ნეოლოგიზმების ფუნქციონირება ფრანგულ და ქართულ მედიადისკურსში

ნეოლოგია და ნეოლოგიზმები საყოველთაოდ გავრცელებულ პროცესს - ახალი სიტყვების შექმნას ან არსებული სიტყვებისათვის ახალი მნიშვნელობის მინიჭების პროცესს შეეხება. ენათმეცნიერებაში ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით არსებობს ფორმისეული ნეოლოგიზმები და სემანტიკური ნეოლოგიზმები. ფორმისეული, ანუ ნეოლოგიზმები, რომლებიც გაჩნდა აქამდე არარსებული რეალიების გაჩენასთან ერთად მათი სახელდების მიზნით და სემანტიკური ნეოლოგიზმები, რაც უკვე არსებული სიტყვებისათვის ახალი მნიშვნელობის მინიჭებას გულისხმობს. ამ ორ ტიპს ემატა მესამე ტიპის ნეოლოგიზმებიც, ანუ ნასესხობები. ჟან-ფრანსუა საბლეროლი ნასესხობებს განიხილავს ნეოლოგიის მესამე ძლიერ მნიშვნელოვან წყაროდ.

ნეოლოგიასთან დაკავშირებით სირთულე იწყება მაშინ, როდესაც დისკურსის ადრესატი (მკითხველი ან მსმენელი) მიზნად ისახავს, გამოარჩიოს ნეოლოგიზმები ამ დისკურსში. მკვლევრის წინაშე დგება ამოცანა, განსაზღვროს, არსებობს თუ არა ამ დონეზე ლექსიკური ერთეულის „ნეოლოგიურობა“. როდესაც უნდა ვიკვლიოთ, არის თუ არა ესა თუ ის ლექსიკური ერთეული ნეოლოგიზმი. რომელი მათგანი უნდა მივიჩნიოთ ნეოლოგიზმად, ლექსიკონში დაფიქსირებული თუ ჯერ კიდევ არ შესული? გაუვიდა თუ არა ყავლი მის ნეოლოგიურობას? ნეოლოგიზმია თუ აპაქსი, ნეოლოგიზმია თუ მეტაფორა ან მეტონიმია? ერთი სიტყვით, კვლევისას გაირკვა, რომ არც ისე ადვილია ლექსიკურ ერთეულთა შექმნის პროცესი და ამ პროცესის შედეგების შესწავლა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ კომუნიკაცია ენის ბუნებრივი დანიშნულებაა, ენის ფუნქციონირების პოსტულატია. ვინაიდან ენა ადამიანების სააზროვნო და საკომუნიკაციო ინსტრუმენტია, ძალაუნებურად ყოველი ჩვენგანი მონაწილეობს ნეოლოგიის პროცესში. ამ პროცესში ბავშვებიც კი არიან ჩართულნი, განსაკუთრებით ენის ადგმის პროცესში, მათ სურთ, გამოხატონ თავიანთი სურვილები და ლექსიკური მარაგის სიმცირეს ივსებენ უნებურად შექმნილი სიტყვებითა და გამოთქმებით. მოზარდები ზოგ შემთხვევაში თავის დასამკვიდრებლად ეწევიან ნეოლოგიზაციას, თხზავენ ახალ სიტყვებს ენის წერითი თუ ზეპირი ნორმების დარღვევით და ამით ქმნიან თავიანთ სამყაროს და ემიჯნებიან უფროსებს. ყველაზე ხშირად ნეოლოგიზაციის პროცესში მონაწილეობენ ზრდასრულები. ეს დაკავშირებულია გამომგონებლობასთან, ახალ ტექნოლოგიებთან, აზროვნების და მხატვრულ, ლიტერატურულ შემოქმედების პროცესთან.

