მითოსის აქტუალიზაცია ჯ. ჯოისის „ულისეში“: ლეოპოლდ ბლუმის მეტამორფოზები

ჯეიმზ ჯოისის „მეტამორფოზები” - ასე მოიხსენიებს ფრიც ზენი „ულისეს“. ესაა წიგნი, რომელიც პანტომიმური პრინციპით იმეორებს ყველაფერს. თავად მოლიც ხომ ასე ამბობს ბლუმზე: “...always imitating everybody...” (მუდამ ბაძავს ყველას) [Senn, 1985: 122-123]. ჰიუ კენერი კი აზუსტებს, რომ ლეოპოლდ ბლუმი არა თუ ულისეს იმიტაცია, არამედ ხელახლა დაბადებული ულისეა (“...Bloom is no imitation Ulysses but Ulysses reborn” )[Kenner, 1987: 29]). ჰ. კენერის მოსაზრება მირჩა ელიადესეული, რიტუალის არსთან დაკავშირებული, ნააზრევის ასოციაციას იწვევს. მ. ელიადეს დაკვირვებით, პრიმიტიულ საზოგადოებებში დამკვიდრებული რელიგიური აქტივობები პირველქმნილი მოვლენის უკვდავყოფასა და მეხსიერებაში მის აღბეჭდვასთანაა სრულად დაკავშირებული. რიტუალს კი არსებითი ფუნქცია ეკისრება იმისათვის, რომ ადამიანებმა არ დაივიწყონ საკრალური მოვლენა, საიდანაც ყველაფერი დანარჩენი იღებს სათავეს. მათი რწმენით, ნამდვილი ცოდვა სწორედ დავიწყებაა. “Every religious festival… represents the reactualization of a sacred event that took place in a mythical past, “in the beginning” ” [Eliade, 1987: 68-69]. ე.ი. სარიტუალო, საკრალური ცერემონიის უმთავრესი მიზანია, არა მხოლოდ გაიმეოროს, არამედ ამ გზით გაცოცხლდეს კიდეც დასაბამიერი მოვლენა, რასაც მ. ელიადე მითოსის აქტუალიზაციად მოიხსენიებს. ამგვარად, „ულისეს“ წაკითხვას შეიძლება დაეკისროს ერთგვარი რიტუალური ფუნქცია, გააცოცხლოს, მზის შუქზე ამოიყვანოს რომანის ლიტერატურული წინაპრები, თავი მოუყაროს ურიცხვ ბიბლიურსა და მითოლოგიურ პერსონაჟსა თუ ისტორიულ ფიგურას.

ჰომეროსულ პარალელებზე საუბრისას ესსეში “Book of Many Turns” ფრიც ზენი ყურადღებას ამახვილებს „ოდისეას“ დასაწყის ფრაზასა და გამხსნელ სიტყვაზე:

“ándra moi énnepe, moûsa, polýtropon, hòs mála pollà”[1]

