ეთნოსთა თანაცხოვრების საკითხები ქართულ პუბლიცისტიკაში XIX საუკუნის დასასრული - XX საუკუნის დასაწყისი

ეთნიკურ უმცირესობათა თანაცხოვრება და სამოქალაქო ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.  მას ისტორიულადაც ფუნდამენტური მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოში ეთნოსთა განსახლება მრავალ ფაქტორსა და მოვლენასთანაა   დაკავშირებული. ახალ გარემოში ავთენტიკურ მოსახლეობასთან უკონფლიქტო თანაცხოვრებასთან ერთად უმნიშვნელოვანესია უცხო ეთნოსთა თვითმყოფადობის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნება-დაცვა, მათი მშობლიური კულტურის ქართულთან შეთავსება  თუ  ადგილობრივი კულტურის შეთვისება, ასევე პოლიტიკურ ფორმაციათა ცვლილების ფონზე სახელმწიფოს მიერ თნიკური უმცირესობების კულტურათა მხარდაჭერა. ამგვარი ე. წ. ეთნოპოლიტიკა  სხვადასხვა  დროს  გარკვეულად იცვლებოდა და ვითარდებოდა, თუმცა არსებითად უცვლელი რჩებოდა როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოებისა და მისი პროგრესული ნაწილის ტოლერანტული დამოკიდებულება საქართველოში არსებული მულტიკულტურული  რეალობის მიმართ. ამ თვალსაზრისით ამჯერად ჩვენთვის საინტერესოა XIX–XX საუკუნეების ქართული პუბლისციტიკის რამდენიმე  ნიმუში, რომლებშიც კარგად ჩანს ავტორთა სწორედ ამგვარი პოზიცია. ჩვენ მიერ სანიმუშოდ  შერჩეული ეს პუბლიკაცია იმითაცაა საგულისხმო, რომ მათში  აისახა  იმ დროის საქართველოში ეთნოსთა თანაცხოვრებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემებიც და მათი გადაჭრისადმი ავტორთა პატრიოტულ-სახელმწიფოებრივი მიდგომა. ეს კი, უპირველესად, გამოიხატა იმით, რომ მათ კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ეთნიკურ უმცირესობათა მშვიდობიანი თანაცხოვრების მნიშვნელობა ქვეყნის სტაბილური განვითარებისათვის. უფრო მეტიც, ერთ წერილში, რომელსაც  ქვემოთ გავეცნობით, კავკასიის ხალხთა სოლიდარობის აუცილებლობაზეცაა ხაზგასმით საუბარი. საყურადღებოა აგრეთვე  პუბლიცისტების მიერ გაკეთებული აქცენტები ეთნიკურ უმცირესობათა კულტურულ-ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და, იმავდროულად,  სოციალურ-სამოქალაქო ინტეგრაციის აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამ მხრივ საგულისხმოა ილია ჭავჭავაძის  ერთი წერილი, რომელშიც იგი გვაცნობს თავის დაკვირვებებს თათრის (მაშინდელი ტერმინ-განსაზღვრით), ანუ დღევანდელი  აზერბაიჯანელის შესახებ.  წერილში იგი მკითხველს  უზიარებს თავის  წარმოდგენას ე. წ.  ჩვენებურ თათარზე [ჭავჭავაძე, 1897 : 1]. ამგვარი განსაზღვრებით მან მიანიშნა არა მხოლოდ ამ ეთნოსის განსახლების გეოგრაფიულ ლოკალზე, არამედ მისდაუნებურად  გააცხადა რეალობა: ქართულ გარემოში დამკვიდრებული უცხოტომელი მკვიდრ მოსახლეობასთან არაანტაგონისტური დამოკიდებულების გამო თათრის ახალ ტიპად - ჩვენებურად ჩამოყალიბდა, რაც მათი უკონფლიქტო თანაცხოვრებითაც იყო განპირობებული. მიუხედავად ამისა, ილიას არ გამორჩენია და მისი დაკვირვების საგნად ქცეულა თათრის ეთნოტიპი - მისი გამორჩეულობა-განსხვავება:  „...ჩვენებური თათარი უფრო ეული კაცია, ვიდრე ფეხ-მოკიდებული მკვიდრი ბინადარი [ჭავჭავაძე, 1897:1]. ავტორს მხედველობაში აქვს თათრისთვის ისტორიულად სახასიათო მომთაბარული ცხოვრება. იგი ამ ეთნოსის თვისებებსა და ყოფის თავისებურებათა შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზეც საუბრობს: „ეს ეულობა, ბინა-მოუკიდებლობა, ეს თითქმის ბოგანად სიარული, რა თქმა უნდა, ვერ გამოუნასკვავს ადამიანის იმისთანა ხასიათს, რომ დამჯდარი, დადგრომილი და მუდმივი მუშა-კაცი გამოვიდეს“ [ჭავჭავაძე, 1897 :1]. ილიას აზრით,  სწორედ თათრის მიდრეკილება მომთაბარე ცხოვრებისადმი განაპირობებს მისი  შრომისუნარიანობის არამდგრად ხასიათს.  იგი მისი თვითდაცვის ერთგვარ ინსტინქტზეც ჩერდება და ხაზს უსვამს, რომ ამ არაქართველ ეთნოსს კარგად აქვს გასიგრძეგანებული „უცხო“ გარემოში ცხოვრებისას ეთნოსშიდა ერთობის, ერთმანეთის გატანის აუცილებლობა.  ამიტომ მათ,  ილიას დაკვირვებით,  ერთიმეორის სიყვარული და გატანა იციან  მაშინაც კი, როცა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას სჩადიან [ჭავჭავაძე, 1897 : 1]. ილიასათვის მეტად საჭირბოროტო იყო ამ  ეთნოსის ნაკლებ ინტეგრირება ქართულ გარემოში. იგი,  ერთი შეხედვით, შეეცადა, გაერკვია, თუ როგორია „ჩვენებური თათრის“  არსებითი  თავისებურებანი.  თუმცა  მან, იმავდროულად, მისთვის ჩვეული შორსმჭვრეტელობით („კერძო პირის“ ან მოვლენის „საზოგადო ჭირად“  წარმოდგენით) განაზოგადა  და წარმოაჩინა ისინი  როგორც ქართველ სამოქალაქო საზოგადოებაში ამ არაქართველი ეთნოსის ნაკლები ინტეგრირების  არასასურველი და ერის ინტერესების საზიანო რეალობა. ამდენად, ილიას ეს წერილი  არაა  ვიწრო ეთნოლოგიური ხასიათის, არამედ  იგი მასში ზოგადად შეეხო უცხო ეთნოსთა  სამოქალაქო ინტეგრირების ანუ, სხვანაირად, ქვეყნის სტაბილურობისთვის  სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (დღესაც არანაკლებ აქტუალურს) მქონე  პრობლემასაც.

