დიალოგისა და მონოლოგის ურთიერთქმედების საკითხისთვის

თანამედროვე რომანებმა შექმნეს იმის საშიშროება, რომ ადამიანები გადაეჩვეოდნენ ტექსტის ინტერესით კითხვას. იმავდროულად მათ იმდენი საინტერესო თავისებურება გამოავლინეს, რომ, საბედნიეროდ, ეს არ მომხდარა. ერთ-ერთ ამგვარ თავისებურებად განვიხილავთ ენობრივი სტრუქტურის ფორმების - დიალოგისა და მონოლოგის - განსხვავებულ ურთიერთქმედებას, კერძოდ, იმას, თუ როგორ ენაცვლებიან თანამედროვე რომანში  ზემოაღნიშნული ფორმები ერთმანეთს და რატომ ქრება დროდადრო მათ შორის საზღვრები. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ხშირად ქმნის დროის განსაკუთრებულ კონცეფციას - თანამედროვე რომანის ერთ-ერთ დომინანტურ თავისებურებას, რომელსაც ეფუძნება მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული რომანების სტრუქტურა.  

XX საუკუნეში რომანმა ერთგვარი ელასტიურობა, მოქნილობა შეიძინა და საუკეთესოდ განავითარა თხრობითი ტექნიკის ისეთი სახე, როგორიც არის "შინაგანი მონოლოგი", რომლის საშუალებით შეიქმნა ახალი, კომპლექსური, არაერთგვაროვანი პერსონაჟები; ახალი ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, დიალოგისა და მონოლოგის სახესხვაობები.

როგორც ცნობილია, დიალოგი და მონოლოგი ერთმანეთის საპირისპირო ცნებებია. ისინი წარმოადგენენ ენობრივი სტრუქტურის საშუალებებს, რომლის მეშვეობით ავტორი თავის პერსონაჟებს ალაპარაკებს. ნაწარმოებში ავტორი მიმართავს პირდაპირ ან ირიბ მეტყველებას. სწორედ მეტყველების ამ  ორი ტიპის გადანაწილებით ავტორი თავს აღწევს ერთფეროვნებას, მონოტონურობას. დიალოგის როლი შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ მკითხველს შეექმნება ილუზია, რომ მოსაუბრე მიმართავს სხვა პერსონაჟს და ეს მხოლოდ მეტყველების მიზანსცენის პრეტექსტს არ წარმოადგენს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსმენელი არ არსებობს, ნარატორის (მთქმელის)  როლში თავად  ნიღაბმორგებული ავტორი გვევლინება.

ცნობილია, რომ დიალოგების წერის ტრადიცია ისეთივე ძველია, როგორიც რომანისა და ეპოპეისა (მაგ. ჰომეროსის "ილიადა"). ლიტერატურა იცნობს დიალოგის ფორმით დაწერილ არაერთ რომანს, რომელშიც ჩართული წინადადებები, უბრალოდ,  მოსაუბრეთა სახელების მოხსენიებით არის შეცვლილი (მაგალითად, დენი დიდროს "ფატალისტი ჟაკი"). დიალოგის ფორმით წერენ ფრანგული, ე.წ. "ახალი რომანის" წარმომადგენლები. მაგალითისთვის დავასახელებთ თუნდაც მ. დიურასის "ინგლისელ საყვარელ ქალს", რომელშიც თანამოსაუბრეთა მონაცვლეობა მითითებულია მხოლოდ ტირეებითა და ტიპოგრაფიული ნიშნებით: კურსივით, რომაული შრიფტით.

რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ნაწარმოებში ადგილი არ რჩება ნარატიულ დისკურსს; იგი მთლიანად დიალოგიზებულ რომანად არის მიჩნეული. ტრადიციულ რომანში ავტორს შეუძლია კომენტარების გაკეთება პერსონაჟთა გამონათქვამებსა და ფიქრებზე. ჩართული წინადადებით მოსაუბრეების ერთმანეთისგან გამოყოფის წესს ეწინააღმდეგებიან ისეთი მწერლები, როგორებიც არიან ნ. საროტი, რ. კენო და სხვები.

