მრავლობითი რიცხვის გამოხატვის პრობლემა ერთი ტიპის რთული წინადადების კავშირში

ნებისმიერ ენაში სიტყვათა შეკავშირება ცალკეულ ჯგუფთა (ვგულისხმობთ მეტყველების ნაწილებს) სინტაქსური თავისებურებების გამოვლენის გრამატიკული საშუალებაა. პირველ რიგში, ის კონკრეტული ენის ფარგლებში დამოუკიდებელ ენობრივ წესებს წარმოაჩენს და ლექსიკურ-მორფოლოგიური დონეების საფუძველზე აზრობრივ კავშირს კრავს. რამდენადაც სიტყვათა შეკავშირების საბოლოო მიზანს წინადადების მთლიან სტრუქტურად ჩამოყალიბება წარმოადგენს, ამდენად წინადადების სინტაქსი თვისობრივად ის ოდენობაა, რომელიც ენის შინაარსს განსაზღვრავს და გრამატიკულ ფორმაში მოცემული კომუნიკაციურ-ფუნქციური მნიშვნელობის ღირებულებას იძენს.

ლ. კვაჭაძე „თანამედროვე ქართული ენის სინტაქსში" წერს: „სინტაქსი არკვევს, რა და რა ტიპის სიტყვები შეეწყობა ერთმანეთს და როგორ, რა დანიშნულება აქვს წინადადებაში შემავალ სიტყვებს; განიხილავს წინადადების აღნაგობას, მის ტიპებსა და თითოეულისათვის დამახასიათებელ გრამატიკულ თავისებურებებს და აგრეთვე იმ საშუალებებს, რომელთა მეოხებითაც ხორციელდება სიტყვათა შეხამება წინადადებასა და სიტყვათა შეკავშირებაში" [კვაჭაძე, 1966: 4].

ჩვენი სტატიის მთავარი საკითხი თანამედროვე ქართულ ენაში არსებულ სიტყვათა შეკავშირების ერთ პრობლემას, კერძოდ,  მაქვემდებარებელ კავშირებში სიმრავლის, ანუ მრავლობითი რიცხვის ასახვას შეეხება. ეს უკანასკნელი რთულ ქვეწყობილ წინადადებაში იჩენს თავს. ქართული საენათმეცნიერო აზრი დღეს რამდენადმე ითვალისწინებს ლეო კვაჭაძის მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით. მეცნიერი შენიშნავს: „ზოგჯერ, თუმცა იშვიათად, გვაქვს ისეთი შემთხვევაც, როდესაც სიტყვის ფორმას ორი სხვადასხვა სიტყვა განსაზღვრავს:  ერთი - ბრუნვის მიხედვით, მეორე - რიცხვისა. ამის ნიმუშია მიმართებითი ნაცვალსახელი რომელიც (აგრეთვე როგორიც): ეს ნაცვალსახელი მაქვემდებარებელი კავშირის როლს ასრულებს რთულ ქვეწყობილ წინადადებაში: დამოკიდებულ წინადადებას აერთებს მთავართან. იგი ბრუნვაში ანგარიშს უწევს დამოკიდებული წინადადების იმ სიტყვას, რომელთანაც სინტაქსურ კავშირშია, ხოლო რიცხვში - მთავარი წინადადების მისამართ სიტყვას. მაგ.: „მდინარის ნაპირზედ შავად მოჩანდა აქა-იქ პატარა წისქვილები, რომლებსაც ღამის უბრალო ქვებისაგან ძლივს გამოარჩევდით (ყაზ.)" [კვაჭაძე, 1966:  22].

