ძველ ქართულ ნათარგმნ ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში მოხსენიებული აბუკურასა და თეოდორე ედესელის ურთიერთმიმართების საკითხისათვის

„წმინდა მიქაელის წამების“ ძველი ქართული თარგმანის შესწავლის ისტორია „აბუკურას” სახელს უკავშირდება. გიორგი მთაწმინდელი „ექვთიმესა და იოანე ათონელების ცხოვრებაში“ გვაწვდის ცნობას ექვთიმეს მიერ ქართულიდან ბერძნულ ენაზე თარგმნილი თხზულების შესახებ, რომელსაც „აბუკურად“ მოიხსენიებს [აბულაძე, 1967: 41]. თავიდან ცნობილი არ იყო, თუ რა თხზულება იგულისხმობდა მასში, სანამ 1918 წელს კ. კეკელიძემ არ გამოაქვეყნა ძველ ქართულ მწერლობაში დაცული თხზულება „წამებაჲ წმიდისა მიქაელისაჲ, რომელი იყო ლავრასა დიდსა წმიდისა მამისა ჩუენისა საბაჲსსა“ [კეკელიძე, 1918: 165-173]. ტექსტის შესავალშივე მოხსენიებულია საბამიწმინდელი ბერი, თეოდორე აბუკურა, რომელიც ხარება დღეს მის კელიაში მისულ საბაწიმინდელ ბერებს მიქაელის მარტვილობის ამბავს უყვება. თხზულების მოკლე შინაარსი კი ასეთია: მიქაელი იყო ახალგაზრდა ბერი, კალათებისა და თოკების დაწვნის ოსტატი, რომელიც ხალიფას ცოლის, სეიდას, ინტრიგების მსხრეპლი გახდა. ქალმა, მას შემდეგ, რაც მიქაელისაგან სასიყვარულო ურთიერთობაზე უარი მიიღო, ქმართან ცილი დასწამა და მისი დასჯა მოსთხოვა. ხალიფამ მიქაელს სიკვდილის განაჩენი გამოუტანა, თუმცა დასჯას წინ უძღოდა მიქაელსა და ერთ ებრაელ სწავლულს შორის გამართული პაექრობა ქრისტიანობის, იუდაიზმისა და მუსლიმობის შესახებ. რელიგიურ პოლემიკაში მიქაელმა ებრაელი სწავლული დაამარცხა, ხოლო განრისხებული ხალიფას ბრძანებით იგი ჯერ შიშველი ფეხებით დააყენეს მხურვალე ღველფზე, ხოლო შემდეგ შეასვეს საწამლავი, რომელმაც ვერ ავნო. საბოლოოდ მიქაელს თავი მოჰკვეთეს. ამგვარად, გაირკვა, რომ გიორგი მთაწმინდელის მიერ „ექვთიმესა და იოანეს ცხოვრებაში“ ნახსენები „აბუკურა“  საბაწმინდელი ბერის, მიქაელის მარტვილობის ამბავია, ხოლო თავად აბუკურა კი – ამ თხზულების ერთ-ერთი პერსონაჟი, კერძოდ, მიქაელის ამბის მთხრობელი. სწორედ ამბის მთხრობლის სახელიდან გამომდინარე უწოდებდნენ თხზულებას შემოკლებულად „აბუკურას“.  ეს საბაწმინდელი ბერი აბუკურა გაიგივებულ იქნა VIII-IX საუკუნეების აღმოსავლური ღვთისმეტყველების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლთან – თეოდორე აბუკურასთან.  

თეოდორე აბუკურას დამსახურება ძალიან დიდია, ერთი მხრივ, ლიტერატურულ საქმიანობაში შეტანილი წვლილის, ხოლო, მეორე მხრივ, რელიგიათაშორისი დიალოგების დაწყებისა და განვითარების კუთხით. ამის მიუხედავად, ამ მოღვაწის შესახებ საკმაოდ მწირი ბიოგრაფიული ცნობები გვაქვს, რომელთა უმეტესობა ლეგენდური ხასიათისაა, ხშირ შემთხვევაში,  ურთიერთგამომრიცხავი და ანაქრონისტული. აბუკურას ბიოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე ბუნდოვან ეპიზოდს კი წარმოადგენს მისი კავშირი სწორედ საბა განწმენდილის ლავრასთან; მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობდა, რომ მან თავისი ცხოვრების ადრეული და, შესაძლოა, გვიანდელი პერიოდიც გაატარა იუდეის უდაბნოს ცნობილ საბაწმინდის მონასტერში, სადაც იგი ბერულ ცხოვრებას ეწეოდა. ამ ვარაუდს სხვებთან ერთად იზიარებდა აბუკურას ისეთი მკვლევარიც, როგორიც იყო სიდნეი გრიფიტი, რომელიც ფიქრობდა, რომ აბუკურამ საბა განწმენდილის ლავრაში გაატარა თავისი ცხოვრების პირველი პერიოდი (დაახლ. 775-785 წწ.), სანამ ხარანის ეპისკოპოსად ეკურთხებოდა. ამ დროს იგი, სავრაუდოდ, 28-30 წლისა იქნებოდა [Griffith, 1993: 150]. თეოდორე აბუკურას კავშირი საბა განწმენდილის ლავრასთან საკმაოდ დიდხანს იყო მიღებული ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაშიც, რაც ეყრდნობოდა ერთადერთ წყაროს – კ. კეკელიძის მიერ 1918 წელს გამოცემულ ტექსტს „წმ. მიქაელის მარტვილობისა”. თეოდორე აბუკურას საბა განწმენდილის ლავრასთან კავშირის მომხრე მეცნიერები ამ ტექსტს პირდაპირ მტკიცებულებათა რიგს განაკუთვნებენ. თუმცა ამ ვერსიას ჰყავს მოწინააღმდეგებიც, რომლებიც „მიქაელის წამებას“ ნახევრად ლეგენდურ ჰაგიოგრაფიულ ტექსტად განიხილავენ და ფიქრობენ, რომ მას დიდი  ისტორიული ღირებულება არ გააჩნია და, ამდენად, სანდო წყაროს არ წარმოადგენს. 

