ეთნიკურობის პერცეფცია ქართულ ჰაგიოგრაფიაში (VIII-X სს)

ეთნიკურობის და ნაციონალიზმის კვლევას თავისი ისტორია აქვს არა მხოლოდ დასავლურ ისტორიოგრაფიაში, არამედ ამ პრობლემით სულ უფრო და უფრო ინტერესდებიან ქართველი მკვლევრები. სოციალური თეორიების გაჩენამ ერთმანეთთან დააახლოვა ისტორია და სოციოლოგია. „ახალმა ისტორიამ“ ისეთი საკითხები წამოწია წინა პლანზე, რომლებიც კომბინირებულ კვლევას საჭიროებს. ეთნიკურობისა და ნაციონალიზმის საკითხები ფართო განხილვის საგანი გახდა. პოლიტიკურ ისტორიასთან ერთად სოციალური საკითხები არათუ ავსებდა ისტორიულ ნარატივს, არამედ ისტორიას მთლიანობაში უფრო შეგრძნებადს ხდიდა. ჩვენს ირგვლივ ნაციონალური საზოგადოებებია, რომელთა ისტორია, ერთი შეხედვით, ევროპის მოდერნიზაციიდან იღებს სათავეს. სინამდვილეში მათ ღრმა ეთნიკური წარსული გააჩნიათ. ამ თეორიას ავითარებენ ეთნოსიმბოლისტები, რომელთა კვლევებს ვიყენებ ჩემს ნაშრომში.1 ეთნიკურობის კვლევას ქართველ მკვლევართა ნაწილი სკეპტიკურად უყურებს, თუმცა ქართველი ერის თვითშეგნების ჩამოყალიბებაში ღრმა ეთნიკური წარსულის გამოცდილების გავლენას ყველა აღიარებს. ემპირიული კვლევის მიუხედავად XX საუკუნის 30-იანი 40-იანი წლების ქართველი ისტორიკოსები (მათ შორის ივ. ჯავახიშვილი) ხვდებოდნენ, რომ ეთნიკურობაში არსებობდა ისეთი რამ რაც მის განგრძობადობას უწყობდა ხელს. ხშირად მკვლევრები ეთნიკურობის საკითხებზე მომუშავეებს სიახლესაც უწუნებენ. ეს გასაგებიცაა, ეთნიკურობა ხომ აღქმადი ფენომენია. ჩვენთვის საინტერესოა, თუ როგორ ფიქსირდება ეთნიკურობა სხვადასხვა ისტორიულ წყაროში და  როგორია ეთნიკურობის გამომხატველი ტერმინების გამოვლინებისა და განვითარების ჯაჭვი. ყოველივე ამის გააზრება სრულ სურათს შეგვიქმნის ამ ფენომენის რაობაზე. და მაინც რა არის ეთნიკურობა?

ამასთან დაკავშირებით მრავალი დეფინიცია არსებობს, ერთ-ერთი ფართოდ აღიარებული განსაზღვრებით კი, ეთნიკური ერთობა საერთო თვითსახელწოდების მქონე ერთობაა, რომელსაც გააჩნია საერთო წინაპრის მითი, ზიარი ისტორიული მეხსიერება, საერთო კულტურის ერთი ან მეტი განმასხვავებელი ელემენტი [სმითი, 2008:27]. ეთნიკურობის შესწავლა წარმოუდგენელია თეორიული ჩარჩოს გარეშე, რასაც, ცხადია, მეც მივმართავ.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია სწორედ შერჩეული წყარო, რომელიც ამ ფენომენის შესწავლაში დამეხმარება. აღნიშნული საკითხის გასაგებად ვიყენებ ჰაგიოგრაფიულ წყაროებს. უნდა ითქვას, რომ მათ განსაკუთრებული ღირებულება აქვს ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც უფრო მეტად დაგვანახებს „ისტორიას ქვემოდან“. ასეთი წყაროების შესწავლას ქართულ ისტორიოგრაფიაში თავისი ტრადიცია აქვს.  უნდა აღინიშნოს, რომ ჰაგიოგრაფიული ძეგლები უფრო ხშირად ფილოლოგების დაკვირვების საგანია. ისტორიკოსები მეტწილად ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურას მიმართავდნენ ისტორიული პირის, ანდა თარიღის დასადგენად, რედაქციების შესადარებლად და სხვა.2 ჰაგიოგრაფიით დაინტერესება მას შემდეგ უფრო გაიზარდა, როცა ისტორიოგრაფიაში ახალი საკვლევი საკითხები გამოიკვეთა. უფრო მეტიც, ეთნიკურობისა და ნაციონალიზმის კვლევის გარდა, ჰაგიოგრაფიის ინფორმაციული ტევადობიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა ქართულ ისტორიოგრაფიაში სხვადასხვა სოციალურ, კულტურულ და მენტალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სისტემური დაკვირვება. ამ მხრივ ხაზგასასმელია ქართული ჰაგიოგრაფიის როლი აღნიშნული საკითხების კვლევისას. ქართულ ჰაგიოგრაფიას განსაკუთრებით გამოარჩევს ღრმა ისტორიზმი, ამიტომაც იგი წარმოადგენს განსაკუთრებულ ისტორიულ წყაროს ეთნიკურობის საკითხის შესასწავლადაც.

