კოლხური და ყობანური კულტურების ურთიერთმიმართების საკითხი სამარხ-კონსტრუქციათა და დაკრძალვის წესის მიხედვით (გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა)

კავკასიის რეგიონში ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარსა და ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში ჩამოყალიბებას იწყებს მრავალი კულტურული არეალი. სამხრეთ კავკასიაში ეს პერიოდი დაკავშირებულია კოლხური, სამთავროს, იორ-ალაზნისპირეთის, განჯა-ყარაბაღის და სხვ. არქეოლოგიური კულტურების არსებობასთან. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიას, აქ ყალიბდება ყუბანისპირეთის, ყობანის და კაიაკენტ-ხოროჩოის სახელით ცნობილი არქეოლოგიური კულტურები. კოლხური და ყობანური კულტურების სასაზღვრო ზოლი ძირითადად კავკასიონის ქედს მიუყვება, რომელიც ბუნებრივ ბარიერს წარმოადგენდა არა მარტო გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში, არამედ წინარე და მომდევნო ეპოქებშიც. ამდენად, არ არის გასაკვირი ის დიდი სიახლოვე, რომელიც კავკასიის ორივე მხარის მოსაზღვრე რეგიონებში შეინიშნება.

კოლხური და ყობანური კულტურების პრობლემურ საკითხთა წრიდან ერთ-ერთი ყველაზე რთული და სადავო მათი იდენტობის პრობლემა რჩება. ამის შესახებ დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა მეცნიერებაში, რისი უპირველესი მიზეზიც, ვფიქრობთ, ის არის, რომ სისტემური ხასიათის კვლევა და ამ კულტურების ყველა კატეგორიის ძეგლთა კომპარატიული კონტექსტით შესწავლა არ ჩატარებულა. კოლხური და ყობანური კულტურების შესწავლა მათი მრავალფეროვანი მატერიალური კულტურის ძეგლთა სრულად და სისტემურად გააზრების გარეშე შეუძლებელია. ის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის წამყვანი მნიშვნელობის არტეფაქტების – თიხის ნაკეთობათა, ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგიის მასალათა –  გვერდით,  კულტურის სხვა ელემენტების სპეციალურ კვლევასაც მოითხოვს.  ასეთ მნიშვნელოვან ელემენტებს სამარხ-კონსტრუქციები და დაკრძალვის წესი წარმოადგენენ, რომლებზე დაყრდნობითაც შევეცადეთ გვეჩვენებინა ის ძირითადი საერთო და განმასხვავებელი ნიშან-თვისებები, რომლებიც კოლხური და ყობანური კულტურების გავრცელების ტერიტორიაზე შეინიშნება.

კოლხური კულტურის არეალში ჩვენ მიერ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამარხთა 9 ძირითადი ტიპის, ხოლო ყობანურ კულტურაში 7 ტიპის გამოყოფა მოხერხდა. მათი საკმაოდ დიდი ნაწილი დამატებით რამდენიმე ქვეტიპს აერთიანებს. ორივე კულტურის სამარხ-კონსტრუქციათა შედარებითი ანალიზისას თითოეული ტიპის კონსტრუქციისა და დაკრძალვის წესის განხილვით შევეცდებით საერთო და განმასხვავებელი ძირითადი ელემენტების განსაზღვრას. პირველ რიგში, შევეხებით სამარხთა იმ ძირითად ტიპებს, რომლებიც ორივე კულტურისათვის საერთო მოვლენას წარმოადგენს და, აგრეთვე, იმ განმასხვავებელ ნიშნებსა თუ ელემენტებს, რომლებიც ამ ტიპებში გვხვდება როგორც კონსტრუქციის, ისე დაკრძალვის წესის თვალსაზრისით.

მარტივი კონფიგურაციის მქონე ორმოსამარხები ორივე არქეოლოგიურ კულტურაში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, რადგან ისინი დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილი. სამარხის ეს ტიპი როგორც გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის, ასევე წინარე და მომდევნო ეპოქების არქეოლოგიურ კულტურათა ერთ-ერთი დომინანტური სახესხვაობა როგორც კავკასიაში, ასევე ოიკუმენეს საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილში ფართოდ გავრცელებული მოვლენაა. მიუხედავად ორმოსამარხების ასეთი ფართო დისტრიბუციისა, კოლხური და ყობანური კულტურების ურთიერთმიმართების კონტექსტში განხილვისას, აშკარა ხდება, რომ მათი რაოდენობიდან და ორივე კულტურის მასშტაბით ფართო დისტრიბუციიდან გამომდინარე, ამ ტიპს ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფუნქცია ეკისრება კოლხური და ყობანური კულტურების თავისებურებათა დადგენის თვალსაზრისით.

კოლხურ კულტურაში ჩვენ მარტივი კონფიგურაციის მქონე ორმოსამარხთა 3 ქვეტიპი გამოვყავით: ა) ოთხკუთხედთან მიახლოებული; ბ) წრიული; გ) ოვალური. ყობანურ კულტურაში მხოლოდ ორი ქვეტიპის გამოყოფა მოხერხდა: ა) ოვალური; ბ) სწორკუთხა.

