ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H404 ხელნაწერში დაცული გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრება“

აგათანგელოსის  „სომხეთის ისტორია“ მეხუთე საუკუნის ადრექრისტიანული სომხური მწერლობის პირველი ძეგლია, რომელიც ცნობებს გვაწვდის სომეხთა მოქცევისა და მათი განმანათლებლის შესახებ. IV საუკუნეში სომხეთში, საქართველოსა და ალბანეთში ქრისტიანობა ოფიციალურ სარწმუნოებად იქნა აღიარებული. აგათანგელოსის ისტორია უმნიშვნელოვანესი წყაროა  სომხეთის ეკლესიის ისტორიის შესწავლისა და მთლიანად კავკასიის გაქრისტიანების საკითხის კვლევის თვალსაზრისით.

ცნობილია აგათანგელოსის ისტორიის დაახლოებით ოცი რედაქცია ცხრა ენაზე: სომხურად, ბერძნულად, სირიულად, არაბულად, ლათინურად, ეთიოპიურად, ქართულად, კოპტურად (ფრაგმენტი) და სლავურად.

სომხეთში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ წყაროთა შორის ცნობებით უმდიდრესია გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრებათა“ ციკლი. ამ თხზულების არაბულ ვერსიაში გვხვდება ცნობები ქართველთა და ალბანელთა შესახებ.

გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრება“ თავისი ვერსიებითა და რედაქციებით ერთიანდება „გრიგოლის ცხოვრებათა“ ციკლში, სადაც სპეციალისტთა უმრავლესობა ორ ძირითად ჯგუფს გამოყოფს. პირველ ჯგუფში შეაქვთ „სომხეთის ისტორია“, რომლის ავტორად ტრადიციულად აგათანგელოსი ითვლება (აგათანგელოსის ისტორია, თბილისი, 1909) [Robert W. Thomson, 2010:11], ბერძნული თარგმანითა და მისგან მომდინარე ტექსტებით. გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრებათა“ ციკლის პირველ ჯგუფს აღნიშნავენ A ლიტერით, შესაბამისად, სომხური „ისტორია“ – Aa, ბერძნული „ისტორია“ – Ag, არაბული „ისტორია“ – Aar.  ამავე ჯგუფში აერთიანებენ აგათანგელოსის „ისტორიის“ არაბულ ტექსტს, რომელიც 1968 წელს გამოსცა ა. ტერ-ღევონდიანმა სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის ბიბლიოთეკის ხელნაწერის მიხედვით (ა. ტერ-ღევონდიანი, 1968) [Robert W. Thomson, 2010:10]. მეორე ჯგუფში გაერთიანებულ ტექსტებს კი პირობითად „ცხოვრებებს“ უწოდებენ და V ლიტერით აღნიშნავენ. ამ ჯგუფში თავდაპირველად  ორი თხზულება იყო შეტანილი: 1. ნიკო მარის მიერ 1905 წელს პეტერბურგში გამოცემული სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის წიგნთსაცავის ხელნაწერში (sin.ar 460) დაცული გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრების“ არაბული ტექსტი [ნ. მარი, 1905]; 2. 1946 წელს ჟ. გარიტის [ჟ. გარიტი, 1946] მიერ [Robert W. Thomson, 2010:10] ესკურიალის /ესპანეთი/ ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი XII საუკუნის ბერძნულ ხელნაწერში დაცული გრიგოლ განმანათლებლის ბერძნული „ცხოვრება“.

ნიკო მარის მიერ აღმოჩენილი არაბული ტექსტი ნაკლული იყო, მას აკლდა დასაწყისი. 1972 წელს სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ხელნაწერთა მიკროფირებში აღმოჩნდა გრიგოლ განმანათლებლის არაბული „ცხოვრების“ /Sinai 455, XII საუკუნის ხელნაწერი/ სრული ტექსტი, რომელიც 1973 წელს გამოსცა ა. ტერ-ღევონდიანმა [რ. ტომსონი, 2010:11].

ზემოხსენებულის გარდა, სპეციალისტთა უმრავლესობა მეორე ჯგუფში აერთიანებს 1961 წელს მაკედონიის ოქრიდის მონასტერში აღმოჩენილ და 1965 წელს ჟ. გარიტის [Robert W. Thomson, 2010:11] მიერ გამოცემულ გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრების“ ახალ ბერძნულ ტექსტს და იერუსალემის წმ. მარკოზის მონასტრის ხელნაწერთა კოლექციაში აღმოჩენილ გრიგოლის „ცხოვრების“ კარშუნულ რედაქციას.

გ. ვინკლერი [გ. ვინკლერი, 1980:126], გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრებათა“ ციკლში გაერთიანებულ თხზულებებს ოთხ ძირითად ჯგუფად ჰყოფს: 1. აგათანგელოსის „ისტორიის“ სომხური ტექსტი, ბერძნულ-არაბული თარგმანებით, 2. ე.წ. „ცხოვრება“ ბერძნული და არაბული ტექსტებით, 3. „ისტორიისა“ და „ცხოვრების“ შეერთების შედეგად მიღებული კარშუნული და ოქრიდული რედაქციები, 4. ბერძნული, ლათინური, ქართული და არაბული მეტაფრასული რედაქციები.

