მიქელ თარხნიშვილის ქართველოლოგიური მოღვაწეობის რამდენიმე ასპექტის შესახებ

უცხოელ მკვლევართა ყურადღება საქართველოს ისტორიის, ლიტერატურისა და ხელოვნებისადმი განსაკუთრებით მე-20 საუკუნის დასაწყისიდან გაძლიერდა. უცხოელი ქართველოლოგების გვერდით ქართული კულტურის კვლევისა და პოპულარიზაციის საქმეში საზღვარგარეთ მოღვაწე მეცნიერებმაც შეიტანეს დიდი წვლილი. მათი ღვაწლი და დამსახურება მე-20 საუკუნის 80-იან წლებამდე ნაკლებად იყო ცნობილი, რადგან მათი უცხოური გამოცემები  არ შემოდიოდა ჩვენთან ან სპეციალურ ფონდებში იყო დაცული.  ამჟამად უკვე ბევრი რამ გახდა ცნობილი უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე  ჩვენი თანამემამულეების შესახებ, თუმცა, კიდევ უფრო მეტია შესასწავლი და საკვლევი. უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერის, მიქელ თამარაშვილის, შესახებ გასული საუკუნის ბოლოს რამდენიმე წერილი დაიბეჭდა, გამოქვეყნდა მისი ზოგიერთი  შრომის თარგმანიც. 1994 წელს გამომცემლობა „კანდელმა" გამოსცა თარხნიშვილის წერილები [თარხნიშვილი, 1994] სერიით „ქართული ეკლესიის ისტორია, მასალები და გამოკვლევები". მიუხედავად ამისა, ეს მეცნიერი გარკვეულწილად მაინც ჩრდილში დარჩა. საზოგადოებამ ბევრი რამ არ იცის მისი ღვაწლისა და იმ საკითხების შესახებ, რომელთა კვლევაში მ. თარხნიშვილს თავისი წვლილი აქვს შეტანილი.

     მ. თარხნიშვილი იყო საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის შესანიშნავი მცოდნე და თავისი ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული ადამიანი, რომელიც მთელ თავის დროსა და ენერგიას ქართული წერილობითი ძეგლების კვლევასა და გამოქვეყნებას უთმობდა და დიდად უწყობდა ხელს ქართული კულტურისადმი ინტერესის გაღვივებას. მას, როგორც ქართველოლოგს, ხშირად მიმართავდნენ ფილოლოგიური თუ ბიბლიოგრაფიული ცნობებისათვის. „მან პირველმა დაანახვა  დასავლელ მკვლევრებს ქართული ლიტერატურის ნაკლებად ცნობილი საგანძური", - წერდა მ. თარხნიშვილზე მისი ღირსეული მოწაფე ჟერარ გარიტი [Garitte, 1958: 308].

     მ. თარხნიშვილი დაიბადა 1897 წელს, 12 იანვარს, ახალციხეში. იგი ჯერ სახალხო სკოლაში სწავლობდა, სოფელ სკრაში, 1913 წელს კი კონსტანტინოპოლში (სტამბოლში) გაჰყვა ქართველ კათოლიკე ბერებს, რომლებიც იქაურ ქართულ სამონასტრო სკოლაში სწავლის მსურველებს არჩევდნენ.  1917 წლამდე  მ. თარხნიშვილი იქ იღებდა  განათლებას. მან 1917 წელს დატოვა თურქეთი და შვიდ ქართველ  ახალგაზრდასთან ერთად სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გაემგზავრა, სადაც 1919 წლამდე სწავლობდა ეტალის ბენედიქტელთა სააბატოში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1919 წელს,  მ. თარხნიშვილს შესაძლებლობა მიეცა, დაბრუნებულიყო სამშობლოში და სწავლა განეგრძო თბილისში, მაგრამ იმავე წელს, დეკემბერში, კვლავ სტამბოლში გაემგზავრა და ამის შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა.    მ. თარხნიშვილი  1924 წლამდე ცხოვრობდა   კონსტანტინოპოლში. 1923 წელს დაამთავრა კაპუცინების კოლეჯი,  1923 წლის სექტემბრიდან 1924 წლის ივლისამდე სწავლობდა კონსტანტინოპოლის ქართულ მონასტერში. 1924 წელს გაემგზავრა ავსტრიაში და სანკტ-გაბრიელის საღვთო სიტყვის საზოგადოებაში  დაასრულა ფილოლოგიური და ფილოსოფიური განათლების კურსი, შემდეგ ჩავიდა რომში, სადაც ჯერ ბერძნულ კოლეჯში შევიდა თავისუფალ მსმენელად, შემდეგ კი სწავლობდა რომის პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტში (1930-1933 წწ.). აქ ლათინურ ენაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე: თეატინელი მქადაგებლები საქართველოში მე-17 საუკუნეში" და მოიპოვა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1931 წლის 6 აგვისტოს  მ. თარხნიშვილი აკურთხეს მღვდლად გროტაფერატას ბერძნულ სააბატოში.

         მ. თარხნიშვილმა 1934 წელს მიიღო სასულიერო საზოგადოების დავალება - საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში მყოფ ქართველთაგან აღეზარდა წარმომადგენლები აღმოსავლური ეკლესიისათვის. ამ მიზნით იგი გაემგზავრა ბენედიქტელ მამებთან ჯერ პარიზში, შემდეგ კი დეგენდორფში (ბავარიაში).

        მ. თარხნიშვილი 1936-42 წლებში სხვადასხვა ადგილას ცდილობდა  მუშაობის დაწყებას. ამ პერიოდში აღმოსავლეთის ეკლესიების კონგრეგაციამ ვატიკანში დასვა საკითხი ქართული ლიტურგიკული ტექსტების დაბეჭდვის შესახებ.   მ. თარხნიშვილი, როგორც ამ საქმისათვის ზედმიწევნით შესაფერისი კანდიდატურა, რომში გადავიდა.

     მკვლევარს სიცოცხლის ბოლომდე აღარ დაუტოვებია რომი და, მიუხედავად ავადმყოფობისა, ძალიან ბევრს მუშაობდა. ეს იყო მისი მეცნიერული მოღვაწეობის ყველაზე ნაყოფიერი ხანა. იგი ეძებდა იტალიის წიგნთსაცავებში დაცულ ქართულ წყაროებს, თარგმნიდა და აქვეყნებდა ძველი ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვან ძეგლებს, აცნობდა ევროპელებს საქართველოს ლიტერატურასა და კულტურას. იგი გარდაიცვალა 1958 წელს, 15 ოქტომბერს.  მ. თარხნიშვილი დაკრძალეს ვატიკანში მოღვაწე უცხოელ  მამათა საერთო აკლდამაში.

