ქიოსის სავაჭრო აქტივობები ჩრდილოეთი აფრიკის ტერიტორიაზე ანტიკურ ეპოქაში (სატრანსპორტო ამფორებზე დამყარებული გამოკვლევა)

უკანასკნელ ხანებში, მას შემდეგ, რაც არქეოლოგიის მეცნიერება უფრო და უფრო დაუახლოვდა ინტერდისციპლინარულ სფეროს და მისი მეთოდების აქტიური გამოყენება დაიწყო, გამოიკვეთა ამფორების კომპლექსური შესწავლის მრავალი შესაძლებლობა, რომლებიც, ერთი მხრივ, საინტერესოა როგორც თიხის ჭურჭლის ერთი ცალკეული კატეგორია და, მეორე მხრივ, გვაწვდიან ინფორმაციას იმ ცენტრის ეკონომიკური აქტივობების შესახებ, სადაც ისინი აღმოჩნდა და იმ ცენტრის სავაჭრო საქმიანობაზე, რომლის პროდუქციასაც ეკუთვნიან.

ამფორებს მრავალი, როგორც პირველადი, ასევე მეორეული დანიშნულება ჰქონდა ანტიკურ ეპოქაში. გარდა იმისა, რომ ისინი გამოიყენებოდა ისეთი პროდუქტების ახლო და შორ მანძილებზე გემით ტრანსპორტირებისათვის, როგორებიცაა: ღვინო, ზეითუნის ზეთი, ზეთისხილი, დამარილებული თევზი, ფინიკი, ნავთობი და სხვ; ამფორებს იყენებდნენ სამარხებად, სამარხეულ ინვენტარად, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემების გასამართავად, სამეურნეო ჭურჭლად და სხვ [Grace, 1961: 9-12; Grace, 1949: 175-189; Whitbread, 1995: 15-29].

ქიოსი მდებარეობს ეგეოსის ზღვაში; მცირე აზიის სანაპიროდან შვიდი კმ-ის დაშორებით, იგი სიდიდით მეხუთეა საბერძნეთის კუნძულებს შორის. ანტიკურ ეპოქაში იგი წარმოადგენდა იონიური ლიგის ერთ-ერთ წევრს.

ქიოსმა, რომელზეც მიკენური ეპოქიდან სამოსახლოს არსებობა არ შეწყვეტილა ძვ.წ. VIII საუკუნეში დიდ დაწინაურებას მიაღწია. კუნძული ქიოსი მდებარეობდა თრაკიიდან ეგვიპტეში მიმავალი გზის შუა მონაკვეთზე, რაც განაპირობებდა კუნძულის მუდმივად სავაჭრო-სატრანსპორტო აქტივობების ცენტრში ყოფნას. გარდა ამისა, იგი იყო ერთ-ერთი შესაჩერებელი პუნქტი ალ-მინადან (ჩრდილოეთი სირია) პითეკუზასაკენ (სამხრეთ იტალია) მიმავალი ხომალდებისათვის; ყოველივე ამან განაპირობა ქიოსის აქტიური ჩაბმა სავაჭრო პროცესებში და ეს თავდაპირველად მოხატული კერამიკის, ხოლო შემდეგ სატრანსპორტო ამფორების მრავალრიცხოვანი წარმოებით აღინიშნა [Boardman, 1967: 6; Sarikakis, 1986: 121; Cook, 1962].

წარმოდგენილი გამოკვლევა დაფუძნებულია სხვადასხვა არქეოლოგიური ექსპედიციების ანგარიშზე.

სხვადასხვა არქეოლოგიურ ძეგლზე ამფორების ზუსტი რაოდენობის მითითება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, რადგან უმეტეს შემთხვევაში ამფორები ფრაგმენტების სახითაა წარმოდგენილი და იმის დათვლა, თუ ეს ფრაგმენტები რამდენ ამფორას ეკუთვნის, თითქმის შეუძლებელია, ამიტომ მხოლოდ იმ შემთხვევებში ვუთითებთ რაოდენობას, როცა ა) მთლიანი ამფორაა აღმოჩენილი, ბ) ამფორის დიაგნოსტიკური ნაწილია აღმოჩენილი; გ) დამღაა აღმოჩენილი1. თუმცა, პროფილირებულმა ფრაგმენტებმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. მაგალითად, აღმოჩენილი პირების, ძირებისა და ყურების შემთხვევაში მცდარი იქნება ამ ინფორმაციის დაჯამება და საერთო რაოდენობის მითითება. ასეთ შემთხვევაში ვითვლით მხოლოდ ძირების რაოდენობას, რადგან ერთ ამფორას შეიძლება მხოლოდ ერთი ძირი ჰქონდეს, ასე რომ, ძირის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მინიშნება ნამდვილად ერთ ამფორაზე. შევეცადეთ ყველა ინფორმაციის შეკრებას სტატისტიკის დადგენისთვის.

ქიოსური ამფორების წარმოება მიმდინარეობდა ძვ.წ. VII ს-ის მეორე ნახევრიდან ძვ.წ. I საუკუნემდე.

ბერძნული კოლონიზაცია სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაგვარად განხორციელდა. ამ თვალსაზრისით ჩრდილოეთ აფრიკის ქალაქებში დაფიქსირებული სიტუაცია განსაკუთრებულია. ამ მიწის ბერძნების მიერ ათვისების საწყისი პერიოდიდანვე ქიოსელები იყვნენ პირველ მცხოვრებლებს შორის, რომელთაც დააარსეს ძლიერი ქიოსური გაერთიანება, რომელიც შედგებოდა ვაჭრებისა და ხელოსნებისგან. გეოგრაფიულად ეს არეალი გულისხმობს ძეგლებს ეგვიპტისა და ლიბიის ტერიტორიაზე.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი, სადაც ქიოსის მოქმედებები შესანიშნავად წარმოჩნდა არის ნავკრატისი.

