„საკუთრების მინდობასთან” დაკავშირებული ტერმინები ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებში (“საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“, „რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კანონმდებლობისა“ და „მონტანას კოდექსის“ მიხედვით)

"საკუთრების მინდობა," ანუ "ტრასტი," ინგლისურ-ამერიკული სამართლის სისტემისათვის დამახასიათებელი ინსტიტუტია. იგი შეუცვლელია ისეთ შემთხვევებში, "როდესაც არსებობს საჭიროება, რეალური მესაკუთრის ნაცვლად სამოქალაქო ურთიერთობებში ფიგურირებდეს ნომინალური (მინდობილი) მესაკუთრე" [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 2000: 416].

       ტრასტის ინსტიტუტი კლასიკური ფორმით ჩამოყალიბდა XIV საუკუნეში, როგორც სამართლიანობის სამართლის (law of equity) ნაწილი. თუმცა, თავდაპირველად, საკუთრების მინდობის კონსტრუქციის მსგავსი ურთიერთობები ეგვიპტესა და იაპონიაში (ძვ.წ. 500 წ.) წარმოიშვა,  მოგვიანებით კი (I-III სს.) რომის სამართალში ფიდუციური ურთიერთობების სახით ჩამოყალიბდა. ფიდუციური გარიგების ძალით "ერთი პირი (ფიდუციანტი) ქონებას გადასცემდა მეორეს (ფიდუციარს) განსაკუთრებული დათქმით ( fidei fiduciae causa ), რომელიც ფიდუციარს ანიჭებდა უფლებამოსილებას და ვალდებულებას ქონება გამოეყენებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით და დაებრუნებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დადგომისას" [ ზამბახიძე, 2000: 59].

        მოგვიანებით, XII-XIII საუკუნეებში, მინდობილი საკუთრების ინსტიტუტი ჩამოყალიბდა ინგლისშიც. იგი ატარებდა  განსხვავებულ სახელწოდებას ( uses -სარგებლობა) და გამოიყენებოდა მხოლოდ და მხოლოდ მიწასთან  დაკავშირებულ ურთიერთობებში. აღსანიშნვია ისიც, რომ ამ პერიოდის ინგლისში  საკუთრების ინსტიტუტი ფეოდალურ სისტემას ეფუძნებოდა. მიწის მფლობელის (რაინდის) ჯვაროსნულ ლაშქრობაში წასვლისას დღის წესრიგში დგებოდა საკუთრების მართვის საკითხის გადაჭრა, რაც გულისხმობდა საკუთრების  დროებითი მმართველის  დანიშვნას. მმართველს ევალებოდა  სამფლობელოს მოვლა-პატრონობა და ფეოდალური გადასახადების  გადახდა. თუმცა, ხშირად ჯვაროსნული ლაშქრობიდან დაბრუნებულ მფლობელს უჭირდა საკუთრების უფლების აღდგენა. მმართველსა და მფლობელს შორის წარმოქმნილ დავას წყვეტდა თავად მეფე, მოგვიანებით კი - ლორდ-კანცლერი. XV  საუკუნეში აღნიშნული  ფუნქცია ლორდ-კანცლერის სასამართლომ  შეითავსა. აუცილებელი გახდა ახალი სამართლებრივი  ნორმების   შემუშავება. რამაც, ფაქტობრივად, ახალი (მოგვიანებით trust-ად  წოდებული) ინსტიტუტის  ჩამოყალიბებასა და საბოლოო დამკვიდრებას შეუწყო ხელი.

         სადღეისოდ "საკუთრების  მინდობა,"  ანუ „ტრასტი"  (trust),  განიმარტება, როგორც  ინგლისურ-ამერიკული  სამართლის ( საერთო სამართლის ) სისტემის შემადგენელი ელემენტი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ "ტრასტის" ძირითადი არსი ნდობაში (ინგლისურ ენაში  ნდობა აღინიშნება ტერმინით trust)  მდგომარეობს. ნდობაში, რომელსაც  მესაკუთრე  უცხადებს  მინდობილ პირს და რომლის საფუძველზეც გადასცემს მას ქონებას. "ამასთან, "ნდობა" არ გვევლინება სამართლებრივ კატეგორიად. იგი სამართლებრივი ჩარჩოებით ბოლომდე შემოსაზღვრული არაა. მხარეთა ნდობითი ურთიერთობები განისაზღვრება სამართლიანობის ზოგად ფორმებში" [ ზამბახიძე, 2000: 59].

