ჯონ დონის „წმინდანთა ნაწილები“, როგორც ინგლისური „მეტაფიზიკური“ პოეზიის ნიმუში

 

მეტაფიზიკური პოეზია, რომელსაც საფუძველი XVII  საუკუნეში ჩაეყარა, მსოფლიო ლიტერატურაში არსებულ სხვა არაერთ პოეტურ მიმდინარეობას შორის ერთ-ერთი ყველაზე ორაზროვანი, ღრმა და ინტელექტუალურია. მეტაფიზიკური სკოლის პოეტთა ლექსების  განსაკუთრებულობა მათ ფორმას, შინაარსსა  და მრავალფეროვან მხატვრულ სახეებში  მდგომარეობს, რომელთაგან ორი უმთავრესი –მეტაფიზიკური მახვილგონიერება (metaphysical wit) და კონსიტი (conceit) გამოირჩევა. ამ ორი  მხატვრული ხერხის წყალობით, მეტაფიზიკოსი პოეტები (ჯონ დონი, ჯორჯ ჰერბერტი, ტომას კერუ, რიჩარდ კრეშო, ეიბრაჰამ კაული, ენდრუ მარუელი, ჰენრი ვოონი და სხვ.) ერთდროულად გამოხატავდნენ გრძნობასა და ფიქრს, ემოციასა და ინტელექტს და ერთმანეთთან სრულიად განსხვავებულ იდეებსა და სურათ-ხატებს აკავშირებდნენ. ეს მეტაფიზიკური პოეზიის ის მთავარი მახასიათებელი იყო, რომლის შესწავლას ტომას ელიოტმა არაერთი ნაშრომი და ლექცია მიუძღვნა. მისი აზრით, მეტაფიზიკოსმა პოეტებმა შესძლეს ის, რაც ვერც მათმა წინამორბედმა და ვერც შემდგომი თაობის პოეტებმა ვერ მოახერხეს, მათ მგრძნობელობის რღვევას (dissociation of sensibility) დაუპირისპირეს მგრძნობელობის გაერთიანება (unification of sensibility) და, ამგვარად, შეუდარებელ პოეტურ მიმდინარეობას ჩაუყარეს საფუძველი.

მეტაფიზიკური პოეზიის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი ჯონ დონია (1572-1631).მისი მრავალფეროვანი შემოქმედება მოიცავს სატირას, სატრფიალო ელეგიებსა და სონეტებს, ეპიგრამებს, სიკვდილის თემაზე დაწერილ ლექსებს,ღმერთის სადიდებელ პოემებსა და წმინდა სონეტებს. დონის,ისევე როგორც სხვა მეტაფიზიკოს პოეტთა შემოქმედების ძირითადი თემა სულს, სხეულსა და გონებას შორის არსებული კავშირის წარმოჩენა; პიროვნების არსებობის, როგორც მატერიალურ, ისე მეტაფიზიკურ ჭრილში განხილვა, ადამიანის ღმერთისადმი დამოკიდებულებისა და პირიქით, ღმერთის ადამიანისადმი დამოკიდებულების კვლევა და ამ ურთიერთმიმართების საფუძველზე სამყაროში პიროვნების ადგილის განსაზღვრაა. დონი ერთ-ერთი პირველი პოეტი იყო, რომელიც საყოველთაოდ მიღებულ ელიზაბეტიანურ პოეზიას აუჯანყდა და ინგლისურ ლიტერატურას ევროპული ბაროკო და მანიერისტული ტექნიკა გააცნო. როგორც აღვნიშნე, რელიგიურ პოეზიასთან ერთად, დონი ეროტიკულ და სასიყვარულო ლექსებსაც წერდა; წერდა იმგვარად, რომ ხშირად რთულია ლექსების ავხორცი ხასიათისა და რელიგიური მაღალზნეობრიობის ერთმანეთისგან გამიჯვნა .

