აფხაზური ენა და ქართული გრაფიკა

აფხაზურ ენაზე დამწერლობა არ არსებობდა XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე. აფხაზური სიტყვებისა და ფრაზების პირველი ჩანაწერები 1641 წელს შეასრულა თურქმა მოგზაურმა ევლია ჩელებიმ, რომელმაც ამ მიზნით გამოიყენა არაბული გრაფიკა, რომლის ასო-ნიშნები საკმარისი არ იყო აფხაზური ენის უმდიდრესი ფონემატური სისტემის ზუსტად გადმოცემისათვის. 1846 წელს ბერლინში გამოიცა გერმანელი ორიენტალისტის, გეორგ როზენის ნაშრომი ოსური ენის სტრუქტურის შესახებ, რომელსაც ერთვოდა აფხაზური ენის, აგრეთვე, მეგრული და სვანური მეტყველებების მოკლე გრამატიკული მიმოხილვები. ამ წიგნში ავტორს ოსური, აფხაზური და ქართველური ენობრივი მასალა გადმოცემული ჰქონდა ქართული გრაფიკის (მხედრულის) მეშვეობით. არც ე. ჩელებისა და არც გ. როზენის მცდელობები არაბული და ქართული გრაფიკის გამოყენებისა აფხაზური ენობრივი მასალის გადმოსაცემად არ შეიძლება ჩაითვალოს აფხაზური სამწიგნობრო ენის შექმნის ცდებად. ავტორებს ეს მიზანი არც ჰქონიათ: ე. ჩელები აფხაზურ სიტყვებსა და ფრაზებს იწერდა  თავისი ტურისტული ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და სულაც არ ზრუნავდა ზუსტი ტრანსკრიფციის ან დამწერლობის შექმნაზე, ხოლო გ. როზენს ქართული გრაფიკა წმინდა სამეცნიერო თვალსაზრისით ესაჭიროებოდა. მას მიაჩნდა, რომ აფხაზური ენის ფონემატური სისტემა შეიძლება გადმოიცეს ქართული ანბანით, თუმცა, მეცნიერმა ვერ შენიშნა ის ფაქტი, რომ აფხაზურ ენაში ქართულთან შედარებით 2-ჯერ მეტი ფონემაა და მას არც უცდია ამ სპეციფიკურ ფონემათა ასახვა.

პირველი მკვლევარი, რომელმაც შენიშნა აფხაზური სპეციფიკური ფონემები და  არა მარტო მათი აღნიშვნა სცადა საგანგებო გრაფემებით, არამედ შექმნა აფხაზური დამწერლობა, იყო რუსეთის არმიის გენერალი პეტრე უსლარი, რომელმაც  1862 წელს ამ ენის გრამატიკული მიმოხილვის შედგენისას გამოიყენა რუსული გრაფიკა (კირილიცა) მის მიერვე გამოგონილი ასო-ნიშნების (ძირითადად, მოდიფიცირებული რუსული ასოების) დამატებით. სწორედ პ. უსლარის ამ ნაშრომით იწყება აფხაზური დამწერლობისა და სალიტერატურო ენის ისტორიაც.

იმავე 1862 წელს „კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ" თბილისში შექმნა კომისია აფხაზეთის სამრევლო სკოლებისათვის პირველი აფხაზური საანბანო სახელმძღვანელოს შესადგენად. კომისიას თავმჯდომარეობდა გენერალი ივანე ბარტოლომეი, ხოლო წევრები იყვნენ: ქართველი დ. ფურცელაძე და რუსი ვ. ტრიროგოვი. კომისიას დახმარებას უწევდნენ აფხაზი მოღვაწეები: მღვდელი იოანე გეგია, პრაპორშჩიკი გიორგი ქურციკიძე და აზნაური სიმონ ეშბა. კომისიის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს აფხაზური ტექსტი შეამოწმეს და შეასწორეს ჰასან მარღანიამ, კონსტანტინე გიორგის ძე შარვაშიძემ და გრიგოლ ალექსანდრეს ძე შარვაშიძემ. წიგნი დაიბეჭდა თბილისში 1865 წელს. მასში აფხაზური საკითხავი მასალა თარგმნილია რუსულ და ქართულ ენებზე [აფხაზური... 1986: 12-13]. ი. ბარტოლომეის კომისიამ გადაწყვიტა, აფხაზური ენობრივი მასალის გადმოსაცემად გამოეყენებინა ქართული დამწერლობა, მაგრამ პ. უსლარმა კომისია დაასმინა ხელისუფლებასთან, რის გამოც ი. ბარტოლომეის კომისია აიძულეს, გამოეყენებინა პ. უსლარის მიერ კირილიცას საფუძველზე შედგენილი დამწერლობა.