როგორც ვხედავთ, კოლხური და ყობანური კულტურებისთვის მოყვანილობის მხრივ მხოლოდ ორი ქვეტიპი (ოვალური, სწორკუთა) არის საერთო მოვლენა, ხოლო წრიული ორმოსამარხები მხოლოდ კოლხურ კულტურაში, ისიც მისი გავრცელების დასავლეთ არეალშია (გურია, აფხაზეთი) წარმოდგენილი. ორივე კულტურისათვის დამახასიათებელი ორმოსამარხების ქვეტიპები კოლხურ კულტურაში გვხვდება საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე, როგორც ყობანური კულტურისაგან დაშორებულ (აფხაზეთი, გურია), ასევე სასაზღვრო ზოლში (თლიას სამაროვანი).

რაც შეეხება დაკრძალვის წესს, საერთო ელემენტებთან ერთად ჩვენ აქ რადიკალურად განმასხვავებელ ნიშნებსაც ვხვდებით. საერთო მომენტებიდან გამოსარჩევია ინჰუმაციის წესი, რომელიც ყობანური კულტურის ორმოსამარხთა უმეტეს და კოლხური კულტურის აღნიშნული ტიპის სამარხთა მნიშვნელოვან ნაწილზეა დადასტურებული. პირველ რიგში, ეს ეხება მიცვალებულთა ხელფეხმოკეცილ მდგომარეობაში მოთავსებას, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა გვერდზე. ყობანური კულტურის ზოგიერთ ძეგლზე (კომაროვო, ისტი-სუ) მიცვალებულთა რომელიმე გვერდზე მოთავსება მათი სქესის მიხედვით ხდებოდა. მაგალითად, კომაროვოს სამაროვანზე მამაკაცებს მარჯვენა, ხოლო ქალებს მარცხენა გვერდზე ასვენებდნენ [Абрамова, 1974: 195].

დაკრძალვის მსგავსი წესი გვხვდება თლიას სამაროვანზეც, თუმცა, მარცხენა გვერდზე აქ ხშირად მამაკაცების დაკრძალვა ხდებოდა. საერთოდ, თუ გადავხედავთ ჩვენ მიერ მოყვანილი ძეგლების აღწერილობას როგორც კოლხური, ისე ყობანური კულტურის არეალში ინჰუმაციურ ორმოსამარხებში მიცვალებულთა რომელიმე გვერდზე მოთავსების და მათი თავით რომელიმე მხარეს მოქცევის მკაცრად განსაზღვრული ტრადიცია არ არსებულა.

კოლხური კულტურის ორმოსამარხებს ყობანური კულტურისაგან ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც განასხვავებს. ეს არის მიცვალებულთა კრემაციის წესი, რომელიც კოლხური კულტურის არეალის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილისთვისაა დამახასიათებელი (გუადიხუ). ყობანურ კულტურაში კრემაციის წესი ტერეზესა და ზემო რუთხას აკლდამებისა (დიგორი) და კარაბაშევოს (ყარაჩაი-ჩერქეზეთი) ყორღანული სამარხების გარდა, გვხვდება ეშკაკონის (ყარაჩაი-ჩერქეზეთი), მუკულანისა (ჩეგემის ხეობა, ყაბარდო-ბალყარეთი) და ბულუნგუს (ბაქსანის ხეობა, ყაბარდო-ბალყარეთი) ძეგლებზე, თუმცა, სამარხთა რომელი ტიპია აქ გავრცელებული, ამის თაობაზე ცნობები სამეცნიერო ლიტერატურაში არ გვხვდება [Чеченов, 1969: 38].

მიცვალებულთა კრემაციის წესის გარდა, მეორადი დაკრძალვის რიტუალი, რომელიც გაგრის [Бжания, 1991], წითელი შუქურას [Трапш, 1969], ჯანტუხისა [Шамба, 1990] და ურეკის [მიქელაძე, 1985] ინდივიდუალურ ორმოსამარხებში გვხვდება, საერთოდ არაა ცნობილი ყობანური კულტურის არც მარტივი კონფიგურაციის და არც სხვა ტიპის ორმოსამარხებისათვის. ეს განსხვავება მნიშვნელოვანწილად ნათელყოფს იმ ძირეულ სხვაობებს, რომლებიც კოლხურ და ყობანურ კულტურათა შორის დაკრძალვის წესში არსებობდა და რომელთა უგულებელყოფა მათი ურთიერთდამოკიდებულების კვლევისას დაუშვებელია.

ქვაყრილით დაფარული ორმოსამარხები წარმოდგენილია როგორც კოლხურ, ასევე ყობანურ კულტურებში. კოლხური კულტურის არეალში მსგავსი ტიპის სამარხები 3 სამაროვანზეა გამოვლენილი: თლია (ცხინვალის რეგიონი), ხუცუბანი (აჭარა), ერგეტა I (სამეგრელო), ხოლო ყობანურ კულტურაში - 4 ძეგლზე: ყუმუში (ყარაჩაი-ჩერქეზეთი), მინერალნიე ვოდი (სტავროპოლის მხარე), ნესტეროვსკაია და მუჟიჩი (ინგუშეთი).

