სოცრეალისტური დისკურსი და ქართული საბჭოთა ლიტერატურის რამდენიმე თავისებურება

მსოფლიო ისტორიას მრავალი გარდასული ცივილიზაცია ახსოვს, რომელთა შესწავლასაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცდილობენ სხვადასხვა პროფილის მკვლევრები. საბჭოური სინამდვილეც დღეს უკვე “გარდასული ცივილიზაციაა”, რომლის ორგანული ნაწილი იყო საბჭოთა პერიოდის ქართული ლიტერატურა და, კერძოდ, სოციალისტური რეალიზმის ქართული ლიტერატურა. იგი დასრულებული ისტორიული ტიპია, რომელსაც თავისი სპეციფიკური კანონზომიერებები ახასიათებს. საყოველთაოდ მიღებული თვალსაზრისით, ქართული საბჭოთა ლიტერატურის სიღრმისეული ანალიზი ჯერ არ გაკეთებულა. ლიტერატურათმცოდნეობითი ხასიათის ნაშრომები ისედაც მალე “ბერდებიან” და, რა გასაკვირია, რომ დღევანდელი გადასახედიდან მეცნიერულად მოძველებული და პრაქტიკულად გამოუსადეგარი იყოს საბჭოთა აპოლოგეტური ლიტერატურათმცოდნეობითი გამოკვლევები. პოსტსაბჭოთა ლიტერატურათმცოდნეობამ  საბჭოთა პერიოდის ლიტერატურის, სოცრეალიზმის, შეფასებისას გარკვეულწილად შეინარჩუნა საბჭოთა პერიოდისათვის დამახასიათებელი ერთგვარი კატეგორიულობა. განსხვავება ისაა, რომ,  თუ ადრე ყველაფერს ხელაღებით იწონებდა, ახლა ხშირ შემთხვევაში ყველაფერს ხელაღებით იწუნებს. შეფასებების ეს ანტონიმია კიდევ უფრო აქტუალურს ხდის სოცრეალიზმის ლიტერატურის თანამედროვე, მიუკერძოებელი შესწავლის აუცილებლობას. უნდა დადგინდეს, რა იყო  სოცრეალიზმის ეპოქის ჭეშმარიტი და ცრუფასეულობები; როგორი იყო მისი მხატვრული იდეოლოგია; დღევანდელი გადასახედიდან უნდა შეფასდეს მისი გამოცდილება და ადგილი მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში; ჩატარდეს საბჭოთა ლიტერატურის კონცეპტუალური თეორიულ-ისტორიული ანალიზი; გამოვლინდეს მისი ისტორიული განვითარების არსებითი და აუცილებელი ტენდენციები; გადაილახოს შეფასებებისა და მიდგომების უკიდურესობები, როგორც აპოლოგეტიზმი, ასევე ნიჰილიზმი; მოხმობილი იქნას ის ემპირიული მასალა, რომელიც დაგვეხმარება დავაკონკრეტოთ პრობლემა და წარმოვაჩინოთ საყოველთაო მნიშვნელობის მქონე ტენდენციები.

       როცა ვლაპარაკობთ სოციალისტური რეალიზმის კლასობრივ, პარტიულ, იდეოლოგიურ კრიტერიუმებზე, არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ, რომ მხატვრული ნაწარმოებების საფუძველში იდებოდა სოცრეალიზმის კონიუნქტურული ვერსიები, რაც განაპირობებდა  ნაწარმოებებში წარმოჩენილ კონფლიქტს; პერსონაჟების, სოციოლოგიური სქემის სისტემას. მწერლები დაემსგავსნენ სწრაფი რეაგირების შეიარაღებულ ფორმირებებს, რომლებიც უმოკლეს დროში ეხმაურებოდნენ პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების მოწოდებებს. ასე მაგალითად: პარტია გამოაცხადებდა კოლექტივიზაციისა და ინდუსტრიალიზაციისათვის ბრძოლას და ლიტერატურაც უმალვე ასახავდა მას თავის ძეგლებში:

“ასე, მანქანა იბრძვის, ტრიალებს,

არის შეჯიბრი წარმოებების,

ჰქმნიან საბჭოთა ინდუსტრიალიზმს

ჩვენი ლექსებიც და პოემებიც” [ქართული... 1984:50] .       