ბერძნულ და არაბულ „ცხოვრებათა“ აღმოჩენის შემდეგ, გამოითქვა მოსაზრება, რომ უნდა არსებულიყო ამ უკანასკნელთა სომხური დედანი, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. სომხური არქეტიპის აღდგენასა და დათარიღებასთან დაკავშირებით, ნიკო მარმა [ნ. მარი, 1905:182] შემდეგი სქემა შემოგვთავაზა:

ა) V-VI სს-ში არსებობდა თხზულება წმ. გრიგოლის შესახებ /ავტორი მესროპ მაშტოცი ან სხვა ვინმე/, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.

ბ) მეორე რედაქცია /ე.წ. „ცხოვრება“/ უნდა შექმნილიყო VII-VIII სს-ში ტაოელ ქალკედონიტთა წრეში, რომელიც ითარგმნა ბერძნულად და არაბულად.

გ) VIII ს-ში შეიქმნა ახალი /მესამე/ ეროვნული რედაქცია, რომელიც წარმოდგენილია, როგორც აგათანგელოსის „სომხეთის ისტორია“.

ეროვნული რედაქცია ოთხი ნაწილისაგან შედგება: 1. წინასიტყვაობა აგათანგელოსისა, 2. წმინდა გრიგოლის ცხოვრება და ისტორია, რომელშიც შესულია რიფსიმიანთა მარტვილობაც, 3. წმინდა გრიგოლის ქადაგება, 4. სომეხთა ქვეყნის მოქცევა [ა. ტერ-ღევონდიანი, 1983].

ყველაზე ადრეული ხანის ისტორიკოსი, რომელიც აგათანგელოსის ისტორიის არსებობაზე მიუთითებს, ფავსტოს ბუზანდია (Vს.). მაგრამ ყველაზე ვრცლად და ნათლად აგათანგელოსის ისტორიაზე საუბრობს ლაზარე ფარპელი (Vს.), რომლის მიხედვითაც ამ ისტორიას „გრიგორისის წიგნი“ ეწოდება. აგათანგელოსის ისტორიას სებეოსიც „გრიგორისის წიგნს“ უწოდებს. ა. ტერ-ღევონდიანის მიხედვით, გარდა დღეს ჩვენთვის ცნობილი რედაქციისა, ხორენელი (Vს.) იცნობს აგრეთვე იმ დაკარგულ რედაქციასაც, რომლის სირიულმა, ბერძნულმა და არაბულმა თარგმანებმაც მოაღწია ჩვენამდე [ა. ღევონდიანი, 1983:503]. აღსანიშნავია, რომ მოსე ხორენელი თავისი ისტორიის პირველ ნაწილში სომეხთა მეფეებსა და იშხნებს ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი გულგრილნი იყვნენ მეცნიერების მიმართ. მათ არ იზრუნეს იმაზე, რომ დაეწერათ იმ საგმირო საქმეთა შესახებ, რომელნიც თავიანთ ქვეყანაში მომხდარა [სტ. მალხასიანი, 1961:82-83]. შემდეგ, ამავე თხზულების მეორე ნაწილში ავტორი წერს, რომ აგათანგელოსმა ეს ამბები მოკლედ მოგვითხროო, მაგრამ მე მსურს, რომ ვრცლად და დაწვრილებით მოგითხროთ ამ პერიოდის ისტორია თავიდან და მრავალი ჭეშმარიტი ცნობითო [სტ. მალხასიანი, 1961:227].

აგათანგელოსის ისტორიას იხსენიებენ აგრეთვე მოგვიანო პერიოდის სომეხი ისტორიკოსები, მაგრამ ისინი უკვე „გრიგორისის წიგნის“ ნაცვლად „აგათანგელოსის ისტორიას“ იცნობენ.

გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრება“ ქართულ ენაზეცაა შემონახული. „გრიგოლის ცხოვრების“ ქართული რედაქციის არსებობის შესახებ პირველი ცნობა გამოაქვეყნა არმენოლოგმა ვ. ლანგლუამ [Պ. Մուրադյան, 1982:124]. 1892 წელს თ. ჟორდანიამ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ კრებულის №384 ხელნაწერში აღმოაჩინა ლანგლუას მიერ მოხსენიებული დედნის ახალი ნუსხა და ვრცელი სტატია გამოაქვეყნა თავის „ქრონიკების“ პირველ წიგნში. ამასთან დაკავშირებით ლეონ მელიქსეთ-ბეგი „ცხორებაჲ წმ. გრიგოლ პართელისაჲ“-ს წინასიტყვაობაში წერს: „ტექსტის მცირე ნაწილი იმავე ხელნაწერის მიხედვით მოუთავსებია თ. ჟორდანიას თავის „ქრონიკების“ პირველ წიგნში (ტფილისი 1893, გვ. 19-27): გამოცემაში წარმოდგენილია ძეგლის მხოლოდ წინა ნაწილი ისტორიული შინაარსისა და აგრეთვე  ერთი პატარა ნაწყვეტი შუაგულიდან“  [ლ. მელიქსეთ-ბეგი,  1920:V].

