სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისას“ ქეთრინ ვივიანისეული ინგლისური თარგმანის ანალიზი

საუკუნეების განმავლობაში მრავალი აზრი და შეხედულება გამოთქმულა თარგმანის დანიშნულებაზე, მის აუცილებლობასა და  არსზე. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ყველა მეცნიერი და მკვლევარი თანხმდება ერთ საკითხზე, რომ თარგმანმა მაქსიმალურად უნდა ასახოს დედანის შინაარსი  და მასში არსებული სულისკვეთება. ეს კი მთარგმნელისგან უამრავი სირთულის გადალახვას მოითხოვს.  ზოგიერთი მკვლევარი ამას შეუძლებლადაც კი მიიჩნევს. ამის მაგალითია  ვილჰელმ ჰუმბოლდტის მიერ აუგუსტ შლეგელისათვის მიწერილი წერილი: „ყოველგვარი თარგმანი განუხორციელებელი პრობლემის გადაჭრის მცდელობაა. მთარგმნელი აუცილებლად შეეხლება ორიდან ერთ-ერთ წყალქვეშა კლდეს, ის ან ძალზე სუსტად მიჰყვება დედანს საკუთარი ხალხის გემოვნებისა და ენის საშუალებით, ან, პირიქით, იხელმძღვანელებს  თავისი ხალხის თავისებურებებით დედანზე დაყრდნობით. რაიმე შუალედის მონახვა არამცთუ ძნელად მისაღწევია, არამედ შეუძლებელიცაა“. სერვანტესიც სკეპტიკურადაა განწყობილი თარგმანისადმი და აცხადებს: „თარგმანი... ეს იგივეა, რაც ფლამანდური ხალიჩა უკუღმა პირიდან დანახული. მართალია, ფიგურები ჩანს, მაგრამ არაა არც ის სისუფთავე და არც ის ფერები, რომლებითაც ჩვენ ასე ვტკბებით წაღმა პირიდან“. [მერაბიშვილი A, 2005:13].  

ამგვარი სკეპტიკური შეხედულებების მიუხედავად თარგმანი კულტურათა ურთიერთობის აუცილებელ პირობად რჩება და მთარგმნელები მუდმივად ისწრაფვიან სრულყოფილი თარგმანის შესრულებისკენ. ცნობილია, რომ მხატვრული თარგმანი ყველა ეპოქაში და ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენდა ხალხთა კულტურული დაახლოებისა და ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით.

ამიტომაც წერს ი. მერაბიშვილი: “მხატვრული თარგმანი კულტურათა ის დიალოგია, რომელიც არა მარტო კულტურათა ურთიერთობასა და გაცვლას გულისხმობს, არამედ როგორც გოეთე ბრძანებდა, ენებს შორის შემოქმედებით პაექრობასაც. ამ დროს მთარგმნელი ემსახურება არა მხოლოდ თავის ერს, არამედ იმ ერსაც, რომლის ენიდანაც თარგმნის ნაწარმოებს” [მერაბიშვილი B, 2005:7].

სწორედ ამიტომ ქართული ლიტერატურული ძეგლების უცხო ენაზე თარგმანს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მისი პოპულარიზაციისა და უცხოენოვანი მკითხველისთვის გაცნობის საქმეში. ამ მხრივ აღსანიშნავი და ფასდაუდებელია როგორც ქართველი, ისე უცხოელი მთარგმნელებისა და მეცნიერების ღვაწლი. წინამდებარე ნაშრომში განხილულია აღორძინების ხანის დიდი ქართველი მოღვაწის, მწერლის, პროზაიკოსის, იგავთმწერლის, ლექსიკოგრაფისა და სახელმწიფო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისას“ ინგლისური თარგმანი, რომელიც შესრულებულია ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის, ქართველოლოგ ქეთრინ ვივიანის მიერ.

„სიბრძნე-სიცრუისა“ იგავ-არაკთა საინტერესო კრებულია. ფაბულარული თხრობის ფონზე ოსტატურად გაშლილი, ორიგინალურად მოფიქრებული და ღრმა იდეურობით აღბეჭდილი არაკები ერთმანეთს გარკვეული იდეით უკავშირდებიან. თხზულებაში ჭარბად გვხვდება აფორიზმი, სენტენცია, გამოცანა, შეგონება და სხვა.