აბუკურას ბიოგრაფიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემური საკითხი იოანე დამასკელის სახელს უკავშირდება. მიიჩნეოდა, რომ საბაწმინდის ლავრაში თეოდორე აბუკურა შეხვდა იოანე დამასკელს და დაემოწაფა მას. თუმცა მოგვიანებით ეს ვარაუდი უარყვეს და აბუკურა მიიჩნიეს დამასკელის იდეების გამზიარებლად, მის მიმდევრად და არა უშუალო მოსწავლედ. მოსაზრებას ლავრაში აბუკურასა და დამასკელის თანადროული მოღვაწეობის შესახებ არ ეთანხმება არც თავად ს. გრიფიტი [Griffith, 1993: 150], თუმცა ჰიპოთეზას დამასკელისა და აბუკურას უშუალო მოწაფეობა-მასწავლებლობაზე ემხრობოდნენ აბუკურას ისეთი მკვლევრები, როგორებიც იყვნენ გეორგ გრაფი და იოსებ ნასრალაჰი. გარკვეული პერიოდი ამავე აზრის იყო კ. კეკელიძეც, თუმცა მოგვიანებით თავისი შეხედულება, ანაქრონისტული უზუსტობიდან გამომდინარე, შეცვალა და მიემხრო ვერსიას, რომ დამასკელის საბას ლავრაში[1] მოღვაწეობის დროისათვის აბუკურა მცირეწლოვანი უნდა ყოფილიყო. თეოდორე აბუკურას, ხარანის ეპისკოპოსის, საბა განწმენდილის ლავრასთან კავშირს არ ემხრობა არც აბუკურას შრომების ინგლისურ ენაზე მთარგმნელი და გამომცემელი ჯონ ლამორო [Lamoreaux, 2005]. ლამორო ასევე ეჭვქვეშ აყენებს აბუკურას შრომებში იოანე დამასკელის მოძღვრების გავლენის საკითხსაც. იგი მიიჩნევს, რომ ამ მოსაზრების მქონე მეცნიერთა არგუმენტაცია დაფუძნებულია ძველ ქართულ წყაროებში დაცულ „მიქაელ საბაწმინდელის მარტვილობაზე“, რომლის ტექსტში, შესაძლოა, იყოს კიდეც რაღაც ისტორიული ფონი, მაგრამ  მთლიანობაში თხზულების შინაარსი ლეგენდურია და სინამდვილეში „იოსებისა და პოტიფარის“ შესახებ არსებულ ბიბლიურ თქმულებას იმეორებს. ამიტომ მას თეოდორე აბუკურას საბაწმინდელ ბერად გამოცხადებისათვის მთავარ არგუმენტად „მიქაელის წამების“ მოტანა არასწორად მიაჩნია [Lamoreaux, 2003: 30]. ჯ. ლამოროს ამ მოსაზრებას ბოლომდე არ იზიარებს აბუკურას კიდევ ერთი თანამედროვე მკვლევარი, ნაჯიბ ჯორჯ ავადი, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აბუკურას სახელის ჩამოშორება საბა განწმენდილის ლავრისაგან არ ნიშნავს აბუკურასა და დამასკელის მოძღვრებებს შორის არსებული კავშირის უარყოფას. ვერსია, რომ აბუკურას არასოდეს უმოღვაწია საბა განწმენდილის ლავრაში ბერად, არ გამორიცხავს ალბათობას, რომ ის იოანე დამასკელის იდეური მიმდევარი იყო [Awad; 2015:7]. 

ჩვენ შევეცდებით, მოკლედ, მაგრამ შეძლებისდაგვარად სრულად წარმოვადგენოთ  ყველა ის ძირითადი მოსაზრება, რომლებიც ამ ტექსტის, „მიქაელის წამებისა“ და მისი კიდევ სხვა რედაქციის, ირგვლივ არსებობდა. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ თხზულების შესავალში მიქაელის წამების ამბავს საბაწმინდელ ბერებს უყვება ვინმე აბუკურა. მაგრამ თუკი ეს მომავალი (თუ ყოფილი) ეპისკოპოსი, ცნობილი მწერალი, VIII-IX სს-ის მოღვაწე თეოდორე აბუკურაა, ის ვერ იქნებოდა მიქაელის წამების უშუალო მოწმე, გამომდინარე იქიდან, რომ მიქაელი VII ს-ში ცხოვრობდა; ტექსტის მიხედვით, მიქაელის მოწამეობრივ აღსასრულს ადგილი ჰქონდა ხალიფა აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანის ზეობის ხანაში (685-705 წწ.). გამოდის, რომ აბუკურა, რომელიც არ არის თანამედროვე მიქაელისა, საბაწმინდელ ბერებს უამბობს მოწამის ამბავს, რომელიც ლავრაში მის მისვლამდე დიდი ხნით ადრე მოღვაწეობდა და, სავარაუდოდ, ეს ისტორია თავად მასაც სხვისგან აქვს მოსმენილი. 