ეროვნული იდეოლოგიით დამუხტული ქართული ჰაგიოგრაფიისათვის დამახასიათებელია ეთნიკურობის გამომხატველი ტერმინების სიუხვე, წყაროთა ავთენტურობა კი გვეხმარება, კარგად გავიაზროთ ეთნიკურობის საკითხი.

ეთნიკურობის ფენომენის რეპრეზენტაციის თვალსაზრისით ქართულ ჰაგიოგრაფიაში პირობითად შესაძლებელია გამოვყოთ რამდენიმე ეტაპი. პირველი, რომელიც ხასიათდება რელიგიის საკითხის წინ წამოწევით და მისი დაცვით, მეორე – გარდამავალი პერიოდია, რომელიც ერთგვარი მდგრადობით ხასიათდება, თუმცა ქართულ ჰაგიოგრაფიაში ამ დროს უკვე შეინიშნება ეთნიკურობის გამომხატველი ტერმინების მოჭარბება და ეროვნული იდეალების კონტურების გამოსახვა. მესამე ეტაპი კი, ხასიათდება ეროვნული იდეალების განვითარებითა და მათი წინა პლანზე წამოწევით.

ჩემი მიზანი ქართული ჰაგოგრაფიის სწორედ ამ გარდამავალ პერიოდზე, კერძოდ კი, VIII-X საუკუნეების ძეგლებზე დაკვირვებაა. ამიტომ კვლევის ფოკუსში მოექცა „წმ. აბო თბილელის წამება“ და „წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება“, რომელთა ლიტერატურულ თუ წყაროთმცოდნეობით ღირებულებაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ამჯერად მე ყურადღებას გავამახვილებ დასახელებულ ძეგლებში ეთნიკურობის გამომხატველ ტერმინებზე: ნათესავი, ერი, რომელნიც განსხვავებით წინა პერიოდის ჰაგიოგრაფიული ტექსტებისა, უფრო მეტად გამოკვეთს ჩვენ–ჯგუფს. იქიდან გამომდინარე, რომ ეთნიკურობა მუდმივი, თუმცა ცვალებადი ფენომენია, ცვალებადია ეთნიკურობის გამომხატველი ტერმინების შინაარსიც. აღნიშნულ ძეგლებში ეთნიკურობის ამსახველი ტერმინების შინაარსის ცვლილება, ცხადია, ქართულ ერთობაში შიდა სოციალური ბმების პერცეფციების აღქმის ცვლილებაზე მიუთითებს. სწორედ ამ კუთხით საინტერესოა, დასახელებულ ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში დავაკვირდეთ ეთნიკურობის გამომხატველ ტერმინებს.