ქალაქი ნავკრატისი მდებარეობს მდ. ნილოსის კანოპიური განშტოების აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ალექსანდრიიდან 50 მილის დაშორებით. იგი იყო ერთადერთი პორტი, რომელიც დიდი ზომის გემებს იტევდა. ქალაქის გათხრების შედეგად მის სამხრეთ ნაწილში გამოვლინდა ციხე-სიმაგრის ნანგრევები, რომელიც უნდა აშენებულიყო ძვ.წ. VII ს-ის ბოლოს და აფროდიტეს ბერძნული ტაძარი, რომელიც სხვადასხვა ბერძნული ერთეულის ერთობლივი ძალებით იქნა აგებული. აფროდიტეს ტაძრისადმი მიძღვნილ ატიკურსა და კორინთულთან ერთად ქიოსური ვაზებიც გვხვდება. ისინი თარიღდება ძვ.წ. VII-VI საუკუნეებით. ამ დრომდე არ არის არავითარი მინიშნება აქ ბერძნული სამოსახლოს არსებობის შესახებ, თუმცაღა ცხადია, რომ ძვ.წ. VII საუკუნის შუა ხანებისთვის ბერძნები უკვე კარგად იცნობდნენ ეგვიპტურ ნაწარმს [Boardman, 1980: 117; Boardman, 1994: 137-147].

ჩვენი პირველი წყარო ბერძნების შესახებ ეგვიპტეში არის ჰეროდოტე. იგი გადმოგვცემს ეგვიპტეში მიმავალი სამოსელი ვაჭრის კოლაიოსის შესახებ, რომელსაც გზა აერია დასავლეთისკენ. ჰეროდოტესგან ვიგებთ, რომ ეს გასაოცარი მოგზაურობა განხორციელდა ძვ.წ. 638 წელს. ასე რომ, ამ ცნობის მიხედვით ჩვენ გვაქვს მითითება აღმოსავლელი ბერძნების, სულ მცირე, შემთხვევით სავაჭრო ვიზიტზე ძვ.წ. VII ს-ის შუა ხანებში.

ყველაზე მნიშვნელოვანი იმ პრივილეგიებიდან, რომლებიც მეფე ამასისმა მიანიჭა ბერძნებს ტახტზე ასვლის შემდეგ დაფიქსირებულია ჰეროდოტესთან (I, 30; II, 16, 169) და ეხება ნავკრატისს: მან მათ ნავკრატისი მისცა სავაჭრო პუნქტად, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო დასახლება. მან, აგრეთვე, მიწებით დაასაჩუქრა ის ბერძენი მოვაჭრეები, რომელთაც არ სურდათ მუდმივად ნავკრატისში ცხოვრება. მოვაჭრეებმა ააშენეს საკურთხევლები, რომელთაგან საუკეთესოდ მიიჩნეოდა და ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა ჰელენიონი. იგი აშენებულ იქნა ერთობლივი ძალებით ქიოსელი, თეოსელი, ფოკეელი, კლაზომენელი იონიელების, როდოესელი, კნიდელი, ჰალიკარნასელი და ფასელისის დორიელებისა და მიტილენელი ეოლიელების მიერ. ამ ერთეულებს ეკუთვნოდათ საკურთხეველი და უფლება ჰქონდათ დაენიშნათ ოფიცრები პორტის სამსახურში (ნავკრატისი იყო ეგვიპტის ერთადერთი პორტი).

ბერძნების ვაჭრობით დაინტერესება ნავკრატისში პირველ რიგში გულისხმობს მარცვლეულით ვაჭრობას, თუმცა გადასატანი საქონლის სიაში იყო, აგრეთვე, პაპირუსი და ტილოც.

მარცვლეულს, სავარაუდოდ, სხვა პროდუქტებზე ცვლიდნენ, მაგალითად, ზეითუნის ზეთზე, რაც დადასტურებულია ათენური და სამოსური კერამიკის აღმოჩენით, რომლითაც ზეითუნის ზეთი გადაჰქონდათ. გაცვლისათვის, უდავოდ, ერთ-ერთ მთავარ პროდუქტს წარმოადგენდა ღვინო, რომელიც ძვ.წ. VI ს-ის ქიოსური ამფორებით შემოჰქონდათ. გარდა აღნიშნული პროდუქტებისა, ბერძნებს ნავკრატისში შემოჰქონდათ ლითონი, რადგან თვითონ ქალაქს არ გააჩნდა საკუთარი მონეტა და დაინტერესებული იყვნენ ძვირფასი ლითონით.

ნავკრატისი არაფრით ჰგავდა იმ ქალაქებს, რომლებიც ბერძნებმა დააარსეს იტალიასა და სიცილიაში. ნავკრატისში არსებული სიტუაცია, არსებითად, განსხვავდებოდა იმ რეალობისგან, რომელსაც ბერძნები შეეჯახნენ სხვაგან. იგი არ იყო კოლონია, არც უბრალოდ სავაჭრო პოსტი, როგორც ალ მინა. ნავკრატისი იზიდავდა აღმოსავლეთ საბერძნეთის სწრაფი გამდიდრების სურვილის მქონე ვაჭრებს და მათ ეგინეტანელ კოლეგებს, რომლებსაც სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ ცენტრალურ საბერძნეთთან. იგი იზიდავდა პოეტებს, ისტორიკოსებს, ხელოსნებს და საფრთხის შემთხვევაში წარმოადგენდა თავშესაფარს აღმოსავლეთ ბერძენი ვაჭრებისათვის, რომელთაც შეეძლოთ თავიანთი საქმე აქ გაეგრძელებინათ [Boardman, 1980: 117; Boardman, 1994: 137-147].

ერთ-ერთი ძირითადი მარშრუტი ეგვიპტიდან საბერძნეთისკენ მიჰყვებოდა პალესტინის, ფინიკიის და მცირე აზიის სანაპიროებს. ეგვიპტური საქონელი, რომელიც აღწევდა საბერძნეთამდე, უმეტეს შემთხვევაში გადაიტანებოდა აღმოსავლელი მოვაჭრეების მიერ. ამ საქონლის ნაწილმა შესაძლოა საბერძნეთამდე მიაღწია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გავლით, მაგრამ აშკარაა, რომ საქონლის გარკვეული ნაწილი პირდაპირ ეგვიპტიდან მოდიოდა [Villing, Schlotzhauer, 2006].

