XVIII-XIX საუკუნეების ისტორიული პროცესების მხატვრული ასახვა ვაჟა-ფშაველას პროზაში („ერემ-სერემ-სურემიანი“ / „ჩემი მოგზაურობა ერემ-სერემ-სურემიანეთში“)

DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-7

 

მეფის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ საქართველოში არსებული სოციალურ-კულტურული მდგომარეობის შეფასება და მხატვრული ასახვა XIX საუკუნის პირველ ნახევარში არაა ერთგვაროვანი. ალექსანდრე ჭავჭავაძე თავის პოეზიაში („ვისაც გსურთ ჩემთა ამბავთა ცნობა“, „ისმინეთ, მსმენნო, ...“, „პყრობილისაგან თანაპყრობილთა მიმართ“ და სხვ.) ახალი პოლიტიკური მდგომარეობით გამოწვეულ უმწვავეს სოციალურ და პიროვნულ ტანჯვას გამოხატავს; ნიკოლოზ ბარათაშვილი პოემაში „ბედი ქართლისა“ გადაუჭრელ საკითხს აყენებს — ჰქონდა თუ არა მეფეს ქვეყნის თავისუფლების სხვისთვის გადაცემის უფლება; ხოლო ლექსში „საფლავი მეფის ირაკლისა“ პოეტი ყურადღებას ამახვილებს იმ სიკეთეზე, რომელიც საქართველოს რუსეთთან შეერთებამ მოუტანა: „ჟამ-ვითარებით გარდახვეწილთ შენთ შვილთ მიდამო / მოაქვთ მამულში განათლება და ხმა საამო; ... სადაც აქამდინ ხმლით და ძალით ჰფლობდა ქართველი, მუნ სამშვიდობო მოქალაქის მართავს აწ ხელი!“ [ქართული... 1992: 588]. ამ პრობლემის განსჯასა და მხატვრულ ასახვას აგრძელებს XIX საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატურული პროცესიც, როდესაც სამოციანელები იწყებენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას; მათ იდეურ გზას მიჰყვება ვაჟა-ფშაველაც. მან აჩვენა XVIII-XIX საუკუნეებში მომხდარი ისტორიულ-პოლიტიკური ცვლილებების ეროვნულ-სოციალური ასპექტები. ამ თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ ალეგორიული თხზულებები — „ერემ-სერემ-სურემიანი“ და „ჩემი მოგზაურობა ერემ-სერემ-სურემიანეთში“.

„ერემ-სერემ-სურემიანი“ 1893 წელს გამოქვეყნდა. ეს არის ამბავი სამი ძმის შესახებ, რომელთაგანაც ერთ-ერთი მთხრობელია. თხზულება იწყება ძმების ბჭობით ერემის ქორწილის შესახებ. მათ ჰგონიათ, რომ მზად არიან და ქორწილისთვის მხოლოდ ახლობლების დაპატიჟებაღა დარჩათ, მაგრამ მოხუცი დედის შეკითხვები ძმებს გონს მოიყვანს. აღმოჩნდება, რომ ყველაფერი სიზმარში მოსჩვენებიათ, არც სარძლო ჰყავთ და არც ღვინო და პური გააჩნიათ ქორწილის გადასახდელად. ამ ამბავმა ძმებს გული არ გაუტეხა და შეუდგნენ ბჭობას ახალი საქმის შესახებ — გაედოთ ხიდი ადიდებულ მდინარეზე, რომელიც ხალხსა და საქონელს ახრჩობდა. ამჯერად მოხუცი მამა გამოაფხიზლებთ და გაირკვევა, რომ არც მდინარე არსებობს. ამასობაში კი მათ ვენახში სხვას გაუმართავს რთველი და ყურძნის დასაწურადაც ძმების მარანს იყენებს. მამაც იმავეს უსაყვედურებს შვილებს, რასაც დედა, რომ სიზმარს და ცხადს ვერ არჩევენ ერთმანეთისგან. სანამ ძმები გამოგონილ საფრთხეებთან გამკლავებაზე ბჭობენ, მათი სახლი ცეცხლში გაეხვევა. როდესაც მტირალი მშობლები მოადგებიან, „რა ღმერთი გაგწყრომიათ! წაიღო ჩვენი ბეჩაობა ეშმაკმაო!..“ [ვაჟა-ფშაველა, 1964 B: 236], მაშინღა დაინახავენ, რაც ხდება, თუმცა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდება. მხოლოდ ორი ბოძი დახვდებათ მათ, დედ-მამის მიერ გადარჩენილი. მშობლებს ჩიქილის ტოტითა და ქუდით უზიდიათ  წყალი ცეცხლის ჩასაქრობად, რაც სიმბოლურ-ალეგორიულია და წინაპრების, ქართველი ქალისა და კაცის ღირსებას უსვამს ხაზს.