მელიქსეთ-ბეგი იქვე აღნიშნავს, რომ წმ. გრიგოლ პართელის „ცხოვრების“ ქართული ვერსია წარმოადგენს ცოტად თუ ბევრად თავისუფალ თარგმანს ბერძნულიდან, რომელიც 1081 წელს  კონსტანტინეპოლის ტრიანტაფლიუს ღვთისმშობლის მონასტერში გიორგი მთაწმინდელის მოწაფეს, თეოფილე მღვდელმონაზონს შეუსრულებია. იმისდა მიუხედავად, რომ ქართულ ტექსტში გვხვდება ზოგიერთი ლექსიკური არმენიზმები, მაგ.: „ოხჭანი“ – վախճան, და სხვა, მელიქსეთ-ბეგის თვალსაზრისით, ეს სიტყვები დამკვიდრებული უნდა ყოფილიყო ქართულ ენაში უფრო ძველი დროიდან, ვინაიდან ისინი სხვა ნაწარმოებებში უფრო ადრე იყო გამოყენებული.

პ. მურადიანი ასახელებს გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრების“ ძველ ქართულად ნათარგმნ ოთხ ხელნაწერს: 1. ათონის ქართულ დედა მონასტერში (№20), 2. თბილისის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (S-384), 3. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში (№4), 4. სინაზე (№91) [Պ. Մուրադյան, 1982:127].

ვფიქრობთ, რომ გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრებათა“ ქართულ ხელნაწერებს უნდა დავუმატოთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული H404 ხელნაწერიც, რომელშიც დაცულია გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრების“ უცნობი ქართული ვერსია შემდეგი სათაურით: „ტრდად ჴემწიფემ რომ(ა) ლუსავორაჩის აწამა“. ხელნაწერი წარმოადგენს სარწმუნოებრივი შინაარსის მქონე ტექსტების კრებულს.

ხელნაწერის ძირითადი ნაწილი შესრულებულია ქართულად. მას ახლავს ორგვერდიანი ანდერძი, რომლის მიხედვითაც ეს ხელნაწერი გიორგი ამირაღაშვილმა იეზდის ქალაქში დაწერა და გამოგზავნა ქართლში (ანდერძის მიხედვით 1717 წელს). იეზდი (სომხურად - Եզդ) ირანის ერთ-ერთი ქალაქია (იეზდი ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი) [სომხ. ენციკლოპედია, III, 1977]. ადრესატები არიან თუმანიშვილები. აღნიშნული ხელნაწერი უნიკალურია იმ მხრივ, რომ მასში დაცული  სომხური ტექსტები შესრულებულია ქართული ტრანსკრიფციით. ზოგადად ხელნაწერი გამოირჩევა ან-მეტობით. ზედმეტი ან-ები ქართულსა და სომხურ ტექსტებში გვხვდება როგორც თანხმოვნებს შორის, ისე – თანხმოვნებსა და ხმოვნებს შორის.

ძალიან საყურადღებოა, რომ ხელნაწერში დაცული გრიგოლ განმანათლებლის ცხოვრების ტექსტი შინაარსობრივად აშკარად განსხვავდება იმ ქართულენოვანი რედაქციული ჯგუფებისგან, რომლებზეც ზემოთ გვქონდა საუბარი; გამოირჩევა ენობრივი თავისებურებებითაც, ლექსიკური, სინტაქსური და ფონეტიკური არმენიზმებით.

ჩვენი კვლევის მთავარი მიზანია H404 ხელნაწერში დაცული გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრების“ ტექსტის მიმართების დადგენა ამ თხზულების ქართულ ვერსიებთან და სომხურ ეროვნულ რედაქციასთან. ამისთვის ჩვენ ის შევადარეთ გრიგოლის ცხოვრების ძველ ქართულ რედაქციას (გამოცემული ლ. მელიქსეთ-ბეგის მიერ)[1], ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს ისტორიაში“[2] არსებულ ტექსტს, რომელშიც ასახულია გრიგოლ განმანათლებლის მიერ თრდატისა და სომხების მოქცევის, აგრეთვე რიფსიმიანთა მარტვილობის ამბები; და სომხურ ეროვნულ რედაქციას.

 მიუხედავად იმისა, რომ H404 ხელნაწერში დაცული გრიგოლ განმანათლებლის ცხოვრების სიუჟეტი ნაწილობრივ ემთხვევა ეროვნული რედაქციისა და ცხოვრებების ძირითად სიუჟეტს, მაინც გვხვდება განსხვავებები. აქ არაფერია ნათქვამი სპარსეთის სამეფოს შესახებ, არც არშაკუნიანთა დინასტიის შესახებ, თრდატის მიერ წარმოებულ ომებზე არც ერთი სიტყვა არ გვხვდება; არ გვაქვს არტაშირისა და ხოსროვის ბრძოლა (სპარსეთისა და სომხეთის), ანაკის მიერ ხოსროვის მოკვლა; განმანათლებლის ხილვა; კერპების სახელები არსად არ არის მითითებული, ზოგადად, ნაკლებად გვხვდება საკუთარი სახელები; არაფერია ნათქვამი თრდატის გარდაცვალებაზე; ტექსტში თითქმის არსად გვხვდება თარიღები და რიცხვები. მაგალითად, დანარჩენი ვერსიებისაგან განსხვავებით, ამ ტექსტში არ არის მითითებული, რომ გრიგოლმა ორმოში 14 წელი გაატარა, ამის ნაცვლად აღნიშნულია, რომ ორმოშიაც დაჰყვო [H404, 91v] და ასე შემდეგ.

