ბურგუნდიის ჰერცოგები – XV საუკუნის ჯვაროსნული ლაშქრობის პროტაგონისტები და ქართველ მეფე-მთავართა პოზიცია

კვლევის  მიზანია, ევროპული წყაროებისა და ადგილობრივი მასალის შედარება-შეჯერების საფუძველზე,  გამოკვეითოს,  რა პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური ფაქტორებით ხასიათდებოდა ქართული სახელმწიფოების მესვეურთა ჩართულობა XV  საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საერთაშორისო საკითხში – ოსმალთა ექსპანსიის შეჩერებაში. აიხსნას, რატომ მიგვაჩნია ბურგუნდიის ჰერცოგთა კარი თანმიმდევრული ჯვაროსნული ლაშქრობის იდეისადმი; ასევე,  იმდროინდელი სავაჭრო აგენტების, მოგზაურების, რელიგიური მისიების წარმომადგენელთა და მზვერავთა ცნობების კომპლექსური დამუშავებით, აჩვენოს  შავიზღვისპირეთში არსებული ვითარება – როგორი იყო განვითარების პერსპექტივები და აღქმები – პაპის კურიის გარდა, საერო ხელისუფალთაგან ვინ და რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველებისთვის  მოკავშირე და მხარდამჭერი დასავლეთში.

საკვანძო სიტყვები: აღმოსავლეთის მცოდნე მოგზაურები და ჯაშუშები, ჯვაროსანთა გეგმები, ანტიოსმალური ალიანსები

 
 
 
 

ქალაქის მხატვრული სახეები ლია სტურუას პოეზიაში

ლია სტურუა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოეტია. მისი შემოქმედების ყველა ეტაპზე ვლინდება ინტერესი ურბანული სივრცის მიმართ. მოცემულ სტატიაში განვიხილავთ, ლია სტურუას პოეზიაში რა სახე- ხატებით არის წარმოდგენილი ურბანული სივრცე, რა საკითხებს უკავშირდება და რა თავისებურებები გამოარჩევს მას.

საკვანძო სიტყვები: ურბანული სივრცე, ლია სტურუა, მხატვრული სახეები

 
 
 
 

ბერლინის ჰუმბოლდტ-უნივერსიტეტის აუდიოარქივი და იქ არსებული ქართულენოვანი აუდიოჩანაწერები (1915–1918)

გამოკვლევა ეძღვნება პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ქართველი ტყვეების აუდიოჩანაწერებს, შესრულებულს გერმანიის ბანაკებში 1915–1918 წლებში და ამჟამად თავმოყრილს ჰუმბოლდტ-ფორუმის საცავებში. პუბლიკაციაში გაშუქებულია აუდიოარქივის არსი და ისტორია, ბანაკების გადაქცევის ფაქტი სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიად, აუდიოგრამების შესრულების ტექნოლოგიები, მათი ქაღალდზე გადატანისა და კატალოგიზაცია-დაარქივების მეთოდები. პუბლიკაცია ეხება მანჰაიმის ქართულენოვან კორპუსს, რომლის  კულტურულ-ისტორიულ და ლინგვისტურ ჭრილში აღწერის მიზნითაც შემუშავებული გვაქვს კვლევის საკუთარი  მოდელი.

საკვანძო სიტყვები: აუდიოჩანაწერები, ჰუმბოლდტ-ფორუმი, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი გერმანიის ბანაკები, მანჰაიმის კორპუსი, აუდიოგრამის ანალიზი

 
 
 
 

აზერბაიჯანული პრესა თბილისში /XIX საუკუნე/

 

სტატიაში განხილული და გაანალიზებულია აზერბაიჯანული პერიოდული პრესის ისტორია თბილისში, სამხრეთ კავკასიის ადმინისტრაციულ და კულტურულ ცენტრში. საარქივო მასალების საფუძველზე ნაჩვენებია, რომ პერიოდული გამოცემები აზერბაიჯანულ ენაზე იყო  კავკასიის საცენზურო კომიტეტის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ.