“Andra” – კაცი, სწორედ ამ სიტყვით იწყება ჰომეროსის ეპიკური პოემა. ფრიც ზენის თანახმად, ამით ჰომეროსს დასაწყისიდანვე შემოჰყავს პოემის ცენტრალური სუბიექტი და ეს მნიშვნელოვანი ასპექტი არც ჯ. ჯოისს უნდა გამოპარვოდა თვალთახედვიდან. “The man for wisdom's various arts renown'd, long exercised in woes” – ამ პრინციპით იწყებს ალექსანდრ პოუპიც „ოდისეას“ ცნობილ თარგმანს. საგულისხმოა, რომ ეპითეტი, რომელიც „კაცს“ შეესატყვისება, არის - “polýtropos”, რომელიც სიტყვასიტყვით მრავალჯერ გარდაქმნილს, გადასხვაფერებულს (“much turned”, “of many turns”) ნიშნავს. შესაბამისად, ჰომეროსი ოდისევსს აღწერს როგორც მრავალნაცადს, მრავალსახოვანსა და ცვალებადს.[2] ფრიც ზენის თანახმად, „ულისეში“ ერთგვარად არეკლილია ამ ბერძნული სიტყვის მრავალნიშნადი ხასიათი და მნიშვნელობა. საინტერესოა, რომ თავად ჯ. ჯოისი 1915 წელს ავსტრიაში მყოფი ძმისათვის, სტენისლოსისათვის, გერმანულ ენაზე დაწერილ საფოსტო ბარათში „ულისეს“ შემდეგნაირად მოიხსენიებს: “Ulysses Wandlungen” (“Wandlungen” – შეცვლა, გარდასახვა). მკვლევარი განიხილავს ორ ვარიანტს, რომ ჯ. ჯოისს უნდოდა, დაეწერა ან “Wanderungen” (ხეტიალი) და ორი გერმანული სიტყვა ერთმანეთში აერია, ან მან უბრალოდ სიტყვებით ითამაშა, რადგან ზმნა “wandeln” გერმანულ ენაში ორ მნიშვნელობას ატარებს და ნიშნავს როგორც ხეტიალს, ასევე  – შეცვლას. როგორც არ უნდა ყოფილიყო, წერს ფრიც ზენი, „ჯეიმზ ჯოისმა „ულისეს“ „დახასიათებისას“ ერთ სიტყვაში ჰომეროსისეული ტერმინის ორი ძირითადი მნიშვნელობა ჩაატია, გმირის მოგზაურობა და მისი მრავალსახოვნება“ [Senn, 1985: 127-128].

ლეოპოლდ ბლუმის მეტამორფოზების სერიას ყველაზე თვალსაჩინოდ ჯ. ჯოისი მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე ეპიზოდებში („მზის ხარები“ და „კირკე“) გვთავაზობს. „მზის ხარებში“ ჯ. ჯოისი ინგლისური ენის განვითარების ეტაპების წარმოსაჩენად მწერლობის 32 სხვადასხვა სტილის პაროდირებას მიმართავს.[3]  სტილთა ცვალებადობის ტექნიკის გამოყენებით „ულისეს“ პერსონაჟები სახეცვლილი ფორმით წარმოგვიდგებიან. ვოლფგანგ იზერი მართებულად შენიშნავს: „ენის გავლენა იმდენად დიდია, რომ სარეკლამო აგენტი ბლუმი მკითხველს შუა საუკუნეების მოგზაურ ლეოპოლდადაც კი მოევლინება“ [Iser, 1985: 197]. ლეოპოლდ ბლუმის ტრანსფორმაციათა საილუსტრაციოდ რომანიდან რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ. ანგლო-საქსი აბატისა და მთარგმნელის, ელფრიკ გრამატიკოსის, მიბაძვით ჯ. ჯოისი გვამცნობს, რომ სამშობიარო სახლში მშობიარე ქ-ნ პიურფოის მოსანახულებლად მივიდა ვინმე ბლუმი („კაცი ვიეთმე მოარული“ – ნ. ყიასაშვილი), ისრაელიტელთა ტომიდან: “Some man that wayfaring was stood by housedoor at night’s oncoming. Of Israel’s folk was that man that on earth wandering far had fared” [Joyce, 1946: 364]. შუა საკუნეებში შექმნილ მოგზაურობის ისტორიათაგან ნასესხები სტილით შექმნილ პასაჟში ბლუმი ჯერ მოგზაურ ლეოპოლდად (ყიასაშვილთან – „მწირი“) გვევლინება (“The traveller Leopold”), ხოლო შემდეგ „წარჩინებულ ყრმად“ (“Childe Leopold”), საიდანაც ის მეფე არტურის შესახებ შექმნილი ლეგენდების პაროდირების შედეგად სერ ლეოპოლდად გარდაიქმნება. მოგვიანებით, მე-18 საუკუნის ირლანდიელი ფილოსოფოსის, ედმუნდ ბერკის, მიბაძვით უკვე ბ-ნ ბლუმთან გვაქვს საქმე: “To revert to Mr Bloom…”, ხოლო ესეისტ ჩარლზ ლემბისათვის დამახასიათებელი ენით შესრულებულ პასაჟში ჩაფიქრებული, „მოგონებების კევის მღეჭავი“ ლეოპოლდი (“chewing the cud of reminiscence”), თავის წარსულს უკირკიტებს და აწმყოში ჭაბუკ ლეოპოლდს გამოიხმობს: “He is young Leopold”. გარდა ამისა, ინგლისელი ისტორიკოსისა და ესეისტის, თომას ბაბინგტონ მაკოლეის ენა თითქოს ჟამთააღმწერლის სიზუსტით აღწერს პერსონაჟს: “that vigilant wanderer, soiled by the dust of travel and combat and stained by the mire of an indelible dishonour” [Joyce, 1946: 394] („ეს ჩვენი დაუღალავი ყარიბი, შარაგზებისა და ბრძოლის მტვერში ამოგანგლული, შერცხვენილი და სახელგატეხილი“ [ჯოისი, 2013: 414]). ეპიზოდის დასასრულს კი, თხრობაში დიალექტებისა და სლენგების შემოტანით, ლეოპოლდი ხდება უბრალოდ ლეო (“Old man Leo”).