დიალოგები, გარკვეულწილად, ქმნიან მიმეტურ ილუზიას. ტრადიციულ რომანში მათი განხილვა შესაძლებელია რეალურად წარმოთქმული სიტყვების წერილობით ტრანსკრიფციად. რაც შეეხება მონოლოგს, იგი ეყრდნობა მკვეთრად გამოხატულ პირობას, რომელშიც ორი შემთხვევა განიხილება:

1.               პირველ შემთხვევაში პერსონაჟი ხმამაღლა საუბრობს; ამ დროს რომანი  იმეორებს დრამის წესს, როცა პერსონაჟი თავისთვის აყალიბებს ფიქრებსა და შეგრძნებებს და ეს საუბარი, სინამდვილეში, მაყურებლისთვისაა განკუთვნილი. განსხვავება პიესის მონოლოგებსა და რომანის მონოლოგებს შორის, ფაქტობრივად, არ არსებობს, მაგრამ ალბათ, რეალობიდან გამომდინარე, ის უფრო ხელოვნურია. ეს იმიტომ, რომ მარტოობისას მონოლოგების ხმამაღლა წარმოთქმას მხოლოდ წამოძახილების ან მოკლე, წყვეტილი ფრაზების სახით მივმართავთ.

2.                მეორე შემთხვევაში პერსონაჟი თავის ფიქრებს ხმამაღლა არ წარმოთქვამს.

        ზემოაღნიშნული  ორივე შემთხვევის გამოყენება რომანის ჟანრში გარდაუვალია. რომანისტს შესაძლებლობა აქვს, არა მხოლოდ აღწეროს იზოლირებული პერსონაჟი, არამედ "შეაღწიოს" კიდეც მის ფიქრებში. აქაც საქმე გვაქვს ორ შემთხვევასთან: პირველი ეხება "ნამდვილ" შინაგან მონოლოგს, როდესაც რომანისტი ითვალისწინებს წყვეტილი ფრაზების ტრანსკრიფციას, რომლებიც შემოსაზღვრავენ პერსონაჟების  ცნობიერების მიმდინარეობას; ხოლო მეორე - შინაგან მეტყველებას, რომელიც აყალიბებს ლიტერატურული გმირის გონებაში ნათლად და სწორხაზოვნად აგებულ წინადადებებს, რომლებსაც ხმამაღლაც წარმოთქვამდნენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მონოლოგი პერსონაჟის გრძნობებისა და ფიქრების გამოხატვის საშუალებაა, რომელსაც თანამედროვე ნარატიულ ლიტერატურაში სიტყვა "შინაგანი" დაემატა. ამ უკანასკნელმა შემოინახა სასცენო ფუნქცია, რათა ავტორისგან დამოუკიდებლად მოახდინოს ცნობიერების დრამატიზება თავისი "მუშაობის" მომენტში.

შინაგანი მონოლოგის ისტორია XIX საუკუნიდან იწყება. მისი საზღვრები და ფორმები თანმიმდევრულად იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ როგორ ვითარდებოდა მეცნიერული თუ ეთიკური წარმოდგენა ადამიანის ფსიქიკასა და თვითანალიზის შესაძლო ხარისხზე. თუმცა, თანამედროვე ლიტერატურისა და, მით უმეტეს, შინაგანი მონოლოგის ფესვები უფრო ღრმაა.

შინაგანი მეტყველების არსებობა რომანში შესაძლოა, ან იმის ნიშანი იყოს, რომ შემოქმედი, პირობითად, ცნობიერების ნაკადს აყალიბებს ლოგიკური და დანაწევრებული წყობით, ან დროში შეზღუდული და გამონაკლისი სიტუაციის დროს, პერსონაჟი თვითონ აძლევს ფორმას თავის ფიქრებს, მაგალითად, იმის გათვალისწინებით, რასაც ის იტყოდა განსაზღვრულ სიტუაციაში.