ამრიგად, მიმართებითი ნაცვალსახელის  ფორმა, ერთი მხრივ, მთავარი წინადადების ქვემდებარის ( „წისქვილები") რიცხვითაა განსაზღვრული, ხოლო მეორე მხრივ, დამოკიდებული წინადადების ზმნით, რომელიც დასახელებულ წევრ-კავშირს მიცემით ბრუნვაში მართავს („რომლებსაც... გამოარჩევდით"). სამეცნიერო ლიტერატურაში შენიშნულია, რომ: "პარატაქსი, ე.ი. რთული "შეთხზული" ან რთული შეკავშირებული წინადადება ისტორიულად წინ უსწრებს ჰიპოტაქსს, ე.ი. რთულ დამოკიდებულ წინადადებას" და "მიმართებითობის (რელატივობის) გამოხატვა გარკვეული სიტყვებისათვის მეორადსა და, მაშასადამე, მერმინდელი დროის ფუნქციას წარმოადგენს" [დონდუა, 1940: 329- 330].

ლ. კვაჭაძის "თანამედროვე ქართული ენის სინტაქსის" სახელმძღვანელოში  საუბარია იმის შესახებაც, თუ როგორი ფორმა უნდა ჰქონდეს დამოკიდებული წინადადების წევრ-კავშირს იმ შემთხვევაში, როცა იგი მთავარ წინადადებაში სიმრავლის აღმნიშვნელ სიტყვასთან (სინტაქსურად - განსაზღვრებასთან) შეთანხმებულ ქვემდებარეს მიემართება. ვკითხულობთ: "თუ მთავარის საზღვრულ წევრს განსაზღვრებად ახლავს ისეთი სახელი, რომლის ლექსიკური მნიშვნელობაც ერთზე მეტს გულისხმობს (რიცხვითი სახელები: ორი, სამი... ბევრი, მრავალი; ნაცვალსახელები: რამდენიმე, ყველა...), საზღვრული სახელი მხოლობითში დგას, მიმართებითი სახელი კი მრავლობითშია"[კვაჭაძე, 1966:  378].

ჩვენ მიერ საკითხი ასე დაისმის: რომელი ენობრივი ფორმა იქნება მართებული შემდეგი წინადადების შემთხვევაში:

1.      „აივანზე იჯდა რამდენიმე აზნაური, რომელიც ახალმორთმეულ ხილს მიირთმევდა".

თუ:

2.       „აივანზე იჯდა რამდენიმე აზნაური, რომლებიც ახალმორთმეულ ხილს მიირთმევდნენ".

იმის გამო, რომ თანამედროვე ქართული სალიტერატურო  ენის ნორმები ამ მხრივ მაინცა და მაინც მოწესრიგებული არ არის, ქართული ენის სპეციალისტები ენობრივ ნორმად ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან მეორე ვარიანტს მიიჩნევენ; ანუ კონსტრუქციას:

მთავარ წინადადებაში

იმრავლის აღმნიშვნელი განსაზღვრება + ქვემდებარე  - მხ. რიცხვში

 

დამოკიდებულ წინადადებაში

წევრ-კავშირები: რომელიც/ როგორიც  -- მრავლ. რიცხვში

 

ერთი შეხედვით, ამგვარ სინტაქსურ კონსტრუქციაში შეიძლება, მართლაც, არაფერი იყოს ისეთი, რაც მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ქართული ენის ბუნებას და ქართული სალიტერატურო ენის ნორმად თითქმის უკვე დამკვიდრებულ სინტაქსურ ფორმულას; მაგრამ ახლა შევეცდებით, თვალნათლივ ვნახოთ ყველა ის წინააღმდეგობა, რომლებიც თავს ასეთი სახის წინადადებებში იჩენს. გამომდინარე იქიდან, რომ "რთული წინადადების ნაწილების აზრობლივი და გრამატიკული მიმართება მრავალფეროვანია" [კვაჭაძე, 1966: 319], ეს მრავალფეროვნება ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო ართულებს წინადადების სინტაქსურ კონსტრუქციებში გრამატიკული ბალანსის შენარჩუნებას. ჩვენს შემთხვევაში საქმე  უპირველესად  იმ სინტაქსურ დამოკიდებულებას შეეხება, რომელსაც შეთანხმება ჰქვია და რომელიც ზიარი კატეგორიის საფუძველზე ცდილობს აზრობრივ-გრამატიკული ჯაჭვის შექმნას წინადადებაში.