რაც შეეხება „მიქაელის წამების“ ტექსტის შექმნის დროს, სამეცნიერო წრეებში მიღებული აზრით, ეს უნდა მომხდარიყო დაახლ. IX ს-ის I ათეულში. ამბავი ჩაუწერია საბას ლავრის წინამძღვარს – ვინმე ბასილს (სავარაუდოდ, არაბულ ენაზე), ერთ-ერთს იმ ბერთაგან, რომელიც თეოდორე აბუკურას სტუმართა შორის იმყოფებოდა და რომელმაც მიქაელის ამბავი უშუალოდ თეოდორე აბუკურასაგან მოისმინა. ბასილის სახელი თხრობის დასაწყისშივე იხსენიება [კეკელიძე, 1918: 165]. კ. კეკელიძის აზრით, უკვე X ს-ის უკანასკნელ მეოთხედში ამ თხზულების ქართული თარგმანი, შესრულებული უცნობი პირის მიერ, ხელში ჩაუვარდა ექვთიმე ათონელს, რომელიც მას ბერძნულ ენაზე თარგმნის [კეკელიძე, 1960: 29]. მეცნიერი ფიქრობს, რომ ექვთიმე ამას აკეთებს ბიზანტიური ჰაგიოგრაფიისა და ლიტურგიკულ-კალენდარული ხარვეზის ამოსავსებად, რადგან ბერძნული ეკლესია მიქაელის ხსენების დღეს არ აღნიშნავდა; არ აღნიშნავდა, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ასეთი წმინდანის შესახებ ცნობები არ ჰქონდა [კეკელიძე, 1960: 31].  რაც შეეხება თხზულების ორიგინალურ ენას, კ. კეკელიძე „აბუკურას“ არაბულ წარმომავლობას ემხრობოდა. ამ მხრივ იგი იზიარებდა ბელგიელი ორიენტალისტის პ. პეეტერსის ვარაუდს, რომელმაც „მიქაელის წამება“ ლათინურად თარგმნა და მეცნიერთა შორის პირველად სწორედ მან გამოთქვა „აბუკურას“ არაბულიდან წარმომავლობის ვერსია [Peeters, 1930: 65-66].[2]

ე. წ. „აბუკურაში“ გადმოცემული მიქაელის შესახებ თხრობას სხვა ქართულ წყაროშიც ვხვდებით. „მიქაელის მარტვილობის“ პარალელურად, ძველ ქართულ მწერლობაში დაცულია კიდევ ერთი ტექსტი – „თეოდორე ედესელის ცხოვრება“, რომელიც ბერძნულიდან არის თარგმნილი, როგორც ვარაუდობენ, ეფრემ მცირის მიერ.  ამ ძეგლში, როგორც თხზულების შემადგენელი ნაწილი, ჩართულია ე.წ. „აბუკურას“ თხრობაც,  თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილებებით – საერთოდ ამოღებულია შესავალი ნაწილი, რომელშიც თეოდორე აბუკურა იხსენიება, როგორც მიქაელის ამბის მთხრობელი, ხოლო VII ს-ში მოღვაწე მიქაელი კი გამოყვანილია IX ს-ის მოწამედ, კერძოდ, თეოდორე ედესელის მოწაფედ და ნათესავად, მაშინ, როცა, „აბუკურას”მიხედვით, მიქაელის მოძღვარი არის ვინმე მოსე და ისინი ერთმანეთს არ ენათესავებიან. „თეოდორე ედესელის ცხოვრება“ დაწერილია დაახლოებით IX ს-ის II ნახევარში, არაუგვიანეს 50-60-იანი წლებისა, ბერძნულ ენაზე ბასილი ემესელის მიერ, რომელიც, თხზულების მიხედვით, არის დისშვილი თეოდორე ედესელისა – საბაწმინდელი ბერისა, რომელიც მომავალში ედესის ეპისკოპოსი ხდება. „მიქაელის წამების“ მსგავსად, არც ეს ტექსტი მიიჩნევა მეცნიერებაში ისტორიული ღირებულების მქონედ იმ ანაქრონიზმების, ისტორიული შეუსაბამობებისა თუ ლეგენდური თხრობა-გადმოცემების გამო, რომელთაც მკვლევრები მისი შესწავლის დროს აწყდებიან. თავად თეოდორე ედესელთან დაკავშირებითაც არაერთგვაროვანი მოსაზერებები არსებობს. მაგალითად, პ. პეეტერსი  მას არ მიიჩნევდა რეალურ პიროვნებად და ფიქრობდა, რომ იგი ხარანის ეპისკოპოსის, თეოდორე აბუკურას, ალტერ ეგო იყო [Peeters, 1930: 89-91; Griffith, 1993: 151]. თუმცა მეცნიერთა ნაწილი – მათ შორის არიან ქართველი მეცნიერებიც – პეეტერსის ამ ვარაუდს არ იზიარებს და თეოდორე ედესელს რეალურ პიროვნებად მიიჩნევს. 