ნეოლოგიის და ნეოლოგიზმების ფუნქციონირების კვლევა აწყდება ისეთივე სირთულეებს, როგორსაც ზოგადად ენის წარმოშობის დადგენა. საუკუნეებია, მეცნიერები დაუღალავად შრომობენ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. 1 მიუხედავად ყოველივე ამისა, უმეტეს შემთხვევაში თითქმის წარმოუდგენელია, ვიპოვნოთ ახსნა სიტყვებისა და, ზოგადად, მეტყველების წარმოშობისა. თუმცა, ენათმეცნიერების ერთ-ერთ აქტუალურ ამოცანად რჩება არსებული ახალი სიტყვების აღწერა და იმის განსაზღვრა, თუ როგორია მათი დანიშნულება სინქრონულ პლანში. ნეოლოგია დამოკიდებულია არა ევოლუციაზე, არამედ კრეაციაზე....განსაზღვრა კონცეპტისა - ნეოლოგია - უმჯობესია სინქრონულ პლანში, ე.ი. ლინგვისტური სისტემის ელემენტთა ურთიერთმიმართების პერსპექტივაში[Guilbert 1973:11]. ნეოლოგიზმების აღნუსხვა და აღწერა ენის განვითარების კონკრეტულ ისტორიულ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენის, არამედ ამ მოცემული ისტორიული ეპოქის დასახასიათებლადაც.

რაც შეეხება ნეოლოგიზმების ასაკს, საშუალო ასაკად მიჩნეული იყო ათი წელი. მაგრამ დღესდღეობით მათი ასაკი გაახალგაზრდავდა: ხუთ წელიწადში ახლი ლექსიკური ერთეული იწყებს ცვეთას [Pruvot, Sablayrolles, 2003:36] მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ნეოლოგიების გაჩენის ტემპი თანდათან მატულობს, რასაც ხელი მრავალმა ფაქტორმა შეუწყო: თავდაპირველად ელექტრონიკისა და, ზოგადად, ტექნიკის, მედიცინის, შემდგომ ინფორმატიკის განვითარებამ, სსრკ-ს დაშლამ, ევროკავშირის შექმნამ, საზღვრების მოშლამ, გლობალიზაციის არნახულმა ტემპებმა და სხვ. ეს, რასაკვირველია, არასრული სიაა იმ მოვლენებისა, რომლებმაც ოცდამეერთე საუკუნეში მიგვიყვანა ნეოლოგიური პროცესის დღევანდელ ტემპამდე. შესაბამისად, ნეოლოგიზმების შექმნა-გაქრობისა თუ ბანალიზაციისათვის შეიცვალა ასაკობრივი კრიტერიუმები. თუმცა დაზუსტებით არც ამის თქმა შეიძლება, რადგან „ნეოლოგიურობის“ სტატუსი ცვლადია ნეოლოგიზმის გავრცელების მასშტაბისა და სისწრაფის მიხედვით“[Sablayrolles, 2006:141-157].

იმისათვის, რომ ენამ შეძლოს შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი სოციალურ აქტში, რაც წარმოადგენს საკომუნიკაციო აუცილებლობას, საჭიროა, მან მოგვცეს საშუალება, შევქმნათ ახალი სიტყვები [Vendryes, 1921]. ყოველმა ცოცხალმა ენამ, რომელიც მიჰყვება საზოგადოების განვითარებას, უნდა დანერგოს ნეოლოგიის ის მექნიზმები, რომლებიც ახალი ლექსიკური ერთეულების შესაქმნელადაა საჭირო. ყოველივე ამას მოითხოვს განათლების პროგრესი და ტექნიკური ტრანსფორმაციები. ეს დინამიკა წარმოშობს საჭიროებას, ლექსიკაში შეიქმნას ლექსიკის განახლების საშუალება, ის, რასაც ენათმეცნიერები „ღია სერიებს“უწოდებენ.