ავტორს თხზულებაში მოქმედ გმირებად გამოყვანილი ჰყავს ფრინველები და ცხოველები. ამგვარი ალეგორიული გადმოცემა უფრო მეტად უსვამს ხაზს წიგნის შემეცნებით-აღმზრდელობით ხასიათს. „სიბრძნე-სიცრუისაში“, როგორც დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი ხასიათის ნაწარმოებში მხილებული და გაკიცხულია  იმდროინდელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი მანკიერი თვისებები, როგორებიცაა სიძუნწე, ფარისევლობა, ანგარება და სხვა [მენაბდე, 1953:100].

„სიბრძნე-სიცრუისას“ შექმნისას სულხან-საბას  გაუთვალისწინებია დიდი აღმოსავლელი მეიგავეების გამოცდილება და იგი  „ჩარჩოსებური კომპოზიციის“ კანონის საფუძველზე აუგია. ამგვარი თხზულებების ნიმუშებს წარმოადგენენ „დეკამერონი“ და „ათას ერთი ღამე“ [ლენგი,1957:144]. „სიბრძნე-სიცრუისას“ შემთხვევაში ჩარჩო წარმოადგენს მეფე ფინეზს, ვაზირ სედრაქს, საჭურის რუქასა და უფლისწულის აღმზრდელ-ლეონს შორის არსებულ პაექრობას, რომლის საშუალებითაც განსხვავებული შეხედულებების მქონე პერსონაჟებს უნდა გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები და დაედასტურებინათ იგავიდან გამომდინარე შეგონება.

სულხან-საბა წლების განმავლობაში ქმნიდა იგავ-არაკული ჟანრის ნაწარმოებს, რომელშიც ჩართო ტრადიციული ქართული და აღმოსავლური არაკები, თქმულებანი და საკუთარი არაკებიც. ნაწარმოების ძირითადი ნაწილი წარმოადგენს აზრთა გაზიარებას პერსონაჟებს შორის, რა დროსაც ვლინდება მათი განსხვავებული შეხედულებანი ცხოვრებაზე. ყოველივე ეს კი უმთავრესად გადმოცემულია მორალურ-ზნეობრივი შეგონებების მეშვეობით. 

„სიბრძნე-სიცრუისა“ დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი ხასიათის ნაწარმოებია. ავტორის იდეალს არსებული წყობილების გამოჯანსაღება, ზნეობრივად დაავადებული საზოგადოების განკურნვა წარმოადგენს [მენაბდე, 1953: 85]. თუ კარგად დავუკვირდებით აზრთა მსვლელობას, ცხადი გახდება, რომ ჯუმბერის აღზრდა და მისი ზნეობრივი ჩამოყალიბება მწერლისთვის ფრიად მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი უნდა გახდეს მეფე, მართოს სახელმწიფო და იზრუნოს ქვეშევრდომთა კეთილდღეობაზე. სწორედ იდეალური, კეთილი, სათნო, კაცთმოყვარე, სამართლიანი, ჰუმანური მეფის აღზრდის სურათი დაგვიხატა მწერალმა წიგნში „სიბრძნე-სიცრუისა“ [ლორთქიფანიძე, 1960:17].

სულხან-საბას მოღვაწეობის პერიოდში ფართოდ იყო გავრცელებული დიდაქტიური ეპოსი. ამგვარი ჟანრის ნაწარმოებები არა მხოლოდ იწერებოდა, ასევე ითარგმნებოდა კიდეც სხვა ენებიდან. აღნიშნულ ნაწარმოებებში კი იგავ-არაკების საშუალებით გადმოცემული იყო სხვადასხვა მორალური დებულება. „სიბრძნე-სიცრუისაში“ დიდაქტიკურ-მორალური ცნებების დასასაბუთებლად სულხან-საბა იყენებს ე.წ დიალექტიკას, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, კამათის ხელოვნებას. თითოეული გმირი თავისი მოსაზრების დასაბუთებისა და დამაჯერებლობისთვის იყენებს იგავ-არაკებს, სენტენციებსა და აფორიზმებს. აღნიშნულ საუბარასა და პაექრობაში კი ბუნებრივად ვლინდება ავტორის მსოფლმხედველობა.

