საქართველოს ''კავკასიური როლი'' და რუსეთი: 1918-21 წლები და დღევანდელობა

თავისი უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური პოზიციისა და სტრატეგიული ეკონომიკური მდებარეობის გამო კავკასია ანტიკური ხანიდან მოყოლებული ყოველთვის იქცევდა მსოფლიოს დიდ სახელმწიფოთა ყურადღებას. აქ გადიოდა აბრეშუმისა და წარსული დროის სხვა მრავალი სავაჭრო გზა. რეგიონთან  სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახის ურთიერთობები ჰქონდა  ისეთ  დიდ სახელმწიფოებსა  და იმპერიებს, როგორებიცაა: საბერძნეთი, სპარსეთი, რომის იმპერია, არაბეთის სახალიფო, მონღოლთა იმპერია, ოსმალეთის იმპერია და ა.შ. ამავე დროს კავკასიელ ერებს ყოველთვის ჰქონდათ საკუთარი ეროვნული ინტერესები, რომლებიც განაპირობებდნენ მათ დამოკიდებულებას როგორც ერთმანეთისადმი, აგრეთვე, რეგიონით დაინტერესებული დიდი სახელმწიფოების მიმართ. აღსანიშნავია, რომ  საქართველოს ყოველთვის ეკავა მოწინავე პოზიცია კავკასიის რეგიონალური პოლიტიკის შემუშავების საკითხში.

საუკუნეთა განმავლობაში საერთაშორისო ურთიერთობების ფორმები  იცვლებოდა, თუმცა, თითქმის უცვლელი დარჩა კავკასიელ ერთა ეროვნული ინტერესები. თუ გავითვალისწინებთ ამ ფაქტს და დავამატებთ იმას, რომ მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის  შეცდომები  დღეს კვლავ აქტუალურია, ძალიან სასარგებლო იქნება უახლოესი ისტორიული წარსულის გაკვეთილების კარგად ცოდნა და გაანალიზება, რათა მიღებული დასკვნები გათვალისწინებული იქნას მიმდინარე საერთაშორისო ურთიერთობათა პროცესებში.

ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია გაანალიზდეს კავკასიის პირველ რესპუბლიკათა ისტორია (1918-21 ). როგორც უმრავლეს შემთხვევაში, პატარა ერების ბედი მჭიდროდ არის დაკავშირებული მათ ურთიერთობებზე დიდ სახელმწიფოებთან. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან კავკასია ოკუპირებული იყო რუსეთის იმპერიის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაუნდობელი იმპერიის,  მიერ. თუმცა, მეფის რუსეთის დაშლის შემდეგ, 1917 წელს, კავკასიელმა ერებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა. 1918 წლისათვის კავკასიაში ჩამოყალიბდა 4 სახელმწიფო: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და ჩრდილო კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახელმწიფოთა მისწრაფებები ხშირად ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა, მათ ჰყავდათ საერთო ჩრდილოელი მტერი, რომელიც არასოდეს შეეგუებოდა კავკასიის დამოუკიდებლობის იდეას და ყველა შესაძლო საშუალებით მაქსიმალურად შეეცდებოდა, ხელი შეეშალა რეგიონის თავისუფლებისა და ევროპულ ცივილიზაციაში ინტეგრაციისათვის.

კავკასიის ქვეყნების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე საბჭოთა რუსეთი შეეცადა  ქართული რეგიონის, აფხაზეთის, ოკუპაციას. 1918 წლის ზაფხულში საბჭოელებმა იქ გაგზავნეს “წითელ კაზაკთა” შენაერთები და წააქეზეს ადგილობრივი სეპარატისტები, რათა მათ გამოეცხადებინათ ე.წ. “აფხაზეთის საბჭოთა რესპუბლიკის” დამოუკიდებლობა. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, გადამჭრელი ზომები მიეღო და გენერალი გიორგი მაზნიაშვილი გაგზავნა  ბრძოლის ველზე. იმ დროისათვის რუსეთში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი და საბჭოელებს არ შეეძლოთ დიდი რაოდენობით ჯარისკაცებისათვის მოეყარათ თავი აფხაზეთში. შესაბამისად, ქართველებმა გამოიყენეს შესაძლებლობა და გაათავისუფლეს მათგან აფხაზეთი. მოგვიანებით ბოლშევიკთა რეჟიმი ჩრდილო კავკასიაში შეიცვალა “თეთრი გენერლების” რეჟიმით, მაგრამ მათ მიერ კავკასიის რეგიონთან მიმართებით გატარებული პოლიტიკა უცვლელი დარჩა. 1919 წლის პირველ ნახევარში “თეთრებმა” იგივე სცადეს აფხაზეთში, მაგრამ, საბედნიეროდ, იმ დროისათვის ბრიტანული ჯარები იყვნენ განლაგებულნი საქართველოს ტერიტორიაზე და მათ უზრუნველყვეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება [Документы… 1919: 91-107; მაზნიაშვილი, 1990: 60-114].  მსგავსი ისტორია 1918-1920 წლებში არაერთგზის განმეორდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ, ერთი მხრივ, ქართული შეიარაღებული ძალები იდგა მოწოდების სიმაღლეზე და, მეორე მხრივ, საბჭოთა რუსეთი იბრძოდა პოლონეთის, “თეთრი გენერლების” და სხვათა წინააღმდეგ და არ შეეძლო საქართველოში დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის მობილიზება.

