეულ სიტუაციებში, მოცემული დისკურსის კონტექსტიდან გამომდინარე, როგორც დიდი სოციალური დისტანცია, ისე ახლო სოციალური ურთიერთობა შეიძლება, იყოს ადრესატის სახის დაზიანების პოტენციური სიმძიმის განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. შესაბამისად, აღნიშნული ორი უკიდურესობის შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოსაუბრის ფარდობით ძალაუფლებას ადრესატთან მიმართებით და იმპოზიციის ხარისხს, ანუ კონტექსტს, არათავაზიანი ქცევის ინტერპრეტაციას ადრესატის მიერ.

წარმოდგენილი კვლევა შეისწავლის არათავაზიანობის ვერბალურ და ინტერპერსონალურ გამოვლინებებს და მის როლს პიროვნების იდენტობის ფორმირების პროცესში ქართული ოჯახის დისკურსის, როგორც ჟანრის, მაგალითზე. როგორც საყოველთაოდ არის აღიარებული, ოჯახის არსებობის ძირითად საფუძველს და, შესაბამისად, აღნიშნული დისკურსული ერთობის ძირითად მიზანს სიყვარული, თანადგომა, ურთიერთპატივისცემა, მორალური თუ ფინანსური მხარდაჭერა წარმოადგენს. ოჯახის წევრთა შორის ყოველდღიური ინტერაქციების შესწავლა კი მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარემო, რომელიც ინტიმურობით ხასიათდება, სადაც მიმდინარეობს პიროვნების იდენტობის ფორმირებაზე მუშაობა და ხდება ადამიანის სოციალიზაცია. ოჯახის წევრთა ყოველდღიური ინტერაქციების ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე შესწავლა საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ ცალკეული პიროვნების მიერ არათავაზიანობის განმეორებითად გამოყენების შემთხვევები და, შესაბამისად, მეტად სიღრმისეულად და არგუმენტირებულად ვისაუბროთ არათავაზიანობისა და იდენტობის ურთიერთკავშირზე. ამგვარი კვლევა ოჯახის დისკურსის მაგალითზე აქამდე არ ჩატარებულა,  რაც საკითხის სიახლეს და აქტუალურობას განსაზღვრავს.

კვლევის ემპირიულ ბაზას წარმოადგენს ოცდამეერთე საუკუნის ქართული მხატვრული სატელევიზიო სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, რომელიც მაღალი რეიტინგით სარგებლობს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მასში აღწერილია მეგობრების ჯგუფი და მათი, ასევე, მათი ოჯახების ყოველდღიური ცხოვრება. სერიებში წარმოდგენილია საინტერესო ცხოვრებისეული საკითხები. „ჩემი ცოლის დაქალები“ ასახავს რეალურ თანამედროვე სოციალურ პრობლემებს და საქართველოში არსებულ სხვა აქტუალურ საკითხებს. ნაშრომში წარმოდგენილი და გაანალიზებულია ინტერაქციები, რომელთა ფარგლებშიც გამოვლინდა არათავაზიანობა, კერძოდ, ცალკეული პიროვნების მიერ არათავაზიანობის განმეორებითად გამოყენების, ანუ არათავაზიანი იდენტობის შემთხვევები. შესწავლილი 15 სეზონის (სეზონი 1 სეზონი 15) ფარგლებში კონკრეტული გმირის მიერ არათავაზიანობის გამოყენების გამოვლენილი მრავალი შემთხვევიდან წინამდებარე სტატიაში მოყვანილია ორი მაგალითი. აღნიშნული ზეპირი ინტერაქციები ჩაიწერა ტრანსკრიპტის სახით. მათი დეტალური შესწავლისთვის გამოყენებულია თვისებრივი, დისკურსის ანალიზის მეთოდი, რადგან როგორც იდენტობის, ისე (არა)თავაზიანობის ფორმირება ხდება დისკურსის/ინტერაქციის ფარგლებში [Joseph, 2004].

ნაშრომის თეორიული ბაზა ეფუძნება: 1. იდენტობის ფენომენის სოციალურ-კონსტრუქტივისტულ ხედვას [Anton… 2003; Joseph, 2004; Bucholtz… 2005; De Fina…  2006], რომლის თანახმად, პიროვნების იდენტობა არ არის ერთი, თანდაყოლილი, უცვლელი მოცემულობა, იგი მრავალი სხვადასხვა ლოკალური, ანუ კონკრეტული კონტექსტით განპირობებული იდენტობის კომბინაციას წარმოადგენს. მისი ფორმირება, შენარჩუნება, შეცვლა ხდება მუდმივად, ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე, და ამ პროცესში ჩართული არიან როგორც თავად პიროვნება, ისე ის ადამიანები, რომლებთანაც მას ცხოვრების მანძილზე აქვს ურთიერთობა; და 2. (არა)თავაზიანობის ფენომენის კვლევის ჟანრობრივ, იმავე დისკურსულ, პოსტმოდერნულ მოდელს [Garcés-Conejos Blitvich, 2010a]. ეს უკანასკნელი დაფუძნებულია ჟანრის ცნების ჯ. სუელსის და ნ. ფერკლოუსიერ გაკეთებულ განმარტებებზე.

