ბიბლიური აბრაამისა და სარას საკუთარ სახელთა ქართულად გადმოცემა-ტრანსლიტერაციის საკითხები

DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-17-21

I

1. შესავალი. შესაქმის წიგნში უფალი ეცხადება 99 წლის აბრამს და აძლევს აღთქმას, რომ მას კანონიერი მეუღლისგან, სარასგან, შეეძინება ვაჟი, ეყოლება მრავალრიცხოვანი შთამომავლობა და იწოდება „მამად მრავალთა ნათესავთა“ [შეს. 17:5 O]. ამ ასაკში აბრამს უკვე ჰყავს ვაჟი, ისმაელი[1] [შეს. 16:15], მაგრამ არა კანონიერი მეუღლისგან, არამედ – ჰაგარისგან, სარას მხევალი ქალისგან. აბრამის გამორჩევისა და უდიდესი მისიით აღჭურვის შემდეგ უფალი მას და მის მეუღლესაც უცვლის სახელებს:

შესაქმე 17:5 და არღარა გეწოდოს შენ სახელი აბრაამ, არამედ იყოს სახელი შენი აბრაჰამ, და რამეთუ მამად მრავალთა ნათესავთა დაგადგინე შენ. O

და არა გეწოდოს მერმეცა სახელი შენი აბრამ, არამედ იყოს სახელი შენი აბრაჰამ, რამეთუ მამად მრავალთა თესლთა დაგდევ შენ. CBAS

შესაქმე 17:15 ჰრქუა უფალმან აბრაჰამს: სარას, ცოლსა შენსა, არღარა ეწოდოს სახელი მისი სარა, არამედ სარრა იყოს სახელი მისი. O

და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: სარას, ცოლსა შენსა, არა ეწოდოს სახელი მისი სარა, არამედ სარრა იყოს სახელი მისი. CBAS

უფლის მიერ ახალი სახელის წოდება უკავშირდება აბრამის მიერ ძველი გზის დატოვებასა და ღვთაებრივ გზაზე დადგომას, რაც მთავარია, მის უდიდეს მისიას – გახდეს მრავალრიცხოვანი შთამომავლობის მამამთავარი. რადგან ამ უდიდესი მისიის თანამონაწილეა სარა, უფლის კურთხევა და სახელის ცვლილება მასზეც ვრცელდება: „ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე შენ მისგან შვილი და ვაკურთხო იგიცა. და იყოს ნათესავად დიდად და მეფენი ნათესავისა შენისაგან გამოვიდოდიან“ [შეს. 17:16 O]. მიუხედავად იმისა, რომ სარა 90 წელს იყო მიღწეული, მათ მაინც ეყოლათ ვაჟი – ისაკი [შეს. 21:2-3], ამიტომ აბრაამი მამამთავრად მიიჩნევა როგორც ებრაელებისთვის, ისე – ქრისტიანებისა და მუსლიმანებისთვის. აბრაამს აღიარებს და პატივს მიაგებს როგორც იუდაიზმი, ისე – ქრისტიანობა და ისლამი.

1.1. აბრაამისა და სარას მოდიფიცირებული სახელების რაობა და წარმოების პრინციპი. ძველი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონი ასე განმარტავს ანთროპონიმ აბრაამის მნიშვნელობას: „შესაქმის წიგნი“ ’abhraham-ს მისი გავრცელებული ეტიმოლოგიური მნიშვნელობით მოიხსენიებს – ’abh+hamon (ავ+ჰამონ), ანუ „მამა  მრავალთა“.  რაც მთავარია, სახელი ’abhram ’abhraham-ით იცვლება. თუმცა ამ სიტყვის ვერცერთი მეცნიერული ინტერპრეტაცია ამ ლინგვისტურ ცვლილებას ვერ ხსნის. თანხმოვან he-ს ჩართვა სახელ ’abhram-ში მისი მართლწერის სხვა, ასევე მართებული ფორმა უნდა იყოს, რომელიც ასე სხვა დიალექტის გავლენით იწერება.

ეტიმოლოგიური თვალსაზრისით, სახელ ’abhraham-ს შეიძლება სამი სხვადასხვა ახსნა ჰქონდეს: (1) თუ ის აქადურ Abam-rāmā-ს უკავშირდება, მაშინ ნიშნავს „გიყვარდეს მამა შენი“, რაც მოწოდებაა ახალდაბადებული ბავშვისა და მისი და-ძმების მიმართ. (2) მაგრამ, ალბათ, უფრო სწორი იქნება, რომ rām გავიაზროთ როგორც  „ამაღლებული/აღზევებული“, რაც მის  დასავლურ სემიტურ წარმომავლობაზე მიგვანიშნებს და არა აქადურზე. აქედან გამომდინარე, ოლბრაიტი  ’abhraham-ის მნიშვნელობას შემდეგნაირად განმარტავს: „ის ამაღლებულია მამის მხრიდან“, ანუ „იგი კარგი წინაპრების შთამომავალია“. (3) ყველაზე მეტად სავარაუდოა, ’abhraham თეოფორული სახელი იყოს: „(ღვთიური) მამა ამაღლებულია“, როგორც ამას ნოტი ვარაუდობს.  ამგვარ თვალსაზრისს ამყარებს უგარითული ’brm. თუ განსახილველ ლექსიკურ ერთეულს თეოფორულ სახელად გავიაზრებთ, უნდა მივიჩნიოთ, რომ ღვთაების კავშირი მისი სახელის მატარებელთან წარმოდგენილია ადამიანური ურთიერთობის ფორმით  (®אַבְābh),  რაც ნიშანდობლივია პატრიარქალური პერიოდის რელიგიისთვის“  ]Theological… 1997:52-53]. [2]

ანთროპონიმი სარა უნდა მომდინარეობდეს ებრაული სიტყვისგან *სარრ („სუვერენული (მმართველი), პრინცი“) და უნდა ნიშნავდეს „პრინცესას“ ან რაღაც მსგავსს [Dictionary... 1999:724].

სხვა განმარტებით,  ამ სახელის პირველი ფორმა, სარაჲ,  შეიძლება ნიშნავდეს „ჩემს ქალბატონს“, ხოლო სარაჰ „მამამთავრის/მთავრის ცოლს“, ანუ თავდაპირველად სარაჲ იყო აბრაამის/მამამთავრის ცოლი და შემდეგ, აბრაამთან ერთად, მოდგმის/გვარის ფუძემდებელი/მმართველი, ერის წინაპარი გახდა. საყურადღებოა, რომ, ამ მოსაზრების მიხედვით, სახელის პირველ ფორმაში שָׂרַ֣י (სარაჲ) ბოლოკიდური იოდი გააზრებულია არა როგორც ფუძისეული ელემენტი, არამედ – როგორც კუთვნილებითი ნაცვალსახელი ჩემი [Библия... ].

თეოლოგი და ძველი აღთქმის წიგნთა ახალ ქართულ ენაზე მთარგმნელი ზურაბ კიკნაძე წიგნებში „საუბრები ბიბლიაზე“ და „ძველი აღთქმის წუთისოფელი“ ამ სახელის შესახებ აღნიშნავს: „ძე აღთქმისა” უნდა ყოფილიყო შვილი დედოფლისა და არა მხევლისა; და სარასაც ამიტომ შეეცვალა სახელი  –  ერქვა სარაჲ, დაერქვა სარაჰ, რაც აბრაამის თავდაპირველი სამშობლოს ენაზე, ბაბილონურად, ნიშნავდა „დედოფალს” [კიკნაძე, 1989:30; კიკნაძე, 2003:24].  „სარას ახალი სახელი მისი საშოს გახსნის მაუწყებელია: არ შეიძლება დედოფალი ბერწი იყოს“ [კიკნაძე, 2004:61].  სხვა წაკითხვით, „ფილონის (I საუკ.) ფილოსოფიური ალეგორიზმის მიხედვით, ებრაულ ტექსტში ნახმარი აბრაამის ცოლის პირველი სახელი სარა (ებრ. სარაი) ნიშნავს „ძალაუფლებას“, ხოლო მეორე სახელი სარრა (ებრ. სარაჰ) „ხელისუფალს“. I სახელი სიმბოლოა სახეობრივი (εἰδικῆς-სი), დროებითი, წარმავალი ქველმოქმედისა, II სახელი კი – გვარეობრივისა (γενικῆς-სი), მუდმივი ქველმოქმედისა“ [დანელია A, 1998:452].

