მულტფილმის თარგმნის თავისებურებები („მადაგასკარის“ ქართული თარგმანის მაგალითზე)

აუდიო-ვიზუალური თარგმანის მთავარ სახეობებს დუბლირება და სუბტიტრები წარმოადგენს. თითოეული მათგანი სხვადასხვა დონეზე „ერევა" საწყის ტექსტში. მაგალითად, დუბლირება არის მეთოდი, რომელიც საკმაოდ უცვლის სახეს წყაროტექსტს და მიმღები პუბლიკისათვის ნაცნობად აქცევს მას ე.წ.  „მოშინაურების" („domestication") გზით.  ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც "უცხოური დიალოგის მორგება ხდება მსახიობის  პირსა და მოძრაობაზე და მაყურებელს უჩნდება გრძნობა, რომ მსახიობი მიმღებ ენაზე ლაპარაკობს". "the foreign dialogue is adjusted to the mouth and movements of the actor in the film and its aim is seen as making the audience feel as if they were listening to actors actually speaking the target language".  [Dries, J.1995:9]

სუბტიტრი სინქრონიზებულ თარგმანს გვთავაზობს ტექსტის სახით, რომელიც, ძირითადად, ეკრანის ქვემოთ არის მოთავსებული  და  ნაკლებად ცვლის საწყის ტექსტს. მაყურებელი მას აღიქვამს, როგორც „უცხო ტექსტს".

ცნობილია, რომ  ბავშვები გახმოვანებულ მულტფილმს ანიჭებენ უპირატესობას. ალბათ იმიტომ, რომ მულტფილმის ყურება მათთვის გართობის ერთ-ერთი სახეობაა და არ სურთ (ან არ ძალუძთ) სუბტიტრების კითხვაზე ძალისხმევის დახარჯვა. ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც ფილმებს, ჩვეულებრივ, სუბტიტრებით აჩვენებენ, მაგალითად: შვედეთი, ისლანდია და საბერძნეთი, მულტფილმების თარგმნისას გახმოვანებას მიმართავენ. რაც შეეხება საქართველოს, უბრალო დაკვირვებითაც კი ცხადია, რომ მულტფილმების თარგმნისას აქ გახმოვანებას ანიჭებენ უპირატესობას. მიუხედავად იმისა, რომ ფილმები სუბტიტრებით გადის ტელევიზიით, მულტფილმები მხოლოდ გახმოვანებული სახით გვხვდება სატელევიზიო ეკრანზეც და კინო-თეატრებშიც.

„მადაგასკარის" ქართულად გახმოვანებული ვერსია ჩვენს თვალსაწიერში აღმოჩნდა თავისი საინტერესო გმირების გამო. გარდა ამისა, ეს მულტფილმი საქართველოში ცნობილი კომედიური ჟანრის მსახიობების მიერ არის გახმოვანებული. მათი ხმა მიმღები აუდიტორიისათვის ნაცნობია. ეს მომენტი კიდევ უფრო აძლიერებს „მოშინაურების" ეფექტს და გვევლინება შესანიშნავ საშუალებად პერსონაჟთა სახის შესაქმნელად. მულტფილმის თარგმანში გამოყენებულ მეთოდებსა და ხერხებს ნიუმარკი შემდეგნაირად განასხვავებს, „მთარგმნელობითი მეთოდი მთელ ტექსტს მოიცავს, მაშინ როცა მთარგმნელობითი ხერხი წინადადებისა და უფრო მცირე ენობრივი ერთეულების ანალიზს გულისხმობს" [Newmark,1988:81]. თარგმანის მეთოდების ნიუმარკისეული კლასიფიკაციის მიხედვით, მულტფილმ "მადაგასკარის" თარგმნისას ადაპტაციის მეთოდი გამოიყენება. იგი თარგმანის ყველაზე თავისუფალ სახეობას წარმოადგენს:  სიუჟეტის ხაზი, თემა და პერსონაჟები შენარჩუნებულია, მაგრამ თარგმნისას საწყისი კულტურისათვის დამახასიათებელი კონკრეტული ნიშნები (მაგალითად, გეოგრაფიული სახელები) იცვლება მიმღები საზოგადოებისათვის ნაცნობი რეალიებით.

იმისათვის, რომ დაგვედგინა, თუ რა ხერხებს მიმართავს მთარგმნელი, როგორ იქმნება პერსონაჟთა სახეები, რა განაპირობებს მის არჩევანს და ამ დროს რამდენად არის მიღწეული კომუნიკაციური ეფექტი, ერთმანეთს შევადარეთ  მულტფილმის ინგლისური სცენარი და ქართულად დუბლირებული ფილმი.

