ფენტეზის ჟანრისა და რელიგიის ურთიერთმიმართება (ჯ. როულინგის, ჯ.რ.რ. მარტინისა და ჯ.რ.რ. ტოლკინის ნაწარმოებების მიხედვით)

DOI:  10.55804/jtsu-1987-8583-15-6

ფენტეზი  ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ჟანრია ლიტერატურაში. დღესდღეობით ზღაპრულობის ბრალდებასთან ერთად, მის მიმართ ხშირია პრეტენზიები რელიგიური კუთხით: რამდენად მაღალზნეობრივი ფასეულობების მატარებელია ესა თუ ის ტექსტი? ხომ არ არის იმდენად მიუღებელი, რომ სასურველი (ან, საერთოდაც,  აუცილებელი) იყოს მისი აკრძალვა? მოცემული სტატია წარმოადგენს ვრცელ პასუხს ამ შეკითხვებზე, ემპირიულ მასალად კი ვიყენებთ სამი უდიდესი და ყველაზე ცნობილი ფანტასტი  მწერლის - ჯ. როულინგის, ჯ. რ.რ. მარტინისა და ჯ.რ. რ. ტოლკინის - რომანებს.

ზოგადად, ფენტეზის ჟანრის შესახებ კოლოსალური მოცულობის თეორიული მასალა არსებობს, მეტწილად უცხოურ ენებზე. აკადემიური ინტერესი ამ ჟანრის მიმართ ჩვენს ქვეყანაშიც დიდია. არსებობს დისერტაციები სტივენ კინგის რომანებზე. გარდა ამისა, ლევან ბერძენიშვილის სტატია „ფენტეზი ჩვენი არსობისა“ მთლიანად ეხება ამ ჟანრს, მაგრამ კონკრეტულად ეს სამი ავტორი საქართველოში სიღრმისეულად ჯერ არავის შეუსწავლია, მით უმეტეს, სამივეს შემოქმედება ერთდროულად, საერთო ჭრილში არავის განუხილავს.  სწორედ ამაში მდგომარეობს წინამდებარე კვლევის სიახლე. ნაშრომში დასკვნები მიღებულია სამი მწერლის შემოქმედების ანალიზის, მათ შორის გავლებული პარალელებისა და გამოვლენილი მსგავსება-განსხვავებების საფუძველზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, რადგან რომანი „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ ჯერ კიდევ დაუსრულებელია, ამიტომ კვლევები ამ საგაზე ავტორის სამშობლოშიც საკმაოდ მწირია.  თითქმის არ იძებნება ლექციები და სტატიები,  როცა წიგნის გახმაურებულ ეკრანიზაციას  აქტიურად განიხილავენ კრიტიკოსები. ვინაიდან ჩვენი ინტერესის საგანი ლიტერატურული ტექსტებია, სტატიაში არ განვიხილავთ ამ უკანასკნელს. 

ჯოან როულინგი თავის თანამედროვე ბრიტანელებს წარმოგვიდგენს, ე. ი. პერსონაჟები აღმსარებლობით უმეტესად ქრისტიანები არიან. როგორც ავტორმა განაცხადა, მას ბოლომდე არ სურდა, რელიგიური სიმბოლიკა შეეტანა რომანში, რათა დროზე ადრე არ ახდოდა ფარდა რომელიმე საიდუმლოს, ამიტომ მწერალს რელიგია მეშვიდე წიგნამდე წინა პლანზე არ წამოუწევია, თუმცა ის იქ ნამდვილად ფიგურირებდა.  