 

საკვანძო სიტყვები: აზერბაიჯანული პრესა, თბილისი, ცენზურა, რუსეთის იმპერია, სამხრეთ კავკასია

 
 
 
 

ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაკლებად შესწავლილი ოფიციალური წერილები

ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილები იძლევა უტყუარ მასალას მწერლის პირადი ცხოვრების, მისი შემოქმედებისა და მსოფლმხედველობის შესასწავლად. ეს წერილები იყოფა ახლობლებსა და ნათესავებზე მიწერილ პირად და სამსახურებრივი მოვალეობის ფარგლებში დაწერილ ოფიციალურ წერილებად. მკვლევრების დაკვირვების ობიექტში აქამდე ყოველთვის პოეტის პირადი ბარათები ექცეოდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ოფიციალური წერილებიც ბევრ საინტერესო, აქამდე უცნობ დეტალს ხდის ფარდას.

საკვანძო სიტყვები: ნიკოლოზ ბარათაშვილი; ოფიციალური წერილები; ეპისტოლე

 
 
 
 

ოდისევსის მისია „ილიადაში“: იყო კი ის ყოველთვის წარუმატებელი?

სტატიის მიზანია ჰომეროსის „ილიადის“ თავდაპირველი ზეპირი მოკლე ვერსიის, ანუ წინარე „ილიადის“, სავარაუდო ფაბულისა და პროტაგონისტ(ებ)ის დადგენა; მონუმენტურ პოემად მისი ჩამოყალიბების შესაძლო ეტაპების აღდგენა და ამასთან დაკავშირებული ზოგი კომპოზიციური პრინციპის გამოკვეთა, რისთვისაც ავტორი განიხილავს  „ილიადის“ მე-9 და მე-19 წიგნებს, ასევე პოემის ზოგიერთ სხვა ადგილს.

საკვანძო სიტყვები: ჰომეროსის „ილიადის“ მე-9 და მე-19 წიგნები, წინარე „ილიადის“ სტრუქტურული სიმეტრია, წინარე „ილიადის“ პროტაგონისტ(ებ)ი, წინარე „ილიადის“ გაფართოების სამი ეტაპი, ადაპტაცია ჩანართებით

 
 
 
 

ევრიპიდეს ფედრას მხატვრული სახის გარდასახვა ბრიტანულ და ქართულ თეატრალურ სივრცეში

სტატიაში განხილულია ფედრას მხატვრული სახე ანტიკურ, ბრიტანულ და ქართულ სივრცეში, ევრიპიდეს „ჰიპოლიტოსის“, ბრიტანელი დრამატურგისა და მწერლის, სარა კეინის, პიესის „ფედრას სიყვარულისა“ და ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის, გიორგი ალექსიძის, თანამედროვე ბალეტის „დიპლიპიტოს“ მიხედვით.

საკვანძო სიტყვები: ევრიპიდე, ფედრა, სარა კეინი, ალექსიძე, გარდასახვა

 
 
 
 

ირმის მითოლოგემა და მითისქმნადობა ვაჟა-ფშაველას პროზაში

 

ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში ირმის მითოლოგემა და სიმბოლიკა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მწერლის ლიტერატურულ პარადიგმას, რადგან ხშირად და სხვადასხვა ფუნქციით იყენებს მას ავტორი.

 

საკვანძო სიტყვები: ირმის მითოლოგემა, მითისქმნადობა, ვაჟა-ფშაველას პროზა

 
 
 
 

კლიმატის სიმბოლიკა ტ.ს. ელიოტის პოემაში „უნაყოფო მიწა“

2022 წელს ტ.ს. ელიოტის „უნაყოფო მიწის“ 100 წლისთავი აღინიშნა. მრავალი საერთაშორისო აკადემიური ღონისძიება მიეძღვნა პოემასა და მისი გამოქვეყნების ისტორიას. წინამდებარე სტატიაში განხილულია ტ.ს. ელიოტის შემოქმედების გადაფასების ერთ-ერთი მაგალითი, კერძოდ, მისი ცნობილი პოემის, „უნაყოფო მიწის“ (1922), ეკოტრიტიკული წაკითხვის ტენდენციები. ტექსტის კლიმატთან დაკავშირებული სიმბოლური პოეტიკა ახლებურადაა გაანალიზებული და მისი სიმბოლიზმი მოდერნისტული ტექსტის ერთ-ერთ სტრუქტურულ ელემენტად არის გამოყოფილი.