1862 წლიდან მოყოლებული აფხაზურ სალიტერატურო ენას რამდენიმეჯერ შეეცვალა გრაფიკული საფუძვლები: 1926-1928 წლებში მოქმედებდა აკად. ნ. მარის მიერ ლათინური გრაფიკის საფუძველზე შედგენილი დამწერლობა, 1928-1937 წლებში გამოიყენებოდა ნ. იაკოვლევისა და ე. პოლივანოვის მიერ შექმნილი ლათინიზებული გრაფიკა, 1938-1954 წლებში აფხაზური ენა გადაყვანილ იქნა ქართულ გრაფიკაზე, ხოლო 1954 წლიდან კვლავ აღდგა პ. უსლარისეული კირილიზებული დამწერლობა. აფხაზური სამწიგნობრო ენის გრაფიკის ცვლილებები დაკავშირებული იყო ჯერ მეფის რუსეთის, მერე კი საბჭოთა კავშირის მიერ განხორციელებულ ენობრივ პოლიტიკასთან [გვანცელაძე, 2011].

პრომოსკოვურ აფხაზურ სამეცნიერო, პუბლიცისტურ და პოლიტიკურ ლიტერატურაში ერთხმად გამოითქმის ბრალდება, რომლის თანახმადაც, 1938 წელს აფხაზური სამწიგნობრო ენის გადაყვანა ქართულ გრაფიკაზე განიხილება როგორც ქართველთა თვითნებობა და აფხაზი ხალხის გაქართველების მცდელობა. ამ პოზიციაზე მდგომი ავტორები ნებსით თუ უნებლიეთ არ ითვალისწინებენ ამ აქციის ჭეშმარიტ ისტორიასა და მიზანდასახულობას. ეს მაშინ, როცა საკითხთან დაკავშირებული საარქივო მასალები სულ სხვა დასკვნისაკენ გვიბიძგებენ. ქვემოთ სწორედ ამ საარქივო მასალებს განვიხილავთ.

ცნობილი ქართველი აფხაზოლოგის, აკად. სიმონ ჯანაშიას, პირად არქივში ინახებოდა და ამჟამად საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული 1937 წლის 4-5 დეკემბერს ქ. სოხუმში, აკად. ნ. მარის სახელობის აფხაზური კულტურის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ჩატარებული იმ საგანგებო თათბირის ოქმები, რომელზეც განიხილებოდა აფხაზური სამწიგნობრო ენის ლათინური გრაფიკიდან ქართულ გრაფიკაზე გადაყვანის საკითხი (ოქმების რუსული ტექსტისა და მათი ქართული თარგმანის პირველი პუბლიკაცია იხ: გვანცელაძე, 2011: 455-486).

როგორც ოქმებიდან ირკვევა, აფხაზური სამწიგნობრო ენის  ქართულ გრაფიკაზე გადაყვანის საკითხზე სპეციალური დადგენილება 1937 წლის მაისში მიუღია საქართველოს კომუნისტური (ბოლშევიკების) პარტიის აფხაზეთის საოლქო ორგანიზაციის მე-15 პარტიულ კონფერენციას. მაშინვე შექმნილა კომისია საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბეჭდვითი სიტყვისა და პარტიული პროპაგანდის განყოფილების გამგის, პროფ. პეტრე შარიას, თავმჯდომარეობით. კომისიის წევრები ყოფილან აფხაზური ინტელიგენციისა და პარტიული ელიტის წარმომადგენლები: აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი, მწერალი დიმიტრი გულია, სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი ანდრია ჭოჭუა, აფხაზეთის ასსრ განათლების სახალხო კომისარი მიხეილ დელბა,  ნ. მარის სახელობის აფხაზური კულტურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი არსენტი ჰაშბა, აფხაზეთის ასსრ განათლების სახალხო კომისარი დავით ჩაგავა (რეპრესირებულ იქნა 1937 წლის მეორე ნახევარში და მის ადგილზე მ. დელბა დაინიშნა) და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მუშნი ჰაშბა.     

ცხადია, მაშინდელი პრაქტიკის თანახმად, კონფერენციის დღის წესრიგში ამ საკითხის შეტანაც და დასამტკიცებელი რეზოლუციის ტექსტიც პრობლემის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო უეჭველად იქნებოდა შეთანხმებული მოსკოვთან, სხვაგვარად სისხლიან 1937 წელს აფხაზ და ქართველ პარტიულ-საბჭოთა ფუნქციონერთა, მეცნიერთა და მწერალთა „თვითნებობა" აუცილებლად აილაგმებოდა, რაც, საბედნიეროდ, არ მომხდარა სწორედ იმის გამო, რომ საკითხი აშკარად ინიცირებული იყო მოსკოვიდან.       

1937 წლის 4-5 დეკემბერს სოხუმში, აფხაზური კულტურის ინსტიტუტში, გამართულ საგანგებო თათბირში მონაწილეობდნენ აფხაზები, ქართველები და რუსები, სულ 33 კაცი. მათგან ეროვნებით აფხაზები ყოფილან: ისტორიკოსი სიმონ ბასარია, ენათმეცნიერი ხუხუტი ბღაჟბა, პარტიული ფუნქციონერი ნიკოლოზ გერია, მთარგმნელი და ჟურნალისტი მიხეილ გოჩუა, მწერალი გიორგი გულია, მწერალი დიმიტრი გულია, პარტიული ფუნქციონერი მიხეილ დელბა, პედაგოგი ბაგრატ კაცია, ნიკოლოზ კოკოსქერია, ვ. მაანი, ვ. ნაყოფია, პედაგოგი ნიკოლოზ პატეიფა, ენათმეცნიერი და ისტორიკოსი გიორგი შაკირბაი, ენათმეცნიერი კონსტანტინე შაყრილი, პედაგოგი პლატონ შაყრილი, პედაგოგი კონდრატ ძიძარია, მწერალი და პარტიული ფუნქციონერი სამსონ ჭანბა, ნ. ჭოჭუა, ვ. ხარაზია, მწერალი და პარტიული ფუნქციონერი მუშნი ჰაშბა. მათგან მნიშვნელოვანი  პოსტები ეჭირათ: სამსონ ჭანბას (აფხაზეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე), მუშნი ჰაშბას (აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე), ანდრია ჭოჭუას (სოხუმის სახელმწიფო პედინსტიტუტის დირექტორი) და მიხეილ დელბას (აფხაზეთის ასსრ განათლების სახალხო კომისარი).