        მ. თარხნიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის მიმართულება და ხასიათი განაპირობა მისმა წარმომავლობამ, კათოლიკურმა აღმსარებლობამ და, რაც მთავარია, იმ გარემოებამ, რომ მეცნიერი უცხოეთში მოღვაწეობდა, ევროპულ ჟურნალებში აქვეყნებდა თავის სტატიებს და ევროპელი მკითხველის ინტერესების გათვალისწინება უხდებოდა.

    თავისი მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზე   მ. თარხნიშვილი თეოლოგიისა და ისტორიული ლიტურგიკის საკითხებით იყო დაინტერესებული. მისი პირველი ნაშრომები უფრო თეორიული ხასიათისაა. განსაკუთრებით ცხოველ ინტერესს იჩენდა მკვლევარი აღმოსავლური ეკლესიისადმი. ერთ-ერთი ასეთი ნაშრომია „ბიზანტიური ლიტურგია, როგორც ერთიანობისა და კავშირის განხორციელება დოგმაში" [Tarchnischvili, 1939]. აქ ავტორი ხაზს უსვამს აღმოსავლური ეკლესიის ერთიანობისა და ჰარმონიულობისაკენ სწრაფვას, ცდილობს, დაგვანახვოს, რა ნათლად ჩანს ღვთაებრივი ერთიანობა ბიზანტიის ლიტურგიაში (ამ ლიტურგიაში იგი წმ. იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდის ჟამისწირვებს გულისხმობს). მკვლევარი დაწვრილებით ეხება ლიტურგიკულ ქმედებას, ლოცვებს, აღწერს, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ლიტურგიაში მშვიდობის აზრს. ყველაზე მნიშვნელოვნად მას ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირის იდეა მიაჩნია.

     მ. თარხნიშვილის ეს ნაშრომი შეუმჩნეველი არ დარჩენილა თეოლოგიის საკითხების მკვლევართათვის. სახელდობრ, მას მიეძღვნა ც. შნაიდერის რეცენზია „Byzantinische Zeitschrift"-ის ფურცლებზე [Schneider, 1940: 156]. მასში აღნიშნულია, რომ ნაშრომში მოცემულია ბიზანტიური ლიტურგიის ფაქიზი ანალიზი და მის შინაარსში ჩაწვდომის ცდა. რეცენზენტის შეფასებით, წერილი წმინდა მეცნიერულ ნაშრომს არ წარმოადგნს, ის მკითხველის ფართო წრისთვისაა განკუთვნილი.

   1939 წელს გამოქვეყნდა ქართველი მეცნიერის კიდევ ერთი საყურადღებო ნაშრომი „Una Sancta გაყოფამდე" [Tarchnischvili, A, 1939], რომელიც ასევე მთელი ქრისტიანული ეკლესიის, სხვადასხვა ქრისტიანული ქვეყნის ერთიანობას ეძღვნება. თვითონ კათოლიკური ეკლესიის მრწამსის მქონე მეცნიერს მთელი ქრისტიანობის ერთ-ერთ გამაერთიანებელ ნიშნად რომის ეკლესიასთან კავშირი მიაჩნია, თუმცა, კვლავ გამოყოფს მთელი ქრისტიანული სამყაროს დამახასიათებელ ნიშანს: აღმოსავლეთის მხრივ დასავლეთის ეკლესიის სულიერ ხელმძღვანელობას და ქრისტიანობის მთელი კულტურულ-რელიგიური ცხოვრების ერთიანობას, რომელიც აღმოსავლური ელფერის მქონეა. ამის დამადასტურებლად მიაჩნია ავტორს ის ფატები, რომ პირველ ორ საუკუნეში მოღვაწე მოციქულები და მწერლები აღმოსავლური წარმოშობისანი იყვნენ; საეკლესიო კრებები გაყოფამდე აღმოსავლეთში ტარდებოდა; აღმოსავლურ და აფრიკულ ეკლესიებზე იყო დამოკიდებული დასავლური სკოლა. რომის ეკლესია ალექსანდრიის გავლენას განიცდიდა, გალური ლიტურგია კი - სირიულ-ბიზანტიურისას. აღმოსავლურზე დამოკიდებულებას ხედავდა მეცნიერი დასავლეთის ხელოვნებაშიც: საეკლესიო მუსიკაში, პოეზიაში, არქიტექტურაში, იკონოგრაფიასა და წიგნის მხატვრობაში.

   ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ აღდგება ეკლესიის ერთიანობა, ოღონდ საჭიროა მეტი შეკავშირება და ერთობლივი მუშაობა აღმოსავლელი კათოლიკების მხრიდან, ამისათვის კი საჭიროდ მიიჩნევს გარკვეულ გაერთიანებას ლიტურგიკულ-რელიგიურ და თეოლოგიურ სფეროში.

     ნაშრომში „აღმოსავლური ქრისტიანობის ესქატოლოგიური ნიშანი" [Tarchnischvili, 1940] ავტორი განიხილავს, როგორია ქრისტიანულ მოძღვრების დამოკიდებულება გარდაცვალების შემდეგ სულის მდგომარეობის მიმართ და გამოაქვს დასკვნა, რომ, ამ მოძღვრების მიხედვით, ერთ პოლუსზე დგას კათოლიკური ესქატოლოგია, მეორეზე - მონოფიზიტურ-ნესტორიანული, შუაში კი - ორთოდოქსული, რომელიც ერთგვარ ხიდს ქმნის პირველი ორის ერთმანეთთან დასაკავშირებლად. მ. თარხნიშვილი ცდილობს, საერთო ნიშნები მოძებნოს კათოლიკურ და მონიფიზიტურ-ნესტორიანულ ეკლესიებს შორის.

    სტატიაში "სრულყოფის გზები" [Tarchnischvili, 1941] ავტორი გამოყოფს რამდენიმე ნიშანს, რომლებიც, ქრისტიანული მორალის მიხედვით, სჭირდება ადამიანს სრულყოფსათვის. ესენია: მორჩილება, ლოცვა, მარხვა, მონანიება.

   ისტორიული ლიტურგიკის საკითხებს მ. თარხნიშვილი განიხილავდა საქართველოს ეკლესიის ისტორიასთან მჭიდრო კავშირში. საერთოდ, ეს საკითხები მას აინტერესებდა თავისი ქვეყნისა და ხალხის წარსულთან, მის კულტურასა და სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებით.

