ადამიანის ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის აღმნიშვნელი ფრაზეოლოგიზმები ქართულ და ინგლისურ ენებში

თანამედროვე ჰუმანიტარული კვლევები სულ უფრო და უფრო კომპლექსური ხდება და ზოგჯერ მკვეთრი საზღვრის გავლება არც კი ხერხდება, შესასწავლი ობიექტის კვლევა კონკრეტულად რომელი დარგის პრეროგატივაა. Bბუნებრივია,  საქმე უფრო რთულდება, როცა კვლევის ობიექტი ენა ხდება. თანამედროვე ლინგვისტური კვლევების ინტერესი კარგა ხანია, გასცდა ენის, როგორც გრამატიკული სტრუქტურა-სისტემის, კვლევას და გაცილებით გაიფართოვა თავისი არეალი. ენა, როგორც სოციალური ინტერაქციისა და კულტურის შემქმნელი  საშუალება, შეისწავლება მრავალი თვალსაზრისით; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი, როგორც კულტურის პროდუქტის, ერთი მხრივ, და, ამავე დროს, მეორე მხრივ, კულტურის შემქმნელის შესწავლა.

ფიგურალურად რომ ვთქვათ, ენა არის ერთგვარი `საწყობი~, რომელშიც ჩალაგებულია საზოგადოების გამოცდილება, რწმენა-წარმოდგენები, კავშირები, ცვლილებები და ა. შ. ენა ვერბალიზებული, სიტყვიერად გამოხატული კულტურაა. სხვაგვარი ფორმულირებით, არ არსებობს ადამიანური ქმედების არც ერთი გამოვლინება, რომელიც ენაში (და, განსაკუთრებით, მის ლექსიკურ ფენებში) არ იყოს დალექილი. ფრაზეოლოგიზმების შესწავლა ლინგვოკულტუროლოგიის შესწავლის ობიექტად იქცა, რადგან ისინი, როგორც მყარი, სტაბილური ერთეულები, ასახავს ერის კულტურულ თვითმყოფადობასა და ცნობიერებას, მის მენტალობას. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ფრაზეოლოგიის შესწავლა დასავლეთევროპული და ამერიკული ენათმეცნიერების კვლევის ერთ-ერთ ძირითად საკითხად ითვლება, რადგან, როგორც ენათმეცნიერებისათვის, ისე, მაგალითად, კულტუროლოგებისათვის, ეთნოლოგებისათვის და სხვა მომიჯნავე სამეცნიერო დარგის წარმომადგენლებისათვის აშკარა გახდა, რომ ენისა და კულტურის ანალიზი ფრაზეოლოგიური მონაცემების გარეშე არასრულყოფილი იქნება, რადგან მასში არეკლილია  როგორც  ენობრივი, ისე ამ ენის მატარებელთა კულტურული თავისებურებანი [Cowie, 1998: 57]. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენის ფრაზეოლოგიური ერთეულები საკმაოდ კარგადაა შესწავლილი, ჯერ კიდევ გვხვდება საკითხები, რომლებიც ქართველ ენათმეცნიერთა ყურადღებას მოითხოვს. ვფიქრობთ, ადამიანის ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის აღმნიშვნელი ქართული და ინგლისური ფრაზეოლოგიის შესწავლა და შედარება  ლინგვოკულტუროლოგიური თვალსაზრისით საინტერესოა, რადგან ნათლად წარმოაჩენს ამ კულტურათა დამოკიდებულებას ადამიანთა ჯანმრთელობასთან, განწყობილებებთან, ფსიქოლოგიურრ მდომარეობასთან დაკავშირებით და ენაში მათი ასახვის გზებს.