ზებრას როლის შესაქმნელად ქართულ თარგმანში მნიშვნელოვან როლს კილო-კავის (ქართლური კილოს) გამოყენება ასრულებს. ქართული კილოები მსგავსი მახასიათებლების მიხედვით აღმოსავლურ და დასავლურ ჯგუფებად შეიძლება დაიყოს; სულ 17 კილო-კავი გამოიყოფა. ისინი ერთმანეთისაგან  მცირედ განსხვავდებიან ფონოლოგიის, მორფოლოგიის, სინტაქსისა და ლექსიკის დონეზე, თუმცა, საერთო თვისებებითაც ხასიათდებიან. ქართული კილო-კავებისათვის დამახასიათებელი ნიშნებია:

  • მოკლე და გრძელ ხმოვნებს შორის განსხვავება;
  • დამატებითი ხმოვნები, რომლებიც სტანდარტული ქართულ ენაში არ გვხვდება;
  • ორივე ჴ და ყ თანხმოვნების არსებობა;
  • ნარიანი მრავლობითი რიცხვის ფორმები;
  • ზედსართავი სახელის მრავლობითი რიცხვის ფორმები;
  • ზმნის არასტანდარტული ფორმები;
  • სიტყვები, რომლებიც სტანდარტული ქართულ ენაში არ გვხვდება.

ძირითადად უფრო კონსერვატულია მთის კილოები და დიდხანს ინახავს არქაულ ფორმებს, რომლებიც სხვა კილოებიდან უკვე გამქრალა. თუმცა, სტანდარტული ქართული ენის სხვადასხვა სირთულე სხვადასხვა კილო-კავებში გამარტივებული ფორმით აისახება. სტანდარტული სალიტერატურო ქართული ქართლურ კილოს ეფუძნება [http://www.nationmaster.com/encyclopedia/Georgian-dialects].

ამ მულტფილმში „არცთუ ისე ველური" ცხოველების ჯგუფი (ზებრა მარტი, ლომი ალექსი, ბეჰემოთი გლორია და ჟირაფი მელმენი), კულტურულ შოკს განიცდის, როდესაც მოულოდნელად ნიუ-იორკიდან ველურ ჯუნგლებში აღმოჩნდება.  ლომი ალექსი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ზოოპარკის მთავარი ღირსშესანიშნაობის როლით ფრიად კმაყოფილია.  მისი მეგობრები: ზებრა, ბეჰემოთი და ჟირაფი, მართალია, ბედს არ უჩივიან, მაგრამ ზოოპარკის გარეთ არსებული ცხოვრებაც აინტერესებთ და როდესაც ზოოპარკიდან პინგვინები გაიპარებიან, მარტი მათ გაჰყვება. ალექსი, გლორია და მელმენი მის საძებრად და გადასარჩენად გაემართებიან, მაგრამ ამ დროს ზოოპარკის ადმინისტრაცია გადაწყვეტს, რომ ცხოველები ველურ ბუნებაში დააბრუნოს. ასე აღმოჩნდებიან მეგობრები მადაგასკარის ნაპირებთან, სადაც მალევე დარწმუნდებიან, რომ ველურ გარემოში ცხოვრება მათთვის არც ისე შესაფერისი ყოფილა [ http://www.starpulse.com/Movies/Madagascar/Summary/].

როგორც კვლევამ გვიჩვენა, მულტფილმის თარგმნის დროს მთარგმნელები  იყენებენ კონკრეტული ქართლული კილო-კავის პარალინგვისტურ არსენალს, ჟარგონულ-სლენგურ ლექსიკას. ზებრა მარტი-დელ-პიეროს მეტყველების თარგმნის დროს აქტიურად გამოიყენება ქართლური კილო-კავის ენობრივი და პარალინგვისტური მახასიათებლები:

„Alex! Do not interrupt me  when I'm daydreaming!"[1] [http://www.script-o-rama.com/movie_scripts/m/madagascar-script-transcript.html].

„ალიკა! რამდეჯერ უნდა გითხრა, როცა ვოცნებობ მეთქი მაგ დროსა           ხელი არ შემიშალო, გაიგე?"[2] [ http://www.myvideo.ge/?video_id=743298].

როგორც ვხედავთ, ქართულ თარგმანში, როგორც ეს ქართლის კუთხური მეტყველებისათვის არის დამახასიათებელი, მიცემით ბრუნვას ემფატიკური „ა" დაერთვის. ზებრას პერსონაჟი აქ კუთხური კილო-კავით მეტყველებს, რასაც ორიგინალში, ცხადია, არ ვხვდებით. გარდა ამისა, ლომის სახელის ინგლისური ფორმა „ალექს" ქართულ თარგმანში ამ კილო-კავისთვის დამახასიათებელ ფორმას „ალიკა" იღებს.

„Okay, just don't talk with your mouth full".