ერთადერთი წყარო, რომელიც თეოდორე ედესელის ბიოგრაფიას შეიცავს, მისივე ცხოვრებაა, რომლის მიხედვითაც იგი დაბადებულა ქ. ედესაში. 20 წლისა საბა განწმენდილის ლავრაში მისულა, სადაც ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა. მალე მისი სახელი ფართოდ ვრცელდება და მასთან რჩევისა თუ ნუგეშის მისაღებად უამრავი ხალხი მიდის. საბაწმინდის ლავრაში თეოდორე 24 წელს ატარებს, ხოლო ამის შემდეგ, სასულიერო საქმეებში დამსახურების გამო, ედესის ეპისკოპოსად აკურთხებენ [კეკელიძე, 1960: 31-40]. კ. კეკელიძე მის ეპისკოპოსად დადგინების ხანად 843 წელს ვარაუდობს. ამგვარად, გამოდის, რომ იგი დაახლ. 799 წელს უნდა დაბადებულიყო. ამ დროს კი თეოდორე აბუკურა უკვე ხარანის ეპისკოპოსია. შესაბამისად, ამ ორი პირის იდენტურობა გამორიცხულია [კეკელიძე, 1960: 21-22]. რაც შეეხება მიქაელ საბაწმინდელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „თეოდორე ედესელის ცხოვრების“ მიხედვით, ის არის თეოდორე ედესელის ნათესავი, ასევე ედესის მკვიდრი, რომელიც მას შემდეგ, რაც საბაწმინდის ლავრაში ბერად აკურთხეს, თეოდორეს დაემოწაფა. ხოლო „აბუკურას“ მიხედვით კი მიქაელი წარმოშობით ტიბერიადელია. კ. კეკელიძე ვარაუდობს, რომ ბასილი ემესელის მხრიდან საქმე გვაქვს ფაქტების შეგნებულ აღრევასთან, რომელიც VII ს-ის მოწამის, მიქაელის, IX ს-ში გადმოყვანას თეოდორე ედესელის პიროვნებისათვის მეტი ავტორიტეტის მინიჭების მიზნით მიმართავს და ამით იმის ჩვენებას ცდილობს, რომ „ისეთ დიდ კაცს, როგორიც თეოდორე იყო, შეეძლო აღეზარდა ისეთი სახელოვანი მოღვაწე და მოწაფე, როგორიც იყო მიქაელი“ [კეკელიძე, 1960: 25]. მას მიაჩნია, რომ „თეოდორე ედესელის ცხოვრების“ ტექსტში „მიქაელ საბაწმინდელის წამების“, იმავე „აბუკურას“, ჩართვა მოგვიანებით მოხდა. მკვლევართა ნაწილი იმასაც ფიქრობს, რომ, შესაძლოა, საქმე გვქონდეს გადამეტაფრასებულ ტექსტთან, რომელიც გავრცობილი უნდა იყოს ანონიმი ავტორის მიერ. შესაბამისად, „თეოდორე ედესელის ცხოვრების“ ის ვერსია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, არ არის უშუალოდ ბასილი ემესელის  კალმიდან გამოსული, არამედ თხზულებამ დროთა განმავლობაში გარკვეული ტექსტობრივი ხასიათის ცვლილებები განიცადა, რომელთა შორისაა,  თხზულების გამდიდრების მიზნით, ტექსტში „მიქაელის წამების“ ჩართვა. თუმცა ჩვენი სტატიის ამჟამინდელი მიზანი არ არის გაარკვიოს, ვინ და რა მოტივით ჩართო „მიქაელის წამება“ „თეოდორე ედესელის ცხოვრებაში“, არ შევეხებით არც ტექსტების ავტორობის საკითხს, რადგან ჩვენს ძირითად ინტერესს წარმოადგენს თეოდორე აბუკურასა და თეოდორე ედესელის ურთიერთმიმართების საკითხი. 

ამ ორი თეოდორეს შესახებ თავისი მოსაზრება აქვს ჯ. ლამოროს, რომელიც მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს ორი პიროვნების ერთმანეთთან გაიგივებასთან და „მიქაელის წამების“ შესავალში მოხსენიებული თეოდორე აბუკურა, სინამდვილეში, თეოდორე ედესელია. მკვლევარი მიმართავს ტექსტების ურთიერთშეპირისპირების მეთოდს და მიდის დასკვნამდე, რომ უფრო მეტ სიახლოვეს ისტორიულ ჭეშმარიტებასთან „თეოდორე ედესელის ცხოვრების“ ვერსია აჩვენებს [Lamoreaux, 2002: 25-40]. 

ამ საკითხის გარშემო შესწავლილი მასალის საფუძველზე ჩვენ ვიზიარებთ ჯ. ლამოროს ვარაუდს ორი პიროვნების – თეოდორე ედესელისა და თეოდორე აბუკურას – ერთმანეთთან გაიგივებასათან დაკავშირებით, თუმცა არ ვემხრობით პ. პეეტერსის მოსაზრებას თეოდორე ედესელის „ჰაგიოგრაფიულ ფიქციასთან” დაკავშირებით, რომ თითქოს თეოდორე ედესელი მხოლოდ თეოდორე აბუკურას ცხოვრებაზე დაყრდნობით შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟია [Griffith, 1993: 151].  მართალია, არ გამოვრიცხავთ შესაძლებლობას, რომ დროთა განმავლობაში თეოდორე აბუკურას გარკვეული თვისებები თეოდორე ედესელისათვის მიეწერათ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ „თეოდორე ედესელის ცხოვრება“, უპირველეს ყოვლისა, რეალური პიროვნების, ისტორიული თეოდორე ედესელის, შესახებ მოგვითხრობს. ასევე დასაშვებად მივიჩნევთ ჯ. ლამოროს მოსაზრებას, რომ „მიქაელის წამების“ თავდაპირველ ვერსიაში თეოდორე აბუკურას ნაცვლად თეოდორე ედესელი იხსენიებოდა, ხოლო მისი შეცვლა თეოდორე აბუკურათი უნდა მომხდარიყო მოგვიანებით იმ პირის მიერ, რომელმაც ეს ორი თეოდორე ერთმანეთთან გააიგივა. მეორე მხრივ, „თეოდორე ედესელის ცხოვრების“ ავტორი, შესაძლოა, სარგებლობდა „აბუკურას“ იმ ვერსიით, რომელშიც ჯერ კიდევ თეოდორე ედესელი იხსენიებოდა; თუმცა, დიდი ალბათობით, ჩვენამდე არც „თეოდორე ედესელის ცხოვრებას“ მოუღწევია თავდაპირველი ვერსიით, დროთა განმავლობაში ამ ტექსტმაც განიცადა ცვლილებები. ვფიქრობთ, რომ თავდაპირველ ვერსიაში თეოდორე ედესელს არ ექნებოდა მიწერილი თეოდორე აბუკურას თვისებები. ამ ორი პიროვნების ერთმანეთთან გაიგივება და თეოდორე ედესელის აღჭურვა აბუკურას თვისებებით მოგვიანებით უნდა მომხდარიყო. მიზეზი კი ორი თეოდორეს აღრევისა ის საერთო გარემოებები უნდა ყოფილიყო, რომლებიც ამ ორი პიროვნებისთვისაა დამახასიათებელი. ორივე მათგანის სახელი თეოდორეა, ორივე მათგანი ედესის მკვიდრია. „მიქაელის წამების“ ტექსტის გადამწერმა, ან სულაც მთარგმნელმა, ცდილობდა რა, დაედგინა თეოდორეს პიროვნება, ივარაუდა, რომ ეს თეოდორე ედესელი იგივე თეოდორე აბუკურა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც წარმოშობით ასევე ედესიდან იყო და ხარანის ეპისკოპოსად კურთხევამდე თეოდორე ედესელად მოიხსენიებოდა. ხოლო დროთა განმავლობაში ამ ორი თეოდორეს ფუნქციები ისე გადაეჯაჭვა ერთმანეთს, რომ მივიღეთ ერთგვარი გაერთიანება ორი პიროვნებისა. სწორედ ამ გაერთიანებულ სახეს უნდა წარმოადგენდეს „თეოდორე ედესელის ცხოვრების“ ჩვენამდე მოღწეული ვერსიის თეოდორე ედესელი. ამ მოსაზრებამდე კი შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე მივდივართ:

როგორც ლ. დათიაშვილი აღნიშნავს, „თეოდორე ედესელის ცხოვრება“ ტიპური ჰაგიოგრაფიული თხზულებაა, შექმნილი იმდროინდელ ეკლესია-მონასტრებში სასულიერო მწერლობისათვის დამახასიათებელი შაბლონით, რომელშიც ერთმანეთშია არეული რეალობა და ფანტაზია, თუმცა არსებობს ისტორიული მარცვალიც [დათიაშვილი, 1973: 145]. ეს „ისტორიული მარცვალი“ კი, ჩვენი აზრით, საბაწმინდის ლავრაში დაკრძალული თეოდორე ედესელი და მისი ნათესავი, მიქაელი, არიან, ხოლო ცნობას მათი ნეშტების შესახებ გვაწვდის XII ს-ის მოღვაწე, პილიგრიმი დანიელი, რომელიც  საბაწმინდის ლავრას ესტუმრა, სადაც თეოდორე ედესელისა და მიქაელის საფლავები ნახა [Khitrowo, 1889: 34]. დანიელის მიერ პილიგრიმობის დროს გაკეთებულ საკმაოდ დეტალურ ჩანაწერებსა და ცნობებს კი უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, მისი ცნობები პალესტინის შესახებ შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ დოკუმენტად მიიჩნევა [Beazley, 1900: 175-185]. აქედან გამომდინარე, ჩვენ მეტად საყურადღებოდ ვთვლით მის მიერ დატოვებულ მონაცემებს, რომლებიც ამ ორ საბაწმინდელ მოღვაწეს – თეოდორესა და წმ. მიქაელს – ეხება და რომელშიც გარკვევით არის აღნიშნული მათი ნათესაური ხაზი. ვფიქრობთ, რომ, შესაძლოა, სწორედ ისინი წარმოადგენენ „მიქაელის წამების” და ასევე „თეოდორე ედესელის ცხოვრების” თეოდორესა და მიქაელის პროტოტიპებს. ამ მხრივ, ჯონ ლამორო, ალბათ, მართალი იყო, როცა აღნიშნავდა, რომ „თეოდორე ედესელის ცხოვრების” ვერსია გარკვეულ უპირატესობას ამჟღავნებს „მიქაელის წამების” ვერსიასთან მიმართებით, რომელშიც მიქაელისა და მისი მოძღვრის, მოსეს, ნათესაურ კავშირზე არაფერია ნათქვამი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ XII ს-ის საბაწმინდის ლავრის ტიპიკონი (Sinai Gr. 1096) ერთსა და იმავე დღეს აღნიშნავს წმინდა მამის – თეოდორე ედესელისა – და მისი ნათესავის – მიქაელის – ხსენების დღეს, რომლებიც საბაწმინდის ლავრიდან იყვნენ. იმავეს მოწმობს მელქიტური სვინაქსარის ცნობაც, რომელიც მიქაელს აკავშირებს არა ამბა მოსესთან, არამედ – თეოდორე ედესელთან, მის ბიძასთან [Lamoreaux, 2003: 29]. აქვე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ, ჩვენი აზრით, ერთ ძალიან  საგულისხმო დეტალზე, რომელსაც ასევე პილიგრიმ დანიელის ცნობაში ვკითხულობთ: „იქ განისვენებს კიდევ რამდენიმე სხვა წმინდა მამის ნეშტი: ეპისკოპოსის, წმ. იოანე სილენციერისა, წმ. იოანე დამასკელისა, წმ. თეოდორე ედესელისა და მისი ნათესავის (ძმისწული/დისწული) მიქაელისა...”[Khitrowo, 1889: 34]. ამ ცნობაში ერთმანეთის გვერდით მოიხსენიებიან თეოდორე ედესელი და იოანე დამასკელი. ამგვარად, ორივე მათგანის ნეშტი საბაწმინდის ლავრაშია დაკრძალული, ორივე მათგანი იქ მოღვაწეობდა. იოანე დამასკელი დაიბადა 675 ან 676 წელს, ხოლო გარდაიცვალა საბაწმინდის ლავრაში 749 წელს. რაც შეეხება თეოდორე ედესელს, ჩვენ არანაირი ცნობა არ გაგვაჩნია მისი დაბადების წლის შესახებ, მაგრამ თუკი დავეყრდნობით „აბუკურას” ცნობას, რომლის მიხედვითაც მიქაელის წამებას ადგილი ჰქონდა ხალიფა აბდ ალ-მალიქის დროს (685-705 წწ.) და თუკი მიქაელი და თეოდორე მართლაც ნათესავები და თანამედროვენი არიან, მაშინ ისევე, როგორც მიქაელს, თეოდორესაც VII-VIII სს-ში უნდა ეცხოვრა. ამგვარად, სულ მცირე, VIII ს-ის დასაწყისში თეოდორე ედესელი კვლავ ცოცხალია და საბაწმინდის ლავრაში მოღვაწეობს, სადაც იოანე დამასკელი ბერად შედგა 732 წელს. შესაბამისად, თეორიული ალბათობა იმისა, რომ ამ დროისათვის უკვე ღრმად მოხუცებული თეოდორე ედესელი, შესაძლოა, ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილიყო და ისინი პირადადაც შეხვედროდნენ ერთმანეთს, არსებობს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხომ არ შეიძლება დავუშვათ ვერსია, რომ დამკვიდრებული ტრადიციული გადმოცემა იოანე დამასკელისა და თეოდორე აბუკურას მოსწავლე-მასწავლებლობაზე იოანე დამასკელისა და თეოდორე ედესელის ერთ ლავრაში მოღვაწეობის ფაქტიდან მომდინარეობს? ხოლო მოგვიანებით, როდესაც აბუკურასა და ედესელის ერთმანეთთან გაიგივება და ამ პიროვნებების აღრევა მოხდა, დამასკელთან კავშირიც თეოდორე აბუკურას მიეწერა. მიგვაჩნია, რომ ჩვენს ხელთ არსებული ამ მონაცემებით იოანე დამასკელთან კავშირს  უფრო მეტად საბაწმინდელი ბერი – თეოდორე ედესელი – ამჟღავნებს, ვიდრე ხარანის ეპისკოპოსი თეოდორე აბუკურა. „მიქაელის წამების” ტექსტის გარდა, რომლის ისტორიულ სანდოობაც მეცნიერთათვის სადავოა, ჩვენ არ მოგვეპოვება არანაირი სხვა დოკუმენტური წყარო, რომელიც დაამოწმებს აბუკურას მოღვაწეობას საბაწმინდის ლავრაში; ხოლო ამის საპირისპიროდ არსებობს თეოდორე ედესელისა და იოანე დამასკელის საფლავები გვერდიგვერდ და ფაქტი, რომ ისინი ნამდვილად ერთსა და იმავე ადგილას მოღვაწეობდნენ, სადაც აღესრულნენ კიდეც. 