ძმებს არც ეს  განსაცდელი გაუტეხს გულს და სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტენ. გზაში მალევე გადაეყრებიან ხიფათს, რომლის წინაშეც ისინი სრულიად მოუმზადებელნი აღმოჩნდებიან და დაიფანტებიან. სახლში კვნესით დაბრუნებულები ღამეს ტანჯვაში გაატარებენ, დილით კი ერემი და სერემი მხიარულ გუნებაზე გაიღვიძებენ, ფრიად კარგი სიზმრები ვნახეთო. ნიშანდობლივია, რომ ძმები ვერ აანალიზებენ ნანახს სწორად და, მათი ცუდი დასასრულის მიუხედავად, ბედნიერების მომასწავებლად   მიიჩნევენ. მესამე ძმის სიზმარში ისინი აფრიკაში, უდაბნოში არიან. აქ შეხვდებიან უზარმაზარ კოჭლ დევს — „თქვენ ერემ-სერემ-სურემი არა ბრძანდებით, დიდთა გამოჩენილ გმირთა ჩამომავალნი? თქვენმა მამა-პაპამ დიდი ზიანი მისცა ჩემს მამა-პაპას და ახლა კაი დროს მოგატანეთ აქა. ... აფსუს, ბადრისა და უსუპის ჯიშო, როგორ წამხდარხართ და გაფუჭებულხართ! შეგარცხვინათ ღმერთმაო!..“[ვაჟა-ფშაველა, 1964 B: 241]. ძმები დიდ ჭაობში აღმოჩნდებიან, ტანზე ბაყაყები დასდით. ამ ტანჯვა-წამებაში გამოეღვიძება სურემს. „— შენ, ერემო, იქითკენ იჯექი ქვაზე, ტანიდან ჩირქი გდიოდა და ძაღლები გლოკავდნენ ამ ჩირქსა. შენმა ყოფამ მრავალტანჯული იობის მდგომარეობა მომაგონა“ [ვაჟა-ფშაველა, 1964 B: 242], − ეტყვის უფროს ძმას სურემი.

ბიბლიის მიხედვით, იობს ყველაფერი წაერთმევა, რაც კი გააჩნდა. მისი ბოლო  განსაცდელი ამგვარია: „გავიდა სატანა უფლისაგან და შეჰყარა იობს საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე. აიღო იობმა კეცის ნატეხი მოსაქავებლად და ნაცარში ჩაჯდა“ [იობ. 2:7-8]. ზურაბ კიკნაძე აღნიშნავს, რომ „იობის“ წიგნში განსაცდელი საკვანძო კონცეპტია. იგი ტექსტის მთლიანობაში და მის სიუჟეტშია განფენილი. იობი აუტანელი განსაცდელის მსხვერპლი აღმოჩნდება, მაგრამ იგი ამ განსაცდელიდან გამარჯვებული გამოვა (კიკნაძე, 2017). ერემის შედარება იობთან არაა მხოლოდ გმირის ტანჯვის გადმოცემის საშუალება. მას უფრო ღრმა ქვეტექსტი აქვს, ეს არის მწერლის იმედი, რომ, ამ ბიბლიური პერსონაჟის მსგავსად, საქართველოც განსაცდელიდან გამარჯვებული გამოვა —  „იცოცხლა ამის შემდეგ იობმა ასორმოცი წელი და მოესწრო თავის შვილებს და შვილთაშვილებს მეოთხე თაობაში“ [იობ. 42:16]. იობის მხატვრული სახის ამგვარ გააზრებას ვხვდებით 1899 წელს გამოქვეყნებულ აკაკი წერეთლის მოთხრობაშიც „კუდაბზიკეთი“: „− ხელს ვით ავიღებ შენს წილ-ხვედრზედა?... მხოლოდ გამოვსცდი იობის განსაცდელითა, რომ უმეტესად გავჰკურნო და ავამაღლო!“ [წერეთელი, 1985: 513], − ეუბნება იესო  ღვთისმშობელს.

უდაბნო უნაყოფობის, უკაცრიელობისა და მიუსაფრობის სიმბოლოა. ქრისტიანობაში მას სხვა დატვირთვაც აქვს. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია ღმერთი შეიცნოს და მისი ხმა გაიგონოს. უდაბნო არის თეოფანიის ადგილი. უდაბნოში გამოიცდება იესო ეშმაკის მიერ (აბზიანიძე..., 2011). სურემის სიზმარში უდაბნოს ინტერპრეტაცია, კონტექსტის მიხედვით, შემდეგნაირად შეგვიძლია: „ბადრისა და უსუპის ჯიშისათვის“ ეს სრულიად ახალი და უცხო სივრცე მიუთითებს მათ დაბნეულობაზე, სამომავლო გეგმის, სტრატეგიის არქონაზე: „გზა დავკარგეთ და ვხეტიალობდით უგზო-უკვლოდ ჟამ-კარ-არევ-გადარეულნი“ [ვაჟა-ფშაველა, 1964 B: 241], —  ამბობს გმირი. უდაბნო ალეგორიულად განასახიერებს ისტორიულ დროს, როდესაც ქართველები აღმოჩნდნენ უდიდესი განსაცდელის წინაშე, როდესაც ქვეყანას დაკარგული ჰქონდა კონკრეტული მიზნისკენ სავალი გზა და სტიქიურად იბრძოდა გადარჩენისთვის: „— ოღონდ ნუ დაგვხოც და როგორც გენებოთ, გვტანჯე და გვგვემეო“ [ვაჟა-ფშაველა, 1964 B: 241], — ევედრებიან ძმები დევს.