ჯ. სუელსის თანახმად, ჟანრის ცნება აერთიანებს იმ საკომუნიკაციო აქტებს,[1] რომელთა მონაწილეებსაც  კომუნიკაციის საერთო მიზანი აქვთ. ეს მიზანი ცნობილია მოცემული დისკურსული ერთობის მონაწილეთათვის, არის ჟანრის არსებობის საფუძველი და, ასევე, გავლენას ახდენს დისკურსის სტრუქტურაზე, ამასთანავე, აწესებს შეზღუდვებს შინაარსისა და სტილის კუთხით... [Swales, 1990]. ნ. ფერკლოუს განმარტებით კი, ადამიანები ამყარებენ კომუნიკაციას კონკრეტული დისკურსის ფარგლებში, რომლისთვისაც ყოველთვის დამახასიათებელია გამოხატვისა და ინტერაქციის ცალკეული ფორმების გამოყენება, ანუ  აღნიშნული დისკურსები ყოველთვის რეგულირდება ჟანრებით და ადამიანები თვითგამოხატვისთვის იყენებენ სხვადასხვა სტილს. აღნიშნული ცნება ეხება ენისა და არავერბალური კომუნიკაციის როლს ცალკეული სოციალური თუ ინდივიდუალური იდენტობების ფორმირების პროცესშინებისმიერი ადამიანის სტილი, ამ შემთხვევაში, გულისხმობს ენის, როგორც თვითიდენტიფიკაციის საშუალების, მისეულ გამოყენებას [Fairclough, 2003].

ჟანრობრივი მიდგომის ფარგლებში, პ. ბლიტვიჩი არათავაზიანობას შემდეგნაირად განმარტავს: ლექსიკურ-გრამატიკული საშუალებებისა თუ ინტონაციური მოდელების გამოყენება, რომლებიც არ არის ასოცირებული ცალკეულ (წინარე) ჟანრთან (არ არის მისთვის დამახასიათებელი), და/ან არის (წინარე) ჟანრობრივი თუ ინტერაქციული ნორმების უგულებელყოფა, რომლებიც არეგულირებენ ცალკეულ ინდივიდუალურ თუ სოციალურ იდენტობასთან ასოცირებულ უფლებებსა და მოვალეობებს. სხვა სიტყვებით, არათავაზიანია ქცევა, რომელიც შეიძლება, შეფასდეს, როგორც სახისთვის საფრთხის შემქმნელი“. ასევე, ცალკეული ქცევა შეიძლება, შეფასდეს, როგორც არათავაზიანი, როდესაც: შეუსაბამობაა ინტერაქციის სოციალურ, ჟანრობრივ ნორმებსა და მონაწილეთა პირად ემპირიულ გამოცდილებასა თუ მოლოდინებს შორის; სახისთვის/იდენტობისთვის საფრთხის შემქმნელი ქცევა სცდება ჟანრის ფარგლებში დაწესებულ საზღვრებს, რომლებიც არეგულირებს, თუ რა სახის ქცევა არის მისაღები მოვლენათა ნორმალური განვითარებისთვის“ [Garcés-Conejos Blitvich, 2010a: 63]. ავტორის განმარტებით, ჟანრობრივი შეზღუდვები ყოველთვის წესდება ინტერაქციის მონაწილეთა ერთობლივი ჩართულობით და შეთანხმებით სტილის დონეზე.

მონაცემთა ანალიზისთვის გამოყენებულია შერეული მოდელი, რომელიც აერთიანებს დაღმავალ, თეორიაზე დამყარებულ პროგნოზული ხასიათის ხედვას, რომლის საფუძველზეც მკვლევარს შეუძლია, გააკეთოს (არა)თავაზიანობის შეფასებები, ანუ ესა თუ ის ლინგვისტური გამოხატულება, პრაქსისი შეაფასოს, როგორც (არა)თავაზიანი და აღმავალი, დისკურსული მიდგომა, რომლის მიხედვითაც, (არა)თავაზიანობის ფორმირება, ანუ (არა)თავაზიანი ქცევის განხორციელება და ინტერპრეტაცია ხდება ინტერაქციისას და, შესაბამისად, მკვლევარს აქვს საშუალება, გამოავლინოს პრაქტიკაში არსებული (არა)თავაზიანობის შემთხვევევბი ცალკეულ ინტერაქციებზე დაკვირვების გზით, მოცემული ინტერაქციის მონაწილეთა მიერ გაკეთებულ შეფასებებზე, მათს ინტერპრეტაციაზე დაყრდნობით.           

განვიხილოთ კონკრეტული ინტერაქციები.[2]

       

(1)  მაგალითი

მონაწილეები: ქეთი (ქ.) და ზაზა (ზ.) ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. წარმოდგენილი სცენა მიმდინარეობს სამზარეულოში ზაზა ჭამს, ქეთი კერძებს აწყობს მაგიდაზე.    

 

1

ქ.

ნინო კეშელაძემ დამირეკა. (2.0)

 

2

ზ.

რაო, (.) როგორ ვარო? (.)

ქ. მაგიდასთან

3

ქ.

იცინოდა. (.)

ჯდება.

4

ქ.

(ღიმილით) ზაზას სახლში საჭმელს

 

5

ქ.

აღარ უმზადებო? (?)

 

6

ზ.

რა პონტშიო? (.)

ზ. ქ.-ს

7

ქ.

რესტორანში დავინახე,

უყურებს

8

ქ.

საჭმელები გაჰქონდა და მანქანაში დებდაო. (.)

უკმაყოფილოდ.

9

ქ.

გამიკვირდაო და, რა ვიცი, მერე ვიფიქრე

 

10

ქ.

ალბათ, ქეთი სახლში საჭმელს აღარ ამზადებს

 

11

ქ.