ეროვნებით ქართველები იყვნენ: პროფ. პეტრე შარია, პროფ. აკაკი შანიძე, პროფ. სიმონ ჯანაშია, პროფ. არნოლდ ჩიქობავა, პროფ. ვარლამ თოფურია (ყველანი თბილისიდან), აფხაზური ენის მკვლევარი ბაგრატ ჯანაშია, ქართული ენის მკვლევარი ნიკანდრო ბასილაია და პედაგოგი სერგო აქირთავა (ყველანი სოხუმიდან).

ეროვნებით რუსები ივნენ: პროფ. ა. გრენი, ი. ტიმჩენკო, ზ. მორინა და ა.ფადეევი. მათგან პირველი 3 მოსკოვიდან იყო, ა. ფადეევი კი - სოხუმიდან.  

ოქმებიდან იგრძნობა, რომ მუშაობა მძიმე იდეოლოგიური ზეწოლის პირობებში მიმდინარეობდა, რასაც განაპირობებდა, ერთი მხრივ, თბილისელი და სოხუმელი პარტიული ფუნქციონერების დასწრება, მეორე მხრივ, მოსკოვის „თვალისა და ყურის", სსრკ ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან  არსებული ახალი ანბანის საკავშირო ცენტრალური კომიტეტის (აასცკ) თანამშრომლების ა. გრენის, ი, ტიმჩენკოსა და ზ. მორინას იქ ყოფნა, რომელთაც ევალებოდათ პროცესის გაკონტროლება და მოსკოვისათვის ინფორმაციის მიწოდება.

აფხაზური ენისათვის ქართული გრაფიკის შერჩევის ინიციატორები არ ყოფილან ქართველი მეცნიერები. ისინი იძულებით მონაწილეობდნენ ამ საქმეში. ამაზე  მიუთითებს პროფ. სიმონ ჯანაშიას ქვეტექსტიანი განცხადება:    

 „ჩვენ, თბილისელი მუშაკები, ჩვენს თავს კონსულტანტებად მივიჩნევთ. საკითხი უნდა გადაწყვიტოს მან, ვინც იგი წამოჭრა, ე.ი. აფხაზეთის მშრომელებმა და კულტურის მუშაკებმა. საკითხი უნდა განხილულიყო ფართო შეკრებებზე" [გვანცელაძე, 2011: 456].

მიუხედავად ზემოთ ნახსენები მძიმე იდეოლოგიური ვითარებისა, თათბირზე საკითხი აკადემიურად განხილულა. თათბირს წარედგინა 4 პროექტი: 1. აკ. შანიძისა; 2. ს. ჯანაშიასი; 3. დ. გულიასი და 4. დ. გულიას, ა. ჭოჭუასა და მ. ჰაშბასი. ამ პროექტებიდან თათბირმა სირთულის გამო უარყო მე-4 და დანარჩენი 3 პროექტის შესაჯერებლად შექმნა სპეციალური კომისია დ. გულიას (თავმჯდომარე), აკ. შანიძის, ს. ჯანაშიას, ვ. ხარაზიას, ვ. მაანის, პ. შაყრილისა და მ. ჰაშბას შემადგენლობით. თათბირმა 5 დეკემბრის დილის სხდომაზე ერთხმად დაამტკიცა შემაჯერებელი კომისიის მიერ წარმოდგენილი საბოლოო პროექტი, რომელშიც გამოყენებული იყო ქართული ანბანის (მხედრულის) 33-ვე ასო, 3 დამატებითი ასო-ნიშანი და 3 დიაკრიტიკული ნიშანი.    

თათბირის სამივე სხდომისა და შემაჯერებელი კომისიის მუშაობაში ყველაზე აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზი მეცნიერები, მწერლები, პედაგოგები და პარტიული ფუნქციონერები. არც ერთი მათგანის გამოსვლაში არ გამოთქმულა პროტესტი ან სერიოზული შენიშვნა აფხაზური დამწერლობის საფუძვლად ქართული გრაფიკის (მხედრულის) შერჩევის გამო. თათბირზე სიტყვით თუ რეპლიკით გამოსული 16 მონაწილიდან აფხაზი იყო 11, რომლებიც საკითხის განხილვაში 22-ჯერ მონაწილეობდნენ: მ. ჰაშბა 6-ჯერ გამოსულა, დ. გულია - 4-ჯერ, კ. ძიძარია - 3-ჯერ, ხ. ბღაჟბა - 2-ჯერ, ხოლო გ. შაკირბაი, ნ. პატეიფა, ბ. კაცია, ს. ბასარია, პ. შაყრილი, ვ. მაანი და ვ. ხარაზია - თითოჯერ. შდრ. ქართველ მონაწილეთაგან 5-5-ჯერ გამოსულან პ. შარია და აკ. შანიძე, 3-ჯერ ს. ჯანაშია, 2-ჯერ არნ. ჩიქობავა და ერთხელ ვ. თოფურია, ხოლო ნ. ბასილაია, ს. აქირთავა და ბ. ჯანაშია - არც ერთხელ.