აღსანიშნავია, რომ „სიბრძნე-სიცრუისა“ თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. პირველად ინგლისურ ენაზე ითარგმნა 1894 წელს ოლივერ უორდორის მიერ, შემდეგ გამომცემლობა „ცოდნამ“ (1959 წ.) და გამომცემლობა „განათლებამ“ (1973 წ.)  გამოსცეს    ჯ. მჭედლიშვილისა და ი. პეტროვას მიერ თარგმნილი და დამუშავებული რჩეული იგავ-არაკების კრებული სახელწოდებით “The Book of Wisdom and Fiction” (Selections), რომელიც განკუთვნილი იყო საშუალო სკოლის IX-X  კლასის მოსწავლეებისთვის.  რაც შეეხება მეორე სრულყოფილ თარგმანს იგი ეკუთვნის ქეთრინ ვივიანს, რომელიც 1982 წელს გამოიცა ლონდონში „ოქტაგონ პრესის“ მიერ, ხოლო ყდის მხატვრობა ეკუთვნის ქართველ მხატვარს, მამია მალაზონიას.

თავად თარგმანი უდავოდ დიდი პასუხისმგებლობით და მაღალ დონეზეა შესრულებული. ეს მოწმობს, თუ რაოდენ საფუძვლიანად შეუსწავლია მთარგმნელს ქართული ენა მისი ყოველგვარი ნიუანსის ჩათვლით. წიგნს წამძღვარებული აქვს წინასიტყვაობა, სადაც მთარგმნელი ინგლისურენოვან მკითხველს აცნობს სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, იმ დროის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მდგომარეობას. ასევე გადმოგვცემს მწერლის ბიოგრაფიას. წინასიტყვაობაში ქეთრინ ვივიანი მიმოიხილავს იგავ-არაკების კრებულს, საიდანაც კარგად ჩანს, რომ მთარგმნელს საფუძვლიანად აქვს შესწავლილი ნაწარმოები და გაცნობიერებული აქვს საბას შეუდარებელი სტილი და სიბრძნე.  წინასიტყვაობაშივე მთარგმნელი მიუთითებს, რომ „სიბრძნე-სიცრუისას“ ზოგიერთი არაკი შესაძლოა მომდინარეობდეს ინდურ „პანჩატანტრას“ ანუ „ბიდპაისა და „ქილილა და დამანას“ არაკებიდან. მასში ასევე ვხვდებით იგავ-არაკებს „ათას ერთი ღამიდან“, „მოლა ნასრედინის“ თქმულებებიდან და ქართული ფოლკლორიდან, რომლებიც სულხან-საბას თავისებურად აქვს დამუშავებული. ავტორი აღნიშნავს, რომ სულხან-საბას არაკების სხვადასხვა ენის ლიტერატურულ ძეგლებთან მსგავსების მიუხედავად მას ამ ძეგლების ლიტერატურული გავლენა არ განუცდია. მისი არაკები აღებულია ხალხური ზეპირსიტყვიერებიდან, რომლის საფუძველიც ხალხური შემოქმედებაა. მისი სტილი დამაჯერებელი, ლაკონური და შეულამაზებელია. იგი იშვიათ პოეტურ ხერხებს მიმართავს, რომელიმე პერსონაჟის შემოსაყვანად გამოყენებულ გამოთქმებში. ქეთრინ ვივიანის მოსაზრებითაც, სულხან-საბას იგავ-არაკების უმეტესობა ეყრდნობა ქართულ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს და ამის მაგალითად მოჰყავს არაკი  „დიდვაჭარი და მეფუნდუკე“. მთარგმნელი აღნიშნავს, რომ სულხან-საბას უაღრესად შთამბეჭდავად აქვს დახატული ქართველი ხალხის ხელგაშლილობა და სტუმართმოყვარეობა, ასევე მათი გონებამახვილობა და იუმორის გრძნობა. ნაწარმოებში ხშირად არის ასევე ნახსენები ძმადნაფიცობა, რომელიც  დღესაც არსებობს საქართველოს ზოგიერთ მხარეში [Vivian,1982: XII].

ქეთრინ ვივიანი ასევე ყურადღებას ამახვილებს ნაწარმოების მთავარ არსსა და დანიშნულებაზე, უფლისწულის ზნეობრივ-დიდაქტიკურ აღზრდაზე. იგი მიუთითებს, რომ სულხან-საბას მიერ შემოთავაზებული აღზრდის მეთოდი, კერძოდ არაკებით სწავლება უცხოა დასავლური სამყაროსთვის, თუმცა ამგვარი მეთოდი საკმაოდ გავრცელებული და ცნობილი ყოფილა აღმოსავლურ სამყაროში და შუა საუკუნეებისა და აღორძინების ხანის ევროპულ ლიტერატურაში.   მთარგმნელის მოსაზრებით, სულხან-საბას კარგად შეუთვისებია არისტოტელეს მცნება: „იმისთვის რომ კარგად წერო უბრალო ხალხივით ასახე, მაგრამ ბრძენკაცივით იაზროვნე“ [Vivian,1982: XI].