ქრისტიანულ ცნობიერებაში ბაყაყთა ურიცხვი სიმრავლე, მუმლის მაგვარად, აღქმულია, როგორც „გვემანი ეგვიპტისანი“. გამოცხადებაში ბაყაყი მიჩნეულია უწმინდურ არსებად და მწვალებლობას განასახიერებს“ [აბზიანიძე..., 2011: 38]. უდაბნოს, როგორც მიუსაფრობისა და განსაცდელის სახე-სიმბოლოდ გააზრება, ხოლო ბაყაყების — ტანჯვისა და გვემისად,  არაა უცხო ვაჟა-ფშაველას მხატვრული აზროვნებისათვის. ეს ორი სახე ერთადაა წარმოდგენილი ლექსში „სიზმარი სასოწარკვეთილისა“: „სიზმარი ვნახე: წამიღო / ადევებულმა მდინარემ, / ტალღების გადატყორცილი / მიმიღო მხარემ მძინარემ. / გულს მიკლავს უდაბნოშია / ერთი — გრიალი ქარისა, / მეორე — განუწყვეტელი / ყიყინი ბაყაყთ ჯარისა, / მესამე — მკვდართა ძახილი... / მოარულთ შუაღამისა“ [ვაჟა-ფშაველა, 1964 A: 76]. ერემ-სერემ-სურემის ბაყაყებითა და მწერებით წვალება, მათი ფიზიკური ტანჯვა ალეგორიაა ქართველების სულიერი კრიზისისა, უდაბნო კი —  განსაცდელისა, რომელმაც, იობის მსგავსად, უფრო უნდა აამაღლოს და გააძლიეროს ერი, რასაც ხაზს უსვამს თხზულების დამამთავრებელი ფრაზაც: „იქნება ერთმანეთი კიდევ ვიპოვოთ და მაშინ კი ადვილად ვეღარ გავიმეტებთ ერთი-მეორეს დასაკარგავად, დასაღუპავად“ [ვაჟა-ფშაველა, 1964 B: 244].

სურემი გვიამბობს: იმ დროს ჩვენი ქვეყანა თათარს ეჭირა, მერე საიდანღაც კოჭლი დევი გამოჩნდა და გააგდო იგი, მაგრამ ჩვენც იმას ჩავუცვივდით ხელში. დავთრებდაფანტულები და გზაკვალარეულები რომ დაგვინახა, ყურით მოგვაგროვა ერთად, მე მოგაჭკვიანებთო. მე ულმობელ ვაჭართან დამაყენა მოჯამაგირედ, ჯამაგირს კი თვითონ იღებს. ჩემი ძმებისგან გულსაკლავი წერილები მომდის: „კოჭლი დევი ერთს უზარმაზარ კოშკს აშენებს, სწორედ ბაბილონის გოდოლის მსგავსს, ცაში ასასვლელად, და რიყიდან ამის ქვას სულ ჩვენ გვაზიდვინებს, დაგვწყვიტა წელები: ლამის თავები დავიხოცოთ, მაგრამ ამასაც ვერ ვახერხებთ, ისე ფხიზლად გვადევნებს თვალყურს. ნეტავი, ძმაო სურემო, ჭკუაზე მოვქცეულიყავით, ერთმანეთისათვის ზურგი მიგვეცა, იქნება ეს უბედურება არ დაგვტეხოდა თავზეო“ [ვაჟა-ფშაველა, 1964 B: 244]. ალეგორია ნათელია. კოჭლი დევი განასახიერებს რუსეთის იმპერიას. მწერალი გვიჩვენებს, როგორ დაიხსნა მან საქართველო სპარსეთისა თუ ოსმალეთისგან და თვითონ შემოიერთა.