ქართულ და ინგლისურ ენებში ჩვენ მიერ შესწავლილი ადამიანის ფიზიკური მდგომარეობის გამომხატველი ფრაზეოლოგიური ერთეულები შესაძლებელია დაიყოს შემდეგ თემატურ (ლექსიკურ-თემატურ) ჯგუფებად:

I. ფრაზეოლოგიური ერთეულები, რომლებიც ასახავს ორი (ქართული და ანგლოამერიკული) კულტურის წარმოდგენას ფიზიკური სიჯანსაღის, ჯანმრთელობის თაობაზე. ორივე ენის ფრაზეოლოგიზმებში ხაზგასმულია, რომ ადამიანის ჯანმრთელობა უაღრესად მნიშვნელოვანია:

მთავარია ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის ფასი არაფერია.

The first Wealth is health; You cannot bye health.

მიუხედავად იმისა, რომ ერთეულები არ გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და სიმრავლით, ზუსტად და სხარტად, მარტივი ენით ასახავს ამ კულტურათა შეხედულებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

II. ფრაზეოლოგიზმებში (როგორც ენის ორგანულ შემადგენელ ნაწილში), ასახულია ადამიანების უძველესი სამედიცინო ცოდნა და გამოცდილება და ფორმულირებულია მწყობრ ფრაზებად. ამ ჯგუფში შედის ინგლისურენოვანი ფრაზეოლოგიური ერთეულები, რომლებიც კვების, საკვებისა და ჯანმრთელობის კავშირს გადმოსცემს:

An apple a day keeps the doctor away; You are what you eat; Junk food;

Health food.

აღსანიშნავია, რომ ქართულ ენაში არ გვხვდება ზემოთ დასახელებული ფრაზეოლოგიური ერთეულების ზუსტი ანალოგიები. პირველი ორი მათგანის ეკვივალენტი ქართულში საერთოდ არ შეგვხვედრია, ხოლო მესამე შემთხვევაში ხდება ტრანსფერი ინგლისურენოვანი სამყაროდან, რადგან `ჯანქფუდი~ (პირდაპირი სესხება, კალკირება) დადასტურებულია თანამედროვე ქართულში; ჯანმრთელი/ჯანსაღი საკვები, როგორც ჩანს, ასევე გვიანდელი შემონატანია ენაში.

რასაკვირველია, ზემოთ ნათქვამი სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ქართულ კულტურას `არ ესმოდა~ კვებისა და საკვების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ქართულ ენაში დამკვიდრებული "დალოცვის" ფორმულებში გვხვდება ერთი სემასიოლოგიური ჯგუფი ფრაზეოლოგიური ერთეულებისა, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ქართველებმა კარგად უწყოდნენ საკვების, კვების პროცესისა და ჯანმრთელობის პირდაპირი კავშირის შესახებ: `ღმერთმა შეგარგოს", ჯანში წაგსვლოდეს" და ა. შ; და _ `საჭმელმა დასცადა~ (იტყვიან ახალ შემოსულ ხილზე ან ბოსტნეულზე, რომელიც აწყენს მის მიმღებს). ეს გამონათქვამები უფრო არაფორმალური ხასიათისაა, სასაუბრო სტილშია რეალიზებული და კარგად წარმოაჩენს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას კვებისადმი.

საკვებისა და კვების საკითხს უშუალოდ უკავშირდება წონის პრობლემასთან დაკავშირებული გამონათქვამები, რომლებიც, ძირითადად, ესთეტიკურ მხარეზეა კონცენტრირებული. აღსანიშნავია, რომ ქართულ ენაში, მაგალითად, ბავშვის სიმსუქნე არ აღიქმება ფიზიკურ დეფექტად, ხოლო მოზრდილის ზედმეტი წონა _ ნაკლია:

ფუნჩულა, ჩაპუტკუნებული; გოჭივითაა (ბავშვი, დადებითი კონოტაცია);

ღორივითაა გასუქებული; ღიპი ადევს; ქონის ნაჭერია  (ზრდასრული ადამიანი,უარყოფითი კონოტაცია).

მძიმეწონიანის მნიშვნელობით ინგლისურში დაცულია Overweight; (ნეიტრალური კონოტაციით). Fat; As big as a whale; As big as a house   (უარყოფითი კონოტაციით).

