„კომბინირებული ომი“ - აფხაზეთი 1992-1993

ომი ადამიანის საქმიანობის ერთ-ერთი უძველესი სახეა, რომლის ბუნებაც არასდროს შეცვლილა, წარმოების მეთოდები კი დროთა განმავლობაში იხვეწებოდა და მრავალფეროვანი ხდებოდა. შესაბამისად, დღეს ომის შესახებ უამრავი თეორია გვაქვს: „კონვენციური და არაკონვენციური ომი“, „ჰიბრიდული ომი“, „ასიმეტრიული ომი“, „პარტიზანული ომი“ „კომბინირებული ომი“ და ა. შ.

1997 წელს ამერიკელმა ისტორიკოსმა ტომას ჰუბერმა გამოაქვეყნა სტატია „ნაპოლეონი ესპანეთსა და ნეაპოლში: ფორტიფიცირებული კომბინირებული ომი“, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სტატიაში ავტორმა ნაპოლეონის ესპანური და ნეაპოლური კამპანიის კვლევის შედეგად შემოგვთავაზა ომის წარმოების ახალი მეთოდი, „კომბინირებული ომი”. 2002 წელს ტ. ჰუბერმა, თანაავტორებთან ერთად, გამოსცა წიგნი „კომბინირებული ომი – ფატალური კვანძი”, რომელშიც  ვრცლად მიმოიხილავენ აღნიშნული ომის წარმოების გამოვლინებებს ისტორიულ წარსულში და დეტალურად აღწერენ მათ.

ტ. ჰუბერისთვის „კომბინირებული ომი“ წარმოადგენს „რეგულარული ან ძირითადი სამხედრო ძალებისა და არარეგულარული ან პარტიზანული შენაერთების ერთდროულ და კომბინირებულ გამოყენებას მტრის წინააღმდეგ“ [Huber, 2002:1]. „კომბინირებული ომი“ ყველაზე ხშირად გვხვდება მაშინ, როცა სუსტი სამხედრო ძალის მქონე ტერიტორია სრულად ან ნაწილობრივ ოკუპირებულია მასზე უპირატესი სამხედრო ძალის მქონე მოწინააღმდეგის მიერ. ისტორიას მრავლად ახსოვს მაგალითები, თუ როგორ შეძლო სუსტმა ძალამ სწორედ ამ ტიპის ომის წარმოებით მასზე ძლიერი სამხედრო ძალის დამარცხება. „კომბინირებული ომის“ წარმატების საიდუმლო ისაა,  რომ იგი აიძულებს მოწინააღმდეგეს, ერთდროულად მოახდინოს ძალთა ერთ ადგილზე კონცენტრაციაც და სხვადასხვა ლოკაციაზე დაქსაქსვაც. თუ მტერი ძალების კონცენტრირებას მოახდენს საბრძოლო თეატრის ერთ კონკრეტულ უბანში, მოწინააღმდეგის რეგულარული ძალების დამარცხების მიზნით, მაშინ არარეგულარული ნაწილები შეუტევენ მის ზურგს, დაარტყამენ მის საკომუნიკაციო ხაზებს და შეუქმნიან მას უდიდეს პრობლემებს. ხოლო თუ ამ საფრთხის გასანეიტრალებლად ძლიერი მხარე გადაწყვეტს მის ხელთ არსებული შეიარაღებული ძალების გაშლას და არარეგულარული ნაწილების წინააღმდეგ მოქმედებას, მაშინ სუსტი მხარე თავისი ძირითადი ძალებით მარტივად შეძლებს მტრის დაქსაქსული ქვედანაყოფების ნაწილ-ნაწილ დამარცხებას. ძლიერი მოწინააღმდეგე დგება დილემის წინაშე, თუ რა მოიმოქმედოს გამარჯვების მისაღწევად. შესაბამისად, „კომბინირებული ომის“ მწარმოებელს ხელთ უვარდება ძლიერი ბერკეტი, რომლითაც შეუძლია, მტერზე გავლენა მოახდინოს. ამგვარად, ორმაგი გამოწვევის წინაშე მდგარი ძლიერი მხარე ხდება გაუბედავი, მას ერღვევა ძალთა ბალანსი, კონფლიქტი უჭიანურდება დროში, რაც იწვევს გაუთვალისწინებელ ხარჯებს, სამხედრო პერსონალის გამოფიტვას, მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას, მოტივაციის დავარდნას და ა. შ. [Huber, 2002].

ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ „კომბინირებული ომის“ ფარგლებში მოქმედი რეგულარული და არარეგულარული ნაწილები ერთმანეთის ორგანულ ნაწილებს წარმოადგენენ და ერთმანეთს ავსებენ. მაგალითად, არარეგულარული ან პარტიზანული შენაერთები ძირითად ძალებს აწვდიან ტაქტიკური და ოპერატიული დონის სადაზვერვო ინფორმაციას, ასევე, ხელს უშლიან მოწინააღმდეგის სადაზვერვო ჯგუფებს. ისინი ხელს უწყობენ მთავარი ძალების მომარაგებას სურსათ-სანოვაგით, დაპირისპირებულ ძალას კი ურთულებენ იმავე ამოცანის შესრულებას. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, არარეგულარულ ნაწილებს შეუძლიათ, საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთონ და მხარი დაუჭირონ რეგულარულ ნაწილებს როგორც უშუალოდ საბრძოლო ამოცანების, ასევე – შრომითი საქმიანობის შესრულებისას. არარეგულარული ძალები თავიანთი მოქმედებებით ფიტავენ მოწინააღმდეგის ჯარისკაცებს, მოქმედებენ მათ მორალურ–ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და ბრძოლისუნარიანობას უქვეითებენ მტერს. თავის მხრივ, ძირითად ძალებს შეუძლიათ მნიშვნელოვან უპირატესობაში ჩააყენონ პარტიზანები. ძირითადი ძალების მიერ განხორციელებული ზეწოლით მოწინააღმდეგე შეიძლება იძულებული გახდეს, დატოვოს ის ტერიტორიები, რომლებზეც ოპერირებენ პარტიზანები და, შესაბამისად, მათ უფრო თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცეს. ძირითად ძალებს შეუძლიათ, დააფინანსონ აჯანყებულები, ჩაუტარონ მათ სპეციალური სწავლებები, მისცენ მათ იარაღი და აღჭურვილობა, ისევე, როგორც სტრატეგიული ინფორმაცია და რჩევები, თუ სად და როგორ მიმართონ თავიანთი ძალისხმევა. იმ შემთხვევაში კი, თუ არარეგულარული ძალები მტრის მხრიდან წნეხს გრძნობენ და პოლიტიკურად პასიურები არიან, მეგობარ რეგულარულ ძალებს შეუძლიათ, მათ ლოკაციაზე განალაგონ კოლაბორაციონისტები და წაახალისონ პარტიზანული აქტივობები, რათა პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით უფრო აქტიურები გახდნენ [Huber, 2002:1-2].

