რეგიონალური იდენტობა: საქართველოს ცენტრი და პერიფერია (1900-1917)

ნაციონალური იდენტობის საკითხი ძირითადად ერისთვის დამახასიათებელ საყოველთაოდ ცნობილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით განიხილება. ესენია: ენა, რელიგია, ისტორიული მეხსიერება, ტრადიცია, ტერიტორია და ამასთან,  მნიშვნელოვანია საზოგადოების მიერ თითოეული მათგანის აღქმის თავისებურებანი. ბუნებრივია, აღნიშნულის გააზრება უნდა მოხდეს ეპოქის მოთხოვნებიდან, სულისკვეთებიდან გამომდინარე, რადგან საუკუნეების  განმავლობაში  საზოგადოების ცნობიერება გარკვეულ ცვლილებებს განიცდის. ამიტომ ზემოთ აღნიშნულთან ერთად ქართული, ეროვნული იდენტობის გააზრებისათვის მნიშვნელოვანია ეპოქის, სოციალურ ფენათა ცნობიერების ცვალებადობის გათვალისწინება და ცენტრისა და პერიფერიის ჩართულობის შეფასება ქართველი ერის განვითარების გზაზე [სონღულაშვილი, 2011: 297]. 

1900-1917 წლების საქართველოს ისტორიის სრულყოფილად შესასწავლად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აღქმის თავისებურებების შეფასება. ქართული სინამდვილის აღსადგენად აუცილებლობას წარმოადგენს, როგორც სხვადასხვა სოციალური ფენების თუ ჯგუფების დამოკიდებულების გარკვევა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ-რელიგიურ პროცესებთან, ასევე, აღნიშნულ პროცესში ცენტრის და პერიფერიის, ანუ ქალაქის და სოფლის, ჩართულობისა და როლის შეფასება.                                                                       

1900-1917 წლები მეტად რთული და მრავალმხრივ საინტერესო პერიოდია. აღნიშნულ ქრონოლოგიურ მონაკვეთში საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. 1. ერთი მხრივ, ეს არის XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან შექმნილი მოვლენების იდეური გაგრძელება, როდესაც თერგდალეულების ე.წ. მემკვიდრეები ცდილობენ ნაციონალიზმის პროპაგანდას, ცოდნის ამაღლებას, ქვეყნის ისტორიის გაცნობას, წარსულის იდეალიზებას, ეროვნული ფასეულობების დაცვის შეგნების გაღვივებას. 2. რუსეთში ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, XIX  საუკუნის II ნახევრიდან, მკვიდრდება კაპიტალიზმი და, ბუნებრივია, საქართველოში, როგორც რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფ ქვეყანაში, გავრცელებას იწყებს ახალი ეკონომიკური სისტემა, რომელმაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ ეკონომიკური ფორმების  შეცვლას, არამედ მთელი რიგი გარდაქმნებიც გამოიწვია  პოლიტიკურ ცხოვრებაში და საზოგადოების ფართო ფენების ცნობიერების რადიკალურად შეცვლა განაპირობა. რაც მთავარია, ქართული კულტურული და პოლიტიკური ელიტის მთავარი მიზანი ხდება გლეხის უფლებების დაცვა, მისი ფუნქციების გამოკვეთა. 3. `XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან ჩნდებ კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი ახალი სოციალური ფენები: პროლეტარიატი და ბურჟუაზია, ყალიბდება სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, რომელთაც თავისუფლების მოპოვების და საქართველოს სამომავლო განვითარების საკუთარი ხედვა გააჩნდათ. თითოეული მათგანი ცდილობდა სოციალურად დაბალი ფენის წარმომადგენლების ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში~ [სონღულაშვილი, 2011: 299].                                                    

