ტენესი უილიამსის „ტრამვაი, რომელსაც სურვილი ჰქვიას“ ვ.ნედელინის გ.ჯაბაშვილისა და ლ.ინასარიძის თარგმანების შეპირისპირებითი ანალიზის პრინციპები

ნებისმიერი პიროვნება გარკვეული სოციუმის ნაწილია, რაც, ბუნებრივია, მის სამეტყველო კულტურაში ვლინდება და, შესაბამისად, თარგმანშიც უნდა აისახოს. ამავდროულად ადამიანი განუმეორებელ ინდივიდს წარმოადგენს, რაც მის ემოციებსა და გრძნობებში წარმოჩნდება და  ენობრივ სტრატეგიებშიც გამოიხატება. მთარგმნელმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაიაზროს ურთიერთობის კონტექსტუალური ჩარჩო, რომელიც საშუალებას მისცემს მას პერსონაჟების ლინგვოსოციალური მარკერები რეალურ კომუნიკაციასთან მიმართებაში განიხილოს და ცდომილება შეფასებებში მინიმუმამდე დაიყვანოს.

  ნაწარმოების _ „ტრამვაი, რომელსაც „სურვილი“ ჰქვია“ _ მოქმედება ნიუ ორლეანში ხდება, რომელსაც ავტორი ხაზგასმით ქალაქ-კოსმოპოლიტს უწოდებს. ამერიკული საზოგადოების ეთნიკური არაერთგვაროვნება ინტრაკულტურული ურთიერთობის თვალსაზრისით საკმაო ინტერესს იწვევს.  პიესის პერსონაჟები არიან განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის  პერსონაჟები: შავკანიანები, მექსიკელები და პოლონელები, რომლებიც გვერდიგვერდ  ცხოვრობენ. მართალია,  წარმომავლობა მეგობრობაში ხელს არ უშლის სხვადასხვა ეროვნების ადამიანს, მაგრამ ეთნიკური ფაქტორი მაინც გარკვეულ როლს თამაშობს და ინტერპერსონალურ ურთიერთობებში სხვადასხვა ფორმით წარმოჩნდება. ასე, მაგალითად, როდესაც პაბლო ესპანურად წარმოთქვამს ფრაზას: “Maldita sea to suerte!“, სტენლი მას მოუწოდებს ინგლისურად ილაპარაკოს: “Put it in English, greaseball!”  „Говори  по-людски, гризер”, რასაც ნედელინი  ასე განმარტავს (гризер _ презрительное прозвище мексиканцев в США). საინტერესოა, რომ გ.ჯაბაშვილი გრიზერს იმერული დიალექტური ფორმა „ობროდით“  („ადამიანურად თქვი, რა გინდა, შე ობროდო!” [ჯაბაშვილი, 1980:113]).  ანაცვლებს, ხოლო ლ.ინასარიძე ფორმა „გრიზერს“ სქოლიოში განმარტავს, როგორც მექსიკელთა დამცინავ წოდებას აშშ-ში. ბუნებრივია, გ.ჯაბაშვილის მიერ გამოყენებულ ფორმაში იკარგება მნიშვნელოვანი სემანტიკური კომპონენტი _ ადრესატის წარმომავლობა, რაც სიტუაციის გაგებაში ხელს უშლის მკითხველს.

   მიუხედავად იმისა, რომ ბლანში  ადამიანებს სოციალურ ჯგუფებად ჰყოფს,  მის  ცნობიერებაში  „მეორე კატეგორიის“  ხალხი ანუ „პუბლიკა“, როგორც ის უწოდებს, ერთგვაროვან მასას წარმოადგენს და ერთმანეთისგან, ფაქტობრივად, არ განსხვავდება. ბლანშისთვის სულ ერთია პოლონელი თუ ირლანდიელი, მექსიკელი თუ შოტლანდიელი, ის  ყველა მათგანს ზემოდან უყურებს და  თავისზე დაბლა მდგომად მიიჩნევს. ამის დასტურია მისი  რეპლიკაც: “They're something like Irish, aren't they? Only not so _ highbrow?“ [ინტერნეტრესურსი 5]. („Ах да. Они вроде ирландцев, кажется? ...Только не такие аристократы?”) [ინტერნეტრესურსი 6]. 