წლების განმავლობაში მკვლევრები ცდილობდნენ, გამოერკვიათ ეთნიკური ტერმინების: ნათესავის, ერის მნიშვნელობა სხვადასხვა დროსა და წყაროზე, წმინდა წერილსა თუ საისტორიო ძეგლებზე დაკვირვებით. იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია ყველა შემთხვევის განხილვა სტატიაში,  წარმოვადგენ რამდენიმე ნიმუშს ქართველი მკვლევრების შრომებიდან. დამანა მელიქიშვილი ასკვნის, რომ „ნათესავი გარეშემცველია ტომისა, ერი – ზოგადი სახელია „ხალხისა“, „ადამიანთა კრებულისა“, კონკრეტულად კი ღვთის რჩეულ ერს (ისრაელს) მიემართება“ [მელიქიშვილი, 2009: 587]. ტერმინ ერში  სხვადასხვა დროს გააზრებულია ჯარის, ხალხის, მკვიდრის მნიშვნელობა. შუა საუკუნეების ერი გაგებულია მისი თანამედროვე მნიშვნელობითაც.3 ლ. პატარიძემ შეისწავლა ქართველი მკვლევრების დაკვირვებები ამ ტერმინებთან დაკავშირებით და გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ „ერი ასახავს ადამიანთა ზოგადი შემკრებლობის შინაარს საზოგადოების იმ წყობის შესაბამისად, რომელშიც იგი ფუნქციონირებს“ [პატარიძე, 2002:14]. მართლაც, ტერმინი ერი აღმნიშვნელია იდენტობრივი ჯგუფისა, რომელსაც ხან ფართო მნიშვნელობით ვხვდებით, ხან არა. ეთნიკურობით უფრო მეტად  დატვირთულია ტერმინი ნათესავი, რომელიც აქცენტს საერთო წარმომავლობაზე აკეთებს. ზ. კიკნაძე აღნიშნულ ტერმინებზე დაკვირვებისას ასეთ დასკვნას აკეთებს: „ძველ ქართულ ისტორიოგრაფიაში ერი, განსაკუთრებით, შესიტყვებაში ყოველი ერი, განსხვავებით ნათესავისგან, რომელიც ეთნიკურ კუთვნილებას გულისხმობს, სოციალურ-პოლიტიკური ერთობაა“ [კიკნაძე, 2002:17]. ცხადია, ქართულ სინამდვილეში არსებულ ეთნიკურ ტერმინებზე მომუშავეთა რიცხვი უფრო დიდია. თავის დროზე ივ. ჯავახიშვილიც და ს. ყაუხჩიშვილიც ინტერესდებოდნენ ამ საკითხით. მიუხედავად მრავალფეროვანი შედეგებისა, აღნიშნული მკვლევრების მიზანი ეთნიკურობის კვლევა არ ყოფილა. მათ შრომებს, რომლებიც უდავოდ ანგარიშგასაწევია და ქართულ ისტორიოგრაფიაში თავიანთი კვალი დატოვეს, სისტემური ხასიათი არ აქვს და არც ჰაგიოგრაფია, როგორც ერთი მთლიანობა, არ გამხდარა ეთნიკურობის კლვევის ობიექტი. ამიტომაც ვფიქრობ, აღნიშნული კვლევა გარკვეულწილად შეავსებს იმ დისკურსს, რომელიც ეთნიკურობის აღქმას ეხება.

ზოგადად ეთნიკურობას შეიძლება ჩვენ–ჯგუფი ვუწოდოთ, თუმცა იგი შეიცავს რელიგიისა და ენის სახით ისეთ ელემენტებს, რომლებიც ქმნის შიდა დამოკიდებულებას, რასაც ჩვენ წარმომავლობა შეგვიძლია დავარქვათ [Eriksen, 2002]. ქართული ეთნიკურობის შესწავლა თავისებურია, როგორც ყველა ეთნიეს ახასიათებს ინდივიდუალობა, ასევე საქართველოს ისტორიის ნარატიული წყაროებიდან ამ პრობლემის დამზერა უფრო მეტ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. განსაკუთრებით რთულია გარდამტეხი პერიოდის ზუსტი შეფასება, იმდენად, რამდენადაც გარდაქმნა ყოველთვის მტკივნეულია საზოგადოებისათვის და ამ პერიოდის ეროვნული აზროვნების გამოხატვა ფრთხილ დაკვირვებას მოითხოვს.

ეთნიე ცოცხალი არსებასავით არის და დროში განგრძობადობა ახასიათებს. კოლექტიური კულტურული იდენტობის შესწავლისას საინტერესოა, რამდენად არის გამოკვეთილი ჩვენჯგუფი, რომელიც ფიქსირდება სხვასთან მიმართებაში. ჩვენ ერთობა იმიჯნება სხვისგან. ჩვენ–იდენტობა ერთადერთია, უნიკალურია. საკრალურია მისი ერთობა, მიწა, მახსოვრობა. წმინდანთა მარტვილობა ქმნის საკრალურ სივრცეს. საკრალური სივრცე ის ადგილია, სადაც ადამიანებს ღვთაებრივთან ურთიერთობის შესაძლებლობა ეძლევათ. ის მყარდება თვით ღვთაებით, ან რაიმე ნიშნის გამოჩენის შედეგ [პატარიძე, 1993:31]. ტერმინ ერის მნიშვნელობას აკვირდებოდა ა. ბოგვერაძეც. სხვადასხვა ისტორიული წყაროის გარდა, მკვლევარი იშველიებს წმ. აბო თბილელის „წამებისა“ და წმ. გრიგოლ ხანცთელის „ცხოვრებებიდან“ ამონარიდებს. ბოგვერაძის აზრით, ტერმინი ერი ზოგიერთი წყაროის მიხედვით, განსხვავებული შინაარსის გამომხატველია. ეს ტერმინი შეიძლება აერთიანებდეს მდაბიოებს, ყმებს, გლეხებს, მებეგრეებს და სხვა. მისი აზრით: „ „ერი“ ფეოდალის მიწაზე სხვადასხვა უფლებით მჯდარი, ან უბრალოდ მის „საბრძანებელში“ (ჩორჩანელის გამონათქვამია) მოქცეული მწარმოებელი საზოგადოების სხვადასხვა ფენის აღმნიშვნელი ტერმინია ერისმთავრობის ხანაში“ [ბოგვერაძე, 1973:319]. ეთნოსიმბოლისტური პარადიგმის მიხედვით ეთნიკურობის ფენომენს იკვლევს მ. ჩხარტიშვილი. საისტორიო თუ ჰაგიოგრაფიული ძეგლებიდან მან შეისწავლა ეთნიკურობის მარკერები, როგორებიცაა: თვითსახელწოდება, რელიგია, ტერიტორია, კოლექტიური მეხსიერება, რაობა.5