„წმინდანთა ნაწილები“ ჯონ დონის ერთ-ერთი ყველაზე „მახვილგონივრული“ სატრფიალო ლექსია. როგორც მის არაერთ სხვა პოეტურ ნაწარმოებში, ამ შემთხვევაშიც ჯონ დონი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ სუბიექტს ახასიათებს საერთო ნიშნით. ლექსის მხატვრული გამოსახვის ძირითადი ხერხი კონსიტია – ისეთი გაზვიადებული მეტაფორა, რომელშიც აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის  საერთო, ფაქტობრივად, არაფერია. ლექსის მხატვრული ეფექტი და დახვეწილობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მახვილგონიერების მეშვეობით, ჯონ დონი თხზავს, იგონებს ისეთ საერთო ნიშანს, რაც ამ შემთხვევაში მშვენიერ ქალსა და სამარეს შეიძლება აკავშირებდეს ერთმანეთთან.

შეიძლება ითქვას, რომ ლექსში „წმინდანთა ნაწილები“ ჯონ დონის პოეზიისთვის დამახასიათებელი ყველა ელემენტია გაერთიანებული: რელიგიით, ფიზიკური და პლატონური სიყვარულით დაინტერესება, მატერიალური და მეტაფიზიკური სამყაროს შეპირისპირება, ირონია, სარკაზმი და სხვა.              

ლექსი ავტორის „სიმღერებისა და სონეტების“ ჯგუფიდანაა და არა მაგალითად „წმინდა სონეტებიდან“, რაც, ერთი შეხედვით, მის საერო და არა სასულიერო თემატიკაზე მიუთითებს, თუმცა მისი სათაური „წმინდანთა ნაწილები“  საპირისპიროზე მეტყველებს და დასაწყისშივე მეტყველებს იმ პარადოქსულ განწყობაზე, რაც ლექსის შესავალშივეა ნაჩვენები:

When my grave is broke up again 

 Some second guest to entertain, 

 (For graves have learn'd that woman head, 

 To be to more than one a bed) 

And he that digs it, spies 

A bracelet of bright hair about the bone, 

Will he not let'us alone, 

And think that there a loving couple lies, 

Who thought that this device might be some way 

To make their souls, at the last busy day, 

Meet at this grave, and make a little stay? [Donne, 1996:122].

პირველივე ტაეპში  მკითხველის ყურადღებას იპყრობს ტრაგიკომიკური სურათი – უკვე გარდაცვლილი პროტაგონისტი მოგვითხრობს სცენაზე, რომელიც მის საფლავზე, მისი სიკვდილიდან წლების შემდეგ თამაშდება. მიცვალებულებით გადატვირთულ სასაფლაოზე ახალი მიცვალებულის დასამარხი ადგილი აღარაა და მესაფლავე იძულებულია, გვამი უკვე დაკავებულ საფლავში დაკრძალოს. სცენარი ნაცნობია და გვახსენებს სცენას შექსპირის „ჰამლეტიდან“. იორიკის მსგავსად, ჯონ დონის პროტაგონისტიც იძულებულია, უმასპინძლოს ახალ „სტუმარს“ და იზრუნოს მის „გართობაზე“ (ინგლისურ ენაში სიტყვა „სტუმარი“ (guest) პოეტის ეპოქაში იწერებოდა როგორც ghest” [Donne, 1985:112], რაც მოგვაგონებს სიტყვას „ghost“ და კიდევ ერთხელ გვახსენებს  შექსპირის ტრაგედიას). მოგვიანებით ნათელი ხდება, რომ ახლადგარდაცვლილი ქალბატონი არაა პირველი ქალი, ვისაც მთხრობელის საფლავი გაუზიარებია და რომ პროტაგონისტი უკვე წლებია, საყვარელ ქალთან ერთად განისვენებს ნაცნობ სამარეში. ჯონ დონისთვის დამახასიათებელი სარკაზმი და ენამოსწრებულობა ლექსის შესავალშივე იჩენს თავს. „მეორე სტუმრის“ ვიზიტის ხსენებით ავტორი გამოხატავს ქალების ფარულ სურვილს სარეცლის ერთზე მეტ ადამიანთან ერთად გაზიარებაზე. მოცემულ ეპიზოდში ჯონ დონის მახვილგონიერების კიდევ ერთი დასტურია ავტორის მიერ სიტყვებით თამაში – ქალებზე საუბრისას ის განზრახ იყენებს სიტყვას “woman-head”, რაც შეიძლება გავიგოთ, როგორც ქალების მოდგმა, საქალეთი, რაც გვახსენებს სიტყვას “maidenhead”, რაც, თავის მხრივ, ქალწულს, უბიწო ქალს ნიშნავს. ამდენად პოეტი ქალს ახასიათებს როგორც უბიწო, ისე გარყვნილ არსებად, რომელსაც სარეცლის ერთზე მეტ მამაკაცთან გაყოფა სჩვევია.