ამ აზრს იზიარებს რუსი  თეოლოგი ანდრეი კურაევი [Кураев, ინტერნეტრესურსი 7]. მისი თქმით, სერიის პირველ ექვს წიგნში ღმერთის არსებობაზე თითქოს მხოლოდ სასხვათაშორისო მინიშნებები კეთდება, თუმცა აქ უფალი სიმბოლურია, რადგან იგი არ ერევა მიმდინარე მოვლენებში, მისი ნება არსადაა ხაზგასმული. დიაკვანი კურაევი არ მალავს, რომ შვიდწიგნეულის გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმის გამო რომანის მიმართ წინასწარ უარყოფითად განეწყო და მისი კითხვა მკაცრი ინკვიზიტორის თვალით დაიწყო, თუმცა კითხვის პროცესში აღმოაჩინა, რომ ეს არის კეთილი ზღაპარი ჯადოქრებზე (ჯადოქრობის ელემენტები თითქმის ყველა ზღაპარშია, თუმცა, მაგალითად, „კონკიას“ გამოცხადება აკრძალულ ტექსტად აზრად არავის მოსვლია). ჰოგვორტსის სკოლაში სულებს არავინ იძახებს, გაკვეთილებზე არ ტარდება შავი მაგიის სისხლიანი რიტუალები. ამ ხერხებს მარტო ვოლდემორი და მისი მიმდევარნი მიმართავენ, ხოლო ბოროტი, ბნელი ძალების არსებობაზე ჯიუტად თვალის დახუჭვა მხოლოდ გულუბრყვილობა იქნებოდა. ეს ნამდვილად არ აქცევს „პოტერიადას“ მკრეხელურ წიგნად. ცნობილია, რომ ფანატიკოსი ოპონენტები „ჰარი პოტერის თავგადასავლის“ მთელ ტირაჟებს ყიდულობდნენ და საზეიმო ვითარებაში დემონსტრაციულად კოცონზე წვავდნენ. ჩემი აზრით, ფანატიკოსთა ეს ჟესტი უფრო ჰგავს სატანისტურ რიტუალს, ვიდრე ნებისმიერი სცენა ჯ. როულინგის რომანთა ციკლიდან. დემონსტრანტები კი ამ გზით მხოლოდ იმას აღწევდნენ, რომ მათთვის საძულველი მწერლის შემოსავალი გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა.

პროფესორი ტედ შერმანი ამ თემაზე საუბრისას ირონიული და ამავე დროს ლაკონიური  რჩევით შემოიფარგლა: „I cannot forbid you to burn the books. I can only suggest that you read them at least once before throwing them into fire” [Sherman, ინტერნეტრესურსი 5][1].

ჯ. როულინგის საგის მოწინააღმდეგენი ნაწარმოებს კიდევ ერთ ბრალდებას უყენებენ – თითქოს იგი საზიანოა ბავშვთა ფსიქიკისათვის. მოჰყავთ ნაკლებადსარწმუნო ფაქტები, თითქოს „ჰარი პოტერის თავგადასავლით“ შთაგონებული მცირეწლოვანი მკითხველები ფანჯრიდან ცვიოდნენ და იღუპებოდნენ ცოცხის მეშვეობით ფრენის მცდელობისას. კორექტულობის შენარჩუნების სურვილით, სავალდებულოა, აღინიშნოს, რომ ამგვარი ბრალდება, რბილად რომ ვთქვათ, აბსურდულია. ჯერ ერთი, სერიის პირველ წიგნებს მოსდევს მკაფიო რეკომენდაცია, წაკითხულიყო მშობლის მიერ ან მისი მეთვალყურეობის ქვეშ. ეს დამატებითი დაზღვევა იქნებოდა, რომ ბავშვს წაკითხულიდან არასწორი დასკვნა არ გამოეტანა. მეორეც, ზღვარი მკითხველისა და ჰარი პოტერის სამყაროებს შორის საკმარისად მკვეთრია, რომ ყველა შესაძლო გაუგებრობა გამოირიცხოს: ყველა შელოცვის აუცილებელი ატრიბუტია ჯადოსნური ჯოხი, დამზადებული ამა თუ იმ მითიური არსების სხეულის ნაწილებისგან. შხამ-წამლების ინგრედიენტებიც გამოგონილი მცენარეებია. უდავოა, რომ ეს ყოველივე კარგადაა მოფიქრებული და კარგ ალტერნატიულ სამყაროს ქმნის, თუმცა ბავშვმა თავიდანვე იცის, რომ ჯადოსნური ჯოხი არც აქვს, ვერც სადმე შეიძენს და,  ამრიგად, ჰოგვორტსიდან მიღებული თეორიული ცოდნა მკითხველს პრაქტიკაში ვერ გამოადგება. 