საყურადღებოა რუს დამსწრეთა საქციელი: მათგან სოხუმელი იყო ა. ფადეევი. იგი ბ. ჯანაშიასთან ერთად იყო თათბირის მდივანი, თუმცა, 3 სხდომიდან დაესწრო მხოლოდ 4 დეკემბრის დილისა და 5 დეკემბრის დილის სხდომებს. 4 დეკემბრის საღამოს სხდომაზე არ გამოცხადებულა არც ერთი რუსი მონაწილე.   5 დეკემბრის დილის სხდომას მხოლოდ ა. ფადეევი ესწრებოდა. პროფ. ა. გრენი, ი. ტიმჩენკო  და ზ. მორინა რომ თათბირებზე აღარ დადიოდნენ,   აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ მათ საგანგაშო ვერაფერი დაინახეს და ჩათვალეს, რომ საკითხის განხილვა გეგმის მიხედვით  მიმდინარეობდა და ქართველები არ ჩაგრავდნენ აფხაზებს. სხვაგვარად წარმოუდგენელია პროფ. ა. გრენის საქციელის ახსნა. ეს ის ა. გრენია, რომელიც ვერ ეგუებოდა ქართველთა „შოვინიზმს" და ჯერ კიდევ 1899 წელს რუსული გრაფიკის (კირილიცას) საფუძველზე შედგენილი „მეგრული ანბანის"  („Мингрельская азбука») წინასიტყვაობაში წერდა: „ამ საანბანო წიგნის შედგენისას მე მიზნად მქონდა, როგორმე, თუნდაც ირიბად, გამომეწვია ნაციონალური ბრძოლისათვის მეგრელები, რომელთაც ფეხქვეშ თელავს უფრო ძლიერი ქართველი ხალხი. ამგვარი ბრძოლა, ჭეშმარიტად, სრულიად შეუძლებელია საკუთარი ეროვნული ანბანის უქონლად, [იმ ანბანისა,] რომლითაც მეგრელი თავის აზრებს ისევე გამოხატავდა, როგორც მისი მტერი, ამ შემთხვევაში - ქართველი" [ხუნდაძე, 1940: 104]. პროფ. ა. გრენს რომ არ სცოდნოდა მეტროპოლიის აზრი აფხაზური დამწერლობის საფუძვლად ქართული გრაფიკის შერჩევის საკითხზე, იგი ბოლომდე დარჩებოდა თათბირზე და ხმაურსაც ატეხდა „აფხაზთა ეროვნული ინტერესების შელახვის" გამო. მაშასადამე, მან მშვენივრად იცოდა, რომ ეს აქცია თბილისმა კი არა, მოსკოვმა დაგეგმა.

იმ გარემოებამ, რომ  მოსკოველი სტუმრები  სხდომებს აღარ ესწრებოდნენ, როგორც ჩანს, გაანაწყენა აფხაზები, რისი გამოხატულებაც უნდა იყოს ის ფაქტი, რომ თათბირის დასასრულს სხდომების თავმჯდომარე კ. ძიძარიამ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა თბილისელი მეცნიერების მიმართ, მაგრამ მოსკოველები სრულებით არ უხსენებია. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან წყდებოდა აფხაზი ხალხისათვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი და ყოველ პროფესიონალურ მოსაზრებას, რჩევას, თუ შენიშვნას დიდი ფასი ჰქონდა, მოსკოველებმა კი ეს საკითხი არაფრად ჩააგდეს და წავიდნენ.

თათბირის აფხაზ მონაწილეთა დიდი დაინტერესება მათი დედაენისათვის ქართული გრაფიკის შერჩევით სხვაგვარადაც იგრძნობა:

 

