ფარული და ღია ენობრივი დაგეგმვის თავისებურებანი XIX-XX საუკუნეების საქართველოში

საბჭოთა კავშირში ენობრივი დაგეგმვის ორი ძირითადი სახე გამოიყენებოდა: ა) "ღია ენობრივი დაგეგმვა", დეკლარირებული კონსტიტუციითა და საგანგებო დადგენილებებით. ბ) "ფარული ენობრივი დაგეგმვა", რომელსაც ახორციელებდნენ შესაბამისი სამსახურები და სახელმწიფო საცენზურო კომიტეტი (საერთო საკავშირო და ადგილობრივი); ორივე  მათგანი საბოლოო მიზნად რუსული ენის უფლებათა და როლის ზრდის მეშვეობით დაპირებული "საბჭოთა ხალხის" შექმნის საქმეს ემსახურებოდა. ორივე პროცესი გულისხმობდა რუსულ-ნაციონალური ბილინგვიზმის დამკვიდრებას და ნაციონალური (ეროვნული) ენების "გარუსულებას".

"ღია ენობრივი დაგეგმვისათვის" საჭირო იყო სათანადო თეორიული არგუმენტაციის მომზადება და პროპაგანდირება; ეს პროცესი საერთო სახალხო მოთხოვნათა სახელით მიმდინარეობდა და მოიცავდა ენის ფუნქციონირების თითქმის ყველა სფეროს. სახელმწიფო დაწესებულებებში რუსულ ენაზე იქმნებოდა ყველა ოფიციალური დოკუმენტი, რუსულად ტარდებოდა დედაქალაქის ან რესპუბლიკური მასშტაბის პარტიული და ადმინისტრაციული სხდომები, რუსული სავალდებულო ენა იყო ყველა სკოლასა და სასწავლებელში, რუსულად იწერებოდა დისერტაციები, რუსული თარგმანით გადიოდა ფილმების უდიდესი ნაწილი კინოთეატრებსა და ტელევიზიაში; უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, ცენტრალური სამინისტროები და სამსახურები მოსკოვში იყო განთავსებული, მოსკოვი ამტკიცებდა ნებისმიერი ქუჩისა თუ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობას, მოსკოვს უნდა განეხილა ფილმის სცენარი თუ სათარგმნი ნაწარმოების ვარგისიანობის საკითხი [Tabidze, 1999].

ამგვარი ვითარება არა მარტო რუსულის უბრალოდ ცოდნას, არამედ რუსულის კარგად ცოდნას მოითხოვდა. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს პრაქტიკული ალღო უკარნახებდა, მოეძებნა გზა რუსულის დასაუფლებლად. ყველაზე იოლი და იაფი გზა ბავშვის რუსულ სკოლაში შეყვანა იყო (ქართულად სახლშიც ლაპარაკობს და რუსულს კი სკოლაში (ან ბაღში) ისწავლისო). უფრო ძვირადღირებული გზა რუსი ძიძა ან რუსულის კერძოდ დაქირავებული მასწავლებელი (რუსეთში ხშირი მოგზაურობების პარალელურად) გახლდათ. ზოგი ოჯახი ცდილობდა, შინ რუსულად ლაპარაკით "გაეტეხა ენა" ბავშვისათვის. ცხადია, იყო უიაფესი და უმარტივესი გზაც, რომელსაც ადგა ქართული მოსახლეობის  უმრავლესობა,   ბედს  მინდობოდა და დარჩენილიყო ერთენოვან ქართველად, შესაბამისი დანაკარგებით. სწორედ ამ მოსახლეობამ ზიდა ძირითადად ქართული ენისათვის დიალექტური ცხოველმყოფელობის შენარჩუნების ტვირთი, სწორედ მან დაიცვა  ინტერფერენციისაგან თავისუფალი, ქართული ლიტერატურის კითხვით გამდიდრებული ენობრივი გემოვნება და ქართულის სახელმწიფო ენად  ფუნქციონირების მოთხოვნა საკუთარი სოციალური უფლებების დაცვის საქმედ აქცია.

"ფარული ენობრივი დაგეგმვა" მოიცავდა მოსახლეობის დიდი მასების გადაადგილებას ისეთ რეგიონებში, რომლებშიც ადგილობრივ მცხოვრებლებთან კონტაქტისათვის აუცილებელი იქნებოდა რუსული ენის ამოქმედება. ასე ჩნდებოდა ე.წ. სამხედრო და სამოქალაქო "გოროდოკები" ერთენოვანი მოსახლეობის წიაღში, საკუთარი რუსული სკოლებით, საგანგებო მომარაგებითა და პრიორიტეტული დაფინანსებით. ძირითადად ეს დასახლებები სამხედროთა ან მუშათა ოჯახებისთვის იყო განკუთვნილი და რუსულენოვან კუნძულებად ჩანდა  რესპუბლიკათა (მათ შორის, საქართველოს) ტერიტორიაზე. "ფარული ენობრივი დაგეგმვა" ხორციელდებოდა ცენზურის მიერაც. ცენზურის მიერ რამდენიმე მიმართულებით ხდებოდა ენობრივი სიტუაციის მართვა: ერთი მხრივ, ცენზურა რუსული ენის ავტორიტეტის ზრდისათვის ირჯებოდა, როდესაც თვალყურს ადევნებდა რუსული ენისა და კულტურის სახოტბო ინფორმაციის აქცენტირებას ყველა ფილოლოგიურ ნაშრომში, სადაც პარალელი უნდა გავლებულიყო რუსულთან, ანალოგი რუსეთის ისტორიასა და კულტურაში უნდა მოძებნილიყო, აუცილებლად რომელიმე პოზიტიური პერსონაჟი  რუსული წარმოშობისა უნდა ყოფილიყო და სხვ. მეორე მხრივ კი, მაქსიმალურად უნდა შეზღუდულიყო ქართული (და საერთოდ, ნაციონალური) ენისა და კულტურის ხსენება.[1]

ჩვენში შუა საუკუნეებში მორალური ნორმების დაცვის სფეროში ცენზორის ფუნქციას საეკლესიო ხელისუფლება ახორციელებდა. XVI ს-იდან ცენზურა თანდათან საერო ხელისუფალთა ხელში გადადის. აი, როგორ გამოიყურება სამეფო საქმეთა შესასწავლი (მოსახმარებელი) ლიტერატურის მოკლე ჩამონათვალი დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ნაშრომის მიხედვით, საიდანაც ამჯერად მხოლოდ იდეოლოგიური კონტროლის ამსახველ მასალას გამოვყოფთ [qართლის....1955: 350-351]:

 

  1. სამართალი და სახელმწიფოს მართვის თეორია:
  2. სასაზღვრო საქმეთა ორგანიზაცია:
  3. სამხედრო საქმე:
  4. სახელმწიფოს შიდა უშიშროების სამსახურების ორგანიზაცია:
    "განხეთქილობათა კრძალვანი"
    "მთავართა ზაკვისა ცნობანი"
    "საერონი შიშნი"
    "მოციქულთა შემთხუევანი და პასუხნი"
  5. ეკონომიკა:
  6. სახელმწიფო იდეოლოგიური სამსახურები
    "ღონიერნი მიმართებანი"
    "ქცეულებანი ჟამთანი"
    "აღჴსნანი იგავთანი"
    "გარდასრულთა შეამსგავსნის მომავალნი"[2]

 

დავითის ისტორიკოსთანვე ვხვდებით მინიშნებას სახელმწიფო საცენზურო სამსახურზე, რომლის მოვალეობას ენის (როგორც მორალურ და ესთეტიკურ ფასეულობათა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამცველის) თვალყურის დევნება და სათანადო კალაპოტში მოქცევა წარმოადგენდა:

მითითება: "და კვალად მონასტერნი და საეპისკოპოსონი  და ყოველნი ეკლესიანი წესსა და რიგსა ლოცვისასა და ყოვლისა საეკლესიოსა განგებისასა დარბაზის კარით მიიღებდიან, ვითარცა კანონსა უცთომელსა, ყოვლად შუენიერსა და დაწყობილსა, კეთილწესიერებასა ლოცვისა და მარხვისასა."[qართლის....1955: 352]:

აკრძალვა: "ხოლო საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი, და გინება ღმრთისა საძულელი, და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა და ურიცხუსა მას შინა სიმრავლესა ენათა ნათესავთასა, ვითარცა ცათა შინა მყოფთა შორის."

ძველად საქართველოში ბეჭდვით გამოცემებზე კონტროლს სასულიერო ცენზურა ახორციელებდა.

საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ თავდაპირველად რუსეთის თვითმპყრობელობას გაუძნელდა ცენზურის დაწესება ქართულ და, საერთოდ, სამხრეთულ და აღმოსავლურ ენებზე გამოცემულ ნაბეჭდ პროდუქციაზე. 1848 წ. 18 დეკემბერს დაწესდა კავკასიის საცენზურო  კომიტეტი, რომელიც კავკასიის სასწავლო ოლქის შემადგენლობაში შედიოდა. მას სასწავლო ოლქის მზრუნველის  თანაშემწე განაგებდა. ეს პერიოდი ცნობილია "საცენზურო ტერორის" ეპოქის სახელწოდებით. საცენზურო კომიტეტს ევალებოდა გაესინჯა ყველა წიგნი, გაზეთი და ჟურნალი, რომლებიც კავკასიაში გამოდიოდა ან შემოტანილი იყო  საზღვარგარეთიდან. ცენზურას გადიოდა მუსიკალური ნოტებიც. 1860 წელს საცენზურო კომიტეტი ცალკე დაწესებულებად ჩამოყალიბდა, 1863-იდან კი შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში გადავიდა. 1867 წელს იგი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს დაექვემდებარა. 1906 წელს  კავკასიის საცენზურო კომიტეტი ბეჭდვითი სიტყვის საქმის თბილისის კომიტეტად გარდაიქმნა, რომელიც 1917 წლის მარტამდე მოქმედებდა [ხურცილავა, 1980].

ცენზურის ინსტიტუტი ერთ-ერთი უძველესი იდეოლოგიური სამსახურია, რომელიც სათავეს ანტიკური ეპოქიდან იღებს;  ყველა ეტაპზე ცენზურული სამსახური მეტწილად ტექსტთან ურთიერთობას გულისხმობდა. ჩვეულებრივ, ტექსტის მიმართ დამოკიდებულება სხვადასხვა მხარეს შეეხება, ესენია:

  • ტექსტის შინაარსი;
  • საკვანძო სიტყვები;
  • სიმბოლოები;
  • ქვეტექსტები;
  • პარალინგვისტური მხარე;
  • სტილი და ორთოგრაფია;
  • კონკრეტული საკითხის, მოვლენისა თუ ობიექტისადმი დამოკიდებულების გამოხატვა.

შესაბამისად, ცენზურის სამსახურის ყურადღება ტექსტის პირდაპირსა და ფარულ ქვეტექსტურ ინფორმაციასთან ერთად დროის კონკრეტულ მონაკვეთში საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე  ენობრივსა თუ არაენობრივ მოვლენებზეა (თუ ამ მოვლენებზე მიმანიშნებელ საკითხებზე) კონცენტრირებული. სახელმწიფო, თავისი იდეოლოგიური და სამხედრო-პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, თვალყურს ადევნებს საზოგადოებრივი აზროვნების იმ მიმართულებებს, რომლებიც შეიძლება  მისი სიმტკიცისა და უსაფრთხოების დაცვის წინააღმდეგ იყოს მიმართული. კოლონიური რეჟიმების პირობებში მეტროპოლიის უსაფრთხოებას განსაკუთრებით ერთა თვითგამორკვევისაკენ სწრაფვა და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება შეიძლება დაემუქროს, ამიტომაცაა, რომ ცენზურა ამგვარ სახელმწიფოებში თავის უპირველეს მიზნად სწორედ ეროვნული დამოუკიდებლობის სურვილის გაღვივების შემძლე ტექსტის (ხშირად კი მხოლოდ სიტყვისაც) აღკვეთას ისახავს.