ლექსის განწყობა „ძვალზე შემოხვეული კაშკაშა თმის“(A bracelet of bright hair about the bone”) [Donne, 1996:122] ხსენებით მოკრძალებულ და ამაღლებულ ნოტაზე გადადის. ქალის მოჭრილი კულული, როგორც სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო, ჯონ დონს აგრეთვე აქვს  ნახსენები ლექსში „დაკრძალვა“  (“The Funeral”), რომელშიც პროტაგონისტი, მის გამპატიოსნებლებს სთხოვს, რომ გაუფრთხილდნენ ნაზ თმას, რომელიც მიცვალებულს  მკლავზე გვირგვინივით შემოხვევია (That subtle wreath of hair, which crowns my arm;/The mystery, the sign you must not touch”)[Donne, 1996:119]. ორივე ლექსში ქალბატონის თმა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი სიმბოლოა და წყვილის სიკვდილის შემდგომ ერთგულებასა და მათ უკვდავ სიყვარულზე მიუთითებს. „წმინდანთა ნაწილებში“ კაშკაშა თმა შეიძლება მოვიაზროთ, როგორც ლექსში ხსენებული პირველი რელიგიური სიწმინდე, რელიკვია. მოცემულ ეპიზოდში ავტორი თმას ახასიათებს, როგორც კაშკაშას, სიცოცხლით სავსეს, ნათელს და არა როგორც უბრალოდ ქერას, და იყენებს სიტყვას “bright და არა მაგალითად fair-ს. ვფიქრობ, ესეც ჯონ დონისეული კონსიტის ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც ერთმანეთს უღიმღამო საფლავს, სიკვდილს, მიცვალებულისგან დარჩენილ ჩონჩხს და სიხალისეს, სიცოცხლესა და სიკაშკაშეს უპირისპირებს. დონის პოეტიკის სიღრმისეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ შემთხვევაშიც ის ფიზიკურისა და მეტაფიზიკურის ძალდატანებით კავშირს გადმოგვცემს: სამაჯურს, ერთი მხრივ, ღვთაებრივ, მეორე მხრივ, კი ბიწიერ მნიშვნელობას სძენს. სამაჯური, როგორც იდეალური წრის განმასახიერებელი სიმბოლო, ზეციურ, ღვთიურ მნიშვნელობას იძენს. წრის სიმბოლიკაზე ჯონ დონი  თავის სხვა ლექსებშიც საუბრობს. მაგალითად, ამ სიმბოლიკით სრულდება ლექსი „განშორება: აკრძალული დატირება“ (“A Valediction: Forbidding Mourning”):

 

Such wilt thou be to me, who must, Like th' other foot, obliquely run;

Thy firmness makes my circle just,  And makes me end where I begun [Donne, 1996:112].