მაგრამ რა ვუყოთ „თეოდორე ედესელის ცხოვრებაში“ დაცულ ცნობებს ამ პიროვნების მოღვაწეობის პერიოდთან დაკავშირებით, რომლებიც ქრონოლოგიურად არ მიესადაგება ჩვენ მიერ გამოთქმულ ვარაუდს, რომ ის თავისი ნათესავის, მიქაელის, მსგავსად, VII-VIII საუკუნეების მოღვაწე უნდა იყოს? ტექსტის მიხედვით, თეოდორე უნდა დაბადებულიყო VIII ს-ის გასულს (ერთ-ერთი ვერსიით, დაახლ. 793 წელს),  მისი ეპისკოპოსად დადგინება კი უნდა მომხდარიყო დაახლ. 843 წელს [კეკელიძე, 1960: 22]. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვუშვებთ ალბათობას იმისას, რომ ამ შემთხვევაშიც, შესაძლოა, საქმე გვქონდეს ფაქტებისა და მონაცემების აღრევასთან. კ. კეკელიძე „თეოდორე ედესელის ცხოვრებას“ „ხელოვნურად შეკოწიწებულ ნაწარმოებს“ უწოდებს, რომელშიც არეულია ფაქტები ორი ისტორიული პირის ბიოგრაფიიდან, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ თეოდორე ხარანელი და ედესელი არეულნი ჩანან „მიქაელ საბაწმინდელის მარტვილობაშიც“, რომელიც გამოუცია ვინმე ფოკილიდესს Σιὠν-ში, სადაც ნათქვამი ყოფილა, რომ მიქაელი ნათესავი იყო თეოდორე საბაწმინდელის, ხარანის ეპისკოპოსისა [კეკელიძე, 1960: 24-25]. კ. კეკელიძე ამ შემთხვევაში ეყრდნობა პ. პეეტერსის მიერ 1911 წელს Analecta Bollandiana-ში გამოქვეყნებულ სტატიას. თუმცა ამ სტატიაში თავად პეეტერსი აღნიშნავს, რომ მისი გამოქვეყნების დროისათვის უშუალოდ ფოკილიდესის გამოცემა ხელთ არ ჰქონია. ჩვენ მოვიძიეთ ეს გამოცემა და ვნახეთ, რომ სათაურში „ხარანის ეპისკოპოსი“ საერთოდ არ არის მოხსენიებული და მეტიც, Νέα Σιὠν-ის ამ გამოცემაში დაბეჭდილია „თეოდორე ედესელის ცხოვრების“ ვერსია სათაურით – წმ. თეოდორე საბაწმინდელი, ედესის ეპისკოპოსი და მისი ნათესავი წმ. მიქაელი [Φωκύλιδης, 1911: 226].  რაც შეეხება თავად ამ იოანე ფოკილიდესს, მის შესახებ ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგად ბევრს ვერაფერს მივაგენით, გარდა იმისა, რომ ბრილის გამოცემა მას იოანე დამასკელის ცხოვრების მკვლევართა შორის მოიხსენიებს [Sahas, 1972: 37]; გარდა ამისა, იგი მოხსენიებულია Orienta Lovaniensia Analecta-ს გამოცემის აპენდიქსში, როგორც ძირითადი წყარო საბაწმინდელი წინამძღოლების შესახებ ინფორმაციისა [Patrich, 2001: 25]. ამ ცნობიდან ერთი რამ არის საყურადღებო, იოანე ფოკილიდესი, „წყარო საბაწმინდელი წინამძღოლებისა”, ერთმანეთთან აკავშირებს თეოდორე ედესელსა და მიქაელ საბაწმინდელს და არა თეოდორე აბუკურასა და მიქაელ საბაწმინდელს, რაც ასევე „თეოდორე ედესელის ცხოვრების“ ვერსიას ეხმიანება მათი ნათესაური კავშირის შესახებ. 