ტ. ჰუბერი თვლის, რომ მხარე, რომელიც „კომბინირებული ომის“ მეთოდებით იბრძვის, თითქმის დაუმარცხებელია, თუმცა მასაც გააჩნია სუსტი წერტილი. თუ მოწინააღმდეგე საომარი მოქმედებების დასაწყისშივე შეძლებს ძირითადი, რეგულარული ძალების განადგურებას, მაშინ მარტოდ დარჩენილი პარტიზანები მარტივად დასამარცხებლები იქნებიან. ანუ, იმისთვის, რომ „კომბინირებული ომი“ წარმატებული იყოს, აუცილებელია ორივე ელემენტის არსებობა. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს აირიდონ თავიდან, ხშირ შემთხვევაში სუსტი მხარე მიმართავს ე. წ. „ფორტიფიცირებული კომბინირებული ომის“ ტაქტიკას. ეს გულისხმობს ძირითადი ძალების ისეთ ადგილას დისლოცირებას, სადაც მოწინააღმდეგე ვერ შეძლებს მის მარტივად განადგურებას და უსაფრთხო ადგილიდან შემდგომ ოპერირებას. „ფორტიფიცირებულში“  იგულისხმება არა მაინცდამაინც გამაგრებული თავდაცვითი პოზიციები, არამედ  – ყველანაირი საშუალება, რომლებიც უზრუნველყოფენ საკუთარი ძალების გაძლიერებას და უსაფრთხოდ ყოფნას: ალიანსები, დიპლომატია, ეკონომიკა, ტექნოლოგიები, გეოგრაფიული გარემო და სხვ. შესაბამისად, თუ სუსტ მხარეს აქვს ადგილი, სადაც მისი ძირითადი ძალები უსაფრთხოდ იქნებიან, და,  ასევე, ჰყავს ძლიერი მოკავშირე, მაშინ „ფორტიციფიცირებული კომბინირებული ომის“ მწარმოებლის დამარცხება შეუძლებელია. ტ. ჰუბერი წარმატებული „ფორტიფიცირებული კომბინირებული ომისთვის“ საჭირო ოთხ აუცილებელ ელემენტს გამოყოფს, ესენია: რეგულარული ანუ ძირითადი ძალები; არარეგულარული ანუ პარტიზანული შენაერთები; ძირითადი ძალებისთვის „უსაფრთხო სავანე“;  ძლიერი მოკავშირე [Huber, 2002:4].

ტ. ჰუბერი და მისი თანამოაზრეები წარსულის ისეთი სამხედრო კონფლიქტების გაანალიზებისას, როგორებიცაა: ნაპოლეონი ესპანეთში, შვიდწლიანი ომის ამერიკული ფრონტი, ამერიკის განმათავისუფლებელი ომი, ვიეტნამისა და ავღანეთის კონფლიქტები, თვლიან, რომ საქმე გვქონდა სწორედ „კომბინირებულ ომთან“, რომლის მეშვეობითაც მცირე ძალამ შეძლო უპირატესი ძალის დამარცხება. წინამდებარე სტატიის მიზანია, აღნიშნული თეორიის ფარგლებში, განვიხილოთ აფხაზეთის ომი, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს ქართული ქვედანაყოფების შესვლითა [Papaskiri, 2021:293] და აფხაზური გვარდიის მიერ ცეცხლის გახსნით დაიწყო. ამ ომში გამარჯვება მცირე ძალის[1] მქონე აფხაზმა აჯანყებულებმა მოიპოვეს. როგორ მოხდა ეს? „კომბინირებული ომის“ რომელი ელემენტები გვხვდებოდა აღნიშნულ კონფლიქტში?

1992 წლის ზაფხულში დაძაბული ვითარება იყო დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოში. გახშირებული იყო თბილისი–სოხუმის სარკინიგზო ხაზზე რკინიგზის ტრანსპორტზე თავდასხმები, რომელთა შედეგადაც საქართველოს სახელმწიფოს ზარალმა 9 მილიარდი მანეთი  შეადგინა. შესაბამისად, 1992 წლის 10 აგვისტოს, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით, რკინიგზის ტრანსპორტზე გამოცხადდა საგანგებო წესები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რკინიგზის სამმართველოს – რკინიგზის ხაზზე კონტროლის აღდგენის, რკინიგზის ტრანსპორტზე თავდასხმებისა და სხვა დანაშაულების აღკვეთის მიზნით – დაევალათ შესულიყვნენ გალისა და ოჩამჩირის რაიონში [აფხაზეთის... 2000:78–80]. დადგენილებით დასახული ამოცანების შესრულების მიზნით, ქართული ქვედანაყოფები შევიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ოხურეისთან, მათ აფხაზური სეპარატისტული დაჯგუფებების სამხედრო ფორმირებებმა ცეცხლი გაუხსნეს. დაიწყო ომი.