და რესტორნიდან მიაქვთო. (2.0)

ქ. ზ.-ს

12

ზ.

რა იყო? (.) ჭორიკანა შენმა ბიძაშვილმა

უყურებს

13

ზ.

პირველად დამინახა რესტორანში? (?)

ეჭვით.

14

ქ.

ხოდა, პირველად რო არ დაგინახა და

 

15

ქ.

იქ რო არ იჯექი და არ ქეიფობდი

 

16

ქ.

და ამ საჭმელებს სადღაც მიათრევდი,

 

17

ქ.

აი, ეს დაინახა რა. (?)

 

18

ქ.

სამჯერ დავუძახე და ვერ გავაგონე,

 

19

ქ.

ან არ შემიმჩნიაო. (.)

ზ. აგრძელებს

20

ზ.

ვაფშე არ დამინახავს და არაფერი არ გამიგია. (.)

ჭამას.

21

ზ.

რა არ შეიმჩნიაო, რეებს ბოდავს? (2.0)

ქ. ზაზას

22

ზ.

და, ვაფშე, რა არი მაგაში მოსაყოლი? (2.0)

უყურებს

23

ზ.

რას მიყურებ? (.)

გაკვირვებული.

24

ქ.

რად გინდოდა საჭმელი? (.)

 

25

ზ.

საჭმელი რად უნდათ ხოლმე, ქეთი? (.)

 

26

ქ.

რა ვიცი, იქ ვერ შეჭამდი? (?)

 

27

ზ.

მანქანა გამიფუჭდა და მივდიოდი სახელოსნოში (.)

 

28

ზ.

და ბიჭებსაც წავუღე. (2.0)

 

29

ზ.

რა არი ამაში ისეთი? (.)

ქ. ღრმად

30

ქ.

(უკმაყოფილოდ) კაი, არაფერი. (2.0)

ამოისუნთქავს.

31

ზ.

და შენ რა გგონია, რო რა? (.)

 

32

ქ.

რო რა და ვიღაც ქალთან ახვედი, (.)

 

33

ქ.

აიტანე ეს საჭმელი (.) და

ზ. ჩანგალს

34

ქ.

მოიწყვეთ იქ რომანტიული ვახშამი სახლში. (.)

აგდებს

35

ზ.

აი, მეზიზღება ეს კატოს ბაზრები რაა! (?)

გაბრაზებული.

36

ქ.

აა, (.) კატოს ბაზრები, (.) თინას აზრები... (.)

 

37

ქ.

შენ რა გგონია, რო

 

38

ქ.

მე საკუთარი აზრი არ გამაჩნია, ხო?! (?)

 

39

ზ.

ხოდა, მით უმეტეს, თუ

 

40

ზ.

შენთვითონ მოიფიქრე აი ეგ სირობა! (.)

 

41

ქ.

რა გაყვირებს?! (.) რა იყო, ვიკითხე, (.)

 

42

ქ.

არ შეიძლება?! (?)

 

43

ქ.

ნინო კეშელაძემ რომ დამირეკა, ეგ გამიკვირდა. (.)

 

44

ზ.

ხოდა, კიდე რო დაგირეკავს ნინო კეშელაძე,

 

45

ზ.

უთხარი, იდი ნა ხუი-თქო, (.)

 

46

ზ.

ჩემმა ქმარმა შემოგითვალაო.

ზ. დგება და გადის. ქ. ოთახში რჩება, ჩაფიქრებული.

  