დიალოგური ორიენტაცია სიტყვაში ქმნის ახალ და არსებით მხატვრულ შესაძლებლობებს, რომანში კი - თავის განსაკუთრებულ პროზაულ მხატვრულობას. რაც შეეხება შინაგან დიალოგს, ის სუბიექტურ-ფსიქოლოგიურ, ხშირად კი შემთხვევით ხასიათს ატარებს. მოსაუბრე თავის აზრს  ბრძანებით კილოში გამოხატავს ისე, რომ არავის არ მიმართავს. ლიტერატურაში ამგვარი მეტყველება ხშირად თვალთმაქცობაა, რაც შეიძლება აღწერილიყო, როგორც დიალოგი წარმოსახულ მოსაუბრესთან, რომელიც პუბლიკის წარმომადგენელი იქნებოდა. მონოლოგში მოსაუბრე მარტოა და თავის თავს ესაუბრება, ის არის თავისი თავის ადრესატი. არის შემთხვევები, როდესაც მონოლოგი შუა დიალოგში იკავებს ადგილს.  ამ შემთხვევას განიხილავენ, როგორც აპარტეს (განცალკევებულ საუბარს).

საზოგადოდ, გმირის შინაგანი მონოლოგი უფრო მეტად ატარებს ავტორი-ნარატორის თვალსაზრისის კვალს, ვიდრე დიალოგური პირდაპირი ნათქვამი. შინაგან მონოლოგში ავტორი აღარ აჩენს პერსონაჟის ინდივიდუალობას ისე, როგორც ამას აკეთებდა დიალოგში. შინაგან მონოლოგში გმირის ფიქრების წარმოჩენისას ავტორი მთელ ყურადღებას აქცევს მათ არსს და არა ფორმას. მიიჩნევენ, რომ  დიალოგისა და მონოლოგის ინტენსიურ მონაცვლეობას მიმართავენ ადამიანის სუბიექტური სამყაროსა და მისი ტრაგიზმის გადმოაცემად. ამას კი განსაკუთრებული სიმძაფრით აღწერს თანამედროვე რომანი.

ქვემოთ განვიხილავთ რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევას, როდესაც დიალოგისა და მონოლოგის ურთიერთქმედების თავისებურებები ვლინდება. 

ცნობილია, რომ "ცნობიერების ნაკადის" ლიტერატურა, ფაქტიურად, ეფუძნება შინაგანი მონოლოგის ტექნიკას, რომლის მეშვეობით ხდება გრძნობების "რესტავრირება", ანუ ეს გრძნობები სიტყვებით "იმოსება" და გარკვეულ ფორმას იღებს. "ცნობიერების ნაკადის" ლიტერატურის კლასიკოს მწერლებთან - ჯეიმზ ჯოისთან, უილიამ ფოლკნერთან, ვირჯინია ვულფთან და სხვებთან - წაშლილია ზღვარი "სხვის" სიტყვას, ავტორისეულ რემარკსა და პერსონაჟის შინაგან მონოლოგს შორის; ამიტომაც აღნიშნული მწერლები ბრჭყალებს არ ხმარობენ. ჯოისთან დიალოგი და მონოლოგი "დაშლილია", გარეგნულად დაუკავშირებელი ასოციაციები და წარმოდგენები  გვერდიგვერდ თანაარსებობენ. თუმცა, ზოგჯერ შინაგანი მონოლოგის შინაარსში გარკვეული ლოგიკურობისა და რეალურ პლანთან კავშირის პოვნაც შეიძლება. მოგვაქვს ერთ-ერთი მაგალითი:

ჯოისის "ულისეს" (Ulysses. 1921) პერსონაჟი, სტივენი, გაკვეთილზე ალგებრის ამოცანის ამოხსნაში ეხმარება ერთ-ერთ მოსწავლეს. სტივენის ცნობიერებაში მიმდინარე მოვლენები, დიალოგი, შინაგანი მონოლოგი და ავტორის სიტყვები ერთმანეთისაგან არანაირი  ნიშნებით არ გამოიყოფა:

-ახლა გაიგეთ? შეგიძლიათ მეორე თვითონ ამოხსნათ?