როგორც აღვნიშნეთ, იმისთვის, რომ მცირე ძალების მქონე მხარემ შეძლოს უფრო ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხება, მან აუცილებლად უნდა აწარმოოს „კომბინირებული ომი“. ხოლო ძლიერმა მხარემ კი იმისთვის, რომ მისი მოქმედებები იყოს წარმატებული, არ უნდა დაუშვას მოწინააღმდეგის მიერ ეფექტიანი „კომბინირებული ომის“ დაწყება. შესაბამისად, თუ ქართულ მხარეს სურდა გამარჯვება, მის შეიარაღებულ ძალებს უნდა დაემყარებინათ კონტროლი მთელს აფხაზეთის ტერიტორიაზე და გაენადგურებინათ აფხაზი სეპარატისტების არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები.

1992 წლის 15 აგვისტოსთვის ქართული შეიარაღებული ძალები მიადგნენ ქალაქ სოხუმს, ასევე გადასხეს დესანტი აფხაზეთის უკიდურეს ჩრდილო–დასავლეთით და დაიკავეს ქალაქი გაგრა, განთიადი და ლესელიძე, დაამყარეს კონტროლი საქართველო-რუსეთის საზღვრის მონაკვეთზე [Papaskiri, 2021:295]. იმის მაგივრად, რომ გაეგრძელებინათ მიღწეული წარმატების განვრცობა, სოხუმიდან და გაგრიდან ერთდროულად შეეტიათ გუდაუთისკენ პანიკურად გაქცეული მოწინააღმდეგისთვის და გაენადგურებინათ მათი ძირითადი ძალები, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა,  მოლაპარაკებები ეწარმოებინა სეპარატისტებთან, რაც, შეიძლება ითქვას, იყო ფატალური შეცდომა, რადგანაც ამით მათ მიეცათ გონზე მოსვლისა და გადაჯგუფების საშუალება. სეპარატისტებმა გადაიყვანეს თავიანთი ძირითადი ძალები ქალაქ გუდაუთაში, სადაც ისინი უსაფრთხოდ იყვნენ, ხოლო ქალაქ ტყვარჩელის რაიონში აამოქმედეს პარტიზანული დაჯგუფებები. მათ, ასევე,  მოახერხეს  ძლიერი მოკავშირის მოძებნა რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის სახით. შესაბამისად, 1992 წლის სექტემბრიდან უკვე მივიღეთ აფხაზური მხარის მიერ წარმოებული „ფორტიფიცირებული კომბინირებული ომი“.

 

რუსეთი, როგორც ძლიერი მოკავშირე

როგორც აღვნიშნეთ, აფხაზურ მხარეს, კონფლიქტის დაწყებისთანავე, ძლიერი მოკავშირის სახით მოევლინა რუსეთის ფედერაცია, რომელსაც აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა ჰქონდა განლაგებული. კონფლიქტის პირველივე დღეებიდან რუსმა სამხედროებმა დაიწყეს აფხაზი სეპარატისტების აშკარა და დაუფარავი მომარაგება სამხედრო ტექნიკითა და ტყვია-წამლით. მაგალითად, რუსეთის 643-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკმა აფხაზებს გადასცა „267 პისტოლეტი, 18 ტყვიამრფქვევი, 500-ზე მეტი ხელყუმბარა, 984 ავტომატი, ნახევარ მილიონამდე სხვადასხვა იარაღის ტყვია, სატვირთო მანქანები, სურსათი და სხვა“ [ყოლბაია... 1999:208], ხოლო გუდაუთის აეროდრომის მომარაგების უფროსმა, ვიცე–პოლკოვნიკმა დოლგოპოლოვმა – „ექვსი ქვეითთა საბრძოლო მანქანა სრული კომპლექტით, 400–მდე ხელყუმბარა, 50,000–მდე ვაზნა და 6 ტყვიამფრქვევი“ [ნადარეიშვილი, 2000:56]. 1992 წლის შემოდგომაზე აფხაზების შეიარაღებაში, რუსების დახმარებით, უკვე ჰქონდათ მინიმუმ რვა ტანკი და 30 შეჯავშნილი მანქანა. კონფლიქტის ბოლომდე კი იმდენი რესურსი მიიღეს რუსული მხრიდან, რომ ომის დასრულებისთვის 100.000-მდე ნაღმი ჰქონდათ დადებული მთელს ტერიტორიაზე [Zverev, 1996:2]. რუსული გაზეთებიც აქტიურად ბეჭდავდნენ ინფორმაციას აფხაზებისათვის შეიარაღების მიწოდების შესახებ. „როგორც „იზვესტია“ იუწყება, რუსეთის მიერ სეპარატისტებისათვის გადაცემული შეიარაღება შეადგენდა 72 ერთეულ ტანკს, 20 ჯავშანმანქანას, 12 საარტილერიო ერთეულს, მათ შორის, „ურაგანისა“ და „გრადის“ ტიპის სარაკეტო დანადგარებს“ [ჯოჯუა, 2009:187]. ამასთან ერთად, ერთწლიანი ომის პერიოდში რუსული სამხედრო ვერტმფრენებით ინტენსიურად ხდებოდა ტყვარჩელის დაჯგუფების მომარაგება იარაღითა და საბრძოლო მასალებით. ასევე, 1993 წლის ზაფხულში, სოხუმზე გადამწყვეტი იერიშის წინ, ჰუმანიტარული დახმარების საფარქვეშ, რუსულმა სახელმწიფომ 30 კამაზის ტიპის ავტომანქანით შეიტანა ტყვარჩელში სამხედრო დახმარება[ყოლბაია... 1999:149-150]. იარაღის გარდა, სეპარატისტები რუსეთიდან იღებდნენ დიდძალ ფულად დახმარებასაც, მაგალითად, მოსკოვის ბანკებმა აფხაზებს გადაურიცხეს დაახლოებით 20 მილიარდამდე მანეთი [ნადარეიშვილი, 2000:65]. რუსების მიერ აფხაზების მომარაგების შესახებ აცხადებდა “Human Rights Watch“, რომლის მტკიცებით, „იარაღის, ტანკებისა და მძიმე არტილერიის უეცარი გამოჩენა ადრე მსუბუქად შეიარაღებული აფხაზების მხარეს, რაც გამოყენებულ იქნა ოქტომბერში[2] და 1992 წლის დეკემბერში, ნაკლებ ეჭვს ტოვებს ვარაუდისთვის, რომ რუსულმა ძალებმა მოამარაგეს ისინი. შეიარაღება გარკვეული წყაროდან უნდა მიეღოთ, და იმ მოცემულობაში, როცა ქართველები მათ არ მოამარაგებდნენ, ერთადერთ წყაროდ რუსეთი რჩება“ [Human Rights Watch, 1995:30].