ნეოლოგიზაციის პროცესში უპირატესობა ღია სერიებს ენიჭება. ანდრე მარტინემ დაადგინა განმასხვავებელი ნიშნები გრამატიკულ სიტყვებსა და ლექსიკურ სიტყვებს შორის2. გრამატიკული სიტყვები მიეკუთვნებიან ე.წ. „დახურულ სერიებს“ და ლექსიკური სიტყვები - „ღია სერიებს“. გრამატიკული სიტყვები, ხელსაწყო-სიტყვები3 ნაწილია დახურული სერიებისა, ვინაიდან შეუძლებელია, შეიქმნას ენის განვითარების ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში, მაგალითად, თანწყობის დამამყარებელი კავშირები ან პირის ნაცვალსახელები [Martinet,1968]. მხოლოდ დიაქრონიულ ჭრილში, ენის განვითარების ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, ხდება გარკვეული ცვლილებები გრამატიკულ ლექსიკაში. სამაგიეროდ, ლექსიკური სიტყვები შესაძლოა, შეიქმნას თანდათან, საჭიროების მიხედვით. ეს პროცესი მუდმივია და შეუზღუდავი.

ამით აიხსნება ის, რომ ნეოლოგია ძირითადად ითვალისწინებს ლექსიკურ სიტყვებს, და რომ ნეოლოგიზმები შექმნილია ენის მორფოლოგიური საშუალებებით. ეს უკანასკნელი კლასიკური განმარტებით ფორმისეული ნეოლოგიაა. აქედანვე გამომდინარეობს ის, რომ უკვე არსებულ სიტყვებს ენიჭება ახალი მნიშვნელობები; ეს არის, ძირითადად, ე.წ. სემანტიკური ნეოლოგია. ასევე აღსანიშნავია ნეოლოგიზმები, რომლებიც მომდინარეობს დიალექტიდან ან ენის ძველი ფორმებიდან ნასესხების გზით. უცხო ენებიდან, კონკრეტულად კი ინგლისური ენიდან, ნასესხებ სიტყვებს, ვიზიარებთ რა საბლეროლის შეხედულებას, ცალკე კატეგორიად განვიხილავთ, მათი მასშტაბის გამო. ამავე დროს ანგლიციზმებში, როგორც სხვა ნასესხობებში, ხშირად ხდება სხვადასხვა პროცესის აკუმულაციის ასახვა.

ასეთია ძირითადად ნეოლოგიზმების კატეგორიები, რომელთა შესწავლაც წარმოადგენს ლინგვისტის მიზანს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ნეოლოგიზმები იქმნება და ტესტირებას გადის, მედიასივრცეა, როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული.

ჩვენ მიერ ფრანგულ და ქართულ მედიაში მოპოვებული მასალის მიხედვით გვაქვს საფუძველი, აღვნიშნოთ, რომ ნეოლოგიზმების დიდი უმრავლესობა განეკუთვნება არსებითი სახელებისა და ზმნების კატეგორიას, შედარებით ნაკლებია ნეოლოგიზმები ზედსართავ სახელებში, კიდევ უფრო ნაკლები - ზმნიზედებში.

ნეოლოგიზმთა შორის ცალკე გამოვყოფდით სინტაქსურ ანგლიციზმებს. ისინი ფარულად მკვიდრდებიან ენაში და ამიტომ მეტად სახიფათონი არიან მიმღები ენისათვის. ფრანგულ და ქართულ ენებში ეს არის, ძირითადად, ინგლისური ენისა და მისი ამერიკული ვარიანტისათვის დამახასიათებელი სინტაქსური წყობის კალკირება. მაგ.: ფრანგულ ენაში: en charge de ( in charge of) chargé de , responsable de (ევალება, პასუხს აგებს). Est sous contrôle (under control) est maitrisé (მართულია). Faire sens (to make sense) avoir un sens (აზრის ქონა, მნიშვნელობის ქონა)

მსგავსი პროცესები მიმდინარეობს ქართულ ენაშიც. ქართულ მედიასივრცეში არაერთგზის მოგვისმენია ფრაზა: „დარჩით ჩვენთან“, რაც არ არის ბუნებრივი ქართული სინტაქსური წყობისათვის და წარმოადგენს სინტაქსურ კალკს.

არსებითი სახელების კატეგორიიდან ნეოლოგიზმების უმრავლესობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოადგენს ანგლიციზმებს.

მაგ.: il a mimé le scratch d’un discjockey …à la perfection [Elle edito. P.5 10 aout 2012].