სიგამხდრის დადებითი კონოტაციის გვერდით (ქართული თხელი, ინგლისური slim)  ორივე ენაში გვხვდება გამოთქმები, რომლებშიც სიგამხდრე ნეგატიურადაა აღქმული:  Bag of bones; Skinny, twig; Thin as rail - ძვალზე გადაკრული ტყავი; კაკლის საბერტი ჯოხი; მოსიარულე ჩონჩხი; გამხმარი; გაფშეკილი...

III. სიკვდილი და მისდამი დამოკიდებულება.  ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელმაც იცის საკუთარი მოკვდავობის შესახებ. ის, ერთი მხრივ, აცნობიერებს ფაქტის გარდუვალობას და სიკვდილისადმი დამოკიდებულებას ასახავს ფილოსოფიაში, ლიტერატურაში, რელიგიაში. ადამიანის დამოკიდებულება სიკვდილისადმი დიდწილად არის განსაზღვრული მისი რელიგიური შეხედულებებით. ამ ბიოლოგიური კანონზომიერებისადმი დამოკიდებულება, ბუნებრივია, დალექილია ყველა ენაში, ყველა კულტურის წარმოდგენებსა და რიტუალებში. არსებობს არაერთი ცნობილი ნაშრომი სიკვდილის სოციოლოგიისა და ფილოსოფიის შესახებ. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება, ლინგვისტიკის პოზიციიდანაც შევისწავლოთ სიკვდილის ფენომენისადმი დამოკიდებულება. ამჯერად კი შევეცდებით, წარმოვადგინოთ ქართულ და ინგლისურ ფრაზეოლოგიურ ერთეულებში შემონახული დამოკიდებულებები სიკვდილისადმი.  