კოლხური და ყობანური კულტურების ქვაყრილით დაფარულ ორმოსამარხთა საერთო და განმასხვავებელი ნიშნების განხილვამდე საჭიროა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კოლხური კულტურის მითითებული ტიპის სამარხები ქრონოლოგიური თვალსაზრისით სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნებიან. თლიას სამაროვანზე ისინი წარმოდგენილი არიან როგორც ადრეულ, აგრეთვე მოგვიანო ეტაპზე. ხუცუბნის სამაროვანი, ზოგადად, ასევე ადრეული პერიოდის ძეგლადაა მიჩნეული [იოსელიანი, 1973: 107], ხოლო ერგეტა I მოგვიანო პერიოდს, დაახლოებით ძვ.წ. VII-VI საუკუნეებს, განეკუთვნება [Микеладзе… 1985: 40]. რაც შეეხება ყობანურ კულტურას, აქ ქვაყრილით დაფარული ორმოსამარხები ასევე გვიანდელი პერიოდით, ძვ.წ. VI-V საუკუნეების მიჯნით თარიღდება [Мунчаев, 1963: 202] [Алексеева, 1982: 11].

განხილული ძეგლებისგან დაკრძალვის წესის მხრივ რადიკალურად განსხვავდება ხუცუბნის სამაროვანი (აჭარა), სადაც მიცვალებულთა კრემაციის წესი ყოფილა გაბატონებული. აქ მიცვალებულთა ძვლები სამარხებში არ დაფიქსირებულა, რაც მათი სრული კრემაციით უნდა იყოს განპირობებული. სამარხებში და მათ ირგვლივ დიდი ოდენობით ნახშირის გამოვლენა კი მიცვალებულთა სამარხებშივე კრემაციაზე მიგვანიშნებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ინვენტარის ნაწილზე ცეცხლის ძლიერი კვალი აღმოჩნდა [იოსელიანი, 1973: 112].

მიცვალებულთა კრემაციის წესი დადასტურებულია ყობანური კულტურის ძეგლზე _ ყუმუშის სამაროვანზე. აქ, სამარხის ძირზე, მიცვალებულის დამწვარი ძვლები ცხოველის ძვლებსა და სამარხეულ ინვენტართან ერთად ყოფილა მოთავსებული. ეს ფაქტი გარკვეულ კავშირზე შეიძლება მეტყველებდეს, თუმცა, როგორც აღინიშნა, ქრონოლოგიური დიაპაზონი, რომელშიც აღნიშნული ძეგლებია მოთავსებული, საკმაოდ დაცილებულია ერთმანეთისაგან, რადგან ხუცუბნის სამაროვანი, დაახლოებით, ძვ.წ. I ათასწელულის I მეოთხედს, ხოლო ყუმუში ძვ.წ. VI-V საუკუნეებს განეკუთვნება [Алексеева, 1982: 11]. ასეთი დიდი ქრონოლოგიური და ტერიტორიული დაშორება კი რაიმეს გადაჭრით მტკიცების უფლებას არ გვაძლევს.

ქვაყუთები წარმოადგენს ყობანური კულტურის სამარხ-კონსტრუქციათა ეტალონურ ტიპს და მათი გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა, თუმცა, არ გვხვდება ამ კულტურის დისპერსიის აღმოსავლეთ ნაწილში, თანამედროვე ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ტერიტორიებზე. კოლხურ კულტურაში ისინი წარმოდგენილი არიან ბრილისა და თლიას სამაროვნებზე. აუცილებელად მიგვაჩნია გავაკეთოთ აღნიშნული ტიპის სამარხთა დისპერსიის ზონების მოკლე გეოგრაფიული მიმოხილვა. კოლხურ კულტურაში ისინი მხოლოდ მთიან მხარეში, თანამედროვე რაჭისა (ბრილი) და ცხინვალის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილშია (თლია) წარმოდგენილი. როგორც ჩანს, ამ რეგიონებში ხელსაყრელი ბუნებრივი რესურსების არსებობა აღნიშნული ტიპის სამარხ-კონსტრუქციათა გამოყენებას უწყობდა ხელს, თუმცა, ყობანური კულტურისაგან განსხვავებით, მას არ ჰქონდა დომინანტური როლი.

ბრილის სამაროვანზე გამოვლენილი ქვაყუთები ადგილობრივი ფილაქვებისაგან უნდა იყოს შედგენილი, რომლის მასალაც სამაროვნის მახლობლად, რამდენიმე ასეულ მეტრში, მდებარეობს და მისი მოპოვება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში დიდ სირთულეებთან არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. მთარაჭასთან ბუნებრივ-გეოგრაფიულ სიახლოვეს თუ გავითვალისწინებთ, თლიას სამაროვანზე დაკრძალულ ინდივიდთა სოციუმს ქვაყუთების მოსაწყობად საჭირო მასალა აგრეთვე სამაროვნის სიახლოვეს უნდა მოეპოვებინა, რომელთა დამუშავებაც შესაძლოა ადგილზევე ან უაშუალოდ სამაროვანზე ხდებოდა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ყობანური კულტურის არეალში ქვაყუთების გავრცელების გეოგრაფიული პრინციპი. აღნიშნული კულტურის ცენტრალური ვარიანტის მთიან მხარეში მდებარეობს ზემო რუთხის, ადაიდონისა (დიგორი) და ყობანის სამაროვნები (ყობანის ხეობა, ოსეთი), ხოლო დასავლეთ ნაწილში ქვაყუთები ძირითადად მთისწინა ზოლშია კონცენტრირებული. ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით წარმოდგენილი არიან თანამედროვე სტავროპოლის მხარის სამხრეთ ნაწილში, ქ. კისლოვოდსკსა და მის შემოგარენში.