ვაჟა-ფშაველამ რუსეთის მომავალი  ბაბილონის გოდოლთან —  ადამიანის ქედმაღლობისა და მკრეხელობის სიმბოლოსთან დააკავშირა. ალბერ კამიუ წიგნში „ამბოხებული ადამიანი“ ახალი რელიგიის წინასწარმეტყველს უწოდებს ფიოდორ დოსტოევსკის, რომელმაც რუსეთის მომავალი პოლიტიკურ-რელიგიური ცხოვრება სოციალიზმთან და ათეიზმთან დააკავშირა, ამით კი მანაც ბაბილონის გოდოლის საკითხი დასვა: „სოციალიზმი მხოლოდ მუშებს როდი ეხება, ეს უფრო ათეიზმის საკითხია, მისი თანამედროვე განსახიერების საკითხი, ბაბილონის გოდოლის საკითხი, რომელიც ღმერთის გარეშე იგებოდა არა მიწიდან ზეცის მისაღწევად, არამედ ზეცის მიწაზე დასაშვებად“ [კამიუ, 2019: 85]. განსახილველ ტექსტშიც ვაჟა-ფშაველას ეს მხატვრული სახე წინასწარმეტყველურია და განჭვრეტს XX საუკუნის პოლიტიკურ-იდეოლოგიურ პროცესებს.

უნდა შევეხოთ კიდევ ერთ საკითხს – რატომ არის დევი კოჭლი? ვაჟა-ფშაველა პუბლიცისტურ წერილში „ვინ არის მართალი?“ (1905 წ.) ღიად აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებსაც მტკიცედ სწამთ რუსეთის უზენაესი ძლიერება, მოსწონთ მისი პოლიტიკა; მწერალი პირდაპირ ეუბნება მკითხველს, თუ რა პრინციპით ხელმძღვანელობენ მისი მეთაურები: „ამ ზემოთ აღნიშნულ ჯურის განათლებულთ მტკიცედ სწამთ, ჯერ ერთი, ისა, რომ რუსეთი ძალიან და ძალიან ძლიერი სახელმწიფოა, — ისეა მოწყობილი მისი შინაური საქმეები, არაფერს ცვლილებას არა საჭიროებენ. ... — რაც შეიძლება მეტი მიწა-წყალი შევიძინოთ, მეტი ქვეყნები დავიპყრათ, დავიმორჩილოთ, მოვლა და მოწყობა ამ ქვეყნებისა კი ღმერთზე მივაგდოთო. რუსის ხიშტი, რუსის სალდათი ყოვლის შემძლებელია, გინდ მშიერი იყოს, გინდ მაძღარი, გინდ ნასწავლი, გინდ უსწავლი და სხვადასხვა“ [ვაჟა-ფშაველა, 1964 D: 245]. მწერლის აზრით, ამ რწმენის ხალხი მხოლოდ რუსეთში კი არა, ჩვენს ქვეყანაშიც იყო. წერილის შესავალში იგი ნათლად გამოკვეთს ამ „ზნეობრივი და გონებრივი სიმახინჯის“ [ვაჟა-ფშაველა, 1964 D: 245] არეალს: „ჩვენში და რუსეთში ჯერაც არ გამოლეულა იმისთანა განათლებული, შავს რომ თეთრს უწოდებს და თეთრად მიაჩნია და თეთრს — შავად“ [ვაჟა-ფშაველა, 1964 D: 245]. „ერემ-სერემ-სურემიანში“ დევის სიკოჭლეს ილია ჭავჭავაძის მიერ „მგზავრის წერილებში“ დახატული პოვოსკის ანალოგიური ქვეტექსტი აქვს. ორივე მწერალი მიუთითებს რუსეთის სახელმწიფოს მოუწყობლობასა და  არაპროგრესულობაზე.

თხზულების  ბოლოს სურემი იწყებს ძმების შეცდომების გაანალიზებას. დიდმა ტანჯვამ და განსაცდელმა მას სინამდვილის აღქმის უნარი დაუბრუნა, რაც არაა შემთხვევითი. მოთხრობაში „სოფლის სურათები“ ვაჟა-ფშაველა ასე ახასიათებს სოფელს: „ეს ზღვა როდის ჰღელავს? მაშინ, როცა სოფლის სიცოცხლე, მისი არსებობა ფათერაკში ვარდება; სოფელი მაშინ აიცქვეტს ყურებს, მაშინ დაიწყებს ტორტმანს, ფიქრს, პირველად მაშინ წამოიძახებს ძალაუნებურად: „რათა, რისთვინაო, ჩემო ძმაო?! მაშ სოფელი უნდა დაიღუპოს? ... ეს „რათა“, „რისთვინა“ მიზეზის ძებნას მოასწავებს და ვინც ამ სიტყვას ხშირად იგონებს თავის მდგომარეობის შესახებ და კარგად შეიგნებს, კაცია თუ სოფელი, იგი არ იღუპება“ [ვაჟა-ფშაველა, 1964 B: 270]. 1902 წელს დაწერილ პუბლიცისტურ წერილში „ფიქრები“ მწერალი ხაზს უსვამს განსჯის, ანალიზის მნიშვნელობას: „ადამიანის ფიქრის ერთი საქებური თვისება — მოვლენათა მიზეზის ძიებაა. როცა ადამიანის ფიქრი კითხულობს: „რადა? რისთვის? საიდან და როგორ?!“ ეს ნიშანია ადამიანის კეთილგონიერებისა“ [ვაჟა-ფშაველა, 1964 D: 208]. ერემ-სერემ-სურემსაც მძიმე განსაცდელმა დააწყებინა მიზანმიმართული განსჯა და ძიება თავისუფლების დაკარგვის მიზეზისა. ეს კეთილგონიერება მწერლისათვის არის გზა, რომლითაც შეუძლია ერს თავის აღდგენა.

