იმაჟიზმი და მისი რეცეფციის თავისებურებანი ქართულ სალიტერატურო სამყაროში

იმაჟიზმის რეცეფცია ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში
იმაჟიზმს მის თანამედროვე ქართულ პოეზიაში გამოხმაურება არ მოჰყოლია, მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართულ ლიტერატურაში მეტ-ნაკლებად მოიკიდა ფეხი ისეთმა მოდერნისტულმა მიმდინარეობებმა, როგორებიც იყო: სიმბოლიზმი, დადაიზმი და ფუტურიზმი. იმაჟინაციაზე  პირველი ცნობები ჩნდება ქართული ვერლიბრის ერთ-ერთი პირველი მკვლევრის, „ცისფერყანწელთა“ და დადაისტთა დიდი ქომაგის გრ. ცეცხლაძის წერილში, რომელშიც იგი ახსენებს იმაჟინაციას, როგორც პოეტურ ხერხს ვერლიბრში [ბარბაქაძე, 2002:3], თუმცა, დარწმუნებით ვერ ვიტყვით, ვის გულისხმობდა იგი „იმაჟინიზაციაზე“ საუბრისას – ევროპელ „იმაჟისტებს“ თუ მათი შთაგონებით, 1919 წელს დაარსებულ რუს „იმაჟინისტთა“ წრეს (სერგეი ესენინი, რიურიკ ივნევი, ანატოლი მარიენგოფი, ვადიმ შერჩენევიჩი), რომლებმაც თავიანთ მანიფესტში „ფუტურიზმის“ გარდაცვალება, „იმაჟის“ თავიდან დაბადება და ახალი მოძრაობის – „იმაჟინიზმის“ დაარსება გამოაცხადეს. 
საბჭოთა დიქტატის პირობებში, განსაკუთრებით 1931 წლიდან 1950-იან წლების დამდეგამდე, სოციალისტური რეალიზმის წნეხის ქვეშ მყოფი ქართველი შემოქმედები იძულებული შეიქმნენ ზურგი ექციათ ყოველგვარი დასავლურისა და მოდერნისტულისთვის. მით უფრო საშიში იყო იმაჟიზმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, მუსოლინის გულშემატკივრის, ფაშისტად აღიარებული ეზრა ლუმის პაუნდის სახელის ხსენება. 
ეზრა პაუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო მკვლევრის, იან პრობშტეინის ცნობით, 1939 წელს საბჭოთა კავშირში უკვე დასაბეჭდად გამზადებული „ახალი ინგლისური პოეზიის ანთოლოგიიდან“ პოეტი-აკმეისტის, მიხეილ ზენკევიჩის მიერ შესრულებული ეზრა პაუნდის ლექსების თარგმანები მისი მუსოლინის მგზნებარე გულშემატკივრობის გამო ამოიღეს; თუმცა, ტომას ელიოტის თარგმანის დაბეჭდვაზე უარი არ თქვეს და ანთოლოგიაში  სხვა ლექსებთან ერთად „უნაყოფო მიწის“ საკმაოდ მოზრდილი ნაწყვეტიც შეიტანეს. მ. ზენკევიჩის რუსულ ენაზე შესრულებულმა თარგმანებმა კი მზის სინათლე მხოლოდ 1994 წელს იხილა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა სინამდვილეში მან პირველმა მოჰკიდა ხელი ე. პაუნდის ცხოვრებისა და შემოქმედების სერიოზულად შესწავლას და მისი პოეზიის  (The Garden, The Pact, The Rest) თარგმნა ჯერ კიდევ 1930-იან წლებში დაიწყო. ე. პაუნდის შემოქმედება სრულად რუსეთში პირველად, საბჭოთა დიქტატის შესუსტების პირობებში, ოფიციალურად 1982 წელს გამოიცა. 