   აქ საგულისხმოა, რომ ნედელინისა და ინასარიძის თარგმანში ჩნდება სიტყვა „არისტოკრატი“, რომელიც ორიგინალის ტექსტიდან არ მომდინარეობს.  ამგვარი დამთხვევა, შესაძლოა, გარკვეულ ნასესხობაზე მიუთითებდეს (– „აჰა, რაღაც ირლანდიელების მაგვარი, ხომ?  მათსავით არისტოკრატი არაა, ხომ?“ [ინასარიძე, 2013:13]. ამ შემთხვევაში უფრო ზუსტია გ.ჯაბაშვილის ვერსია, რომელიც ითვალისწინებს რა ინგლისელების სტერეოტიპულ წარმოდგენას ირლანდიელებზე, მართებულად იყენებს  ლექსემას  „ქედმაღლები“ („კი, როგორ არა, მგონი ცოტა ირლანდიელებს ჰგვანან, არა? – მაგრამ მათებრ ქედმაღლები არ არიან, განა?“ [ჯაბაშვილი, 1980 :15].  .

საერთო სიტუაციის გასაგებად, ეთნიკურის გარდა,  მნიშვნელოვანია  სოციალური ფაქტორიც,  რომელიც ნაწარმოებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.  სტელა ორ განსხვავებულ სამყაროს შორის არის მოქცეული და ცდილობს, გაანეიტრალოს სოციალურ-კულტურული ანტაგონიზმი, ამიტომ ის ბლანშს სთხოვს, ძალიან კრიტიკულად არ შეაფასოს სტენლი და მისი წრე:

„STELLA:  You'll get along fine together, if you'll just try not to _ well _ compare him with men that we went out with at home“ [ინტერნეტრესურსი 5]. („СТЕЛЛА: Вы  прекрасно поладите, постарайся только не  сравнивать  его с людьми нашего круга“) [ინტერნეტრესურსი 6].  „შესანიშნავად შეეწყობით ერთმანეთს, თუ მაინცდამაინც არ ეცდები იმ ხალხს შეადარო, ჩვენ რომ თავიდან გარს გვეხვია“ [ჯაბაშვილი, 1980 :16].  „ეცადე, ჩვენი წრის ხალხს არ შეადარო“ [ინასარიძე, 2013 : 13]).

  პრინციპულ ოპოზიციათა შორის, რომელიც ნაწარმოებში იკვეთება,  მნიშვნელოვანია წარმავალი არისტოკრატიული სამხრეთისა და ინდუსტრიული ჩრდილოეთის ოპოზიცია, რომელიც ბლანშის ინტერპრეტაციაში იღებს ცივილიზაციისა და ველურობის (ჯუნგლები) დაპირისპირების სახეს.

 სამხრეთული არისტოკრატიის წარმომადგენელი ბლანში (და ზოგჯერ ავტორიც) სტენლისა და მის სამყაროს ხშირად ჯუნგლებს ადარებს. ჯუნგლების თემა განსაკუთრებული სიმძაფრით ბლანშის მონოლოგში იკვეთება, რომელშიც არა მარტო სტენლი, არამედ მთელი მისი სამყარო ჯუნგლების ბინადრებად მოიხსენება:

„BLANCHE: He acts like an animal, has an animal's habits! Eats like one, moves like one, talks like one! There's even something _ sub-human _ something not quite to the stage of humanity yet! Yes, something _ ape-like about him, like one of those pictures I've seen in-anthropological studies! Thousands and thousands of years have passed him right by, and there he is _Stanley Kowalski _ survivor of the stone age! Bearing the raw meat home from the kill in the jungle! And you _ you here _ waiting for him!“ [ინტერნეტრესურსი 5].