      პარტიამ გამოაცხადა, რომ საქართველოში ბამბის კულტურა განევითარებინათ და ლიტერატურა სასწრაფოდ გამოეხმაურა ამ ინიციატივას:

         “მინდორზე ბამბა იმედებს ლამბავს,

          უძახის ბანით დობირს დობირი:

                 ბამბა,

                    ბამბა,

                        ბამბა” [ჩიქოვანი, 1933:258].

       დაიწყო კამპანია სიმინდის, როგორც “ჩამორჩენილი” სასოფლო-სამეურნეო კულტურის, წინააღმდეგ და დაიწერა კ. ლორთქიფანიძის რომანი “ძირს სიმინდის რესპუბლიკა”, მოხდა ამ კულტურის “რეაბილიტაცია” და რომანსაც შეეცვალა სახელი, “კოლხეთის ცისკარი” ეწოდა.

       პარტიამ გამოაცხადა დიდი ტერორი და  ლიტერატურამ პარტიის კვალდაკვალ დაიწყო სოციალიზმის ეპოქაში კლასობრივი ბრძოლის გაძლიერების ქადაგება. ზოგიერთი მწერლის უზნეობას საზღვარი აღარ ჰქონდა. პოეტი უმღეროდა და ხოტბას ასხამდა სუკ-ს, ადამიანების სიკვდილით დასჯას:

     “ვაშა_ გ.პ.უ[1]. _ შენი განაჩენი

      ბოლშევიკურად არის დაწერილი!

      როგორც პოეტმა  _პოლიტიკურმა _

      უნდა შეასრულო შენი გაკვეთილი:

      სოციალიზმის ყველა მავნებელი

      დიქტატურის ტყვიით იყოს დახვრეტილი!

      ვაშა, გ. პ. უ. შენი განაჩენი

      ბოლშევიკურად არის დაწერილი” [ნაროუშვილი, 1931:21] .

         ასე რომ, სოციალისტური რეალიზმის ხელოვნების საგანი  იყო არა ცხოვრება მთელი თავისი მრავალფეროვნებითა და დიალექტიკური წინააღმდეგობებით, არამედ იდეოლოგიური კანონის ყოფა. სოციალისტური რეალიზმი, რომელიც დამტკიცებული იქნა ხელოვნების არა მხოლოდ ძირითად, არამედ ერთადერთ ტიპად, არსობრივად წარმოადგენს რეალიზმის გაუკუღმართებულ ფორმას, მის პროფანაციას, ფსევდორეალიზმს.

      სოციალისტურ რეალიზმს თავისებური დამოკიდებულება ჰქონდა ტრადიციებისადმი. საბჭოთა ეპოქის ლიტერატურათმცოდნეები ცდილობდნენ, ისეთი სურათი დაეხატათ, თითქოს სოცრეალისტი მწერლები თავიანთი ეროვნული ლიტერატურის ტრადიციების ლოგიკური გამგრძელებლები იყვნენ. ეს მოსაზრება მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება გავიზიაროთ, რადგან  ხშირ შემთხვევაში, ალბათ,  ტრადიციების უარყოფაზე უფრო შეიძლება საუბარი, ვიდრე ტრადიციების გაგრძელებაზე. ეს ტენდენცია ლიტერატურულ ნაწარმოებებშიც იჩენს თავს. ალიო მირცხულავას ერთ-ერთ ლექსს “ნახტომი მზისკენ” ჰქვია. მზის ალეგორიულ სახეში კაცობრიობის ბედნიერი მომავალი, კომუნიზმი, უნდა ვიგულისხმოთ, რომლის აკვანი ჩრდილოეთში, დარიალის ხეობის იქით, დაირწა. ავტორის აზრით, სირთულეებს, რომლებიც კომუნისტურმა საზოგადოებამ უნდა გადალახოს, ანუ   “უდაბნო მიდამოს, უკუნეთ ხეობას”, მხოლოდ “ელვის რაშები” დაძლევენ. ამას სხვა ვერავინ მოახერხებს, ვერც “მერანი” და ვერც “ლურჯა ცხენები”:

“ამ უდაბნო მიდამოს,

ამ უკუნეთ ხეობას,

ვერ გაივლის “მერანი”

და ვერც “ლურჯა ცხენები”.

გასწით, ელვის რაშებო,

საზღვარს გადამატარეთ,

გასწით, გადავიაროთ

დარიალის კარები”    [ქართული... 1984:27].

      ციტირებული მონაკვეთიდან სრულიად ნათელია, როგორია ავტორის დამოკიდებულება ტრადიციებისადმი და, მისი აზრით, რომელი იდეურ-ესთეტიკური გამოცდილებაა კომუნისტურ ეპოქაში ქმედითუნარიანი და რომელი _ არაპროდუქტული და უუნარო. პოეტი სრულიად გარკვევით ამბობს, რომ  ბოლშევიკური მიზნების მისაღწევად არ გამოდგება კლასიკური მემკვიდრეობა _ არც “მერანი” და არც “ლურჯა ცხენები”.

       სოციალისტური რეალიზმის ნებისმიერი ნაწარმოები, ვინც არ უნდა იყოს მისი ავტორი და რომელ ჟანრსაც არ უნდა განეკუთვნებოდეს იგი, აუცილებლად უნდა იყოს ორიენტირებული საბოლოო მიზანზე, კომუნიზმზე. მთელი ნაწარმოების მიზანმიმართულება და მისი გმირის ცხოვრება და მოღვაწეობა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ამ მიზნისაკენ მიმართულ პროცესებში. ნაწარმოებში აღწერილი მოვლენები და გმირები შეიძლება წყვეტდნენ გლობალურ საკითხებს ან უფრო მოკრძალებულ ამოცანებს, მაგრამ ეს მოკრძალებული ამოცანაც ორგანულად უნდა ერწყმოდეს საერთო მიზანს  – კომუნიზმის მშენებლობას და წარმოაჩენდეს საზოგადოების “რევოლუციურ განვითარებას”. ყოველივე აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ სოცრეალიზმის ნაწარმოებებს უნდა ახასიათებდეს ბედნიერი დასასრული, ე.წ. „ჰეპი ენდი“, რომელსაც იმისათვის, რომ გავარჩიოთ ლიტერატურასა და ხელოვნებაში კარგად ცნობილი „ჰეპი ენდისაგან“, შეიძლება “სოცრეალისტური ჰეპი ენდი” ვუწოდოთ.

