დრო ჯოზეფ კონრადის შემოქმედებაში

DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-5

XIX – XX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე პოლონური წარმოშობის ინგლისელი მწერალი ჯოზეფ კონრადი სამართლიანად მიიჩნევა მოდერნიზმის ერთ-ერთ წინამორბედად. როგორც ცნობილია, მოდერნისტული ლიტერატურისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას დრო წარმოადგენს. ამ მხრივ საინტერესოა ჯოზეფ კონრადის შემოქმედების შესწავლა. წინამდებარე სტატიის მიზანია დროის პრობლემის ანალიზი ჯ. კონრადის  შემოქმედებაში.

სტატიაში გამოვყოფთ დროის ორგვარ კონცეფციას – ფსიქოლოგიურს ანუ სუბიექტურად განცდილსა და მითოლოგიურს ანუ ციკლურ, მარადგანმეორებად დროს.

თავდაპირველად განვიხილოთ დროის ფსიქოლოგიური კონცეფცია, რომელიც XX საუკუნის გამოჩენილი ფრანგი ფილოსოფოსის, ანრი ბერგსონის, სახელს უკავშირდება. ა. ბერგსონმა გამიჯნა დროის ორი სახეობა: პირველი, ესაა მექანიკური დრო – საათების, კალენდრებისა და  ავტობუსების განრიგის დრო, რომელიც ობიექტურია, ზუსტია და იზომება,  მეორე კი –სუბიექტური, შინაგანი დრო, რომელსაც ფილოსოფოსმა la durée ანუ ხანგრძლივობა უწოდა. ხანგრძლივობა – ეს ის დროა, რომელსაც ადამიანი ემოციურ დონეზე განიცდის და რომლის აღქმაზეც ადამიანის სუბიექტური, ფსიქოლოგიური განწყობა ახდენს გავლენას. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად ადამიანის შინაგანი დრო არ ემთხვევა ობიექტურ, საათით გაზომილ დროს. ანრი ბერგსონი თვლიდა, რომ თუ მეცნიერებისთვის დრო იზომება და ყოველთვის ერთი და იმავე წამზომის ტემპით მიმდინარეობს, ადამიანთათვის დრო შეიძლება აჩქარდეს და შენელდეს კიდევაც.  სხვადასხვა დროის მონაკვეთს სხვადასხვანაირად აღიქვამს ადამიანი, იმის მიხედვით, თუ რა ემოციურ მდგომარეობაშია ამა თუ იმ დროის პერიოდში. კემბრიჯის მოდერნიზმის სახელმძღვანელოს თანახმად, ა. ბერგსონისეული ხანგრძლივობა ადამიანის პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული  დროა და ის არ მიესადაგება პიროვნების გარეთ არსებულ ობიექტურ სამყაროს. ამის მიუხედავად, ნამდვილი დრო ა. ბერგსონისთვის სწორედ ფსიქოლოგიური, შინაგანი დროა, რომელსაც არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი ბუნება აქვს.

ა. ბერგსონისეულ დაპირისპირებას, ერთი მხრივ, ობიექტურ დროსა თუ რეალობასა და, მეორე მხრივ, ადამიანის შინაგან, ემოციურად განცდილ დროს შორის ჯ. კონრადის სხვადასხვა რომანში ბევრგან აღმოვაჩენთ.

უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ, თუ როგორ არის წარმოჩენილი დროის ფსიქოლოგიური აღქმა ჯ. კონრადის რომანში „ნარცისის“ ზანგი“. ამ ნაწარმოების სიუჟეტი ვითარდება გემზე. „ნარცისს“  თავს სასტიკი შტორმი დაატყდება.  მართალია, ზღვა  ჩაწყნარდება, მაგრამ ბრძოლაგამოვლილი,  ქანცგაწყვეტილი და შეშინებული მეზღვაურები თავს დამტყდარი  ქარტეხილის გამო  დროის ობიექტურად აღქმის უნარს კარგავენ:

Mr. Baker crawled back and forth along the poop several times. Some men fancied they had heard him exchange murmurs with the master, but at that time the memories were incomparably more vivid than anything actual, and they were not certain whether the murmurs were heard now or many years ago[1] [Conrad, 1979:50].