საქართველოში შემოჭრამდე რუსეთს უნდა გადაეწყვიტა ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემა, რადგანაც ის უფრო ახლოს მდებარეობდა რუსეთთან და ბუფერული ზონის დანიშნულებას ასრულებდა სამხრეთ კავკასიისათვის. ქართველი და აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები  განსაკუთრებით  კარგად აანალიზებდნენ, რომ ძლიერი ჩრდილოეთ კავკასიის დამოუკიდებლობა  სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკისათვის დამცავი ფარი იყო და მათ ხელთ არსებული ყველა რესურსით უჭერდნენ მხარს “მთიელთა რესპუბლიკას”. საქართველოს რესპუბლიკის მეთაური, ნოე ჟორდანია, ამის შესახებ თავის მემუარებში წერს: “...განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევდით მთიელთა რესპუბლიკას, არ იყო არც ერთი შემთხვევა, მათ თხოვნაზე დახმარების შესახებუარი გვეთქვას. თებერვალში გვთხოვეს სამხედრო იარაღი, მთავრობამ დაადგინამიეცეს მათ ყოველივე, რაც სჭირიათ სამხედრო საწყობიდან. არავისთვის ასეთი დახმარება არ გაგვიწევია. ჩვენ თვითონ გვიჭირდა, სოფელ-სოფელ პატრონებს ვაგროვებდით,თითოში ორ მანეთს ვაძლევდით, ისე გვაკლდა სამხედრო მასალა, ამავე დროს მთიელთ ასე გულუხვად ვეხმარებოდით. რატომ? ცხადია რატომ, ამას მოითხოვდა ჩვენი ჩრდილო საზღვრების უზრუნველყოფა; ძლიერი, დამოუკიდებელი მთა იყო ჩვენისიმაგრე, მოსკოვის წინააღმდეგ ამართული. მის არსებობაში ვიყავით ყელამდე დაინტერესებული და ეს გვიკარნახებდა ჩვენს დამოკიდებულებას მასთან” [ჟორდანია, 1990: 110-111]. ეს ამონარიდი არც ერთ დროში არ კარგავს თავის მნიშვნელობას და კარგად წარმოსახავს ჩრდილოეთ კავკასიის უმნიშვნელოვანეს როლს. მეორე მხრივ, აქ საქართველო კიდევ ერთხელ წარმოგვიდგება, როგორც რეგიონალური ლიდერი, რომელიც ეხმარება მეზობელ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში.

უფრო მეტიც, ამ მოვლენების პარალელურად მიმდინარეობდა პარიზის სამშვიდობო კონფერენცია, რომელსაც უნდა შეეჯამებინა პირველი მსოფლიო ომის შედეგები და, ამასთანავე, გაერკვია რუსეთის მომავალი ცარისტული რეჟიმის დამხობის შემდეგ. პარიზში ქართველებმა, აზერბაიჯანელებმა და მთიელებმა დააარსეს გაერთიანებული კომისია, რომელიც ერთობლივი განცხადებებითა და დეკლარაციებით მიმართავდა სამშვიდობო კონფერენციას. 1919 წლის 23 ივნისის  სამმა მეზობელმა სახელმწიფომ მოუწოდა კონფერენციას, რომ მას არ ეცნო რუსეთის უფლებები ჩრდილოეთ კავკასიაზე [Топчибашев, 1998: 58].[1]

1919 წლის ზაფხულში ჩრდილოეთ კავკასია დაიპყრო “თეთრმა გენერალმა”, ანტონ დენიკინმა,  და რუსეთი უშუალოდ მოადგა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრებს. ამან აიძულა საქართველო და აზერბაიჯანი, 1919 წლის 16 ივნისს ხელი მოეწერათ სამხედრო-თავდაცვითი ხელშეკრულებისათვის, რომლის თანახმადაც, მათ ერთობლივი პასუხი უნდა გაეცათ მესამე სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო სამხედრო აგრესიისათვის. ამავე დროს, მხარეები თანხმდებოდნენ მათ შორის არსებული ტერიტორიული დავების არბიტრაჟის წესით მოგვარებაზე. შეტყობინება ამ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გაეგზავნა კონფერენციის თავმჯდომარეს—საფრანგეთის პრეზიდენტ ჟორჟ კლემანსოს. ამ წერილში ქართველები და აზერბაიჯანელები აცხადებდნენ, რომ ხელშეკრულება მოქმედებაში არ მოვიდოდა იმ შემთხვევაში, თუ დენიკინი თავს არ დაესხმოდა სამხრეთ კავკასიას. ბრიტანელთა ჩარევით იმ ეტაპზე რუსეთის აგრესია შეჩერებულ იქნა.

როგორც ვხედავთ, “თეთრები” და “წითლები” ერთნაირად მტრულად იყვნენ განწყობილნი კავკასიის დამოუკიდებლობის იდეისადმი და კავკასიელ ხალხს ერთნაირად უწევდა ბრძოლა მათ წინააღმდეგ როგორც ბრძოლის ველზე, ასევე დიპლომატიურ  სარბიელზეც. “თეთრებისა” და “წითლების” მიზანს მეფის რუსეთის  პერიოდის  საზღვრების აღდგენა წარმოადგენდა  და კავკასია საკვანძო ადგილი იყო ამ მიმართულებით. ამ სამხედრო აგრესიათა მიზანი განისაზღვრებოდა,  ერთი მხრივ, რეგიონის ოკუპაციით  და, მეორე მხრივ, პარიზში მყოფი კავკასიური დელეგაციებისათვის  ხელის შეშლით საერთაშორისო აღიარებისა და “ევროპულ ოჯახში” გაწევრიანების საქმეში.