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ მოდიფიცირებული სახელი, რომელსაც უფალი აძლევს აბრამსა და სარას, წარმოადგენს ე.წ. თეოფორულ სახელს. θεο-φόρος ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ღმერთის მატარებელს“ [Haber, 2001], „ღმერთის სახელის მქონეს“. თეოფორული სახელები ღმერთის სახელისგან ნაწარმოები სიტყვებია და, აგებულების მიხედვით, წარმოადგენენ კომპოზიტებს. სახელის ფუძე მიღებულია ღმერთის ორი ებრაული სახელის – אֵל /אֱלֹהִים  (ელ/ელოჰიმ) ან יהוה‎ (ჲაჰვე) –  გამოყენებით.

ჰ. ჰაბერი ნაშრომში  „თეოფორული სახელები ბიბლიაში“ განიხილავს ამ ტიპის ანთროპონიმთა სემანტიკას, კლასიფიკაციას, სტრუქტურასა და აგების პრინციპებს.  მკვლევრის აზრით, თეოფორულ სახელებში אֵל (ელ) სრული ფორმითაა წარმოდგენილი (მაგ., ელიაჰ, ისრაელ...), יהוה (ჲჰვჰ)  წმინდა ტეტრაგრამიდან კი გარკვეული ელემენტები მონაწილეობს მის სტრუქტურაში (მაგ., ჲეჰოშუა, ელიჲაჰუ...).

ავტორი მიუთითებს, რომ ძველ აღთქმაში თეოფორული სახელებით პირთა სახელდებას განაპირობებდა, ერთი მხრივ, მშობლების მადლიერების გამოხატვა უზენაესის მიმართ (მაგ., נתנאל – ნეთანელ [რიცხვ. 1:8], יהונתנ – იეჰონათან [I სამ. 14:6]. ებრაულ ზმნურ ფუძეს נ-ת-נ (ნ-თ-ნ – „მიცემა“) ემატება ღმერთის სახელის სრული, შეკვეცილი ან შეცვლილი ფორმა),  მეორე მხრივ, მშობლის იმედის გადმოცემა, რომ ღმერთი მის შვილს მომავალში დაეხმარებოდა ( ע-ז-ר – ა-ზ-რ, ე-ზ-რ – „შველა“), მაგ., אלעזר – ელაზარ [გამ. 6:23], אליעזר – ელიეზერ [დაბ. 15:2] და ა.შ.). სხვა სახელები მიუთითებენ მშობლების იმედს მათი შვილის მომავალთან დაკავშირებით (მაგ., יחזקאל – ეზეკიელ გამოხატავს სურვილს – „დაე, ღმერთმა გააძლიეროს [იგი]“). ასევე, თეოფორული სახელები დამატებით ინფორმაციას გვაწვდიან ღმერთის შესახებ (მაგ., גבריאל – გაბრიელ – „ღმერთი არის ჩემი ციხესიმაგრე", דניאל – დანიელ – „ღმერთი არის მოსამართლე ან სამართლიანობის აღმსრულებელი“) [Haber, 2001].

საყურადღებოა, რომ ჰ. ჰაბერი თეოფორული სახელების რიგში განიხილავს აბრაამისა და სარას მოდიფიცირებულ სახელებს და მიუთითებს, რომ შესაძლებელია, ტეტრაგრამიდან მხოლოდ ერთი გრაფემა იყოს აღებული. ასეა სწორედ შესაქმეში, როცა ღმერთი თავად ამატებს ה (ჰე) გრაფემას და ცვლის აბრამ ანთროპონიმს აბრაამ (אַבְרָהָ֔ם¬  אַבְרָ֑ם) და სარაჲსსარა ფორმებით (שָׂרָ֖ה¬שָׂרָ֑י):

ანალოგიური პრინციპით, ჰე თანხმოვნის დამატებით, დაგრძელდა ეს ანთროპონიმები სირიულშიც და მოგვცა აბრაამ და სარა ფორმები (-hrba -rba, arsd. ¬ Yrs):

სეპტუაგინტაში აბრაამისა და სარას სახელების ახალი ფორმების წარმოება განსხვავებულ პრინციპს ეფუძნება:

ბერძნულს არ მოეპოვება ჰ ფონემა,[3] ამიტომ მან  სხვა გზას მიმართა აბრაამის სახელის ორი ფორმის გასარჩევად – ალფას გაორმაგებას (Αβραμ → Αβρααμ). თუ ანთროპონიმს אַבְרָהָם   (აბრაჰამ) განვიხილავთ თეოფორულ სახელად, რომელიც ებრაულში დაგრძელდა ტეტრაგრამისეული ה (ჰე) თანხმოვნით, აშკარაა, რომ ეს პრინციპი ბერძნულში დაჩრდილულია, თუმცა სეპტუაგინტას მთარგმნელმა სხვა საშუალებით მაინც მოახერხდა ამ ფორმების გარჩევა.

იმავე მიზეზით სეპტუაგინტაში სხვა საშუალებაა მოძებნილი სარას სახელის ორი ფორმის გასარჩევადაც – როს გემინაცია: Σαρα→Σαρρα. როგორც ჩანს, „სარას სახელში ახლად გაჩენილი იოდი არ იქნა მხედველობაში მიღებული... შესაძლოა, მთარგმნელი სახელს  שָׂרַי განსხვავებულად, იოდის გარეშე წარმოთქვამდა“ [Tov, 2022:4-5].

სომხურში, ზოგადად, ორივე საშუალებაა გამოყენებული აბრაამის სახელის ორი ფორმის გასარჩევად: როგორც ხმოვნის გაორმაგება (ბერძნულის მსგავსად): Աբրամ – Աբրաամ [ԱՍՏՈՒԱԾԱՇՈՒՆՉ... 1805], ისე, ძირითადად, თანხმოვნის დამატება (ებრაულისა და სირიულის მსგავსად): Աբրամ – Աբրահամ [ԱՍՏՈՒԱԾԱՇՈՒՆՉ... 1895]:[4]

Եւ ոչ կոչեսցի այսուհետեւ անուն քո Աբրամ, այլ եղիցի անուն քո Աբրահամ. զի հայր ազգաց   բազմաց եդի զքեզ [Գրք.17:5].

სარას ორიგინალური სახელის დაწერილობაში სომხური იყენებს რბილ -ს, ხოლო სახელის ახალ ფორმაში, ბერძნული გემინირებული როს ეკვივალენტად – მაგარ -ს. ამდენად, სხვაობა რბილი და მაგარი -ს მონაცვლეობაზეა დამყარებული – Սարա →Սառա [ԱՍՏՈՒԱԾԱՇՈՒՆՉ... 1895]:

Եւ ասէ Աստուած ցԱբրահամ. Եւ Սարայի կնոջ քո ոչ կոչեսցի անուն նորա Սարա, այլ Սառա եղիցի անուն նորա [Գրք.17:15].

როგორც აბრაამი, ისე სარა უფლის მიერ მათთვის სახელების ცვლილების შემდეგ ანთროპონიმის მხოლოდ ახალი ფორმით მოიხსენიებიან როგორც ებრაულ მასორეტულ ტექსტში, ისე – სეპტუაგინტაში, სირიულ პეშიტასა და სომხურ ბიბლიაში. ეს დაპირისპირება სისტემებრაა გატარებული. მაგ., მასორაში აბრაამის ორიგინალური სახელი (אַבְרָ֖ם) 45 მუხლში 51-ჯერ დასტურდება, მათგან 49-ჯერ – შესაქმეში 17:5-ის ჩათვლით. ამის შემდეგ იგი სისტემებრ სახელის ახალი ფორმით მოიხსენიება, გარდა ორი შემთხვევისა (I ნეშტთა 1:27 და ნეემია 9:7), როცა კონტექსტი ითხოვს მის როგორც ორიგინალურ, ისე – შეცვლილ სახელებს. ანალოგიური ვითარებაა სირიულში, ბერძნულსა და სომხურშიც. განსხვავებას გვიჩვენებს მხოლოდ სეპტუაგინტა 1 ნეშტთა 1:27-ში, რომელშიც აბრაამის ოდენ ახალი სახელია წარმოდგენილი:

I ნეშტთა 1:27אַבְרָ֖ם ה֥וּא אַבְרָהָֽם׃

~hrba whd ~rba

Աբրամ, նա ինքն է Աբրահամ

Αβρααμ

და აბრაამ FI. აბრამ ესე იგი არს აბრაჰამ S. აბრამ იგი არს აბრაჰამ B.

