აღმოსავლეთ-დასავლეთის შეხვედრის თემა მე-20 საუკუნის არაბულ ლიტერატურაში (1935-1966)

აღმოსავლეთი და დასავლეთი კულტურაში, ლიტერატურასა და ფილოსოფიაში მოიაზრება როგორც მსოფლაღქმისა და საზოგადოებრივი მოწყობის ორი არსებითად განსხვავებული ტიპი. `აღმოსავლურ-დასავლური~ საკითხის მიმართ ინტერესს ინტელექტუალური საზოგადოების პოლემიკის რამდენიმე საუკუნოვანი ისტორია აქვს, ეს ინტერესი განსაკუთრებით უკანასკნელ ათწლეულებში გამძაფრდა. აღმოსავლურ-დასავლური პრობლემატიკა მრავალი სამეცნიერო ცენტრის შესწავლის საგანია. შეიქმნა მნიშვნელოვანი სოციალური და კულტუროლოგიური თეორიები.

  გლობალიზაციისა და მზარდი მიგრაციების ფონზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება ცივილიზაციათა დიალოგის,  კულტურათა ურთიერთზიარებისა და სინთეზის თემა. დიალოგის შესაძლებლობა და საერთო ენის გამონახვა ამ ორ რადიკალურად განსხვავებულ, აღმოსავლურ და დასავლურ,  მუსლიმურ და ქრისტიანულ რეგიონს შორის, პირველ ყოვლისა, პოლიტიკური აქტუალობით არის ნაკარნახევი, თუმცა სოციალურ მეცნიერებათა სფეროდან ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც გადმოინაცვლა და ნაყოფიერი ნიადაგი პოვა ლიტერატურაში. დასავლეთისა და აღმოსავლეთის შეხვედრა, მათი ურთიერთაღქმა ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო  როგორც ევროპელ, ისე – აღმოსავლელ ავტორებთან.

  ჩვენი ინტერესის ფოკუსში არაბულ აღმოსავლეთსა და ევროპულ დასავლეთს შორის არსებული დაპირისპირება მოექცა, რომელსაც ცივილიზაციათა შეჯახება ეწოდა [ჰანტინგთონი, 1997: 1-2]. კოლონიალიზმის ეპოქაში ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს შეხვედრამ და კულტურათა კონფრონტაციის საკითხმა ფართო ასპარეზი პოვა ლიტერატურულ ტექსტებში. როგორც ევროპული, ისე აღმოსავლური (არაბული) ლიტერატურული დისკურსი (რომელშიც აღმოსავლეთ-დასავლეთის შეხვედრის თემაა წინ წამოწეული), ფაქტობრივად, შედეგია დასავლური კოლონიალური პოლიტიკისა, რომელმაც მთელი სისტემა შექმნა: თუ როგორ უყურებდა ევროპა არაბულ სამყაროს, როგორ ქმნიდა გარკვეულ მცდარ  სტერეოტიპებს და ამით ცდილობდა  თავისი  იმპერიალისტური პოლიტიკის გამართლებას, რასაც აღმოსავლეთის მხრიდან, ბუნებრივია,  საპასუხო რეაქცია მოჰყვა. აღმოსავლეთმაც ჩამოაყალიბა გარკვეული სტერეოტიპები დასავლურ ცივილიზაციაზე. ახალ არაბულ ლიტერატურაში აღმოსავლეთის, როგორც კულტურული სივრცის ავტოპორტრეტი, მტრის ხატთან დაპირისპირების ფონზე ფორმირდებოდა,  ლიტერატურულ დისკურსში იქმნებოდა აღმოსავლეთ-დასავლეთის სივრცის აღმნიშვნელი ავტოხატებისა და ჰეტეროხატების მკვეთრად პოლარიზებული მარკერთა სისტემა.     მეტიც, მე-20 საუკუნის ზოგიერთი არაბული ლიტერატურული ტექსტი  პოსტკოლონიურ ეპოქაში შურისძიებისკენ მიმართულ ერთგვარ იარაღადაც კი იქცა.

  კულტურათა კონფრონტაციის მოტივი, უმრავლეს შემთხვევაში,  გვხვდება იმ მწერლებთან, რომლებსაც თავიანთ თავზე გამოუცდიათ ორ სამყაროს შორის არსებული ბარიერის დაძლევის მცდელობა. ევროპაში სხვადასხვა მისიით გაგზავნილი არაბი ინტელექტუალები თავიანთ შემოქმედებაში დიდ ადგილს უთმობდნენ აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთმიმართების საკითხებს. ამიტომ ლიტერატურული ნაშრომების პროტაგონისტად, შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, სწორედ თავად ავტორები მოიაზრებიან ხოლმე.

