იდეოლოგიური ტექსტების ორგანიზება საბჭოთა საბავშვო მხატვრულ ლიტერატურაში

შესავალი

ჰომოსოვიეტიკუსი – თვისობრივად ახალი საბჭოთა ადამიანია, რომლის ფორმირებას საბჭოთა კავშირის იდენტობის პოლიტიკა საგანგებო მნიშვნელობას ანიჭებდა. ამ მიზნის მისაღწევად, სხვა საშუალებებთან ერთად, აქტიურად გამოიყენებოდა მხატვრული ლიტერატურაც. იდენტობის ჩამოყალიბების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტექსტები საბავშვო მხატვრულ ლიტერატურაში მოიპოვება, რადგან სწორედ ბავშვები წარმოადგენდნენ იდენტობის ფორმირებისთვის სამიზნე ჯგუფს. მოცემული სტატია შეეხება ამ იდეოლოგიური ჩანართების ორგანიზებას, როგორც ზეგავლენის ერთ-ერთ საშუალებას. განხილული ნაწარმოებები მიეკუთვნება 1939 – 1956 წლებს. აღნიშნული პერიოდი ასახავს იდეოლოგიურ ზეგავლენას როგორც უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ისე ომის შემდგომ, როდესაც უკვე ომის შესახებ მეხსიერების კონკრეტული ხატის ფორმირება დაიწყო. ომის შემდგომი პერიოდი შემოისაზღვრა არა 10, არამედ  – 11 წლით, რადგან 1956 წელს გამოიცა ა. რიბაკოვის „ბრინჯაოს ფრინველი“, რომელიც ამავე ავტორის ნაწარმოების - „დაშნის“- გაგრძელებას წარმოადგენს და კვლევისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. ასევე, სტატიაში განხილულია მხოლოდ რუსული საბჭოთა საბავშვო მხატვრული ნაწარმოებები, რადგან უპირველესად მათი საშუალებით აისახებოდა საბავშვო ლიტერატურის მიმართ საბჭოთა კავშირის ზეგავლენის ცენტრიდან წამოსული მოთხოვნები – საბჭოთა ღირებულებები, პრინციპები და ა. შ. ის, თუ რამდენად ექვემდებარებოდა და როგორ გამოხატავდა ქართული საბავშვო მხატვრული ლიტერატურა აღნიშნულ ზეგავლენას ცალკე კვლევის საგანია და მოცემულ სტატიაში არ განვიხილავთ.

საბჭოთა საბავშვო ლიტერატურა საფუძვლიანად არის შესწავლილი ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ფილოლოგიური, ლიტერატურათმცოდნეობის კუთხით. მონოგრაფიაში „სოციალისტური რეალიზმის თეორიული ისტორია (ქართული ლიტერატურის მაგალითზე) (ავტორები: ნ. გაფრინდაშვილი, მ. მირესაშვილი, ნ. წერეთელი) ამ საკითხს ცალკე თავი ეძღვნება – „სოცრეალისტური დისკურსი და ქართული საბავშვო ლიტერატურის თავისებურებანი“ (ავტორი ნ. გაფრინდაშვილი). თუმცა მოცემული სტატიის ფარგლებში საბჭოთა საბავშვო მხატვრული ლიტერატურა კულტურის კვლევების კუთხით არის განხილული. კვლევის აქტუალურობას განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ მომავალი თაობის იდენტობის ფორმირება ყოველი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. კვლევისას გამოყენებულია ნარატივის ანალიზის მეთოდი. სტრუქტურალიზმი, როგორც თეორიული ჩარჩო. 

  

ორგანიზების ტიპები

საბავშვო მხატვრული ნაწარმოებები განსხვავდება ერთმანეთისგან იდეოლოგიური მონაკვეთების რაოდენობითა და ზემოქმედების ინტენსიობით; თუკი ზოგიერთ ნაწარმოებში მხოლოდ მცირე ჩანართი/ჩანართებია, მეორე ავტორთან ამ სახის ტექსტური მონაკვეთები ნაწარმოების ძირითადი შინაარსისგან დამოუკიდებელ, პარალელურ ხაზს ავითარებენ. 