- დიახ, სერ.

გრძელი, უშნო ხაზებით სარჯენტმა ამოცანის პირობა გადაწერა [...] მკრთალი კანი სირცხვილისაგან ოდნავ შეეფარკლა. მორ მატრის: სუბიექტური და ობიექტური ნათესაობითი ბრუნვა წყალ-წყალა სისხლითა და აჭრილი რძით გამოკვება და არავისთვის დაუნახვებია მისი სახვევები.

მეც ასეთი ვიყავი. ეს დაშვებული მხრები, ეს მოუქნელობა, ჩემი ბავშვობა წახრილა ჩემს გვერდით. მეტისმეტად შორსაა, [...] ჩემი შორსაა, მისი კი ჩვენი თვალებივით საიდუმლოებით მოცული. საიდუმლოებანი, დადუმებულნი, გაქვავებულნი, ჩვენი საიდუმლოებანი: ტირანები, რომელთაც სწადიათ, რომ ვინმემ დაამხოს ისინი.

ამოცანა ამოიხსნა".  [ჯოისი, 1983: 38].

როგორც ვხედავთ, სტივენის შინაგან მეტყველებაში ლოგიკურად ჩამოყალიბებულ აზრებს წარმოსახვითი სურათები სჭარბობს. დიალოგის, მონოლოგისა და ავტორის სიტყვები ერთმანეთშია არეული. ნარატორის მიერ სასვენი ნიშნებით მანიპულირებას ამა თუ იმ ეპიზოდის გაგების თვალსაზრისით  მკითხველის დაბნეულობა მოსდევს.

XX საუკუნის ფრანგი მწერალი ქალი, კოლეტი, ჯოისისგან განსხვავებით, იყენებს ბრჭყალებს, რითაც ამ დაბნეულობას თავიდან იცილებს. კოლეტის შედევრად მიჩნეული რომანი "შერი" (Chéri. 1920) იწყება შერისა და ლეას დიალოგით.  ყურადღებას იქცევს დიალოგის ფორმირების ხერხი. აქ ორი პერსონაჟის მეტყველება ერთმანეთისგან ბრჭყალებით იმიჯნება, შემდეგ ტირეებით, შემდეგ ისევ ბრჭყალებით. მათში შინაგანი მონოლოგები პირდაპირ ერთვება. მონოლოგები გვხვდება ავტორისეული თხრობის შუა ნაწილშიც  ისე, რომ აბზაცითაც არ გამოიყოფა.

რომან "ძუ კატაში" (La Chatte. 1960) დიალოგები ან შინაგან მონოლოგებად იქცევა, ან კითხვებად, რომლებიც უპასუხოდ რჩება და მოსაუბრეებს შორის გაუგებრობას კიდევ უფრო აღრმავებს. კამილა, რომელმაც ქმრის საყვარელი კატა ფანჯრიდან მოისროლა, თავს იმართლებს და ამბობს, რომ კატის სიკვდილი ისევე უნდოდა, როგორც მეტოქე ქალისა. კამილა ალენს საყვედურობს, რომ მან იგი კატაში გაცვალა, კატა კი ცხოველია. ამ სიტყვების გაგონებაზე გარეგნულად მშვიდი ალენი გულში ირონიულად ჩაიცინებს, რასაც მოჰყვება წყვილის ერთმანეთში არეული მონოლოგები და დიალოგები. ისინი საუბრობენ, მაგრამ თავიანთი სიმართლის მტკიცებას მხოლოდ ფიქრებში განაგრძობენ, ერთმანეთს კი სრულიად უაზროდ ელაპარაკებიან: 

- საჰა არ არის შენი მეტოქე, ეუბნება ალენი მშვიდად.