De plus en plus de gens achètent e-book [RFI 11.11.2012. 09 :50].

Un feeling est passé entre eux [yahoo.France. 09.02 2012].

ზემოთ მოყვანილ ფრაზებში მოხსენიებული ანგლიციზმები ლექსიკური ანგლიციზმებია, ე.ი ეს ინგლისური სიტყვები პირდაპირაა შესული ფრანგულ ენაში თავიანთი გამოთქმით, ორთოგრაფიით, მნიშვნელობით, ყოველგვარი ცვლილების გარეშე. თუმცა „გაფრანგულების“ მიზნით მათ გააჩნიათ შესაბამისი არტიკლები და მრავლობითი რიცხვის აღმნიშვნელი ნიშნები. ზოგიერთი ანგლიციზმი ყალბი ანგლიციზმია, როგორიცაა, მაგალითად, სიტყვა pressing ქიმწმენდის მნიშვნელობით. ეს არ არის ინგლისური სიტყვა.ეს არის ყალბი ანგლიციზმი. არსებობს კიდევ „ნახევრად ანგლიციზმები“. ფრანგი ენათმეცნიერი სერკილინი [TV 5. Monde. Merci professeur. 30.03.2009], მაგალითად, ასეთად მიიჩნევს surbooké-ს, და თვლის, რომ ის ინგლისური სიტყვების (overbooking და surbooking) ანალოგიითაა შექმნილი.

ფრანგულ ნეოლოგიზმთა შორის გამოყენების სიხშირის მიხედვით შემდეგ ადგილზე მოდის სიგლები და აკრონიმები. რა თქმა უნდა, ამ მოვლენასაც თავისი ახსნა აქვს. დღევანდელი ცხოვრების დაჩქარებული ტემპი ადამიანებს უბიძგებს, იყვნენ ეკონომიურნი და აზრი მსმენელამდე სწრაფად მიიტანონ. მოქმედებს ეკონომიის პრინციპი. ადამიანის ქცევა ექვემდებარება უმცირესი ძალისხმევის კანონს[Martinet,1970:178-179].

BD,ciné,télé….Aujourd’hui on trouve les héros partout !...Voici votre palmarès [OKAPI. 1 fevrier. 2011. P.27].

veut que 20% des embauches concernent des jeunes issus de ZUS [zone urbaine sensible] [Le Monde. 29.05. 2013].

ქართულ ნეოლოგიზმთა შორის აქა-იქ არის სიგლები, მაგრამ მათი რაოდენობა არ არის დიდი და სიხშირეც შედარებით დაბალია განსხვავებით ფრანგული ენისაგან აქ შპს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება), სგს (საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება) და სხვ. უფრო აბრებსა და დაწესებულებათა სახელწოდებების აღსანიშნავად გამოიყენება.

აბრევიაცია, უმეტესად ტრონკაცია, გვხვდება ყველა ტიპის მედიაში, მაგრამ ძირითადად ახალგაზრდულ პრესაში, როგორიცაა OKAPI და PHOSPHORE . ან ახალგაზრდების მეტყველების ციტირებისას,

en ayant joué durant sa prépa plus de dix heures par jour [Nouvel Observateur. 25-31 oct. 2012.p.9].

Etudes sup: faites les bons choix [OKAPI. 15 jan.2011.p.25].

Tandis qu’Egyptology nous redonne goût au synthé [ELLE. 10 aout 2012.p.31].

ქართულ მედიასივრცეშიც ანგლიციზმების სიუხვე შეიმჩნევა. უმტესად ეს არის ლექსიკური ანგლიციზმები და განსკუთრებით ხშირად ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ტერმინები, როგორებიცაა ლაიქები, სიდი, ვიჯეინგი, ფრაიმქარდი, ლაივი, ვიზუალი, ბლოგი, ბლოგერი, ფლეისტეიშენი, შორთლისტი და ა.შ.:

შემდეგ ვუგზავნით აუტ-ლაინებს გოგონებს [იმედი. 03.02.2012. 22:30].

