მასალები ქალაქ ცხინვალის ისტორიისათვის

ცხინვალი გვიანფეოდალურ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ  ქალაქად მოიაზრება. წყაროებში ქალაქის სახელწოდება სხვადასხვა სახითაა წარმოდგენილი: კრცხინვალი, ქრცხინვალი, ქცხინვალი და ა.შ. ქალაქის სახელწოდების ყველა ნაირსახეობა უნდა მომდინარეობდეს რცხილიდან, რომელიც ლიახვის ხეობაში ფართოდ იყო გავრცელებული. [ცოტნიაშვილი, 1961:13-14] ფრანგი მოგზაური  ჟან შარდენი ცხინვალს ქალაქად არ მოიხსენებს [იხ. შარდენი, 1935]. შეგვიძლია დაბეჯითებით აღვნიშნოთ, რომ XVIII საუკუნის II ნახევარში ცხინვალს უკვე ქალაქის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქართლ-კახეთის სამეფოში მყოფი უცხოელი მოგზაურები და დამკვირვებლები ცხინვალს ქალაქად ასახელებენ. 1770 წლის 5 აპრილის დემოგრაფიულ ნუსხაშიც, რომელიც ერეკლე II-ის ბრძანებით რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის წარმომადგენელისათვის გადასაცემად შეადგინეს, ცხინვალი ქალაქად არის დასახელებული. [გამრეკელი... 1973:152] ცხინვალის მოსახლეობის შესახებ ვახუშტი გადმოგვცემს: "მსახლობელნი არიან ქართველნი, სომეხნი, ურიანი". [ვახუშტი, 1941:76] იაკობ რაინეგსის ცნობით, რომელიც 1778-1781 წლებში ქართლ-კახეთის სამეფოში იმყოფებოდა, ლიახვის ხეობის სოფლებში "დიდი რაოდენობით არიან ებრაელებიც, რომელთა უმრავლესობა ცხოვრობს ქალაქ ქსინვალში, ანუ ქრც[]ინვალში". [რაინეგსი, 2002:149] 1770 წლის დემოგრაფიულ ნუსხაში აღნიშნულია: "არს ქალაქი ქცხილვანისა და ამას შინა მკვიდრობენ მართლმადიდებელნი ქართველნი, სომეხნი და ურიანი ხიზნით კომლი შვიდასი". [გამრეკელი... 1973:152]

XVIII საუკუნის II ნახევრის ცხინვალის მოსახლეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეიცავს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული Hd ფონდის საბუთი №1606. ეს არის საკმაოდ მოზრდილი თავნაკლული გრაგნილი, რომელიც შიდა ქართლის, მათ შორის ქალაქ ცხინვალის მოსახლეობის აღწერას წარმოადგენს. თავის ნაშრომზე მუშაობისას ფეოდალური ხანის ცხინვალის ისტორიის მკვლევარ მიხეილ ცოტნიაშვილს ხელთ ჰქონია აღნიშნული დოკუმენტი და უსარგებლია კიდეც. თუმცა, მას ტექსტის გამოქვეყნება საჭიროდ არ მიუჩნევია. ვფიქრობთ, ამ მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტის პუბლიკაცია ურიგო არ იქნება და დააინტერესებს როგორც ცხინვალის, ასევე შიდა ქართლის სოციალური, დემოგრაფიული, ეთნიკური თუ ლოკალურ საგვარეულოთა ისტორიის მკვლევრებს და მკითხველთა ფართო აუდიტორიას. როგორც აღვნიშნეთ, გრაგნილი, რომელშიც ქალაქ ცხინვალის მოსახლეობის აღწერაა შეტანილი, არის თავნაკლული და, შესაბამისად, შედგენის თარიღიც არ არის მითითებული. მ. ცოტნიაშვილი დავთარს XVIII საუკუნის 90-იანი წლებით ათარიღებს. როგორც ავტორი აღნიშნავს, ამის საფუძველს იძლევა დავთარში მოხსენებული გვარები და სახელები, თუმცა, იგი მათ არ აკონკრეტებს. [ცოტნიაშვილი, 1986:193] ვფიქრობთ, შემოთავაზებული დათარიღება არ არის სწორი და გადასინჯვას საჭიროებს. დავთარში XVIII საუკუნის 70-90-იანი წლების ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, ოთარ რევაზის ძე ამილახვარი, მინბაშად არის მოხსენიებული, ხოლო დავთრის სხვა ნაწილიდან ჩანს, რომ ამილახვრის, ანუ მემარჯვენე სარდლის, ტიტულს იასე ამილახვარი ფლობს. ისტორიულ დოკუმენტებში ოთარი მინბაშად იხსენიება XVIII საუკუნის 70-იანი წლების შუახანებსა და 80-იანი წლების დასაწყისში. შემდეგ ის ინიშნება სარდლად და ამილახვრის საპატიო ტიტულს იღებს. წყაროებით დასტურდება, რომ ოთარი ამილახვარია 1786-1787 წლებიდან. ამდენად, აღწერა უნდა შესრულებულიყო ოთარის სარდლად დანიშვნამდე, დაახლოებით, XVIII საუკუნის 70–80-იანი წლების მიჯნაზე. ცნობილია, რომ ქართლ-კახეთის მოსახლეობის აღწერა ჩატარებულა 1781 წელს. [ჯავახიშვილი, 1967:105-247; თაყაიშვილი, 1951:35] და ჩვენს ხელთ არსებული დავთარიც სწორედ 1781 წლით უნდა დათარიღდეს.