ამ მხრივ, ქართულმა ლიტერატურამ წინ გაუსწრო რუსულს. იმაჟიზმისა და იმაჟიზისტი პოეტების შესახებ პირველი ცნობებს ზვიად გამსახურდიას 1972 წელს გამოცემულ „მეოცე საუკუნის ამერიკულ პოეზიაში“ ვხვდებით. იგი მეოცე საუკუნის ათიან წლებში ამერიკულ პოეზიაში მომხდარ გარდატეხაზე, ე.წ. „რენესანსზე“ საუბრისას, საგანგებოდ გამოჰყოფს პოეტთა ორ „პლეადას“ და ეზრა პაუნდს, ემი ლოუელს, ჰილდა დულიტლს და ტომაზ სტერნზ ელიოტს „მეორე პლეადას“ მიაკუთვნებს, რომელიც პოეტურ ასპარეზზე თითქმის პირველი პლეადის (ედვილ არლინგტონ რობინსონი, კარლ სენდბერგი და რობერტ ფროსტი)  პარალელურად  გამოვიდა  (გამსახურდია, 1972). ზ. გამსახურდია მეორე პლეადის პოეტებს მჭიდროდ უკავშირებს ევროპული პოეზიის ტრადიციებს, ეზრა პაუნდს კი იმაჟიზმის „მედროშედ“ მოიხსენიებს, თუმცა იქვე მართებულად დასძენს, რომ მისთვის არც სოციალური თემები იყო უცხო, რის მაგალითადაც მისი ლექსები: „კუნძული ტბაზე“ და „დავალება“  მოჰყავს.
ქართულ ლიტერატურულ სივრცეში პირველად სწორედ ზვიად გამსახურდიას ამავე წიგნში ჩნდება ოფიციალური ცნობები იმაჟიზმისა და იმაჟისტების შესახებ, სადაც იგი განიხილავს იმაჟისტური ლექსის თავისებურებას, მათეული ხატის (იმაჟის) შექმნის ტექნიკასა და იმ წყაროს, რომელიც მათ ხატის შექმნას შთააგონებს: „იმაჟისტებთან ხატი გაბუნდოვანებულია, ზოგჯერ მხოლოდ ემოციური განწყობილებაა დატოვებული, რომელსაც იწვევს რაიმე წარმოსახვითი ზმანება“ [გამსახურდია, 1972:86] – წერს ის. მისი აზრით, იმაჟისტების პოეზია სიმბოლისტური განწყობილებებთანაა დაახლოებული, მათი ხატი კი „ირეალისტურ პლანშია“ წარმოჩენილი. 
იმაჟიმზმე საუბრისას ზვიად გამსახურდია სწორად აფასებს იმაჟისტების წერის სადა და მკაფიო, თითქმის „გრძნობებისგან დაშრეტილ სტილს“ და  ჩინებულად სწვდება თავად იმაჟის არსს, როდესაც წერს: „იმაჟისტი პოეტი იჭერს წამიერ ხილვას, რათა აქციოს იგი მარადიულად“ [გამსახურდია, 1972:93]. 
ზ. გამსახურდია ეზრა პაუნდს მართებულად მიაწერს ერთგვარ „მოდერნისტულ სტილიზაციასა“ და ძველი პოეზიის მოტივების გაცოცხლებისკენ სწრაფვას: „იგი ეწევა ერთგვარ მოდერნისტულ სტილიზაციას, რითაც უახლოებს თანამედროვე სულს ძველი პოეზიის განწყობილებებს“ [გამსახურდია, 1972:89]. ეზრა პაუნდის მთელს შემოქმედებას მართლაც მკაფიოდ გასდევს ეს შტრიხი. მისი პოეზია გაჯერებულია ალუზიებით, თემებს კი ძველი ანტიკური, ეგვიპტური თუ ჩინური პოეზიიდან იღებს. 