ეთნიკურობაზე დაკვირვება შესაძლებელია საკვლევ პერიოდზე ადრეც. ეთნიკურობის აღქმადობას ერთობის შიდაშეჭიდულობის დონე ქმნის. ქართველი ერი განგრძობადი ერია, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ დავაკვირდეთ ერთობის განვითარების ამსახველი პროცესების ჯაჭვს, რომელიც ამ ერთობის თანამედროვე ნაციადქმნამდე მოდის. ეთნიკური ერთობა ეთნიეს ყველაზე განვითარებული ფორმაა. იგი კულტურული ერთობაა, რომელიც ერთგვაროვნობით არ გამოირჩევა. ეთნიკურობის დამზერასთან დაკავშირებით შეიძლება ვისაუბროთ ეთნიეს ოთხ დონეზე: „ეთნიკური კატეგორია, რომლის დროსაც თვითაღქმის ძალიან დაბალი დონეა, ეთნიკური ქსელი, ამ დროს უფრო ინტენსიურია ეთნიეს წევრებს შორის ურთიერთკავშირი. მესამე დონეს წარმოადგენს ეთნიკური ასოციაცია – ეთნიეს წევრები ავითარებენ საერთო ინტერესებსა და პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რათა წარმოჩინდეს როგორც ერთი კოლექტივი. ბოლო დონეა – ეთნიკური ერთობა, ეს იმგვარი ერთობაა, რომელსაც გააჩნია მკაფიო ფიზიკურად დასაზღვრული ტერიტორია სათავეში მმართველი პოლიტიკური ძალით“ [Tonkin, 1996:20]. ეთნიეს დონეები განისაზღვრება მას შემდეგ, როდესაც გამოვლინდება ეთნიკურობის მახასიათებლების შიდა ინტესივობა. როგორც ჩანს, ეთნიკურობა აღქმადია მერვე საუკუნის ქართულ სინამდვილეში. ამაზე მეტყველებს იოანე საბანისძის საგანგებო ხაზგასმა აბოს ეთნიკურობაზე: „მნებავს აწ ქრისტეს, მოყუარენო ამიერითგან წმიდისა და სანატრელისა მოწამისა ამის ჰაბოისთჳს, რაჲთა გაუწყო, ვითარ არა რაბამ იყო ანუ ვინაჲ მოიწია აქა. ესე ნაშობი იყო აბრამეანი ძეთაგან ისმაელითა ტომისაგან სარკინოზთაჲსა და არათუ უცხოჲსაგან თესლისა არცა ხარჭისაგან შობილი, არამედ ყოლადვე არაბთა თესლი მამულად და დედულად“ [აბულაძე, 1963:56]. არ არსებობს იდენტობა სხვისი მოაზრების გარეშე, ჩვენ ჯგუფიც სწორედ აღიქმება სხვის მიმართ. აბო თბილელის წამებაში გამოკვეთილია ჩვენ–ჯგუფი, რომელიც თავს მიჯნავს არაბთაგან, აბოს (ს. ქ) „ეშინოდა სოფლის მპყრობელთა ამათ ზედამდგომელთა ჩუენთა სარკინოზთაგან“ [აბულაძე, 1963:57].