დავთარი იძლევა ქალაქის ეკონომიკური ისტორიის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას: ზოგიერთი პირი მოხსენიებულია თავისი პროფესიის მიხედვით. მაგ. მეჩითე თამაზა, მექვაბე მასურა, მეჩახმახე გასპარა და სხვ.

იმდროინდელი აღწერის წესის დაცვით, დავთარში შეტანილია არა მოსახლეობის სულადობრივი მონაცემები, არამედ კომლის და "თავის", ანუ მამაკაცთა რაოდენობა. დავთარი გვაწვდის ზუსტ ინფორმაციას ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ. იმ დროისათვის ცხინვალში 130 კომლი სახლობდა. ეს ციფრი 1770 წლის 5 აპრილის დემოგრაფიული ნუსხის მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, რომლის მიხედვითაც ცხინვალის მოსახლეობა 700 კომლითაა განსაზღვრული. ამ ცნობაზე დაყრდნობით მ. ცოტნიაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ თითქოს 1770 წლის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ცხინვალის მოსახლეობა კატასტროფულად _ 83,5%-ით შემცირებულა. [ცოტნიაშვილი, 1986:197] ჩვენი აზრით. ასეთი ვარაუდი მართებული არ უნდა იყოს. ამის დამადასტურებელია შემდეგი ფაქტები: I. ყველა იმდროინდელი უცხოელი მოგზაურ-დამკვირვებელი თუ ქართული წყარო ერთხმად მიუთითებენ, რომ ქართლში, თბილისის შემდეგ პირველობდა ქალაქი გორი, რომლის მოსახლეობა იმავე 1770 წლის ნუსხისა და სხვა წყაროების მიხედვით, 500 კომლს არ აღემატებოდა. ამიტომ მცირე ქალაქად მოხსენიებულ ცხინვალში შეუძლებელია გორზე მეტი (700) კომლი ყოფილიყო.

II. 1770 წლიდან 1780-იანი წლების დასაწყისამდე ქართლში არ მომხდარა ისეთი კატასტროფა, რომელსაც შეეძლო თუნდაც ერთი ქალაქის მოსახლეობის 83,5%-ით შემცირება. მითუმეტეს, რომ ეს პერიოდი ქართლ-კახეთის სამეფოსათვის ერთგვარად მშვიდობიან და დაწინაურების ხანად ითვლება. მართალია, ომან ხერხეულიძის გადმოცემით, 1772 წელს ოსმალეთიდან შემოსულ ახალციხის ფაშას ცხინვალის ციხის გარეთ მყოფი 600 მოსახლე ტყვედ წაუყვანია. [ხერხეულიძე, 1984:66], მაგრამ ეს ფაქტიც ვერ ახსნის მოსახლეობის ასეთ მკვეთრ (83,5%-ით) შემცირებას. მით უფრო, რომ კაპიტანი ლვოვი თავის მოხსენებაში ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიიდან მხოლოდ 300 სულის ტყვედ წაყვანას აფიქსირებს. [ცოტნიაშვილი, 1961:62]; თანაც ომან ხერხეულიძე აღნიშნავს, რომ ეს ტყვეები მოლაპარაკების შემდეგ ოსმალეთის ხონთქარს ერეკლესთვის უკან დაუბრუნებია. ამიტომ 1770 წლის დემოგრაფიული ნუსხით განსაზღვრული ცხინვალის მოსახლეობის რაოდენობა (700 კომლი) ეჭვს იწვევს.