სომხური ეროვნული რედაქციის მიხედვით თრდატმა მსხვერპლი შესწირა ანაჰიტს და გრიგოლსაც მოსთხოვა იგივე [ა. ტერ-ღევონდიანი, 1983:39], მაგრამ H404 ხელნაწერის „ცხოვრებაში“ ანაჰიტი მოხსენებული არ არის.

ტექსტის დასაწყისში საუბარია იმაზე, რომ „ერევნის“[3] ხელმწიფე იყო კერპობით[4] თრდატ და მისი ვეზირის შვილს ერქვა გრიგოლი. ტექსტში ყველა ფაქტი მოკლედაა აღწერილი, შედარებით ვრცელი ადგილი ეთმობა გრიგოლის მიერ თრდატის განკურნებას, გრიგოლის ქადაგებას, მის ხელდასხმასა და ბოლოს მარხვის წესებს. არსად მოხსენებული არ არის რიფსიმესა და გაიანეს სახელები, თუმცა მათი წამება აღწერილია რამდენიმე სტრიქონით.

H404 ხელნაწერში დაცული გრიგოლ განმანათლებლის ცხოვრების ტესტი ქართული რედაქციებისგანაც საკმაოდ განსხვავდება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის იწყება თრდად მეფის ამბით. ძველი ქართული რედაქცია კი იწყება პართევისა და არშაკუნიანთა ამბით; ფარსადან გორგიჯანიძესთან  - რიფსიმეს ამბით.  აქ რიფსიმე მოხსენებულია როგორც ფრანგეთის ქალი ჰორმ სიმე (ზოგან - ჰორომ სიმე).

ძველ ქართულ რედაქციაში მთელი შვიდი გვერდი ეძღვნება გრიგოლ განმანათებლის წამებას, დაწვრილებით არის აღწერილი, თუ როგორ აწამებს თრდატ მეფე გრიგოლს. H404 ხელნაწერში კი  - რამდენიმე სტრიქონით არის გადმოცემული გრიგოლის წამება, ავტორი წერს, რომ ხელმწიფემ მრავალი სატანჯველით აწამა გრიგოლი და რომ ვერაფერი დააკლო, ტყვია აადუღებინა და ჩაასხმევინა პირში [H404, 91v], მსგავსი რამ გვხვდება აგრეთვე ძველ ქართულ რედაქციაში, მაგრამ ტყვიის ნაცვლად ბრპენია [ლ. მელიქსეთ-ბეგი, 1920:18] გამოყენებული, რაც იმავე ტყვიას ნიშნავს.

H404 ხელნაწერში დაცული ცხოვრებისაგან განსხვავებით, ფარსადან გორგიჯანიძესთან ტექსტი დაყოფილია თავებად. აგრეთვე სხვადასხვა თანმიმდევრობითაა აღწერილი მოვლენები. H404 ხელნაწერის „ცხოვრება“ ერთ მთლიანობას წარმოადგენს, ხოლო ფარსადან გორგიჯანიძის ტექსტი არ მოიცავს საკუთრივ  გრიგოლის ცხოვრებას, არამედ, როგორც ჩანს, ცალკეული ცნობები აქვს ამოღებული წერილობითი წყაროებიდან და ჩართული აქვს აგრეთვე ზეპირი წყაროებიც. მის ტექსტს ახლავს სათაურები. აღსანიშნავია, რომ არც ერთ სათაურში გრიგოლ განმანათლებლის სახელი არ არის მოხსენებული, მაგრამ თითქმის ყველგან გვხვდება მის შესახებ ცნობები. გრიგოლ განმანათლებელს შეეხება ძირითადად შემდეგი სათაურები: „აქა ანბავი ფრანგეთის ჴემწიფის ქალის ჰორმ სიმესი და წამება მისი“ [A2492, 1r];ანბავი ფრანგეთის ჴემწიფის ქალის ჰორომ სიმეს წამებისა და წმინდის ნინოსი უფრო ზეით ანბვია მაგრა აქაც არას დაუშლის“  [A2492, 6v]; აქ ანბავი წმინდის ჰორომ სიმეს ფრანგეთის ჴემწიფის  ქალის  და ტრდად  ჴემწიფისა“ [A2492, 8v].

H404-ში რამდენიმე წინადადებით აღწერილია, თუ როგორ აწამა თრდატმა გრიგოლ განმანათლებელი [H404, 91v], ხოლო ფარსადანთან არაფერია ნათქვამი ამაზე. ფარსადანი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ გრიგოლი „გვირაბის სავანში“ იყო ტყვედ [A2492, 10v] და არაფერს ამბობს მის წამებაზე. იგი „ვირაბის“[5] აღსანიშნავად იყენებს „გვირაბს“. გორგიჯანიძე გრიგოლ განმანათლებელს ღვთისმეტყველს უწოდებს[6].