საკვანძო სიტყვები: ტ.ს. ელიოტი, მოდერნიზმი, „უნაყოფო მიწა“, ეკოკრიტიკა

 
 
 
 

ზოია ფირზადის პერსონაჟი იდენტობის ძიებაში

სტატიაში განხილულია ქალის ადგილისა და დანიშნულების ძიების პროცესი თანამედროვე ირანელი მწერალი ქალის ზოია ფირზადის ნაწარმოებების მიხედვით. ყურადღება გამახვილებულია ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე პატრიარქალურ საზოგადოებაში, მათ მუდმივ მცდელობაზე, თავი დააღწიონ ფსიქიკასა და აზროვნებაში ღრმად ფესვგადგმულ ტრადიციულ მარწუხებს და იპოვონ საკუთარი იდენტობა.

საკვანძო სიტყვები: ქალთა ლიტერატურა, ფემინიზმი, სპარსული ლიტერატურა, ზოია ფირზადი, ქალთა უფლებები

 
 
 
 

მაგიურ-რეალისტური ტექნიკა სალმან რუშდის რომანში „შუაღამის შვილები“

სტატიაში განხილულია მაგიურ-რეალისტური ელემენტები  ინგლისელი ავტორის, სალმან რუშდის, რომანში „შუაღამის შვილები“ ნაჩვენებია, თუ როგორ იყენებს  პოსტკოლონიალისტი ავტორი მაგიურ-რეალისტურ ტექნიკას სხვადასხვა სოციო-პოლიტიკურ პრობლემებზე სასაუბროდ და რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული ტექნიკა პოსტკოლონიალიზმის პირობებში, მარგინალიზებული და ჩაგრული ჯგუფების თვითგამოხატვისათვის.

საკვანძო სიტყვები: სალმან რუშდი, პოსტკოლონიალიზმი, მაგიური რეალიზმი, შუაღამის შვილები

 
 
 
 

ოღუზ ათაის რომანი „გარიყულები“ ჰაბიტუსის კონცეფციის კონტექსტში

სტატიაში გაანალიზებულია მე-20 საუკუნის გამორჩეულად საინტერესო თურქი მწერლის, ოღუზ ათაის,  რომანი „გარიყულები“ ფრანგი სოციოლოგის პიერ ბურდიეს მიერ შემუშავებული ჰაბიტუსის კონცეფციის კონტექსტში. სტატია მიზნად ისახავს პროტაგონისტებზე დაკვირვების შედეგად პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:

ა) რა სახის  ველებსა და ჰაბიტუსებს ვხვდებით რომანში;

ბ) ობიექტური სოციალური გარემოს გავლენით ჩამოყალიბებული ჰაბიტუსი, რომელიც წინასწარგანწყობათა სქემებით არის გამყარებული, იცვლება თუა არა ინდივიდის მიერ მასში შეტანილი ახალი სქემების შედეგად;

საკვანძო სიტყვები: თურქული ლიტერატურა, ოღუზ ათაის რომანი „გარიყულები“, პიერ ბურდიე, ჰაბიტუსის კონცეფცია

 
 
 
 

ზეპირსიტყვიერების კვალი კლასიკურ არაბულ მაკამებში

მაკამა არაბული კლასიკური პროზის ერთადერთი მხატვრული ჟანრია. მას ანალოგი არ მოეპოვება ევროპულ მწერლობაში. მაკამა წარმოიშვა და ჩამოყალიბდა ეპოქაში, როცა ზეპირი და წერითი ლიტერატურა თანაარსებობდა. ამ ფაქტმა თავისი დაღი დაასვა მის ფორმასა და სტრუქტურას. ზეპირსიტყვიერების კვალი კლასიკური მაკამის კომპოზიციის თავისებურებებშიც აისახა.

საკვანძო სიტყვები: კანონიკური არაბული პროზა, ზეპირი ლიტერატურა, მაკამის ჟანრი

 
 
 
 

ცრემლის ფენომენი XII-XIII საუკუნეების ქართულ საერო მწერლობაში

წინამდებარე ნაშრომში გამოვლენილი და შესწავლილია ცრემლის სიმბოლიკა და მასთან დაკავშირებული ლექსიკური ერთეულების გამოყენების მნიშვნელობა და სპეციფიკა XII–XIII საუკუნეების ორიგინალურ ქართულ საერო მწერლობაში.