ამ ნუსხის ერთ-ერთმა გამომცემელმა ვ. გამრეკელმა გამოთქვა მოსაზრება: "...სავარაუდებელია, რომ კომლთა საერთო რიცხვში შესულია ლიახვის აყოლებით, ცხინვალის მომდგომი, უახლესი სოფლების კომლებიც". [გამრეკელი, 1976:65] ავტორი თავის აზრს ამყარებს იმ არგუმენტით, რომ სამაჩაბლოს ქართული მოსახლეობა ნუსხაში ცალკე არ იხსენიება და, ბუნებრივია, მოიაზრებოდა ცხინვალის მოსახლეობაში. ამ მოსაზრებას სრულიად ვიზიარებთ და ჩვენი მხრივ დავამატებთ, რომ სწორედ ასე  აქვს აღწერილი იოანე ბატონიშვილს ცხინვალი და მის გარშემო არსებული ხეობები. [ბაგრატიონი, 1986:40-41] თუ აღწერის დავთარს დავაკვირდებით, ნათელი გახდება, რომ ცხინვალის მოსახლეობა ამ პერიოდში არათუ შემცირებულა, არამედ გაზრდილა კიდეც. ამას გვაფიქრებინებს ალიდან ვაჭართა ფენის წარმომადგენლების კომპაქტური გადმოსახლება, რაც ცხინვალის მოსახლეობის რიცხვის გასაზრდელად სამეფო კარის ერთგვარ პრევენციაზე მიგვანიშნებს. ასევე, ქალაქში ფიქსირდება 19 თარხანი, ანუ სამეფო გადასახადებიდან გათავისუფლებული კომლი. ცნობილია, რომ ერეკლე II გადასახადებისაგან ათავისუფლებდა ყველა ახლად დასახლებულს და ეს თარხანი გლეხებიც ახალმოსახლენი უნდა ყოფილიყვნენ. XVIII საუკუნის 70-იან წლებში ცხინვალისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭება მეფის ყველა ამ ღონისძიების შედეგად უნდა მომხდარიყო.

საბუთი გვაწვდის ზუსტ ინფორმაციას მემამულე-ფეოდალთა და მათი ყმების რაოდენობის შესახებ. ქალაქში ყველაზე მეტი ყმა მეფის საკუთრებას წარმოადგენდა. ყმათა მფლობელები არიან ბატონიშვილები, დედოფალი, მაჩაბლები, ამილახვრისშვილები, ხერხეულიძეები, ბეგთაბეგიშვილები და სხვ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ცხინვალში მათი ყმები აღნიშნულ სათავადოთა საერთო საკუთრებას არ წარმოადგენდნენ. ისინი სხვადასხვა თავადიშვილთა კერძო მფლობელობაში იმყოფებოდნენ. ამით დასტურდება, რომ ამ პერიოდში სათავადოებში საერთო-სასახლო მფლობელობა დარღვეულა და ყმები სხვადასხვა სახლისშვილს გადაუნაწილებია.

      აღწერის დავთარი ზედმიწევნით ზუსტად გადმოგვცემს ქალაქის მოსახლეობის ეთნიკურ სურათს, რომლის მიხედვითაც აქ ცხოვრობენ მხოლოდ ქართული, სომხური და ებრაული ეთნოსის წარმომადგენლები.

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი Hd - 1606. შიდა ქართლის მოსახლეობის აღწერის დავთარი.
განკვეთილობის ნიშნად ნახმარია წერტილი. ცხინვალი მოხსენებულია "ქცხინვალად".

ქ. ქცხინვალს აზნაურიშვილი უნაძე მამუკა, ამისი შვილი ტეტია და პავლე კომლი ა, თავი გ.

ქ. აქავ აზნაურიშვილი გარსევანაშვილი ივანე კომლი ა, თავი ა.