იდეოლოგიური ტექსტების ორგანიზების კუთხით, სამი ძირითადი ტიპი გამო-იყოფა. ნაწარმოების ეს მონაკვეთები განსხვავდებიან უშუალოდ ნაწარმოების შინაარსში ჩართულობის მხრივ: 1) იდეოლოგიური ტექსტი გვხვდება ჩანართების სახით: „ჩუკი და გეკი“(1939), „დ’არტანიანის დაშნა” (1955). 2) იდეოლოგიური, მკითხველზე ზეგავლენის მომხდენი ტექსტები თავად წარმოადგენს შინაარსს, გამოხატავს პერსონაჟის ხასიათს ან მოქმედების აზრობრივ გაგრძელებას: „თემური და მისი რაზმი“ (1941), „ვასიოკ ტრუბაჩოვი და მისი ამხანაგები“ (1947-1951), ტრილოგიის მეორე წიგნი 3) ზემოქმედებაზე მიმართული ტექსტი ნაწარმოების სიუჟეტიდან პირდაპირ არ გამომდინარეობს, იკვეთება ერთგვარი პარალელური ხაზი, რომელიც უშუალოდ შინაარსის განვითარებას ნაკლებად ან არ ემსახურება: „დაშნა“ (1948), „ბრინჯაოს ფრინველი“ (1956). 

პირველი შემთხვევა ყველაზე მარტივი და მკაფიოა. ა. გაიდარის „ჩუკი და გეკი“ ძმების ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც დედასთან ერთად მამის სანახავად ტაიგაში მიემგზავრებიან. იდეოლოგიური სახის ჩანართი ამ ნაწარმოებში რამდენჯერმე გვხვდება და უმთავრესად სამხედროების განდიდებასა და  რომანტიზებას ემსახურება. პირველი მაგალითი არის სამხედრო პირი, რომელიც ეხმარება მატარებელში დაკარგულ გეკს. მომდევნო განსაკუთრებული დატვირთვის მქონე მონაკვეთებია ჯავშან-მატარებლის, წითელარმიელებისა და იარაღის აღწერა. აქცენტირებულია მეთაური – ძმები მიიჩნევენ, რომ ის ვინმესთან(!) ომის დაწყების ბრძანებას ელოდება ვოროშილოვისგან. ამ ჩანართის მნიშვნელობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მეთაური კიდევ ორჯერ ჩნდება ნაწარმოებში: პირველად, გეკის  სიზმარში, მეორედ კი ნაწარმოების ბოლოს, როცა ახალი წლის დადგომას ზეიმობენ და კრემლის საათის ხმას უსმენენ. ხაზგასმულია, რომ ეს ხმა იმ მეთაურსაც ესმის, რომელიც კვლავ (ვინმესთან) ომის დაწყების ბრძანებას ელის. საყურადღებოა, რომ არ არის დაკონკრეტებული მტერი, მთავარია მუდმივად საბრძოლო მდგომარეობაში ყოფნა, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იქნება ეს „ვინმე“, აუცილებელია ზოგადად „მტრის ხატის“ არსებობა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამ ნაწარმოებში მკვეთრად იდეოლოგიური სახის მხოლოდ ოთხი ჩანართია.

იდეოლოგიური ტექსტების ორგანიზების ამავე ტიპს მიეკუთვნება „დ’არტანიანის დაშნა“ (ავტორი ა. პერფილიევა). იდეოლოგიური ტიპის ჩანართი ერთხელ გვხვდება და  ნახატს აღწერს: გათოშილ ფაშისტსა და დაჭრილ, მაგრამ დაუმარცხებელ წითელარმიელებს. ამ გზით შექმნილია კონტრასტი მთავარი პერსონაჟის გამოუვალ (მისი აზრით) მდგომარეობასა და ჯარისკაცების სულისკვეთებას შორის, რომელიც ნაწარმოების მთავარ გმირს სწორი მოქმედებისკენ უბიძგებს.