რუსული სამხედრო მანქანა აქტიურად წვრთნიდა აფხაზ მოხალისეებს და აფხაზეთის ტერიტორიაზე ხსნიდა სასწავლო ცენტრებს, სადაც ხდებოდა მათი გადამზადება. ერთ-ერთი მსგავსი ცენტრი გაიხსნა ოჩამჩირის რაიონ სოფელ ჭლოუში [ყოლბაია... 1999:170].

კონფლიქტის მსვლელობისას რუსები აქტიურ საბრძოლო მხარდაჭერასაც უწევდნენ აფხაზებს როგორც ჰაერიდან, ასევე  – ზღვიდან. ქალაქ გუდაუთაში ბაზირებული რუსული თვითმფრინავები მუდმივად ესხმოდნენ თავს ქართულ პოზიციებს და ბომბავდნენ მათ, ასევე, აწარმოებდნენ სადაზვერვო ინფორმაციების მოპოვებას [ყოლბაია... 1999:143].

1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში გაგრაში, აფხაზებისა და მათი მოკავშირეების მიერ განხორციელებული შეტევისას, რუსულმა გემებმა გადაკეტეს საზღვაო აკვატორია და მათ დავალებული ჰქონდათ, არ დაეშვათ ქართული მაშველი დესანტის გადასხმა გაგრა-განთიადის მიმართულებით [ყოლბაია... 1999:208]. გაგრის აღების ოპერაციაში ასევე  მონაწილეობდნენ: 345-ე სადესანტო ბატალიონი, 529-ე საავიაციო ესკადრილიის მფრინავები და 643-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკები [ყოლბაია... 1999:131-132]. აღნიშნულ ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი მ. კოლესნიკოვი. აფხაზურ ძალებს ამ ოპერაციაში საბრძოლო მასალებით ამარაგებდა გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზა, ხოლო შავი ზღვიდან – ტანკერები, რომლებმაც 420 ტონა დიზელის საწვავი და ბენზინი მიაწოდა სეპარატისტებს [ჯოჯუა, 2009:173-174].

ასევე აღსანიშნავია, რომ, ომის მიმდინარეობის გარკვეულ ეტაპებზე, რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებიც მონაწილეობდნენ აფხაზთა მხარეს, მაგალითად, 1993 წლის ივლისში, ტამიშის ოპერაციისას. როგორც აფხაზეთის ომის ერთ-ერთი მონაწილე, გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი, იხსენებს, ტამიშში გადმოსხმული „დესანტი ოფიციალურად რუსეთს არ წარმოადგენდა, მაგრამ ყველას ჰქონდა საბუთები, რომელთა მეშვეობითაც მათი წარმომავლობის გარკვევა იყო შესაძლებელი. მებრძოლებში ბევრი იყო რუსი, კაზაკი, განსაკუთრებით მრავლად იყვნენ ჯარისკაცები ყირიმიდან და მოლდოვიდან... 150 დაღუპული მხოლოდ ჩვენ გადავეცით რუსულ მხარეს. საბუთები ისე ჰქონდათ გაფორმებული, რომ ... შვებულებაში იმყოფებოდნენ“ [თოფურია, 2021]. იმავეს აღნიშნავს თავის მოხსენებაში “Human Rights Watch“: „აფხაზეთში დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი ეთნიკურად რუსი მებრძოლები, რომლებიც მანამდე არ ცხოვრობდნენ აფხაზეთში ან საქართველოში... მათ გარკვეულ ნაწილს კი შეადგენდნენ პროფესიული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც უხდიდნენ ფულს და რომლებიც აფხაზეთში რუსეთის სახელისუფლებო შტოების მიერ იყვნენ გადასროლილნი“ [Human Rights Watch, 1995:49].

საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობისა თუ ტექნიკურ–მატერიალური რესურსებით მომარაგების გარდა, რუსული გენერალური შტაბი, ასევე, ეხმარებოდა აფხაზებს  დაგეგმარების მიმართულებითაც. სწორედ რუსულ გენერალურ შტაბში იქნა შემუშავებული 1993 წლის გაზაფხულზე სოხუმის აღების გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა: 1. ტყვარჩელის დაჯგუფების მიერ ოჩამჩირის რაიონში ტრასის ხელში ჩაგდებას და, იმავდროულად, იქ საზღვაო დესანტის გადასხმას; 2. პარალელურად, გუმისთის ფრონტზე შეტევას, სოხუმის გარშემო არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სიმაღლეების აღებას ხელსაყრელი პლაცდარმის შესაქმნელად [ყოლბაია, 1999:150].