განსხვავებით წინარე პერიოდის ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებებისა, ზემოხსენებულ ძეგლებში უფრო მეტად არის გამოკვეთილი ეთნიკურობის აღმნიშვნელი ისეთი ტერმინები, როგორებიცაა ნათესავი და ერი. სწორედ ამ ორი ტერმინის განსაზღვრა არის სტატიის მთავარი მიზანი. ნათესავი ნიშნავს ერთი თესლიდან წარმომავალ სიმრავლეს. ნათესავი დღეს მეტწილად გვესმის ვიწრო მნიშვნელობით, რომელიც ხაზს უსვამს სისხლისმიერ ერთობაზე. ასეთი მაგალითები, ცხადია, ორივე ჰაგიოგრაფიულ ძეგლში გვხვდება, თუმცა ტერმინი ნათესავი VIII-X საუკუნეებში უფრო ფართო მნიშვნელობის გამომხატველი იყო, ვიდრე – შემდგომ პერიოდში. ცხადია, ტერმინი ნათესავი არ გამორიცხავს ამ შემთხვევაშიც საერთო წარმომავლობას, თუმცა ეს უფრო წარმოსახვითია და მიანიშნებს ისეთ ერთობაზე, რომელსაც აქვს რწმენა საერთო წინაპრის. ამის მაგალითები მრავლადაა ჩვენ მიერ შერჩეულ ძეგლებში, გამოვყოფ რამდენიმე მათგანს:

მსაჯულის წინაშე წარმდგარ წმ. აბოს ასე მიმართეს: „რაჲ არს, რომელი მესმის შენთჳს, რამეთუ ხარ შენ ნათესავით და ტომით სარკინოზ და დაგიტოვებიეს მამული შჯული და ქრისტეანთა თანა შეცთომილ ხარ?“ [აბულაძე, 1963:64]. ნათელია ტომი და ნათესავი სინონიმებია და  წამომავლობაზე მიუთითებს.

ბაგრატ კურაპალატის შეკითხვაზე, თუ რატომ არ ეახლა საბა იშხნელი პირველივე წერილზე, ბერმა ასე უპასუხა: „შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტჱ ყოველთა დაბადებულთაჲ“ [აბულაძე, 1963:274].

აშოტ კურაპალატის გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარება ემოციურად არის აღწერილი წმინდა მამის „ცხოვრებაში“. ამ ამბის გაგებისას გრიგოლ ხანცთელი ამბობს: „სადაჲთ-მე მოგელოდი, აღმოსავლეთით-მე ანუ დასავალით, ჩრდილოჲთ-მე ანუ სამხრით? რამეთუ ყოველთა ზედა ნათესავთა მფლობელი იყავ“ [აბულაძე, 1963:264]. გარდა ნათესავის ვიწრო მნიშვნელობისა, VIII-X საუკუნეების ძეგლებში ტერმინი ნათესავი ძირითადად ფართო მნიშვნელობით გვხვდება, აღნიშნული მაგალითებიც სწორედ ამას მოწმობს. ტერმინი ნათესავი საერთო ეთნიკურ წარმომავლობაზე, ერთი ძირის ხალხზე აკეთებს აქცენტს.

ისტორიული ძეგლები შუა საკუნეების ხსოვნას ინახავს, ეპოქალურ აღქმას სხვადასხვა საკითხზე. ეთნოტერმინ ნათესავზე მუშაობისას რამდენჯერმე წავაწყდებით ტერმინს ნათესავით აზნაური. მკითხველის ყურადღება მინდა შევაჩერო სწორედ ერთ ასეთ მაგალითზე: „ხოლო იყო მას ჟამსა ხანცთას წინამძღვრად მამაჲ არსენი, ნათესავით აზნაური“ [აბულაძე, 1963:277]. ნათესავით აზნაური გრიგოლ ხანცთელის „ცხოვრებაში“ რამდენჯერმე გვხვდება. როგორც ჩანს, ავტორს საგანგებოდ უნდა აღნიშნოს არა მხოლოდ მისი უბრალოდ აზნაურობა, არამედ ნათესავით აზნაურობა, რაც მის წინაპრების წოდებრივ წარმომავლობაზე მიუთითებს. ამ მაგალითში კარგად ჩანს შუა საუკუნეების გაგება. არსენი წყალობით აზნაური კი არ არის, არამედ ის მამა-პაპით აზნაურია.