  აღმოსავლეთ–დასავლეთის შეხვედრის თემაზე შექმნილ რომანებს შორის  საინტერესო ანალოგიები იკვეთება, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება დადგინდეს არაბული პროზის განსახილველად აღებული თემატიკის ერთგვარი ლიტერატურული უნივერსალიები. რომანებს მსგავსი სიუჟეტი აქვთ: მთავარი გმირი ორი კულტურის –აღმოსავლურისა და დასავლურის შეხვედრის ცენტრშია, ის აღზრდილია ტრადიციულ მუსლიმურ ოჯახში, განათლების მისაღებად მიემგზავრება ევროპაში, სადაც დასავლურ ფასეულობათა შეჯახების შედეგად სულიერ  კრიზისს განიცდის, მწვავედ დაისმის კულტურული იდენტობის პრობლემა. გმირი გაორებულია, ის ტრანსფორმირდება და წლების შემდეგ შეცვლილი უბრუნდება საკუთარ ქვეყანას, თუმცა ევროპულ ცივილიზაციასა და კულტურულ ტრადიციებს ნაზიარები,  სამშობლოში თავს უცხოდ გრძნობს, მისი იდენტიფიკაციის კრიზისი კიდევ უფრო მწვავდება. მთავარი გმირის სახის გამოკვეთაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება, ერთი მხრივ, ევროპელ და, მეორე მხრივ, აღმოსავლელ ქალს. სასიყვარულო ურთიერთობის მეტაფორა ერთგვარ ნორმადაა ქცეული ამ ტიპის რომანებში – აღმოსავლელი კაცი მერყეობს ორ ქალს შორის, რომლებიც სიმბოლურად ორ განსხვავებულ კულტურას განასახიერებენ, დასავლელ ქალთან ურთიერთობით მთავარი გმირი ცდილობს მის კულტურაში შესვლას, მოგვიანებით კი, როცა სამშობლოში ბრუნდება, აღმოსავლურ საზოგადოებასთან რეინტეგრაციისკენ ისწრაფვის ადგილობრივ ქალზე ქორწინებით. ზოგ რომანში (მაგალითად, „ადიბი“, „მიგრაციის სეზონი ჩრდილოეთში“) კარგად ჩანს ავტორის გაორებული მდგომარეობა, რომელსაც არ აქვს პრობლემის გადაწყვეტის ერთი გზა, ამიტომ ის იყენებს ერთგვარ მხატვრულ ხერხს და მკითხველს ორი სიუჟეტური ხაზის განვითარებას სთავაზობს, რომელთაგან ერთი რადიკალურია, მეორე – ზომიერი.  დასავლეთთან ურთიერთობა ერთი გმირისთვის ტრაგიკულად მთავრდება, მეორე კი იდენტიფიკაციის კრიზისის გარეშე ბრუნდება საკუთარ ქვეყანაში.

  წინამდებარე სტატიის ფარგლებში  ქრონოლოგიური პრინციპით განვიხილავთ შემდეგ რომანებს:

  1. ტაჰა ჰუსეინის  „ადიბი“ (1935);
  2. იაჰჰია ჰაკკის „უმ ჰაშიმის კანდელი“ (1944);
  3. სუჰაილ იდრისის „ლათინური კვარტალი“ (1953);
  4. ატ-ტაიბ სალიჰის „მიგრაციის სეზონი ჩრდილოეთში“(1966).

 XX საუკუნის არაბული ლიტერატურის წარმოდგენილი პერიოდის „აღმოსავლურ-დასავლური“ რომანების ციკლში შედის ასევე ორი მნიშვნელოვანი ტექსტი: თავფიკ ალ-ჰაქიმის „ჩიტი აღმოსავლეთიდან“(1938) და ზუ ან-ნუნ აიუბის „დოქტორი იბრაჰიმი“ (1939). რადგან აღნიშნულ რომანებზე ჩვენს აკადემიურ სივრცეში უკვე გამოქვეყნებულია სამეცნიერო სტატიები, წინამდებარე ნაშრომში აღარ შევაჩერებთ მათზე ყურადღებას. [1]

  ეგვიპტელი მწერალი და მოაზროვნე ტაჰა ჰუსეინი (1889–1973)  XX საუკუნის არაბული მოდერნიზმის საკმაოდ გავლენიანი ფიგურა გახლდათ. საუკუნის პირველ დეკადაში ტაჰა ჰუსეინი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საერო განათლება მიიღო ჯერ კაიროს უნივერსიტეტში, შემდეგ კი სწავლა  საფრანგეთში განაგრძო, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე.

  ტაჰა ჰუსეინი დასავლური სამყაროს კულტურულ ღიაობას  ემხრობოდა, ეს კი შესაძლებლობას აძლევდა ეგვიპტელებს, ესწავლათ პროგრესის საიდუმლოებანი. ტაჰა ჰუსეინი ეგვიპტესა და ევროპას ერთ კონტექსტში განიხილავდა, როგორც პანმედიტერანული კულტურის პროდუქტს. მისი აზრით,  ევროპული ცივილიზაცია, ისევე როგორც ეგვიპტური, ძველი ბერძნული ცივილიზაციიდან მომდინარეობდა (Greek-based civilisations) და ისლამმა, ისევე როგორც ქრისტიანობამ, ბერძნული ფილოსოფიის გავლენა განიცადა. ოსმალთა ბატონობამ კი გამოიწვია ის, რომ ევროპამ განაგრძო განვითარება, ხოლო  ეგვიპტე ჩაიკეტა. ტაჰა ჰუსეინი ევროპული ჰეგემონიის წინააღმდეგია, მაგრამ, ამასთანავე, ევროპული განათლების მოდელის გადმოღების აუცილებლობაზე საუბრობს. ავტორი შთააგონებდა ახალგაზრდებს, რომ ისინი კი არ უნდა გარდაიქმნენ და შეიცვალონ, რათა ევროპელებს დაემსგავსონ, არამედ გააცნობიერონ, სინამდვილეში ვინ არიან [El-Enany, 2006: 55-56].