 

აქავ თარხნები:

ქ. მამასახლისი მურადაშვილი სტეფანე კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ შედანაშვილი შოშია, მღვდელი ქრისტესია და ნონია კომლი ა, თავი გ.

ქ. აქავ ცერაძე მღვდელი იოანე, გოგია, ბეჟან, დავით, ქრისტესია, სოსია, ლევან, ნინია, ანდრია, თომა კომლი ა, თავი ი.

ქ. მაისურაძე ბეჟანის შვილი ტეტია კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ მაისურაძე ხოსრო და ნინია კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ ჩიტიაშვილი მეშარბათე გოგია და ამისი ძმა ბერუა კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ მასიაშვილი ბერი, ამისი ძმა ივანე და გოგია კომლი ა, თავი გ.

ქ. აქავ ლომკაცაშვილი გოგია, ამისი დისწული ბეჟანა კომლი ა, თავი ა.  

ქ. აქავ ელიაშვილი ავთანდილა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ გამჩენაშვილი დარჩია კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ოჰანაშვილი ტერ მოსესა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ცერაძე ტეტია ბოგანო  კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ უნაძე გოგია ბოგანო კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ხანუაშვილი პეტრე და შერმაზან თოფჩი კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ მურადაშვილი გაბრიელა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ უნაძე მამუკას ყმა სეირიშვილი გაბრიელ კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ შედანიშვილი შოშიას ყმა ნასყიდი ღარიბაშვილი ბერიკა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ამისივ ყმა ნასყიდი ბოგანო ლომა, ბერიკა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ამისივ ნასყიდი ბოგანო ჩაგელიშვილი სეხნია კომლი ა, თავი ა.

 

აქავ ქცხინვალს ბატონის სახასო მოყალნე:

ქ. ხოჯაშვილი ხოსრო კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ იარალაშვილი ბერის ძმა ტერ მელქისეთა, გივი, გაბრიელა კომლი ა, თავი გ.

ქ. აქავ მურადაშვილი ყაზარა, ტერ ფარსეღა და გივი კომლი ა, თავი გ.

ქ. აქავ ლალაშვილი ღთისავარა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ იარალიშვილი იოსება კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ოჰანანთ გაბრიელაშვილი ღთისავარა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ოჰანაშვილი ბაღდასარა, ამისი ძმა ტერ სტეფანა კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ შადადგულაშვილი ტერ აფრიამა, ამისი ძმა მოსესა კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ მარკოზაშვილი ბეჟანა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ხოჯაშვილი იოსებ. [კომლი ა], თავი ა.

ქ. აქავ მამისთვალაშვილი ურია მარდიხა, ამისი ბიძაშვილი აბრამია კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ ურია მამისთვალაშვილი ბოგანო აბრამია კომლი ა.

ქ. აქავ ურია ისრაილაშვილი ისრელა და სურიელა ბოგანო კომლი ა. 

ქ. თამარაშენს ურია ბატონის სახასო დავითაშვილი მანიოხა, ამისი ძმა შალომა და მისი შვილი ელია კომლი ა.

ქ. აქავ ქცხინვალს ძაგიას ყმა  ნასყიდი გახელიძე გოგია კომლი ა, თავი ა.

ქ. ფრის დედოფლის ყმა მჭედლიძე ნინია, მოსე, კაცია და შიო კომლი ა, თავი დ.

ქ. აქავ იოსებ ბერძნის ყმა კობალაძე ბერის ძმისწული სვიმონა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ მთაწმინდის ყმა თარხანი ბაიბუხისშვილი ივანე და პეტრე კომლი ა, თავი ბ.

 

აქავ ქცხინვალს საბატონიშვილო თარხნები:

ქ. კვანჭახაძე დავითა და მოსიკე კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ კვანჭახიძე გაბრიელა, ამისი შვილი ძმა იაკობ და იოსებ კომლი ა, თავი გ.

ქ. აქავ კვანჭახაძე სვიმონა, ამისი ძმა ივანე კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ კევლაშვილი ბეჟანა, ამისი ძმა გაბრიელ კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ ბაქუზანაშვილი ივანე, ამისი ძმა ტეტია კომლი ა, თავი ბ.