ჩვენს შემთხვევაში ეს კურსი რამდენიმე  მიმართულებით ტარდებოდა:  

 

  1. იკრძალებოდა ეროვნულობაზე, სამშობლოზე, ქართველთა ეროვნულ სრულფასოვნებაზე მიმთითებელი მასალები, ფრაზები, სიტყვები (მაგ.: XIX საუკუნეში ცენზურა კრძალავს სიტყვა "საქართველოს" ხმარებას და მის ნაცვლად "თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების" მოხსენიებას ითხოვს; 1883 წელს, დეკემბერში, ცენზურამ "ივერიას" აურძალა გრ. ყიფშიძის დიდი წერილი "საბერძნეთის აღორძინება და განთავისუფლება ოსმალთ მონობიდამ" [ДКЦК. 1883.№24[3]]. 1882 წელს  "ივერიას" ეკრძალება დიდი წერილი "სამშობლო ენის სკოლებში სწავლების უნუგეშო მდგომარეობის შესახებ" [ДКЦК, 224,1876]. ამგვარ წერილებს საერთოდ განიხილავდა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი და საქართველოს ეგზარქოსი, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სკოლებიდან ქართული ენის განდევნისათვის ბრძოლაში.
    არქიეპისკოპოსი იოანიკი, საქართველოს ეგზარქოსი, "ივერიას" უკრძალავს მთელ რიგ წერილებს საქართველოს სასულიერო სემინარიაში სწავლების პირობათა შესახებ. 1885 წლის 14 ნოემბრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით გაზ. "დროება", რომელიც ივანე მაჩაბლის რედაქტორობით გამოდიოდა, აიკრძალა "სამუდამოდ", როგორც "სეპარატისტულ-ტენდენციური იდეების მქადაგებელი" ორგანო. 80-იანი წლების მეორე ნახევარში "ივერიას" გადაემტერა ცნობილი ცენზორი ლუკა ისარლიშვილი. 1887 წ. 28 იანვრისათვის ლ. ისარლოვმა აკრძალა "ივერიისათვის" აწყობილი დ. მაჩხანელის ლექსი "მონადირე" (მონადირემ მგელკაცი მოკლა და ხალხმა გაიხარა, მტრედის მოკვლამ კი ყველა აატირაო), ლ. ისარლოვმა ეს ლექსი "ტენდენციურად" და  "უზნეოდ" სცნო და აკრძალა საცენზურო წესდების 6 და 90 მუხლების თანახმად [ДКЦК,1887, № 24\494].
    თავის მოგონებებში კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე ერთ ასეთ შემთხვევას აღწერს: "...ეგზარქოსი აღშფოთდა:"საქართველო რომელი ქვეყანაა? არსებობს თბილისის და ქუთაისის გუბერნიები, საქართველო კი არ არსებობს!" იქვე მყოფმა იმჟამად ახალგაზრდა ინსპექტორმა კალისტრატემ უპასუხა: "საქართველო ის ქვეყანაა, რომლის ეგზარქოსიც თქვენ ბრძანდებით". მართლაც, სიტყვა "საქართველო", რომელიც საიმპერიო სალექსიკონო ხმარებიდან ამოღებული იყო, იმპერიის ოფიციალურ სტრუქტურათა სახელთაგან მხოლოდ ერთადერთში - "საქართველოს საეგზარქოსოში" - იყო შემორჩენილი. რუსი საეკლესიო მოხელეები შეეცადნენ, "საქართველოს საეგზარქოსოს" ნაცვლად სახელწოდება "კავკასიის საეგზარქოსო" შემოეღოთ..." [ჯაფარიძე, 2001: 3-4].
    კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატეს მოგონებებიდან: "ეგზარქოსს დაავიწყდა, რომ ხშირად სტუმრად ეწვეოდა თამარებს, რუსუდანებს, ვახტანგებს და ერთხელ იკითხა: "სად ვიპოვო აქტები ქართველი წმინდანების წმინდანებად შერაცხვის?" უპასუხეს: "ასეთი აქტები  არ შემონახულა, მაგრამ ზემოჩამოთვლილი სახელები საქართველოს ეკლესიაში მოიხსენება საუკუნეების მანძილზე". ეგზარქოსმა გამოსცა განკარგულება შეეცვალათ ქართული სახელები ბერძნულ-რუსულით და დაეჯარიმებინათ ის მღვდლები, რომლებიც შემდგომში დაარქმევდნენ სახელებს ქართველი წმინდანების პატივსაცემად. ასევე მათ უფლება არ  ჰქონდათ, შეევსოთ მეტრიკა ქართველი წმინდანების სახელებით. ზოგიერთი მღვდელი კი, რომელიც მშობლების  სურვილისამებრ მონათლულს ქართულ სახელს არქმევდა, წინასწარ იხდიდა "ჯარიმის საზღაურს" [ცინცაძე, 1987: 47].
  2. საგანგებოდ იქმნება და ცენზურის ნებართვით იბეჭდება ეროვნული ნიჰილიზმისა და არასრულფასოვნების გრძნობის დამბადი ტექსტები; "ის აზრი, რომ ქართველობა არაფრის შემძლე იყო და გონებით სუსტი, თითქმის  საერთო აზრი იყო" [კლდიაშვილი, 1988:424].
  3. ცენზურა ებრძვის განსაკუთრებული ეროვნული ფასეულობის მქონე სიმბოლოებს (დროშას, ენას, ჰიმნს, ისტორიას, ეთნიკური ერთობის იდეას). სარგის კაკაბაძე მიუთითებს: "ქართველ მენშევიზმს  არ სწამდა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესაძლებლობა და მას ახასიათებდა ზიზღი ყოველგვარი ქართულისადმი. ეს ზიზღი მიდიოდა იქამდის, რომ მენშევიკური  პრესის ტერმინოლოგიიდან სავსებით განდევნილი იყო სიტყვები "საქართველო" და "ქართველი" და ეს სავსებით პათოლოგიური მოვლენა ახასიათებდა ქართულ მენშევიზმს რუსეთის იმპერიის არსებობის მთელ სიგრძეზე, ვიდრე 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდის და ერთხანს ამის შემდეგაც" [კაკაბაძე, 1997: 249].