ტაჰა ჰუსეინის რომანი „ადიბი“ ("أديب") 1935 წელს გამოქვეყნდა. აღმოსავლეთ–დასავლეთის თემატიკას ავტორი მხატვრული ფორმით მხოლოდ ამ ნაწარმოებში ეხება. რომანში ორი სიუჟეტური ხაზი ვითარდება, რომლებშიც ძირითადად გამოყენებულია ეპისტოლარული მეთოდი.  მთავარი პერსონაჟები – პროტაგონისტი და ნარატორი გადიან ერთსა და იმავე გზას,  სასწავლო სტიპენდიით სხვადასხვა დროს ეგვიპტიდან განათლების მისაღებად პარიზში მიემგზავრებიან, ამ გამოცდილებას კი ერთმანეთს წერილებით  უზიარებენ. თანამედროვე ევროპულ ცივილიზაციასთან  შეხვედრა ზეგავლენას ახდენს რომანის ორ მთავარ გმირზე.  უცხო ცივილიზაციის წინაშე აღმოჩენილებს უჭირთ, განსაზღვრონ თავიანთი კულტურული იდენტობა. დასავლურმა აზროვნებამ შეცვალა მათი მსოფლმხედველობა და შეუთავსებელი გახადა ცხოვრების ტრადიციული გზა.    დასავლეთში გამგზავრების თემას რომანში  უპირისპირდება რამდენიმე შეხედულება. ერთი მხრივ, მთავარი გმირის – ადიბის – დედა, რომელიც ძველ, ტრადიციულ დამოკიდებულებებს განასახიერებს და ის მთელი არსებით ეწინააღმდეგება შვილის ევროპაში სასწავლებლად წასვლას; მეორე მხრივ კი, თვითონ ადიბი, რომელიც მოუთმენლად ელოდება ევროპაში გამგზავრებას და არაფერს იშურებს ამ მიზნისთვის; ცოლსაც კი უყოყმანოდ ეყრება, რათა სასურველ სამყაროში გააღწიოს. არაბული ტრადიციული კულტურა აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის თემატიკისადმი მიძღვნილ არაბულ რომანებში უპირატესად ქალური საწყისით არის წარმოდგენილი.  ეს სიმბოლო, რომელიც დედისა და ეგვიპტელი ცოლის სახით  ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ეტაპზე სწორედ ტაჰა ჰუსეინის „ადიბში“ დასტურდება, შემდეგ სხვადასხვა ვარიაციით თითქმის ყველა ამ ტიპის არაბულ რომანშია გამეორებული. საგულისხმოა, რომ ტაჰა ჰუსეინთან სწორედ დედაა შვილის გამგზავრების ყველაზე შეურიგებელი მოწინააღმდეგე, სწორედ დედას არ სურს, თავისი მშობლიური წიაღიდან გაუშვას შვილი შეუცნობელ უცხოეთში. აღნიშნულ რომანში ტაჰა ჰუსეინი ხაზს უსვამს ეგვიპტის კულტურულ იზოლაციას ადგილობრივ ტრადიციულ საზოგადოებაში უცხოეთზე არსებულ სტერეოტიპებზე მინიშნებით, სადაც შვილის გაგზავნა მშობლისთვის საშიში და მეტად არასასურველია. ადიბის დამოკიდებულება საკუთარი და ევროპული კულტურების მიმართ კარგად ჩანს  ერთ–ერთ წერილში, რომელსაც ნარატორს უგზავნის:

     „წადი პირამიდებთან.... ჩადი დიდი პირამიდის სიღრმეში.... იგრძნობ, როგორ შეგეხუთება სული, ოფლად დაიღვრები და გეგონება, რომ შენ ეზიდები ამ დიდებული ნაგებობის სიმძიმეს, რომელიც სადაცაა გაგანადგურებს. შემდეგ ამოდი პირამიდის სიღრმიდან და შეიგრძენი მსუბუქი სუფთა ჰაერი. იცოდე, რომ ეგვიპტეში ცხოვრება ჰგავს პირამიდის სიღრმეში ყოფნას, ხოლო პარიზში ცხოვრება – მაგ სიღრმიდან ამოსვლას“ [,حسين 1998:155].

  რომანის მეორე მაგისტრალური ხაზი, რომელიც დასავლეთში ცხოვრების შემდეგ მთავარი გმირის  მშობლიურ კულტურასთან  ხელახალი ადაპტაციის პროცესს გულისხმობს, ადიბის შემთხვევაში წყდება, გმირი გაუცხოებულია დასავლურ გარემოში.  მიუხედავად იმისა, რომ მან შეითვისა ევროპული კულტურა, თავად ვერ ინტეგრირდა მასში და, ამასთანვე, მშობლიურ ფესვებსაც მოსწყდა, რამაც, საბოლოოდ, პროტაგონისტი ფსიქიკურ აშლილობამდე მიიყვანა. ნარატორის შემთხვევაში კი იდენტობის კრიზისი დაძლეულია, რადგან ის არ წყდება მშობლიურ ფესვებს, ცდილობს სხვა კულტურიდან აიღოს კარგი და დაუბრუნდეს საკუთარს.

  ამდენად, ტაჰა ჰუსეინი  თავის რომანშიც  თამამად აცხადებს, რომ არ არის საჭირო შეიცვალო, დაკარგო საკუთარი იდენტობა, უარყო ყველაფერი მშობლიური და  მიიღო სხვისი გაუზრებლად. მწერალი, იდენტობის შენარჩუნებით, ზომიერებისა და მოდერნიზაციის მომხრეა.

  იაჰია იბრაჰიმ ჰაკკი (1905-1992) XX საუკუნის ცნობილი  მწერალი და ნოველის  ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელია ეგვიპტურ მწერლობაში. მისი მცირე ფორმატის რომანი „უმ ჰაშიმის კანდელი“  საინტერესოა როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრადიციულად დაძაბული დამოკიდებულებების მწერლისეული გააზრებით, ასევე – წერის ტექნიკითაც. იგი  ხორცს ასხამს თავის ხედვას და აგებს ნაწარმოების მორალს. მწერალი ოსტატურად წარმოაჩენს იმ მხატვრულ სახეებს, აღმოსავლეთ-დასავლეთს რომ უპირისპირებს ერთმანეთს, მატერიალისტურსა და სულიერს, ადამიანთა ლეთარგიულ მდგომარეობასა და მოძრაობის დაუოკებელ სურვილს [გარდავაძე,  2007: 106-112].