ამ თემატური ბლოკის შემადგენლობაში შედის ფრაზეოლოგიზმები,


  1. რომლებიც სიკვდილის ფაქტის კონსტანტაციას ახდენს და გვხვდება როგორც  ქართულ, ისე ინგლისურ ენებში:
    სულის განტევება; სულის უფლისათვის მიბარება; სულის ამოძრომა; სულის აღმოხდომა; გარდაცვალება. როგორც ვხედავთ, ამ სტრუქტურული ერთეულების უმრავლესობათა ბირთვს ქმნის სული ან სულის სახეცვლილება, რაც ქრისტიანული რელიგიის  თვალნათელი გავლენაა ენასა და ცნობიერებაზე.
    ინგლისურსა და ქართულ ენებში დაფიქსირებულია იდიომატური გამოთქმები, რომლებიც გარდაცვალების შედეგს, დამდგარ ფაქტს აღწერს, თუმცა რელიგიური ნიშნით არ არის მარკირებული:
    To pass away; Hit the dust; Kick the bucket; He fell asleep   .
    ცხოვრების დატოვება; გაღმა გასვლა; მარილზე გასვლა;
    ბავშვების დაობლება; შავები ჩააცვა ცოლ-შვილს.
  2. გარდაცვალების მოახლოებას, მოკვდინების პროცესს:
    უკანასკნელ დღეშია; ფეხზე ბატკანი ჰყავს გამობმული;
    სიკვდილის ბუზი დააჯდა; ესტუმრა მიქელ-გაბრიელი;
    სასიკვდილო სარეცელზეა, მაგისი დრო დათვლილია;
    მაგისი დღეები დათვლილია .
    Breathe one's last; In a bad way;  At death' s door; One's number is up;
    Dead man walking  და ა. შ.
    ორივე შემთხვევაში თვალშისაცემია მსგავსება როგორც სტრუქტურული, ისე სემანტიკური თვალსაზრისით.  
  3. ენებში შემონახულია ფრაზეოლოგიზმები, რომლებიც ასახავს სიკვდილის დადგომის განსხვავებულ პროცესებს:
    ა)
    ტანჯვით აღმოხდომა სულისა; ჭირის დარევა; ბედნიერი სიკვდილი; ერთიანად გაჟუჟვა - He suffered greatly; He died  peacfully; Drop like flies.  დიდი რაოდენობით ხალხის გარდაცვალება ერთდოულად, როგორც წესი, რაღაც ეპიდემიის გამო.
    ჯანმრთელი მკვდარი არ გინახავს? უცებ მოერია (სიკვდილი).  Die with one's boots on.
    როგორც ვხედავთ, შესასწავლ ენებში გვხვდება როგორც ტიპოლოგიურად მსგავსი ფრაზეოლოგიური ერთეულები (გამოხატულების პლანში, მსგავსება შეინიშნება ლექსიკურ დონეზეც კი): სასიკვდილო სარეცელზეა  - At death' s door; Breathe one's last  _ უკანასკნელი ამოსუნთქვა, ისე რადიკალურად განსხვავებული ერთეულები. ენებს შორის ტიპოლოგიური მსგავსება შეინიშნება ევფემიზაციასთან დაკავშირებითაც. 
    ევფემიზმები და ევფემიზაცია თავისი ფესვებით უკავშირდება ადამიანის შინაგან ბუნებას, მის შიშს ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი [Вавилова, 2011:14] და, აგრეთვე, პირდაპირი კავშირი აქვს უძველეს ენობრივ ტაბუსთან, რომელიც კრძალავდა საშიში მოვლენების პირდაპირ დასახელებას. ორივე ეს ენობრივი მოვლენა მიმართულია, რომ დაფაროს საშიში, ჭეშმარიტი არსი მოვლენისა ნეიტრალური ან დადებითი კონოტაციით და მოახდინოს ერთგვარი ფსიქოლოგიური დაცვა გარემო მოვლენებისაგან. ამავე რიგისაა
    ბედნიერი სიკვდილი, მოცემული განსაზღვრება, რასაკვირველია, დაშორებულია თავის პირდაპირ სემანტიკას, თუმცა, ერთგვარი ფსიქოლოგიური კომფორტის განცდას უქმნის მიმღებს.
    როგორც მოსალოდნელია, სიკვდილის სემანტიკის ევფემისტურად გადმოცემა დამახასიათებელია როგორც ერთი, ისე მეორე კულტურისათვის. ჩვენ მიერ განხილული მაგალითების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ევფემისტური ხასიათისაა, ამასთგან ხშირ შემთხვევაში ის შეზავებულია იუმორისტული ელფერითაც  (
    ბატკანი ჰყავს გამობმული და ა. შ.), რაც, ჩვენი აზრით, გამოხატავს არა იმდენად ადამიანის რეალურ განწყობას ამ თავისი არსით შემაძრწუნებელი მოვლენის მიმართ, არამედ მისი დამარცხების მცდელობას. იგივე შეიძლება ითქვას ინგლისურ ფრაზეოლოგიურ ერთეულზე Pop one's clogs.


IV.  ორივე ენაში გვხვდება ფრაზეოლოგიური ერთეულები, რომლებიც

 შეიცავს ლექსემა „სიკვდილს," როგორც ფრაზეოლოგიური ერთეულის ბირთვს. მათ შორის ერთ შემთხვევაში სრული ანალოგია შეინიშნება:

სიკვდილს ეთამაშება; სიკვდილისთვის თვალებში ყურება. Dance with death; Gamble with your life - როდესაც პიროვნება თავის სიცოცხლეს საშიშ, სარისკო სიტუაციაში აყენებს. ამ შემთხვევაში ხაზგასმულია ქცევის, ქმედების გაბედული, რისკიანი ბუნება.

ამავე რიგისაა ქართული სიკვდილის მონატრება; სიკვდილის დალოდება - He wants to go to a better place  და ა. შ. ადამიანის უკიდურესად მძიმე ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად.