 

საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარე მთავარი სამმართველოს უფროსს პეტერბურგში უგზავნის საიდუმლო მოხსენებას, რომელშიც სწერს:"თქვენმა აღმატებულებამ ინება მომეცა დასკვნა ნადვორნი სოვეტნიკის კანდელაკის თხოვნაზე ნება დართვოდა მას გამოეცა სასოფლო სამეურნეო გაზეთი სახელწოდებით "სიტყვა". ამასთან ერთად გიბრუნებთ რა ამ თხოვნას, მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ გამოსაცემად  ნაგულისხმევი გაზეთი მისი წარმატებისა და ნამდვილი სასარგებლო საქმის მცირე თავდებია. კანდელაკი აპირებს გამოსცეს თავისი გაზეთი ადგილობრივ ქართულ ენაზე. ეს განზრახვა სავსებით გასაგები ვერ არის. ქუთაისში ადგილობრივი ენა მეგრულია, რომელიც ქართულ, ლაზურ და სვანურ ენებთან ერთად ეგრედწოდებულ ავარულ ენების ჯგუფს ეკუთვნის. მათ არა აქვთ თავიანთი მწერლობა და ხმარობენ ქართულ ანბანს" [საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 480, საქმე 1239].

ცენზურა ნებას არ რთავდა ქართულ გაზეთებს, დაებეჭდათ რუსულიდან ნათარგმნი თხზულებანიც კი და თავგამოდებით იბრძოდა უკვე დაბეჭდილი და ადრევე ცნობილი მოთხრობების ხელახლა გამოცემის ან დრამად გადაკეთებული ამ მოთხრობის თუ პოემის წინააღმდეგ [საქართველოს ცენტრალური  საისტორიო არქივი, კავკასიის საცენზურო კომიტეტი, ფონდი 480, საქმე ##628, 632, 633, 793]. საქმეში დაცულია რუსი ჟურნალისტის, ზაგურსკის, პროტესტი საცენზურო კომიტეტისადმი სიტყვა "საქართველოს" ხმარების აკრძალვის გამო.

აქვეა წარმოდგენილი დიმიტრი ყიფიანის პასუხი მთავარმართებელ დონდუკოვ-კურსაკოვის 1885 წ. 17 დეკემბრის გაკიცხვის წერილზე: ..."... არსებობს მიდრეკილება ქართული ენის დევნისა. მოციქულთა დროიდან ქართული ყველას ესმის. ამჟამად კი ახალ კულტურას ნერგავენ  - მეგრულ ენას ასწავლიან სხვა ანბანის საშუალებით. ასე რომ გავყვეთ, შეიძლება შეიქმნას ახალი კულტურები აჭარელებისა, ფშავ-ხევსურებისა, ინგილოებისა, მთიულებისა და სხვათათვის [საქართველოს ცენტრალური  საისტორიო არქივი, ფონდი 12 (001), საქმე 457, ფურცელი 11-12].

იანოვსკი, რეაქციული მთავრობის წარმომადგენელი, ამბობდა, რომ სწორედ სვანები და მეგრელები ცალკე ერებია და "ყიფიანის მსგავსად ქართველი პატრიოტები მიისწრაფვიან ასიმილაცია უყონ საქართველოს, სამეგრელოსაც, აფხაზეთსაც და სვანეთსაც. ამიტომ ისინი თუმცა თავადაზნაურულ წრეებს ეკუთვნიან და თითქოს ვალდებულნი იყვნენ თავიანთი თავად-აზნაურული, მატერიალური და გონებრივი ინტერესებისათვის ეზრუნათ, მიუხედავად ამისა, ყველაზე უფრო მიისწრაფვიან ქართულ ხალხური განათლების გავრცელებისაკენ და ყველა ძალ-ღონით ცდილობენ ხელი შეუშალონ ამ მხარეში რუსული განათლების გავრცელებას, რომელსაც მცხოვრებნი დიდი თანაგრძნობით ეკიდებიან. ეს აგიტატორები ამჟამად ჩვენთვის სრულიად არ წარმოადგენენ რაიმე საფრთხეს, რადგან ისინი საკმაოდ მცირერიცხოვანი არიან და სრულიად უმნიშვნელო ზნეობრივი გავლენა აქვთ მცხოვრებთა მასაზე. მაგრამ აქედან კიდევ არ გამომდინარეობს ის, რომ მთავრობამ არ უნდა მიიღოს ახლავე შესაფერისი ზომები ასეთი პირების წინააღმდეგ, რომ თავიდან აიცდინოს დაბრკოლებანი მომავალში" - საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივის მასალა (ფონდი 12 (001), საქმე 457, ფურცელი 16-19) [კიკვიძე,1959: 154].

ცენზურამ ფუნქციონირება განაგრძო საბჭოთა პერიოდშიც, როდესაც დეკლარირებულად იგი საბჭოთა საქართველოს უსაფრთხოებასა და მთლიანობას იცავდა, სინამდვილეში კი თვალყურს ადევნებდა, რომ არაფერს მოეწყვიტა ეს რესპუბლიკა საერთო საკავშირო სხეულისათვის. ამ პერიოდში ცენზურის საქმიანობა კიდევ უფრო გასაიდუმლოებული ხდება და შიდა მოწყობითაც უაღრესად დახურულ სისტემად გარდაიქმნა. ამ პერიოდის ცენზორთა დევიზს ჰობსის "ლევიათანიდან" მოხმობილი ფრაზა წარმოადგენს: სახელმწიფოს შემდეგი ხმლები სჭირდება: სამართლის ხმალი, ..., "მავნე წიგნების ამკრძალავი ხმალი" და სხვ.

მთავლიტი და, შესაბამისად,   სახელმწიფო ცენზურის ფუნქციონირება ფაქტობრივად შეიზღუდა  1990 წლიდან, როდესაც ეროვნული ხელისუფლება მოვიდა სათავეში და  საკავშირო მართვა შეჩერდა. თუმცა, ეს სამსახური მაშინ არ გაუქმებულა. მანამდე ამ სისტემაში უნდა გაევლო მასმედიის პროდუქციას და სათანადო ოთხკუთხა (მართკუთხა) ბეჭდით უნდა დადასტურებულიყო  მისი დაბეჭდვის უფლება.  მაგრამ ეს სისტემა ოფიციალურად გაუქმდა და ახალი სახით გაფორმდა  მხოლოდ 1997 წელს: 1997 წელს გამოდის  კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, რომლის საფუძველზეც ცენზორებს ახალი და, ფაქტობრივ, ერთადერთი ფუნქცია ეკისრებათ - ეს არის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა,[4]

საბჭოთა კავშირში ცენზურის მუშაობის პრინციპებისა და ინსტრუქციების მიწოდება ხდებოდა ზეპირად, საუბრის სახით. არსებობდა ინფორმაციის სამი კატეგორია:

 

  1. განსაკუთრებული მნიშვნელობის (ამ ინფორმაციას ფლობდა ძირითადად პოლიტბიურო, რომელიც ამ საკითხებს განიხილავდა  გარკვეულ თანამშრომლებთან და არა ყველასთან).
  2. სრულიად საიდუმლო (ამ მასალაზე ხელი მიუწვდებოდათ ინსპექციის უფროსსა და განყოფილების გამგეს).
  3. საიდუმლო (ამ საქმეზე ინფორმაციას ფლობდა სპეციალურად გამოყოფილი  თანამშრომელი).