  1. როცა 4 დეკემბრის დილის სხდომაზე გამოსულ მ. ჰაშბას განუცხადებია, ამჟამად  ხელთა გვაქვს პროფ. აკ. შანიძის, პროფ. ს. ჯანაშიას, დ. გულიასა და გულია-ჭოჭუა-ჰაშბას პროექტებიო, დ. გულიას რეპლიკით დაუზუსტებია: „მე პროექტების მთელი წყება მაქვსო" [გვანცელაძე, 2011: 456]. ამ განცხადებაში აშკარად გამოსჭვივის აფხაზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სიამაყე იმით, რომ იგი აქტიურად მონაწილეობდა ამ საქმეში;
  2. ოქმებში შეინიშნება ერთგვარი კონკურენცია ზოგ აფხაზ მონაწილეს შორის, რაც არ არის მიმართული საქმეში ქართველ მეცნიერთა ჩარევის, ან ქართული გრაფიკის შემოღების წინააღმდეგ, რომელიც ყველას მოსწონდა. მაგალითად, გ. შაკირბაის უკმაყოფილება გამოუთქვამს მ. ჰაშბას მისამართით: „მ. ჰაშბამ წარმოადგინა ოთხი ავტორის მიერ შედგენილი ალფაბეტის პროექტი და მას აფხაზური კულტურის ინსტიტუტის პროექტი უწოდა, მაგრამ ეს პროექტი არ არის ინსტიტუტისა, ვინაიდან ამ ალფაბეტის შედგენაში აფხაზური კულტურის ინსტიტუტის თანამშრომლები არ მონაწილეობდნენო" [გვანცელაძე, 2011: 460]. ამავე საკითხზე ხ. ბღაჟბას აღუნიშნავს: „ალფაბეტის შედგენა მონოპოლიზებულ იქნა ზოგი თანამშრომლის მიერ და [პროექტი] არ განუხილავთ აფხაზური კულტურის ინსტიტუტისა და უფრო ფართო წრეებს" [გვანცელაძე, 2011: 460].

თათბირის დახურვისას სხდომის თავმჯდომარე კ. ძიძარიამ განაცხადა:

„თათბირმა 4 და 5 დეკემბერს სამ სხდომაზე განხილვის შემდეგ გამოიტანა ერთხმა გადაწყვეტილება და დაამტკიცა ქართულ ალფაბეტზე დამყარებული ახალი აფხაზური დამწერლობის პროექტი. ამით საფუძველი ჩაეყარა ამ დამწერლობის ათვისების, დანერგვისა და ფართოდ გავრცელების დიდ სამუშაოს, რაც დაიწყება შესაბამისი ზემდგომი ორგანოების მიერ მისი დამტკიცებისთანავე.

ახალი ალფაბეტი ხელს შეუწყობს ორი მოძმე ხალხის [აფხაზებისა და ქართველების - თ. გ.] უფრო მეტად დაახლოებასა და ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური კულტურის შემდგომ განვითარებას.

თათბირის მუშაობა ნაყოფიერი იყო იმიტომ, რომ მასში ადგილობრივ მუშაკებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ თბილისიდან ჩამოსული პროფესორები პ. შარია, ა. შანიძე, ს. ჯანაშია, ა. ჩიქობავა, ვ. თოფურია, რომელთაც ჩვენ დიდ მადლობას მოვახსენებთ" [გვანცელაძე, 2011: 467].

აქ ნახსენები "ზემდგომი ორგანოები" ფუნქციონირებდნენ არა მარტო სოხუმსა და თბილისში (მათი ერთი ნაწილის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ კიდევაც თათბირის მუშაობაში), არამედ მოსკოვშიც. კერძოდ, სოხუმში იყო საქართველოს კომუნისტური (ბოლშევიკების) პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტი, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო, აფხაზეთის ასსრ სახალხო კომისართა საბჭო და მის დაქვემდებარებაში მყოფი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი (შინსახკომი) თავისი დატოტვილი აგენტურით. აქვე არსებობდა აფხაზეთის ასსრ ახალი ანბანის საოლქო კომიტეტი (ხელმძღვანელი ზაქარია აგრბა), რომელსაც ევალებოდა აფხაზეთში გავრცელებულ ენათა დამწერლობისა და ტერმინოლოგიის საკითხთა კურირება და სსრკ ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან (ცაკი) არსებულ ახალი ანბანის საკავშირო ცენტრალურ კომიტეტთან (აასცკ), როგორც უმაღლეს ორგანოსთან, მუშაობის კოორდინირება. ახალი ანბანის საკავშირო ცენტრალური   კომიტეტის დასტურის გარეშე აფხაზეთის კომიტეტი ვერაფერს გადაწყვეტდა. ამითაც იყო განპირობებული განხილულ თათბირებზე მოსკოველების დასწრებაც. ყოველივე ეს გამორიცხავდა იდეოლოგიურად უმნიშვნელოვანესი საკითხის (სამწიგნობრო ენისათვის გრაფიკული საფუძვლის) მოსკოვის ნებართვის გარეშე   განხილვასა და გადაწყვეტას.

აქ გამოტანილი დასკვნის სისწორეს ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოში დაცული და ახლახან გახსნილი 5 დოკუმენტი, რომლებშიც ასახულია ზემოთ ხსენებული თათბირის შემდგომ, 1938 წელს, განვითარებული ზოგი მოვლენა[1].  

ამ დოკუმენტებიდან ერთ-ერთი წარმოადგენს 1938 წლის 9 მარტს შედგენილ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, მატერიალური კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტის (ენიმკი) დირექტორის, პროფ. სიმონ ჯანაშიას, მიმართვას საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს (სახკომსაბჭოს) თავმჯდომარე ვალერიან ბაქრაძისადმი.  მიმართვის ასლები მეცნიერს გაუგზავნია საქართველოს სსრ ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარ გიორგი სტურუასათვის, საქართველოს კომპარტიის ცკ ბეჭდვითი სიტყვისა და პარტიული პროპაგანდის განყოფილების გამგე პეტრე შარიასა და  საქართველოს სსრ ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის პოლიგრაფკულტსამმართვე-ლოს უფროს ხეჩუმოვისათვის. მიმართვაში ს. ჯანაშია გამოხატავდა აღშფოთებას ქართული გრაფიკის საფუძველზე ახალი აფხაზური შრიფტის დამზადების დაგვიანებისა და ზოგიერთი პირის, კერძოდ, ხეჩუმოვის მხრიდან ამ საქმის შეფერხების გამო. მიმართვის ტექსტიდან ვიგებთ შემდეგ რეალურ ფაქტებს:

 

  1. ქართულ გრაფიკაზე დამყარებული ახალი აფხაზური ანბანი მიმართვის დაწერის დროისათვის უკვე დამტკიცებული ყოფილა. სამწუხაროდ, არ ჩანს, რომელმა ორგანომ დაამტკიცა პროექტი;
  2. ს. ჯანაშიას ხელმძღვანელი ორგანოებისაგან დავალებული ჰქონია ქართულ შრიფტში აფხაზური ანბანისათვის აუცილებელი 6 სპეციალური ასო-ნიშნის ჩამატება (ახალი აფხაზური ანბანი, როგორც ზემოთ ითქვა, შედგებოდა 33 ქართული  ასოსაგან, 3 სპეციფიკური სრული ასოსაგან და 3 დიაკრიტიკული ნიშნისაგან). 3 სპეციფიკური სრული ასოსა და 3 დიაკრიტიკული ნიშნის მოხაზულობა  1938 წლის 11 იანვარს დაუმტკიცებია სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, მატერიალური კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტს (ენიმკი);
  3. არსებულა კონკრეტული გეგმა, რომლის თანახმადაც, 1938 წლის 15 იანვრისათვის უნდა დამზადებულიყო (ტყვიისაგან ჩამოსხმულიყო) 3 სპეციფიკური სრული ასო. დაგეგმილი ყოფილა ისიც, რომ იმავე წლის 28 მარტისათვის მთლიანად უნდა დასრულებულიყო ახალი აფხაზური შრიფტის ჩამოსხმა;
  4. პასუხისმგებლობა ქართული გრაფიკის საფუძველზე აფხაზური ანბანის შემუშავებაზე  საბოლოოდ ეკისრებოდა ს. ჯანაშიას, მისი არყოფნის შემთხვევაში კი - პროფ. ა. შანიძეს;
  5. ახალი ანბანის ასო-ნიშანთა მოხაზულობის დამტკიცების შემდეგ აუცილებელი იყო ახალი ლინოტიპების დამზადების შესახებ ქ. ლენინგრადში არსებულ მაქს გელცის ქარხნისათვის დაკვეთის დროულად მიცემა (ეს ქარხანა ლინოტიპების დამამზადებელი ერთადერთი საწარმო იყო მთელ საბჭოთა კავშირში);

 

მეორე დოკუმენტი უთარიღოა, მაგრამ ისიც 1938 წელს უნდა იყოს დაწერილი. რუსულ ენაზე შედგენილ ამ წერილს ხელს აწერენ საქართველოს სსრ ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარი გიორგი გორდეზიანი და კულტპოლიგრაფმრეწვის უფროსი ლოხიშვილი. ადრესატები არიან მაქს გელცის ქარხანა და რუსეთის ფედერაციის მრეწველობის მართვის სახალხო კომისარიატის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (НИИЦ НКУП РСФСР). ავტორები ადრესატებს  სთხოვდნენ,  სასწრაფოდ დაემზადებინათ ქართული ანბანის 12 ასოს ნიშნები, რომლებიც საკმარისი იქნებოდა ძველი სასტამბო მატრიცების 20-25 კომპლექტის განსაახლებლად. იქვე აღინიშნებოდა, რომ ადრესატებს მალე გადაეგზავნებოდათ აფხაზური და ოსური ასოების ნიშნები (7-8 ერთეული);

მესამე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის ბეჭდვითი სიტყვის განყოფილებაში 1938 წლის 27 აგვისტოს შემდგარი თათბირის ოქმს, რომლიდანაც ირკვევა, რომ ქართულ შრიფტში შეტანილი ყოველი ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეეტყობინებინათ და სათანადო ნახაზებიც გაეგზავნათ მაქს გელცის ქარხნისათვის.

მეოთხე დოკუმენტი არის რუსეთის ფედერაციის პოლიგრაფიული მრეწველობის სამეცნიერო-ტექნიკური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის ფ. ტაგიროვის მოხსენებითი ბარათი საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის ბეჭდვითი სიტყვის განყოფილებისადმი, რომელიც რუსულ ენაზეა დაწერილი და ძნელად იკითხება. 

მეხუთე დოკუმენტი წარმოადგენს იმავე ფ. ტაგიროვის ხელმოწერილ საბუთს „ქართული მატრიცების ათვისებისათვის მასალების დამზადების სამუშაო დროის გათვლა შრიფტში ზოგიერთი დაზუსტების აუცილებლობის გათვალისწინებით". სამუშაო დროის განაწილების ამსახველ ამ ცხრილში გათვალისწინებულია ფ. ტაგიროვის მუშაობა თბილისსა და მოსკოვში. იქვე მე-3 დანაყოფის მე-6 პუნქტი ითვალისწინებს საკითხის შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის პოლიგრაფიული მრეწველობის სამმართველოსთან და საქართველოს კპ (ბ) ცკ ბეჭდვითი სიტყვის განყოფილებასთან.