„ჩემი მოგზაურობა ერემ-სერემ-სურემიანეთში“ უთარიღო ნაწარმოებია, რომელიც არ გამოქვეყნებულა მწერლის სიცოცხლეში. ვაჟა-ფშაველას თხზულებათა გამომცემელს ალ. აბაშელს ეს უკანასკნელი გამოქვეყნებული აქვს როგორც „ერემ-სერემ-სურემიანის“ ვარიანტი, ხოლო 1964 წელს გამოცემულ ვაჟა-ფშაველას თხზულებათა ათტომეულში იგი დამოუკიდებელ ნაწარმოებად არის დაბეჭდილი, რაც, ტექსტის სიუჟეტურ-თემატური შინაარსის გათვალისწინებით, მართებულია. ამ ორ თხზულებას სრულიად განსხვავებული ნარატივი აქვს, თუმცა, „ჩემი მოგზაურობა ერემ-სერემ-სურემიანში“ აგრძელებს „ერემ-სერემ-სურემიანის“ ამბავს; შეცვლილია თხრობის რაკურსი, ერემი, სერემი და სურემი უკვე ისტორიის ნაწილი არიან, ახლა მათი შთამომავლების ყოფა-ცხოვრება უნდა გაგვაცნოს მწერალმა. ამ ორ ტექსტს აქვს დამოუკიდებელი თემა და იდეა და გამაერთიანებელი შინაარსობრივ-კონცეპტუალური ხაზი.

თხზულება მოგვითხრობს გამოგონილი ქვეყნის, მისი სოფლებისა და ხალხის შესახებ. ეროვნულ-ისტორიული გაგებით, ეს ანტიუტოპიური ტექსტია, მიმართული იმ აზრის წინააღმდეგ, რომ ქართველ ერს მართმადიდებელი რუსეთის მფარველობისა თუ ბატონობის ქვეშ მშვიდობიანად უნდა ეცხოვრა. თხზულება იწყება პრობლემით, რომ ქვეყანას, რომლის შესახებაც მოგზაურს სურს, გვიამბოს, აღარ გააჩნია ნამდვილი სახელი: „ამ ქვეყნის სახელს თქვენ ვერც ერთს რუქაში ვერ იპოვით, რადგან თავისი სახელიც კი, ნამდვილი სახელი, დაუკარგეს ჯადოქრებმა, ვითომც არც კი არსებობს. ...   მეტიღა ხერხი შაიძლება კაცის, ადამიანიშვილის გასაბეჩავებლად მოგონილი: გადაეკიდო ცოცხალს ადამიანს და ეუბნებოდე, აღარა ხარ, მკვდარი ხარო?!“ [ვაჟა-ფშაველა, 1964 C: 201]. მთხრობელს ანგელოზი გამოეცხადება და დაავალებს, სანამ მთლიანად არ გაუმტვერებიათ,  აღწეროს ერემ-სერემ-სურემიანეთი, რომელიც მთით და ბარით, ვენახებით, სახნავ-სათესით, კარგი წყლით და მშვენიერი ჰავით შემკული ქვეყანაა.  მოგზაური ერთ სოფელში რამდენიმე კაცს შეკრებს და დაუწყებს გამოკითხვას მათი ყოფა-ცხოვრების შესახებ. გაირკვევა, რომ ერემ-სერემ-სურემიანეთში კუდიანი, ჯადოქარი ხალხი გაჩენილა და ხელიდან აცლიან სარჩოს. მამულები და სახნავ-სათესებიც მათ ჰქონიათ დაგირავებული. ერთ-ერთი ასეთი ჯადოქარი არის ვაჭარი, რომელიც ქალს ოჯახიდან მოპარული პურის სანაცვლოდ ფერუმარილს აძლევს.