ამ ეპიზოდში მეზღვაურებს თითქოს ესმით გემის კაპიტნისა და მისტერ ბეიკერის ერთმანეთთან გადაჩურჩულება, თუმცა გარდასულმა შტორმმა სრულიად მოიცვა მათი გონება, ისინი დროში დაიკარგნენ და ვერ ხვდებიან, კაპიტნის ჩურჩული ახლა გაიგონეს, თუ ეს წარსული, ძველი ამბის მოგონებაა. ჯ. კონრადი ამ პასაჟში უარყოფს დროის მეცნიერულ ობიექტურობას, მაგრამ ფსიქოლოგიური სიზუსტით აღწერს იმ დაბნეულობას, რომელშიც იმყოფებიან მეზღვაურები. ჯ. კონრადი არღვევს რეალობისა და ობიექტურობის შეგრძნებას მკითხველში და შემოაქვს ა. ბერგსონისეული წმინდად სუბიექტურად განცდილი დრო.

ჯეიმს ვეითი „ნარცისის“ ზანგის“ პერსონაჟია. იგი წინასწარ უცხადებს გემის ეკიპაჟს, რომ მომაკვდავია, რითაც ცდილობს, თანაგრძნობა გამოიწვიოს და მძიმე სამუშაო თავიდან აირიდოს. ეკიპაჟის წევრები მას ხშირად სტუმრობდნენ და ცდილობდნენ, გაემხიარულებინათ. ჯეიმს ვეითი  ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს იხსენებს თავის ნაცნობ გოგონას ქენთონის ქუჩიდან და სწორედ ამ მომენტში იგი გამოდის (საათით გაზომვადი) რეალური ქრონოლოგიური დროიდან და გადაინაცვლებს სუბიექტურ, ფსიქოლოგიურ დროში, სადაც დროის მიმდინარეობა შეჩერებული ან აღრეულია.

აი, რას წერს ჯ. კონრადი ჯეიმს ვეითზე:

(James Wait) returned at once to the regions of memory that know nothing of time[2] [Conrad, 1979:92].

იმავე ეპიზოდში ვკითხულობთ:

He was very quiet and easy amongst his vivid reminescenses which he mistook joyfully for images of an undoubted future[3] [Conrad, 1979:92].

დროის აღრევა ჯ. კონრადთან სუბიექტურ ხასიათს ატარებს. ის, რაც ემოციურად, განცდის დონეზე უფრო ცოცხალია და უფრო აღელვებს პერსონაჟებს, აღიქმება აწმყოდ ან მომავლად, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ამ განცდებს ადგილი წარსულში ჰქონდა.  პერსონაჟების შინაგანი დრო არ ემთხვევა ობიექტურ დროს.

ჩვენ მიერ პირველად ნახსენებ ეპიზოდში მეზღვაურები, რომელთაც თავს დაატყდათ შტორმი, კარგავენ აწმყოს შეგრძნებას,  წარსულსა და ახლანდელ მოვლენებს ერთ მთლიანობად აღიქვამენ. ასევე, ჯეიმს ვეითისთვის ერთ მთლიანობად იქცევა წარსული ბედნიერების მოგონება და მომავლის იმედი, შესაბამისად, აზრს კარგავს დროის ქრონოლოგიურობა.

1900 წელს გამოცემულ ჯ. კონრადის რომანში „ლორდი ჯიმი“ ვხვდებით ფსიქოლოგიურ დროს. ნაწარმოების სიუჟეტის მთავარ ღერძს წარმოადგენს გემზე „პატნა“ მომხდარი ინციდენტი, როდესაც გემის კაპიტანმა და ეკიპაჟის რამდენიმე წევრმა, მათ შორის, ლორდმა ჯიმიმ, ჩათვალეს, რომ გემი იძირებოდა და სამაშველო ნავით თავს უშველეს ისე, რომ სხვები არ გააფრთხილეს, ვინაიდან ამისთვის არც საკმარისი დრო ჰქონდათ და არც საკმარისი რაოდენობის ნავი. თუმცა, გემის კაპიტნის შიში არ გამართლდა და „პატნა“ გადარჩა, ხოლო  გემის გაქცეული კაპიტანი და ეკიპაჟის წევრები თავიანთი არცთუ გმირული საქციელის გამო საქვეყნოდ ცნობილნი გახდნენ. აი, რას ამბობს ამ ინციდენტზე ჯ. კონრადის რომანის მთხრობელი მარლოუ:

Indeed this affair, I may note in passing, had an extraordinary power of defying shortness of memory and length of time: it seemed to live, with a sort of uncanny vitality, in the minds of men,  on the tips of their tongue[4]  [Conrad, 1996:84].