ლაიქების საშუალებით გამოვლენილი იქნება გამარჯვებული [I არხი.14.02.2012.01 სთ.].

ხანდახან ამგვარ ნეოლოგიზმებს ბრჭყალებშიც ათავსებენ:

...იქნებ იმ ორ ღილაკს დააჭირეს ხელი და მასალები „ფლეშკაზეც“ გადაიტანეს? [საქართველო და მსოფლიო. 7-13 აგვისტო, 2013, N29. გვ.6].

მაგრამ მე არ მგონია, რომ ამის გამო ყოველდღიურად უნდა ვცვალოთ პოლიტიკური „ისტაბლიშმენტი“ [თბილისელები. 15-21 ივლისი, 2013. N29. გვ.9].

უნდა ითქვას, რომ ამ ანგლიციზმების მორფოლოგიური და ფონეტიკური ადაპტაცია უფრო ადვილად ხდება ქართულ ენაში, ვიდრე ფრანგულ ენაში. ფრანგულ ენაში ეს ანგლიციზმები თავდაპირველად გამოითქმის ფრანგული კითხვის წესების მიხედვით და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ხდება მათი სრული ინტეგრაცია. ამის კარგი მაგალითია pipline (გაზსადენი, ნავთობსადენი), რომელსაც აქვს შესატყვისი ფრანგული სიტყვა gazoduc, oleoduc (გაზსადენი, ნავთობსადენი) და იგი ინგლისურად წარმოითქმის, როგორც ‘paiplain და თანაარსებობს შესაბამის ფრანგულ ეკვივალენტებთან და ამავე სიტყვის ფრანგული წაკითხვის ვარიანტთან ერთად. ხშირად ფრანგები მას გამოთქვამენ, როგორც piplin-ს. მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ხდება შეუძლებელი ინგლისური ენიდან ფრანგულ ენაში შემოსული ანგლიციზმის შეცნობა ნასესხებ სიტყვად. ქართულ ენაში ამ ანგლიციზმთა მორფოლოგიური და ფონოლოგიური ადაპტაცია ბევრად უფრო უმტკივნეულოდ და პირველივე ხმარებიდან ხდება.

მაშინდელი ოპოზიციის მოქმედება მიზნად ისახავდა სახალხო პროტესტის თავმოყრას მისი შემდგომი უტილიზაციით [საქართველო და მსოფლიო. 7-13 აგვისტო, 2013, N29.გვ.6].

შესაბამისად ავიღეთ საერთაშორისო დომეინი, რომ შესაძლებელი იყოს საერთაშორისო მომხმარებლისთვისაც [იმედი. ქრონიკა. 10.02. 2012. 20:25].

ქართულ მედიასივრცეში არსებით სახელთა შორის ხშირია ფორმისეული ნეოლოგიზმები, სადაც იცვლება მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში პრუვოს მიერ მოხსენიებული ოთხი მექნიზმიდან (აზრის დამცრობა, აზრის განვრცობა, აზრის შესუსტება და კონტამინაცია) [Pruvost, 2002:32] არცერთი არ გვხვდება. უფრო სიტყვის მეტაფორულ გააზრებასთან გვაქვს საქმე. მაგ., სივრცე (ინტერნეტსივრცის მნიშვნელობით) და კალათა (საექსპორტო და საიმპორტო საქონლის ჩამონათვალის მნიშვნელობით) წმინდა წყლის კალკებია.

ვფიქრობთ, შევქმნათ სივრცე [იმედი. ქრონიკა. 10.02. 2012. 20:52].

ავიღოთ ჩვენი ექსპორტისა და იმპორტის კალათა [თბილისელები. N29 15-21 ივლისი, 2013. გვ.9].

 

ისლამური სამყარო თუ ჩამოყალიბდება სერიოზულ მოთამაშედ [მეორე არხი. არგუმენტების დრო, 11.06.2013. 22:30]. მოთამაშე მეტაფორაა. საქმე გვაქვს ნეოლოგიზმთან. აზრი შეცვლილია. უნდა აღინიშნოს, რომ სულ ცოტა ხნის წინ ამ მნიშვნელობით (მონაწილე პირი) გვხვდებოდა სიტყვა აქტორი.