«როგორ იქნება შენი მეტოქე? ფიქრით გაჰყვება ალენი ამ აზრს, შენ მეტოქეები ბიწიერებაში შეიძლება გყავდეს»

- არ მჭირდებოდა ასეთი სერიოზული განცხადება, ძვირფასო"  [Colette, 1960: 150].

მწერლის მიერ ბრჭყალების გამოყენება მიანიშნებს მკითხველს, რომ ეს წინადადება ხმამაღლა არ წარმოითქმება. როგორც  კოლეტისეული შინაგანი მონოლოგის უმეტესობა, ალენის ფრაზებიც კითხვითი წინადადების შემცველია :

   „ძალიანაც მინდა დავეთანხმო, რომ საჰა ცხოველია... ასეც რომ იყოს, რა უპირატესობა აქვს ამ ცხოველთან შედარებით ან როგორ გავაგებინო ეს კამილას? ის მე მაცინებს, ეს პატარა ალალ-მართალი დამნაშავე ასე რომაა აღელვებული; სათნო, რომელიც ირწმუნება, რომ იცის, რა არის ცხოველი." [Colette, 1960: 156].

შინაგანი დისკურსი ის ხერხია, რომლითაც ადამიანების სულიერი განწყობა წარმოჩნდება. დიალოგებისა და მონოლოგების ურთიერთკავშირი მათი ფიქრების ჩვენების ესენციალურ პირობად გვევლინება. ამგვარი მეთოდით მწერალი ქალი ისეთ ფსიქოლოგიურ სიმაღლეებს აღწევს, რომ იგი შეიძლება სტენდალს ან, სულაც, დოსტოევსკის შეედაროს. მის რომანს არ ამძიმებს არავითარი დიდაქტიზმი, რომელიც პერსპონაჟების ხმების კონფრონტაციისა და შეპირისპირების საგნად დარჩებოდა. აქ მთხრობელს თავისი ხმის გარევაც შეუძლია. ამ თვალსაზრისით, ხაზგასმულია  "დიალოგურობის" ის დონე, რომელსაც კოლეტის შემოქმედება აღწევს. დიალოგის აგების ხელოვნება, რომელიც სიმსუბუქეს სძენს თხრობას, მოულოდნელად  საინტერესო და არსებით ინფორმაციას გვაწვდის.

კოლეტის  რომანი "მაწანწალა" (Vagabonde. 1910) საუკეთესო ნიმუშია ერთდროულად რომანი-დიალოგისა და რომანი-მონოლოგისა. იგი ასევე სამართლიანადაა მიჩნეული ნარცისულ წიგნად როგორც პერსონაჟების, ქრონოტოპის (დრო-სივრცის) და თხრობითი ტექნიკის დონით, ისე თემატიკის სიღრმით. ეს რომანი საკუთარი თავის ძიებისა და ხელახლა პოვნის პრობლემას წარმოაჩენს. პერსონაჟი ქალის სახელი და გვარი - რენე ნერე - ერთმანეთის ანარეკლია, რომელიც ნარცისიზმის ორსახოვნების იმიტაციას ახდენს. მონოლოგებისა და დიალოგების ერთნაირი სიძლიერით გამოყენების საშუალებით ხდება სწორედ სხვა "მე"-სთან ურთიერთობა. მწერალი მონოლოგს უეცრად დიალოგის სახეს აძლევს, რომელშიც პერსონაჟის ცნობიერება ასოციაციურად ასახავს საუბარს სხვა რომელიმე პერსონაჟთან. ამ შემთხვევაში საქმე, შეიძლება, პრუსტის მსგავსად, რემინისცენციებთან გვქონდეს. ერთმანეთის გვერდით მოთავსებული უამრავი ბრჭყალის, ტირეს, აბზაცის გამოყენება იმაზე მიუთითებს, რომ მწერლის სტილი ორიენტირებულია დიალოგზე, შინაგანი მონოლოგები კი აქტივიზებულია ემფატიკური ქცევებით, როგორიცაა ორატორული შეკითხვა, სარკეში საკუთარი თავის აღწერა, "იგი"-სთან დისტანციაში მყოფი "მე"-ს გაორება.      