V.  ადამიანის სხვადასხვა ფიზიკური მდგომარეობის გადმომცემი ფრაზეოლოგიზმებით მდიდარია როგორც ინგლისური, ისე ქართული ენები. სემანტიკური ველის ცენტრში დგას ადამიანის კარგი ფიზიკური მდგომარეობის  (ჯანმრთელობის) და არადამაკმაყოფილებელი ფიზიკური მდგომარეობის  (ცუდი ჯანმრთელობის) გადმომცემი ფრაზეოლოგიზმები, ხოლო პერიფერიაზე საშუალოდ, დამაკმაყოფილებლად ყოფნის აღმნიშვნელი გამონათქვამები. ლექსიკური ერთეულები განაწილებულია შემდეგ ქვეჯგუფებად:


  1. კარგი ფიზიკური მდგომარეობა:
    In the pink health; In the prime of one's life;Picture of good health; Full of beans; Hale and healthy; As fit as fiddle; Right as rain _ ხარივით ჯანმრთელია, კაჟივითაა; კენჭივითაა.
  2. არასახარბიელო ფიზიკურ მდგომარეობა:
    ჯანმრთელობის შერყევა; ჯანმრთელობის გაუარესება; ცუდ ფიზიკურ მდომარეობაში ყოფნა; ლოგინად ჩავარდნა;  ჯანის გატეხვა Off color; In bad shape; Under the weather; Touch-and-go; On your last legs/On its last legs; Run down; Fall ill.
  3. საშუალო, დამაკმაყოფილებელი ფიზიკური მდგომარეობა.
    ვარ რა?! ნელ-თბილად ყოფნა; არც ცოცხლებში წერია, არც მკვდრებში _ To be so-so, To be OK; I'm hanging in there; I've be better.
  4. დაავადების პროცესის, მიმდინარეობის აღწერა. არც თუ ისე შორეულ წარსულში, სანამ სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი არ იყო, ავადმყოფობა უდიდეს რისკთან იყო დაკავშირებული. თითქმის ყველა კულტურაში კოდირებულია სამედიცინო ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ამ ენის მატარებელ ხალხს ჰქონდა ავადმყოფობასთან დაკავშირებით, ხოლო ფრაზეოლოგიური ერთეულების ბირთვად წარმოდგენილია:
    ა)  დაავადებების სახელი (ხალხური სახელწოდება დაავადებისა, სამედიცინო) + ზმნური ელემენტი:
    გრიპი დაემართება; ყელის ტკივილი; მუცლის გვრემა; თავის გასკდომა _ Catch a cold;  Catch one's death cold; Run a fever; Have a frog in one's throat.
    ბ)  მდგომარეობიდან გამოსვლა, გადარჩენა; ავადმყოფის მიხედვა _ მდგომარეობის გაუარესება, შებრუნება.
    როგორც ცნობილია, ფრაზეოლოგიზმების დიდ ნაწილს მოეძებნება საოპოზიციო ცალები, ანტონიმური შინაარსის ერთეულები. ამ მხრივ არც ადამიანის ფიზიკური მდგომარეობის გადმომცემი ფრაზეოლოგიზმებია გამონაკლისი. ზემოთ უკვე განვიხილეთ ერთი ჯგუფი ამგვარი ანტონიმებისა, ახლა კი წარმოვადგენთ იდიომებს, რომლებიც, ერთი მხრივ, გამოხატავს ავადმყოფობის დაძლევას, ხოლო, მეორე მხრივ, დაავადებულის მდგომარეობის გაუარესებას, დაავადების შებრუნებას.
    დაავადებიდან გამოძრომა (არაფორმალური); დაავადების დაძლევა/ დამარცხება;
    დაავადების შებრუნება; სიკვდილს გადარჩენა (ჰიპერბოლიზება);
    ავადმყოფი ფეხზე დააყენა  -  Keep body and soul together; On the mend; Back on one's feet; Up and about; Pull through; Nurse someone back to health; Over the worst. დაავადების შებრუნებაTake a turn for the worse.
    გ) იდიომები, რომლებიც გამოხატავს ტკივილის/ავადმყოფობის ხარისხს: ზედსართავი + სახელი.
    სუსტი ტკივილი; ყრუ ტკივილი; გულისგამაწვრილებელი ტკივილი; საშინელი ტკივილი; ძლიერი ტკივილი - Severe ache;  Splitting headache; Severe cancer; Sharp pain; Minor pain.