1.2. კვლევის მიზანი და მეთოდები. სტატიის მიზანს წარმოადგენს, გავარკვიოთ, როგორ, რა ფორმით (ბერძნული თუ არაბერძნული, აღმოსავლური ლიტერატურულ-ტექსტობრივი ტრადიციის  გათვალისწინებით) გადმოჰქონდათ ძველ მთარგმნელ-რედაქტორებს ქართულად აბრაამისა და სარას სახელები; რამდენად თანმიმდევრული იყვნენ ამ საკითხში; დაცული იყო თუ არა დაპირისპირება მათი სახელების ორიგინალურ და ახალ ფორმებს შორის და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რამდენად სისტემური იყო ეს დაპირისპირება; რამდენად მყარია ამ სახელთა ეკვივალენტები ფორმობრივ მთლიანად ხელნაწერის ან თუნდაც ერთი ბიბლიური წიგნის ფარგლებში (იმის გათვალისწინებით, რომ ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული ვერსიები მოღწეულია არა პირვანდელი სახით, ავტოგრაფული ნუსხით, არამედ მოგვიანო პერიოდის ხელნაწერებით, რომლებმაც არაერთხელ განიცადეს ცვლილება-სწორება ტექსტის ტრანსმისიის პროცესში, ძირითადად, ბერძნული წყაროს მიხედვით);  რამდენად სხვაობს ამ კუთხით ერთმანეთისგან სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული მთარგმნელობითი სტილით შესრულებული ტექსტები.

ემპირიულ მასალად გამოვიყენეთ როგორც ქართული ბიბლიის, ისე ლექციონარის საკითხავების შემცველი ძველი ნუსხები. ასევე, გავითვალისწინეთ, ზოგადად, ძველი და საშუალი ქართულის წერილობითი ძეგლებისა და თანამედროვე თარგმანების ვითარებაც ამ კუთხით. კვლევისას გამოვიყენეთ აღწერითი, სტატისტიკური ანალიზისა და შედარების მეთოდები.

საკითხი უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურაში შესწავლილია, ძირითადად, საკუთარ სახელთა ებრაულიდან სეპტუაგინტაში გადმოცემის ჭრილში [Tov, 2015; Tov, 2022 და სხვ.]. ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაშიც არაერთი გამოკვლევა ეძღვნება საკუთარ სახელთა ქართულად გადმოცემის საკითხს [ყაუხჩიშვილი, 1956; შანიძე, 1964; დოჩანაშვილი, 1968; შანიძე, 1969; დანელია B, 1998 და სხვ.], თუმცა კონკრეტულად ამ ორი ანთროპონიმის ქართულად გადმოტანის საკითხის გამოწვლილვით შესწავლა ყველა სავარაუდებელ უცხოენოვან წყაროსთან მიმართების გათვალისწინებით საენათმეცნიერო სივრცეში პირველ ცდას წარმოადგენს.

სტატიის მოცულობიდან გამომდინარე, ნაშრომი იბეჭდება ორ ნაწილად: პირველ ნაწილში განხილულია აბრაამისა და სარას საკუთარ სახელთა ქართულად გადმოცემა-ტრანსლიტერაციის საკითხი ძველი აღთქმის წიგნებში, ხოლო მეორე ნაწილში – ახალ აღთქმაში, ლექციონარებში, ასევე, ძველი და საშუალი ქართულის სხვა წერილობით ძეგლებსა და ახალ ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანებში. კვლევის შედეგები ასახულია დასკვნაში.

2. აბრაამისა და სარას საკუთარ სახელთა ფორმები ბიბლიური წიგნებისა და ლექციონარების ძველ ქართულ ვერსიებში. ცნობილია, რომ საკუთარ სახელთა შემთხვევაში ვსაუბრობთ არა მათს თარგმნაზე, არამედ ერთი ენიდან მეორეში გადმოღებაზე ტრანსლიტერაცია-ტრანსკრიფცირების წესით [Tov, 1999:165, 174-176]. ეკვივალენტის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია როგორც ლინგვისტური ასპექტი – მიმღები ენის ფონემატური სისტემა, რომელიც იძლევა ან არ იძლევა საკუთარი სახელის ასო-ასო გადმოღება-ჩაწერის შესაძლებლობას, ისე – ფილოლოგიური (თარგმანის პირველწყარო, ტექსტის ტრანსმისიის პროცესი...) და, გარკვეულწილად, ექსტრალინგვისტური (მთარგმნელ-რედაქტორის ენობრივი გარემო, კულტურული კონტაქტები...) ასპექტებიც.

ქართულს მოეპოვება ჰ ფონემა, ამდენად, მისი ფონემატური სისტემა იძლეოდა შესაძლებლობას, სხვაობა აბრაამისა და სარას სახელებს შორის დამყარებოდა როგორც ჰ თანხმოვნის დამატებას და ამით გაჰყოლოდა აღმოსავლურ ლიტერატურულ-ტექსტობრივ ტრადიციას (ებრაული, სირიული, ნაწილობრივ სომხური), ისე მიემართა ბგერის გაორმაგებისთვის, ბერძნულის მსგავსად (ნაწილობრივ სომხური). ამიტომ საწყის ეტაპზე გადამწყვეტი როლი ამ შემთხვევაში თარგმანის წყაროს უნდა ეთამაშა. გასაზიარებელია მოსაზრება, რომლის თანახმად, „ქართული ძველი აღთქმის წიგნთა დიდი ნაწილის, მათ შორის, ხუთწიგნეულის, უძველესი თარგმანი ბერძნულიდან უნდა შესრულებულიყო. ამ ძველმა თარგმანებმა კი სომხურთან, სირიულთან, ებრაულთან და კვლავ ბერძნულთან შედარების მრავალი ეტაპი გაიარეს“ [გიგინეიშვილი, 1989:54].[5] დღეს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მიღებულია მოსაზრება, რომ „ბიბლიის ძველი ქართული თარგმანის უდიდესი ნაწილი, თუ არა მთლიანად, ბერძნული იყო“  [უტიე, 2009:232]. ვნახოთ, აღნიშნულ ანთროპონიმთა გადმოცემის საკითხში რამდენად ითვალისწინებს ქართული პირველწყაროდ მიჩნეული ბერძნულის ვითარებას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ქართველ მთარგმნელ-რედაქტორს სეპტუაგინტადან უნდა გადმოეღო ის ებრაული ანთროპონიმები, რომლებიც ერთხელ უკვე იყო ბერძნულად ტრანსლიტერირებული, ბერძნულის ფონოლოგიური სისტემის შესაბამისად.

2.1. აბრაამისა და სარას საკუთარი სახელები ძველი აღთქმის ქართულ ვერსიებში. აბრაამის ორიგინალური სახელი (Αβραμ) სეპტუაგინტაში 66-ჯერ დასტურდება:  აქედან 65-ჯერ – შესაქმის წიგნში, ხოლო ერთხელ, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ნეემია 9:7-ში. უფლის მიერ აბრამისთვის სახელის ცვლილების შემდეგ მისი სახელის ახალი ფორმა (Αβρααμ) სეპტუაგინტაში 263 მუხლში 285-ჯერ დასტურდება როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში (ქართულთან სრული თანხვედრა არაა). ყველაზე მეტი სიხშირით იგი ძველი აღთქმის პირველ წიგნში, შესაქმეში, ჩანს, ნაკლები სიხშირით – სხვა წიგნებში. ბიბლიის ქართული ვერსიების მონაცემთა მიხედვით, ეს ანთროპონიმი შედარებით ხშირად ჩანს შემდეგ წიგნებში: გამოსლვათაჲ (8-ჯერ), მეორისა სჯულისაჲ (7-ჯერ), ნეშტთაჲ I (6-ჯერ), ესთერისი (ერთ მუხლში 4-ჯერ), ფსალმუნნი (4-ჯერ), წინაწარმეტყუელებაჲ ესაიაჲსი  (4-ჯერ). ორ-ორჯერ დასტურდება წიგნებში: ნეშტთაჲ II, ნეემიაჲსი (ერთ მუხლში ერთმანეთს უპირისპირდება სახელის ძველი და ახალი ფორმები [9:2]), პირველი მაკაბელთაჲ, სიბრძნჱ ისუ ზირაქისი. თითო-თითოჯერ დასტურდება წიგნებში: ლევიტელთაჲ, რიცხუთაჲ, მეფეთაჲ III, მეფეთაჲ IV, ივდითისი, ტობისი, მეორე მაკაბელთაჲ, მესამე მაკაბელთაჲ, იობისი, წინაწარმეტყუელებაჲ მიქიაჲსი, ბარუქისი, წინაწარმეტყუელებაჲ ეზეკიელისი, წინაწარმეტყუელებაჲ დანიელისი.