ნავკრატისის ამფორული მასალა წარმოადგენს ფორმების დიდ მრავალფეროვნებას, რომელშიც სჭარბობს ქიოსური, როდოსული, კოსის და კნიდის ნიმუშები. ამათგან ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოდგენილია კოსის პროდუქცია, თუმცაღა არცერთი კოსის დამღა არ დაფიქსირებულა გათხრების დროს. კოსის ფრაგმენტების დომინანტურობამ არ უნდა გამოიწვიოს გაკვირვება, რადგან ანტიკურ ეპოქაში კოსის ღვინო შედარებით იაფი ღირდა და დიდი რაოდენობით იყიდებოდა. ქიოსური ღვინო, ალბათ, ყველაზე სახელგანთქმული იყო ბერძნულ ღვინოებს შორის და ამით აიხსნება ქიოსური სერიების აქ არსებობა, რომლებიც თარიღდება ძვ.წ. V-I საუკუნეებით.

როდოსის აქტივობა განსაკუთრებით შესამჩნევია ძვ.წ. III-I სს.-ში და ამ ცენტრის დამღები ძეგლზე გამოვლენილი დამღების საერთო რაოდენობის 50%-ს შეადგენს. ეს პერიოდი ემთხვევა როდოსის განსაკუთრებული ექსპანსიის ხანას. ძვ.წ. I ს-დან როდოსული დამღები მცირდება, ამასთან ამავე პერიოდში მიმდინარეობს სხვა ცენტრების რეგრესიც. ეს, როგორც ჩანს, უნდა ყოფილიყო ეგეოსის რეგიონში რომის ინტერვენციის შედეგი. ერთობლივი გრეკო-იტალიკური ფორმები გამოჩენას იწყებს ძვ.წ. III ს-დან და უფრო მოგვიანებით ერწყმის რომაულ ფორმებს ძვ.წ. I საუკუნეში.

საკმაოდ დიდი რაოდენობით ამფორების აღმოჩენები ნავკრატისში მიუთითებს, რომ ქალაქი, როგორც სავაჭრო ცენტრი, აქტიური დარჩა ალექსანდრიის დაარსების შემდეგაც და წარმოადგენდა პტოლემაიოსების დინასტიის ადმინისტრაციულ ცენტრს ნაყოფიერ დასავლეთ დელტაში.

შედარებით ნაკლებადაა წარმოდგენილი სამოსისა და თასოსის ცენტრები. მენდესა და ატიკის ნაწარმი, რომელიც ძვ.წ. V ს-ით თარიღდება, სავარაუდოდ, მიუთითებს ათენის ადრეულ ინტერესზე დელტაში.

ამფორების ძირების მიხედვით საერთო ჯამში გამოვლინდა, სულ მცირე, 99 ამფორის ფრაგმენტები, ამათგან: 22 (22,2%) - ქიოსურია (2 - ძვ.წ. ძვ.წ. V ს., 1 - ძვ.წ. IV ს., 12 - ძვ.წ. III ს., 6 - ძვ.წ. II ს., 1 - ძვ.წ. I ს.); 14 (14,14%) - კოსი (1 - ძვ.წ. IV ს., 3 - ძვ.წ. III ს., 5 - ძვ.წ. II ს., 3 - ძვ.წ. I ს., 2 - ძვ.წ. I ს. - ახ.წ. I ს.); 14 (14,14%) - მენდე (3 - ძვ.წ. V-ის დასაწყისი, 6 - ძვ.წ. V ს., 5 - ძვ.წ. V-ის ბოლო - ძვ.წ. IV ს-ის დასაწყისი); 12 (12,12%) - როდოსი (3 - ძვ.წ. IV-III სს., 5 - ძვ.წ. III ს., 2 - ძვ.წ. II ს., 2 - ძვ.წ. I ს.);10 (10,1%) - კნიდი (1 - ძვ.წ. IV ს., 3 - ძვ.წ. III ს., 2 - ძვ.წ. II ს., 4 - ძვ.წ. I ს.); 8 (8,08%) - რომაული (4 - ძვ.წ. II ს., 4 - ძვ.წ. I ს.); 7 (7,07%) - ატიკა (ძვ.წ. V-ის ბოლო - ძვ.წ. IV ს-ის დასაწყისი); 6 (6,06%) - სამოსი (1 - ძვ.წ. VI-ის ბოლო - ძვ.წ. V-ის დასაწყისი, 3 - ძვ.წ. V ს., 2 - ძვ.წ. IV ს.); 3 (3,03%) - ნიკანდროსის ჯგუფი (2 - ძვ.წ. III ს., 1 - ძვ.წ. II ს.); 1 (1,01%) - კორინთული A (ძვ.წ. V-ის დასაწყისი); 1 (1,01%) - კორინთული B (ძვ.წ. IV ს-ის დასაწყისი); 1 (1,01%) - გრეკო-იტალიკური (ძვ.წ. III-II სს.) [Coulson, 1996: 45-64].

ნავკრატისში 1978/9-1983 წლებში ჩატარებული დაზვერვებისა და გათხრების შედეგად აღმოჩნდა 29 დამღიანი ამფორის ყური და ერთი დამღიანი პირის ფრაგმენტი. ეს 30 დამღა არის მხოლოდ და მხოლოდ მცირე პროცენტი იმ მთლიანი მაჩვენებლისა, რომელიც Petrie-მ აღმოაჩინა 1884 წლის გათხრების დროს (1,200 დამღა). მან მაშინ არ გამოაქვეყნდა ეს დამღები და ისინი გადანაწილდა რამდენიმე ინსტიტუციაში, უფრო მეტი ბრიტანეთის მუზეუმში, სადაც რამდენიმე ასეული დამღაა დაცული. 13 დამღიანი ყური მოხვდა აშმოლის მუზეუმში.