 „БЛАНШ. Ведет себя  как скотина, а повадки _ зверя!  Ест  как  животное, ходит как животное, изъясняется  как  животное!  Есть в  нем даже что-то еще недочеловеческое _ существо, еще не достигшее той ступени, на которой стоит современный  человек. Да,  человек-обезьяна,  вроде тех,  что  я  видела  на картинках на лекциях по антропологии. Тысячи и  тысячи лет прошли мимо него, и  вот он, Стэнли  Ковальский _ живая реликвия  каменного  века! Приносящий домой  сырое  мясо  после того,  как  убивал  в  джунглях.  А ты  _  здесь, поджидаешь: прибьет?.. а вдруг _ хрюкнет и поцелует!“ [ინტერნეტრესურსი 6].

 „ნამდვილი პირუტყვივით იქცევა, ჩვევებიც ნადირისა აქვს! ჭამს მხეცივით, დადის მხეცივით და სიტყვა-პასუხიც ნადირული აქვს, ისე იღრინება... მრავალმა საუკუნემ გვერდი აუარა მას და აგერ _ ინებეთ _ სტენლი კოვალსკი _ ქვის ხანის ნაშთი! შინ რომ უმი ხორცი მოაქვს უღრან ტყეში მოკლული ნადირისა!“ [ჯაბაშვილი, 1980 : 58].

„ნამდვილი საქონელივით იქცევა, ნადირისგან ვერ გაარჩევ! ცხოველივით თქვლეფს, ცხოველივით დაიარება, ცხოველივით ლაპარაკობს!...თითქოს ათასწლეულმა გვერდზე ჩაუქროლა, ის კი, სტენლი კოვალსკი, ქვის ხანაში დარჩა, როგორც ცოცხალი რელიკვია... ჯუნგლებში ნანადირევი უმი ხორცი რომ მიაქვს“ [ინასარიძე, 2013 : 53]. 

ეს საკმაოდ რთული პასაჟი იყო, რომელმაც გარკვეული უზუსტობები გამოავლინა თარგმანებში. ერთ შემთხვევაში გაურკვეველია როგორი „სიტყვა-პასუხი აქვთ  ნადირებს’’, მეორეში კი – როგორ „ლაპარაკობენ ცხოველები“. მთარგმნელებმა შეინარჩუნეს ორიგინალის პლეონაზმი „ნანადირევი უმი ხორცის“ შესახებ, რაც  ქვის ხანაში ნადირობიდან მოხარშული ან შემწვარი ხორცის მიტანის შესაძლებლობასაც უშვებს.

 ბლანშს გააჩნია თავისი კომპლექსები, რაც ძირითადად ასაკობრივ ფაქტორს და სილამაზის წარმავალობის შიშს უკავშირდება: „Especially when the girl is over _ thirty. They think a girl over thirty ought to--the vulgar term is _ "put out."... And I _ I'm not "putting out." Of course he _he doesn't know _I mean I haven't informed him _ of my real age!“ [ინტერნეტრესურსი 5].

 „Особенно если  женщине  за  тридцать.  Они  считают, что женщина  за  тридцать,  вульгарно выражаясь,  _ "отпрыгалась". Ну,  а я еще не "отпрыгалась".  Конечно, он не знает... – не стану же я сама объявлять! ...сколько мне на самом деле“ [ინტერნეტრესურსი 6]. 

„მაგათ ჰგონიათ, თუ ქალმა ოცდაათს გადააბიჯა, მაგათებურად რომ ვთქვათ, უკვე „ჩამოსაწერია’’. მე კი ჩამოსაწერობას ბევრი მაკლია“ [ჯაბაშვილი, 1980 : 66].

  „...მითუმეტეს, როცა ქალი ოცდაათს ზევითაა. მათი აზრით, ბალზაკის ასაკის ქალი, უხეშად რომ ვთქვათ, ცხრა ნაბადზეა გადამხტარი. მე ჯერაც არ დავღლილვარ „ხტუნაობით“ [ინასარიძე, 2013 : 61]. 

ამ ეპიზოდის თარგმნისას გ. ჯაბაშვილი იყენებს ლექსემა „ჩამოსაწერია“,  რომელსაც ლ. ინასარიძე უპირისპირებს  საკმაოდ უხეშ გამონათქვამს _ „ცხრა ნაბადზეა გადამხტარი“.  ინასარიძე ამატებს ფრაზას  „ბალზაკის ასაკის ქალი“, რაც, სავარაუდოდ, რუსული ენის გავლენას წარმოადგენს და დედნის ტექსტში არ გვხვდება.