 

აქავ ქცხინვალს ხერხეულიძეების ყმები:

ქ. ხერხეულიძე დავითის ყმა ყანდუაშვილი გივის შვილი ობოლი კომლი ა, თავი ა.

ქ. ამისივ ყმა ბოგანო დიდებელი დალაქიშვილი იესე, ამისი ძმა პეტრე და ზურაბა კომლი ა, თავი გ.

ქ. აქავ ამისივ ყმა ბოგანო ალელი კაკუაშვილი ესტატე კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ხერხეულიძე აღათანგის ყმა ჩამოვარდნაშვილი დავითა და ამისი ძმა სოსია და მამიჯანა და ელიბა კომლი ა, თავი დ.

 

აქავ ქცხინვალს ფარსადან მაჩაბლის ყმა:

ქ. კასრაძე მღვდელი იოსებ და ამისი ბიძაშვილი გიორგი და ტეტია კომლი ა, თავი გ.

ქ. აქავ ამისივ ყმა ჭამპურიძე მასურა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ბერიშვილი გოგია, ამისი ძმისწული დავითა კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ ამისივ ყმა სვიმონაშვილი გოგია კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ამისივ ყმა ერანაშვილი ფარემუზა ბოგანო კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ამისივ ყმა მისელაშვილი პაპუნა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ხიზანი ზაზაშვილი პეტრე და ქიტესა კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ ქცხინვალს ამისივ ყმა აზნაურიშვილი ნაბიჭვრიშვილი იოანე კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ამისივ ყმა ჭამპურიძე ბერი კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ აზნაურიშვილი ნაბიჭვრიშვილი ხოსრო კომლი ა, თავი ა.

 

აქავ ქცხინვალს მაჩაბელი ბადურიშვილი ბარძიმის ყმა:

ქ. ჯავახიშვილი ბეჟანა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ამისივ ყმა ურია ხუხაშვილი შაფათა და ელია კომლი ა.

 

აქავ ქცხინვალს ბეგთაბეგიანთ ყმა:

. სულხან მდივნის ყმა მახნიაშვილი გაბრიელ კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ამავ სულხან მდივნის ყმა მახნიაშვილი ბერი შეუძლებელი კომლი ა.

ქ. აქავ სოლომონ მდივნის ყმა ბერენიშვილი მოსე შეუძლებელი კომლი ა.

ქ. აქავ სოლომონ მდივნის ყმა ბერუნიშვილი გოგია ბოგანო კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ამისივ ყმა ბერუნიშვილი ივანე და ამისი ძმა გიორგი კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ ამისივ ყმა ნაბახტეველი ჟამიერაშვილი ღთისია კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ამისივ ყმა ნაბახტეველი ჟამიერაშვილი დალაქი ოთარა კომლი ა,. [თავი ა]

ქ. აქავ სოლომონ მდივნის ყმა ალელი ამირაღაშვილი ოსეფა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ავთანდილ მდივნის ყმა ბოგანო ხარშილაძე შიო და ნინია კომლი ა, თავი ბ.

 

აქავ ქცხინვალს ალელები:

ქ. ალელი ყულიჯანაშვილი მამასახლისი ბაღდასარა და სვიმონა კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ ყულიჯანაშვილი ბატონჯანა, ამისი ძმა ოსეფა ანტონა კომლი ა, თავი გ.

ქ. აქავ პაპუაშვილი გაბრიელა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ტერპეტროზაშვილი მოსესა, ამისი, ამისი ძმა ტერ მიქელა კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ დოთაშვილი ბერი კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ მერაბაშვილი მერაბა, ამისი ძმა მოსესა კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ ენაკოლოფაშვილი პაატა, ამისი ძმა ზურაბა კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ ყულიჯანაშვილი გრიქორა, ამისი ძმა სარქისა კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ ჯანინაშვილი ავთანდილა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ბეგალაშვილი გოგია და გაბრიელა კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ რუსინაშვილი მანუჩარა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ სათუაშვილი აკოფა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ შავერდაშვილი არუთენა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ტერ არექელაშვილი ტერ ბაღდასარა და ტერ იოანე კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ ხოჯაშვილი მამაჯანა, ამისი ძმა არუთენა  კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ ტერ სიმონაანთ არუთენაშვილი დავითა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ქიჩიკაშვილი ბერუა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ გოგინაშვილი მიქელა და არტურა კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ ურია ხახამი, ბინია კომლი ა.