      სოცრეალისტური „ჰეპი ენდი“ არის “მარქსისტული ჰეპი ენდის” მხატვრული ასახვა, რომელსაც ქადაგებდა კომუნისტური პარტია. ამ სწავლებიდან გამომდინარე, საბოლოო ბედნიერ დასასრულად მიიჩნევა  მხოლოდ ერთი შემთხვევა, როცა მიიღწევა საბოლოო მიზანი, აშენდება კომუნიზმი. გარდა ამისა, არის შედარებით უფრო მოკრძალებული, ერთგვარი შუალედური მიზნებიც (სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვება, ხუთწლიანი გეგმის სამ წელიწადში შესრულება და ა.შ.). კომუნისტურ საზოგადოებაში მმართველ ძალებს არ აღელვებთ კონკრეტული ადამიანის ბედი. ამიტომ ნაწარმოების ფინალი სრულიადაც არ არის ორიენტირებული გმირის ბედზე. გმირის ბედი, მისი პიროვნული ტრაგედია სოციალისტური რეალიზმის ესთეტიკაში არ არის არსებითი. სოცრეალიზმს ისეთივე მიდგომა აქვს ადამიანებისადმი, როგორც საბჭოთა ხელისუფლებას, რომლისთვისაც ადამიანებს სტატისტიკური ფუნქცია უფრო ჰქონდათ. ამიტომ გმირის ბედი კი არ განსაზღვრავს სოცრეალისტურ ჰეპი ენდს, არამედ საერთო საქმის, საერთო მიზნის ბედი. თუ გმირი ამ მიზანს ეწირება და მიზნის განხორციელება ეჭვქვეშ არ დგება, მაშინ ყველაფერი კარგად არის, „ჰეპი ენდია“. ხოლო, ყველაფერი რომ კარგად არ იყოს, ამ შესაძლებლობას სოცრეალიზმის ესთეტიკა არ ცნობს და არც უშვებს. მაგალითად, რევოლუციის საქმეს შეეწირა როდიონ ქორქიას 12 წლის გმირი (“მარილის აკვანი”). სამაგიეროდ, რევოლუციამ გაიმარჯვა და მრავალი წლის შემდეგ შემთხვევით აღმოჩენილ მის ცხედარს რევოლუციური პატივით დაკრძალავენ და წითელი ორდენითაც დააჯილდოვებენ: “იგი იწვა თოფჩახუტებული. ხელი დაჭრილ გულთან მიედო, მკერდზე სისხლი შეხმობოდა. პატარა მეომარი ისე იყო, თითქოს გუშინ ჩაწვაო, მარილს შეენახა იგი.

      რა ჰქვია მას?

       ვინ იცის!

      ქვემეხები გუგუნებდნენ, მისი ცხედარი რომ მიჰქონდათ. უკან ბავშვები მისდევდნენ თაიგულებით ხელში. ნელა დუდუნებდნენ ტალღები, თითქოს ნანას უმღეროდნენ თავის შვილობილს.

       პატარა მხედარი კუბოშიც შაშხანასთან ერთად იწვა და მკერდზე, სადაც სისხლი შეხმობოდა, წითელი ორდენი უბრწყინავდა” [ქორქია, 1968:13].

     სოციალისტურმა რეალიზმმა განსაკუთრებით გაააქტიურა სათაურის ფუნქციის იდეოლოგიური ასპექტი და „ჰეპი ენდის“ ფუნქციის რეალიზებაც დააკისრა მას. მაჟორული, იმედიანი განწყობილების შექმნა სოცრეალისტურ სინამდვილეში ნაწარმოების სათაურის დამატებითი და განსხვავებული ფუნქცია იყო. სოცრეალიზმის კანონის მოთხოვნით, მხატვრული ნაწარმოებები საყოველთაო ოპტიმისტურ და ამაღლებულ განწყობილებას უნდა ბადებდეს მკითხველში, რაც უკვე ნაწარმოების სათაურიდანვე უნდა გამოჩენილიყო. თუმცა, ოფიციალურად და თეორიულად ეს მოთხოვნა არსად დაფიქსირებულა, მაგრამ მწერლები მთელი იდეურ-ესთეტიკური სისტემიდან გამომდინარე ინტუიტიურად თვითონ მიდიოდნენ ამ დასკვნამდე.  ტიპური სოცრეალისტური სათაურებია: “ძირს სიმინდის რესპუბლიკა” (კ. ლორთქიფანიძე), “ნაბიჯები” (პ. ჩხიკვაძე), “განთიადი” (დ. შენგელაია), “დაუმარცხებელი კავკასია” (გ. აბაშიძე), “მთები იღვიძებენ” (ე. ზედგენიძე), “სართულები” (პ. ჩხიკვაძე), “გმირი” (ა. ჩაჩიბაია), “ახალ საქართველოს”  (ა. აბაშელი), “საქართველოს ბოლშევიკებს” (გ. ლეონიძე), “ახალ კოლხიდას” (ი. მოსაშვილი), “ოქტომბრის შუქურვარსკვლავი” (ალიო მირცხულავა), “კაცობრიობის გაზაფხული” (სტეფანე მხარგრძელი), “კაცობრიობის გვირგვინი” (კალე ბობოხიძე), “ის ჩაუქრობელ მზედ დაიბადა” (თეიმურაზ ჯანგულაშვილი) და სხვ.