  რომანის მთავარი გმირი – ისმაილი,  ტრადიციულ მუსლიმურ ოჯახშია აღზრდილი, ამიტომ რელიგიური დღესასწაულები, ცრურწმენები და ხალხური ტრადიციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის მსოფლაღქმაზე. ისმაილს სასწავლებლად ინგლისში აგზავნიან, საიდანაც 7 წლის შემდეგ ის სრულიად შეცვლილი ბრუნდება.  ევროპულ ცივილიზაციასა და კულტურულ ტრადიციებს ნაზიარები, განათლებული და პერსპექტიული ოფთალმოლოგი სამშობლოში თავს უცხოდ გრძნობს. ისმაილის ტრანსფორ-მაციისთვის ავტორი იყენებს კვლავ სასიყვარულო ურთიერთობის მეტაფორას. მთავარი გმირის პერსონაჟის გამოკვეთაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია მარის, ისმაილის ევროპელ კოლეგას. მარი სიმბოლურად დასავლურ კულტურას განასახიერებს, მისი და ისმაილის ურთიერთობა კონტრასტების წყვილეულებია; დასავლური ცივილიზაცია აქ არის აქტიური, ინიციატორი, ხოლო აღმოსავლური კულტურა – მოქმედების რეციპიენტი, ის, ვინც ემორჩილება და სწავლობს. მარი ათავისუფლებს ისმაილს ტრადიციისგან, სენტიმენტალობისგან, უნერგავს რწმენას საკუთარ თავში, მეცნიერებაში. შედეგად ისმაილი კარგავს თავის რელიგიურ რწმენას, რაც მჭიდროდაა დაკავშირებული მის კულტურულ ღირებულებებთან. ასეთი ცვლილება იწვევს ისმაილის სულიერ კრიზისს: „ბიჭის სული კვნესოდა და იკლაკნებოდა გოგოს მოქნეული ცულის დარტყმების ქვეშ. გოგოს სიტყვებს მჭრელი დანასავით შეიგრძნობდა, იმ ცოცხალ ძაფებს რომ უჭრიდა, მას რომ კვებავდნენ, რამეთუ ეს ძაფები აკავშირებდა ბიჭს გარშემომყოფებთან. ერთ დღეს გამოიღვიძა და მისი სული ისე დალეწილიყო, ქვა ქვაზე არ დარჩენილიყო. რელიგია ზღაპრად ეჩვენა, რომელიც მხოლოდ მასების სამართავად გამოეგონებინათ“ [ახალი თარგმანები, 2009: 93].

  ისმაილის მეორე სულიერი კრიზისი იწყება სამშობლოში გამგზავრების შემდეგ. ეგვიპტეში დაბრუნებული განათლებული ოფთალმოლოგი უპირისპირდება ხალხის რწმენასა და ტრადიციას. ადგილობრივებს სწამთ, რომ უმ ჰაშიმის, იგივე საიდა ზეინაბის მეჩეთის კანდელის ზეთი სასწაულებრივი ძალით კურნავს თვალებს. როცა ისმაილი დაინახავს დედამისი როგორ აწვეთებს უმ ჰაშიმის კანდელის ზეთს  განკურნების იმედით ფატიმა ან-ნაბავიას, ისმაილის ბიძაშვილსა და საცოლეს, საშინლად გაცეცხლდება და მეჩეთში კანდელს დაამსხვრევს. ხალხის მასის აგრესიისგან გადარჩენილი გმირი გადაწყვეტს თავად უმკურნალოს საცოლეს, თუმცა ვერაფერს ხდება მანამ, სანამ რწმენით აღსავსე ბოლოს კვლავ კანდელის ზეთს არ გამოიყენებს.     

  ამრიგად, ისმაილი სულიერად მაშინ დაეცა, საკუთარ ფესვებს ზურგი რომ აქცია, ხოლო დაბნეულობიდან კვლავ რწმენის შუქმა გამოიყვანა: „ო, ეს სინათლე სად იყო აქამდე, ასე დიდხანს რად გამეცალა?! კეთილი იყოს შენი დაბრუნება! ის ლიბრი გადამეცალა, თვალზე და გულზე რომ მქონდა გადაკრული!“ [ახალი თარგმანები, 2009: 104]. ისმაილი მიხვდება, რომ ცოდნა და მეცნიერება საჭიროებს რწმენას, რომელსაც რომანში სიმბოლურად კანდელის ზეთი გამოხატავს. მთავარი გმირი აღმოსავლურ-დასავლური ღირებულებების სინთეზს ახდენს. ამდენად, იაჰია ჰაკკი კონფრონტაციის სულიერ მხარეს უსვამს ხაზს, რომელიც ისმაილის სულიერ კრიზისშია ნაჩვენები  და მთავარი გმირის საკუთარ რელიგიურ ფასეულობებთან მიბრუნებით სრულდება.

  ლიბანელი მწერალი სუჰაილ იდრისი კულტურათა კონფრონტაციის სოციო-ფსიქოლოგიურ მხარეს წარმოაჩენს. მისი რომანი „ლათინური კვარტალი“ არაბულ მხატვრულ ლიტერატურაში კულტურული დაპირისპირების ერთ–ერთ კლასიკურ ნიმუშად ითვლება [El-Enany, 2006:82].  სუჰაილ იდრისიც ტრადიციულ, სასიყვარულო ურთიერთობის მეტაფორას მიმართავს. აღმოსავლეთს განასახიერებს არაბი სტუდენტი მამაკაცი, ხოლო დასავლეთს – ევროპელი ქალი. მთხრობელი/პროტაგონისტი ორ არაბ მეგობართან ერთად ჩადის ბეირუთიდან პარიზში, რათა დაიცვას სადისერტაციო ნაშრომი ლიტერატურაში. პროტაგონისტისთვის, ისევე როგორც პარიზში მცხოვრები სხვა არაბი სტუდენტებისთვის, პარიზი გაიგივებულია თავისუფლებასთან: „თითქოს მოიშორეს თავდაჭერილობის ის ტვირთი, რომელიც მხრებს უმძიმებდა მათ ქვეყანაში და იგრძნეს, რომ მოწოდებულები იყვნენ პარიზში შეუზღუდავი თავისუფალი ცხოვრების გასატარებლად, ისინიც მიჰყვნენ ამ ძახილს მთელი არსებით  და უკან მოიტოვეს წარსულის ბორკილები“ [إدريس, 2001:19]. მას შემდეგ, რაც პროტაგონისტი მოწყდება თავის კულტურულ გარემოს, ანუ აღმოსავლეთს, ის გადის რთულ გზას. დასავლეთთან კონტაქტის შემდეგ მთავარი გმირი საკუთარი თავის ძიებაშია. ის ორ კულტურას შორის მერყეობს, მუდმივ ჭიდილშია შინაგან ხმასთან: „გეყოფა ლაყბობა! შენ კვლავ გავიწყდება, პარიზში რომ ხარ! ამოიგლიჯე სულიდან ეს შენი ბეირუთი, მოიშორე, მოკალი და დამარხე! მიიღე პარიზი ისეთი, როგორიც არის, უყურე დიდხანს და ისიც არ დააყოვნებს, ისე შეგეპარება გულში  და ბინას დაიდებს იქ“ [إدريس, 2001:22].