ცნობილია, რომ ვატიკანშიც კამათობდნენ ამ თემაზე. პაპი ბენედიქტ XVI, ერთ-ერთი სტატიის თანახმად, ნაწარმოებს „სახიფათოს“ უწოდებდა, თუმცა მეშვიდე წიგნმა და შესაბამისმა ფილმმა ბოლო მოუღო ყოველგვარ გაურკვევლობას:

„It took a while, but the Vatican has finally come around to giving Harry Potter its blessing“ - იუწყებოდა საინფორმაციო სააგენტო როიტერსი 2009 წლის 14 ივლისს [Rowling, ინტერნეტრესურსი 3][2].

დიაკვანი კურაევი აღნიშნავს, რომ „ჰარი პოტერის თავგადასავლის“ აკრძალვამ შესაძლოა, სასურველის საპირისპირო შედეგი მოიტანოს. ფაქტია, რომ აკრძალვა ზრდის ინტერესს მკითხველთა წრეებში და ასეთ წიგნს მალულად ისიც წაიკითავს, ვინც ამას სულაც არ აპირებდა (აკრძალვის უკუეფექტი კარგად გამოვლინდა უშუალოდ ნაწარმოებშიც. კერძოდ, იმ ეპიზოდში, როცა დოლორეს ამბრიჯი, სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე აკრძალავს კონკრეტულ გაზეთს სკოლაში და საბოლოოდ მას მთელი ჰოგვორტსი წაიკითხავს). თანაც, თუ ბავშვს, რომელიც ჯ. როულინგის ნაწარმოებით მოიხიბლა, ვეტყვით, რომ მისი ეს სიმპათია მძიმე ცოდვაა და ქრისტინობისთვის მიუღებელია, არაა გამორიცხული, ბავშვმა ზურგი აქციოს სწორედ რელიგიას, რომელიც აკრძალვებს უწესებს და არა წიგნს, რომელიც გულწრფელად მოსწონს. საყურადღებო და სასიხარულო ფაქტია, რომ თეოლოგი, რომლის სიტყვასაც დიდი წონა აქვს როგორც აკადემიურ, ასევე – სასულიერო წრეებში, ღიად და სამართლიანად აცხადებს, რომ ჯ. როულინგის რომანებში ღვთის გმობა, მკრეხელობა არსად გვხვდება. მთავარი ინტერპრეტაციაა, თორემ არასწორი ინტერპრეტაციით ბიბლიიდანაც კი შეიძლება საკმაოდ სახიფათო დასკვნების გამოტანა.

განვიხილოთ კონკრეტული მაგალითები, სად და რა კონტექსტშია ნახსენები ან ნაგულისხმევი  ღმერთი, სად იგრძნობა ბიბლიის გავლენა ჯ. როულინგის საგაში:  გავიხსენოთ, რომ სულის ამოსართმევად დემენტორები  კოცნას მიმართავენ. ამ ჟესტის ასეთი უარყოფითი მნიშვნელობით დატვირთვამ შესაძლოა, უნებლიეთ იუდას კოცნის ასოციაცია გააჩინოს.  

გარდა ამისა, იმ შემთხვევებში, როცა ჰარი უმძიმეს განსაცდელშია (სამი ჯადოქრის ტურნირის მეორე ტური, „ცეცხლოვანი თასის“ ფინალი, მეშვიდე წიგნის ფინალი), ჰარი ლოცულობს. ეს იშვიათი და ამდენად, უფრო საყურადღებო ფაქტია. მეტიც, რომანის ლოგიკით არ არსებობს დამაჯერებელი ახსნა, თუ რატომ აღდგა პოტერი მკვდრეთით. საფიქრებელია, რომ სწორედ აქ ვლინდება ღვთის ნება მკვდრეთით აღდგომის სასწაულის ფორმით. „აზკაბანის ტყვე“ იმით სრულდება, რომ ირკვევა, რა აკავშირებს ჰარის სირიუსთან – აზკაბანიდან გაქცეული ტუსაღი პოტერის ნათლიაა, საგის ბოლოს კი ჰარი თანხმდება, თავადაც აიღოს ნათლიობის პასუხისმგებლობა და მონათლოს ლუპინისა და ტონქსის შვილი. ესეც უტყუარი ქრისტიანული ფენომენია, დადასტურებული ზუსტი ლინგვისტური არჩევანით (თავად ნათლობის მოვლენას სხვა რელიგიებშიც მოეძებნება პარალელი, მაგრამ „ნათლია“ ქრისტიანული ტერმინია).