დასავლური ქვეყნებისათვის საქართველოსა და აზერბაიჯანის საკითხები  1918-21 წლებში და  საზავო კონფერენციაზეც  ერთ, მთლიან საკითხად აღიქმებოდა, რომელიც, თავის მხრივ, მიბმული იყო ე.წ. “რუსეთის საკითზე.”  ეს ორი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე ყოველთვის ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდა [ავალიშვილი, 1925: 112]. ორივე  მდებარეობდა რუსეთის სამხრეთ საზღვარზე და რუსეთს ორივეს  მიმართ ერთნაირი იმპერიული ზრახვები ჰქონდა. თუმცა, მათ სასარგებლოდ მოქმედებდა ის ფაქტორი, რომ ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი ძალზე მიმზიდველი იყო ევროპული ქვეყნებისათვის, შესაბამისად, ბაქოს დაკარგვის შემთხვევაში ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ბათუმის პორტი კარგავდა თავის მნიშვნელობას და, პირიქით, ბათუმის დაკარგვის შემთხვევაში ბაქოს ნავთობი მიუწვდომელი ხდებოდა დასავლეთისათვის. გარდა ამისა, ეს იყო “ერთა ლიგის” ხანა და დასავლეთისათვის მომგებიანი ჩანდა მისი საზღვრების აღმოსავლეთ მიმართულებით გაფართოება.

ყველაზე დიდ შემაფერხებელ ფაქტორს ამ პერსპექტიული პროექტებისათვის წარმოადგენდა  კავკასიელი ერებისაკენ  მიმართული რუსული საფრთხე და სწორედ ამიტომ ძალზე პროგრესული იყო, რომ ქართველები, აზერბაიჯანელები და მთიელები ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ. თუმცა, უდიდეს გამოწვევად რჩებოდა ამ ქვეყნებისათვის სომხეთი, რომელიც მოწყვეტილი იყო საერთო კავკასიურ პოლიტიკურ ორბიტას და დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებდა საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. სომხეთი არ ეგუებოდა Status quo-ს ტერიტორიულ საკითხებში. ამ პატარა ერს ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდა ყველა თავისი მეზობლისადმი (საქართველოს, აზერბაიჯანის და, განსაკუთრებით, თურქეთის მიმართ) [Армянский... 1919)[2]

ამერიკელი კონგრესმენი, ვოლტერ მარიონ ჩენდლერიც,  რომელიც შეერთებულ შტატებში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის ოფიციალურ ლობისტად მუშაობდა [US Embassy…;  Chandler, 1920],  ამერიკიდან იტყობინებოდა, რომ მას წარმატების მიღწევის ძალზე  მცირე შანსი აქვს, რადგანაც ის ამერიკაში ყოველ ნაბიჯზე აწყდება სომხეთის ლობისტების წინააღმდეგობას [Топчибашев, 1998: 55-56).

ასეთი დამოკიდებულება ანგრევდა ერთიან კავკასიურ პლატფორმას და ხაფაგის როლს ასრულებდა ყველა ერისათვის. მოგვიანებით სომხეთის პრეზიდენტი პოლიტიკურ ემიგრაციაში სინანულს გამოთქვამდა ამ უმწიფარი პოლიტიკის გამო, რომელმაც რეგიონი საბჭოთა ოკუპაციამდე მიიყვანა [Качазнун, 1927: 16-20].

ცხადი იყო, რომ ადრე თუ გვიან რუსული სამხედრო აგრესიის დრო მოვიდოდა და კავკასიის პატარა სახელმწიფოები საგარეო დახმარების გარეშე მასთან გამკლავებას ვერ შეძლებდნენ. სწორედ ამიტომ ეს ქვეყნები მიისწრაფოდნენ დასავლეთისაკენ და მიზნად დასავლური ცივილიზაციის წევრობას ისახავდნენ. ისინი პარიზის საზავო კონფერენციაზე ცდილობდნენ ანტანტის დიდი სახელმწიფოებისაგან დიპლომატიური და სამხედრო მფარველობა მოეპოვებინათ, მაგრამ გადამწყვეტი იყო “ერთა ლიგის” წევრობა, რომელიც, მისი წესდების თანახმად, წევრი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დაცვის გარანტიას იძლეოდა.

ლიგის სამიტი დანიშნული იყო 1920 წლის ნოემბრისათვის და საქართველომ აზერბაიჯანთან ერთად წევრობაზე შეიტანა განაცხადი. ეს იყო მათი გადარჩენის უკანასკნელი შანსი, მაგრამ 1920 წლის აპრილში რუსეთმა მოახდინა აზერბაიჯანის ოკუპაცია, ხოლო სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე — 1920 წლის ნოემბრის დასაწყისში —  რუსეთის მიერ სომხეთიც იქნა ოკუპირებული. დასავლეთის ქვეყნები ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ: მთელი კავკასია, საქართველოს გარდა, რუსეთის კონტროლქვეშ იყო მოქცეული, ხოლო საქართველო რუსეთის ჯარებით იყო გარშემორტყმული. 1920 წლის ბოლოსათვის საქართველო რეგიონში დარჩა მარტო და გარკვეულწილად დაკარგა თავისი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მნიშვნელობა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს  მორალური მხარდაჭერა ჰქონდა, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობამ ცნო მისი დამოუკიდებლობა. ქვეყანას ჰყავდა დემოკრატიული წესით არჩეული პარლამენტი და მთავრობა, ჰქონდა იმ დროისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე კონსტიტუცია, აღიარებული იყო  სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ. თუმცა, ვერავინ ბედავდა შეეჩერებინა ჩრდილოეთიდან მომავალი უხეში სამხედრო აგრესია.