"იმ სიტყვას, რომელიც ითანხმებს, მათანხმებელი ეწოდება; იმ სიტყვას კი, რომელიც ეთანხმება - შეთანხმებული. მათანხმებელი სიტყვა სახელია, შეთანხმებული - სახელი ან ზმნა",- წერს ლ. კვაჭაძე [კვაჭაძე 1966: 17]. სინტაქსური ურთიერთობის წყვილად ფორმაში ყველაფერი გარკვეულია: სიტყვის ორი ერთეულიდან ერთი სინტაქსურად უფრო ძლიერია, ვიდრე - მეორე. ახლა შეთანხმების თვალსაზრისით რთული ქვეწყობილი წინადადების ისეთი სახეობა განვიხილოთ, რომელიც განსაზღვრებით დამოკიდებულ წინადადებას შეიცავს და "რომელიც" (მრ.რ. - რომლებიც; ან: რომელნიც) კავშირს საჭიროებს. მაგალითისათვის ავიღოთ შემდეგი წინადადება:

"დახლთან სამი მუშა იდგა, რომლებსაც თავი ჩაექინდრათ და სიმართლის თქმას არ აპირებდნენ".

რთული წინადადების სინტაქსური ანალიზის პროცესის დროს, პირველ რიგში, გასათვალისწინებელი  ის არის, რომ სინტაქსური წყვილების შერჩევა ცალ-ცალკე ხდება, ერთი მხრივ, მთავარ, ხოლო, მეორე მხრივ, დამოკიდებულ წინადადებაში. ეს აზრი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აადვილებს რთული წინადადების სინტაქსური კონსტრუქციის გაგებას და სიტყვათა შორის გრამატიკული ურთიერთობების დანახვას, მაგრამ საქმე ის არის, რომ წინადადების სინტაქსური კავშირები და თვით შეთანხმებაც, ამ გრამატიკული ურთიერთობის ფართო გაგებით, რთულ წინადადებაში არც აზრობრივად და არც გრამატიკულად არასოდეს იზღუდება მხოლოდ მასში შემავალი ერთი რომელიმე წინადადებით: არც - მთავარით და არც -  დამოკიდებულით. პირიქით, ეს ორი აზრი, ორი წინადადება, იმიტომ თანაარსებობს ერთ მთლიან წინადადებად, რომ რთული აზრი თავისი ლოგიკურ-გრამატიკული მიმდევრობით საბოლოოდ დასრულდეს. აქედან გამომდინარე, შეთანხმების სინტაქსური კატეგორიის გავრცელების არეალი უფრო ვრცელია, ვიდრე - ოდენ სინტაგმა (ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ ქართული ენა არსებითად შეუსწავლელია). სწორედ ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე განსაზღვრებით დამოკიდებული წინადადების ზემოთ მოყვანილ მაგალითშიც. თუკი მთავარი წინადადების სინტაქსურ წყვილებს (1."დახლთან იდგა"; 2."სამი მუშა"; 3."მუშა იდგა")  გადავხედავთ, ვნახავთ, რომ  ქვემდებარისა და ზმნა-შემასმენლის რიცხვში შეთანხმების საკითხი ენაში იმისდა მიხედვითაა გადაწყვეტილი, თუ რა გრამატიკული ფორმა აქვს მათანხმებელ სიტყვას ("მუშა"), ამ შემთხვევაში, სულიერ ქვემდებარეს; და არა იმის მიხედვით, თუ რამდენია ეს ქვემდებარე ("სამი მუშა", ე.ი. მათი რიცხვი უკვე მრავალია). ამგვარად, შეთანხმების დროს ენა არანაირ ანგარიშს არ უწევს რიცხვის გამოხატვის აღწერით ფორმებს (მაგ.: "რამდენიმე ადამიანი საუბრობდა"; "არაერთი საშუალება არსებობს" და მისთანანი).  ქართული სალიტერატურო ენის ვითარება სინქრონულ დონეზე იმდენად მყარია, მიუხედავად ევროპული ენების მნიშვნელოვანი ზეგავლენისა, სადაც აღწერით წარმოებებშიც ცვალებადია  ქვემდებარის რიცხვი და გვაქვს კონსტრუქცია - [ყველა ადამიანები], რომ,  ვფიქრობთ, ამ თვალსაზრისით ქართული ენა ქვესისტემური ცვლილების საფრთხის წინაშე საერთოდ არ დგას. არნ. ჩიქობავა ერთ-ერთ თავის ნაშრომში წერს:  "კოორდინაციად იწოდება ისეთი სინტაქსური ურთიერთობა, როდესაც სიტყვა, მართული რაშიმე მეორე სიტყვის მიერ, თვით მართავს რაშიმე ამ სიტყვას"  და იქვე დასძენს, რომ: "ზმნის როლი კოორდინაციაში ნათელია: ჩვენ დავახასიათეთ ის, როგორც კოორდინაციის ცენტრი; თუნდაც ის გარემოება, რომ წინადადებათა სამ ჯგუფად დაყოფას საფუძვლად ზმნათა სხვაობა უდევს, საკმარისად ნათელს ფენს მის როლს შესიტყვებაში"[ჩიქობავა, 1928: 268]. იმ შემთხვევაში, როცა ზმნა-შემასმენელთან კოორდინაციით დაკავშირებული სიტყვა (დიდი კოორდინატი) მორფოლოგიურად არამარკირებული, ნულოვანი გაფორმების მქონე სახელია, ლოგიკურ-გრამატიკულად ძირითადი კოორდინატიც  მხოლობით რიცხვში დგას ("ბევრი სპეციალისტი ფიქრობს..."), ხოლო, თუკი დიდი კოორდინატი გრამატიკულად მარკირებული ფორმით გადმოიცემა, ზმნა-შემასმენელიც შეიცვლის რიცხვს ("specialist-eb-i fiqrob-en...").