ილიას სახელმწიფოებრივ-ეროვნული შეგნების დემონსტრირებაა მეორე პუბლიცისტური წერილიც, რომელშიც იგი ეხება საქართველოს ისტორიის ერთ ტრაგიკულ  ფურცელს. როგორც ცნობილია, აჭარა XVII საუკუნიდან გახდა ოსმალოს იმპერიის პოლიტიკური და რელიგიური ექსპანსიის ობიექტი, რამაც მკვიდრი მოსახლეობის აღმსარებლობითი ორიენტაციის ძალდატანებითი შეცვლა გამოიწვია. მხოლოდ 1877-78 წლებში ქართველთა თანამონაწილეობით  რუსეთ-თურქეთის ომების შედეგად მოხერხდა ჯერ აჭარა-ქობულეთის ტერიტორიის,  შემდეგ კი ბათუმის დაბრუნება დედასამშობლოში. მიუხედავად ამისა, პრობლემური რჩებოდა ეთნიკურად ქართველი, მაგრამ აღმსარებლობით მაჰმადიანი მოსახლეობის ინტეგრაციის საკითხი. სწორედ მის მოგვარებას ისახავდა მიზნად  ილია ჭავჭავაძის თაოსნობით 1905 წლის 10 ივნისს  დაარსებულ საადგილმამულო ბანკში  გამაჰმადიანებული ქართველებისა და ადგილობრივების გაერთიანებული კრების მოწვევა. ილიას, როგორც ამ კრების თავმჯდომარეს, საჭიროდ ჩაუთვლია საზოგადოებისთვის „ივერიის“ მეშვეობით ეცნობებინა  კრებისა და მისი დღის წესრიგის შესახებ [ჭავჭავაძე,1905:1]. ნიშანდობლივია ისიც, რომ ქართველი მაჰმადიანების ინტერესებს ამ კრებაზე წარმოადგენდა მაჰმადიანი, მაგრამ სულით ხორცამდე ეროვნული ორიენტაციის მქონე მემედ აბაშიძე, რომელიც საგანგებოდ კრების თავმჯდომარის – ილიას ამხანაგადაც დაადგინეს. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ 1905 წელი რუსეთის იმპერიაში რევოლუციური გამოსვლების წელი იყო, რაც  იმპერიაში  შემავალი ხალხების  თვითგამორკვევისა და ავტონომიის საკითხს აქტუალურს ხდიდა. როგორც ირკვევა, კრება ამ საკითხსაც შეეხო. კრების მონაწილეთა აზრით, მკვეთრად არის გამიჯნული „ქართველთა“ და მაჰმადიანთა პეტიციებში გამოთქმული სურვილები და მისწრაფებები, მაგრამ  განსხვავება ხელს არ შეუშლის შეერთებასა და სოლიდარობას, თუ მაჰმადიანებიც ტერიტორიულ-ეროვნული ავტონომიის ნიადაგზე დადგებიან და ჩვენსავით ავტონომიას მოითხოვენ“ [ჭავჭავაძე,1905:1]. როგორც წერილიდან ჩანს,  ამ საკითხებთან მიმართებით  პოლემიკა და ბჭობა მიმდინარეობდა. ილია წერს: „ამიერკავკასიის ყოველ ეროვნებას უნდა მიეცეს თვითგამორკვევის სრული თავისუფლება. „ქართველები“ მოვალენი იქნებიან მოითხოვონ, რომ ეს უფლება მაჰმადიანებსაც მიეცეს, მაჰმადიანები კიდევ ასეთსავე უფლებას მოითხოვენქართველებისათვის“, ხოლო თავის შინაურ საქმეების მოწყობაში თითოეული ერი თავისუფალი უნდა იყოს...“  [ჭავჭავაძე,1905 : 1]. ამ სტატიიდან ჩანს, რომ ე. წ. სამაჰმადიანო  საქართველოს – აჭარის  მოსახლეობის წარმომადგენელთა შორის იმ დროს უკვე არსებობდა თვითგამორკვევის პრინციპზე დაფუძნებული ავტონომიის სურვილი და მოთხოვნაც.  მემედ აბაშიძის მიერ წარმოთქმული  ეროვნული სულისკვეთების სიტყვიდან ჩანს, რომ, იგი, ისტორიული რეალობის გამო, იძულებით გამაჰმადიანებული ქართველებისა და ქრისტიანი ქართველების ერთიანობას, ერთსისხლხორცობას უსვამს ხაზს, რელიგიური განსხვავების მიუხედავად: ჩვენ თუმცა სარწმუნოებით მაჰმადიანები ვართ და, მაშასადამე, ამ მხრივ სხვა მაჰმადიანებთან კავშირი გვაქვს, მაგრამ ეროვნებით ქართველები ვართ, ქართული სისხლი გვიდუღს, სულითა და გულით ქართველები ვართ და ამიტომ ჩვენში ვერას დროს ვერ მოიკიდებს ფეხს იმგვარი ქადაგება, რომელსაც მიზნად ექნება, ჩვენ ჩვენს ძმებს, – ქრისტიან ქართველებს, – გადაგვკიდოს და ჩვენსა და მათ შორის მტრობა გააჩაღოს .......ვიმეორებ, ჩვენ დაკავშირებული ვართ  თათრებთან (აქ თურქებთან-ი.ს.) სარწმუნოებით დაქართველებთან“ეროვნებით[ჭავჭავაძე,1905:1]. საზოგადოება მემედ აბაშიძის სიტყვას ვაშას ძახილითა და ხანგრძლივი ტაშით მიეგება. დროის იმ მონაკვეთში, როგორც ვთქვით, რუსეთის იმპერიაში შეიქმნა სასურველი ვითარება ერთა თვითგამორკვევა-ავტონომიისათვის, თუმცა, მეორე მხრივ,  შესაძლებელი გახადა, რომ   მაჰმადიან ქართველებს  მოეთხოვათ  ავტონომია, რაც ეგზომ სახიფათო იქნებოდა სახელწიფოს ერთიანობისთვის. ამ კრებაზე გამოიკვეთა ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის ტოლერანტული პლატფორმაც, რომელიც საქართველოში მცხოვრები თითოეული ეთნოსის უფლებების დაცვასა და თავისუფლებას ითვალისწინებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ კრებაზე აქტუალობა თვითგამორკვევის   მოწინავე იდეისა,  რაც, კრების მონაწილეთა აზრით,  თითოეულ  ეთნიკურ  ჯგუფს  საკუთარი მრწამსის, ეროვნული იდენტობის გამოვლენისა თუ თვითრეალიზების   შესაძლებლობას მისცემდა.  