კულტურული იდენტობის ცვლილება შესაძლებელია. ქრისტიანობის მიღებით წმ. აბომ შეიმეცნა ქართულ კულტურა, გახდა ქართული კულტურის თანაზიარი. მსგავსი მაგალითები მსოფლიო ისტორიოგრაფიას კარგად ახსოვს. ეთნიკურობა ქმნის კოლექტიურ იდენტობას, რომელიც პრინციპულად ჩაკეტილია, მაგრამ პრაქტიკულად შეიძლება ღია იყოს, ტერმინი ნათესავის მნიშვნელობა აღნიშნული ძეგლებიდან ნათელია. ნათესაობა და ბუნება ერთგვარ სინონიმებს წარმოადგენს. ცხადია, იგი ეთნიკურად არაბია. შუა საუკუნეების ეთნიკურობას მხოლოდ ბუნება, წარმომავლობა არ განსაზღვრავს, იდენტობის უმთავრეს მარკერს რელიგია წარმოადგენს, რომელიც გადამწყვეტია ეთნიკურობისათვის. ეთნიკურობის აღქმის საინტერესო მაგალითებს ვხვდებით წმ. აბოს „ცხოვრებაში“. აფზახეთის მთავარი აბოს მიმართავს: „ნუ გახვალ შენ ამიერ ქუეყანით, რამეთუ ქუეყანაჲ იგი ქართლისაჲ სარკინოზთა უპყრიეს და შენ ხარ ბუნებით სარკინოზ“ [აბულაძე,1963:61]. აბოს არ აპატიებენ რჯულის შეცვლას, მისი ბუნების, არაბობის გამო. აფხაზეთის მთავრის აღქმა აბოს ბუნებითობაზე აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა აღქმა განსხვავებულია აბოს მსაჯულთან დამსმენლის სიტყვებში: „არს ქალაქსა ამას შინა ჭაბუკი ერთი, რომელი იყო ბუნებით სარკინოზ და განზრდილ და ცხონებულ შჯულთა მით, რომელი მომცა ჩუენ მაჰმედ მოციქულმან ჩუენმან, და აწ დაუტევებიეს შჯული ესე ჩვენი და იტყჳს თავსა ქრისტეანედ“ [აბულაძე,1963:64]. თავად აბო თავის თავს ბუნებით სარკინოზს უწოდებს: „ვარ მე ბუნებით სარკინოზ, შობილვე მას შინა მამულად და დედულად; განსწავლულ ვიყავ შჯულითა მით მაჰმედისითა და ვცხოვნდებოდე მას შინა, ვიდრე უმეცრებასა შინა ვიყავ, ხოლო ოდეს სათნო იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე ძმათა და ნათესავთა შორის“ [აბულაძე, 1963:65]. ამ მაგალითებიდან, ერთი მხრივ, ჩანს, რომ აბო მიუხედავად იმისა, რომ ეზიარა ქართლ კულტურას, ის ინარჩუნებს თავის თავის იდენტობას, ხოლო მეორე მაგალითით იგი თითქოს კარგავს იდენტობას. ტექსტში ასეთი განსხვავებული აღქმები დაკავშირებული შეიძლება იყოს არამხოლოდ ეპოქის, არამედ ავტორის გაურკვეველი პოზიციასთან ეთნიკურ იდენტობის რაობასთან დაკავშირებით.

ტერმინი ერი ზოგადად მიანიშნებს კრებულს. შუა საუკუნეებში მას უფრო მეტად ვიწრო მნიშვნელობით იყენებდნენ და ის გამოხატავდა სხვადასხვა იდენტობრივ ჯგუფს. ამის მაგალითები ტექსტში უკვე მოვიყვანეთ. ტერმინს ერს რვაჯერ ვხვდებით წმ. აბოს „ცხოვრებაში“. ერი, როგორც ამალის აღმნიშვნელი. აფხაზეთის მთავარმა „შეიწყნარა ნერსჱ ყოვლით ერით მისითურთ“ [აბულაძე,1963:58], იმავე მნიშვნელობითაა მეორე მაგალითშიც: „იყო მის თანა ერისაგან მისისა სამას ოდენ მამაკაცი“ [აბულაძე, 1963:58]. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი ერს ძირითადად ვიწრო მნიშვნელობით ვხვდებით წმინდა აბოს „ცხოვრებაში“, ფიქსირდება ამ ტერმინის ფართო მნიშვნელობაც: „და თჳსითა სათნოებითა (წმ. აბო. ს.ქ.) იქმნა საყუარელ ყოვლისა ერისა და შესძინა სწავლად ქართულისა მწიგნობრებისა და ზრახვისა ჴსნილად“ [აბულაძე, 1963:57].

გრიგოლ ხანცთელის „ცხოვრებაში“ ტერმინი ერი უფრო მრავალფეროვანი შინაარსითაა წარმოდგენილი. ერი როგორც ერისკაცების აღმნიშვნელი ტერმინი. ერისკაცებმა აღიარეს არსენის ქართლის კათალიკოსად „და გუარამ ჴელმწიფემან და ყოველმან ერმან თქუეს: „ამენ იყავნ!“ [აბულაძე, 1963:289].

ერი, როგორც მრევლის აღმნიშვნელი ტერმინი: „ამისა შემდგომად იხილა ნეტარმან მამამან გრიგოლ აღორძნებული ერი საღმრთოჲ შატბერდს“ [აბულაძე, 1963:283].