მოგვყავს  ერთი ეპიზოდი:

მიუზიკ-ჰოლსა და თეატრში გატარებულმა სამმა წელმა ვერ შემცვალა, ყოველთვის დილაადრიანად ვარ მზად.

თერთმეტს ოცდახუთი წუთი აკლია... თუ არ გადავშლი იმ წიგნს, მალამოების თაროზე რომ გდია, ან გაზეთ `Paris-sport`-ს, რომელიც კოსტიუმერმა ჩემი თვალის ფანქრით მომინიშნა, საკუთარ თავთან სულ მარტო დავრჩები, ამ მაკიაჟიანი მრჩევლის პირისპირ, სარკიდან რომ მიმზერს ღრმა თვალებით. [...] მას სიცოცხლით სავსე ყვრიმალები აქვს, ფლოქსის (ბოტ. თ. ჩ.) ფერი; ტუჩები - მუქი წითელი, ლაქივით ბზინვარე. დიდი ხანია, რაც მიყურებს და ვიცი, რომ სადაცაა ლაპარაკს დამიწყებს, მეტყვის: `ეს შენ ხარ აქ?.. სულ მარტო, ამ თეთრკედლებიან გალიაში, რომლებზეც უსაქმურმა, მოუთმენელმა და დატყვევებულმა ხელებმა ამოჩხაპნა ჩახლართული ინიციალები და მიამიტი სახეები? [...] რატომ ხარ აქ მთლად მარტო და რატომ არა სხვაგან?` [Colette, 1910: 5-6].

ეს პარაგრაფი საკმაოდ რთულია. „ღრმა თვალები" ავითარებს გრძნობად-აფექტურ დამოკიდებულებას და იდუმალების კონოტაციას. ზედსართავები ლიტერატურულია, რაც ადრე იშვიათად იხმარებოდა. ფერების შედარება ქმნის ექსპანსიას, რომელიც გვაშორებს სახის აღწერას და სხვა შთაბეჭდილებასა და აზრს გვიქმნის წარმოსახულ გარემოზე. მწერლის ფრაზა „სიურპრიზებით" არის სავსე. სწორხაზოვნება ყალბია. ფორმა თუ იდეა იძებნება დაკარგული დროის სიღრმეში, რაც ავტობიოგრაფიული ჟანრისათვის არის დამახასიათებელი. ანგარიშგასაწევია კოლეტის „ციტირებული მეტყველება" და მისი ბრჭყალებში მოთავსებული მონათესავე ფორმები, რომელსაც ოტიე "ავტონიმებს" (auronymes) უწოდებს [Aothier,1997: 69]. აქვე ვიტყვით, რომ მწერალი იშვიათად ხმარობს პოლისემიურ თუ პოლიფონიურ თხრობით ფორმებს, როგორებიცაა დაუქვემდებარებელი პირდაპირი და ირიბი ნათქვამი. ის არც ტრადიციულ ირიბ თქმას მიმართავს. კოლეტის "სხვები" იგივე ალტერ-ეგოებია. მწერალი ინტერესს იჩენს პოლივალენტური ურთიერთობის მიმართ, რასაც ის აღადგენს „სხვებთან"  ერთად ფიქტიური დიალოგის ხერხით.

ფრანგი მწერალი რ. კენო ენობრივი თამაშების გაპოეტურების დიდოსტატია; მის მიერ შექმნილი ინტრიგა არანაირ რეალურ პოსტულატებს აღარ ეყრდნობა. ესა თუ ის მოვლენა უფრო დიალოგის მახვილგონივრულ ფორმებში იშლება. მწერლის ენა ვირტუოზულად თამაშობს მეტყველების ყველა კონკრეტულ დონეზე და ზოგჯერ ამაღლებულ სტილსაც ურთავს სალაპარაკო ფრანგულს.