ერთა ლიგის სესიაზე საქართველოს წევრობის საკითხზე გამართულმა კენჭისყრამ შემდეგნაირი შედეგები აჩვენა: საქართველოს წევრობას მხარი დაუჭირა ათმა სახელმწიფომ, ათი წინააღმდეგი წავიდა  და ოთხმა თავი შეიკავა. საქართველოს წევრობისათვის სჭირდებოდა 16 ხმა და, როგორც შედეგებმა აჩვენა, საკითხი ჩავარდა.  რუსეთს აღარ გასჭირვებია 1921 წლის თებერვლიდან განეხორციელებინა “წითელი ოკუპაცია” საქართველოსა და მთელ კავკასიაში.

დღესაც გამოწვევები კავკასიელ ერთათვის თითქმის იდენტურია. ჩრდილოელი მეზობლის იმპერიული ამბიციები არ შეცვლილა და ამავე დროს კვლავ არსებობს გარკვეული გაუგებრობები რეგიონის სახელმწიფოთა შორის. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ისტორიის მოვლენები მეორდება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა შეძლო კონფლიქტების ინსპირირება რეგიონში. უპირველეს ყოვლისა, რუსეთმა შეაიარაღა ოპოზიციური შენაერთები და განახორციელა მისთვის არასასურველი საქართველოს პრეზიდენტის — ზვიად გამსახურდიას  — ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა.

ამის შემდეგ რუსეთმა დაიწყო ტერიტორიული კოფლიქტების ინსპირირება, ხოლო მეთოდოლოგია და სტილი 1918-21 წლების აგრესიათა იდენტური იყო. რუსეთმა წააქეზა სამხრეთ ოსეთის ე.წ. “ნაციონალისტური მოძრაობა”, რომელიც სინამდვილეში რუსეთთან გაერთიანებას ითხოვდა, შეაიარაღა ისინი, დახმარება გაუწია ყველა სამხედრო საშუალებით და განახორციელა ამ რეგიონის სამხედრო ოკუპაცია.

იგივე მოხდა აფხაზეთში 1992-93 წლებში, მაგრამ ახლა უკვე “წითელ კაზაკთა” შენაერთების ნაცვლად რუსებმა იქ გაგზავნეს “რუსი კაზაკები”. როგორც ვხედავთ, არაფერი იცვლება მრავალი წლის განმავლობაში. ასეულათასობით სხვადასხვა ეროვნების დევნილი იქნა გამოძევებული აფხაზეთში საკუთარი სახლებიდან.

90-იანი წლების დასაწყისში, სამწუხაროდ, კავკასიის რეგიონი არ იმყოფებოდა საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ და ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა მსოფლიოში “ქართული საკითხის” შესახებ, ამდენად, არავის შეეძლო შეეჩერებინა ეს ძალადობა. როგორც გვახსოვს, 1919-1920 წლებში ბრიტანული ჯარების საქართველოში ყოფნამ რამდენჯერმე გადაარჩინა საქართველო რუსეთის ჯარების შემოჭრისაგან. სრულმასშტაბიანი ოკუპაცია 1921 წელს განხორციელდა, მაშინ, როდესაც ბრიტანელებმა დატოვეს ქვეყანა. ამ ფაქტორმა ანალოგიურად იმოქმედა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ომების დროსაც. გამომდინარე აქედან, როგორც გამოცდილებამ არაერთხელ დაგვანახვა, ქართველებმა პროგნოზირებადი და არაპროგნოზირებადი მომავლისათვის უნდა იცოდნენ, რომ ევროპულ და საერთაშორისო საზოგადოებასთან სიახლოვე მნიშვნელოვანი დამცავი ფარია ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია უნდა იყოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საქართველოსა და მთლიანად კავკასიის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის.

მიზნები, რომლებსაც 90-იანი წლების ძალადობრივი აქტები ემსახურებოდა, არ განსხვავდებოდა 1918-21 წლების მიზნებისაგან: ოკუპაცია და საბჭოთა კავშირის საზღვრების აღდგენა თუ არ მოხერხდებოდა, კავკასიის ქვეყნებისათვის ხელი უნდა შეეშალათ სახელმწიფო მშენებლობაში, ეროვნულ განვითარებასა და ევროინტეგრაციაში.

90-იანი წლების დასაწყისისათვის საქართველო საკმაოდ დასუსტებული იყო,  ამასთანავე, მას აკლდა საერთაშორისო მხარდაჭერა. ამის გათვალისწინებით იმ ეტაპზე რუსეთმა მოახერხა საკუთარი მიზნის მიღწევა და, გარდა ტერიტორიათა 20%-ის ოკუპაციისა, საქართველო ძალით შეიყვანეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ეს უკანასკნელი რუსეთის ხელისუფლების მიერ საბჭოთა კავშირის მოდერნიზებულ ვარიანტად განიხილებოდა.