იმაჟისტ პოეტთა შორის ზ. გამსახურდია საგანგებოდ გამოჰყოფს პაუნდზე მეტად „ტიპიურ იმაჟისტ“ პოეტ ქალს – ჰ.დ.-ს (ჰილდა დულიტლს), რომელიც „ძველბერძნული ლირიკის ტრადიციების ერთგვარ მოდერნიზაციას ახდენს“. 
ზ. გამსახურდიას უყურადღებოდ არ რჩება ამ ახალი პოეტების უმთავრესი გამაერთიანებელი ნიშანი. ისინი ხშირად დავობდნენ გარკვეული თეორიული საკითხების ირგვლივ, მაგრამ ზედსართავი სახელის ძუნწად გამოყენების საჭიროებაზე უცილობლად თანხმდებოდნენ: „ახალი პოეზიის მესვეურებმა ერთსულოვნად გამოუცხადეს ომი შედარების, მეტაფორის იმგვარ გაგებას, რომელიც არსებობდა ადრინდელ პოეზიაში“ [გამსახურდია, 1972:119]. 
ეზრა პაუნდის ლექსების პირველი ქართული თარგმანებიც სწორედ ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. ალბათ საყურადღებოა, რომ პაუნდის ქართული თარგმანები პირველად 1972 წელს გამოიცა მაშინ, როცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მისი პოეზიის რუსულმა თარგმანებმა ათი წლის შემდეგღა იხილა მზის სინათლე, რაც ერთგვარ გამონაკლის შემთხვევად უნდა ჩაითვალოს, რადგან საბჭოთა კავშირში გავრცელებული პრაქტიკით, პერიფერიაში უცხოელი ავტორების თარგმანები მხოლოდ ჰეგემონი ხალხის ენაზე გამოსვლის შემდეგ გამოიცემოდა.  თუმცა, აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ემიგრაციაში მყოფი რუსი მთარგმნელები მაინც თარგმნიდნენ ეზრა პაუნდის პოეზიას. 
საბჭოთა კავშირის დაშლისა და მისი იდეოლოგიური მანქანის მოშლის შემდეგ, ეზრა პაუნდის შემოქმედებით, ისევე როგორც ზოგადად მოდერნიზმით, დაინტერესებამ, იმძლავრა. დღესდღეობით ეზრა პაუნდის ლექსებს ქართულ ენაზე თარგმნიან: ზვიად რატიანი, დათო ბარბაქაძე, ზაალ ჩხეიძე, თამარ რუხაძე, ნინო ბარამიძე, ზაალ ჯალაღონია, ოთარ ცისკარიძე, ფრიდონ ქარდავა, გია ჯოხაძე, ლუკა კუჭუხიძე  და ანი კოპალიანი. 
„იმაჟი“ და იმაჟიზმის ძირითადი პრინციპები 
იმაჟიზმის ერთ-ერთი „მედროშისა“ და სულისჩამდგმელის პოეზიით დაინტერესების მიუხედავად, ქართულ სინამდვილეში ჯერ კიდევ ძალიან მწირად მოიპოვება ინფორმაცია თავად ამ მიმდინარეობის შესახებ, რის გამოც წინამდებარე სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ მის მთავარ პრინციპებს და შევეცდებით, ვუპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს: 
1. რას წარმოადგენდა ის და რით ჰგავდა ან განსხვავდებოდა სხვა მოდერნისტული მიმდინარეობებისგან? 
2. რა იგულისხმებოდა „იმაჟში“ და რით განსხვავდებოდა იგი პოეტური ხატისგან? 
იმაჟიზმი როგორც მიმდინარეობა,  1909-1917 წლებში არსებობდა. მისი არსებობის სამ ეტაპს გამოჰყოფენ – 1909-1911წწ. – პრეიმაჟიზმი, 1912-1913წწ. – იმაჟიზმი და 1914-1917წწ.  –ამაჟიზმი. 