H404 ხელნაწერში გრიგოლის ორმოში ჩაგდებას პირდაპირ მოჰყვება ორმოცი მონაზვნის ჩასვლა სომხეთში. როგორც ვხედავთ, H404 ხელნაწერში ორი სიტყვით აღნიშნულია, რომ მონაზვნები საფრაგეთის ანუ რომის იმპერატორს – დიოკლეტიანეს გაექცნენ (A2492-სა და H404 ხელნაწერში დიოკლეტიანე საფრაგეთის ხელმწიფედ არის მოხსენებული, ძველ ქართულ რედაქციაში კი – საბერძნეთის, სომხურ ეროვნულ რედაქციაში – კესარიის). ფარსადან გორგიჯანიძემ ცალკე თავი მიუძღვნა რიფსიმესა და დანარჩენი მონაზვნების წამებას. ამისგან განსხვავებით ძველ ქართულ რედაქციაში თავიდან არაფერია ნათქვამი მონაზვნების შესახებ, აქ ცალკე თავებად არ არის გამოყოფილი გრიგოლის ცხოვრება, ქადაგება და რიფსიმიანთა წამება, მაგრამ რამდენიმე გვერდი სპეციალურად ეძღვნება მონაზვნების წამებას. აქ H404 ხელნაწერისაგან განსხვავებით, ვრცლად არის აღწერილი, თუ როგორ გაექცნენ მონაზვნები დიოკლეტიანეს და სომხეთში მივიდნენ, ამ მხრივ ფარსადან გორგიჯანიძესთან და ძველ ქართულ რედაქციაში უფრო მეტი თანხვედრაა, ორივეში გვეხვდება ის ფაქტი, რომ დიოკლეტიანემ ცოლის მოყვანა მოინდომა. ძველ ქართულ რედაქციაში  ვკითხულობთ, რომ დიოკლეტიანემ გაიგო, რომ ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა ვინმე ქალწული, რომლის წინამძღვარი იყო გაიანე, ფარსადან გორგიჯანიძესთან კი ვკითხულობთ, რომ დიოკლეტიანემ მოიხმო მხატვრები და ბრძანა, რომ ყველგან ასრე ბრძანება მისწერეს, ვისაც უბიწო ქალი ჰყვანდესო აჩვენეთო, რომ ამ მხატვრებმანიო ასრე სახე და ყოვლი ქნილობა მათი გარდიღონო რომ ვითაც ცოცხალი გვეჩვენოსო რომ სადედოფლოთ გვინდაო“ [A2492, 7r]. ამ მხრივ A2492 უფრო ახლოსაა სომხურ ეროვნულ რედაქციასთან.

გრიგოლ განმანათლებლისა და „პურის მიმტანი დედაკაცის“ დიალოგი გვხვდება მხოლოდ H404 ხელნაწერსა და ფარსადან გორგიჯანიძესთან მცირეოდენი განსხვავებით – H404 ხელნაწერის მიხედვით დედაკაცს პური მიჰქონდა, ხოლო ფარსადან გორგიჯანიძის მიხედვით – წყალი და პური. H404 ხელნაწერის მიხედვით ხელმწიფე  გრიგორის სიტყვებზე ღორად იქცა, ხოლო ფარსადანის მიხედვით – გრიგოლის წყევლიდან მესამე დღეს ღორად იქცა და მასთან ერთად მისი „ყმანიც და თავადნიც“. სიტყვა ხელმწიფეს ორივე ხელნაწერში ერთნაირი ტრანსკრიფცია აქვს – ჴემწიფე. ძველ ქართულ რედაქციასა და სომხურ ეროვნულ რედაქციაში დედაკაცისა და გრიგოლის დიალოგი არ გვაქვს. H404 ხელნაწერშიც, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ რედაქციებსა და ვერსიებში, თრდატი  და მისი მხედრები, მთავრები და ყველა,  ვინც მისი კადნიერების თანაზიარი იყო,  ღორად იქცა იმის შემდეგ, რაც თრდატმა წამებით მოაკვლევინა რიფსიმე და დანარჩენი მონაზვნები.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ზემოხსენებულ დიალოგს H404 ხელნაწერიდან და A2492-დან:

 

H404

„და იმა დღეს მოლოზანებს რომ(ა) ხოცადნენ, ის(ა) დედაკაცი, რომ(ა) მუდამ გრიქორასთვინ მიჰქონდ[ა], იმ(ა) მოლოზანების(ა) ნაღვლით(ა) პური ვეღარა წაიღო. და მიორეს დღეს რომ(ა) მივიდა და პური ორმოში ჩაგდო, და გრიქორამ(ა) ორმოდამ ბძანა: რატომ(ა) გუშინ არა მოხველო და ამ(ა) გველებს შიარი[7] გაუშვიო. და იმ(ა) დედაკაცმანაც მოახსენა, რომ(ა) საფრაგეთიდამ(ა) მოლოზ(ა)ნები რომ(ა) მოსულიყვნენო, და ჴემწიფემ(ა) უსამართლოთაც ისინი დახოცაო, და ვეღარ(ა) მოვედიო. და ამ სიტყვაზედ ორმოდამ(ა) გრიქორამ ბძანა: ისა ტრდად(ა) ღორი ჴემწიფეო ჯერაც(ა) ცოცხალო? და ამ(ა)რიგათ(ა) ბძენებაზედ(ა) იმავ თავის ალაგსავე გაღორდა“ (92v).