XIX საუკუნის I ნახევარში ანტირუსული აჯანყებების წარუმატებლად დასრულების შედეგად ქართული კულტურული და პოლიტიკური ელიტა დარწმუნდა იმ ეტაპზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის უპერსპექტივობაში.  `XIX საუკუნის II ნახევრიდან იწყება ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი. შეიარაღებული  გამოსვლები ადგილს უთმობს იდეოლოგიურ ბრძოლას, სათანადო შეგნების გაღვივებას მოსახლეობაში, რასაც მთელი ქართველი საზოგადოება უნდა შეემზადებინა კოლონიური უღლის მოსაშორებლად~ [მალაზონია, 2001: 4].  XIX საუკუნის II ნახევრიდან  კაპიტალისტური ურთიერთობის ფართოდ გავრცელებამ სამრეწველო-ტექნიკური პროგრესის განვითარებას შეუწყო ხელი. აქედან გამომდინარე, ქართველი ინტელიგენციისათვის ნათელი გახდა, რომ სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესში აუცილებელი იყო სამეურნეო-ტექნიკური როლის წინა პლანზე წამოწევა და სასწავლო პროგრამაში  შეტანა.                                                     

ეროვნული პრობლემის კვლევის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, როგორ აღიქვამს და რა დატვირთვას ანიჭებს კულტურული და პოლიტიკური ელიტა  ცენტრსა და პერიფერიას, ანუ ქალაქსა და სოფელს, 1900-1917 წლებში.  ეს ის  პერიოდია, როდესაც, ერთი მხრივ, განვითარების ახალ სტადიაში შედის კაპიტალისტური სისტემა და იცვლება სამეურნეო-სამრეწველო ტექნიკა, ყალიბდება ახალი სოციალური სტრუქტურა და, მეორე მხრივ, რუსეთის ხელისუფლების ანტიქართული პოლიტიკა კულმინაციას აღწევს  და ქართულ კულტურას, ეროვნულ ტრადიციებს და ეროვნულ ცნობიერებას გარუსების საფრთხე ემუქრება.                                                                                                        

ქართულ ისტორიოგრაფიაში ქალაქისა და სოფლის ცალკეულ საკითხებზე არაერთხელ გამახვილებულა ყურადღება. ქალაქისა და სოფლის ჩამოყალიბების, განვითარებისა  და ურთიერთობის საკითხი არაერთი მეცნიერის კვლევის საგანი გამხდარა და თითოეული პრობლემა სხვადასხვა კუთხით არის შესწავლილი. თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი კვლევის მიზანს წარმოადგენს  ქალაქისა და სოფლის ჩართულობის წარმოჩენა ეროვნული იდეის განვითარების პროცესში.              

საუკუნეების   განმავლობაში  ქალაქმა განვითარების სხვადასხვა საფეხური განვლო, თუმცა, ფაქტი ერთია: სხვადასხვა ეპოქაში ქალაქს თავისი პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური დატვირთვა ჰქონდა.  1900-1917 წლებში ქალაქის ცხოვრება ახალ განზოგადებას იძენს: გარდა იმისა, რომ კაპიტალიზმის პირობებში ქალაქს ახალი ეკონომიკური ფუნქცია მიენიჭა, იგი გახდა კულტურული ცენტრი, პოლიტიკური და კულტურული ელიტის მთავარი დასაყრდენი საკუთარი იდეების და შეხედულებების რეალიზაციისათვის. სწორედ ქალაქიდან იწყება ეროვნული იდეების პროპაგანდა სოფლის მიმართულებით. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა 1908 წლის გაზეთ `მერცხლის~ სტატია ქალაქზე. ავტორი ხაზს უსვამს ქალაქის როლს თანამედროვე ცხოვრებაში. მისი აზრით, ქალაქი ტონს აძლევს მთელ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ამასთან `ქალაქს დიადი გავლენა აქვს პროვინციის ცხოვრებაზე არა მარტო ეკონომიკური მხრით, არამედ იგი ღრმა დაღს აჩნევს და ასეთ თუ ისეთ მიმართულებას აძლევს, ასეთ თუ ისეთ სულს ჰბერავს სოფლის ცხოვრებას. აგრეთვე სოციალური, კულტურული და პოლიტიკური საქმე, ყოველი ახალი პოლიტიკური მიმდინარეობა თუ სოციალური მოძრაობა პირველად ქალაქში იჩენს ხოლმე თავს, იქ იკიდებს ფეხს და მხოლოდ შემდეგ თანდათან გადადის და ვრცელდება სოფელშიაც. რაც უფრო ცოცხლად ფეთქს კულტურულ-პოლიტი-კური  ცხოვრება თუ სოციალური მოძრაობა ქალაქში, მით უფრო მეტი სოცოცხლე ემჩნევა ცხოვრება-მოძრაობას სოფელშიაც, და პირიქით, რაც უფრო შეფერხებული და მოდუნებულია ცხოვრება-მოძრაობა ქალაქში, მით უფრო გაყინულია იგი სოფელშიაც~ [მეთაური..., 1908: 1].                                                                                           