უფლის მიერ სარასთვის სახელის ცვლილებამდე ეს ანთროპონიმი შესაქმის წიგნში, ბიბლიის ქართული ვერსიების მიხედვით, 13 მუხლში 17-ჯერ დასტურდება ისევე, როგორც სეპტუაგინტაში. სახელის ცვლილების შემდეგ ეს ანთროპონიმი აბრაამის მეუღლის სახელად[6] ძველი აღთქმის ქართულ ვერსიებში კიდევ 37-ჯერ გამოიყენება, აქედან 36 შემთხვევაში – შესაქმეში, ერთხელ – ესაია 51:2-ში.

ჩვენ შევეცდებით ცალ-ცალკე წარმოვადგინოთ თითოეული ანთროპონიმის ვითარება, აქცენტს კი შესაქმის წიგნზე გავაკეთებთ, რადგან ჩვენთვის საინტერესო ფორმები ყველაზე ხშირად ძველი აღთქმის სწორედ პირველ წიგნში დასტურდება.

შესაქმის წიგნში ტექსტის სამი ტიპი გამოიყოფა:

1. ოშკური ტიპი, რომელიც წარმოდგენილია ერთადერთი ნუსხით – ოშკის ბიბლიით (O, 978 წ.), რომელსაც შემოუნახავს ძველი აღთქმის წიგნთა უძველესი თარგმანი. ხელნაწერი თავნაკლულია, შესაქმის წიგნის ფარგლებში აკლია პირველი თერთმეტი თავი და მეთორმეტე თავის 8 მუხლი (12:1-8), ასევე, 20:7-21:10 და 42:1-15 მონაკვეთები და 42:16 ნაწილობრივ.

2. გელათური ტიპი[7] წარმოდგენილია A 179 (C, 1669 წ.) ნუსხასა და A 455-ში (B, ბაქარის 1743 წლის ნაბეჭდი გამოცემა, ე.წ. მოსკოვური ბიბლია). ტექსტის ეს ტიპი წარმოადგენს ულტრაელინოფილური სტილით შესრულებულ რედაქციას [გიგინეიშვილი... 1966:151-153; გიგინეიშვილი,1989:9-15].

3. ე.წ. AK ტიპი, წარმოდგენილია H 1207 (A, XVIII ს.) და ქუთ. 28 (K, 1681 წ.) ხელნაწერებში [გიგინეიშვილი, 1989:18]. შესაქმის წიგნში მათ უერთდება საბას ბიბლია, ანუ მცხეთური ხელნაწერი  A 51 (S, XVII-XVIII სს.) [გიგინეიშვილი, 1989:27], ასევე, ქუთ. 671 ხელნაწერის ფრაგმენტი (H, XI ს.) [გიგინეიშვილი, 1989:8; ბიბლია... 2017:7].

2.1.1. აბრაამი. შესაქმის წიგნის ფარგლებში ტექსტის თითოეული ტიპის თავისებურება აბრაამის სახელების გადმოცემის მხრივ თვალსაჩინოებისათვის წარმოვადგინეთ ცხრილის სახით.

ცხრილი 1


როგორც ვხედავთ, ოშკის ბიბლია (0) აბრაამის სახელის მხოლოდ ერთ ფორმას ცნობს – აბრაჰამ, რომელიც დასტურდება არა მარტო შესაქმეში (174-ჯერ), არამედ ძველი აღთქმის დანარჩენ წიგნებშიც (20-ჯერ) (ეს ტენდენცია ისე ბოლომდეა გატარებული, რომ საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ შესაძლოა, ანალოგიური ვითარება ყოფილიყო ტექსტის ჩვენამდე მოუღწეველ ნაწილშიც). ხელნაწერში საერთოდ არ ჩანს დაპირისპირება აბრაამის ორიგინალურ და უფლის მიერ ბოძებულ სახელებს შორის. ტექსტში ერთადერთი შემთხვევაა აბრაამ ფორმის გამოყენებისა, ისიც შესაქმის 17:5-ში, როცა კონტექსტი ითხოვს აბრაამის სახელის ორი ფორმის დაპირისპირებას: „და არღარა გეწოდოს შენ სახელი აბრაამ, არამედ იყოს სახელი შენი აბრაჰამ, და რამეთუ მამად მრავალთა ნათესავთა დაგადგინე შენ“. ნუსხაში გამონაკლისის სახით ერთხელ დასტურდება აბრამ ფორმაც [ესაია 29:22 OJ]. ძველი აღთქმის დანარჩენ წიგნებშიც ოდენ აბრაჰამ წაკითხვაა, მათ შორის, აბრაამის ორიგინალურ სახელადაც ნეემია 9:7-ში („შენ გამოგირჩია აბრაჰამ... და უწოდე მას სახელი აბრაჰამ“). დღეს დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვით, აღნიშნული თავისებურება უძველესი თარგმანის ვითარების ამსახველია, თუ ტექსტის ტრანსმისიის პროცესში მასში შეტანილი ცვლილების შედეგია.

ტექსტის გელათური ტიპის C ხელნაწერში (A 179) აბრაამის ორიგინალურ და ახალ სახელებს შორის დაპირისპირება, მიუხედავად გადაცდომებისა, ძირითადად, აბრამ – აბრაამ ოპოზიციას ეფუძნება და ამ მხრივ სიახლოვეს ამჟღავნებს ბერძნულთან (როგორც მოსალოდნელი იყო კიდეც ულტრაელინოფილური სტილის თარგმანისთვის). ერთხელ გამოვლინდა ბიზანტიური ბერძნულისთვის დამახასიათებელი ხშულის სპირანტიზებული წაკითხვა: არამ [შეს. 12:9 C]. ეს ნუსხა შეიცავს, ასევე, გამოსლვათა წიგნსაც, რომელიც თანაბარი რაოდენობით – ოთხ-ოთხჯერ გამოავლენს როგორც აბრაამ, ისე აბრაჰამ ფორმებს. ზოგადად, ხელნაწერის ჩვენამდე მოღწეული ნაწილის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ იგი, ძირითადად, ითვალისწინებს სეპტუაგინტას ვითარებას, თუმცა გაცილებით ნაკლები სიხშირით -თანხმოვნიან ფორმებსაც გამოავლენს.

ბაქარის ბიბლია (A 455) ბიბლიის სრული კრებულის პირველ ბეჭდურ გამოცემას წარმოადგენს, რომელიც ვახტანგ VI-ის შვილმა, ბაქარმა, 1743 წ. დაბეჭდა მოსკოვში ვრცელი წინასიტყვაობით. ტექსტის გამოსაცემად მომზადებოდა ხდებოდა, ძირითადად, რუსეთში გადასახლებული არჩილ მეფის მიერ ქართული ტექსტის სლავურთან შეჯერების საფუძველზე [გაბიძაშვილი, 2009:71-72]. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ბაქარის ბიბლია რედაქციულად ტექსტის გელათურ ტიპს განეკუთვნება, ერთი შეხედვით, მოულოდნელი ჩანს აბრაამის ორიგინალურ სახელად აბრაჰმ ტიპის, როგორც აღმოსავლური ტექსტობრივი ტრადიციის ამსახველი ფორმების, გამოყენება. სტატისტიკის მიხედვით, შესაქმის წიგნში, ბაქარის ბიბლიაშიც, დარღვევების მიუხედავად,  დაპირისპირება აბრაამის სახელის ორ ფორმას შორის, არსებითად, აბრამ – აბრაამ ოპოზიციას ემყარება. ამ წიგნის 17:5-ის შემდეგ საკმაოდაა მუხლები, როცა ორივე ნუსხა (CB) აბრაამ წაკითხვას გვიჩვენებს, თუმცა ამავე მონაკვეთში ტექსტი საკმაოდ ხშირად ავლენს -თანხმოვნიან ფორმებსაც (სრული დაწერილობით ან ქარაგმით) და ემიჯნება  C ნუსხას. საზოგადოდ, გამოსლვათას წიგნიდან (ამ წიგნის ფარგლებში ტექსტის ოშკურ ტიპთან ჯგუფდება) ბაქარის ბიბლია, ძირითადად, ჰ-თანხმოვნიან ფორმებს ანიჭებს უპირატესობას (31 შემთხვევა), გაცილებით ნაკლებად დასტურდება აბრაამ (6 შემთხვევა) და აბრამ ფორმები (3 შემთხვევა, მათგან ორჯერ კონტექსტი ითხოვს მის ორიგინალურ სახელს). იგი ავლენს აბრაამის სახელის თავისებურ (მცდარ) ფორმებსაც: აჰბრაამს [გამ. 33:1], აჰრაჰამის [ლევ. 26:42 BKS], ჰაბრაამს [სჯ. 6:10], ჰაბრაამისი [სჯ. 9:27].[8] ტექსტში არცერთხელ არ დასტურდება სლავურისთვის დამახასიათებელი Аврам – Авраам ფორმები, რომლებიც ასახავენ ბიზანტიურ ბერძნულში მომხდარ ხშულთა სპირანტიზაციას და -ს გვიანდელ წაკითხვას.[9]