სოფლის მცხოვრებლები მოგზაურთან საუბარში ავლენენ გულუბრყვილობას, ლმობიერებას, რომლის უკანაც მათი უსუსურობა და უმოქმედობაა. მწერალი გვიჩვენებს, რომ უბრალო ადამიანები იმჟამინდელმა ცხოვრების წესმა, დასჯისა და გადასახლების შიშმა იმდენად დააბეჩავა, რომ არათუ რაიმე იდეისთვის ბრძოლის ძალა არ გააჩნიათ, არამედ საკუთარი თავის, სიცოცხლის უფლების დაცვაზეც კი ხელი აქვთ აღებული. ამის შემდეგ მოთხრობაში დაისმის ახალი საკითხი — ქართველი კაცი აღარ იბრძვის საკუთარი ღირსების, სიცოცხლისა და მიწის დასაცავად არა მხოლოდ იმიტომ, რომ დამპყრობლის დამსჯელობითმა პოლიტიკამ გატეხა მისი პიროვნული ძალები, არამედ იმიტომაც, რომ რუსეთმა ნაწილობლივ მოახერხა, დაევიწყებინა მისთვის, ვინ არის იგი, ვისი შთამომავალია და, შესაბამისად, რისთვის უნდა იბრძოლოს. ნაწარმოებში შემოდის განათლების საკითხიც, რისი მეშვეობითაც სისტემა ებრძოდა მშობლიურ ენასა და ისტორიას. ამ თვალსაზრისითაც ვაჟა-ფშაველა სამოციანელების აზრის გამგრძელებელია. გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის წერილი — „ოსმალოს საქართველო“: „ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა“ [ჭავჭავაძე, 1987: 7]. ვაჟა-ფშაველას თხზულებაში ისტორიული ნაშთების მნიშვნელობის უცოდინრობა ალეგორიაა მთლიანად საქართველოს წარსულის არცოდნისა. უპატრონოდ მიტოვებული ისტორიული ნაშთებით მწერალი ქმნის დავიწყებული ისტორიულ-კულტურული ფასეულობების სიმბოლოს. ამ ეპიზოდში სოფლელთა მიერ ერთი დანგრეული ტაძრის მიმართ გულუბრყვილოდ ნათქვამი ანდაზა — „უანგელოზოს საყდარსა ეშმაკი დაჰპატრონდებაო“, იძენს ფართო შინაარსს და მიანიშნებს მთელი ქვეყნის არსებით მდგომარეობაზე.

ეს პრობლემა აქტუალურ ლიტერატურულ პროცესშიც აირეკლა.  დათო ტურაშვილი წიგნში „იყო და არა იყო რა“, რომელიც დოკუმენტური პროზის ჟანრს მიეკუთნება, 1918 წელს მოპოვებულ დამოუკიდებლობას ადარებს 1990 წელს მეორედ დაბრუნებულ თავისუფლებას. მწერალს მნიშვნელოვან განსხვავებად მიაჩნია ფაქტი, რომ XX საუკუნის დასაწყისში ხელისუფლებაში მოსულმა სოციალ-დემოკრატებმა საქართველოს ისტორია არ იცოდნენ. შესაბამისად, არ არის მოულოდნელი, რომ მათ არც  ჰქონიათ მიზნად ერის  რუსეთისგან გათავისუფლება. ამის მაგალითად მწერალი იხსენებს რევაზ გაბაშვილის მოგონებათა წიგნიდან ეპიზოდს, რომელსაც ავტორი თავად შესწრებია: კედელზე გაკრულ რუკასთან პავლე ინგოროყვა ჯოხით აჩვენებდა ერთ-ერთ მინისტრს კახეთს და თან საქართველოს ისტორიას უყვებოდა, ის მინისტრი კი გაკვირვებული და გახარებული შლიდა ხელებს: „კაი დიდი ქვეყანა კი ყოფილა ეს კახეთიო“ [ტურაშვილი, 2016: 144].  ეს მოგონება და მისი რეფლექსია თანამედროვე ისტორიულ-ლიტერატურულ დისკურსში კიდევ ერთხელ აცხადებს სამოციანელებისა და ვაჟა-ფშაველას შორსმჭვრეტელობას იმის შესახებ, თუ რა მოჰყვებოდა შედეგად ერის უმეცრებასა და გულგრილობას.

მოგზაური ასამდე სოფელს შემოივლის. ბოლოს უცხო დაბაში მივა. იგი განსწავლულ ადამიანებს მოიკითხავს, რაზეც ხალხი პასუხობს, რომ ესეთი განათლებული ადგილი არსად იქნება სხვაგან, „ორს კაცზე თითო „ჩინონიკი“ მოდისო“ [ვაჟა-ფშაველა, 1964 C: 212]. ეს ადგილი რემინისცენციაა ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილების“ ერთი ეპიზოდისა, რომელშიც რუსი ოფიცერი ქვეყნის ცივილიზაციას გენერლების რაოდენობით ზომავს: „— ... თქვენში ცივილიზაცია როგორ მიდის? ... რამდენი გენერლები გეყოლებათ თქვენ, ქართველებს?“ [ჭავჭავაძე, 1985: 14]. მოთხრობის ბოლოს ვეცნობით სწავლულს, რომელიც დურბინდით ზეცაში იყურება და ასე ცდილობს ქვეყნის მომავლის დანახვას. ეს არის სახე ქართველი ინტელიგენციისა, რომელმაც, მწერლის აზრით, პრაქტიკულად ვერასდროს არგო ქვეყანას როგორც საჭირო იყო: „დიაღ, მაშინდელმა ინტელიგენციამ ვერ მოუარა თავის ერს, როგორც მისი სარგებლობა მოითხოვდა (ან კი როდის მოვუარეთ?), ვერ დააყენა საქმე ისე, როგორც გამოსადეგი იყო ჩვენთვის“ [ვაჟა-ფშაველა, 1964 D: 283][1]. განშორდებიან მეცნიერსაც და გასწევენ ერემ-სერემ-სურემიანეთის მთავარი ქალაქისკენ. მოგზაურს ისევ ანგელოზი მიუძღვება, რომელიც თავდახრილი და შეწუხებულია. ასე მთავრდება ეს უთარიღო მოთხრობა. „...სოფლის შუაგულს წყარო იყო, წესიერად მარტო ის მომდინარებდა“ [ვაჟა-ფშაველა, 1964 C: 209] — ამ ეპიზოდში წყარო მოჩანს როგორც მომავლის რწმენის სიმბოლო, თუმცა, „ერემ-სერემ-სურემიანისგან“ განსხვავებით, აქ არ ჩანს, რა აძლევს მწერალს იმედის საფუძველს.