VI.    ადამიანის გამრავლება, მომავალი თაობის პროდუცირება საზოგადოების

განვითარების უფრო ადრეულ საფეხურზე მრავალ რისკს, რწმენა-წარმოდგენასა და კულტურულ ნორმას უკავშირდებოდა. ეთნოგრაფებს, ისტორიკოსებს კარგად აქვთ შესწავლილი ორსულობასა და მშობიარობასთან, აგრეთვე, ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული რიტუალები როგორც ინგლისურში, ასევე ქართულში. ორივე ენაში წარმოდგენილია ფრაზეოლოგიზმების არცთუ ისე დიდი ჯგუფი, რომელიც ორსულობას, მშობიარობასა და ორსულობის გართულებას უკავშირდება; აღვნიშნავთ, რომ ევფემიზმების გამოყენება ამ შემთხვევაში დაკავშირებული უნდა იყოს მომავალი დედის ე. წ. ავი თვალის, ბოროტი ძალისაგან დასაცავად:

ა)  ორსულობა: თავის ყველაზე დიდ/საპატიო მოვალეობას ასრულებს; მუცლით ახალ სიცოცხლეს ატარებს; ბავშვი ჰყავს მუცელში; ფეხმძიმედაა _ In the family way; A bun in the owen; Expecting; With child; Prego.

ბ)  axal სიცოცხლეს ბადებს; axal სიცოცხლეს შობს _ Giving birth; Delivering the birth; Had a baby.

გ) მძიმე ორსულობა; ორსულობის შეწყვეტა; ნაყოფის მოკვლა _ To dye the child; Difficult pregnancy; Miscarriage; Lost the baby.

დ) დაორსულებასთან დაკავშირებული პრობლემები, უშვილობა: არ ჰყვება (ნაყოფი); ბერწი; უნაყოფო (პირველი ორი ერთეული გამოიყენება მხოლოდ ქალების მიმართ, ხოლო უნაყოფო ორივე სქესის წარმომადგენლის მიმართ) _ Problems in getting pregnant; Infertility (როგორც მამაკაცის, ისე ქალის მიმართ), Shooting blanks (მამაკაცის მიმართ).

VII.  თანამედროვე გაგებით,  რასა, ეთნიკურობა,  სქესი, სექსუალობა, კულტურული სხვაობანი და ა. შ.  დელიკატურ და საფრთხილო საკითხებად ითვლება, რომელთა შესახებ საუბარი განსაკუთრებულ კორექტულობას (პოლიტკორექტულობას) მოითხოვს [Linguistic... 2011:4]. მათ გვერდით უნდა დავასახელოთ   ისეთი დაავადებები, რომელთა შესახებ საზოგადოებაში ხმამაღლა ლაპარაკი არაკორექტულად ითვლება და საკითხის დელიკატურობის გამო თავს არიდებენ დაავადებების პირდაპირ დასახელებას, რათა მოერიდოს დაავადებული ადამიანის შეურაცხყოფას. ეს, ძირითადად, ეხება მენტალურ დაავადებებს. შესაძლებელია, რომ ეს ქართული და ანგლოამერიკული კულტურის ერთ-ერთ საერთო მახასიათებლადაც მივიჩნიოთ.

ა)  ფსიქიკური/ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად გამოიყენება შემდეგი ევფემისტური გამოთქმები:

გონებრივი პრობლემები აქვს; მთლად კარგად ვერ არის; ავი თვალი აქვს ნაკრავი; ეშინებულია;  Go nuts; Mentally disturbed;  Mentally unstable; With mental problems; Lost his marbels; A screw is loose.