იმაჟიზმს სულ მცირე ორი ქრონოლოგიური წყარო აქვს: თანამედროვე და ანტიკური. იმაჟიზმის იდეალების ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანა ბერძნულმა, ლათინურმა, ჩინურმა და იაპონურმა ლიტერატურამ და მისმა თანამედროვე ფრანგულმა პოეზიამ. თუმცა, ინდივიდუალური იმაჟისტი პოეტები სხვადასხვა წყაროს გავლენის ქვეშ ექცეოდნენ; ყოველ მათგანზე რაღაც კონკრეტული ზემოქმედებდა და წყაროთა უნიკალური კომბინაციის ინდივიდუალური პროდუქტი იყო. იმაჟიზმი არ იყო ქაოსური მიმდინარეობა, პირიქით – მისი თეორია მწყობრი და ხშირ შემთხვევაში თანმიმდევრულია; ზოგიერთი მკვლევრის აზრით, იმაჟისტებმა თავიანთი პოეზიითა და თეორიული ნაშრომებით ერთგვარი ანომალია შექმნეს – „დიდი და ხანგრძლივი მნიშვნელობის ლიტერატურული მოძრაობა დიდი ლიტერატურის გარეშე“[ინტერნეტრესურსი 3].
ნიშანდობლივია, რომ იმაჟიზმის შემქმნელები კატეგორიულად ემიჯნებოდნენ სხვა პოეტურ სკოლებს, მიუხედავად იმისა, რომ რიგი მკვლევრები მათსა და სხვა მოდერნისტულ მიმდინარეობებს შორის ბევრ საერთოს ხედავენ. იან პრობშტეინის გადმოცემით, ე. პაუნდის რუსულ ენაზე პირველმა მთარგმნელმა, ზინაიდა ვენგეროვამ, მისი ლექსი „Heather“ სიმბოლისტურად მიიჩნია, 1915 წელს კი ჟურნალ „სტრელეცში“ დაბეჭდილ სტატიაში ამ მიმდინარეობას „ინგლისელი ფუტურისტები“ უწოდა და მათი სტილი მარინეტის აგრესიული მანიფესტიდან ნასესხებად გამოაცხადა [ინტერნეტრესურსი 4].
მოდერნიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო მკვლევრის, სტენლი კოფმანის აზრით, იმაჟისტური თეორია სიმბოლისტების პოეზიის გამოძახილია. მისი აზრით, იმაჟისტებმა – (ჰიუმიდან დაწყებული ემი ლოუელის ჩათვლით) თეორიაცა და პრაქტიკაც თანამედროვე ფრანგული ლიტერატურის მოდელის მიხედვით შექმნეს. (Coffman, 1972:91). თუმცა, თავად იმაჟისტები ამ მსგავსებასა თუ ნათესაობას არ აღიარებდნენ; ემიჯნებოდნენ სიმბოლისტების ბუნდოვანებას, გაურბოდნენ ჭარბსიტყვაობას, არ იყენებდნენ ზედმეტ ზედსართავ სახელს; თავს არიდებდნენ „ბუნდოვან“ (obscure) გამონათქვამს, რომელიც მხოლოდ აჩლუნგებს იმაჟს. ეზრა პაუნდი კი 1914 წელს „ფორტნაიტლი რევიუში“ გამოქვეყნებულ სტატიაში არაორაზროვნად წერდა: „იმაჟიზმი სიმბოლიზმი არ არის. სიმბოლისტებს „ასოციაციებთან“ აქვთ საქმე, ანუ ერთგვარ ალუზიასთან, ლამის ალეგორიასთან. მათ სიმბოლო მეტონიმიის სახეობად აქციეს. სიმბოლო სიტყვის დონემდე დააკნინეს. უხეშად „სიმბოლისტურია“ სიტყვა „ჯვრის“ „გამოცდად“ გამოყენება. სიმბოლისტების სიმბოლოებს ერთი ფიქსირებული სიდიდე აქვს, როგორც რიცხვებს არითმეტიკაში, მაგ., 1, 2, 7. იმაჟისტების იმაჟები კი ალგებრული a, b და x ნიშნების მსგავსად მნიშვნელობას იცვლის“ [Pound vol.6:484].