საერთო ჯამში 43 დამღა (აშმოლის მუზეუმის ნიმუშების ჩათვლით) მიეკუთვნება ეგეოსური რეგიონიდან ოთხ ამფორების მაწარმოებელ ცენტრს: როდოსი, კნიდი, თასოსი და ქიოსი. მათი თარიღები მერყეობს ძვ.წ. IV ს-ის შუა ხანებიდან ძვ.წ. I ს-მდე პერიოდში. 43 დამღიდან 22 (51,1%) - როდოსულია, 3 (6,97%) - თასოსი (ძვ.წ. 330-260), 2 (4,65%) - კნიდი, 1 (2,32%) - ქიოსი, 1 (2,32%) - რომაული (ძვ.წ. I ს.), 4 (9,3%) - მიეკუთვნება ძვ.წ. IV-III სს.-ს. 10 (23,2%) - დაუდგენელი ცენტრი;

იმპორტული დამღიანი ამფორების ყურების დიდი რიცხვი მიგვანიშნებს ეგეოსის რეგიონსა და ეგვიპტეს შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო კავშირის არსებობაზე ელინისტურ ხანაში. გამოვლენილი დამღების უმეტესობა თარიღდება ძვ.წ. 250-150 წლებით. ისინი ინტენსიური როდოსული ექსპორტის პერიოდი [Rehard, 1996: 147-161].

მომდევნო ძეგლი ეგვიპტეში, სადაც, ასევე დაფიქსირებულია ქიოსური ამფორების იმპორტი არის ტელ-ატრიბი. იგი მდებარეობს კაიროს ჩრდილოეთით, თანამედროვე ქალაქ ბაჰნას ჩრდილო-აღმოსავლეთით. 11 სავლე სეზონის განმავლობაში შეგროვილი დამღები შეადგენს 265 ერთეულს. უმეტესი დამღები მომდინარეობენ ისეთი ფენებიდან, რომლებიც კარგადაა დათარიღებული მონეტებისა და კერამიკის მიხედვით.

265 დამღიდან 129 (48,67%) არის როდოსული (8 - ძვ.წ. 330-240 წწ., 30 - ძვ.წ. 240-210 წწ., 57 - ძვ.წ. 210-175 წწ., 4 - ძვ.წ. 175-146 წწ., 14 - ძვ.წ. 146-100 წწ., 7 - ძვ.წ. 100-80 წწ., 9 დამღის თარიღი უცნობია); 53 (20%) - იტალიკური (49 - ძვ.წ. II-I სს., 4 - ძვ.წ. 202-149 წწ.); 41 (15,47%) - კნიდი (24 - ძვ.წ. 146-108 წწ; 17 - ძვ.წ. III-I სს.); 8 (3,01%) - ეგვიპტური (ძვ.წ. III-II სს.); 6 (2,26%) - პამფილია და ესპანეთი (ძვ.წ. I ს.); 5 (1,88%) - კოსი (ძვ.წ. II-I სს.); 1 (0,37%) - ქიოსი (ძვ.წ. II ს.). 20 დამღის წარმომავლობა უცნობია [SztetyŁŁo, 2000: 53-61].

ალექსანდრიას დაარსებას, როგორც ჩანს, დიდად არ უმოქმედია ვაჭრობის ინტენსივობაზე ნავკრატისში. ქალაქი საერთაშორისო სავაჭრო ცენტრიდან გადაკეთდა ადმინისტრაციულ ცენტრად დასავლეთ დელტაზე და მისი ელინური მოსახლეობა ახალ სასოფლო-სამეურნეო პროგრამაში ჩაერთო, რომელიც პტოლემაიოსების ზეობის დროს დაიწყო. რადგანაც ნავკრატისი უკვე ელინების საყრდენი იყო, ბუნებრივი იქნებოდა ქალაქისთვის, რომ მოერგო ეს ახალი როლი და ფუნქციონირება გაეგრძელებინა, როგორც დისტრიბუციის ადგილს შიდა ვაჭრობისთვის. ძლიერ სადავოა, რომ ეგეოსური ამფორები შემოჰქონდათ ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის. ისინი ნამდვილად იყო განსაზღვრული ბერძნულენოვანი საზოგადოების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად [Rehard, 1996: 147-161].

ეგვიპტის გარდა, ანტიკურ ეპოქაში სხვადასხვა საქონელი ქიოსური ამფორებით შედიოდა, აგრეთვე, ლიბიაში. ერთ-ერთი უმთავრესი ძეგლი, სადაც ქიოსური იმპორტი დაფიქსირებულია ლიბიის ტერიტორიაზე არის კირენაიკა. ბერძნები აქ დასახლდნენ თითქმის იმავე დროს, როცა ეგვიპტეში, მაგრამ ნავკრატისისგან განსხვავებით, სადაც მათ ვაჭრების სტატუსი ჰქონდათ, კირენაიკაში მოსახლე ბერძნები იყვნენ ფერმერები. კირენაიკა მათთვის ინტერესის საგანს წარმოადგენდა, პირველ რიგში, მისი ნაყოფიერი მიწის, ხელსაყრელი კლიმატისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო, რომელიც მათთვის ამ ტერიტორიას ეგეოსური ცივილიზაციის ლოგიკურ გაგრძელებად წარმოადგენდა; კრეტა, დაახლოებით, იმავე მანძილითაა დაშორებული (300 კმ.) კირენედან, როგორც ათენიდან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბერძნების აქ მოსვლამდე კირენაიკის ტერიტორია უკვე ფართოდ ათვისებული იყო ვაჭრების მიერ, რომელთაც ჩრდილო აფრიკასთან მჭიდრო კომერციული ურთიერთობა ჰქონდათ [Boardman, 1980; Elrashedy, 2002: 121-125].