A2492

„ის დედაკაცი რომ  ორმოშიგ გრიგოლს წყალსა და პურს უზიდევდა, დროს გარდასცილდა დაგვიანდა გვიან მოვიდა მოლოდინს უკან ისევ წყალი და პური მოიტანა და ორმოში ჩაუვიდა და ორმოდან გრიგოლ ამოეძახა,- რასთვის დაგვივიწყე? მან ასე მოახსენა,- წყეულიმც არის ტრდად ჴემწიფე, რომ ასეთი უსამართლო და საცოდავი საქმე ქნაო, რომ სრულ ეს ქვეყანა ცოდვისა და სიბრალულის აგან ტირიან. რაც ქნილ იყო იმ ქალების საქმე ყველა წმინდას გრიგოლს მოახსენა. ჯერ კიდევ ცოცხალი არისო ის ღორიო რა ამან აქა თქვა სამის დღის სავალს ზედ ტრდად გაღორდა და ტახტით გადმოვარდა და მისნი ყმანი და თავადნი შეცდენ და ტანის სამოსნი შემოგლიჯეს და თავიანთ კბილით თავიანთ ჴორცს იჭამდენ და მეცნიერთა უმეცარნი შეიქნენ. ჴემწიფის სახე ბალანი და კბილნი და ქაჩაჩონი ღორისა შექნა და ჴემწიფის საჯალაბოში ტირილის ხმა ამაღლდა. თავს იცემდენ და ძალი და სალარ  მოუხმარებელი შეიქნა ვერა გაიგს რა თუ რა ...“ (1r).

  H404 ხელნაწერში გრიგოლი თვითონ ეუბნება ხელმწიფეს, რომ უნდა ჩავიდეს კოსტანტინეს ქალაქში და იქ ლეონტი პაპისაგან კურთხევა მიიღოს და ეს ხდება ეჯმიაწინის აშენების შემდეგ [H404, 97r-97v], ხოლო A2492-ში  ხელმწიფე გრიგოლს  სთხოვს, რომ ის პატრიარქად ეკურთხოს, გრიგოლი უარს ამბობს, მაგრამ შემდეგ სიზმარში ღვთის ანგელოზი ეუბნება, რომ მან უნდა დაუჯეროს ხელმწიფეს. ამის შემდეგ გრიგოლი ჩადის ლეონტისთან; პატრიარქის მიერ კათალიკოსად იკურთხება და მას „კურთხევის, მირონის მოდუღების“ უფლებაც ეძლევა [A2492, 2r]. H404-ის მიხედვით გრიგოლი ჩადის სტამბოლში[8]; პატრიარქის მიერ იკურთხება; პატრიარქი მას ქრისტეს ბრძანებით „ლუსავორაჩის“ უწოდებს (ამ ტერმინის ნაცვლად, A2492-ში „ღვთისმეტყველი“ გვხვდება). ამის შემდეგ გრიგოლმა მონათლა თრდატი მთელი მისი ჯარითურთ და ქრისტიანობის ყველა წესი ასწავლა. ამ ნაწყვეტებშიც ერთსა და იმავე  ისტორიულ ფაქტთან გვაქვს საქმე, მაგრამ ნიუანსებში მაინც გვხვდება განსხვავებები.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ცხრილს, რომელიც უფრო ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად თავისებურია H404 ხელნაწერი დანარჩენ ტექსტებთან შედარებით:

 

 

 

 

 

მსგავსი ფრაზები

 

პურის მიმტანი დედაკაცისა და გრიგოლის დიალოგი[9]

ცნობა წმ. ნინოს შესახებ

 

 

 

 

ფაქტები, რომლებიც  მხოლოდ H404 ხელნაწერში დაცულ ცხოვრებაში გვხვდება

 

H404

 

ის(ა) ტრდადა ღორი ჴემწიფეო ჯერაც(ა) ცოცხალო?

 

+

 

+

1. პურის მიმტანი დედაკაცი ხვდება ხოსროვიდუხტს და ეუბნება, რომ თრდატს მხოლოდ გრიგოლი გადაარჩენს.

2. გრიგოლი ხოსროვიდუხტს ავალებს, რომ თავისი სიტყვები გადასცეს ტრდატს.

3. ტრდატი განიკურნა, მაგრამ ერთი ყური ისევ ღორისა დარჩა.

4. გრიგოლ განმანათლებელი საფრაგეთში[10] ჩავიდა, იქ პაპის თხოვნთ წირვა ჩაატარა და „წირ(ა)ვის ალ[ა]გიდამ(ა) ამაღლებითა (ა) იყო“.

5. პაპმა გრიგოლს პეტრე მოციქულის ყავარჯენი და ბეჭედი და აგრეთვე პავლე მოციქულის გვირგვინი აჩუქა.

6. განმანათლებელი საფრაგეთიდან იერუსალემში ჩადის ქრისტეს საფლავზე და სთხოვს, რომ აღდგომის შაბათს მისი კანდილი აინთოს. ხელნაწერის მიხედვით ასეც ხდება.

7. მარხვის წესები.

A2492

ჯერ კიდევ ცოცხალი არისო ის ღორიო?