კრებამ დაასკვნა:  კავკასიის კულტურული წინსვლა და საზოგადოებრივ წეს-წყობილების შეცვლა, განახლებულ ცხოვრების მოთხოვნილებათა თანახმად, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ეროვნებათა შორის სრული სოლიდარობა იქნება დამყარებული…...“ [ჭავჭავაძე,1905:3]. ეს ფრიად მოწინავე და პროგრესული აზრი კავკასიის ხალხთა ერთიანობისა  ამ კრების ძირითად ლაიტმოტივად იქცა. ამიტომ ი.  ჭავჭავაძის, მამედ  აბაშიძისა და სხვათა თაოსნობითა და მონაწილეობით მოწყობილი ეს კრება თავისი შინაარსითა და მიზნით ისტორიული მნიშვნელობისაა. აქ  მკვეთრად გამოიხატა XX საუკუნეში ქვეყნისთვის სასურველი სტრატეგიული კურსი – ტოლერანტული გარემოს შექმნის აუცილებლობა ერებს შორის ჰარმონიული თანაცხოვრებისა და არსებული პრობლემების მშვიდობიანი მოგვარებისთვის.   

საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ყოფისთვის,  მხოლოდ ერთი შეხედვით, უმნიშვნელო,  სინამდვილეში კი,  სახასიათოსა  და მნიშვნელოვან  ფაქტს  აშუქებს  აკაკი წერეთელი თავის ერთ წერილში. საქმე ეხება 1879 წლის 14 სექტემბერს ტფილისში გამართულ ერთ სომხურ წარმოდგენასა და აკაკი წერეთლის შთაბეჭდილებას, რასაც იგი უზიარებს მკითხველს გაზეთ „დროების“ ფურცლებიდან.  აქვე ალბათ უნდა გავიხსენოთ  და აღვნიშნოთ, რომ  ამ წერილის დაწერის დროისათვის ტფილისში სომხებს, სხვა ეთნოსთა მსგავსად, ჰქონიათ მშობლიურ ენაზე წარმოდგენის გამართვის უფლებაც და საშუალებაც.  ეს  კი ცხადყოფს ქართველებთან  მათი თანაცხოვრებისა და, ამასთან, კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების შესაძლებლობას. რაც შეეხება აკაკის საგაზეთო წერილს, იგი მასში შედარებით ვრცლად  აღწერს სპექტაკლის მსვლელობასა და გადმოგვცემს ამ ისტორიული პიესის შინაარსს. პიესა შეეხებოდა IV საუკუნის სომხეთის მეფე არშაკ II–ის  ცხოვრებას, რომლის წინაშე იდგა ურთულესი პრობლემა რომისა თუ სპარსეთის პროტექტორატის არჩევისა. სომხეთის  ამ ცნობილი მეფის ცხოვრების  ამსახავ  სპექტაკლს დამსწრე საზოგადოება არ აკლდა, რადგან ის გადმოსცემდა ყველა სომხისთვის სათაყვანო მეფის ტრაგიკულ ისტორიას და აღვივებდა პატრიოტულ გრძნობებს [წერეთელი, 1879: 1].  წერილიდან ჩანს, რომ წარმოდგენას სომხებისა (არღუთაშვილები, ბებუთაშვილები... გორელი და სხვა ქართლელი სომხები...) და  მის გარდა  სხვა ქართველებიც ესწრებოდნენ. ჩვენთვის საინტერესო და საგულისხმო უფრო მეტად  აკაკის ერთი შენიშვნაა, რომლის ციტირებასაც ვახდენთ. აკაკის სომხური ნაკლებად ესმოდა და თავის გვერდზე მსხდომთ სთხოვა დახმარება: „მაგრამ ისინიც ჩემს მდგომარეობაში ბრძანდებოდნენ: პუბლიკის სამ-წილს არა ესმოდა-რა....“ [წერეთელი, 1879:1]. ცხადია, რომ გაზეთ „დროებაში“ ამ სომხური წარმოდგენის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება აკაკის საჭიროდ მიუჩნევია არა იმდენად იმისთვის, რომ წარმოდგენის შინაარსი და თავისი შთაბეჭდილება  გაეზიარებინა მკითხველისათვის, არამედ, უპირველესად, იმისთვის, რომ  სომეხი „პუბლიკის“  უმეტესობის მიერ მშობლიური ენის უცოდინრობისთვის გაესვა ხაზი და, რაც ასევე მნიშვნელოვანია,  მასში დაენახა არა მხოლოდ ენობრივი, არამედ ამ დიდი წარსულის მქონე ერის სრული ასიმილირების საშიშროების ტენდენცია. მართალია, წერილში  აკაკი არ იძლევა ამ კერძო შემთხვევის ღრმა ანალიზს, მაგრამ ცხადი ხდება, რომ, „თერგდალეული“ ილიას მსგავსად, აკაკისაც  ესმოდა, რომ საზოგადო ხასიათის „საჭირბოროტო“ მოვლენა, უწინარესად, ცალკეულ კერძო ფაქტში აისახება და მისი განზოგადება და შეფასება  საზოგადოების ინტერესებს პასუხობს. „დროების“ ეს პუბლიკაციაც აკაკი წერეთლის ამგვარი პროგრესული შეხედულების  გამოხატულებად მივიჩნიეთ.