      სოცრეალისტური „ჰეპი ენდის“ მქონე ნაწარმოების სტრუქტურაში იდეოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, აგრეთვე, ნაწარმოების დასასრული,  მომაკვდავი გმირის უკანასკნელი მონოლოგი ან სიტყვები. სწორედ ნაწარმოების ბოლოს, როგორც სამიტინგო სიტყვის დასასრულში, გაისმოდა მქუხარე მოწოდებები, იხატებოდა ბედნიერი და უზრუნველი მომავლის, ანუ კომუნიზმის, უტოპიური სურათები; პერსონაჟები ხოტბას ასხამდნენ კომუნიზმის მშენებელი ადამიანების “დიდ” თუ “პატარა” გმირობებს;  მომაკვდავი გმირი თავის ბოლო სიტყვებს ამბობდა, რომლებშიც თვალნათლივ ჩანდა  მისი რევოლუციურ-კომუნისტური სულისკვეთება. როდიონ ქორქიას ზემოთ დასახელებული  მოთხრობის პატარა რევოლუციონერი გმირი შემდეგი სიტყვებით ეთხოვება სიცოცხლეს:

      “ვაშა! _  მოისმა პერეკოპიდან. _ გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!

      “ჩვენების ხმაა! _ გაუელვა პატარას. _ მაშ გავიმარჯვეთ? ოჰ, ნეტავ შემეძლოს ადგომა! ვნახავდი ფრუნზეს... მერე დედას ვეტყოდი ფრუნზე ვნახე-მეთქი...

      ... ვაშა! _ ისმის პერეკოპიდან.

      _ ამხანაგებო, მე რომ ვერ ამოვალ პერეკოპზე? _ და ცრემლებმა ჩამობანეს ლოყები.

      შორს, ცაზე წამოდგა დილა.

      _ ვაშა გრიალებს პერეკოპი.

    პატარა მეომარი ერთხელ კიდევ გაინძრა, ჰაერი ჩაისუნთქა და შესძახა:

    _ ვაშა!

მერე კი მარილიანმა მიწამ ჩაიხუტა და პირი მოკუმა, პერეკოპზე იდგა წითელი დილა” [ქორქია, 1968:12] .

    სოცრეალისტური „ჰეპი ენდი“ ხშირ შემთხვევაში შეიძლება შევაფასოთ, როგორც “იძულებითი ოპტიმიზმი”. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი სოცრეალისტური ნაწარმოებისა, რომელშიც უბედურება და უიღბლობა ან საერთოდ არ უნდა იყოს წარმოჩენილი, ან გადაწონილი უნდა იქნას  პოზიტიური ელემენტების მიერ. სოცრეალისტური ნაწარმოების დადებითი გმირები თეთრზე უფრო სპეტაკნი უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო არამზადები _ ღამეზე უფრო შავნი. ნახევარტონებს სოცრეალიზმის ესთეტიკა არ ცნობდა. ამ თხზულებების სავალდებულო ბედნიერი დასასრული კიდევ ერთი მტკიცებულება უნდა ყოფილიყო, რომ სოციალისტური სამყარო იყო საუკეთესო ყველა შესაძლებელ სამყაროთა შორის.