ე. კრუპნოვი ხაზს უსვამდა ყობანური კულტურის დასავლეთ ვარიანტში გამოვლენილ ქვაყუთების განსხვავებას ყობანის სამაროვნისაგან და ამ განსხვავებას ლოკალური ვარიანტების დამახასიათებელ ნიშნებად მიიჩნევდა. ეს განსხვავება გამოიხატებოდა იმაში, რომ დასავლეთით უმეტესად კვადრატთან მიახლოებული, ხოლო ყობანის სამაროვანზე წაგრძელებული მოყვანილობის ქვაყუთები იყო გავრცელებული [Крупнов, 1960:77].

ე. კრუპნოვის ზემოთ მოყვანილი მოსაზრება ახალგამოვლენილი ძეგლების ფონზე შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს, რადგან ყობანური კულტურის დასავლეთ ნაწილში მრავლად გამოვლინდა წაგრძელებული მოყვანილობის ქვაყუთებიც (სულთან-გორა, ბერეზოვკა III, ისპრავნაია, ინდუსტრია I და სხვ.). ამის მიუხედავად, კვადრატთან მიახლოებული ფორმის სამარხთა სიჭარბე შესაძლოა, მართლაც გარკვეულ ლოკალურ მოვლენაზე მიგვანიშნებდეს, რომელიც დღევანდელი ოსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ადაიდონის სამაროვნისთვისაა დამახასიათებელი.

კოლხური და ყობანური კულტურების ქვაყუთებში გავრცელებული დაკრძალვის წესი გარკვეული ერთგვაროვნებით ხასიათდება. ეს გამოხატულია მიცვალებულთა ინჰუმაციის წესში: მათ მოხრილ მდგომარეობაში, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე მოთავსებულებს მარხავდნენ.

აღსანიშნავია, რომ კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ორივე მხარის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ძეგლებზე ქვაყუთებში მიცვალებულთა ზურგზე, გაშოტილ პოზაში დასვენების ფაქტი დადასტურებული არ არის. მარჯვენა გვერდზე მოთავსების შემთხვევები სჭარბობდა თლიას სამაროვნის ქვაყუთებში, მსგავსად ყობანისა და ადაიდონის სამაროვნებისა, თუმცა, აქაც გვხვდება მარცხენა გვერდზე დაკრძალვის ფაქტი. მსგავსი სიტუაციაა ყობანური კულტურის დასავლურ ვარიანტში, სადაც აღსანიშნავია შემდეგი სახის თავისებურებანი: თუ კოლხური და ყობანური კულტურების ქვაყუთების შემცველ ძეგლთა უმრავლესობაზე მიცვალებულის რომელიმე გვერდზე მოთავსება სქესის მიხედვით არ ხდებოდა (მარჯვენა გვერდზე უპირატესად მამაკაცები არიან დაკრძალული), ბელორეჩენსკის სამაროვანზე ეს მკაცრად იყო განსაზღვრული და მარჯვენა გვერდზე მხოლოდ მამაკაცებს, ხოლო მარცხენაზე ქალებს ათავსებდნენ [Дударев, 1978: 124-125]. ბრილის სამაროვანზე ქვაყუთებში ასევე ძირითადად მამაკაცებს მარხავდნენ. ერთ-ერთ ქვაყუთში დაფიქსირდა ქალისა და მამაკაცის წყვილად დაკრძალვის ფაქტიც [საქართველოს... 1959: 196-197].

ბრილის სამაროვანზე მიკვლეულ ქვაყუთს, რომელიც მამაკაცისა და ქალის წყვილად სამარხს წარმოადგენდა, ანალოგიები ეძებნება ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ ისპრავნაიას სამაროვნის #10 და #13 სამარხებში. ბრილის აღნიშნული სამარხის ზუსტი თარიღი ჩვენთვის უცნობია, ამიტომ რაიმე კავშირზე საუბარი ამ ეტაპზე შეუძლებელია. წყვილადი სამარხები ჩვენ მიერ ზემოთ განხილულ ჩრდილოეთ კავკასიის მრავალ ძეგლზეა დადასტურებული, თუმცა, არა ქვაყუთის ტიპის სამარხებში. ბრილისა და ისპრავნაიას წყვილადი სამარხები ჩვენ საოჯახო განსასვენებლებად მიგვაჩნია. ამავე კატეგორიისა უნდა იყოს თლიას სამაროვნის #129 სამარხი, რომელიც, მართალია, ქვაყუთს არ წარმოადგენს, თუმცა იმეორებს ისპრავნაიას სამაროვნის წყვილად სამარხებში დადასტურებულ დაკრძალვის წესს [Техов, 1985: 19-20].

ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში ჩვენ მიერ გამოყოფილ იქნა ქვაყუთების 3 ქვეტიპი. ასეთი მრავალფეროვნება კოლხური კულტურისათვის უცნობია და აქ ქვეტიპების გამოყოფა არ ხერხდება, თუმცა, მოწყობის ტექნიკის თვალსაზრისით შეინიშნება გარკვეული სხვაობები.