აკაკის უფროსი თანამოკალმის,  კონსერვატორი, უფრო ზუსტად,  როგორც მათ მოიხსენიებენ, მამათა თაობის წარმომადგენლის ყურადღებაც მიუპყრია ეთნიკურ  უმცირესობებთან დაკავშირებულ ერთ საკითხს.  მხედველობაში მაქვს  გრ. ორბელიანის  1865 წლის 9 აგვისტოს კოჯრიდან გაგზავნილი წერილი, რომელიც ე.წ.  ნალოღების,  ანუ გადასახადების თემას ეხება [გიგაშვილი , ნინიძე, 2018: 53-57].  მისი ადრესატია რუსეთის  იმპერატორი ალექსანდრე II. როგორც ცნობილია,  გრ. ორბელიანი  ანებებს რა თავს სამხედრო მოღვაწეობას, თბილისში კავკასიის მეფისნაცვალ ალექსანდრე  ბარიატინსკისთან (1856-1862) გადმოჰყავთ, ერთი წლის შემდეგ კი  მეფისნაცვლის  საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება. ცოტა ხნით     მეფისნაცვლის  მოვალეობასაც ასრულებდა. სწორედ ამ დროს,  1865 წლის ივნისში, დედაქალაქში იფეთქა  ამქრების, წვრილი ხელოსნებისა და ვაჭრების ამბოხებამ.ღელვარების მიზეზი იყო გადასახადების გაორმაგება.  აღშფოთებულმა ხალხმა პროტესტის ნიშნად  დაარბია ქალაქის თავის ბინა, მოკლა გადასახადების ამკრები მელიქოვი. აჯანყებულთა წინააღმდეგ მთავრობამ ჯარი გამოიყვანა და მღელვარება სისხლში  ჩაახშო. ამ სამწუხარო ფაქტის გახსენების გარეშე გაუგებარი იქნებოდა იმპერატორისადმი გრ. ორბელიანის  მიწერილი წერილის შინაარსი და პათოსი. ირკვევა, რომ გადასახადების გაზრდა   ნებისმიერ ფასად“ და „ყოველგვარი გადავადების გარეშე“, როგორც აღნიშნულია ორბელიანის ოფიციალურ წერილში, იმპერატორის ნება-განკარგულება  ყოფილა, რასაც მოჰყვა კიდეც ზემოთ აღწერილი სავალალო შედეგი. გრ. ორბელიანის წერილიდან ჩანს, რომ იმპერიის მმართველობაში შექმნილა შთაბეჭდილება, რომ ამ ბუნტს არა სოციალური, არამედ პოლიტიკური სარჩული ედო.  გრ. ორბელიანი ცდილობს, დაუსაბუთოს იმპერატორს ამ შეფასების სიმცდარე და მისი გულმოწყალების იმედად სთხოვს, ხალხს გადაუვადოს გაზრდილი გადასახადების გადახდის ვალდებულება. საგულისხმო აქ არის ის, რომ აბუნტებულ ხელოსან-ვაჭართა უმრავლესობა სომეხი ეროვნებისა იყო, რის გამოც ამ ეთნოსის წარმომადგენლები ნეგატიურად შეფასდა. ამიტომ გრ. ორბელიანი, როგორც ხალხის  დამცველი და შემწე, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, იმპერატორს უხსნის: „ქართველი სომხები გულწრფელესად ერთგულნი არიან ხელისუფლებისა: 65 წელიწადი ამის საუკეთესო მტკიცებულებაა“ [გიგაშვილი , ნინიძე, 2018: 53-57]. საყურადღებოა განსაზღვრება – „ქართველი სომხები“, ილია ჭავჭავაძისეული „ჩვენებური თათრის“ მსგავსად, რაც ორივე მწერლის ერთნაირ ჰუმანურ დამოკიდებულებაზე მეტყველებს ქართულ გარემოში მცხოვრებ არაქართველ  თანამოქალაქეთა მიმართ. ამ წერილთან დაკავშირებით უნდა ითქვას ისიც, რომ მასში ცხადლივ გამოჩნდა სომხური ეთნოსის წარმომადგენელთა აქტიური სამოქალაქო პოზიცია, როცა საკითხი მათი უფლებების შელახვას ეხებოდა.