„პირი არ დახურო, თორე დაგკლამ იცოდე"

ქართულ თარგმანში წარმოდგენილია ზმნის დიალექტური ფორმა "დაგკლამ" და ზოგადი რეგისტრიც უხეშია, ვინაიდან კლავენ საქონელს და არა - ადამიანს. პერსონაჟები ცხოველები არიან, მაგრამ მულტფილმში ადამიანებივით საუბრობენ და მოქმედებენ. ამიტომ ამ ზმნის გამოყენება  მოცემულ კონტექსტში უხეშ ფორმად აღიქმება და თან იუმორისტულ ეფექტს ქმნის.

„Awww.. Hey.. Thanks man. It was behind   the tooth! You're all right".

„ვააჰ, რა ჯიგარი ხარ, თანა ვითომა გაგეჩხირა, როგორ მოიფიქრე?"

„Man" ამერიკულ სასაუბრო ინგლისურში მამაკაცისადმი მიმართვის გავრცელებული ფორმაა. ქართულ თარგმანში გადმოტანილია მისი ჟარგონული ფორმა „ჯიგარო" და ქართლური კილო-კავისათვის დამახასიათებელი ფორმები ვითომა, თანა. 

მთარგმნელები წარმატებით მიმართავენ ჟარგონიზმებს:

„Oh no! I'm not listening".

კაი ბიჭო! არ მესმის, ვაფშე, არაფერი!"

ამ შემთხვევაში გამოყენებულია მიმართვის ფამილიარული ფორმა „ბიჭო" და ჟარგონული ერთეული „ვაფშე", რომელიც რუსული ენიდან შემოსული სიტყვაა და ნიშნავს „საერთოდ".

„Hey! Don't be calling me cuckoo in the head!"

„იტყუება! ზებრა ვარ, ფუფლო არა ვარ!"

„Cuckoo in the head!"  პირდაპირი მნიშვნელობით „გიჟს", „არანორმალურს" ნიშნავს. ქართულ თარგმანში მის ეკვივალენტად ვხვდებით ჟარგონულ „ფუფლოს"- ადამიანს, რომელსაც აზარტულ თამაშებში წაგებული თანხის გადახდა არ შეუძლია ან არ იხდის". ეს ცვლილება, თუმცა, უჩვეულოდ ჟღერს ბავშვისათვის განკუთვნილ კონტექსტში, მაინც მიმღებ აუდიტორიაზეა გათვლილი, რადგან ქართულ რეალობაში გავრცელებულ ფაქტს ესმევა ხაზი.

„Come on, Alex. Do you honestly think  I intended all of this to happen?

You want me to say that I'm sorry?"

„კაი, რა გააწუხე გული. შენ თვითონ არ ამეკიდე?

რა გინდა, ბოდიში მოგიხადო?"

ფორმა „კაი" სასაუბრო ენაში იგივეა, რაც „კარგი". ზმნის „შეაწუხე" დამახინჯებული ფორმა (გააწუხე) და უხეში ზმნის ფორმა „ამეკიდე" ერთად ქმნიან ორიგინალის ეკვივალენტურ საკომუნიკაციო ეფექტს, თუმცა, მთლიანობაში ორიგინალის თავისუფალ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

„He's got style!"

„რა მაგარი როჟაა!"

ორიგინალური ტექსტის ნეიტრალური გამონათქვამი თარგმანში ჟარგონით „როჟაა" (ტიპია, ადამიანია) არის გადმოსული.

თარგმანში საინტერესოდ არის გამოხატული  ენის სიტუაციური ვარიანტულობა. როგორც ცნობილია, ენას შეუძლია გამოხატოს მოლაპარაკისა და ადრესატის სოციალურ-ლინგვისტური მახასიათებლები: ასაკი, სტატუსი, განათლება, რეგიონალური წარმომავლობა, რასა, რელიგია და ა.შ. ის, ასევე, გამოხატავს სიტუაციურ ასპექტსაც, ემოციურობას, საუბარში მონაწილეთა რაოდენობას და სიტუაციის ბუნებას ან მიზანს. ენა ადამიანებს შორის სოციალური ურთიერთობების ცენტრალური ინდიკატორია, მისი საშუალებით ხდება ასევე, ძალაუფლებისა და სოლიდარობის დემონსტრირება. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სხვადასხვა ფაქტორის გაშუქებისა არის იმის ანალიზი, თუ როგორ მიმართავენ ადამიანები ერთმანეთს.

თარგმანის პრაგმატულ-კომუნიკაციური ეკვივალენტურობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია თარგმანშიც აისახოს ის სამეტყველო რეფლექსიები, რომლებშიც ადამიანთა პირადი ურთიერთობის ხასიათი ჩანს. განსაკუთრებით „რთულია ფამილიარულ-მოფერებითი ან უხეში ფორმებისათვის ანალოგების შერჩევა და ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი,ა არ გაუფასურდეს ის ობერტონი, რომელიც მათ ორიგინალში ახასიათებთ" [საყვარელიძე, 2001:210].