 

დახურული წერილისა და ინსტრუქციის გრიფით წყდებოდა, ვის რა ინფორმაცია უნდა მიეღო: არსებობდა თავისებური პირამიდული სისტემა, რომლითაც ის, რაც მოდიოდა "ზემოდან", იცოდა მარტო შესაბამისი გრიფის წარმომადგენელმა, მისგან იგებდა შემდეგი გრიფის წარმომადგენელი იმ ნაწილს, რაც მისთვის იმ მომენტისათვის იყო საჭირო და ა.შ.. არსებობდა, ცხადია, "დახურული წერილი", მაგრამ მას ყველა თანამშრომელი არ ეცნობოდა. ძირითადად თათბირებზე  საუბრის, სიტყვიერი მითითების სახით გაიცემოდა ინსტრუქციები. არსებობდა საგანგებო ხელშეკრულებები, ე.წ. "ფიცის სისტემა", რომლითაც ცენზურის თანამშრომელს, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებებს გონებაში ინახავდა, არ შეეძლო საზღვარგარეთ გასვლა, მიმოწერა უცხოელებთან და ა.შ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სხვადასხვა რესპუბლიკამ სხვადასხვაგვარად გარდაქმნა ცენზურის შემდგომი მუშაობა.[5]

თარგმანის საკითხებს წყვეტდა ე.წ. საავტორო უფლებათა საკავშირო საზოგადოება (ВОАП: Всесоюзное общество авторских прав.) ამ სისტემაში წყდებოდა, რა უნდა ეთარგმნათ. ზოგჯერ დებულებებს ცვლიდნენ, მაგრამ არსებითი სახე იგივე რჩებოდა. ეს საზოგადოება დებდა ხელშეკრულებას უცხოეთის ქვეყნებთან თარგმანის უფლებაზე და ამაში ან ფულს იხდიდა სახელმწიფო ან გაცვლა ხდებოდა, სსრკ-დანაც რისიმე თარგმანს სთავაზობდნენ. აქ ორი ფაქტორი მოქმედებდა: ა) ფული და  ბ) შინაარსი.

 

  1. ფულს იხდიდნენ მარტო რუსულად თარგმნისათვის (რესპუბლიკათა ენებზე თარგმნა შინაური საქმე იყო და ამიტომ აქ ცალკე აღარ იხდიდნენ ფულს);
  2. რუსულად თარგმნის საკითხის განხილვისას წყდებოდა, მავნე იყო თუ არა ეს წიგნი სახელმწიფოსთვის და მერე უკვე რესპუბლიკებს აღარ უხდებოდათ ამ მასალის საგანგებო შეფასება.

 

მკაცრად იყო აკრძალული უცხოური ლიტერატურის თარგმნა რესპუბლიკის ენაზე, თუკი ამგვარი თარგმანი ჯერ არ არსებობდა რუსულად. გარდა იდეოლოგიური კონტროლისა, აქ ერთი ფარული მიზანიც მოქმედებდა - ყველა მთარგმნელი "ნებსით თუ უნებლიეთ" ამოსავლად იყენებდა რუსულ ვერსიას, ეს კი, უდავოდ, ახდენდა გავლენას თარგმანის ენაზე [ტაბიძე, 1998].

ამ შემთხვევაში რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი: 1) მრავალრიცხოვანი მასალის სისტემატური თარგმნა ერთი და იმავე ენიდან იწვევდა გარკვეული შტამპებისა და კალკების გაჩენას (ენობრივი შერევის ერთ-ერთი სახეობა); 2) ერთი და იმავე ენის მუდმივად "ინფორმაციის წყაროს" როლში გამოსვლა ზრდიდა რუსულის ისედაც მაღალ პრესტიჟულობას; 3) იცვლებოდა ლექსიკური ფონდი (რუსული სიტყვები და რუსულზე "გაწყობილი" საერთაშორისო ლექსიკა მკვიდრდებოდა ნაციონალური ენების ლექსიკონებში (მაგალითად, 1958 წელს თურქულ-თათრულ ლექსიკონში ორჯერ მეტი რუსული სიტყვა იყო, ვიდრე 1929 წლისაში. იმავე პერიოდში უზბეკურ ლექსიკონში 20% რუსული წარმოშობის სიტყვაა); სესხების პროცესი თანდათან უფრო ინტენსიური ხდებოდა. სესხულობდნენ არა მხოლოდ ფორმებს, არამედ ხდებოდა საკუთარ, ეროვნულ ფორმათა გარდაქმნა, ტრანსფორმირება, რუსულ ყაიდაზე; ასეთი სიტყვებით შედგენილ  ლექსიკონებს "ახალი კონცეფციის ლექსიკონს" უწოდებდნენ, სადაც 70-80%-ს "ახალი ფორმები" შეადგენდა (მეტწილად სამეცნიერო ტერმინოლოგიაში) [Glyn, 1972: 154; Насырова, 1997]. მაგალითად, 1926 წელს ბაქოში ჩატარდა ტერმინოლოგიის დადგენისადმი მიძღვნილი კონგრესი, რომლის ძირითადი თემა იყო მარქსის, ენგელსის, ლენინის  შრომათა ნაციონალურ ენებზე თარგმნისათვის საჭირო ტერმინოლოგიის დაზუსტება [Glyn, 1972: 150]. თავად ორენოვანი ლექსიკონები (ინგლისურ-რუსული, ფრანგულ-რუსული, გერმანულ-რუსული და სხვ.) მოცულობით, ტირაჟით, ხარისხითა და პრაქტიკული გამოყენებითაც აღემატებოდა (და ჯაბნიდა) ნაციონალურ ენათა ორენოვან ლექსიკონებს, შესაბამისად, ენობრივი კონტაქტები (მეტადრე ევროპულ ენებთან) რუსულის გამაშუალებელი როლის გარეშე თითქმის არ ხორციელდებოდა.