ახალი რეალიების გაჩენასთან ერთად გაჩნდა ახალი ლექსიკური ერთეულები. მაგ.:

გაემგზავრა მარსმავალი, რომ დაადასტუროს მარსზე სიცოცხლის არსებობა [იმედი. ქრონიკა. 31.12.2012. 15:00].

L’amarissage du laboratoire scientifique modèle……a eu lieu comme prévu, peu après4 [Le Monde. fr.09:34.06.07.2012].

ქართულ მედიაში ისევე, როგორც ფრანგულში ხშირად გვხვდება ნეოლოგიზმები, რომელთა არსებობა თითქმის არაფრით არ არის გამართლებული; ვინაიდან არსებობს მათი ეკვივალენტები ქართულ ენაზე. ნარატივი, ფიგურანტები, მენტალობა, კრეატიულობა, პერფორმანსი, ვიზიტორები - ეს ის ლექსიკური ერთეულებია, რომელთა გარეშეც აზრის გამოხატვა ქართველს არ გაუჭირდებოდა, პირიქით, მათი შესაბამისი ქართული ერთეულები შეიძლება უკეთ გამოხატავდეს აზრს.

ენის ნორმებიდან შემთხვევითი თუ შეგნებული გადახვევა ნეოლოგიზმების შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. სიტყვის არასწორი ფორმის ან ბარბარიზმის ხშირი ხმარების გამო (განსაკუთრებით მედია საშუალებებში) ეს ლექსიკური ერთეულები ნეოლოგიურ ელფერს იძენს და ენაში ამგვარად მკვიდრდება[Pergnier, 1989:80].

Des moules et des frites à volonté:j’hallucine grave!” “C’est nul, lâche-t-elle. Je dis j’hallucine, je dis grave, mais jamais les deux à la fois [Phosphore. Mars. 2002.p.49].

პაციენტების მომართვიანობა გაიზარდა [იმედი. ქრონიკა 01.07.2013. 20:30].

...თქვენი გამინისტრების შემდეგ თქვენი მეუღლე კადრულობს გადაადგილებას საზოგადოებრივი ტრანსპორტით? [საქართველო და მსოფლიო. 7-13 აგვისტო, 2013. N29.გვ.14].

ქართულ ნეოლოგიზმებს გააჩნიათ ერთი თავისებურება: მათ შემოინახეს რუსიციზმების კვალი.

...მბრძანებლის მეუღლე კი ტრამვაით მიდიოდა პრომაკადემიაში [საქართველო და მსოფლიო.7-13 აგვისტო, 2013. გვ.14].

მას ჰქონდა პერედოზირების სინდრომი [მზე. მზესუმზირა. 14:45. 14.02 2013].

ბევრად უფრო კარგი ტრი დეა [3D] [იმედი. ქრონიკა. 21:00. 30.08.2011].

ჟურნალისტების მიერ ხშირად ხდება შემთხვევით თუ შეგნებულად ნორმის დარღვევა. ამგვარი მეტყველება გადამდებია და სწორედ მედია არის ის სივრცე, რომელიც ყველაზე აქტიურად ამკვიდრებს ამ გზით მიღებულ ნეოლოგიზმებს.

ფრანგული ნეოლოგიზმები ზმნების კატეგორიიდან ძირითადად ახალ ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული. გაჩნდა ახალი ზმნები: faxer, textoter, podcaster, chatter, wikifier. ყველა ახალი ზმნა პირველი ჯგუფისაა.

J’ai 5 ans et je tweete déjà [TV 5. 12.04.2012. 19:45].

Ils… googlisent trios lignes sur Camus [Nouvel Observateur.25-31 oct.2012.p.10].

 

სანამ დასერჩავ, დაგუგლავ [რუსთავი 2. იღბლიანი ბორბალი.23.11.2011.11:30].

Je shoppe quoi chez H&M cet automne? [Yahoo.France.Pour Elles.23.08.2013].