  მთელი რომანის მანძილზე ნაჩვენებია, როგორ არიან  არაბი სტუდენტები გატაცებულები დასავლელ ქალებთან ურთიერთობით. პროტაგონისტს აღიზიანებს მათი ამგვარი საქციელი, მას სურს, გაექცეს ამ ყველაფერს და თავშესაფარს  აღმოსავლურ სამყაროში ეძებს. ფრანგი ქალების თავისუფლებას  თავის აღმოსავლელ სატრფოს, ნაჰიდას და მის თავდაჭერილობას ადარებს, რომელიც, ერთი მხრივ, მოსწონს, და, მეორე მხრივ კი, თრგუნავს. პროტაგონისტი შინაგან კონფლიქტშია ორ შეუთავსებელ მორალს შორის.

   თავდაპირველი იმედგაცრუების შემდეგ პროტაგონისტი იპოვნის  საოცნებო ქალს – ჟანინს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მთავარი გმირის  ტრანსფორმაციის პროცესში.  ავტორი პროტაგონისტის კავშირს ფრანგ ქალთან ახასიათებს როგორც სრულყოფილ სიყვარულს, რომლითაც აღსავსეა სულიც და სხეულიც,  თუმცა ასეთი სრულყოფილი სიყვარულიც ვერ უძლებს ტრადიციის წნეხს. პროტაგონისტის დედა მთელი რომანის მანძილზე გვევლინება აღმოსავლური ტრადიციების დამცველად. სწორედ დედის მიზეზით წყვეტს მთავარი გმირი ჟანინთან კავშირს. დედა სიმბოლურად განასახიერებს აღმოსავლურ კულტურას, რომელიც ასე ღრმად არის გამჯდარი პროტაგონისტის ქვეცნობიერში და რომლისგანაც ის თავს ვერ აღწევს. დედის სიტყვებმა „შეარყია შვილის სულის სიმები“, კულტურულმა ღირებულებებმა ინდივიდუალური ნება დაუმორჩილა ოჯახისა და საზოგადოების სურვილს. შედეგად პროტაგონისტი გაორებულია, ის, ერთი მხრივ, ემორჩილება დედას და ჟანინს სწერს უარმყოფელ წერილს, ხოლო მეორე მხრივ, ეწინააღმდეგება საკუთარ თავს.

   პარიზში დაბრუნების შემდეგ პროტაგონისტი ითავისუფლებს თავს ტრადიციის ბორკილებისგან, ყველანაირად ცდილობს ჟანინთან შერიგებას, ცოლობას სთავაზობს მას და მზადაა, მასთან ერთად დაბრუნდეს სამშობლოში, თუმცა ეს უკანასკნელი, სიყვარულის მიუხედავად, წერილით უარს ეუბნება თავის სატრფოს და უჩინარდება მისი ცხოვრებიდან. ჟანინის წერილში კარგად ჩანს მთავარი გმირის ძიების დასასრული, ის ტრანსფორმირებულია და საკუთარ საზოგადოებაში ბრუნდება განახლებული სტატუსით:

     „გუშინ შევხვდი ადამიანს, რომელსაც აქამდე არ ვიცნობდი... აღმოვაჩინე, რომ შენი სამყარო, რომელზეც ოცნებობ, უფრო ფართო და დიდებულია და ჩემნაირ სუსტ ადამიანს არ შეუძლია მასში მყარად ყოფნა. შენ ახლა იწყებ ბრძოლას, მე კი დავასრულე... გუშინ შენს თვალებში დიდი მზაობა წავიკითხე, ძალიან დიდი, წინააღმდეგობისა და ბრძოლისათვის. შენ ახალი ადამიანი ხარ, რომელმაც იცის, რა უნდა და ისწრაფვის მისკენ რწმენით. შენ შენი სული იპოვნე, მაშინ როცა მე ის დავკარგე ... გასწი, საყვარელო, უკან არ მოიხედო, შენდამი ჩემი სიყვარული გამაძლებინებს, ამით დავკმაყოფილდები ცხოვრების ბოლომდე. დამტოვე ჩემგზაზე, შენ კი, ჩემო არაბო სატრფოვ, დაუბრუნდი შენს შორეულ აღმოსავლეთს, რომელიც შენს მოლოდინშია და შენნაირი მებრძოლი ადამიანები სჭირდება [إدريس, 2001:281-282].

   სუჰაილ იდრისი არ აკონკრეტებს, თუ რა სახის ბრძოლა ელის წინ პროტაგონისტს, თუმცა რომანში დომინირებს არაბთა ნაციონალიზმის, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის თემა. ასევე დგას ინდივიდუალიზმის და ტრადიციის გავლენისგან გათავისუფლების პრობლემა. პროტაგონისტი აღმოაჩენს, რომ მას სჭირდება ინდივიდუალური თავისუფლება, ის უბრუნდება საკუთარ საზოგადოებას და მზად არის სოციალური ნორმების შესაცვლელად. „ყველაფერი იწყება ახლა“ – სწორედ ამ ფრაზით სრულდება რომანი [إدريس, 2001:285].