თავად თხზულების თარგმანი შესრულებულია ზუსტად და თანმიმდევრულად. ქეთრინ ვივიანს თარგმნილი აქვს „სიბრძნე-სიცრუისას“ ყველა (152) არაკი. თითოეული არაკის თარგმანში იგრძნობა მთარგმნელის შემოქმედებითი მიდგომა და დედააზრის ზუსტად ასახვის მცდელობა. მას გათვალისწინებული აქვს ნაწარმოების მხატვრულ-კომპოზიციური თავისებურება და მოქმედი პირების განსხვავებული ბუნება[თურნავა, 1983].

ნაწარმოების სათაურის გააზრებასთან დაკავშირებით კი რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ილია ჭავჭავაძეს მიაჩნდა, რომ „საბა ორბელიანის სიცრუე ზღაპარია, არაკია, იგავია“. ოღონდ „ზღაპარი, არაკი, იგავი სიბრძნეც არის და სიცრუეც. სიცრუე თვითონ ამბავია, სიბრძნე შიგ ჩასახული აზრია. ანუ სიბრძნეა სულით, სიცრუე ხორცით. აქ სიცრუე ხატებაა, განსახოვნებაა სიბრძნისა. ილიას აზრით, საბას ამის თქმა უნდოდა: მე ზღაპარს გეუბნები და სიბრძნეს კი გამცნებო“ [ბარამიძე, 1957:143].

ამ მხრივ საინტერესოა ინგლისელი ქართველოლოგის დევიდ მარშალ ლენგის სტატია  „სიბრძნე-სიცრუისას სათაურისთვის“, რომელშიც იგი ცდილობს ავტორის მიერ უცნაური სათაურით გადმოცემული ფარული აზრის ამოცნობას. არსებობს სათაურის გააზრების ორი ვარიანტი: „წიგნი სიბრძნე-სიცრუისა“ და „სიბრძნე-სიცრუისა“, სიტყვა წიგნის გარეშე, რაც პირდაპირ ნიშნავს „სიცრუის სიბრძნეს“.   მეცნიერი ცდილობს, დაასაბუთოს, რომ „სულხან საბა ორბელიანისთვის სიბრძნე და ჭეშმარიტება არ გამოდის სიცრუისგან და არც დაფუძნებულია მასზე. სიბრძნე უფრო სიცრუის საწინააღმდეგო წამალია; ტყუილთან დაპირისპირებით სიბრძნე უფრო ბრწყინვალედ კაშკაშებსო“ [ლენგი,1957:142].

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია თავად წიგნის სათაურის თარგმანი, რომელიც  ქეთრინ ვივიანს თარგმნილი აქვს როგორც „A book of Wisdom and Lies“ („წიგნი სიბრძნისა და სიცრუისა“), ოლივერ უორდროპის მიერ შესრულებული თარგმანის მსგავსად. სათაურის თარგმანთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია რობერტ სტივენსონის მოსაზრებაც, რომელიც მიიჩნევს, რომ სიტყვა „Lies“ (სიცრუე) მნიშვნელობა ძირითადად დაკავშირებულია ზღაპრული მოთხრობებიდან ანუ არაკებიდან მომდინარე სიბრძნესთან. მისივე მოსაზრებით, სათაურის ბუნებრივი ინგლისური თარგმანი იქნებოდა „იგავ-არაკები“ ან „იგავ-არაკების წიგნი“ („Fables“ or “A book of fables”) [ სულხან-საბა....2009:175].

როგორც უკვე აღვნიშნეთ „სიბრძნე-სიცრუისა“ ალეგორიული ხასიათის ნაწარმოებია. ავტორს განზრახ გამოჰყავს მოქმედ პირებად ცხოველები და ფრინველები, რადგან მათში ადვილად შეიცნობა ადამიანის ხასიათი და ბუნება. ავტორის ენა მსუბუქი, ადვილად გასაგები, მოქნილი და დახვეწილია. აზრები სხარტად და მკაფიოდაა გადმოცემული. „სიბრძნე-სიცრუისა“ მდიდარია აფორისტული გამოთქმებით, ვინაიდან ავტორი მათი მეშვეობით ცდილობს დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი პრინციპებისა და თავისი შეხედულებების წარმოჩენას ზნეობის, ერთობის და მეფეთა მოვალეობების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ ნაწარმოები ძირითადად უფლისწულის აღზრდას ეხება, სულხან-საბა დაუნდობლად კიცხავს უვარგის მეფეებს და ლეონის პირით ამბობს:

 „მრავალნი მწყემსნი უმჯობეს არიან უგვანთა მეფეთა“ („სოფლის მაშენებელნი“) [ორბელიანი: 1970: 55].