ახლა, დამოკიდებული წინადადების გრამატიკული აგებულება ვნახოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავფიქრდეთ, რამდენად მოდის ენობრივ, კერძოდ, ფორმობრივ შესაბამისობაში ეს ორი წინადადება და რამდენად წარმოადგენენ ისინი მთელის - რთული წინადადების -- გრამატიკულად დაბალანსებულ ნაწილებს.

იმ შემთხვევაში, თუ დამოკიდებული წინადადების წევრ-კავშირის რიცხვი დამოკიდებული იქნება მსაზღვრელ-საზღვრულის (ე.ი. წინადადების დამოუკიდებელი წევრების) მიერ თანადროულად (აღწერითად) და ამასთან  ლექსიკურად გამოხატულ რიცხვზე, მაშინ დავინახავთ, რომ დამოკიდებული წინადადების ზმნა-შემასმენლები - აქ: "ჩაექინდრათ" და "აპირებდნენ" - როგორც სემანტიკურად, ისე  გრამატიკული თვალსაზრისით სრულიად იზოლირებულნი აღმოჩნდებიან მთავარი წინადადებისაგან. სინტაგმებში: 1. "რომლებსაც ჩაექინდრა" ან: 2. "რომლებიც [არ] აპირებდნენ" რიცხვში შეთანხმება არ ირღვევა; მაგრამ საქმე ის არის, რომ რთული ქვეწყობილი წინადადება თავისი სირთულისდა მიუხედავად, არ წარმოადგენს გრამატიკულად ერთმანეთისაგან აბსოლუტურად გამიჯნული წინადადებების უბრალო ნაერთს. ზმნები: "ჩაექინდრათ" და "აპირებდნენ" პირდაპირ გრამატიკულ კავშირშია  მთავარ წინადადებაში დასმულ ქვემდებარესთან "[სამი] მუშა". გამოდის, რომ მართებულ ვარიანტებად უნდა ვაღიაროთ: "სამ მუშას ჩაექინდრათ"; ან: "სამი მუშა [არ] აპირებდნენ"; ეს კი ქართული სალიტერატურო ენის არც თანამედროვე მდგომარეობას და არც ენობრივ ტენდენციას არ ასახავს. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, დასახელებული მოვლენა ინდოევროპული ენობრივი სივრცისათვისაა დამახასიათებელი; იმ განსხვავებით, რომ ამ ენებში განსაზღვრება, როგორც სიმრავლის აღმნიშვნელი სიტყვა, გავლენას ქვემდებარეზეც მოახდენდა და გვექნებოდა კონსტრუქცია - [სამი მუშები იდგნენ]. ამასთან, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში შენიშნულია, რომ: "როდესაც (მთავარ) წინადადებაში მოცემულია მსაზღვრელ-საზღვრული, მაშინაც როდესაც მსაზღვრელი მოსდევს საზღვრულს (ძვ. ქართულის ძირითადი ნორმა) და ამით ახლოს დგას მიმართებით ნაცვალსახელთან, მისამართ სიტყვად ჩვეულებრივ ივარაუდება საზღვრული" და იქვეა განმარტებული, რომ: "მისამართი სიტყვის ამოსაცნობად დიდი მნიშვნელობა აქვს კორელაციას: საორიენტაციო სიტყვათაგან ისაა მისამართი სიტყვა, რომელსაც ახლავს კორელატი ანუ მიმართებითი ნაცვალსახელის ფარდი სიტყვა მთავარ წინადადებაში. ეს წესი არსებითია ახალი ქართულისათვისაც" [ძიძიგური, 1989: 244-245]. ნათქვამიდან გამომდინარე, მისამართი სიტყვა, რომელის იდენტურ (შეფარდებულ) ენობრივ ვარიანტს მორფოლოგიურად მიმართებითი ნაცვალსახელი, ხოლო სინტაქსურად წევრ-კავშირი წარმოადგენს, ჩვეულებრივ, არსებითი სახელია და არა - მსაზღვრელი სიტყვა. ასეთივე ვითარებაა ძველ ქართულშიც.  მაგალითად:

"მაშინ ჰეროდე ვითარცა იხილა, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად და წარავლინნა და მოწყჳდა ყოველი ყრმები , რომელნი იყვნეს ბეთლემს" [maTe, 2,16].

  ან:

"[განკჳრვებამან შეიპყრა]... ეგრეთვე იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სიმონისნი"[ ლუკა, 5,10].

ფ. ერთელიშვილი ქვეწყობილი წინადადებების განხილვისას აღნიშნავს: "წინადადებათა [ამ] აზრობრივი კავშირის ფონზე გამოიყოფა სიტყვათა შორის სპეციფიკური სინტაქსური კავშირი, რომელიც, წინადადებათა სხვა ტიპებისაგან განსხვავებით, მხოლოდ ქვეწყობილი წინადადებისათვის არის დამახასიათებელი" და "დამოკიდებული წინადადება, რომელიც მიმართებით ნაცვალსახელს შეიცავს, მთავარ წინადადებასთან კავშირს ამყარებს მიმართებითი ნაცვალსახელის საშუალებით. ეს ნაცვალსახელი ჩვეულებრივ უკავშირდება არა საერთოდ მთავარ წინადადებას, არამედ მის რომელიმე წევრს - მისამართ სიტყვას. ამ მისამართი სიტყვისა და მიმართებითი ნაცვალსახელის ურთიერთობა გვაძლევს სიტყვათა შორის სინტაქსური დამოკიდებულების სახეობას ქვეწყობილი წინადადების ფარგლებში"[ერთელიშვილი, 1963: 7]. ფაქტია, რომ მიმართებითი ნაცვალსახელით გადმოცემული დაქვემდებარებისას, იგი არ წარმოადგენს არც მხოლოდ მთავარი წინადადების მისამართი სიტყვის ფარდ ლექსიკურ ერთეულს და არც -დამოკიდებული წინადადების წევრს. ის უძირითადესი, მაკავშირებელი ერთეულია რთული ქვეწყობილი წინადადების აზრობრივ-გრამატიკულ მიმდინარეობაში, ამიტომაც უწოდა მას ფ. ერთელიშვილმა "ორმაგი კუთვნილების" გამომხატველი სიტყვა [ერთელიშვილი, 1963: 19].