   სუდანელი მწერალი ატ-ტაიბ სალიჰი კულტურათა კონფრონტაციის პოლიტიკურ მხარეს წარმოაჩენს. აღმოსავლურ და დასავლურ ფასეულობათა შეჯახების შედეგად წარმოქმნილი კულტურული იდენტობის პრობლემა მასთან ყველაზე მწვავედ დაისმის. აშკარაა, რომ პოსტკოლონიალურ ეპოქაში პოლიტიკური მუხტი უფრო აგრესიულია, ვიდრე – კოლონიალიზმის პერიოდში.

  სალიჰი „ორი კულტურის“ მატარებელ არაბ მწერალთა ჯგუფს მიეკუთვნება და მის შემოქმედებაში კულტურათა კონფრონტაციის მოტივი ხშირად წარმოდგენილია, როგორც გენდერული კონფლიქტი. ქალი თეთრკანიანია, ვაჟი – შავკანიანი. ქალი ევროპელია, ვაჟი – აფრიკელი. ამ ურთიერთობებს მიღმა ორი სამყაროს დაპირისპირებაა. ეს პრობლემა დრამატიზმითაა გაჟღენთილი  სალიჰის რომანში „მიგრაციის სეზონი ჩრდილოეთში“, რომელმაც მსოფლიო მნიშვნელობის სახელი მოუპოვა ავტორს [გრძელიძე, 2009: 107-108].  რომანი გამოქვეყნების დღიდან (1966) ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა როგორც ევროპელ, ისე აღმოსავლელ კრიტიკოსთა მხრიდან. ნაწარმოებში ნაჩვენებია ბრიტანული კოლონიალური მმართველობის შედეგი სუდანში. ამ სპეციფიკურმა ისტორიულმა სიტუაციამ დილემის წინაშე დააყენა ადგილობრივი ინტელექტუალები, რომლებიც გახლეჩილნი აღმოჩნდნენ აფრიკულ-არაბულ და ევროპულ კულტურებს შორის [Wielandt, 1981: 487]. რომანის მთხრობელი და მუსტაფა საიდი ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები არიან. აქ ერთმანეთის პარალელურად ორი სიუჟეტური ხაზი ვითარდება.

  მთხრობელი ბრუნდება სუდანში, თავის მშობლიურ სოფელში, ინგლისში გატარებული 7 წლის შემდეგ, სადაც მან საუნივერსიტეტო განათლება მიიღო. თანასოფლელებს შორის მის ყურადღებას იპყრობს „უცხო კაცი“, რომლის სახელია მუსტაფა საიდი. მიუხედავად იმისა, რომ მუსტაფა დიდი პატივისცემით სარგებლობს თანასოფლელებს შორის, მთხრობელი დაეჭვდება მისი პიროვნებით. სწორედ მთხრობელის ცნობისმოყვარეობის შედეგად ეცნობა მკითხველი მუსტაფას განვლილ ცხოვრებას ინგლისში. რომანის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია მუსტაფას ურთიერთობა ინგლისელ ქალებთან; 30 წლის განმავლობაში ის ყველანაირი გზით ცდილობს მათ შეცდენას და საბოლოოდ თვითმკვლელობამდე მიჰყავს ისინი, ბოლოს კი 7 წელს  ციხეში გაატარებს ინგლისელი ცოლის მკვლელობისთვის. რომანში მრავალი პასაჟი  გვიჩვენებს, რომ მუსტაფა საიდისთვის ინგლისელ ქალებთან ურთიერთობა არის ერთგვარი რევანში ევროპული ძალადობისთვის. მუსტაფა თავის მსხვერპლს, ბრიტანელ ქალს ადარებს ქალაქს, რომელსაც ის იპყრობს და იმორჩილებს. საინტერესოა, რომ რომანში სწორედ ევროპელი ქალი, რომელიც სიმბოლურად დასავლეთს განასახიერებს, არის გულუბრყვილო და მსხვერპლი, ხოლო აღმოსავლეთის სიმბოლო – კაცი გამოდის დამპყრობლისა და კოლონიზატორის როლში.   მუსტაფა გრძნობს, რომ ის ხმა, რომელიც მაცდურად ეპატიჟება და თავის მახეში აბამს მხვერპლს, სინამდვილეში, მისი არ არის, არამედ  ეს არის ევროპული ძალადობის „სენი“, რომელიც ევროპამ ადრე გადასდო აფრიკას ან „შხამი“, რომელიც ევროპელებმა გაუშვეს ისტორიის ვენებში. საბოლოოდ, მუსტაფა ბრუნდება სუდანში და ქორწინდება ადგილობრივ ქალზე, ის უბრუნდება თავის გეოგრაფიულ საწყისს, მაგრამ ამით მისი პიროვნების კულტურული გახლეჩა კიდევ უფრო ძლიერდება და ორ კონტრასტულ ნაწილად იყოფა.

  დასავლეთთან ურთიერთობა მუსტაფასთვის ტრაგიკულად მთავრდება. მან ვერ იპოვა საკუთარი თავი ვერც დასავლეთში და ვერც აღმოსავლეთში, რადგან სამშობლოშიც კი ადგილობრივებისთვის მუსტაფა არის „უცხო“. საბოლოოდ ის  ნილოსში უჩინარდება.