ამ პასაჟში ჯ. კონრადი მიგვანიშნებს, რომ გარკვეულ მოვლენებს შეუძლიათ, დაძლიონ დროის ჩვეული მდინარება, მისი ხანგრძლივობა. თავიანთი ემოციური თუ ფსიქოლოგიური დატვირთვის გამო ისინი ადამიანის გონებაში აღიქმებიან, როგორც მუდმივად ახალი და აქტუალური. ლორდი ჯიმი, რომელიც მთელი ნაწარმოების განმავლობაში განიცდის სინდისის ქენჯნას ჩადენილი საქციელის გამო, ცდილობს, გაექცეს „პატნას“ უსიამოვნო მოგონებას, მაგრამ, სადაც უნდა წავიდეს, ყველგან წინ ხვდება თავისი წარსული, მისთვის თითქოს დრო გაიყინა, მას არც აწმყო აქვს და არც მომავალი. საბოლოოდ, მისი  ძალისხმევა –  თავი დააღწიოს წარსულს და „პატნას“ „ანტიგმირიდან“ გმირად იქცეს, მთავრდება გარდაუვალი სიკვდილით.

იმაზე, რომ ჯ. კონრადთან დრო სუბიექტურ ხასიათს ატარებს, თანხმდებიან მკვლევრები ჯ.მ კერცერი და ჯონ პიტერსი.

ჯ.მ კერცერი თავის ნაშრომში „ჯოზეფ კონრადი და დროის მეტაფიზიკა“ წერს:

For Conrad, time is always in some sense “human time”… The world empty of human activity and judgment is a timeless void[5] [Kertzer, 1979: 303].

„ადამიანურ დროში“ ჯ.მ კერცერი გულისხმობს ადამიანების მიერ სუბიექტურად განცდილ დროს.

სწორედ ასე აღვიქვამთ და ასე მოგვეცემა  დრო. რაც შეეხება ჯონ პიტერსს, მას თავის სტატიაში „ჯოზეფ კონრადის „უეცარი დროის ხვრელები“: დროის ეპისტემოლოგია“ შემოაქვს პიროვნული დროის კატეგორია. მისი კვლევა ცხადყოფს, რომ პიროვნული დრო სხვა არაფერია, თუ არა ის, რასაც ჩვენ სუბიექტურ ან თუნდაც  ბერგსონისეულ ფსიქოლოგიურ დროს ვუწოდებთ.

ჯ. პიტერსი წერს:

Personal time is time as human beings experience it. For Conrad, regardless of how objective time may be in essence, human beings cannot experience it as such. They never experience objective, regularized time[6] [Peters, 2000:420].

ამ კუთხით საინტერესოა ჯ. კონრადის რომანის „საიდუმლო აგენტის“ ანალიზი. უინი ვერლოკი თავისი გონებასუსტი ძმის სიკვდილის გამო ქმარზე შურს იძიებს და დანით მოკლავს მას. აღსანიშნავია, რომ მკვლელობის სცენა, რომელიც მხოლოდ ორ წუთს გასტანს, უინისთვის ფსიქოლოგიურად „იწელება“ და ის ვერ იჯერებს, რომ მხოლოდ ორი წუთია მას შემდეგ გასული, რაც ბოლოს დახედა საათს.

She looked up mechanically at the clock. She thought it must have stopped. She could not believe that only two minutes had passed since she had looked at it last. Of course not. It had been stopped all the time. As a matter of fact, only three minutes had elapsed from the moment she had drawn the first deep, easy breath after the blow, to this moment when Mrs Verloc formed the resolution to drown herself in the Thames. But Mrs Verloc could not believe that. She seemed to have heard or read that clocks and watches always stopped at the moment of murder for the undoing of the murderer[7] [Conrad, 2020:269].

შეშინებული უინი ვერლოკისთვის საათი „ჩერდება“. მიუხედავად იმისა, რომ საათი ობიექტურ სინამდვილეს აჩვენებს, უინის ეს აღარ სჯერა. როგორც ნაწარმოებიდან ვიგებთ, მკვლელობის შემდეგ მხოლოდ სამი წუთია გასული, მაგრამ ვერლოკისთვის სამი წუთი მთელ საუკუნეს უდრის, მეტიც, ის ფიქრობს, რომ რაღაც ფანტასმაგორიული მოვლენა ხდება და დროის ეს „შეჩერება“ ქმრის მკვლელობის გამო, მისი დასჯის მიზნით, ზებუნებრივი ძალების ჩარევით მოხდა. სინამდვილეში კი უინის შინაგანი, ფსიქოლოგიური დრო გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე – ობიექტური დრო. ჯ. კონრადი თვალნათლივ გვიჩვენებს დაპირისპირებას რეალურსა და ფსიქოლოგიურ დროებს შორის. ამ შემთხვევაში ცხადია, რომ ეს წინააღმდეგობა განპირობებულია იმ ემოციურად რთული და განსაკუთრებული მდგომარეობით, რომელშიც უინი ვერლოკი იმყოფება.