სომეხ და ქართველ მოღვაწეთა ურთიერთობის თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა ჰოვანეს ტერ-გრიგორიანცის წერილი-მოგონება. თავდაპირველად, ის გამოქვეყნდა „მშაკში“ („მუშა“) მისი დამაარსებლის – გრიგოლ არწრუნის გარდაცვალების ოცდახუთი წლისთავზე (1917 წლის  28 დეკემბერს). სომხურიდან სტატია თარგმნა და მოგვიანებით, 1918 წელს,  გამოაქვეყნა აკაკი შანიძემ. ავტორი საუბრობს იმაზე, რომ სომეხ მოღვაწეებს მჭიდრო კავშირი ჰქონიათ ქართველ მწერლებთან,  საზოგადო მოღვაწეებთან. როგორც ცნობილია, სომეხი ეთნოსის დამკვიდრება საქართველოში  საუკუნეებს ითვლის. სამოქალაქო სივრცეში მათი ინტეგრირება და, ამავე დროს, სწრაფვა და სურვილი ეროვნულ-კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა განსაკუთრებით მძაფრდება XIX საუკუნეში. ამ მისწრაფების დემონსტრირების  ერთ-ერთი საშუალება იყო კულტურულ, კერძოდ, სარედაქციო  სფეროში საქმიანობა, რომელიც  ჩვენში  ხელმისაწვდომი ხდება  სწორედ ამ დროიდან. ცხადია, ეს არ ეხება მხოლოდ სომეხ ეთნოსს, თუმცა ამჯერად მხოლოდ სომეხთა და ქართველთა ურთიერთობის ერთ ფაქტს გავიხსენებთ -  ქართველთა დახმარებას სომხებისადმი,   რათა მათ  შეძლონ თბილისში სომხურენოვანი გაზეთის გამოცემა. ამ პროცესის მონაწილე გრიგორიანცი წერს, რომ უშუალოდ ქართულენოვან გაზეთ ,,დროების“ რედაქტორ სერგეი მესხის სტუმართმოყვარე ოჯახში თავად რედაქტორსა და  გაზეთის  ქართველ მუშაკებთან კონსულტაციის შედეგად მომზადდა 1872 წლის იანვრიდან გამოსაცემ სომხურენოვან გაზეთ „მშაკის“ პროგრამა [ტერ-გრიგორიანცი, 1918: 2].  იქ იკრიბებოდნენ და  ამ საკითხზე ბჭობდნენ  სერგეი მესხი, კ. ლორთქიფანიძე, გიორგი წერეთელი, სტეფანე მელიქიშვილი (დიასახლისის ძმა), გრიგოლ არწრუნი, გ. სუნდუკიანი, სტ. პალასანიანი, გ. ჩიმიშკიანი, მ. ამერიკიანი, პოღოს იზმაილიანი (შემდეგ ტფილისის ქალაქის თავი) და მრავალი სხვ. გრიგორიანცი ხაზგასმით აღნიშნავს:  „როცა პროგრამა უკვე მზად იყო, სერგეი მესხმა ერთი ძლიერი და ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა კავკასიელთა სოლიდარობის შესახებ, რომელსაც ისეთივე მხურვალე სიტყვებით უპასუხეს გ. არწრუნმა და პ. იზმაილოვმა.  ასე და ამგვარად ამ სტუმართმოყვარე ინტელიგენტ ოჯახში შემუშავდა საბოლოოდ „მშაკის“ პროგრამა და პირველად ჩაეყარა საფუძველი კავკასიაში მცხოვრებერთა სოლიდარობას“ [ტერ-გრიგორიანცი,1918: 3]. როგორც საზოგადოდ ცნობილია და როგორც ამ ვრცელი ამონარიდიდანაც ჩანს, ქართველი და სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლებს ყოველთვის ჰქონდათ ურთიერთთანამშრომლური და ურთიერთპატივისცემითი დამოკიდებულება, რაც ტერ-გრიგორიანცის წერილის სათაურიდანაც ჩანს: „მშაკი“ და სომეხ-ქართველთა ურთიერთობა“.  სომხურმა  ლიტერატურულ-პოლიტიკურმა გაზეთმა „მშაკმა“ (1872-1920), რომლის რედაქტორი  1892 წლამდე, გარდაცვალებამდე, იყო მისი დამაარსებელი, ცნობილი სომეხი საზოგადო მოღაწე გრიგოლ არწრუნი, უდიდესი როლი ითამაშა თბილისში მცხოვრები სომეხი მკითხველის თვითშეგნების, ეროვნული ცნობიერებისა და, ამასთან, კავკასიის მკვიდრთა ურთიერთსოლიდარობის გრძნობის გაღვივებაში. თუმცა იყო სომეხი და ქართველი ერის ურთიერთობაში სამწუხარო ფაქტებიც. ტერ-გრიგორიანცი თავის ამ წერილ- მოგონებაში  1875 წელს მომხდარ ერთ-ერთ  ასეთ შემთხვევას იხსენებს, როცა  „სომეხ-ქართველთა შორის ამტყდარ იყო დიდი დავა და სომხურ და ქართულ ჟურნალ-გაზეთებში გაჩაღებული იყო ერთი არასასიამოვნო კამათი“ [ტერ-გრიგორიანცი,1918:5]. ის  შეეხებოდა მუშებისა და მოსამსახურეებისაგან ასაკრეფი სამანეთო გადასახადის უსამართლოდ აკრეფას სომეხი იჯარადრის მიერ. სამწუხაროდ (როგორც მას მიაჩნია), ქართულ მხარეს ეს კერძო შემთხვევა განუზოგადებია და მათი  წერილები (მათ შორის, აკაკი წერეთლისაც) სომეხი ერის შეურაცხყოფად ჩაუთვლიათ სომხებს. გრიგორიანცი  აღნიშნავს, რომ გრიგოლ არწრუნიმ, როგორც სომეხი თემისთვის მეტად პატივსაცემმა პიროვნებამ და „მშაკის“ დამაარსებელ-რედაქტორმა, ამ კამპანიის პასუხად  მხოლოდ ერთი  შენიშვნა გამოაქვეყნა სომხურ გაზეთში (1875 წლის 16 იანვრის მე-8 ნომერში): „ქართული გაზეთი „დროება“ მეტისმეტად მკაცრ წერილსა სწერს თავის მეშვიდე ნომერში მთელი სომხის ერის წინააღმდეგ. ფორმატის გამოცვლისა და სამჯერ გამოსვლის დაწყებისთანავე პატივცემული გაზეთი უცბად მიმართულებასაც იცვლის? სადღაა მეგობრობა, შეერთებული ძალებით წინსვლა? რადგანაც მუშებისა და მოსამსახურეებისაგან ასაკრეფი სამანეთო გადასახადის სომეხი იჯარადარი უსამართლობას სჩადის (ამის წინააღმდეგ ჩვენ ათასჯერ ვიჩივლეთ, ხოლო თუ ბ. აკაკიმ სომხური არ იცის, უნდა ეკითხა მაინც), – მაშასადამეო, მთელი ერია დამნაშავე და მწერლობაო... სომხები ტფილისს აღა მაჰმად ხანსავით აქცევენო ....