 

  +

 

 

+

 

ძველი ქართული რედაქცია

 

 

 

 

 

 

 

სომხ. ეროვნული რედაქცია

 

  −

 

  −

 

  −

 

 

 

  როგორც ცხრილიდან ჩანს, ჩვენს ხელნაწერსა და A2492-ში  ორი ერთნაირი ფაქტი და ერთი მსგავსი ფრაზაა, რომლებიც არ მოგვეპოვება ძველ ქართულ რედაქციასა და სომხურ ეროვნულ რედაქციაში. ესენია: „პურის მიმტანი დედაკაცისა და წმ. გრიგოლის დიალოგი“, ცნობა წმ. ნინოს შესახებ; და შემდეგი ფრაზა დიალოგიდან: „ის(ა) ტრდადა ღორი ჴემწიფეო ჯერაც(ა) ცოცხალო?“ [H404, 93r], „ჯერ კიდევ ცოცხალი არისო ის ღორიო? [A2492, 1r].

  ცხრილიდან აგრეთვე ჩანს, რომ H404 ხელნაწერში დაცულ გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრებაში“ გვაქვს მთელი რიგი ფაქტები, რომლებიც მხოლოდ ამ ხელნაწერში გვხვდება.

  წმ. ნინოს შესახებ ცნობა მოგვეპოვება აგრეთვე მეხუთე საუკუნის სომეხ ისტორიკოსთან – მოსე ხორენელთან, „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ და „ქართლის ცხოვრებაში“. ისევე, როგორც H404 ხელნაწერის ცხოვრებაში, ხორენელის მიხედვითაც წმ. ნინო ერთ-ერთი რიფსიმიანთაგანი იყო [გ. გალსტეანი, 1910:236]. ხორენელი ვრცლად აღწერს წმ. ნინოს მიერ ქართველთა მოქცევას. მოსე ხორენელი იმასაც ამბობს, რომ იგი აგათანგელოსისაგან განსხვავებით უფრო ვრცლად მოგვითხრობს სომხეთის მოქცევის ისტორიას.

H404 ხელნაწერი არ გამოირჩევა საკუთარი სახელების უხვი გამოყენებით, ქვემოთ წარმოდგენილია მასში გამოყენებული საკუთარი სახელები და ფარსადან გორგიჯანიძის ტექსტის, ძველი ქართული რედაქციის შესაბამისი საკუთარი სახელები. შევადაროთ რამდენად განსხვავდება ისინი ერთმანეთისაგან:

 

H404

  1. ტრდად
  2. არ არის მოხსენებული  რიფსიმესა და  გაიანეს სახელები.
  3. კოსტანდიანოს
  4. ღევოდიოს ფაფა
  5. -

A2492

  1. ტრდად
  2. ჰორომ სიმე (ზოგან ჰორმ სიმე და ჰორომსიმე)
  3. კოსტანტილე
  4. ლიონე პატრიარქი
  5. დევა კლიტიანე

 

ძველი ქართული რედაქცია

  1. თრდატ
  2. რიფსიმე
  3. კოსტანტინე
  4. ლეონტი მთავარეპისკოპოზი

  5. დიოკლეტიანე

 

მოკლედ რომ ჩამოვთვალოთ სიუჟეტური კომპონენტები, რომლებიც გრგოლის ცხოვრების ციკლიდან დადასტურებულია ჩვენს ხელნაწერში, ასეთ სურათს მივიღებთ: H404 ხელნაწერში დაცულ გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრებაში“ გვაქვს წმ. გრიგოლის წამება, მაგრამ რამდენიმე სიტყვით; მისი ხაროში ყოფნის ეპიზოდი, რომელიც განსხვავდება ჩვენთვის ცნობილი ქართული ცხოვრებებისა და სომხური ეროვნული რედაქციის შესაბამისი ეპიზოდებისაგან; რიფსიმიანთა მარტვილობა, ესეც განსხვავდება ჩვენთვის ცნობილი ქართული ცხოვრებებისა და სომხური ეროვნული რედაქციის რიფსიმიანთა მარტვილობისაგან; წმ. გრიგოლის ქადაგება (მოკლედ), წმ. გრიგოლის მიერ თრდატისა და მისი ჯარის მონათვლა,  მარხვის წესები (მხოლოდ ამ ხელნაწერში). აქ არაფერია ნათქვამი სპარსეთზე, პართელებზე, არშაკუნიანებზე, წმ. გრიგოლის მამის - ანაკის მიერ თრდატის მამის ხოსროვის მოკვლაზე, არ გვაქვს წმ. გრიგოლის ხილვა.

განხილული ქართული რედაქციებიდან ჩვენი ტექსტი ყველაზე ახლოს ფარსადან გორგიჯანიძის თხზულებასთან დგას. აქვე  გვინდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ ფარსადანი წყაროებად ზოგჯერ ზეპირგადმოცემებსაც იყენებდა და შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მისი თხზულებისა და ჩვენი ტექსტის მსგავსება სწორედ რაიმე საერთო ზეპირი წყაროთია განპირობებული, რადგან, მაგალითად, პურის მიმტანი დედაკაცის დიალოგი სხვა არც ერთი წერილობითი წყაროთი არ დასტურდება. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ფარსადანის თხზულებაც და გიორგის თხზულებაც ირანშია შექმნილი, ისიც კი შეიძლება დავუშვათ, რომ გიორგი ამირაღაშვილის წყარო უშუალოდ ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს ცხოვრება“ ყოფილიყო. ერთი რამ კი ცხადია, რომ გიორგი ამირაღაშვილი უპირატესობას სომხურენოვან წყაროებს ანიჭებდა როგორც წერილობითს, ასევე –ზეპირს, რაც ნათლად ჩანს ტექსტის თუნდაც სინტაქსური, მორფოლოგიური და ლექსიკური არმენიზმებიდან.