ამ მაგალითებმა, ვფიქრობთ, ცხადყო ა. ბერგსონისეული ფსიქოლოგიური დროის არსებობა ჯ. კონრადის შემოქმედებაში. აღსანიშნავია, რომ ა. ბერგსონი ჯ. კონრადის თანამედროვე გახლდათ, თუმცა ჩვენთვის უცნობია, ჯოზეფ კონრადი იცნობდა თუ არა ანრი ბერგსონის ფილოსოფიურ თხზულებებს. ყოველ შემთხვევაში, კვლევა აჩვენებს, რომ ჯ. კონრადის რომანებში ანრი ბერგსონის ფილოსოფია მხატვრულ ასახვას პოვებს. მნიშვნელობა არ აქვს, ჯ. კონრადთან ეს ა. ბერგსონის გავლენით ხდება თუ მისგან დამოუკიდებლად. ჯ. კონრადი მწერლური ინტუიციის საშუალებით აღმოაჩენს დროის ფსიქოლოგიურობას.

ჯ. კონრადთან, ასევე, გვხვდება დროის მითოლოგიური ანუ ციკლური აღქმა. მითოსური დრო არის მარადგანმეორებადი, ონტოლოგიური დრო, რომელსაც აქვს ციკლური ხასიათი. უფრო გასაგები რომ გახდეს, რას ვგულისხმობთ, დავეყრდნოთ რუმინელ რელიგიათმკვლევარს, მირჩა ელიადეს. მან შემოიტანა საკრალური და პროფანული დროის ცნება.

მ. ელიადესთვის, ერთი მხრივ, არსებობს საკრალური დროის ინტერვალები, რომლებიც ხასიათდება ციკლურობითა და განმეორადებოდით. ის ამას ძირითადად რელიგიურ დღესასწაულებს უკავშირებს, ხოლო, მეორე მხრივ, არსებობს პროფანული ანუ ჩვეულებრივი დროის მდინარება, რომელსაც არ აქვს რელიგიური მნიშვნელობა. ჩვენთვის საინტერესოა საკრალური დრო, რომელსაც მ. ელიადე მიაწერს რელიგიურ რიტუალებს. ჩვეულებრივი ანუ პროფანული დროისგან განსხვავებით, საკრალურ დროს არ აქვს დასასრული, იგი არ ხასიათდება განგრძობითობით. რელიგიური რიტუალის დროს – მაგალითად, ყოველ შობას – ერთი და იგივე ამბავი ხელახლა განმეორებითად ხდება. ეს არის ერთგვარი მითოსური, მარადგანმეორებადი, პარმენიდესეული დრო, რომელიც თავის თავს უტოლდება, არასოდეს იცვლება და არ სრულდება.

შესაბამისად, საკრალური დრო – ეს იგივე მითოლოგიური დროა, რომელიც უპირისპირდება ქრონოლოგიურ დროს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მითოლოგიური დრო არ არის მისტიკურ საბურველში გახვეული დრო. ჩვენი ადამიანური ისტორიაც, გარკვეული თვალსაზრისით, მითოლოგიურია, რადგან მას ახასიათებს განმეორებითობა. ისტორიული მოვლენები ხშირად ერთმანეთს იმდენად ჰგავს, რომ დამკვირვებელს ეჩვენება, თითქოს დრო წინ კი არ მიდის, არამედ წრეზე ციკლურად მოძრაობს.

მითოლოგიური ან, თუ გნებავთ, საკრალური დროის აღწერას ჩვენ ვხვდებით ჯ. კონრადის მთავარ ნაწარმოებში „წყვდიადის გული“. აქ ძალიან უჩვეულოდ არის აღწერილი მარლოუს მოგზაურობა აფრიკის გულში:

Going back to the river was like travelling back to the earliest beginnings of the world” [8] [Conrad, 1995:40].

“We were wanderers on a prehistoric earth, on an earth that wore an aspect of an unknown planet[9] [Conrad, 1995:42].

როგორც ამ ნაწყვეტებიდან ირკვევა, აფრიკაში მოგზაურობა მარლოუსთვის სამყაროს დასაბამში, პრეისტორიულ ხანაში, მოგზაურობას ჰგავს. უცნაურია, რას უნდა გამოეწვია მსგავსი ასოციაციები მეცხრამეტე საუკუნის მოგზაურში, რომელსაც თვალითაც არ უნახავს პრეისტორიული სამყარო.