ერი, როგორც სამღვდელოების აღმნიშვნელი ტერმინი: „ბანაკი ანგელოზთა უფლისაჲ გარე მოადგა მას და პატიოსანთა საკუმეველა სუნელებამან აღავსო ყოველი ერი კრებული მამათაჲ“  [აბულაძე, 1963:315].

ერი როგორც, ხალხის აღმნიშვნელი ტერმინი: ნერსეს „სასტიკად ჰბრძოდეს მას სარკინოზთა ერი“ [აბულაძე, 1963:58].

ერი, როგორც ყოველი ხალხის აღმნიშვნელი ტერმინი: „ხოლო ესე ბრძანებაჲ უტყუველი აღუსრულა ქრისტემან ნეტარსა გრიგოლს წარუვალსა დიდებასა პატივად მიჰმადლა შენებაჲ დიდებულთა უდაბნოთაჲ და ჴორცთა შინა ყოფასა მისსა შიში და ზარი სიწმიდეთა მისთაჲ მიჰფინა მეფეთა და ყოველსა ერსა ზედა“ [აბულაძე, 1963:283].

გარდა ამ ერის მრავალფეროვანი გააზრებისა, ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში და კონკრეტულად კი, წმ. აბო თბილელის „მარტვილობასა“ და წმ. გრიგოლ ხანცთელის „ცხოვრებაში“ ვხვდებით ისეთ მაგალითებს, რომლებშიც ტერმინი ერის მნიშვნელობა არ არის კარგად გამოკვეთილი. ეთნოტერმინების გაგებისას უმნიშვნელოვანესია ტექსტის შინაარსობრივი მხარის გათვალისწინება. ტექსტის შინაარსობრივი შესწავლა საშუალებას გვაძლევს ამ ტერმინების დატვირთვა გამოვავლინოთ. აღნიშნული მაგალითებიც სწორედ ამის გათვალისწინებით შევარჩიე. ცხადია, ამ ორი ძეგლიდან ყველა მაგალითი არ მომიყვანია, თუმცა შევეცადე დასახელებული წყაროებიდან ნათესავის და ერის მნიშვნელობა ამომწურველად  წარმომეჩინა წინასწარშერჩეული მაგალითებით. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ეთნიკურობის აღმნიშვნელ ტერმინებს ჩემამდეც იკვლევდნენ, თუმცა ჩემ მიერ შერჩეული  ტერმინები აქამდე არც დინამიკაში შეუსწავლიათ და არც ჰაგიოგრაფიულ ძეგლებზე, ეთნიკურობის შესწავლის კუთხით, მომხდარა  სისტემური დაკვირვება.

სტატია გახლავთ ნაწილი ვრცელი ნაშრომისა, რომელიც მიზნად ისახავს X-XVIII საუკუნეების პერიოდის ქართულ ჰაგიოგრაფიულ წყაროებზე დაყრდნობით ეთნიკურობის კვლევას. ზემოაღნიშნული დაკვირვება ეთნიკურობის შესწავლის კუთხით საინტერესო ვითარებას ავლენს: გამოკვეთილია ქართული კულტურული იდენტობა, რომელიც შემდგომი პერიოდის ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში მეტად განვითარებულ სახეს იძენს.

 


1ზოგადად ეთნიე შეიძლება განისაზღვროს ხალხის ერთობლიობად, რომელსაც საერთო კულტურული და სოციალური მახასიათებლები გააჩნია.  ეს ტერმინი XX საუკუნის 60-იანი წლებიდან ფართოდ გამოიყენება. ეთნიეს, ეთნიკურობის რაობის შესახებ არაერთი სოციალური თეორია მსჯელობს. ცხადია უდიდესი მნიშვნელობა აქვს თეორიის ზუსტ შერჩევას, რომელიც საკვანძო საკითხს წარმოადგენს ეთნიკურობის ფენომენის გადასაჭრელად. ამიტომ, ნაშრომში, საგანგებოდ ვიყენებ ეთნოსიმბოლისტურ თეორიას, რომელიც შემოგვთავაზა ე.დ. სმითმა. თეორიის თანახმად ერი/ნაცია თანამედროვე ფენომენია, რომელსაც ღრმა ეთნიკური ფესვები გააჩნია.  ეს თეორია ფართოდ განსაზღვრავს ეთნიკურობის რაობას, ეთნიკურობის დონეებს, ტიპებს,  კატეგორიებს (იხ. სმითი, ე.დ. 2008).

2ჰაგიოგრაფიის შესწავლის მდგომარეობაზე ქართულ და დასავლურ ისტორიოგრაფიაში იხ. ჩემი სტატია: ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულებების შესწავლა ისტორიოგრაფიულ-წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით ქართულ და დასავლურ სამეცნიერო ლიტერატურაში. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრი, შრომათა კრებული. 2016, გვ. 181-194 .