“ [ტერ-გრიგორიანცი, 1918: 8]. ეს  ვრცელი ციტატა ცხადყოფს, თუ როგორ  დაიძაბა ურთიერთობა  „გუშინდელ“ თანამშრომლებსა და მეგობრებს შორის, რაც, უდავოდ, არა მხოლოდ სამწუხარო იყო ამ ორი ერის ურთიერთობისათვის, არამედ სახიფათოც. ამიტომ ნიკო ნიკოლაძეს, ყველასთვის  ავტორიტეტულსა და ანგარიშგასაწევ პიროვნებას, უთავია ამ დაპირისპირებისათვის ბოლო მოეღო. როგორც ტერ-გრიგორიანცი წერს, 1875 წლის ზაფხულს დაბრუნებულა  ნიკოლაძე საქართველოში და იგი ფრიად შეძრწუნებული ყოფილა საქართველოს ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული „უხამსი“ წერილებით, რომლებშიც ქართველთა და სომეხთა ურთიერთობები არცთუ სახარბიელოდ იყო წარმოდგენილი. ნ. ნიკოლაძე კი ერთა თანაცხოვრების პირობებში ტოლერანტული, მეგობრული გარემოს შექმნით იყო დაინტერესებული. ამიტომ მან გადაწყვიტა მათი შერიგება, რადგან,  გრიგორიანცის  დასკვნით: „როგორც ნასწავლი კაცი, მოაზროვნე და დიპლომატი, ის წინწინ ჰხედავდა სომეხ-ქართველთა ასეთი განწყობილების შედეგებს“ [ტერ-გრიგორიანცი, 1918: 10]. ამიტომ მას მოუსურვებია კავკასიელთათვის ჩვეულ  გარემოში – ბუნების წიაღში ნადიმი გაემართა, მოეწვია ამ ორი ერის თვალსაჩინო მოღვაწეები და ასე აღმოეფხვრა ეს დაპირისპირება. ნადიმს ესწრებოდნენ ამ პოლემიკის ერთ-ერთი მონაწილე აკაკი წერეთელი, თავად ნიკო ნიკოლაძე, ანტონ ლორთქიფანიძე, ქუთაისის ქალაქის თავი, სერგეი მესხი, გიორგი წერეთელი, სტეფანე მელიქოვი, ანტონ ფურცელაძე, გაზ. „Тифлиский Вестник“-ის  რედაქტორი კონსტანტინე ბებუთოვი, გ. ჩიმიშკიანი, გრიგოლ არწრუნიდა ამ მოგონების ავტორი ტერ-გრიგორიანცი. ნიკო ნიკოლაძემ ნადიმითა და მასზე შექმნილი ატმოსფეროთი შეძლო  აღეკვეთა ქართველთა და სომეხთა შორის არსებული დაპირისპირება  და განამტკიცა ის ჭეშმარიტება, რომ  კავკასიის რეგიონში მოსახლე ამ ორი ერის მეგობრობა და თანამშრომლობა აუცილებელია და მას ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს სამოქალაქო ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობის მონაწილეობის აუცილებლობას ასევე ეხება წერილი, რომლის ავტორია ივანე გომართელი.  იგი მიიჩნევს, რომ ქართველი ერის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა დამოუკიდებელი და დემოკრატიული  სახელმწიფო ფეხს იდგამდა, ქართულ მიწაზე მცხოვრებ უმცირესობათა წარმომადგენლების მიერ სამშობლოს ცნებისა  და ბინადრობის ადგილის განცალკევება დაუშვებელია, თუნდაც საქართველოს ისტორიის გათვალისწინებით, როცა ერთიანობის შეგნებით აქ  საუკუნეების განმავლობაში თანაცხოვრობდა არაერთი ეთნოსი. ამ თვალსაზრისით, ,,...ჩვენი საქართველო ხომ შვეიცარიას მიემსგავსება. აქაც ხომ ჩვენთან ერთად, ჩვენს მიწა-წყალზე ცხოვრობენ სხვებიც: სომხები, თათრები, ოსები... ქართველმა ხალხმა სულიერად მიაღწია შვეიცარიის განვითარების სიმაღლეს. მან ძმურად გაუწოდა ხელი ყველას საქართველოში მცხოვრებს და მიმართა: ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო [გომართელი, 1920: 1]. სამწუხაროდ, ავტორის შენიშვნით,  ჩვენი ოსებისა და ჩვენი სომხების ნაწილი ჯერ კიდევ ვერ შერიგებია იმ აზრს, რომ მათი სამშობლო საქართველოა და ეს საერთო სამშობლო ქართველ ხალხთან ერთად უნდა დაიცვან ყველა მტრისაგან[გომართელი, 1920:1]. გაუგებარია,  ამ ეთნოსთა მისთვის მიუღებელი რა კონკრეტული  ქმედებანი იგულისხმა ივ. გომართელმა, როცა ამ წერილს წერდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ეს სახელმწიფოებრივი შეგნების მქონე პატრიოტი ადამიანის წერილია, რომელსაც აწუხებს სახელმწიფოს ერთიანობისთვის სახიფათო არაქართველ ეთნოსთა ამგვარი გაცნობიერებული გამიჯვნა საერთო სამშობლოს-ქართული სახელმწიფოს პრობლემებისაგან. ავტორისათვის საქართველო ისტორიულად მულტიეთნიკური და მულტიკულტურული სივრცეა. ამ მულტიკულტურული თანაარსებობის  კლასიკური ნიმუში  მისთვის,  რა თქმა უნდა, მგოსანი  საიათნოვაა – სომხური და ქართული კულტურის გზაჯვარედინი. სწორედ ამიტომ არცთუ შემთხვევით დაასათაურა მან  ეს თავისი წერილი ასე: „გრიშაშვილის საიათნოვა“. ი. გრიშაშვილს თავის წიგნში - „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“, უწინარესად, ხომ საითნოვა მიაჩნია კავკასიური კულტურების ნაერთად, სიმბოლოდ, იდეალად. ივ. გომართელი საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა თანაცხოვრებას აიგივებს  პროგრესული, ევროპული სახელმწიფოებრივი მიზნების რეალიზებასთან, რაც, ასე ვთქვათ, ი. გრიშაშვილისეული, ძველტფილისური, ერთიანი,  მულტიტრადიციული ორგანული  სივრცის  იდენტურადაა მიჩნეული.  