სიტყვა Shopping ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდანაა ფრანგულ ენაში დამკვიდრებული. არც faire du shopping არის ახალი. მაგრამ ზმნა shopper (რა თქმა უნდა პირველი ჯგუფისა) კი ნამდვილად ახლახანს გაჩნდა ინტერნეტგვერდებზე.

ფრანგულ ზედსართავთა შორისაა ტრონკაციები:

Il est 4 heures et le vacarme continue autour de Taksim de même que les tirs de grenades lacrymo [Le Monde.fr avec AFP. 01.06.20].

კომპოზიტები:

Multitâches” c’est ainsi que les chercheurs les définissent [Nouvel Observateur p.10. 25-31 octobre 2012].

Des policiers en tenue antiémeute [Le monde. Fr. avec AFP. 01.06.2013].

ანგლიციზმები:

Encore une année “overmegacool » pour lui [OKAPI. 1 février. 2011. p.29].

Depuis quelques jours et pour la première fois en France, Eurolines propose…des liaisons interregionales par autocar toujours avec des tarifs low-cost [Le Figaro.fr. 28 mars. 2011].

Touquet c’est très british [TV 5.télé-matin 09:45. 07.07.2012].

გრაფიკული ინოვაციები :

Nos enfants, ces mut@ants [Le Nouvel Observateur. p.6. 25-31 octobre. 2012].

ტექნოლოგიურ სიახლეებთან დაკავშირებული ნეოლოგიზმებიდან ფრანგული სიტყვათწარმოების წესების დაცვით იქმნება ახალი ზედსართავები:

Vous pouvez retrouver l’historique de son enquête tweetesque sur Storify [Yahoo.fr.06.09.2012].

ქართულ ნეოლოგიურ ზედსართავებში კი ძირითადად შეინიშნება მხოლოდ ინგლისური ლექსიკური ერთეულების გამოყენება, თუმცა, რა თქმა უნდა, ქართული ენისათვის დამახასიათებელი მორფოლოგიური ხერხების გამოყენებით.

ასეთი სერვილისტური დამოკიდებულება არ შეიძლება [ერთსულოვნება. 20:45. 04.07.2012].

ბავშვების ამოხოცვა - კოლატერალური ზარალია [II არხი. არგუმენტების დრო. 11.06.2013. 22:26].

იმდენად ოპრესირებულია ვირუსი, რომ არანაირი რისკი არ არის [საზოგადოებრივი რადიო. ჯანმრთელობა. 23.07.2013.17:30].

გვხვდება კალკირების შემთხვევებიც:

ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქართული სერიალი ასეთი ყურებადი იქნებოდა [იმედი. 30.07.2011. 19:30].

მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ზმნიზედებშიც. ფრანგულ ზმნიზედებში (ნეოლოგიზმებში) ტექნოლოგიური სიახლეების მნიშვნელოვანი გავლენაა:

les scientifiques ont pu reconstituer numériquement le crâne complet du bon roi Henri…[OKAPI. N907 1er février 2011 p.4].

ქართული ზმნიზედები კი, ისევე როგორც ზედსართავები, ძირითადად ანგლიციზმებიდანაა მიღებული:

მისთვის ეს იყო ვიტალურად მნიშვნელოვანი [რადიო-სადგური საქართველოს ხმა. 10.08.2012.13:15].

ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ნეოლოგიზმები გარკვეული შესაბამისი ენობრივი მექანიზმების საშუალებით ფუნქციონირებენ და, ერთი შეხედვით, სისტემურ-კატეგორიულ წესებს მისდევენ, ძნელია რაიმე ზოგადი წესების დადგენა, ასევე რთულია წინასწარ განჭვრეტა იმისა, თუ როდის მოხდება მათი ინტეგრაცია ენაში, იარსებებს თუ არა ესა თუ ის ნეოლოგიზმი დიდხანს, რამდენი ხანი შეინარჩუნებს ნეოლოგიურობის ნიშნებს.