როგორც დავინახეთ, ქვაყუთებს ყობანური კულტურის სამარხთა ტიპებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავთ, განსხვავებით კოლხური კულტურისაგან, სადაც ისინი ლოკალური დისპერსიით ხასიათდებიან და მხოლოდ ორ სამაროვანზე არიან წარმოდგენილი (თლია, ბრილი).

ყორღანული სამარხები გვიანბრინჯაო-ადრერკინის ყობანური კულტურის საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე გვხვდება, რასაც ვერ ვიტყვით ჩრდილო-დასავლეთ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე, სადაც ისინი მხოლოდ  საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გორაძირის სამაროვანზე არიან გამოვლენილი. ძეგლის გამთხრელები გორაძირის ყორღანულ სამარხებს, სამარხეული ინვენტარის საფუძველზე ძვ.წ. VIII ს-ის II ნახევრით ათარიღებენ [გოგაძე..., 1981: 21]. ყობანურ კულტურაში ამავე პერიოდითაა დათარიღებული სამარხები, რომელთა მოწყობის ტექნიკაშიც შეიმჩნევა ადგილობრივი მოსახლეობისა და უცხო კულტურული ელემენტების შერწყმის მცდელობა. ესენია ზაიუკოვოსა და კამენომოსტის ყორღანული ყრილის ქვეშ მოქცეული ქვაყუთები [Чеченов, 1969]. ძვ.წ. VI-V საუკუნეების ყორღანული სამარხები წარმოდგენილია კარაბაშევოს, მუჟიჩის, ნესტეროვსკაიასა, ანი-ირზოსა და ბოისი-ირზოს ძეგლებზე. დაკრძალვის წესი აღნიშნულ სამაროვნებზე თითქმის ერთმანეთის იდენტურია, გარდა კარაბაშევოს სამაროვანზე მიკვლეული სამარხისა, სადაც ა. ალექსეევა კრემაციის წესის არსებობას ვარაუდობდა [Алексеева, 1982: 12].

     კრემაციის წესი დადასტურებული არის გორაძირის სამაროვანზეც, თუმცა, ინდივიდუალურ ორმოსამარხებში და არა ყორღანულ სამარხებში [გოგაძე..., 1981: 8]. უნდა აღინიშნოს, რომ გორაძირის ყორღანებში ცეცხლის კვალი იქნა დაფიქსირებული, რაც ხის დანახშირებულ ფრაგმენტებში გამოიხატებოდა. მკვლევრებმა ეს ფაქტი ხის კონსტრუქციის არსებობით ახსნეს, რომელიც სამარხი კამერის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა [გოგაძე..., 1981: 7]. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია გორაძირის კავშირი კარაბაშევოს სამაროვანთან, სადაც სამარხი კამერა მოწყობილი იყო ყორღანული ყრილის ცენტრში და კედლები ფილაქვებით ჰქონდა ამოყვანილი, ხოლო ძირი რიყის ქვებით მოწყობილი. სამარხის კამერის გარდა, დიდი ოდენობით ნახშირისა და ნაცრის კვალი გამოვლენილა უშუალოდ ყრილშიც [Алексеева, 1982: 12].

გორაძირის სამაროვნის ყორღანული სამარხების ცუდი დაცულობა კარაბაშევოს სამაროვანთან კიდევ უფრო დეტალური კავშირის გამოვლენის საშუალებას არ გვაძლევს, თუმცა, საერთო ელემენტები საკმაოდ მრავლადაა. აქვე კვლავ უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ გორაძირისა და კარაბაშევოს ყორღანები ერთმანეთის ასინქრონულია, პირველი ძვ.წ. VIII საუკუნის II ნახევრით, ხოლო მეორე ძვ.წ VI-V საუკუნეებითაა დათარიღებული, რაც გამორიცხავს მათი შემქმნელი მიკროკულტურული ერთობის წარმომადგენელთა შორის პირდაპირ კავშირს.   

თვალს თუ გადავავლებთ ყორღანული სამარხების გავრცელების რუკას, დავინახავთ, რომ ისინი თავმოყრილი არიან თითქმის ყველა გეოგრაფიულ ზონაში. ზოგადად, აღნიშნული ტიპის სამარხების გავრცელება ყობანური კულტურის მოგვიანო პერიოდს ემთხვევა და დაკავშირებულია ე.წ. სკვითურ ექსპანსიასთან, რომელთა კულტურული ელემენტებიც ადრეული რკინის ხანის თითქმის მთელ კავკასიაშია დადასტურებული, არა მარტო მრავალრიცხოვანი სამარხეული ძეგლებითა და დაკრძალვის რიტუალით, არამედ სხვა სახის არქეოლოგიური მასალითაც.