ი. გრიშაშვილის „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემის“ მსგავსად, კიდევ ერთი პუბლიკაცია –  კარაპეტ გრიგორიანცის „ძველი ტფილისის იშვიათი ამბებიც“ ერთგვარი დოკუმენტური ხასიათის ნაწარმოებია, რომელშიც წარმოდგენილია მრავალეთნიკური ტფილისის მულტიკულტურის თავისებურებანი და ამ კულტურის მატარებელი არაერთი კოლორიტული პიროვნება. მასში სხვადასხვა თემატიკის ტფილისური ისტორიებია თავმოყრილი. მათი გადმოცემით კი ავტორი შთამბეჭდავად აცოცხლებს თანასწორობის ჰუმანური რწმენით გაჯერებულ ქართულ, ტფილისურ  მრავალეთნიკურ კულტურას. მას კი, ავტორის რწმენით, ქმნიან ამ ქალაქის თავისებური მესურათმხატავები. ამიტომ  გასაკვირი არაა, რომ თხრობას უძღვის თავად ავტორის – კარაპეტ გრიგორიანცის – საქართველოში მცხოვრები ამ გამოჩენილი სომეხი ხელოვნის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გადმოცემა.

ყველასათვის არის ცნობილი სომეხი მხატვრების მოღვაწეობა საქართველოში  და მათი მაღალპროფესიული სურათები. საგულისხმოა მათი ტრადიციული კავშირი ქართულ ხელოვნებასთან, შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობა  ქართველ მხატვრებთან, საზოგადო მოღვაწეებთან. მათ შორისაა კარაპეტ გრიგორიანციც (1866-1943), განჯის გუბერნიაში დაბადებული, მოგვიანებით კი ტფილისის მკვიდრი, ფიროსმანის თანამედროვე თვითნასწავლი მხატვარი. მას თბილისში იმ დროს ცნობილი დუქანი „სიმპათიაც“  კი მოუხატავს [გრიგორიანცი, 2011:1]. აგულისხმოა, რომ საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში ინახება 1936-38 წლებში შესრულებული მისი ნამუშევრები [ყიფშიძე, 2018: 248].  მხატვრობასთან ერთად   მას  იტაცებდა ლიტერატურა და, როგორც მის ამ წიგნშია ჩამოთვლილი, მას არაერთი ორიგინალური და ნათარგმნი  (მაგ., სომხურად თარგმნა და გადააკეთა პიესად „ვეფხვისტყაოსანი“) მხატვრული ნაწარმოები ეკუთვნის ქართულსა და სომხურ ენებზე. როგორც ირკვევა, კ. გრიგორიანცი მრავალმხრივი ინტერესების მქონეა, მაგრამ საყურადღებო  ამჯერად ჩვენთვის ისაა, რომ განჯის გუბერნიაში დაბადებულს, თუმცა პიროვნებად ქართულ გარემოში აღზრდილ-ჩამოყალიბებულ  სომეხი ეროვნების  ადამიანს,  როგორი ეროვნული, ასე ვთქვათ, ქართული დამოკიდებულება აქვს ქართული ენისადმი, არამართებულად მიაჩნია რუსულ ენაზე სწავლების მოთხოვნა, როგორ წუხს ქართული ენის შერყვნისა და  გაღარიბების გამო და ა. შ.:  ამ გვარმა რუსის დევნამ ქართული ენა იქამდისინ მიაყენა, რომ ძველი ქართული ერთიანად დაიკარგა და ამღვრეული ენა შემოვიდა. ეხლანდელი ქართული ენა არის არაბულიდან, სპარსულიდან, სომხურიდან და ევროპიელთა ენებიდან ნასესხები....... ქართველებსაც ოდესმე ქონიათ საკუთარი სუფთა ენა. ძველს დროში სომეხი პოეტებიც იყვნენ საქართველოში, რომლებიც წმინდა გაურეველ ქართულ ენას ხმარობდნენ[გრიგორიანცი, 2011: 1].  თუ არ იცი, რომ   ამ სიტყვების ავტორი ეთნიკურად სომეხია, ეჭვი არ შეგეპარება, რომ ყოველივე ქართულის საზიანოდ მიმდინარე პროცესებისადმი გულისტკივილით განწყობილი პატრიოტი ქართველის სიტყვებს კითხულობ. ესაა სწორედ საქართველოს  მულტიეთნიკურსა და ჰუმანურ  კულტურულ სივრცეში სხვა ეთნოსის წარმომადგენლის გაცნობიერებული ჩართულობისა და ახალი სამშობლოსადმი პატრიოტიზმის ნამდვილი გამოვლენის ერთი მაგალითი, ცხადია, საკუთარი ეროვნებისადმი ერთგულების შენარჩუნებით. კ. გრიგორიანცი იხსენებს ასევე ქართული კულტურის, სამოქალაქო-საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურის - გრ.  