დაბოლოს, გვინდა შევეხოთ, ჩვენი აზრით, კიდევ ერთ საინტერესო დეტალს თეოდორე ედესელის პიროვნებასთან დაკავშირებით. რობერტ დუვალის მიერ 1892 წელს გამოცემულ ნაშრომში „ედესის პოლიტიკური, რელიგიური და ლიტერატურული ისტორია პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობამდე“ ედესის ეპისკოპოსთა შორის თეოდორე ედესელი არ იხსენიება [Duval, 1892: 510-603]. შესაძლოა, სიის შემდგენელს თეოდორე ედესელის სახელი უბრალოდ გამორჩა, ან იქნებ თეოდორე ედესელი საერთოდ არ ყოფილა არც ედესის და არც რომელიმე სხვა ეპარქიის ეპისკოპოსი? იქნებ ის მხოლოდ საბაწმინდელი ბერი იყო, წარმოშობით ედესიდან, და მისთვის ეპისკოპოსის ტიტულის მიწერა თეოდორე აბუკურასთან გაიგივების შედეგად მოხდა, ისევე როგორც, შესაძლოა, თეოდორე აბუკურაც გაიგივდა თავის დროზე საბაწმინდელ ბერ თეოდორე ედესელთან. რაც შეეხება გვიანი წყაროების მიერ თეოდორე ედესელის მოხსენიებას ედესის ეპისკოპოსად, ისინი ეყრდნობიან მხოლოდ მისი ცხოვრების ტექსტს და არა რომელიმე ისტორიულ დოკუმენტს, ისევე როგორც გადმოცემა აბუკურას მოღვაწეობისა საბაწმინდის ლავრაში დაფუძნებულია მხოლოდ „მიქაელის წამების” ცნობაზე და არა რომელიმე ისტორიულ დოკუმენტზე. ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პილიგრიმი დანიელი თავის ცნობაში თეოდორეს მხოლოდ წმინდანად მოიხსენიებს და არსად  აღნიშნავს ეპისკოპოსის ტიტულს, მაშინ როცა იქვე წმ. იოანე სილენციარს ეპისკოპოსის ტიტულით იხსენიებს. ამასთანავე, რუბენს დუვალის გარდა, თეოდორე ედესელი არ იხსენიება ედესის ეპისკოპოსად არც The Journal of Sacred Literature and Biblical Record-ის მიერ გამოქვეყნებულ ედესის ქრონიკში [Cowper, 1864: 28-45]. ამგვარად, არსებობს წერილობითი დოკუმენტური წყარო და, მასთან ერთად, თეოდორეს საფლავი საბაწმინდის ლავრაში, რომელიც გვიდასტურებს ამ სახელის მქონე პიროვნების რელურობას, მაგრამ არც ერთი ისტორიული ცნობა თუ დოკუმენტი არ მოიხსენიებს მას ედესის ეპისკოპოსთა შორის. 

რომ შევაჯამოთ, თეოდორე აბუკურასა და თეოდორე ედესელის ურთიერთმიმართების საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი: „მიქაელ საბაწმინდელის წამების“ ჩვენამდე არმოღწეულ, ორიგინალურ ვერსიაში თეოდორე აბუკურას ნაცვლად საუბარი უნდა ყოფილიყო თეოდორე ედესელზე, რომელიც მოგვიანებით გაიგივდა თეოდორე აბუკურასთან, კონკრეტული პირის მიერ დაშვებული შეცდომის გამო. პიროვნება, რომელმაც შეცდომა დაუშვა, შესაძლოა, ყოფილიყო გადამწერი, მთარგმნელი, ან სულაც „მიქაელის წამების“ ავტორი. ამ შემთხვევაში სარწმუნოდ გვეჩვენება ჯონ ლამოროს დაშვება, რომ, შესაძლოა, „თეოდორე ედესელის ცხოვრების“ ტექსტი წარმოადგენდეს ბასილის მიერ გაკეთებულ კომპილაციას, რომელსაც, სავარაუდოდ, უნდა ჰქონოდა რაღაც ადრეული წყარო და რომ სწორედ ეს ადრეული წყარო იხსენიებდა თეოდორე საბაწმინდელს, ანუ იმავე თეოდორე ედესელს, რომელიც ბასილიმ თეოდორე აბუკურასთან გააიგივა [Lamoreaux, 2003: 32].[3] შესაბამისად, ჩვენ არ ვიზირებთ პ. პეეტერსის მოსაზრებას თეოდორე ედესელის ფიქციურობასთან დაკავშირებით, არ ვეთანხმებით ვარაუდს, რომ იგი მხოლოდ თეოდორე აბუკურას ლიტერატურული ალტერ ეგოა. მიგვაჩნია, რომ თეოდორე ედესელი რეალური პიროვნებაა – ბერი, რომელიც საბა განწმენდილის ლავრაში მოღვაწეობდა. 

ტრადიციული გადმოცემა თეოდორე აბუკურასა და იოანე დამასკელის – იდეური მოძღვრისა და იდეური მოწაფის – შესახებ, შესაძლოა, ეფუძნებოდეს თეოდორე საბაწმინდელისა და იოანე დამასკელის ერთ ლავრაში მოღვაწეობის ფაქტს. ხოლო თეოდორე აბუკურას დაკავშირება იოანე დამასკელის სახელთან, შესაძლოა, ამ ორი თეოდორეს ერთმანეთთან გაიგივების შემდეგ მომხდარიყო, რასაც ხელი შეუწყო „აბუკურას“ ცნობამ, რომლის შესავალშიც თეოდორე აბუკურა იხსენიება, როგორც საბაწმინდელი ბერი. თუმცა აქვე გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ვარაუდი სრულიად არ ეწინააღმდეგება იმ მეცნიერთა მოსაზრებებს, რომლებიც თეოდორე აბუკურას არაბულენოვან შრომებში იოანე დამასკელის მკაფიო გავლენას ხედავენ. ის, რომ თეოდორე აბუკურა იზიარებდა დამასკელის მოძღვრებასა და იდეებს, არასაკმარისი საბუთია იმის სამტკიცებლად, რომ მან თავისი ცხოვრების გარკვეული პერიოდი საბაწმინდის ლავრაში გაატარა. დავიმოწმებთ ნაჯიბ ჯორჯ ავადს: „საღვთისმეტყველო კავშირი, რომელიც აბუკურასა და იოანე დამასკელს შორის არსებობს, უმთავრესად დამყარებულია ინტელექტუალურ კავშირზე და არა გეოგრაფიულ თუ ისტორიულ მტკიცებულებებზე”[Awad, 2015: 7]. 