      ეკლესიის ისტორიის საკითხებს ეხება მ. თარხნიშვილის ნაშრომები, როგორებიცაა: "ქართველი ბერების ცხოვრებიდან" [Tarchnischvili B, 1939; Tarchnischvili A, 1940], "ქრისტიანობა საქართველოში" [Tarchnischvili, 1936; Tarchnischvili A, 1936], „დამოკიდებულება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საქართველოს სამეფოში"  [Tarchnischvili, 1955] და სხვ. მის კალამს ეკუთვნის, აგრეთვე, საქართველოს ეკლესიის ისტორია VIII საუკუნემდე (ქართულ ენაზე), რომლის გამოცემაც ავტორმა ვერ მოასწრო და ამჟამად ხელნაწერის სახით ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

      მ. თარხნიშვილის განსაკუთრებული ინტერესის საგანს შეადგენდა უძველესი ქართული ლექციონარების კვლევა და მათი ტექსტის მეცნიერული გამოცემა. პირველი ნაშრომი ხანმეტ ლექციონარზე მკვლევარმა გამოაქვეყნა ლიტურგიკულ ჟურნალში "Jahrbuch für Liturgiewissenschaft", რომელშიც წარმოდგენილია ძირითადი ცნობები  ძეგლის შესახებ და მისი მოკლე აღწერილობა. უფრო ვრცლად ეს ძეგლი ჰაემეტ ლექციონართან ერთად განხილულია ნაშრომში "ქართული ლექციონარის V და VIII საუკუნეების ორი ფრაგმენტი" [Tarchnischvili, 1942-43], რომელშიც მკვლევარი ეხება ქართული ლექციონარის ორ ფრაგმენტს, ხანმეტსა და ჰაემეტს, განიხილავს საკითხს მათი წარმოშობისა და ასაკის შესახებ. მეცნიერმა ხანმეტი ლექციონარი შეუდარა სხვა ლიტურგიკულ ძეგლებს, განიხილა მათი ურთიერთმიმართების საკითხები და დაასკვნა, რომ ეს ლექციონარი სომხურ ლექციონარზე ადრე, V საუკუნის შუა ხანებში, შექმნილად უნდა მივიჩნიოთ. მისი შექმნის ადგილად მკვლევარი პალესტინას ვარაუდობს, დედნად კი - სირიულს ან ბერძნულს.

      მ. თარხნიშვილის ამ მოსაზრებებიდან ზოგი რამ შემდგომი კვლევა-ძიების შედეგად მცდარად ან საეჭვოდ იქნა მიჩნეული.  მაგალითად, ცნობილმა არმენოლოგმა, ათანასე რენუმ, უარყო მისი მოსაზრება, რომ ხანმეტი ლექციონარი სომხურზე უფრო ძველია და იგი V ს-ის I ნახევრით  თარიღდება [Renoux, 1971]  გაზიარებული არ არის ასევე მოსაზრება, რომ ხანმეტი ლექციონარი და კანონარი სხვადასხვა დროს შესრულებული ორი დამოუკიდებელი თარგმანია სხვადასხვა რედაქციის ბერძნული დედნებისა. დადგინდა, რომ ხანმეტი ლექციონარიდან იერუსალიმის კანონარამდე განვითარების უწყვეტი ხაზია. ასე რომ, უძველესი ქართული თარგმანი თანდათან ითვისებდა ბერძნულში მომხდარ ცვლილებებს და ასე ყალიბდებოდა ქართული ვრცელი რედაქციის ნუსხები. მიუხედავად იმისა, რომ მ. თარხნიშვილის მოსაზრებებიდან ზოგი რამ ეჭვსა და დავას იწვევს, მან ძირითადად სწორი გზით წარმართა კვლევა, შენიშნა ქართული ლექციონარის სიძველის მაჩვენებელი მთელი რიგი ნიშანი და საგრძნობლად წინ გადასწია ლექციონარის ქართული თარგმანის თარიღი.

      ცალკე აღსანიშნავია ის დიდი მუშაობა, რომელიც გასწია მ. თარხნიშვილმა იერუსალიმური ლექციონარის ვრცელი ქართული ვერსიის ტექსტის გამოსაცემად, რომლის გამოქვეყნებას მეცნიერი ვერ მოესწრო. მის მიერ მომზადებული ძეგლი გამოქვეყნდა მკვლევრის გარდაცვალების შემდეგ რ. დრაგესა და ჟ. გარიტის მზრუნველობითა და ხელმძღვანელობით ქართულ და ლათინურ ენებზე [Tarchnischvili, 1959; Tarchnischvili 1960].  აქ პოეტური მონოსტროფების ტექსტი სრულად არის წარმოდგენილი, რამაც დიდად შეუწყო ხელი ლექციონარის კვლევას ჰიმნოგრაფიული თვალსაზრისით [Leeb, 1970; ხევსურიანი, 1973]. საერთოდ, აღნიშნულმა გამოცემამ გააფართოვა ქართული ლექციონარის მკვლევართა წრე, ლათინური თარგმანის დართვამ ხელმისაწვდომი გახადა ლექციონარის ტექსტი ევროპელი მეცნიერებისათვის. ეს ლექციონარი, რომელიც ნაკლებად იყო ცნობილი უცხოელებისათვის, ლიტურგისტებმა, ჰაგიოლოგებმა და პალესტინოლოგებმა ერთხმად შეაფასეს, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომელმაც შემოგვინახა იერუსალიმის უძველესი ტიპიკონი, ხოლო მ. თარხნიშვილის ეს გამოცემა მკვლევრის ერთ-ერთ საუკეთესო და სრულყოფილ ნაშრომად აღიარეს.

    ჯერ კიდევ 1948 წელს მ. თარხნიშვილმა გამოსცა იაკობის ჟამისწირვის ქართული ნუსხის გერმანული თარგმანი გამოკვლევითურთ [Tarchnischvili, 1948], რასაც მალე მოჰყვა ქართული ჟამისწირვების ტექსტების გამოცემა ლათინური თარგმანითურთ [Tarchnischvili, 1950].