მოცემული აზრი სრული სიზუსტით არის გადმოცემული თარგმანშიც.

 „There is many a shepherd more worthy than a bad king“ (“Building a village”) [Vivian,1982:28].

წარმატებით არის თარგმანში დაძლეული შემდეგი აფორიზმიც:

„მაძღარი კაცი მომყმარს პურს წვრილად უფშვნეტდა და ზედ დაჰყვედრიდა: რად ღორულად სჭამო“ (“სოფლის მაშენებელნი”) [ორბელიანი, 1970:56)

There is a saying that a man with full stomach gave a few crusts of bread to a starving man, and then upbraided him for gobbling like a pig“  (“Building a village”) [Vivian,1982:28].

მთარგმნელი ცდილობს, დაიცვას სულხან-საბას თხრობის სტილის თავისებურება, რაც გამოიხატება გადმოსაცემი აზრის ხალხურობასა და ლაკონურობაში. სათანადო სტილითა და სისხარტით არის გადმოცემული შემდეგი აფორიზმები:

„რასაც მოძღვარს აღსარება სამოწმოდ გაუხდია, უარესიმც დაემართებაო“ („მოძღვარი მელი“) [ორბელიანი, 1970:48].

When a priest asks for witnesses to a confession, he merits even worse than this!“ („The Fox in Holy Orders“) [Vivian,1982:24].

„ავს კაცს ყოველი კაცი თავისი მსგავსი ჰგონია“ („დიდვაჭარი და მეფუნდუკე“) [ორბელიანი, 1970:249].

An evil man thinks that all men are like himself“ („The Rich Merchant and the Innkeeper“) [Vivian,1982:136].

„ქორი ქორსა სჩეკს და ძერა ძერუკასაო“ (მკალავი და ვირი) [ორბელიანი, 1970:145].

A hawk is hatched from a hawk’s egg, a kite chick from a kite’s“ („The Tinker and the Donkey“) [Vivian,1982:79].

„ცუდად ჯდომას ცუდად შრომა უმჯობეაო“ („ბუღდანელი დიდებული“) [ორბელიანი, 1970:78];

Work ill-done is better than none“ („The Bughdan Nobleman“) [Vivian,1982:42].

„ბედი მომეც და ნეხვთა დამფალო“ („მეფე და ავსიტყვა კაცი“) [ორბელიანი, 1970:62]

Give me a happy fate, then bury me in a dung heap if you will!“ („News of a Dog“) [Vivian,1982:32].

მთარგმნელს ყურადღება გამახვილებული აქვს ისეთ ქართულ სიტყვებზე, როგორებიცაა: არაკი (ქართული ლექსიკონის მიხედვით „სასწავლო ამბავი“- “teaching story”), თოხარიკი (“pacer or ambler”-“იორღა ცხენი”) და მათი განმარტებები ინგლისელი მკითხველისთვის სქოლიოს სახით აქვს წარმოდგენილი.

ასევე მოცემული აქვს ანდაზებისა და საქართველოში არსებული გამოთქმების განმარტებები. მაგალითად, არაკში „ოთხი ყრუ“ – ყადის სიტყვების თარგმანს

„რადგან მთვარე უნახავნ, ნაღარას კარითო“ [ორბელიანი, 1970:49]

 “If you have seen the moon go end beat the drum!“ („The Moon of Ramadan“) [Vivian,1982:25].

 სქოლიოში ახლავს განმარტება, რომ აღნიშნულით უნდა მოხდეს  მარხვის დასრულების გამოცხადება.

ასევე არაკის სათაურს „გრანდუკას შვილი“ – “The Grand Duke’s Son“ დართული აქვს განმარტება, რომ ეს არის იტალიური წოდება, ხოლო არაკის სათაურს „ქოსა და ყადი“ –“The Story of a Beardless Man“ ახლავს განმარტება, რომ ქოსა წარმოადგენს ქართული არაკებისთვის საკმაოდ ცნობილ პერსონაჟს.