ყოველ შემთხვევაში, უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულებს, შობასა და აღდგომას, ჰოგვორტსში აღნიშნავენ (არადა, შესაძლებელი იყო ამ არდადაგებისთვის მხოლოდ ზამთრისა და საგაზაფხულო არდადაგების დარქმევა, თუ ავტორს არ ექნებოდა სურვილი, ამაში მინიშნება ჩაედო). თავად ჯ. როულინგი აცხადებს, რომ, რწმენაში დროდადრო გარკვეული მერყეობის მიუხედავად, იგი ქრისტიანია და ქრისტიანობის საწინააღმდეგო მის წიგნებში არაფერია. მეტიც, მთელი შვიდწიგნეული ქრისტიანული რელიგიითაა შთაგონებული:

„My faith is sometimes that my faith will return“ [Rowling, ინტერნეტრესურსი 4][3].

გაცილებით მრავალფეროვანია აღმსარებლობათა თვალსაზრისით ჯორჯ მარტინის საგა. არიან ძველი ღმერთები და „ტყის შვილები“.  რომანში ეს წარმართობის ერთგვარი პარალელია. მაგ.: არის მრავალსახა ღმერთი, რომლის მრევლიც სიკვდილის კულტში პოვებს რწმენის გზას ჭეშმარიტებისკენ.  დეინერისი დაუკონკრეტებელ ღმერთებზე ლოცულობს და მას გზა მრავალ სხვადასხვა ტაძარში მიიყვანს (თუმცა, როგორც სტატიაში მოგვიანებით მოხმობილი ეპიზოდი მოწმობს, ამ ტაძრების აღწერილობა და იქაური სცენები შიშის ჟრუანტელს თუ გამოიწვევს, რელიგიურ მოწიწებას  – ნამდვილად არა)  წითელი ქურუმი მელისანდრე რლორს ეთაყვანება, სინათლის ღმერთს, რომლის ამქვეყნიური ნიშანიც არის ცეცხლი. საინტერესოა, რომ მცირე კულტებისგან განსხვავებით, რლორის სასწაულის მოწმენი რომანში რამდენჯერმე ვხვდებით (მანათობელი მახვილი, მკვდრეთით აღდგენა, ცეცხლში ნანახი ხილვები...). 

ჯორჯ მარტინმა თითოეული რელიგიისთვის ცალ-ცალკე მოიფიქრა რიტუალთა ერთობლიობა, რაც წიგნს ერთგვარ დამატებით ხიბლსა და მეტ დამაჯერებლობას სძენს. მაგალითად, რივერანში ცხედარს წყალს ატანენ, მეფის სავანეში – წვავენ ან მარხავენ. განსხვავებულია ვესტეროსის სხვადასხვა ნაწილში საქორწინო რიტუალებიც. გარდა ამისა, ზოგჯერ ერთსა და იმავე ქმედებას სხვადასხვა დატვირთვა აქვს. დეინერისის მიერ დადგენილი ჩვეული სასჯელი უმძიმესი დანაშაულისთვის ცოცხლად დაწვაა, რაც წითელი ქურუმის მიმდევართათვის უდიდესი პატივია. მათი რწმენით, ამ ფორმით ისინი რლორს მიჰყავს, ცოდვები მიეტევებათ და ოდესმე მკვდრეთით აღდგებიან კიდეც.  

ნიშანდობლივია ცრურწმენების სიძლიერის ხაზგასმა და რელიგიური ტაბუს დამკვიდრება, რაშიც ჯ.რ.რ. მარტინისა და ჯ. როულინგის ტექსტები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ჯადოქრები ათასგვარ ევფემიზმს მიმართავენ, რომ მთავარი ბოროტი ძალის, ვოლდემორის ხსენებას აარიდონ თავი. მხოლოდ რჩეულებს არ აშინებთ მისი სახელის წარმოთქმა, რაც დანარჩენების თვალში დიდ გამბედაობად ეთვლებათ. ჯორჯ მარტინთან წითელი ქურუმის რელიგიის მიმდევრები სახელით არასოდეს ახსენებენ ბოროტ ძალას და უწოდებენ მას „ის, ვისი სახელიც არ ითქმის.“ ასევე თეთრ მავალთა არმიას კედელზე მოიხსენიებენ სიტყვით “The Others” (სხვები). სიტყვა მთავრული ასოთი იწერება, რაც კრძალვის ნიშანი უნდა იყოს. 