1900-1917 წლების საქართველოში ქალაქებს ახალი მნიშვნელობა და დატვირთვა ენიჭება. შემთხვევითი არ არის, რომ ის  მთავარი ცენტრია, რომლის საშუალებითაც უნდა მოხდეს სოფელთან დაკავშირება და  მოსახლეობასთან დაახლოვება. ქართული ინტელიგენცია სწორედ მათი დახმარებით იმედოვნებს განახლებული ცხოვრების სტილის შეტანას სოფელში, მოსახლეობის გათვითცნობიერებას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას. ასევე ქალაქებში იხსნება მრავალი  სასწავლო დაწესებულება, რომლებშიც, განათლების მიღების გარდა, კულტურული ელიტა საზოგადოების ფართო ფენებში ეროვნული ცნობიერების ამაღლებას ცდილობდა. ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, რომ ქალაქი ახალ ეპოქაში ახალი მოთხოვნებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. გაზეთი `სამშობლო~ 1916 წელს წერდა: `პოლიტიკურად ქალაქს ყოველთვის პროგრესიულ-დემოკრატიული მნიშვნელობა ჰქონია. სოფელი უფრო მცირერიცხოვანი, განმარტოებული და უძლური იყო და, მაშასადამე, მისი დამორჩილება და დამონება უფრო ეადვილებოდათ ხოლმე დესპოტებს. ამიტომ ძველ დროში პოლიტიკურ-სოციალური თავისუფლება მხოლოდ მთათა სოფლებსღა შერჩენოდათ. ქალაქი კი ამ მხრით იგივე მიუვალი მთა იყო, რადგან, ჯერ ერთი, ხალხის სიმრავლეს შეიცავდა და, მეორე, უკეთესი საომარი იარაღი და სიმაგრე  მოეპოვებოდა, ვიდრე სოფელს. ამიტომ სამოქალაქო თავისუფლებათა სიმტკიცე ქალაქებში იშვა და გაიზარდა~ [წერეთელი, 1916: 2].                                          