ტექსტის მესამე, ე.წ. AKS ტიპისათვის იკვეთება საერთო ტენდენცია: ოპოზიცია აბრაამის სახელის ორ ფორმას შორის, მიუხედავად გადაცდომებისა, ემყარება აბრამ//აბრაამ – აბრაჰამ დაპირისპირებას. ამდენად, აბრაამის უფლის მიერ ბოძებულ სახელად მიიჩნევა აღმოსავლური ტექსტობრივი ტრადიციის ამსახველი -თანხმოვნიანი ფორმები, ხოლო მის გარეშე – აბრაამის ორიგინალურ სახელად. თუკი ტექსტის გელათური ტიპისთვის (CB ნუსხები), როგორც წესი, აბრაამ წარმოადგენს აბრაამის სახელის ახალ ფორმას, AKS ტიპისთვის ის აბრაამის ორიგინალურ სახელად მოიაზრება.

AKS ტიპში გაერთიანებული საბას, ანუ მცხეთური ბიბლია (S) რთული შედგენილობის ძეგლია. იგი ბიბლიის ცალკეული ნაწილების სხვადასხვა დროს შესრულებულ თარგმანებს აერთიანებს [დოჩანაშვილი, 1981:5], თუმცა მთელი ტექსტი რედაქტირებულია სულხან-საბა ორბელიანის მიერ ამსტერდამში 1666 წ. გამოცემული ვოსკანის სომხური ბიბლიის მიხედვით [აბულაძე, 1936]. მცხეთურ ხელნაწერში კიდევ უფრო მოწესრიგებულია ზემოაღნიშნული ოპოზიცია: აბრაამ – აბრაჰამ. თუ შესაქმის წიგნის 17:5-მდე A ნუსხა ემიჯნება S-ს, A აბრამ წაკითხვას გვთავაზობს, ხოლო S – აბრაამს. ზოგადად, მცხეთური ბიბლიისთვის შესაქმის 17:5-ის შემდეგ ძველი აღთქმის ყველა წიგნის გათვალისწინებით (რომლებსაც ის შეიცავს) ნორმას წარმოადგენს აბრაამის სახელის აღმოსავლური ტექსტობრივი ტრადიციის (ებრაული, სირიული, სომხური) ამსახველი ჰ-თანხმოვნიანი ფორმები.[10] ამის მიზეზს ქართული ტექსტის სომხური ვულგატის მიხედვით სწორებაც უნდა წარმოადგენდეს. როგორც მცხეთური ბიბლიის გამომცემელი ე. დოჩანაშვილი აღნიშნავს, სომხურ წყაროსთან სიახლოვე ტექსტის ზოგიერთ მონაკვეთში განსაკუთრებით თვალში საცემია (ავტორის აზრით, ეს ეხება აბრაამ და არონ ანთროპონიმთა ჰაეთი დაწერილობასაც) [დოჩანაშვილი, 1981:32].

ჩვენთვის საინტერესო ანთროპონიმი თანხმოვნითაა წარმოდგენილი არა მარტო ბიბლიის ძირითად ხელნაწერ ნაწილში, არამედ წინასწარმეტყველთა წიგნების ვახტანგ VI-ის სტამბაში ნაბეჭდი ერთი ეგზემპლარის საბას ბიბლიაში ჩაკინძულ ნაწილსა [ინგოროყვა, 1978:339-340; დოჩანაშვილი, 1981:44] და ამავე მცხეთურ ხელნაწერზე დართულ საძიებლებშიც. საქმე ისაა, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში ბიბლიური წიგნების გამოცემის მიზნით საბამ გელათური ბიბლიის (A 1108, ავტოგრაფული ნუსხა) წინასწარმეტყველთა წიგნებში შეიტანა რედაქციული ცვლილებები და ეს ტექსტი დაისტამბა კიდეც. იმავე 1710-1711 წლების გამოცემიდან არის გადაბეჭდილი ეს წიგნები ბაქარის ბიბლიაშიც (შესაბამისად, SB გელათური ვერსიის იდენტურია). როგორც ჩანს, საბამ გელათური ბიბლიისთვის დამახასიათებელი აბრაამ ტიპის ფორმები ამ შემთხვევაშიც ჰ-თანხმოვნიანი ფორმებით ჩაანაცვლა (რამდენიმე შემთხვევაა): აბრაჰამს [ბარ. 2:34 OJ]. აბრაამსა Ga. აბრაჰ~მს SB; აბრაჰამსა [მიქ. 7:20 OJ]. აბრაჰამსა B; აბრაჰამისთჳს [დანიელ 3:35 OJ]. აბრაჰამისთჳს BS.

საბამ რედაქტირებულ მცხეთურ ბიბლიას სამი სახის საძიებელი დაურთო.  მათგან მეორე წარმოადგენს ბიბლიის საკუთარ სახელთა კომენტირებას, ხოლო მესამე – მათს სიმფონიას. ი. აბულაძემ დამაჯერებლად აჩვენა, რომ საბას ბიბლიაზე დართული საკუთარი სახელების საძიებელი საბას მიერ კი არ იყო შედგენილი (კალიგრაფიაც არაა მისი, გადამწერისაა), არამედ, „სომხური პირველი ნაბეჭდი ბიბლიის (1666 წ.) საძიებელთა თარგმანს წარმოადგენს“ [აბულაძე, 1936:261]. ვნახოთ, როგორაა განმარტებული ეს ანთროპონიმები საძიებელში: „აბრამ – მამა ზე ამაღლებული, აბრაჰამ – მამა მრავალთა,.. სარა – უფალა, ცოლი აბრაჰამისა; სარა – მყნოსელი, უფალა;  სარაი – უფალა ჩემი“  [დოჩანაშვილი, 1999:13, 19]. მეორე საძიებელში (სიმფონიაში) აბრაამის შესახებ ვკითხულობთ: „კუალად მოიღო აღთქმა ძისათჳს და სასწაული აღთქმისა, და სახელ-ედვა აბრჰამ, 17:5“  [დოჩანაშვილი, 1999:23]. როგორც ვხედავთ, აქაც უფლის მიერ ბოძებულ სახელად -თანხმოვნიანი ფორმაა წარმოდგენილი. განმარტებებში არსად არ ჩანს ბერძნული სეპტუაგინტასთვის ნიშანდობლივი აბრაამ ფორმა, რაც, წესით, მოსალოდნელიც იყო. საძიებელში არ გვხვდება სარრა ფორმის განმარტება, თუმცა იგი დასტურდება საბას „ქართული ლექსიკონის“ საკუთარ სახელთა განმარტებებში: „სარრა – მთავრობა, გინა მშობელი, გინა ხილვა ცხენისა ZABS“ [ორბელიანი, 1966:626].

თუ შევაჯამებთ შესაქმის წიგნის ფარგლებში ტექსტის თითოეული ტიპის მონაცემებს, აღმოჩნდება, რომ ოდენ ძველი აღთქმის უძველეს კრებულში, ოშკის ბიბლიაში, არ იკვეთება დაპირისპირება აბრაამის ორიგინალურ და ახალ სახელებს შორის (17:5-ის გარდა), ტექსტის დანარჩენ ორ ტიპში, გადაცდომების მიუხედავად, ოპოზიცია შესამჩნევია.