თუმცა ყველაზე მრავალრიცხოვანი არის „შვიდთა ღვთაებათა“ რელიგია. მას, ასე ვთქვათ, სახელმწიფო რელიგიის სტატუსი აქვს. სიმბოლიკაც უფრო დახვეწილი და დეტალიზებულია. აშკარაა პარალელები ქრისტიანობასთან: შვიდსახოვნება სამების ნაცვლად, ბიბლიას შვიდქიმიანი ვარსკვლავის წიგნი ცვლის, ლოცვები მთავრდება სიტყვებით: „გვიშველონ შვიდთა.“

საკმაოდ სარისკო თემა, რომელსაც ჯორჯ მარტინი ეხება, რელიგიური ფანატიზმია. თუ უზენაეს ბეღურაზე გადაჭრით უარყოფითად წიგნში არაფერია ნათქვამი და ურნელა უთუოდ ოდიოზური პერსონაჟია. მას შემდეგ რაც სერსეი დილეგში აშიმშილეს, დაამცირეს და ბოლოს „სირცხვილის მსვლელობაც“ მოუწყვეს, მკითხველთა ნაწილი მისი სიმტკიცით მოიხიბლა, მის მიმართ თანაგრძნობით განიმსჭვალა, ხოლო ბეღურებისადმი – აგრესიითა და სიძულვილით.

ერთი სიტყვით, როგორც პროფესორი მარია შტეიმანი აღნიშნავს, ვესტეროსში რელიგია ბევრია, თუმცა ტრანსცენდენტური ღმერთი, როგორც ასეთი, არ გვხვდება[Штейнман, ინტერნეტრესურსი 8][4].

ნებისმიერ რელიგიაში უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სიცოცხლის და სიკვდილის თემას, უკვდავების ცნებას. შევადაროთ ამ მხრივ ორი მწერლის ორი გამონაგონი სამყარო. თუ ჯ. მარტინთან რელიგიური მრავალფეროვნებაა და სიკვდილის აღქმაც არაერთგვაროვანია, ჯ. როულინგის მორალი წმინდად ქრისტიანულია. ვფიქრობ, სწორედ აქ ცდება რუსი თეოლოგი, რომლისთვისაც „პოტერიადა“ მაინც ზღაპარია. ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ზღაპრებში უკვდავება ცალსახად დადებითად გვევლინება, „ჰარი პოტერის თავგადასავალში“ ასე არაა. ალბუს დამბლდორი ამბობს: 

„It really is like going to bed after a very, very long day. After all, to the well-organized mind, death is but the next great adventure” [Rowling,ინტერნეტრესურსი 2:241][5]. 

ამავე დროს, უკვდავება სანუკვარია ანტაგონისტებისთვის, პროფესორი ქვირელისა და ლორდ ვოლდემორისათვის.

ამ იდეის საინტერესო ვარიაციას ვხვდებით ჯორჯ მარტინთან: (ეს სიუჟეტური ხაზი ვერ მოხვდა ეკრანიზაციაში): მრავალი მკითხველის ფავორიტი პერსონაჟი, ქეითლინ სტარკი, წითელი ქორწილის შემდეგ მაგიის დახმარებით მკვდრეთით აღადგინეს, თუმცა არსებობის ეს ახალი ფორმა ნამდვილად არაა სახარბიელო. ლედი სტარკს ადამიანური არაფერი შერჩენია. იგი სრულიად უგრძნობი, შურის საძიებლად შემართული ზომბი გახდა. სასიკვდილო ჭრილობები არსად გამქრალა, ყელგამოჭრილი ქალი ბრძანებებს საზარელი ხრიალით გასცემს და ასეთი უკვდავება ჯილდო უთუოდ არ არის, მარადიული სატანჯველია. მიუხედავად იმისა, რომ მისი შურისძიება სამართლიანია, მკითხველს ძველებური,  უპირობო სიმპათია აღარ აქვს ასეთი ლედი სტარკისადმი.  