ეს პასაჟი გვაფიქრებინებს, რომ აქ არა ჩვეულებრივ, არამედ არქეტიპულ მოგზაურობაზეა მინიშნება. შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს კონრადს უკვე გაცნობიერებული აქვს ის ფილოსოფიური პარადიგმა, რომელსაც ნახევარი საუკუნის შემდგომ აყალიბებს მირჩა ელიადე.  კერძოდ, გასათვალისწინებელია ის, რომ მარლოუ არ მოგზაურობს  პროფანულ, ანუ ჩვეულებრივ დროში. ეს მოგზაურობა არ არის მარლოუს მოგზაურობა უბრალოდ აფრიკის ტერიტორიაზე, არამედ რიტუალიზებული მოგზაურობაა საკრალურ, ანუ იმავე მითოლოგიურ დროში. მარლოუ მოგზაურობს პრეისტორიულ დროში და იმეორებს პირველყოფილი ადამიანის გზას, ან უფრო სწორად იმ სქემას, რომელიც ადამიანის ფსიქიკის ღრმა შრეშია ჩაფლული.

იქვე ვკითხულობთ:

We couldn’t understand, because we were too far, and couldn’t remember, because we were travelling in the night of first ages, of those ages that are gone, leaving hardly a sign and no memories[10] [Conrad, 1995:42].

პირველყოფილი ეპოქის ხანაში მოგზაურობა შეუძლებელია ჩვეულებრივ დროში, რადგან წარსულში ადამიანები ვერ დაბრუნდებიან და არც ჯ. კონრადი იყო ფანტასტი მწერალი, რომ დროში მოგზაურობის შესახებ მოეთხრო.  ვფიქრობთ, აქ სწორედ მითოლოგიურ დროზეა მინიშნება. ასეთი მოგზაურობა მხოლოდ რიტუალურ ანუ საკრალურ დროშია დასაშვები, როცა ადამიანები წარსულში კი არ ბრუნდებიან, არამედ აწმყოში იმეორებენ სხვა ადამიანების, ჩვენი წინაპრების, გმირებისა თუ ღმერთების მიერ წარსულში ერთხელ უკვე განვლილ გზას.

ჯ. კონრადი ამბობს, რომ პირველყოფილი ეპოქის მოგონება არ არსებობს და კვალიც გამქრალია. თუ ეს ასეა, მაშინ იმ ხანის ანარეკლი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ კოლექტიურ არაცნობიერში, ადამიანთა ფსიქიკის იმ უღრმეს შრეში, რომელიც კ. გ. იუნგმა აღმოაჩინა და რომელიც ყველა ადამიანს გვაერთიანებს.

აი, რას წერს ჯ. კონრადი „წყვდიადის გულში“:

The mind of man is capable of anything – because everything is in it, all the past as well as all the future.  What was there after all? Joy, fear, sorrow, devotion, valour, rage – who can tell?[11] [Conrad, 1995:43].

მწერალი თითქოს ინტუიციით გრძნობს, თუ რა შეიძლება იყოს დამალული ადამიანის გონებაში, მის ფსიქიკაში. მისი აზრით,  იქ შეიძლება იყოს მთელი კაცობრიობის წარსული, ისევე, როგორც მომავალი. მ. ელიადე აჩვენებს, რომ საკრალური დრო იმითაც არის საინტერესო, რომ აქ ერთიანდება წარსული, აწმყო და მომავალი, აქ ყოველივე იყრის თავს.

ხოლო როგორც კ. გ. იუნგმა აჩვენა, სქემების დონეზე კაცობრიობის წარსული  – და გარკვეული გაგებით მომავალიც – მართლაც არის ჩადებული ადამიანის კოლექტიურ ფსიქიკაში, ვინაიდან ადამიანის გზა განმეორებადია. „წყვდიადის გულის“ ზემოთ მოყვანილ პასაჟებში თვალნათლივ ჩანს დროის ციკლურობა, მისი განმეორებადობა.

მარლოუს მოგზაურობა აფრიკაში გაიგივებულია პრეისტორიულ მოგზაურობასთან, რომლის ფიზიკური კვალიც არ არსებობს, თუმცა, როგორც კონრადი ამბობს, გონებაში მაინც მოიპოვება მისი ადგილი.