ბერძენი კოლონისტები კირენაიკაში მოვიდნენ თერადან. ძვ.წ. VII ს-ის შუა ხანების მერე მალევე მოხდა თერული საზოგადოების გადასახლება ჩრდილო აფრიკაში. როგორც ჰეროდოტე გადმოგვცემს, მათ წინ უძღვოდათ კრეტელი მეთევზე კორობოისი კუნძულ პლატეიამდე [Herodotus, IV, 151-153.], რომელიც, როგორც ჩანს, უკვე ასრულებდა სავაჭრო პუნქტის მოვალეობას გარკვეული დროის განმავლობაში. ეს უნდა ყოფილიყო ყველაზე მარტივი და ყველაზე მოკლე ღია საზღვაო მარშრუტი ეგეოსის სამყაროდან ჩრდილო აფრიკამდე. სტრაბონი (10.4.5) აღნიშნავს, რომ ვოიაჟს კირენედან კრეტის უკიდურეს დასავლეთ წერტილამდე სჭირდება ორი დღე და ღამე. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრეტა იყო ბერძნების ეგვიპტეში მოგზაურობის საწყისი პუნქტი.

ორი წლის შემდეგ თერელები გადავიდნენ პლატეიას მოპირდაპირე მხარეს, კერძოდ, ადგილ აზირისზე, რომელიც იქცა კირენაიკას სანაპიროზე პირველ ბერძნულ სამოსახლოდ. ბერძნულმა საზოგადოებამ დიდ დაწინაურებას მიაღწია და ძვ.წ. VI საუკუნეში. მათ მოიწვიეს ახალი კოლონისტები პელოპონესიდან და დორიული კუნძულებიდან [Boardman, 1980].

არქაულ ხანაში კირენაიკას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ნავკრატისთან, რაც დადასტურებულია Wild Goat სტილის კერამიკის აღმოჩენებით ორივე ძეგლზე.

ამ პერიოდის კერამიკა ჩრდილო იონიური, ქიოსური და სამხრეთ იონიური წარმომავლობისაა. Schaus-ი მიუთითებს, რომ ქიოსელი ვაჭრები მოვიდნენ ჯერ ნავკრატისში და შემდეგ გადავიდნენ კირენეში და რომ ფიკელურას ტიპის კერამიკა ისევე, როგორც ფაიანსი, კირენეში მოხვდა მათი უკან დაბრუნების დროს [Elrashedy, 2002: 121-125; Villing, Schlotzhauer, 2006].

ნაგებობა Casa del Propileo მდებარეობს კირენეს აკროპოლისსა და აგორას შორის. იგი წარმოადგენს დიდ სამშენებლო კომპლექსს, რომელიც არის ზომით 25X50 მ. და თარიღდება ძვ.წ. I ს-ის შუა ხანებით. სტრატიგრაფიული ჭრილის მიხედვით აქ დადასტურდა არქაული, კლასიკური და ელინისტური ხანის ფენები. არქაული ხანის კერამიკა დათარიღდა ძვ.წ. VII ს-ის ბოლო მეოთხედიდან ძვ.წ. VI ს-ის დასასრულამდე პერიოდით.

ბერძნული სატრანსპორტო ამფორები შეადგენს კერამიკის მთლიანი რაოდენობის 40%-ს და წარმოდგენილია ქიოსის, სამოსის, ატიკური SOS და ატიკური A la brossé-ს პროდუქციით [D’angelo, 2006].

ანტიკურ ეპოქაში ქიოსურმა კერამიკულმა იმპორტმა ასევე მიაღწია ეუესპერიდესს. იგი მდებარეობს დღევანდელ ქალაქ ბენგაზის ახლოს, ყველაზე დასავლეთით კირენაიკას ბერძნული ქალაქებიდან. ქალაქი დაარსდა ძვ.წ. VI ს-ის დასაწყისში და არსებობას განაგრძობდა ძვ.წ. III ს-ის შუ ხანებამდე. ამ დროს იგი მიტოვებული იქნა ახალი, მახლობლად დაარსებული ქალაქ ბერენიკესკენ ხალხის გადასახლების გამო. ეუესპერიდესის მჭიდრო ეკონომიკურ კონტაქტებს ბერძნულ სამყაროსთან ცხადყოფს მრავალრიცხოვანი სატრანსპორტო ამფორები, რომლებიც აქ აღმოჩნდა 1999-2006 წლებში ჩატარებული გათხრების შედეგად. ამფორების უმეტესობა დათარიღებულია დასახლების უკანასკნელი პერიოდით - ძვ.წ. 350-250 წლებით.

ამფორების 77% იმპორტულია, აქედან 5% - პუნიკური, 72% - საბერძნეთის სხვადასხვა ცენტრიდან, აქედან 35% კორინთულ B ტიპის ამფორებს ეკუთვნის. 23%-ს კირენაიკის ამფორები შეადგენს, მათი დამზადების თარიღი უცნობია. ჩრდილო ეგეოსური არეალი წარმოდგენილია თასოსის და მენდეს პროდუქციით. თასოსური ამფორების ფრაგმენტებს შორის დამღიანიც არის, რის მიხედვითაც ეს ჯგუფი თარიღდება ძვ.წ. IV საუკუნით. სამხრეთ ეგეოსური ცენტრები წარმოდგენილია ქიოსის, სამოსის, კოსის, კნიდისა და სოლოხა 1-ის ამფორებით.

როდოსის ამფორები, რომლებიც ძლიერ დამახასიათებელია ხმელთაშუაზღვისპირეთში ელინისტურ ხანაში დიდი ოდენობით არ შემოჰქონდათ ძვ.წ. III ს-ის დასასრულამდე, ანუ ეუესპერიდესის მიტოვებამდე. აქ მხოლოდ ორი როდოსული ამფორა გამოვლინდა, რომლებიც თარიღდება ძვ.წ. IV ს-ის უკანასკნელი ათწლეულით ან ძვ.წ. III ს-ის დასაწყისით. მრავალრიცხოვანი ბერძნულ-იტალიკური ამფორები ადასტურებს ძეგლის მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობებს სიცილიისა და მაგნა გრეციის ქალაქებთან. ისინი თარიღდება ძვ.წ. IV ს-დან ძვ.წ. 260 წლამდე პერიოდით. მასალიოტური ამფორები რამდენიმე ფრაგმენტის სახითაა წარმოდგენილი და ძვ.წ. 350-250 წლებით დათარიღებული არქეოლოგიური კომპლექსიდან მომდინარეობს [Görantson, 2006: 219-222].