მთარგმნელს ასევე  მოცემული აქვს ქართული გეოგრაფიული სახელწოდებების განმარტებანიც, მაგალითად არაკში „მაოხრებელი მკვდარი“ ნახსენები „კლარჯეთის თემის“ მნიშვნელობის ასახსნელად ვივიანი მიუთითებს, რომ ეს არის საქართველოს ყოფილი მხარე, რომელიც თურქეთის მმართველობის ქვეშაა მე-16 საუკუნიდან. ასევე განმარტებული აქვს „სამაიას“ (ქართული ცეკვის სახეობა) მნიშვნელობაც.

რაც შეეხება არაკების სათაურების თარგმნას, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სათაურები თარგმანში ზოგჯერ სახეცვლილი ფორმითაა მოცემული. ზოგიერთი არაკის სათაური შეცვლილია მოთხრობის შინაარსის მიხედვით, ხოლო ზოგიერთი სათაური კი გავრცობილია.

მაგალითად დედანში გვაქვს „ოთხი ყრუ“, ხოლო თარგმანში „The Moon of Ramadan“  ანუ „რამადანის მთვარე“; „კეისრის სპასპეტი“ თარგმნილია, როგორც „Defeated General“,  ანუ „დამარცხებული სარდალი“; „ვლახეთის მეფის ძე“ ინგლისურ ენაზე წარმდგენილია, როგორც „The Ill-Fated King’s Son“ ანუ „უიღბლო მეფის ძე“; „ძუნწი და ოქრო“ თარგმნილია, როგორც „Buried Treasure“  ანუ „დამარხული განძი“; “მეფე და ავსიტყვა კაცი” თარგმანში გადატანილია „News of a Dog“ ანუ „ახალი ამბავი ძაღლის შესახებ“. როგორც ვხედავთ, მოცემული არაკების სათაურები მთარგმნელს შეცვლილი და შერჩეული აქვს თითოეული მოთხრობის შინაარსისა და დედააზრის გაანალიზების შედეგად. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მთარგმნელი მიმართავს სათაურის გავრცობის ხერხსაც. მაგალითად, არაკის სათაურს „ქვის მთლელი“ ინგლისურ თარგმანში დამატებული აქვს სიტყვა „ხარბი“ და გვაქვს „The Grasping Stone-Cutter“ („ხარბი ქვისმთლელი“).

უდავოა, რომ „სიბრძნე-სიცრუისას“ სიუჟეტში ჩართული იგავ-არაკები ნაწარმოების შინაარსს უფრო მოქნილსა და დინამიკურს ხდიან. თხზულებაში ყოველი აზრი კამათით არის განმტკიცებული, რომელიც მიმდინარეობს მოქმედ პირებს შორის. ვინაიდან სულხანი მოღვაწეობდა მეფის კარზე, თავის ნაწარმოებსაც იდეალური, მრავალმხრივ განათლებული უფლისწულის აღზრდა დაუდო საფუძვლად, რომელიც უნდა აღზრდილიყო ახალი ტიპის მასწავლებლის მიერ, ახალი აღმზრდელობითი მეთოდის საფუძველზე“ [ლორთქიფანიძე, 1960:29]. რადგანაც „სიბრძნე-სიცრუისა“ ძირითადად ეხება მეფეთათვის საჭირო სიბრძნეს, შესაბამისად, ავტორი  გვისახავს, თუ როგორი უნდა იყოს მეფე: „მეფეთაგან სამნი უყვარან ღმერთსა: სიმშვიდე, სიმდაბლე და სულგრძელობა. მეფეთაგან სამს დაიმადლებს უფალი: სამართალსა უქრთამოსა, მოწყალებასა და დიდსა სიყვარულსა ყოველთასა.......ესე არს წესი მეფეთა, ესე არს საბოძვარი თემთა, ესე არს გოდოლი სპათა, ესე არს ზღუდე ქალაქთა! [ორბელიანი,1970:80]. ამ მოსაზრებების ინგლისური მკითხველისთვის ზუსტად მიწოდება ფრიად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათში ასახულია სულხან-საბას ხედვა სახელმწიფოს იდეალური მმართველისთვის ანუ მეფისთვის აუცილებელი თვისებების შესახებ.

God loves three things in kings: an even temper, self-restraint and magnanimity. Three things in a sovereign are pleasing to the Lord: impartial justice, clemency and a great love for mankind…….That is the law of kings, that is their gift to their subjects, the citadel of warriors, the ramparts of cities! („The Bughdan Nobleman“) [Vivian, 1982:43].