ბლუმის სახეცვლილებას მკითხველი თვალს მიადევნებს მეთხუთმეტე ეპიზოდში აღწერილ ღამის ქალაქშიც. საგზაო შუქურებისა და პროჟექტორების მოციმციმე, წყვდიადის დამარღვეველი შუქი, ველოსიპედისტების ზარების წკარუნი, მუხრუჭის ღრჭიალი, გონგის ხმა –- ეპიზოდის ქაოსური და ჰალუცინაციური ატმოსფეროს შექმნას ემსახურება. ლეოპოლდ ბლუმი აცხადებს, რომ პოლიციელია [გვ. 430], შემდეგ დოქტორ ბლუმობას, კბილის ექიმობას, მწერალ-ჟურნალისტობას იბრალებს [442-444]. პოლიციელისათვის გაწვდილ ვინაობის დამადასტურებელ ბარათში ჰენრი ფლაუერია [442], მასონია („მარჯვენა მკლავს სწორი კუთხით მოხრის და გულზე ხელს დაიდებს, მასონური ძმობის გამაფრთხილებელ ნიშნად“ [443]). ჯ.ჯ. ო’მოლოი ბლუმის დასაცავად წარმოთქმულ სიტყვაში მას ჩვილ ბავშვად მოიხსენიებს (“My client is an infant”). გარდა ამისა, ლეოპოლდი საკუთარ თავს მოლი ბლუმში ურევს და ამბობს: „მე ვარ ქალიშვილი გამოჩენილი სარდლისა… გენერალ-მაიორ ბრაიან ტუიდისა“ [443]. მისთვის გამოტანილი განაჩენი ასეთია: „ბისექსუალურად ანომალიური“, „ახალი ტიპის, ქალური კაცის, დასრულებული ნიმუში“, რომელიც ბავშვს ელოდება [467]. ცხვარივით მორჩილი, ბელა კოენის ფეხებთან ოთხზე დაცემული ლეოპოლდი ღორად გარდაიქმნება [492]. ეს ყოველივე თითქოს ბლუმის მიერ მეექვსე ეპიზოდში ნათქვამი ფრაზის გამოძახილია: „უცბად ყველანი სხვა ვინმედ რომ ვიქცეთ“ [ჯოისი, 2013: 107].

„კირკეს“ ფანტასმაგორიულ სამყაროში ის დუბლინის ლორდ-მერადაც კი გვევლინება [457], რომელიც აარსებს ახალ ჰიბერნიას, მომავლის ქალაქს – ბლუმუსალემს [461]. ამდენად, ის განასახიერებს მესიას, რომელიც მალე განტევების ვაცად იქცევა და ცრუმესიობას დასწამებენ, თუმცა წამებული ბლუმი ქრისტეს მსგავსად აღსდგება: „ალმოდებული ფენიქსივით, ნაქსოვ კვართზე აწერია ი.მ.კ.“ [ჯოისი, 2013: 470].[4]

ბლუმი, სტივენთან ერთად, სარკეში იყურება და იქ, საკუთარი ანარეკლის ნაცვლად, უილიამ შექსპირს ხედავს [513]. ის, ასევე, იღებს სხვადასხვა პოლიტიკური მოღვაწის, რეფორმატორის, ფილოსოფოსის, ბიბლიური თუ ლიტერატურული პერსონაჟის სახეს:

ბლუმი ბაგირზე დადის, … სახის ნაკვთებს ისეთნაირად იცვლის, რომ მრავალ ისტორიულ პირს დაემსგავსოს: ლორდ ბიკონსფილდს, ლორდ ბაირონს, უოტ ტაილერს, ეგვიპტელ მოსეს, მოსე მაიმონიდის, მოსე მენდელსონს, ჰენრი ირვინგს, რიპ ვან ვინკლს, კოშუტს, ჟან ჟაკ რუსოს, ბარონ ლეოპოლდ როთშილდს, რობინზონ კრუზოს, შერლოკ ჰოლმზს, პასტერს…“ [ჯოისი, 2013: 468].

ჯეფრი პერლი აღნიშნავს, რომ ეპიზოდში მონაწილე წყვილები ერთმანეთს ერწყმიან, ერთ პერსონაჟად წარმოგვიდგებიან (ბლუმი და ბელა კოენი ქმნიან ერთიანობას და ეწოდებათ ბლუმბელა) და, პირიქით, მკითხველი პერსონაჟთა გამთლიანების საპირისპირო მოვლენასაც აწყდება: ფილიპ ბიუფოი ბლუმს ბრალს სდებს ოთხმაგ ცხოვრებაში (“Why, look at the man’s private life! Leading a quadruple existence!”) [Joyce, 1946: 431]. ლეოპოლდის მსგავსად, სტივენის პერსონა იხლიჩება და გარდაიქმნება სიამის ტყუპებად: „ფილიპ ფხიზელად“ (Philip Sober) და „ფილიპ ზარხოშად“ (Philip Drunk) [Perl, 1984: 198].

გარდა ბლუმის გარდასახვათა მთელი წყებისა, რომანის მესამე ეპიზოდში („პროტევსი“) აღწერილია სტივენის ცნობიერებაში მომხდარი ტრანსფორმაციები. პროტევსს, როგორც ზღვის სტიქიის განსახიერებას, სხვადასხვა სახედ შეუძლია გარდაქმნა. მრავალსახოვანი ღვთაების ცვალებადი ბუნების მსგავსად, შეიძლება ითქვას, რომ ეპიზოდის „ტექნიკა“ გარდასახვის ხელოვნებაა, რაც თხრობის ენაზეც აისახება. მკითხველი „პროტევსის“ დასაწყისშივე შეამჩნევს, რომ სტივენის ფიქრთა ნაკადში ინგლისურთან ერთად იტალიური, გერმანული, ფრანგული და ლათინური ფრაზები შემოდის. მის მსჯელობაში ერთმანეთს ადგილს უთმობს არისტოტელეს, გ. ლესინგისა თუ უ. ბლეიკის ნააზრევი. ზღვისპირას სიარული სტივენს მარადისობაში, ედემბაღში, ელსინორში გადაიძახებს („იქნებ მარადისობაში მივაბიჯებ სენდიმაუნტის სანაპიროთი?“, „ედემბაღს შემაერთეთ“,ელსინორის მაცდური ზღვის მოქცევა მესმის“ [ჯოისი, 2013: 37-46]. დედალოსის იფნის ჯოხი ხმლად გადაიქცევა („ჩემი იფნის ხმალი მკიდია წელზე“ [ჯოისი, 2013: 37]), ფეხები კი მალიგანის ფეხებად, რადგან მისი გამონაცვალი შარვალი და ფეხსაცმელი აცვია („სევდანარევი მზერა სტყორცნა ბაკის გამონაცვალ ბრტყელცხვირა ფეხსაცმელს,… რომელშიც სხვისი ფეხი იყო თბილად მოყუჩებული“ [ჯოისი, 2013: 51]). სანაპიროზე მორბენალი ძაღლის დანახვა სტივენში აქტეონისა და მისი ძაღლების ასოციაციას იწვევს და თავს თებელ მონადირე ჭაბუკად წარმოიდგენს. ძაღლი კი, დედალოსის აღქმით, არაერთხელ იცვლის სახეს და ჰერალდიკურ ირმად, ავაზად, ლეოპარდად გარდაისახება. ამას გარდა, მის წარმოსახვაში ბიძა რიჩი გულდინგი გილბერტ დე სალივანის ოპერეტის პერსონაჟად, უოლტერად, იქცევა. „პროტევსში“ მეტამფსიქოზის კაბალისტური გაგების მინიშნებასაც ვხვდებით, რომლის სტივენისეული პარაფრაზია: „ღმერთი იქცევა კაცად იქცევა თევზად იქცევა გარეულ ბატად ქცევა ყურთუკად“ [ჯოისი, 2013: 52].[5]