„ერემ-სერემ-სურემიანში“ ვაჟა-ფშაველა ალეგორიულად ხატავს საქართველოს ანექსიამდელ პერიოდს, თუ რამ მიიყვანა ქართველები იმ მდგომარეობამდე, რომ მეფის რუსეთმა ადვილად აქცია საქართველო თავისი იმპერიის ნაწილად. ეს არის ხანა ქართველ ერზე მტრის მომრავლებისა და მომძლავრებისა, პარალელურად — ქვეყნის შიდა დაპირისპირებებისა, რამაც საბოლოოდ შეუძლებელი გახადა დამოუკიდებლობის შენარჩუნება; ხოლო თხზულებაში „ჩემი მოგზაურობა ერემ-სერემ-სურემიანეთში“ მწერალი აჩვენებს,  როგორ ცხოვრობს ქართველი ხალხი დამპყრობლის მმართველობის ქვეშ. ვაჟა-ფშაველა, როგორც სამოციანელთა მსოფლმხედველობისა და რეალიზმის პრინციპების გამგრძელებელი, ამხელს არა მხოლოდ მტერს, არამედ, მას, პირველ რიგში, სურს, ქართველები ჩაახედოს იმ სარკეში, რომლითაც ილია ჭავჭავაძე ცდილობდა ერის გამოფხიზლებას. ნიშანდობლივია, რომ ორივე თხზულებაში ვაჟა-ფშაველა იყენებს სწორედ სატირას, როგორც კრიტიკის საშუალებას.

„ერემ-სერემ-სურემიანეთში“ ნაჩვენებია, რომ ერის მოუმზადებლობამ, წინდაუხედაობამ და ურთიერთქიშპმა საქართველო იმდენად დაასუსტა, რომ აღარ შეეძლო დაპირისპირებოდა მტრებს, რომელთაც საუკუნეების მანძილზე ებრძოდა. შესაბამისად, რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლასა და შემდეგ ანექსიას ისტორიულ გარდაუვალობად გვიხატავს ავტორი.  გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ერეკლე მეფე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, ვაჟა-ფშაველას თავის შემოქმედებაში საქართველოს მოამაგედ ჰყავს დახატული („შალვას ნანახი ხატი“), ისევე, როგორც სამოციანელთა შემოქმედებაშიც − იაკობ გოგებაშვილის, აკაკი წერეთლის მოთხრობებში − ვხვდებით ერეკლე მეფის გმირულ და თავდადებულ სახეს.  სწრაფვა ერის უკეთესი მომავლისკენ და იმ მძიმე შედეგების გაცნობიერება, რომლებიც დამოუკიდებლობის დაკარგვამ და უცხო ქვეყნის მბრძანებლობის ქვეშ ყოფნამ მოუტანა საქართველოს, ილია ჭავჭავაძეს ხელს არ უშლის, რომ მისთვის ჩვეული დინჯი და რაციონალური მსჯელობით ახსნას და განსაჯოს XVIII-XIX საუკუნეების გარდამავალი პერიოდის ისტორიული მოვლენები და მისი შედეგი. იგი თავის ნაშრომში „წერილები ქართულ ლიტერატურაზე“ (1892 წ.) გარკვევით გამოთქვამს თავის პოზიციას ზემოთ აღნიშნულ საკითხზე: „მეთვრამეტე საუკუნის ვაი-ვაგლახმა და მეცხრამეტის პირველ წლების წეწვა-გლეჯამ ჩვენი ერი მოჰღალა, ქანცი გაუწყვიტა, თავის-თავის იმედი დააკარგვინა. როცა შემთხვევა მიეცა, თავი თითქოს მოსვენებას მისცა, ...ხანგრძლივ შფოთებს შემდეგ სვენება უპრიანია, როგორც ცალკე კაცისათვის, ისეც მთელი ერისათვის“ [ჭავჭავაძე, 1986: 182]. იმავე აზრს გამოთქვამს აკაკი წერეთელი 1897 წელს გამოქვეყნებულ მოთხრობაში „ქართული ფულის თავგადასავალი“: „მრავალი საუკუნეების განმავლობაში მოუსვენრობამ და გმირულმა გარჯამ დაღალა საქართველო. ამ ბოლო დროს ძილს მისცა თავი, რომ დაღალულობა მოეხადა. ეს ხომ მსოფლიო კანონია!“ [წერეთელი, 1985:459]. მოსაზრება, რომ ერს აღარ ჰქონდა დამოუკიდებლად არსებობისა და ქმნადობის ძალა, XX საუკუნის მოღვაწეებსაც გამოუთქვამთ. ტიციან ტაბიძე ახალი ქართული ლიტერატურის შესახებ დაწერილ ნარკვევში აღნიშნავს, რომ „ფეოდალური საქართველოს დასასრული ობიექტური გარემოებებით იყო შემზადებული. საქართველოს არ შეეძლო შინაგანად თავის თავში შეეცვალა ფეოდალური წესრიგი; ბატონიშვილები და დიდი ფეოდალები ურთიერთს მტრობდნენ. შინააშლილობა ანგრევდა სამეფოს“ [ტაბიძე, 2008: 19]. „ერემ-სერემ-სურემიანში“ მხატვრულად გამოვლენილი ნააზრევით, ვაჟა-ფშაველა ეთანხმება ხსენებულ მწერლებს.