სკვითური ტიპის მატერიალური კულტურის ნიმუშები განსაკუთრებით მრავლად გვხვდება ყობანურ კულტურაში, სადაც ისინი ძვ.წ. VII-V საუკუნეებით დათარიღებულ ძეგლებზე საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ. სკვითური ტიპის არქეოლოგიური მასალა ასევე დიდი ოდენობით გვხვდება კოლხური კულტურის ძვ.წ. VII-VIO საუკუნეების სამარხების შემცველ ძეგლებზე. როგორც მთიან ზოლში, ასევე დაბლობ და ზღვისპირა ადგილებში ბევრია ისეთი ძეგლი, რომლებზეც დადასტურებულია კოლხური და სკვითური ელემენტების თანაარსებობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია თლიას, ბრილისა და ყულანურხვას სამაროვნები, სადაც თვალნათლივ ჩანს მათი ურთიერთმიმართება. მაგალითად,  როგორც მ. თრაფში შენიშნავს, ყულანურხვას სამაროვანზე გამოვლენილი 12 სამარხიდან, რომელთაგან ერთი ცხენის სამარხს წარმოადგენდა, 9 სამარხი (## 1-3, 6-9, 11, 12) კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელი, ხოლო 3 (##@4, 5, 10) სკვითური ელემენტების შემცველი ყოფილა. ეს ფაქტი მას მცირე ტერიტორიაზე ორი განსხვავებული კულტურულ-ეთნიკური ჯგუფის თანაარსებობის დამადასტურებლად მიაჩნდა [Трапш, 1962: 76-78].

ყულანურხვას სამაროვანთან მიმართებით საინტერესოა თლიასა და ბრილის ძეგლები. თლიას სამაროვნის მრავალრიცხოვანი სამარხებიდან, ძვ.წ. VII-VI საუკუნეების ფენაში განსაკუთრებით ბევრია სკვითური წარმოების მასალა, რომელიც, პირველ რიგში, საბრძოლო იარაღითაა წარმოდგენილი. ბრილის სამაროვნის ძვ.წ. VII-VI საუკუნეების სამარხებშიც ძირითადად საბრძოლო იარაღი არის სკვითური ნიშნების მატარებელი.

აქვე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თვალს თუ გადავავლებთ ყობანური კულტურის ძვ.წ. VII-V საუკუნეების სამარხეული ძეგლებიდან მომდინარე არქეოლოგიურ მასალას, დავინახავთ, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში ძირითადად საბრძოლო იარაღია სკვითური წარმომავლობის, ხოლო კერამიკა, სამკაული და სხვა სახის ნივთები ადგილობრივი წარმოებისაა.

კიდეებზე ქვებით შემოწყობილი ორმოსამარხები შედარებით მცირე ტერიტორიული დისტრიბუციით ხასიათდება. კოლხური კულტურის სამაროვნებიდან მსგავსი სამარხები დადასტურებულია თლიასა და გაგრის ძეგლებზე, ხოლო ყობანურ კულტურაში  _ ულუბაღანალზე. ულუბაღანალის აღნიშნული ტიპის სამარხებზე მსჯელობა მხოლოდ ზედაპირული ცნობების მეშვეობით შეგვიძლია და კოლხური კულტურის სამაროვნებთან პარალელების გავლება საკმაოდ რთულია. ამის მიუხედავად, დაკრძალვის წესზე საუბრისას ჩვენ შეგვიძლია ზოგადი კავშირის გამოვლენა, რაც სამივე სამაროვანზე აღნიშნული ტიპის სამარხებში მიცვალებულის ინჰუმაციის წესითაა გამოხატული [Ковалевская, 1984: 34-35]. გაგრის სამაროვანი, რომელიც კოლხური კულტურის ადრეულ ეტაპს განეკუთვნება, შედარებითი ტერიტორიული სიახლოვის მიუხედავად, ქრონოლოგიურ კავშირში არ არის ულუბაღანალის სამაროვანთან, რომელიც ვ. კოვალევსკაიას მიერ ძვ.წ. VII საუკუნის მესამე მეოთხედითა და ძვ.წ. VI საუკუნის დასაწყისით არის დათარიღებული [Ковалевская, 1984: 49].

კიდეებზე ქვებით შემოწყობილი ორმოსამარხების გავრცელება გეოგრაფიული კუთხით საკმაოდ მრავალფეროვანია და გვხვდება, როგორც მთიან (თლია) და ზღვისპირა (გაგრა), აგრეთვე მთისწინა ზოლში (ულუბაღანალი), რაც გამორიცხავს ამ ტიპის სამარხთა დისტრიბუციის კავშირს გარკვეულ ბუნებრივ-კლიმატურ პირობებთან. ქრონოლოგიური და ტერიტორიული დაცილება ასევე არ მიგვანიშნებს აღნიშნული ტიპის სამარხებში დაკრძალულ ინდივიდთა პირდაპირ კულტურულ კავშირებზე. ამავდროულად, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სამივე ძეგლზე ქვებით შემოწყობილი სამარხები სხვა ტიპის სამარხთა გვერდით არიან წარმოდგენილი და შედარებით მცირერიცხოვნობით ხასიათდებიან, მათ ლოკალური მნიშვნელობა ენიჭებათ. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ერთ სამაროვანზე დაკრძალვის წესის ერთგვაროვნების მიუხედავად, სამარხ-კონსტრუქციათა კონსტრუირების ერთიანი ტრადიცია არ ყოფილა გავრცელებული.