1900-1917 წლებში განათლებისა და სასწავლო დაწესებულებების მნიშვნელობა  მეტად გაიზარდა.  სწორედ მათი საშუალებით ცდილობს და ნაწილობრივ ახერხებს კიდეც კულტურული და პოლიტიკური ელიტა საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას თითქმის ყველა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხში. ამ  მოვლენებს, არც ქალაქის და სოფლის  მოსახლეობა ჩამორჩება. კაპიტალისტური სისტემის დამკვიდრებამ საქართველოში ხელი შეუწყო ახალი ეტაპის დაწყებას ეკონომიკური თუ კულტურულ-პოლიტიკური  თვალსაზრისით. კაპიტალიზმის მეშვეობით ქალაქი და სოფელი უფრო მეტად დაუკავშირდა ერთმანეთს და მათ შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა დამყარდა. ამ ყოველივემ  თავისი გავლენა იქონია  კულტურის განვითარებაზეც. სწორედ ამით აიხსნება ქართული საზოგადოების  მოწინავე ნაწილის  მიზანმიმართული მოღვაწეობა,   გაეხსნათ ახალი სკოლები, რომლებიც, გარდა ზოგადი ინტელექტის ამაღლებისა, ეკონომიკური ცოდნის მიცემასაც შეუწყობდა ხელს. ეს ყოველივე დადებითად აისახებოდა ქვეყნის მდგომარეობაზე. `სკოლა თანამედროვე განვითარების აუცილებელ იარაღად გადაიქცა, თანამედროვე კაპიტალიზმს სჭირია ხალხის მაღალი განათლება, ვინაიდან უამისოდ მსხვილი წარმოების რთული მართვა-გამგეობის აპარატი ვერ იმუშავებს. ამას საჭიროებ, როგორც ქალაქის ფაბრიკის პროლეტარი, ისე სოფლის გლეხი და სოფლის მუშა~ [შვარცი, 1906: 2]. განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა თბილისს და ქუთაისს, რომლებიც მთავარი ცენტრები იყვნენ ეროვნული იდეის ქადაგების თვალსაზრისით. ფაქტობრივად აქ იყრიდნენ თავს კულტურული და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები. სწორედ აქ ეყრებოდა საფუძველი მრავალ ორიგინალურ იდეას, რომლებიც შემდეგ საზოგადოების ფართო ფენებში ვრცელდებოდა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ XIX საუკუნის ბოლოს   თბილისს არ ჰქონდა ის კულტურული მნიშვნელობა,    რომელიც XX საუკუნის დასაწყისიდან  შეიძინა.  ქართული ინტელიგენტური ძალების აქტიური მოღვაწეობისა და იმ ეროვნული პროგრამის შედეგად, რომელსაც საფუძველი XIX საუკუნის 60-იან წლებში ჩაეყარა, საზოგადოების ცნობიერება რადიკალურად შეიცვალა და, ბუნებრივია, ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოს ცალკეული ქალაქები და, მათ შორის, თბილისი იყო. გაზეთი `თანამედროვე აზრი~ 1916 წელს წერდა: `თფილისი ერთად ერთი ცენტრია, სადაც თავმოყრილია სოციალური და იდეური ცხოვრების ყველა ძაფები. ქუთაისი კი, როგორც წვრილბურჟუაზიული  და გლეხური პროვინციის დედაქალაქი, იდეურად მხოლოდ თბილისიდან იკვებება~ [სოფელი..., 1916: 1]. საინტერესოა აღინიშნოს,  რომ კაპიტალიზმის ეპოქის საქართველოში ქალაქი მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს და, რაც მთავარია, ქართული სახელმწიფოებრიობის აღორძინებისა და ეროვნული ფასეულობების შენარჩუნების თვალსაზრისით ქალაქს ახალი სიტყვა უნდა ეთქვა. ამასთან, ქალაქის მთავარ ეკონომიკურ ცენტრად გახდომის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ამ მონაპოვრის შენარჩუნება და ახალი მიმართულებით აღორძინება. ფაქტობრივად, საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე ეს იყო ახალი ეპოქის დასაწყისი სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. ფეოდალური სისტემის დარღვევის შემდეგ კაპიტალიზმმა საქართველოშიც შემოაღწია და  სერიოზული პრობლემების მიუხედავად XX საუკუნის დასაწყისში გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია.  სწორედ ამით აიხსნება ქართული კულტურული და პოლიტიკური ელიტის მხრიდან მუდმივი მოწოდებები საქალაქო ცხოვრების აღორძინებ- ულიყო და გაზრდილიყო  სხვადასხვა სოციალური ფენის ჩართულობა.            