ლექსიკა ყველაზე მგრძნობიარე აღმოჩნდა ორენოვნების ვითარებაში. ამიტომაც ლექსიკა სპეციალური ენობრივი დაგეგმვის საგნად იქცა: მოსკოვი სისტემატურად ითხოვდა ანგარიშს ნაციონალურ ლექსიკაში მომხდარი ცვლილებების თაობაზე: მაგ. 1950 წელს სომხურში რუსულიდან მომდინარე (რუსული ან რუსულის გზით შემოსული) ტერმინებიდან მარტო სამედიცინო ტერმინოლოგიაში აღმოჩნდა 18000 ერთეული, სამართლებრივი და  სხვა სპეციალურ ტერმინთა რიცხვმა  13 000-ს მიაღწია; ლატვიურში მარტო 1947-49 წლებში ასეთი ტერმინი 40 000 აღმოჩნდა  [Glyn, 1972].

მთავლიტის სისტემაში თარგმანი არ გადიოდა ცენზურას (მასზე რედაქცია და გამომცემლობა აგებდა პასუხს).[6]

პარტისტორიის, ეკონომიკის თეორიების, ფილოსოფიის, სოციოლოგიის      სახელმძღვანელოები  უნდა თარგმნილიყო მოსკოვში საკავშირო  განათლების სამინისტროს მიერ მოწონებული წიგნებიდან. სახელმძღვანელოებს  „ამშვენებდა" წარწერა: მოწონებულია საკავშირო ... სამინისტროს მიერ. ადგილზე შეიძლებოდა მხოლოდ დამხმარე ლიტერატურის ბეჭდვა, ადგილზევე წყდებოდა ქართული ენის, ქართული ლიტერატურისა და  საქართველოს ისტორიის შესახებ სახელმძღვანელოთა ბედი), თუმცა, იქ (მოსკოვში) მაინც განიხილებოდა ამ მასალის საკითხი. იყო შემთხვევები, როდესაც მოსკოვში გვისაყვედურებდნენ "ჭარბ" ისტორიულ ინფორმაციას, მაგ., რომ საქართველოს წარსულის აღწერას შორიდან იწყებდნენ და გრანდიოზულად წარმოაჩენდნენ; კონსტანტინე გამსახურდიას უკიჟინებდნენ, რომ იგი საქართველოს წარსულზე ბევრს წერდა და განადიდებდა. პოლიტბიურო წყვეტდა "ხალხის მტრის" წიგნის  აკრძალვის - "ამოღების"- საკითხს, მაგრამ აფორმებდა მთავლიტი და ასახელებდა ამა თუ იმ მიზეზს (ხშირად არა ნამდვილს). ვერც ერთი გაზეთი (რაიონულიც კი) ვერ გამოიცემოდა საკავშირო ცკ-სთან შეთანხმების გარეშე.

ცენზურა თვალყურს ადევნებდა ეროვნული თვითგამორკვევისაკენ მიმართული ნებისმიერი აზრის გამოჩენას და ჩანასახშივე სპობდა მას: მაგალითად, როდესაც საქართველოში შეიქმნა "ეროვნული ენის სიწმინდის დაცვის კომიტეტი", გაზეთმა "იზვესტიამ" იგი უმალ გააკრიტიკა [ Известия, 1963]. უყურადღებოდ არ რჩებოდა არც ერთი წინადადება, რომელშიც რეჟიმით უკმაყოფილება გამოსჭვიოდა.

არსებობდა  სია აკრძალული მწერლებისა: მაგ. გრიგოლ  რობაქიძე, ვიქტორ ნოზაძე,...  პუბლიკაციებში მათი სახელების მოხსენიებაც კი არ შეიძლებოდა. საინტერესოა, რომ მწერლების "არასაიმედოობის" განსაზღვრისას მათი ნაწარმოებების ენასაც მოიხმობდნენ ხოლმე: კ. გამსახურდიას საყვედურობდნენ ძველი ქართულით გატაცების გამო, მ. ჯავახიშვილს "ახალი ადამიანის" დახატვისას  გამოყენებულ ნეგატიური კონოტაციის ლექსიკას უწუნებდნენ და სხვ. თვით ვაჟა-ფშაველაც კი, რომელსაც "პროლეტკულტელები" "გლეხური წარმოშობის" გამო შემწყნარებლურად უყურებდნენ, ვერ ასცდა "საბჭოთა კრიტიკას".

1978 წლის აპრილში, კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ მუხლში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული მღელვარების დროს, თბილისის ორჯონიკიძის რაიონის პარტბიუროს სხდომაზე განიხილეს თბილისის უნივერსიტეტის გაზეთის საკითხი. მიზეზი ის იყო, რომ გაზეთის პირველ გვერდზე ეწერა კონსტიტუციის  ტექსტი, ხოლო ბოლო გვერდზე გამოქვეყნებული იყო ტარიელ ხარხელაურის  სევდიანი და პატრიოტული განწყობილების მქონე ლექსები. გაზეთის რედაქტორს, გივი შეყილაძეს, ბრალად დასდეს, რომ ამ ლექსებით ახალგაზრდებში ანტისაბჭოთა განწყობა გააღვივა და  ამის გამო  მოხსნეს.

ცენზურა ზღუდავდა ქართული ენის პროპაგანდას.

1986 წელს დაიბეჭდა რეზი თვარაძის წერილი, რომელიც ქართული ენის პროპაგანდასაც ისახავდა მიზნად. საკითხი სპეციალური განხილვის საგანი გახდა.

ცენზურის მუშაობა უშუალოდ ენობრივ მხარესაც შეეხებოდა:

სტალინგრადი ერთ-ერთ ტექსტში (გაზეთში) დაიბეჭდა კორექტურით "სტალინგადი". ამის გამო მოხსნეს მუშაკი, ხოლო უფროსს საყვედური გამოეცხადა.

1937-38 წელს  დახვრიტეს  გენტორ რუხაძე, რომელიც იმ პერიოდში იყო ცენზურის გამგე.