რუსეთი ჩართული იყო ჩეჩნეთის ომში. ჩეჩნეთი სერიოზულ ძალას წარმოადგენდა.  რუსეთმა გადაწყვიტა, ჯერ საქართველოს გამკლავებოდა და შემდეგ მიბრუნებოდა ჩეჩნეთს. რუსებმა აფხაზეთის ომში ჩეჩნები საქართველოს წინააღმდეგაც  გამოიყენეს. ეს იყო მეზობლებსა და ტრადიციულ მოკავშირეებს შორის ტიპური გაუგებრობის შემთხვევა. საქართველოს პირველ პრეზიდენტს—ზვიად გამსახურდიას — იდეალური ურთიერთობა ჰქონდა  ჩეჩნებთან, მაგრამ მოსკოვის ჩარევით მისი ხელისუფლების დამხობის შემდეგ საქართველომ და ჩეჩნეთმა შეწყვიტეს თავიანთი პოლიტიკის კოორდინირება,  რუსეთმა  კი იმოქმედა პრინციპით “divide et impera”[3].  ეს საბედისწერო შეცდომა დაშვებულ იქნა ორივე მხარის მიერ, რამაც საშუალება მისცა საერთო მოწინააღმდეგეს, მიეღწია თავისი მიზნებისათვის.   მოვლენების მსგავსი განვითარება სამომავლოდ თავიდან უნდა  იქნეს აცილებული. აფხაზეთის ომში საქართველოს მოწინააღმდეგის მხარეზე ჩეჩნების მონაწილეობის  შემდეგ  ჩეჩნეთმა  ორი  ომი გადაიტანა. თუ კავკასიის გული — საქართველო —  დამარცხდება, მტერს გაუიოლდება   რეგიონის სხვა ნაწილების დამარცხება.

XIX-XX საუკუნეების ქართველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე,  დამოუკიდებელი საქართველოს განათლების მინისტრი, გიორგი ლასხიშვილი, თავის მემუარებში იგონებს თავის დიალოგს XIX საუკუნის ბოლოს პოლიტიკურ გადასახლებაში,  ციმბირში, მასთან ერთად მყოფ ერთ ჩერქეზ მოხუცთან: “...როგორღაც უხალისოდ მაძლევდა პასუხს და მეც თავი დავანებემერე ჩვენ გამოგვკითხა ვინაობაროცა გაიგოქართველები ვიყავითსიამოვნება გამოაცხადაკარგა ხნის სიჩუმისმერე ამოიოხრა და თქვა:

                -როცა კავკასიის მზე ჩაესვენა, მთელი ჩვენი ქვეყანა მაშინ დაიღუპამე ვიფიქრეშამილს გულისხმობს-მეთქი და ამიტომ რაღაც იმის შესახებ ვკითხე.

                -არა, ყმაწვილო, - მიპასუხა მოხუცმამე შამილზე როდი მითქვამსკავკასიის მზე საქართველო იყოსაქართველომ თავი დაიღუპა და კავკასიაც თან გაიყოლია...” [ლასხიშვილი, 1934: 38]

მოხუცი ჩერქეზი ამ სიტყვებში, რაღა თქმა უნდა, 1783 წელს გაფორმებულ გეორგიევსკის ტრაქტატს გულისხმობდა, რომელმაც რუსეთს საქართველოსა და მთელი კავკასიის დაპყრობა გაუადვილა, რასაც ჩრდილოკავკასიელი ერების გენოციდი და დაუსრულებელი სისხლისღვრა მოჰყვა.

ამ ისტორიული გაკვეთილებისა და ქართველი პოლიტიკოსების პოზიციის გათვალისწინებით  გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ყველა პრეზიდენტს კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ჩრდილოკავკასიელ ერებთან. საქართველომ, როგორც რეგიონის ლიდერმა თუ ცენტრალურმა სახელმწიფომ, ყოველთვის უნდა გაატაროს მეგობრული პოლიტიკა ჩრდილოკავკასიელ ხალხთან მიმართებით და შემოიკრიბოს ისინი კავკასიელი ერების თავისუფლების საერთო მიზნის გარშემო, რადგან, როგორც ვხედავთ, ქართველი და ჩრდილოკავკასიელი ხალხის თავისუფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან.

რუსეთის ფედერაცია  არაპირდაპირ, მაგრამ ასევე არის  ჩართული  აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, რომელიც 1988 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მართალია, რუსეთმა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე დაკარგა პირდაპირი კონტროლი, მაგრამ ამჟამად ის ცდილობს მოიპოვოს  კავკასიური სახელმწიფოების არაპირდაპირი კონტროლის უფლება. კონფლიქტის მხარეებს შორის სამხედრო ბალანსის დაცვითა და ე.წ. “მედიატორეს” როლის შესრულებით რუსეთი ორივე ქვეყნის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს.   ეს არის XIX საუკუნის  გავლენათა სფეროების შენარჩუნების პოლიტიკა, რომელიც არქაულად გამოიყურება XXI საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკაში.

ისევე, როგორც 1918-21 წლებში, სომხეთის ფაქტორი დღესაც აფერხებს კავკასიურ ერთიანობას. თითქმის ყველაფერი უცვლელია: სომხეთი თურქეთს ედავება  და მოითხოვს სომეხი ხალხის გენოციდის აღიარებას.  მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთს ტერიტორიული კონფლიქტი აქვს აზერბაიჯანთან. ასეთი  პოლიტიკის შედეგად   სომხეთი დანარჩენი რეგიონისაგან ახდენს საკუთარი თავის იზოლაციას და ვერ ერთვება ისეთ საერთაშორისო პროექტებში, როგორებიცაა: კასპიის ზღვიდან ევროპისაკენ მიმავალი გაზსადენისა და ნავთობსადენის პროექტები; ჩინეთიდან ევროპისაკენ მიმავალი რკინიგზის პროექტი და მრავალი სხვა. ამავდროულად სომხეთი კარგავს მეზობლებთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობას[4].

მეორე მხრივ, მეზობელ სახელმწიფოებს შორის გაუგებრობის არსებობა და თანამშრომლობის ნაკლებობა აფერხებს რეგიონის შემდგომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას. ეს ასევე აფერხებს ქვეყანათა ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და საშუალებას აძლევს ჩრდილო იმპერიას რეგიონის პოლიტიკაზე განახორციელოს გარკვეული კონტროლი.