ქართული ტრადიციებიდან და ისტორიიდან, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე სოფელი ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა  საქართველოს ცხოვრებაში. როგორც ცნობილია, საქართველო საუკუნეების    განმავლობაში მიწათმოქმდების ქვეყნად მიიჩნეოდა.   ახალ ეპოქაში, ბუნებრივია, აუცილებლობას წარმოადგენდა ტრადიციების შენარჩუნება და გაგრძელება. ამასთან, დროის მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი გამოწვევების გათვალისწინებაც საჭირო იყო.                                                                                                        

ქართული ინტელიგენციის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სოფლის აღორძინება და გლეხური მეურნეობის ახალ სტანდარტებზე გადასვლა წარმოადგენდა. ფეოდალიზმის ეპოქაში მებატონისა და გლეხის ურთიერთობა აგებული იყო ეკონომიკურ პოლიტიკაზე და გლეხი მათ უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.   ამავე დროს ყველას გაცნობიერებული ჰქონდა საკუთარი ფუნქცია;  ყველა მორგებული და მიჩვეული იყო არსებულ სისტემას; რომელიც დამკვიდრებული იყო. ბატონყმობის გაუქმებამ და კაპიტალისტური წყობის დამკვიდრებამ შეცვალა არსებული ვითარება. ეკონომიკური ურთიერთობის შეცვლამ დიდი გარდატეხა შეიტანა გლეხის ცნობიერებაში. ფეოდალიზმის ეპოქა დასრულდა და საჭირო იყო, გლეხი ჩართულიყო ახალ ცხოვრებაში. რაც არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ცვლილება განიცადა საუკუნეების განმავლობაში  ჩამოყალიბებულმა წეს-ჩვეულებებმა. გლეხი ახალ ცხოვრებაში ჩაება.  1900-1917 წლებში ქართული კულტურული და პოლიტიკური ელიტა მთლიანად მიმართულია  ჩართოს სოფელი ეროვნულ პროცესებში და  მოახერხოს მისი  შეგუება კაპიტალისტურ წყობასთან. `სოფელი -  ეს დედაბოძი ჩვენის ცხოვრებისა, დღემდე შეუსწავლელია. არ ვიცით, როგორ ცხოვრობს ჩვენი გლეხკაცი, რა იარაღით ებრძვის დღევანდელს უნუგეშო მდგომარეობას, რა აწუხებს, ან რის იმედით სულდგმულობს, რა დამოკიდებულება აქვს თავადაზნაურობასთან, სამღვდელოებასთან და იმ აუარებელ სახელმწიფო მოხელეებთან, რომელნიც გარს ეხვევიან, ჰნატრობენ, ჰზრუნავენ მათის ცხოვრების განკარგებისათვის და ამასთან იმათვე ნაშრომს ჰკრეფავენ სახელმწიფოს სასარგებლოდ და საერობო დაწესებულებათა შესანახად. არც ერთი მოვლენა ჩვენის სოფლის ცხოვრებისა ისე გამოკვლეული არ არის, რომ მის შესახებ ერთი და იგივე ჭეშმარიტი აზრი იქონიოს ყველამ~ [ტილისელი, 1902: 1]. სოფლის წარმატების დამაბრკოლებელ მიზეზად ივერია შემდეგ ფაქტორებს მიიჩნევდა. `რა აბრკოლებს სოფლის წარმატებას? პირველი. უმეტესი ნაწილი ჩვენი მამულებისა არ არის გამიჯნული და ამის გამო აუარებელი დავაა გამართული. მეორე. დროებითი ვალდებულება. მესამე. არ გვაქვს გონივრული მოწყობილი სახელოსნო სახალხო სკოლები, სადაც ბავშვებს შეეძლოთ ნამდვილ პედაგოგიურს საფუძველზედ სწავლის მიღება~    [რუსეთი, 1902: 2].                                