მოსეს ხუთწიგნეულის დანარჩენი ოთხი წიგნის მონაცემებს თვალსაჩინოების მიზნით ისევ ცხრილის სახით წარმოვადგენთ. ცნობილია, რომ ძველი აღთქმის წიგნთა შემცველი ნუსხები თითოეული წიგნის ფარგლებში რედაქციულად     სხვადასხვანაირად ჯგუფდება, ამიტომ ყოველი წიგნი ამ მხრივ განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს, თუმცა ამ შემთხვევაში, კონკრეტული ინტერესიდან გამომდინარე, ნუსხები წარმოვადგინეთ არა რედაქციული კუთვნილების მიხედვით, არამედ – ცალ-ცალკე (ანბანურ რიგზე).
ცხრილი 2


წარმოდგენილი ცხრილიდანაც ჩანს, რომ გელათური ბიბლია (G), როგორც თარგმანის ულტრაელინოფილური სტილით შესრულებული ტექსტი, აბრაამის სახელის გადმოცემის საკითხში აშკარად ბერძნულს მისდევს და აბრაამ ფორმას ანიჭებს უპირატესობას. ცხრილში ჩანს ბიზანტიური ბერძნულისთვის დამახასიათებელი რაამს [სჯ. 30:20 G] წაკითხვაც. გელათური ბიბლია სხვა შემთხვევებშიც აბრაამ წაკითხვას გვიჩვენებს. სათანადო ადგილას უკვე აღვნიშნეთ, რომ მცხეთური ბიბლია შესაქმის წიგნის შემდეგ, ფაქტობრივად, მხოლოდ ჰ-თანხმოვნიან ფორმებს გვიჩვენებს (გამონაკლისია 1 ნეშტ. 1:27 და ნეემია 9:7, როცა კონტექსტი ითხოვს მის ორიგინალურ სახელს, და 4 მეფ. 13:23). აბრაჰამ ფორმას ანიჭებს უპირატესობას ბაქარის ბიბლიაც, თუმცა რამდენჯერმე გამოვლინდა აბრაამ წაკითხვაც. თუ, ზოგადად, ძველი აღთქმის ყველა წიგნის მიხედვით ვიმსჯელებთ, აშკარა უპირატესობა ჰ-თანხმოვნიან ფორმებს და, შესაბამისად, ამ ანთროპონიმის გადმოცემის საკითხში არაბერძნულ ლიტერატურულ-ტექსტობრივ ტრადიციას მიენიჭება, თუმცა ცალკეული ხელნაწერები ამ მხრივ ბერძნულის ვითარებას უფრო ასახავენ. გელათური ბიბლიის გარდა, ასეთია, მაგალითად, A 646 ხელნაწერი (F, XVI ს.), რომელიც, იშვიათი გამონაკლისების გარდა, აბრამ//აბრაამ წაკითხვას გვთავაზობს. ამავე ტენდენციას ავლენს A 570 [I, XV ს.] ხელნაწერიც, თუმცა არა ყოველთვის.

მართალია, ბიბლიური წიგნების უდიდესი ნაწილი ბერძნულიდან უნდა თარგმნილიყო, მაგრამ თუნდაც აბრაამის სახელის ქართულად გადმოცემა-ტრასლიტერაციის საკითხი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ძველი აღთქმის წიგნებში აშკარად ჩანს აღმოსავლური წყაროების გავლენის კვალიც (სომხური, სირიული, ებრაული). მთარგმნელები იცნობდნენ და ითვლისწინებდნენ მათს ვითარებას, ან ასწორებდნენ აღნიშნული წყაროების მიხედვით.

2.1.2. სარა. აბრაამის მეუღლე, სარა, ძველი აღთქმის წიგნებიდან მხოლოდ შესაქმესა და ესაია 51:2-ში მოიხსენიება. უფლის მიერ სარასთვის სახელის ცვლილებამდე (შეს. 17:15) ძველი აღთქმის ქართულ ვერსიებში მისი ორიგინალური სახელი სარა (ამ მხრივ რამდენიმე გამონაკლისს გვიჩვენებენ SA ნუსხები, რომლებიც სარრა წაკითხვასაც გამოავლენენ) 12 მუხლში 15-ჯერ დასტურდება, ხოლო 17:15-ის შემდეგ იგი, როგორც წესი, მოდიფიცირებული სარრა ფორმით მოიხსენიება (35-ჯერ). თვალსაჩინოებისათვის წარმოვადგენთ ცხრილს:

ცხრილი 3

 

O

C

B

A

S

 

შეს. 17:15-მდე

სარა (´ 10)[11]

სარა (´ 14)

სარა (´ 15)

სარა (´ 12)

სარრა (´ 2)

სარა (´ 9)

სარრა (´ 5)

შეს. 17:15

სარა (´ 2)

სარრა

სარა (´ 2)

სარრა

სარა (´ 2)

სარრა

სარა (´ 2)

სარრა

სარა (´ 2)

სარრა

შეს. 17:15-ის შემდეგ

 

სარრა (´ 11)

სარა (´ 13)

სარრა (´ 33)

სარა (1)

სარრა (´ 33)

სარა (1)

სარრა (´ 32)

 

სარრა (´ 31)

 

ესაია 51:2

სარრა (1)[12]

 

 

 

 

 

შეს. 17:15-ის შემდეგ სარას სახელის ძველი ფორმის გამოყენება, ფაქტობრივად, მხოლოდ ოშკის ბიბლიისთვისაა დამახასიათებელი (ამ ფორმას თითო-თითოჯერ გამოავლენენ CB ტექსტებიც), ისიც გარკვეულ მონაკვეთში: შეს. 17:19-20:2. ამის შემდეგ ისიც ისეთსავე ვითარებას გვიჩვენებს ამ კუთხით, როგორსაც – სხვა ნუსხები (თუ მხედველობაში არ მივიღებთ შეს. 49:31-ს, რომელშიც ისევ სარა წაკითხვა დასტურდება). ამგვარად, ოშკური ბიბლიიის ტენდენცია, არ განირჩეს სახელის ორი ფორმა, ვლინდება არა მარტო ანთროპონიმ აბრაჰამის, არამედ სარას შემთხვევაშიც.

როგორც ვხედავთ, ქართული სარას მოდიფიცირებული სახელის ტრანსლიტერაცია-ტრანსკრიფცირების საკითხში აშკარად ბერძნულ ტექსტობრივ ტრადიციას ასახავს (თუ მხედველობაში არ მივიღებთ ოშკური ბიბლიის ზემოაღნიშნულ ტენდენციას)[13] და საერთოდ არ გამოავლენს ებრაულისა და სირიულისათვის დამახასიათებელ სარა ფორმას.

თუკი აბრაამის მოდიფიცირებული სახელის გადმოცემის თვალსაზრისით, ძველი აღთქმის წიგნების შემცველი ნუსხები, ზოგადად, უფრო აღმოსავლურ ტექსტობრივ ტრადიციასა და აბრაჰამ ფორმას ანიჭებენ უპირატესობას (გარდა სეპტუაგინტას ვითარების ამსახველი რამდენიმე გვიანდელი ნუსხისა), სარას სახელის შემთხვევაში (ვმსჯელობთ შესაქმის მიხედვით), პირიქით, ამ მხრივ ბერძნულს ენიჭება უპირატესობა. ასეთ ვითარებას გვიჩვენებს არა მარტო A 179 (C) ხელნაწერი, როგორც ულტრაელინოფილური ტიპის თარგმანი, რომელიც აბრაამის სახელის გადმოცემის მხრივაც სეპტუაგინტას ვითარებას ასახავს, არამედ – ბაქარის ბიბლიაც (B), რომელშიც, მართალია, ოპოზიციის ძირითადი სახეა აბრამ – აბრაამ, მაგრამ ჰ-თანხმოვნიანი ფორმებიც ხშირად დასტურდება და, რაც მთავარია, H 1207 (A) ნუსხა და საბას ბიბლიაც (S), რომელთათვისაც შესაქმის წიგნში, ფაქტობრივად, ნორმას წარმოადგენს აბრაამის მოდიფიცირებულ სახელად აბრაჰამ ფორმის გამოყენება.