 წარმოდგენილ მაგალითში ვხედავთ, რომ ქეთი ეჭვიანობს ზაზაზე იმის გამო, რაც თავისმა ბიძაშვილმა უთხრა (ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ურთიერთობის მანძილზე ზაზას არაერთხელ მიუცია ქეთისთვის ეჭვიანობის საფუძველი), რაზეც ზაზა აგრესიას გამოხატავს ქეთის ბიძაშვილის მიმართ და მას ჭორიკანას უწოდებს – გამოკვეთილ მახვილს აკეთებს აღნიშნულ სიტყვაზე:  რა იყო? (.) ჭორიკანა შენმა ბიძაშვილმა პირველად დამინახა რესტორანში? (?)“ (ხაზი 12-13). ამას მოჰყვება აგრესია ქეთის მხრიდან, კერძოდ, იგი არათავაზიან  ფორმულირებას მიმართავს: „ხოდა, პირველად რო არ დაგინახა და იქ რო არ იჯექი და არ ქეიფობდი და ამ საჭმელებს სადღაც მიათრევდი, აი, ეს დაინახა რა. (?) სამჯერ დავუძახე და ვერ გავაგონე, ან არ შემიმჩნიაო. (.)“ (ხაზი 14-19). აღსანიშნავია მახვილი სიტყვაზე – მიათრევდი. ზაზა კვლავ უხეშად გამოხატავს სათქმელს: „ვაფშე არ დამინახავს და არაფერი არ გამიგია. (.) რა არ შეიმჩნიაო, რეებს ბოდავს? (2.0)“ (ხაზი 20-21). ქეთის სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ იგი უნდობლობითაა განწყობილი ზაზას მიმართ, მაგრამ ამჯობინებს, კამათს თავი აარიდოს. კერძოდ, ზაზას კითხვაზე და ვაფშე რა არი მაგაში მოსაყოლი? (2.0)“ (ხაზი 22) – იგი პასუხობს: „კაი, არაფერი. (.)“ (ხაზი 30). თუმცა, როცა ზაზა ეკითხება – „და შენ რა გგონია, რო რა? (.)“ (ხაზი 31) ­– ქეთი თავს ვერ იკავებს და, გაღიზიანებული, ხმამაღლა ეუბნება თავის ვერსიას: „რო რა და ვიღაც ქალთან ახვედი, (.) აიტანე ეს საჭმელი (.) და მოიწყვეთ იქ რომანტიული ვახშამი სახლში.“ (ხაზი 32-34). ზაზა საპასუხოდ ისევ აგრესიას ავლენს, ჩანგალს ხმაურიანად აგდებს და ყვირილით პასუხობს: „აი, მეზიზღება ეს კატოს ბაზრები რაა! (?)“ (ხაზი 35). აღსანიშნავია გამოკვეთილი აქცენტი კატო-ზე (კატოს ბაზრები). ამით იგი ხაზს უსვამს, რომ ქეთის საკუთარი აზრი არ გააჩნია და თავისი ბიძაშვილის თუ მეგობრების აზრებს ახმოვანებს. ქეთი ცდილობს, საკუთარი პოზიცია დაიცვას და კვლავ ჩხუბით, ხმამაღლა პასუხობს: „შენ რა გგონია, რო მე საკუთარი აზრი არ გამაჩნია, ხო?! (?)“ (ხაზი 37-38). ამ შემთხვევაში ზაზა მეტად შეურაცხყოფს და ამცირებს ქეთის აზრს, იყენებს აგრესიულ, არათავაზიან სკაბრეზს ქეთის ნააზრევთან დაკავშირებით და ხმას უწევს: „ხოდა, მით უმეტეს, თუ შენ თვითონ მოიფიქრე აი ეგ სირობა!“ (ხაზი 39-40) (აქცენტი სიტყვაზე – სირობა). ქეთი ისევ ცდილობს სიტუაციის განმუხტვას, თუმცა მისი ხმა კვლავ მაღალია: „რა გაყვირებს?! (.) რა იყო, ვიკითხე, (.) არ შეიძლება?! (?) ნინო კეშელაძემ რომ დამირეკა, ეგ გამიკვირდა. (.)“ (ხაზი 41-43). ზაზა აგრესიითა და ყვირილით ამთავრებს საუბარს, კვლავ იყენებს შეურაცხმყოფელ სიტყვებს ქეთის ბიძაშვილის მისამართით: „ხოდა, კიდე რო დაგირეკავს ნინო კეშელაძე, უთხარი, იდი ნახუი-თქო, (.) ჩემმა ქმარმა შემოგითვალაო.(ხაზი 44-46). აღსანიშნავია გამოკვეთილი აქცენტი სკაბრეზზე – იდი ნა ხუი-თქო (.). ზაზა ოთახიდან გადის, ქეთი კი რჩება –  შეწუხებული და ჩაფიქრებული.

განხილულ მაგალითში ვხედავთ, რომ ქეთი გულწრფელად და ემოციურად, ხმამაღლა გამოხატავს თავის აზრს, კერძოდ, მას ეჭვი აქვს, რომ ზაზა ღალატობს, რაზეც საპასუხოდ მხოლოდ აგრესიას, შეურაცხმყოფელ სიტყვებსა და თავდასხმას ხვდება თავისი იდენტობის მიმართ. კერძოდ, ზაზა ქეთის გრძნობებს და ემოციებს არ ითვალისწინებს, ყვირილით პასუხობს, იყენებს უხეშ სკაბრეზს, ჟესტიკულაციას, სახის აგრესიულ გამომეტყველებას და, ასევე, ცდილობს, ქეთის აზრების დისკრედიტაციას – ეჭვქვეშ აყენებს მათს ღირებულებასა და ნამდვილობას, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი არა ქეთის, არამედ მისი ჭორიკანა ბიძაშვილის და მეგობარი კატოს მოსაზრებებია. ზაზა ამგვარად ცდილობს, თავი დაიძვრინოს შექმნილი სიტუაციიდან. აღნიშნული არათავაზიანი ქცევა კი, ცხადია, საფრთხის შემცველია ადრესატის, ქეთის, იდენტობისთვის. თავიდან, ქეთი საკუთარი იდენტობის დაცვას თამამად, ხმის აწევით ცდილობს: „შენ რა გგონია, რო მე საკუთარი აზრი არ გამაჩნია, ხო?! (?)“ (ხაზი 37-38), თუმცა შემდეგ, ზაზას საპასუხო აგრესიის ფონზე, დაძაბულობის განმუხტვას ამჯობინებს. ზაზა საუბარს მაინც გინებით ასრულებს და ოთახიდან გადის, ქეთი კი რჩება –  შეწუხებული და ჩაფიქრებული. ამგვარად, მისი თავდაცვის მცდელობა უშედეგოა. ზაზა მას უჭკუო, სულელი ადამიანის იმიჯს უქმნის, რომელსაც საკუთარი დასკვნის გაკეთება არ შეუძლია და მხოლოდ სხვების – ამ შემთხვევაში ბიძაშვილის და დაქალის – აზრებს ახმოვანებს.