     მკვლევარს თვალსაჩინო დამსახურება მიუძღვის XI ს-ის მნიშვნელოვანი საისტორიო ძეგლის, პეტრიწონის ქართველთა მონასტრის, ტიპიკონის შესწავლისა და გამოცემის საქმეში. პეტრიწონის მონასტრის წესდება, რომელიც 1083 წ. ქართულ და ბერძნულ ენებზე შეუდგენია ამ მონასტრის დამაარსებელს, დიდ დომესტიკოსს, გრიგოლ ბაკურიანის ძეს, სამეცნიერო წრეებისთვის მხოლოდ XIX ს-ის ბოლოს გახდა ცნობილი.  1904 წელს ფრანგმა მეცნიერმა ლუი პეტიტმა გამოსცა პეტრიწონის ტიპიკონის ძველი ბერძნული ტექსტი XVIII ს-ში გადაწერილი ასლის მიხედვით. დედნის მოპოვება მას ვერ მოუხერხებია, ამიტომ ხარვეზის შესავსებად გ. მუსეოსის მიერ გამოცემული ახალი ბერძნული თარგმანი მოიშველია. ქართული ტექსტი კიდევ დიდხანს რჩებოდა უცნობი, სანამ მისით საგანგებოდ არ დაინტერესდა მ. თარხნიშვილი. მან მიაკვლია ქართული ხელნაწერის ადგილ-სამყოფელს კუნძულ ხიოსზე. თუმცა დედანი არ გამოუჩინეს და იძულებული გახდა,  XIX ს-ში გადაწერილი ასლით დაკმაყოფილებულიყო. მეცნიერმა გამართა ტექსტი და 1954 წელს გამოსცა ლათინურ თარგმანთან ერთად ორ წიგნად [Typicon... 1954; Typicon... 1954 A.]. იმ დროს ტიპიკონის ძველი ნუსხა ჯერ არ იყო ნაპოვნი და მისი ასლის გამოცემაც მნიშვნელოვან  მოვლენას  წარმოადგენდა. მ. თარხნიშვილის გამოცემამ გარკვეული როლი შეასრულა პეტრიწონის მონასტრის ისტორიისა და გრიგოლ ბაკურიანის ბიოგრაფიის კვლევის საქმეში. Aამ გამოცემას გამოეხმაურა ი. მოლიტორი, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა მ. თარხნიშვილს ამ საპასუხისმგებლო საქმის შესრულებისათვის [Molitor,  1956: 146].

     თარხნიშვილი დიდად იყო დაინტერესებული ქართული ეპიგრაფიკის საკითხებით. საგანგებო გამოკვლევაში "ახალი ქართული ეპიგრაფიკული და ლიტერატურული აღმოჩენები" თარგმანითურთ [Tarchnischvili, A 1950]. მან განიხილა ბოლნისის სიონის, მცხეთის ჯვრის, საჰაკდუხტის და წყსისის წარწერები, რომლებიც უძველეს პერიოდს ეკუთვნის, ხოლო პეტრიწონის მონასტრის ღვთისმშობლის ხატზე გაკეთებულ წარწერას ეძღვნება გამოკვლევა "ღვთისმშობლის ხატის წარწერა პეტრიწონის მონასტერში" [თარხნიშვილი, 1950].

    როდესაც არქეოლოგიური კვლევის შედეგად  წმინდა ადგილებში ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები გამოვლინდა, სახელდობრ, ანტიოქიის მახლობლად ერთ დროს ქართველთა კუთვნილი ცამეტი ეკლესია და მონასტერი, ეგვიპტის უდაბნოში პეტრე იბერის მიერ V ს-ში აგებული ეკლესია, ბაჩკოვოს სამონასტრო კომპლექსი, ამ აღმოჩენებს ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა მ. თარხნიშვილი. მას უცხოელი სპეციალისტები ხშირად მიმართავდნენ დახმარებისათვის, ზოგიერთი ძეგლის ძიება სულაც მისი რჩევითა და მის მიერ მიწოდებული ცნობების საფუძველზე ყოფილა წამოწყებული.

      როცა პალესტინაში საირ-ელ-ღანიმის მიდამოებში იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ გამოავლინა ნაშთები ძველი ქართული წარწერებით დამშვენებული სამონასტრო კომპლექსისა, რომელიც პეტრე იბერის სახელს უკავშირდება, ქართული წარწერების შესასწავლად მან სწორედ მ. თარხნიშვილი მიიწვია. მან პირველმა გაშიფრა  და მეცნიერულად გააანალიზა [1] ოთხი ქართული წარწერა, რომლებიც შესრულებული იყო მოზაიკურ იატაკზე ასომთავრულით. წარწერებში მოხსენიებული იყვნენ ისტორიული პირები, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მათ დასათარიღებლად. Mმ. თარხნიშვილისა და ვ. კორბოს ამ ნაშრომს გამოეხმაურნენ როგორც ევროპაში (ჰ. ენგბერდინგი), ისე საქართველოში (ალ. გამყრელიძე, ბ. გიორგაძე, შ. ნუცუბიძე). ქართველი მეცნიერები ცდილობდნენ წარწერებში მოხსენიებულ პირთა იდენტიფიკაციას (შ. ნუცუბიძე, ს. ყაუხჩიშვილი, კ. კეკელიძე, გ. წერეთელი). Gგ. წერეთლის შრომა "უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან" ცალკე წიგნად გამოიცა 1960 წელს. წიგნში გ. წერეთელი განიხილავს ამ საკითხის შესახებ არსებულ ლიტერატურას და მ. თარხნიშვილის მოსაზრებას მაღალ შეფასებას აძლევს: "წარწერები წაკითხულია მ. თარხნიშვილის მიერ აბსოლუტურად სწორად და ზუსტად და თითქმის არ არის არც ერთი ასო, რომლის წაკითხვა შესწორებას საჭიროებდეს. სწორია, აგრეთვე, თარგმანი და ტექსტის ინტერპრეტაცია. დაზუსტებას მოითხოვს მხოლოდ ზოგიერთი საკუთარი სახელის ახსნა და იდენტიფიკაცია" [წერეთელი, 1960: 10]. გრ. წერეთელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო წარწერებში მოხსენიებულ პირთა ვინაობას და შეძლო მათი იდენტიფიკაცია და ამის საფუძველზე წარწერების ზუსტი დათარიღება. გაირკვა, რომ წარწერებიდან ორი უძველესია დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის, ეკუთვნის V ს-ის 30-იან წლებს და ნახევარი საუკუნით უსწრებს მანამდე უძველესად ცნობილ ბოლნისის სიონის წარწერებს. მათი შესწავლის საქმეში მ. თარხნიშვილს მეტად მნიშვნელოვანი და საპატიო წვლილი აქვს შეტანილი.

   მ. თარხნიშვილი თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისიდანვე იყო დაინტერესებული ქართული სასულიერო მწერლობის შესწავლით და არაერთი გამოკვლევა უძღვნა სასულიერო ლიტერატურის საკითხებს.

    ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი ამ მხრივ არის "ქართული ლიტერატურის ისტორია" [Geschichte... 1955], დაწერილი კ. კეკელიძის "ძველი ქართული მწერლობის ისტორიის" I ტომის საფუძველზე, იულიუს ასფალგის მონაწილეობით, გამოქვეყნებული 1955 წელს. ამ დროისათვის ევროპაში უკვე გაცხოველებულ ინტერესს იჩენდნენ ქართული ორიგინალური და ნათარგმნი სასულიერო ლიტერატურული ძეგლებისადმი და მომწიფებული იყო აუცილებლობა ერთ-ერთ ევროპულ ენაზე შემაჯამებელი მიმოხილვითი ნაშრომის შექმნისა. ეს საპატიო მისია მეგობრებისა და უცხოელი ქართველოლოგების რჩევითა და მხარდაჭერით იკისრა მ. თარხნიშვილმა.