[1]მის შთამომავლებად მიიჩნევიან ისმაელიანები (არაბები).

[2]ჟ. ჟერტო აბრაჰამს თეოფორულ  ან თეოფორული ელემენტის შემცველ სახელად არ განიხილავს. მისი აზრით, ეტიმოლოგიურად, აბრაჰამის მნიშვნელობაა „მრავალი ადამიანის მამა/მამა მრავალთა“. წყაროთა მეთოდის გათვალისწინებით, მკვლევარი აღნიშნავს, რომ სეპტუაგინტა იყენებს სახელის ბერძნულ ფორმას, სახელ აბრაამს აქვს საერთო საწყისი მარცვალი (ab) ისეთ სახელებთან, როგორებიცაა: ავირამი [I მეფ. 16:34] და ავიშუა [I მეფ. 8:4].  ჟ. ჟერტოს მოსაზრებით,  დაბოლოება „რაამ“ ებრაულად არაფერს ნიშნავს, მაგრამ ის დაკავშირებული უნდა იყოს სახელ რაჰამთან [1 მეფ. 2:44], რომლის მნიშვნელობაა „ის მოწყალეა“. შესაბამისად, სახელის რეკონსტრუქცია იძლევა აბრაჰამ ფორმას (სახელი ავრა-ჰამი, ავ-რაჰამისგან განსხვავებით, მოგვაგონებს  გამოთქმას „მე შევქმნი მათ“ ან „მე ვშობ მათ").  ეს სახელი (ბრჰმ) დამარცვლით შეიძლება წავიკითხოთ შემდეგნაირად: ა-ბა-რა-ჰამ [Жерто, 2017:45-46].

[3]თუმცა ძველ ბერძნულში ჰ ბგერა ისმოდა ანლაუტში ძლიერი ფშვინვის (spiritus asper) დროს და მისი აღნიშვნა ხდებოდა სპეციალური ნიშნით [ ՙ ]. 

[4]ვისარგებლეთ სომხური ბიბლიის ელექტრონული ვერსიით, რომელიც 1895 წლის გამოცემას ეყრდნობა: https://arak29.org/bible/book/tGen_1.htm

[5]იხ. აგრეთვე [დანელია, 1983:128].

[6]ეს სახლი ერქვა ტობის მეუღლესაც (წიგნი ტობისი).

[7]ცნობილია, რომ გელათური ბიბლიის ხელნაწერებს (A 1108 (XII  ს.) და Q 1152 (XII-XIII სს.)) აკლია ხუთწიგნეულის პირველი ორი წიგნი – შესაქმე და გამოსლვათა. ბ. გიგინეიშვილი სათანადო არგუმენტაციის საფუძველზე მიიჩნევს, რომ A 179 და გელათური ბიბლია ერთი რედაქციის ნუსხებს წარმოადგენს და შესაძლებელია ჩაითვალოს „A 179 ხელნაწერში მოქცეული ხუთწიგნეულის პირველი ორი წიგნი იმ ნაწილად გელათური ბიბლიისა, რომელიც თვით გელათურ ნუსხებს არ შემოუნახავთ“ [გიგინეიშვილი, 1989:15].

[8]ბ. გიგინეიშვილი ხუთწიგნეულის ქართული ვერსიების გამოკვლევაში შენიშნავს, რომ ოშკის ბიბლიას ახასიათებს ანთროპონიმის აჰრონ ფორმა, რომელიც გელათურში, როგორც წესი, აარონ ფორმით დასტურდება [გიგინეიშვილი, 1989:26]. უნდა ითქვას, რომ ანთროპონიმის აღმოსავლური ლიტერატურულ-ტექსტობრივი ტრადიციის ამსახველი ეს ფორმა სხვა ნუსხებშიც დასტურდება (მაგ., აჰრონ [გამოს. 4:14 OACS]. შდრ. ჰარონ K. არონ B). ჩვენთვის ამ შემთხვევაში ინტერესს იწვევს ინლაუტის ჰ თანხმოვანი, რომელიც, სხვა ნუსხების მონაცემთა მიხედვით, შეიძლება ფორმაში არ იყოს წარმოდგენილი (ბერძნული ტექსტობრივი ტრადიცია) ან მოხდეს მისი მეტათეზისი თუ ანლაუტში გადანაცვლება. ამ უკანასკნელთ უფრო ბაქარის ბიბლია გამოავლენს: არონს [გამ. 4:28 BC]. აჰრონს OAKS; არჰონ [გამ. 5:1, 5:4, 6:20 B]. აჰრონ OAKCS; ჰარონისმან [გამ. 15:20 B]. აჰრონისმან ACS. არონისმ~ნ K; ჰარონს [გამ. 4:27 B].  აჰრონს OAKS. არონის C.  ჩვენი აზრით, აბრაამის სახელის თავისებური დაწერილობის ფორმების არსებობაც შესაძლოა, ბაქარის ბიბლიის აღნიშნული თავისებურებით ავხსნათ.

[9]ცნობილია, რომ, რადგან სლავები გვიან გაქრისტიანდნენ და საეკლესიო წიგნების ბერძნულიდან თარგმნაც დაახლოებით IX საუკუნიდან უნდა დაეწყოთ, ბერძნული სიტყვების სესხება ამ ენაში ახლებური გამოთქმის შესაბამისად მოხდა: ბასილი – Василий, ამენ – Аминь, მიქაელ – Михаил და სხვ.  [შანიძე, 1964:42].

[10]გამონაკლისის სახით აბრაამ დასტურდება ოთხჯერ (სამჯერ შესაქმეში და ერთხელ მეოთხე მეფეთაში), აბრამ – ორჯერ (ამ შემთხვევებში კონტექსტი ითხოვდა მის ორიგინალურ სახელს). ერთხელ შეგვხვდა მცდარი დაწერილობა – აჰრაჰამის [ლევ. 26: 42 BKS].

[11]რადგან ოშკის ბიბლია თავნაკლულია, ჩვენთვის საინტერესო ფორმებს 12:11-დან გვიჩვენებს.

[12]წინაწარმეტყუელებაჲ ესაიაჲსი დაცულია ოშკურ და იერუსალიმურ (J, XI ს.) ბიბლიებში, ორივეში სარრა ფორმაა.

[13]არ არის გამორიცხული, ოშკურ ბიბლიაში გამოვლენილი ტენდენცია, ფორმობრივ არ განირჩეს ანთროპონიმის ორი ფორმა (შეს. 17:15-ის შემდეგ, გარკვეულ მონაკვეთში), სომხურის გავლენითაც აიხსნას, რადგან რბილი და მაგარი რ-ს (ბერძნული გემინირებული როს ეკვივალენტი) მონაცვლეობაზე დამყარებული Սարա – Սառա დაპირისპირება ქართულად მხოლოდ ერთი – სარა ფორმით შეიძლებოდა გადმოცემულიყო. ისიც საინტერესოა, რომ სარას ახალი სახელის გადმოცემაში, ქართულის მსგავსად, სომხურიც ემიჯნება სირიულსა და ებრაულს და არ იყენებს ჰ-თანხმოვნიან ფორმას, ხოლო აბრაამის შემთხვევაში ისიც ჰ-თანხმოვნიან ფორმებს ანიჭებს უპირატესობას. ამიტომ, ჩვენი აზრით, თუ კომპლექსურად განვიხილავთ ორივე ანთროპონიმის ქართულად ტრანსლიტერაცია-ტრანსკრიფცირების საკითხს, ოშკის ბიბლიაზე ამ მხრივ აღმოსავლური ლიტერატურულ-ტექსტობრივი ტრადიციის გავლენაზე საუბრისას, პირველ ყოვლისა, სომხური უნდა მოვიაზროთ.

 

პირობითი აღნიშვნები

A   H 1207 (XVIII ს.)

B   A 455 (ბაქარის ნაბეჭდი ბიბლია, 1743 წ.)

C   A 179 (1669 წ.)

D   H 885 (XVII ს.)

E   A 243 (1672 წ.)

F   A 646 (XVI ს.)

G   გელათის კატენებიანი ბიბლია, დაცული  თბილისის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ჩვენამდე მოღწეულია ორი ხელნაწერით: A 1108 ავტოგრაფული ნუსხითა და  Q 1152 მისი ასლით.

Gb   A 1108 (XII ს.)

Ga   Q 1152 (XII-XIII სს.)