სახეცვლილებათა სერიას ჯ. ჯოისი რომანში მეტამფსიქოზის მოძღვრების გაჟღერებით განაგრძობს. რეინკარნაციის მისტიკური დოქტრინის არსს ლეოპოლდ ბლუმი მოლის თავად განუმარტავს: „– მეტამფსიქოზი, თქვა ბლუმმა და კოპები შეიკრა. ბერძნულია: ბერძნულიდან არის. სულების ტრანსმიგრაციას ნიშნავს“ [ჯოისი, 2013: 63]. „მზის ხარების“ ეპიზოდში ბლუმი, ასევე, იყენებს სიტყვათა შეთანხმებას: „პლაზმური მეხსიერება“, რომელიც  მეტამფსიქოზის ერთიან, უწყვეტ მეხსიერებას აღნიშნავს, რომელშიც შემონახულია სულის ყოველი რეინკარნაცია.[6]

მეტამფსიქოზის მოტივის განმეორებადობა „ულისეში“ იმთავითვე თითქოს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ბლუმის მეხსიერება იგივე პლაზმური მეხსიერებაა. ბლუმის პერსონაჟისაგან უამრავი უხილავი ძაფია გაბმული უკან წარსულისაკენ, ისტორიული თუ ფიქციური პერსონაჟებისაკენ. ის იმეორებს ოდისევსის ხეტიალისა და შინ დაბრუნების სქემას. ჯ. ჯოისის მოხეტიალე პერსონაჟის პლაზმურ მეხსიერებაში, ასევე, მოიძებნება ქრისტესა და შექსპირის „ნაშთები“. ბლუმის სახე-სიმბოლოს გასაგებად ნაწარმოებში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მინიშნებაა: „სენდვიჩის შუშის თავსახურის ქვეშ პურის კატაფალკზე იწვა ერთი უკანასკნელი, ერთი მარტოხელა, ზაფხულის უკანასკნელი სარდინი. მარტობლუმი“ [ჯოისი, 2013: 285]. თევზის ხსენებას იმთავითვე ქრისტესთან მივყავართ. კატაფალკზე მწოლიარე მარტოხელა თევზთან გაიგივება კი სხვა არაფერია, თუ არა ბლუმი, როგორც იესო ქრისტეს სიმბოლო.

რომანის პროტაგონისტში მრავალთა და მრავალთა სახის განსხეულების პარალელურად, „ულისეს“ ერთ-ერთი ძირითადი ხაზი ბლუმის უსამშობლობის ჩვენებაა. სიმბოლურია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში სახლის გასაღები თან არ აქვს და ღამით შინ დაბრუნებულს, სტივენთან ერთად, სახლს შემოვლებულ ზღუდეზე უწევს გადაძრომა. ნაწარმოების არაერთი მონაკვეთი პირდაპირ მიუთითებს მის უცხოობასა და უთვისტომობაზე. არაერთხელ ისმება შეკითხვა მისი ვინაობის შესახებ:

„– ვინ არის ის ყმაწვილი ჩვენს უკან, ტომ კერნანთან ერთად რომ მოდის? იკითხა ჯონ ჰენრი მენტონმა. სახეზე მეცნობა.

ნედ ლემბერტმა უკან მიიხედა.

- ბლუმი, თქვა მან, მადამ მერიონ ტუიდი რომ იყო, უფრო სწორად რომ არის, სოპრანო, მაგის ცოლია“ [ჯოისი, 2013: 103].