საკვანძო სიტყვები: ცრემლი, XII-XIIსაუკუნეების ქართული საერო მწერლობა

 
 
 
 

მართლმორწმუნე დედათა სახეები ,,წმინდა ნინოს ცხოვრების“ შატბერდული და ჭელიშური რედაქციების მიხედვით

ნაშრომში ჩანს, თუ რა როლი აკისრიათ მართლმორწმუნე დედებს ქართლის მოქცევის ისტორიაში. საკითხი შესწავლილია „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ შატბერდულ-ჭელიშური რედაქციების განხილვის საფუძველზე.  თხზულებებში წარმოდგენილ პერსონაჟ ქალთა სახეების, მათი ნაუბრისა და ქმედებების ყოველმხრივი ანალიზის შედეგად ცხადი ხდება, რომ წმინდა ნინომ ქართლის გაქრისტიანება  ერთმორწმუნე დედათა თანადგომით შეძლო.

საკვანძო სიტყვები: ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ“ , წმინდა ნინო, მართლმორწმუნე დედები

 
 
 
 

„ქანდაკებების“ დილემა

სტატია განიხილავს უ. ბ. იეიტსის ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსურ და სადავო ლექსს „ქანდაკებები“, რომელიც პოეტმა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაწერა. ნაშრომში გამოკვლეულია ლექსის სტრუქტურა, მისი თემა, სახე-ხატები, შეჯერებულია ლექსის შესახებ არსებული წინააღმდეგობრივი კრიტიკული შეხედულებები და გაანალიზებულია ინტერპრეტაციის პრობლემები.

საკვანძო სიტყვები: იეიტსი, ქანდაკებები, პითაგორა

 
 
 
 

-დ ფორმანტიან ფორმათა სინტაქსური ფუნქცია და ფორმალური შეთანხმების საკითხი (K14 ხელნაწერის საფუძველზე)

ძველ ქართულში სახელს მოთხრობით, მიცემითსა და ნათესაობით ბრუნვებში - თ სუფიქსიანი მრავლობითის საერთო ფორმა აქვს. ზოგჯერ თანიანი მრავლობითის ფორმა გამოიყენება მოქმედებითისა და ვითარებითის ფუნქციითაც. ენის განვითარების გარკვეულ ეტაპზე - თა სუფიქსიანი სახელები ფორმდება - დ(ა) მარკერით. შედეგად, ვიღებთ ასეთ ფორმებს: გონიერთადა, საუნჯეთად, სხეულთად... სტატიაში განხილულია მსგავსი, R-თა-დ(ა), სტრუქტურის ფორმები და მოცემულია მათი წარმოქმნის მიზეზების დადგენის ცდა.

საკვანძო სიტყვები: სინტაგმა, ფორმალური შეთანხმება, ხელნაწერი K14

 
 
 
 

გრამატიკალიზებული ჩანს ელემენტი და მასთან დაკავშირებული სირთულეები კორპუსლინგვისტიკაში

სტატიაში განხილულია ცოცხალ ენობრივ სისტემაში მიმდინარე გრამატიკალიზაციის პროცესი, წარმოდგენილია ამ პროცესის განმსაზღვრელი ძირითადი თეორიული დებულებები, აღწერილია გრამატიკალიზებული ჩანს ელემენტის ფუნქციურ-სემანტიკური მახასიათებლები, განხილულია მასთან დაკავშირებული სირთულეები კორპუსლინგვისტიკაში.

საკვანძო სიტყვები: გრამატიკალიზაცია, კორპუსლინგვისტიკა, ომონიმია, ფუნქციური-სემანტიკური ანალიზი

 
 
 
 

ბიბლიური საგალობლები წმინდა ანდრია კრიტელის „დიდი კანონის“ ძველბერძნულ და ქართულ ვერსიებში

ტიპიკონის განვითარების ადრეულ ეტაპზე წმინდა ანდრია კრიტელის „დიდი კანონი“ სრულდებოდა ბიბლიურ საგალობლებთან (ჰიმნებთან) ერთად.  წინამდებარე სტატიაში განხილულია აქამდე შეუსწავლელ K-79 ხელნაწერში დაცული ბიბლიური საგალობლების ვარიანტის მიმართება სხვა ქართულ ვერსიებთან. ქართულ ვერსიები შედარებულია ძველბერძნულ  წყაროში (Sinai Graecus 734-735) გამოვლენილ ვარიანტთან.