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება წევრ-კავშირის გრამატიკულ ფორმას, თუ რამდენად არის დამოკიდებული მასზე, ერთი მხრივ, მთავარი და, მეორე მხრივ, დამოკიდებული წინადადების სტრუქტურა. ჩვენი აზრით, ახალ ქართულში წევრ-კავშირში ასახული მრავლობითობა ყველა შემთხვევაში გამართლებული არ არის. არავინ დავობს იმაზე, რომ, როცა წინადადების წევრში მორფოლოგიურად გამოხატულ რიცხვის კატეგორიასთან გვაქვს საქმე, მაშინ კავშირი, რომელიც ამ წევრს მიემართება, იმავე რიცხვში  იდგეს. მაგალითად:

   "მგზავრები, რომლებიც გზის პირას ჩამომსხდარიყვნენ, მოუთმენლად    მოელოდნენ უცნობის გამოჩენას".

  "სანდრო გაფაციცებით შეჰყურებდა ღრუბლებს, რომლებიც უსასრულობისაკენ მიექანებოდა".

   "ხან შური, მტრობა და წადილი სთხრიდა კიდეთა, რომელთაც შორის ის ცხოვრება მძლავრი შობილა"(ილია).

   "შევამჩნიე..... მხოლოდ ის [ლექსები], რომლებიც მიმაჩნდა საუკეთესო ლექსებად"(გალაკ.).

   "არ გვყვედრიან ის მკითხველები, რომლებიც კი ჩვენ შეგვხვედრია"(გალაკ.).

   "....ვუთხარით ერთმანეთს ისეთი სიტყვები, რომლებიც ამის შემდეგ დაახლოების ნებას არ მოგვცემს"(გალაკ.).

რაც შეეხება ჩვენ მიერ ზემოთ (თავდაპირველად) განხილულ ვარიანტს, რომელშიც წევრ-კავშირის რიცხვი გრამატიკულად მოდელირებული (//მორფოლოგიურად მარკირებული)  ფორმით არ არის განსაზღვრული, ვითარება მნიშვნელოვნად რთულდება და გამოდის, რომ, თუკი მხოლობითის ფორმაში წარმოდგენილ ქვემდებარეს მრავლობითში დასმულ მაქვემდებარებელი კავშირით (მიმართებითი ნაცვალსახელით) ჩავანაცვლებთ (მაგ.: "მრავალი ქართველი, რომლებიც... გრძნობდნენ"), დაირღვევა  რთული წინადადების, როგორც მთელის (ერთი მთლიანობის), სინტაქსი და შეთანხმების თვალსაზრისით სრულიად დაუბალანსებელ ენობრივ სიბრტყეს მივიღებთ.

დაისმის კითხვა: რა გამოსავალი არსებობს ასეთ შემთხვევაში? რა პოზიცია უნდა დაიკავოს ნორმატიულმა ენამ, როცა საქმე აღწერით მრავლობითობასა და მასზე დაქვემდებარებულ წევრ-კავშირს  შეეხება?

ჩვენი აზრით, უპირველესად: I.გათვალისწინებული უნდა იყოს იმ სიტყვის გრამატიკული ფორმა (ვიწრო გაგებით), რომელსაც ეს კავშირი მიემართება;  II. წინადადების ამავე წევრის სინტაქსური ურთიერთობა ძირითად კოორდინატებთან - ზმნა-შემასმენლებთან - რიცხვის კატეგორიის თვალსაზრისით. მცდელობა, რომ სემანტიკური მოცემულობიდან ამოსვლით აისახოს რიცხვის კატეგორია მაქვემდებარებელი კავშირის ფორმაში, მნიშვნელოვნად ცვლის და არღვევს რთული წინადადების ნაწილთა შორის ურთიერთობას და არაპროპორციულს ხდის შეთანხმების (ამ სინტაქსური ცნების ფართო გაგებით) სტრუქტურას მთელი წინადადების შიგნით.