3იხ. გიორგი მაჭარაშვილის ერისა და არაერის მნიშვნელობა ძველ ქართულში. ქართველოლოგია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, № 6, 2014 წელი.

4იხ. მარიამ ჩხარტიშვილის ქართული ეთნიე რელიგიური მოქცევის ეპოქაში, თბილისი, კავკასიური სახლი, 2009 და აგრეთვე წმინდა მამა გიორგი მთაწმიდელი და ქართული იდენტობის სამანები XI საუკუნეში, ქართული წყაროთმცოდნეობა თბილისი, მემატიანე, 2006, ტ. XI, 87-101, Mariam Chkhartishvili: Saint George of Mtatsminda and the Forging of Georgian Identity in the 11th Century. Histoire, mémoire et dévotion.Regards croisés sur la construction des identities dans le monde orthodoxe aux époques byzantine et post-byzantine Editor: Radu G. Păun, 2017, გვ.73–89.

5ქართულ სამეცნიერო სივრცეში არა თუ აქტიურად ითარგმნება თეორიული ნაშრომები, ეთნოლოგები, კულტუროლოგები, ისტორიკოსები პრაქტიკულად ამუშავებენ ეთნიკურობის საკითხებს. ამას მოწმობს ბოლო პერიოდში ჩატარებული კონფერენციები და გამოცემული მასალებიც. მაგ. იხ. ეთნიკური და რელიგიურ-კონფესიური ურთიერთობები საქართველოში: ისტორია და თანამედროვეობა: 2013 წლის რეგიონალური კონფერენციის მოხსენებათა ტექსტები. თსუ, ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.

ლიტერატურა

აბულაძე ი.
1963
ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი მომზადდა ილია აბულაძის ხელმძღვანელობით და რედაქციით. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწ. ინ-ტი, მეცნიერება, წიგნი I, (V-X სს.), თბილისი.
ბოგვერაძე ა.
1973
საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. II, საქართველო IV-X, ტომის რედაქტორი შ. მესხია. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი.
ეთნიკური...
2013
კრებული „ეთნიკური და რელიგიურ-კონფესიური ურთიერთობები საქართველოში: ისტორია და თანამედროვეობა”, 2013 წლის რეგიონალური კონფერენციის მოხსენებათა ტექსტები. თსუ, ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი. თბილისი.
კიკნაძე ზ.
2002
ნათესავიდან ერამდე. ეთნიკურობა და ნაციონალიზმი.
მაჭარაშვილი გ.
2014
ერისა და არაერის მნიშვნელობა ძველ ქართულში, ქართველოლოგია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, № 6.
მელიქიშვილი დ.
2009
ნათესავი, ტომი, ერი ტერმინთა მნიშვნელობისა და ურთიერთმიმართბეისათვის წმინდა წერილის ძველ ქართულ თარგმანებში. ფილოლოგიური ძიებანი. ლოგოსი, თბილისი.
პატარიძე ლ.
1993
ცხორებაჲ წმიდისა ნინოისი, ქართლის გაქრისტიანების კულტურულ-ისტორიული საკითხები, მეცნიერება, თბილისი.
პატარიძე ლ.
2002
ერი – სიტყვა და ცნება უწინ და დღეს. ეთნიკურობა და ნაციონალიზმი.
სმითი ე. დ.
2008
ნაციონალური იდენტობა, თარგმნა ლელა პატარიძემ, ლოგოს პრესი.
ქადაგიშვილი ს.
2016
ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულებების შესწავლა ისტორიოგრაფიულ-წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით ქართულ და დასავლურ სამეცნიერო ლიტერატურაში. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრი, შრომათა კრებული.
ჩხარტიშვილი მ.
2009
ქართული ეთნიე რელიგიური მოქცევის ეპოქაში, კავკასიური სახლი, თბილისი.
ჩხარტიშვილი მ.
2006
წმინდა მამა გიორგი მთაწმიდელი და ქართული იდენტობის სამანები XI საუკუნეში, ქართული წყაროთმცოდნეობა მემატიანე, მემატიანე.
Chkhartishvili M.
2017
Mariam Chkhartishvili: Saint George of Mtatsminda and the Forging of Georgian Identity in the 11th Century. Histoire, mémoire et dévotion.Regards croisés sur la construction des identities dans le monde orthodoxe aux époques byzantine et post-byzantine Editor: Radu G. Păun,.
Eriksen T. H.
2002
Ethnicity and Nationalism. Pluto Press.
Tonkin E.
1999
History and Ethnicity, Edited by: J. Hutchinson and A.D. Smith. Ethnicity, Oxford, New Yourk, Oxford University Press.