საკვანძო სიტყვები: „დიდი კანონი“, ბიბლიური საგალობლები, რედაქციული კუთვნილება

 
 
 
 

სარდიონ ალექსი-მესხიშვილი XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი მთარგმნელი

XIX საუკუნის ერთ-ერთი  პირველი ქართველი ექიმი, მთარგმნელი სარდიონ ალექსი-მესხიშვილი ნაკლებად არის შესწავლილი თარგმანმცოდნეობის კუთხით. სტატიაში შესწავლილია ს. ალექსი-მესხიშვილის მთარგმნელობითი საქმიანობის პრინციპები, მისი აქტიური მონაწილეობა „მამათა და შვილთა“ დისკუსიაში („უსტარი ანტიკრიტიკული“).

შედარებითი კვლევის საფუძველზე, სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება,  რომ  ჯ. გ. ბაირონის პოემის „ოსკარ დ’ ალვას“  ს. ალექსი-მესხიშვილისეული ქართული თარგმანის ე.წ. პირველწყარო შუალედური ფრანგული ტექსტია.

საკვანძო სიტყვები: ალექსი-მესხიშვილი, ბაირონი, ოსკარ დ’ალვა, ქართული თარგმანი

 
 
 
 

ევაგრე პონტოელის სწავლათა წმ. ექვთიმე ათონელისეული თარგმანები

სტატიაში განხილული და იდენტიფიცირებულია ევაგრე პონტოელის (IV ს.) შრომათა წმ. ექვთიმე ათონელისეული თარგმანები. ევაგრე მონაზონი, ცნობილი ორიგენისტი და V მსოფლიო საეკლესიო კრების (553 წ.) მიერ განკვეთილი, ბერძნულ ენაზე მრავალი ასკეტური ნაშრომის ავტორია. მისი შრომების დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში სხვა საეკლესიო მწერალთა სახელით გავრცელდა, ზოგიერთის ორიგინალი კი საერთოდ დაიკარგა, ისინი მხოლოდ თარგმანებმა შემოინახა. ევაგრეს შეგონებები ქართულ ენაზე ფრაგმენტულად ადრევე გახდა ცნობილი (წინაათონურ პერიოდში), თუმცა ირკვევა, რომ მისი მრავალი თხზულება ექვთიმე ათონელსაც უთარგმნია წმ. ბასილი დიდისა და წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელით.

საკვანძო სიტყვები: ევაგრე პონტოელი, ექვთიმე ათონელი, ბასილი დიდი, მაქსიმე აღმსარებელი

 
 
 
 

ბიბლიური აბრაამისა და სარას საკუთარ სახელთა ქართულად გადმოცემა-ტრანსლიტერაციის საკითხები

შესაქმის წიგნში უფალი აღთქმას აძლევს აბრამს, რომ გახდება მრავალრიცხოვანი შთამომავლობის მამამთავარი და უდიდესი მისიით აღჭურვის ნიშნად სახელს უცვლის მასაც და მის მეუღლესაც – სარასაც [შეს. 17:5, 15]. სტატიის მიზანს წარმოადგენს, ვაჩვენოთ, რა ფორმით (ბერძნული თუ არაბერძნული, აღმოსავლური ლიტერატურულ-ტექსტობრივი ტრადიციის  გათვალისწინებით) გადმოჰქონდათ ძველ მთარგმნელ-რედაქტორებს ქართულად აბრაამისა და სარას ორიგინალური და მოდიფიცირებული სახელები. საკითხი შესწავლილია ყველა სავარაუდებელ უცხოენოვან წყაროსთან მიმართების გათვალისწინებით. მოცულობიდან გამომდინარე, სტატია იბეჭდება ორ ნაწილად: პირველ ნაწილში განხილულია აღნიშნულ საკუთარ სახელთა ტრანსლიტერაციის საკითხი ძველი აღთქმის წიგნებში, ხოლო მეორეში – ახალ აღთქმაში, ლექციონარებში, ასევე, ძველი და საშუალი ქართულის სხვა წერილობით ძეგლებსა და ახალ ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანებში.

საკვანძო სიტყვები: საკუთარ სახელთა ტრანსლიტერაცია, აბრაამი, სარა, ბიბლიური თარგმანები