1 2001 წელს ცნობილი გახდა , რომ გენეტიკოსებმა გამოჰყვეს გენი FOXP2. ეს გენი და მისი პოტენციური ფუნქციება, სხვა გენებზე მისი ურთიერთზემოქმედება აღმოჩნდა მთვარი ფაქტორი ენისა და მეტყველებისათვის.[ Gary F.Marcus,Simon E.Fisher Cognitive Science 2003]
2 გრამატიკულ სიტყვები და ლექსიკური სიტყვები ანდრე მარტინეს მიერ შემოტანილი ტერმინებია[Martinet,1968].
3 ესეც ანდრე მარტინე ტერმინია [Martinet,1968].
4 L’amarissage ნიშნავს პლანეტა მარსზე დაჯდომას, რაც ტექნიკურ სიახლეს ასახავს.

 

 

ლიტერატურა

Guilbert L.
1973
Théorie de néologisme. In Cahiers de l’Association internationale des études françaises N25
Martinet A.
1968
La linguistique synchronique. Presses universitaires de France. Paris
Martinet A.
1970
Eléments de linguistique générale. Paris. Armand Colin
Marcus Gary F. Fisher Simon E.
Le point sur FOXP2 : que peuvent nous enseigner les gènes sur la parole et le langage Article repris de Trends in Cognitive Science, vol. 7 (6), Marcus G.F., Fisher S.E., « FOXP2 in focus : what can genes tell us about speech and language ? », p. 257-62, copyright 2003, publié avec l’autorisation de Elsevier. Traduction : J.L. Pourroy, G. Dehaene-Lambert
Pergnier M.
1989
Les anglicismes. Paris. PUF
Pruvost J. Sablyrolle J.F
2003
Les néologisms. “Que sais-je? PUF. Paris
Pruvost J.
2002
Les dictionnaires de langue française. PUF « Que sais-je ? » N3622
Sablayrolles J.F
2006
La néologie aujourdhui. A la recherche du mot : De la langue au discours. Limoges
Vendryes J.
1921
Le langage, introduction linguistique à l’histoire. (réédition Albin Michel.1968)

I არხი.14.02.2012.01 სთ

II არხი. არგუმენტების დრო. 11.06.2013. 22:26.

ერთსულოვნება. 20:45. 04.07.2012.

თბილისელები. 15-21 ივლისი 2013. N29 გვ.9.

იმედი. ქრონიკა. 10.02. 2012. 20:25.

იმედი. 03.02.2012. 22:30

იმედი. ქრონიკა. 10.02.2012.20:52.

იმედი. ქრონიკა. 31.12.2012. 15:00

იმედი. ქრონიკა 01.07.2013 20:30

იმედი. ქრონიკა. 21:00. 30.08.2011.

იმედი. 30.07.2011. 19:30.

მეორე არხი.არგუმენტების დრო 11.06.2013 22:30

მზე. მზესუმზირა. 14:45. 14.02 2013.

საქართველო და მსოფლიო. 7-13 აგვ.2013.N29.გვ.6

საქართველო და მსოფლიო.7--13 აგვისტო 2013.გვ.14.

საზოგადოებრივი რადიო. ჯანმრთელობა. 23.07.2013.17:30

რადიო-სადგური საქართველოს ხმა. 10.08.2012.13

რუსთავი 2. იღბლიანი ბორბალი.23.11.2011.11:30

Elle édito. p.5, 10 aout 2012

ELLE. 10 aout 2012.p.31.

Le Monde. fr.09 :34.06.07.2012 .

Le Monde. 29.05. 2013

Nouvel Observateur. 25-31 oct. 2012.p.6, p.9, p.10

OKAPI. 15 jan.2011.p.25

OKAPI. 1 février. 2011. p.4. p.27, p.29, p.36

Phosphore. Mars 2002.p.49

RFI 11.11.2012. 09 :50

TV 5. Monde. Merci professeur. 30.03.2009

TV 5. 12.04.2012. 19:45

TV5. télé-matin 07.07.2012 09 :45

Yahoo. France. 09.02 2012

Yahoo.sport.14.03.2011

Yahoo. France. Pour Elles. 23.08.2013

Yahoo.fr.06.09.2012