 ნაწარმოებში მამაკაც პერსონაჟთა შორის  დომინირებს სტენლი. უილიამსისეულ რემარკაში კარგად ჩანს მისი ანდროგენული საწყისი: „He is of medium height, about five feet eight or nine, and strongly, compactly built. Animal joy in his being is implicit in all his movements and attitudes. Since earliest manhood the center of his life has been pleasure with women, the giving and taking of it, not with weak indulgence, dependency, but with the power and pride of a richly feathered male bird among hens“  [ინტერნეტრესურსი 5].

   „Среднего  роста _ пять  футов и  восемь-девять дюймов, сильный, ладный.  Вся стать его и повадка говорят  о  переполняющем  все его существо животном упоении бытием. С ранней юности ему и жизнь не в жизнь без женщин, без сладости обладания ими, когда  тешишь их и ублажаешь себя  и  не рассиропливаешься, не даешь им потачки; неукротимый, горделивый _ пернатый султан среди несушек“ [ინტერნეტრესურსი 6].

„მთელი მისი არსება, მისი ქცევები და მიხრა-მოხრა აღსავსეა ცხოველური აღტყინებით. დავაჟკაცებისთანვე იგი ქალებზე იყო გადაგებული. სიამოვნებას არც თვითონ იკლებს და არც მათ აკლებს. არავის არაფერს არ შეარჩენს, თავი დამოუკიდებლად, ისე გოროზად უჭირავს, როგორც აფხორილ მამალს დედლებში გარეულს...“  [ჯაბაშვილი, 1980 : 20-21].

„მანერები და გამოხედვა თავისთავად მიანიშნებს, რომ მასში ცხოველური ინსტინქტი ჭარბობს. სიყრმიდანვე მოსწონდა ქალების დევნა, მათი დაპყრობა და მათით ტკბობა... დაუცხრომელია და ამაყი, როგორც მამალი სულთანი დედლების გარემოცვაში“ [ინასარიძე, 2013 : 18]. 

  მკვლევარი ნ. გორგიშელი ამის შესახებ ამბობს: ,,სრული უაზრობაა ეს უკანასკნელი ფრაზა, ვინაიდან დედალი სულთანი ბუნებაში არ არსებობს“. ვერ დავეთანხებით ნ.გორგიშელს დედალ სულთანთან დაკავშირებით, ვინაიდან ოსმალურ ტრადიციაში ფორმა „სულთანით“ საგვარეულო დინასტიის წევრ ქალბატონებსაც მიმართავენ. მიუხედავად ისლამური ტრადიციისა, რომელიც მრავალცოლიანობასთანაა დაკავშირებული, უზუსტობად მიგვაჩნია ნედელინის მიერ „пернатый султан“-ის გამოყენება ნაცვლად richly feathered male bird-ისა; ხოლო ლ.ინასარიძის მიერ გამოყენებული ფორმა „მამალი სულთანი“ რუსული თარგმანის  გავლენაზე უნდა მიგვანიშნებდეს.

 ბუნებრივია, ხარისხიანი თარგმანი შეუძლებელია ნაწარმოების  სიმბოლური პლასტის გააზრების გარეშე. მთარგმნელის სტრატეგია უშუალოდ დაკავშირებულია არამარტო ტექსტის ვერბალურ მანიფესტაციასთან, არამედ მის სიმბოლურ პლასტთან, რომელიც კოდირებულია როგორც ლექსიკო-სემანტიკურ ერთეულებში, ასევე სხვა სემიოტიკურ ფაქტურებშიც: მუსიკაში, მოძრაობის პლასტიკაში, შუქ-ფერით ეფექტებში და ა.შ.