„მადაგასკარის" თარგმანი საინტერესო მასალას იძლევა მიმართვის ფორმების  გადმოტანისა და ორიგინალისთვის დამახასიათებელი ობერტონების შენარჩუნების თვალსაზრისით.

„Thanks a lot, officer".

„გავეგე. მადლობა, ჯიგარო".

საწყის ტექსტში არსებული მიმართვა „officer" თარგმანში ჩანაცვლებულია ჟარგონული „ჯიგაროთი", რაც ორიგინალისაგან სრულიად განსხვავებულ სამეტყველო სიტუაციას ქმნის.

„Yeah! Talk to me, buddy!"

"მე ვარ, ბიჭო!"

„Buddy" ამერიკულ სასაუბრო ენაში „მეგობარს" ნიშნავს. თარგმანში კი გვაქვს „ბიჭო", რომელიც ასევე ფამილიარული მიმართვის ფორმაა.

„Beg your pardon?"

„თორე რა?"

ორიგინალის ტექსტის მაღალფარდოვანი გამონათქვამის ნაცვლად, მიმღებ ენაში სალაპარაკო გამოთქმას "თორე რა" და კილო-კავის გამოყენებას ვხვდებით.

„Excuse me!  You're biting my butt!"

„უკაცრავად! თქვენი კბილები ხომ არ ჩამერჭო?"

„Butt"  ამერიკული სლენგია და ქართულად „უკანალს" ნიშნავს. ქართულ თარგმანში კი ამის საპირისპიროდ, ოფიციალურ-ზრდილობიან მიმართვას ვხვდებით. ეფექტს აძლიერებს სიტყვის „თქვენი" გამოყენებაც, რაც, ჩვეულებრივ, ქართლურ კილოსა და სასაუბრო რეგისტრზე მოლაპარაკე ზებრისგან სრულიად მოულოდნელია და მის შიშსა და დაბნეულობას უსვამს ხაზს, რითაც კომიკურ ეფექტს ქმნის. ამ შემთხვევაში რეგისტრის ცვლილება საწყისი ტექსტის კომუნიკაციური ეფექტის შენარჩუნებას ემსახურება.

როგორც განხილული მასალა გვიჩვენებს, ზებრის სახის შესაქმნელად თარგმანში უხვად გამოიყენება სლენგურ-ჟარგონული, ქართლური კილოკავური ფორმები. ვხვდებით თავისუფალი ინტერპტრეტაციის მაგალითებსაც, რაც თარგმანისათვის შერჩეული ადაპტაციის მეთოდის გამოყენებისას სრულიად ბუნებრივად აღიქმება. ქართლური კილო-კავის გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზებრის გმირის შესაქმნელად. ბუნებრივია, ეს მომენტი საწყის ტექსტში არ დასტურდება და ყველა ზემოხსენებული ცვლილება თარგმანში დედნისათვის დამახასიათებელი იუმორისტული ეფექტის შექმნას ემსახურება. ლინგვისტური საშუალებების გარდა, ამ პერსონაჟის სრულყოფისათვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს აუდიო-ეფექტებიც.

ლომის მეტყველებაში კუთხური კილო არ გამოიყენება და ასევე იშვიათად  გვხვდება სლენგი, რაც მის მეტყველებას დახვეწილობის ელფერს ანიჭებს მულტფილმის სხვა გმირების მეტყველებისაგან განსხვავებით.

„What is it, Melman?"

„რა გინდა, კაცო?"

თარგმანში საკუთარ სახელს სასაუბრო მიმართვის ფორმა „კაცო" ანაცვლებს, რაც გმირების ურთიერთობის ფამილიარულ ხასიათს გამოკვეთს და თან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლომის გაღიზიანებასაც გამოხატავს. ამ ვარაუდს ამძაფრებს კონტექსტში გამოყენებული პარალინგვისტური ნიშნები (ხმის ტონი, ინტონაცია). საანალიზოდ სწორედ ასეთი მაგალითები შევარჩიეთ.

„You got a ah.. you got a little smutz.   right there on yer..."

„დინგი მოიწმინდე და მერე იბლატავე."

ამ კონტექსტში ალექსი-ალიკა უხვევს მისთვის დამახასიათებელი მეტყველების სტილისაგან და ჟარგონზე მეტყველებს. თარგმანში ვხვდებით ზმნას „ბლატაობა," რაც „ამპარტავნულად, ძველ-ბიჭურად ლაპარაკს" ნიშნავს.

 „Lady, what is wrong with you?"

 „რა მოგივიდა, ბებო?"

თარგმანში „Lady" „ბებოთია" შეცვლილი, რაც კონტექსტს უფრო მეტად უხდება თავისი ფამილიარული ელფერით.

„Don't you ever do this    again. Do you hear me?"

„არაფერიც არ იცი, ვირიშვილო შენა!"