კოლხური და ყობანური კულტურების არეალში გავრცლებული სხვა ტიპის სამარხი-კონსტრუქციები ერთმანეთთან ნაკლებ კავშირს ავლენს. კოლხურ კულტურაში მეხუთე ტიპად გამოყოფილი ხის ფიცრებით კონსტრუირებული სამარხები, რომლებიც მხოლოდ თლიას სამაროვანზე გვხვდება (## 129, 293, 300, 301) [Техов, 1985], გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს ყობანური კულტურის ძეგლებთან. პირველ რიგში, მუჟიჩის სამაროვნის #6/70 სამარხთან, რომლის კონტურებს ნახშიროვანი ზოლი გასდევდა. აღნიშნული ფაქტი რ. მუნჩაევმა ხის კედლების არსებობის მანიშნებლად მიიჩნია [Мунчаев, 1963: 144].

კოლხური და ყობანური კულტურების ურთიერთმიმართების თვალსაზრისით საინტერესოა კოლექტიური სამარხების გავრცელების საკითხი. კოლხურ კულტურაში ჩვენ გვხვდება კოლექტიური სამარხი-ორმოები, თუ დასაკრძალავი მოედნები, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში _ სამარხი-აკლდამები (ზემო რუთხა, ტერეზე). ჩრდილოეთ კავკასიის აღნიშნული კოლექტიური სამარხები ყობანური კულტურის ადრეულ საფეხურს განეკუთვნებიან, ხოლო კოლხურ კულტურაში ისინი ძვ.წ. X საუკუნიდან იჩენენ თავს და აღნიშნული ტიპის სამარხების შემცველ ძეგლთა უმრავლესობა, ქრონოლოგიურად ძვ.წ. VIII-VI საუკუნეებს შორის თავსდება.

ყობანურ კოლექტიურ სამარხ-აკლდამებსა და კოლხურ სამარხ-ორმოებს  აქვთ ერთი საერთო ნიშანი. ესაა მიცვალებულთა ნაწილობრივი თუ სრული კრემაცია. აღნიშნული წესი დადასტურებულია ტერეზეს ორ სამარხ-აკლდამასა და ზემო რუთხას სამაროვანზე. დასავლეთ ამიერკავკასიაში კი ისინი მოიცავენ შემდეგ ძეგლებს: ნიგვზიანი, ურეკი, ჯანტუხი, მერხეული, ფიჩორი, პალური. კოლხური ძეგლებისაგან განსხვავებით, ჩრდილოეთ კავკასიის კოლექტიური სამარხები შედარებით უკეთ არიან დაცული. ამას ქვის კონსტრუქციის არსებობაც განაპირობებდა, რაც კოლხურ კულტურაში მხოლოდ ბრილის სამაროვანზეა დადასტურებული [საქართველოს... 1959: 190].

კოლხური კულტურის კოლექტიურ სამარხ-ორმოებში გავრცელებული დაკრძალვის წესის სრული სურათის რეკონსტრუქცია დღესდღეობით შეუძლებელია, რასაც, როგორც აღვნიშნეთ, ბუნებრივ-კლიმატური პირობების გამო ძეგლების ცუდი დაცულობა განაპირობებს. ყობანური კულტურის ძეგლებზეც (ტერეზე, ზემო რუთხა) დაკრძალვის წესის აღდგენა ასევე საკმაოდ პრობლემატურია. გამონაკლისს წარმოადგენს ტერეზეს სამაროვნის #3 სამარხი-აკლდამა, რომელიც ინჰუმაციურ, წყვილად სამარხს წარმოადგენდა [Козенкова, 2004:60-63]. მას პარალელები არც თვითონ ყობანური, და არც კოლხური კულტურის სხვა ძეგლებზე არ მოეპოვება.

კოლექტიური სამარხი-ორმოების და სამარხი-აკლდამების ურთიერთმიმართების თაობაზე მსჯელობა ზემოთ მოყვანილი ფაქტორების გამო საკმაოდ რთულია. მხოლოდ კრემაციის წესი კი არ არის საკმარისი აღნიშნული ტიპის სამარხებში დაკრძალულ ინდივიდთა შორის პირდაპირი კავშირის დასამტკიცებლად. სამარხ-კონსტრუქციათა მოწყობისა და დაკრძალვის წესის სხვა ელემენტებით  კავკასიონის ქედის ორივე მხარის ამ ტიპის სამარხთა შემცველი ძეგლები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მიგვაჩნია, რომ ყობანური კულტურის მხოლოდ ორი ძეგლის მეშვეობით შეუძლებელია ამ საკითხზე გადაჭრით მსჯელობა და საჭიროებს შედარებით უფრო მრავალრიცხოვან მატერიალურ ძეგლს, რათა მოხდეს აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა.