 უკვე სათაურში იკვეთება პირველი ენიგმა, რომელიც მთარგმნელს უნდა ამოეხსნა. ბლანშის თითქოსდა  იუმორისტული კომენტარი  საკუთარი მარშრუტის შესახებ: „They told me to take a streetcar named Desire, and then transfer to one called Cemeteries and ride six blocks and get off at _ Elysian Fields!“ [ინტერნეტრესურსი 5]. (Сказали, сядете  сперва  в один  трамвай _ по-здешнему  "Желание",  потом в другой _  "Кладбище",  проедете  шесть кварталов _  сойдете  на Елисейских полях!“) [ინტერნეტრესურსი 6], როგორც შემდგომში ირკვევა,  ერთგვარ მეტაფორას წარმოადგენს და მიანიშნებს მთავარი გმირის გასავლელ გზას. ტრამვაის „მოძრაობის“ სასტარტო პუნქტი „სურვილს“ (Desire) წარმოადგენს, რომელიც უკავშირდება მთავარი მოქმედი პირის მცდელობას, დააღწიოს თავი ცოდვილ ცხოვრებას და ახალ ადამიანად დაიბადოს. მეორე პუნქტი  _ „სასაფლაო“ (Cemeteries), უფრო ზუსტი იქნებოდა  _ „ოცნებებისა და სურვილების სასაფლაო“ _ პირდაპირ მიგვანიშნებს ბლანშის მცდელობის უპერსპექტივობაზე. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია მესამე პუნქტი  _ „Elysian Fields“, რომელშიც  უილიამსი სიმბოლურ მნიშვნელობას დებს. როგორც ცნობილია, აღნიშნული სახელი ბერძნულ მითოლოგიაში ღმერთების რჩეულ გმირთა მარადიულ სამყოფელს ნიშნავდა. სწორედ ამით მიგვანიშნებს უილიამსი  იმაზე, რომ ბლანშის ტანჯვის დასასრული ცოდვების მიტევებაა.  თუ ნედელინს აღნიშნული ტოპონიმი რუსულ ტრადიციაში დამკვიდრებული ფორმით „Елисейские поля“ გადმოაქვს, ქართველი მთარგმნელები განსხვავებულ ვერსიებს იძლევიან  _ „ელიზეუმის მინდვრები“ [ჯაბაშვილი, 1980 : 8]  და ელისეს მინდვრები“ [ინასარიძე, 2013 : 6].   მიუხედავად ტოპონიმის ქართულად გადმოცემის არსებული ტრადიციისა, ვერ დავეთანხმებით ნ.გორგიშელის აზრს, თითქოს მიზანშეწონილია უკანასკნელი ვარიანტის გამოყენება. მკითხველთა უმეტესობისთვის აღნიშნული ტოპონიმი პარიზის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილთან ასოცირდება და არ შეიცავს იმ მინიშნებას, რომელსაც ავტორი დებს მასში _ გმირთა სასუფეველს. ამ თვალსაზრისით განსხვავებული ფორმა „ელიზეუმის მინდვრები“  (ჯაბაშვილი) უფრო უპრიანია, რადგან თავისუფალია ტრადიციული სემანტიკური დატვირთვისგან.

ტექსტის საკვანძო პრობლემაა სინათლის თემა, რომელიც ნაწარმოებს თან სდევს. სინათლისკენ მისწრაფება, ტ. უილიამსის რემარკის მიხედვით, ბლანშს ფარვანას ამსგავსებს, რომელსაც სწორედ ეს სწრაფვა ღუპავს: „There is something about her uncertain manner, as well as her white clothes, that suggests a moth“ [ინტერნეტრესურსი 5]. („В робости  Бланш и в белом ее наряде есть  что-то, напрашивающееся на сравнение с мотыльком“) [ინტერნეტრესურსი 6]. ამავდროულად სინათლის შიში სიმართლის შიშიცაა და მოახლოვებული სიბერისაც). ავტორი პირდაპირ აღნიშნავს: „Her delicate beauty must avoid a strong light“  („Блекнущая красота ее  не терпит  яркого света“).  „მისი გახუნებული სილამაზე დღის სინათლეს ვეღარ უძლებს“ [ინასარიძე, 2013 : 6].  „...მის დახვეწილ გარეგნობას არ უხდება ძლიერი შუქი...“ [ჯაბაშვილი, 1980 : 7].