ბრაზი, რომელიც საწყის ენაში მტკიცებით წინადადებაზე დართული კითხვით გამოიხატება, თარგმანში უხეში მიმართვით არის გადმოცემული.

„Oh no! No no!     Not the box!"

„არა,არა! ოღონდ ეს არა. ჩემი აქ ჩასმა არ შეიძლება! რა პონტია!"

როდესაც ლომსა და სხვა ცხოველებს დაიჭერენ, ცხოველთა დამცველი ორგანიზაცია მოითხოვს, რომ ისინი ბუნებრივ გარემოს დაუბრუნონ. ამიტომ მათ ყუთებში ჩასვამენ და გემით გაამგზავრებენ. ლომი გამოიღვიძებს და პანიკაშია. სწორედ ამ ემოციურობის გადმოსაცემად ქართულ თარგმანში, დედნისაგან განსხვავებით, სლენგისათვის მიუმართავთ.

„Alex hungry. Alex eat".

„ალიკას შია. ალიკას ფია უნდა."

დამშეული ცხოველთა მეფის ემოციების გადმოსაცემად, რომელიც თავს ვეღარ აკონტროლებს, წყაროენაში გვხვდება ბავშვის მეტყველებისათვის დამახასიათებელი ქვემდებარისა და შემასმენლის შეუთანხმებლობა პირსა და რიცხვში. თარგმანში „ჭამა" ზმნის კნინობითი არსებითი სახელი „ფია" არის გამოყენებული, რაც, ასევე, პატარების მეტყველებისათვის არის დამახასიათებელი. საბოლოოდ, აქაც ნარჩუნდება დედნის რეგისტრი და კომუნიკაციური ეფექტი: ორივე შემთხვევაში ალექსი-ალიკა თავს მესამე პირით მოიხსენიებს და ბავშვის  მეტყველებისათვის დამახასიათებელ ფორმებს იყენებს.

როგორც მასალამ გვიჩვენა, ლომის მეტყველებაში ენის სტანდარტული ნორმებიდან გადახრას, ძირითადად, ემოციური ფონი განაპირობებს. სხვა შემთხვევაში ლომის სახის შესაქმნელად თარგმანში არ ვხვდებით სლენგისა და კილო-კავის გამოყენებას. სლენგს მთარგმნელი მიმართავს მხოლოდ ამ გმირის ძლიერი აღელვების დროს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მულტფილმი საქართველოში ცნობილი კომედიური მსახიობების მიერ არის გახმოვანებული.  გლორიას ახმოვანებს მამაკაცი, რომელიც სხვადასხვა იუმორისტულ სკეტჩში ქალის როლს ასრულებს ხოლმე და უნიკალური, პუბლიკისათვის კარგად ნაცნობი ხმითა და ლექსიკით ხასიათდება. ყოველივე ეს გლორიას გახმოვანებისასაც იჩენს თავს. ამასთან ერთად, ის, რომ გლორიას მამაკაცი ახმოვანებს ქალის ხმასთან მიახლოვებული ხმით, უკვე გარკვეულ იუმორისტულ განწყობას ქმნის.

„What did Marty say to you?  I asked you to talk to him!"

„სერიოზულად რო დალაპარაკებოდი, ხო აღარ გაიპარებოდა, ბენტერა შენა!"

თარგმანში ვხვდებით სალაპარაკო ენისათვის დამახასიათებელ ბოლოკიდურა ბგერების ჩამოშორებას კავშირ რომ-ისა და ნაწილაკ ხომ-ისთვის და ასევე -  მიმართვის ფორმას „ბენტერა." ეს უკანასკნელი სასაუბრო მეტყველებაში „ჩერჩეტს", „შტერს" ნიშნავს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ლომმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა.

„Is that Melman?  Are you okay?"

„როგორა ხარ, შე საწყალო შენა?"

საწყალი არის ის, ვინც შებრალების ღირსია. მისი მიმართვის ფორმად გამოყენება დამახასიათებელია მსახიობისათვის, რომელიც მას ახმოვანებს და ახალი პერსონაჟის პორტრეტის შესაქმნელად ეფექტურად იყენებს. მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე შემდეგ მაგალითშიც.

„Oh, you poor little baby, did  that big mean lion scare you?"

„გამოეთრიე აქეთ.უი, როგორ შეგაშინა ამ თავგასიებულმა, შვილო!"

„თავგასიებული" ერთგვარად შეურაცხმყოფელი ეპითეტია. თარგმანში დასახელებული  ერთეული ლომის მიმართ გამოიყენება, რომელმაც ბავშვი შეაშინა და კარგად ესადაგება კონტექსტს, თუმცა, არ ემთხვევა საწყის ტექსტს.

„Melman!There are prescriptions,that have to be filled".

„ჟორა, დაწყნარდი, ნუ პანიკობ. ამხელა საქონელი მართლა."