მოყვანილ მაგალითში ზაზა არათავაზიანობის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით, უხეში ქმრის იმიჯის საშუალებით, ახერხებს შექმნილი სიტუაციიდან თავის დაძვრენას. იგი საუბრისას აქტიურად იყენებს ისეთ ვერბალურ და არავერბალურ საშუალებებს, როგორებიცაა: უხეში სკაბრეზი, შეურაცხმყოფელი, აგრესიული ლექსიკა, სახის აგრესიული გამომეტყველება, ჟესტიკულაცია, ხმამაღალი საუბარი, სხვისი, ამ შემთხვევაში, ქეთის იდენტობის არაღიარება, მასზე თავდასხმა. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზაზა არათავაზიანობის საშუალებების გამოყენებით ცდილობს ქეთისთან მიმართებით ფარდობითი ძალაუფლების მოპოვებასა და დემონსტრირებას, უხეში ქმრის იდენტობის შექმნასა და შენარჩუნებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პროცესში იგი საფრთხეს უქმნის ქეთის სახეს, ანუ იდენტობას, არ ითვალისწინებს მის მოსაზრებებსა და ემოციებს, პირიქით, შეურაცხყოფს და ამცირებს მას. 

(2)  მაგალითი

მონაწილეები: ქეთი (ქ.) და ზაზა (ზ.). წარმოდგენილ სცენაში წყვილი არის საძინებელში – ზაზა წევს, ტელეფონში ვიდეოს უყურებს, ქეთი ზის, სარკეში იყურება. ზაზა ადგომას დააპირებს...  

 

ქ.

1

რას აკეთებ? (.)

 

ზ.

2

მოვწევ და დავწვები. (.)

 

ქ.

3

(აღელვებული) რას მოწევ? (.)

 

ქ.

4

ექიმმა რა გითხრა, არ გახსოვს? (?)

 

ქ.

5

დაწექი, რა! (2.0)

 

ზ.

6

კაი, გოგო, რაც მე ბავშვობაში თავი მაქ ნარტყამი,

 

ზ.

7

მაიცა რა! (.)

 

ქ.

8

დღეს და ხვალ რო იწვე, რა მოგივა? (.)

 

ქ.

9

და დაწექი, გთხოვ, (.) მიდი! (2.0)

ზ. წვება და

ქ.

10

ნინამ დამირეკა, (2.0)

ტელეფონში

ქ.

11

დათო და ბიჭები წავიდნენ

ვიდეოს

ქ.

12

იმ გოგოს დასაცავადო. (2.0)

უყურებს.

ზ.

13

ჰოო, ვიცი. (.)

 

ქ.

14

მერე იმ გოგოს ბიჭების დაცვა კი არ უნდა, (.)

ზ. ქ.-ს

ქ.

15

შენ რო იცავდე, ის უნდა. (2.0)

უყურებს

ზ.

16

დაიწყე ისევ, ხო?! (?) (2.0)     

წარბაწეული.

ზ.

17

შენ რა გგონია, რო

 

ზ.

18

ის გოგო იგონებს, რო ვიღაცა მანიაკი გადაეკიდა? (?) (.)

 

ქ.

19

არაფერსაც არ იგონებს.

 

ქ.

20

უბრალოდ, უნდა, რო შენ იცავდე. (2.0)

 

ზ.

21

(სარკასტულად) ოოო! (.)

ქ.

ზ.

22

ეს კატო კირვალიძის ანალიზი იქნება! (.)

გაბრაზებული

ქ.

23

რა სულ სხვის ანალიზებს მიმაწერ? (.)

ხურავს

ქ.

24

არ შეიძლება, მეც მქონდეს საკუთარი აზრი? (?)

სარკეს.

ზ.

25

ნუ, ფაქტია, რო შენ ეჭვიანი არ იყავი (.)

 

ზ.

26

და ახლა ეჭვიანობ ვიღაც საწყალ გოგოზე,

 

ზ.

27

რომელსაც მანქანით დავეჯახე.

 

ზ.

28

და დიახაც, ვალში ვიქნები მთელი ცხოვრება,

 

ზ.

29

ეს დედამოტყნული (.)

 

ზ.

30

ძნელი გასაგებია? (?)

 

ქ.

31

რას ჰქვია, ვალში იქნები, გამაგებინე. (.)

 

ქ.

32

რო გითხრას,

 

ქ.

33

ჩემთან გადმოდი საცხოვრებლადო,

 

ქ.

34

რა უნდა მითხრა,

 

ქ.

35

რო ვალში ვარ და უნდა წავიდეო? (?) (2.0)

 

ზ.

36

სიგარეტის მოწევა არ შეიძლება და

 

ზ.

37

ტვინის ტყვნა შეიძლება, ხო?! (?)

 

ქ.

38

ნუ ღრიალებ რა ამ შუაღამეს! (.)

 

ზ.

39

ხოდა, ნუ მაღრიალებ რაა! (?) ე! (.)

 

ქ.

40

(გაუბედავად) ხოდა, მეც დავეხმარები

 

ქ.

41

ვინმე კაცს გაჭირვებაში. (2.0)

ზ. ტელეფონს

ზ.

42

შენ ჭკვიანად იყავი, გოგო! (2.0)

დააგდებს და

ქ.

43

დაწექი, სად მიდიხარ?

ადგომას

ქ.

44

დაწექი, რა, (?)

დააპირებს.

ქ.

45

დაწექი, არ შეიძლება ადგომა! (2.0)

ქ. წვება.

ქ.

46

(უკმაყოფილოდ) სსსს!

ზ. წვება.

ზ.

47

აუ, იმენა აზრზე არა ხარ ცხოვრების. (.)

 

ზ.

48

არც იცი, ვისზე უნდა იეჭვიანო, რაა! (?)

ზ.

ქ.

49

(გაღიზიანებული) ძალიან კარგად ვარ აზრზე, რაა! (?)

გადატრიალდა

ზ.