ჯ. ჯოისი ბლუმის გვარის ტრანსფორმირებით ოსტატურად ახერხებს, აჩვენოს პერსონაჟის არსებობის უმნიშვნელობა, შეუმჩნევლობა, არარაობა სოციუმის თვალში: „ბლუვინ“ (“Bloowho”), „ბლურომელის“ (“Bloowhose”), „ბლუმურდალი“ (“Greaseabloom”), „მარტობლუმი“ (“Bloom Alone”). „ივნინგ ტელეგრაფში“ მისი გვარი შეცდომითაა დაბეჭდილი: ლ. ბუმი (შდრ. მ. ჯავახიშვილის მოთხრობაში „ორი განაჩენი“ ლაზარე ჩიჩილაშვილის გვარს ტუსაღები მრავალგზის სახეცვლილად გაჰყვირიან: ჩიკილაშვილი, კირიკაშვილი, ნიკილაშვილი, დიკილაშვილი, ბიკილაშვილი, ტიკილაშვილი, ქიტილაშვილი. მაშინ, როდესაც ინდივიდის გვარ-სახელი, ერთგვარად, იდენტობის განმსაზღვრელია, მისი დამახინჯება როგორღაც ლახავს ადამიანის ინდივიდუალობას). „არასაკმაო ირლანდიელი“ – ასე მოიხსენიებს ქმარს მერიონ ბლუმი თავის შინაგან მონოლოგში. „მარადი ურია“ (“The wandering jew”), ბლუმის მისამართით ამბობს ჯერ ბაკ მალიგანი, ხოლო შემდეგ აგრესიულ პატრიოტად გამოყვანილი პერსონაჟი, რომელიც თავს მოქალაქეს უწოდებს, „მარადიულ ურიად“ (“Ahasuerus I call him”) შერაცხავს მას. ორივე შემთხვევაში იგულისხმება ებრაელთა ბიბლიური პერსონაჟი აღასფერი, რომელსაც, მეორედ მოსვლამდე, მარადიული ხეტიალი უწერია. ამას გარდა, მეშვიდე ეპიზოდში „ეოლოსი“ რედაქციაში მისული ბლუმი სამშობლოზე საუბარს შეესწრება. საინტერესოა, რომ ზუსტად ამ დროს ჯ. ჯ. ო’მოლოი ოთახში შემოდის. შემოღებული კარის სახელური კი წელში ხვდება ლეოპოლდ ბლუმს, რომელიც ბოდიშს იხდის და განზე დგება. ეს ეპიზოდი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჯ. ჯოისის მოხეტიალე პერსონაჟისთვის ადგილი არსად მოიძებნება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც დუბლინელები სამშობლოზე საუბრობენ.

ეპიზოდში „ლოტოფაგები“ ქრისტიანულ ტაძარში შესული ბლუმი ზიარების რიტუალის მომსწრე ხდება, რა დროსაც მის მზერას სეფისკვერი იპყრობს, თუმცა არ იცის, რა უწოდოს და მაცასმაგვარ პურად მოიხსენიებს. ნ. ყიასაშვილის განმარტებით, ბლუმს ერთმანეთში ერევა მაცა და სეფისკვერი, შესაბამისად, ებრაული და ქრისტიანული რელიგიური ადათები. ეს კი მისი უსამშობლობის მიმნიშნებელი კიდევ ერთი დეტალია.[7]

„კირკეს“ ეპიზოდში, რომელიც მთლიანად ჰალუცინაციის გარშემოა აგებული და ბლუმის არაცნობიერი სიღრმეებიდან აღმოცენებულის ჩვენებას ემსახურება, მკითხველი სასამართლო პროცესის მომსწრე ხდება. სხვა მრავალ ბრალდებასთან ერთად, ზმანებაში ბლუმს ბრალი ედება მუდმივი საცხოვრებლის არქონაში, „მაწანწალობასა და ქუჩაში მოძრაობის შეფერხებაში“ [ჯოისი, 2013: 442]. ამგვარად, ნაწარმოების ერთ-ერთი ძირითადი ლაიტმოტივი ლეოპოლდ ბლუმის უნიადაგობის აქცენტირებაა, რაც, შეიძლება ითქვას, ხელსაყრელი გარემოებაა იმისათვის, რომ მას ყველა იმ პერსონაჟის სახელი მივაწეროთ, ვინც კი ოდესმე გასდგომია გზას საკუთარი გონებისა თუ გარემომცველი ფიზიკური სამყაროს ბნელ ლაბირინთებში. ლეოპოლდ ბლუმის ფესვები ერთდროულად ყველგან და არსადაა:

„როგორი უნივერსალური ორწევრა სახელწოდება შეეფერებოდა მას როგორც არსებულსა და არარსებულს?