         სადღეისოდ საკუთრების მინდობის ინსტიტუტი ახასიათებს არა მარტო საერთო სამართლის კანონმდებლობას, არამედ სხვადასხვა მოდიფიკაციით მკვიდრდება კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემის მქონე ქვეყნების კანონმდებლობებშიც. დამკვიდრების პროცესი საკმაოდ რთული და ეტაპობრივია. იგი მსოფლიოში მიმდინარე სამართლებრივი სისტემების ინტეგრაციის პროცესის შემადგენელი კომპონენტია.

         წინამდებარე ნაშრომში შესწავლილია საკუთრების მინდობის ინსტიტუტი და მასთან დაკავშირებული ლექსიკური ერთეულები  საქართველოს, რუსეთისა (კონტინენტური ევროპის სამართალი) და ამერიკის (ინგლისურ-ამერიკული სამართალი) სამართლის სისტემების შედარება-შეპირისპირებითი ანალიზის საფუძველზე. ამერიკის კანონმდებლობა წარმოდგენილია მისი ერთ-ერთი წამყვანი შტატის  - მონტანის - კოდექსით (Montana Code). ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მონტანის შტატში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც ცნობილია Uniform Probate Code-ის სახელწოდებით, აღიარებულია  ამერიკის 18 შტატის მიერ (მთლიანად, ნაწილობრივ ან გარკვეული შესწორებების შეტანით).

          მონტანის კანონმდებლობაში "საკუთრების მინდობა," ანუ "ტრასტი," განიხილება, როგორც საკუთრების განსაკუთრებული ფორმა. ერთი პირის (მესაკუთრე) მიერ მეორე პირისათვის (მინდობილი მესაკუთრე) ქონების გადაცემა მისი მართვის უფლებით, რაც იწვევს საკუთრების უფლებამოსილების "გახლეჩას" და ავალდებულებს  მინდობილ  მესაკუთრეს,  განკარგოს ქონება  მხოლოდ  და  მხოლოდ მფლობელის მითითებების შესაბამისად. ამასთანავე, ქონების მესაკუთრე, ანუ "საკუთრების მიმნდობი,"  აღინიშნება  ტერმინით trustor (ამერიკის  სამართალში trustor გაიგივებულია ტერმინებთან:  settler (settlor), creator, grantor და donor) მაშინ, როდესაც trustee წარმოადგენს ქონების "მმართველს," ანუ "მინდობილ მესაკუთრეს". ნდობით გადაცემული ქონება აღინიშნება ტერმინით trust property ( მინდობილი საკუთრება). მის კანონიერ  მფლობელებად  მიჩნეულია ე.წ.  beneficiary.

        ტერმინი beneficiary (ბენეფიციარი) წარმოდგება ლათინური სიტყვიდან beneficium (სიკეთე,  წყალობა). იურიდიულ ლიტერატურაში არსებული ზოგადი განმარტების თანახმად, იგი აღნიშნავს "ფიზიკურ პირს ან იურიდიულ ერთეულს, რომელიც იღებს ფულს ან სხვა სარგებელს "კეთილისმყოფელისაგან" (benefactor). ამასთანავე, საკუთრების მინდობის ინსტიტუტის არსებობისას ბენეფიციარი განიხილება, როგორც "მინდობილი საკუთრების ჭეშმარიტი (ანუ კანონიერი) მფლობელი, რომელიც იღებს სარგებელს ან უშუალოდ ქონებას საკუთრების მინდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ან მისი გაფორმების შემდეგ" [http;//en. wikipedia.org/wiki/Trust_law].  

         მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მონტანის შტატის კანონმდებლობის გაცნობისას ბენეფიციარის ცნების უფრო  განზოგადებული მნიშვნელობა იკვეთება. მონტანას კოდექსის 72-1-103-ე მუხლის თანახმად, ბენეფიციარი ეწოდება პირს, რომელიც იღებს ქონებას შესაბამისი საბუთის ე.წ. governing instrument-ის საშუალებით. ტერმინით governing instrument აღინიშნება:  "იურიდიული დოკუმენტი (deed), ანდერძი (will), საკუთრების მინდობის ხელშეკრულება, ანუ ტრასტის, დაფუძნების ხელშეკრულება  (trust), საანაბრე განკარგულება (account with POD designation), სააქციო განკარგულება ("security registered in beneficiary form" (TOD)  და სხვა" [http://data.opi.state.mt.us/BILLS/2003]. შესაბამისად, ბენეფიციართა კატეგორიას მიეკუთვნებიან: devisees (ანდერძში მითითებული პირები, რომლებიც იღებენ უძრავ და  მოძრავ  ქონებას  საანდერძო  განკარგულების  მიხედვით), trust beneficiaries (პირები, რომლებიც იღებენ სარგებელს ტრასტის დაფუძნების ხელშეკრულების საშუალებით), POD  beneficiaries (პირები, რომლებიც მამკვიდრებლის გარდაცვალებისას  იღებენ მის  ანგარიშზე არსებულ თანხას სპეციალური ფორმის ე.წ. "საანაბრე განკარგულების" (account form) საშუალებით), TOD (transfer on death) beneficiaries ( პირები, რომლებიც მემკვიდრეობით იღებენ მამკვიდრებლის აქცებს ე.წ. "სააქციო ფორმის" (beneficiary form) საშუალებით ) და სხვა. 

  M    ბენეფიციარისათვის  საკუთრების გადაცემა შეიძლება განხორციელდეს  საკუთრების მიმნდობის სიცოცხლეში ან  მისი  სიკვდილის შემდეგ. შესაბამისად, ამერიკის  სამართალში გამოიყოფა "ტრასტის" ორი  ძირითადი სახე:  inter vivos trust (საკუთრების მიმნდობის სიცოცხლეში შედგენილი სატრასტო ხელშეკრულება) და testamentary trust (ანდერძში  გაკეთებული სატრასტო განკარგულება, რომელსაც შეიძლება ეწოდოს "ანდერძისმიერი ტრასტი").  ნებისმიერი სახის სატრასტო ურთიერთობის  საგანია trust  property ( მინდობილი  საკუთრება ), რომელიც, ჩვეულებრივ, წარმოდგენილია „მატერიალური ქონებითა" (tangible property) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთით (intangible property).

         ამერიკის კანონმდებლობის მსგავსად, საკუთრების მინდობის ინსტიტუტს ვხვდებით ქართულ სამართალშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 724-ე - 729-ე მუხლებში წარმოდგენილია საკუთრების მინდობის არსი და სატრასტო ურთიერთობებში მონაწილე პირები: "საკუთრების მიმნდობი" და "მინდობილი მესაკუთრე". მესაკუთრის მიერ ქონების განკარგვა ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ მის სიცოცხლეში. რისთვისაც იდება "საკუთრების მინდობის ხელშეკრულება". აღნიშნული ხელშეკრულებით: "საკუთრების მიმნდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად" [საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 2002: 185]. ამასთანავე, ტრასტის ინსტიტუტის სპეციფიკა საკუთრების უფლებას „გახლეჩილი" სახით  წარმოადგენს. კერძოდ, "მესაკუთრის უფლებამოსილებათა ნაწილი, ქონების მართვა და განკარგვა ეკუთვნის ერთ პირს _ მინდობილ მესაკუთრეს, ხოლო მეორე ნაწილი _ ქონების ექსპლუატაციისაგან შემოსავლის, ნაყოფის მიღების უფლება _ მეორე პირს _ საკუთრების მიმნდობს" [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 2001:417]. საკუთრების მინდობის ხელშეკრულების მოტივი შეიძლება იყოს მესაკუთრის სურვილი, გათავისუფლდეს ქონების მართვის ტვირთისაგან, ოღონდ ისე, რომ სარგებელი ნახოს ამ ქონების გამოყენებისაგან. ყველა შემთხვევაში საკუთრების მინდობა უნდა განხორციელდეს მიმნდობის ინტერესების შესაბამისად. ეს ინტერესი შეიძლება იყოს არა მხოლოდ სარგებლის მიღება, არამედ ქონების გაზრდა, შენარჩუნება ჯეროვან მდგომარეობაში და სხვა. 