     უნდა აღინიშნოს, რომ „ჰეპი ენდი“ არ არის სოციალისტური სამყაროს ექსკლუზიური მიგნება. თანამედროვე სამყაროში მას ზოგჯერ განიხილავენ, როგორც ამერიკულ მოვლენას, თუმცა, ამ ტიპის უტოპიის ფესვები შორეულ საუკუნეებში უნდა ვეძებოთ, რამაც არაჩვეულებრივი ასახვა პოვა ჯერ კიდევ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებში. ამაზე მეტყველებს ქართული ზღაპრებიც და განსაკუთრებით მათი დასასრული. ქართულ კულტურულ სამყაროს XX საუკუნის დასაწყისიდან უკვე ახალი ტიპის “ბედნიერი დასასრული” მოევლინა  სოცრეალისტური „ჰეპი ენდის“ სახით. თუ ზღაპრების გმირები ებრძვიან დევებს, გველეშაპებს, კუდიან დედაბრებს...  და იმარჯვებენ, სოცრეალიზმის პერსონაჟები ებრძვიან მარქსიზმისა და პარტიის მტრებს, ბურჟუაზიული ცნობიერებისა და ცხოვრების წესის გადმონაშთებს ... და იმარჯვებენ. ორივე შემთხვევაში ეს აღიქმება სიკეთისა და ბოროტების ბრძოლად. თუმცა, პირველ შემთხვევაში ეს ნამდვილად სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაა, ხოლო მეორე შემთხვევაში სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის იმიტაცია.

      საბოლოო მიზნისაკენ, ანუ კომუნიზმისაკენ, მიმავალ გზაზე საბჭოთა სინამდვილეში უამრავ პარადოქსს  ვხვდებით: იმისათვის, რომ მომავალში აღარ ყოფილიყო  საზღვრები, საბჭოთა რეჟიმი აშენებდა სახელმწიფოებს შორის ახალ-ახალ საზღვრებს; იმისათვის, რომ მომავალში ყველა ადამიანი ყოფილიყო ბედნიერი, საბჭოთა რეჟიმი აუბედურებდა უამრავ ადამიანს; იმისათვის, რომ მომავალში შრომა ყოფილიყო თავისუფალი და ძალადაუტანებელი, უამრავ ადამიანს იძულებით ამუშავებდნენ კატორღულ სამუშაოებზე და ა.შ. სოცრეალისტური ლიტერატურა  მონდომებით ასხამდა ხოტბას ამ რეჟიმს და საყოველთაო ბედნიერებისა და ამაღლებულობის განწყობის  დამკვიდრებას ცდილობდა. ეს დამოკიდებულება  არ ეწინააღმდეგებოდა სოცრეალისტურ კანონს, რადგან ყველა ის ტანჯვა-წამება “დიადი  მიზნის” მისაღწევად იყო საჭირო და ცხოვრებაში კომუნისტური „ჰეპი ენდის“ დადგომას ემსახურებოდა.

      სოცრეალისტური „ჰეპი ენდის“ კონცეფციის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სხვა ყველა ეპოქისა და ტიპის „ჰეპი ენდისაგან“ არის ის, რომ იგი მარქსიზმის მოძღვრებასა  და კაცობრიობის საბოლოო მიზანზე, კომუნიზმის აშენებაზე, იყო ორიენტირებული. 

      სოცრეალისტურ ნაწარმოებში ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ვერბალურ მხატვრულ თხზულებაში, შეიძლება აღწერილი იყოს მოვლენები, რომლებიც წარსულში მოხდა, აწმყოში ხდება ან მომავალში მოხდება. ამ თვალსაზრისით ყველაზე უფრო პროდუქტიული და ფუნქციურად დატვირთული არის აწმყო. სოცრეალისტურ ნაწარმოებებში მოვლენები ძირითადად სწორედ აწმყოში ხდება (“კოლხეთის ცისკარი”, “გვადი ბიგვა” და სხვა). სოცრეალიზმის ესთეტიკის პრაქტიკული ხორცშესხმა ყველაზე უფრო მარტივად ასეთ ნაწარმოებებშია შესაძლებელი. უფრო რთულად არის საქმე, როცა მწერალი ასახავს შორეულ წარსულს. აქ მას სჭირდება უფრო მეტი ძალისხმევა, რომ ისტორიული ფაქტები და მოვლენები ან თუნდაც გამოგონილი ამბები სოცრეალისტურ კანონს დაუქვემდებაროს. ამ შემთხვევაში მისი მიზანია, მსოფლიო ისტორიის განვითარების ვექტორი წარმოაჩინოს, როგორც მოძრაობა კომუნიზმისაკენ და ამასთან მსოფლიო ისტორიაში მოძებნოს ისეთი მომენტები, რომელთა დახმარებითაც შეძლებს ამ პოზიციის გამყარებას. აქ მკითხველს დიდ დახმარებას უწევდა მარქსისტული კრიტიკაც, რომელიც ისტორიულ პერსონაჟებში, ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებში  ეძებდა და, უნდა ითქვას, რომ  “პოულობდა” კიდევაც “პროგრესულ მარცვლებს”, რომლებიც მაშინაც კი აახლოებდნენ კაცობრიობას სანუკვარ მიზანთან, კომუნიზმთან, როცა კაცობრიობამ  კომუნიზმის შესახებ ნამდვილად არაფერი იცოდა.