აფხაზების სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ და დივერსიული აქტების დაგეგმვაში აქტიურად მონაწილეობდნენ რუსეთის რეგულარული ჯარის სამხედრო მოსამსახურეები. 31 მარტს სოხუმში, აგენტურული დივერსიის განხორციელების დროს, დააკავეს „მოსკოვში დაბანაკებული N48427 სამხედრო ნაწილის ლეიტენანტი ა. ნ. სიტნიკოვი. მალე – 1 აპრილს  – ასეთივე ბედი ეწია რუსეთის N2011 სამხედრო ნაწილის რადისტ-სერჟანტ ა.ო. ლუნინს, რომელსაც, აგრეთვე, სოხუმში წაასწრეს ფაქტზე“[ყოლბაია... 1999:208].

აუცილებლად აღსანიშნავია რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზური მხარისთვის აღმოჩენილი პოლიტიკური დახმარება. მაშინ, როცა აფხაზი სეპარატისტები თითქმის კატასტროფის წინაშე იდგნენ, რუსეთის შუამდგომლობითა და შუამავლობით დაიდო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც გამოყენებულ იქნა იმისათვის, რომ აფხაზეთში გადაესროლათ მეტი მოხალისე, მეტი იარაღი, მეტი ტექნიკა და შევსებული ძალებით აფხაზებს შესძლებოდათ შეთანხმების დარღვევა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქ გაგრისა და აფხაზეთის ჩრდილოეთი მონაკვეთის დაკავებით რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო მონაკვეთზე კონტროლის დამყარება.

რუსებისვე შუამდგომლობით და შესრულების გარანტიით 1993 წლის 27 ივლისს დაიდო ასევე სოჭის შეთანხმება [Papaskiri, 2021:306], რომლის ფარგლებშიც ქართულმა მხარემ სოხუმიდან გამოიყვანა მძიმე ტექნიკა და ქვედანაყოფები, რის შემდეგაც თითქმის დაუცველ სოხუმზე აფხაზმა სეპარატისტებმა დაიწყეს შეტევა და საბოლოოდ დაიკავეს კიდეც იგი. რასაკვირველია, ამ შეთანხმების დარღვევასაც არ მოჰყოლია რუსეთის მხრიდან ადეკვატური რეაქციები, აფხაზური მხარის დასჯის მიზნით.

როგორც ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან ჩანს, სახეზე გვაქვს ტ. ჰუბერის მიერ აღწერილი „ფორტიფიცირებული კომბინირებული ომის“ დროს ძლიერი მოკავშირეების მიერ განხორციელებული აბსოლუტურად ყველა ფორმა.

 

აფხაზი სეპარატისტები, როგორც ძირითადი ძალა

აფხაზეთის ომის დაწყების მომენტში აფხაზური მხარის ძირითად ძალას წარმოადგენდა გვარდიის ერთი ბატალიონი და რამდენიმე ასეული დაქირავებული ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლი. შეიარაღებაში არ გააჩნდათ მძიმე ტექნიკა, არ ჰქონდათ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, არც საზღვაო საშუალებები და საჰაერო აპარატები. შესაბამისად, ომის პირველივე დღეებში ქართულმა მხარემ შეძლო უპირატესობის მოპოვება, აფხაზებისა და მათი მოკავშირეების დამარცხება, რომლებმაც თავი ქალაქ გუდაუთას შეაფარეს, სადაც მათი ძირითადი ნაწილი გადარჩა კიდეც. აფხაზური ძალების გადამზადების, შეიარაღებისა და შევსების შემდეგ აფხაზურმა მხარემ მოახერხა აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ქართული ქვედანაყოფების დამარცხება და რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის მონაკვეთზე გასვლა, ხოლო ქალაქ სოხუმთან მდინარე გუმისთაზე ფრონტის სტაბილიზაცია და იქ დარჩენილი აფხაზური ძალების მობილიზება. აფხაზებმა შექმნეს გამაგრებული თავდაცვითი პოზიციები, რათა არ მიეცათ ქართველებისთვის საშუალება, გადამწყვეტი უპირატესობა მოეპოვებინათ და გაენადგურებინათ მათი რეგულარული ნაწილები. მათ აქ, ასევე, განალაგეს საარტილერიო სისტემები, რომლებითაც ბომბავდნენ არა მარტო ქართული შეიარაღებული ძალების თავდაცვით პოზიციებს, არამედ – ქალაქ სოხუმის საცხოვრებელ კორპუსებსაც კი.

ამ დაპირისპირებაში აფხაზურმა რეგულარულმა ნაწილებმა იანვარსა და მარტში რამდენჯერმე სცადეს გუმისთის ფრონტის გარღვევა ფრონტალური შეტევებით, თუმცა წარუმატებლად. ქართული ძალები მძიმე ტექნიკისა და კარგად გამაგრებული პოზიციების წყალობით ახერხებდნენ აფხაზების შეტევების მოგერიებას. აღნიშნულ ოპერაციებში აფხაზური მხარის მხარდამხარ იბრძოდნენ რუსეთის „სპეცნაზი“ და ჩეჩენი მოხალისეების წარმომადგენლები.

 

მთიელ ხალხთა კონფედერაცია და აფხაზები, როგორც არარეგულარული ძალები

აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ფორმირებების შესვლიდან მალევე, 21 აგვისტოს, მთიელ ხალხთა კონფედერაციამ გამოაქვეყნა მიმართვა, რომლითაც დაადასტურა თავისი მზადყოფნა, ჩართულიყო კონფლიქტში აფხაზეთის მხარეს და გაეგზავნა იქ მოხალისეები. მათ თბილისი გამოაცხადეს უბედურების ზონად და მოუწოდეს თავისიანებს, ყველანაირი მეთოდით ებრძოლათ ქართველების წინააღმდეგ, მათ შორის, ტერორისტული აქტებით [გასვიანი, 2005:172-173].