    ნაშრომი გამოქვეყნდა 1955 წელს ვატიკანის ბიბლიოთეკის "გამოკვლევებისა და ტექსტების" სერიით. მას წინ უძღვის მ. თარხნიშვილის მოკლე წინასიტყვაობა და იულიუს ასფალგის "შესავლის მაგიერ", დამატების სახით ერთვის ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა კიმენური რედაქციის ქართული თარგმანების სია და სახელთა საძიებელი.                     

       თავის წინასიტყვაობაში მ. თარხნიშვილი აღნიშნავს ევროპელების მზარდ ინტერესს ძველი ქართული ლიტერატურისადმი და მადლობას უხდის მათ, ვინც წვლილი შეიტანა ამ ნაშრომის შექმნაში, განსაკუთრებით იულიუს ასფალგს, მაგრამ ნაშრომის მიმართებაზე კ. კეკელიძის წიგნთან არაფერს ამბობს. სამაგიეროდ, ამ საკითხს ეხება ი. ასფალგი თავის შესავალ წერილში, რომელშიც ხაზგასმულია ასეთი ნაშრომის შექმნის საჭიროება და აღნიშნულია, რომ იგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიჩნიოთ თარგმანად. ის უფრო თავისუფალი გადამუშავებაა, რომლის დროსაც მ. თარხნიშვილი  ცდილობდა გაემარტივებინა  კ. კეკელიძის ვრცელი მსჯელობები, შეევსო  წყაროები,  დაემატებინა  ლიტერატურა და ნაშრომი თანამედროვე მეცნიერების მოთხოვნებისათვის მიესადაგებინა.  მეცნიერი მიუთითებს იმ ადგილებზე, რომლებიც განსაკუთრებითაა შეცვლილი, ცალ-ცალკე აქვს ჩამოყალიბებული ნიშნები, რომლებიც მ. თარხნიშვილისა და კ. კეკელიძის ნაშრომებს ერთმანეთისაგან განასხვავებს, ბოლოს კი ასკვნის: "ნაშრომი პირველი ცდაა გერმანულ ენაზე ქართული სასულიერო ლიტერატურის ისტორიის გამოცემისა მეცნიერული მოთხოვნების შესაფერისი ფორმით. ზოგ უზუსტობას ან შეცდომას ასეთი პირველი ცდის დროს თავიდან ვერ ავიცილებთ. თუ წიგნი საჭირო დამხმარე მასალა იქნება ამ სფეროში მომუშავე ევროპელი მკვლევრისათვის, და თუ ის შეძლებს ფართო წრეების დაინტერესებას ქართველი ხალხით, მისი ისტორიითა და ლიტერატურით, ... მაშინ ამ წიგნის მიზანი შესრულებული იქნება" [Geschichte... 1955: 5-6].

     მ. თარხნიშვილს შემოკლებული აქვს კ. კეკელიძის ნაშრომი, მისი წიგნი უფრო კომპაქტურია, კომპოზიციურად და ენობრივად იგი გარკვეული თვალსაზრისით უფრო ადვილი აღსაქმელია მკითხველისათვის. Mმეორე მხრივ, დამატებული და შევსებულია სქოლიოები ძველი ტექსტების ევროპული გამოცემებით და ევროპელი მკვლევრების ნაშრომებით. წიგნში მოცემულია მ. თარხნიშვილის დაკვირვებები და ორიგინალური მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე (განსხვავებულად არის დათარიღებული მარტვირი ქართველის, ლეონტი მროველის, იოანე ბოლნელის მოღვაწეობის თარიღები,  დამატებულია საქართველოში კათოლიკე მისიონერების საქმიანობაზე მსჯელობა და სხვ.).

     უნდა აღინიშნოს, რომ კ. კეკელიძემ არსებითად არ გაიზიარა მ. თარხნიშვილის არც ერთი განსხვავებული მოსაზრება. ხშირ შემთხვევაში მისი კრიტიკა სამართლიანია, მაგრამ   თვითონ ის ფაქტი, რომ გერმანულენოვან მკითხველს საშუალება მიეცა ქართული სასულიერო ლიტერატურის კურსს გასცნობოდა, მისასალმებელი მოვლენა იყო. მ. თარხნიშვილის მიერ ქართული სასულიერო ლიტერატურის გამოცემას გერმანულ ენაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ძველი ქართული მწერლობის საერთაშორისო სარბიელზე გატანისათვის. ნაშრომს ხშირად იმოწმებენ და ჯეროვნად აფასებენ ევროპელი მეცნიერები, ამ სფეროში მომუშავე უცხოელი ქართველოლოგები და ორიენტალისტები. საცნობარო სახის ნაშრომებიდან მრავალი ნიმუშის მოყვანა შეიძლება, რომლებშიც მ. თარხნიშვილის ეს შრომა დასახელებულია, როგორც დამხმარე ლიტერატურის ნიმუში.

    მ. თარხნიშვილი დაინტერესებული იყო "ბალავარიანის" პრობლემითაც და რამდენიმე წერილი უძღვნა მას [თარხნიშვილი, 1958; Tarchnischvili, A 1958]. ეს ნაწარმოები ბევრი ქართველი და უცხოელი მკვლევრის შესწავლის ობიექტი იყო და მისი ავტორობისა და შექმნის დროის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. მას შემდეგ, რაც ბარონ როზენმა და ნიკო მარმა თქმულების ძველი ქართული ვერსია აღმოაჩინეს, გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს რომანი ქართულიდან ითარგმნა ბერძნულად.  პირველი თარგმანი უნდა ეკუთვნოდეს ექვთიმე ათონელს და ის უნდა ყოფილიყო წყარო ყველა სხვა ნუსხისთვისაც. ამ მოსაზრებას მხარს უჭერდნენ ალ. ხახანაშვილი, ე. თაყაიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ს. ყაუხჩიშვილი, ი. აბულაძე, პ. პეეტერსი, რ. ბლეიკი, რ. ლ. ვულფი. ამ საკითხს შეეხო ცნობილი ბიზანტინისტი ფრანც დოელგერიც, რომელმაც 1950 წელს ჟურნალ Byzantion-ში გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ცდილობდა დაემტკიცებინა იოანე დამასკელის ავტორობა. შემდეგ იგივე აზრია გატარებული მის წიგნში Der griechische Barlaam-Roman, ein Werk von Johannes des Damaskos [Dölger, 1950].  ფრ. დოელგერი აკრიტიკებდა იმ მეცნიერთა მოსაზრებას, რომლებიც მხარს უჭერდნენ ექვთიმეს ავტორობას, ხოლო "ექვთიმეს ცხოვრებას" არასაიმედო წყაროდ მიიჩნევდა. დოელგერის საპასუხოდ ვრცელი რეცენზია გამოაქვეყნა ფ. ჰალკინმა, მას მიემხრნენ მ. მუზარილიო, ვ. ლაურდასი, დ. ლანგი, ხოლო დოელგერის მოსაზრება გაიზიარა პ. მ. ბიდერმანმა.