ცხადია, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯორჯ მარტინთან კაცობრიობის უმთავრესი მტრები, მთავარი ანტაგონისტური ძალა, „თეთრი მავალნი“ არიან, ანუ სწორედ „გაცოცხლებული“ მკვდრების არმია. ცალსახად, სიტყვა „მკვდარი“ ან „ცოცხალი“ ვერ იქნებოდა საკმარისი ამ არსებათა მდგომარეობის აღსაწერად, ამიტომ ავტორის მეტყველებაში გაიჟღერებს და მკვიდრდება ტერმინი “Undead”, რათა მწერალმა გაიმიჯნოს თავი საკუთარი პერსონაჟების ცრურწმენისა და შიშისგან.

სიკვდილი, გნებავთ გარდაცვალება, იმდენად იდუმალებით მოცული რამ არის, რომ შიში მის მიმართ ადამიანის ბუნებაში თავიდანვეა კოდირებული. წესით, თუ სიკვდილი გვაშინებს, უკვდავება უნდა გვახარებდეს, მაგრამ ჯორჯ მარტინი თავის საგაში არაერთგზის ამტკიცებს საპირისპიროს: სიკვდილი უდროობითაა საწყენი, თორემ, სხვა მხრივ, ეს ბუნების კანონია. ამ კანონის დარღვევა ძვირი ჯდება და შედეგი არც გამცოცხლებელს, არც გაცოცხლებულს ახარებს დიდად. გავიხსენოთ დეინერის ტარგარიენი, რომელმაც ქმარს სიცოცხლე უდიდესი მსხვერპლის ფასად შეუნარჩუნა. დროგოსთვის ასეთი სიცოცხლე დამამცირებელი და მტანჯველი იქნებოდა. ქჰალისიმაც ვერ გაუძლო დიდხანს ქმრის შესაბრალისი ყოფის ცქერას და საკუთარი ხელით მოუსწრაფა დოთრაკიელთა ოდესღაც ძლევამოსილ ბელადს ასეთი ძვირი  საზღაურით შენარჩუნებული სიცოცხლე.

სიკვდილის ფენომენთან კიდევ ერთი შეხება ვესტეროსის  მეორე კიდეში მოუწევს დეინერისს, როდესაც „უკვდავთა ტაძარში“  წინასწარმეტყველების მოსასმენად მივა. ლინგვისტური  თვალსაზრისით საინტერესოა, რომ ეს ადგილი მოიხსენიება სახელწოდებით “The house of the Undying.” ავტორი შეგნებულად არ იყენებს აქ სიტყვას “immortal“, რაც ენობრივად გამართული, სრულიად გამართლებული, თუმცა ამავე დროს გაცვეთილი და ზედმეტად აშკარად მოსალოდნელი არჩევანი იქნებოდა. გარდა ამისა, სიტყვა “undying” ერთგვარ  კონტრასტს ქმნის უკვე ნახსენებ “undead”-თან და წამით გვაფიქრებინებს, რომ ეს უკვდავება შეიძლება რაიმეთი განსხვავებული იყოს. მით უფრო, რომ კართელი ჯადოსნები ცდილობენ, შექმნან ილუზია, თითქოს მათ დრო საუკეთესო ასაკში შეაჩერეს, როცა მშვენიერებისა და ძლევამოსილების ზენიტში იყვნენ და რომ თითქოს მათ ეს თვისებები დღემდე შეინარჩუნეს. თუმცა დრაკონების დედის მიერ ამ ტაძრის მონახულების სცენა პირველი შეხედვისთანავე გვიქარწყლებს მსგავს ვარაუდებს. უდავოა, რომ უკვდავება არც ამ შემთხვევაშია ღვთით ბოძებული დიდი წყალობა:

„A long stone table filled this room. Above it floated a human heart, swollen and blue with corruption, yet still alive. It beat, a deep ponderous throb of sound, and each pulse sent out a wash of indigo light. The figures around the table were no more than blue shadows. As Dany walked to the empty chair at the foot of the table, they did not stir, nor speak, nor turn to face her. There was no sound but the slow, deep beat of the rotting heart” [Martin, ინტერნეტრესურსი 1:4189][6].