კონფლიქტის დაწყებისთანავე ასობით ჩრდილოეთ კავკასიელი ბოევიკი დაიძრა აფხაზეთისკენ, ზოგიერთი მათგანი რუსული ვერტმფრენებით გადაიყვანეს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ზოგი კი კავკასიის მთის გადასასვლელებით გადავიდა. დაქირავებული მთიელები ძირითადად მონაწილეობდნენ პარტიზანულ მოქმედებებში ოჩამჩირის რაიონში, თუმცა, საჭიროების დროს, კონვენციური ძალებივით იქცეოდნენ და უტევდნენ ქართულ რეგულარულ ძალებსაც. აღსანიშნავია, რომ, ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეების გარდა, აფხაზეთში მცირე შემადგენლობით წარმოდგენილნი იყვნენ ასევე დნესტრისპირეთელი მოხალისეებიც [შამუგია, 2018].

კონფლიქტის პერიოდში, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონში მოქმედ ჩრდილოეთ კავკასიელ და აფხაზ პარტიზანებს ევალებოდათ დივერსიული აქტების მოწყობა მათ სამოქმედო რაიონებში, ქართულ საკომუნიკაციო ხაზებზე მუდმივი თავდასხმა, ქართული შეიარაღებული ნაწილების წინააღმდეგ მოქმედება და მათი გამოფიტვა.

აღნიშნულ კონფლიქტში, გაწელილი საკომუნიკაციო ხაზებისა და არასაკმარისი ადამიანური რესურსის გამო, ქართულ მხარეს უჭირდა ერთიანი ფრონტის შექმნა ოჩამჩირის რაიონში, რაც უადვილებდა დივერსიულ ჯგუფებს მოქმედებას. ერთ–ერთმა მსგავსმა ჯგუფმა შეძლო და ააფეთქა ელექტროგადამცემი ხაზიც კი.

პარტიზანების ზურგში მოქმედებების გამო, ქართველებს უწევდათ საკომუნიკაციო ხაზების დაცვისთვის დამატებითი ქვედანაყოფების მობილიზება და მათი მთელს ფრონტის ხაზზე გაშლა, რაც პრობლემატური იყო, რადგანაც ახლად შექმნილ ქართულ სახელმწიფოს არ ჰქონდა არც მატერიალური, არც ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ ამ ტიპის ოპერაციები დიდი ხნის განმავლობაში ეწარმოებინა. სოხუმის წინ არსებული გუმისთის ფრონტზე შეტევითი ოპერაციების შეუძლებლობა და, იქიდან მომდინარე, აფხაზური საფრთხე არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ აქტიური კონტრპარტიზანული შეტევითი ოპერაციები ეწარმოებინათ ზურგში.

 

ძირითადი ძალებისთვის „უსაფრთხო სავანე“

ასეთად შეიძლება განვიხილოთ ორი ლოკაცია: ა) ქალაქი გუდაუთა და ბ) ეშერის სამხედრო ლაბორატორია, რომელიც ფრონტის წინა ხაზთან ახლოს მდებარეობდა. აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება სწორედ ქალაქ გუდაუთაში გამაგრდა, სადაც მდებარეობდა რუსეთის საჰაერო–სამხედრო ბაზა და ბომბორას აეროდრომი. რუსები ამ სამხედრო ბაზის მეშვეობით აკონტროლებდნენ აფხაზეთის საჰაერო სივრცეს და ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს ჰქონდათ ბრძანება, რომ თუ ბაზის ირგვლივ 70კმ. რადიუსში შეამჩნევდნენ ქართულ თვითმფრინავებს, აფრენილიყვნენ და გაენადგურებინათ მოწინააღმდეგე [ნადარეიშვილი, 2000:117]. ამ ნაბიჯით რუსული სამხედრო შენაერთები, ფაქტობრივად, უზრუნველყოფდნენ ქალაქ გუდაუთის უსაფრთხოებას. ომის დასაწყისშივე გუმისთის რაიონში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის ორი ოპერატიული რაიონი შექმნეს. პირველ რაიონში განლაგებული ბუკის ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპლექსები იცავდნენ სეპარატისტთა ფორმირებების კონცენტრაციის ადგილებს. მეორე რაიონი კი, რომელიც გუმისთის ფრონტის მიმართულებაზე იყო კონცენტრირებული, დაკომპლექტებული იყო OCA–ს ტიპის მობილური საზენიტო–სარაკეტო კომპლექსებით, რომლებიც, ერთი მხრივ, იცავდნენ გუმისთის ფრონტზე განლაგებულ აფხაზებისა და მათი მოკავშირეების პოზიციებს, მეორე მხრივ კი, ახდენდნენ ქართული შეიარაღებული ძალების ბლოკირებას [ჯოჯუა, 2017:147]. შესაბამისად, საქართველომ მთელი კონფლიქტის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეძლო გუდაუთაში ბომბის ჩამოგდება [ყოლბაია... 1999:145]. 1992 წლის 29 აგვისტოს 600 სამხედრო მოსამსახურით, 3 ტანკითა და 6 ქვეითთა საბრძოლო მანქანით გუმისთის ფრონტზე შეტევაზე გადასულმა ქართულმა შენაერთებმა გაარღვიეს მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზი, გადალახეს მდინარე გუმისთა, დაიკავეს რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე და, მიღწეული წარმატების განვრცობის მიზნით, დაიწყეს შეტევა გუდაუთის მიმართულებით, გუდაუთაში განლაგებული რუსული სამხედრო–საჰაერო ჯგუფისა და ეშერის სამხედრო–კვლევით ლაბორატორიაში განლაგებული რუსული ქვეითი ბატალიონის სინქრონული დარტყმების შედეგად ქართველთა შეტევა ბლოკირებულ იქნა. ქართველთა მხარეს დიდი  დანაკარგები იყო, დაიღუპა 40 სამხედრო მოსამსახურე, განადგურდა სამივე ტანკი და 4 ჯავშანტრანსპორტიორი [ჯოჯუა, 2017:151].