გარდა ამფორებისა, ეუესპერიდესის გათხრების შედეგად გამოვლინდა დამღიანი ამფორების ყურების ფრაგმენტებიც. გამოცნობილ ცენტრებს შორისაა: თასოსი - 4 დამღა (1 - ძვ.წ. 350-345 წლები, 2 - ძვ.წ. IV ს-ის 90-იანი-80-იანი წლები, 1 - ძვ.წ. 365-360 წლები); როდოსი - 1 (თარიღი უცნობია). [Göransson, 2002: 137-145].

მომდევნო ძეგლი, სადაც დადასტურებულია ქიოსის სავაჭრო საქმიანობა არის ბერენიკე. აქ წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა საკმაოდ დიდი რაოდენობით ელინისტური ხანის ამფორები. მთლიანი ამფორების რაოდენობის 4% წარმოდგენილია დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ელინისტური ხანის ამფორებით. საერთო ჯამში გამოვლინდა, სულ მცირე, 26 ამფორის ფრაგმენტები, მათ შორის: 9 (34,61%) – როდოსულია (ძვ.წ. IV ს-ის ბოლო); 5 (19,23%) – ადგილობრივი (ძვ.წ. III-II სს.); 5 (19,23%) – გრეკო-იტალიკური (ძვ.წ. IV ს.); 2 (7,69%) – კნიდის (ძვ.წ. I ს.); 2 (7,69%) – ადრე კართაგენული (ძვ.წ. I ს-ის ბოლო - ახ.წ. I ს-ის დასაწყისი), 1 (3,84%) – კორინთული A (ძვ.წ. IV ს.); 1 (3,84%) - ბრინდიზის (ძვ.წ. I ს.); 1 (3,84%) - ქიოსური (ძვ.წ. I ს.). ბერენიკეში დადასტურდა ქიოსური ამფორების უკანასკნელი ვარიანტი, რომლის დამზადება გრძელდებოდა ძვ.წ. I საუკუნემდე [Riley, 1979: 112-144].

კირენეს დაარსებიდან მალევე (ძვ.წ. 620 წელი) დაარსდა ტოკრა. აქ გამოვლინდა დემეტრეს საკურთხეველი და მდიდრული კომპლექსები (ძვ.წ. VII ს-ის ბოლო - ძვ.წ. VI ს-ის დასაწყისი). იგი საკმაოდ დიდი ძეგლია, რომელიც მჭიდროდ იყო დასახლებული და კარგად გამაგრებული. ჩანს, რომ ატიკური იმპორტის აღმავლობას მოსდევს კორინთულის დაქვეითება, ლაკონიური ჩაანაცვლებს ქიოსურს. [Riley, 1979: 137-147; Gill, 2006: 1-23].

I და II კომპლექსების ფენების გაწმენდისას გამოვლინდა, სულ მცირე, 18 ამფორის ფრაგმენტები, მათ შორის: 9 (50%) ქიოსურია; 4 (22,22%) - კორინთული; 3 (16,66%) – სამოსური; 2 (11,11%) - ლესბოსური (ყველა მათგანი თარიღდება ძვ.წ. VII ს-ის ბოლო - ძვ.წ. VI ს-ის დასაწყისით) [Boardman, Hayes, 1966: 137-139; Boardman, Hayes, 1973: 61-64]. დამატებით, 69 ქიოსური და 223 ლაკონიური ფრაგმენტი მომდინარეობს საკურთხევლიდან, მაგრამ არ არის მითითებული, თუ რამდენ ამფორას ეკუთვნიან ეს ფრაგმენტები [Boardman, 1994: 137-147; Gill, 2006: 1-23].

ადგილობრივ დამზადებული ქიოსური ამფორები ლეპტის მაგნაშიც აღმოჩნდა. ქალაქის ნანგრევები მდებარეობს ტრიპოლის აღმოსავლეთით, მისგან 130 კმ-ის დაშორებით, დღევანდელი ალ ხუმის ტერიტორიაზე. ქალაქის დაარსება მიეწერებათ ფინიკიელებს, დაახლოებით, ძვ.წ. 1100 წელს. მიუხედავად იმისა, რომ იგი საკმაოდ ადრე იქნა დაარსებული, ქალაქმა მაინც ვერ მიაღწია განვითარების მაღალ დონეს ძვ.წ. IV საუკუნემდე, ანუ იმ დრომდე, როცა იგი კართაგენის მმართველობის ქვეშ მოექცა.

აქ აღმოჩენილი ქიოსური ამფორები საკუთრივ კუნძულ ქიოსიდან არ მომდინარეობს, არამედ დამზადებულია ადგილობრივი თიხით, რაც მიგვანიშნებს ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე ქიოსის საზოგადოების არსებობაზე, რომელიც საკუთარ პროდუქციას ამზადებდა ადგილობრივების (ან ქიოსური საზოგადოების, რომელიც იქ ცხოვრობდა) მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ლეპტის მაგნას გათხრებიდან მომდინარე ამფორებიდან გამოიცნობა 7 ფსევდო-ქიოსური ამფორა, რომლებიც მიეკუთვნება ძვ.წ. V ს-ს და ძვ.წ. IV ს-ის დასაწყისს [De Miro, Polito, 1991: 279-280].

წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით აშკარაა, რომ ქიოსური სატრანსპორტო ამფორების იმპორტი მრავალრიცხოვანი იყო ჩრდილოეთ აფრიკის სხვადასხვა ძეგლზე, რაც მიგვანიშნებს ქიოსის სავაჭრო საქმიანობაზე. დადასტურებული ქიოსური ამფორების რიცხვის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ მათი მიმოქცევის ინტენსიურობა ძვ.წ. VII ს-ის მეორე ნახევრიდან ძვ.წ. I საუკუნემდე.

როდოსის, კოსის და კნიდის ამფორების შემთხვევაში ორ დამღაზე ერთი ამფორაა მითითებული იმ მიზეზის გამო, რომ ამ ცენტრების ამფორებს ორივე ყურზე ჰქონდათ დამღები. დანარჩენ შემთხვევაში ამფორების მაჩვენებელი დათვლილია პროფილირებული ფრაგმენტების მიხედვით.