მთარგმნელს ზედმიწევნით კარგად აქვს გაანალიზებული და გაცნობიერებული სულხან-საბას პათოსი და ნააზრევი, რაც დასტურდება ინგლისურ ენაზე მათი ადეკვატური შესიტყვებების  გამოყენებით. შესანიშნავი შესიტყვება აქვს მოძებნილი „სამართალსა უქრთამოსათვის” „Impartial justice“, რომელიც სიტყვასიტყვით მიუკერძოებელ სამართალს გულისხმობს, ასევე მისასალმებელია სიტვის „king“ ნაცვლად „sovereign“-ის (მონარქი, მმართველი) გამოყენება, რომელიც ტექსტს უფრო მეტ დინამიკურობას მატებს.

მეფის თვისებათა შესახებ მსჯელობისას ავტორი ყოველი თვისების გამოსაკვეთად მიმართავს შედარებას, რათა მკითხველს ნათლად შეაგრძნობინოს მისი ღირსებანი. ყურადღებას იქცევს მეტაფორა: მეფე ფინეზს „სიფიცხლე და უწყალოება ჯავრისანი გულისაგან ღვთის შიშისა ნიავით გაექარვებინა”. “The Fear of God, like a breeze, swept from his mind any impulse towards anger or harshness” [Vivian, 1982:1] თარგმანში დაკარგულია შესიტყვება  „უწყალოება ჯავრისანი“, თუმცა შინაარსი დედანში არსებული აზრის იდენტურია.

მორალური, ზნეობრივი და დიდაქტიკური თემების პარალელურად „სიბრძნე-სიცრუისაში“ ყურადღება გამახვილებულია ასევე კაცთმოყვარეობის, სიკეთის, სიუხვის, სახელმწიფოს ერთიანობისა და მეგობრობის საკითხებზე. არაკში „თათვალი“ ვაზირი სედრაქი აყალიბებს ზოგად ცნებებს მეგობრისა და მეგობრობის შესახებ:

„კარგი ამხანაგი ადვილად არ იშოვების, გზაზედ ცუდად არ იპოვების, იაფად ვერავინ იყიდის; ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია; ამხანაგი ჭირში მომხმარია, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია“ [ორბელიანი, 1970:260].

A good friend is hard to find: he is not met by chance on the road, he cannot be cheaply bought; A good friend is a stronghold watered by a stream, a loft rampart, towering and impregnable; A friend is an ally in time of trouble, a healer in sickness, and will lay down his life for his friend“ (The Indian Bird“) [Vivian, 1982:141].

მოცემულ პასაჟში ავტორისეული ლაკონურობა და სისხარტე დაცულია, თუმცა შესიტყვება „სიკვდილში თავის წამგებია“ შედარებით გავრცობილი ფორმით არის თარგმანში გადატანილი „will lay down his life for his friend“ (მეგობრისთვის თავს გასწირავს), რაც ანელებს თხრობის რიტმს, თუმცა ზუსტად ასახავს მის შინაარსს.

სულხან-საბა  სხარტად გადადის ერთი ამბიდან მეორეზე. მისი თხრობა გამოირჩევა რიტმულობით, რასაც ქმნის სიტყვათა თუ აზრის ვარიაციული გამეორება.  „სიბრძნე სიცრუისას” თხრობის რიტმი ხან ჩქარდება და ხან შედარებით ნელდება, აჩქარებულია, როცა პერსონაჟები ერთმანეთს სიტყვიერად  ეპაექრებიან ან იგავ-არაკებით უსაბუთებენ სათქმელს, მაგრამ თხრობა შედარებით ნელდება,  როცა ლეონი სხვადასხვა მეფისა და ქვეყნის ამბებს  ჰყვება. თხრობას ამრავალფეროვნებს გამოცანებიც. თხრობის მრავალფეროვნებას ქმნის ისიც, რომ “სიბრძნე-სიცრუისაში” პერსონაჟები იგავ-არაკებს ჰყვებიან და მკითხველი მუდმივად მოლოდინის რეჟიმშია. სულხან-საბას ძირითადად აზრის გადმოცემა აინტერესებს. ამიტომაც „სიბრძნე-სიცრუისაში“ იდეურ-თემატურობა გაცილებით წინა პლანზეა, ვიდრე მხატვრულობა, თუმცა იმ მცირე რაოდენობით არსებულ ეპითეტებსა და მეტაფორებშიც კი კარგად ვლინდება მწერლის დიდი მხატვრული შესაძლებლობა, დახვეწილი გემოვნება და ბრწყინვალე გამომსახველობით-აღწერილობითი უნარი [მენაბდე,1953:102].  ამ მხრივ ყურადღებას იქცევს  ისეთი მეტაფორები და ეპითეტები, როგორებიცაა  მაგალითად,  სედრაქის დახასიათებისას გამოყენებული სიტყვა „ამბავტკბილი“, რომლის ინგლისური ანალოგის მოძებნაც, სავარაუდოდ, რთული აღმოჩნდა მთარგმნელისთვის და შემოგვთავაზა მისი განმარტებითი თარგმანი „whose words flowed smooth and sweet“ ანუ „რომლის სიტყვებიც იყო მშვიდი და ტკბილი“. თარგმანში ასევე დაკარგულია შემდეგი მეტაფორაც  „დღესა ერთსა კლიტე გაელმდა”, „he happened to bend the key“ ანუ სიტყვასიტყვით „გასაღები გაეღუნა“.