ჩვენ უკვე ვახსენეთ „ლორდი ჯიმი“ და გემი „პატნა“. გემის ეკიპაჟისა და მგზავრებისთვის, რომელთაც მუსლიმანი პილიგრიმები წარმოადგენენ, დრო იმდენად  ერთფეროვნად და მონოტონურად გადის, რომ იგი ციკლურ, განმეორებით ხასიათს იძენს.  ვნახოთ, როგორ აღწერს გემით მგზავრობას მწერალი:

Every morning the sun, as if keeping pace in his revolutions with the progress of the pilgrimage, emerged with a silent burst of light exactly at the same distance astern of the ship, caught up with her at noon… glided past on his descent, and sank mysteriously into the sea evening after evening, preserving the same distance ahead of her advancing bows[12] [Conrad, 1996:15].

ამ პასაჟში დროს მითოლოგიური ხასიათი აქვს, იგი ციკლურია და მუდამ მეორდება. ოკეანის შუაგულში მცურავი გემის ეკიპაჟის წევრთათვის პეიზაჟი უცვლელია და დროც თითქოს გაიყინა. არაფერი იცვლება, გარდა მზის ჩასვლა-ამოსვლისა. გემისგან ერთი და იმავე მანძილის დაშორებით ამოსული მზე, ჩვენი აზრით, მეტაფორაა, რომელიც გვიჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, თითქოს გემი „პატნა“ გადაადგილდებოდეს და წინ მიიწევდეს, არაფერი იცვლება და დრო მუდამ ერთსა და იმავე წერტილს უბრუნდება.

რაც შეეხება ჯ. კონრადის კიდევ ერთ  რომანს – „ნოსტრომო“ – იგი იმგვარად არის აგებული, რომ გვარწმუნებს დროის მითოლოგიურობაში. ნაწარმოებში მოვლენები ვითარდება გამოგონილ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში, კოსტაგუანაში. პიტერსი სწორად შენიშნავს, რომ კოსტაგუანას ისტორიის განმავლობაში უამრავი რევოლუცია ხდება, თუმცა ყველა ამ რევოლუციას ერთი და იგივე შედეგი აქვს. ხელისუფლებაში მოსული ძალა რეპრესიულია და მას მხოლოდ მცირედთათვის მოაქვს სარგებელი, რასაც, თავის მხრივ, კიდევ ახალი რევოლუციები მოჰყვება.

ჯ. კონრადის მკვლევარი გარეტ ჯენკინსი კი „ნოსტრომოს“ შესახებ შემდეგ თეზას აყალიბებს:

We have in Part One a miniature version of what the book as a whole, in a series of circular movements brings out: that the future does not move away from the past but is doomed to repeat it. No real progress is possible; a change is merely an illusion that masks a fundamental reality of disorder[13] [Peters, 2000:429].

მიუხედავად იმისა, რომ „ნოსტრომოში“ აღწერილ რევოლუციებს სხვადასხვა ლიდერი ჰყავს და თვით რევოლუციებიც სხვადასხვაგვარად ვითარდება, განსხვავება მათ შორის მცირედია. სეცესიონისტური რევოლუცია, რომელიც კოსტაგუანასგან სულაკოს გამოყოფას ისახავდა მიზნად და სხვა რევოლუციებზე უფრო ცივილიზებული ჩანდა, ბოლოს რეპრესიებითა და ხალხის ექსპლუატაციით მთავრდება. „ნოსტრომოს“ დასასრულს კი, მუშათა მღელვარება მიანიშნებს, რომ რევოლუციები ამით არ ამოიწურება და მომავალშიც  იგივე განმეორდება. აღსანიშნავია, რომ „ნოსტრომოს“ მთლიანი სიუჟეტური ხაზი ერთგვარი მტკიცებაა იმისა, რომ მწერლისთვის დროს განმეორებითობის, წრიულობის თვისება აქვს. როგორც ჩანს, ჯ. კონრადთან ისტორიას მითოლოგიური ხასიათი აქვს. კოსტაგუანას მცხოვრებთა ყოველი მცდელობა, შეცვალონ ისტორია, წინ, უკეთესობისკენ გადადგან ნაბიჯი, მთავრდება იმით, რომ დრო მუდმივად საწყის წერტილს უბრუნდება და მათ არსებითად ერთი და იმავე ომის გადახდა ყოველ ჯერზე თავიდან უწევთ.

