ჟურნალ „სპეკალის” კონცეფცია

საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპზე სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვება შეიძლება როგორც ტრადიციულად ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული წყაროების საშუალებით. სამეცნიერო პროგრესის დაჩქარების მიზნით აუცილებელია, სამეცნიერო ინფორმაციის ბაზა გახდეს უფრო ხელმისაწვდომი, რაც შეიძლება, ფართო აუდიტორიისათვის: პროფესორ-მასწავლებლების, მეცნიერ–თანამშრომლების, სტუდენტებისა და სხვა პოტენციური მკითხველებისათვის, რომელთა გარკვეულ ნაწილს ხელი არ მიუწვდება სტაციონარულ სამეცნიერო ბიბლიოთეკებზე.

ჟურნალი „სპეკალი” ჩაფიქრებულია, როგორც თანამედროვე სამეცნიერო ელექტრონული გამოცემა, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ სამეცნიერო მიღწევებს ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგში და, მეორე მხრივ, გააცნოს ქართულ აკადემიურ წრეებს საზღვარგარეთული ჰუმანიტარული მეცნიერებების თანამედროვე დონე, ხელი შეუწყოს ქართველოლოგიისა და სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებების, კერძოდ, ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის განვითარებას. ჟურნალი მოწოდებულია, შექმნას კონსტრუქციული შემოქმედებითი გარემო მასში წარმოდგენილი ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგების შემდგომი აღმავლობისათვის; პოპულარიზაცია გაუწიოს მათს თანამედროვე მიღწევებს.

ქართველოლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა და ენათმეცნიერება ჩვენი თანამედროვე ჰუმანიტარული მეცნიერებების წამყვანი დარგებია. ეს მიმართულებები ხანგრძლივი დროის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰუმანიტარული აზროვნების ისტორიაში. ამ დარგების განვითარებას ჩვენსავით მცირერიცხოვანი ერებისათვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ახალი მოპოვებული აქვს პოლიტიკური დამოუკიდებლობა, წმინდა მეცნიერულთან ერთად დიდი ეროვნული მნიშვნელობაც აქვს.

იმედი გვაქვს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამეცნიერო ბილინგვური ელექტრონული ჟურნალ „სპეკალის” დაფუძნება დიდ სამსახურს გაუწევს ქართული ჰუმანიტარული მეცნიერებების შემდგომ განვითარებასა და სამეცნიერო დონის ამაღლებას, დააჩქარებს უახლესი სამეცნიერო ინფორმაციის პუბლიკაციასა და სამეცნიერო წრებრუნვაში ჩართვას, გაამარტივებს მასში დაბეჭდილი ინფორმაციისა და საარქივო მასალების მოპოვებას, აამაღლებს ავტორების პერსონალური ციტირების ინდექსის მაჩვენებელს, თვითიზოლაციისა და საინფორმაციო ვაკუუმის თავიდან აცილების მიზნით შექმნის მდიდარ საინფორმაციო ბაზას, რომელშიც წარმოაჩენს სხვადასხვა სამეცნიერო სკოლის მიღწევებს.

 

ჟურნალი „სპეკალი” განკუთვნილია ჰუმანიტარული პროფილის სპეციალისტებისათვის: პროფესორ-მასწავლებლებისათვის, მეცნიერ-თანამშრომლებისა და დოქტორანტებისათვის.

ჟურნალ „სპეკალში” წარმოდგენილი იქნება შემდეგი დარგები:

  • ქართველოლოგია საქართველოს ისტორია, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია; ქართული ლიტერატურა; ქართველური ენათმეცნიერება (ქართველური ენები); ხელოვნებათმცოდნეობა,  ეთნოლოგია და არქეოლოგია;
  • ლიტერატურათმცოდნეობა - ლიტერატურის თეორია; ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა, ლიტერატურის ისტორია;
  • ენათმეცნიერება - თეორიული და ისტორიული ენათმეცნიერება, შედარებითი ენათმეცნიერება, სოციოლინგვისტიკა, ტექსტის ლინგვისტიკა, დიალექტოლოგია;
  • თარგმანმცოდნეობა - თარგმანის ისტორია და თარგმანის თეორია.

„სპეკალი” ძველი ქართული სიტყვაა, რომელსაც სულხან-საბა ორბელიანი ასე განმარტავს: ”ყოველი თვალი პატიოსანი”. მეტაფორულად სათაურში გამჟღავნებულია ჩვენი მიზანი, რომ ეს ჟურნალი იქცეს ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგში საუკეთესო ნაშრომების კრებულად.

ჟურნალი დაფუძნებულია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით და გამოდის ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) მხარდაჭერით.

„სპეკალი” აკმაყოფილებს ორიგინალური ელექტრონული ჟურნალების ყველა ძირითად მოთხოვნას:

  • გამოიცემა ელექტრონული ფორმით და არ აქვს ქაღალდზე ნაბეჭდი ვერსია;
  • გამოდის დადგენილი გრაფიკით, წელიწადში ერთხელ;
  • ქვეყნდება ინტერნეტის ქსელით;
  • რეცენზირებადია.

 

ჟურნალის მასალები პერიოდულად გადაიწერება CD-ზე და განუსაზღვრელად ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინახება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რუსთაველის ფონდში, რითაც დაცული იქნება საავტორო უფლებები.

„სპეკალი” გამოდის ქართულ და ინგლისურ ენებზე. მასში გამოქვეყნებული სტატიები ხელმისაწვდომია ყველასათვის.

 

ჟურნალის საქმიანობას გაუძღვებიან სამეცნიერო რედაქტორი, სარედაქციო საბჭო, რომლის წევრებიც არიან შესაბამისი სამეცნიერო დარგების მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი მკვლევრები.