   აღნიშნულ დისკუსიაში ჩაერთო მ. თარხნიშვილიც. მან 1954 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი "წმ. ექვთიმეს სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისი და ბარდა სკლიაროსის აჯანყება" [Tarchnischvili, 1954], რომელშიც ყურადღებას ამახვილებს ექვთიმეს სამწერლო მოღვაწეობის დაწყების თარიღზე, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს "ბალავარიანის" ბერძნულ ენაზე მთარგმნელად ექვთიმეს მიჩნევა-არმიჩნევისათვის. მკვლევარი დაწვრილებით აანალიზებს "იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებაში" წარმოდგენილ ცნობებს ბარდა სკლიაროსის აჯანყების შესახებ, განიხილავს მათ სხვა ქართულ და ბერძნულ წყაროებში დაცულ ცნობებთან მიმართებით და იმ დასკვნამდე მიდის, რომ გიორგი ათონელის ცნობები "თავისი მოვლენების აღწერით სავსებით ეთანხმებიან ამ მოვლენებთან ახლოს მდგომი სხვა წყაროების მონაცემებს" [Tarchnischvili, 1954].

    1955 წელს დოელგერმა გამოაქვეყნა საპასუხო წერილი, მაგრამ ვერ უარყო მ. თარხნიშვილის არგუმენტები. შემდგომში დოელგერის მოსაზრებები კრიტიკულად შეაფასეს ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზანტიური ლიტურგიკის პროფესორმა გ. დაუნიმ და ამერიკაში მოღვაწე კ. თუმანოვმა. თვითონ მ. თარხნიშვილი კვლავ დაუბრუნდა ამ საკითხს წერილში "ისტორიულ-ლიტერატურული ცნობები" [თარხნიშვილი, B 1954]. აქ, დოელგერის გარდა, მკვლევარი კ. კეკელიძესაც ეკამათება იმის თაობაზე, თუ რომელ საუკუნეში უნდა ვივარაუდოთ "ბალავარიანის" ქართული თარგმანის შესრულება.

    დიდად იყო დაინტერესებული მ. თარხნიშვილი იოანე ბოლნელისა და ლეონტი მროველის ცხოვრება-მოღვაწეობით. მისი მოსაზრებები, რომლებიც ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ყოველთვის არ არის გაზიარებული, თავისი ორიგინალურობითა და გაბედულებით გამოირჩევა.

     მ. თარხნიშვილის ზოგი წერილი ქართული ლიტერატურისა და ისტორიის საკითხებზე მიმოხილვითი და ბიბლიოგრაფიული ხასიათისაა. მაგ. "ქართული ხელნაწერები და ძველი წიგნები რომის წიგნთსაცავებში" [თარხნიშვილი, 1952], "ქართული ლიტერატურის კვლევის მდგომარეობის მოკლე მიმოხილვა" [თარხნიშვილი, 1954], "ისტორიულ-ლიტერატურული ცნობები" [თარხნიშვილი, 1954].

    ლიტერატურის ისტორიის კვლევა საკუთრივ ისტორიისაგან იზოლირებულად შეუძლებელია და, ბუნებრივია, მ. თარხნიშვილსაც ხშირად უხდებოდა მიემართა ისტორიული ფაქტების ანალიზისათვის. ამ დროს იგი ეყრდნობოდა სხვადასხვა დარგის ცნობილ სპეციალისტთა კვლევა-ძიების შედეგებს, კერძოდ, ყველაზე მეტად ივ. ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორიას" და სხვა კლასიკურ ნაშრომებს, მაგრამ ამასთანავე ზოგიერთი საკითხზე თვითონაც აქვს ისტორიული ხასიათის ორიგინალური დაკვირვებანი, ზოგჯერ გაკვრით გამოთქმული, ლიტერატურულ გამოკვლევაში ჩართული ექსკურსის სახით, ზოგჯერ კი სპეციალურ ნაშრომად გაფორმებული.

     ამგვარი სპეციალური კვლევა-ძიების ნიმუშებია შემდეგი  სტატიები: "979 წლის ბიზანტიურ-ქართული ეპოპეა" [თარხნიშვილი, 1956], რომელიც ეძღვნება ბარდა სკლიაროსის აჯანყებას ბიზანტიაში X ს-ის უკანასკნელ მეოთხედში; "ნამყო აწმყოში" [თარხნიშვილი, 1949], რომელიც შეეხება სირიელი მწერლის, ბარ-ჰებრეუსის, ანუ აბულ-ფარაჯას, ცნობებს საქართველოს შესახებ; "ერთ-ერთი ქართველი მხედართმთავარი ბიზანტიაში" [თარხნიშვილი, 1952], რომელშიც მოცემულია მსჯელობა გრიგოლ იბერიძის შესახებ; "ეს იყო ოდესღაც" [თარხნიშვილი, 1949], რომელშიც განხილულია ფარსმან იბერიელის დამოკიდებულება რომაელ იმპერატორთან; ასევე მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომი: "ქართული ხელოვნების ნეშტი ეგვიპტეში" [თარხნიშვილი, 1952] და სხვ.

    სპეციალური აღნიშვნის ღირსია მ. თარხნიშვილის თანამშრომლობა სხვადასხვა კორპუსსა და სპეციალურ გამოცემაში, მისი პირადი ურთიერთობები ევროპაში მოღვაწე ქართველოლოგებთან.

       როცა 1949 წელს პარიზში კალისტრატე სალიას ინიციატივით და რედაქტორობით დაიწყო ქართველოლოგიური ჟურნალის "ბედი ქართლისას" გამოცემა, მ. თახნიშვილი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ამ ფაქტს და ჟურნალის აქტიური თანამშრომელი გახდა. მკვლევარი „ბედი ქართლისას" თითქმის ყველა ნომერში აქვეყნებდა თავის გამოკვლევებს, რამაც დიდად შეუწყო ხელი ჟურნალის სამეცნიერო პროფილის ჩამოყალიბებას.

    "Corpus Scriptorum Christianorum Orientalis"-ის მთავარი მდივნის, რ. დრაგეს,  თხოვნით, მ. თარხნიშვილმა იკისრა საგამომცემლო კრებულის ქართული განყოფილების მეურვეობა და გამოაქვეყნა ამ "კორპუსში" 4 ტომი: ძველი ქართული ლიტურგიები და გრიგოლ ბაკურიანის ტიპიკონი. მისი სიკვდილის შემდეგ ამავე სერიით გამოიცა ქართული ლექციონარი.