ტექსტების ორგანიზების მეორე ტიპი, როდესაც საკუთრივ შინაარსი გამოხატავს იდეოლოგიას, ზეგავლენის დამატებითი მეთოდების მხრივ უკვე ნაკლებად მკაფიო და თვალსაჩინოა. ამ დროს ის ტექსტური მონაკვეთები, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეიძლება მეთოდად მივიჩნიოთ, შინაარსის ან პერსონაჟის ხასიათის ლოგიკური გაგრძელება ხდება.  ამ ტიპის ტექსტების მაგალითია ა. გაიდარის „თემური და მისი რაზმი“. მოქმედება ვითარდება მეორე მსოფლიო ომის დროს. პიონერები ჩამოაყალიბებენ რაზმს თემურ გარაევის ხელმძღვანელობით. მთავარი საქმიანობა წითელარმიელთა ოჯახების ფარულად დახმარებაა, მათი სახლები კი წითელი ვარსკვლავით აქვთ მონიშნული. რაზმი სამხედრო ყაიდაზეა მოწყობილი – სპეციალური  სიგნალებითა და დაზვერვით. ჰყავთ „მტერი“ – კვაკინის დაჯგუფება, რომლის სადამსჯელო ოპერაციასაც ატარებენ. მთელი ნაწარმოები საომარი მდგომარეობის გარშემო ტრიალებს. შესაბამისად, ის მონაკვეთები, რომლებიც სხვა ნაწარმოებში ზეგავლენის მეთოდად ჩაითვლებოდა, ამ შემთხვევაში შინაარსის ორგანული ნაწილია. 

იდეოლოგიური ტექსტების ორგანიზების ამავე ტიპს მიეკუთვნება ვ.ოსეევას ტრილოგიის „ვასიოკ ტრუბაჩოვი და მისი ამხანაგები“ მეორე წიგნი. პირველი წიგნი, რომელიც ტექსტების ორგანიზების პირველ ტიპს მიეკუთვნება და, როგორც მცირე, (რამდენიმე წინადადება ან აბზაცი), ისე დიდი ზომის ჩანართებს შეიცავს, მთავრდება ფრაზით: „უკრაინა! უკრაინა! ეს იყო 1941 წლის ივნისი!“ [ოსეევა, 1961:214]. ნაწარმოების მეორე წიგნი უკვე უკრაინაში ომის დასაწყისსა და მის მიმდინარეობას აღწერს; ტრუბაჩოვის კლასი ბრძოლის ეპიცენტრში აღმოჩნდება, პიონერებს უწევთ უშუალოდ პარტიზანულ ბრძოლაში ჩართვა, რადგან სოფელი ფაშისტების მიერ არის დაპყრობილი. უკრაინელთა წინააღმდეგობა, ფაშისტების მოქმედება, პარტიზანული ცხოვრების აღწერა – ცხადია, ტრილოგიის ამ ნაწილში იდეოლოგიაზე მიმართული პარალელური ხაზებისა ან ცალკეული მონაკვეთების საჭიროება აღარ არის, რადგან უკვე საკუთრივ შინაარსი ასრულებს ამ ფუნქციას. შესაბამისად, მეორე წიგნი იდეოლოგიური ტექსტების ორგანიზების მეორე ტიპს მიეკუთვნება.

იდეოლოგიური ტექსტების ორგანიზების მესამე ტიპის მკაფიო მაგალითებია ა. რიბაკოვის  „დაშნა“ და „ბრინჯაოს ფრინველი“. ეს ნაწარმოებები იდეოლოგიური სახის მონაკვეთების სიმრავლით გამოირჩევა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მკითხველზე ზეგავლენის მომხდენი ტექსტები ძირითადად საკუთრივ სიუჟეტისგან დამოუკიდებელ, პარალელურ ხაზებს ქმნიან. „დაშნაში“ ძირითად ხაზს წარმოადგენს მეთვრამეტე საუკუნის დაშნის საიდუმლოს ამოხსნა, რისთვისაც აუცილებელია ქარქაში. ქარქაში კი თეთრგვარდიელ ნიკიტსკის აქვს. მაგრამ ნაწარმოები დაშნის საიდუმლოს გარდა ვრცლად აღწერს პიონერების ცხოვრებას, მათ ყოველდღიურობას, მათ შორის იდეოლოგიურ „თვალთახედვებს“. სწორედ ეს მონაკვეთები აყალიბებს სიუჟეტის პარალელურ ხაზს, რომელიც ბავშვისთვის საკმაოდ საინტერესო ცხოვრებას ასახავს. მაგალითად, ვოლგისპირეთის დასახმარებლად პიონერები დგამენ პიესას; მუშაობენ უპატრონო ბავშვებთან; აღწერილია ნორჩ პიონერთა რაზმი: ყუმბარებით დაცხრილული კუთხე (ოქტომბრის რევოლუციის დროს კადეტებს ებრძოდნენ), ბავშვების მიერ შეგროვებული მასრები, ალმები, პლაკატი წარწერით „ბავშვების ორგანიზაცია – კომუნარების აღზრდის საუკეთესო საშუალებაა. ლენინი“. 