ქ. ურია შალომა კომლი ა.

ქ. ურია გაგულა კომლი ა.

ქ. ალელი მამიჯანაშვილი გაბრიელა კომლი ა, თავი ა.

ქ. ალელი ხითარაშვილი არუთინა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ყულიჯანაშვილი იესე შეუძლებელი კომლი ა.

ქ. აქავ ალელები ელენე ბატონიშვილის ყმა ალხაზიშვილი ქაიხოსრო, მისი ძმა კაცო კომლი ა, თავი ბ.

 

აქავ ქცხინვალს ოთარ მინბაშის ყმა:

ქ. დავითაშვილი ავეტიქას შვილი დავითა, ყაზარა და სოლომონ კომლი ა, თავი გ.

ქ. აქავ  ამისივ ყმა ბოგანო მებაღე ბერუა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ამისივ ყმა ბოგანო მეჩითე თამაზა კომლი ა, თავი ა.

 

ქ. აქავ ქცხინვალს ამილახვარიშვილი გივის ყმა კოლელიშვილი ნაცვალი იესე კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ამისივ ყმა ბოჭორიძე მამუკა და ივანე კომლი ა, თავი ბ.

ქ. ამისივე ყმა ხანჯალაშვილი ბერუა და ბაღდუა კომლი ა, თავი ბ.

 

ქ. ქცხინვალს დედოფლის ყმა სურამელი ურია ეღიშაყაშვილი აბრამია.

ქ. ქცხინვალს ახალდაბელი ურია ელიაშვილი აბრამა, მოშია და დანელა კომლი ა.

ქ. ქცხინვალს ახალდაბელი ურია პაპის იმედიშვილი აბრამა, ამისი ძმა დანიელა კომლი ა.

ქ. აქავ ახალდაბელი ურია მანაშერა, კაცობა, ამისი Bძმა აბრამა და ისხაკა კომლი ა.

ქ. აქავ ახალდაბელი ურია ხუნდიაშვილი იოსება კომლი ა.

ქ. ქცხინვალს ხიზანი სარდალ სახლთხუცის ყმა ბაყალი სტეფანა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ხიზანი მოქალაქე დედოფლის ყმა სალმახანაშვილი მიკირტუმა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ხიზანი ტყვეობიდამ მოსული თიღველი კავაძე გოგია ბატონიშვილის გიორგის ყმა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ხიზანი ბეკმელი ბლიაძე ივანე კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ხიზანი დედოფლის ყმა ბაყალი გოგია, ამისი სიძე ქრისტეს საფლავის ყმა დავითა კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ ხიზანი ბატონიშვილის გიორგის ყმა ბუ[სუ]სი ესტატე კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ხიზანი ურია ატენელაშვილი ელია და მოშია კომლი ა, ბატონიშვილის იულონის ყმა.

ქ. აქავ ხიზანი ანახანუმ დედოფლის ყმა ყარახანაშვილი ო[ჰ]ანეზა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ხიზანი მოქალაქე გოლინაშვილი მეჩახმახე გასპარა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ხიზანი მჭედელი ასლანაშვილი ბერუა და ხითარა კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ ხიზანი ეჩმიაძინის ყმა თეღბაზაშვილი პაპა და ამისი ძმა დავითა კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ ხიზანი მუხრანბატონის ყმა ღამბარაშვილი არუთინა და ბერუა კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ ხიზანი თარხნიშვილი გლახას ყმა ამილაშვილი გრიქორა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ხიზანი თარხნიშვილის ზაზას ყმა  გონგლაძე პავლე კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ხიზანი ამისივ ყმა ფაფაკერაშვილი არუთინა[ს]შვილი ოსეფა და გოგია კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ ხიზანი ზურაბიშვილის ყმა გიორგიშვილი ბერუა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ხიზანი იარალი ეშიკაღა[ს]ბაშის ყმა როსტევანაშვილი გოგია კომლი ა, თავი ა.