    ამას გარდა, მ. თარხნიშვილის გამოკვლევები იბეჭდებოდა აღმოსავლეთმცოდნეობის დარგის ისეთ ავტორიტეტულ ორგანოებში, როგორებიცაა Byzantinische Zeitschrift, Le Museon, Oriens Christianus, Archiv für Liturgiewissenschaft და სხვ. მ. თარხნიშვილი აწვდიდა ცნობებს საქართველოს შესახებ ევროპულ ჟურნალებსა და ენციკლოპედიებს (Enciclopedia Cattolica, der Christliche Orient in Vergangenheit und Gegenwart). მას ხშირად მიმართავდნენ უცხოელი ქართველოლოგები და უცხოეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერები.

     მ. თარხნიშვილის მოწაფე და თანამშრომელი იყო ცნობილი უცხოელი ქართველოლოგი იულიუს ასფალგი. მათ 1951 წელს გაუცვნიათ ერთმანეთი  და შემდეგ ჰქონიათ ცხოველი მიმოწერა და რამდენჯერმე  საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა.  მ. თარხნიშვილი ეხმარებოდა ი. ასფალგს ქართული ენის შესწავლაში, ხელს უწყობდა მას, აგრეთვე, იერუსალიმის ხელნაწერების ფოტოასლების მოპოვებაში. ი. ასფალგი, თავის მხრივ, რედაქტირებას უკეთებდა მ. თარხნიშვილის შრომებს. ი. ასფალგთან თანამშრომლობით გამოსცა მ. თარხნიშვილმა თავისი ფუნდამენტური შრომა "ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ისტორია". მამა მიქელის გარდაცვალების შემდეგ ი. ასფალგმა შეკრიბა ბიოგრაფიული ცნობები და გამოაქვეყნა ვრცელი ნეკროლოგი ჟურნალ "ბედი ქართლისას" ფურცლებზე. მანვე შეადგინა მ. თარხნიშვილის შრომების ბიბლიოგრაფიაც.

      მ. თარხნიშვილთან დაიწყო ქართული ენის შესწავლა მეორე გამოჩენილმა მეცნიერმა ჟერარ გარიტმა. მას მ. თარხნიშვილთან აახლოვებდა უძველესი პერიოდის (V-XII) ქართული წერილობითი ძეგლებით დაინტერესება. ქართველმა მეცნიერმა რამდენიმე წერილი უძღვნა ჟ. გარიტის ქართველოლოგიურ ნაშრომებს და დიდი შეფასება მისცა მის მოღვაწეობას ამ სფეროში. მ. თარხნიშვილის გარდაცვალების შემდეგ სწორედ ჟ. გარიტმა ითავა იერუსალიმის ლექციონარის გამოცემა, რომელიც   მ. თარხნიშვილის მიერ იყო მომზადებული.

   განსაკუთრებულ პატივს სცემდა მ. თარხნიშვილს მისი მოწაფე და მეგობარი დევიდ ლანგი, რომელთანაც მას რეგულარული მიმოწერა ჰქონდა და ხშირად აწვდიდა საინტერესო და საჭირო ცნობებს. "მე ბედნიერება მქონდა პირადად მცნობოდა მამა მიქელი და განმეცადა საიმოვნება მისი ცოცხალი საუბრითა და  ამ გენიალურ პიროვნებასთან ურთიერთობით"[Lang, 1958: 6], - წერდა თარხნიშვილის გარდაცვალების შემდეგ დ. ლანგი, რომელსაც მამა მიქელის ბოლო წერილი მის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მიუღია.

      ახალგაზრდობის წლებში მიუნხენში სწავლის დროს  გაიცნო მ. თარხნიშვილი გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა მეცნიერმა ალექსანდრე ნიკურაძემ, რომელიც სიამოვნებით იხსენებდა მასთან ერთად გატარებულ დროს, მის მისწრაფებას, გამოეკვლია საქართველოს ისტორია, აღმოეჩინა ახალი წყაროები და სიახლე შეეტანა ძველი წყაროების კვლევაში [Nikuradse,  1958: 6].           

       ვატიკანში ყოფნისას მ. თარხნიშვილთან ჩასულა ქართველი მეცნიერი ნიკოლოზ ჯანელიძე, რომელსაც კათოლიკობა მიუღია და მ. თარხნიშვილის ხელმძღვანელობით სწავლობდა ასპირანტურაში. შემდგომში, როდესაც ნ. ჯანელიძემ გერმანულ ენაზე გამოსცა "ნინო მოციქული" (Die Apostolin Nino), რომლისთვისაც გამოიყენა ქართული სასულიერო მწერლობის თვალსაჩინო ძეგლი "ცხოვრებაი და მოქალაქობაი ღირსისა და მოციქულთა სწორისა ნეტარისა ნინოსი", ტექსტის დადგენასა და გერმანულად თარგმანში მას ეხმარებოდა მ. თარხნიშვილი [შარაძე, 1989].

       მ. თარხნიშვილს აქტიური მიმოწერა ჰქონდა ამერიკაში მცხოვრებ ქართველ მეცნიერთან, ვახტანგ ჯობაძესთან. ვ. ჯობაძე აცნობდა ხოლმე მამა მიქელს თავის სამეცნიერო გეგმებს, უგზავნიდა მას თავის ნაშრომებს. სამშობლოს მოშორებული მეცნიერები დიდად განიცდიდნენ საქართველოში გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურის ნაკლებობას და, როგორც კი ასეთ მასალას მოიპოვებდნენ, ერთმანეთს აწვდიდნენ ცნობებს და უზიარებდნენ საკუთარ მოსაზრებებს, თვითონაც ზრუნავდნენ, ხელმისაწვდომი გაეხადათ თავიანთი გამოკვლევები თანამემამულეებისათვის.

   ასეთია მიქელ თარხნიშვილის შრომების მოკლე მიმოხილვა, რაც, ვფიქრობთ, გარკვეულ დახმარებას გაუწევს მისი მეცნიერული მოღვაწეობით დაინტერესებულ მკითხველებს.