ასევე მნიშვნელოვანი მონაკვეთია კამათი პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით, რომელიც მთელს თავს მოიცავს და აპირისპირებს ორ საქმიანობას  – მუსიკოსისას, როგორც ზოგადად ხელოვანისას და მუშისას. ჯერ ბავშვები: გენკა და სლავკა კამათობენ.

„– კომკავშირის ამოცანა – კომუნიზმის მშენებლობააო – აი, რა თქვა. ხომ ასე იყო?  

– ჰო, მასე იყო, მაგრამ მუსიკა რა შუაშია?

– როგორ თუ რა შუაშია? ყველა რომ მშენებლობაში იქნება გართული, შენ ამ დროს როიალზე პარტყუნს დაიწყებ?“ [რიბაკოვი, 1962:224].  კამათს სლავას მამაც უერთდება და მიიჩნევს, რომ შვილს ნამდვილი სპეციალობა – ხელობა – უნდა ჰქონდეს, რადგან ხელოვნება „ხელობაა, ოღონდ ცოტა ისეთი... ჰაეროვანი“ [რიბაკოვი, 1962:227]. კამათი მიშა პოლიაკოვის სიტყვით სრულდება, რომელიც კონკრეტული ადამიანის ინტერესზე მაღლა სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესს აყენებს: „მაშასადამე, იგი შევა უმაღლეს სასწავლებელში,  გახდება ინჟინერი, მერე ამ საქმეს თავს დაანებებს და მუსიკოსობას დაიწყებს. მაშ რაღად ისწავლა? რისთვის დახარჯა სახელმწიფომ სახსრები? მის მაგივრად ვინმე სხვა ისწავლიდა“ [რიბაკოვი, 1962:227]. როგორც ვხედავთ, მოცემული მონაკვეთები მკვეთრად იდეოლოგიური ხასიათისაა და დაშნის საიდუმლოს არ ეხება.

პარალელური ხაზი კიდევ უფრო თვალნათლივია „ბრინჯაოს ფრინველში“, რომლის ძირითადი შინაარსი ბრინჯაოს არწივის საიდუმლოს ამოხსნა და განძის პოვნაა. თუმცა ნაწარმოების მთელი სამი თავი ეთმობა თვითდახასიათებებს: „თვითდახასიათება – ეს თვითგანსჯაა. თვითეული კომკავშირელის შესახებ მსჯელობენ უჯრედის საერთო კრებაზე. ვისაც უნდა გამოვა და რასაც უნდა იმას იტყვის ამა თუ იმ კომკავშირელის შესახებ“ [რიბაკოვი, 1962:388]. ამ სამ თავს საკუთრივ სიუჟეტის განვითარებასთან კავშირი არ აქვს, თუმცა მკაფიოდ ასახავს, თუ როგორი უნდა იყოს კომკავშირელი. ასევე, გამოკვეთილია ის პიროვნული თვისებები, რომლებიც არ უნდა ახასიათებდეს კომკავშირელს. პირველ რიგში, ინდივიდუალიზმი: „ამას ესეროვშჩინის სუნი უდის, – წარმოთქვა მიშამ, – ერთგვარი წვრილბურჟუაზიული ინდივიდუალიზმის“  [რიბაკოვი, 1962:394]. „მაშასადამე, ჟინი ახლობლებზე ძვირფასია. მაშასადამე, პირადი ინტერესები საზოგადოებრივზე მაღლაა დაყენებული. ამას ეგოიზმი ჰქვია. ეგოიზმი კი ბურჟუაზიული იდეოლოგიის ყველაზე საზიზღარი თვისებაა“ [რიბაკოვი, 1962:394]. მეორე – კოლექტივისგან განცალკევება: „მე მოველოდი, რომ იტყოდა „რასაკვირველია, საჭიროა, მე რითი განვსხვავდები სხვებისგანო?“ მაგრამ ამის მაგივრად, მიშამ განაცხადა: “დაე, ბავშვებმა გადაწყვიტონ“. ასეთი პასუხით მიშამ საკუთარი თავი განსაკუთრებულ მდგომარეობაში ჩააყენა. თავისი პერსონა კოლექტივიდან გამოაცალკევა. ეს ქედმაღლობაა“ [რიბაკოვი, 1962: 398]. ამის შემდეგ განხილულია პროლეტარული და ინტელიგენტური თვისებები, მათი ურთიერთმიმართება და კავშირი ბურჟუაზიულ ფსიქოლოგიასთან. ის, თუ კონკრეტულად რა იგულისხმება ინტელიგენტურ და პროლეტარულ თვისებებში, სერიოზული მსჯელობის თემა ხდება: „პროლეტარიატის შეგნება ერთია, ბურჟუაზიისა – მეორე. ინტელიგენცია – შუა ფენაა და იგი მერყევია“ [რიბაკოვი, 1962:396]. ამის შემდეგ საკითხს მთავარი პერსონაჟი ვრცლად და დეტალურად განიხილავს.