სწორედ ეს პრობლემები იქცა XX საუკუნის პირველი ოცწლეულის მთავარ გამოწვევად. თუმცა, მთავარი და აუცილებელი   სწავლა-განათლების გავრცელება იყო, რომლის საშუალებით უნდა გადაწყვეტილიყო ყველა ის საკითხი,  რომლებიც ეპოქის მოთხოვნას წარმოადგენდა. განათლების გავრცელებას საზოგადოების ფართო ფენებში ხელი უნდა შეეწყო არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ სამეურნეო ცოდნის ამაღლებისათვისაც და საბოლოო შედეგი ეკონომიკური წარმატება ყოფილიყო. ზოგადად, სწავლა-განათლებას მნიშვნელოვანი  ფუნქცია ეკისრებოდა ახალ ეპოქაში. სკოლებს, სასწავლო დაწესებულებებს   დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდათ არა მხოლოდ ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნების, არამედ პოლიტიკური დონის ამაღლების და ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისითაც.                                              

XIX საუკუნის II ნახევრიდან ქართული კულტურული და შემდეგში პოლიტიკური ელიტა მუდმივად  მიილტვოდა კაპიტალისტური სისტემისთვის დამახასიათებელ პროცესზე გადასვლისაკენ. თუმცა, ეს ყოველივე არც ისე ადვილად და სწრაფად მოხდა. განსაკუთრებით რთული მისაღები იყო კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი წესები სოფლის მოსახლეობისთვის, გლეხისთვის. მართალია, ქალაქშიც მტკივნეულად მიმდინარეობდა ეს პროცესი, მაგრამ სოფელთან შედარებით  იგი უფრო წინ იყო წასული. თუ საუკუნის დასაწყისში სოფლისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ახალ ეკონომიკურ სისტემასთან შეგუება,  ქართული კულტურული და პოლიტიკური ელიტის მოღვაწეობის შედეგად მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. სოფლის მცხოვრებლებმა გააცნობიერეს ახალი ეპოქის გამოწვევები და მეტ-ნაკლებად ცდილობდნენ საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებას სამეურნეო ცოდნის ამაღლებით.   თავდაპირველად საზოგადოება გულგრილად უყურებდა როგორც განათლების მიღებას, ისე სამეურნეო ცოდნის ამაღლებას. ნელ-ნელა ეს მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა და 1917 წელს გაზეთი `სახალხო საქმე~ წერდა: `ერთი გარემოებაა დიდად ყურადსაღები სოფლად. ასეა თუ ისე დღეს პოლიტიკური მუშაობაა, ხალხში პოლიტიკური შეგნება შედის, ხალხი პოლიტიკურად იღვიძებს, გამოდის სახელმწიფოებრივ სარბიელზე. მაგრამ ამასთან ერთად კიდევ უფრო გრძნობს კულტურულ-ეკონომიკური მუშაობის საჭიროებას. პოლიტიკაზე არანაკლებ სწყურია სოფლის ეკონომიკა, მეურნეობის აღორძინება, განვითარება, ცოდნის, განათლების გავრცელება, სოფელი მომწიფებულია ამისთვის, მზადაა, ელის მოუთმენლადუამისოდ მისი მდგომარეობა არსებითად არ შეიცვლება~  [ფირცხალავა, 1917: 2].                            

ქალაქის და, განსაკუთრებით სოფლის, თემას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია XX საუკუნის პირველი ოცწლეულის ქართულ მედიაში. თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთში საუბარია იმ პრობლემებზე,  რომლებიც აწუხებს ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ  განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროვინციის საკითხს, რადგან ახალი ეკონომიკური და სოციალური გარდაქმნები განსაკუთრებულად რთულად აღიქვა სოფელმა. ამას ემატებოდა ადგილობრივი მოხელეებისა და მმართველების მიერ დაწესებული გადასახადები, რაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებდა ისედაც გაღარიბებულ სოფელს.                                                                                                                     