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს თავისუფალ თარგმანთან და აქტუალიზდება მიმართვის ფორმა „საქონელი", რომელიც, ბუნებრივია, ამ კონტექსტში შეურაცხმყოფელია და ორიგინალში არ არის გამოყენებული. საწყის ტექსტში საუბარია რეცეპტზე, რომელიც უნდა შეივსოს.

„Don't make me come up there, I'd get to woopin'on both of you all!"

„ეხლა დაწყნარდით, თორე რაღაცას ჩაგათხლიშავთ ორივეს."

ქართულ თარგმანში გამოყენებული ზმნა „ჩაგათხლიშო" „ჩარტყმის" უხეში ფორმაა.

უნდა აღინიშნოს, რომ გლორიას პორტრეტი საწყის ტექსტსა და თარგმანში ძლიერ განსხვავებულია. ორიგინალში გლორია არასდროს იყენებს სლენგსა და უხეშ ლექსიკას, მისი ქართველი ორეულის მეტყველებაში კი ხშირად ვხვდებით სლენგს, უხეშ ლექსიკურ ერთეულებს, ბოლოკიდური თანხმოვნების რედუცირებას რაც, როგორც ცნობილია, სასაუბრო მეტყველებისათვის არის დამახასიათებელი. ორიგინალის ნაზი და ქალური გლორიასაგან განსხვავებით, „ქართველი გლორია" უხეში და სასაცილოა. ამ ეფექტს აძლიერებს აუდიო ეფექტების გამოყენებაც.

მულტფილმის ერთ-ერთი პერსონაჟია პედანტი ჟირაფი, მელმენი-ჟორა, რომლის მეტყველებაც დინჯი და ერთფეროვანია. მისი სახის შექმნისას დიდი მნიშვნელობა აქვს აკუსტიკურ ეფექტს.

„Not for me. I'm callin' in sick.What?"

„ეგ მე არ მეხება. ბიულეტინზე ვარ."

„Zoo transfer! Oh, no.  I can't be transferred, I have an

appointment with doctor Goldberg at 5."

„სხვა ზოოპარკში! არა!

ეგ როგორ შეიძლება! მე მკურნალობის კურსი მაქვს დანიშნული."

ესეც თავისუფალი თარგმანია, რაც ალბათ კვლავ მიმღები კულტურის  ფაქტორით არის გამოწვეული. ვინაიდან „ექიმი გოლდბერგი" ქართველი მაყურებლისათვის არაფრისმთქმელი იქნებოდა, ის უფრო ზოგადი „მკურნალობის კურსით" არის ჩანაცვლებული.

ჟირაფი არის პერსონაჟი, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს თავის ჯანმრთელობას. ორიგინალში ის გამართული ინგლისურით მეტყველებს, თარგმანში კი, თუმცა სხვა პერსონაჟებზე ნაკლებად, მაგრამ მაინც იყენებს სლენგსა და სასაუბრო გამონათქვამებს.

„Where exactly is here?"

„რო ვიცოდეთ, დაგლიჯავს."

ქართულ თარგმანში გვაქვს „დაგლიჯავს", ორიგინალში კი სლეგნის გამოყენება არ დასტურდება.

„Can we go to the fun side now?"

„დელ-პიეროს თავისუფლების იდეას ხო არ მივაწვეთ?"

როდესაც თავისუფლების ქანდაკება დაიწვა, რომელსაც ლომი აშენებდა და შინ დაბრუნების იმედი გადაეწურათ, ამოსავალ ტექსტში ჟირაფი ზებრას მხარეზე გადასვლას სთავაზობს ლომს, მიმღებ ენაში კი მთარგმნელი თავისუფალ თარგმანს ანიჭებს უპირატესობას და გვთავაზობს ჟარგონულ ფრაზას - „იდეას მივაწვეთ", რაც „ბოლომდე გაყოლას" ნიშნავს.   

„მადაგასკარის" ქართული თარგმანი საინტერესოა ალუზიების გადმოტანის თვალსაზრისითაც. როგორც ცნობილია, ალუზია ხერხია, რომელიც ორი ტექსტის ერთდროულ გააქტიურებას იწვევს.  ალუზია ასევე გულისხმობს „წინასწარ მომზადებული ლინგვისტური ტექსტის სხვადასხვანაირ გამოყენებას მისი საწყისი ან მოდიფიცირებული ფორმით და ასევე, საკუთარი სახელების გამოყენებას, იმპლიციტური ინფორმაციის გადმოსაცემად".  [Leppihalme,1997:3].

ალუზია ხშირად გამოიყენება, აგრეთვე, იუმორისტულ ტექსტებში. „მისი საშუალებით მკითხველს ან მაყურებელს ახსენდება ხალხი ან მოვლენები სხვა ტექსტიდან და ახალ ინფორმაციას ამ თვალსაზრისით აღიქვამს" [Berger, 1997:7]. ალუზიების საშუალებით მწერალი ახერხებს, რომ მკითხველმა სხვადასხვა ინფორმაცია სათანადოდ დააკავშიროს ერთმანეთთან.