      მწერლები გაურბოდნენ კომუნიზმის, როგორც უკვე დამდგარი ფაქტის, მხატვრულად წარმოჩენას. ეს შეიძლება ბევრი მიზეზით იყოს განპირობებული, მაგრამ უპირველესი, ალბათ, მაინც სუბიექტური ფაქტორია. თავად მწერლებს ეს შეიძლება აეხსნათ ერთგვარი “კომუნისტური თავმდაბლობით”, რომ კომუნიზმის საყოველთაო ბედნიერებისა და აღმაფრენის წარმოდგენა მათი მხატვრული ფანტაზიის შესაძლებლობებს აღემატებოდა. თუმცა, უფრო  მნიშვნელოვანი, ალბათ, სხვა გარემოებაა:  შესაძლებელი იყო მათ კომუნიზმის  მხატვრული ხორცშესხმის დროს  საბედისწერო იდეოლოგიური შეცდომა დაეშვათ, რასაც არასოდეს აპატიებდა პარტია და ხელისუფლება.

    დასრულდა სოციალისტური რეალიზმის ეპოქა. ქართული მწერლობა  აღარ არის კომუნისტური პარტიის რუპორი, მას დაუბრუნდა თავისი ესთეტიკური ფუნქცია და მიეცა თავისუფალი შემოქმედებითი განვითარების საშუალება. დადგა ახალი ეპოქა.  ყოველი ეპოქის კულტურას აქვს სამყაროსა და პიროვნების თავისი კონცეფცია, თავისი პარადიგმა.  ეპოქის ცხოვრებას დიდად განსაზღვრავს ეს პარადიგმა, რომელიც ქმნის ხელისუფლების, საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობის ინვარიანტს.  სამყაროსა და ადამიანის კონცეფცია ეპოქიდან ეპოქამდე იცვლება და იხვეწება.  სოცრეალიზმის შემდეგ პოსტსაბჭოური სივრცის კულტურა ახალი პარადიგმის ძიებაშია.

 


[1] გპუ იგივე ოგპუ (объединенное государственное политическое управление), სუკ-ის ადრინდელი სახელი.

ლიტერატურა

ბაქრაძე ა.
1990
მწერლობის მოთვინიერება. თბილისი
ნაროუშვილი ფ.
1931
პოლიტიკური პოეტის დეკლარაცია. თბილისი.
ქართული...
1984
პოეზიის თხუთმეტტომეული, ტომი 15. თბილისი.
ქორქია რ.
1968
მარილის აკვანში. თბილისი
ჩიქოვანი ს.
1933
ლექსები (პირველი წიგ ნი). თბილისი.
Ю. Борев.
2008,2009
Социалистический реализм: взгляд современника и современный взгляд. М. 2008.
Избавление...
1990
Избавление от миражей. Соцреализм сегодня .Москва.
Соцреалистическиий...
2000
Соцреалистическиий канон . Санкт-Петегбург.
Терц А.
1988
Что такое социалистическиий реализм.Париж.
Федоров Ф.
1991
Социалистический реализм как тип искусства. Даугавпилс.