ცენზურა არა მარტო კრძალავდა საბჭოთა იდეოლოგიისათვის არასასურველ მასალას, არამედ მოითხოვდა იდეოლოგიის შესაბამისი სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენებას; ასე ჩნდება  საბჭოური კლიშეები: „საბჭოთა ხალხი", „დიდი რუსი ხალხი",  „საბჭოთა მწერალი", „საბჭოთა ქალი", „საბჭოთა ოჯახი"... „სოციალისტური რეალიზმი", „სოციალისტური გზა", „სოციალისტური განათლება"... „ძმური საბჭოთა ოჯახი", „უფროსი ძმა" (რუსეთი), ... „პარტიული სიტყვა", „პარტიული მშენებლობა"... „კომკავშირული ქალაქი", „კომკავშირული საგზური", „კომკავშირული მშენებლობა"... „მეორე სამშობლო", „მეორე მშობლიური ენა", „მეორე დედაენა" და სხვ. (მაგ., „გეზის აღება მსოფლიოში ყველაზე მოწინავე რუსული ლიტერატურისაკენ - ეს იყო და იგივე უნდა დარჩეს ქართული საბჭოური ლიტერატურის ტრადიციად" [ „ქართული... 1947][7].

მარტო ტერმინი „ენა" უამრავი ეპითეტით იხმარებოდა: თუ, მაგალითად, ქართული მხოლოდ ენა იყო და არა „დიდი ქართული ენა," სამაგიეროდ, რუსული „დიდიც" იყო და „დიადიც": „...  ოქტომბრის ენა, ლენინის ენა, დიადი რუსული ენა, ხალხთა ძმობის და მეგობრობის ენა, რომელსაც ყველა ჩვენთაგანი  სიყვარულით უწოდებს მეორე დედაენას" [კომუნისტი, 1979].

ცენზურა მოქმედებდა ყველა სფეროში: მხატვრობაში, ქანდაკებაში, არქიტექტურაში, მუსიკაში, თეატრსა და კინოში[8].

ცენზურა ებრძვის ტრადიციულობის ყველა გამოვლინებას, მათ შორის დროში შემოწმებულ სახელმძღვანელოებსაც. [9] საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატმა ჯერ კიდევ 1923 წელს დაიწუნა იაკობ გოგებაშვილის საანბანო წიგნი.  ამ წელს  გამოცემულ კრებულში "ახალი სკოლა" ვკითხულობთ: "საანბანო წიგნზე, როგორც წინასწარ განზრახულსა და  საგანგებოდ შეგროვებულს მასალაზე, ლაპარაკიც შეუძლებელია, რაც უნდა კარგად იყოს შედგენილი ანბანი, რაც უნდა კარგად გვაკმაყოფილებდეს  იგი თავისი მასალის დალაგებით და მეთოდით, იგი მაინც დაშორებულია ცხოვრებას, მშრალი და არაბუნებრივია...

ამასთანავე, სახელმძღვანელოს უარყოფა საბუთდებოდა იმითაც, რომ "ცხოვრებით და ბუნებით მრავალფეროვან საბჭოთა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გარემო სულ სხვადასხვაგვარია, ამიტომ შეუძლებელია, არსებობდეს ერთი საერთო სახელმძღვანელო, რომელიც გამოსადეგი იქნება ყოველი კუთხისათვის" [თაქთაქიშვილი, 2001]. განათლების სახალხო  კომისარიატმა იაკობ გოგებაშვილის "დედა ენას" შეუცვალა სახელი და გამოსცა სახელწოდებით "ქართული ანბანი", ხოლო ავტორის სახელი და  გვარი ინიციალებით "ი. გ." დამალა [თაქთაქიშვილი, 2001].

დაბოლოს, ცენზურის გაუქმება საბჭოთა კავშირის დაშლისა და დემოკრატიული პროცესების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია, თუმცა, არცთუ შორეული წარსულიდან შემორჩენილი იდეოლოგიური შეზღუდულობა დღემდე ვლინდება საზოგადოების აზროვნებაში ცალკეული რეციდივების სახით.


[1]წინამდებარე სტატიის ავტორი სტუდენტობისას თავადაც წააწყდა ასეთ შემთხვევას: საკავშირო პროგრამა „Вести" კომპოზიტორ გ. ცაბაძის საიუბილეოდ მოკლე სიუჟეტში სტუდენტებისგან იღებდა ინტერვიუს, ცენტრალური ტელევიზიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს კატეგორიულად აუკრძალეს  გამოთქმების - „ქართველი კომპოზიტორისა" და „ქართველი მსმენელის"- გამოყენება.

[2]ცხადია, მრავალ ენაში განსწავლული მეფის ბიბლიოთეკაში ქართულ წიგნებთან ერთად უხვად მოიპოვებოდა უცხური ფილოსოფიური, თეოლოგიური, მხატვრული, პოლიტიკური და სამხედრო ლიტერატურა;  ამ წიგნთა საფუძველზე მიღებული ცოდნა ქართულად რეალიზდებოდა და ქართულად მრავალთა წიგნთა შექმნისა და თარგმნის სტიმული ხდებოდა.

[3]წერილი ხელმოუწერელია, შეიძლება იგი თვით ილიას ეკუთვნოდეს [ გუგუშვილი, 1939].

[4]ცენზორი ამ ფუნქციას ასრულებს  პუბლიკაციის შემდგომ, ანუ ეს არის  მეთვალყურეობა იმაზე, რაც უკვე დაიბეჭდა, ანუ რასაც უკვე ვეღარ აკრძალავ.  ამ სამსახურის  დასაბუთება კანონის (სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის შესახებ) 33-ე მუხლშია მოცემული.

[5] მაგ., რუსეთში იგი კვლავ მოქმედებს და, მართალია, მკვეთრად არ არის აფიშირებული მისი ჩარევა მაგ. ჟურნალისტთა საქმიანობაში, მაგრამ მაინც ხორციელდება გარკვეული ტიპის კონტროლი მასმედიაზე. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სამსახურში წინამდებარე სტატიის ავტორს 1998 წელს უამბეს, რომ მათთან ჩამოვიდა აზერბაიჯანის ცენზურის უფროსი 3-4  წლის წინ, გაეცნო აქაურ ვითარებას და ისინიც "გადაკეთდნენ" "სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის" კომიტეტად. მანამდე კი, თურმე, ძველი სისტემით მუშაობდნენ, როგორც ჩანს, იმათი ჟურნალისტები ჩვენებზე ნაკლებ პრეტენზიულები არიანო; პოსტცენზურული პერიოდის იდეოლოგიური კონტროლის სხვა ვარიანტები აქვთ ბელორუსიაში, უკრაინაში და სხვ.