ჯ. კონრადის ნაწარმოებებიდან მოყვანილი მაგალითები ნათლად აჩვენებს, რომ დრო პოლონელი მწერლის მსოფლმხედველობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. დრო ადამიანთათვის მოუხელთებელი, მეტაფიზიკური ცნებაა, რომლის გააზრებაც შეუძლებელია მხოლოდ მექანიკურად, საათის მეშვეობით. ჯ. კონრადის დრო ფსიქოლოგიურია, იგი მიბმულია კონრადის პერსონაჟების ცნობიერებაზე. მწერლისთვის ობიექტური რეალობის აღწერა მხოლოდ პერსონაჟების სუბიექტური განცდების ჭრილშია შესაძლებელი. ჯ. კონრადი ამ მეთოდს არ ღალატობს იმ შემთხვევაშიც კი, როცა მისი პერსონაჟთა სუბიექტური აღქმა არ ემთხვევა ობიექტურ რეალობას.  ამასთან ერთად, ჯ. კონრადთან უარყოფილია დროის ქრონოლოგიურობა და მასთან დაკავშირებული ისტორიული პროგრესი. ამის ნაცვლად ჯ. კონრადის დრო ციკლურია და რაც წარსულში მოხდა, აწმყოში თავიდან მეორდება. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ამ განმეორებას მწერალთან სიმბოლური დატვირთვა აქვს. იგი გვეუბნება, რომ ისტორიაში არაფერი ხდება ახალი და ადამიანი მუდმივად იმეორებს წარსულში ერთხელ უკვე გავლილ გზას.

ამგვარად, განვიხილეთ რამდენიმე მაგალითი ჯოზეფ კონრადის ხუთი საეტაპო ნაწარმოებიდან: „წყვდიადის გული“, „ნოსტრომო“ „ნარცისის” ზანგი“, „ლორდი ჯიმი“ და „საიდუმლო აგენტი“. ამ მაგალითების გაანალიზების შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მწერალთან გამოიკვეთა დროის ორგვარი კონცეფცია. ეს კონცეფციები სრულად შეესაბამისება ანრი ბერგსონისა და მირჩა ელიადეს თეორიებს. ამასთან, მნიშვნელოვანია კ. გ. იუნგის კოლექტიური არაცნობიერის კონცეფციაც, რომელიც, ასევე, გამოვლინდა ჯოზეფ კონრადის ნაწარმოებში.

 

[1]„ბატონი ბეიკერი ზანტად დაიარებოდა კიჩოს გასწვრივ, წინ და უკან. ზოგს ეჩვენებოდა, რომ მათ გაიგეს, როგორ ეჩურჩულებოდა ის კაპიტანს, მაგრამ იმ დროს მოგონებები ბევრად უფრო ცოცხალი იყო, ვიდრე სინამდვილე და ისინიც არ იყვნენ დარწმუნებულნი, ეს ჩურჩული ახლა გაიგონეს, თუ რამდენიმე წლის წინათ“ (თარგმანი ჩვენია).

[2]„(ჯეიმს ვეითი) მაშინვე მეხსიერების იმ მიდამოებს დაუბრუნდა, რომელთაც დროის შესახებ არაფერი იციან“ (თარგმანი ჩვენია).

[3]„ის ძალიან წყნარად და ლაღად იყო თავის ცხოველ მოგონებებში, რომელნიც შეცდომით უეჭველი მომავლის სურათებად ეჩვენებოდა“ (თარგმანი ჩვენია).

[4]„გაკვრით შევნიშნავ, რომ ამ შემთხვევას მართლაც არაჩვეულებრივი ძალა ჰქონდა, რომელმაც მეხსიერების სიმოკლე და დროის ხანგრძლივობა დაძლია: რაღაც იდუმალი სიცოცხლისუნარიანობის წყალობით ის თითქოს სიცოცხლეს განაგრძობდა – კაცთა გონებაში, მათი ენის წვერზე” (თარგმანი ჩვენია).

[5]„კონრადისთვის დრო, გარკვეული აზრით, ყოველთვის „ადამიანური დროა“... სამყარო, დაცლილი ადამიანური აქტივობისგან და განსჯისგან, არის უდროო სიცარიელე“ (თარგმანი ჩვენია).

[6]„პიროვნული დრო არის დრო, როგორც მას განიცდიან ადამიანები. კონრადისთვის – მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ობიექტური შეიძლება იყოს დრო თავისი არსით – ადამიანები მას ასეთად ვერ განიცდიან. ისინი არასოდეს განიცდიან ობიექტურ, რეგულირებულ დროს“ (თარგმანი ჩვენია).