 

ქ. აქავ ხიზანი თბილელის ყმა მეწისქვილიშვილი გლახა და ოთარა კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ ხიზანი იულონ ბატონიშვილის ყმა დარჩიაშვილი ბერი კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ხიზანი გიორგი ბატონიშვილის ყმა ახალგორელი მექვაბე მასურა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ხიზანი ნათლისმცემლის ყმა მოსესაშვილი ყაზარა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ხიზანი კბილა გრიქორაშვილის ყმა ფეიქარი გოგია კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ხიზანი ავთანდილ ხერხეულიძის ყმა ცაბაძე ივანე კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ხიზანი ეჩმიაძინის ყმა მარანაშვილი აკოფა კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ხიზანი ქვათახევის ღ[]თისმშობლის ყმა მეურმიშვილი პეტრე კომლი ა, თავი ა.

ქ. აქავ ხიზანი ბროძველი ქაიხოსრო ამისი ძმა საამა კომლი ა, თავი ბ.

ქ. აქავ ხიზანი დავით ოქრომჭედლიშვილის ყმა მეცხვარიშვილი გოგია კომლი ა, თავი ა [ხეც., Hd_1606]


ცხინვალს ქალაქად ასახელებენ 1769-1772 წლებში საქართველოში მყოფი რუსი მოხელეები: ლვოვი, ხვაბულოვი. [Цагарели, 1891:353,428], რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გიულდენშტედტი. [გიულდენშტედტი, 1964:267], გერმანელი მოგზაური იაკობ რაინეგსი. [რაინეგსი, 2002:149] და სხვ.

ალ. ხახანაშვილის მიერ გამოცემულ ნუსხაში შეცდომით ცხინვალის ნაცვლად წილკანია მოხსენიებული. ამ გამოცემაზე დაყრდნობით 1965 წელს ი. დოლიძემ ხელახლა გამოსცა ნუსხა, თუმცა, აქაც იგივე შეცდომაა დაშვებული. [დოლიძე, 1965:420-422]

სტატიის მოცულობიდან გამომდინარე ვაქვეყნებთ  არა დავთრის სრულ ტექსტს, არამედ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც ქალაქ ცხინვალის აღწერას შეიცავს.

ამილახორად იწოდებოდნენ მხოლოდ მემარჯვენე სარდლები, რომლებიც ამავდროულად იყვნენ სათავადოს "სახლის უფროსები". სხვა ამ სახლის წევრი თავადიშვილები ამილახვრიშვილებად მოიხსენიებოდნენ. ეს წესი მკაცრად იყო დაცული და მისი დარღვევა წარმოუდგენელი იყო.

XVIII საუკუნის 70-90-იან წლებში აღწერები ჩატარებულა 1774 წელს. [თაყაიშვილი, 1907:407; 1951:5; ჯავახიშვილი, 1967:145,183], 1781 წელს. [ჯავახიშვილი, 1967:105-247; თაყაიშვილი, 1951:5], 1790 წელს. [აკოფაშვილი, 1976:353] და 1794 წელს. [ჯავახიშვილი, 1918:36]

შუა საუკუნეების საქართველოში აღწერის პრაქტიკული მნიშვნელობა გადასახადების შეწერითა და სამხედრო საქმიანობისათვის ვარგის პირთა შესახებ ინფორმაციის მიღებით გამოიხატებოდა და ამიტომ მხოლოდ კომლისა და ამ კომლში მყოფი მამაკაცების აღრიცხვა ხდებოდა.

ქალაქი ალი XVIII ს-ში დაემცრო, ამიტომ მოსახლეობა ქართლის სხვადასხვა ქალაქში გადასახლდა, მათ შორის ცხინვალში.

1783 წლის ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა ნუსხა და იოანე ბატონიშვილის შედგენილი "შემოკლებითი აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა" ასახელებენ აზნაურ უზნაძეს, თანაც იოანე ბატონიშვილი მიუთითებს, უზნაძეები "მოსახლეობე ლიახვის ხეობასა შინა". [დოლიძე, 1965: 486; ბაგრატიონი, 1997:64] ამიტომ საფიქრებელია, რომ აღმწერის ტექნიკურ შეცდომასთან გვაქვს საქმე და უნდა ეწეროს უზნაძე. თუმცა, დავთრის სხვა ადგილასაც ანალოგიურად მოიხსენიება ეს აზნაური.

ეს ხაზი ტექსტში წაშლილია.