არწრუნის მოღვაწეობას, „მახლობელ მეგობრობას“  ივ. მაჩაბელთან, გ. წერეთელთან, აკაკისთან, ილიასთან, ნ. ნიკოლაძესთან. მან საჭიროდ მიიჩნია გრ. არწრუნის   დასაფლავებაც ტფილისურ ღირსახსოვარ, ანუ „იშვიათ“  ამბად ჩაეთვალა და მის შესახებაც მოეთხრო [გრიგორიანცი, 2011:2]. მისთვის, როგორც ეროვნებით სომეხისთვის, მაგრამ მკვიდრობითა და შეგნებით ქართველისთვის, საგულისხმოა, რომ ქართველი მამულიშვილები წინ გადაეღობნენ და რუსთაველის პროსპეკტით სასახლის წინ (სამგლოვიარო  პროცესია. - ი.ს.) ძალათ გაატარეს. რადგანაც წინასწარ იცოდნენ, რომ სასახლის წინ გატარება არ შეიძლება, მაგრამ მაინც გაატარეს  [გრიგორიანცი, 2011:2]. როგორც ამ პუბლიკაციიდან ჩანს,  ეს ადამიანი პატივგების ობიექტი გამხდარა არა მხოლოდ ქართველთა და სომეხთათვის: მღვდლებმა, მოლებმა, სეიდებმა, ახუნდებმა, ებრაელთა ხახმებმა და რაბინებმაკი ამქრების დროშებით ერთად გაიარეს ფოშტის ქუჩაზე, სადაც შემდეგ უპრავის წინ ცხედარს შეუერთდნენ და მერე იქიდანავლაბრის ხოჯივანქის სასაფლაოზე“  [გრიგორიანცი, 2011:2]. ასე მიაგო პატივი ტფილისის მრავალეთნიკურმა  საზოგადოებამ დიდ მამულიშვილს, რომლის ღვაწლიც ქვეყნის ლიტერატულ-შემოქმედებით ცხოვრებაში, ერებსშორისი ურთიერთობის განვითარების საქმეში განუზომელია.

ამგვარად, ჩვენს სტატიაში წარმოვადგინეთ ქართული პუბლიცისტიკის მხოლოდ ზოგიერთი ნიმუში. მათი შერჩევა განაპირობა ეთნოსთა თანაცხოვრებასთან დაკავშირებულმა თემატიკის ფაქტობრივმა ერთიანობამ, თუმცა  ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მათში აისახა ეს თემა. ამ პუბლიცისტურ  წერილებში  მიმოხილული  ცალკეული ფაქტი თუ მოვლენა განზოგადებულია და კულტურულ-ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით სხვადასხვა ეთნოსის მონაწილეობა ქვეყნის სოციალურ, კულტურულსა  თუ პოლიტიკურ   ცხოვრებაში, ამ პუბლიკაციების ავტორთა აზრით, მიჩნეულია ქართული სახელმწიფოს სტაბილურობის  გარანტად.  საგულისხმო ამ წერილების შექმნის ქრონოლოგიაცაა – 1879-1928 წლები.  ფაქტობრივად, ეს იყო საუკუნეების მიჯნა, როცა მთელ მსოფლიოში მიმდინარეობდა სოციალ-პოლიტიკური, ტექნოლოგიური, ეკონომიკური და კულტურული ძვრები. ეს საყოველთაო პროცესი საქართველოსაც შეეხო. ამის გამო,ღირებულებათა გარკვეული გადაფასების  მიუხედავად, დროის ამ მონაკვეთში დაწერილი ეს პუბლიცისტური წერილები იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ ქართული აზროვნებისთვის კვლავ ორგანულია ეთნოსთა უკონფლიქტოდ, ტოლერანტულად თანაცხოვრების პრინციპი როგორც სახასიათო ქართული მენტალიტეტისათვის და, ამასთანავე,  ისტორიულად  ქართული სახელმწიფოს  მდგრადობის ერთ-ერთი საფუძველი. სწორედ ამითვე უნდა აიხსნას ქართული მრავალეთნიკური კულტურის უწყვეტობა და დღეგრძელობაც.  

 

ლიტერატურა

გიგაშვილი ქ., ნინიძე მ.
2018
გრიგოლ ორბელიანის წერილი მიხეილ რომანოვისადმი, კოჯორი. 4 აგვისტო.1865. თბილისი. XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. თბილისი.
გრიგორიანცი კ.
2011
ძველი თბილისის იშვიათი ამბები. თბილისი.
გომართელი ი.
1920
გრიშაშვილის საიათნოვა. ლეილა. N 2.
ტერ-გრიგორიანცი ჰ.
1918
„მშაკი“ და სომეხ-ქართველთა ურთიერთობა (ფურცლები ჩემი მოგონებიდან). პრომეთე. N 1-2.
ყიფშიძე ნ.
2018
თვინასწავლი მხატვრების სამუზეუმო კოლექციის ფორმირებისა და მნიშვნელობის შესახებ. კოლონიალური პოლიტიკიდან ეროვნულ მუზეუმამდე. თბილისი.
წერეთელი აკ.
1879
სომხური წარმოდგენა 14 სექტემბერს. დროება. N 192.
ჭავჭავაძე ილ.
1897
ტფილისი, 20 სექტემბერი. ივერია. N 196.
ჭავჭავაძე ილ.
1905
მაჰმადიანებისა და ქართველების კრება. ივერია. N 198.
ჯაფარიძე ლ.
1918
წერილები პარლამენტიდან. საქართველო. N 184.