„სიბრძნე სიცრუისას” თხრობას თავისებურებას მატებს ირონია, რომელიც “იგავ-არაკებში” ვარიაციულად წარმოჩნდება. კონცეფციურად სიცილის ძალა და მნიშვნელობა გამოკვეთილია „მოტირალსა და მოცინარში”, რომელშიც მოცინარი კაცი მოტირალივით უჩივის წუთისოფლის სიმოკლეს, კაცთა უგუნურებას, ამაო და უსარგებლო ქადაგებას, თუმცა მოტირალისგან განსხვავებულ დასკვნას აკეთებს: აწ სიცილს ძალი მივეც, მეც რომ ზრუნვით თავი მოვიკლა, რას მარგია და ან მათი რა სარგებელიაო. ეს მნიშვნელობა ანალოგიურად ჟღერს ინგლისურ თარგმანშიც და არაკში ჩაქსოვილი აზრი ინგლისური მკითხველისთვის გასაგებ ენაზეა გადმოცემული „And now I have taken to laughing; what good will it do to them or to myself, If I give way to despair on their account?“ („Laughter and Tears“) [Vivian,1982:157].

დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად თარგმანი მაღალ დონეზეა შესრულებული. თარგმანის ენა, დედნის ენის მსგავსად უმეტესად ლაკონური და მოქნილია, მასში დაცულია „სულხან-საბას“ სტილი და თხრობის მანერა, თუმცა, არსებობს გარკვეული მეტაფორების ზუსტი ანალოგების მოძიების პრობლემა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ზედმიწევნით ზუსტად არის გადმოცემული ნაწარმოების შინაარსი, რაც  გამომდინარეობს მთარგმნელის მიერ ნაწარმოების ყველა ნიუანსის, კერძოდ, სულხან-საბას მიერ გამოყენებული არქაიზმების, აფორიზმებისა და სენტენციების გააზრებითა და საფუძვლიანი შესწავლით.

ლიტერატურა

ბარამიძე ალ.
1957
„სიბრძნე სიცრუის გარშემო“, მნათობი N 12.
თურნავა რ.
1983
„საბას იგავ-არაკები ინგლისურად“, ლიტერატურული საქართველო, 2 სექტემბერი, 1983 წ.
კრებული
2009
„სულხან-საბა ორბელიანის 350 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული“, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, რედაქტორი ირმა რატიანი, თბილისი.
ლენგი დ.მ
1957
„სიბრძნე სიცრუისას“ სათაურისთვის, მნათობი N 5.
ლორთქიფანიძე ე.
1960
სულხან-საბა ორბელიანი და მისი „სიბრძნე სიცრუისა“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი.
მენაბდე ლ.
1953
„სულხან-საბა ორბელიანი“, მონოგრაფია, გამომცემლობა „საბლიტგამი“.
მერაბიშვილი ი. (A)
2005
პოეტური თარგმანის ლინგვისტიკა, „საქართველოს ბაირონის საზოგადოება“, თბილისი.
მერაბიშვილი ი. (B)
2005
თარგმანი კულტურათა დიალოგი, „საქართველოს ბაირონის საზოგადოება“, თბილისი.
ორბელიანი ს.
1970
„სიბრძნე-სიცრუისა“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი.
Vivian K.
1982
“A BOOK OF WISEDOM AND LIES”, Sulkhan-Saba Orbeliani, Translated from Georgian by Kaharine Viviani, The Octagon Press, London.