თარგმანის ინტერესებიდან გამომდინარე, ლეპიჰალმი და ჰელგრინი ალუზიებს  ყოფენ საკუთარი სახელისა და მთავარი ფრაზის ალუზიებად [Hellgren, 2007:12].  პირველ შემთხვევაში მთავარ შინაარსს საკუთარი სახელი გამოხატავს. ამ ჯგუფის ალუზიებში შედის: ადამიანთა სახელები, მხატვრული ნაწარმოებების დასახელება და ორგანიზაციების სახელწოდებები. მეორე ტიპის ალუზია კი, რომელიც ეყრდნობა ძირითადი ფრაზის ალუზიურ გამოყენებას, აერთიანებს ალუზიის ყველა სხვა შემთხვევას. მათი რიცხვი, რა თქმა უნდა, უფრო მეტია, ვიდრე პირველი ჯგუფისა.   „მადაგასკარში" ორივე ტიპის ალუზია გვხვდება.

თარგმანში შეცვლილია პერსონაჟების სახელები. მაგალითად: ლომს ალექსის ნაცვლად ალიკას ეძახიან, რაც ამ სახელის გაქართულებულ ვარიანტს წარმოადგენს და თან ფამილიარული მიმართვის ფორმაცაა. ზებრა, რომელსაც ორიგინალში მარტი ჰქვია, დელ-პიეროდ ქცეულა და თან იუვენტუსის ფანია. ცხადია, მარტი ქართული რეალობისათვის უცხო და არაფრისმთქმელი სახელია.  ფეხბურთში მცირედ გაცნობიერებული მაყურებლისათვის კი დელ-პიერო უკვე  მისაღები და ნაცნობი ხდება. ჟირაფი მელმენი ქართულ ჟორად ქცეულა. ქართულ თარგმანში მხოლოდ ბეჰემოთი გლორიას სახელი არ არის შეცვლილი.

ამ მულტფილმის ქართულ თარგმანში საკუთარი სახელები გაქართულებულია. ისინი ალუზიური ელემენტების იდენტიფიკაციას უწყობს ხელს. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ მიმღებ ტექსტში ვხვდებით ალუზიებს, რომლებიც ამოსავალ ტექსტში არ გამოიყენებოდა.

„Make it up as you go along! Ad lib,improvise, on the fire! Boom,boom,boom."

„წარმოიდგინე, რომ ემინემი ხარ."

ეს პასაჟი თავისუფალ თარგმანს წარმოადგენს, რომელშიც ჩართულია ცნობილი მომღერლის, ემინემის, სახელი. ეს უკანასკნელი ორიგინალში ნახსენებიც არ არის, მაგრამ თვითონ გმირსა და მის ხასიათს ეს ალუზია უფრო გასაგებსა და დასამახსოვრებელს ხდის. იგივე ეფექტი აქვს ალუზიას სნუპის და ჯენიფერ ლოპესის შესახებ.

„I could do fresh.Works for me".

„მე სნუპი ვიქნები".

„Let's go Gloria!Up and at 'em!Were open!"

„ფაქტიურად, შენ იქნები ჯენიფერ ლოპესი. ადექი!"

  გადმოქართულების ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს ის ალუზიები, რომლებშიც უცხო ქვეყნის ადგილები და კულტურული რეალიები ქართულით არის ჩანაცვლებული.

ასეთი შემთხვევები  მულტფილმში ძალიან ბევრია.

„Gloria: Well I hear they have wide open spaces in Connecticut".

„ისე, როგორც ვიცი, ვაკის პარკშიც ყოფილა, თურმე, ველური ბუნება."

დედნის ტოპონიმი „კონეკტიკუტი" შეცვლილია ქართველისათვის კარგად ნაცნობი „ვაკის პარკით".

იგივე ეფექტი ხორციელდება შემდეგ შემთხვევებშიც:

„Melman: Connecticut?Yeah, what you got to do

is you gotta go over Grand Central".

„ჟორა: ხოო, ზოოპარკიდან რო გახვალ, 214 მარშუტკაზე დაჯდები და 20 წუთში იქა ხარ".

„Melman: Oh no! What are we gonna do?We gotta, we gotta call somebody!"

„რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? რა ვქნათ, რა ვქნათ და პატრულს გამოვუძახოთ."

„Monkey: I heard Tom Wolfe is speaking at Lincoln Center".

„მაიმუნი: მე მგონი პარლამენტის წინ საქართველოს მიტინგი იწყება."

„Alex: A King! Loved by my people!Let's just be simple! And you ruined everything!"

„მე ვიყავი ბავშვების საყვარელი გმირი. რა რეიტინგი მქონდა?