   მუსტაფასგან განსხვავებით, მთხრობელი იბრძვის თვითიდენტიფიკაციისთვის. ის  ცდილობს, სხვა კულტურიდან აიღოს კარგი და თან არ მოწყდეს მშობლიურ ფესვებს. ამ ბრძოლაში მთხრობელის ემოციური ბალანსი ირღვევა [صالح,  1997: 154-156], როგორც მუსტაფას შემთხვევაში მოხდა. ისიც შედის მდინარეში, მაგრამ მუსტაფასგან განსხვავებით, ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდის. მთხრობელი ირჩევს სიცოცხლეს [Elad-Bouskila, 1998: 77-78]. მისთვის ინდივიდუალიზაციისა და „საკუთარი კულტურული ფესვებისკენ მიბრუნების პროცესი“  წარმატებით დასრულდა [Siddiq,  2003: 104].

  მიუხედავად იმისა, რომ რომანის ორი მთავარი გმირის თემატური, სტრუქტურული და სტილისტური ანალოგიები მუსტაფას წარმოგვიდგენს როგორც მთხრობელის ალტერ-ეგოს, ცივილიზაციების შეჯახება სრულიად განსხვავებულად ზემოქმედებს მათზე. ეს, ნაწილობრივ, გამოწვეულია მათი განსხვავებული პიროვნული განწყობებითა და აღზრდით და ნაწილობრივ იმით, რომ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან და მაშასადამე, აქვთ განსხვავებული გამოცდილება ბრიტანეთთან ურთიერთობისა. მუსტაფა წავიდა ოქსფორდში სწავლის გასაგრძელებლად მაშინ, როდესაც ინგლისს ეპყრა სრული ძალაუფლება სუდანზე. მთხრობელმა დაასრულა თავისი სწავლა ინგლისში დაახლოებით 30 წლის შემდეგ, როცა ბრიტანული კოლონიალური მმართველობა სუდანში დასრულებული იყო და მიმართება ბრიტანული ცივილიზაციის მიმართ შეიცვალა, ის სუდანელთა უმრავლესობისთვის იქცა მათი ინტელექტუალური თვალთახედვის კომპონენტად [Wielandt, 1981:493]. მუსტაფა საიდის „რევანშისტული კამპანიისგან“ განსხვავებით, რომანის მთხრობელი უარყოფს ძალადობის პრინციპს. ეს ჩანს არა მხოლოდ იმ ფაქტიდან, რომ ინგლისში ყოფნის დროს ის არ სჩადის არანაირ ბოროტმოქმედებას, არამედ იქიდანაც, რომ რომანის ბოლოს მთხრობელი არ დაწვავს მუსტაფას სახლის ინგლისურ ოთახს. ეს ოთახი წარმოადგენს მუსტაფას პიროვნების ევროპულ მხარეს, რომელიც შექმნა ევროპულმა კოლონიალიზმმა. ოთახის დაწვა სიმბოლურად აგრძელებს ევროპელ კოლონიალისტთა ძალადობის ჯაჭვს. მთხრობელს კი სჯერა, რომ ეს ჯაჭვი უნდა გაწყდეს.

  ამდენად, სტატიაში განხილული ოთხი რომანის  მაგალითზე შესაძლებელია გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისებურება, რაც ახასიათებს აღმოსავლეთ-დასავლეთის თემატიკაზე შექმნილ მხატვრულ ნიმუშებს მე-20 საუკუნის არაბული ლიტერატურაში:

1. აღმოსავლური და დასავლური კულტურული სივრცეები მკვეთრად არის გამიჯნული ნაწარმოებებში. მთავარი პერსონაჟის ამ სივრცეთა ზღვარზე, ორ კულტურულ ნიადაგზე დგომა აღბეჭდილია მერყეობით, სულიერი კრიზისით და ორ სივრცეს შორის განვლილი რთული გზებით. საბოლოოდ კულტურული მენტალობის ცვლილებით „მე“ ხდება უფრო ტოლერანტული „სხვის“ მიმართ და ერთგვარ ჰიბრიდულ იდენტობას იძენს, რომელიც აერთიანებს აღმოსავლურ-დასავლურ ფასეულობებს. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი რომანები აღმოსავლური (არაბულ-ისლამური) და დასავლური (ევროპული) კულტურების ღია დაპირისპირებასა და კონფრონტაციაზეა აგებული და ამ შედარებითობის ფონზე ავტორთა მიერ ავტოქტონური კულტურის უპირატესობებია ხაზგასმული, კულტურათა დიალოგის სივრცეში მოქცეული ოთხივე რომანის გმირი ორ სივრცეს შორის განვლილი რთული და დახლართული გზებით მაინც ჰიბრიდული კულტურული იდენტობის მატარებელნი არიან.

2. ლიტერატურულ ნაწარმოებთა ნარატივის ხაზი უწყვეტადაა დაკავშირებული წარსულთან, საკუთარ მემკვიდრეობასთან. მშობლიურ სივრცესთან სრული წყვეტით გმირის იდენტობის კრიზისი დაუძლეველია და ასეთ შემთხვევაში მწერალი მიმართავს მეორე სიუჟეტური ხაზის აგების სტრატეგიას, რომელიც პირველთან შედარებით ზომიერია და კულტურათა სინთეზისკენ იხრება.

3. ოთხივე ავტორი საკუთარი ცხოვრების გზით ადასტურებს ევროპული კულტურის გავლენის ქვეშ ყოფნას: ევროპული განათლება, სამსახურეობრივი კარიერა ევროპაში, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხშირი მოგზაურობა, ბუნებრივია, მათ კუტურული ზეგავლენის ქვეშ აქცევს, რაც ქვეცნობიერად აისახება კიდეც მათ ნაწერებზე. მეტიც, სამეცნიერო კრიტიკა ასეთ ლიტერატურულ ნაშრომებს ზოგჯერ  ავტობიოგრაფიულ ჟანრსაც მიაკუთვნებს  ხოლმე.