გიორგი ამირაღაშვილს მიზანმიმართულად შეაქვს წმ. გრიგოლის „ცხოვრებაში“ შინაარსობრივი ცვლილებები, იმისათვის, რომ ხაზი გაუსვას გრიგოლ განმანათლებლის როლს სომეხთა მოქცევის საქმეში. ძირითადი ფიგურა გრიგოლ განმანათლებელია და ყველა მოვლენა მის ირგვლივ ტრიალებს.

ამგვარად, H404 ხელნაწერში დაცული გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრება“ საინტერესოა გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრებათა“ ციკლის შესწავლის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ასევე ქართული დიალექტოლოგიის სფეროში დიალექტთა კვლევის კუთხითაც. ჩვენი აზრით, H404 ხელნაწერში დაცულ გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრება“ ზემოთ აღწერილი თავისებურებების გამო განსაკუთრებულ ადგილს იკავებს წმ. გრიგოლის „ცხოვრებათა“ ციკლში და ახალ ვერსიადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ზოგადად ხელნაწერის შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია XVIII საუკუნის ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობების კვლევისთვის.

 

 


[1] შემდგომში, როდესაც ვიტყვით „ძველი ქართული რედაქცია“ – ვიგულისხმებთ ამ რედაქციას.

[2] ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს ისტორია“ გამოცემულია. მაგრამ ის ნაწილი, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა, არ არის გამოცემული, ამიტომ ვისარგებლეთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ასებული ხელნაწერით - A2492.

[3] ხელნაწერში – ერევანი: იგულისხმება სომხეთი.

[4] კერპთაყვანისმცემლობა

[5] ხარო

[6] უნდა აღვნიშნოთ, რომ H404 ხეწლნაწერი გამოირჩევა აგრეთვე არმენიზმებით და ბრუნების სომხური ფორმებით, მაგალითად, ზემოთ მოყვანილ ეპიზოდში ვირაბ(ა) გვირაბის სომხური ფორმაა, „გრიქორას მრავალი სატანჯველით აწამა“ -  გ რ ი ქ ო რ ა ს  ა წ ა მ ა  სომხურისთვის მიღებული ფორმაა.  ფარსადანი ქართულად ბევრად უკეთ წერს, ვიდრე – გიორგი.

[7] მშიერი

[8] მეთვრამეტე საუკუნეში უკვე გამოიყენებოდა სტამბოლი. ავტორმა ალბათ სწორად მიიჩნია რომის ნაცვლად სტამბოლი დაეწერა, რომ გასაგები ყოფილიყო იმ პერიოდისათვის.

[9] პურის მიმტანი დედაკაცი მოხსენიებულია მხოლოდ H404 ხელნაწერში დაცულ ცხოვრებასა და ფარსადან გორგიჯანიძის ტექსტში.

[10] კესარია

ლიტერატურა

მელიქსეთ-ბეგი ლ.
1920
ცხორებაჲ წმ. გრიგოლ პართელისაჲ, ტფილისი.
Марр Н.
1905
Крещение армян, грузин, абхазов и аланов св. Григорием, СПБ.
Տեր-Ղևոնդյան Ա.
1983
Ագաթանգեղոս՝ Հայոց Պատմություն, Երևան.
გორგიჯანიძე ფარსადან
XVII ს.
საქართველოს ცხოვრება, A2492, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
Մուրադյան Պ.
1982
Ագաթանգեղոսի հին վրացերեն խմբագրությունները, Երևան.
ამირაღაშვილი გიორგი
1717
H404 ხელნაწერი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

The 17th century
Խորենացի Մովսես
1961
Հայոց պատմություն, թարգմանություն, ներածություն և ծանոթագրություններ Ստ. Մալխասյանի, Երևան.
Ագաթանգեղոս
1909
Ագաթանգեղայ Պատմութիւն Հայոց, Տփղիս.
Գալստեան Գ.
1910
Սրբոյ Հօրն Մերոյ Մովսեսի Խորենացւոյ Պատմութիւն Հայոց, Թիֆլիս .
ქართლის ცხოვრება
1955
„სახელგამი“, თბილისი.
Thomson Robert W.
2010
The lives of Saint Gregory, Caravan books Ann Arbor, Michigan.

Հայոց պատմություն, թ

Ագաթանգեղոսի հին վրա
Չամչյան Մ.
1785
Հայոց պատմություն, II հ.
Winkler G.
1980
Our present knowledge of the history of Agat’Angelos and its oriental versions, Revue des Études Arméniennes, t XIV, Paris.
აფციაური ნ.
1987
გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრებათა“ ციკლის თხზულებები, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
კიკნაძე რ.
1975
ფარსადან გორგიჯანიძე „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, მეცნიერება.