რომელიც უტარებია ნებისმიერ სხვას ანდა რაც უცნობია ყველასთვის. ყოველი და არავინ“ [ჯოისი, 2013: 654].

მეჩვიდმეტე ეპიზოდი სრულდება შეკითხვით: „სად?“, რომელზე პასუხიც ბუნდოვანია. ავტორი საპასუხოდ წერტილს სვამს. შეკითხვა განკუთვნილია ლეოპოლდ ბლუმისათვის, მოგზაურისთვის, რომელიც დუბლინის ქუჩებში მთელი დღის ხეტიალის შემდეგ სახლში დაბრუნდა და ემბრიონის პოზაში მწოლიარე გვევლინება. სად იმყოფება ან სად მიდის ბლუმი, იგივე ოდისევსი, იგივე სინდბადი ზღვაოსანი, იგივე პირველყოფილი ადამიანის ჩანასახი?

„დაქანცული ბალღიკაცი, კაციბალღი საშოში“ – ასე აღწერს ჯ. ჯოისი სახლში დაბრუნებულ, „ნამოგზაურებ“ მოხეტიალე გმირს, რომელიც ღამის წყვიადში ემბრიონივით მოკეცილი წევს, თითქოს უკან, დედის წიაღში, დაბრუნებულა. წყვდიადის სიმბოლიზმს, როგორც არსებობის ემბრიონულ სახეს, მ. ელიადე განიხილავს როგორც ადამიანიური არსებობის, ასევე, კოსმიურ დონეზე. კარაჯერიების ტრადიციების მაგალითზე, მკვლევარი განმარტავს, რომ ამ ტომის რწმენა-წარმოდგენებით პრეტენდენტის ინიციაციური სიკვდილი ემბრიონულ მდგომარეობაში დაბრუნებას ნიშნავს, რასაც კოსმიური მნიშვნელობა გააჩნია: „ჩანასახოვანი მდგომარეობა შეესაბამება სავარაუდო დაბრუნებას ვირტუალურ, პრე-კოსმიურ არსებობის ფორმასთან, „პირველი დღის გარიჟრაჟამდე“, როგორც ამბობდნენ კარაჯერიები“ [ელიადე, 2018: 284]. კოსმიურ წიაღში, უდროობამდე და მარადისობამდე დაბრუნებით პრეტენდენტი სამყაროს შექმნის თანამედროვე ხდება, ანუ პრენატალური მდგომარეობიდან ის კვლავ შექმნის, ახალ ადამიანად დაბადების მოლოდინშია.

სულისა და აზროვნების მისტერიაზე საუბრისას მ. მამარდაშვილი მსჯელობის საგნად იყენებს მისტიკოსი პოეტის ანჰელუს სილეზიუსის სიტყვებს, რომ ქრისტე ათასჯერ რომც დაბადებულიყო ბეთლემში, თუ იგი მუდმივად ხელახლა არ იბადება მორწმუნე ადამიანის სულში, ქრისტეს შობის მოვლენა გარანტია ვერ იქნება იმისა, რომ ქრისტიანები და კეთილები ვიყოთ. „ქრისტე ხელახლა უნდა დაიბადოს შენში… ასევეა ცნება. ცნება ყოველთვის ხელახლა უნდა დაიბადოს შენს საკუთარ გამოცდილებაში. ის უნდა დაიბადოს, როგორც ცოცხალი მდგომარეობა“ [მამარდაშვილი, 1992: 32-33]. მაშასადამე, იესოს დაბადება წარსულში მომხდარ ისტორიულ, გარეშე ფაქტად იქცევა, თუ ქრისტე აწმყო დროსა და მორწმუნე ადამიანის გულში არ იშვება. მართალია, მ. მამარდაშვილი ამ პასაჟში რიტუალის თემატიკას არ ეხება, მაგრამ მისი სიტყვები სიახლოვეს ავლენს მ. ელიადეს გამოთქმულ მოსაზრებასთან, სარიტუალო აქტის გზით მითოსის აქტუალიზაციის შესახებ. სამყაროს საწყისებთან გადაძახილი და რეალური დროის მომენტიდან მარადიულობისაკენ გადანაცვლება მითოსურ მარადისობას გამოიხმობს. ნაწარმოების ქრონოტოპი კოსმოგონიის თანამედროვე დროსა და სივრცეში გადაინაცვლებს, უფრო სწორად კი, უდროობამდე და უსივრცობამდე, სამყაროს პრენატალურ მდგომარეობამდე. დუბლინი სიმბოლურად მარადისობას განასახიერებს, სადაც ისტორიული, ქრონოლოგიური დრო არსებობას წყვეტს, სიბნელეში მწოლიარე ბლუმი კი ინიციაციის პრეტენდენტს მოგვაგონებს, რომელიც ხელახლა დაბადებას ელის.