50

იდი ნა ხუი რა! (?) (2.0)

და ფეხბურთს

ქ.

51

(გაკვირვებული, ნაწყენი, ზიზღნარევი მზერით) სს!

უყურებს

ტელეფონში.

   

სიცხადისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ ინტერაქციამდე გარკვეული პერიოდით ადრე ზაზა მანქანით დაეჯახა უცნობ გოგოს, რომელსაც აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, ქეთისგან ფარულად, დაუმეგობრდა. როცა გოგომ მას დახმარება სთხოვა მანიაკის თავიდან მოსაშორებლად, ზაზა დასთანხმდა. შედეგად, მანიაკმა ზაზას თავში აგური ჩაარტყა, რის გამოც, ექიმის რეკომენდაციით, რამდენიმე დღე უნდა იწვეს.

მოცემულ მაგალითში ჩანს, რომ ქეთი ზრუნავს ზაზას ჯანმრთელობაზე. კერძოდ, სთხოვს, რომ ექიმის რჩევა გაითვალისწინოს და იწვეს. თუმცა აშკარაა, რომ ეჭვიანობს არსებული სიტუაციის გამო: „იმ გოგოს ბიჭების დაცვა კი არ უნდა, (.) შენ რო იცავდე, ის უნდა. (2.0)“ (ხაზი 14-15), ხოლო ზაზას პასუხში იკვეთება არასერიოზული დამოკიდებულება, უპატივცემულობა, რომ მისთვის მოსაბეზრებელია ქეთის ეჭვიანობა და არ ითვალისწინებს მის გრძნობებს: „დაიწყე ისევ, ხო?! (?) (2.0)“ (ხაზი 16). როცა ქეთი კვლავ იმეორებს – „არაფერსაც არ იგონებს. (.) უბრალოდ, უნდა, რო შენ იცავდე. (2.0)“ (ხაზი 19-20) – ზაზა ირონიით პასუხობს: „ოოო! (.) ეს კატო კირვალიძის ანალიზი იქნება! (.)“ (ხაზი 21-22). ამით იგი თავს ესხმის ქეთის იდენტობას, დამცინავად, ირონიული ტონით და სახის გამომეტყველებით საუბრობს და ქეთის მსჯელობისა და ანალიზის უნარს ეჭვქვეშ აყენებს. საყურადღებოა, რომ ქეთის ეჭვიანობის მიზეზს ზაზა საკუთარ ქცევაში ან მოცემულ სიტუაციაში კი არა, ქეთის მეგობრის, კატო კირვალიძის, ანალიზში წარმოაჩენს, რასაც, მისივე თქმით, ქეთი იჯერებს და იმეორებს, რადგან საკუთარი დასკვნის გაკეთების უნარი არ გააჩნია. ზაზას აღნიშნულ პასუხს, შედეგად, ქეთის გაღიზიანება მოჰყვება. იგი ხმას უწევს და თავისი იდენტობის დაცვას ცდილობს: „რა სულ სხვის ანალიზებს მიმაწერ? (.) არ შეიძლება, მეც მქონდეს საკუთარი აზრი? (?)“ (ხაზი 23-24). აღსანიშნავია გამოკვეთილი აქცენტი სიტყვაზე მეც. ზაზა მშვიდად პასუხობს: „ნუ, ფაქტია, რო შენ ეჭვიანი არ იყავი (.) და ახლა ეჭვიანობ ვიღაც საწყალ გოგოზე, რომელსაც მანქანით დავეჯახე.“ (ხაზი 25-27). შემდეგ ზაზას ემოცია სძლევს და ხმას უწევს, იყენებს აგრესიულ სლენგს: „და დიახაც, ვალში ვიქნები მთელი ცხოვრება, ეს დედამოტყნული. (.) ძნელი გასაგებია? (?)“ (ხაზი 28-30). აღსანიშნავია აქცენტი სიტყვებზე ვალში, მთელი ცხოვრება. ქეთისთვის კი ეს, აშკარად, ძნელი გასაგებია. ისიც ყვირილით პასუხობს: „რას ჰქვია, ვალში იქნები, გამაგებინე. (.) რო გითხრას, ჩემთან გადმოდი საცხოვრებლადო, რა უნდა მითხრა, რო ვალში ვარ და უნდა წავიდეო? (?) (2.0)“ (ხაზი 31-35). ზაზა კვლავ ხმამაღლა, არასერიოზულად, თითქმის ხუმრობით პასუხობს- „სიგარეტის მოწევა არ შეიძლება და ტვინის ტყვნა შეიძლება, ხო?! (?)“ (ხაზი 36-37). მნიშვნელოვანია აქცენტი არათავაზიან, შეურაცხმყოფელ  ფორმულირებაზე – ტვინის ტყვნა, რასაც იგი ქეთის ეჭვიანობასთან და მოცემულ საუბართან დაკავშირებით იყენებს. ინტერაქციის ბოლოს ზაზა კვლავ ეჭვქვეშ აყენებს ქეთის აზრების ვალიდურობას და სერიოზულობას: „აუ, იმენა აზრზე არა ხარ ცხოვრების. (.) არც იცი, ვისზე უნდა იეჭვიანო, რაა! (?)“ (ხაზი 47-48). საყურადღებოა აქცენტი ფრაზაზე – აზრზე არა ხარ რაც, ცხადია, რომ ქეთის ვერ ამშვიდებს. იგი გაღიზიანებული პასუხობს: „ძალიან კარგად ვარ აზრზე, რაა! (?)“ (ხაზი 49). პასუხად კი კვლავ უპატივცემულო, შეურაცხმყოფელ სკაბრეზს იღებს – „იდი ნა ხუი, რა! (?) (2.0)“ (ხაზი 50). ამის პარალელურად ზაზა გადატრიალდება და ტელეფონში ფეხბურთის ყურებას იწყებს. აღნიშნული ქცევით ზაზა ცხადად გამოხატავს, თუ რამდენად უმნიშვნელო და უინტერესოა მისთვის ქეთისთან საუბარი და მისი გრძნობები თუ ემოციები. ქეთის სახის გამომეტყველებაში კი გაკვირვება, წყენა, ზიზღი იგრძნობა.