ე.წ. “არქეოლოგიური პოლიტიკის” გატარება და ისტორიულ წარსულში დარჩენილ პრობლემათა ძიება და ამ პრობლემათა თანამედროვე პოლიტიკურ ურთიერთობებში შემოტანა საზიანოა მთელი რეგიონისათვის. XXI საუკუნეში ყველამ პატივი უნდა სცეს სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკვანძო პრინციპებს და კონცენტრაცია მოახდინოს სამომავლო განვითარებაზე.

მსგავსი თანამშრომლობის საუკეთესო პრეცედენტი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ არის შექმნილი. სამი საუკუნის განმავლობაში აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის ქართული რეგიონები ოსმალეთის იმპერიაში შედიოდნენ. 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით  სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიების უმნიშვნელოვანესი ნაწილი თურქეთს მიეკუთვნა [middle...].  საქართველო და თურქეთი უაღრესად მტრულად იყვნენ განწყობილნი ერთმანეთისადმი 1918-21 წლებში, რაც იმითაც გამოიხატა, რომ სამი წლის განმავლობაში ორჯერ იომეს ერთმანეთთან.  თუმცა, დღეისათვის ისინი აღიარებენ ტერიტორიულ გადანაწილებაში არსებულ Status quo-ს  და პატივს სცემენ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ამ სახელმწიფოთა შორის დამყარებულია მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები; ისინი ერთობლივად ქმნიან საერთაშორისო სავაჭრო გზებს, ენერგომატარებლების დერეფნებს და ა.შ. თურქეთი ეხმარება საქართველოს თანამედროვე შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში, ასევე საერთაშორისო დონეზე უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას.

მსგავსი ტერიტორიული დავა არსებობდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 1918-21 წლებში კახის, ბელაქანისა და ზაქათალის რაიონებთან დაკავშირებით, მაგრამ დღეისათვის ამ ქვეყნებს საუკეთესო ურთიერთდამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. აზერბაიჯანი უმთავრესი ენერგომომწოდებელი და ინვესტორია საქართველოს ეკონომიკაში; ქვეყნებს ერთიანი მისწრაფებები აქვთ საერთაშორისო პოლიტიკაში, რაც გულისხმობს: სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროინტეგრაციის საკვანძო პრინციპებს. ისევე, როგორც 1918-21 წლებში, საქართველო და აზერბაიჯანი დანარჩენი მსოფლიოსათვის ერთიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცედ აღიქმება. ერთმანეთის გარეშე ეს ქვეყნები კარგავენ თავიანთ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ შესაძლებლობებს და, მეორე მხრივ, ამ ურთიერთობათა შემდგომი განვითარება გაზრდის მთლიანად რეგიონის მნიშვნელობას. ამ ფაქტმა უბიძგა საქართველოს პრეზიდენტს, 2009 წელს ბაქოში განეცხადებინა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს არაფორმალური კონფედერაცია აქვთ შექმნილი [Saakashvili...2009].

თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის კავკასიური ხაზი არის მეზობელ ქვეყნებს შორის ისტორიული გაუგებრობების გადაჭრისა და თანამშრომლობის კარგი მაგალითი. ამ სამეულში  თავისი უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია და მისი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა კავკასიის რეგიონში მრავალი საერთაშორისო პროექტის განხორციელება. რუსეთმა იმიტომ განახორციელა არაერთი სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და დღესაც იმიტომ  აქვს ოკუპირებული  მისი რეგიონები, რომ აიძულოს საქართველო, შეცვალოს    დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი,  რაც გამოიწვევს ზემოხსენებული სამკუთხედის — თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის — დაშლას და  რეგიონზე სრული რუსული კონტროლის დაწესებას.

იმავე მიზეზის გამო საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა რეგიონის სხვა ქვეყნებისა და დასავლური სამყაროს მხრიდან. კავკასიელ ერთა კონსოლიდაცია და მათი ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია თავის გადარჩენის უმნიშვნელოვანესი  საშუალებაა პირდაპირი სამხედრო აგრესიის პირობებში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო იყო პირველი კავკასიური სახელმწიფო, რომელიც 1999 წელს გაწევრიანდა ევროსაბჭოში [Council…], აგრეთვე,  მას მოწინავე პოზიცია უკავია   ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

მრავალი ისტორიული ფაქტისა და გამოცდილების გათვალისწინებით რთულია რუსეთის იმპერიასთან  თანამშრომლობა ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერისა და მონიტორინგის გარეშე. რუსეთმა დაარღვია საქართველოს მეფესა და რუსეთის იმპერატორს შორის 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატი და 18 წლის შემდეგ, 1801 წელს, მოახდინა საქართველოს ოკუპაცია 117 წლით; ცარისტული რეჟიმის დამხობის შემდეგ საქართველომ მოიპოვა თავისუფლება და 1920 წელს ხელი მოაწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას საბჭოთა რუსეთთან, რომლის თანახმადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ სულ რამდენიმე თვის შემდეგ რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო შეთანხმება და მოახდინა საქართველოს ოკუპაცია (ამჯერად 70 წლით); აფხაზეთის ომის დროს ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის 2 შეთანხმებას: 1992 წლის 3 სექტემბერის მოსკოვის შეთანხმებასა და 1993 წლის 28 ივნისის სოჭის შეთანხმებას, რომელთა თანახმად, მხარეებს უნდა გაეყვანათ ჯარები და მძიმე არტილერია რეგიონიდან [აფხაზეთის... 2000: 85],  მაგრამ ქართული მძიმე ტექნიკის გასვლის შემდეგ რუსებმა შეტევა დაიწყეს მძიმე აღჭურვილობის გარეშე დარჩენილ ქართველ ჯარისკაცებზე, რაც საბოლოოდ სოხუმის დაცემით დასრულდა; მიმდინარე ეტაპზე  რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ხელმოწერილ ე.წ. “ექვსპუნქტიან შეთანხმებას”, რომლის ძალითაც ის ვალდებულია, გამოიყვანოს ჯარები ქართული რეგიონებიდან და საერთაშორისო დამკვირვებლებს საშუალება მისცეს განახორციელონ სრულფასოვანი მონიტორინგი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს რეგიონების სამხედრო ოკუპაციას, რომლებიც საერთაშორისო დაკვირვების გარეშეა დარჩენილი.