ბ)  ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად გამოიყენება შემდეგი ევფემისტური გამოთქმები:

ემოციურად მდგრადია; ემოციურად არასტაბილურია; ვერ აკონტროლებს საკუთარ საქციელს; ადვილად კარგავს კონტროლს, ფეთქებადი . Go nuts; Out of sorts; Emotional; Rollercoaster.

ამავე ჯგუფში გავაერთიანებთ ფრაზეოლოგიზმებს, რომლებიც ასახავს ადამიანების ემოციურ გამოფიტვას, დეპრესიას:

 გაშტერებულივითაა; შემოლაწუნება უნდა; თითქოს უჟმური ჰყავს შემძვრალი (არაფორმალური). Feel blue; Down in the dumps; In a slump; being in a bad place.

გ) ბოლო ჯგუფად კი გვსურს გამოვყოთ ფრაზეოლოგიზმები, რომლებიც ასახავს ადამიანის ემოციურ სიჯანსაღეს, ენერგიულობას:

ცეცხლივითაა; ორი კაცის ჯანი აქვს; რკინის ფსიქიკა აქვს; ახალი სუნთქვის გახსნა. A new lease of life; A shot in the arm; Reacharge your batteries;  Vim and vigor; Fresh and dasy.

ჩვენ შევეცადეთ, შეგვესწავლა ქართულ და ინგლისურ ენებში დაცული ფრაზეოლოგიური ერთეულები, რომლებიც ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობას ასახავს.

ადამიანის ფიზიკური მდგომარეობის გამომსახველ ფრაზეოლოგიზმებში გამოიყოფა ერთი ჯგუფი ერთეულებისა, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ შეძენილი ფრაზეოლოგიზმის უმთავრესი მარკერი _ სიმყარე, დაუშლელობა, ისინი კონტექსტის მიხედვით იცვლიან თავის მნიშვნელობას. ამ მხრივ ამჯერად ჩვენს თვალთახედვაშია მოქცეული ორიოდე შესიტყვება:

ფერი დაკარგა _ Color draining:  გადმოსცემს არასახარბიელო ფიზიკურ მდგომარეობას, ავადმყოფობას.

ფერმკრთალია _ Pale: შეიცავს მინიშნებას ვიზუალურ მხარეზე.

წონა დაკარგა _Wasting away: ავადმყოფობა.

წონაში დაიკლო _ Loosing  weight ფიზიკური მდგომარეობა.

ამავე თვალსაზრისით საინტერესოა ქართული ომონიმები: გონება დაკარგა (პირდაპირი მნიშვნელობით);  გონება დაკარგა _ განსჯის უნარი დაუქვეითდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს რადიკალურად განსხვავებულ კულტურებთან, შეინიშნება აშკარა მსგავსება ადამიანის ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის გადმომცემი ფრაზეოლოგიური ერთეულების თვალსაზრისით. ვინაიდან კულტურულ-ენობრივი ტრანსფერი ინგლისურ-ქართულის შემთხვევაში ნაკლებად მოსალოდნელია, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არსებობს უნივერსალური ადამიანური ფასეულობები და ღირებულებები, რომლებსაც ყველა კერძო კულტურა თავისი პრიზმიდან აღწერს და ხშირ შემთხვევაში თანხვდება სრულიად დაშორებულ და განსხვავებულ კულტურებში არსებულს.  

ლიტერატურა

Вавилова Л.Н.
2011
К вопросу об эвфемизации современной русской речи: [ინტერნეტრესურსი] http://www.ksu.ru/fil/kn7/index.php?sod=11L
Cowie A. P.
1998
Theory, Analysis, and Applications; Oxford Studies in Lexicology. Oxford: Clarendon Press.
Linguistic...
2011
Linguistic politics and language usage in the debate on political correctness 2011 [ინტერნეტრესურსი] http://www.grin.com/e-book/94699/linguistic-politics-and-language-usage-in-the-debate-on-political-correctness