იმაჟისტური თეორიის საბაზისო იდეების შექმნა მე-19 საუკუნის ფილოსოფოსის, ჰენრი ბერგსონის (Henri Bergson), მოსაზრებების გავლენის ქვეშ მყოფი თ. ე. ჰიუმის სახელს უკავშირდება. მისთვის „იმაჟი“ პოეზიის ამოსავალი წერტილი, პოეზია კი „იმაჟების“ ენაზე ამეტყველებული ფენომენი იყო. „იმაჟები ლექსებში უბრალო დეკორაცია არ არის ... ისინი მისი არსია“, წერდა ის თავის ცნობილ სტატიაში „რომანტიზმი და კლასიციზმი“. თომას ე. ჰიუმისთვის „იმაჟი“ მყისიერად გრძნობით აღქმული ინფორმაცია იყო; მისი შექმნის მეთოდად კი ანალოგია მიაჩნდა, რის შესახებაც ამბობდა:  „ნურასდროს, ნურასდროს გააკეთებთ მარტივ განაცხადს. ეს ზემოქმედებას არ ახდენს. აუცილებელია ანალოგია“ [Hughes, 1972:21]. 
ჰიუმის მტკიცებით, იმაჟის მთავარი ფუნქცია „ვიზუალურზე აპელირება“ (appeal to the visual) იყო, მისმა თანამოაზრე პაუნდმა კი იმაჟის მნიშვნელობა  გააფართოა და მას ინტელექტუალური ხიბლიც მიაწერა. მისი აზრით, იმაჟს წარსულში განცდილი გრძნობის ემოციური რეპროდუქცია უნდა მოეხდინა, რაც თავად ჩინებულად შეძლო ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, მონოიმაჟურ ლექსში „მეტროს ერთ სადგურში“. 
იმაჟისტურ ლექსში მკითხველისთვის საცნაური არ უნდა გამხდარიყო რიტმის, მეტრის და რითმის სქემა. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ერთი საგნის სიმბოლოდ ქცევას და მისთვის კონკრეტული მნიშვნელობის მინიჭებას; მათთვის საგანი თვითონ იყო ადეკვატური და საკმარისი სიმბოლო. საჭირო იყო ყველა სიტყვის ზედმიწევნით ზუსტად გამოყენება და ლექსის სინტაქსური ჩარჩოებისგან გათავისუფლება. იმაჟისტური ლექსების დიდი უმრავლესობა პარატაქსს ეყრდნობა. 
თ.ჰიუმისთვის პოეტური სტრუქტურის უმნიშვნელოვანეს ელემენტი ანალოგია იყო. ე. პაუნდმა კი საკუთარი ლიტერატურული ხერხი შეთხზა და მას „სუპერპოზიცია“ (superposition) უწოდა; იგი მთელი ლექსის ბაზისად ერთ იმაჟს მიიჩნევდა, რის ნათელ მაგალითსაც მისი ტანკებისა და ჰაიკუების სტილში დაწერილი ლექსები წარმოადგენს.
იმაჟის არსის უკეთ ჩასაწვდომად ნიმუშად მოვიყვანთ თ. ჰიუმის  ერთ ყველაზე ცნობილ ლექსს  – „შემოდგომა“, რომელიც, გარკვეული მიზეზების გამო, იმაჟისტური დოქტრინის სულყოფილ მაგალითად ვერ ჩაითვლება. 
Autumn
A touch of cold in the Autumn night – 
I walked abroad, 
And the ruddy moon leaned over a hedge.
Like a red-faced farmer. 
I did not stop to speak, but nodded, 
And round about were the wistful starts
With white faces like town children [ინტერნეტრესურსი 2].