რაც შეეხება ჯ.რ.რ ტოლკინს, მისეულ  სამყაროში სიკვდილისა და უკვდავების საკითხი არაერთგვაროვნადაა გადაწყვეტილი. აქ ზოგი არსებისთვის (ჯადოქრები და ელფები) უკვდავება თანდაყოლილი უნარია, ზოგისთვის, მაგალითად ორკებისთვის, ცალსახა პასუხი გამოკვეთილი არც არის. სხვებს შეუძლიათ გარკვეულ საშუალებებს მიმართონ სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, თუმცა მათი სიცოცხლის „ხარისხი“ ეცემა. ბილბო, ვისი ას მეთერთმეტე დაბადების დღის წვეულებაც „ბეჭდების მბრძანებლის“ უპირველესი თავის მთავარი მოვლენაა, ამბობს:

„Why, I feel all thin, sort of stretched, if you know what I mean: like butter that has been scraped over too much bread. That can’t be right. I need a change, or somethin” [Tolkien, ინტერნეტრესურსი 6:342][7]. 

ჯ. ტოლკინთან ასევე ვხვდებით უკვდავებას, როგორც წყევლას ერთხელ უკვე გარდაცვლილთათვის, რომლებიც ამგვარად დასჯილან ფიცის გატეხვისთვის. ახლა ისინი იძულებულნი არიან, ჩონჩხის ფორმით განაგრძონ არსებობა, ვიდრე ფიცის შესრულებით არ მოიპოვებენ ჯილდოს – სიკვდილის უფლებას.

როგორც ვხედავთ, სამივე საანალიზო ტექსტში უკვდავება მეტად არამიმზიდველია. აქვე ზედმეტი არ იქნება, გაკვრით ვახსენოთ პორტუგალიელი ნობელიანტის, ჟოზე სარამაგუს რომანი „სიკვდილი ისვენებს“, რომელსაც ასევე მივყავართ უდავო დასკვნამდე, რომ სიკვდილი  რიგ შემთხვევებში სასურველი დასასრულია ტვირთად ქცეული სიცოცხლისა. სიკვდილის სიდიადეს აღიარებდა ვაჟა-ფშაველაც, რომელსაც ფენტეზისთან საერთო არაფერი ჰქონდა. ვაჟას ხსენება კი განპირობებულია იმით, რომ ჩვენი საკვლევი ჟანრის პრობლემატიკა ლოკალური ხასიათის არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური უკვდავება, როგორც დასაშვები მოცემულობა, სხვა ლიტერატურული მიმდინარეობებისთვის მიუწვდომელია. 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ფენტეზის სამყაროში ყოველთვის აუცილებლად გვხვდება რეალობის ელემენტები სხვადასხვა დოზით. ასე რომ არ იყოს, ამ ჟანრის საკითხავი მკითხველთათვის ვერაფრით გახდებოდა აქტუალური და მით უფრო, ახლობელი. წიგნს, რომლის ვერც ერთ პერსონაჟში ვერაფერს დავინახავთ ჩვენეულს, ვერ წავიკითხავთ ჭეშმარიტი ინტერესით. რელიგია კი, როგორც ჩვენი რეალობის განუყოფელი ნაწილი, ვერაფრით დარჩებოდა ფენტეზის ჟანრს მიღმა.  სტატიაში მოხმობილი მაგალითები ადასტურებს, რომ ჯ. როულინგის, ჯ.რ.რ. მარტინისა და ჯ. რ.რ. ტოლკინის ტექსტებში არაფერია ღვთისა და რელიგიის საწინააღმდეგო, პირიქით. მოაზროვნე მორწმუნე ამ წიგნებმა არ უნდა გააღიზიანოს. მეტიც, მან უნდა სცნოს მათი მხატვრული ღირსებები და ამოიცნოს საკუთარი თავი შემოთავაზებული სამყაროს პერსონაჟებში. გადამწყვეტია სწორი ინტერპრეტაცია, რაც ისევ და ისევ მკითხველზეა დამოკიდებული.

____________________________________________________________________________

[1] "ვერ აგიკრძალავთ ამ წიგნების დაწვას. შემიძლია მხოლოდ გირჩიოთ, რომ ცეცხლში ჩაყრამდე ერთხელ მაინც წაიკითხოთ ისინი" (თარგმანის ჩემია). 