ვინაიდან თეოდორე ედესელი, როგორც ეპისკოპოსი, არ იხსენიება ედესის ეპისკოპოსთა შორის არცერთ დოკუმენტურ წყაროში, არცერთ ქრონიკაში და, ამასთან, მას არ იხსენიებს ეპისკოპოსის ტიტულით არც პილიგრიმი დანიელი, ჩვენ იმ მოსაზრების მართებულობას გვაფიქრებინებს, რომლის მიხედვითაც, თეოდორე ედესელი სინამდვილეში არასოდეს ყოფილა ედესის ეპისკოპოსი და მას ეს ტიტული ან ჰაგიოგრაფმა მიაწერა, ან ის მას მას შემდეგ მიეწერა, რაც იგი თეოდორე აბუკურასთან გაიგივდა. 

 „თეოდორე ედესელის ცხოვრების“ პერსონაჟის – ედესის ეპისკოპოს თეოდორე ედესელის – პროტოტიპი უნდა იყოს საბაწმინდის ლავრაში მცხოვრები ბერი თეოდორე ედესელი, იგივე თეოდორე საბაწმინდელი, რომელიც, სავარაუდოდ, ედესის ეპისკოპოსი არასოდეს ყოფილა.

უფრო სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს „აბუკურას“ ცნობა, რომელიც მიქაელს VII ს-ის მოწამედ მოიხსენიებს, ვიდრე – „თეოდორე ედესელის ცხოვრება”, რომელსაც, თხზულების მიხედვით, მისი ნათესავი და თანამედროვე ბასილი ემესელი გადმოსცემს და რომელშიც თეოდორე ედესელიცა და მიქაელ საბაწმინდელიც IX საუკუნის მოღვაწეებად არიან გამოყვანილნი.

_________________________________________________________________________________

[1] ჩვენთვის უცნობია აბუკურას დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი წლები, არ არის მოღწეული არცერთი წერილობითი წყარო, სადაც ეს თარიღები იქნებოდა დაცული, თუმცა ისტორიულმა დოკუმენტებმა შემოგვინახა ჩანაწერი, რომელიც აბუკურასა და ხალიფა ალ-მუმნის დებატს 829 წლით ათარიღებს.

[2] ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ . დათიაშვილს და . ინგოროყვას, თუმცა მათი ვერსიების განხილვა ჩვენი სტატიის ამჟამინდელ თემატიკას სცდება.

[3] არ აგვერიოსმიქაელის წამების ავტორი ბასილითეოდორე ედესელის ცხოვრების ავტორ ბასილი ემესელში.

 

ლიტერატურა

აბულაძე ი.
1967
ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი II (XI-XV სს.). თბილისი.
დათიაშვილი ლ.
1980
ტრაქტატები და დიალოგები. თეოდორე აბუკურა. თბილისი.
დათაშვილი ლ.
1973
„თეოდორე ედესელის ცხოვრება” და „აბუკურა”. ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის საკითხები, წიგნი V. თბილისი.
კეკელიძე კ.
1960
ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, VI.
კეკელიძე კ.
1918
ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები. კიმენი, ტომი I. ტფილისი.
ლოლაშვილი ივ.
1978
არსენ იყალთოელი (ცხოვრება და მოღვაწეობა). თბილისი.
Awad N. G.
2015
Orthodoxy in Arabic terms. A Study of Theodore Abu Qurrah’s Theology in its Islamic Context. Boston/Berlin. 2015.
Beazley, C. R.
1900
The Oldest Monument of Russian Travel. Transactions of the Royal Historical Society, New Series, Vol. 14. 1900.
Cowper, B. H.
1864
Selections from the Syriac. No. I. – The Chronicle of Edessa. The Journal of Sacred Literature and Biblical Record, vol. 5, 1864.
Duval, R.
1892
Histoire politique, religieuse et littéraire d'Édesse jusqu’a la première croisade. Paris,
Griffith S.
1993
Reflections on the Biography of Theodore Abu Qurrah. Parole de l’Orient. vol. 18,
Khitrowo, B.
1889
Vie et pèlerinage de Daniel, hégoumène ruffe (1106-1107). Itinéraires Russes en Orient, vol. I.1. Genève.
Lamoreaux C. J.
2005
Theodore Abu Qurrah. Library of the Christian East. Volume I. 2005.
Lamoreaux C. J.
2002
The Biography of Theodore Abu-Qurrah Revisited. Dumbarton Oaks Papers, No. 56.
Patrich, J.
2001
The Sabaite Heritage in the Orthodox Church from the Fifth Century to the Present. Orientalia Lovaniensia Analecta. Leuven, 2001.
Peeters, P.
1930
La Passion de S. Michel le Sabaïte. Analecta Bollandiana. T. 48,
Sahas, J. D.
1972
John of Damascus on Islam: The “Heresy of the Ishmaelites”. Leiden,
Φωκύλιδης, Ιω.
1911
Ο ΑΓΙΟΣ ΘΕΟΔΩΡΟΣ ΕΔΕΣΣΗΣ ΕΠΙΣΚΟΠΟΣ Ο ΣΑΒΑΙΤΗΣ ΚΑΙ Ο ΣΥΓΓΕΝΗΣ ΑΥΤΟΥ ΜΙΧΑΗΛ. Νέα Σιών: Εκκλησιαστικόν περιοδικόν σύγγραμμα, 1911 (3).