ჟურნალ-გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა სტატიები საქართველოს სხვადასხვა სოფლებისა და ქალაქების შესახებ. აქ საუბარი იყო ყველა პრობლემაზე, მიღწევებზეც და წარუმატებლობებზეც.   სტატიებში გაშუქებული იყო,   როგორც ყოფითი, ისე საზოგადო პრობლემებს. ქართული კულტურული და პოლიტიკური ელიტის ყურადღებას იქცევდა ქალაქის და, განსაკუთრებით, სოფლის მცხოვრებლების ყოფა-ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ორგანოში იბეჭდებოდა სტატიები ამასთან დაკავშირებით, ცალკე უნდა აღინიშნოს გაზეთი `თანამედროვე აზრი~, რომელიც გამოდიოდა 1915-1917 წლებში ნ. ჟღენტის რედაქტორობით. იგი ასახავდა მოვლენებს, რომლებიც აქტუალური იყო აღნიშნულ ეპოქაში და ნათლად გამოხატავდა სოფლის მცხოვრებლების სულისკვეთებასა და მოთხოვნებს. ამასთან წარმოაჩენდა, როგორ აღიქვამდნენ ისინი   ეროვნულ იდეას და საზოგადოებრივ საკითხებს.                                   ჟურნალ-გაზეთებში ყურადღება მახვილდება საქართველოს ყველა კუთხეზე, წინა პლანზე წამოწეულია ის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით აწუხებს ამა თუ იმ მხარის მოსახლეობას (განსხვავებულია თითოეული კუთხის მცხოვრებლების ინტერესი). მაგალითად, თუ გურიაში ხალხი განათლების მიღებისთვის განსაკუთრებით აქტიურობს, სამეგრელოში პირიქითაა. განირჩევა მთისა და ბარის მდგომარეობა. გარდა ელიტის მიერ აქტუალიზებული საკითხებისა, ყურადღება მახვილდებოდა მოსახლეობის ყოფით პრობლემებზე. წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხის მდგომარეობა.[1]               

როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველო  1900-1917  წლებში გარკვეულ ცვლილებებს განიცდის, რაც დაკავშირებულია  როგორც  ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან, ასევე მსოფლიოში არსებულ გარდაქმნებთან. აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფოებრიობის საკითხი მეტად აქტუალური გახდა და, ბუნებრივია, საზღვარგარეთ განათლებამიღებული ქართული კულტურული და პოლიტიკური ელიტა მაქსიმალურად ცდილობს ქართული საზოგადოების ახალ სისტემაზე გადაყვანას.  რაც მთავარია,   იგი ხალხში ეწევა თავისუფლების იდეის პროპაგანდას. ბუნებრივია, გამონაკლისს არც სოფელი წარმოადგენს. პოლიტიკურ გარდაქმნებს  ეკონომიკურიც თან ახლდა. ფეოდალიზმის გადმონაშთები ყველაზე მეტად სწორედ სოფელში არსებობდა. საჭირო იყო   მათი აღმოფხვრა და სოფლის მოსახლების პოლიტიკური და ეკონომიკური დონის ამაღლება. როგორც ცნობილია, შუა საუკუნეებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია  და სასულიერო პირები უზრუნველყოფდნენ ეროვნული იდეების პოპულარიზაციას საზოგადოებაში. ახალ ეპოქაში სამღვდელოებასთან ერთად ამ მიმართულებით მოღვაწეობა სკოლასა და მასწავლებლებს დაეკისრა. სკოლები, გარდა განათლების გავრცელებისა, ყველა იმ პრობლემის აქტუალიზებას ეწეოდა, რომლებიც აწუხებდა საზოგადოებას. `დღევანდელი სოფელი მეტად რთული მოვლენაა. იქ ერთი მეორეზე გადახლართულია ათასნაირი ერთი მეორის საწინააღმდეგო სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობანი. იქ სწარმოებს ბრძოლა სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის. ომი, რა თქმა უნდა,  ერთსა და იმავე დროს კიდევაც ამწვავებს და კიდევაც ანვითარებს ამ ბრძოლას. ის საოცარი სისწრაფით აჩქარებს იმ დიფერენციაციას, რომელიც სწარმოებს თანამედროვე საზოგადოებრივ და ეკონომიურ ცხოვრებაში როგორც სოფლად, ისე ქალაქად, .. ომი აჩქარებს კაპიტალიზმის ზრდა-განვითარებას~ [ან..., 1916: 1]. ამ ფონზე   სოფლის კეთილდღეობაზე ზრუნვა  ინტელიგენციის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა. სოფლის წარმატებას, მათი აზრით, თვით გლეხები შეუწყობდნენ ხელს საკუთარი ცოდნის ამაღლებით სამეურნეო სფეროში.                                                                             