საქართველოს შსს საარქივო სამმართველოში დაცული დოკუმენტებისა და ზემოთ განხილული ოქმების მიხედვით  წარმოვადგენთ იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებიც იხსენიება წინამდებარე სტატიაში განხილულ საარქივო მასალაში ან რომელთა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნულ საქმეში:

 

  1. აკად. ნ. მარის სახელობის აფხაზური კულტურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ქ. სოხუმი);
  2. სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (ქ. სოხუმი);
  3. აფხაზეთის ასსრ მწერალთა კავშირი (ქ. სოხუმი);
  4. აფხაზეთის ასსრ განათლების სახალხო კომისარიატი (ქ. სოხუმი);
  5. საქართველოს კომუნისტური (ბოლშევიკების) პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტი (ქ. სოხუმი);
  6. აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო (ქ. სოხუმი);
  7. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, მატერიალური კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტი (ქ. თბილისი);
  8. საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭო (ქ. თბილისი);
  9. საქართველოს სსრ ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატი (ქ. თბილისი);
  10. საქართველოს კომუნისტური (ბოლშევიკების) პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბეჭდვითი სიტყვისა და პარტიული პროპაგანდის განყოფილება (ქ. თბილისი);
  11. საქართველოს სსრ ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის პოლიგრაფკულტსამმართველო (კულტპოლიგრაფმრეწვი) (ქ. თბილისი);
  12. მაქს გელცის ქარხანა (ქ. ლენინგრადი);
  13. რუსეთის საბჭოთა  ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (რსფსრ) მრეწველობის მართვის სახალხო კომისარიატის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ქ. მოსკოვი);
  14. რსფსრ პოლიგრაფიული მრეწველობის სამეცნიერო-ტექნიკური ინსტიტუტი (ქ. მოსკოვი);
  15. რსფსრ ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის პოლიგრაფიული მრეწველობის სამმართველო (ქ. მოსკოვი);
  16. სსრკ ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული ახალი ანბანის საკავშირო ცენტრალური კომიტეტი (ქ. მოსკოვი).

 

რა თქმა უნდა, ამ ორგანიზაციების სიმრავლე და გეოგრაფია აბსოლუტურად გამორიცხავს იმას, რომ აფხაზური სამწიგნობრო ენა ქართულ გრაფიკაზე (მხედრულზე) გადაიყვანეს მეტროპოლიასთან შეუთანხმებლად, პარტიზანულად და ამის შესახებ მთელი 16 წლის განმავლობაში (1938-1954 წწ.) არაფერი იცოდნენ საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკების) პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, საბჭოთა კავშირის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტსა და  საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოში. მეტიც, ცნობილია, რომ ეს აქცია განხორციელდა საბჭოთა კავშირის ხელისუფლების იმ სპეციალური დადგენილების საფუძველზე, რომელიც გულისხმობდა ავტონომიური რესპუბლიკებისა და ავტონომიური ოლქების „სატიტულო მცირე ერების" სამწიგნობრო ენათა აუცილებელ გადაყვანას შესაბამისი მოკავშირე რესპუბლიკების სატიტულო ერის ენისათვის არსებულ გრაფიკაზე [პაპასქირი, 2003: 6; ჯოჯუა, 2007: 57].

უაღრესად დამაჯერებელია ამ საკითხის შესახებ სოხუმელი ისტორიკოს-პოლიტოლოგის დაზმირ ჯოჯუას მიერ წარმოდგენილი შემდეგი განმარტება:

„ფორმალურად და, ასე ვთქვათ, „კულტურული ფასადის" თვალსაზრისით ეს ანბანური რეფორმა არ ტოვებდა იმპერიულ-ასიმილატორული მიზანდასახულობის შთაბეჭდილებას და არ ჩანდა „მცირე ერებზე" კულტურულ-ცივილიზაციური დარტყმის გამოვლინებად - „მცირე ერების" დამწერლობა გადაჰყავდათ იმ მოკავშირე რესპუბლიკების სახელმწიფო ენის გრაფიკაზე, რომლის შემადგენლობაშიც ამ ერების ავტონომიური წარმონაქმნები შედიოდნენ. ამიტომ დამწერლობის სისტემა მოდიოდა გარკვეულ ჰარმონიზაციაში ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ სისტემასთან და მოკავშირე რესპუბლიკებზე ავტონომიური ერთეულების უშუალო დაქვემდებარების ზოგად პოლიტიკურ მოდელთან. თანაც ეს რეფორმა ხორციელდებოდა ოფიციალურად, ორგანული კანონმდებლობისა და კონსტიტუციური სისტემის ფარგლებში.