ეს ხაზი წაშლილია და აქვს შემდეგი მინაწერი: "ეს ცოლშვილით აყრილა, კახეთს წასულა".

თავის ნიშანი წაშლილია. საერთოდ `ურიათა~, ანუ ებრაელთა, აღწერის შემთხვევაში თავის რაოდენობა არ არის განსაზღვრული.

"ბატონის", ანუ მეფის, ყმა.

"ამისი ძმა სარქისა" ტექსტში წაშლილია და, შესაბამისად, თავის რაოდენობა "ბ"-ს შემდეგ "ა"-თია აღნიშნული.

უკანასკნელი ორი ხაზი ტექსტში წაშლილია.

უკანასკნელი სამი ხაზი გრაგნილის კიდეზეა დაწერილი. აქედან პირველი ორი ხაზი ტექსტში წაშლილია.

მოსდევს შემდეგი მინაწერი: "აბიათარს რომ გამოართვა, ის კაცია".

ლიტერატურა

აკოფაშვილი გ.
1976
სასარდლოების შესახებ ქართლის სამეფოში. ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული. თბილისი.
ბაგრატიონი იოანე
1986
ქართლ-კახეთის აღწერა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს თინა ენუქიძემ და გურამ ბედოშვილმა. თბილისი.
ბაგრატიონი იოანე
1997
შემოკლებითი აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა. რედაქტორი და გამომცემელი ზურაბ კაცელაშვილი. თბილისი.
გამრეკელი ვ.
1976
აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა 1770 წლის 5 აპრილის ნუსხის მიხედვით. საქართველოს მეც. აკად. მაცნე. ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ეკონომიკისა და სამართლის სერია. თბილისი.
გამრეკელი ვ., ცქიტიშვილი ზ.
1973
1770 წლის 5 აპრილის დემოგრაფიული ნუსხა. საქართველოს მეც. აკად. საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება. მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნებათმცოდნეობის სერია. თბილისი.
გიულდენშტედტი
1964
გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში. გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა გ. გელაშვილმა. საქ. მეცნ. აკად. ტომი I. თბილისი.
დოლიძე ი.
1965
ქართული სამართლის ძეგლები. ტექსტი გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ. ტომი II. თბილისი.
ვახუშტი ბატონიშვილი
1941
აღწერა სამეფოსა საქართველოსა. თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით. თბილისი.
თაყაიშვილი ე.
1951
ქსნის საერისთავოს სტატისტიკური აღწერილობა. თბილისის უნივერსიტეტის შრომები. ტომი 45. თბილისი.
მასალანი...
1907
მასალანი საქართველოს სტატისტიკური აღწერილობისა XVIII საუკუნეში. გამოცემული ე. თაყაიშვილის რედაქტორობით და წინასიტყვაობით. ტფილისი.
რაინეგსი ი.
2002
იაკობ რაინეგსის მოგზაურობა საქართველოში. გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებელი დაურთო გია გელაშვილმა. თბილისი.
შარდენი ჟ.
1935
მოგზაურობა საქართველოში. თარგმნილი ფრანგულიდან ვასილ ბარნოვის მიერ. რედ. შ. რადიანი. ტფილისი.
ცოტნიაშვილი მ.
1986
ცხინვალის ისტორია (ცხინვალი ფეოდალიზმის ხანაში). ცხინვალი.
ცოტნიაშვილი მ.
1961
ცხინვალის ისტორიისათვის. სტალინირი (ცხინვალი).
ხერხეულიძე ო.
1984
მეფობა ირაკლი მეორისა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ლელა მიქიაშვილმა. თბილისი.
ხეც.
(ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) Hd_1606.
ჯავახიშვილი ივ.
1967
საქართველოს ეკონომიკური ისტორიის ძეგლები. წიგნი I. აღმოსავლეთ საქართველოს XVIII ს. ხალხის აღწერის დავთრები. თბილისი.
ჯავახიშვილი ივ.
1918
ქალაქები, საქალაქო წესწყობილება და ცხოვრების ვითარება საქართველოში მე-17, მე-18 საუკუნეებში. პრომეთე. №1
Цагарели А.
1891
Грамоты и другие исторические документы XVIII столетия относящиеся къ Грузии. Том. I. С-Петербугъ.