 

წრის ღვთიურ სიმბოლიკაზე ჯონ დონი ქადაგებებშიც ხშირად საუბრობდა. ერთ-ერთ ქადაგებაში ავტორი წრეს პირდაპირ აიგივებს ღმერთთან:Fix upon God any where, and you shall finde him a Circle; He is with you now... He was with you before... and He will be with you hereafter”[Donne, 1962:52]. მეორე მხრივ, სამაჯური, როგორც იდეალური წრე, შეიძლება აღვიქვათ ქალურობისა და ქალური საწყისის, მისი სექსუალურობის სიმბოლოდ.

ლექსის მეორე სტროფი, გარდა რელიგიურისა, ისტორიული და პოლიტიკური კონტექსტის მატარებელიცაა:

  If this fall in a time, or land, 

  Where mis-devotion doth command, 

  Then he, that digs us up, will bring 

   to the bishop, and the king, 

  To make us relics; then 

Thou shalt be a Mary Magdalen, and I 

   A something else thereby; 

All women shall adore us, and some men; 

And since at such time miracles are sought, 

I would have that age by this paper taught [Donne, 1996:122].

            ავტორის პარადოქსული დაშვებით, თუკი შეყვარებულთა საფლავს ისეთ დროსა და იმ სივრცეში გახსნიან, სადაც ღვთისმოსაობა ვეღარ იბატონებს, მათ წმინდა ნაწილებს მღვდელსა და მეფესთან წაიღებენ და სიწმინდეებად შერაცხავენ. ჯონ დონის, როგორც ყოფილი კათოლიკეს ირონია მოცემულ ეპიზოდში აშკარაა, თუმცა აქ უფრო საინტერესო ის გარემოებაა, რომ ავტორი არა მხოლოდ კათოლიკური ეკლესიის, არამედ პროტესტანტიზმის მიმართაც ამჟღავნებს სარკაზმს; მღვდლისა და მეფის ერთად ხსენება „უღვთო“ ეპოქაში ამ სარკაზმზე მიუთითებს.

ლექსის წინა ეპიზოდებში ავტორი ძირითადად პირველ პირში საუბრობს და მისი სატრფოც არა ცალკე პიროვნებად, არამედ თავის ნაწილად აღიქმება (us).მეორე სტროფიდან ერთიანობის ეს პრინციპი ირღვევა და პროტაგონისტი ქალს პირველად მიმართავს შენობით (Thou shalt be a Mary Magdalen, and IA something else thereby)[Donne, 1996:122]. ისტორიულ-პოლიტიკური თემატიკა კვლავ რელიგიურს უბრუნდება და ღვთის მადლს მოკლებულ სამყაროზე საუბრის შემდეგ ავტორს ლექსში უეცრად წმინდა მარიამ მაგდალინელის სახე შემოჰყავს. ჯონ დონს ეს ბიბლიური პერსონაჟი შემთხვევით არ გახსენებია.  მარიამ მაგდალინელი, რომელიც ქრისტემ „შვიდი ეშმაკისგან განწმინდა“, ახალი აღთქმის ყველაზე იდუმალებით მოცული ქალი პერსონაჟია. საუკუნეების განმავლობაში, სახარების არასწორი ინტერპრეტირების შედეგად, ადამიანთა დამოკიდებულება ამ ბიბლიური პერსონაჟისადმი იცვლებოდა.  მოგვიანებით,  სხვადასხვა თქმულებისა თუ მხატვრული ლიტერატურის გავლენით, იგი სიძვის დიაცადაც კი მოიაზრებოდა (მიუხედავად იმისა, რომ ახალ აღთქმაში არაა განმარტებული, თ

ლიტერატურა

Andreasen N.
1967
John Donne.Conservative Revolutionary. Prinseton.
Donne J.
1962
The Sermons of John Donne. Ed. George R. Potter and Evelyn M. Simpson. 10 volumes. Berkeley: University of California Press.
Donne J.
1996
John Donne. SelectedPoetry. Oxford University Press.
Johnson S.
1925
Lives of the Poets, Everyman’s edition, London.
PatridesC. A.
1985
The Complete English Poems of John Donne. EdLondon: Dent.
Wilcox H.
2002
Miracles of Love and Wit: John Donne’s "The Relic"