ზემოაღწერილი ფაქტები რუსეთს გვიხასიათებს, როგორც არასანდო ქვეყანას, მაგრამ დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკურ რეალობაში არსებული წინაპირობები საკმაოდ განსხვავდება 1918-21 წლებში არსებული მდგომარეობისაგან:

 

  1. თუ 1919 წელს ამერიკელი კონგრესმენი — ვოლტერ მაირონ ჩენდლერი —აცხადებდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა მხარდაჭერას  ვერ პოულობს აშშ-ში და, შესაბამისად, 1918-21 წლებში მან არც აღიარა კავკასიის სახელმწიფოების დამოუკიდებლობა, დღევანდელ ვითარებაში აშშ  რეგიონის ქვეყნების მთავარი მოკავშირე და მათი ეროვნული ინტერესების დამცველია. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 2009 წლის 9 იანვარს გაფორმებული “სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია” მყარ გარანტიას იძლევა ამ ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისათვის [US State… 2009].
  2. თუ 1921 წლის დასაწყისში კავკასიის ქვეყნები  მარტო იყვნენ დატოვებული რუსეთის პირისპირ, ახლანდელი მდგომარეობით რეგიონი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების საგანს წარმოადგენს. რეგიონის ქვეყნები გაწევრიანებულნი არიან  საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო და სხვ.), საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ჩართულნი არიან ევროკავშირთან “აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში”, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ევროკავშირის წევრობისაკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია [European… 2009].  2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს და ომის შემდეგ ევროკავშირის აქტიურმა ჩარევამ აჩვენა ევროპის რეალური დაინტერესება კავკასიის რეგიონით.
  3. თუ 1920 წელს საქართველოს ერთა ლიგაში გაწევრიანებას მხარი მხოლოდ ათმა სახელმწიფომ დაუჭირა,  დღეს საქართველოს გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს ნატო-საკენ მიმავალ გზაზე. ნატო-ს ბუქარესტის დეკლარაციაში ყველა წევრმა სახელმწიფომ ერთხმად განაცხადა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი [NATO… 2008].  ნატო-ში გაწევრიანება საქართველოსათვის შექმნის უსაფრთხოების გარანტიას, ხოლო, მეორე მხრივ, ეს რეგიონის სხვა სახელმწიფოებს გაუადვილებს ნატო-სა და სხვა ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისაკენ მიმავალ გზას. ასეთ პირობებში ჩვენ მივიღებთ უსაფრთხო და დაცულ კავკასიას.
  4. 2010 წლის სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო “რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახლებში დაბრუნების უფლების აღიარების შესახებ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით”. ეს  მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხი კი არა, ერთგვარი  რეფერენდუმი იყო მთელი ცივილიზებული კაცობრიობისათვის — აპირებდა თუ არა ის,  შეგუებოდა  რუსეთის მიერ წარმოებულ XIX საუკუნის პოლიტიკას. ევროკავშირისა და ნატო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას და გაერთიანდა საქართველოს მხარდასაჭერად. რუსეთის პოზიციას მხარი დაუჭირეს მხოლოდ ისეთმა ოდიოზურმა რეჟიმებმა, როგორებიც არიან: მუგაბეს რეჟიმი ზიმბაბვეში, ბაშირის რეჟიმი სუდანში, ჩავესის რეჟიმი ვენესუელაში და ა.შ. [UN General ... 2010].
    მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი ცივილიზებული კაცობრიობა საქართველოს პოზიციას უჭერს მხარს, ოდიოზური რეჟიმები — რუსეთს.  მიმდინარე ეტაპზე რუს პოლიტიკოსებს არ სურთ გაიგონონ ცივილიზებული მსოფლიოს ხმა, თუმცა, ეს “ყრუ პოლიტიკა” სამუდამოდ ვერ გაგრძელდება, ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ ამ   მოსაზრებების გათვალისწინება.
  5. თუ 1918-21 წლებში თურქეთი უკიდურესად მტრულად იყო განწყობილი საქართველოს მიმართ, დღეისათვის ეს ქვეყნები ერთ-ერთი უმთავრესი მოკავშირეები არიან და ერთად აყალიბებენ თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის კავკასიურ ხაზს. ეს ხაზი ამარაგებს ევროპას აღმოსავლური ენერგორესურსებითა და ნედლეულით. ეს ფაქტი რეგიონს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის და უზრუნველყოფს მის განვითარებას.
  6. 1918-21 წლებში კავკასიის ქვეყნების სახელმწიფოებრიობა ძალზე სუსტი  იყო, რადგან ჯერ კიდევ  ფორმირების პროცესში იმყოფებოდა, დღეისათვის კი სახელმწიფო დაწესებულებები ინსტიტუციონალურად გამართულად მუშაობენ და რეგიონი წარმატების მაგალითს აჩვენებს მსოფლიოს. მაგალითად: საქართველოში ადვილია ბიზნესის დაწყება და წარმართვა,  ქონების რეგისტრაცია და სხვ. ამ თვალსაზრისით მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს მე-8, მე-12 და მე-2 ადგილები უკავია [Doing ... 2010].  ქვეყნის ასეთი შეუქცევადი განვითარება უმთავრესი წინაღობაა ჩრდილოელი მეზობლის იმპერიული ამბიციების გზაზე.