როგორც ვხედავთ, განხილული თემები განძის ძიებასა და ბრინჯაოს ფრინველის საიდუმლოს ამოხსნას, რაც ნაწარმოების ძირითად შინაარსს წარმოადგენს, სრულიად არ შეესაბამება. მოცემულია ამ შინაარსისგან დამოუკიდებელი პარალელური ხაზი, რომელიც კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მკითხველისთვის (ბავშვისთვის) მისაბაძი ადამიანის ჩამოყალიბების პროცესთან, რომლის თვისებები და მახასიათებლები კონკრეტული კულტურისა და საზოგადოებისთვის ღირებული და სანიმუშოა. ეს პროცესი გ. ჰოფსტედეს კულტურული განსხვავებების აღმნიშვნელი ცნებებიდან ერთ-ერთს – გმირებს – მოგვაგონებს (ჰოფსტედე, 2011:16). მოყვანილი ციტატებიდან გამომდინარე კი აშკარაა მისაბაძი და სანიმუშო პიონერის სახის, გმირის შექმნის მცდელობა.  


დასკვნა

კვლევამ იდეოლოგიური ტექსტების ორგანიზების სამი ძირითადი ტიპი გამოკვეთა. ავტორის მიზანი და ნაწარმოების შინაარსი განსაზღვრავს ორგანიზების ტიპს. პირველი ტიპი, როდესაც იდეოლოგიური ტექსტი გვხვდება ჩანართების სახით, ავტორისთვის ყველაზე მოქნილად შეიძლება მივიჩნიოთ. ჩანართების საშუალებით შესაძლებელია როგორც სერიოზული იდეოლოგიური ზეგავლენის მქონე მონაკვეთების შექმნა, ისე მცირე, სავალდებულო ჩანართით შემოფარგვლა.  მეორე ტიპი ყველაზე მკვეთრი და სწორხაზოვანია, რადგან საკუთრივ შინაარსი მოიცავს იდეოლოგიურ ზეგავლენას. რაც შეეხება მესამე ტიპს, როდესაც იკვეთება ნაწარმოების ძირითადი შინაარსიდან დამოუკიდებელი პარალელური ხაზი, თავად ამ ხაზის ინტენსიურობა ავტორის მიზანზეა დამოკიდებული.  

შეჯამების სახით გვინდა ვთქვათ, რომ, ჩვენი აზრით, სტატიამ ასახა საბავშვო მხატვრულ ნაწარმოებებში იდეოლოგიური ტექსტების ორგანიზების, როგორც მეთოდის, მნიშვნელობა. 


ლიტერატურა

გაფრინდაშვილი, ნ. მირესაშვილი, მ. წერეთელი, ნ.
2010
სოციალისტური რეალიზმის თეორიული ისტორია (ქართული ლიტერატურის მაგალითზე). „ნეკერი“. თბილისი.
პერფილიევა, ა.
1961
დარტანიანის დაშნა. „ნაკადული“. თბილისი.
რიბაკოვი, ა.
1962
დაშნა; ბრინჯაოს ფრინველი. „ნაკადული“. თბილისი.
ჰოფსტედე გ. ჰოფსტედე გ.ი.
2011
კულტურები და ორგანიზაციები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი.
Гайдар, А.
1947
Избранное. «Советский писатель». Москва.
Осеева, В.
1961
Васёк Трубачёв и его товарищи. «Детгиз». Москва.