სწავლა-განათლება და სამეურნეო-სამრეწველო ცოდნის განვითარება ურთიერთკავშირში იყო და აქედან გამომდინარე შეიძლება გამოვყოთ  სოფლისთვის აქტუალური შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გადაჭრა სოფლის განვითარებისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა: 1. განათლებული მოღვაწეები, რომლებიც ნაციონალური იდეის პოპულარიზებას შეძლებდნენ. მოსახლეობას საკუთარი ქვეყნის ტრადიციებს, ისტორიას გააცნობდნენ და ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებისთვის სათანადო პირობებს შექმნიდნენ. 2. შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი პირები, რომლებიც   სოფელში შეიტანდნენ ახალ სამეურნეო იარაღებს, ახალ კულტურას, დააარსებდნენ სპეციალურ სკოლებს, რომლებშიც გლეხები  მიიღებდნენ  ტექნიკურ განათლებას, რაც ხელს შეუწყობდა სოფელში მოსავლიანობის გაზრდას და საბოლოო ჯამში უზრუნველყოფდა  ეკონომიკის აღმავლობას.                       

ამდენად, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ერის კონსოლიდაციის აღნიშნულ ეტაპზე სხვადასხვა საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანია ცენტრისა და პერიფერიის, ანუ ქალაქისა და სოფლის, ჩართულობის შეფასება. ცალკეული იდენტობრივი მახასიათებლების განსაზღვრასთან ერთად ქართული იდენტობის მთლიანობაში შესწავლა ამ პრობლემის გარეშე წარმოუდგენელია.


[1] ჩემს მიზანს წარმოადგენს  არა სოფლის ცხოვრების დეტალური განხილვა, არამედ იმის გარკვევა, თუ როგორ მოიაზრებს სოფელი თავს საქართველოს ნაწილად, როგორ ეგუება ახალ ეკონომიკურ წყობას და რა ცვლილებებს განიცდის მოსახლეობის ცნობიერება.                                                              

ლიტერატურა

ან
1916
საამდროვო წერილები. თანამედროვე აზრი. #125.
მალაზონია დ.
2001
ქართული ისტორიოგრაფიული აზროვნება XIX საუკუნის II ნახევარში. თბილისი.
მეთაური…
1908
მეთაური წერილი. მერცხალი. #1.
რუსეთი. . .
1902
რუსეთი1902 წელს. ივერია. #2.
სონღულაშვილი ნ.
2011
ქართული სოციალური გარემო 1900-19121 წლებში (გლეხობა). ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები. #5. თბილისი.
სოფელი. . .
1916
სოფელი 1916 წელს. #1. თანამედროვე აზრი.
ტფილისელი მ.
1902
სოფელი და სოფლელები. ივერია. #26.
ფირცხალავა ს.
1917
სოფელში. სახალხო საქმე. #33.
შვარცი
1906
ნაციონალური კითხვა და მუშათა კლასი. ნაპერწკალი. #4.
წერეთელი ვ.
1916
ქალაქი და სოფელი. სამშობლო. #384.