 [1] ვ. კორბოსა და მ. თარხნიშვილის გამოკვლევა ჯერ წერილის სახით გამოქვეყნდა, შემდეგ კი იტალიურ ენაზე დაიბეჭდა ვ. კორბოს წიგნი, რომელშიც ცალკე ქვეთავად შევიდა მ. თარხნიშვილის გამოკვლევა [Tarchnischvili, A. 1955]

ლიტერატურა

თარხნიშვილი მ.
1949
ნამყო აწმყოში. ბედი ქართლისა. 4.
თარხნიშვილი მ.
1949
ეს იყო ოდესღაც. ბედი ქართლისა. 5.
თარხნიშვილი მ.
1950
ღვთისმშობლის ხატის წარწერა პეტრიწონის მონასტერში. ბედი ქართლისა. 8.
თარხნიშვილი მ.
1952
ქართული ხელნაწერები და ძველი წიგნები რომის წიგნთსაცავებში. ბედი ქართლისა. 13.
თარხნიშვილი მ.
1952
ერთ-ერთი ქართველი მხედართმთავარი ბიზანტიაში, ბედი ქართლისა. 12
თარხნიშვილი მ.
1952
ქართული ხელოვნების ნეშტი ეგვიპტეში. ბედი ქართლისა. 11.
თარხნიშვილი მ.
1954
ისტორიულ-ლიტერატურული ცნობები. ბედი ქართლისა. 18.
თარხნიშვილი მ.
1958
ქართული ბალავარიანი და მისი ინგლისური თარგმანი პროფ. დ. მ. ლანგის მიერ, ბედი ქართლისა, 28-29. 1958, 18-28
თარხნიშვილი მ.
1994
წერილები. სერია: ქართული ეკლესიის ისტორია, მასალები და გამოკვლევები. კრებული შეადგინა და გამოკვლევა დაურთო თამარ ჭუმბურიძემ. თბილისი.
Tarchnischvili M.
1936
Das Christentum in Georgien. Der Christliche Orient in Vergangenheit und Gegenwart.1936, München. 1, 12-20.
Tarchnischvili M.
1936 A.
Das Christentum in Georgien. Der Christliche Orient in Vergangenheit und Gegenwart. 1936, München. 2, 13-20.
Tarchnischvili M.
1939
Die byzantinische Liturgie als Verwirklichung der Einheit und Gemeinscheft in Dogma, Würzburg, Das östliche Christentum, H.9.
Tarchnischvili M.
1939 A.
Die Una Sancta vor der Trennung. Der Christliche Oste. Geist und Gestalt. Regensburg, 275-293.
Tarchnischvili M.
1939 B.
Aus dem Leben der georgischen Mönche. Der Christliche Orient in Vergangenheit und Gegenwart. München. 4,1939,105-109; N 5, 1940, 40-54.
Tarchnischvili M.
1940
Der eschatologische Zug orientalischer Frömmigkeitshaltung. Morgenländisches Christentum. Padeborn, 1940, 333-348.
Tarchnischvili M.
1940 A.
Die Wege zur Vollkommenheit. Morgenländisches Christentum. Padeborn, 1940,349-365.
Tarchnischvili M.
1942-43
Zwei georgische Lektionarfragmente aus dem 5. und 8. Jh. Kyrios. 6,1942-43, 1-28; Le Museo, 73, 3-4 1960, 261-296.
Tarchnischvili M.
1948
Eine neue georgische Jakobusliturgie. Ephemerides Liturgicae. 62, 1948, 49-82.
Tarchnischvili M.
1950
Liturgiae Ibericae Antiquiores. Corpus Scriptorum Christianorum Orientalium. vol.122-123. 1950, Louvain.
Tarchnischvili M.
1950 A
Les recentes decouvertes epigraphicues et litteraires en Georgie. Le Museon. 63., 1950, 249-260.
Tarchnischvili M.
1953
Kurzer Überblick über den Stand der georgischen Literaturforschung, Oriens Christianus, 37, 1953, 89-99
Tarchnischvili M.
1955
Le inscrizioni musive del monastero di Bir el Qat, V. Corbo, Gliscavidi Kh. Siyar el-Ghanam (Campo dei pastori) e i Monasteri deidintorni, Gerusalemme, 1955, 135-139.
Tarchnischvili M.
1955 A.
Das Verhältnis von Kirche und Staat in Königreich Georgien. Oriens Christianus. 39, 1955, 79-92.
Tarchnischvili M.
1956
L’epopee byzantino-georgienne de 979, Bedi Kartlisa, 21-22, 1956, 24-26
Tarchnischvili M.
1958 A
Le roman de Balahvar et sa tradition anglaise. Orientalia Christiana Periodica. 24, 1958, 83-92.
Tarchnischvili M.
1959
Le Grand Lectionaire de l’Eglise de Jerusalem (V-e – VII-e siecle), t.1; Louvain 1959. siecle edite par M. Tarchnisvili, I, 1959. Corpus Scriptorum Christianorum Orientalium, vol.188, 189,204,205.
Tarchnischvili M.
1960
Le Grand Lectionaire de l’Eglise de Jerusalem (V-e – VII-e siecle). t. 2. Louvain 1960. CSCO
Geschichte...
1955
Geschichte der kirchlichen georgischen Literatur auf Grund des ersten Bandes der georgischen Literaturgeschichte von K. Kekelidze, bearbeitet von M. Tarchisvili in Verbindung mit J. Assfalg. Citta del vaticano.
Typicon...
1954
Typicon Grigorii Pacuriani. CSCO. vol.143. Louvain
Typicon...
1954
Typicon Grigorii Pacuriani. CSCO. vol. 144. Louvain
Dölger
1953
Der griechische Barlaam-Roman, ein Werk von Johannes des Damaskos, Ettal 1953, Studia Patricia et Byzantina,Heft 1
Garitte, G.
1958
Necrologue de Michel Tarchnisvili, Le Museon, 71, 1958, p.398
Lang D.
1958
Father Michael Tarchnishvili. Bedi Karthlisa. Neue Serie IV-V, N 30-31.
Leeb H.
1970
Die Gesänge im Gemeindegottesdienst von Jerusalem vom 5. Bis 8. Jh., Wiener Beiträge zur Theologie, XXXIII, Wien.
Molitor J.
1956
Evangelienzitate in einem altgeorgischen Väterfragment. Oriens Christianus. 40.
Nikuradse A.
1958
Pater Michael Tarchnischvili. Bedi Kartlisa. Neue Serie IV-V, N 30-31.
Renoux A.
1971
Le codex armenien Gerusalem 121, II Edition comparee du texte et de deux autres manuscrits, Turnhout, 1971.
Schneider, C.
1940
M. Tarchnisvili, Die byzantinische Liturgie als Verwirklichung der Einheit und Gemeinschaft in Dogma [Besprechung], Byzantinische Zeitschrift. N 40. 1940, 156.
შარაძე, გ
1989
ნიკოლოზ ჯანელიძე. ახალგაზრდა კომუნისტი. 25 მარტი
წერეთელი გ.
1960
უძველესი ქართული წარწერები პალესტინაში
ხევსურიანი ლ.
1973
ახალი შრომა ქართული ლექციონარის საგალობლებზე. მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია. N 2.