უმეტეს შემთხვევებში აღმოჩენილი ამფორების ზუსტი რაოდენობა არ იყო დაფიქსირებული ან მაჩვენებლები მოცემული იყო პროცენტებში, რაც წარმოადგენს პრობლემას რაოდენობის გარკვევის თვალსაზრისით. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა გათხრების შედეგად გამოვლენილი ამფორები არ გამოქვეყნებულა და ეს ფაქტიც ართულებს ზუსტი რაოდენობის დადგენას. ამფორების ცნობილი რაოდენობის მიხედვით საბოლოო შედეგები მოცემულია ცხრილში (ცხრილი 1).

 

 

ქიოსი

თასოსი

ლესბოსი

სამოსი

როდოსი

კნიდი

კოსი

მენდე

კორინთო

ძვ.. VII .

I ნახევარი

 

 

 

 

 

 

 

 

 

II ნახევარი

9

 

2

3

 

 

 

 

4

ძვ..

VI .

I ნახევარი

 

 

 

 

 

 

 

 

 

II ნახევარი

 

 

 

1

 

 

 

 

 

ძვ..

V .

I ნახევარი

2

 

 

3

 

 

 

3

1

II ნახევარი

 

 

 

 

 

 

 

6

 

ძვ..

IV .

I ნახევარი

1

2

 

2

 

1

1

5

1

II ნახევარი

 

1

 

 

8

 

 

 

 

ძვ..

III .

I ნახევარი

12

3

 

 

20

4

3

 

 

II ნახევარი

1

 

 

 

15

 

 

 

 

ძვ..

II .

I ნახევარი

6

 

 

 

28

11

5

 

 

II ნახევარი

1

 

 

 

4

 

3

 

 

ძვ..

I .

I ნახევარი

1

 

 

 

11

18

3

 

 

II ნახევარი

1

 

 

 

 

 

2

 

 

სულ

34

6

2

9

86

34

17

14

6

 

ცხრილი 1. ძვ.წ. VII-I საუკუნეებში ჩრდილოეთ აფრიკაში იმპორტირებული ბერძნული სატრანსპორტო ამფორების წამყვანი ჯგუფები.

წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ვხედავთ, რომ ქიოსის იმპორტი არ ჩამოუვარდება სხვა ცენტრების იმპორტს, როდოსის გარდა, რაც როდოსის ელინისტური ხანის პერიოდში ექსპანსიის შედეგია. ქიოსური ამფორების როგორც ფრაგმენტების, ასევე დამღების აღმოჩენა სხვადასხვა ძეგლზე მიუთითებს ამ ბერძნული ერთეულის სავაჭრო კავშირებზე ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ქალაქებთან.

ქიოსი ანტიკურ ეპოქაში წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და აყვავებულ ცენტრს, რომელიც თავის საკუთარ პროდუქციას აწარმოებდა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში - ძვ.წ. VII საუკუნიდან ძვ.წ. I საუკუნის ჩათვლით. ქიოსელმა ვაჭრებმა აითვისეს არა მხოლოდ ახლომდებარე რეგიონები, არამედ წავიდნენ შორს, ჩრდილოეთ აფრიკაში.

ქიოსური ღვინო იყო საკმაოდ ძვირადღირებული და ნაწილობრივ ამის გამოა, რომ ქიოსური ამფორები არ მიმოიქცეოდა ისეთი დიდი რაოდენობით, როგორც, მაგალითად, კოსის ან კნიდის. პლუტარქეს ანეკდოტში სოკრატეს მეგობარი ჩივის, რომ ,,ქიოსური ღვინო ღირს 100 დრაქმა თავისი ექსტრავაგანტული არომატის გამო“ [Plut. moralia, 470, F]; ფასი აქ გაზვიადებულია, მაგრამ, ღირებულების მიუხედავად, იგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იყო ანტიკურ ეპოქაში; [Grace, 1934: 198; Grace, 1979]. როდოსის, კნიდის და კოსის ღვინო გაცილებით უფრო იაფი ღირდა (კნიდის - 20 დრაქმა) და ამით აიხსნება ის, რომ როდოსული ამფორების რაოდენობა აჭარბებს სხვებს მოცემული სტატისტიკის მიხედვით [Talcott, 1935: 494-497].

ეკონომიკური აფეთქება ქიოსზე გრძელდებოდა ძვ.წ. 86 წლამდე, მითრიდატეს მიერ მის საბოლოო განადგურებამდე. რომაულმა სამოქალაქო ომებმა, სხვადასხვა სამხედრო ოკუპაციამ და, სავარაუდოდ, ავგუსტუსის სამონეტო სისტემამ, რომელიც ზღუდავდა ვერცხლისა და ოქროს მოჭრას, გაანადგურა ერთხელ და სამუდამოდ ქიოსის სავაჭრო აქტივობა. შესაბამისად, ეკონომიკის საერთო დაკნინებაა იმის მიზეზი, რომ სწორედ ამ პერიოდში წყდება ქიოსური ამფორების წარმოება [Rostovtzeff, 1986: 245; Sarikakis, 1986: 124-125].

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დასახლებულმა ბერძნებმა დაიწყეს ადგილობრივი ვაზის კულტივირება. ამ პერიოდში მიმდინარეობდა ვენახების გაშენება ეგვიპტეში, განსაკუთრებით დელტას რეგიონში, მაგრამ ზენონის პაპირუსი (ძვ.წ. 260-259 წელი) მიუთითებს, რომ ღვინო თასოსიდან, კნიდიდან, ქიოსიდან და ლევკასიდან მაინც შემოდიოდა.

ჩრდილო აფრიკის ქვეყნებში ღვინო იწარმოებოდა, მაგრამ მისი ხარისხი დაბალი იყო. მხოლოდ რომის იმპერიის ხანაში (ძვ.წ. I - ახ.წ. IV ს-ში) დაიწყო მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება სანაპირო ზოლში.