შემოდგომა
სიცივის შეხება შემოდგომის ღამეს – 
გარეთ გავედი, 
ღაჟღაჟა მთვარე ღობეზე იწვა. 
სახეაწითლებული ფერმერის მსგავსად. 
სალაპარაკოდ არ გავჩერდი, მაგრამ თავი დავუკარი,
და მის გარშემო ნაღვლიანი ვარსკვლავები იყო
ქალაქელი ბავშვების თეთრი სახეების მსგავსი (პწკარედი ჩვენია).
განსახილველ ლექსში შექმნილია ერთი დომინანტი ხატი – შემოდგომის ღამის „იმაჟი“ და მის პარალელურად მთვარისა  და ვარსკვლავების ხატები. არ არის გამოყენებული არცერთი არაზუსტი ან დეკორატიული სიტყვა, რომელიც გააბუნდოვნებს იმაჟს. მთვარე და ვარსკვლავები ანალოგიითაა აღწერილი; აქ აღქმა ინდივიდუალური და სუბიექტურია, რადგან ალბათ ყველა ვერ დაინახავს ღობეზე „წამოწოლილ“ მთვარეში „გლეხის“ ღაჟღაჟა სახეს, ხოლო  ვარსკვლავებს კი „ქალაქელი ბავშვების თეთრ სახეებს“ ვერ შეადარებს. ამ ანალოგიით უდავოდ მკაფიო იმაჟია შექმნილი, თუმცა, დარღვეულია იმაჟისტური თეორიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი; კერძოდ, ზედმეტია „და“ კავშირისა და სიტყვა „მსგავსის“ გამოყენება. ასევე უმართებულოა ფრაზის – „შემოდგომის ღამე“ – შემოტანა თავად ლექსში, რადგან „შემოდგომა“ მისი სათაურია; სათაურს კი იმაჟისტები ლექსთან ერთად, ერთ მთლიანობად განიხილავდნენ. ჩვენი აზრით, იმაჟისტური პრინციპების გათვალისწინებით განსახილველი ლექსი ალბათ ასე უნდა ჟღერდეს:  
Autumn Night 
A touch of cold 
I walked abroad, 
the ruddy moon leaned over a hedge.
A red-faced farmer. 
I did not stop to speak, but nodded, 
round about were the wistful starts
The white faces of town children.
ლექსს არ აქვს რითმა და არ არის დაწერილი რომელიმე ერთი მეტრული საზომით. ევფონიას კი ძირითადად ალიტერაცია ქმნის. ლექსში არ არის ზედმეტი ზედსართავი, რომელიც არაფერს სძენს ან აბუნდოვანებს იმაჟს. სინტაქსური სტრუქტურები მინიმუმამდეა დაყვანილი. რომ არა ზემოთ აღნიშნული რამდენიმე გადაცდომა, ეს ლექსი იმაჟისტური დოქტრინის სრულყოფილ ხორცშესხმად ჩაითვლებოდა. 
დღესდღეობით ყველა იმაჟისტური პრინციპის დაცვით დაწერილ ლექსად იმაჟისტი პოეტის არქეტიპად აღიარებულ ჰილდა დულიტლის (ჰ.დ), „ორეადას“ ასახელებენ. ჰ.დ.-ს იმაჟისტური პოეზია დუალიზმით ხასიათდება. მისი ლექსები ხშირ შემთხვევაში ისეთ ენობრივ და სტრუქტურულ პოლარულობას ეფუძნება, როგორებიცაა: ზღვა და ხმელეთი, რბილი და მაგარი, მწიფე და მკვახე, სწრაფი და ნელი, მლაშე და ტკბილი და ა.შ. მართალია, ჰ.დ-ს ენის კონცენტრაციის, მუსიკალური სტრიქონისა და მკაფიო იმაჟის შექმნის უნარმა ხორცი შეასხა იმაჟისტურ დოქტრინას, მაგრამ თავად იგი მისით არ ხელმძღვანელობდა და არც პრესაში გაჩაღებულ თეორიულ დებატებში ერთვებოდა.  