რაც შეეხება ე.წ.  ეშერის სამხედრო ლაბორატორიას, კონფლიქტის დასაწყისშივე,  აფხაზებმა თავიანთი საარტილერიო დანაყოფები განალაგეს რუსების ბაზის სიახლოვეს, რაც პრობლემებს უქმნიდა ქართველ მებრძოლებს საპასუხო ცეცხლის წარმოებისას. შესაბამისად, სეპარატისტები ამ პოზიციებიდან აწყობდნენ სოხუმის მასირებულ დაბომბვას როგორც მძიმე, ასევე – მსუბუქი არტილერიის მეშვეობით. ქართული მხარის მცდელობა კი, რომ საპასუხო ცეცხლით ჩაეხშოთ მოწინააღმდეგის აქტივობა, ხშირ შემთხვევაში რუსების მხარის პროტესტს იწვევდა, რადგანაც იყო შემთხვევები, როცა ქართული მხარის მიერ აფხაზური პოზიციებისკენ ნასროლი საარტილერიო ჭურვები ეშერის ლაბორატორიის სიახლოვეს ვარდებოდა, რის გამოც რუსული სამხედრო–საჰაერო ნაწილები იწყებდნენ ქართული პოზიციების დაბომბვას. „მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების არაერთგზისი მოთხოვნისა, მოსკოვს დაუყოვნებლივ დაეწყო ეშერიდან ე. წ. „ლაბორატორიის“ ევაკუაცია, რათა აეცდინათ რუსულ სამხედრო შენაერთებთან შეჯახება, კრემლი ჯიუტად უარზე იდგა. სრულიად ნათელი იყო, რომ „ლაბორატორიის ფაქტორი“ თანდათანობით იქცეოდა მთავარ „კოზირად“ რუსი სამხედროების ხელში, რომელიც აძლევდა მათ საშუალებას, თითქმის ღიად აღმოეჩინათ დახმარება სეპარატისტებისთვის“ [პაპასქირი, 2007:375]. აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს რუსეთის სამხედრო–პოლიტიკურმა ელიტამ მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ქართველთა მხრიდან „ეშერის სამხედრო ლაბორატორიის“ მიმართულებით საარტილერიო ცეცხლის გახსნის შემთხვევაში რუს სამხედროებსაც გაეხსნათ საპასუხო ცეცხლი“ [Human... 1995:28].

როგორც ვხედავთ, აფხაზ სეპარატისტებს ძლიერმა მოკავშირემ შეუქმნა ე. წ. „უსაფრთხო სავანე“, სადაც აფხაზური ძალები ქართველებისგან მიუწვდომელ ადგილზე იყვნენ განთავსებულები და – რადგან არ ემუქრებოდათ საფრთხე – თავისუფლად ოპერირებდნენ, გადიოდნენ წვრთნებს, ისვენებდნენ, გეგმავდნენ შემდგომ ოპერაციებს და ა. შ. გამაგრებული „უსაფრთხო სავანის“ არსებობამ უდიდესი პრობლემა შეუქმნა ქართულ შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ვერ გადადიოდნენ შეტევაზე მოწინააღმდეგის ძალების სრულად განადგურების მიზნით და იძულებულები იყვნენ თავდაცვითი ტიპის ბრძოლები ეწარმოებინათ, ხოლო ზურგში პარტიზანული დაჯგუფებების არსებობა კი, რომლებიც დივერსიულ ოპერაციებს აწყობდნენ, პრობლემას ქმნიდა მომარაგების კუთხითაც. შესაბამისად, ქართული სახელმწიფო დადგა „ფორტიფიცირებული კომბინირებული ომისთვის“ დამახასიათებელი დილემის წინაშე: ვერც სეპარატისტების რეგულარულ ნაწილებს ემუქრებოდნენ, ვერც პარტიზანების წინააღმდეგ აწარმოებდნენ სრულმასშტაბიან ოპერაციებს.

1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზმა სეპარატისტებმა და მათმა მოკავშირეებმა დაიწყეს გადამწყვეტი ოპერაცია. მათი მიზანი იყო ქართული პოზიციებისთვის ორი მიმართულებიდან შეტევა ოჩამჩირესა და სოხუმში. მათ მიზანს წარმოადგენდა ჯერ მდინარე კოდორის ხიდის დაკავება, რათა სოხუმის დამცველები მოეწყვიტათ დანარჩენი საქართველოსთვის, შემდეგ კი – სოხუმის აღება. საბრძოლო მოქმედებები განახლდა აღმოსავლეთის ფრონტის აღნიშნული ხიდის შტურმით, 17 სექტემბერს კი გუმისთის ფრონტზეც დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. ტაქტიკა უკვე ნაცადი იყო: პირველი ეშელონი – რუსული სპეცსამსახურები, შემდეგ – სეპარატისტები და მოკავშირეები თავიანთი რუსული ტექნიკით. რუსული არტილერია და ავიაცია ინტენსიურად ბომბავდა როგორც ქალაქ სოხუმს, ასევე – მის ირგვლივ განლაგებულ ქართველების მიერ კონტროლირებად სოფლებს. ამავე დღეს მთიელ ხალხთა კონფედერაციამ გამოსცა ბრძანება და მის განკარგულებაში არსებულ ყველა სამხედრო ფორმირებას მოუწოდა აფხაზეთში დაბრუნებისკენ [ყოლბაია... 1999:156].