 

1 დამღების შემთხვევაშიც ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ როდოსის, კნიდის, თასოსისა და სინოპის ამფორებზე ორ-ორი დამღა ისმებოდა, ანუ ერთ ამფორას ორი დამღა ჰქონდა. 

 

 

ლიტერატურა

Boardman J.
1967
Excavations in Chios, 1952-1955: Greek Emporio. British School at Athens supplement, 6. London.
Boardman J.
1994
Settlement for Trade and Land in North Africa; Problems of Identity: Archaeology of Greek Colonization. Esseys Dedicated to Sir John Boardman. G. R. Tsetskhladze, F. De angelis (eds.), ‘’Oxford University School of Archaeology”, Oxford.
Boardman J.
1980
The Greeks Overseas; Their Colonies and Trade. ‘’Thames and Hudson”, London.
Boardman J. Hayes J.
1966
Excavations At Tocra – 1963-1965. The Archaic Deposits I. Supplementary volume No. 4. ‘’British School at Athens“.
Boardman J. Hayes J.
1973
Excavations at Tocra 1963-1965. The Archaic Deposits II and Later Deposits. The British School of Archaeology at Athens. ‘’The society for Libyan studies”, Tripoli.
Cook J. M.
1962
The Greeks in the East, ‘’Thames and Hudson”, London.
Coulson W.
1996
The Survey at Naukratis: Ancient Naukratis. Volume II, part I. Oxbow Monograph 60. W. D. E. Coulson (ed.), ‘’Oxbow Books”, London.
D’angelo I.
2006
Imported Greek Pottery in Archaic Cyrene; The Excavations in the Casa del Propileo: Naukratis, Greek Diversity in Egypt. Studies on East Greek Pottery and Exchange in the Eastern Mediterannean. A. Villing, U. Schlotzhauer (eds.), British Museum Press, London.
De Miro E. Polito A.
1991
Leptis Magna. Dieci Anni di Scavi Archeologici nell’Area del Foro Vecchio. I Livelli Fenici, Punici e Romani. ‘’L'Erma di Bretschneider”.
Elrashedy F.
2002
Cyrenaica and the Maritime Trade Routes. Imports of Post-Archaic Greek Pottery into Cyrenaica from the end of the Archaic to the Beginning of the Hellenistic period: BAR International Series 1022, ‘’Archaeopress”, Oxford.
Gill D.
2006
Early Colonization at Euesperides; Origins and Interactions: Greek and Roman Colonization. Origins, Ideologies and Interactions. G. Bradley, J-P Wilson (eds.). ‘’The Classical press of Wales”.
Grace V.
1961
mphoras and the Ancient Wine Trade, Excavations of the Athenian Agora, Picture Book, #6, Princeton-New Jersey.
Grace V.
1979
Exceptional Amphora Stamps; Studies in Classical art and Archaeology. G. Kopcke, M. B. Moore (eds.), ‘’Locust Valley”, New York.
Grace V.
1934
Stamped Amphora Handles Found in 1931-1932: Hesperia volume. 3. no 2. The American Excavations in the Athenian Agora: Fourth Report, ‘’American School of Classical Studies at Athens, Athens.
Grace V.
1949
Standart Pottery Containers of the Ancient Greek World: Hesperia Supplement, VIII. Commemorative Studies in Honor of Theodore Leslie Shear. ‘’American School of Classical Studies at Athens”, Athens.
Görantson K.
2006
The Classical and Hellenistic Amphorae from Euesperides. Monografie di Archeologia Libica XXX. Cirene e la Cirenaica Nell’antichita’. XI Convegno Internazionale di Archeologia Cirenaica Organizzato in Occasione del 500 Anniversario della Fondazione dell’Universita’ degli studi di Urbino. 30 giugno-2 luglio, 2006. Vol. II. M. Luni (a cura di). ‘’L’Erma di Bretschneider”.
Göransson K.
2002
Transport Amphorae from Euesperides (Benghazi) Libya, A presentation of Preliminary Results: Transport Amphorae and Trade in the Eastern Mediterranean. Acts of the International Colloquium at the Danish Institute at Athens, September 26-29, 2002. J. Eiring, J. Lund. (eds.) Monographs of the Danish institute at Athens, volume 5. ‘’Aarhus University Press”, Denmark. Herodotus The Histories. I, 30; II, 16, 169; IV, 151-153. Plutarch Moralia. 470, F.
Rehard J.
1996
Stamped Amphora Handles: Ancient Naukratis. Volume II, part I: Oxbow monograph 60. W. D. E. Coulson (ed.), Oxbow Books, London.
Riley J.
1979
Typology of the Hellenistic and Roman Coarse Pottery of Berenice. Excavations at Sidi Khrebish Benghazi (Berenice). Volume II, ‘’The Society for Libyan Studies”, Tripoli.
Rostovtzeff M.
1986
The Social and Economic History of the Hellenistic World. Oxford Edition, vol. 1 and 2. ‘’Oxford University Press”, Oxford.
Sarikakis Th.
1986
Commercial Relations Between Chios and Other Greek Cities in Antiquity: Chios: A Conference at the Homereion of Chios. J. Boardman, C.E. Vaphopoulou- Richardson (eds.), Clarendon Press, Oxford
SztetyŁŁo Z.
2000
Pottery Stamps; General Characteristics of Stamps from Tell Atrib. Stemple Ceramiszne Tell Atrib 1985-1995. I. Z. SztetyŁŁo, K. MyŚliwiec, W. Ratunkowe (eds.), ‘’Wydawnictwo Neriton”, Warszawa.
Talcott L.
1935
Attic Black-Glazed Stamped Ware and Other Pottery from a Fifth Century Well: Hesperia, volume 4, ‘’American School of Classical Studies at Athens, Athens.
Villing A. Schlotzhauer U.
2006
Naucratis and the Eastern Mediterannean; Past, Present and Future: Naukratis: Greek Diversity in Egypt. Studies on East Greek Pottery and Exchange in the Eastern Mediterannean. A.Villing, U. Schlotzhauer (eds.), ‘’British Museum Press”, London.
Whitbread I.
1995
Greek Transport Amphorae, ‘’British School at Athens”, Athens.