წარმოდგენილ მაგალითში ჩანს, რომ ზაზა არ ითვალისწინებს ქეთის გრძნობებსა და ემოციებს, მის ეჭვიანობას აგრესიით პასუხობს, ხმას უწევს, იყენებს უხეშ სკაბრეზს, შეურაცხმყოფელ ლექსიკას. იგი, ასევე, არ აღიარებს ქეთის, როგორც მოაზროვნე ადამიანის იდენტობას და ცდილობს, მას სულელი ადამიანის იმიჯი შეუქმნას, ეჭვქვეშ აყენებს მისი აზრების ღირებულებასა და ნამდვილობას. ზაზა (1-ლი მაგალითის მსგავსად) თავდაცვისთვის კონტრთავდასხმის მეთოდს მიმართავს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ზაზას არაერთხელ მიუცია ქეთისთვის ეჭვიანობის საფუძველი, ხოლო წარმოდგენილ მაგალითში, როცა, მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, ქეთი, აშკარად, ეჭვიანობს, ზაზა მას მისი დაქალის, კატოს, აზრების დაჯერებასა და კოპირებაში, უსაფუძვლო ეჭვიანობაში ადანაშაულებს და, შესაბამისად, ირიბად აყალიბებს თავის სათქმელს, რომ ქეთის საკუთარი აზრი არ გააჩნია და მისი პოზიციები, ძირითადად, სხვათა, ამ შემთხვევაში დაქალების აზრების გახმოვანებას წარმოადგენს. მეტიც, ზაზა ცდილობს, ქეთი დააჯეროს, რომ იგი ცხოვრების „აზრზე არაა“, რომ მისი ეჭვიანობა სრულიად უსაფუძვლოა და სერიოზულ განხილვას არ იმსახურებს. ამგვარად, ზაზას მიზანია, ქეთიმ საკუთარი ხედვებისა ღირებულება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, ბრმად ენდოს და დაუჯეროს ზაზას პოზიციას. ეს ყოველივე კი საფრთხის შემცველია ქეთის იდენტობისთვის, უფრო კონკრეტულად, ხელს უშლის მას, სასურველი იდენტობის ფორმირებაში. მეუღლის აღნიშნულ მცდელობაზე ქეთის უარყოფითი რეაქცია აქვს, იგი ზაზას მიერ მიწერილი სულელი ადამიანის იდენტობას უარყოფს, ხმას უწევს და საპასუხო აგრესიას ავლენს მის მიმართ. საბოლოოდ, ყოველგვარი განხილვის თავიდან ასარიდებლად, ზაზა მარტივ გამოსავალს პოულობს და საუბარს უხეში, შეურაცხმყოფელი სკაბრეზის გამოყენებით, გინებით ასრულებს, გადატრიალდება და ფეხბურთის ყურებას იწყებს. ამგვარი ქცევით იგი კიდევ ერთხელ, ცხადად გამოხატავს, თუ რამდენად უმნიშვნელოა მისთვის ქეთი, მისი აზრები, გრძნობები, ემოციები. შედეგად, ქეთის სახის გამომეტყველებაში გაკვირვება, წყენა, ზიზღი ვლინდება.

მოყვანილ მაგალითებში ზაზას ქცევა, ქეთის საპასუხო რეაქციებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, შევაფასოთ, როგორც არათავაზიანი, რადგან იგი იყენებს ლექსიკურ-გრამატიკულ საშუალებებსა და ინტონაციურ მოდელს, რომლებიც არ არის ასოცირებული ოჯახის დისკურსის ჟანრთან და უგულებელყოფაა ჟანრობრივი ნორმებისა, რომლებიც არეგულირებენ ცალკეულ ინდივიდუალურ თუ სოციალურ იდენტობასთან ასოცირებულ უფლებებსა და მოვალეობებს. სხვა სიტყვებით, ზაზას ქცევა შეიძლება, შეფასდეს, როგორც ქეთის სახისთვის საფრთხის შემქმნელი. ასევე, შეუსაბამობაა ინტერაქციის სოციალურ, ჟანრობრივ ნორმებსა და მონაწილეთა პირად ემპირიულ გამოცდილებასა თუ მოლოდინებს შორის; სახისთვის საფრთხის შემქმნელი ქცევა სცდება ჟანრის ფარგლებში დაწესებულ საზღვრებს, რომლებიც არეგულირებს, თუ რა სახის ქცევა არის მისაღები მოვლენათა ნორმალური განვითარებისთვის [იხ. Garcés-Conejos Blitvich, 2010a].