კოლხურ კულტურაში გავრცელებული სხვა ტიპის სამარხი-კონსტრუქციები ასევე ნაკლებად ან საერთოდ არ არიან წარმოდგენილი ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში. ეს ეხება კიდეებზე ქვებით შემოწყობილ სამარხებსა და ოსუარიუმებს. პირველი სამარხის ტიპი ხასიათდება მიცვალებულთა ინჰუმაციის წესით და ამ მხრივ ყობანური ძეგლებისაგან ნაკლებად განსხვავდება. ოსუარიუმი, როგორც სამარხის ტიპი, უცხოა ჩრდილოეთ კავკასიისათვის. ასევე უცხოა მასში შესრულებული მიცვალებულთა დაკრძალვის წესი. თუმცა, ოსუარიუმი თვით კოლხურ კულტურაშიც ლოკალური გავრცელებით ხასიათდება და წარმოდგენილია მხოლოდ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე (ეშერა, ვერეშჩაგინის გორა, წითელი შუქურა, პრიმორსკოე, ზვანდრიფში). ოსუარიუმების მსგავსად, ლოკალურ მოვლენას წარმოადგენდა კრომლეხი, რომელიც მუჟიჩის სამაროვანზე გვხვდება და უცნობია სხვა ძეგლებისათვის. ამავდროულად, დაკრძალვის წესის მხრივ, კრომლეხიანი სამარხები არ განსხვავდებიან მუჟიჩის სამაროვნის სხვა ტიპის სამარხებისაგან.

როგორც დავინახეთ, კოლხური და ყობანური კულტურების არეალში გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამარხები ტიპობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება. როგორც ჩრდილო-დასავლეთ ამიერკავკასიის, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში გვხვდება ორივე მხარისათვის საერთო და განსხვავებული ტიპის სამარხი-კონსტრუქციები. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება დაკრძალვის წესის მხრივაც.

უძველესი წერილობითი წყაროების ფონზე გასაკვირი არ უნდა იყოს საკვლევი რეგიონის სამარხეულ ძეგლებს შორის დაფიქსირებული არაერთგვაროვნება სამარხ-კონსტრუქციათა მოწყობისა და მიცვალებულთა დაკრძალვის ტრადიციაში. ყოველ ტომს თუ სხვა სახის ერთეულს რწმენა-წარმოდგენათა თავისებური ელემენტები უნდა ჰქონოდა, რაც ნათლადაა ასახული კოლხური და ყობანური კულტურების არეალში გამოვლენილ სამაროვნებზე. ეს განსაკუთრებით თვალში საცემია კოლხურ კულტურაში, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში ასეთი მრავალფეროვნება ნაკლებად იგრძნობა.

ზემოთ განხილული კოლხური და ყობანური კულტურების სამარხეული მონაცემების ურთიერთმიმართებითი ანალიზი ხაზს უსვამს ამ ორი კულტურის თვითმყოფადობას და, ამავდროულად, მათ შორის მჭიდრო კავშირს, რაც ტერიტორიული და გარკვეული კულტურული სიახლოვითაც უნდა ყოფილიყო განპირობებული. ეს სიახლოვე და კულტურული ერთიანობა თვალნათლივ ჩანს არქეოლოგიური მასალის ნაწილის თვალსაზრისით, თუმცა, ჩვენ მიერ განხილული სამარხი-კონსტრუქციები და დაკრძალვის წესი მსგავსი ერთიანობის დამამტკიცებლად არ გამოდგება, მაგრამ მიანიშნებს იმ დიდ კავშირებზე, რომლებიც კავკასიონის ორივე მხარის არქეოლოგიურ კულტურებს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში ჰქონდათ.    

 

ლიტერატურა

გოგაძე ე., დავლიანიძე ც.
1981
გორაძირი, თბილისი
იოსელიანი ა.
1973
ნარკვევები კოლხეთის ისტორიიდან. თბილისი.
მიქელაძე თ.
1970
კოლხეთის ადრერკინის ხანის სამაროვნები. კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები. II. თბილისი.
საქართველოს...
1959
საქართველოს არქეოლოგია. თბილისი.
Абрамова М.
1974
Памятники горных районов Центрального Кавказа рубежа и первых веков нашей эры. — Археологические исследования на Юге Восточной Европы. М.,
Алексеева Е.
1982
Памятники позднекобанского времени на территории Карачаево- Черкесии. – Проблемы археологии и этнографии Карачаево-Черкесии. Материальная и духовная культура. Черкесск.
Бжания Д.
1991
Древний могильник в Гагре. Сухуми.
Дударев С.
1978
Работы Кисловодского отряда. – АО 1977
Ковалевская В.
1984
Кавказ и Аланы. Москва
Козенкова В.
2004
Биритуализм в погребальном обряде древних "кобанцев". Могильник Терезе конца XII -VIII в. до н.э. (Материалы по изучению историко-культурного наследия Северного Кавказа. Выпуск V). - М.: "Памятники исторической мысли".
Крупнов Е.
1960
Древняя история Северного Кавказа. Москва.
Микеладзе Т.
1985
Итоги Полевых Исследований Колхидской Экспедиции. Полевые Археологические Исследования в 1982 Году. Тбилиси.
Мунчаев Р.
1963
Древности Чечено-Ингушетии. Москва
Техов Б.
1985
Тлийский могильник, III (комплексы второй половины VII в. до н.э.). Тбилиси.
Трапш М.
1962
Памятники колхидской и скифской культур в селе Куланурхва Абхазской АССР. Сухуми.
Трапш М.
1969
Труды: т. 2. Древний Сухуми. Сухуми.
Чеченов И.
1969
Древности Кабардино-Балкарии. Нальчик
Шамба Г.
1990
Археологические памятники верховья реки Галидзга (Джантух). Тбилиси.