ამ მოძრაობის ყველაზე სადავო წარმომადგენელი ამერიკელი პოეტი და კრიტიკოსი ემი ლოუელია, რომლის შემოქმედების იმაჟიზმის თეორიის პრიზმაში განხილვაც საკმაოდ რთულია, პირველ რიგში, იმაჟისტებისთვის მიუღებელი სიტყვაუხვობის გამო. თუმცა, „მასზე უარის თქმა მაინც შეუძლებელია“ (ჰარმერი, 1975:24), თუნდაც იმ მიზეზით, რომ ის პოპულარულობა, რომელიც იმაჟიზმმა ამერიკაში პოვა, სწორედ მის სახელს უკავშირდება.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იმაჟისტური მოძრაობა, როგორც ორგანიზებული მიმდინარეობა, დასრულდა და ისტორიის საკუთრებად იქცა, მაგრამ იგი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მის წაიღში ნაშობი პოეტური ნიმუშების გამო, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ  მე-19 საუკუნის პოეტურ ტრადიციებს აუმხედრდა და თანამედროვე პოეზიის პრინციპების შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

იმაჟისტური პოეზიის თანამედროვე ქართული თარგმანების მოკლე მიმოხილვა
თანამედროვე ქართველ პოეტ-მთარგმნელებს შორის დიდი დაინტერესება შეინიშნება მოდერნისტული პოეზიით, განსაკუთრებით კი ეზრა პაუნდის შემოქმედებით. ითარგმნება როგორც მისი ადრეული  – პრეიმაჟისტური ხანის ლექსები, ასევე იმაჟისტური და პოსტიმაჟისტური პერიოდისა. დათო ბარბაქაძე ე. პაუნდის ერთ-ერთი კანტოს, კერძოდ, „კანტო XLV-ის“ თარგმანსაც კი შეეჭიდა, რომელიც თავისი არქაული ჟღერადობითა და ავტორიტარული, დიდაქტიკური ტონით და მაღალი მორალური ფასეულობების ქადაგებით კლასიკური ტექსტების რემინისცენციას იმდენად ჰგავს, რომ ანტიმოდერნისტულ ტექსტადაც კი თვლიან. სამართლიანობა მოითხოვს, აქვე აღვნიშნოთ, რომ დათო ბარბაქაძემ ამ მეტად რთულ საქმეს ჩინებულად გაართვა თავი. მისი თარგმანის დეტალური განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს, რის გამოც აქ მხოლოდ იმის თქმით შემოვიფარგლებით, რომ ეს თარგმანი ერთი-ერთი საუკეთესოა არა მხოლოდ ეზრა პაუნდის დათო ბარბაქაძისეულ თარგმანებს შორის, არამედ ამ უდიდესი მოდერნისტის ქართულ ენაზე აჟღერებულ ყველა სხვა ლექსს შორის. 
ყველაზე ხშირად თარგმნიან მის ლექსს “Pact“, რომლის სათაურიც სხვადასხვა მთარგმნელთან განსხვავებულადაა გადმოტანილი სამიზნე ენაზე. ეს თარგმანები ეკუთვნით – ზ. გამსახურდიას, ზ. რატიანს, დ. ბარბაქაძეს, ო. ცისკარიძესა და ზ. ჯალაღანიას. ასევე არსებობს რამდენიმე თარგმანი მონოიმაჟური ლექსისა “In a Station of the Metro”; ასევე “Salutation” და “Commission“. ზემოჩამოთვლილი ლექსების სათაურები განსხვავებულად ჟღერს ქართულ ენაზე. ყველა თარგმანში დედნისადმი ერთგულების ხარისხი საკმაოდ მაღალია. 