თანაც, აღმოჩნდება, რომ ენობრივი კანონი არაერთგვაროვნად მოქმედებს "რომელიც" კავშირის ხმარებისას. კერძოდ, ერთ შემთხვევაში იგი ანგარიშს უწევს ლექსიკურ დონეს და სემანტიკურად გადმოცემული რიცხვის ასახვა წევრ-კავშირში ხდება ("მრავალი საკითხი, რომლებიც...") და მეორე შემთხვევაში სრულიად არ აინტერესებს ლექსიკურად გამოხატული რიცხვი. ვგულისხმობთ კრებით არსებით სახელებზე მიმართულ დაქვემდებარებას. მაგალითად: "ხალხი, რომელიც უტყვად იდგა, ადგილად დაძვრას არ აპირებდა".

კიდევ ერთი სადავო საკითხი შეიძლება იყოს ლ. კვაჭაძის შემდეგი დებულება: "თუ მისამართი სიტყვა ტოლად-შერწყმული სახელით არის გადმოცემული, მიმართებითი ნაცვალსახელი მრავლობითშია."უხმოდ მიჰყვებოდა ბილიკს ქალ-ვაჟი, რომელთაც ჯერაც წარმოუთქმელი სასიყვარულო სიტყვები უყვაოდათ გულში"(გამს.); [კვაჭაძე, 1966: 378].

სრულიად გაუგებარია, შეთანხმების რომელ პრინციპს ეყრდნობა მეცნიერის ამგვარი შეხედულება, რადგან ორ- და მეტმნიშვნელობიანი ტოლად შერწყმული კომპოზიტები ზმნა-შემასმენელს მხოლობით რიცხვში მოითხოვს და არა მრავლობითში. სწორია: "და-ძმა მხურვალედ ლოცულობდა"; ან: "ცოლ-ქმარი ჩაფიქრებული იდგა". " თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებში" ცალსახადაა განსაზღვრული, რომ: "კომპოზიტი, მიუხედავად მისი ფუძის შედგენილობისა, ერთ სიტყვას წარმოადგენს; როგორც მორფოლოგიური, ისე სინტაქსური თვალსაზრისით იგი ისეთსავე როლს ასრულებს, როგორც მარტივი ან ნაწარმოები ფუძის შემცველი სიტყვა, კერძოდ, როგორც ამ კომპოზიტის შემადგელობაში შემავალი ფუძე. ეს ფაქტი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა კომპოზიტების დაწერილობის საკითხის გადაჭრის თვალსაზრისით" [თანამედროვე..., 1986: 149].

იმ შემთხვევაში, როცა ტოლადშერწყმულ კომპოზიტს მრავლობით რიცხვში დასმული მაქვემდებარებელი კავშირი მოსდევს, იმავე წინააღმდეგობის წინაშე ვდგებით. აქაც აღმოჩნდება, რომ დავარღვევთ მთელი (სრული ფორმის) წინადადების სინტაქსს და მთავარი  და დამოკიდებული წინადადების ძირითადი კოორდინატები, რომლებიც ერთ ქვემდებარეს მიემართება, სხვადასხვა რიცხვის გამომხატველი იქნება. მაგალითად: "დერეფანში იდგა ქალ-ვაჟი, რომლებიც გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს ყველა შემომსვლელს" (ე.ი. I. ქალ-ვაჟი იდგა; II. ქალ-ვაჟი ადევნებდნენ).

იმისათვის, რომ ნათელი გახდეს, თუ რამდენად არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს დღეს "რომელიც" ნაცვალსახელში მრავლობითი რიცხვის ასახვის თვალსაზრისით, წარმოვადგენთ  სქემებს, რომლებშიც ენობრივი დონეების განსაზღვრას შევეცდებით:

                                  I

    ისეთი შვილი, რომელიც....   =  მხ.რ. - საზღვრული + მხ.რ. - კავშირი   

    ისეთი შვილები, რომლებიც... = მრ.რ. - საზღვრული + მრ.რ.  - კავშირი

    * გათვალისწინებულია რიცხვის ასახვის მორფოლოგიური დონე

                                  II

   ბევრი შვილი, რომლებიც... = მხ.რ. - საზღვრული + მრ.რ. - კავშირი

    * გათვალისწინებულია რიცხვის ასახვის ლექსიკური დონე

                                 III

   ის ხალხი, რომელიც...  = მხ.რ. - საზღვრული + მხ.რ.  - კავშირი

    * გათვალისწინებულია რიცხვის ასახვის მორფოლოგიური დონე

                                 IV

   ის ქალ-ვაჟი, რომლებსაც... = მხ.რ. - საზღვრული + მრ.რ. - კავშირი

    * რიცხვის ასახვისას არც მორფოლოგიური და არც ლექსიკური დონე გათვალისწინებული  არ არის.   

ვფიქრობთ, დასმული საკითხი აუცილებლად საჭიროებს  სპეციალისტთა ფართო წრის მეცნიერულ პოზიციათა შეჯერებას და საბოლოო ენობრივი ნორმის დადგენას. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დასახელებული საკითხის გადასაწყვეტად მხატვრულ-ლიტერატურული სტილის მონაცემთა გათვალისწინება, შეიძლება, არც კი  იყოს მანც და მაინც სახარბიელო, რადგან, საერთოდ, შეთანხმების თვალსაზრისით, აქ საკმაო სიჭრელე შეინიშნება. მაგალითად, საყოველთაოდ გავრცელებული ნორმა, რომ სიმრავლის აღმნიშვნელ სიტყვას მხოლობითში დასმული საზღვრული სახელი უნდა მოსდევდეს, მხატვრულ სტილში ხშირად დარღვეულია: "ქალი და კაცი, მოხუცი და ყრმა, მაღალი და დაბალი, ყველა ერთად ადიდებდნენ ღმერთს და აქებდნენ გმირებს" (აკაკი, "ბაში-აჩუკი").

თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაში დღეს გავრცელებულ ნორმათა აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენივე ენისათვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან ენობრივ, გრამატიკულ, პრინციპზეა დაფუძნებული და მიზნად ისახავს  ენობრივად მართებული ფორმების დამკვიდრებას. "ქართულ სალიტერატურო ენას დიდი ხნის ისტორია და მეტად მდიდარი ტრადიციები მოეპოვება. მასში დღესაც მტკიცედაა დაცული სხვადასხვა ეპოქაში ჩამოყალიბებული ფორმები. ასეთი სალიტერატურო ენის ნორმათა უნიფიკაცია სიძნელეებთან არის დაკავშირებული",- ვკითხულობთ "თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების" წინასიტყვაობაში [თანამედროვე..., 1986: 11]. რა თქმა უნდა, რომ ჩვენ მიერ საკვლევად გამოტანილი საკითხისადმი დამოკიდებულებაც არ იქნება ერთგვაროვანი. ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს არაერთგვაროვნება გვავალდებულებს,  კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ მოცემულ თემაზე და მეცნიერული ანალიზის საფუძველზე დავამკვიდროთ ის  პრინციპი, რომელიც შემდგომში  ენობრივ ნორმად შეიძლება გამოვაცხადოთ.

ლიტერატურა

დონდუა კ.
1940
მიმართებითი ნაცვალსახელისა და მისამართი სიტყვის ურთიერთობისათვის ძველ ქართულში, ენიმკის მოამბე, ტომი VI. თბილისი.
ერთელიშვილი ფ.
1963
რთული წინადადების ისტორიისათვის ქართულში. I (ჰიპოტაქსის საკითხები). თბილისი.
თანამედროვე...
1986
თანამედროვე. ქართული სალიტერატურო ენის ნორმები თბილისი.
კვაჭაძე ლ.
1966
თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი. თბილისი.
ჩიქობავა არნ.
1928
მარტივი წინადადების პრობლემა ქართულში. I. (ქვემდებარე-დამატების საკითხი ძველს ქართულში). ტფილისი.
ძიძიგური შ.
1989
რთული წინადადების პრობლემა ქართულ ენაში (კავშირებისა და საკავშირებელი სიტყვების საფუძველზე). თბილისი.