მაგრამ სულ სხვა ანალიტიკურ სიბრტყეში მოიაზრება რეფორმის ლატენტური მხარე, რომელიც რეალურად იმპერიულ-ასიმილატორულ ხასიათს ატარებდა, ოღონდ რუსიფიკაციის კონტექსტში. საქმე ისაა, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს შორის იმ პერიოდში მხოლოდ ოთხის - რსფსრ, აზერბაიჯანის სსრ, უზბეკეთის სსრ და საქართველოს სსრ - ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ სტრუქტურას გააჩნდა ავტონომიური წარმონაქმნები, ხოლო მათგან მხოლოდ საქართველოს სსრ-ს სახელმწიფო ენას - ქართულ ენას   - ჰქონდა საკუთრივ ორიგინალური ანბანი, დანარჩენი რესპუბლიკების სახელმწიფო ენების დამწერლობა კი გაწყობილი იყო სლავურ-რუსულ ანბანზე, ე.წ. „კირილიცაზე" .

ამდენად, ცხადზე უცხადესია, რომ 30-იანი წლების მეორე ნახევრის „ალფაბეტური რევოლუციის" ძირითადი მიზანი „მცირე ერების" დამწერლობათა სისტემების გადაყვანა რუსულ-სლავურ გრაფიკულ სისტემაზე და უნიფიკაციის ამგვარი მოდელის ფარგლებში (ეს პროცესი წარიმართა 1936-1941 წლებში ლათინური შრიფტის „კირილიცაზე" მასობრივი გადაყვანით) მათი კულტურულ-ინსტიტუციონალური რუსიფიკაციის ქმედითი ბაზისის შექმნაა. აფხაზური დამწერლობის რეფორმა, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, დამწერლობის ლათინური შრიფტის გადაყვანა ქართულ გრაფიკულ სისტემაზე განხორციელდა „ანბანური რევოლუციის" იმპერიული მოდელის ფარგლებს გარეთ, უფრო მეტიც, მისი ერთგვარი ალტერნაციის კონტექსტში. მაგრამ ამისი მიზეზი უნდა ვეძებოთ არა ი. სტალინის და ლ. ბერიას ეთნიკურ ქართველობაში, არც პიროვნების კულტისა და საბჭოთა რეჟიმის ტოტალიტარულ-რეპრესიული პოლიტიკის სპეციფიკურად ანტიაფხაზურ მიმართულებაში და განსაკუთრებით არც ქართველების მხრიდან აფხაზური ეთნოკულტურული თვითობის დესტრუქციის მცდელობაში, არამედ იმ სრულიად უდავო ლინგვო-ისტორიულ გარემოებაში, რომ ავტონომიების მქონე მოკავშირე რესპუბლიკების სახელმწიფო ენებიდან მხოლოდ ქართული გამოირჩეოდა „კირილიცისგან" დიამეტრალურად განსხვავებული ანბანური დამწერლობით. ცხადია, იმპერიული ცენტრი თავის გადაწყვეტილებაში ვერ მოახდენდა ამ ქართული სპეციფიკის ნეიტრალიზებას და სპეციალურად საქართველოსთვის ცალკე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა"  [ჯოჯუა, 2007: 57-59].

ჩვენი მხრივ აქვე დავძენთ, რომ სომხეთის სსრ-ში სცადეს ხსენებული ზოგადსაბჭოური კონტექსტიდან გასვლა, როცა იმავე პერიოდში სომხეთში გავრცელებული ქურთული ენა ლათინური გრაფიკიდან გადაიყვანეს სომხურ გრაფიკაზე, თუმცა, იქ ქურთებს ავტონომიური წარმონაქმნი არ ჰქონიათ და რეფორმა მათი ენის გადაყვანას მოკავშირე რესპუბლიკის სახელმწიფო ენის - სომხურის  -  გრაფიკაზე არ მოითხოვდა. მეტროპოლიამ მალევე აღკვეთა ეს დარღვევა და ქურთული ენა რუსულ გრაფიკაზე (კირილიცაზე) გადაიყვანეს.


[1] შსს საარქივო სამმართველო, ფონდი 14, აღწერა 12, საქმე # 383  (9341), Отдел пропаганды, агитации и печати. Материалы об абхазском алфавите. Начато 9.3. 1938 г. Окончено 9.3. 1938 г.

ლიტერატურა

აფხაზური...
1986
აფხაზური ლიტერატურის ისტორია. წიგნი პირველი. სოხუმი (აფხაზურ ენაზე)
გვანცელაძე თ.
2011
აფხაზური ენა. სტრუქტურა, ისტორია, ფუნქციონირება. თბილისი.
პაპასქირი ზ.
2003
ქართველთა მხრიდან აფხაზი ხალხის ეთნოკულტურული ინდივიდუალობის მოშლის ე.წ. „მცდელობის“ შესახებ XX საუკუნის 30–იანი წლებისა მიწურულსა და 40–იან წლებში. საისტორიო ძიებანი, VI. თბილისი.
შსს საარქივო...
შსს საარქივო სამმართველო, ფონდი 14, აღწერა 12, საქმე # 383 (9341), Отдел пропаганды, агитации и печати. Материалы об абхазском алфавите. Начато 9.3. 1938 г. Окончено 9.3. 1938 г.
ხუნდაძე ტ.
1940
ცარიზმის საგანმანათლებლო პოლიტიკა საქართველოში (XIX ს. 80–იანი წლები). თბილისი.
ჯოჯუა დ.
2007
აფხაზეთი 1938–2006 წლებში: რეგიონალური ისტორიული პროცესის ასპექტები. თბილისი.