ვაჟა-ფშაველას მხატვრულ პროზაში ვხვდებით ტირანიის ალეგორიულ სახეებს (დევი, დათვი), რომლებშიც მკითხველი ადვილად ამოიცნობს რუსეთის იმპერიას. მწერალი პუბლიცისტურ წერილებშიც ხშირად აკრიტიკებს და ამხელს საქართველოს დამპყრობელს და მის მომხრე ქართველებს. ვაჟა-ფშაველამ ასახა საქართველოს რუსეთთან შეერთების მძიმე სოციალური შედეგებიც: ზნეობრივ-მორალური დაბეჩავება, გაუნათლებლობა. მწერალი ასევე ხატავს პიროვნული ძალის მქონე ლიდერებს, რომლებიც ერს უზიარებენ ცოდნას, გამოცდილებას, ასწავლიან სიძნელეების გადალახვასა და ხალხის სიბნელიდან სინათლეზე გამოყვანას ცდილობენ („დათვი“, „წისქვილი“). განხილულ თხზულებებში ვაჟა-ფშაველა სამოციანელთა ტრადიციულ აზრს მიჰყვება. მხატვრული თვალსაზრისითაც შესამჩნევია მათი გავლენა მწერალზე, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია, ამგვარ ტექსტებშიც კი იცვლება ქართული ლიტერატურის მხატვრული პარადიგმა − იგი თავისუფლდება აშკარა მორალიზებისგან; ეროვნულ-სოციალური ალეგორია ხდება მაღალმხატვრული და მასში ჩნდება ვაჟა-ფშაველასთვის ნიშანდობლივი მითისქმნადობა.

 

[1] როგორ უნდა ერგო ინტელიგენციას ერისათვის, ეს ვაჟა-ფშაველამ მხატვრულად გვიჩვენა თხზულებებში − „დათვი“, „წისქვილი“. იხ. სტატია: „ვაჟა-ფშაველას ზღაპრის —,,წისქვილი“, სიმბოლურ-ალეგორიული ინტერპრეტაცია“; ბმული: http://www.spekali.tsu.ge/index.php/en/article/viewArticle/13/205/

ლიტერატურა

აბზიანიძე ზ.
2011
სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია, ტ. I
ბიბლია
1989
ბიბლია, თბილისი.
ვაჟა-ფშაველა
1964
თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ. I. თბილისი.
ვაჟა-ფშაველა
1964
თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ. V. თბილისი.
ვაჟა-ფშაველა
1964
თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ. VII. თბილისი.
ვაჟა-ფშაველა
1964
თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ. IX. თბილისი.
კამიუ ალ.
2019
ამბოხებული ადამიანი, თბილისი.
კიკნაძე ზ.
2017
„შორის კეთილისა და ბოროტისა“, ჟ. „გული გონიერი“, N 17, თბილისი.
ტაბიძე ტ.
2008
ახალი ქართული ლიტერატურა, თბილისი.
ტურაშვილი დ.
2016
იყო და არა იყო რა, თბილისი.
ქართული...
1992
ქართული მწერლობა. თბილისი.
წერეთელი აკ.
1985
ქართული პროზა, ტ IX, თბილისი.
ჭავჭავაძე ილ.
1985
ხუთტომეული, ტ. II, მოთხრობები, თბილისი.
ჭავჭავაძე ილ.
1986
ხუთტომეული, ტ. III, წერილები, თბილისი.
ჭავჭავაძე ილ.
1987
ხუთტომეული, ტ. IV, წერილები, თბილისი.