ქართულ თარგმანებში ვლინდება ვერლიბრისათვის სახასიათო თავისუფალი დამოკიდებულება მეტრიკისადმი, რაც მკითხველის ყურადღებას ლექსის შინაარსობრივ მხარეზე მიმართავს. მთარგმნელები ძირითადად უარს ამბობენ ეზრა პაუნდის სისადავით გამორჩეული ლექსების ზედმეტი მოჩუქურთმებასა და „იმაჟის“ გაბუნდოვანებაზე; პოეტურობის მისაღწევად არ იყენებენ ტროპებს; ევფონიას კი, ავტორის მსგავსად, ძირითადად ალიტერაციისა და ასონანსის ხარჯზე ქმნიან. თუმცა, ამ მხრივ გამონაკლისიც არსებობს. 
ეზრა პაუნდის ქართულ თარგმანებში იშვიათადაა დარღვეული ლექსების არქიტექტურა; მეტ-ნაკლები სიზუსტითაა შენარჩუნებული დედნისეული სტილი (ენის სისადავე და ლაკონიურობა), შინაარსობრივ-კონცეპტუალური და ქვეტექსტურ-ხატობრივი ინფორმაცია. არ შეინიშნება პაუნდის ვერლიბრების რითმიან ლექსებად თარგმნის მცდელობა, თუმცა, რიგ შემთხვევებში პოეტურობისა და კეთილხმოვანების მისაღწევად მთარგმნელები უარს არ ამბობენ ლექსიკურ თუ გრამატიკულ არქაიზაციასა და 14-მარცვლიანი ტაეპით თარგმნაზე, რაც, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მთარგმნელთან განსხვავებულ დონეზე ვლინდება. 
ინდივიდუალური მთარგმნელის თარგმანების და მათი მთარგმნელობითი სტრატეგიების დაწვრილებით კვლევა გაცილებით დიდი ნაშრომის თემაა. 

ლიტერატურა

ბარბაქაძე თ.
2002
ქართული ვერლიბრის პირველი მკვლევარნი, თბილისი.
ბასილაშვილი ხ.
2018
ეზრა პაუნდის იმაჟისტური პოეზიის ქართული თარგმანები; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უკრაინისტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომები, XVI, თბილისი.
გამსახურდია ზ.
1972
XX საუკუნის ამერიკული პოეზია, თბილისი.
Coffman S.
1972
Imagism: A history of Modern Poetry. Ezra Pound and Imagist Theory. New York.
Harmer JB.
1975
Victory in Limbo: A History of Imagism 1908-1917; St. Martin’s Press.
Hughes G.
1972
Imagism and the Imagists: A Study in Modern Poetry, New York.
Monson J. (ed)
2018
British Prose Poetry: The Poems without Line, Palgrave, Macmillan, UK.
Pound E.
2006
The Broadway Anthology of British Literature, - The Twentieth Century and Beyond, Vol. 6, Canada.
Taupin R.
1985
L'Influence du symbolism francaissur la poesie Americaine (de 1910 a 1920), Champion, Paris 1929 trans. William Pratt and Anne Rich AMS, New York.
დარბაისელი ნ.
10.09.2019.
https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/darbaiseli/ „ზვიად გამსახურდია – ამერიკული ლიტერატურის მკვლევარი და მთარგმნელი“, წვდომის თარიღი:
Hulmes T.
1909
https://www.poetryfoundation.org/poems/44431/autumn-56d22384ccb48 წვდომის თარიღი: 07.10.2019.
Friska E.
www.lib.ac.ge The Theory and Development of Imagism. წვდომის თარიღი: 12.09.2019.
Probstein I.
https://www.academia.edu/36328295/EZRA_POUND_IN_THE_WORLD_I_HAVE_BEATEN_OUT_MY_EXILE_THE_PERCEPTION_OF_EZRA_POUNDS_POETRY_IN_RUSSIA წვდომის თარიღი: 22.08.2019.