ქალაქის ქართველი დამცველები 12 დღის განმავლობაში იგერიებდნენ რიცხვმრავალი და უკეთ შეიარაღებული მოწინააღმდეგის შეტევებს. ამ პერიოდის განმავლობაში მდინარე კოდორის მისადგომებთან განლაგებული ქართული ქვედანაყოფები ამაოდ ცდილობდნენ მდინარის გადალახვას, რათა დახმარება გაეწიათ ალყაშემორტყმული ქალაქისთვის. ამასობაში გუმისთის ფრონტი, რომელსაც აღარ იცავდა ქართული მძიმე არტილერია და სხვა ტექნიკა, რომლის დანაღმული ნაწილიც განნაღმეს სამშვიდობო პროცესის დროს, აფხაზურმა მხარემ 23 სექტემბერს გაარღვია [პაპასქირი, 2007:418] და დაიწყო ქალაქის აღების ოპერაცია. „ქალაქის შტურმის დროს დამრტყმელი ძალა რუსეთის არმიის სპეცდანიშნულების მეომრები იყვნენ... მათ მიჰყვებოდათ აფხაზების, ჩეჩნების, ოსების, ადიღეების – სულ 10 ბატალიონი“ [ყოლბაია... 1999:210,222]. 27 სექტემბერს აფხაზებმა სოხუმი აიღეს [Papaskiri, 2021:309], რამაც უდიდესი მორალურ–ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა ქართულ შეიარაღებულ ძალებს, ისედაც ცენტრალურ ხელმძღვანელობას მოკლებული ქვედანაყოფები დემორალიზირდნენ და დაიწყეს პანიკური უკანდახევა. აფხაზურ წინსვლას არავინ ეწინააღმდეგებოდა, არავინ იყო მათი გამჩერებელი. შესაბამისად, სეპარატისტები 29 სექტემბერს შევიდნენ გულრიფშში, 30 სექტემბერს ოჩამჩირესა და გალში. საღამოს რვა საათისთვის კი მიადგნენ მდინარე ენგურს [ყოლბაია... 1999:164].

როგორც ვხედავთ, აფხაზებს ჰყავდათ ძლიერი მოკავშირე სუპერსახელმწიფო, რომელიც მათ არა მხოლოდ ამარაგებდა მძიმე შეიარაღებით, არამედ სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერასაც უწევდა კონფლიქტის მსვლელობისას. ამავე ძლიერმა სახელმწიფომ შეუქმნა მათ უსაფრთხო სავანე, რამაც გადაარჩინა მათი ძირითადი ძალები განადგურებას. ძლიერი სახელმწიფო უწვრთნიდა რეგულარულ შენაერთებს და ოპერაციების დაგეგმარებაშიც ეხმარებოდა მათ. წარმოდგენილი იყო ასევე აღნიშნული ომის სახეობის მეოთხე კომპონენტი – პარტიზანები, რომლებიც იდეალურად მოქმედებდნენ ქართველთა ზურგში და „კომბინირებული ომის“ ფარგლებში მათთვის განსაზღვრულ ამოცანებს ზედმიწევნით კარგად ასრულებდნენ. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აფხაზეთის 14-თვიანი ომი წარმოადგენს „კომბინირებული ომის“ კლასიკურ მაგალითს, როცა ძლიერი მხარე დამარცხდა სუსტთან, რადგანაც მცირე ძალამ შეძლო „ფორტიფიცირებული კომბინირებული ომისთვის“, ანუ გარდაუვალი გამარჯვებისთვის საჭირო ყველა კომპონენტის თავმოყრა.

 

[1]საქართველოში 1989 წლისთვის მოსახლეობის 89%-ს (3,787,393) წარმოადგენდნენ ეთნიკურად ქართველები, ხოლო აფხაზები კი - 0.1%-ს (95,853) [ჯონსი, 2012:59].

[2]აფხაზები და მათი მოკავშირეები გაგრას T-72 და T-80 ტიპის ტანკებით უტევდნენ [Уригашвили, 1992].

ლიტერატურა

აფხაზეთის ...
2000
აფხაზეთის საკითხი ოფიციალურ დოკუმენტებში. საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციები, 1989-1999 წწ., ნაწ. I, 1989-1995 წწ.,თბილისი.
გასვიანი გ., გასვიანი თ.
2005
აფხაზეთის ომი, თბილისი.
თოფურია თ.
2021
ტამიშის ბრძოლა, მოულოდნელი დესანტის პირისპირ, რადიო თავისუფლება. https://www.radiotavisupleba.ge/a/31352123.html (07.10.2021)
ნადარეიშვილი თ.
2000
შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, თბილისი.
პაპასქირი ზ.
2007
პაპასქირი ზ. 2007 ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, თბილისი.
ყოლბაია ვ., გელანტია რ., ლაცუზბაია დ., ჭახრაკია თ.
1999
აფხაზეთის ლაბირინთი, თბილისი.
შამუგია ვ.
2018
დნესტრისპირელი მოხალისეები აფხაზეთის კონფლიქტში, თბილისი. http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/12/126 (07.10.2021)
ჯონსი ს.
2012
საქართველო, პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, თბილისი.
ჯოჯუა დ.
2017
რუსეთი და 1992-1993 წლების ომი აფხაზეთში. აფხაზეთის, საქართველო, ტრაგედია: ისტორიული, პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხები, თბილისი.
Huber T.
2002
Compound Warfare: That Fatal Knot, Kansas.
Human ...
1995
Human Rights Watch Arms Project, Georgia/Abkhazia: violations of the laws of war and Russia’s role in the conflict, Washington. https://www.hrw.org/reports/georgia953.pdf (07.10.2021)
Papaskiri Z., Kalichava K.
2021
Fratricidal conflict in Abkhazia of 1992-1993 and its consequences. Why Abkhazia is Georgia, edited by Zurab Papaskiri, Tbilisi.
Zverev A.
1996
Ethnic Conflicts in the Caucasus 1988-1994. In the Contested borders in the Caucasus, edited by Bruno Coppieters, Brussel. http://poli.vub.ac.be/publi/ContBorders/eng/ch0101.htm (07.10.2021)
Уригашвили Б.
1992
Политический компромисс обернулся для Грузии военным поражением в Гаграх, Известия.