H   ქუთ. #671 (XI ს.)

I   A 570 (XV ს.)

J   Jer. Geo. 7/11 (იერუსალიმის ბიბლია, XI ს.)

K   ქუთ. #28 (1681 წ.)

O   Ivir. Geo. #1 (ოშკის ბიბლია, 978 წ.)

S   A 51 (მცხეთური ხელნაწერი/ბიბლია, ანუ საბას ბიბლია, დაცული  თბილისის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, XVII-XVIII სს.)

ლიტერატურა

აბულაძე ი.
1936
სულხან-საბა ორბელიანის სომხური წყაროები. ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. III. თბილისი: ტსუ გამომცემლობა.
ბიბლია...
2017
ბიბლია. ძველი აღთქმა. I. თბილისი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
გაბიძაშვილი ე.
2009
ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები. ბიბლიოგრაფია. 4. ბიბლიოლოგია, ეგზეგეტიკა, აპოკრიფები. თბილისი: საქ. სამოციქ. ავტოკეფ. მართლმადიდებელი ეკლესიის გამომცემლობა.
გიგინეიშვილი ბ., კიკვიძე ც.
1966
რუსთაველის ხანის ქართული ბიბლიის თარგმანი. კრებ. შოთა რუსთაველი: ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი. რედ. ი. აბულაძე. თბილისი: „მეცნიერება“.
გიგინეიშვილი ბ.
1989
წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი. ნაკვეთი 1. შესაქმისაჲ, გამოსლვათაჲ. ყველა არსებული ხელნაწერის მიხედვით გამოსაცემად მოამზადეს ბაქარ გიგინეიშვილმა და ცოტნე კიკვიძემ. გამოკვლევა ბაქარ გიგინეიშვილისა. თბილისი: „მეცნიერება“.
დანელია კ.
1983
ქართული სამწერლობო ენის ისტორიის საკითხები. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
დანელია კ. A
1998
მხატვრული ენისა და სტილის ზოგიერთი საკითხი ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანის მიხედვით. ნარკვევები ქართული სამწერლობო ენის ისტორიიდან. ტომი I. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
დანელია კ. B
1998
საკუთარ სახელთა გადმოცემისათვის ძველი აღთქმის ქართულ რედაქციებში. ნარკვევები ქართული სამწერლობო ენის ისტორიიდან. ტომი I. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
დოჩანაშვილი ე.
1968
პირთა, გეოგრაფიული და ეთნიკური სახელები ოთხთავის ქართულ თარგმანებში. საქ. მეცნ. აკად. მაცნე (ელს). 3. თბილისი.
დოჩანაშვილი ე.
1981
მცხეთური ხელნაწერი (მოსეს ხუთწიგნეული, ისო ნავე, მსაჯულთა, რუთი). ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ელ. დოჩანაშვილმა. თბილისი: „მეცნიერება“.
დოჩანაშვილი ე.
1999
მცხეთური ხელნაწერი (სულხან-საბა ორბელიანის მიერ დართული „საძიებელნი მოწმობა“, „ებრაელთა, ქალდეველთა და იონთა სახელებთა თარგმანებანი
ინგოროყვა პ.
1978
თხზულებათა კრებული. ტ. IV. თბილისი: „საბჭოთა საქართველო“.
კიკნაძე ზ.
1989
საუბრები ბიბლიაზე. თბილისი: „მეცნიერება“.
კიკნაძე ზ.
2003
ძველი აღთქმის წუთისოფელი. თბილისი. http://kartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Kiknadze_Zurab_Dzveli.pdf
კიკნაძე ზ.
2004
ხუთწიგნეულის თარგმანება. თბილისი: ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრი.
ორბელიანი ს.
1966
თხზულებანი ოთხ ტომად. ავტოგრაფული ნუსხების მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ილია აბულაძემ. ტ. IV2. თბილისი: გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“.
უტიე ბ.
2009
ზმნისწინები და ქართული ბიბლიის დედანი. ენათმეცნიერების საკითხები. I-II. თბილისი.
ყაუხჩიშვილი ს.
1956
ბერძნული მამაკაცთა სახელების გადმოცემისათვის ქართულში. სახელთა ბრუნების ისტორიისათვის ქართველურ ენებში. I. რედ. ვ. თოფურია. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
შანიძე ა.
1964
ანტონ I-ის გავლენა სალიტერატურო ქართულზე და ძველი ქართული ენის ძეგლების ვითარება ახალი აღთქმის წიგნების გამოცემებში. თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები. 9. თბილისი.
შანიძე მ.
1969
ი ხმოვანფუძიანი ანთროპონიმების ბრუნების ისტორიისათვის ქართულში. თბილისის უნივერსიტეტი გიორგი ახვლედიანს. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
Biblia…
1997
Biblia Hebraica Stuttgartensia. Edited by Karl Elliger, Wilhelm Rudolph et.al. Stuttgart: Deutsche Bibelqesellschaft.
Dictionary…
1999
Dictionary of Deities and Demons in the Bible. Edited by Karel van der Toorn, Bob Becking, Pieter W. van der Horst. Second Extensively Revised Edition. Grand Rapids, Michigan/Cambridge, U.K.: William B. Eerdmans Publishing Company.
Haber H.
2001
Theophoric Names in the Bible. Jewish Bible Quarterly. 29 (1). https://jbqnew.jewishbible.org/assets/Uploads/291/291_Names1.pdf
Septuaginta…
1974
Septuaginta. Vetus Testamentum Graecum. Auctoritate Academiae Scientiarum Gottingensis editum. I. Genesis. Edidit John William Wevers. Göttingen: Vandenhoeck & Ruprecht.
Theological...
1997
Theological Dictionary of the Old Testament. Edited by G. Johannes Botterweck and Helmer Ringgren. Volume I. Grand Rapids, Michigan: William B. Eerdmans Publishing Company.
Tov E.
1999
The Greek and Hebrew Bible. Collected Essays on the Septuagint. Leiden, Boston, Köln: Brill.
Tov E.
2015
Transliterated Proper Names in the Septuagint: Some Statistics. Biblical Greek in Context. Essays in Honour of John A.L. Lee. Biblical Tools and Studies. 22. Eds. James Aitken & Terry V. Evans. Leuven: Peeters.
Tov E.
2022
The LXX Translators' Procedures in Representing Proper Names. Consistency in Representation. საერთაშორისო სიმპოზიუმი ბიბლია სიტყვებსა და სახეებში. 27-29 მაისი. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
Библия...
Библия Онлайн. Современный русский перевод ИПБ им. М. П. Кулакова. https://bibleonline.ru/bible/bti/gen-16/.
Жерто Ж.
2017
Имя Бога: его история и произношение. Киев: ,, Мультимедийное издательство Стрельбицкого''. https://teonote.com/books/Imya_Boga_ego_istoria_i_proiznoshenie.pdf.
ԱՍՏՈՒԱԾԱՇՈՒՆՉ…
1805
ԱՍՏՈՒԱԾԱՇՈՒՆՉ. ՄԱՏԵԱՆ ՀԻՆ ԵՒ ՆՈՐ ԿՏԱԿԱՐԱՆԱՑ. ԴՎԵՆԷՏՒԿ.
ԱՍՏՈՒԱԾԱՇՈՒՆՉ…
1895
ԱՍՏՈՒԱԾԱՇՈՒՆՉ. ՄԱՏԵԱՆ ՀԻՆ ԵՒ ՆՈՐ ԿՏԱԿԱՐԱՆԱՑ. ԿՈՍՏԱՆԴՆՈՒՊՈԼԻՍ: ՏՊԱԳՐՈՒԹԻՒՆ Գ. ՊԱՂՏԱՏԼԵԱՆ.
ინტერნეტრესურსი:
20.10.2023
ძველი აღთქმის ქართული ვერსიების აკადემიური გამოცემის ელექტრონული ვერსია http://www.bible.ge/Manuscript/2win.htm.
ინტერნეტრესურსი:
20.10.2023
„ტიტუსის“ მონაცემთა ელექტრონული ბაზა https://titus.uni-frankfurt.de/.
ინტერნეტრესურსი:
20.10.2023
სომხური ბიბლიის 1895 წლის გამოცემის ელექტრონული ვერსია https://arak29.org/bible/book/tGen_1.htm.
კომპიუტერული პროგრამა:
პროგრამა „Bible Works – Version 10.0.4.216”.