[2] "მართალია საკმაო დრო დასჭირდა, მაგრამ ვატიკანი,  როგორც იქნა,  ჰარი პოტერს კურთხევას აძლევს" (თარგმანი ჩემია).

[3] "ზოგჯერ მწამს, რომ რწმენა დამიბრუნდება" (თარგმანი ჩემია).

[4] "რწმენა და რელიგია "სატახტო თამაშებში"(თარგმანი ჩემია).

[5] "ეს იგივეა, რაც მომქანცველი დღის შემდეგ დაძინება. ბოლოს და ბოლოს, კარგად მოწყობილი ტვინისთვის სიკვდილი სხვა არაფერია, თუ არა მორიგი დიადი თავგადასავალი" ("ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა)."

[6] "ოთახს ქვის გრძელი მაგიდა ავსებდა. მის ზემოთ ადამიანის გული ტივტივებდა ჰაერში, გაბერილი, გასივებული და ხრწნისაგან გალურჯებული, თუმცა ჯერაც ცოცხალი. გული ცემდა და ფეთქვისას დაბალ, მძიმე ხმას გამოსცემდა. ყოველ ფეთქვაზე მუქ ლურჯ სინათლეს ასხივებდა. მაგიდის ირგვლივ მსხდომი ფიგურებიც ლურჯი ჩრდილებიღა იყვნენ. როცა დენი ცარიელ სკამს მიუახლოვდა. ისინი არც განძრეულან, არც ხმა ამოუღიათ. მისკენ არ მიბრუნებულან. ერთადერთი, რაც სიჩუმეს არღვევდა, იყო ლპობადი გულის ნელი, ხმადაბალი და მძიმე ფეთქვა" (წიგნი 2)

[7] "თავს ვგრძნობ, როგორც რაღაც თხელი და ერთიანად გაწელილი, ზედმეტად ბევრ პურზე გადასმული კარაქი. ეს ვერ იქნება კარგი. ცვლილება მჭირდება, ან რაღაც ეგეთი" (თარგმანი ჩემია).


ლიტერატურა

Martin G.R.R.
2020 23 ოქტომბერი
https://1.droppdf.com/files/DBh4Y/a-clash-of-kings-george-r-r-martin.pdf?fbclid=IwAR0bcvKOriPXjCC5rTNFVLqPRFxKq5g6cUrCU88jnhw7W-k5XKRoOVzhLVI
Rowling J.K.
2020 23 ოქტომბერი
https://docs.google.com/viewer?a=v&pid=sites&srcid=ZGVmYXVsdGRvbWFpbnxvc25hZHNpdGV8Z3g6MjY4ZTExMWQ5OTZjMDZlZg&fbclid=IwAR0IGikzNUzwToQwhaYcdFmt7zcEsk2b0Qv355F3-MDiJ7YLQJdwtOF5VAc
Rowling J.K.
2020 23 ოქტომბერი
https://uk.reuters.com/article/uk-vatican-harrypotter/vatican-finally-gives-harry-potter-its-blessing-idUKTRE56D5EL20090714
Rowling J.K.
2020 23 ოქტომბერი
https://www.telegraph.co.uk/culture/books/fictionreviews/3668658/J-K-Rowling-Christianity-inspired-Harry-Potter.html
Sherman T.
2020 23 ოქტომბერი
https://www.youtube.com/watch?v=RjpmI7riSKU&list=PLRsjK-fgpCvQLSVPiseUhWr80wT54HdXD&index=1
Tolkien J.R.R
2020 23 ოქტომბერი
https://1.droppdf.com/files/cX9oU/the-fellowship-of-the-ring-j-r-r-tolkien.pdf?fbclid=IwAR1j9RzT_-sDy6DWAoFtxeB6tkkMBh1ps_LLwYiM7t4F2KuKOxf-iFvogRA
Кураев А.
2020 23 ოქტომბერი
https://www.youtube.com/watch?v=w-U9a-MD0lw&fbclid=IwAR1T_hueO6ohbtWEXRs3C_MbwJ9-sN9JXCKOaUW4-hcapkxocxvUlogLffU
Штейнман М.
2020 23 ოქტომბერი
https://www.youtube.com/watch?v=LKgsF66SP-s