განხილულ მაგალითებში იკვეთება ზაზას ქცევის სტილი. კერძოდ, იგი სათქმელის ფორმულირებისთვის განმეორებითად იყენებს არათავაზიან, უხეშ, აგრესიულ, შეურაცხმყოფელ სიტყვებსა და ფრაზებს, სკაბრეზს, ჟესტიკულაციას, სახის აგრესიულ გამომეტყველებას, ხმას უწევს, რითაც იქმნის საკუთარ იდენტობას, როგორც უხეში ქმარი და, ასევე, ამგვარი ქცევით ცდილობს მეუღლესთან მიმართებით ფარდობითი ძალაუფლების მოპოვებასა და დემონსტრიებას. ქეთის გრძნობები და ემოციები კი მისთვის უმნიშვნელოა. ზაზა თავს ესხმის მეუღლის იდენტობას მისი აზრების დისკრედიტაციის, მათი ნამდვილობისა და ღირებულების ეჭვქვეშ დაყენების გზით. იგი, ასევე, ცდილობს, ქეთის სულელი ადამიანის იმიჯი შეუქმნას. ამგვარი ქცევით ზაზა მკვეთრად არღვევს ოჯახის დისკურსის ჟანრის საზღვრებს, რასაც ქეთის რეაქცია – საპასუხო აგრესია, წყენა, გაღიზიანება – ადასტურებს.

 

[1]საკომუნიკაციო პროცესი, სიტუაცია, რომლის დროსაც ხდება ინფორმაციის გაცვლა

[2]სტატიის ბოლოს იხ. დანართი –  პირობითი აღნიშვნები.

ლიტერატურა


„ჩემი ცოლის დაქალები“, სეზონი 12, სერია 10 (24:25): https://www.youtube.com/watch?v=Bx0dgSvmcmM&t=1465s

„ჩემი ცოლის დაქალები“, სეზონი 12, სერია 67 (05:33): https://www.youtube.com/watch?v=QQ5sb-MpZyE&t=1098s
Anton C., Peterson V.
2003
Who said what: Subject positions, rhetorical strategies and good faith. Communication Studies 54(4).
Brown P., Levinson S.
1978, 1987
Politeness. Some universals in language usage, Cambridge University Press.
Brown P.
2015
Politeness and language. Max Planck Institute of Psycholinguistics,Nijmegen, the Netherlands.
Bucholtz M., Hall K.
2005
Identity and interaction: a socio-cultural linguistic approach. Discourse Studies 7(4/5).
Culpeper J., Bousfield D., Wichmann A.
2003
Impoliteness revisited: with special reference to dynamic and prosodic aspects. Journal of Pragmatics 35.
De Fina A., Schiffrin D., Bamberg M. (eds.)
2006
Discourse and identity. Cambridge: Cambridge University Press.
Eelen G.
2001
A critique of politeness theories. Manchester: St. Jerome Publishing.
Fairclough N.
2003
Analysing discourse: Textual analysis for social research. London: Routledge
Garcés-Conejos Blitvich P.
2010a
A genre approach to the study of im- politeness. International Review of Pragmatics 2.
Garcés-Conejos Blitvich P.
2010b
Introduction: The status-quo and quo vadis of impoliteness research.Intercultural Pragmatics (2010), 535–559. DOI 10.1515/IPRG.2010.025
Haugh M.
2007
The discursive challenge to politeness research: an interactional alternative. Journal of Politeness Research.
Haugh M.
2009
Face and interaction. In F. Bargiela-Chiappini and M. Haugh (eds.) Face, Communication and Social Interaction. London: Equinox.
Holmes J., Marra M., Schnurr, S.
2008
Impoliteness and ethnicity: Maori and Pakeha discourses in New Zealand workplaces. Journal of Politeness Research 4(2).
Hudson R.
1980
"Sociolinguistics", Cambridge University Press, Cambridge.
Ide S.
1989
“Formal forms and discernment: Two neglected aspects of universals of linguistic politeness,” Multilingua, vol.8, no. 2-3.
Joseph J.
2004
Language and identity: National, ethnic, religious. New York: Palgrave Macmillan.
Kasper G.
1990
Linguistic Politeness: current research issues, Journal of Pragmatics, vol.14, No 2.
Kienpointner M.
2008
Impoliteness and emotional arguments. Journal of Politeness Research 4.
Lakoff R.
1973
The logic of politeness or minding your p’s and q’s. In: Papers from the Ninth Regional Meeting of the Chicago Linguistic Society Chicago.
Lakoff R.
1977
What you can do with words: Politeness, pragmatics, and performatives. In Rogers, A., Wall, B., Murphy, J. (Eds.), Proceedings of the Texas conference of performatives, presuppositions and implicatures Arlington, Texas: Center of Applied Linguistics.
Leech G.
1983
“Principles of Pragmatics”, London: Longman.
Locher M.A., Bousfield,D.
2008
Introduction. Impoliteness and power in language. In Miriam Locher & Derek Bousfield (eds.), Impoliteness and power: Studies on its interplay with power in theory and practice. Berlin: Mouton de Gruyter.
Miller C.
1984
Genre as social action. Quarterly Journal of Speech 70.
Swales J.
1990
Genre Analysis. English in Academic and Research Settings. Cambridge: Cambridge University Press.
Unger C.
2006
Genre, Relevance, and Global Coherence:The Pragmatics of Discourse Type. Basingstoke: Palgrave.

დანართი პირობითი აღნიშვნები: სიტყვა გამოხატული მახვილი სიტყვა ხმის აწევა, ხმამაღალი საუბარი (.) მოკლე პაუზა (2.0) წამებით მეტად ხანგრძლივი პაუზა (სიცილი) კომუნიკაციის პარალინგვისტური მახასიათებლები (?) აღმავალი ინტონაცია