მემარჯვენეებს 2% -ით ვუსწრებდი. შენ კი რა გამიკეთე, შე დამპალო შენა?"

„Gloria: Stop it! Look, We're just gonna find the people get checked in and have this mess straightened out!"

„სულ ტყუილად ნერვიულობთ. ჯერ უნდა ვიპოვოთ გამგეობა და დავფიქსირდეთ და დეპორტაციას გაგვიკეთებენ ჩვენს ზოოპარკში."

დასკვნის სახით  უნდა ითქვას, რომ ამ მულტფილმის თარგმნისას ადაპტაციის მეთოდი გამოიყენება და ამიტომაც, ქართულ თარგმანში ხშირად ვხვდებით ტექსტის თავისუფალ ინტერპრეტაციას. მთარგმნელები პერსონაჟთა სახის შესაქმნელად ხშირად იყენებენ სლენგს. ამ უკანასკნელს ისინი  მაშინაც კი მიმართავენ, როდესაც მათი გამოყენება წყაროტექსტში არ დასტურდება. საინტერესოა, რომ ლომის პერსონაჟი მხოლოდ ძლიერი აღელვების დროს იყენებს სლენგსა და უხეში მიმართვის ფორმებს. ზებრის მეტყველებაში ვხვდებით ქართლური კილოს ნიმუშებს, რაც ზებრას სახის შექმნაში დიდ როლს ასრულებს. შეიმჩნევა, აგრეთვე, ალუზიების ჩანაცვლების შემთხვევებიც, რაც  დიდ როლს ასრულებს პერსონაჟთა სახის შექმნაში, აძლიერებს „მოშინაურების", გადმოქართულების, ეფექტს და ერთგვარ იუმორისტულ  ფონსაც ქმნის.

ამ ყველაფერთან ერთად უნდა აღინიშნოს ხმოვანი ეფექტების როლიც, რომელიც უმნიშვნელოვანესია გმირთა სახის შექმნისა და მთლიანად მულტფილმის ეფექტურობის თვალსაზრისით. თუმცა, თარგმანის დროს შექმნილი პერსონაჟთა სახეები სასაცილო და ადვილად დასამახსოვრებელია, ისინი რამდენადმე განსხვავდებიან ორიგინალის გმირებისაგან. განსხვავებული პროსოდიული თვისებები განსხვავებულ გმირებს ქმნის. მაგალითად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გლორიას მამაკაცი, საქართველოში ცნობილი კომედიური მსახიობი, ახმოვანებს და ამოსავალი ტექსტის  ნაზი გლორია, უხეში და სასაცილო პერსონაჟით იცვლება.

ქართულ თარგმანში თვალშისაცემია ჟარგონისა და ქართლური კილოს ჭარბი ,l,გამოყენება, რაც მულტფილმს უფრო უფროსი ასაკის აუდიტორიისათვის განკუთვნილად აქცევს. საბავშვო მულტფილმში ვფიქრობთ, მიზანშეწონილი არ არის უხეში ჟარგონისა და კუთხური კილოს  ზედმეტად გამოყენება. ბავშვებზე მათ შეიძლება არასასურველი გავლენა მოახდინონ. პატარებს მისაბაძი გმირი სჭირდებათ და რადგან ფილმი აშკარად ბავშვთა აუდიტორიისათვის არის შექმნილი, დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ის სწორად იქნას მიწოდებული და აღქმული.


[1] აქაც და შემდეგშიც ინგლისური ორიგინალი ციტირებულია შემდეგი წყაროს მიხედვით: http://www.script-o-rama.com/movie_scripts/m/madagascar-script-transcript.html

[2] აქაც და შემდეგშიც ქართული თარგმანი  ციტირებულია შემდეგი წყაროს მიხედვით: http://www.myvideo.ge/?video_id=743298

ლიტერატურა

საყვარელიძე. ნ.
2001
თარგმანის თეორიის საკითხები. თბილისი
Berger, Arthur Asa.
1997
The Art of Comedy Writing. London: Transaction Publishers
Dries, Josephine
1995
Breaking Eastern European Barriers. Sequentia, vol. II, No. 4 June/July/August 95.
Hellgren, Esco
2007
Translation of Allusions in the animates cartoon The Simpsons; April 2007. http://www.snpp.com/other/papers/eh.paper.pdf
Leppihalme, Ritva.
1997
Culture Bumps. An empirical approach to the translation of allusions. Clevedon: Multilingual Matters
Newmark, P.
1988
Approaches to Translation. Hertfordshire: Prentice Hall

http://www.script-o-rama.com/movie_scripts/m/madagascar-script-transcript.html

http://www.myvideo.ge/?video_id=743298

http://www.starpulse.com/Movies/Madagascar/Summary/

http://www.nationmaster.com/encyclopedia/Georgian-dialects