[6] დღევანდელი ცენზურის სამსახურის თანამშრომლებიც კი თავს იკავებენ სათარგმნი მასალის ესოდენ მკაცრი კონტროლის მიზეზის დასახელებისაგან: ნებისმიერი ლიტერატურის (განსაკუთრებით მხატვრულის) რუსულიდან თარგმნა ქართული ენის რუსულთან ინტერფერირების პროცესს აძლიერებს და ენობრივ ასიმილაციას  უწყობდა ხელს.

[7] " დღევანდელმა მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ მაშინდელი პოლემიკის ენაზე „უპარტიო მწერალი ნიშნავს ნამდვილ მწერალს... პირველი ხუთწლედის მესამე გადამწყვეტი წელი (ეს კომპარტიის სამეტყველო ენაა)..."[ბაქრაძე, 1990; 43].

[8] ციტატა მოხმობილია ა.ბაქრაძის წიგნიდან   „მწერლობის მოთვინიერება".

[9] რ. სტურუამ რუსთაველის თეატრში დადგა შატროვის პიესა "ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე", რომელიც მოსკოვში გასტროლების დროს  პირველივე ჩვენებისას მოხსნეს რეპერტუარიდან. სსრკ კულტურის სამინისტროში  სპექტაკლს "შინაპატიმრობა მიუსაჯეს" და ნება დართეს, მარტო საქართველოში ეჩვენებინათ.

ქართველი კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე (ერთადერთი, ვისი 40-50-იან წლებში შექმნილი სიმფონიები არ მთავრდება სტანდარტული საზეიმო ფინალებით) ცდილობდა, არ შეპუებოდა ცენზურის  მოთხოვნებს, მაგრამ 1948 წელს "დატუქსული" კომპოზიტორი მაინც წერს ოპერას  „მზია"  სოციალისტური სინამდვილიდან.

ოფიციალური კულტურული პოლიტიკის ძირითადი დასაყრდენი სიტყვასთან დაკავშირებული ჟანრები იყო - სიმღერა, კანტატა ორატორია, ოპერა, რადგან მუსიკალური შინაარსის სიტყვით დაკონკრეტება აადვილებდა მასზე მეთვალყურეობას, ამიტომაც საგუნდო მუსიკის მსგავსი სიტუაცია იყო შექმნილი სასიმღერო ჟანრშიც.

საქართველოს საისტორიო არქივში შენახული მასალიდან ჩანს, რომ  კაპელა ოფიციალურ  სარეპერტუარო პოლიტიკას ახორციელებდა, როცა პროგრამაში შეჰქონდა: დ. არაყიშვილის „ქშინავს ქურა", შ. აზმაიფარაშვილის „კოლექტივიზაცია", გ. კილაძის „კომკავშირლების მარში", შ. მშველიძის „ერთად, ძმებო..."

შ. მშველიძეს „მცირე" კორექტივის შეტანა მოუხდა საგუნდო „ფშაურის" ხალხურ ტექსტში, რის შემდეგაც „ჯვარი" „ჯარად" იქცა, ხოლო ცენზურისათვის მიუღებელი საკულტო-რიტუალური სემანტიკა... ლაშქრულით შეიცვალა. როგორც წესი, კანტატა-ორატორიები იქმნება სქემის მიხედვით, სტანდარტულია-ორიენტაცია რუსულ საბჭოთა ლიტერატურაზეა აღებული [წურწუმია, 2001].

სამწუხაროდ, თანამედროვე ენობრივ ვითარებას მკაფიოდ დაეტყო   ცენზურის ერთადერთი  სასარგებლო საქმიანობის დანაკლისი: მასმედიაში მომძლავრდა  ე.წ. უცენზურო სიტყვა-გამოთქმები.

ლიტერატურა

ბაქრაძე აკ.
1990
მწერლობის მოთვინიერება, გამომცემლობა „სარანგი“, თბილისი.
გუგუშვილი
1939
“ივერია” ცენზურის რკალში (1877-1937). ილია ჭავჭავაძე, საიუბილეო კრებული. თბილისი.
თაქთაქიშვილი ლ.
2001
1926-37 წლებში “დედა ენა” არ გამოიცემოდა. ”გაზეთი “ქართული წიგნი”, №9, სექტემბერი. თბილისი.
კაკაბაძე ს.
1997
ქართველი ხალხის ისტორია, 1783-1921. თბილისი.
კიკვიძე ა.
1959
საქართველოს ისტორია. XIX-XXსს. წ.II (1861-1921). თბილისი.
კლდიაშვილი დ.
1988
ჩემი ცხოვრების გზაზე. ქართული პროზა. წიგნი XVI. თბილისი.
კომუნისტი
1979
16 იანვარი
ტაბიძე მ.
1998
ენობრივი კონტაქტები და ენობრივი დაგეგმვა. არნ.ჩიქობავას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები. თბილისი.
ქართლის...
1955
ქართლის ცხოვრება. ტომი I. თბილისი.
ქართული..
1947
ქართული საბჭოთა ლიტერატურის წინსვლისათვის. ლიტერატურა და ხელოვნება.19 თებერვალი.
ცინცაძე კ.
1987
კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე. ჩემი მოგონებიდან. საღვთისმეტყველო კრებული.№3. თბილისი.
წურწუმია რ.
2001
მეოცე საუკუნის ქართული მუსიკის თვითმყოფადობისა და ღირებულებრივი ორიენტაციის პრობლემები. სადისერტაციო ნაშრომი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისი.
ხურცილავა ს.
1980
ქართული საზოგადოებრივი აზრი და მეფის ცენზურა. თბილისი.
ჯაფარიძე ა.
2001
მთავარეპისკოპოსი ანანია. წინასიტყვა წიგნისთვის: კალისტრატე ცინცაძე. ჩემი მოგონებებიდან. თბილისი.
Glyn Lewis
1972
Multilingualism in the soviet Union, Aspects of language policy and its Implementation. by E.Glyn Lewis, 1972, mouton – the Gague-Paris.
Изве́стия
1963
24. 09. 1963.
Насырова О.
1997
Языковая ситуация в республике Каракалпакстан. Москва.
Tabidze M.
1999
Socioloinguistic aspects of the development of Georgian, Working Papers, 47, Lund University Department of Linguistics,General Linguistics Phonetics, Lund.