 

მიმდინარე ეტაპზე რუსეთის ხელისუფლება ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობს, საბჭოთა იმპერიის საზღვრები თუ გავლენის სფეროები ამა თუ იმ ფორმით აღადგინოს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 2005 წელს ხმამაღლა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო XX საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა [Putin... 2005]  და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეუდგა “კატასტროფის” შედეგების “გამოსწორებას”. თუმცა, ისტორიამ მრავალგზის დაამტკიცა, რომ იმპერიებს არ შესწევთ უნარი, სამუდამოდ შეინარჩუნონ  წარმატება; რუსეთის იმპერია ორჯერ დაინგრა XX საუკუნის განმავლობაში: პირველად, როდესაც ცარისტული რეჟიმი დაემხო და ფინელმა ხალხმა სამუდამო  განთავისუფლება იზეიმა; მეორედ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და პოლონელმა, ბალტიისპირელმა და მთელი აღმოსავლეთ ევროპის ხალხებმა მოიპოვეს თავისუფლება მოსკოვის გავლენისაგან. ადრე თუ გვიან ანალოგიური განთავისუფლება გარდაუვალია კავკასიელი ერებისთვისაც.


[1] ა.მ. თოფჩიბაშევი ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის დელეგაციას  პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე.

[2] Армянский вопрос перед Мировой Конференций არის  სომხეთის დელეგაციის მიერ პარიზის საზავო კონფერენციისადმი წარდგენილი ოფიციალური მემორანდუმი.

[3] დაყავი და იბატონე (ლათ.)

[4] სომხეთსა და რეგიონის სხვა სახელმწიოფოებს შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობის პირობებში საქართველო რჩება ერთადერთ სასიცოცხლო დერეფნად, საიდანაც სომხეთი იღებს ენერგორესურსებს და ამყარებს სახმელეთო კავშირს როგორც ევროპის ქვეყნებთან, ასევე რუსეთთანაც. ეს კიდევ უფრო ზრდის  საქართველოს მნიშვნელობას  რეგიონში.

ლიტერატურა

ავალიშვილი ზ.
1925
საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-21 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში. ტფილისი.
აფხაზეთის...
2000
აფხაზეთის საკითხი ოფიციალურ დოკუმენტებში, 1989-1999. ნაწილი I. 1989-1995წწ. თბილისი.
ლასხიშვილი გ.
1934
მემუარები. ტფილისი.
ჟორდანია ნ.
1990
ჩემი წარსული. თბილისი.
მაზნიაშვილი გ.
1990
მოგონებები. თბილისი.
Армянский...
1919
Армянский вопрос перед Мировой Конференций. Екатеринодар.
Документы...
1919
Документы и материалы по внешней политике Закавказья и Грузии. Тбилиси.
Качазнун Ов.
1927
Дашнакцутюн. Больше ничего делать! Тбилиси.
Топчибашев А.М.
1998
Письма из Парижа. Баку.
Saakashvili...
2009
Saakashvili: Azerbaijan and Georgia actually have informal confederation. Azeri Report. 2009, May 21. http://azerireport.com/index.php?option=com_content&task=view&id=1316&Itemid=43
Putin...
2005
Putin Deplores Collapse of USSR; BBC News. 2005, April 25. http://news.bbc.co.uk/2/hi/4480745.stm
Chandler W. M.
1920
Five Struggling Republics: Esthonia, Latvia, Lithuania, Azerbaijan and Georgia and Their Needs. New York Times, 1920 January 25. http://query.nytimes.com/gst/abstract.html?res=9D04E4D71F38E533A25756C2A9679C946195D6CF
Council...
Council of Europe, Member States http://www.coe.int/aboutCoe/index.asp?page=47pays1europe&l=en
Doing Business
2010
Doing Business, Economy Rankings 2010 http://www.doingbusiness.org/rankings
European...
2009
European Comission. Eastern Partnership Program. http://eeas.europa.eu/eastern/docs/eastern_partnership_article_bfw_en.pdf
Middle...
Middle East Explorer. Treaty of Kars. http://www.middleeastexplorer.com/Turkey/Treaty-of-Kars
NATO..
2008
NATO Bucharest Summit Declaration, 2008 April 3 http://www.nato.int/cps/en/natolive/official_texts_8443.htm
UN General...
2010
UN General Assebly Resolution 10967. General Assembly Adopts Text Recognizing Right of Return of Internally Displaced Persons throughout Georgia, Including Abkhazia and South Ossetia. New York. 2010 September 7 http://www.un.org/News/Press/docs/2010/ga10976.doc.htm
US Embassy...
US Embassy in Estonia, Walter Marion Chandler: Building the Legal Case for Estonia’s Independence http://estonia.usembassy.gov/root/pdfs/history-articles/walter-m.-chandler.pdf
US State...
2009
US State Department. United States-Georgia Charter on Strategic Partnership. 2009 January 9. http://www.state.gov/p/eur/rls/or/121029.htm