        საკუთრების მინდობის ხელშეკრულების საგანია "მინდობილი საკუთრება". იგი, ჩვეულებრივ, წარმოდგენილია ნებისმიერი სახის ქონებით _ "არამატერიალური ქონებრივი სიკეთითა" და "ნივთებით". ნივთი შეიძლება იყოს  „მოძრავი" ან „უძრავი". "არამატერიალური ქონებრივი სიკეთე"  აერთიანებს ყველა იმ მოთხოვნასა და უფლებას, "რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება, მოსთხოვოს სხვა პირს რაიმე"[საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 2002: 49]. საკუთრების მართვა ხორციელდება მინდობილი მესაკუთრის მიერ მიმნდობის რისკითა და ხარჯით. თუმცა, მესამე პირებთან ურთიერთობებში იგი სარგებლობს მესაკუთრის უფლებამოსილებებით. მინდობილ მესაკუთრეს შეუძლია დადოს ნებისმიერი სახის გარიგება. თუმცა, მას არა აქვს უფლება გაყიდოს ქონება, თუ ეს ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული.   

        მაშასადამე, საქართველოს  სამოქალაქო კოდექსში წარმოდგენილი საკუთრების მინდობის ინსტიტუტი,  გარკვეულწილად, ინგლისურ-ამერიკული „ტრასტისათვის" დამახასიათებელი ნიშან-თვისებების მატარებელია. ძირითად განსხვავებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ სატრასტო ურთიერთობები მხოლოდ და მხოლოდ საკუთრების მიმნდობის სიცოცხლეში ხორციელდება ( ე.ი.  ქართული სამართლისათვის უცნობია ე.წ. „ანდერძისმიერი ტრასტის" -  testamentary trust ცნება ) და მიმართულია მის სასარგებლოდ. შესაბამისად, ადგილი აქვს „საკუთრების მიმნდობისა" და „სარგებლის  მიმღების" ( ე.წ. „ბენეფიციარის" ) ცნებების გაიგივებას. 

          ამერიკისა და  საქართველოს საკანონმდებლო  სისტემებში  წარმოდგენილი „საკუთრების მინდობის"  ინსტიტუტისაგან  მნიშვნელოვნად განსხვავდება რუსეთის სამართალში დამკვიდრებული „ქონების მინდობილი მართვა", რომელიც თანამედროვე იურიდიულ ლიტერატურაში „ტრასტის" მოდიფიცირებული სახედ არის აღიარებული.                                    

          საგულისხმოა ის  გარემოებაც, რომ გასული საუკუნის  90-იანი  წლების დასაწყისში იყო მცდელობა ინგლისურ-ამერიკული "ტრასტის" დანერგვისა რუსეთის ფედერაციის  კანონმდებლობაში, მაგრამ აღნიშნულმა ცდამ უშედეგოდ ჩაიარა, ვინაიდან "საკუთრების მინდობის" პრინციპი უცხო აღმოჩნდა რუსული ტიპის სამოქალაქო სამართლის  სისტემისათვის. თუმცა, "ტრასტის" ინსტიტუტმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა რუსეთის სამართალში ახალი ინსტიტუტის  -  „ქონების მინდობილი მართვის"  (доверительное управление имуществом) ფორმირებაზე.

          სადღეისოდ ტერმინების   -„ქონების   მინდობილი  მართვისა" და "ტრასტის" -  შეპირისპირებითი ანალიზის საფუძველზე  შესაძლებელი ხდება ამ ორი იურიდიული ერთეულის სრული გამოყოფა და გამიჯნა. ამერიკის კანონმდებლობისაგან განსხვავებით  რუსეთის სამართალში "მინდობილი მართვა"  მიეკუთვნება არა სანივთო,  არამედ  ვალდებულებითი  სამართლის  ინსტიტუტს. აღნიშნული ურთიერთობის თავისებურება  იმაში  მდგომარეობს, რომ არ  ხდება უფლებამოსილებათა ე.წ. "გახლეჩა". შესაბამისად, "მართვის განხორციელების დროს მმართველზე არ გადადის გადაცემულ ქონებაზე საკუთრების  უფლება და მართვის დამფუძნებლის  ინტერესი  უფრო  მეტადაა  დაცული, ვიდრე  საკუთრების მინდობის დროს" [http://slovari.yandex.ru/dict/jurid/article /jur1/jur-1759.htm]. ამასთანავე, ქონების  მინდობილი მართვა შეიძლება  ჩაითვალოს  ტრასტის  მოდიფიცირებულ სახედ, რომელიც  ჩამოყალიბდა ამ ინსტიტუტის კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებში რეცეფციის დროს.