კონკრეტულ მწერლებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ჩვენ მაინც ზოგადი ანალიზით შემოვიფარგლებით და ვიტყვით, რომ XX საუკუნის მწერლების ფრაზეოლოგიური კურსი დიალოგისკენ არის მიმართული, რომელიც ერთდროულად შეიძლება მონოლოგიც იყოს. მონოლოგი, რომელიც პერსონაჟის სულის მოძრაობის, ფლექსიის ნიუანსებს აფიქსირებს, დაძაბულობას ზრდის, რასაც სრულფასოვნად ვერ განახორციელებს დიალოგი. იგი უფრო მელოდრამატული ტონისაა. დიალოგს არ ძალუძს ადამიანის სულიერი განწყობის გამოხატვა. შინაგანი მონოლოგების შემთხვევაში ზოგჯერ ადგილი აქვს ავტორის ორდინალურ აღწერას; ზოგჯერ - მწერლის თვალსაზრისის გადასვლას პერსონაჟის თვალსაზრისზე და ხშირად წარმოჩენილია თვით პერსონაჟის თვალსაზრისი, ანუ სინტაქსური ორგანიზაციის ისეთი სახის წინადადება, რომელიც არ შეესატყვისება არც გარეშე მეთვალყურის და არც პერსონაჟის აღქმას.

დიალოგები ხშირად გადადის შინაგანი მონოლოგების ისეთ სახეში, რომელსაც „ციტირებულ მონოლოგებს" უწოდებენ. ეს არის ასოციაციურ-სუბიექტურ აწმყო დროში გაშლილი, პირველ პირში გადმოცემული თხრობის მანერა, რომელიც სინტაქსურად მოწესრიგებულია, მაგრამ შეიცავს ცნობიერების ნაკადის შინაგანი მეტყველებისთვის დამახასიათებელ არაერთ ნიშანს. 

როგორც აღვნიშნეთ, თანამედროვე რომანებში წინა პლანზე გამოდის ფსიქოლოგიური თვალსაზრისი. ამბავს გადმოგვცემს ავტორი-ნარატორი პერსონაჟის დიალოგებისა და შინაგანი მეტყველების მონაცვლეობით, რომლებსაც ერთმანეთს ოსტატურად უხამებს. რომანისტებს ერთნაირად ეხერხებათ როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური თხრობის ხერხების გამოყენება, „თქმაც" და „ჩვენებაც". მკითხველი პერსონაჟის პირდაპირ ნათქვამს ხშირ შემთხვევაში  შუამავლის გარეშე იღებს. დიალოგებსა და მონოლოგებზე დაკვირვებით, მას ეკისრება პერსონაჟთა ურთიერთობის პრობლემური საკითხების გარკვევა, იმის მიხვედრა, თუ რა და რატომ ხდება.

დღევანდელ წიგნებში ფრაზები გრძელია. შეიმჩნევა კითხვა-პასუხის ლიგატურული სტილის ხმარება. მწერლები გრძნობების კომპლექსურობას ფორმის კომპლექსურობით გამოხატავენ. დიალოგებისა და მონოლოგების ურთიერთქმედება თავისებურ კვალს ტოვებს მათ დიეგეტურ სტილზე და ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

ლიტერატურა

ჯოისი ჯ.
1983
ულისე. თბილისი.
Authier B.
1997
Cahiers Colette # 19. Société des Amis de Colette
Berthelot F.
2001
Parole et dialogue dans le roman. Paris.
Colette
1960
La Chatte. Paris.
Colette
1910
La Vagabonde. Paris.
Dictionnaire…
1997
Dictionnaire des genres et notions littéraire. Albin Michel, Encyclopaedia Universalis. Paris
Guellouz S.
1990
Le Dialogue. Paris.
Maingueneau D.
1997
Pragmatique pour le discours littéraire. Paris.
Joyce J.
Ulysses. http://www.planetpdf.com/planetpdf/pdfs/free_ebooks/Ulysses_NT.pdf