[7]„მექანიკურად ახედა საათს. მან იფიქრა, რომ საათი, ეტყობა, გაჩერდა. ვერ იჯერებდა, რომ მხოლოდ ორი წუთი გასულიყო მას შემდეგ, რაც ბოლოს ახედა საათს. რა თქმა უნდა, არა. საათი გაჩერებული იყო მთელი ეს დრო. სინამდვილეში კი მხოლოდ სამი წუთი გავიდა იმ მომენტიდან, როცა (დანის) დარტყმის შემდეგ მან პირველად ღრმად და კარგად ამოისუნთქა, იმ დრომდე, როცა მისის ვერლოკმა გადაწყვიტა, თავი დაეხრჩო ტემზაში. მაგრამ მისის ვერლოკი ამას ვერ იჯერებდა. როგორც ჩანს, მას გაეგო ან წაეკითხა, რომ მკვლელობის მომენტში საათები ყოველთვის ჩერდებიან მკვლელთა დასაღუპად“(თარგმანი ჩვენია).

[8]„მდინარის სათავისკენ დაბრუნება ჰგავდა მოგზაურობას სამყაროს დასაბამისკენ“ (თარგმანი ჩვენია).

[9]„ჩვენ ვხეტიალობდით პრეისტორიულ დედამიწაზე, დედამიწაზე, რომელიც ჰგავდა რომელიღაც უცნობ პლანეტას“ (თარგმანი ჩვენია).

[10]„ჩვენ ვერ ვხვდებოდით, იმიტომ, რომ ძალიან შორს ვიყავით წასული, და ვერ ვიხსენებდით იმიტომ, რომ ვმოგზაურობდით პირველყოფილი ეპოქის ღამეში, იმ ხანაში, რომელიც უკვე გამქრალია, რომლის მოგონებაც არ არსებობს და კვალიც თითქმის წაშლილია“(თარგმანი ჩვენია).

[11]„ადამიანის გონებას ყველაფერი შეუძლია – იმიტომ, რომ ყველაფერი არის იქ, მთელი წარსული, ისევე როგორც მთელი მომავალი. მაინც რა იყო იქ? სიხარული, შიში, მწუხარება, ერთგულება, სიმამაცე, მრისხანება? – ვის შეუძლია თქვას?“(თარგმანი ჩვენია).

[12]„ყოველ დილით მზე, რომლის ჩასვლა-ამოსვლა თითქოს ფეხს უწყობდა პილიგრიმთა წინსვლას, ჩუმი ნათებით ამოდიოდა ზუსტად ერთი და იმავე მანძილის დაშორებით გემის კიჩოდან, რომელსაც შუადღეზე წამოეწეოდა ... ჩასასვლელად გამზადებული გასრიალდებოდა და ყოველ საღამოს იდუმალად იძირებოდა ზღვაში ზუსტად ერთი და იმავე მანძილის დაშორებით გემის ცხვირიდან“ (თარგმანი ჩვენია).

[13]„ნოსტრომოს“ პირველ ნაწილში მოცემული გვაქვს მინიატურული ვერსია იმისა, რასაც წიგნი, როგორც მთლიანობა, წრიული მოძრაობების მთელი სერიის საშუალებით გვაწვდის: რომ მომავალი წარსულს კი არ შორდება, არამედ დაწყევლილია, რათა იგი (წარსული) გაიმეოროს. რეალური პროგრესი შესაძლებელი არ არის, ცვლილება მხოლოდ ილუზიაა, რომელიც ნიღბავს ქაოსის ფუნდამენტურ სინამდვილეს” (თარგმანი ჩვენია).

ლიტერატურა

Bergson H.
1960
Time and Free Will, an Essay on the Immediate Data of Consciousness. New York: Harper.
Bradshaw D.
2005
A Concise Companion to Modernism, Oxford: Blackwell Publishing
Conrad J.
1979 The Nigger of The “Narcissus”, New York: Norton. 1991 Nostromo, Oxford: Oxford University Press. 1995 The Heart of Darkness, London: Everyman. 1996 Lord Jim, New York: Norton. 2020 The Secret Agent: A Simple Tale, London: Vintage Classics.
Eliade M.
1959
The Sacred and the Profane; the Nature of Religion, New York: Harcourt, Brace.
Jung C.G.
2014
Archetypes and Collective Unconscious, London: Routledge.
Kertzer J.M.
1979
Joseph Conrad and The Metaphysics of Time, Studies in the Novel, vol. 11, no. 3, Maryland: John Hopkins University Press.
Peters J.G.
2000
Joseph Conrad's “Sudden Holes” In Time: The Epistemology of Temporality Studies in the Novel, vol. 32, no.4, Maryland: John Hopkins University Press.