         ქონების  მინდობილი  მართვის  ხელშეკრულების" გაფორმების მონაწილე პირები არიან  ქონების მფლობელი ანუ "მართვის დამფუძნებელი" (учредитель  управления) და ქონების მმართველი, ანუ "მინდობილი მმართველი" доверительный управляющий). ხელშეკრულებით  გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შედეგად  მიღებული სარგებელი გადაეცემა ე.წ.  выгодоприобретатель-ს (სარგებლის  მიმღები). მინდობილი  მართვის  ობიექტებს  წარმოადგენს: " საწარმოები  და სხვა  მატერიალური  კომპლექსები, ცალკეული ობიექტები (უძრავი ქონება), არადოკუმენტური  ფასიანი ქაღალდებით დადასტურებული  უფლებები, ექსკლუზიური  უფლებები და  სხვა" [ http://www.russian-civil-code.com/PartII/SectionIV/SubsectionI/Chapter53.html.]. მინდობილი  მართვის  ობიექტად შეიძლება  ჩაითვალოს  ფულიც.  თუმცა, ფულადი  სახსრების  გადაცემა  მხოლოდ და მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხორციელდება.

      ქონების მინდობილ მართვასთან" დაკავშირებული ტერმინებისაგან უნდა განვასხვავოთ საკუთრების მინდობის" ინსტიტუტის აღმნიშვნელი რუსული ლექსიკური ერთეულები. ტრასტის დაფუძნების ხელშეკრულების გაფორმებისას ქონების მფლობელი, ანუ "საკუთრების მიმნდობი," გამოიხატება სიტყვათშეთანხმებით учредитель траста  ან აღინიშნება  ტერმინით  сеттлор მაშინ, როდესაც доверительный собственник წარმოადგენს ქონების მმართველს, ანუ "მინდობილ მესაკუთრეს". ნდობით გადაცემული ქონება აღინიშნება ტერმინით доверительная собственность (მინდობილი საკუთრება). მის კანონიერ მფლობელებად მიჩნეულნი არიან выгодоприобретатели (რუსულ ენაში выгодоприобретатель გაიგივებულია ტერმინთან бенефициарий) . საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ сеттлор და бенефициарий ნაწარმოებია მათი შესატყვისი ინგლისური ტერმინებიდან settlor  ( იგივეა, რაც trustor) და beneficiary. რაც, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „ტრასტის" ინსტიტუტის ინგლისურ-ამერიკულ წარმომავლობას.  

         მაშასადამე, საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის თანამედროვე სამართლის სისტემების შეპირისპირებითმა ანალიზმა გამოავლინა ქართული, რუსული და  ინგლისური ტერმინოლოგიური  სისტემების მსგავსება-განსხვავებები. შესაძლებელი გახდა  "საკუთრების მინდობილ მართვსა" და "მინდობილ საკუთრებთან" დაკავშირებული ლექსიკური  ერთეულების  გამიჯვნა, რის შედეგადაც გამოვლინდა შემდეგი ზოგადი კანონზომიერებები:

      M1.  "საკუთრების მინდობილი მართვა" "ტრასტის" ინსტიტუტისაგან   განსხვავებით  "არის ვალდებულებითი სამართლის და არა სანივთო  სამართლის    ინსტიტუტი" [Комментарий, 1995: 232]. მისი ძირითადი თავისებურება ისაა, რომ მართვის განხორციელების დროს მმართველზე არ გადადის გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლება და მართვის დამფუძნებლის ინტერესი უფრო მეტადაა დაცული. ამასთანავე, „მინდობილი მართვა" წარმოადგენს „ტრასტის"  მოდიფიცირებულ სახეს, რომელიც ამ ინსტიტუტის კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებში რეცეფციის დროს ჩამოყალიბდა. ზემოთ განხილული სამართლის სისტემებიდან "საკუთრების მინდობილი მართვის" ინსტიტუტს ვხვდებით მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის    კანონმდებლობაში მაშინ, როდესაც "ტრასტი" ამერიკისა და საქართველოს საკანონმდებლო  სისტემების  განუყოფელი  ელემენტია. თუმცა, მონტანის  კოდექსისაგან განსხვავებით, ქართულ სამართალში იგი, გარკვეულწილად,  შეზღუდული სახით არის წარმოდგენილი. ძირითად შეზღუდვას  წარმოადგენს ის გარემოება, რომ სატრასტო  ურთიერთობები  მხოლოდ და მხოლოდ საკუთრების მიმნდობის სიცოცხლეში ხორციელდება. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ოპერირებს ცნებით „ანდერძისმიერი ტრასტი"  (testamentary trust).  იგივე შეიძლება ითქვას ე.წ. „ბენეფიციარის" (beneficiary)  ცნებაზეც. შესაბამისად,  ადგილი  აქვს „საკუთრების მიმნდობისა"  და „სარგებლის  მიმღები  პირის" ( ე. წ. „ბენეფიციარის" )  გაიგივებას. რის  შედეგადაც, საკუთრების მიმნდობის სიცოცხლეში დადებული "საკუთრების   მინდობის ხელშეკრულება" „მიმართულია"  სარგებლის მიღებისაკენ და ემსახურება  მხოლოდ და მხოლოდ ქონების კანონისმიერი მფლობელის ინტერესებს.