4. ოთხივე რომანს ერთი ტიპის სცენარი აქვს – მთავარი გმირის სასწავლებლად წასვლა ევროპაში, რომელიც გმირს აძლევს საშუალებას, ერთმანეთს შეადაროს ორი სრულიად განსხვავებული კულტურა. რომანებში იკვეთება ის საერთო მარკერები, რომლებსაც ავტორები აღმოსავლური და დასავლური სივრცეების აღსანიშნავად იყენებენ: აღმოსავლეთი – ტრადიციული, სულიერი, პასიური, ღმერთს მინდობილი. დასავლეთი – თავისუფალი, მატერიალისტური, აქტიური, მეცნიერებისა და განათლების წყარო.  აღმოსავლეთიდან დასავლეთში მოგზაურობა აუცილებლად სასიყვარულო ისტორიას ეჯაჭვება. ამ ურთიერთობებში კაცი აღმოსავლელია და ქალი – დასავლელი, სიყვარული კი მათი დიალოგის ენა. მართალია, დიალოგი და მისი ენა მხარეებისთვის გაუგებრად რჩება, მაგრამ ეს ურთიერთობა მათ პიროვნებაზე წარუშლელ კვალს ტოვებს, მათ იდენტობას ცვლის და ხდება ის წარსული, რომელიც მათ მომავალს განსაზღვრავს.

  ამრიგად, აღმოსავლეთ-დასავლეთის შეხვედრის თემა მეოცე საუკუნის არაბული ლიტერატურისათვის მეტად აქტუალური საკითხია.  ჩვენ მიერ განხილული ტექსტები მოიცავს 1935-1966 წლების პერიოდს და მათში დასმულია ორი კულტურის შეხვედრის შედეგად გამოწვეული მთავარი გმირის კულტურული იდენტობის პრობლემა, რომლის მიზანია, იპოვოს საკუთარი თავი და დასავლეთში მიღებული განათლება და გამოცდილება სამშობლოში გამოიყენოს. ტაჰა ჰუსეინის რომანის მთავარი გმირი ვერ ახერხებს იდენტობის კრიზისის გადალახვას, ის წყვეტს კავშირს აღმოსავლეთთან და დასავლეთში „იკარგება“. რომანში განვითარებული მეორე სიუჟეტური ხაზი მთხრობელის შემთხვევაში უფრო ზომიერია.  იაჰია ჰაკკი „უმ ჰაშიმის კანდელში“ მთავარი გმირის განვითარების რთულ გზას გვიჩვენებს, რომელიც მეცნიერებისა და რელიგიის შერიგებით სრულდება. აქ ნაჩვენებია აღმოსავლურ-დასავლურ ღირებულებათა მკვეთრი დაპირისპირება და კონფრონტაციის სულიერი მხარე. სუჰაილ იდრისი კულტურათა კონფრონტაციის სოციო-ფსიქოლოგიურ მხარეს წარმოაჩენს. ტრადიციულ აღმოსავლეთსა და თავისუფალ დასავლეთს შორის გავლილი რთული გზის ბოლოს მთავარი გმირი ტრანსფორმირებულია და საკუთარ საზოგადოებაში ბრუნდება განახლებული სტატუსით. ატ-ტაიბ სალიჰი კულტურათა კონფრონტაციის პოლიტიკურ მხარეს წარმოაჩენს და ორ სიუჟეტურ ხაზს ავითარებს, რომელთაგან ერთი რადიკალურია, მეორე – ზომიერი. მუსტაფას შემთხვევაში ევროპასთან ურთიერთობა არის მასზე შურისძიების იარაღი კოლონიალური პოლიტიკის გამო, ხოლო მთხრობელის შემთხვევაში – განათლების წყარო.

 


[1] უფრო ვრცლად იხილეთ:  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჰუმანიტარული კვლევების სამეცნიერო ჟურნალი "წელიწდეული" # 5, თბილისი, 2016 წ. გვ. 233-266.

 2.  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები "თანამედროვე ინტერდისციპლინარიზმი და ჰუმანიტარული აზროვნება", აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, 2015 წ. გვ.43–50.

3. თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის  მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმის – „ნაციონალური ლიტერატურები და კულტურული გლობალიზაციის პროცესი“, სრული მასალების კრებული, ნაწილი 2, თბილისი, 2015 წ. გვ. 389-397.

 

ლიტერატურა

ახალი თარგმანები...
2009
ახალი თარგმანები 2009, ლიტერატურული ალმანახი (რედ. გ. ლობჟანიძე), გამომცემლობა „დიოგენე“, თბილისი.
გარდავაძე დ.
2007
აღმოსავლეთის და დასავლეთის შეხვედრა ახალ არაბულ მწერლობაში. ჟურნალი “სჯანი,” #8, თბილისი.
გრძელიძე ი.
2009
ღიმილი წყლის ბაგეზე - თანამედროვე არაბული პროზის მცირე ანთოლოგია, თბილისი.
ჰანტინგთონი ს.
1997
ცივილიზაციათა შეჯახება? საქართველოს ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ასოციაცია, პლურალიზმის ცენტრი, თბილისი.
Elad-Bouskila A.
1998
Shaping the cast of characters: The case of AL-Tayyib Salih, Journal of Arabic Literature, XXIX, Brill, Leiden.
El-Enan R.
2006
Arab Representations of the Occident. Routledge
Siddiq M.
2003
The Process of Individuation in al-Tayyeb Salih’s Novel, Journal of Arabic Literature, IX, Brill, Leiden.
Wielandt R.
1981
The problem of Cultural Identity In The Writings of Al-Tayyi Salih, Studia Arabica et Islamica, Beirut.
إدريس سهيل
2001
افاق عربية (43) الهيئة العامة لقصور الثقافة. القاهرة " الحي اللاتيني"
حسين طه
1998
"أديب ". مكتبة الأسرة. القاهرة
صالح الطيب
1997
"موسم الهجرة الى الشمال ". دار الجنوب-تونس