 

[1]ამონარიდი მოყვანილია: Senn, F. 1985. Book of Many Turns. In B. Benstock (Ed.). Critical Essays on James Joyce, 120-136. Boston, Massachusetts: G. K. Hall & Co.

[2]პოემის ქართულ თარგმანში ვხვდებით „მრავალტანჯულ“ ოდისევსს: „გვიამბე, მუზავ, იმ მრავალტანჯული კაცის ამბავი, ვინც ბევრი იხეტიალა მას შემდეგ, რაც ტროას წმინდა ციხესიმაგრე დააქცია“ (ზურაბ კიკნაძისა და თამაზ ჩხენკელის თარგმანი).

[3]პაროდირებულ სტილთა ჩამონათვალი იხ: Gifford, D., Seidman, R. J. 1974. Notes for Joyce: An Annotation of James Joyce's Ulysses. E.P. Dutton & CO., INC. New York.

[4]იესო მხსნელი კაცთა. ნ. ყიასაშვილის შენიშვნა.

[5]მეტამფსიქოზის კაბალისტური აქსიომაა: „ქვა იქცევა მცენარედ, მცენარე – ცხოველად, ცხოველი – ადამიანად, ადამიანი – სულად, სული –- ღმერთად“ (ჯოისი, ჯ. 2013. ულისე. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, კომენტარები: გვ. 727).

[6]ჯოისი, ჯ. 2013. ულისე. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, კომენტარები: გვ. 834.

[7]ჯოისი, ჯ. 2013. ულისე. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, კომენტარები: გვ. 736.

ლიტერატურა

ელიადე მ.
2018
„მითები, სიზმრები და მისტერიები“, ფრანგულიდან თარგმნა მზია გომელაურმა, გამომცემლობა „ალეფი“, თბილისი.
მამარდაშვილი მ.
1992
საუბრები ფილოსოფიაზე, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი.
ჯავახიშვილი მ.
2004
თხზულებანი, ტომი II. „საქართველოს მაცნე“, თბილისი.
ჯოისი ჯ.
2013
„ულისე“, ინგლისურიდან თარგმნა ნიკო ყიასაშვილმა, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, თბილისი.
ჰომეროსი
1975
„ოდისეა“, ძველბერძნულიდან თარგმნეს ზურაბ კიკნაძემ და თამაზ ჩხენკელმა, გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი.
Gifford D., Seidman, R. J.
1974
Notes for Joyce: An Annotation of James Joyce's Ulysses, New York: E.P. Dutton & CO., INC.
Homer
1906
The Odyssey, Translated by Alexander Pope, London: George Bell & Sons.
Joyce J.
1946
Ulysses, New York: Milestone Editions.
Iser W.
1985
Doing Things in Style: An Interpretation of “The Oxen of the Sun” in James Joyce’s Ulysses, In B. Benstock (Ed.), Critical Essays on James Joyce, 191-206, Boston, Massachusetts: G. K. Hall & Co.
Kenner H.
1987
Ulysses, Baltimore: Johns Hopkins University Press.
Perl J.
1984
The Tradition of Return: The Implicit History of Modern Literature, New Jersey: Princeton University Press.
Senn F.
1985
Book of Many Turns, In B. Benstock (Ed.), Critical Essays on James Joyce, 120-136. Boston, Massachusetts: G. K. Hall & Co.