  პირველ შემთხვევაში მთარგმნელი ლ. ინასარიძე  ბლანშის სილამაზეს წარსულში მოიხსენიებს და მას გახუნებულს უწოდებს, მეორეში კი – გ.ჯაბაშვილს ბლანშის დახვეწილ გარეგნობაში  ეჭვი არ შეაქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ ის ნაკლებ ეფექტს ახდენს ძლიერი შუქის ფონზე.

 ტ. უილიამსის დრამის _ „ტრამვაი, რომელსაც „სურვილი“ ჰქვია’’ _ რუსული თარგმანის შეპირისპირება გ.ჯაბაშვილისა და ლ.ინასარიძის მიერ შესრულებულ ქართულ თარგმანებთან, გვიჩვეებს, რომ სამივეს ახასიათებს ვერბოცენტრული ვერსიისთვის დამახასიათებელი ერთიანი სტრატეგიული მიდგომა; სახეზეა განსხვავებებიც, რომლებიც საფუძვლად უდევს შესაბამისი რეციპიენტი კულტურებისა (რუსულისა და ქართულის) და მთარგმნელთა შემოქმედებითი მანერების არაერთგვაროვნებას.  

ნაწარმოების  _ „ტრამვაი, რომელსაც „სურვილი“ ჰქვია’’ _ თარგმანის რუსული და ქართული ტექსტების შედარებამ გამოავლინა ქრონოლოგიური ადაპტაციის ტენდენცია, რომელიც თარგმანის ეპოქის ენობრივ გემოვნებასთან მისადაგებაში და იდეოლოგიური წნეხისგან თავისუფლების განსხვავებულ ხარისხში აისახა.  გ.ჯაბაშვილისა და ლ.ინასრიძის სხვადასხვა პერიოდში შესრულებული თარგმანების შედარებამ გვიჩვენა, რომ  ხშირ შემთხვევაში განსხვავება მათ შორის არა მარტო პოლიტიკური პარადიგმის შეცვლით, არამედ შიდაენობრივი ფაქტორებითაცაა განსაზღვრული, რამაც განაპირობა ლ.ინასარიძის მცდელობა უკვე არსებული თარგმანის პარალელურად ახალი თაობის მკითხველზე ორიენტირებული თარგმანის შემოეთავაზებისა.

რუსულ თარგმანთან შეპირისპირებამ გამოავლინა ტექსტში არსებულ რეალიათა გადმოცემის ეთნოსპეციფიკური და უნივერსალური გზები; ამასთანავე, კულტურათა არაერთგვაროვნებით გამოწვეული შეფასებითი კრიტერიუმების განსხვავება, რაც საბოლოო ჯამში პერსონაჟების ენობრივი მარკირების პროცესში იჩენს თავს და სპეციფიკურად აისახება თარგმანებში. ისევე, როგორც  ჯაბაშვილი და ინასარიძე, ნედელინიც ონომასტიკური ლექსიკის გადმოცემისას უპირატესობას  ტრანსკრიფციასა და ტრანსლიტერაციას ანიჭებს და ფრაზეოლოგიური ერთეულების გადმოტანისას ძირითადად  ტრადიციულ მეთოდებს  იყენებს, საკუთარ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს კი ტექსტობრივი სიტუაციიდან გამომდინარე ენობრივ მასალაზე აფუძნებს.

ლიტერატურა

უილიამსი ტ.
2013
,,ტრამვაი სახელად „სურვილი“ (მთარგმნელი ლ. ინასარიძე), გამომცემლობა „პალიტრა“, თბილისი.

1947
უილიამსი ტ.
1983.
,,ტრამვაი, რომელსაც „სურვილი“ ჰქვია“ (მთარგმნელი გ.ჯაბაშვილი), გამომცემლობა „საბჭოთა ხელოვნება“, თბილისი.

https://www.goodreads.com/book/show/12220.A_Streetcar_Named_Desire
გორგიშელი ნ.
2017
პერსონაჟის ენობრივი პორტრეტი დრამატურგიულ ტექსტში და მისი თარგმანში გადატანის სპეციფიკა (ტენესი უილიამსის ,,ტრამვაი, რომელსაც ,,სურვილი'' ჰქვიას'' გ. ჯაბაშვილისა და ლ. ინასარიძის თარგმანების მიხედვით), ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია, თელავი.

1983