      2.    "საკუთრების მინდობილ მართვასა" და "მინდობილ საკუთრებას" შორის    არსებულმა სხვაობამ ასახვა პოვა რუსულ ტერმინოლოგიურ სისტემაში,  რასაც ვერ ვიტყვით ინგლისურ ლექსიკურ ერთეულებზე. რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის ინგლისურ ვარიანტში доверительное управление имуществом აღინიშნება ტერმინით trust  (ისევე, როგორც доверительная  собственность), ხოლო учредитель  управления გამოიხატება  სიტყვით settler (ისევე, როგორც учредитель траста), რაც, ფაქტობრივად,  შეუძლებელს ხდის ორი სრულიად განსხვავებული იურიდიული ცნების _   "საკუთრების მინდობისა" და "მინდობილი მართვის" გამიჯვნას. ამასთანავე, რუსულ ტერმინოლოგიურ სისტემაში არსებული ლექსიკური ერთეულები сеттлор და бенефициарий (იგივეა, რაც выгодоприобретатель) ნაწარმოებია მათი  შესატყვისი  ინგლისური  ტერმინებიდან settlor (იგივეა, რაც  trustor) და beneficiary, რაც, ფაქტობრივად, ხაზს  უსვამს „ტრასტის"   ინსტიტუტის  ინგლისურ-ამერიკულ წარმომავლობას და საბოლოოდ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ  "საკუთრების მინდობილ მართვა" არის „საკუთრების მინდობის" მოდიფიცირებული სახე, რომელიც ამ ინსტიტუტის კონტინენტური ევროპის  სამართლის ქვეყნებში  რეცეფციის დროს ჩამოყალიბდა.

        დაბოლოს, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ  საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო წყობის (სოციალიზმის კაპიტალიზმით) შეცვლამ ზეგავლენა მოახდინა ორივე ქვეყნის საკანონმდებლო სისტემაზე. ჩამოყალიბდა ახალი  სამართლებრივი ინსტიტუტები, რამაც ხელი შეუწყო ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებში ე.წ. "ცარიელი უჯრების" (იგულისხმება  ცნებათა სისტემის ის ელემენტები, რომლებიც ლექსიკური სახელდების გარეშე დარჩა) გაჩენას. თუმცა, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დღესდღეობით მსოფლიოში მიმდინარე სამართლის სისტემების ინტეგრაციის  პროცესი  ხელს შეუწყობს ტერმინოლოგიური სფეროს სრულყოფასა და ამ სფეროში არსებული ხარვეზების გამოსწორებას.

ლიტერატურა

ზამბახიძე თ.
2000
საკუთრების მინდობა (ისტორიული მიმოხილვა). სამართალი # 1. თბილისი.
საქართველოს ...
2000
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. ბონა კაუზა. თბილისი.
საქართველოს...
2002
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე. ტომი I. ”სამართალი”. თბილისი.
Договор ...
2010
Договор Доверительного Управления Имуществом. http://slovari.yandex.ru/dict/jurid/article/jur1/jur-1759.htm
Комментарий...
1995
Комментарий.ч.I ГК РФ для предпринимателей. Москва .
Montana...
2003
Montana Code 2003 http://data.opi.state.mt.us/BILLS/2003mta_toc/72htm
Civil...
2010
Civil Code of Russian Federation http://www.russian-civil-code.com/PartII/SectionIV/SubsectionI/Chapter53.html
Trust...
2010
Trust Law. http://en.wikipedia.org/wiki/Trust_law